1. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. - წარგზავნა რა მოწაფენი, იგი დამშვიდდა და სასწაულებს აღარ აღასრულებდა, არამედ მხოლოდ სინაგოგებში ასწავლიდა. აქ რომ დარჩენილიყო და სნეულნი განეკურნა, მაშინ მოწაფეებს აღარ მიმართავდნენ. ამიტომ, განკურნების საშუალება მათაც რომ ჰქონოდათ, თვითონ წავიდა.
2-3. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? - იმიტომ კი არ ეკითხება იოვანე, რომ ქრისტეს ვერ ცნობს, რადგან როგორ შეიძლება ვერ ეცნო ის, ვის შესახებაც დაამოწმა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ (ინ. 1,29). მაგრამ, რადგანაც მის მოწაფეებს ქრისტესი შურდათ, მასთან წარგზავნა, რათა სასწაულები ეხილათ და ერწმუნზთ, რომ ქრისტე იოვანეზე დიდი იყო. ამიტომაც დაიჭირა თავი ისე, თითქოს ვერ ცნობდა და შეეკითხა: შენ ხარა მომავალი? ანუ ის, ვისაც წმინდა წერილის მიხედვით ელოდებიან, რომ ხორციელად მოვა? ზოგიერთი ამბობს, რომ გამოთქმით, რომელიც უნდა ვოვიდეს (ὁ ἐρχόμενον) იოვანე ჯოჯოხეთში ჩასვლაზე ეკითხება, თითქოს მან ამის შესახებ არ იცოდა და ეკითხებოდა: შენ ხარ ის, ვინც ჯოჯოხეთში უნდა ჩავიდეს თუ სხვას უნდა ველოდოთ? მაგრამ ეს უაზრობაა, რადგან როგორ შეიძლებოდა იოვანეს, რომელიც წინასწარმეტყველთაგან უდიდესია, არ სცოდნოდა ქრისტეს ჯვარცმასა და ჯოჯოხეთში ჩასვლის შესახებ, მაშინ, როცა ტარიგი თვითონ უწოდა, რადგან ჩვენთვის უნდა დაკლულიყო? ამგვარად, იოვანემ იცოდა, რომ უფალი ჯოჯოხეთში სულით ჩავიდოდა, რათა, როგორც ამას გრიგოლ ღმრთისმეტყველი ამბობს, იქიდანაც ეხსნა ისინი, რომელნიც ირწმუნებდნენ, უფალი რომ მათ სიცოცხლეში განკაცებულიყო. ამგვარად, იმიტომ კი არ ეკითხება, რომ ვერ ცნობს, არამედ იმიტომ, რომ თავისი მოწაფენი ქრისტესადმი მტკიცე რწმენით აღავსოს მისივე სასწაულების ძალით. მაგრამ ნახე, რას ამბობს ქრისტე ამ კითხვის პასუხად:
4-6. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, და ყრუთა ესმის, და მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების. და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ. - არ უთქვამს: უთხარით იოვანეს, რომ მე ვარ ის, რომელიც უნდა მოვიდესო, არამედ იცოდა რა, რომ იოვანემ მოწაფენი მასთან სასწაულთა სახილველად წარგზავნა, უთხრა: უთხარით იოვანეს, რასაც ხედავთ, და მას მიზეზი მიეცემა, რომ თქვენს წინაშე ჩემს შესახებ უფრო მეტად დაამოწმოსო. გლახაკებში, რომელთაც ეხარებათ, ან სახარების მქადაგებელნი ანუ მოციქულები მოიაზრე, რადგანაც ისინი, ვითარცა მეთევზენი, ღატაკნი იყვნენ და აბუჩად აგდებულნი უბრალოებისა გამო, ან კიდევ მსმენელნი სახარებისა და მარადიულ ნეტარებათა შესახებ უწყებისა. აჩვენებს რა იოვანეს მოწაფეებს, რომ მისთვის დაფარული არაა, რასაც ისინი ფიქრობენ, ეუბნება: ნეტარია ის, რომელიც ჩემში არ შეცდებაო, რადგან მათ მის მიმართ დიდი ეჭვები ჰქონდათ.
7. და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა? - შესაძლოა, რომ ხალხი რომელმაც იოვანეს კითხვა მოისმინა, ცდუნდა: ხომ არ დაეჭვდა ქრისტეს მიმართ თვით იოვანეც და აზრი ადვილად ხომ არ შეიცვალა, თუმცაღა პირველად ქრისტეს შესახებ დაამოწმა? ამგვარი ეჭვი რომ გაექარწყლებინა, ქრისტე ამბობს: იოვანე არ არის ლერწამი ანუ მერყევი, რადგან, თუკი ასეთი იყო, როგორღა მიდიოდით მასთან უდაბნოში? თქვენ ხომ არა ლერწამთან, ანუ კაცთან, რომელიც ადვილად იცვლება, მიდიოდით, არამედ დიდსა და მტკიცე ადამიანთან, რომელიც იმადვე რჩება, როგორადაც თქვენ მას მიიჩნევდით.
8. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან. - რომ არ ჰქონოდათ სათქმელად, ფეფუნებას დაემონა და ბოლოს გასათუთდაო, ეუბნება, რომ- არა! რადგან ბეწვიანი სამოსი აჩვენებს, რომ იგი მტერია ფუფუნებისა. მას რომ რბილი სამოსის ტარება და ფუფუნებით ცხოვრება მოენდომებინა, სამეფო დარბაზებში იქნებოდა და არა საპყრობილეში. ისწავლე, რომ ჭეშმარიტმა ქრისტიანმა რბილი სამოსი არ უნდა ატაროს.
9. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა. - იოვანე წინასწარმეტყველზე მეტი იყო, რადგან სხვა წინასწარმეტყველები ქრისტეს შესახებ მხოლოდ წინასწარმეტყველებდნენ, ამან კი თავად იხილა იგი, რასაც მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, სხვები ჯერ იშვნენ და შემდეგ იწინასწარმეტყველეს, ამან კი ქრისტე დედის წიაღშივე მყოფმა იცნო და "ჰკრთებოდა".
10. რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა. - ანგელოზი უწოდა, რადგან ანგელოზურსა და თითქმის უსხეულო ცხოვრებას ეწეოდა და იმის გამოც, რომ ქრისტეს შესახებ აუწყებდა და ქადაგებდა. მან განუმზადა გზა ქრისტეს, ამოწმებდა რა მის შესახებ და ნათელს სცემდა რა მონანულებს, რადგან სინანულს ცოდვათა მიტევება მოჰყვება, რომელ მიტევებასაც ქრისტე იძლევა. პირფერობად რომ არ მოჩვენებოდათ, ქრისტე იოვანეს შესახებ მხოლოდ მისი მოწაფეების წასვლის შემდეგ ამბობს, ნათქვამი წინასწარმეტყველება კი მალაქიას ეკუთვნის.
11. ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა. - დარწმუნებით აცხადებს, რომ არავინ არის ისეთი, ვინც იოვანეზე დიდი იქნებოდა. ხოლო როცა ამბობს - დედათა ნაშობთაგანო, თავის თავს გამორიცხავს, რადგან თვითონ ქრისტე არა ქალისგან, ანუ ქორწინებაში მყოფისაგან, არამედ ქალწულისაგან იშვა.
ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს. - რადგანაც იოვანეს შესახებ მრავალი ქება თქვა, რომ არ ეფიქრათ, იგი მასზე დიდიც არისო, აქ უფრო გარკვეულად ამბობს; მართალია მასთან შედარებით მე ასაკითაც და თქვენი აზრითაც უფრო პატარა ვარ, მაგრამ ცათა სასუფეველში, ანუ სულიერთა და ზეციურთა სიკეთეთა მიმართებით, მასზე დიდი ვარ. აქ შედარებით მცირე ვარ, რადგან იგი უწინარეს ჩემსა დაიბადა და თქვენს მიერაც დიდადაა მიჩნეული, მაგრამ იქ მასზე დიდი მე ვარ.
12. რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი. - ისე ჩანს, თითქოს ეს ნათქვამი კავშირში არაა იმასთან, რაც ადრე ითქვა, მაგრამ არა! მიაქციე ყურადღება! როცა ქრისტემ თქვა, რომ იოვანეზე დიდი იყო, ისინი მისი რწმენისათვის აღძრა, აჩვენა რა, რომ ცათა სასუფეველს, ანუ მის რწმენას მრავალნი მიიტაცებენ. მაგრამ ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს: მამისა და დედის დატოვებასა და საკუთარი თავის უარყოფას ხომ მართლაც დიდი ძალა სჭირდება!
13. რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინაწარმეტყუელებდეს. - აქაც იგივე თანმიმდევრობაა, რაც ზემოთ; უფალი ამბობს: მე ვარ ის, რომელიც უნდა მოსულიყო, რადგანაც ყველა წინასწარმეტყველება აღსრულდა, მაგრამ არ აღსრულდებოდა, მე რომ არ მოვსულიყავი. ამიტომაც ამას იქით, ნუღარაფერს ელით.
14. და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს. - ეუბნება: თუ შეწყნარება გსურთო, ანუ უკეთუ კეთილგონივრულად განსჯით და არა შურით, ის არის, ვისაც წინასწარმეტყველმა მალაქიამ მომავალი ელია უწოდა. რადგან წინამორბედსაც და ელიასაც ერთი და იგივე მსახურება ჰქონდათ. ერთი წინამორბედი იყო პირველად მოსვლისა, ხოლო ელია მომავალი (მეორედ) მოსვლის წინამორბედი იქნება. შემდეგ, აჩვენებს: იოვანე რომ ელიაა, ეს იგავია, რომლის ჩაწვდომასაც გააზრება სჭირდება და ამბობს:
15. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ. - ამგვარად აღძრავს მათ, რომ ჰკითხონ და მისგან გაიგონ.
16-17. აწ ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით, გიგოდებდით, და არა იტყებდით. - აქ იუდეველთა თვითრჯულობაზეა მინიშნებული. იმის გამო, რომ თვითრჯულნი იყვნენ, არც იოვანეს სიმკაცრე მოსწონდათ და არც უბრალოება ქრისტესი, არამედ თავნება ყრმებს ჰგავდნენ, რომელთაც ადვილად ვერ აამებ; გინდა იტიროს ვინმემ მათთვის, გინდა სალამურზე დაუკრას, სულერთია, მაინც არ მოეწონებათ.
18-19. რამეთუ მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს. მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნის-მსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. - გოდებას იოვანეს ცხოვრებას ადარებს, რადგან იოვანემ სიტყვითაც და საქმითაც დიდი სიმკაცრე წარმოაჩინა, ხოლო ქრისტეს ცხოვრებას - სალამურს. უფალი ხომ ყველას მიმართ ალერსიანი იყო, რათა ყველა შეეძინა და ახარებდა რა სასუფევლის შესახებ, ოდნავადაც კი არ ჰქონდა ის სიმკაცრე, რაც - იოვანეს.
და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა. - უფალი ამბობს: რაკიღა თქვენ არც იოვანესა და არც ჩემი ცხოვრება არ მოგწონთ და ხსნის ყოველგვარ გზას უარყოფთ, მე - სიბრძნე - მართალი წარმოვჩნდები. თქვენ უკვე გამართლება აღარ გექნებათ, და, რაღა თქმა უნდა, დაისჯებით, რადგან მე ყოველივე აღვასრულე, ხოლო თქვენ კი თქვენი ურწმუნოებით ამტკიცებთ, რომ მე მართალი ვარ, რაკიღა უყურადღებოდ არაფერი დამიტოვებია.
20. მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს. - მას შემდეგ, რაც აჩვენა, რომ ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა, გააკეთა, მათ კი მაინც არ მოინანიეს, უფალი იუდეველებს საყვედურობს.
21. ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა. - რათა შენ გაიაზრო, რომ ვინც არ ირწმუნა, ბუნებით კი არ იყო ბოროტი, არამედ საკუთარი ნებით და ბეთსაიდას შეგახსენებს, საიდანაც ანდრეა, პეტრე, ფილიპე და ზებედეს ძენი იყვნენ. ამგვარად, ბოროტება არა ბუნებიდან, არამედ თავისუფალი არჩევანიდან მომდინარეობდა. ბუნებისაგან რომ წარმომდგარიყო, მაშინ ისინიც ბოროტები იქნებოდნენ.
21-22. რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი მისნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ. - უფალი ამბობს, რომ იუდეველნი ტვიროსელებსა და სიდონელებზე უარესნი არიან, რადგან ტვიროსელებმა მხოლოდ ბუნებითი სჯული დაარღვიეს, ხოლო იუდეველებმა - მოსეს სჯულიც, ამასთან, მათ სასწაულები არ უხილავთ, ხოლო ამათ იხილეს და მაინც მკრეხელობდნენ. ძაძა სიმბოლოა სინანულისა, ხოლო ნაცარსა და მტვერს თავზე მგლოვარენი იყრიან, როგორც ამას ჩვენც ვხედავთ.
23-24. ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს შენ შორის, ჰგიანამცა დღენდელად დღედმდე. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ. - კაპერნაუმი იმის გამო, რომ იესოს ქალაქი იყო, ამაღლდა, სახელი გაითქვა, როგორც მისმა სამშობლომ, მაგრამ აქედან არავითარი სარგებელი არ მიუღია, რადგან არ ირწმუნა, პირიქით, ჯოჯოხეთში ჩავარდნა კიდევ უფრო მეტად მიესაჯა, რადგან ასეთი მკვიდრი ჰყავდა და მისგან ვერავითარი სარგებელი ვერ მიიღო. რამდენადაც კაპერნაუმი ითარგმნება როგორც "ნუგეშის ადგილი", ყურადღება მიაქციე იმას, რომ უკეთუ ვინმე ღირსი შეიქნება ნუგეშისმცემლის ანუ სულიწმიდის სამკვიდრებელი გახდეს, შედეგად გაამაყდება და თავს ცამდე აიმაღლებს, ბოლოს ამ სიამაყის გამო ჩამოვარდება. ამგვარად, ძრწოდე, კაცო!.
25. მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. - რასაც უფალი ამბობს, შეიძლება ასე გადმოიცეს. აღგიარებ (იგივეა, რაც "გმადლობ") შენ, მამაო, რომ იუდეველებმა კი არ ირწმუნეს, რომელნიც თავს ვითარცა ბრძენნი და წმინდა წერილის მცოდნენი, ისე აჩვენებდნენ, არამედ - უსწავლელთა და ყრმათა და შეიცნეს საიდუმლოებანი. ღმერთმა მათგან, რომელნიც თავს ბრძნად წარმოადგენდნენ, საიდუმლოებანი დაფარა, არა იმის გამო რომ შურდა, ან მათი უსწავლელობის მიზეზი იყო, არამედ იმიტომ, რომ უღირსნი იყვნენ, რადგან თავი ბრძნად მიაჩნდათ. ვისაც თავი ბრძნად წარმოუდგენია და იმედს თავის საკუთარ გონებაზე ამყარებს, ის ღმერთს არ მოუხმობს; ხოლო ღმერთი, მას ვინც არ მოუხმობს, არც შეეწევა და არც თავს უცხადებს. მეორე მხრივ, ღმერთი მრავალთ საიდუმლოებებს სწორედ თავისი კაცთმოყვარეობის გამო არ უცხადებს, რათა უფრო მეტად არ დაისაჯონ იმის გამო, რომ საიდუმლოებანი აბუჩად მას შემდეგ აიგდეს, რაც შეიცნეს.
26. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე. - აქ იგი წარმოაჩენს კაცთმოყვარებას მამისა, რადგან მან საიდუმლონი ყრმებს სხვისი ვედრებით კი არ გამოუცხადა. არამედ იმიტომ, რომ დასაბამიდან ასე სურდა, რადგან სათნო-იყო აქ სურვილსა და ნებას ნიშნავს.
27. ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ. - ზემოთ უფალმა მამას მიმართა: შენ გამოუცხადე, მამაო. ამიტომ, ეჭვი რომ არ აღგეძრას იმისა, რომ თვითონ არაფერს აკეთებს და ყველაფერი მამას ეკუთვნის, ამბობს: ყოველივე მომეცა მე და მე და მას ერთი ძალაუფლება გვაქვს. როცა გესმის "მომეცა" - ნუ იფიქრებ, რომ ვითარცა მონას ან ვითარცა გლახაკს მიეცა, არამედ ვითარცა - ძეს. რადგან მიეცა იმიტომ, რომ მამისაგან იშვა. მისგან რომ არ შობილიყო და იგივე არსი რომ არ ჰქონოდა, რაც მამას, არ მიეცემოდა. ნახე, რას ამბობს: ყოველივე მომეცა მე არა მეუფისაგან, არამედ მამისა ჩემისაგან. მსგავსად იმისა, როგორც მაგალითად, ლამაზი მამისაგან ნაშობი ყრმა იტყვის, რომ სილამაზე მე მამისა ჩემისაგან მომეცაო.
და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების- უფრო მეტსაც ამბობს: არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ყოველივეს მეუფე ვარ, რადგან სხვას, კიდევ უფრო დიდ რამეს ვფლობ - ვიცი მამა და ამასთან, იმგვარად ვიცი, რომ შემიძლია ეს ცოდნა სხვებსაც განვუცხადო. მიაქციე ყურადღება! ზემოთ თქვა, რომ მამამ საიდუმლონი ყრმებს განუცხადა, აქ კი - რომ ძე მამას განაცხადებს. ხედავ, რომ ერთია ძალა მამისა და ძისა, რამდენადაც მამაც განაცხადებს და ძეც.
28. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. - ყველას მოუწოდებს: არა მხოლოდ იუდეველებს, არამედ წარმართებსაც. "მაშვრალში" იუდეველები იგულისხმე, რადგანაც სჯულის მძიმე კანონებს ისინი ემორჩილებიან და მის მცნებათა აღსასრულებლად ჯაფას ეწევიან; ხოლო ტვირთმძიმეებში - წარმართები, რომელთაც ტვირთად მძიმე ცოდვები აწევთ. ყველა ამათ განსვენებას ქრისტე მისცემს; როგორ დიდ ჯაფას მოითხოვს რწმენა, აღმსარებლობა და ნათლისღება, მაგრამ რა სიმშვიდეს ჰპოვებ, როცა აქ იმ ცოდვებისათვის აღარ იზრუნებ, რომელიც ნათლისღებამდე ჩაიდინე, ხოლო იქ განსვენება მოგიცავს.
29-30. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს. - ქრისტე უღელი, სიმდაბლე და სიმშვიდეა. ამიტომ ვინც წინაშე ყოველი კაცისა სიმდაბლეს იჩენს, განსვენება და უშფოთველი ყოფა ექნება, მაშინ, როცა პატივმოყვარე და ქედმაღალი მუდმივად შფოთავს, არ სურს ვინმეზე პატარა იყოს, არამედ ცდილობს რაც შეიძლება მეტად განდიდდეს და მტრებზეც გამარჯვება მოიპოვოს. ამგვარად, უღელი ქრისტესი, სიმდაბლეს ვგულისხმობ, მსუბუქია, რადგანაც ჩვენს მდაბალ ბუნებას ქედმაღლობაზე მეტად სიმდაბლე შეეფერება. მაგრამ ყოველი მცნება ქრისტესი უღლად იწოდება, რადგან ისინი თუმცა ახლა მძიმენი ჩანან, მომავალ საზღაურთან შედარებით უფრო მსუბუქნი არიან.