1-2. მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა იგი ზღჳს-კიდესა. და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა დგა. - უფალი ნავში ჩაჯდა, რათა მსმენელები პირისპირ მდგარიყვნენ და ყველას მოესმინა მისი. იგი ზღვიდანაც მეთევზურობს და იჭერს მათ, ვინც მიწაზე იმყოფება.
3. და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: - უბრალო ხალხს მთაზე იგავთა გარეშე ეუბნებოდა, აქ კი, სადაც მზაკვარი ფარისეველნიც იყვნენ, იგავებით ეუბნება, რათა თუ ვერ გაიგებდნენ, კითხვები მაინც მიეცათ და ესწავლათ. მეორე მხრივ, რამდენადაც ისინი უღირსნიც იყვნენ, სწავლებას შეუფარავად ვერ შესთავაზებდა, რადგანაც არ არის ხომ საჭირო მარგალიტების დაყრა წინამე ღორთა. პირველად ისეთ იგავს ამბობს, რომელიც მსმენელს უფრო ყურადღებიანს ხდის.
ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად. - მთესველს თავის თავს უწოდებს, ხოლო თესლს - სიტყვას. გამოვიდა იგი არა რაღაც გარკვეული ადგილიდან, რადგანაც ყველგან იმყოფება, არამედ იმიტომაც ამბობს, გამოვიდაო, რომ ხორციელად უფრო მოგვიახლოვდა, და გამოვიდა, რა თქმა უნდა, მამის წიაღიდან. გამოვიდა ჩვენთან, რადგან ჩვენ მასთან მისვლა არ შეგვეძლო. და რის გასაკეთებლად გამოვიდა? ეკალთა სიმრავლის გამო გადასაწვავად მიწისა, თუ დასასჯელად? არა, არამედ, რათა დაეთესა. თესლს თავისას უწოდებს, რადგან წინასწარმეტყველნიც თესდნენ, მაგრამ არა თავის თესლს, არამედ ღმრთისას. იგი კი ღმერთი იყო და საკუთარ თესლს თესდა, რამეთუ ღმრთეებრივი მადლით კი არ იყო განბრძნობილი, არამედ თავად იყო სიბრძნე ღმრთისა.
4-6. და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი. და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად; და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ, მზე რაჲ აღმოჰჴდა, დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა. - გზაში უზრუნველი და ზანტი ადამიანები იგულისხმება, რომელნიც სიტყვას საერთოდ არ იწყნარებენ, რადგანაც გონება მათი გატკეპნილი და გამომშრალი გზაა, რომელიც არასოდეს მოხნულა. ამიტომაც სიტყვებს ფრინველნი ზეცისანი, ანუ ჰაერის სულები, ე. ი. დემონები სტაცებენ. ხოლო კლდოვანში ისინი იგულისხმებიან, რომელნიც სიტყვას კი ისმენენ, მაგრამ, თავიანთი სისუსტის გამო, ვერ უმკლავდებიან რა ცდუნებასა და მწუხარებას, საკუთარ გადარჩენის საქმეს ღალატობენ. ამომავალ მზეში ცდუნებანი მოიაზრე, რადგანაც ადამიანებს ცდუნებანი წარმოაჩენენ და მსგავსად მზისა, დაფარულს ცხადყოფენ.
7. და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. - ესენი ისინი არიან, რომელნიც სიტყვას საზრუნავებით აშთობენ, რადგან მდიდარი თითქოსდა კეთილ საქმეს აკეთებს, მაგრამ საქმე იგი არც იზრდება და არც წარემატება საზრუნავთა გამო, რომელნიც ხელს უშლიან.
8. და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა, რომელიმე სამეოცსა, რომელიმე ოც და ათსა. - ნათესის სამი ნაწილი წარწყმდა და მხოლოდ მეოთხე გადარჩა, რადგან, საერთოდაც, მცირედნი არიან ხომ ისინი, რომელნიც გადარჩებიან. კეთილ მიწაზე ბოლოს ამბობს, რათა ჩვენ სასოება მონანიებისა მოგვცეს, რადგან კიდევაც რომ ვინმე კლდოვანი მიწა, გზასა ზედა მყოფი, ან ეკალთა გამომღები იყოს, შეუძლია კეთილი ქვეყანა (ნაყოფიერი მიწა) გახდეს. მაგრამ ყველა, ვინც სიტყვას შეიწყნარებს, ნაყოფს ერთნაირად როდი გამოიღებს, არამედ ზოგი ასს, ალბათ, ის, ვინც სრულიად უანგაროა და თავდადებით იღვწის, მეორე - სამეოცს, შესაძლოა ეს მონასტერში მცხოვრები მონაზონი იყოს, რომელიც პრაქტიკულადაც იღვწის, სხვა კი - ოცდაათს, ის, ვინც პატიოსანი ქორწინება აირჩია და გულმოდგინედ, რამდენადაც ხელეწიფება, სათნოებებით წარემატება. ყურადღება მიაქციე, რომ სიკეთისაგან ღმრთისა ყველა, ვინც კი დიდს, საშუალოსა თუ მცირე საქმეს აღასრულებს, შეწყნარებულია.
9. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! - უფალი აჩვენებს, რომ ყველამ, ვინც სულიერი სასმენელნი შეიძინა, ეს სულიერად უნდა მოიაზროს; რადგან ყურები ბევრს აქვს, მაგრამ არა იმისთვის, რომ მოისმინოს. ამიტომაც დასძენს: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ.
10-12. და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მო-ვე-ეღოს მას. - ხედავდნენ რა, რომ იესოს ნათქვამში ბევრი რამ გაუგებარი იყო, მოწაფენი, როგორც ხალხზე საერთო მზრუნველნი, მასთან მივიდნენ და ჰკითხეს; ხოლო მან უთხრა: თქვენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ, ანუ რადგანაც თქვენ სურვილი და მისწრაფება გაქვთ, ამიტომაც მოგეცათ; ხოლო მათ, რომელთაც მისწრაფება არა აქვთ, არ მიეცემა, რამეთუ იღებს ის, ვინც ეძებს. უფალი ამბობს: ეძიებდით და მოგეცემათო თქვენ. დაუკვირდით, რომ იგავი, რომელიც აქ უფალმა თქვა, რადგანაც ეძიებდნენ, მხოლოდ მოწაფეებმა მიიღეს. ამიტომ კარგად ვამბობთ, რომ ცოდნა მიეცემა მას, ვისაც გულმოდგინება აქვს და გაუმრავლდება კიდეც. ხოლო ვისაც არც გულმოდგინება აქვს და არც შესაფერისი აზროვნება, ისიც წაერთმევა, რაც ეგონა, რომ ჰქონდა, ანუ უკეთუ ვინმეში სიკეთის მცირე ნაპერწკალი ბჟუტავს, ისიც ჩაუქრება, თუკი მას სულით არ გააღვივებს და სულიერი საქმეებით არ დააგზნებს.
13. ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ, ესმის და არა ესმის, არცა გულისჴმა-ყვიან. - ყურადღება მიაქციე, რადგან აქ იმათ მიერ დაყენებული საკითხია გადაჭრილი, რომელნიც ამბობენ, რომ ადამიანები ბოროტნი ბუნებით და ღმრთისაგან არიან. რადგანაც, ამბობენ ისინი, ქრისტემ ხომ თვითონვე თქვა, რომ თქვენ მოგეცათ ცოდნა დაფარულთა, იუდეველებს კი - არა. ხოლო ჩვენ მათ, ვინც ამას ამბობს, ღმერთთან ერთად ვეუბნებით, ღმერთი ყველას აძლევს შესაძლებლობას, ბუნებით მოიაზროს ის, რაც საჭიროა, რადგანაც განანათლებს ყველას, ვინც ამ სოფლად მოდის (შდრ. ინ. 1.9), მაგრამ ჩვენ ჩვენივე ნებით ვბნელდებით. ეს ამ ადგილიდანაც ნათელია, რადგანაც ამბობს: ბუნებრივად მხედველნი, ანუ ღმრთისაგან შექმნილნი იმისათვის, რომ მოიაზრონ, ვერ ხედავენ საკუთარი ნებით და ასევე მსმენელნიც, ანუ ღმრთისაგან ბუნებით მოსმენისა და გულისხმისყოფისათვის შექმნილნი, საკუთარი ნებითვე ვერ ისმენენ და ვერ გულისხმაყოფენ. მითხარ: ვერ ხედავდნენ ქრისტეს სასწაულებს? დიახ, მაგრამ საკუთარი თავი თვითონვე დაიბრმავეს და, პირიქით, ბრალს სდებდნენ. ამგვარად ამას ნიშნავს სიტყვები: ხედვენ და არა ხედვენ. ამიტომაც უფალს, ვითარცა მოწმე, წინასწარმეტყველი მოჰყავს.
14-15. და აღესრულების მათ ზედა წინაწარმეტყუელებაჲ იგი ესაიაჲსი: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ. რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურთა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ, და მე განვკურნე იგინი - ხედავ, რას ამბობს წინასწარმეტყველი? იმიტომ კი ვერ გულისხა-ჰყოფთ, რომ გული თქვენი სქელი მე შევქმენი, არამედ იმიტომ, რომ იგი, რომელიც ადრე, რა თქმა უნდა, ფაქიზი იყო, გასქელდა, რადგან სქელდება ის, რაც ადრე ფაქიზი იყო. ხოლო როცა გულები თავიანთი ნებით გასქელდნენ, თვალებიც მოხუჭეს. მათ ეს იმიტომ გააკეთეს, - ამბობს, - რომ არ მოქცეულიყვნენ და მე არ განმეკურნა ისინი. ასე რომ, განუკურნებელად და მოუქცეველად დარჩენას საკუთარი ნებითვე შეეცადნენ.
16-17. ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა. - ნეტარნი არიან მოციქულთა ხორციელი თვალები და ყურები, მაგრამ კიდევ უფრო ღირსნი ნეტარებისა მათი სულიერი თვალები და ყურებია, რადგანაც ქრისტე შეიცნეს. უფალი მათ წინასწარმეტყველებზე მაღლა აყენებს, რადგან ქრისტე ხორციელი თვალებითაც იხილეს, მაშინ, როცა ისინი მას მხოლოდ სულიერი თვალებით ჭვრეტდნენ, და კიდევ იმიტომაც, რომ არც იმდენი დაფარულის გაგების და არც ისეთი ცოდნის ღირსნი გამხდარან, რამდენიც ამათ შეიტყვეს და შეიმეცნეს. ამგვარად, მოციქულები წინასწარმეტყველებს ორი რამით აღემატებიან: იმით, რომ მაცხოვარი ხორციელადაც იხილეს და იმით, რომ ღმრთეებრივ საიდუმლოებს სულიერად უფრო მეტად ეზიარნენ. უფალი მოწაფეებს იგავს განუმარტავს და ეუბნება:
18-19. ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ. ყოველსა რომელსა ესმეს სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და არა გულისჴმა-ყოს, მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის დათესული იგი გულისაგან მისისა: ესე არს, რომელი-იგი გზასა ზედა დაეთესა. - უფალი შეგვაგონებს, გულისხმავყოთ, რასაც მოძღვარნი გვეუბნებიან, რათა არ დავემსგავსოთ იმათ, რომელნიც გზასთან არიან. ხოლო რამდენადაც გზა ქრისტეა, ისინი, რომელნიც გზის მახლობლად იმყოფებიან, ქრისტეს გარეშე არიან, რადგან არა გზაზე, არამედ გზის გარეთ დგანან.
20-21. ხოლო რომელი-იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის და მეყსეულად სიხარულით მიიღის იგი. ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თჳსსა, არამედ საწუთო არნ. და რაჟამს არნ ჭირი ანუ დევნაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდის იგი. - ჭირი იმიტომ ახსენა, რომ მრავალნი, რომელნიც მშობელთა ან სხვა რამ უბედურების მიზეზით მწუხარებენ, მსწრაფლ ღმრთის გმობას იწყებენ. დევნაზე კი უფალმა, იმათ გამო თქვა, რომელნიც ამა ქვეყნის ძლიერთა მსხვერპლნი ხდებიან.
22. ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის, და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის. - ის კი არ უთქვამს, წუთისოფელმა მოაშთოო, არამედ წუთისოფლის საზრუნავებმაო, არა სიმდიდრემ, არამედ სიმდიდრის საცდურმაო, რადგან უკეთუ სიმდიდრე გლახაკებსაც უნაწილდება, სიტყვას არა თუ აშთობს, პირიქით, ამრავლებს. ხოლო ეკლებში ზრუნვანი და ფუფუნებანი იგულისხმება, რადგან ისინი გულისთქმისა და ამდენად გეჰენიის ცეცხლს აღაგზნებენ. ისევე როგორც ძნელად ამოიღება წვეტიანი ეკალი, რომელიც სხეულს შეესობა, ასევე ძნელად აღმოიფხვრება სიყვარულიც ფუფუნებისა, უკეთუ იგი სულს შეიპყრობს და მას გამსჭვალავს.
23. ხოლო რომელი-იგი ქუეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმისა და გულისჴმა-ყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და ყო რომელმანმე ასე, რომელმანმე სამეოცი და რომელმანმე ოც და ათი. - განსხვავებულია სათნოების სახეები და განხსვავებულნი არიან ისინიც, რომელნიც მასში წარემატებიან. ნახე, როგორი რიგია იგავში: უწინარესად ჩვენ სიტყვის მოსმენა და გულისხმისყოფა გვმართებს, რათა არ დავემსგავსოთ მათ, რომელნიც გზის გარეთ არიან. შემდეგ, მოსმენილი მტკიცედ უნდა დავიცვათ, ხოლო შემდეგ, არც ანგარების მოყვარენი უნდა ვიყოთ, რადგან რა სარგებლობა მექნება, უკეთუ მოვისმენ და დავიცავ, მაგრამ ანგარების მოყვარეობით მოვაშთობ?
24-30. სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა. და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა. და ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი. მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კეთილი დასთესეა აგარაკსა შენსა? ვინაჲ აღმოსცენდა ღუარძლი? ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავსა, რაჲთა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი? ხოლო მან ჰრქუა მათ: არა, ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ იფქლიცა. აცადეთ იგი თანა-აღორძინებად ურთიერთას, ვიდრე ჟამადმდე მკისა, და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რაჲთა დაიწუას იგი, ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა. - პირველ იგავში უფალმა თქვა, რომ კეთილ ნიადაგზე თესლის მეოთხედი ნაწილი დავარდა, აქ კი გვაჩვენებს, რომ მტერმა ჩვენი ძილისა და უზრუნველობისა გამო, წაუხდენელი არც ეს კეთილ ნიადაგზე დავარდნილი თესლი დატოვა. მინდორი - ეს სამყაროა, ან კიდევ სული ყოველი კაცისა, მთესველი - ქრისტე, თესლი კეთილი - კეთილი ადამიანები, ან კეთილი ზრახვანი, ღვარძლი - ერესები, ან ბოროტი ზრახვანი, ხოლო მათი დამთესველი - ეშმაკი. კაცნი მძინარენი ისინი არიან, რომელნიც უზრუნველობისა გამო ადგილს ერეტიკოსებს ან ბოროტ ზრახვებს უთმობენ. ხოლო მონანი - ანგელოზები, რომელთაც არსებობა ერესებისა, ან სულში ბიწიერებისა აღაშფოთებთ და ერეტიკოსთა და ბოროტმზრახველთა ცხოვრებიდან ამოწვა და ამოკვეთა სურთ. ღმერთი ნებას არ იძლევა ერეტიკოსების ომებით განადგურებისა, რათა მათთან ერთად ტანჯვა მართალთაც არ განიცადონ და ისინიც არ განადგურდნენ. ღმერთს, ბოროტ ზრახვათა გამო, არც ადამიანის მოკვდინება სურს, რათა მასთან ერთად ხორბალიც არ განადგურდეს. ასე, მაგალითად, მათე, რომელიც თავდაპირველად ღვარძლი იყო, ცხოვრებიდან რომ მოკვეთილიყო, მასთან ერთად შემდეგში მისგან აღმოცენებული ხორბალიც პურისა მოიკვეთებოდა. ასევე პავლეცა და ავაზაკიც, იყვნენ რა ღვარძლნი, მოკვეთილ კი არ იქმნენ, არამედ მიეცათ ნება სიცოცხლისა, რათა შემდეგში მათი სათნოება აღმოცენებულიყო. ამიტომაც ეუბნება უფალი ანგელოზებს, რომ ღვარძლი ანუ მწვალებლები მაშინ შეკრიბონ, როცა სამყაროს აღსასრულის ჟამი დაუდგება. მაგრამ როგორ? ძნეულებად (კონებად) ანუ შეკვრით მათთვის ხელებისა და ფეხებისა, რადგან მაშინ უკვე ვეღარცერთი შეძლებს იმოქმედოს, იმის გამო, რომ სამოქმედო ძალა შეკრული ექნება. ხორბალი ანუ წმინდანები მომკელი ანგელოზებისაგან ზეციურ ბეღელსა შინა შეიკრიბება, უკეთური ზრახვანი კი, რომელნიც პავლეს მაშინ ჰქონდა, როცა მდევნელი იყო, ქრისტეს ცეცხლში დაიწვა, როცა დედამიწაზე მის გასაღვივებლად მოვიდა, ხოლო ხორბალი, ანუ კეთილი ზრახვანი ეკლესიის საუნჯესა შინა იქნა შეკრებილი.
31-32. სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა თჳსსა მტილსა, რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და იქმნის იგი ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა. - მარცვალი მდოგვისა ქადაგება და მოციქულები არიან, რადგან თითქოსდა ისინი ცოტანი იყვნენ, მაგრამ მთელი სამყარო ისე მოიცვეს, რომ, ფრინველნი ზეცისანი ანუ ისინი, რომელთაც მსუბუქი და ფრთაშესხმული გონება აქვთ, მათზე ისვენებენ. ამრიგად, მდოგვის მარცვალიც რომ იყო, შესახედავად მცირე (რამეთუ სათნოების სახილველად გამოფენა საჭირო არაა), მაგრამ თბილი, მოშურნე, გონებამახვილი და მამხილებელი, მაინც მეტი იქნები მხალეულზე, ანუ სუსტებსა და არასრულყოფილებაზე, შენ თვითონ სრული, ასე რომ, რადგანაც ანგელოზური ცხოვრებით ცხოვრობ, ფრინველნი ზეცისანი, ანუ ანგელოზები შენზე დაისვენებენ. ისინი ხომ მართალთა ზედა ხარობენ.
33. მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდის აღაფუვნა იგი ყოვლად. - საფუარშიც, ისევე როგორც მდოგვის მარცვალში, უფალი მოციქულებს გულისხმობს. ვითარცა საფუარი, თუმცა მცირეა, მაგრამ მთელ ცომს ცვლის, ასევე შეცვლით თქვენც, თუმცაღა ცოტანი ხართო, - ეუბნება, - მთელ სამყაროს. სატონი იუდეველთა საწყაო იყო, როგორც ჩვენთან ხინიკსები და დეკალიტრები. ზოგიერთები საფუარში ქადაგებას მოიაზრებენ, ხოლო სამ სატონში (საწყაულში) სულის სამ ძალას: აზროვნებას, მგრძნობელობასა და ნებელობას, დედაკაცში კი - სულს, რომელიც ქადაგებას მთელი თავისი ძალით ფარავდა, ხოლო შეერთო რა მას, აფუვდა და მის მიერ სრულიად განიწმინდა. ჩვენც მთლიანად უნდა ავფუვდეთ და ღმრთეებრივად გარდავიქმნეთ, რადგანაც უფალი ამბობს: ვიდრემდე აღაფუვნა იგი ყოვლად-ო.
34-35. ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისა მიერ თქუმული: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისაჲთ (ფს. 77.2). - აქ მოყვანილია წინასწარმეტყველება, რომელიც წინასწარ გვამცნობდა თუ როგორ გვასწავლიდა იესო, სახელდობრ, იგავებით, რათა შენ არ გეფიქრა, რომ მან რაღაც ახალი საშუალება იპოვა სწავლებისა. სიტყვაც რაჲთა ისე გაიგე, როგორც შედეგი საქმისა და არა როგორც აღმნიშვნელი მიზეზისა, რადგან ქრისტე ამგვარად იმიტომ კი არ ასწავლიდა, რომ წინასწარმეტყველება აღსრულებულიყო, არამედ, პირიქით, რაკიღა იგავებით ასწავლიდა, საქმით გამოჩნდა, რომ წინასწარმეტყველება აღსრულდა მასზე.
თჳიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ - მხოლოდ მაშინ, თორემ ყოველთვის იგავებით როდი საუბრობდა. უფალი იტყოდა მას, რაც დასაბამიდან სამყაროსა დაფარული იყო, რადგან ზეციური საიდუმლოებანი თვითონ განგვიცხადა.
36. მაშინ დაუტევა იესუ ერი იგი და მოვიდა სახლსა. - ხალხი მაშინ გაუშვა, როცა ნახა, რომ სწავლებისაგან სარგებლობას ეეღარ იღებდა. იგავებით ხომ იმიტომ ამბობდა, რომ კითხვები მიეცათ, მათ კი არც ამისთვის იზრუნეს და არც იმას შეეცადნენ, რამე გაეგოთ, ამიტომაც სამართლიანად გაუშვა ისინი.
და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ და აგარაკისაჲ. - მხოლოდ ამ იგავის შესახებ ეკითხებიან, რადგან სხვები მათ უფრო გასაგებად მიიჩნიეს. ღვარძლი ყველა ის სარეველაა, რომელნიც ხორბლის ყანაში ამოდიან: ჭიოტა, ცერცველა, გუდაფშუტა და სხვა.
37-42. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს; ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი. ხოლო მტერი იგი, რომელმან დათესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ. და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი. ვითარცა იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ. რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნენ სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უსჯულოებისანი და შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. - ის, რაც აქ უნდა თქმულიყო, ზემოთ ითქვა, რადგან უკვე ვთქვით, რომ აქ საუბარია ერესებზე, რომელთაც ნება არსებობისა ვიდრე აღსასრულამდე ამა სოფლისა ეძლევათ. ჩვენ რომ ერეტიკოსები დავხოცოთ და გავანადგუროთ, მღელვარებანი და ბრძოლები ატყდება და შესაძლოა ამ მღელვარების დროს მორწმუნეთაგან მრავალი დაიღუპოს. პავლეცა და ავაზაკიც, ვიდრე ირწმუნებდნენ, ღვარძლნი იყვნენ, მაგრამ მაშინ ისინი არ მოუკვეთიათ იმ ხორბლისა გამო, რომელიც მათში მომავალში უნდა აღმოცენებულიყო. შემდგომში მათ ღმერთს ნაყოფი მართლაც მისცეს, ხოლო ღვარძლი სულიწმიდის ცეცხლითა და საკუთარი სულის მდუღარებით დაწვეს.
43. მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! - რადგანაც მზე ყველა ვარსკვლავზე უფრო ბრწყინვალედ გვეჩვენება, ამიტომაც უფალი მართალთა ბრწყინვალებას მზეს ადარებს: მაგრამ ისინი მზეზე მეტადაც კი განბრწყინდებიან. რამდენადაც ქრისტე სიმართლის მზეა, მართალნიც მსგავსად ქრისტესი გამობრწყინდებიან, რამეთუ იქნებიან ვითარცა ღმერთნი.
44. კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი. - ყანა სამყაროა, ხოლო საუნჯე - ქადაგება, ან შეცნობა ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად დაფარულია: არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას (I კორინ. 2.7) - ამბობს პავლე მოციქული. ვინც შემეცნებას ღმრთისას ეძიებს, იპოვის კიდევაც მას და ყოველივე რაც აქვს, იქნება ეს ელინთა მოძღვრებანი, უკეთური ზნე-ჩვეულებანი თუ სიმდიდრე, მსწრაფლ დატოვებს და ყანას, ანუ ამ სოფელს იყიდის, რადგანაც ეს სამყარო მისი საკუთრებაა, ვინც ქრისტეს შეიმეცნებს; არაფრის მქონე ყველაფერს შეიძენს, სტიქიებსაც დაიმონებს და მათზე ისევე იმბრძანებლებს, ვითარცა ქრისტე ან მოსე.
45-46. მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა. და პოის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალ-სასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი. - ზღვა ეს ცხოვრებაა, ვაჭარნი კი ისინი, რომელნიც მასზე მიმოდიან და რაღაც ცოდნის შეძენას ეძიებენ. ბევრი მარგალიტი აზრებია მრავალი ბრძენისა, მაგრამ მათგან ძვირფასი მხოლოდ ერთია, რადგან ერთია ჭეშმარიტება და იგი ქრისტეა. მარგალიტზე ჰყვებიან, რომ იგი ნიჟარაში, რომელიც ნაპრალს ხსნის, ელვის ჩავარდნის შედეგად იბადება, სახელდობრ, როცა ნიჟარა ნაპრალს კვლავ დახურავს, მასში ელვისა და ცვრისაგან მარგალიტი ჩაისახება; ამიტომაც არის იგი ასეთი თეთრი. მსგავსად ამისა, ქრისტეც ქალწულისგან ზევიდან ჩაისახა ელვისაგან - სულისაგან წმიდისა. ამგვარად, ვითარცა მხოლოდ მარგალიტის მფლობელმა, ვისაც იგი ხშირად ხელში უჭირავს, იცის, რა სიმდიდრეს ფლობს, სხვებმა კი ეს არ იციან, ასევე ქადაგებაც დაფარულია უჩინართა და უგუნურთათვის.
47-50. მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა ბადესა, რომელი დსვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის. და ოდეს აღივსოს, გამოიღიან იგი ზღჳს-კიდესა და დაასხიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიიან. ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ: რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშორენ უკეთურნი და შორის მართალთა და შესთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. - ეს იგავი გვაშინებს, რადგან გვაჩვენებს: კიდევაც რომ გვწამდეს, უკეთუ კეთილი ცხოვრებით არ ვიცხოვრებთ, ცეცხლში ჩავვარდებით. სათრომელი (სასროლი ბადე) მეთევზერ მოციქულთა სწავლებაა, რომელიც წინასწარმეტყველთა სასწაულებისა და დამოწმებათაგანაა მოქსოვილი, რადგან, რაც არ უნდა ესწავლებინათ მოციქულებს, ყოველივეს წინასწარმეტყველთა სასწაულებითა და სიტყვებით განამტკიცებდნენ. ამგვარად, ამ სათრომელმა ყველა ჯურის ადამიანები მოინადირა: ბარბაროსები, ელინები, იუდეველები, მეძავნი, მეზვერენი, ავაზაკები. რაჟამს იგი აღივსება, ანუ სამყაროს აღსასრული დაუდგება, ბადეში მყოფნი განიყოფიან. მორწმუნენიც რომ ვიყოთ, უკეთუ უკეთურნი აღმოვჩნდებით, გადაგვაგდებენ. ხოღო მათ, რომელნიც ასეთნი არ გამოდგებიან, ჭურჭელში მოათავსებენ, მარადიულ სავანეებს ეგულისხმობ. ყველა საქმე, კეთილი იქნება იგი თუ ბოროტი, სულის საზრდელად იწოდება, რადგან გონებით წარმოსადგენი კბილები სულსაც აქვს. სული მათ ამ დროს დააღრჭენს, ანუ თავის სამოქმედო ძალებს შემუსრავს, რადგანაც ასეთი საქმენი ჩაიდინა.
51-52. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი? ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჰე, უფალო. და ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, დამოწაფებული სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი. - ხედავ, რომ იგავებმა ისინი უფრო დაფიქრებულებად აქციეს? სხვა მხრივ გაუწვრთნელთა და უვიცთა, გაურკვევლად ნათქვამი გაიგეს. ამიტომაც, აქებს რა მათ უფალი, ეუბნება: ყოველი მწიგნობარი და ა.შ. მწიგნობრებს მათ, ვითარცა სჯულის მცოდნეთ, უწოდებს; სჯულში კი განისწავლნენ, მაგრამ მასში არ დარჩენილან, ამაზე არ გაჩერებულან, არამედ სასუფევლის შესახებაც ისწავლეს, ანუ ქრისტე შეიმეცნეს და შეეძლოთ გამოღება საუნჯისა ახალი და ძველი აღთქმიდან. სახლის უფალი თავად ქრისტეა, ვითარცა მდიდარი, რადგან მასშია საგანძურნი სიბრძნისანი. ასწავლიდა რა ახალს, დამოწმებანი მას იქვე ძველიდანაც მოჰქონდა, როგორც მაგალითად, როცა თქვა, რომ "პასუხს აგებ ყოველი უქმი სიტყვისათვის", ეს ახალია, მაგრამ იქვე დამოწმებაც მოიყვანა: რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო, რომელიც ძველი აღთქმიდანაა. მსგავსად ლაპარაკობდნენ მოციქულებიც, მაგალითად პავლე, რომელმაც თქვა: მობაძავ ჩემდა იყვენით (I კორ. 4.16).
53-54. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ. და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა. - ესე იგავნიო - იმიტომაც თქვა, რომ მცირე ხნის შემდეგ უფალს სხვა იგავების თქმა ჰქონდა განზრახული. წავიდა კი იმიტომ, რომ მასთან ყოფნით სარგებლობა სხვებისთვისაც მოეტანა. მის მამულში ნაზარეთი იგულისხმება, რადგანაც იქ აღიზარდა, ხოლო სინაგოგებში საჯაროდ და გაცხადებულად ასწავლიდა, რათა შემდეგში სათქმელად არ ჰქონოდათ, - რაღაც სჯულის საწინააღმდეგოს ასწავლიდაო.
54-57. ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი? ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი? და დაჰბრკოლდებოდეს მისთჳს. - უგუნურნი იყვნენ ნაზარეველნი, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ წინაპართა არაკეთილშობილური და უბრალო წარმომავლობა ვინმეს ხელს შეუშლის ღმრთისთვის სათნო იყოს. ვთქვათ და, იესო მართლაც უბრალო კაცი იყო და არა ღმერთი. რამემ შეუშალა ხელი, რომ დიდი სასწაულები მოეხდინა? ამგვარად, ისინი უგუნურნიც გამოდგნენ და შურიანებიც, მაშინ, როცა განსაკუთრებით უნდა გახარებოდათ, რომ მათმა სამშობლომ ქვეყანას ასეთი სიკეთე მისცა. ძმებად და დებად იესოს იოსების შვილები ჰყავდა, რომელიც მას თავისი ძმის - კლეოპას ცოლისაგან შეეძინა. რადგანაც კლეოპა უშვილოდ გადაეგო, იოსებმა, სჯულის მიხედვით, მისი ცოლი მოიყვანა და მისგან ექვსი შვილი გააჩინა - ოთხი ვაჟი და ორიც ქალი: მარიამი, რომელიც სჯულის მიხედვით კლეოპას ასულად იწოდებოდა, და სალომე. ჩუენ შორის იგივეა, რაც: რომელნიც აქ ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. ასე რომ, იესოში ისინიც შეცდნენ და შესაძლოა იმასაც კი ამბობდნენ, დემონებს ბელზებულით დევნისო.
57-58. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა. და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს. - ყურადღება მიაქციე, რომ იესო მათ კი არ საყვედურობს, არამედ მშვიდად ამბობს, რომ არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ და ა. შ. ჩვენ, ადამიანებს, ყოველთვის მახლობელთა უგულებელყოფა და უცხოთა შეყვარება გვჩვევია. სახლსა შინა თჳსსა იმიტომაც დაუმატა, რომ მისი მის ძმებსაც, რომელიც იმავე სახლიდან იყვნენ, შურდათ. მათი ურწმუნოებისა გამო, უფალმა აქ მრავალი სასწაული აღარ აღასრულა და შეიწყალა ისინი, რადგანაც დარჩებოდნენ რა ურწმუნოებად სასწაულების ხილვის შემდეგაც, უფრო მეტად არ დასჯილიყვნენ. თუმცა მრავალი სასწაული არ აღუსრულებია, მაგრამ მცირედი მაინც აღასრულა, რათა სათქმელად ის არ ჰქონოდათ, საერთოდ რაღაც მაინც რომ ჩაედინა, ვიწამებდითო. შენ კი ეს ამგვარად მოიაზრე: მის სამშობლოში, ანუ იუდეველები იესოს პატივს დღემდე არ მიაგებენ; პატივს მას ჩვენ, უცხონი, მივაგებთ.