1. ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ. - უფალი მხილებას კი არ გიკრძალავს, არამედ სასჯელის დადებას, რადგანაც მხილება სარგებლობისთვისაა, ხოლო სასჯელის დადება - დაყვედრებისა და დამცირებისათვის, მით უმეტეს მაშინ, როცა თვითონ უფრო დიდთა ცოდვათა მქონე სხვებს საყვედურობს და განიკითხავს მას, ვისაც ბევრად უფრო მცირე ცოდვები აქვს და რომელთა განსჯაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია.
2-5. რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა! ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა. - ვისაც სურვილი აქვს სხვებს უსაყვედუროს, თვითონ უნდა იყოს უბიწო; რადგან უკეთუ იგი, ვისაც თვითონ თვალში დირე ანუ დიდი ძელი, იგივე ცოდვა აქვს და სხვას, ბეწვის (წუელი) მქონეს, საყვედურობს, მას სირცხვილის გრძნობას კიდევ უფრო უკარგავს. უფალი გვაჩვენებს, აგრეთვე, რომ არ შეუძლია [63]კარგად დაინახოს ცოდვა ძმისა მან, ვინც თვითონ დიდად სცოდავს. მართლაც, თვალში დირის მქონეს როგორღა შეუძლია დაინახოს ცოდვა სხვისი, მცირედ ვნებულისა?
6. ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ. - ძაღლები ურწმუნონი არიან, ხოლო ღორები ისინი, რომელთაც რწმენა კი აქვთ, მაგრამ მაინც ბინძურ ცხოვრებას ეწევიან. ამგვარად, არ შეიძლება საუბარი რწმენის საიდუმლოთა შესახებ ურწმუნოებთან და არც ღმრთისმეტყველების ნათელ და მარგალიტის მსგავს სიტყვათა წარმოთქმა უწმინდურებთან, რადგანაც ღორები მას, რასაც ვეუბნებით, გადათელავენ, ანუ არად ჩააგდებენ, ხოლო ძაღლები მოგვიბრუნდებიან და დაგვგლეჯენ, როგორც ამას ისინი აკეთებენ, რომელნიც ფილოსოფოსებად იწოდებიან. როგორც კი ისმენენ, რომ ღმერთი ჯვარს ეცვა, ცარიელი მსჯელობებით გვაწამებენ და სოფისტური ხერხებით გვიმტკიცებენ, რომ ეს შეუძლებელია.
7-8. ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს. - ადრე უფალმა დიდი და ძნელი რამ გვიბრძანა, აქ კი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება მისი აღსრულება, სახელდობრ, განუწყვეტელი ლოცვით; რადგან თქვა: ითხოვდით ანუ მარადის ითხოვდით, რაკი არ უთქვამს - ერთგზის ითხოვდითო და შემდეგ ნათქვამი კაცობრივი მაგალითითაც განამტკიცა.
9-10. ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცესა მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას? - აქ უფალი გვასწავლის, რომ საჭიროა დიდი ძალით ვთხოვოთ უფალს და თანაც ის ვითხოვოთ, რაც სასარგებლოა; რამეთუ თქვენ, ამბობს, როცა ხედავთ, თქვენს შვილებს მთხოვნელს სასარგებლოსი - პურისა და თევზისა, აძლევთ მათ, როცა ამდაგვარს ითხოვენ. ასევე ითხოვეთ თქვენც, ოღონდ სულიერი და არა ხორციელი.
11. უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას! - უკეთურებს ადამიანებს ღმერთთან შედარებით გვიწოდებს. თუმცა ბუნება ჩვენი კეთილია, ვითარცა ღმრთის ქმნილებისა, მაგრამ უკეთურნი ჩვენივე ნებით ვხდებით.
12. ყოველი რომელი გინდეს თქუენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინასწარმეტყუელი. - უფალი სიკეთისაკენ მოკლე გზას გვიჩვენებს, რადგანაც ადამიანებმა შინაგანად ვიცით, რაც საჭიროა. უკეთუ გსურს სათნოდ მოგექცნენ, შენც სათნოდ მოექეცი; უკეთუ გსურს მტრებმა შეგიყვარონ, მტრები შენც შეიყვარე, რადგან საღმრთო სჯულიცა და წინასწარმეტყველებიც ამას გვეუბნებიან და ჩვენი ბუნებითი სჯულიც ამასვე ბრძანებს.
13. შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა. - ვიწრო ბჭეში განსაცდელებს გულისხმობს, როგორც ნებაყოფლობითს, მაგალითად, მარხვასა და სხვა ამდაგვარს, ისე იძულებითსაც, მაგალითად, ბორკილებსა და დევნას. როგორც ხორცმრავალ ან მძიმე ტვირთაკიდებულ კაცს არ მეუძლია ვიწრო ბჭით შესვლა, ასევე გაზულუქებულსა და მდიდარსაც; ამგვარნი ფართო გზით შედიან. გვიჩვენებს რა, რომ სივიწროვეც დროებითია და სიფართოვეც წარმავალი, მათ ბჭესა და გზას უწოდებს; რადგან ვინც შეურაცხყოფას დაითმენს, რამდენადმე ბჭეს ანუ ტანჯვას გაივლის, ხოლო გაზულუქებული ვითარცა გზას, ტკბობას ადგება. რამდენადაც ორივე წარმავალია, უმჯობესის არჩევაა საჭირო.
14. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას. - სიტყვა ვითარ-იგი გაკვირვებას გამოხატავს, რამეთუ უფალს უკვირს: როგორი ვიწროა ბჭე! მაშინ სხვაგან რატომღა ამბობს: უღელი ჩემი სუბუქ არს? - მომავალ საზღაურთა გამო.
15-16. ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. - ჩვეულებრივ, ერეტიკოსები ვერაგნი და ცბიერნი არიან, ამიტომაც გვეუბნება: უფრთხილდითო. ისინი ტკბილად მეტყველებენ და თავი ისე უჭირავთ, თითქოსდა პატიოსნად ცხოვრობენ, მაგრამ შიგნით ანკესი აქვთ დამალული. ცხვრის სამოსი - ეს თვინიერებაა, რომლითაც ზოგიერთი თვალთმაქცი იმ მიზნით სარგებლობს, რომ იმლიქვნელოს და იცრუოს. ისინი ნაყოფისაგან, ანუ საქმეთაგან და ცხოვრებისაგან შეიცნობიან, რადგან ერთხანს კიდევაც რომ შეინიღბონ, დაკვირვებულთაგან მაინც იმხილებიან.
16-17. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ? ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს. - ეკალნი და კუროსთავნი2 თვალთმაქცები არიან, ეკალნი იმიტომ, რომ ფარულად იჩხვლიტებიან, ხოლო კუროსთავნი იმიტომ, რომ ცბიერნი და მოხერხებულნი არიან. ხენეში (ბოროტი) ხე კი ყველა ისაა, ვისაც უქმი და გარყვნილი ცხოვრება წაახდენს.
18. ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშია გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად. - ვიდრე იგი ხენეშია (ბოროტია) არ შეუძლია, ხოლო უკეთუ შეიცვალა - შეძლებს. დააკვირდი, რომ ის კი არ თქვა - ვერასოდეს შეძლებსო, არამედ ვიდრე ბოროტი იქნება, კეთილს ვერ შობსო.
19-20. ყოველმან ხემან რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. ნაყოფსა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი. - ეს იუდეველებზე ვრცელდება; მათ იოვანეც იმავეს ეუბნებოდა. ადამიანს ხეს იმიტომ ადარებს, რომ მას ცოდვის უნაყოფობიდან სათნოებაზე დამყნობა შეუძლია.
21. არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. - აქ სიტყვებით: არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, უფლად თავის თავს წარმოაჩენს, რადგანაც თავს ღმერთს უწოდებს და გვასწავლის, რომ უკეთუ საქმენი გარეშე რწმენისა გვექნება, ამისგან ვერავითარ სარგებლობას ვერ მივიღებთ. რომელმან ყოს ნებაჲ; ის კი არ უთქვამს - ჩემი ნებაო, რათა მსმენელნი არ ეცდუნებინა, არამედ "მამისა ჩემისა"- ო, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ნება მამისა და ძისა ერთი და იგივეა, უკეთუ შვილი მამას არ განუდგება.
22-23. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. - ქადაგების დასაწყისში მრავალნი, ისინიც კი, რომელნიც შემდეგში უღირსნი გამოდგნენ, დევნიდნენ ეშმაკებს, რადგან დემონები იესოს სახელით გარბოდნენ, მადლი ხომ უღირსთა მეშვეობითაც მოქმედებს, ისევე როგორც ჩვენ კურთხევას უღირსი მღვდლებისგანაც ვიღებთ, ხოლო სასწაულებს იუდაც აღასრულებდა და სკევას შვილებიც. სიტყვები: "არასოდეს გიცნობდით თქვენ" ნათქვამია ნაცვლად ამისა: "მაშინაც კი როცა სასწაულებს იქმოდით, არ მყვარებიხართ", რადგან აქ ცნობაში სიყვარული იგულისხმება.
24-25. ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა. - გარეშე ღმრთისა სათნოებაში წარმატება შეუძლებელია. ამიტომაც ამბობს: ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა. კლდე ქრისტეა, სახლი კი - სული. ამრიგად, ვინც თავის სულს ქრისტეს მცნებათა აღსრულებით დამოძღვრავს (მოაწესრიგებს), მის დარღვევას ვერც წვიმა, ეშმაკს ვგულისხმობ, რომელიც ზეციდან ჩამოვარდა, ვერც მდინარენი - კაცნი მავნებელნი, რომელთა რიცხვიც ამ წვიმისაგან მრავლდება, და ვერც ქარნი - სულნი ბოროტებისა, და საერთოდ, ვერც ვერავითარი ცდუნება, ვერ შეძლებს.
26-27. და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად. - არ უთქვამს "ვამსგავსო იგი", არამედ "თვითონ ემსგავსება" უგუნურს ის, ვისაც რწმენა აქვს, მაგრამ საქმით არ აღასრულებს. ასეთი კაცი ქვიშაზე აშენებს და ისიც უვარგისი მასალისაგან. ამიტომაც დაეცემა ცდუნებათაგან. რაჟამს ეკვეთება ანუ ცდუნება დაამარცხებს, დიდი დაცემით დაეცემა. ურწმუნოთაგან კი არავინ დაეცემა, რადგან ისინი ისედაც ყოველთვის მიწაზე წვანან. მორწმუნე - აი, ვინ ეცემა. ამიტომაცა დიდი დაცემა, რაჟამს ქრისტიანი ეცემა.
28-29. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი და ფარისეველნი. - არა მთავარნი დარჩნენ გაკვირვებულნი, რადგან, როგორღა გაუკვირდებოდათ, როცა შურდათ მისი? არამედ უბოროტო (უწყინარი) ხალხი. უკვირდათ არა წარმოთქმული სიტყვები, არამედ თავისუფლება მისი, რადგან უფალმა თავი წინასწარმეტყველებზე მაღლა წარმოაჩინა. ისინი ამბობდნენ: "ამას უფალი ამბობს", ხოლო ქრისტე, ვითარცა ღმერთი, ამბობდა: "მე გეუბნებით თქვენ".
------
1 - პირდაპირი მნიშვნელობით "წუელი" (τό καρφος) კილის ფხას უნდა ნიშნავდეს. ესაა ნემსივით წვრილი წინაზარდი თავთავის კილზე, ანუ მარცვლის ბუდეზე.
2 - შლამის ბალახია, იგივე ტატაში, ლელი.