1-5. და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲმე თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი და ზე ზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა (ეს. 62.11; ზაქ. 9). - უფალი სახედარზე არა სხვა რამ საჭიროებისა გამო, არამედ იმიტომ შეჯდა, რომ წინასწარმეტყველება აღესრულებინა და თანაც ჩვენთვისაც ეჩვენებინა, რომ სიარულიც მოკრძალებითაა საჭირო, ამიტომ არა ცხენით, არამედ თავმდაბლურად - სახედრით წავიდა. ამგვარად, წინასწარმეტყველებას იგი როგორც ისტორიული, ასევე დაფარული აზრითაც აღასრულებს: ისტორიულით იმ გაგებით, რომ მართლაც სახედარზე შეჯდა, ხოლო გადატანითი მნიშვნელობით, სახედარზე შეჯდომა ახალი, გაუხედნავი და ურჩი წარმართების მოთვინიერებას ნიშნავს. სახედარი და ჩოჩორი საკუთარი ცოდვების თოკებით იყვნენ დაბმულნი, ამიტომაც მათ ასახსნელად პავლე წარმართებთან წარიგზავნა, ხოლო პეტრე - წინადაცვეთილებთან ანუ იუდეველებთან. ვიდრე დღემდე, ჩვენი მხსნელი ჩვენივე ცოდვებისგან ორია: სამოციქულო და სახარება. ქრისტე სიმდაბლით მიემართება, რადგან პირველად იგი არა სამყაროს დასასჯელად, არამედ მისი ხსნისათვის მოვიდა. ებრაელთა სხვა მეფენი მტაცებელნი და უსამართლონი იყვნენ, ქრისტე კი მშვიდი მეფეა.
6-7. ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მათ იესუ. და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა. - ლუკა და მარკოზი მხოლოდ ჩოჩორს (კიცვს) ახსენებენ, მათე კი - სახედარს და მის ჩოჩორს, მაგრამ ისინი არც აქ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, რადგან, როცა ჩოჩორი წაიყვანეს, დედაც თან გაჰყვა. იესო დაჯდა მათ ზედა1, ოღონდ არა ორ ცხოველზე, არამედ სამოსლებზე, ან: იგი ჯერ სახედარზე დაჯდა, შემდეგ კი ჩოჩორზე, რადგან თავდაპირველად იუდეველთა სინაგოგაში ჩერდებოდა, შემდეგ წარმართებიდან იმ ხალხთან, რომელმაც ირწმუნა.
8-9. ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. და ერი იგი, რომელი წინა-უვიდოდა და რომელი უკანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა! - პირდაპირი, ისტორიული მნიშვნელობით დაფენა სამოსისა დიდი პატივის მიგებას ნიშნავს, ხოლო - ჩამოკაფული რტოებისა ზეიმს გამოხატავს; დაფარული მნიშვნელობით კი ასე გაიგე: უფალი მაშინ დაჯდა, რაჟამს მოწაფეებმა თავიანთი სამოსელი, ანუ სათნოებანი დაუფინეს. ამგვარად, უკეთუ სული მოციქულებრივი სათნოებებით არ შეიმკობა, ღმერთი მასზე არ განისვენებს. წინ მავალნი (რომელი წინა-უვიდოდა) წინასწარმეტყველები არიან, რომელნიც ქრისტეს განკაცებამდე ცხოვრობდნენ, ხოლო უკან მიმავალნი (რომელი უკუანა შეუდგა) - განკაცების შემდგომ მცხოვრებნი მოწამენი და მოძღვარნი. ისინი ქრისტეს თავიანთ სამოსელს უფენდნენ, ანუ სხეული სულს დაუმორჩილეს, რადგანაც სამოსელი და საფარველი სულისა სხეულია. მათ თავიანთი სხეულები გზასა ზედა ანუ ქრისტეში განფინეს, რადგანაც თვითონვე ამბობს: მე ვარ გზაჲ. უკეთუ ვინმე თავის სხეულს არ განფენს, ანუ არ დაამდაბლებს გზასა ზედა, ე. ი. არა ქრისტეში მყოფი, არამედ ერეტიკოსი იქნება, მას ზედა უფალი არ განისვენებს. ზოგიერთების განმარტებით, ოსანა საგალობელს ან ფსალმუნს ნიშნავს, ხოლო სხვების აზრით, რომელიც უფრო სწორია: გვაცხოვნე (გვიხსენ) ჩვენ. უფალს მომავალი ეწოდება, რადგან ებრაელები მის მოსვლას ელოდებიან. იოვანემაც ხომ ასე უთხრა: შენ ხარა მომავალი? ანუ ის, ვის მოსვლასაც ელოდებიან? გარდა ამისა, უფალს მომავალი იმიტომაც ეწოდა, რომ მის მეორედ მოსვლას ყოველდღე უნდა ველოდეთ. ასე რომ, თითოეული ჩვენგანი აღსასრულსა და უფლის მოსვლას მუდამ უნდა ესვიდეს და ამისთვის ემზადებოდეს.
10-11. და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე? ხოლო ერი იგი ეტყოდა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ. - გულუბრყვილო, უბრალო ხალხს, მართალია, არ შურდა ქრისტესი, მაგრამ არც შესაბამისი წარმოდგენა ჰქონდა მასზე. ამიტომაც ამჯერადაც წინასწარმეტყველი უწოდეს. მაგრამ რადგანაც ეს სიტყვა წინასწარმეტყველი არტიკლთან ერთად თქვეს (ο προφήτης), შეიძლება ასეც გავიგოთ, რომ ეს არის წინასწარმეტყველი, რომელსაც ელოდნენ და რომლის შესახებაც მოსემ თქვა: ღმერთი თქვენ წინასწარმეტყველს აღგიდგენთო (II შჯ. 18.18). ხალხს ხომ არ უთქვამს: ეს არის წინასწარმეტყველი (ούτός εστι προφήτης), არამედ წინასშარმეტყველი იგი (ὁ προφήτης), ე. ი. ვისაც ველოდით.
12-13. და შევიდა იესუ ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთაჲ მათ დაუქცია. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა. - ვითარცა უფალმა სახლისა ანუ ტაძრისა, გამოყარა რა მოვაჭრენი, აჩვენა, რომ ყოველივე, რაც მამისაა, მისიცაა. იგი ასე, ერთი მხრივ, ტაძრის განმშვენებაზე ზრუნვის გამო მოიქცა, ხოლო მეორე მხრივ, შესაწირავი მსხვერპლის შეცვლაზე მიანიშნა, რადგანაც, ხარებისა და მტრედების გარეკვით გვამცნო, რომ საჭიროა არა დაკვლა ანუ მსხვერპლად შეწირვა ცხოველების, არამედ ლოცვისა.
სახლსა ჩემსა, - ამბობს იგი, - სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა, რადგან მკვლელობანი და სისხლისღვრანი ქვაბთა შინა ავაზაკთა ხდებოდა, ან: ავაზაკების გამოქვაბული ტაძარს მეწვრილმანეთა, მყიდველთა და გამყიდველთა გამო უწოდა, რადგან მოხვეჭის სიყვარული ავაზაკთა ვნებაა. მეკერმენი (κολλυβισταί) ისინი არიან, ვისაც ჩვენ გადამხურდავებლებს (τραπεζίται) ვუწოდებთ, რადგანაც კერმა - ეს არის წვრილი მონეტა, როგორც ჩვენი ობოლი ან ვერცხლი. მტრედების გამყიდველნი საეკლესიო ხარისხებით მოვაჭრენი არიან, რადგან ისინი ყიდიან მადლს სულისა წმიდისა, რომელიც მტრედის სახით გარდამოხდა. ამგვარნი ვითარცა მდვდლობისათვის უღირსნი, როგორც ზეციური, ასევე ამქვეყნიური ტაძრიდანაც განიდევნებიან. შენც მიხედე, რომ ტაძარი ღმრთისა, ანუ შენი ზრახვანი ავაზაკთა, ე. ი. დემონთა ბუნაგად არ აქციო. ხოლო გონება ჩვენი ბუნაგად მაშინ იქცევა, რაჟამს ყიდვა-გაყიდვასა და მომხვეჭელობაზე მატერიალური ზრახვები მოგვიცავს და თვით ხურდების, ანუ წვრილი მონეტების შეგროვებასაც კი დავიწყებთ. მსგავსად ამისა, საკუთარ თავს ავაზაკთა ბუნაგად ვაქცევთ, უკეთუ მტრედების ანუ იმ სულიერი სწავლებისა და განსჯის ყიდვა-გაყიდვას შევუდგებით, რომელიც ჩვენშია.
14. და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი. - უძლურთა განკურნებით აჩვენა, რომ ღმერთია და რომ კარგად მოიქცა, როცა, ვითარცა უფლებამოსილმა, თავისი სახლიდან უღირსნი გაყარა. ეს იმასაც ცხადყოფს, რომ იუდეველთა გაყრის შემდეგ, რომელნიც სჯულსა და პირუტყვთა მსხვერპლად დაკვლის ადათს იყვნენ მიჯაჭვულნი, მის მიერ შეწყნარებულ იქნენ და განიკურნენ ბრმები და კოჭლები წარმართთაგან.
15-16. და ვითარცა იხილეს მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა, რომელ-იგი ქმნნა სასწაულნი, და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდეს ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა, განრისხნეს და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა-ესე იტყჳან? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ჰე; არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ? - როცა ფარისევლებმა დაინახეს, რომ ყრმები ქრისტეს დავითის საგალობელს უძღვნიდნენ, რომელიც, როგორც ჩანს, წინასწარმეტყველმა ღმერთს მიუძღვნა, შურით მოწყლულებმა უსაყვედურეს იმის გამო, რომ ნება მისცა მისთვის მიეძღვნათ ის, რაც ღმერთს ეკუთვნის. მაგრამ უფალმა ყრმები გაამართლა და თქვა: მე არა თუ გაჩუმებას ვუბრძანებ მათ, რომელნიც ასე მომმართავენ, არამედ მოწმედ წინასწარმეტყველსაც მოვიყვან და წარმოვაჩენ, რომ თქვენ ან უვიცნი ხართ, ან შურიანები, რამეთუ არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ. დაამტკიცე (κατηρτίσω) აქ ნიშნავს: მწყობრი (άρτίος) და სრულყოფილი ქება შექმენი. მართალია, ასაკის გამო ყრმები არასრულყოფილებად ითვლებიან, მაგრამ ისინი თვითონ კი არ ამბობდნენ იმას, რასაც ამბობდნენ, არამედ თავიანთი ბაგენი სულიწმიდას მიანდვეს და მის იარაღად იქცნენ. პირითა ყრმათა ჩჩჳლთა - იმიტომაცაა ნათქვამი, რათა მიანიშნოს: სიტყვები ყრმების გონებიდან კი არ მოდიოდნენ, არამედ მხოლოდ ბაგეებიდან, რომელნიც ღმრთეებრივი მადლით მოძრაობდნენ. ეს კი იმაზე მიანიშნებდა, რომ ქრისტეს ქებას ყრმები და უგუნურნი, ანუ წარმართები შეასხამდნენ. ეს მოციქულებსაც ანუგეშებდა, რომ: თუმცა უბრალო ადამიანები იყვნენ, სიტყვა მათაც მიეცემოდათ. ასე რომ, უკეთუ ვითარცა ჩვილი, უბოროტო იქნები და სულიერი რძით - ღმრთეებრივი სიტყვებით ისაზრდოებ, შენც ღირსი გახდები იმისა, რომ ღმერთი ადიდო.
17. დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ. - უფალი მათ, ვითარცა უღირსთ, გაშორდა და ბეთანიაში წავიდა, რომელიც ითარგმნება როგორც სახლი მორჩილებისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ურჩებიდან იგი მორჩილებთან გადავიდა და მათთან დამკვიდრდა, რადგან ნათქვამია: დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის (II კორ. 6.16).
18-20. და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია. და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი! - რადგანაც უფალი სასწაულებს ხშირად აღასრულებდა და ეს სასწაულები ყოველთვის კეთილი იყო, და ამასთან, არცერთი სასწაული არ აღუსრულებია ვინმეს დასასჯელად, რომ არ ეფიქრათ, დასჯა არ შეუძლიაო, აქ თავის ამ ძალასაც წარმოაჩენს, მაგრამ, ვითარცა კაცთმოყვარე, მას არა ადამიანთა, არამედ ხის მიმართ იყენებს, ისევე როგორც მანამდე ეს ღორების მიმართ გააკეთა. იგი ხეს ახმობს, რათა ადამიანები გონს მოიყვანოს. მოწაფეებს გაუკვირდათ და სამართლიანადაც, იმან, რომ ეს ხე შედარებით უფრო წვნიანია, სასწაული მისი მეყსეულად გახმობისა კიდევ უფრო წარმოაჩინა. ლეღვის ხე იუდეველთა სინაგოგას ნიშნავს, რომელსაც მხოლოდ ფოთლები, ანუ საჩვენებელი წიგნი აქვს, მაგრამ სულიერი ნაყოფი - არა. ყოველი ადამიანი, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრების ტკბობას ეძლევა, ამ ლეღვს ემსგავსება. მას არ აქვს სულიერი ნაყოფი მოშიებული ქრისტესთვის მისაცემად, არამედ მხოლოდ ფოთლები - დროებითი და წარმავალი მოჩვენება. ამგვარი კაცი თავის თავზე წყევლას მოისმენს, რადგანაც ნათქვამია: განმეშორენით ჩემგან, წყეულნო. ცეცხლსა შინა იგი გახმება და ცეცხლში ტანჯვისას, ვითარცა სახარებისეულ მდიდარს, ენაც გაუხმება.
21-22. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღჳსაჲ ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ-თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! – იყოს ეგრე. და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ. - დიდია ეს აღთქმა ქრისტესი, რომელიც მან თავის მოწაფეებს მისცა; ჩვენ შეგვიძლია მთებიც კი გადავდგათ, თუკი არ შევორგულდებით. ანუ ეჭვს არ შევიტანთ, და ყოველივეს, რასაც კი გარეშე დაეჭვებისა ვითხოვთ, ღმრთის ძალით, მივიღებთ კიდეც. ვინმემ შეიძლება თქვას: რაიმე მავნებელი (ცუდი) რომ ვითხოვო და უგუნურებით მჯეროდეს კიდეც, რომ ღმერთი მას აუცილებლად მომცემს, ნუთუ ამ მავნებელსაც (ცუდსაც) მივიღებ? და კაცთმოყვარე ღმერთი სათხოვარს, რომელიც ჩემთვის მავნებელია, როგორღა ამისრულებს? მისმინე: უწინარესად, როცა რწმენის შესახებ ისმენ, არა უგუნური, არამედ ჭეშმარიტი რწმენა იგულისხმე; ასევეა ლოცვაც, მისითაც სასარგებლო უნდა ითხოვოთ, როგორც ეს უფალმა გვასწავლა: და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან და სხვა. შემდეგ, ყურადღება მიაქციე გამოთქმას: არა შეორგულდეთ. ვინც ღმერთთან ისეა შეერთებული, რომ მასთან ერთად ერთს ქმნის, არც შეუორგულდება და არც განეშორება, იმას, რაც ზიანის მომტანია, როგორღა შესთხოვს? ასე რომ, უკეთუ ღმერთთან განუშორებელი და განუყრელი ვიქნებით, მაშინ მისგან მხოლოდ სასარგებლოს ვითხოვთ და მივიღებთ კიდეც.
23-27. და მო-რაჲ-ვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ-იგი ასწავებდა ერსა, და ჰრქუეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, რომელი უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან? ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი? და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთავე ვითარცა წინაწარმეტყუელი უპყრიეს იოვანე. და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. - შეშურდათ რა მისი სჯულის მოძღვართ, როცა მან ტაძრიდან მოვაჭრენი გაყარა, მივიდნენ მასთან და ამგვარი კითხვა დაუსვეს: ვინ ხარ შენ, რომ ტაძრიდან მოვაჭრეები გააძევე? უკეთუ ეს როგორც მღვდელმა გააკეთე, შენ ხომ სამღვდელო ხარისხი არ გაქვს? ხოლო უკეთუ ასე, ვითარცა მეფე, მოიქეცი, შენ ხომ არც მეფე ხარ და კიდევაც რომ ყოფილიყავი, ასე მოქცევა მაინც არ შეგეძლო, რადგან ტაძარში გამგებლობის ნება არც მეფეებს აქვთ. ეს იმიტომ ჰკითხეს უფალს, რომ თუ იტყოდა, ამას ჩემი ძალაუფლებით ვიქმო, ცილი დაეწამებინათ მისთვის, ვითარცა მეამბოხისთვის, რომელმაც ძალაუფლება მიითვისა, ხოლო უკეთუ იმას იტყოდა, ასე ღმრთისაგან ბოძებული ძალაუფლებით ვიქცევიო, იმ მიზეზით, რომ ნახეთ, ღმერთი კი არ არის, არამედ მონა, რომელიც ღმრთისგან მოცემული ძალით მოქმედებსო, მისთვის ხალხი ჩამოეშორებინათ, ვინც მას, ვითარცა ღმერთს, ადიდებდა. რა უპასუხა მათ ქრისტემ, რომელიც თავად სიბრძნეა? იგი ბრძენთ თავიანთ ვერაგობაში ამხელს და მსგავსსავე კითხვას უსვამს იოვანეს შესახებ, რადგან: უკეთუ იტყოდნენ იოვანეს ქადაგება ზეცით იყოო, რამდენადაც ეს სწავლება არ შეიწყნარეს, ღმრთისმბრძოლნი გამომდგარიყვნენ, ხოლო თუ იმას იტყოდნენ, კაცთაგანო, რამდენადაც იოვანეს ყველა წინასწარმეტყველად აღიარებდა, ხალხისაგან საფრთხე შექმნოდათ. აქ უფალი იმასაც გვასწავლის, რომ ბოროტი განზრახვით დასმულ კითხვებს არ უნდა ვუპასუხოთ, რადგან იუდეველთა მიერ მზაკვრულად დასმული კითხვისათვის, თუმცა ეს მისთვის ძნელი არ იქნებოდა, პასუხი არც თვითონ გაუცია. აქვე ქრისტეს მაგალითით იმასაც ვსწავლობთ, რომ თავი არ უნდა განვიდიდოთ. რა თქმა უნდა, უფალს შეეძლო ეთქვა, ასე რომელი ძალაუფლებით მოქმედებდა, მაგრამ არ თქვა, რათა არ ეფიქრათ, რომ თავს თვითონ განიდიდებდა.
28-32. აწ ვითარ ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; მოვიდა პირველისა მის და ჰრქუა: შვილო, წარვედ დღეს და იქმოდე ვენაჴსა ჩემსა. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მნებავს. ხოლო უკუანაჲსკნელ შეინანა და წარვიდა. და მოუჴდა მეორესა მას და ჰრქუა ეგრეთვე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: წარვიდე, უფალო; და არა წარვიდა. ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაჲ მამისა თჳსისაჲ? ჰრქუეს მას: პირველმან მან. ჰრქუა მათ იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა. რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი. - უფალს აქ ორგვარი ხალხი შემოყავს. ერთნი. რომელთაც თავიდანვე დადეს აღთქმა და ასეთები იუდეველები იყვნენ; მათ თქვეს: ყოველნი სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი, ვყვნეთ და ვისმინნეთ (გამოსვლ. 24.3); ხოლო მეორენი - ურწმუნონი, მაგალითად, მეზვერენი, მეძავნი და აგრეთვე, წარმართნი, რომელნიც, თუმცა, თავდაპირველად ღმრთის ნებას არ დაემორჩილნენ, მაგრამ ბოლოს შეინანეს და შეისმინეს. ყურადღება მიაქციე ქრისტეს სიბრძნეს. ფარისევლებს თავიდანვე კი არ უთხრა, მეზვერენი და მეძავნი თქვენზე უკეთესნი არიანო, არამედ აიძულა ისინი თვითონვე ეღიარებინათ, რომ ორი შვილიდან უფრო დამჯერე ის იყო, რომელმაც მამის ნება აღასრულა. ხოლო შემდეგ, როცა მათ ეს აღიარეს, დასdინა: მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, ანუ უბიწო ცხოვრებით, და ვერც თქვენ იტყვით, რომ მისი ცხოვრება გაკიცხვას იმსახურებდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეძავებმა შეისმინეს მისი, თქვენ კი - არა. ამიტომაც წარგიძღვებიან თქვენ ისინი, ე. ი. თქვენზე ადრე შევლენ სასუფეველსა შინა. შეეცადეთ, რომ თქვენც ირწმუნოთ, რათა მათ შემდეგ მაინც შეხვიდეთ, ხოლო უკეთუ არ ირწმუნებთ, საერთოდ ვერ შეხვალთ. ბევრნი დღესაც აძლევენ აღთქმას ღმერთსა და მამას, რომ მონაზვნები ან მღვდლები გახდებიან, მაგრამ შემდგომად აღთქმისა, უზრუნველად ცხოვრობენ, ხოლო სხვანი, რომელთაც, მართალია, აღთქმა მონაზვნობისა ან მღვდლობისა არ დაუდვიათ, ცხოვრებას, ვითარცა მონაზონნი და მღვდელნი ისე ატარებენ. დამჯერე (მორჩილი) შვილები სწორედ ესენი არიან, რადგანაც მამის ნებას აღასრულებენ, თუმცაღა აღთქმა არ დაუდვიათ.
33. სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. - უფალს სხვა იგავიც მოჰყავს მათთვის, რათა აჩვენოს: მიუხედავად იმ დიდი მზრუნველობისა, რომელიც ეღირსათ, მაინც ვერ გამოსწორდნენ. პატრონი სახლისა უფალია, ვისაც მისი კაცთმოყვარეობისა გამო, კაცი ეწოდა. ვენახი - იუდეველი ხალხი, ვინც ღმერთმა აღთქმულ მიწაზე დანერგა, როგორც ნათქვამია: შეიყვანე და დანერგე ისინი მთასა ზედა წმინდასა შენსა. ზღუდე ან სჯულია, რომელიც მათ წარმართებთან ქორწინების გზით აღრევისაგან იფარავდა, ან წმინდა ანგელოზნი, რომელნიც ისრაელს იცავდნენ. საწნახელი სამსხვერპლოა, გოდოლი - ტაძარი, ხოლო მიწათმოქმედნი - მოძღვარნი ხალხისა - ფარისეველნი და მწიგნობარნი. ღმერთი - სახლისა უფალი ებრაელებს მაშინ განშორდა, როცა ღრუბლის სვეტიდან მათთან საუბარი შეწყვიტა. ან კიდევ: წასვლა ღმრთის სულგრძელობას ნიშნავს, რადგანაც იგი თითქოს ძილს ეძლევა, ან გვშორდება, როცა სულგრძელობას იჩენს და ჩვენს უსამართლო საქმეთა გამო მაშინვე არ ჩნდება.
34-39. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მოავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს. ხოლო უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: შე-ხოლო თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა. ხოლო ქუეყანის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი. და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე სავენახისა მის და მოკლეს. - ჟამი ნაყოფის მოწევისა წინასწარმეტყველთა დროს დადგა. წარგზავნილი მონები წინასწარმეტყველები არიან, რომელთაც მევენახენი ანუ მათი თანამედროვე ცრუ წინასწარმეტყველნი და ცრუ მოძღვარნი სხვადასხვაგვარად შეურაცხყოფდნენ. ზოგს სცემდნენ, როგორც მაგალითად, მიქეას, რომელსაც მეფე სედუკიამ ლოყაში გაარტყა. ზოგს კლავდნენ, მსგავსად ზაქარიასი, ვინც ტაძარსა და საკურთხეველს შორის მოკლეს. სხვები ქვებით ჩაქოლეს, როგორც ზაქარია, ძე იოდაე მღვდელმთავრისა. ბოლოს ღმერთმა თვისი ძე წარგზავნა, რომელიც ხორციელად გამოჩნდა და თქვა: შე-ხოლი თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ იცოდა, რომ მასაც მოკლავდნენ, არამედ იმის გამოსახატავად, რაც უნდა მომხდარიყო. ის ამბობს: თუმცა მონები დახოცეს, მაგრამ ძის ღირსებას მაინც უნდა სცენ პატივიო. მაგრამ მევენახეებმა ძე რომ დაინახეს, თქვეს: ესე არს მკჳდრი, მოვედით მოვკლათ იგი. ასევე იუდეველებმაც ის, ვისზეც თვითონვე ამბობდნენ, ეს ქრისტე არისო, ჯვარს აცვეს, განიყვანეს გარეშე ვენაჴისა და მოკლეს, რადგან უფალიც ქალაქგარეთ იქნა მოკლული. მაგრამ, როგორც ვთქვით, თუ ვენახი ხალხია, მაშინ ფარისევლებმა, ამ ბოროტმა მევენახეებმა, იგი გარეშე ვენაჴისა ანუ უზაკველი ხალხისათვის გვერდის ავლით მოკლეს.
40-41. რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქუეყანის-მოქმედთა მათ? ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანის-მოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა. - როდის მოვა? მეორედ მოსვლისას? შეიძლება ასეც გავიგოთ, მაგრამ უმჯობესია ასე გააზრება: უფალი სავენახისა-მამა ღმერთია; მან თვისი ძე წარგზავნა, რომელიც მოკლეს, როცა იგი მოვა, ანუ მოხედავს უსჯულოებას, რომელიც იუდეველებმა ჩაიდინეს: მაშინ ბოროტთა მათ ბოროტად წარწყმედს - მათ წინააღმდეგ რომაელთა ჯარებს წარგზავნის, ხოლო თავის ვენახს ანუ ხალხს სხვა მევენახეებს - მოციქულებსა და მოძღვრებს გადასცემს. შეიძლება ვენახი საღმრთო წერილად მოვიაზროთ, რომელშიც ასო ზღუდეა, საწნახელი - სიღრმე სულისა, ხოლო გოდოლი- ამაღლებული ღმრთისმეტყველება. თავდაპირველად წმ. წერილი ბოროტ მევენახეებს - ფარისევლებს ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ღმერთმა ჩვენ გადმოგვცა, ვინც მას კეთილად დავამუშავებთ. ამ აზრითაც, მათ უფალი ვენახს გარეთ, ანუ წინააღმდეგ იმისა მოკლეს, რასაც საღმრთო წერილი ქრისტეს შესახებ იუწყებოდა.
42-44. ჰრქუა მათ იესუ არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. ამისთჳს გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა. და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი. - თავის თავს ლოდს უწოდებს, ხოლო მაშენებელთ - იუდეველთა მოძღვრებს, რომელთაც იგი, ვითარცა გამოუსადეგარი, უგულებელყვეს და უთხრეს: სამარიტელი ხარ შენ და შენში ეშმაკია. მაგრამ რაჟამს აღდგა მკედრეთით, კუთხის თავში იქნა დადებული, ანუ შეაკავშირა რა ერთი რწმენით იუდეველები და წარმართები, ეკლესიის თავი გახდა. ვითარცა ქვა, შენობის კუთხეში დადებული, ორ კედელს ერთმანეთთან აერთებს, ასევე ქრისტემაც ყოველნი ერთი სარწმუნოებით შეაერთა (შეკრა). ეს კუთხე საკვირველია და ღმრთისაგანაა, რადგანაც ეკლესია, რომელსაც ჩვენ ვუპყრივართ და სარწმუნოებით გვაერთიანებს, ღმრთეებრივი წარმოშობისაა და დიდი გაკვირვების ღირსიცაა თავისი კეთილმშვენიერი აგებულებით. ეს კუთხე გასაოცარია იმითაც, რომ ქრისტეს სიტყვა სასწაულებითაა დამტკიცებული და ძალმოსილი, ასე რომ, ეკლესიის წყობაც განსაცვიფრებელია. იუდეველებს წაერთვათ სასუფეველი ღმრთისა, ანუ სიახლოვე მასთან და იმათ გადაეცათ, რომელთაც ირწმუნეს. იუდეველები, რომელთაც ამ ლოდს ფეხი წამოჰკრეს და ქრისტესთან მიმართებაში ცდუნდნენ, მეორედ მოსვლის დროსაც შეიმუსრებიან, თუმცა მის მიერ უკვე დათრგუნულნი არიან, დედამიწაზე ყველგან გაფანტულნი, როგორც ბედკრულ იუდეველებს ახლა ვხედავთ3.
45-46. და ესმნეს რაჲ მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა იგავნი ესე მისნი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუნა. და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა მისგან, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი აქუნდა მათ იგი. - აქაც იხილე, რომ უზაკველი და უბრალო ხალხი ჭეშმარიტებას მიჰყვება, მაშინ, როცა სჯულის მოძღვარნი ბოროტს განიზრახავენ. ებრაელები დღემდე ცდილობენ იპოვონ ქრისტე, მაგრამ ამისთვის არც ძალა შესწევთ და არც გონიერება. ისინი ანტიქრისტეს შეიწყნარებენ და თაყვანს მას სცემენ, ხოლო ქრისტეს არ მიიღებენ ანუ ვერ შეიცნობენ.
---
1 - სახარების ბერძნულ რედაქციაში, რომელსაც ნეტ. თეოფილაქტე განმარტავს, ამ ადგილას, ქართული რედაქციისაგან განსხვავებით, რომელშიც ვკითხულობთ, რომ იესუ დაჯდა მას ზედა, იკითხება, რომ იგი მათ ზედა დაჯდა (εκάθισεν επάνω αυτων).
2 - დაურთო რა ნაწევარი "ὁ", ამით გამოარჩია სხვა წინასწარმეტყველთაგან.
3 – I ს-იდან მოყოლებული, იუდეველებმა თავიანთი სახელმწიფო არა თუ XI, არამედ XX ს-მდე ვერ აღადგინეს.