ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მათეს სახარების განმარტება

 

თავი ოცდამეორე

1-7. და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაჲ ესე, და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცის-მკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. - მსგავსად ვენახზე თქმული იგავისა, ეს იგავიც იუდეველთა ურწმუნოებაზე მიანიშნებს, ოღონდ პირველი ქრისტეს სიკვდილს გამოხატავს, ხოლო მეორე - საქორწინო სიხარულს ანუ აღდგომას. ამასთან, აქ შედარებით იუდეველთა უფრო მძიმე ცოდვებია წარმოჩენილი, ვიდრე პირველ იგავში: რადგან იქ მათ ნაყოფის მოსათხოვნად მისულნი დახოცეს, ხოლო აქ - ქორწილზე მაწვეველთა სისხლი დაღვარეს. ღმერთი მეფესთანაა შედარებული. იგი წარმოჩნდება არა ისეთად, როგორიც არის, არამედ ისეთად, როგორიც ჩვენს წინაშე უნდა წარმოჩნდეს. რაჟამს ჩვენ, კაცნი, ვემორჩილებით რა კაცობრივ სისუსტეებს, ვკვდებით, ღმერთი კაცად გვეჩვენება, ხოლო როცა ღმრთის მსგავსად ვცხოვრობთ, ღმერთი ღმერთთა კრებულში წარმოგვიდგება (ფს. 81.1). ასევე, უკეთუ ვითარცა ცხოველნი, ისე ვცხოვრობთ, იგიც ჩვენთვის ან ვეფხვია, ან დათვი, ან კიდევ ლომი. აუღლებს რა მას ყველა კეთილსახიერ სულთან, ღმერთი თავისი ძისთვის ქორწილს იხდის, სიძე ქრისტეა, სასძლო კი ეკლესია და, საერთოდ, ყოველი სული; პირველად მონები - მოსე და მისი თანამედროვე წმინდანები წარიგზავნენ, რომელთაც ებრაელებმა არ დაუჯერეს და, ანაწყენებდნენ რა ღმერთს უდაბნოში, ორმოცი წლის განმავლობაში ღმრთის სიტყვისა და სულიერი სიხარულის შეწყნარება არ მოისურვეს. შემდეგ სხვა მონები - წინასწარმეტყველები იქნენ წარგზავნილნი. მაგრამ ებრაელებმა ზოგიერთი მათგანი მოკლეს, როგორც მაგალითად ესაია, ხოლო ზოგიც, შეურაცხყვეს როგორც იერემია, რომელიც ბინძურ თხრილში ჩააგდეს. შედარებით ზომიერებმა საერთოდ უარი თქვეს მიწვევაზე, მათგან ზოგიერთი საკუთარ მინდორში წავიდა, ანუ ხორციელი ტკბობით აღსავსე ცხოვრებისა და ნებივრობისაკენ მიიდრიკა, რადგანაც მინდორი ყოველი კაცისათვის მისივე სხეულია, ხოლო ზოგიც თავისი სავაჭროსაკენ ანუ ანგარებისმოყვარული ცხოვრებისაკენ მიიქცა, რამდენადაც ვაჭრები ყველაზე ანგარებისმოყვარენი არიან. ამგვარად იგავი გვიჩვენებს, რომ სულიერ ქორწილს ანუ ქრისტესთან შეერთებასა და სულიერ ნადიმს ადამიანები თავს უპირატესად ორი ვნების - ხორციელი ტკბობისა და ანგარებისმოყვარეობისა გამო არიდებენ. სულიერ ნადიმს აქ საუზმე ეწოდება, ხოლო სხვაგან - სერი (ვახშამი). ვახშამია იმდენად, რამდენადაც ეს საქორწინო ნადიმი სრულად უკანასკნელ ჟამს, საღამოს ანუ საუკუნეთა დასასრულს გაცხადდა, მაგრამ ამავე დროს საუზმეცაა, რადგანაც საიდუმლო, თუმცა შედარებით უფრო ბუნდოვნად, მაგრამ პირველ საუკუნეებშიც იქნა გამჟღავნებული. ზუარაკები და უსხები ძველი და ახალი აღთქმებია. ზუარაკებით (მოზვრები) ძველ აღთქმას წარმოაჩენს, რომელშიც მსხვერპლად შესაწირად ცხოველები მიჰყავდათ, ხოლო უსხებით1- ახალ აღთქმას, რადგანაც ჩვენ ახლა საკურთხეველზე ძღვნად პურები მიგვაქვს, რომელთაც, როგორც ხორბლისაგან დამზადებულებს, მართლაც შეიძლება ნასუქები (ნაზუქები) ეწოდოს. ამგვარად, ღმერთი ჩვენ ძველი და ახალი აღთქმის სიკეთეთა გემოჲსხილვად გვიხმობს. როცა ვინმეს იხილავ, რომელიც ღმრთეებრივ სიტყვას ნათლად განმარტავს, იცოდე, რომ ასწავლის რა ცხადად, იგი მსმენელებს სულიერ პურს აწვდის და წრფელთა სულებს ასაზრდოებს და აპურებს. აქ შენ იკითხავ: როგორღა ბრძანებს: არქუთ ჩინებულთა მათ (უთხარით წვეულებს), რადგან უკეთუ უკვე მიწვეულნი იყვნენ, კვლავ მიწვევა რაღად სჭირდებოდათო; მაშ, იცოდე, რომ ყოველი ჩვენგანი ბუნებით უკვე მიწვეულია სიკეთეზე, მიწვეულია თანდაყოლილი მოძღვრის - გონების მიერ; მაგრამ ღმერთი გარეშე მოძღვრებსაც გზავნის, რათა გონების მიერ ბუნებრივად უკვე წვეულნი გარედანაც მიიწვიონ. მაშინ მეფემ თავისი მხედრიონი, ანუ რომაელები წარგზავნა, ურჩი იუდეველები ამოწყვიტა და მათი ქალაქი - იერუსალიმიც გადაწვა, როგორც ამას დაწვრილებით მოგვითხრობს იოსები.

8-10. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. - რადგან პირველად წარგზავნილმა მონებმა - მოსემ და წინასწარმეტყველებმა იუდეველები ვერ დაარწმუნეს, სხვა მონები - მოციქულები წარგზავნა; მათ წარმართებს მოუწოდეს, რომელნიც ჭეშმარიტი გზით კი არ მიდიოდნენ, არამედ დაყოფილნი და მოძღვრების მრავალ გზაზე დანაწევრებულნი, გზათსაყარებზე ანუ დიდ ცდომილებასა და ეჭვქვეშ იყვნენ. რადგანაც თანხმობა არც ერთმანეთთან ჰქონდათ, ისინი არა მართებულ გზაზე, არამედ გზათგასაყარებზე იდგნენ. ეს იყო უკეთური სწავლებანი, რომელთაც წარმართები აცხადებდნენ; მაგრამ ყველა ერთნაირად როდი ფიქრობდა, არამედ ზოგს ეს მიაჩნდა ჭეშმარიტებად და ზოგს-ის. კიდევ უფრო უკეთესია ამგვარი გაგება: გზა - თითოეული ჩვენგანის ცხოვრება და მოქალაქეობაა, გზათგასაყარნი ანუ გზიდან მიდრეკა კი - მოძღვრებანი. ელინები, რომელთაც უვარგისი გზა ანუ სათაკილო ცხოვრება ჰქონდათ, უკეთური ცხოვრებიდან ბიწიერ სწავლებებამდე მივიდნენ. მათ სამარცხვინო ღმერთები წარმოადგინეს, რომელნიც ვნებებს მფარველობდნენ. იერუსალიმიდან წარმართებთან გასულმა მოციქულებმა ყველანი - უკეთურნიცა და კეთილნიც, ანუ როგორც ყოველგვარი ბოროტებით აღვსილნი, ასევე ზომიერნიც, რომელთაც მათთან შედარებით კეთილებს უწოდებს, ერთად შეკრიბეს.

11-14. ხოლო შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი. - ქორწილმი შესვლა განურჩევლად ხდება: ჩვენ ყველანი - კეთილნიცა და უკეთურნიც - მხოლოდ მადლითა ვართ წოდებულნი, მაგრამ ცხოვრება ჩვენი (ქორწილზე წვეულთა) გამოუძიებლად კი არ დარჩება, არამედ შემდგომად რწმენაზე მოქცევისა, მეუფე მას ფრიად გულმოდგინედ გამოიძიებს და შებილწულნი აღმოვჩნდებით. მოვიაზრებთ რა ამას, ვძრწოდეთ, რადგან, ვისაც წმინდა ცხოვრება არ ექნება, მხოლოდ რწმენა სარგებლობას ვერ მოუტანს. ამგვარი არა მხოლოდ ქორწილიდან განიდევნება, არამედ ცეცხლშიც ჩაიგდება. და ვინ არის ეს, ვინც შებილწულ სამოსელს ატარებს? ეს ისაა, ვინც ვერ შეიმოსა სამოსი მოწყალების, სათნოებისა და ძმათმოყვარებისა. მრავალნი არიან, რომელნიც თავს იმ ფუჭი (ამაო) იმედებით იტყუებენ, რომ ცათა სასუფეველს მოიპოვებენ და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონენი, თავს რჩეულთა დასს აკუთვნებენ. უღირსის გასამართლებით, უფალი, ჯერ ერთი, იმას გვაჩვენებს, რომ კაცთმოყვარე და სამართლიანია და მეორეც, რომ არც ჩვენ უნდა დავადანაშაულოთ არავინ, თუნდაც ისინი, რომელნიც აშკარად სცოდავენ, ვიდრემდე მხილებულნი არ იქნებიან. შემდეგ: უფალი მსახურებს - დამსჯელ ანგელოზებს ეუბნება: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი, ანუ მოქმედი ძალები მისი სულისა. ამ საუკუნესა შინა (ამ ცხოვრებასა შინა) ჩვენ შეგვიძლია რამე ჩავიდინოთ და მოვიმოქმედოთ, ხოლო მომავალ საუკუნესა შინა ყველა მოქმედი სულიერი ძალა შეკრული იქნება და ცოდვათა გამოსასყიდად რაიმე კეთილი საქმის ჩადენას ვეღარ შევძლებთ. ღრჭენაჲ კბილთაჲ. - ეს მხოლოდ უსარგებლო (ამაო) მცდელობაა. მრავალ არიან ჩინებულნი, უფალი მრავალს ან უფრო სწორად ყველას იხმობს (იწვევს); მცირედ - რჩეულნი, მაგრამ ცოტანი არიან ისინი, რომელნიც გადარჩებიან და ღმრთისგან რჩეულობის ღირსნი იქნებიან. ამგვარად, ღმრთის საქმე ხმობაა, ხოლო რჩეულნი გავხდებით თუ არა, ჩვენზეა დამოკიდებული. ასე აგებინებს უფალი იუდეველებს, რომ ეს იგავი მათზე ითქვა, რადგან სწორედ ისინი იყვნენ მიწვეულნი, მაგრამ არა რჩეულნი მათი ურჩობისა გამო.

15-16. მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს, რაჲთა სიტყჳთა საფრჴე უგონ მას. და მოუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა. - რაკიღა ფარისეველნი ასე მზაკვრული ჩანაფიქრისა გამო იქცევიან, ლუკა მახარებელი მათ მზირებს უწოდებს, რომელნიც ქრისტეს შესაპყრობად იყვნენ მიგზავნილნი, ხოლო ჰეროდიანები ან ჰეროდეს მეომრები იყვნენ, ან ისინი, რომელნიც ჰეროდეს ქრისტედ მიიჩნევდნენ. როცა იუდას მთავრები აღარ იყვნენ და ჰეროდე გამეფდა, ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ იგი ქრისტე იყო. ამგვარ ადამიანებთან მიდიან ფარისეველნი, რათა ქრისტეს მახე დაუგონ. მოისმინე, როგორ საუბრობენ ისინი მასთან და ეუბნებიან:

16-22. და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ შენ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა. აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემაჲ ხარკისაჲ კეისრისა ანუ არა? გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო? მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი. ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი? ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს. - ფიქრობენ რა, რომ ქებით მოალმობიერებენ და მოინადირებენ, ემლიქვნებიან, რათა გულმოლმობილს ეთქვა, გამოსაღები არ მისცეთო, რის შედეგადაც, ვითარცა შფოთისთავსა და კეისრის წინააღმდეგ ხალხის ამბოხებელს, შეიპყრობდნენ. მეფის ერთგულნი ჰეროდიანელებიც იმიტომ მოიყვანეს თან, რომ, როგორც შფოთის მომწყობი, დაეკავებინათ. ეუბნებიან, რომ არავის წინაშე არ პირფერობ2, ანუ არაფერს იტყვი პილატესა თუ ჰეროდეს საამებლად, ამიტომაც გვითხარი: უნდა ვიყოთ თუ არა მოხარკენი ადამიანებისა, და უნდა მივცეთ თუ არა მათ ხარკი, ვითარცა ღმერთს დიდრაქმას ვაძლევთ, თუ ხარკი მხოლოდ ღმერთს უნდა ვაძლიოთ? როგორც ვთქვით, ამას იმიტომ ეუბნებოდნენ, რომ, თუკი იტყოდა, კეისრისთვის გადახდა საჭირო არ არისო, ვითარცა მომხრე თევდასი და იუდასი, რომელნიც ამბოხდნენ, კეისრის სახელით მსხვერპლი არ უნდა შეიწიროსო, შეეპყროთ და მოეკლათ. მაგრამ იესო მონეტაზე კეისრის გამოსახულებით არწმუნებს მათ, რომ კეისარს ის, რაც მისია, ანუ რაზეც მისი გამოსახულებაა, უნდა მიეცეს. ე. ი. გარეშე ანუ ხორციელ ცხოვრებაში იმას უნდა დავემორჩილოთ, ვინც მეფობს, ხოლო შინაგან ანუ სულიერ ცხოვრებაში - ღმერთს. შეიძლება ასეც გავიგოთ, ყოველმა ჩვენგანმა კეისარს ანუ დემონს, რომელიც ქვესკნელსა შინა მეფობს, უნდა მივცეთ და მივუგდოთ ის, რაც მისია. მაგალითად, გაქვს მრისხანება კეისრისაგან?3 წარმართე იგი მისკენ ანუ მას განურისხდი; ასევე შეგიძლია მისცე ღმერთს ის, რაც ღმრთისაგანაა; ან: რადგანაც ჩვენ ორმაგნი (მრჩობლნი) ვართ და სულისა და ხორცისაგან შევდგებით, სხეულს, ვითარცა კეისარს, საზრდელი და სამოსი უნდა მივცეთ, ხოლო სულს, რომელიც ჩვენში უფრო ღმრთეებრივია - ის, რაც მას შეეფერება.

23-28. მას დღესა შინა მოუჴდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ. ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა. იყვნეს უკუე ჩუენ შორის შჳდნი ძმანი. და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა თესლი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა. ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშჳდედმდე. ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი? - როცა ფარისეველნი და ჰეროდიანნი დაადუმა, უფლის ცდუნებას ახლა სადუკევლები შეეცადნენ. მათი ერესი ასეთი იყო: ეწინააღმდეგებოდნენ რა ყველაფერში ფარისევლებს, სადუკევლებს არც აღდგომა სწამდათ, არც სული და არც ანგელოზი. ამჟამად მათ შეთხზეს ამბავი, რომელიც არ მომხდარა. ვთქვათ და ორმა ძმამ მართლაც შეირთო იგი ცოლად და მოკვდა, მესამემ როგორღა ვერ გაითვალისწინა წინა ორის მაგალითი და ვერ მოიფიქრა, რომ მასთან ქორწინებაზე უარი ეთქვა? სადუკევლებმა ეს იმიტომ შეთხზეს, რომ ქრისტე სიძნელის წინაშე დაეყენებინათ და აღდგომა უარეყოთ, ხოლო თავიანთი შეთხზულის მხარდამჭერად მოსე წარმოადგინეს. მათ თქვეს, რომ ძმები შვიდნი იყვნემ, რათა აღდგომის საიდუმლოსათვის შეურაცხმყოფლად დაეცინათ. მაშ, ამბობენ ისინი, ეს ქალი რომელი მათგანის ცოლი იქნება? შეიძლებოდა მათთვის ასეთი პასუხის გაცემაც: უსინდისო სადუკეველნო, უკეთუ დავუშვებთ, რომ აღდგომისას ქორწინება იქნება, რაღა თქმა უნდა, პირველისა, რადგანაც სხვები არა კანონიერი ქმრები, არამედ მაგიერნი იყვნენ.

29-33. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ, რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა. ხოლო აღდგომისათჳს მკუდართასა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი – ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ. და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი. - მაცხოვარი აჩვენებს, რომ აღდგომა იქნება, მაგრამ არა იმგვარად ხორციელი, როგორსაც ისინი მცდარად წარმოიდგენდნენ, არამედ ღმრთეებრივი და სულიერი. რატომ ცდებით, - ეუბნება, - ნუთუ არც წმინდა წერილი იცით და არც ძალა ღმრთისა? თქვენ რომ წმინდა წერილი გცოდნოდათ, ირწმუნებდით, რომ ღმერთი არ არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა: ასევე, ღმრთის ძალის შესახებაც რომ გცოდნოდათ, შეიცნობდით, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი, შემდგომად აღდგომისა, ადამიანებს ანგელოზებრივ ცხოვრებას უქმნის. ნახე სიბრძნე უფლისა! სადუკევლებმა მოსე გამოიყენეს აღდგომის დოგმატის გასანადგურებლად, და ისიც მოსეს საშუალებით შეაგონებს მათ. მე ვარ, - ამბობს, - ღმერთი აბრაჰამისი და ისაკისი და იაკობისი. ნათქვამი ამას ნიშნავს: ღმერთი არის არა ღმერთი არარსებულთა, არამედ ცხოველთა (ცოცხალთა) და მყოფთა. არ უთქვამს: მე ვიყავი, არამედ: მე ვარ. მართალია, მამათმთავარნი აღესრულნენ, მაგრამ ისინი აღდგომის სასოებით ცოცხლობენ. შენ მკითხავ: სხხაგან როგორღაა ნათქვამი, რომ იგი უფალია ცხოველთა და მკვდართა: ისწავლე, რომ იქ მკვდრები გარდაცვლილებს ეწოდება, რომელთაც გაცოცხლება ელით. აქ კი უფალი საწინააღმდეგოდ სადუკეველთა ერესისა, რომელთა სწავლებითაც სული არა უკვდავი, არამედ სრულიად განხრწნადია, ამბობს, რომ არ არის ღმერთი მკვდართა, ანუ როგორც თქვენ ფიქრობთ, სრულიად გამქრალთა, არამედ ცხოველთა, ე. ი. იმათი, რომელთაც უკვდავი სული აქვთ და ოდესმე აღდგებიან, თუმცა ახლა ხორციელად მკვდარნი არიან.

34-40. ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად. და ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან. - გამომცდელი მასთან უზომო შურით შეპყრობილი მივიდა. როცა ფარისევლებმა დაინახეს, რომ სადუკეველნი შერცხვნენ, ხოლო უფალი სიბრძნით განიდიდა, მივიდნენ, რათა გამოეცადათ, ხომ არ დაურთავდა რამეს პირველ მცნებას წინ სჯულის შესასწორებლად, რათა ამით საბაბი ჰქონოდათ მისთვის ბრალის დადებისათვის. უფალი ამხელს მათ ბოროტებას, სახელდობრ, რომ არა სწავლისათვის მივიდნენ, არამედ, რადგანაც სიყვარული არ ჰქონდათ, - შურისა და ჯიბრის გრძნობით შეპყრობილნი, და აჩვენებს, რომ ყველა მცნებაზე აღმატებული სიყვარულია. იგი ასწავლის, რომ ღმერთი რაღაც ზომით კი არ უნდა გვიყვარდეს, არამედ ჩვენი თავი მთლიანად უნდა მივუძღვნათ. ადამიანის სულში სამ განსხვავებულ რამეს მოვიაზრებთ: მცენარეულს, ცხოველურსა და გონივრულს; იმით, რომ იზრდება, იკვებება და თავისსავე მსგავს შობს, იგი მცენარეს ჰგავს. მგრძნობელობითა და სურვილებით - ცხოველებს. ხოლო რამდენადაც აზროვნებს, გონიერი ეწოდება. ყურადღება მიაქციე, რომ ეს სამი ნაწილია აღნიშნული ამ სიტყვებშიც: შეიყუარე ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა - ეს ადამიანის ცხოველური ნაწილია; ყოვლითა სულითა შენითა - მცენარეული, რადგან მცენარენიც ხომ ცოცხალნი არიან, ხოლო ყოვლითა გონებითა შენითა - გონივრული.

ამგვარად, ღმერთი მთელი სულით უნდა გვიყვარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ნაწილი და ძალა ჩვენი სულისა მას უნდა მივუძღვნათ. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ, რომელიც ჩვენ ღმრთისმოსაობისათვის გვწვრთნის. და მეორე, მსგავსი ამისი - ადამიანებს სამართლიანობისათვის აღძრავს. გზა, რომელსაც წარწყმედისაკენ მივყავართ, ორია: უკეთური მოძღვრება და ბიწიერი (წამხდარი) ცხოვრება. შესაბამისად ამისა, იმისთვის, რომ უსჯულო მოძღვრებისკენ არ მივიდრიკოთ, ღმერთი უნდა გვიყვარდეს, ხოლო ბიწიერი ცხოვრება რომ არ გვქონდეს, ამისთვის მახლობლის სიყვარულია საჭირო. სიყვარული მოყვასისა ყველა მცნებას აღასრულებს, ხოლო ვინც მცნებებს აღასრულებს, მას ღმერთი უყვარს; ასე რომ, ეს ორი მცნება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ერთმანეთს უერთდება და ყველა სხვა მცნებას თავის თავში მოიცავს. ღმრთისა და მოყვასის მოყვარული რომელი კაცი იქურდებს, ან გულში ბოროტებას შეინახავს, ან ისიძვებს, ან კაცს მოკლავს. ან კიდევ იმრუშებს? თავიდან ეს სჯულის მეცნიერი ცდუნების მიზნით მივიდა, ხოლო შემდეგ, ქრისტეს პასუხით გონსმოსულმა, მისგან ქებაც კი დაიმსახურა, როგორც ამას წმ. მარკოზი ამბობს: იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო მწიგნობარმა და ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა (მარკ. 13.34).

41-46. შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა? უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს? და ვერვის ეძლო სიტყჳს-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაჲ. - რადგანაც ჩვეულებრივ ადამიანად თვლიდნენ, ამ შეხედულების საწინააღმდეგოდ, დავითის წინასწარმეტყველების მეშვეობით ასწავლის, რომ უფალი ჭეშმარიტად თვითონ არის და თავის ღმრთეებრიობას ააშკარავებს. ფარისეველთა პასუხად, რომელნიც ამბობდნენ, ქრისტე დავითის ძე ანუ ჩვეულებრივი კაციაო, იგი კითხულობს: მაშინ დავითმა უფალი როგორღა უწოდა მას და თანაც არა უბრალოდ, არამედ გამოცხადებით, რომელიც მის შესახებ სულიწმიდის მადლით ებოძა? ამ სიტყვებით უფალი არ უარყოფს, რომ დავითის ძეა, მაგრამ იმასაც აჩვენებს, რომ არც დავითის თესლისაგან წარმომდგარი ჩვეულებრივი კაცია. იგი ამ კითხვას იმიტომ სვამს, რომ თუ იტყოდნენ: არ ვიცითო, ან მისთვის ეკითხათ და ესწავლათ და, ეტყოდნენ რა ჭეშმარიტებას, ერწმუნათ, ან კიდევ: სათქმელი რომ აღარაფერი ექნებოდათ, შერცხვენილნი წასულიყვნენ. და მისთვის კითხვების დასმა მეტად აღარ გაებედათ.
-
1 - ბერძნული σιτιστός-ს (ნასუქი, ნაკვები) გიორგი მთაწმიდელმა უსხი მიუსადაგა, რომელიც ძვ. ქართულში ნასუქ, გამოკვებილ საქონელს ნიშნავს.
2 - სიტყვასიტყვით: პირს აღაღებ.
3 - ანუ ბოროტისაგან.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24
თავი 25 თავი 26 თავი 27 თავი 28