1-2. მაშინ მოუხდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ.
- თუმცა ფარისევლები და მწიგნობარნი ყველა მხარეში იყვნენ, მაგრამ ყველაზე დიდი პატივით იერუსალიმელები სარგებლობდნენ. ამიტომაც, ვითარცა დიდების უფრო მეტად მოყვარეებს, განსაკუთრებით შურდათ მისი. ძველი გადმოცემის მიხედვით, იუდეველებს ჩვევად ჰქონდათ, არ ეჭამათ დაუბანელი ხელებით. დაინახეს რა, რომ მოწაფენი ამ ადათს უგულებელყოფდნენ, ეს მათ მიერ უხუცესების არად ჩაგდებად მიიჩნიეს. ხოლო მაცხოვარმა რაღა თქვა? მათ საპასუხოდ - არაფერი, მაგრამ თავის მხრივ ჰკითხა:
3-6. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲსათჳს თქუენცა გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა? რამეთუ ღმერთმან თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან თქუას ბოროტი მამისათჳს გინა დედისა, სიკუდილით მოკუედინ. ხოლო თქუენ სთქუთ: რომელმან თქუას მამასა თჳსსა გინა დედასა თჳსსა: ნიჭი, რომელი ჩემგან სარგებელ გეყო, და არა პატივ-სცეს მამასა ანუ დედასა თჳსსა, ესევითართა დაუმტკიცებელ ჰყავთ მცნებაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა თქუენითა.
- ფარისევლები მოწაფეებს ბრალს სდებდნენ იმაში, რომ ისინი უხუცესთა მცნებებს არღვევდნენ. ქრისტე კი აჩვენებს, რომ ღმრთის სჯულის დამრღვევნი თავად ისინი იყვნენ, რადგან ისინი ასწავლიდნენ, რომ შვილებს მშობლებისათვის არაფერი არ უნდა მიეცათ, ხოლო რაც ჰქონდათ ტაძრის საგანძურში უნდა მიეტანათ. საგანძური, რომელშიც, ვისაც სურდა, ფულს ყრიდა, ტაძარში იდგა და "გაზა" ეწოდებოდა. მასში შეგროვილი ფული ღარიბებს ურიგდებოდა. ამგვარად, ფარისევლები არწმუნებდნენ შვილებს, რომ მშობლებისათვის კი არ მიეცათ რამე, არამედ, რაც ჰქონდათ, ტაძრის საგანძურში მიეტანათ, ამასთან, იმასაც ასწავლიდნენ, რაც მშობლებისათვის უნდა ეთქვათ: მამა, სარგებელი, რომელსაც შენ ჩემგან ეძებ, საჩუქარია (ნიჭია) ანუ ღმრთისადმია მიძღვნილი. ამრიგად, ისინი (მწიგნობარნი) ქონებას შვილებს შორის ანაწილებდნენ, სიბერისაგან დაბეჩავებული მშობლები კი ულუკმაპუროდ რჩებოდნენ. ასევე იქცეოდნენ გამსესხებლებიც. თუკი ვინმე ვინმეს ფულს ასესხებდა, ხოლო შემდეგ სესხის ამღები გამოუსწორებელი გამოდგებოდა და ვალს არ მისცემდა, გამსესხებელი ამ უგუნურ (უმადურ) მოვალეს ეუბნებოდა: "კორბან", ანუ, რაც ჩემი გმართებს, ის საჩუქარია, ღმრთისადმი მიძღვნილი. ამრიგად, ვალის ამღები ღმრთის მოვალე ხდებოდა და იძულებული იყო ვალი გადაეხადა. ფარისევლები შვილებსაც ასე მოქცევას ასწავლიდნენ.
7-9. ორგულნო, კეთილად წინაწარმეტყუელებდა თქუენთჳს ესაია და თქუა: მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან; ამაოდ მმსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა.
- უფალი ესაიას სიტყვებით გვაჩვენებს, რომ ისინი მისი მამის მიმართაც იმგვარნი არიან, როგორებიც თვითონ მის მიმართ გამოდგნენ. იყვნენ რა მზაკვარნი, მზაკვრული საქმეებით თავიანთი თავი ღმერთს განაშორეს და ღმრთის სიტყვებს მხოლოდ პირითღა ამბობდნენ, რადგან ამაოდ სცემენ თაყვანს და მოჩვენებითად პატივს მიაგებენ ღმერთს ისინი, რომელნიც მას საქმით შეურაცხყოფენ.
10-11. და მოუწოდა ერსა მას და ეტყოდა: ისმინეთ და გულისჴმა-ყავთ: არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა.
- ფარისევლებს კი არ ეუბნება, ვითარცა განუკურნებლებს, არამედ- ხალხს. მოუწოდებს რა მას, ჩანს, რომ პატივს მიაგებს ხალხს, რათა მან მისი მოძღვრება შეიწყნაროს და ეუბნება: ისმინეთ და გულისჴმა-ყავთ-ო, ანუ ყურადღების მოკრებისათვს აღძრავს. რადგანაც ფარისევლები მოციქულებს ბრალად დაუბანელი ხელებით ჭამას სდებდნენ, უფალი საჭმლის შესახებ ამბობს, რომ ვერცერთი საჭმელი ვერ შეაგინებს ანუ ვერ წაბილწავს კაცს, ხოლო უკეთუ საჭმელი ვერ წაბილწავს, მით უმეტეს ვერ წაბილწავს დაუბანელი ხელებით ჭამა. შინაგანი კაცი მაშინ იბილწება, როცა იმას ამბობს, რაც არ უნდა თქვას. ამით ფარისევლებზე მიანიშნებს, რომელნიც თავს შურის სიტყვების წარმოთქმით იბილწავდნენ. ყურადღება მიაქციე მის სიბრძნეს: დაუბანელი ხელებით ჭამას იგი არც ადგენს და არც კრძალავს, არამედ სხვა რამეს ასწავლის: არ აღმოვთქვათ გულიდან ბოროტი სიტყვები.
12. მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაჲ ესმა სიტყუაჲ იგი, დაჰბრკოლდეს?
- თუმცა მოწაფენი ფარისევლებზე ამბობენ, ცდუნდნენო, მაგრამ თვითონაც შეშფოთებულნი არიან, რაც იქიდან ჩანს, რომ პეტრე მივიდა მასთან და ამის თაობაზე შეეკითხა. ამგვარად, იესომ მოისმინა რა, რომ ფარისევლები ცდუნდნენ, თქვა:
13-14. ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას. უტევენით ეგე, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან.
- უნდა აღმოიფხვრასო, - უხუცესთა გადმოცემებსა და იუდეურ მცნებებზე ამბობს და არა სჯულზე, როგორც ამას მანიქეველები ფიქრობენ, რადგანაც სჯული ღმრთის ნერგია. ამრიგად, იგი კი არ უნდა ამოიძირკვოს, არამედ, პირიქით, მისი ფესვი ანუ დაფარული სული უნდა დარჩეს, ხოლო ფოთლები, ანუ ხილული ასოები დაცვივდეს, რადგანაც სჯულს უკვე არა ასოების, არამედ სულის მიხედვით მოვიაზრებთ. რამდენადაც ფარისეველნი შეუსმენელნი და განუკურნებელნი იყვნენ, იგი მათ შესახებ ამბობს: უტევენით ეგე. აქედან ვსწავლობთ, რომ უკეთუ ვინმე ნებით ცდუნდა და განუკურნებელია, ეს ჩვენ ზიანს ვერ მოგვაყენებს. უფალი მათ ბრმების ბრმა მასწავლებლებს უწოდებს და ამას იმიტომ ამბობს, რომ მათ ხალხი ჩამოაშოროს.
15. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავე ესე.
- თუმცა პეტრემ იცოდა, რომ სჯული ყველაფრის ჭამის ნებას არ იძლეოდა, მაინც ვერ გაბედა იესოსათვის ეთქვა: მე ვცდუნდები იმით, რაც შენ თქვი, რადგან იგი სჯულის საწინააღმდეგო ჩანსო. ამიტომაც ისეთი სახე მიიღო, თითქოს ვერ გაიგო და შეეკითხა.
16-20. ხოლო იესუ ჰრქუა მას: თქუენცა უგულისჴმოვე ხართა? და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს? ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა. რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი. ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა.
– უფალი მოწაფეებს კიცხავს და უგულისხმოებას საყვედურობს, ან იმის გამო, რომ ცდუნდნენ, ან კიდევ იმის გამო, რომ ის, რაც ცხადი იყო, ვერ გაიგეს. ამრიგად, იგი მათ ეუბნება: ნუთუ ვერ გაიგეთ ის, რაც ყველასათვის გასაგები და ნათელია? საჭმელი ხომ შიგნით არ რჩება, არამედ გამოდის და რამდენადაც შიგნით არ რჩება, ვერც კაცის სულს წაბილწავს. ზრახვანი კი, რომელნიც შიგნით იბადებიან და იქვე რჩებიან, რაჟამს გამოდიან, ანუ საქმესა და მოქმედებაში გადავლენ, კაცს წაბილწავენ, რამეთუ უკეთუ ზრახვა მრუშობისა შიგნით რჩება, სულს აშფოთებს, ხოლო უკეთუ გამოსული საქმედ და მოქმედებად იქცა, მას ბილწავს.
22-23. და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ.
- თვითონ რატომღა წავიდა წარმართთა ქალაქებში - ტვიროსსა და სიდონში, მაშინ, როცა მოწაფეებს წარმართთა გზაზე სიარული აუკრძალა? იცოდე, რომ იქ საქადაგებლად არ მისულა, როგორც ამას მარკოზიც ამბობს: "მე დავფარე თავი ჩემი"; სხვაგვარად: რადგანაც ფარისევლებმა მისი სწავლება საჭმელზე არ შეიწყნარეს, წარმართებთან გადავიდა. იმას კი არ ეუბნება: ასული ჩემი შეიწყალეო, არამედ მე შემიწყალეო, რადგან ის ვერაფერს გრძნობდა. მე შემიწყალეო, რომელიც საშინელებას ვგრძნობ და განვიცდიო. არც იმას ეუბნება: წამოდი და განკურნეო, არამედ შემიწყალეო. უფალმა არ უპასუხა, არა იმიტომ, რომ არად ჩააგდო, არამედ, რათა ეჩვენებინა, რომ უწინარესად იუდეველთათვის მოვიდა; ამასთან, უნდოდა ცილისწამებისთვის შეეზღუდა ისინი და სათქმელად არ ჰქონოდათ: წარმართებს წყალობდაო; და კიდეც იმიტომაც, რომ ამ ქალის მტკიცე რწმენა წარმოეჩინა.
23-24. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.
- ქალის ყვირილით დამძიმებულმა მოწაფეებმა უფალს სთხოვეს გაეშვა იგი, ანუ მის წარგზავნაში არწმუნებდნენ. ასე უგულობის გამო კი არ იქცეოდნენ, არამედ, პირიქით, უფლის დარწმუნება უნდოდათ, რომ შეეწყალებინა იგი. მან კი უპასუხა: მე მოვლინებული ვარ არა სხვებთან, არამედ იუდეველებთან, იმათი უკეთურების გამო წარწყმედილ ცხვრებთან, რომელთაც ისინი მინდობილი ჰყავდა, რითაც მან ამ ქალის რწმენა კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა.
25-27. ხოლო იგი მოუჴდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა.
- როცა ქალმა დაინახა, რომ მოციქულთა შუამდგომლობამ არ გაჭრა, კვლავ მხურვალედ მიეახლა იესოს და მას უფალი უწოდა. იმის გამო, რომ წარმართები უწმინდურ ცხოვრებას ეწეოდნენ და კერპებისათვის შეწირული მსხვერპლის სისხლით საზრდოობდნენ, ქრისტემ ქალს ძაღლი უწოდა, ხოლო იუდეველებს - შვილები. მან კი გონივრულად და ძალიან ბრძნულად უპასუხა: თუმცაღა ძაღლი ვარ და უღირსი პურის ანუ რაიმე ძალისა და დიდი სასწაულის მოცემისათვის, მაგრამ მომეც მე ეს - შენი ძლიერებისთვის მცირე, ჩემთვის კი - დიდი, ისევე, როგორც ისინი, რომელნიც პურს ჭამენ, ნამცეცებს დიდ რამედ არ მიიჩნევენ, მაგრამ ძაღლებისთვის დიდი რამეა, რადგან მათით იკვებებიან.
28. მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.
- ამჯერად ამჟღავნებს იესო მიზეზს, რომლის გამოც თავიდან განკურნებაზე უარს ეუბნებოდა, სახელდობრ, ეს იყო სურვილი, რომ რაც შეიძლება ნათლად წარმოჩენილიყო რწმენა და კეთილგონიერება ამ ქალისა. ამიტომაც არ დაეთანხმა თავიდან მაშინვე და შეწყალების გარეშე უშვებდა მას. ახლა კი, როცა მისი სარწმუნოება გაცხადდა, ქალმა ქებაც კი მოისმინა: დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი. სიტყვები: გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს - გვაჩვენებს: რწმენა რომ არ ჰქონოდა, იგი იმას, რასაც ითხოვდა, ვერ მიიღებდა. ასევე ჩვენც, უკეთუ რწმენა გვექნება, ვერაფერი შეგვიშლის ხელს მივიღოთ ის, რაც გვსურს. ყურადღება მიაქციე, რომ, თუმცა წმინდანები ითხოვენ ჩვენთვის, ვითარცა მოციქულნი იმ ქალისათვის, მაგრამ სასურველს უფრო მაშინ ვიღებთ, როცა ჩვენი თავისთვის ჩვენვე ვითხოვთ. ქანანელი ქალი წარმართთა ეკლესიის სიმბოლოა, რადგან წარმართები, რომელნიც თავდაპირველად უარყოფილნი იყვნენ, შემდეგ შვილების რიცხვში შევიდნენ და პურის, უფლის სხეულს ვგულისხმობ, მიღების ღირსნი გახდნენ. იუდეველები კი ძაღლებად იქცნენ და ნაფხვენებით ანუ ღმრთის სიტყვის მცირე და ღარიბული ნამცეცებითღა საზრდოობენ. ტვიროსი ჯიუტს (შიშს) ნიშნავს, სიდონი - მონადირეს, ქანაანი კი - მორჩილებით გამზადებულს. ამრიგად, ბოროტისაგან შეპყრობილი წარმართები, რომლებშიც სულებზე მონადირე დემონები მკვიდრობდნენ, მორჩილებით განმზადებულნი, ვითარცა მართალნი, ღმრთის სასუფევლის სიმაღლისათვის მზად იყვნენ.
29-31. და წარვიდა მიერ იესუ და მოვიდა ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა და აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ. და მოუჴდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყვა მათ თანა მკელობლები, ბრმები, ყრუნი, ქუეწარმძრომელნი და სხუანი მრავალნი თითო-სახეთაგან სენთა შეპყრობილნი. და დასხნეს იგინი ფერჴთა თანა მისთა, და განკურნნა იგინი, ვიდრე უკჳრდაცა ერსა მას, ხედვიდეს რაჲ, ვითარ-იგი ყრუნი იტყოდეს, და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი ხედვიდეს; და ადიდებდეს ღმერთსა ისრაჱლისასა.
- იუდეველებისადმი დიდი უნდობლობისა გამო, ქრისტე მუდმივად იუდეაში კი არ ცხოვრობდა, არამედ გალილეაში, რადგან გალილეველნი მათზე უფრო მორწმუნენი იყვნენ. აჰა, მათი რწმენაც: თუმცა კოჭლები და ბრმები იყვნენ, მთაზე მაინც ავიდნენ და არ დაყოვნებულან, იესოს ფეხებში ისე ჩაუვარდნენ, რადგან მას ზეადამიანად მიიჩნევდნენ, რის გამოც კიდევაც განიკურნენ. ასე რომ, მცნებათა მთაზე, სადაც უფალი ზის, შენც ადი. თუნდაც ბრმა იყო და შენ თვითონ მშვენიერებისხილვა არ შეგეძლოს, კოჭლიც რომ იყო და სილამაზეს კი ხედავდე, მაგრამ მასთან მიახლების მადა არ გქონდეს, ყრუ-მუნჯიც რომ იყო, და არც სხვისი ნათქვამის მოსმენა მეგეძლოს და არც შენ ხელგეწიფებოდეს სხვას რამე აუწყო, თუნდაც ხეიბარი იყო, ანუ ხელის გაწვდენა მოწყალებისათვის არ შეგეძლოს, და სხვა რამ სენიც რომ გჭირდეს, ფეხებში ჩაუვარდი იესოს და შეეხები რა მისი ამქვეყნიური ცხოვრების კვალს, განიკურნები.
32. ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აჰა ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმთაჲ არა მნებავს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა.
- ხალხმა, რომელიც განსაკურნებლად იყო მოსული, პურის თხოვნა ვერ გაბედა. მაგრამ უფალმა, ვითარცა კაცთმოყვარემ, ამაზე თვითონ იზრუნა. ვინმეს რომ არ ეთქვა, საგზალი ჰქონდათო, უფალი ამბობს: კიდევაც რომ ჰქონოდათ გაუთავდებოდათ, რადგან უკვე სამი დღეა, აქ არიანო. სიტყვებით: ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა აჩვენებს, რომ მოსულები შორიდან იყვნენ. ამას მოწაფეებს ეუბნება, რათა მათ სურვილი აღუძრას მისთვის თქმისა: შენ შეგიძლია, ვითარცა ის ხუთიათასი, ესენიც დააპურო, - მაგრამ მოწაფენი ჯერ კიდევ უგუნურნი იყვნენ.
33. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: ვინაჲ არს ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენი, ვითარმცა განძღა ერი ესოდენი?
- თუმცა მათ უნდა ხსომებოდათ, რომ იესომ მრავალი ადამიანი უდაბნოში ადრეც დააპურა, მაგრამ უგრძნობელნი იყვნენ. ამიტომ, როცა შემდეგ შენ მათ ესოდენ დიდი სიბრძნით აღვსილებს იხილავ, გიკვირდეს ქრისტეს მადლისა.
34-38. ჰრქუა მათ იესუ: რაოდენი პური გაქუს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: შჳდი პური და მცირედ თევზი. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა. და მოიღო შჳდი იგი პური და თევზნი, ჰმადლობდა, განტეხა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას. ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი სავსე. ხოლო რომელთა-იგი ჭამეს, იყვნეს ოთხ ათას მამანი ხოლო, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.
- ასწავლა რა სიმდაბლე, ხალხი მიწაზე დასვა; თვითონ მადლობას უძღვნის და ჩვენც გვასწავლის, რომ ჭამის წინ ღმერთს მადლობა შევწიროთ. მაგრამ შენ მკითხავ: როგორ მოხდა, რომ იქ ხუთი პური ხუთი ათასმა კაცმა ჭამა და თორმეტი გოდორი დარჩა, ხოლო აქ პური მეტი იყო, მჭამელი კი უფრო ცოტა და მხოლოდ შვიდი გოდორიღა გადარჩა? შეიძლება ითქვას, რომ ან ეს გოდრები იმათზე უფრო დიდი იყო, ან კიდევ ასე იმიტომ მოხდა, რომ, სასწაულის იგივეობისა გამო, მოწაფეებს იგი არ დავიწყებოდათ; რადგან ამჯერადაც რომ თორმეტი გოდორი მორჩენილიყო, სრული დამთხვევის მიზეზით, შეიძლებოდა მათ დავიწყებოდათ, რომ უფალმა პურზე სასწაული მეორედ აღასრულა. შენ კი ისიც შეიცანი, რომ ოთხიათასი ანუ ოთხი სათნოების სრულად მფლობელნი, შვიდი პურით ანუ სულიერი და სრულყოფილი გამონათქვამებით საზრდოობენ, რადგან რიცხვი შვიდი სიმბოლოა შვიდი სულიერი ნიჭისა. ისინი მიწაზე სხედან და მათ ქვეშაა განრთხმული ყოველივე მიწიერი, რომელთაც არად აგდებენ, ისევე როგორც ის ხუთიათასი, რომელიც ასევე მწვანეზე იჯდა, ანუ ხორცსა და დიდებას თავისთავზე დაბლა აყენებდა; რადგანაც ხორცი ბალახია, ხოლო ყოველგვარი კაცობრივი დიდება - მინდვრის ყვავილი. აქ შვიდი გოდორი დარჩა, რადგან ჭამა იმისა, რაც სულიერი და სრულყოფილი იყო, ვერ შეძლეს. დარჩა ის, რაც შვიდ გოდორში ჩაეტია, ანუ ის, რაც მხოლოდ სულიწმიდამ იცის: რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს, და სიღრმესაცა ღმრთისასა (I კორ. 2.10).
39. და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესუ ნავსა და მოვიდა საზღვართა მაგდალოჲსათა.
- იესო მიდის, რადგან არცერთ სასწაულს არ შეუძენია მისთვის უფრო მეტი მიმდევარი, ვიდრე სასწაულს, პურზე აღსრულებულს, ისე რომ, ამ დროს, როგორც იოვანე ამბობს, მისი მეფედ დასმაც კი განიზრახეს. ამგვარად, მიდის, რათა გაექცეს ეჭვს იმის თაობაზე, რომ იგი სამეფო ძალაუფლებისაკენ მიისწრაფვოდა.