1-2. და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა. - ნახე, როგორ შეიპყრო ყველანი ეშმაკმა და დაარწმუნა, რომ იმ დღეებში მოეკლათ, რომელთა განმავლობაშიც სხვა ცოდვათა გამო მრავალი მსხვერპლისა და ძღვენის შეწირვა ჰმართებდათ - უმანკოებისა და სიწმინდის დღეებში. მათ კი ქრისტე შეკრეს და მმართველთან - პილატესთან მიიყვანეს, რომელიც პონტოდან იყო, მაგრამ რომაელთა ქვეშევრდომი და მათ მიერ წარგზავნილი იუდეას მმართველად. მათ პილატეს ქრისტე, ვითარცა ჭეშმარიტი მეამბოხე და მეფის წინააღმდეგ ბოროტგანმზრახველი, ისე გადასცეს.
3-5. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა. - იუდამ დაფიქრება იმაზე, რაც მოხდა, დააგვიანა და თუმცა მოინანია, მაგრამ არასწორად: რომ შეიგნო, კარგია, მაგრამ თავის ჩამოხრჩობა ეშმაკის საქმეა. ვერ გადაიტანდა რა მომავალში გაკიცხვას, სიცოცხლე თვითონ მოისწრაფა, მაშინ, როცა უნდა ეტირა და ვინც გასცა, იმისთვის შეწყალება ეთხოვა. ზოგიერთები ამბობენ, ვერცხლისმოყვარე იუდამ იფიქრა, რომ ქრისტეს გაცემით ვერცხლსაც მოიგებდა და არც ქრისტე მოკვდებოდა და ისევე, როგორც სხვა დროს, იუდეველებს თავს ახლაც დააღწევდა. მაგრამ როცა ნახა, რომ ქრისტე გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს, შეინანა, რადგან საქმე ისე არ გამოვიდა, როგორც ვარაუდობდა. და თავიც თითქოს იმიტომ ჩამოიხრჩო, რომ ჯოჯოხეთში იესოსათვის შეესწრო, შეწყალებას შევედრებოდა და ხსნა მიეღო. ესეც იცოდე: იუდამ ყელზე ყულფი ჩამოიცვა და თავი რომელიღაც ხეზე ჩამოიკიდა, მაგრამ ხე მოიხარა და იგი ცოცხალი გადარჩა, რადგან ღმერთმა მისი გადარჩენა ან იმისთვის ინება, რომ მოენანიებინა, ან კიდევ იმისთვის, რომ დასაცინი და სათრევი გამხდარიყო; რადგან, ამბობენ, წყალმანკით დაავადდა და ისე გასივდა, რომ იქაც ვეღარ ეტეოდა, სადაც ურემი თავისუფლად გადიოდა, ხოლო შემდეგ პირქვე ისე დაენარცხა, რომ გაიგლიჯა ანუ "განსთქდა", როგორც ამას ლუკა ამბობს "მოციქულთა საქმეში" (საქმე 1.18).
6-10. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმიდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს. და ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მითა აგარაკი იგი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა. ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მოვიღე ოც და ათი იგი ვეცხლი, სასყიდელი განსყიდულისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაჱლისათა, და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან. - კორბანს ტაძრის საგანძურს უწოდებდნენ, რომელშიც ღმრთისთვის მიძღვნილ შესაწირავს ათავსებდნენ. ნახე, ღმერთმა როგორ უგუნურებად აქცია ისინი, ისე რომ, მათი მკვლელობით წაბილწული ზრახვა საქვეყნოდ მჟღავნდება. ვიდრე აქა დღედმდეო, - ამბობს, - იმ მინდორს სისხლიანი მინდორი ეწოდება, რათა ყველას ახსოვდეს, რომ მათ უფალი მოკლეს. ესეც იცოდე, რომ სტუმართმოყვარეობა საზრუნავად იუდეველებსაც ჰქონიათ, რადგან უცხოელთათვის სასაფლაოდ მინდორი უყიდიათ. სირცხვილი ჩვენ, რომელნიც ვფიქრობთ, რომ სრულყოფილი ცხოვრებით ვცხოვრობთ, უცხო მწირთ კი უგულებელვყოფთ. სასყიდელი განსყიდულისაჲ, რა თქმა უნდა, ქრისტეს ფასზეა ნათქვამი. თუმცა იგი ფასდაუდებელი იყო, მაგრამ ისრაელის შვილებისაგან იქნა შეფასებული, ანუ ფასი ისრაელის შვილებმა დაადეს, შეუთანხმდნენ რა იუდას, რომ ოცდაათ ვერცხლს მისცემდნენ.
11-14. ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ იტყჳ. და შესმენასა მას მღდელთ-მოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო. მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ? და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად. – იესო პილატესთან როგორც სამოქალაქო დანაშაულში ბრალდებული ისე მიიყვანეს, ამიტომაც ეკითხება, ხომ არ წამოიწყო მან შფოთი და ხომ არ ჰქონდა მცდელობა იუდეველებზე გამეფებულიყო? ხოლო იესო ეუბნება: შენ იტყჳ; და მან ფრიად ბრძნული პასუხი გასცა, რადგან არც ის უთხრა, არ ვარო და არც ის - ვარო, არამედ შუალედურად უპასუხა: შენ იტყჳ; და ეს, შეიძლება, ასეც გავიაზროთ: ვარ, რადგან შენ ასე ამბობ, და ასეც: მე კი არ ვამბობ ამას, არამედ შენ. სხვა არაფერი უპასუხია, რადგანაც ხედავდა, რომ სასამართლო წესით და რიგით არ მიდიოდა. პილატეს უკვირდა უფლისა, ერთი მხრივ იმიტომ, რომ სიკვდილს არაფრად აგდებდა, ხოლო მეორე მხრივ იმიტომ, რომ, თუმცა მჭევრმეტყველი იყო და თავის გასამართლებლად ათასი რამის წარმოდგენა შეეძლო, ბრალმდებლებს არა თუ არ პასუხობდა, არამედ ზედაც არ უყურებდა. აქედან ჩვენც უნდა ვისწავლოთ, რომ უკეთუ წამხდარი სასამართლოს წინაშე წარდგომა მოგვიწევს, არაფერი ვთქვათ, რათა უფრო დიდი ხმაური არ გამოვიწვიოთ და არ გავხდეთ მიზეზი უფრო დიდი სასჯელისა, მაშინ, როცა ჩვენს თავის მართლებას არავინ უსმენს.
15-19. ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი, და მიუტევეს ერსა მას ერთი პყრობილი, რომელიცა უნებნ მათ. ხოლო ჰყვა ვინმე მაშინ პყრობილი შესწავებული, რომელსა ერქუა ბარაბა. და ვითარ შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ: ბარაბა ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი. - პილატე შეეცადა დაეხსნა ქრისტე, თუმცა შედარებით სუსტად, ვიდრე მოეთხოვებოდა, რადგან იგი ჭეშმარიტებისათვის მტკიცედ უნდა დამდგარიყო. თავდაპირველად მან უფალს ჰკითხა: არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ? ჰკითხა იმიტომ, რომ უკეთუ ქრისტე თავს გაიმართლებდა, მის გასათავისუფლებლად საბაბი ექნებოდა. მაგრამ უფალმა, რაკიღა კარგად იცოდა, კიდევაც რომ გამართლებულიყო, მაინც არ გაუშვებდნენ, თავი არ იმართლა. პილატე სხვა გზას დაადგა, სახელდობრ, ბოლოს ადათს მიმართა, თითქოს ამბობდა: "უკეთუ თქვენ ქრისტეს არ გაუშვებთ ვითარცა უდანაშაულოს, დღესასწაულის ხათრით განსჯილი მაინც გაუშვით". რამეთუ საიდან უნდა ეფიქრა პილატეს, რომ ჯვარზე გასაკრავად უდანაშაულო ქრისტეს მოითხოვდნენ, ხოლო დამნაშავე ავაზაკს გაუშვებდნენ? ამგვარად, იცოდა რა, რომ ქრისტე დამნაშავე კი არ იყო, არამედ შურდათ მისი, ამიტომაც შეეკითხა მათ, რითაც გამოამჟღავნა, რომ სუსტი იყო, მაშინ, როცა სიკეთისათვის თავის საფრთხეში ჩაგდებაც კი ჰმართებდა. ამიტომ, ვითარცა დამფარავი სიმართღისა, განსჯას ისიც იმსასურებს. ბარაბა ითარგმნება როგორც ძე მამისა, რადგან ბარ ძეს ნიშნავს, აბბა კი - მამას. ამგვარად, იუდეველებმა თავიანთი მამის, სატანის ძე გამოითხოვეს, ხოლო იესო ჯვარს აცვეს. და ვიდრე აქამომდე ისინი ძეს თავიანთი მამისა - ანტიქრისტეს ეტმასნებიან, ქრისტეზე კი უარს ამბობენ.
19-26. და ვითარცა დაჯდა პილატე საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და ჰრქუა მას: არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა გამოითხოონ ბარაბა, ხოლო იესუ წარწყმიდონ. მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: ბარაბა. ჰრქუა მათ პილატე: რაჲ უკუე იყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარს-ეცჳნ. ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ. ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისასა, თქუენ იხილეთ. და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა. მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. - ჰოი საოცრებავ! პილატესაგან განსჯილმა მისი ცოლი შეაშინა. თვითონ კი არ ნახა სიზმარი, არამედ ცოლმა, ან იმიტომ, რომ თვითონ უღირსი იყო, ან კიდევ იმიტომ, რომ მას არ დაუჯერებდნენ და იფიქრებდნენ: ამას იესოსადმი მიკერძოების გამო ამბობსო. კიდევაც რომ ენახა, მაინც ვერ იტყოდა, რადგან მსაჯული იყო. სიზმარი განგებულების საქმეა, მაგრამ იგი პილატეს ცოლს იმიტომ კი არ ეჩვენა, რომ ქრისტე განთავისუფლებულიყო, არამედ, რათა თვითონ გადარჩენილიყო. და პილატემ ქრისტე რატომ არ გაათავისუფლა? რადგან მისი გაშვება, როგორც სამეფო ხელისუფლების მიტაცებაში ბრალდებულისა, პილატესათვის უსაფრთხო როდი იქნებოდა. მაგრამ მას მტკიცებულებანი უნდა მოეთხოვა, კერძოდ, ხომ არ იკრებდა თავის გარშემო მეომრებს და იარაღს ხომ არ ამზადებდა, მაგრამ იგი, ვითარცა ზერელე და სუსტი, განზე გადგა. მას არ შეენდობა იმიტომაც, რომ, როცა მისგან საქვეყნოდ ცნობილი ბოროტმოქმედი მოითხოვეს, მისცა, ხოლო ქრისტეს შესახებ იკითხა: - რაჲ უკუე უყო იესუს? რითაც სამსჯავროს უფროსებად იუდეველები აქცია, მაშინ, როცა უფროსი თვითონ იყო და შეეძლო იესო მათთვის გამოეტაცა ისე, როგორც ათასისთავმა პავლე გამოსტაცა (საქმე 21.31). ჯუარს-ეცჳნ, - ამბობენ იუდეველები, რომელთაც არა მხოლოდ მისი სიკვდილი სურდათ, არამედ ბოროტმოქმედებაში ბრალის დადებაც, რადგან ჯვარი ბოროტმოქმედთა დასასჯელად იყო დადგენილი. ხელებს იბანს, რათა აჩვენოს, რომ თვითონ სიძულვილისაგან განწმენდილია. ცუდად აზროვნებს: ქრისტეს თან მართალი უწოდა და თანაც მკვლელებს გადასცა. სასჯელი მკვლელობისათვის იუდეველებმა თავიანთ თავზე აიღეს, რომელმაც მოაწია მათზე: რომაელებმა ისინიცა და მათი შვილებიც ამოწყვიტეს. სხვათა შორის, იმ ებრაელების შთამომავლებს, რომელთაც უფალი მოკლეს, მისი სისხლი დღემდე ადევთ, უფლის ურწმუნოებისა გამო ყველასგან იდევნებიან და ამის გამო დევნილთ არც შეწყალება აქვთ. პილატემ აცემინა იესო, ანუ გააშოლტინა, ან იმიტომ, რომ იუდეველნი გაეხარებინა, ან კიდევ საჩვენებლად იმისა, რომ იგი თვითონაც დასაჯა და ჯვარზე უკვე არა უდანაშაულო კაცი გაეკვრებოდა, არამედ პატივაყრილი. ასე ასრულდა წინასწარმეტყველება: ბჭენი ჩემნი მე მივეც წყლულებად (ეს. 50,6).
27-30. მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი. და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგინეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა. - მაშინ ასრულდა სიტყვა დავითისა: საყუედრელად უგუნურსა მიმეც მე (ფს. 38.8). რადგან მეომრები უგენურნი იყვნენ და ისე იქცეოდნენ, როგორც შეეფერებოდათ: ვითარცა მეფე, პორფირის ნაცვლად ქლამინდით2 შემოსეს, ნაცვლად სკიპტრისა ლერწამი მისცეს, ხოლო დიადემის მაგივრად - ეკლის გვირგვინი; დაცინვით თაყვანს სცემდნენ, რადგანაც მუხლის მოყრა თაყვანისცემის ნიშანია. ნახე, როგორ გამოიყენეს აბუჩად აგდების ყოველი ხერხი! სახე ფურთხით შეუგინეს, თავი - გვირგვინით, ხელები - ლერწმით, დანარჩენი სხეული - ქლამინდით, ხოლო ყურები - ბილწი სიტყვებით. მაგრამ ყოველივე ეს, რასაც აკეთებდნენ, შენ ამასთან ერთად ქრისტეს მიერ აღსრულებულ საიდუმლოდაც მოიაზრე: მეწამული ქლამინდი ჩვენს ბუნებას აღნიშნავდა, რომელიც ქრისტემ, როცა ის სისხლით შეღებილი და მკვლელობისკენ მიდრეკილი იყო, მაშინ შეიწყნარა და შეიმოსა რა მისით, განწმინდა. ეკლის გვირგვინი - ცხოვრებისეულ საზრუნავთაგან მომდინარე ცოდვებია. ისინი ქრისტემ, თავისი ღმრთეებრიობით, რაზეც მასში თავი მიანიშნებს, გააცამტვერა. ლერწამი ჩვენი უძლური და ხრწნადი სხეულის სიმბოლოა; რომელიც ქრისტემ, როგორც ამას დავითი ამბობს, აღამაღლა: მარჯუენემან უფლისამან ამამაღლა მე (ფს. 117.16); ხოლო მიიღო რა ყურებით მკრეხელური სიტყვები, უფალმა გველის სისინისაგან განკურნა, რომელიც ევას სასმენელთა მეშვეობით შემოვიდა.
31-32. და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქალმინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან. და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ. ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი. - სამი მახარებელი ამბობს, რომ იესოს ჯვარი სიმონს მიჰქონდა, იოვანეს თქმით კი, იგი თვითონ უფალმა ზიდა. როგორც ჩანს, ორივე მოხდა, რადგან ჯვარი პირველად იესოს მიჰქონდა და მისი ზიდვა არავინ ისურვა. ხოლო შემდეგ, გზაში სიმონი იპოვეს და იგი მას დაადეს (აჰკიდეს): შენ კი ესეც იცოდე, რომ სიმონი მორჩილად ითარგმნება. ამგვარად, ქრისტეს ჯვარს ის აღიღებს, ვისაც მორჩილება აქვს. კვირინე ადრე პენტაპოლისი3 იყო და იმ ხუთ გრძნობას აღნიშნავს, რომელთაც ჯვრის აღება ჰმართებთ.
33-37. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული. და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას. და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ. - თხემისა ადგილი იმიტომ ეწოდებოდა, რომ მამათა გადმოცემის მიხედვით, იქ ადამი იყო დაკრძალული. როგორც ჩვენ ყველანი ადამში მოვკვდით, ასევე ქრისტეში უნდა გავცოცხლდეთ. ნუ შეგაშფოთებს, როცა მახარებლებს მოუსმენ, რომელთაგან მათე ამბობს, რომ უფალს ძმარი და ნაღველი მიუტანეს, მარკოზის თქმით - შემურვილი ღვინო4, ხოლო იოვანეს მიხედვით - უსუპით ძმარი და ნაღველი, რადგან მრავალთაგან მრავალი რამ ხდებოდა, როგორც ეს უწესრიგო ბრბოს სჩვევია და ყველა სხვადასხვაგვარად იქცეოდა. როგორც ჩანს, ერთმა რომ ღვინო მიუტანა, მეორემ ძმარი - ნაღველთან ერთად. სიკვდილისათვის მრავალი საშუალება არსებობს, მაგრამ ქრისტე ჯვარზე მოკვდა, რათა ხეც განეწმინდა, რომლისგანაც დავიწყევლეთ და ყოველივეც ეკურთხებინა: ზეციურნი, რასაც ჯვრის ზედა ნაწილი აჩვენებს, ქვესკნელისანი, რაზეც კვარცხლბეკი მიანიშნებს, და საზღვრებიც დედამიწისა, როგორც აღმოსავლეთით, ასევე დასავლეთით, რომელზეც ჯვრის გვერდითი ნაწილები მეტყველებენ. და კიდევ: ჯვარზე იმიტომაც მოკვდა, რომ გაშლილი მკლავებით გაფანტული შვილები ღმრთისა მოეხმო და შეეკრიბა. სამოსელი მისი მეომრებმა გაიყვეს, როგორც ღატაკისა, ვისაც სხვა არაფერი გააჩნდა. რასაც სხვა მახარებელი ტიტულუსს უწოდებს, იმას მათემ "ბრალი" უწოდა, რადგან დააწერეს ჯვარს, რის გამოც ეცვა, სახელდობრ: იუდეველთა ზედა გამეფების მცდელობისა და სიახლეთა შემოღებისათვის. "მეფე" მათ ცილისმწამებლურად დააწერეს, მაგრამ ეს დამოწმება სწორია, თუმცა იგი მტრებს ეკუთვნის. უფალი მართლაც მეფეა, ვინც სწორედ იმისთვის მოვიდა, რომ იუდეველები ეხსნა. მაგრამ ვინაიდან ხორციელმა იუდეველებმა მისი მათ ზედა გამეფება არ მოისურვეს, იგი სულიერ იუდეველთა, ანუ მისთა აღმსარებელთა ზედა გამეფდა, რადგან "იუდეველი" აღმსარებელს ეწოდება.
38-44. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთ-მოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა და ფარისეველთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად. უკუეთუ მეუფჱ ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს იგი. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარ-ცუმულნი, აყუედრებდეს მას. - ცილი რომ დაეწამებინათ, ქრისტესთან ერთად ჯვარს ორი ავაზაკიც აცვეს, რათა ისიც, ვითარცა ისინი, დამნაშავედ მიჩნეულიყო. მაგრამ ეს ორი ავაზაკი ორი ხალხის სახეს წარმოადგენდა: იუდეველებისა და წარმართებისა. ისევე როგორც თავდაპირველად ორივე უსჯულო იყო და ქრისტეს ორივე საყვედურობდა, ასევე თავიდან მას ორივე ავაზაკი ლანძღავდა, მაგრამ როგორც ბოლოს ერთმა იცნო იგი, მეფედ აღიარა და შეევედრა: მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა, ასევე აღიარეს ქრისტე წარმართმა ხალხებმაც. მეორე ავაზაკი კი, ანუ იუდეველნი, ღმრთის გმობას განაგრძობდა და ეშმაკის კარნახით ეუბნებოდა: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით, რათა გაღიზიანებული მართლაც გადმოსულიყო და ჯვრით ყოველთა გამოხსნის საქმე დაერღვია. მაგრამ ქრისტე ძე ღმრთისა იყო და მტერს არ დაუჯერა, რათა შენც ისწავლო, რომ ეშმაკის მანქანებას არ დაემორჩილო და თუნდაც ადამიანებს შენს შესახებ ცუდი აზრი ჰქონდეს, მაინც კეთილი საქმენი აკეთო.
45-49. ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ, ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს, ვითარმედ: ელიას უჴმობს ესე. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა მას. ხოლო სხუანი იტყოდეს: აცადეთ, და ვიხილოთ, უკუეთუ ელია მოვიდეს ჴსნად მისა. - დაბნელება ბუნებრივი წესის მიხედვით არ მომხდარა,როგორც მაგალითად, ეს ბუნებრივად ხდება მზის დაბნელებისას. მთვარის მე-14 დღეს დაბნელება მზისა არ შეიძლება მოხდეს, რადგან მისი დაბნელება მთვარის ე. წ. დაბადებას უკავშირდება, როცა მზე ბუნებრივად ბნელდება. რამდენადაც ჯვარცმისას, რომელიც ებრაელთა პასექის დროს მოხდა, მთვარე უეჭველად თოთხმეტი დღისა უნდა ყოფილიყო, ამდენად დაბნელება ბუნებრივად ვერ მოხდებოდა. ამასთან, ეს დაბნელება საყოველთაო იყო და არა ნაწილობრივი, როგორც ამას ეგვიპტეში ჰქონდა ადგილი, რათა ეჩვენებინა, რომ დაბადებული დამბადებლის ტანჯვას თანაუგრძნობს (იზიარებს) და რომ იუდეველებს ნათელი განშორდა; ზეციდან სასწაულის ხილვის მთხოვნელმა იუდეველებმა, დაე, ახლა დაბნელებულ მზეს უყურონ. რადგანაც ადამიანი მეექვსე დღეს შეიქმნა და მეექვსე ჟამზე იხილა გემო ხის ნაყოფისა (რადგან ესაა ჭამის დრო). უფალმაც იგი ახლად შექმნა და დაცემისაგან განკურნა მეექვსე დღესა და მეექვსე ჟამზე, როცა ხეზე მიელურსმნა. წინასწარმეტყველება მან ებრაულ ენაზე წარმოთქვა, რათა ეჩვენებინა, რომ ძველ აღთქმას არ ებრძოდა, ხოლო სიტყვები: რაჲსათჳს დამიტევე მე - იმის საჩვენებლად თქვა, რომ ჭეშმარიტად განკაცდა და არა მოჩვენებითად, რადგან ადამიანს უყვარს რა სიცოცხლე, ბუნებრივი სურვილი აქვს იმისა, რომ იცოცხლოს, ამიტომ, ისევე როგორც ჯვარცმის წინ წუხილითა და დარდით ჩვენთვის დამახასიათებელი ბუნებრივი შიში გვაჩვენა, ასევე ახლაც, როცა ამბობს: რაჲსათჳს დამიტევე მე სიცოცხლისადმი ჩვენს დამახასიათებელ ბუნებრივ სიყვარულს ამჟღავნებს, რადგანაც ჭეშმარიტად კაცი იყო და ყოველმხრივ ჩვენი მსგავსი, გარდა ცოდვისა. ზოგიერთები ამას ასეც მოიაზრებენ, რომ მაცხოვარი, მიიღო რა სახე იუდეველისა, სინამდვილეში ეს თქვა: მამაო, რისთვის მიატოვე იუდეველი ხალხი, რომელმაც ესოდენ დიდი ცოდვა ჩაიდინა და დასაღუპად გაიწირა? ქრისტემ, ვინც იუდეველთაგან წარმოიშვა, ამბობს: დამიტევე მე ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა: რატომ მიატოვე ჩემი ნათესაობა, და ჩემი ხალხი, რომელმაც ამის გამო თავს ასეთი ბოროტება დაიტეხაო. ადამიანებმა უბრალო ხალხიდან, რომელნიც გაუნათლებელნი და წინასწარმეტყველთა წიგნებში განუსწავლელნი იყვნენ, ვერ გაიგეს ეს წამოძახილი რას ნიშნავდა და ჩათვალეს, რომ იგი ილიას უხმობდა, რადგან ყოველმა იუდეველმა როდი იცოდა წინასწარმეტყველთა წიგნებში რა ეწერა, ისევე როგორც ყოველმა ქრისტიანმა არც ახლა იცის სახარება. ძმარი იმიტომ შეასვეს, რომ მანამდე მომკვდარიყო, ვიდრე ელია მის საშველად მოვიდოდა. ამიტომაც თქვეს ზოგიერთებმა: მოიცა, ვნახოთ ელია თუ მოვა მის დასახსნელადო, ანუ ნუ დავაჩქარებთ მის სიკვდილს, რათა გავიგოთ ელია შეეწევა თუ არაო.
50-53. ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული. და აჰა კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად ზეითგან, ვიდრე ქუემდე, და ქუეყანაჲ შეიძრა და კლდენი განსთქდეს, და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთანი წმიდათანი აღდგეს და გამოვიდეს საფლავით მათით და, შემდგომად აღდგომისა მისისა, შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა. - იესომ ხმითა დიდითა მოუწოდა, რათა ვიცოდეთ, რომ, როცა ამბობდა: მაქვს ხელმწიფება დავდვა სული ჩემიო, ეს ხიმართლე იყო და მართლაც, სული თვისი ძალაუფლებით განუტევა. და რა იყო ეს მოწოდება: "მამაო, ხელთა შენთა გადმოვცემ სულს ჩემსას", თუ არა ის, რომ მან სული არა ძალდატანებით, არამედ ნებით განუტევა. ამას ნიშნავს სიტყვა "გადმოვცემ", რომელიც იმასაც გვაჩვენებს, რომ რადგანაც ყოველი საწინდარი უკანვე ბრუნდება, იესო ფიქრობს, კვლავ მიიღოს იგი. მადლობა ღმერთს, რომ იმ დროიდან მოყოლებული, როცა იგი მოკვდა და სული მისი მამის ხელებს გადაეცა, წმინდანთა სულებიც ღმრთის ხელშია და არა ჯოჯოხეთის ჯურღმულთა შინა, როგორც ეს მანამდე იყო, რადგანაც ქრისტეს სიკვდილი ჩვენს მაკურთხეველად იქცა. ამიტომაც მოუწოდა ხმითა დიდითა სიკვდილს, რომელიც რომ არ მიეხმო, მასთან მისვლასაც ვერ გაბედავდა. კრეტსაბმელი (ფარდა) ტაძრისა ტილოსი იყო, რომელიც ტაძრის შუაში ეკიდა და მსგავსად შუასაყარი კედლისა მის შიდა და გარე ნაწილებს ერთმანეთისგან ჰყოფდა. მისი გაპობით ღმერთმა გვაჩვენა, რომ ტაძრის შიდა შეუღწეველი და უხილავი ნაწილი, რომელსაც კრეტსაბმელი ფარავდა, ისე დამცირდებოდა და განადგურდებოდა, რომ ყველასათვის მისაწვდომი და სახილველი გახდებოდა. სხვები კიდევ ფარდის გაპობის სხვა მიზეზებს ასახელებენ. როგორც ისინი ამბობენ, გაპობილი ფარდა სჯულის ასოების, ე. ი. სიტყვა-სიტყვით გაგების გაუქმებას ნიშნავდა და აგრეთვე, იმასაც, რომ ყოეელივე, რაც ადრე სჯულში ასოებით, ვითარცა რაღაც კრეტსაბმელით, იყო დაფარული, გაცხადდებოდა და მანამდე დაფარული და გამოუცნობი ახლა, ქრისტეზე აღსრულებისას, ნათელი გახდებოდა. იმის თქმაც შეიძლება, რომ მსგავსად იუდეველებისა, რომელთაც ჩვევად ჰქონდათ სამოსის შემოხევა ღმრთის გმობის მოსმენისას, ღმრთის ტაძარმაც ასევე შემოიხია სამოსელი თვისი - კრეტსაბმელი თითქოსდა ნიშნად ღმრთის სიკვდილზე გლოვისა. კიდევ შეიძლებოდა მოყვანა იმისა, ვინ რა თქვა, მაგრამ ესეც საკმარისია. მაშინ სტიქიებიც შეირყნენ თითქოსდა დასამოწმებლად იმისა, რომ შემოქმედი ევნებოდა და ამასთან, წარმოსაჩენად საქმეთა ცვლილებისა, რადგანაც წმინდა წერილში მიწისძვრა საქმეთა ცვლილების ნიშნადაა მიჩნეული. ასე მოხდა გადატანა ღმრთის მოხედვისა იუდეველთაგან წარმართებზე. და კლდენი, ანუ ქვის გულები წარმართებისა დასკდნენ და შეიწყნარეს თესლი ჭეშმარიტებისა; და ცოდვათაგან მოკვდინებულნიც აღდგნენ და წმინდა ქალაქში, ზეციერ იერუსალიმსა შინა შევიდნენ და მრავალთ, რომელნიც ფართო გზით დადიოდნენ, გამოეცხადნენ და ამ გამოცხადებით მათთვის კეთილი ცხოვრებისა და მოქცევის პირველსახედ იქცნენ. რადგან ის, ვინც თავდაპირველად ვნებებით მოკვდინებულს, მაგრამ შემდეგ მოქცეულსა და ზეცის წმინდა ქალაქმი შესულს იხილავს, ყოველმხრივ მიბაძავს მას და თვითონაც მოიქცევა. ასე რომ, ყოველივე ეს ფრიად დიდი დახვეწილობითაა მოფიქრებული. შენ კი შეიცან, რომ მკვდართა აღდგომა, რომელიც უფლის ჯვარცმისას მოხდა, ჯოჯოხეთსა შინა მყოფ სულთა განთავისუფლებასაც მოასწავებდა. მკვდრეთით აღმდგარნი მაშინ მრავალს გამოეცხადნენ, რათა ის, რაც მოხდა, მოჩვენებად არ ჩაეთვალათ. მაგრამ ისინი სასწაულისათვის აღდგნენ და ცხადია, რომ ისევ დაიხოცნენ. ზოგიერთები ამბობენ, რომ შემდგომად ქრისტეს აღდგომისა, ესენიც აღდგნენ და აღარ მომკვდარან, მაგრამ არ ვიცი, ეს აზრი უნდა შევიწყნაროთ, თუ არა.
54-56. ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესუს, იხილეს რაჲ ძრვაჲ იგი რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე. იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას. რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ. - სასწაულთა წყალობით, წარმართმა ასისთავმაც ირწმუნა იმათთან ერთად, ვინც იმ დროს იქ იყო. იუდეველები კი, რომელნიც წინასწარმეტყველებსა და სჯულს უსმენდნენ, ურწმუნოებად დარჩნენ. ასეთია ბოროტი მედიდურობა! შემდეგში ეს ასისთავი ქრისტესათვის ეწამა კიდეც. როცა ქალებმა იხილეს, რაც მოხდა, ეს თანაგრძნობის უნარით ყველაზე აღმატებული და გაკიცხული მოდგმა, სიკეთეთა განჭვრეტით ყველაზე ადრე დატკბა. ისინი მამაცურად იდგნენ მაშინაც კი, როცა მოწაფენიც გაიქცნენ. მარიამში - იაკობისა და იოსეს დედაში, მახარებელი ღმრთისმშობელს გულისხმობს, რადგან იაკობი და იოსე იოსების შვილები იყვნენ პირველი ცოლისაგან, რამდენადაც ღმრთისმშობელი იოსების ცოლად იწოდებოდა, შესაბამისად ამისა, იგი მისი შვილების დედადაც, ანუ დედინაცვლადაც მიიჩნეოდა. ზებედეს ძეთა დედას სალომე ერქვა: ამბობენ, რომ ისიც იოსების ასული იყო.
57-61. და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთ, სახელით იოსებ, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა. ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი. და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი არმენაკსა წმიდასა და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა. იყო მუნ მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ, და სხდეს წინაშე საფლავსა მას. - იოსებმა, რომელიც მანამდე არ ჩანდა, ახლა დიდი საქმე გაბედა, მოძღვრის სხეულისათვის სული თვისი დადო და ასე მძიმე ბრძოლა იუდეველებთან თავის თავზე აიღო. ვითარცა დიდი საჩუქარი, პილატემ სხეული ისე მისცა მას, რადგან, რაკიღა ქრისტე, როგორც მეამბოხე, ისე იქნა მოკლული, ამიტომ მისი გვამიც დაუმარხავად უნდა გდებულიყო. მაგრამ იოსები მდიდარი იყო და როგორც ჩანს, პილატეს ოქროც მისცა. როცა მან გვამი მიიღო, გააპატიოსნა და ახალ სამარხსა შინა დაასვენა, სადაც ჯერ არავინ დაეკრძალათ. ესეც ღმრთის განგებულებით მოხდა, რათა შემდგომად უფლის აღდგომისა ვინმეს არ ეთქვა, რომ სხვა მკვდარი აღდგა, რომელიც იქ მანამდე იყო დაკრძალული. ამიტომაც იყო საფლავი ახალი. მარიამ მაგდალენელი და სხვა მარიამი, ანუ ღმრთისმშობელი, რომელსაც მახარებელმა ზემოთ იოსესა და იაკობის დედა უწოდა, საფლავის წინ ისხდნენ და მტრის სიცოფის ჩაწყნარებას ელოდებოდნენ, რათა სხეულს მოხვეოდნენ და მისთვის მირონი ეცხოთ. ამგვარ დედათა შესახებ თქვა ესაიამ: დედანი მომავალი ხილვისაგან მოვედით, რამეთუ არა ერი არს მქონებელი გულისჴმის-ყოფისა (ეს. 27.11). ცხადია, რომ სიტყვებს არა არს მქონებელი გულისჴმისყოფისა იგი იუდეველებზე ამბობს, რომელთაც უფალი ჯვარს აცვეს; ხოლო დედებს მოუწოდებს, დატოვონ ეს უგუნური ხალხი, მოციქულებთან მივიდნენ და მათ აღდგომის შესახებ ახარონ.
62-66. ხოლო ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო. აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი, ვიდრე მესამედ დღედმდე ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა. ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით. ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა. - შაბათ დღეს შაბათს არ უწოდებს, რადგან იუდეველთა ბოროტების მიხედვით თუ განვსჯით, ის არც იყო შაბათი. მაშინ, როცა სჯული ამბობდა, რომ შაბათ დღეს თავისი ადგილიდან არავინ უნდა დაძრულიყო, უსჯულო იუდეველები, ნაცვლად კანონიერი (სჯულისმიერი) კრებისა, უცხოტომელ პილატესთან შეიკრიბნენ. ისინი პილატესთან თავიანთი ბოროტებით აღძრულნი მივიდნენ და საფლავის დაცვა მოითხოვეს. ესეც ღმრთის განგებულებაა, რომ აღდგომა დაბეჭდული და დაცული საფლავიდან მტრების დამოწმებით უნდა მომხდარიყო. გამოკვლევის ღირსია: საიდან იცოდნენ იუდეველებმა, როცა თქვეს რომ იგი მესამე დღეს აღდგებოდა? უფალს ეს პირდაპირ და დაუფარავად არსად უთქვამს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ ეს იონას მაგალითისაგან შეიცნეს, რადგან ქრისტეს ნათქვამი ჰქონდა: მეც ისევე ვიქნები წიაღსა შინა მიწისა, როგორც იონა იყო სამი დღე ვეშაპის მუცელში (მათე 12.40). ან კიდევ ამ სიტყვებიდანაც: დაარღვიეთ ტაძარი ესე, მაშინ ისინი ვერ მიხვდნენ, რა თქვა და ჩათვალეს, რომ ამას იუდეველთა ტაძრის შესახებ ამბობდა და ამის გამო ბრალიც კი დასდეს. ახლა კი, როცა შეიცნეს, რომ ტაძარს საკუთარ სხეულს უწოდებდა, დაშინდნენ და მაცდური უწოდეს, რომელიც ბოროტებას სიკვდილის შემდგომაც კი არ თმობდა. დასს6 რომაელები მცველებს უწოდებდნენ; აქედან გამომდინარე, მახარებელი დასს საფლავის მცველებად დადგენილ მეომრებს უწოდებს.
--
1 - ο κορβαν და κορβανας ებრაული სიტყვაა და ტაძრის განძთსაცავს ეწოდებოდა. გიორგი მთაწმინდელი მას "სიწმიდედ " თარგმნის.
2 - χλαμύς, ύδος მეომართა მოსასხამს ეწოდებოდა.
3 - ბერძნულად ხუთქალაქს ნიშნავს.
4 - ზეთი და ღვინო ერთად, რომელსაც ნაღველის გემო აქვს.
5 - ლათინურად წარწერას ნიშნავს.
6 - დედნის κουστωδία-ს ლათინური ენიდან მომდინარეობს, სადაც kustodia დაცვას, შეიარაღებულ მაშველთა რაზმს ნიშნავს. გიორგი მთაწმინდელმა ამ სიტყვას ქართულად დასი მიუსადაგა.