ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მათეს სახარების განმარტება

 

თავი მეოთხე


1. მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან. - გვასწავლის რა, რომ გამოცდას ყველაზე მეტად ნათლისღების შემდეგ უნდა ველოდეთ, იესო სულიწმიდას გაჰყავს, რადგანაც გარეშე სულისა იგი არაფერს აკეთებდა. უდაბნოში გაჰყავს, რათა გვაჩვენოს, რომ ეშმაკი მაშინ გვცდის, რაჟამს ხედავს, რომ მარტონი ვართ და ერთმანეთისაგან შემწეობას ვერ მივიღებთ. ამიტომაც არ უნდა ვთქვათ უარი რჩევის მიღებაზე და მხოლოდ საკუთარი თავის იმედით არ უნდა ვიყოთ. გამოცდად ეშმაკისაგან.- ეშმაკი ანუ ცილისმწამებელი, რადგან მან ადამთან ღმერთს ცილი დასწამა, როცა უთხრა, ღმერთს თქვენი შურსო, ის სათნოებას ახლაც სწამებს ცილს ჩვენს წინაშე.

2. და იმარხა. - იმარხულა, რათა ეჩვენებინა, რომ მარხვა მძლავრი იარაღია ცდუნების წინააღმდეგ, ისევე როგორც ნაყროვანება სათავეა ყოველგვარი ცოდვისა. ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე. - იმდენი დღე და ღამე იმარხულა, რამდენიც მოსემ და ელიამ. უფრო მეტი რომ ემარხულა, მაშინ მისი განკაცება მოჩვენებითად ჩაითვლებოდა. და მერმე შეემშია. - როცა კაცობრივ ბუნებას დაუთმო, მაშინ მოშივდა, რათა შიმშილით ეშმაკისათვის მასთან მისვლისა და შებრძოლების საბაბი მიეცა, რომ დაემარცხებინა და დაემხო იგი, ხოლო ჩვენთვის გამარჯვება მოენიჭებინა.

3. მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ. - მართალია, მაცდურმა ზეციდან ხმა - ესე არს ძე ჩემი საყუარელი - მოისმინა, მაგრამ, როცა დაინახა, რომ მოშივდა, ვერ გაიგო, ღმრთის ძეს როგორ უნდა მოშიებოდა. ამიტომაც, დასარწმუნებლად ცდის და ფიქრობს რა, რომ რაღაცას ფარავს, ეპირფერება და ეუბნება: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ. - მაგრამ შენ მკითხავ: რა ცოდვა იქნებოდა ქვების პურად გადაქცევა? მაშ, შეისმინე! ეშმაკს რაშიც არ უნდა მოუსმინო, ცოდვაა. სხვაგვარადაც შეხედე! ის კი არ უთხრა: ეს ქვა იქცეს პურადო, არამედ ქვებიო, სურდა რა, რომ სიხარბე მორეოდა. მშიერისთვის ხომ ერთი პურიც სავსებით საკმარისია. ამიტომაც არ მოუსმინა მას ქრისტემ.

4. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა. - ეს დამოწმება ძველი აღთქმიდანაა, რამეთუ მოსეს სიტყვებია. ებრაელები მანანათი საზრდოობდნენ, რომელიც პური არ იყო, მაგრამ ღმრთის სიტყვით მათ ყოველგვარ მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა, რადგან ყველაფრად იქცეოდა იმისდა მიხედვით, ვისაც რისი ჭამა მოესურვებოდა. იუდეველს თევზი მოუნდებოდა, კვერცხი თუ ყველი, მანანა მისთვის მათ გემოს იღებდა.

5. მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა. - ეს იყო ტაძრის ნანილი, რომელთაც ჩვენთან ნეფი (ნავი) ეწოდება და რომელნიც ფრთებს მოგვაგონებენ.

6. და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი. - უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, - ამით ეშმაკი ეუბნება: მე არ მჯერა ხმისა, რომელიც ზეციდან იყო. თუ ძე ღმრთისა ხარ, მაჩვენე. - მართლაც წყეულო! ღმრთის ძე თუ იყო, თავს გადაიგდებდა? სიცოფით შეპყრობილთა გადაგდება - ეს შენს სისასტიკეს ახასიათებს, ღმერთს კი - ხსნა. ქრისტესთვის კი არ დაწერილა "ხელთა ზედა აღგიპყრან შენ", არამედ წმინდანებისთვის, რომელთაც ანგელოზთა შემწეობა მართლაც სჭირდებათ; ხოლო ქრისტე, რომელიც ღმერთია, ამას არ საჭიროებს.

7. ჰრქუა მას იესუ: კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. - მშვიდად იგერიებს მას ქრისტე და ჩვენც გვასნავლის, რომ დემონებზე სიმშვიდით გავიმარჯვოთ.

8-9. კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე. - ზრგიერთნი ფრიად მაღაღ მთაში ანგარებისმოყვარეობას გულისხმობენ, რომლისკენაც მტერს იესოს მიდრეკა სურდა. მაგრამ არასწორად ფიქრობენ, რადგან ეშმაკი მას გრძნობადად ეჩვენა, უფალმა კი ზრახვანი არ შეიწყნარა; ნუმც იყოფინ! გრძნობადად უჩვენა მას მთაზე ყოველნი სუფევანი, წარმოუდგინა რა ისინი წინაშე თვალთა ვითარცა მოლანდება და უთხრა: ესე ყოველი მიგცე შენ. ქედმაღლობის გამო იგი სამყაროს თავის საკუთრებად მიიჩნევს და ანგარებისმოყვარეთ ახლაც ამას ეუბნება, სახელდობრ, რომ ვინც მას თაყვანს სცემს, სამყაროს მპყრობელი გახდება.

10. მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე. - იხილა რა, რომ ღმერთობას იჩემებდა და ეუბნებოდა "ესე ყოველი მიგცე შენ", თითქოს მისი საკუთრება ყოფილიყო, უფალი მას განურისხდა; ხოლო შენ შეიცანი სარგებლობა წმინდა წერილისა, რადგან უფალმა მტერი მისით გააჩუმა.

11. მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას. - სამ ცდუნებაზე გაიმარჯვა უფალმა: გემოთმოყვარებაზე, პატივმოყვარეობასა და ანგარებისმოყვარეობაზე ანუ სიმდიდრისაკენ სწრაფვაზე. სწორედ ესენი არიან ვნებათაგან მთავარნი. ასე რომ, უკეთუ მათზე გაიმარჯვებ, დანარჩენებს ბევრად უფრო ადვილად დაძლევ. ამიტომაც ამბობს ლუკა: და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი (4,13), თუმცა უფალმა ცდუნებათაგან მხოლოდ მთავარნი დაამარცხა. მაშინ ანგელოზნი ჰმსახურებდეს მას, რათა ეჩვენებინათ, რომ ვნებებზე გამარჯვების შემდეგ ისინი ჩვენც მოგვემსახურებიან, იესო ხომ ყოველივეს ჩვენთვის აკეთებს და აჩვენებს, თორემ მას, ვითარცა ღმერთს, ანგელოზნი მარადჟამს ემსახურებიან.

12-13. ხოლო ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად. და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა. - იესო წავიდა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ თავი საფრთხეში არ უნდა ჩავიგდოთ. იგი გალილეაში ანუ იმ ქვეყანაში მიდის, სადაც წარმართნი ცოდვისაკენ მიიდრიკნენ და კაპერნაუმში ანუ "სახლში ნუგეშინისცემისა" მკვიდრდება. იგი ხომ იმისთვისაც გარდამოხდა, რომ წარმართნი ნუგეშინისმცემლის სახლად ექცია. ზაბულონი ითარგმნება როგორც ღამეული, ხოლო ნეფთალემი - როგორც სიფართე; ცხოვრება წარმართთა ხომ ღამეულიც იყო და ფართოც, რადგანაც ვიწრო გზას კი არ დაადგნენ, არამედ წარწყმედისაკენ მიმავალს.

14-16. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ-იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ. ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ. - გზაჲ ზღჳსაჲ, ნაცვლად ქვეყანისა, რომელიც ზღვისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა, ნათელი დიდი - სახარება; მართალია, რჯულიც ნათელი იყო, მაგრამ მცირე. აჩრდილი სიკვდილისა - ცოდვაა, იგია ხომ მსგავსება და სახე სიკვდილისა. რადგან ვითარცა სიკვდილი სხეულს, ცოდვაც სულს ისე იპყრობს. ნათელი აღმოგვიბრწყინდა, რადგან ჩვენ კი არ ვეძებდით მას, არამედ თვითონ გამოგვიჩნდა, თითქოსდა თან გვდევდა.

17. მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად. - იესომ ქადაგება მაშინ დაიწყო, როცა იოვანე საპყრობილესა შინა შეაყენეს, რადგან ელოდებოდა, რომ ჯერ იოვანეს დაემოწმებინა მის შესახებ და განემზადებინა გზა, რომელიც უნდა გაევლო, ისევე როგორც მონები თავიანთ მბრძანებლებს უმზადებენ. თანასწორს მამისა, იოვანეს სახით მასაც თავისი წინასწარმეტყველი ჰყავდა, ვითარცა მის მამასა და ღმერთს ჰყავდა წინასწარმეტყველნი იოვანეზე უფრო ადრე, ან უფრო სწორად, ისინი როგორც მამის, ასევე ძის წინასწარმეტყეელებიც იყვნენ. შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. სასუფეველი ცათაჲ - ესაა ქრისტე და სათნოებით აღსავსე ცხოვრება. უკეთუ ვინმემ ამქვეყნად ისე იცხოვრა, როგორც ანგელოზმა, განა იგი ზეციური არ არის? ამგვარად, სასუფეველი ცათა ყოველ ჩვენგანში იქნება, თუკი ანგელოზისებურად ვიცხოვრებთ.

18-19. და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე, და პრქუა მათ. - ისინი იოვანეს მოწაფენი იყვნენ და ქრისტესთან მაშინ მივიდნენ, როდესაც იოვანე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ როცა იოვანეს შეპყრობა იხილეს, კვლავ მეთევზურობას დაუბრუნდნენ. ამგვარად, მოვიდა რა ქრისტე, მოინადირა ისინი ამ სიტყვებით:

19-20. მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას. - ნახე, როგორი მორჩილნი იყვნენ, მაშინვე გაჰყვნენ, აქედან ჩანს, რომ ეს მეორე მოწოდება იყო. ქრისტესგან განსწავლულებმა, შემდეგში დატოვეს იგი, მაგრამ იხილეს თუ არა, იმწამსვე მზად იყვნენ, რომ კვლავ შედგომოდნენ.

21. და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა. - რჩენა მოხუცებული მამისა და თანაც რჩენა პატიოსანი შრომით, - მართლაც დიდი სათნოებაა. გან-რაჲ-აგებდეს ბადეთა მათთა. - რადგანაც ღარიბები იყვნენ, ამიტომაც არ შეეძლოთ შეძენა ახლისა და ძველებს კემსავდნენ.

22. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას. - როგორც ჩანს, ზებედემ არ ირწმუნა და ამიტომაც დატოვეს იგი. ნახე, როდისაა საჭირო მიტოვება მამისა! როცა იგი სათნოებასა და ღმრთისმოსაობაში გაბრკოლებს. იხილეს თუ არა, რომ პირველნი (სიმონ და ანდრეა) შეუდგნენ, მიბაძეს რა მათ, თვითონაც გაჰყვნენ.

23. და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებას სასუფეველისასა. - რათა ეჩვენებინა, რომ სჯულის წინააღმდეგი არ იყო, ებრაელთა სინაგოგაში შედიოდა. და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის. - ნიშნებით იმიტომ იწყებს, რომ ერწმუნათ იმისი, რასაც ასწავლიდა. სნეულება - ეს ხანგრძლივი ტანჯვაა, ხოღო უძლურება - ხანმოკლე დარღვევა სხეულის სწორი ცხოვრებისა.

24. და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა ასურისტანისასა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო-სახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნა იგინი. - მასთან მიყვანილთაგან ქრისტე რწმენის შესახებ არავის არაფერს ეკითებოდა, რადგან უკვე რწმენის საქმე იყო ის, რომ ისინი შორიდან მოჰყავდათ. ცისად ცისად გუემულებს (მთვარეულებს) ეშმაკეულებს უწოდებს, რადგან ეშმაკს სურს რა, ადამიანებს ჩაუნერგოს, რომ ვარსკვლავები მავნებელნი არიან, მთვარის აღვსებას უცდის და მაშინ ტანჯავს, რათა ტანჯვის მიზეზად მთვარე მიიჩნიონ და ბრალი ღმრთის ქმნილებას დასდონ, მსგავსად მანიქეველთა ცდომილებისა.

25. და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით.
---
1 - დედანში სიტყვათა თამაშია: διάβολος - ეშმაკი და διάβολοων - ცილისმწამებელი.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24
თავი 25 თავი 26 თავი 27 თავი 28