ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მათეს სახარების განმარტება

 

თავი მეჩვიდმეტე

1. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი.
- ეს არ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ლუკა ამბობს: და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე და სხვა. რადგან ლუკა პირველ დღესაც მიათვლის და ბოლოსაც, როცა ისინი მთაზე ავიდნენ, მათე კი მათ გამორიცხავს. პეტრე იმიტომ წაიყვანა, რომ ძლიერ უყვარდა უფალი, იოვანე - იმიტომ, რომ თვითონ მას უყვარდა იგი, ხოლო იაკობი - ვითარცა მოშურნე მისი; ცხადია, რომ მოშურნეობდა, რის გამოც შეჰპირდა სასმელის შესმას და რის გამოც ჰეროდეს მახვილით მოიკლა იუდეველთა გულის მოსაგებად.

1-2. და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი.
- მაღალ მთაზე აიყვანა ისინი, რათა ეჩვენებინა, რომ უკეთუ ვინმე არ ამაღლდება, ვერც მსგავსი სანახაობის ღირსი გახდება; განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ქრისტეს დიდთა სასწაულთა დაფარულად აღსრულება ჩვეულებად ჰქონდა, რადგან თუკი ხალხი დაინახავდა, რომ ღმერთია, არ ეფიქრა, რომ ადამიანი მოჩვენებითად იყო. როცა ფერისცვალების შესახებ ისმენ, ნუ იფიქრებ, რომ მაშინ სხეული უარყო, არამედ სხეული გარეგნულად იგივე დარჩა, რადგან, როგორც გესმის, აქ პირისახესა და სამოსელზეა საუბარი. იგი უფრო მეტად განბრწყინდა, რაჟამს მისმა ღმრთეებამ რამდენიმე სხივი გამოასხივა, სახელდობრ, იმდენი, რამდენის ხილვაც შეიძლებოდა. იმიტომაც უწოდა ფერისცვალებას ზემოთ სასუფეველი ღმრთისა (16.28), რომ ამ დროს თავისი ძალაუფლების გამოუთქმელობა გამოავლინა და გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძეა მამისა და გამოუთქმელი განბრწყინვებით იესოს სახისა მისი მეორედ მოსვლის დიდება გვაჩვენა.

3. და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანა-ზრახვიდეს.
- რაზე საუბრობდნენ? მის განსვლაზეო, - გვეუბნება ლუკა, - რომელიც მას იერუსალიმში ანუ ჯვარზე უნდა აღესრულებინა. მოსე და ელია რატომღა გამოჩნდნენ? რათა ეჩვენებინა, რომ იგია უფალი სჯულისა და წინასწარმეტყველთა, ცოცხალთა და მკვდართა, რადგან ელია წინასწარმეტყველი იყო და მისი წინასწარმეტყველება ჯერ ისევ ცოცხლობდა, ხოლო მოსე - სჯულმდებელი, რომელიც მოკვდა; გარდა ამისა, რათა ეჩვენებინა, რომ იგი არც სჯულის მოწინააღმდეგე იყო და არც მტერი ღმრთისა. ასე რომ ყოფილიყო, მოსე არ დაელაპარაკებოდა მას, ისევე როგორც იმას, ვინც მის წინააღმდეგ იმოქმედებდა და ვერც ელია, ვითარცა მოშურნე, ღმრთის მტრის იქ ყოფნას ვერ მოითმენდა. და კიდევ იმიტომაც, რათა იმათი ეჭვი, რომელნიც ამბობდნენ, რომ იგი თვითონ იყო ელია, ან ერთი წინასწარმეტყველთაგანი, გაექარწყლებინა. მოწაფეებმა საიდანღა შეიცნეს, რომ ისინი მოსე და ელია იყვნენ? რა თქმა უნდა, არა ხატებიდან, რადგან მაშინ ადამიანთა ხატების შექმნა უსჯულოებად მიიჩნეოდა. როგორც ჩანს, მათ ისინი იმ სიტყვებიდან შეიცნეს, რომელთაც იესოს ეუბნებოდნენ. შესაძლოა, მოსე ეუბნებოდა: შენ ხარ ის, ვისი წამებაც მე წინასწარ გამოვსახე, როცა კრავი დავკალი და პასექი აღვასრულე; ხოლო ელია: შენ ის ხარ, ვისი აღდგომაც, აღვადგინე რა ვაჟი ქვრივისა, მე წინასწარ გამოვსახე და ა. შ. ამგვარად, აჩვენა რა ისინი მოწაფეებს, უფალმა ასწავლა მათთვის მიებაძათ, ანუ ვითარცა მოსე, მშვიდნი და ყველასათვის მისაწვდომნი ყოფილიყვნენ, ხოლო ვითარცა ელია - მოშურნენი და საჭიროების ჟამს შეუდრეკელნი; ამასთან, მათ მსგავსად ჭეშმარიტების დაცვისათვის საფრთხეს არც ისინი უნდა მორიდებოდნენ.

4. მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა.
- პეტრე, რომელსაც იმის გამო, რომ ძლიერ უყვარდა, უნდოდა ქრისტეს ტანჯვა არ განეცადა, ეუბნება: კარგი იქნება, თუ აქ დავრჩებით, არ წავალთ და არ მოგკლავენო, რადგან აქ კიდევაც რომ ვინმე მოვიდეს, შემწეებად მოსე და ელია გვეყოლებაო. მოსემ ხომ ეგვიპტელებზე გაიმარჯვა, ხოლო ელიამ ცეცხლი ზეციდან მიიღო. ამგვარად, უკეთუ მტრები აქ მოგვაკითხავენ, ისინი ხომ მაშინაც ასეთნი იქნებიანო. ამას იგი დიდი შიშისა გამო ამბობს, ისე, რომ, როგორც ლუკა შენიშნავს, არც იცოდა, რას ამბობდა. იგი ან უჩვეულო სანახაობამ განაცვიფრა, ან თავისი ნათქვამისა მართლაც არ ესმოდა, რადგან სურდა იესო მთაზე დარჩენილიყო, არ წასულიყო, და ჩვენთვის ტანჯვა არ განეცადა. მაგრამ ეშინოდა რა თვითრჯულად არ წარმოჩენილიყო, ამასაც ეუბნება: თუ გნებავს.

5. და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ.
- შენ პეტრე ხელითქმნულ კარავთა დადგმა გწადს, მამამ კი ხელთუქმნელი კარავით ღრუბლისა გარემომიცვა და გიჩვენათ, რომ როგორც იგი - ღმერთი - ძველებს ღრუბლით ეჩვენებოდა, ასევე - ძეც მისი, ოღონდ აქ ღრუბელი ნათელია და არა ბნელი, როგორც ეს ძველად იყო, რადგან ქრისტეს არა ჩვენი შეშინება, არამედ განსწავლა უნდოდა. ხმა ღრუბლიდან იმიტომაა, რათა გვაჩვენოს, რომ იესოც ღმრთისაგან იყო. სიტყვები: რომელი მე სათნო-ვიყავ, იგივეა: რომელშიც მე განვისვენებ და რომელიც მე მნებავს. ასწავლის, რომ მისი უნდა ისმინონ და უკუეთუ ჯვარზე გაკვრას ინებებს, წინ არ უნდა აღუდგნენ.

6-8. და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად. და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ! და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ.
- ვერ გაუძლეს რა ღრუბლის ნათელსა და მისგან გამომავალ ხმას, მოწაფენი პირქვე დაემხნენ და ქუთუთოები ძილმა დაუმძიმათ. ძილში აქ ხილვისაგან გამოწვეული გულისწასვლა იგულისხმება. დიდხანს გაგრძელებულ შიშს, რაც ნახეს, იმის ხსოვნა რომ არ წაეშალა, იესომ ისინი გააღვიძა და გაამხნევა. მოწაფეებმა მხოლოდ იესოღა იხილეს, რათა არ გეფიქრა, რომ ხმა არა მის, არამედ მოსესა და ელიას მიმართ იყო, რადგანაც ძე ღმრთისა იგია.

9. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.
- თავმდაბლობისა გამო ეუბნება მათ, რომ არავის უთხრან და კიდევ იმიტომ, რომ ვინც ამას მოისმენდა, შემდეგში, როცა ჯვარზე გაკრულს ნახავდა, არ ცდუნებულიყო, რადგან შეიძლებოდა იგი იმ მატყუარად მიეჩნიათ, რომელიც ღმრთის შესაფერისს მოჩვენებითად აკეთებდა. ხოლო შენ შეისწავლე, რომ ღმრთის ხილვა მოხდება შემდგომად ექვსი დღისა, ანუ სამყაროს შემდეგ, რომელიც ექვს დღეში შეიქმნა. უკეთუ სამყაროდან არ გახვალ და მთაზე არ ამაღლდები, ვერც ნათელს იხილავ, ვერც სახეს იესოსას, ღმრთეებას ვგულისხმობ, და ვერც სამოსელს, ანუ ხორცს. ხოლო მთაზე ასული, შეძლებ იესოსთან მოსაუბრე მოსე და ელია იხილო, რადგან სჯულიც, წინასწარმეტყველებიცა და იესოც ერთსა და იმავეს ამბობენ და ერთმანეთს ეთანხმებიან. როცა ვინმეს იპოვი, რომელიც წმინდა წერილის აზრს ნათლად განმარტავს, იცოდე, რომ იგი იესოს სახეს ბრნყინვალედ ჭვრეტს; ხოლო უკეთუ იგი სიტყვათა მოქცევასაც განმარტავს და ცხადყოფს, იესოს სპეტაკ სამოსელსაც ხედავს, რადგანაც აზრის გამოთქმანი შესამოსელია წმინდა წერილისა. მაგრამ ნუ იტყვი პეტრეს მსგავსად, კარგი იქნება, თუ აქ დავრჩებითო, რამეთუ მუდმივად უნდა წარვემატებოდეთ და სათნოებისა და ჭვრეტის ერთსა და იმავე საფეხურზე კი არ უნდა დავრჩეთ, არამედ განუწყვეტლივ მომდევნოზე უნდა ავდიოდეთ.

10. და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ალიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?
- ატყუებდნენ რა ხალხს, მწიგნობარნი ამბობდნენ, რომ იგი ქრისტე არ იყო, რადგან რომ იყოს, მაშინ ჯერ ელია მოვიდოდაო. მათ არ იცოდნენ, რომ ქრისტეს ორი მოსვლა არსებობს, რომელთაგან პირველის წინამორბედი იოვანეა, ხოლო მეორესი - ელია. ამას თვითონ იესო განუმარტავს მოწაფეებს; აბა, მოუსმინე:

11-13. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან. მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანე ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ.
- როცა ამბობს, რომ პირველად ელია უნდა მოვიდეს, აჩვენებს, რომ ჯერ არ მოსულა და მოვა, ვითარცა წინამორბედი მეორედ მოსვლისა, და ყველა ებრაელს, რომელიც მას მოუსმენს, ქრისტეს სარწმუნოებაზე დაადგენს, ვითარცა მამისეულ მემკვიდრეობაში, რომელსაც ისინი დიდი ხანია მოაკლდნენ. ხოლო როცა ამბობს, რომ ელია უკვე მოვიდა, იოვანე წინამორბედზე მიანიშნებს. მათ იოვანეს, რაც სურდათ, ის უყვეს და მოკლეს, რადგანაც ჰეროდეს მის მკვლელობაზე დაეთანხმნენ, და ამდენად, მაშინ როცა ხელის შეშლა შეეძლოთ, თვითონვე მოკლეს. მოწაფენი დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ უფალმა ელია იოვანეს უწოდა, რადგან როგორც იგი იყო წინამორბედი პირველად მოსვლისა, ასევე მეორედ მოსვლის წინამორბედი ელია იქნებოდა.

14-15. და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუჴდა მას კაცი ერთი, მუჴლნი დაიდგინა მის წინაშე და ეტყოდა: უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგუემების, რამეთუ მრავალ-გზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალ-გზის წყალსა.
- გამომდინარე სიტყვებიდან, რომელთაც ქრისტე ამ კაცის მისამართით ამბობს - ჰოჲ ნათესავი ურნმუნო - და ბრალდებიდან, რომელსაც მოწაფეებს უყენებს, ჩანს, რომ იგი ფრიად ურწმუნო ყოფილა. მიზეზი ავადობისა არა მთვარე, არამედ დემონი იყო, რომელიც მთვარის აღვსებას უცდიდა და მაშინ დაეცემოდა ხოლმე სნეულს, რათა ქმნილება ღმრთისა, ვითარცა ბოროტი, დაეგმოთ. ხოლო შენ მოიაზრე, რომ ყოველი უგუნური, წმინდა წერილის მიხედვით, მსგავსად მთვარისა, იცვლება, ხან სათნოებით განდიდებულად წარმოგვიდგება და ხან რისხვისა და გულისთქმის ცეცხლში ვარდება, ხან კიდევ წყალში - ტალღათა შინა, ცხოვრების მრავალთა საზრუნავთა, სადაც ლევიათანი - ეშმაკი მკვიდრობს. ანუ იგი წყალთა ზედა მეფობს. განა ტალღებს არ ჩამოჰგავს მდიდართა მუდმივი საზრუნავები?

16-18. და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ ნათესავი ურწმუნო და გულარძნილი, ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა! და ვითარცა მოგჰუარეს, შეჰრისხნა მას იესუ, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი. და განიკურნა ყრმაჲ იგი მიერ ჟამითგან.
- შენ ჰხედავ, რომ ამ კაცს ცოდვა თავისი ურწმუნოებისა მოწაფეებზე გადააქვს, რადგან მათ განკურნება ვერ შეძლეს. ამგვარად, არცხვენს რა მას უფალი იმის გამო, რომ მოწაფეებს დასდო ბრალი, ეუბნება: ჰოჲ ნათესავი ურწმუნო, ანუ ცოდვა მათი უძლურებისა უფრო ნაკლებია, ვიდრე ცოდვა შენი ურწმუნოებისა, რომელიც იმდენად დიდია, რომ მათ ძალაზე გაიმარჯვა. როცა ამ კაცს საყვედურობს, უფალი საყვედურს საერთოდ ყველა ურწმუნოსა და იქ მყოფთა მიმართ გამოხატავს; ხოლო სიტყვები: ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა, იმაზე მიუთითებს, რომ მას ძლიერი სურვილი აქვს ჯვარზე ტანჯვისა და მათთან განშორებისა. შეურაცხმყოფელთა და ურწმუნოთა გვერდით, სანამდე უნდა ვიყოო? და შეჰრისხნა მას იესუ; ვინ შერისხა? - მთვარეული, საიდანაც ჩანს, რომ, იყო რა ისიც ურწმუნო, თავისი ურწმუნოების წყალობით დემონს შესაძლებლობა მისცა მასში შესულიყო.

19-21. მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი თჳსაგან და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განჴდად მისა? ხოლო იესუ ჰრუქა მათ: ურწმუნოებისა თქუენისათჳს. ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ. ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა.
- მოციქულებს შეეშინდათ, ხომ არ დავკარგეთო ბოძებული მადლი დემონთა ზედა. ამიტომაც ჰკითხეს შეშფოთებულებმა, როცა მარტონი დარჩნენ. უფალი საყვედურობს მათ, როგორც სრულყოფილებისაგან ჯერ კიდევ შორს მყოფთ, და ეუბნება: ურწმუნოებისა თქუენისათჳს. თქვენ რომ მხურვალე, ცხოველი რწმენა გქონოდათ, თუნდაც მცირე, დიდს აღასრულებდით. თუ სად გადადგეს მოციქულებმა მთები, ამის შესახებ არსად წერია, მაგრამ, ალბათ, გადადგეს და არ დაწერილა, რადგან ყველაფერი როდია ჩაწერილი; სხვაგვარად: გარემოებას არ მოუთხოვია და ამიტომაც არ გადაუდგამთ, თორემ ბევრად მეტი გააკეთეს. ყურადღება მიაქციე, უფალმა რა უთხრა: ჰრქუათ მთასა ამას, მიიცვალე ამიერ იქი, ანუ, როცა ეტყვით, მაშინ გადადგება. მაგრამ მოციქულებს ეს არ უთქვამთ, რადგან ამას არც დრო მოითხოვდა და არც აუცილებლობა და ამიტომაც არც მთები გადაუდგამთ, ხოლო რომ ეთქვათ, გადადგამდნენ კიდეც. ესე ნათესავი, ე. ი. დემონთა მოდგმა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება. განსაკუთრებით მარხვა იმათ ჰმართებთ, რომელნიც დემონთა გავლენის ქვეშ იმყოფებიან და იმათაც, რომელთაც მათი განკურნება აქვთ განზრახული. ლოცვა ჭეშმარიტია მაშინ, რაჟამს მარხვასთანაა შეერთებული და არა მემთვრალეობასთან. ისიც მოიაზრე, რომ სრული რწმენა მარცვალია მდოგვისა და იგი უმნიშვნელოდ ქადაგების მსმენელთა სიშლეგისა გამო ითვლება, მაგრამ თუ კეთილი ნიადაგი შეხვდა, ხედ გაიზრდება, რომელზეც ფრინველნი ზეცისანი, ანუ ფრთაშესხმული აზრები მკვიდრდებიან. ამგვარად, ვისაც სრული რწმენა აქვს, შეუძლია ამ მთას, ანუ დემონს უთხრას: გადადექი, რადგან უფალმა გამოდევნილი დემონიც გვიჩვენა.

22-23. და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ეგულების ძესა კაცისასა მიცემად ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად.
- ხშირად წინასწარ საუბრობს მომავალ წამებაზე, რათა არ ეფიქრათ, რომ იგი თავისი ნების საწინააღმდეგოდ ეწამებოდა და კიდევ იმიტომ, რომ შეჩვეოდნენ და როცა ეს ჟამი დადგებოდა, არ შემკრთალიყვნენ. მაგრამ სამწუხაროს სასიხარულოსაც ურთავს, სახელდობრ, რომ აღდგება.

24-25. და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპერნაუმდ, მოუჴდეს მას, რომელნი-იგი დიდრაქმასა შეჰკრებდეს, და ჰრქუა პეტრეს: მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი? ხოლო მას ჰრქუა: ჰე.
- ღმერთმა ინება, რომ ნაცვლად ებრაელ პირმშოთა, მისთვის ლევის ტომი მიეძღვნათ. ლევის ტომი 22000 კაცს ითვლიდა, ხოლო პირველშობილ ყრმათა რიცხვი 22073 იყო. იმ პირმშოთა წილ, რომელნიც ლევის ტომზე მეტი აღმოჩნდნენ, ღმერთმა მღვდლებისთვის დიდრაქმის მიცემა დააწესა. აქედან წარმოიშვა ჩვეულება, რომ დიდრაქმა, რომელიც ხუთი სიკლი ან ორასი ობოლია, საერთოდ ყველა პირმშოს უნდა გადაეხადა. რადგან უფალიც პირმშო იყო, ამ გადასახადს ისიც იხდიდა. შესაძლოა, ქრისტეს სასწაულთა მხილველებს შერცხვათ და ამიტომაც არა მას, არამედ პეტრეს უთხრეს; ან კიდევ ასე უფრო ცბიერებისა გამო მოიქცნენ, ე. ი. თითქოსდა იმის თქმა უნდოდათ, თქვენი მოძღვარი, რომელიც სჯულის მტერია, განა დიდრაქმის გადახდას მოისურვებსო.

25-26. და ვითარცა შევიდა იგი სახიდ, უსწრო მას იესუ და ჰრქუა: რასა ჰგონებ შენ, სიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა: შვილთაგან ანუ უცხოთაგან? ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი.
- თუმცა არ მოუსმენია, მაგრამ ვითარცა ღმერთმა იცოდა, რა უთხრეს მათ პეტრეს. ამიტომაც აფრთხიღებს იგი პეტრეს და ეუბნება: უკეთუ მეფენიც კი ამა ქვეყნისანი გადასახადს არა თავიანთი შვილებიდან, არამედ უცხოთაგან კრებენ, ზეციური მეუფე, ჩემგან, მისი ძისაგან დიდრაქმას როგორღა მიიღებს, რადგან ეს დიდრაქმა, როგორც უკვე ზემოთ ვთქვი, მღვდლებისა და ტაძრისთვის იყო განკუთვნილი. ასე რომ, თუკი მიწიერ მეფეთა შვილები თავისუფალნი არიან, ე. ი. არაფერს იხდიან, მით უმეტეს მე არ გადავიხდიო.

27. ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოო მის შორის სტატირი, მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს.
- ამპარტავნებად რომ არ ჩაგვთვალონ და შეურაცხმყოფელებად სჯულისა, და რომ არ ვაცდუნოთ ისინი, - ეუბნება პეტრეს - მიეცი ხარკი. იმიტომ კი არ ვაძლევ, რომ მოვალე ვარ, არამედ გამოსასწორებლად მათი უძლურებისა. აქედან ვსწავლობთ, რომ იქ, სადაც ვნება არ გველოდება, საცდურნი არ უნდა ვიყოთ. ხოლო იქ, სადაც შეიძლება რაღაც საქმისგან ვნება მოგვადგეს, საჭირო არაა ზრუნვა იმათზე, რომელნიც უგუნურებისა გამო ცდუნდებიან. რათა ეჩვენებინა, რომ ღმერთი იყო და მბრძანებელი ზღვისა, ქრისტემ პეტრე წარგზავნა თევზიდან სტატირის ამოსაღებად. ამასთან, ჩვენ ზოგიერთ საიდუმლოსაც ვსწავლობთ. ჩვენი ბუნება - ეს არის თევზი, ურწმუნოების ზღვასა შინა ჩაძირული, საიდანაც მოციქულებრივმა სიტყვამ ამოგვზიდა და პირში სტატირი გვიპოვა, ანუ სიტყვები უფლისა და აღიარება ქრისტესი. რადგან, ვინც ქრისტეს აღიარებს, პირსა შინა სტატირი აქვს, სტატირი, რომელშიც ორი დიდრაქმა შედის. ვითარცა ღმერთსა და კაცს, ქრისტესაც ხომ ორი ბუნება აქვს. ამგვარად, ეს სტატირი ქრისტეა, რომელიც სიკვდილს ორი მოდგმის - იუდეველთა და წარმართთათვის, მართალთა და ცოდვილთათვის მიეცა. უკეთუ ვინმე ვერცხლისმოყვარეს იხილავ, რომელსაც პირში ოქროსა და ვერცხლის გარდა არა ექნება რა, ჩათვალე, რომ იგი თევზია, რომელიც ცხოვრების ზღვასა შინა ცურავს. მაგრამ თუკი ვინმე პეტრეს მსგავსი მასწავლებელი გამოდგება, მოიანკესებს მას და პირიდან ოქროსა და ვერცხლს ამოუღებს. ზოგიერთი თვლის, რომ სტატირი ძვირფასი ქვაა, რომელიც სირიაში მოიპოვება, ზოგი კი ფიქრობს, რომ იგი ოქროს მონეტის მეოთხედს წარმოადგენს.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24
თავი 25 თავი 26 თავი 27 თავი 28