ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მათეს სახარების განმარტება

 

თავი ოცდამეხუთე

1-5. მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი - სულელნი. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა. და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. - ქალწულთა სახით უფალი ჩვენ გვთავაზობს იგავს მოწყალებაზე, სახელდობრ, მართალია, ქალწულება დიდი საქმეა, მაგრამ ვინც მას დაიმარხავს, არა მხოლოდ მასზე, არამედ სხვა საქმეებზეც უნდა იზრუნოს. იცოდე, უკეთუ მოწყალე არ იქნები, ქალწულიც რომ იყო, მრუშებთან ერთად ჩაგაგდებენ. სამართლიანად განიდევნება ისიც, ვინც, თუმცა ქალწულია, მაგრამ - უმოწყალო და შეუბრალებელი. მემრუშეს ძლიერი, ბუნებრივი ვნება ამარცხებს, შეუწყალებელს კი - ფული. რაც უფრო სუსტია მოწინააღმდეგე, მით უფრო ნაკლებ შეენდობა ვერცხლისმოყვარეობის ვნებისაგან ძლეულს. ვერცხლისმოყვარე უგუნურიცაა, რადგან დაძლია რა ბუნებრივი მგზნებარება, თვითონ შედარებით მცირე ვნების - ფულისაგან იქნა ძლეული. ძილი სიკვდილს ნიშნავს, ხოლო დაგვიანება სიძისა იმას, რომ მეორედ მოსვლა მალე არ იქნება.

6-13. ხოლო შუვა-ღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროჲსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეჴშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს. - ღაღადება შუაღამისას გაისმაო, ამბობს, რითაც გაჩვენებს, რომ უფალი მოულოდნელად მოვა, რადგან შუაღამისას ჩვენ ყველას ღრმა ძილით გვძინავს. იგი ხმამაღალი დაძახების (ღაღადების) შემდეგ მოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორედ მოსვლისას საყვირი ახმიანდება. ლამპარნი ჩვენი სულები არიან, ლამპარია თითოეული ჩვენგანის გონებაც, რომელიც მაშინ ინთება, როცა სათნოებათა ზეთი და მოწყალება აქვს. ქალწულნი უგუნურნი არიან უკვე იმიტომაც, რომ ზეთს მაშინ ეძიებენ, როცა ამ საქმისათვის უკვე დრო აღარ არის. გონიერნი ეუბნებიან: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, რაც ასე უნდა გავიგოთ: უკეთუ სათნოება ჩემი მახლობელისა გამართლებისათვის თვითონ მას ძლივს ყოფნის, ჩემთვის რაღა სარგებლობა ექნება? ყოველი ხომ საქმეთაგან თვისთა განმართლდება და არა მოყვასისა (მახლობელისა). უგუნურნი მიდიან მოვაჭრეებთან, ანუ გლახაკებთან, რაც ნიშნავს შემდეგს: უგუნურნი ნანობენ, რომ მოწყალების საქმეებს არ აკეთებდნენ და მხოლოდ ახლა იგებენ, რომ ზეთი ჩვენ გლახაკთაგან უნდა მივიღოთ. ამიტომ, როცა ამბობს, მოვაჭრეებთან წავიდნენო ზეთის საყიდლად, ნიშნავს, რომ გონებით გლახაკებთან წავიდნენ და დაიწყეს ფიქრი იმაზე, რა კარგი საქმეა მოწყალება, მაგრამ კარები მათთვის უკვე დაიხურა, რადგან შემდგომად ამ ცხოვრებისა, დრო სინანულისა და მოღვაწეობისათვის უკვე აღარ გვექნება. იმიტომაც ეუბნება უფალი მათ: არა გიცით თქუენ, რომ კაცთმოყვარემ და მოწყალემ უმოწყალონი არ იცის. და მართლაც, მისგან გაუცხოებულნი და განსხვავებულნი როგორღა უნდა სცნობოდა? ასევე იცოდე, რომ ყოველ სულს ლამპარი და ნათელი ღმრთისაგან ჰქონდა და ყოველი მათგანი აღდგება შესახვედრად უფლისა, რადგანაც შეგებება და შეერთება ღმერთთან ყველას სურს. მაგრამ უკეთუ გონიერნი ღმრთისაგან ბოძებულ ლამპარსა და ნათელს კეთილი საქმეებით ზეთს თავადაც უმატებენ, უგუნურნი, რომელნიც ლამპრებს უზეთოდ ტოვებენ, რადგანაც არა აქვთ კეთილი საქმენი, რომელიც მათში ნათელს აანთებდა, მოიკვეთებიან. ამგვარად, უკეთუ კეთილ საქმეთათვის არ ვიღვწით, ჩვენში ნათელი ღმრთისა ჩაქრება.

14-19. ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი; და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და მეყსეულად წარვიდა. ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი ტალანტი. ეგრეთვე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი. ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ. შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა. - ზემოთ თქვა: არა იცით თქვენ დღე, ოდეს მოვიდეს უფალი, ახლა კი, ნათქვამს ამ იგავს მოაყოლებს, გვაჩვენებს რა, რომ მისი მოსვლა უეცარი იქნება. რადგანაც უფალმა ვითარცა კაცმა, რომელიც გზას ადგება, თავის მონებს მოუწოდა და თითოეულს თავ-თავისი საქმე დაავალა. კაცი, რომელიც წავიდა, ჩვენთვის განკაცებულ ქრისტეს ეწოდება, ან იმიტომ, რომ ზეცასა შინა აღვიდა, ან კიდევ სულგრძელობისა გამო, რამეთუ ჩვენგან მოქმედებას მყისვე კი არ მოითხოვს, არამედ გვაცლის. მისი მონები ისინი არიან, რომელთაც სიტყვის მსახურება აქვთ მინდობილი: მღვდელმთავარნი, მღვდელნი, დიაკონნი და ყოველი, ვინც მადლი სულისა წმიდისა მიიღო, ზოგმა მეტად, ზოგმა მცირედ, თითოეულმა შესაბამისად თავისი ძალისა ანუ შესაბამისად საკუთარი რწმენისა და სიწმინდისა; რადგანაც ღმერთი ჩემთვის მის საჩუქარს იმ ჭურჭელში დებს, რომელსაც მე მას ვთავაზობ, უკეთუ ის მცირეა - საჩუქარსაც მცირეს ჩადებს, ხოლო თუ დიდი, საჩუქარიც დიდი იქნება. ის, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, სამუშაოდ მყისვე წავიდა. ნახე მისი გულმოდგინება! უზრუნველობას კი არ მიეცა, არამედ მყისვე სამუშაოდ წავიდა, რათა ის, რაც მიიღო, გაეორმაგებინა. ბოძებულ ნიჭს, სიტყვა იქნება ეს, სიმდიდრე, ძალაუფლება მეფეთა კარზე, თუ სხვა რამ გონებრივი ძალა ან ოსტატობა, ის აორმაგებს, ვისაც სარგებლობა არა მხოლოდ თავისი თავისთვის მოაქვს, არამედ სურს, რომ იგი სხვებსაც მოუტანოს, ხოლო ტალანტის მიწაში ჩამფვლელი ისაა, ვინც მხოლოდ საკუთარი და არა სხვების სარგებლობისთვის ზრუნავს და რომელიც დაისჯება. უკეთუ ნახავ კაცს ნიჭიერსა და ენერგიულს, რომელიც თავის ნიჭიერებას ბოროტად - საკუთარი მოგების, ცბიერებისა და მიწიერი საქმეებისათვის იყენებს, ჩათვალე, რომ მან ტალანტი მიწაში ანუ მიწიერ საქმეთა შინა ჩაფლა. დიდი ხნის შემდეგ მოვა მბოძებელი ვერცხლისა ანუ ღმრთეებრივი სიტყვისა, რამეთუ სიტყუანი უფლისანი არიან ვეცხლ გამოჴურვებულ (ფს. 11.7), ან სხვა რომელიმე ნიჭისა, რომელიც ვინც მას ფლობს, განაბრწყინვებს და განადიდებს, და მიღებულისათვის ანგარიშს მოსთხოვს.

20-30. და წამოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაჲღა ხუთი ქანქარი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა [არს. მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ. ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მომცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ. მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი. რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და ამას რაჲ იტყოდა, ჴმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! და უჴმარი ეგე მონაჲ განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. - ორივე მონა, რომელთაც მიცემულის გასამრავლებლად იშრომეს, უფალმა ერთნაირად შეაქო; სიტყვები: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! - ორივე მათგანმა მოისმინა. კეთილში ჩვენ კაცთმოყვარესა და გულუხვს ვგულისხმობთ, რომელიც თავის სიკეთეს ახლობლებზეც ავრცელებს. მცირესა ზედა სანდონი მრავალთა ზედა დგინდებიან; რადგან თუმცაღა ჩვენ ნიჭთა მიღების ღირსნი აქვე ვხდებით, მაგრამ მომავალ სიკეთესთან შედარებით ისინი უმნიშვნელონი არიან. სიხარული უფლისა - ის განუწყვეტელი მხიარულებაა, რომელიც ღმერთს აქვს; იგი ხარობს თვისთა საქმეთა ზედა, როგორც ამას დავითი ამბობს (ფსალმ. 103, 31). საკუთარი საქმეებით ასევე ხარობენ წმინდანებიც, მაშინ, როცა ცოდვილნი თვისთა საქმეთა გამო მწუხარებენ და ნანობენ. წმინდანებს ისიც ახარებთ, ასე მდიდარი უფალი რომ ჰყავთ. ყურადღება მიაქციე, რომ ისიც, რომელმაც ხუთი ტალანტი მიიღო და ისიც, ვისაც ორი ტალანტი ებოძა, ერთნაირ სიკეთეთა ღირსნი შეიქნენ. ანუ ის, ვინც შედარებით მცირეს იღებს, მაგრამ ბოძებულ მადლს, რაც არ უნდა მცირე იყოს იგი, სიკეთისთვის გამოიყენებს, იმავე პატივს დაიმსახურებს, რასაც დიდის მიმღები და მოქმედი. უკეთუ მიცემულს სათანადოდ მოიხმარს, ყოველი მათგანი დიდად დაფასდება. კეთილგონიერი მონები ამგვარნი არიან, ხოლო უკეთური და ზარმაცი თავს სხვაგვარად, მისთვის შესაფერისად იმართლებს. უფალს იგი სასტიკს უწოდებს, ისევე როგორც მოძღვართაგან მრავალი ახლაც ამბობს, რომ სისასტიკეა იმ ადამიანებისაგან მოთხოვნა მორჩილებისა, რომელთათვის უფალს არც მორჩილება ჩაუნერგავს და არც დამჯერობა ჩაუთესავს. სწორედ ამაზე მიანიშნებს სიტყვები:მოიმკი, სადა არა დასთესი, ანუ დამჯერობას იმისგან მოითხოვ, ვისშიც იგი არ ჩაგითესავს. უწოდებს რა მონა ბატონს სასტიკს, თავის თავს განსჯის, რადგან უკეთუ იგი სასტიკი იყო, მაშინ მსგავსად იმისა, ვისაც სასტიკი და უმოწყალო ბატონი ჰყავს, მცდელობა კიდევ უფრო მეტად ჰმართებდა, რადგან თუკი იგი სხვისას ითხოვდა, თავისას მით უმეტეს მოითხოვდა. ამგვარად, შენც მოვალე იყავ, გაგემრავლებინა ის, რაც მიიღე და აღგეზარდა მოწაფენი, რომელთაგანაც უფალი, რაც ევალებოდათ, იმას მოითხოვდა. რამდენადაც ისინი სიტყვას სხვებს ან გადასცემენ, ან არა, იგი მოწაფეებს მოვაჭრეებს უწოდებს და მოწაფეთაგან სარგებელს (აღნადგინებს) ანუ საქმეთა ჩვენებას მოითხოვს, რამეთუ მოწაფე, რომელმაც მასწავლებლისაგან სწავლება შეიძინა, თვითონაც აქვს და სხვებსაც სრულად გადასცემს, მას სარგებელსაც, ე. ი. კეთილ საქმეებსაც უმატებს. ბოროტსა და ზარმაც მონას კი მადლი წაერთმევა, ვინც იმისთვის მიიღო რაიმე მადლი, რომ სხვებისთვის სარგებლობა მოეტანა, მაგრამ ამ მიზნით არ გამოიყენა, მას დაკარგავს. ხოლო ის, ვინც დიდ გულმოდგინებას გამოიჩენს, ნიჭსაც დიდს მიიღებს, რადგან გულმოდგინების მქონეს გარდამეტებულად მიეცემა დიდი მადლი, მას კი, ვისაც გულმოდგინება აკლია, ისიც წაერთმევა, რომელიც თითქოსდა ჰქონდა. ასე რომ, ვინც გულმოდგინედ არ ირჯება, მადლი სინამდვილეში კი არ ექნება, არამედ მხოლოდ მოჩვენებითად, რადგან მან უზრუნველობით წარწყმიდა იგი.

31-33. ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა; და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი - მარცხენით. - რადგანაც პირველ მოსვლას უფლისა თან უპატიობა და შეურაცხყოფა ახლდა, მეორედ მოსვლის შესახებ ამბობს: რაჟამს მოვიდეს დიდებითა თჳსითა, რამდენადაც მეორედ იგი დიდებითა და მსახურ ანგელოზთა თანხლებით მოვა. უწინარესად უფალი წმინდანებს ცოდვილებისაგან გამოყოფს; მათ ჯერ მღელვარებისაგან იხსნის, დაიყენებს რა მარჯვნივ, და შემდეგ საუბარს დაუწყებს. წმინდანებს ცხბრებს უწოდებს მათი უწყინარობისა და კიდევ იმის გამო, რომ ნაყოფს იძლევიან და ვითარცა ცხოვარნი, ჩვენთვის სასარგებლონი არიან, გვაძლევენ რა მატყლს - ღმრთეებრივსა და სულიერ საფარველს და, აგრეთვე, რძესაც, ანუ სულიერ საზრდელს; ხოლო ცოდვილებს თხებს უწოდებს, რადგანაც ისინი უფსკრულის პირას დადიან, უწესონი და უნაყოფონი, ვითარცა თხები.

34-40. მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა? და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. - ვიდრე გაასამართლებდეს, უფალი არც პატივს მიაგებს ვინმეს და არც სჯის, რადგანაც კაცთმოყვარეა და ამით ჩვენც გვასწავლის, რომ ვიდრე არ გამოვიძიებთ, არ განვსაჯოთ. ამგვარად, სამსჯავროს შემდეგ, დასჯილებს თავის გამართლების საშუალება აღარ ექნებათ. კურთხეულს იგი წმინდანებს უწოდებს, რადგანაც მამისაგან არიან შეწყნარებულნი. უფალი მათ სასუფევლის მემკვიდრეებადაც სახელდებს, რათა აჩვენოს, რომ ღმერთი, ვითარცა შვილებს, მათ თავისი დიდების მოზიარეებად ხდის. არ უთქვამს რომ მიიღეთო, არამედ დავიმკვიდროთო, როგორც ერთგვარად მამისეული ქონება. უმცროს ძმებს ან თავის მოწაფეებს უწოდებს, ან საერთოდ ყველა გლახაკს, რადგანაც ყოველი მათგანი მისი ძმაა უკვე იმიტომ, რომ თავად ქრისტემ ცხოვრება სიღატაკეში გაატარა. ყურადღება მიაქციე ღმრთის სამართლიანობას, როგორ აქებს იგი წმინდანებს! ნახე მათი კეთილგონიერებაც, რომელნიც, მართალია, თავმდაბლობისა გამო უფლის გამოზრდას უარყოფენ, მაგრამ თვითონ უფალი მიიჩნევს, რომ პირადად მან მიიღო ის, რაც მათ გლახაკებს გაუკეთეს.

41-46. მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს, რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა. - მარცხნივ მდგომარეთ უფალი ცეცხლსა შინა გზავნის, რომელიც ეშმაკმა მოამზადა. რადგანაც დემონები უწყალონი და ჩვენს მიმართ არამეგობრულად და მტრულად არიან განწყობილნი, შესაბამისად, იმავე სასჯელს დაიმსახურებენ ისინიც, რომელთაც იგივე თვისებები აქვთ და თავიანთი საქმეების გამო დაიწყევლნენ. ყურადღება მიაქციე, რომ ღმერთს ჩვენთვის არც ცეცხლი მოუმზადებია და არც სასჯელი შეუქმნია, არამედ ეშმაკისათვის, მაგრამ ჩემს თავს მე თვითონ ვაქცევ ღირსად სასჯელისა. ძრწოდე, კაცო, მოიაზრებ რა აქედან, რომ ისინი, რომელნიც ისჯებიან, არც მემრუშენი არიან, არც მტაცებელნი და არც სხვა რომელიმე ბოროტმოქმედების ჩამდენნი, არამედ ადამიანები, რომელთაც კეთილი საქმენი არ უკეთებიათ. მაგრამ, თუ კარგად დააკვირდები, გამოდგება, რომ მტაცებელია ბევრის მქონეც, რომელსაც მოწყალება არა აქვს, თუმცა მოყვასს ცხადად არ შეურხყბყოფს. ყთველივეს, რაც მას იმაზე მეტი აქვს, ვიდრე სჭირდება, იმას სტაცებს, ვისაც ის სჭირდება, მაგრამ მისგან ვერ იღებს, რადგან მას ეს მომეტებული საერთო მოხმარებისთვის რომ გადაედო, ისინი გასაჭირში აღარ ჩავარდებოდნენ. ახლა კი, რადგანაც ჭარბი ქონება ჩაკეტა და დაისაკუთრა, სხვებს უჭირთ. ასე რომ, კაცი, რომელიც მოწყალებას არ იძლევა, მტაცებელია და იმდენ ადამიანს შეურაცხყოფს, რამდენისთვისაც ქველმოქმედების გაწევა შეეძლო, მაგრამ არ გაუწია. ამიტომაც ისინი მარადიული ტანჯვისათვის წარიგზავნებიან, ხოლო მართალნი - საუკუნო ცხონებისათვის. ამგვარად, თუ წმინდანებს განუწყვეტელი სიხარული ექნებათ, ცოდვილნი ასევე განუწყვეტელ ტანჯვაში იქნებიან. ფუჭად მეტყველებს ორიგენე, როცა ამბობს, რომ სასჯელი დასრულდება, ცოდვილები მარადიულად არ ეწამებიან და დადგება დრო, როცა ტანჯვით განწმენდილები მართალთა სამყოფელში გადაინაცვლებენ. მაგრამ ეს ცდომილება ცხადადაა მხილებული აქ, როცა უფალი ამბობს, რომ სასჯელი საუკუნო იქნება, ანუ არასოდეს დასრულდება და მართლებს ცხვრებს ადარებს, ხოლო ცოდვილებს - თხებს. ისევე, როგორც თხა ვერასოდეს იქცევა ცხვრად, ასევე ვერც ცოდვილი განიწმინდება მომავალ საუკუნეში და მართალი ვერ გახდება. გარესკნელის ბნელი ღმრთეებრივ ნათელსაა მოშორებული და ყველაზე მძიმე სატანჯველს სწორედ ამიტომაც ქმნის. შეიძლება ამ მიზეზის დასახელებაც: სიმართლის მზეს მოკლებული ცოდვილი ბნელსა შინა უკვე აქ იმყოფება, მაგრამ რადგანაც მისი მოქცევის იმედი კიდევ არსებობს, ამიტომაც ეს ბნელი არაა ბნელი გარესკნელისა. შემდგომად სიკვდილისა კი, საქმენი მისნი გამოიძიება და გარესკნელის ბნელი მოიცავს, იმედი მოქცევისა აღარ იარსებებს და ღმრთეებრივ სიკეთეთ სრულიად მოაკლდება. ვიდრე აქაა, რაღაც ზომით მაინც ტკბება ღმრთის სიკეთით - მე ვგულისხმობ გრძნობად სიკეთეებს, და მაინც ღმრთის მონაა, რადგანაც ღმრთის სახლში ცხოვრობს, მის ქმნილებათა შორის, მისგან გამოკვებილი და დაცული. მაშინ კი, ღმრთისაგან სრულიად მოწყვეტილს, არცერთ მის სიკეთეში წილი აღარ ექნება. სწორედ ამ ბნელს გარესკნელი ეწოდება აქაურ ბნელთან შედარებით, რომელიც, რამდენადაც ცოდვილი ამქვეყნად სრულიად მოკვეთილი ჯერ კიდევ არ არის, არც გარესკნელია. ასე რომ, გაექეცი უმოწყალობას და ქმენ მოწყალება, როგორც გრძნობითი, ისე უმეტესად სულიერი, და ასაზრდოე ქრისტე, მოშიებული ჩვენი ხსნისათვის. უკეთუ შენ იმას აჭმევ და ასმევ, ვისაც მოძღვრება შია და სწყურია, ქრისტეს აჭმევ და ასმევ, რადგან ქრისტიანის რწმენა ქრისტეა, ხოლო რწმენა მოძღვრებით საზრდოობს და იზრდება. ასევე: უკეთუ ნახავ ვინმეს, ზეციური სამშობლოსაგან გაუცხოებულს, თან წაიყვანე, ანუ ზეცაში მასთან ერთად შენც ადი და ისიც შეიყვანე, რათა სხვათათვის მქადაგებელი თვითონ არ დარჩე უღირსად; უკეთუ ვინმემ უხრწნელი სამოსელი განიძარცვა, რომელიც ნათლისღებით ებოძა და გაშიშვლდა, შემოსე და უძლური იგი სარწმუნოებითა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, შეიწყნარე (რომ. 14.1). საპყრობილეში ამ ბნელ სხეულსა შინა, ჩამწყვდეული ინახულე და ვითარცა რაღაც ნათელი, შეგონება მიუძღვენი. ყველა ეს სახე სიყვარულისა ხორციელად, უმეტესად კი, სულიერად აღასრულე; რადგანაც ჩვენ ორი ნაწილისაგან - სულისა და სხეულისაგან შევდგებით, საქმეთა აღსრულებაც ორგვარადაა შესაძლებელი.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24
თავი 25 თავი 26 თავი 27 თავი 28