1. მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად. - არღვევს რა სჯულს, უფალს მოწაფენი ყანაში შეჰყავს, რათა ჭამონ და ამით შაბათის წესი დაარღვიონ.
2-4. ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ? ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო? - ფარისეველნი კვლავ დებენ ბრალს შიმშილის ბუნებრივი გრძნობის გამო, მაშინ, როცა თვითონ უარესად სცოდავენ. უფალი მათ დავითის ისტორიით არცხვენს. მან ხომ, - ამბობს იგი, - შიმშილის გამო უფრო დიდი რამ გაბედა. პურნი შესაწირავთანი ის პურებია, ყოველ დღე რომ იდებოდა; ტრაპეზზე თორმეტი პური ლაგდებოდა: ექვსი მარჯვენა და ექვსი მარცხენა მხარეს. თუმცა დავითი წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ ისინი არც მას უნდა შეეჭამა (ამის უფლება მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ) და მით უმეტეს არც იმათ, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ. მიუხედავად ამისა, შიმშილის გამო შენდობას მაინც იმსახურებს; ასევე იმსახურებენ მოწაფენიც.
5-6. ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან? ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა. - სჯული შაბათს მუშაობას კრძლავდა, მაგრამ მღვდლები შაბათობით შეშასაც აპობდნენ და ცეცხლსაც ანთებდნენ, ასე რომ, შაბათს შეურაცხყოფდნენ, ანუ, როგორც თქვენ ფიქრობთ, უგუნურად იქცეოდნენ. მაგრამ მეტყვით, ისინი მღვდლები იყვნენო, მოწაფენი კი - არა, ხოლო მე გიპასუხებთ: აქ არის ის, ვინც ტაძარზე დიდია, ანუ, რადგანაც მე, მეუფე, ტაძარზე უფრო დიდი, მოწაფეებთან ვარ, მათაც მეტი უფლება აქვთ შაბათის დარღვევისა, ვიდრე მღვდლებს.
7-8. უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა. - წარმოაჩენს მათ უვიცობასაც, რადგანაც წინასწარმეტყველური წიგნები არ იცოდნენ. განა მოწყალენი არ უნდა ვიყოთ, კითხულობს, იმ ადამიანთა მიმართ, რომელნიც შიმშილობენ? გარდა ამისა, მე ვარ ძე კაცისა, უფალი შაბათისა, ისევე როგორც ყოველივესი და შემოქმედი დღეთა; ასე რომ, შაბათს მე, ვითარცა მეუფე, ვარღვევ. ეს სიტყვები გადატანითი მნიშვნელობითაც უნდა გაიგო, მოწაფენი მუშაკნი იყვნენ, ხოლო სამკალი და თავთავნი - მორწმუნენი; მოწაფეები მათ წყვეტდნენ და ჭამდნენ, ანუ საზრდელად ადამიანთა ხსნა ჰქონდათ, და ამას შაბათს იქმოდნენ, იმ დღეს, როცა უკეთურ საქმეებს თავი უნდა ავარიდოთ. ფარისეველნი კი გულისწყრომას გამოხატავდნენ, როგორც ეს ეკლესიაში ხდება: ხშირად, როცა მოძღვარნი ასწავლიან და სარგებლობა მოაქვთ, ფარისეველნი და მოშურნენი წყენას გამოხატავენ.
9-10. და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა. და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ? რაჲთამცა შეასმინეს იგი. - სხვა მახარებელთა თქმით, იესომ ჰკითხა ფარისევლებს. შეიძლება ითქვას, რომ იყვნენ რა შურიანები, ფარისევლებმა გააფრთხილეს და ჰკითხეს იესოს, როგორც ამას მათე ამბობს. შემდეგ კი, ქრისტემ თავის მხრივ ჰკითხა მათ, თითქოსდა დასაცინად მათი გულქვაობისა, როგორც სხვა მახარებლები გვიამბობენ. ფარისევლებმა კი იმიტომ ჰკითხეს, რომ მისი ცილისწამების საბაბი ჰქონოდათ.
11-12. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი? რაოდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს შაბათსა შინა კეთლისა საქმე. - გვაჩვენებს, რომ ანგარებისმოყვარეობისა და იმის გამო, რომ ცხვარი არ დაკარგონ, შაბათს არღვევენ, ადამიანის განკურნებისათვის კი იმავეს კრძალავენ. ამგვარად, ერთსა და იმავე დროს წარმოაჩენს მათ, ვითარცა ანგარებისმოყვარეებს, სასტიკებსა და ღმრთის არად ჩამგდებთ, რადგან ცხვრის დაკარგვის შიშით შაბათს უგულებელსყოფენ, მაგრამ უწყალონი არიან, როცა ადამიანის განკურნვა არ სურთ.
13. მაშინ ჰრქუა იესუ კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი. - შემხმარი ანუ უმოწყალო და ძუნწი ხელი ახლაც ბევრს აქვს, მაგრამ, რაჟამს მათთვის სახარებისეული სიტყვა ხმამაღლა გაისმება, ისინი მას გასაცემად იწვდიან, თუმცა ფარისევლებს, ამ ქედმაღალ დემონებს, რომელნიც ჩვენგან ჩვენი მტრობის გამო მოიკვეთნენ, არ სურთ, რომ ხელნი ჩვენნი მოწყალების გასაცემად გავიწოდოთ.
14. ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და განეშორა მიერ და წარვიდა. - ო, მოშურნეობავ! როცა მოწყალებას იღებენ მაშინ ცოფდებიან. იესო მათ იმიტომ გაშორდა, რომ ჟამი მისი ვნებისა ჯერ კიდევ არ დამდგარიყო და ამასთან, ისინიც შეიწყალა, რათა მკვლელობის დანაშაულით არ დაცემულიყვნენ, თანაც, უაზროდ ხიფათში თავის ჩაგდება ხომ არც ღმრთისთვისაა სათნო. ყურადღება მიაქციე სიტყვას გამოვიდეს; როცა ღმერთს გაშორდნენ, იესოს მოკვლა მაშინ განიზრახეს, რადგან ვერავინ, ვინც ღმერთთანაა, მსგავს რამეს ვერ განიზრახავს.
15-16. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი. და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი. - მათი შური რომ შეესუსტებინა, თავის გაცხადება არ მოისურვა, მაგრამ სნეულთა განკურნებას ყოველი ღონით ცდილობდა.
17-19. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას. არა ჰჴდებოდის, არცა ღაღადებდეს. - მახარებელს იესოს სიმდაბლის დასამოწმებლად წინასწარმეტყველი მოჰყავს და ამბობს, რომ იუდეველებს, რაც არ უნდა მოესურვებინათ, იესო ყველაფერს გააკეთებდა. უკეთუ იმას ისურვებდნენ, რომ თავი არ განეცხადებინა, ასეც მოიქცეოდა, არც წინააღმდეგობას გაუწევდა, ვითარცა პატივმოყვარე და არც იდავებდა, არამედ პირიქით, ხალხსაც აუწყებდა, რომ მის შესახებ არ განეცხადებინათ; სამსჯავროს შესახებ წარმართებსაც მიუთხრობდა, ანუ ასწავლიდა, რადგან სამსჯავრო - სწავლება, შემეცნება და გარჩევაა სიკეთისა. ან: მომავალ სამსჯავროზე წარმართებსაც აუწყებდა, რომელთაც მანამდე მასზე არაფერი სმენოდათ.
არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ჴმაჲ მისი. - იგი ხომ მართლაც არა მოედნის შუაგულში, ვითარცა პატივმოყვარე, არამედ ტაძარში, სინაგოგებში, მთაზე და ზღვის სანაპიროზე ასწავლიდა.
20. ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს და პატრუკი მბნდჳნვარე არა დაშრიტოს. - მას შეეძლო შეემუსრა იუდეველები, ვითარცა გადატეხილი ლერწამი და ჩაექრო მათი რისხვა მსგავსად მბჟუტავი ან ალმოდებული პატრუქისა, მაგრამ არ მოისურვა მანამ, ვიდრე განგებულებას არ აღასრულებდა და მათზე ყველაზე არ გაიმარჯვებდა. ამას ნიშნავს მომდევნო სიტყვებიც:
20-21. ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი. და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ. - თავის მართლების საბაბი რომ არ მიეცა, ყოველივე დაითმინა, რათა, როცა შემდეგში განსჯიდა, გაემარჯვებინა, რაკიღა პასუხად ვერაფერს მიუგებდნენ, მართლაც, რა აღარ მოიმოქმედა, რომ ისინი შეეძინა? მაგრამ თავად არ ინდომეს. ამიტომაც წარმართებს ექნებათ სასოება მისი, მაშინ, როცა იუდეველებმა ეს არ მოისურვეს.
22-23. მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ და ბრმაჲ ხედვიდა და იტყოდა. და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე დავითისი? - დემონმა გზა რწმენისაკენ - თვალები, სმენა და ენა გადაუკეტა, მაგრამ იგი იესომ განკურნა და ხალხისაგან დავითის ძედ იწოდა, რადგანაც ქრისტეს დავითის თესლისაგან მოელოდნენ. ახლაც, უკეთუ ვინმეს იხილავ, ვინც სიკეთეს ვერც თვითონ იაზრებს და არც სხვის სიტყვებს იწყნარებს, იგი ბრმად და ყრუდ ჩათვალე; შეეხება რა მის გულს, დაე იგი ღმერთმა განკურნოს.
24. ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა. - თუმცა უფალი მათ განშორდა, მაგრამ ესენი, შორიდან ესმოდათ რა მისთა საქმეთა შესახებ, ცილს სწამებენ სწორედ მაშინ, როცა იგი ადამიანებისათვის ქველმოქმედებს. ამგვარად, ფარისეველნი მისი მტრები, ვითარცა ეშმაკი, ბუნებით იყვნენ.
25-26. იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს. და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის, თავსა თჳსსა განევლთა; ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი? - საჯაროდ ამჟღავნებს რა მათ ზრახვებს, იგი აჩვენებს, რომ ღმერთია. იგი მათგან თავს საყოველთაო მაგალითებით იცავს და მათ უგუნურებას ააშკარავებს. როგორ განდევნიან დემონები ერთმანეთს, მაშინ, როცა კიდევ უფრო მეტად შემჭიდროვებას ცდილობენ? სატანად მოწინააღმდეგე იწოდება.
27. და უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ თქუენდა იყვნენ. - კარგი, ამბობს, მე ასეთი ვარ, მაგრამ თქვენი შვილები, ანუ მოწაფენი ჩემნი, ისინი ვისი ძალითღა დევნიან? ნუთუ ისინიც ბელზებულის ძალით? ხოლო უკეთუ ღმრთეებრივით, - მით უმეტეს მე, რადგან სასწაულებს ჩემი სახელით აღასრულებენ. ამიტომაც განისჯებით მათგან, რადგანაც ხედავთ, რომ ჩემი სახელით სასწაულმოქმედებენ და ცილს მაინც მწამებთ.
28. უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. - ხოლო, - ამბობს, - უკეთუ დემონებს ღმრთეებრივი ძალით ვდევნი, მაშინ ძე ღმრთისა ვარ და თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ კეთილი გიყოთ. ასე რომ, მო-სამე-იწია თქვენზე ჩემი მოსვლა, ანუ სასუფეველი ღმრთისა. მაშ, რატომღა სწამებთ ცილს ჩემს მოსვლას, რომელიც თქვენთვის მოხდა?
29. ანუ ვითარ ვის ჴელ-ეწიფების სახლსა ძლიერისასა შესლვად და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი მისი იავარ-ყოს. - ანუ, ამბობს, არა მარტო შორსა ვარ იმისგან, რომ დემონები მეგობრებად მყავდეს, არამედ პირიქით, ვეწინააღმდეგები და ვკრავ მათ, რომელნიც ჩემს მოსვლამდე ძლიერნი იყვნენ, რამეთუ შემოვიდა რა სახლსა შინა, ანუ სამყაროში, ქრისტემ მიიტაცა დემონთა ჭურჭელი, რომელშიც ადამიანებს ვგულისხმობ.
30. რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს. - როგორღა შემეწევა ბელზებული, - ამბობს, უკეთუ იგი სხვებზე მეტად მტრობს მე? რადგან მე სათნოებას ვასწავლი, ის კი - ბოროტებას; მაშ, ჩემთან როგორღა იქნება? მე ადამიანებს მათივე ხსნისათვის ვკრებ, - ხოლო ის განაბნევს. ფარისევლებზეც მიანიშნებს, რადგან, როცა ის ასწავლიდა და მრავალთათვის სარგებლობა მოჰქონდა, ხალხს ფანტავდნენ, რათა მასთან არ მისულიყვნენ. ამგვარად, აჩვენებს, რომ დემონებს მართლაც ისინი ემსგავსებოდნენ.
31-32. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას. - აქ იგი ამბობს: ყოველ სხვა ცოდვას, მაგალითად, მრუშობასა და ქურდობას, რაღაც მცირე გამართლება მაინც აქვს, რადგან ამ დროს კაცობრივ სისუსტეს მოვიხმობთ და შედარებით პატიებასაც უფრო ვიმსახურებთ. მაგრამ რაჟამს ვინმე სულის მიერ აღსრულებულ სასწაულებს უყურებს და ცილს სწამებს, რომ თითქოს ისინი დემონური ძალით სრულდებიან, ამას რა გამართლება მოეძებნება? ცხადია, მან იცის, რომ ისინი სულისა მიერ წმიდისა ხდება, მაგრამ ცუდად განზრახ იქცევა. ამგვარს როგორღა მიეტევება? როცა იუდეველები ხედავდნენ უფალს, რომელიც ჭამდა და სვამდა, ურთიერთობა ჰქონდა მეზვერეებსა და მეძავებთან და ყველა სხვა საქმეს, ვითარცა ძე კაცისა, აღასრულებდა და შემდეგ საყვედურობდნენ ჭამისა და ღვინის სმის გამო, ამ დროს ისინი შენდობის ღირსნი იყვნენ და ამისთვის არც სინანული მოეთხოვებოდათ, რადგან ჩანდა, რომ ცდომილებისათვის საკმარისი მიზეზი ჰქონდათ. მაგრამ, როცა უყურებდნენ, როგორ აღასრულებდა სასწაულებს და მაინც ცილს სწამებდნენ და სულიწმიდას გმობდნენ, ამბობდნენ რა, ისინი დემონებისგან ხდება, როგორღა ვიფიქროთ, რომ ეს ცოდვა მათ მონანიების გარეშე მიეტევებათ? ამგვარად იცოდე; როცა ვინმე ძე კაცისას გმობს, ხედავს რა, რომ კაცობრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და მას მეძავთა მეგობარს, მჭამელსა და ღვინის მსმელს უწოდებდა, რადგან ქრისტე ასეც იქცეოდა, ამგვარ კაცს კიდევაც რომ არ მოენანიებინა, პასუხს მაინც არ აგებდა და პატიებასაც იმსახურებდა, რადგან იესოში დაფარული ღმერთი ვერ შეიცნო. ხოლო ის, ვინც სულიწმიდაზე, ან ქრისტეს სულიერ საქმეებზე მკრეხელობს და მათ დემონურს უწოდებს, თუ არ მოინანია, არ შეენდობა, რადგან მას ხომ ცილისწამებისათვის საკმარისი მიზეზი არ აქვს, ვითარცა იმას, ვინც ქრისტეს მეძავთა და მეზვერეთა შორის ხედავდა და ცილს შემდეგ სწამებდა? ამიტომ მას არა თუ არც აქ და არც იქ არ შეენდობა, არამედ აქაც და იქაც დაისჯება. მრავალი აქ ისჯება, მაგრამ იქ - სრულიადაც არა, ვითარცა გლახაკი ლაზარე. სხვანი კი სასჯელს აქაც და იქაც მიიღებენ, როგორც სოდომელნი და ისინი, რომელნიც სულიწმიდას გმობენ; ხოლო ზოგიერთნი - არც აქ და არც იქ, როგორც, მაგალითად, - მოციქულნი და წინამორბედი. ვითარცა დევნილნი, ისინი თითქოს აქ დაისაჯნენ, მაგრამ ეს იყო სასჯელი არა ცოდვებისათვის, არამედ გამოცდა და გვირგვინი.
33. ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ; ანუ ყავთ ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ; რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს. - რადგანაც იუდეველებს სასწაულებზე, ვითარცა ბოროტ საქმეებზე, ცილისწამება არ შეეძლოთ, მაგრამ მათ აღმსრულებელ იესოზე, როგორც დემონის მსგავსზე, მკრეხელობდნენ, უფალი ეუბნება: მე, ან კეთილ ხედ ჩამთვალეთ და მაშინ ჩემი სასწაულებიც, რომელნიც ნაყოფია, კეთილი იქნება; ან: უკეთუ ხენეშ ხედ მიმიჩნევთ, ცხადია, ნაყოფიც ანუ სასწაულებიც ხენეში იქნება. მაგრამ თქვენ სასწაულებს, ანუ ნაყოფს, მშვენიერს (კეთილს) უწოდებთ და მაშასადამე მეც კეთილი ხე ვარ. როგორც ხე ნაყოფისაგან შეიცნობა, ასევე მეც - ჩემი სასწაულებისაგან.
34. ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? - ხართ რა ბოროტნი ხენი, - ეუბნება, - ნაყოფსაც ბოროტს იძლევით, რადგან ჩემზე ბოროტსიტყვაობთ. ასევე მეც, უკეთური რომ ვყოფილიყავი, ნაყოფსაც უკეთურს გამოვიღებდი და არა ამგვარ სასწაულებს. იქედნეს ნაშობებს უწოდებს მათ, რომელთაც თავი აბრაამით მოჰქონდათ და აჩვენებს, რომ ისინი არა აბრაამისაგან, არამედ მათი ბოროტების შესაფერისი წინაპრებისაგან იყვნენ წარმოშობილნი.
34-35. რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი. - როცა ხედავ, რომ ვინმე ბილწსიტყვაობს, იცოდე, გულში იმდენი კი არა აქვს, რამდენსაც ამბობს, არამედ ბევრად მეტი, რადგან, რაც გარეთ გადმოდინდება, ის მხოლოდ სიჭარბისაგანაა; ვინც დაფარულ საუნჯეს ფლობს, ის ხომ მის მხოლოდ რაღაც მცირე ნაწილს წარმოაჩენს. მსგავსად ამისა, ვინც კეთილად მეტყველებს, მას ბევრად მეტი გულსა შინა აქვს.
36-37. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო. - აქ უფალი გვაფრთხილებს, რომ ყოველი უქმი, ანუ ტყუილი, ცილისმწამებლური, თუ უტაქტო და დამცინავი სიტყვებისათვის პასუხს ჩვენც ვაგებთ. ხოლო შემდეგ წმინდა წერილს იმოწმებს, რათა ვინმემ არ იფიქროს, რომ რაღაც თავისას ამბობს: სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.
38. მაშინ მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვად. - გაკვირვებული მახარებელი სიტყვას მაშინ უმატებს, რადგან სასწაულს მაშინ ითხოვენ, როცა უკვე მომხდარ სასწაულებს უნდა დამორჩილებოდნენ. როგორც სხვა მახარებელი ამბობს, სასწაულის ხილვა ზეციდან სურდათ, რადგან ეგონათ, რომ დედამიწაზე სასწაულებს ეშმაკის ძალით აღასრულებდა, სამყაროს მპყრობელი ხომ ეშმაკია. ხოლო მაცხოვარმა რა უპასუხა?
39-40. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ. რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე. - ამ ხალხს ვითარცა პირმოთნესა და ცბიერს, ბოროტ მოდგმას უწოდებს, ხოლო ვითარცა ღმრთისაგან განდგომილსა და დემონებთან შეერთებულს - მრუშს; სასწაულს - თავის აღდგომას, როგორც უჩვეულო მოვლენას, რადგანაც შთახდა რა გულსა ქუეყანისასა, ქვესკნელს ანუ ჯოჯოხეთს ვგულისხმობ, მესამე დღეს აღდგა. სამ დღესა და სამ ღამეში ნაწილები მოიაზრე და არა სრული დღე და ღამე. იგი პარასკევს მოკვდა - ეს ერთი დღე იყო, შაბათს მკვდარი იწვა - ესეც მეორე დღე, კვირის ღამემ მას ჯერ კიდევ მკვდარს მოუსწრო. ამგვარად გამოითვლება სამი არასრული დღე-ღამე. ჩვენც ხომ ხშირად დროს ასე ვითვლით.
41. კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა. - უფალი ეუბნება მათ: როცა იონამ ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის შემდეგ იქადაგა, მისი ირწმუნეთ, ხოლო მე ჩემი აღდგომის შემდეგაც არ მიწამებთ. ამიტომაც განისჯებით ნინეველთაგან, რომელთაც მონისა ჩემისა იონასი, თუმცა ბარბაროსები იყვნენ, სასწაულის გარეშეც ირწმუნეს. ხოლო თქვენ, რომელნიც წინასწარმეტყველებებზე აღიზარდეთ და სასწაულები იხილეთ, - არ ირწმუნეთ ჩემი - მეუფისა. ამას ნიშნავს სიტყვები: და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა.
42. დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავსა ამას თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა. - ეს დედოფალი, - ამბობს, - თუმცა სუსტი ქალი იყო, შორიდან მოვიდა, რათა ხეთა, ტყეთა და ზოგიერთ ბუნებრივ საგნებზე მოესმინა, ხოლო თქვენ არ შემიწყნარეთ მე, რომელიც თქვენთან მოვედი და გამოუთქმელს გეუბნებით.
43-45. ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის. მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და მი-რაჲ-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკუეთურსა. - უფალი აჩვენებს, რომ, არ შეიწყნარეს რა იგი, მათ დაღუპვის უკანასკნელ ზღვარს მიაღწიეს. ისევე როგორც დემონებისაგან განთავისუფლებულებს, უკეთუ საკუთარ თავზე არ იზრუნეს, უარესის დათმენა მოუწევთ, ასევე თქვენი მოდგმაც, რაჟამს თაყვანს კერპებს სცემდით, დემონს ჰყავდა შეპყრობილი. მე ეს დემონი წინასწარმეტყველთა საშუალებით განვდევნე და თავად მოვედი, რადგან თქვენი განწმენდა მსურდა. მაგრამ რადგანაც ხელი მკარით და უფრო მეტიც, ჩემს დაღუპვას ესწრაფვით, ვითარცა უარესი ცოდვის ჩამდენნი, კიდევ უფრო მეტად დაისჯებით და უკანასკნელი ტყვეობა თქვენი პირველზე უფრო მძიმე იქნება. შენ კი ესეც მოიაზრე, რომ ნათლისღებით უწმინდური სული განიდევნება, რომელიც უწყლო ადგილებსა და მოუნათლავ სულთა შორის დაეხეტება, მაგრამ მათში განსვენებას ვერ პოულობს, რადგანაც, რამდენადაც მოუნათლავნი უკვე შეპყრობილი ჰყავს, დემონებისათვის განსვენება ნათელღებულთა ბოროტი საქმეებით დამძიმებაა. ამგვარად, დემონი ნათელღებულს შვიდ სულთან ერთად უბრუნდება, რადგანაც სულის შვიდი ნიჭის საპირისპიროდ ბოროტების შვიდი სული არსებობს. როდესაც ის მონათლულის სულში შევა, მისი უბედურება გაიზრდება, რადგან თუ ნათლობამდე მისი საშუალებით განწმენდის იმედი ჰქონდა, ნათლობის შემდეგ იმედიც აღარ არსებობს, გარდა მონანიებისა, რომელიც ფრიად ძნელია.
46. და იყო ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. - კაცობრივი თვისების გამო დედამ მოისურვა ეჩვენებინა, რომ ყრმაზე უფლება ჰქონდა, რადგან ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა, ვინ იყო იგი. მას მოსწონდა პატივი, რომელსაც შვილი მორჩილებით მიაგებდა და ამიტომ მისი ყურადღების მიქცევა მაშინ მოისურვა, როცა იგი საუბრობდა. ქრისტე კი როგორ მოიქცა? როცა მისი განზრახვა შეიცნო, მოისმინე, რა უთხრა:
47-50. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ თჳსთა და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი. - ამას იმიტომ კი არ ამბობს, რომ დედისთვის ესაყვედურებინა, არამედ, რათა მისი კაცობრივი ბუნებისათვის დამახასიათებელი პატივმოყვარული აზრი გამოესწორებინა. ის კი არ უთქვამს, დედაჩემი არ არისო, არამედ უკეთუ ღმრთის ნებას არ აასრულებს, ვერაფერს არგებს ის, მე რომ მშვაო. უფალი არ უარყოფს, რომ ბუნებრივად იშვა, მაგრამ მას უმატებს შობას სათნოებით, რადგანაც ვერცერთი უღირსი შობისაგან სარგებელს ვერ მიიღებს. ამგვარად, განკურნა რა სენი პატივმოყვარეობისა, ის კვლავ დაემორჩილა დედის მოწოდებას, როგორც ამას მახარებელი შემდეგ გვეუბნება.
--
1 - სინამდვილეში მაცხოვარი მოწაფეებს ამ დროს სჯულის არსს განუმარტავს, რომლის აღმასრულებელიც სიყვარულია.