ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მათეს სახარების განმარტება

 

თავი მეორე


1. ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა.
- ბეთლემი ითარგმნება როგორც "სახლი პურისა", ხოლო იუდეა, როგორც "აღსარება". დაე, აღსარების წყალობით, ახლა ჩვენც სახლად სულიერი პურისა ვიქცეთ.
დღეთა ჰეროდე მეფისათა.
- ჰეროდე იხსენიება, რათა შენ ისწავლო, რომ მთავარნი და მეფენი იუდას შტოდან შეწყდნენ და ქრისტე აუცილებლობის გამო მოვიდა. ჰეროდე ხომ არა იუდეველი, არამედ იდუმიელი იყო, ძე ანტიპატრესი, რომელსაც იგი არაბი ცოლისაგან შეეძინა. როცა მთავარნი იუდას ტომიდან შეწყდნენ, როგორც ეს იაკობმა იწინასწარმეტყველა, "წარმართთა მოლოდინის" ხანა დადგა (დაბ. 49,3).
მეფისათა.
- რადგან სხვა ჰეროდეც იყო, მეოთხედმთავარი, ამიტომაც მათე მის მეფურ პატივზე მიუთითებს.
აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ.
- რისთვის მოვიდნენ მოგვები? რაღა თქმა უნდა, იუდეველთა განსასჯელად. უკეთუ კერპთაყვანისმცემელმა მოგვებმა ირწმუნეს, იუდეველებს , თავის გასამართლებლად რაღა რჩებათ? ამასთან, იმისთვისაც მოვიდნენ, რომ დიდება ქრისტესი კიდევ უფრო განბრწყინებულიყო დამოწმებით მოგვებისა, რომელნიც უფრო დემონებს ემსახურებოდნენ და ღმრთის მტრები იყვნენ.
აღმოსავალით.
- ესეც ებრაელთა განსასჯელად, რადგან ისინი თაყვანისსაცემად ასე შორიდან მოვიდნენ, ხოლო ებრაელები, რომელთაც ქრისტე ჰყავდათ, მას სდევნიდნენ.

2. და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ?
- ამბობენ, რომ ეს მოგვები ბალამ მოგვის შთამომავალნი იყვნენ - და რომ მათ იპოვნეს მისი წინასწარმეტყველება: "გამობრწყინდეს ვარსკულავი იაკობისაგან და მოსრნეს მთავარნი მოაბისნი" (1 რიცხ. 24.17). მათ საიდუმლო ქრისტესი გულისხმაჰყვეს და იმიტო[23]მაც წამოვიდნენ, რომ ახალშობილის ხილვა სურდათ.
რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით.
- როცა ვარსკვლავზე მოისმენ, ნუ იფიქრებ, რომ იგი ერთი იმათთაგანია, რომელთაც ვხედავთ, არამედ ეს ღმრთეებრივი და ანგელოზებრივი ძალა იყო, რომელიც ვარსკვლავის სახით გამოჩნდა. რადგანაც მოგვები ვარსკვლავთმრიცხველნი იყვნენ, უფალმა ისინი მათთვის ნაცნობი ნიშნით მოიყვანა, ისევე როგორც მეთევზური პეტრე განაცვიფრა თევზის სიმრავლით, რომელიც მან ქრისტეს სახელით დაიჭირა. ვარსკვლავი რომ მართლაც ანგელოზებრივი ძალა იყო, იქიდანაც ჩანს, რომ დღისითაც ანათებდა და იქიდანაც, რომ მიდიოდა მაშინ, როცა მოგვები მიდიოდნენ და იდგა, როცა ისინი ისვენებდნენ; განსაკუთრებით კი იქიდან, რომ იგი ჩრდილოეთის მხრიდან, სადაც სპარსეთია, სამხრეთისკენ მოძრაობდა, სადაც იერუსალიმია, ჩვეულებრივ კი, ვარსკვლავი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ არასოდეს მოძრაობს.
და მოვედით თაყუანის-ცემად მისა.
- როგორც ჩანს, ამ მოგვებს დიდი სათნოება ჰქონდათ, რადგან უკეთუ თაყვანისცემა უცხო მიწაზე მოისურვეს, განა შეიძლებოდა, რომ სპარსეთში არ ყოფილიყვნენ გაბედულნი და არ ექადაგათ?

3. ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა.
- ჰეროდე შეშფოთდა, რადგან უცხო ტომისა იყო და თავისი სამეფო ხელისუფლების გამო შიშობდა, რომლისთვისაც, თვითონაც იცოდა, უღირსი იყო. მაგრამ იუდეველნი? ისინი რისთვისღა შეშფოთდნენ? იმათ ხომ, პირიქით, უნდა გახარებოდათ, რომ მეფე ეყოლებოდათ, რომელსაც თაყვანს სპარსეთის მეფენიც სცემდნენ, მაგრამ ბოროტება მართლაც რომ უგუნურია.

4. და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე? - მოძღვარნი ხალხისა განსწავლული ადამიანები იყვნენ, ვითარცა ისინი, რომელთაც ჩვენ გრამატიკოსებს ვუწოდებთ. ღმრთის განგებით, სწორედ მათ გამოჰკითხეს, რათა ჭეშმარიტება ეღიარებინათ, ამიტომ ისინი იმისთვისაც განისჯებიან, რომ ჯვარს აცვეს იგი, ვინც ადრე აღიარეს.

5. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ. - რომელი წინასწარმეტყველისა? მიქიასი, რამეთუ იგი ამბობს:

6. და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა (მიქ. 5,2). - რაკი ეს ქალაქი პატარა იყო, არაფრად აგდებდნენ. ახლა კი, იმის წყალობით, რომ ქრისტე მისგან გამოვიდა, დიდებული გახდა და ამ წმინდა ბეთლემის თაყვანსაცემად ქვეყნის ყოველი კიდიდან მოდიან.

რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი. - კარგად თქვა: "გამოვიდეს", და არა "დარჩეს შენთან", რადგან ქრისტე ბეთლემში არც დარჩენილა, არამედ შემდგომად შობისა მისგან გამოვიდა და მეტწილად ნაზარეთში ცხოვრობდა. იუდეველების თქმით, ეს წინასწარმეტყველება ზორობაბელზე იყო ნათქვამი, მაგრამ, ცხადია, ცრუობდნენ; ზორობაბელი ხომ არა ბეთლემში, არამედ ბაბილონში დაიბადა, რადგან სახელი მისი "ზორო" თესლსა და შობას ნიშნავს, "ბაბელი" კი - ბაბილონს ანუ ბაბილონში ჩასახულს თუ შობილს. მაგრამ მათ წინასწარმეტყველებაც ცხადად ამხელს, როცა ამბობს: "გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა" (მიქ. 5.2). სხვას ვისა აქვს "გამოსავალნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა", თუ არა ქრისტეს? მას ხომ ორი "გამოსავალი" ანუ შობა ჰქონდა: პირველი შობა დასაბამითგანვე მამისაგან და მეორე - "დღეთაგან საუკუნოჲსათა", რომელიც ღმრთისმშობლისაგან დაიწყო და დროში აღსრულდა. დაე, გვიპასუხონ იუდეველებმა, ზორობაბელი დასაბამითგანვე იშვა? მაგრამ სათქმელი არაფერი აქვთ.

რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი. - დამწყსოსო, - ამბობს და არა იმას, ტირანი იქნება და შთანთქავსო. რამეთუ სხვა მეფენი მგლები არიან და არა მწყემსნი. ქრისტე კი, როგორც ამას თვითონვე ამბობს, მწყემსია: "მე ვარ მწყემსი კეთილი". ისრაელ ერს იგი როგორც ებრაელთა, ასევე წარმართთა შორის მორწმუნეებს უწოდებს. რამდენადაც ისრაელი როგორც "მხილველი ღმრთისა" ისე ითარგმნება, ამდენად ყველა, ვინც ღმერთს იხილავს, წარმართაგანიც რომ იყოს, ისრაელიანია.

7. მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა. - ჰეროდემ ფარულად ისინი იუდეველთა გამო იხმო, რადგან ეჭვობდა, რომ შეიძლებოდა იუდეველებს ყრმის მიმართ დიდი მზრუნველობა გამოეჩინათ და გადარჩენაც მოფიქრებოდათ იმისი, ვისაც ისინი მომავალში უნდა გაეთავისუფლებინა. ამიტომაც იზრახავს ბოროტებას ფარულად.

და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ. - ანუ ყოველივე ზუსტად შეიტყო. ვარსკვლავი ხომ მოგვებს მანამდე გამოუჩნდა, ვიდრე უფალი დაიბადებოდა. იმდენად, რამდენადაც გზაში მათ დიდი დრო დაეკარგებოდათ, ვარსკვლავი ადრევე გამოჩნდა, რათა ყრმისათვის თაყვანი მაშინ ეცათ, როცა ის ჯერ კიდევ სახვევებში იქნებოდა. თუმცა ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ვარსკვლავი ქრისტეს შობასთან ერთად გამოჩნდა, ამიტომ მოგვები მთელი ორი წელი მოდიოდნენ და უფალი არცა სახვევებსა და არცა ბაგაში, არამედ ორი წლისა შინ, დედასთან ერთად იხილესო, მაგრამ შენ უპირატესობა პირველად თქმულს მიანიჭე.

8. და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მოვედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს. - მეფისთვისო კი არ უთხრა, არამედ ყრმისათვისო, რადგან მისი სახელიც კი ეჯავრებოდა, რითაც ცხადყო, როგორ იყო გაცოფებული მის მიმართ.

8-9. და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. - რადგან თვითონ უზაკველნი იყვნენ, იფიქრეს, რომ ჰეროდეც გულწრფელად ლაპარაკობდა.

და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა-უძღოდა მათ. - განგებით ღმრთისა ვარსკვლავი მცირე ხნით დაიმალა, რათა მათ იუდეველთათვის გამოეკითხათ, ჰეროდეც შეძრწუნებულიყო და ამგვარად ჭეშმარიტებაც უფრო ცხადი გამხდარიყო. ხოლო როცა ისინი იერუსალიმიდან გამოვიდნენ, ვარსკვლავი კვლავ გამოჩნდა და წინ მიუძღოდა მათ, საიდანაც ჩანს, რომ იგი ღმრთეებრივი ძალა იყო.

ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი. - და ესეც საკვირველია, რადგან ვარსკვლავი მაღლიდან დაეშვა და დადგა რა დედამიწასთან ახლოს, მათ ადგილი უჩვენა. რამეთუ კვლავ მაღლიდან რომ ჩვენებოდა, როგორღა უნდა გამოეცნოთ კერძოდ ის ადგილი, სადაც ქრისტე იმყოფებოდა? რადგანაც ვარსკვლავები თავიანთი ბრწყინვით დიდ სივრცეს მოიცავენ, შესაძლოა, შენ მთვარე შენი სახლის თავზე იხილო და მეც მეგონოს, რომ იგი მხოლოდ ჩემი სახლის თავზეა. და საერთოდ, ყველას ეჩვენება, რომ მთვარე, ან სხვა რომელიმე ვარსკვლავი მხოლოდ მის თავზე დგას. ამიტომ ქრისტეს ადგილ-სამყოფელს ვერც ის ვარსკვლავი აჩვენებდა, დაბლა რომ არ დაშვებულიყო და ყრმას თითქოსდა თავზე რომ არ დასდგომოდა.

10. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკვლავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად. - რომ არ შეცდნენ და ის იპოვეს, ვისაც ეძებდნენ, ამიტომ გაიხარეს.

11. და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა. - შვა რა, ქალწულმა, რადგანაც მაშინ სახლი ვერ იპოვნეს, ყრმა ბაგასა შინა მიაწვინა, მაგრამ როგორც ჩანს, შემდეგში სახლი მოუნახეს, სადაც მოგვებმა იპოვნეს კიდევაც ისინი. როგორც ლუკაც ამბობს, ბეთლემში ისინი აღწერისთვის ავიდნენ, მაგრამ რადგანაც აღწერაზე დიდძალი ხალხი შეგროვდა, თავდაპირველად სახლი ვერ იპოვნეს და უფალი მღვიმესა შინა იშვა. შემდეგ სახლიც გამოძებნეს, სადაც მოგვებმა უფალი იხილეს.

და დავარდეს და თაყვანის-სცეს მას. - აჰა განბრწყინვება სულისა! გლახაკი იხილეს და თაყვანი სცეს. რადგანაც ირწმუნეს რომ ღმერთი იყო, ამიტომ ვითარცა ღმერთს და ვითარცა კაცს ძღვენიც მიართვეს. აბა, მოისმინე: და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური. - ოქრო მას ვითარცა მეფეს მიართვეს, რადგან ჩვენც, მისი ქვეშევრდომნი, მეფეს ოქროს ვუძღენით; ხოლო გუნდრუკი - ვითარცა ღმერთს, რამეთუ ღმერთს გუნდრუკს ვუკმევთ; მური კი - ვითარცა სიკვდილის გემოჲს მხილველს, რადგანაც იუდეველნი, სხეული რომ განუხრწნელი დარჩეს, მიცვალებულს შემურულს მარხავენ. თავადაც მშრალი მური ხომ სინესტეს აშრობს და ამით მატლების წარმოშობას უშლის ხელს. ნახე რწმენა მოგვებისა! მათ ბალაამის წინასწარმეტყველებიდან ისწავლეს, რომ უფალი ღმერთიც იქნებოდა და მეფეც და რომ ის ჩვენთვის მოკვდებოდა. მაგრამ ამ წინასწარმეტყველებასაც მოუსმინე: ინახ-იდგა და განისვენა ვითარცა ლომმან, ვითარცა ბოკვერმან (რიცხ. 24,9), "ლომი" მეფურ დიდებას ნიშნავს, ხოლო "ინაჴიდგა" - სიკვდილს. "მაკურთხეველი შენი იკურთხევა". აჰა, ღმრთეება, რადგანაც ძალა კურთხევისა მხოლოდ ღმრთეებრივ ბუნებას აქვს.

12. და მოიღეს ბრძანებაჲ ჩუენებით, რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხჳთ გზით წარვიდენ სოფლად თჳსა. - ყურადღება მიაქციე თანმიმდევრულობას! ღმერთი რწმენისკენ მათ ჯერ ვარსკვლავით წარმოუძღვა, შემდეგ, იერუსალიმში მისულებს, წინასწარმეტყველის მიერ ასწავლა, რომ ქრისტე ბეთლემში იშვებოდა, ხოლო ბოლოს - ანგელოზის მეშვეობით. მათ ირწმუნეს წინასწარმეტყველებისა, ანუ ღმრთეებრივი სიტყვისა და როცა ღმრთისაგან გამოცხადება მიიღეს, ჰეროდე მოატყუეს, არც მის დევნას შეუშინდნენ და ახალშობილის ძალით გამხნევებულნი ჭეშმარიტი მოწმენი გახდნენ.

13. და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი. - ხედავ რა მიზეზით დაუშვა ღმერთმა ქალწულის დაწინდვა? აქედან შენთვის ცხადი ხდება, რომ იგი დაიწინდა, რათა იოსებს დაეცვა და ეზრუნა მასზე. ანგელოზმა ის კი არ უთხრა - შენი ცოლი წაიყვანეო, არამედ დედა ყრმისაო; რადგან, როცა ეჭვი გაქრა და მართალმა იოსებმა სასწაულებრივი შობისა ანუ იმისა, რომ ყოველივე სულიწმიდისაგან იყო, ირწმუნა, ანგელოზმა მარიამს უკვე მისი ცოლი აღარ უწოდა.

და ივლტოდე ეგჳპტედ. - ილტვის უფალიც, რათა ერწმუნათ, რომ იგი ჭეშმარიტად კაცი იყო, რადგან უკეთუ ჰეროდეს ხელში დარჩებოდა და არ მოკლავდნენ, იფიქრებდნენ, რომ მოჩვენებითად განხორციელდა. ეგვიპტეში ილტვის, რათა ისიც წმიდა-ყოს. ყოველგვარი ბოროტების ბუდე ხომ ეს ორი მხარე - ბაბილონი და ეგვიპტე - იყო. ამგვარად თაყვანისცემა ბაბილონისაგან მან მოგვების სახით მიიღო, ხოლო ეგვიპტე თავისი იქ ყოფნით განწმინდა.

და იყავნ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ. - არ უთხრა "იქნები", არამედ "იყავ მუნ", ვიდრემდე არ მიიღებდა ბრძანებას ღმრთისაგან. გარეშე ღმრთეებრივი ნებისა, არც ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ.

რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე. - დახე უგუნურებას კაცისა, რომელსაც ღმრთის ნებაზე გამარჯვება სურს, რადგან უკეთუ ყრმა ღმრთისაგან არ იყო შობილი, რისი ეშინოდა? ხოლო უკეთუ ღმრთისგან იყო, როგორღა მოკლავდა?

14-15. ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ, ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა. - იუდეველნი ამბობენ, რომ ეს იმ ხალხზე ითქვა, რომელიც მოსემ ეგვიპტიდან გამოიყვანა. ვუპასუხებთ, რომ რაღაც ახალი წინასახეობრივად ხალხზეც ითქვა, მაგრამ ჭეშმარიტად ქრისტეზე აღსრულდა. შემდეგ: ვინ არის ძე ღმრთისა? ბელფეგორისა და სხვა კერპების თაყვანისმცემელი ხალხი თუ ჭეშმარიტი ძე მისი?

16. მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან; - როგორც ფარაონს დასცინა ღმერთმა მოსეს საშუალებით, იგივე უყო ჰეროდესაც მოგვების მეშვეობით, რადგანაც ორივენი - ფარაონიცა და ჰეროდეც - ყრმათა მომწყვედელნი იყვნენ: ფარაონი ეგვიპტეში ხოცდა ებრაელთა მამრობითი სქესის ყრმებს, ხოლო ჰეროდე - ბეთლემში.

განრისხნა ფრიად, წარავლინნა და მოსწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს - მოგვებზე განრისხებულმა ჰეროდემ თავისი გულისწყრომა თავს დაატეხა იმათ, რომელთაც მისთვის არაფერი უვნიათ: რისთვის იყო დაშვებული ყრმათა ამოწყვეტა? რათა ჰეროდეს ბოროტება განცხადებულიყო; მაგრამ შენ შეიძლება მკითხო: ეს რაღა არის? ნუთუ ყრმები ასე უსამართლოდ იმიტომ დაისაჯნენ, რომ ჰეროდეს ბოროტება განცხადებულიყო? მაშ, მოისმინე! უსამართლოდ კი არ დაისაჯნენ, არამედ გვირგვინთა ღირსნი შეიქნენ, რადგან ყოველი, ვინც აქ რაიმე ბოროტებას ითმენს, ან ცოდვათა დატევებისათვის ან კიდევ გვირგვინთა დადგმისათვის იტანჯება. მსგავსად ამისა, ეს ყრმებიც უმეტესად გვირგვინოსან იქნებიან.

16-17. და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: - ვინმეს რომ არ ეფიქრა, ყრმათა ამოწყვეტა ღმრთის ნების გარეშე მოხდაო, გვაჩვენებს, რომ მან ეს წინასწარ იცოდა და წინასწარ თქვა.

18. ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა. - ჰრამა ამაღლებული ადგილია პალესტინაში; თვითონ ეს სახელიც "მაღალს" ნიშნავს. იგი წილად ხვდა ბენიამინის ტომს, რომელიც რაქელის შვილი იყო, რაქელი კი ბეთლემშია დასაფლავებული. ასე რომ, წინასწარმეტყველი ბეთლემს რაქელს უწოდებს, რადგანაც იგი იქ დაიმარხა. მაღლობზე მოთქმა და ტირილი ისმოდა. მოუსმინე წინასწარმეტყველს: ჴმაჲ... გოდებისა და ტირილისა და ტყებისაჲ მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან. - იგულისხმება, რომ ამ ცხოვრებასა შინა აღარ არიან, თორემ სულები უკვდავია.

19. ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე. - მწარე აღსასრული ჰქონდა ჰეროდეს: ბოროტი სული ცხელებით, მუცლის გვრემით, ქავილით ამოხდა; ფეხები მოეღრიცა, სარცხვინელი დაულპა, მატლი დაეხვია, ჭირდა ქოშინი, კანკალი და სხეულის ნაწილები უცახცახებდა.

19-20. აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა. - არ ეუბნება ილტვოდეო, არამედ "წარვედ"-ო, რადგან საშიშროება უკვე აღარ არსებობდა.

რამეთუ მოსნყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა. - სადაა აპოლინარიოსი, რომელიც ამბობდა, რომ უფალს არ მიუღიაო სული კაცისა? რამეთუ აქ იგი იმხილება.

21-22. ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ. - ჰეროდეს სამი ვაჟი დარჩა: ფილიპე, ანტიპა და არქელაოსი. არქელაოსს მეფობა უბრძანა, ბოლო დანარჩენებს ტეტრარქონტობა (მეოთხედ-მთავრობა). იოსებს ისრაელის ქვეყანაში ანუ იუდეაში დაბრუნებისა შეეშინდა. რადგან არქელაოსი მამას ჰგავდა, ხოლო ანტიპა თავად ახალი ჰეროდე იყო, რომელმაც წინამორბედი მოაკვლევინა.

და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა გალილეაჲსათა. - გალილეა არა ისრაელის, არამედ წარმართთა ქვეყანა იყო. ამიტომაც იუდეველნი გალილეველებს ზიზღით უყურებდნენ.

23. და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ. - როგორ ამბობს ლუკა, რომ უფალი ნაზარეთში შობიდან ორმოცი დღისა და სვიმეონისაგან მირქმის შემდეგ მივიდა, მაშინ, როცა მათე გვეუბნება, რომ ნაზარეთში იგი ეგვიპტიდან დაბრუნების შემდგომ ჩავიდა? გულისხმაყავ, რომ რაზეც მათე დუმს, იმას ლუკა ამბობს. მაგალითისთვის ვიტყვი: აღესრულა ორმოცი დღე შობიდან და უფალი მივიდაო, - გვეუბნება ლუკა. მათე კი იმაზე მოგვითხრობს, რაც შემდგომად ამისა მოხდა, სახელდობრ, უფლის ლტოლვაზე ეგვიპტეში, საიდანაც იგი ნაზარეთში დაბრუნდა. ასე რომ, ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ ერთი, კერძოდ, ლუკა ამბობს, რომ ნაზარეთში ბეთლემიდან დაბრუნდა, ხოლო მათეს თქმით - ეგვიპტიდან.

რაჲთა აღესრულოს თქუმული წინასწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს. - დღეს ვერ ვპოულობთ, რომელმა წინასწარმეტყველმა თქვა ეს, რადგან ებრაელთა დაუდევრობისა და მათი მუდმივად ტყვეობაში ყოფნის გამო მრავალი წიგნი დაიკარგა, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ეს წინასწარმეტყველება იუდეველებს ზეპირად (ჩაუწერლად) გადმოეცათ. ნაზარეველი "წმინდას" ნიშნავს. რამდენადაც ქრისტე წმინდაა, ალბათ ნაზარეველიც ამიტომ ეწოდა. "ისრაელის წმინდა" ხომ უფალს მრავალ წინასწარმეტყველთან ეწოდება.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24
თავი 25 თავი 26 თავი 27 თავი 28