ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მათეს სახარების განმარტება

 

თავი ოცდამესამე

1-3. მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან. - როცა უფალმა ფარისევლებს პირი დაუყო (დაადუმა) და მათი განუკურნებელი სნეულებანი წარმოაჩინა, საუბარი უკვე მათზე, მათს ცხოვრებასა და მოქალაქეობრივ ყოფაზე დაიწყო. იგი მსმენელებს შეაგონებს, არ შეურაცხყონ მოძღვარნი, თუნდაც ისინი ბიწიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ამასთან, იმასაც აჩვენებს, რომ თვითონ, არა თუ წინააღმდეგია მოსეს სჯულისა, არამედ, პირიქით, სჯულის მცნებათა აღსრულება სურს, თუმცა კი მოძღვარნი უღირსნი არიან. იგი ამბობს, რასაც მოძღვარი გეუბნებათ, ჩათვალეთ, რომ მოსე, უფრო ზუსტად კი, ღმერთი გეუბნებათ. შენ იკითხავ: ნუთუ ყოველივე, რასაც ისინი ამბობენ, უნდა გავაკეთოთ, ცუდიც რომ იყოს? ამაზე გიპასუხებ: ჯერ ერთი, მოძღვარი ისე არასდროს გაკადნიერდება, რომ ვინმე ბოროტებისაკენ მიაქციოს და მეორეც: კიდევაც რომ დავუშვათ არსებობა მოძღვრისა, ვინც ადამიანებს ბოროტი ცხოვრებისაკენ მიდრეკს, ასეთი არც მოსეს საყდრიდან და არც სჯულის სახელით არ ილაპარაკებს. მაგრამ უფალი იმათ შესახებ საუბრობს, რომელნიც მოსეს ტახტზე სხედან ანუ სჯულის მასწავლებელნი არიან. ამრიგად, საღმრთო სჯულის მოძღვართა მოსმენა მაშინაც კი საჭიროა, როცა თვითონ ისინი მას არ ასრულებენ.

4-5. რამეთუ შეკრიან ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი. და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩვენებელად კაცთა; განივრცნიან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი. - ფარისეველნი მძიმე ტვირთს ადამიანებს იმით ადებდნენ, რომ მათ სჯულის წვრილმანსა და ძნელად შესასრულებელი წესების (მითითებების) აღსრულებას აიძულებდნენ. გარდა ამისა, ისინი სჯულის დადგენილებათა სიმძიმეს, რაღაც თავიანთი გადმოცემებით, რომელიც სჯულში არ იყო, კიდევ უფრო ამძიმებდნენ, თვითონ კი თითსაც არ ანძრევდნენ, ანუ არა თუ არაფერს არ აკეთებდნენ, არამედ ამ მძიმე ტვირთთან მიახლოებასაც კი ვერ ბედავდნენ. უკეთუ მოძღვარი არა მხოლოდ ასწავლის, არამედ თვითონაც იმას აკეთებს, რასაც ასწავლის, იგი ამავე დროს, მოწაფეთა თანამტვირთველად და თანამოსაგრედ გვევლინება, ხოლო უკეთუ მოწაფეს ტვირთს ადებს, თვითონ კი არაფერს აკეთებს, ამით ტვირთს კიდევ უფრო უმძიმებს, აჩვენებს რა თავისი დაუდევრობით, რომ შესრულება იმისა, რასაც ამბობს, შეუძლებელია. ამგვარად, უფალი ფარისევლებს იმაში ამხელს, რომ მათ თანამოსაგრეობა და თანატვირთვა მცნებათა სიმძიმისა არ სურდათ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კარგს არაფერს აკეთებდნენ, თავი ისე ეჭირათ, თითქოს აკეთებდნენ. რამდენადაც ისიც, რასაც აკეთებდნენ, თავის მოსაჩვენებლად ჰქონდათ გაკეთებული, ამიტომ საზღაურიც წაერთმეოდათ. მაშ, როგორი სასჯელის ღირსნი არიან ისინი, რომელნიც არაფერს აკეთებენ, მაგრამ ვითარცა მკეთებლებს, განდიდება სურთ? და მაინც რას აკეთებდნენ? განივრციან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი. - ეს რაღას ნიშნავდა? სჯულში მითითებული იყო: "შეიბით ხელთა თქვენთა ზედა და იყოს შეუძრველად წინაშე თვალთა თქვენთა". თანახმად ამისა, ორ პერგამენტზე, ანუ ქარტიაზე იუდეველები სჯულის ათ მცნებას წერდნენ, რომელთაგან ერთს შუბლზე იმაგრებდნენ, ხოლო მეორეს მარჯვენაზე იკიდებდნენ. ხოლო ზედა სამოსის (მოსასხამის) ბოლოს მუქი წითელი ან ალისფერი ძაფისაგან სახიან ნაქარგობას უკეთებდნენ. ეს სჯულში იმიტომაც იყო მითითებული, რომ მათ შემხედვარეთ მცნებანი ღმრთისა არ დავიწყებოდათ, მაგრამ ღმერთს ამ წესის შესრულება კი არ სურდა, არამედ ხელზე დამცველის ქონა იმას ნიშნავდა, რომ მცნებათა აღსრულება იყო საჭირო, ხოლო ალისფრად მოქარგული კიდე იმაზე მიანიშნებდა, რომ ოდესმე ჩვენ ქრისტეს სისხლით უნდა აღვბეჭდილიყავით. ფარისეველნი კი საცავებსა და მოსასხამის ბოლოებს იმიტომაც იდიდებდნენ, რომ ყველას, ვისაც კი ისინი თვალში მოხვდებოდა, სჯულის დამცველებად მოჩვენებოდნენ.

6-7. უყუარს ზემოჯდომაჲ სერსა ზედა და პირველდაჯდომაჲ შესაკრებელსა შორის და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, და რაჲთა ხადოდიან კაცნი: რაბი, რაბი! - აჰა, რას ამბობს უფალი! ეს რომ უყვართ, ფარისეველნი უკვე ამიტომაც განისჯებიან. ხოლო უკეთუ მხოლოდ ზემოჯდომის სიყვარულისთვისაც კი გაიკიცხებიან, სხვა დანარჩენი საქმეებისთვის, რისი ღირსი აღმოჩნდებიან? უყვართ პირველდაჯდომაჲ შესაკრებელთა შორის! - ის, სადაც სიმდაბლეს სხვებსაც უნდა ასწავლიდნენ, თავიანთ მანკიერებას წარმოაჩენენ. ყველაფერს აკეთებენ განდიდებისათვის და ამგვარ საქმეთა ჩამდენთ არა თუ რცხვენიათ, არამედ, პირიქით, ისიც კი სურთ - რაბი, რაბი ანუ მოძღვარნი უწოდონ.

8-12. ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ. და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა. ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ. ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს. - ქრისტე იმას კი არ კრძალავს, რომ ვინმე მასწავლებლად იწოდებოდეს, არამედ კიცხავს იმათ, რომელთაც დაჟინებით სურთ, ასე იწოდებოდნენ და ამ წოდების მოპოვებისათვის ყოველგვარ საშუალებას მიმართავენ. მოძღვრის ღირსება, საკუთარი მნიშვნელობით, მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. ასევე, როცა ამბობს: მამით ნუვის ხადით - მშობლების პატივისცემას კი არ გვიშლის, რადგანაც, პირიქით, სურს, რომ მშობლებს, განსაკუთრებით კი სულიერ მამებს, პატივი მივაგოთ, არამედ ამ სიტყვებით ჭეშმარიტი მამის ანუ ღმერთის შეცნობამდე ავყავართ, რადგანაც მამა, საკუთარი მნიშვნელობით, ღმერთია. ხორციელი მშობლები მიზეზნი კი არ არიან ჩვენი შობისა, არამედ მხოლოდ თანამოქმედნი და თანამიზეზნი ღმრთისა. გვიჩვენებს რა სიმდაბლის სარგებლობას, გვესაუბრება, გვეუბნება, რომ თქვენს შორის დიდი უმდაბლესი და მსახური უნდა იყოსო. ვინც თავს აღიმაღლებს და რაღაცით დიდად წარმოიდგენს, იგი ღმრთისგან დამდაბლებული და მიტოვებული იქნება.

13. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი. - ორგულებს უწოდებს მათ, რადგანაც თუმცა თავს ღმრთისმოსავებად წარმოადგენდნენ, მაგრამ არაფერს ღმრთისმოსაობისთვის შესაფერისს არ აკეთებდნენ, არამედ, სჭამდნენ რა ქვრივთა ქონებას, ამ მიზეზით განგრძობილად ანუ ხანგრძლივად ლოცულობდნენ. ისინი ცრუნი იყვნენ, გულწრფელებს დასცინოდნენ და ძარცვავდნენ მათ. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი, ანუ იმისათვის, რომ ქვრივებს ყველაფერს უჭამდნენ. ნაცვლად იმისა, რომ მხარში ამოდგომოდნენ და გაჭირვებაში ხელი გაემართათ; ან სხვაგვარად: ისინი მკაცრად იქნებიან განსჯილნი იმისთვის, რომ კეთილი საქმის - ლოცვის საბაბით, ბოროტებას სჩადიან და ქვრივთა ქონებას ჭამენ. ყველაზე დიდ სასჯელს იმსახურებს ხომ ის, ვინც სიკეთის ნიღბით ბოროტებისათვის აცდუნებს.

14. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჰჴშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად. - არა მხოლოდ თქვენ ხართ ურწმუნონი და ბიწიერად მცხოვრებნი, - ეუბნება მათ მაცხოვარი, - არამედ სხვებსაც ასწავლით, არ ირწმუნონ ჩემი და მაგალითით თქვენი ცხოვრებისა, ღუპავთ. ჩვეულებრივ, ხალხი მმართველებს ბაძავს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხედავს, რომ ისინი ბოროტებისკენ არიან მიდრეკილნი. ამიტომაც ყოველი მოძღვარი და მმართველი უნდა უკვირდებოდეს, რა სარგებელი მოაქვს, და ვაი იმას, ვინც თავისი ცხოვრებით სხვებს სიკეთის გზაზე ეღობება.

15. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ თქუენსა. - თქვენ არა მარტო იუდეველებს რყვნითო, - ეუბნება, - არამედ იმათაც, რომელნიც კერპთმსახურებიდან იუდეურ ღმრთისმსახურებაზე მოიქცნენ და რომელთაც პროზელიტები ვუწოდეთ. ცდილობთ, რომ ვინმე იუდეური ცხოვრების წესზე მოაქციოთ და წინადაცვითოთ, მაგრამ რაჟამს იგი იუდეველი ხდება, იღუპება, თქვენი ბიწიერებისაგან დასნებოვნებული. ნაშობ გეჰენიისა - ეს არის კაცი, რომელიც გეჰენიას სულიერად ენათესავება და ამდენად ღირსია მის ცეცხლში დაწვისა.

16-22. ვაჲ თქუენდა, წინამძღუარნო ბრმანო, რომელთა სთქუთ, ვითარმედ: რომელმან ფუცოს ტაძარსა ამას, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერ-არს. ცოფნო და ბრმანო, რომელი უფროჲს არს: ოქროჲ ანუ ტაძარი, რომელი განსწმედს ოქროსა მას? და სთქუათ: რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს შესაწირავსა მას, რომელ არს საკურთხეველსა ზედა, ჯერ-არს. ცოფნო და ბრმანო, რომელი უდიდეს არს: შესაწირავი ანუ საკურთხეველი, რომელი განსწმედს შესაწირავსა მას? რამეთუ რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცავს მას და ყოველსა, რომელი არს მას ზედა. და რომელმან ფუცოს ტაძარსა, ფუცავს მას და რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა. და რომელმან ფუცოს ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა. - უფალი ბრმებს უნოდებს მათ, რადგანაც არ სურთ სწავლა იმისა, რაც უნდა ისწავლონ. იმას, რაც უმნიშვნელოა, პატივს მიაგებენ, ხოლო რაც მართლა პატივის ღირსია, არაფრად აგდებენ. ისინი თვითონ ტაძარს მასში არსებულ ოქროს, ქერუბიმებსა და ოქროს ბარძიმს ამჯობინებენ. ამიტომაც ასწავლეს მრავალთ, რომ მთავარია დაფიცება არა ტაძრისა, არამედ ოქროსი, რომლითაც ტაძარია შემკული, მაშინ, როცა ეს ოქრო მხოლოდ იმით იყო პატივდებული, რომ ტაძარში იდვა. მსგავსად ამისა, იმასაც ამბობდნენ, რომ შესაწირავი, რომელიც საკურთხეველზე დევს, საკურთხეველზე უფრო პატივდებულია. ამრიგად, ფარისეველთა სწავლებით, უკეთუ ვინმე ოქროს ჭურჭელს, სამსხვერპლოდ მიყვანილ მოზვერს ან ვერძს დაიფიცებდა და შემდეგ ფიცს დაარღვევდა, მათი საფასურის გადახდით ისჯებოდა. საკურთხეველს ისინი შესაწირავს იმიტომაც ამჯობინებდნენ, რომ მისგან მოგებას იღებდნენ. ხოლო უკეთუ ფიცს ის დაარღვევდა, ვისაც ტაძარი ჰქონდა დაფიცებული, რამდენადაც ტაძრის ტოლფასი რამის შექმნას ვერ შეძლებდა, ამიტომაც საფასურისაგან თავისუფლდებოდა. ასე რომ, ფარისეველთა ანგარებისმოყვარეობის გამო ტაძრის დაფიცება უფრო უმნიშვნელოდ ითვლებოდა. ქრისტე ძველი აღთქმისეული მსხვერპლისათვის საკურთხეველთან შედარებით უპირატესობის მინიჭებას კრძალავს, ჩვენთან კი (ქრისტიანებთან) საკურთხეველი შესაწირავთაგან იკურთხება. ღმრთეებრივი მადლით პური უფლის ხორცად გარდაიქმნება, რომლითაც სამსხვერპლო ან საკურთხეველი იკურთხება.

23-24. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოჲსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-იყო საქმედ და იგი არა დატევებად. წინამძღუარნო ბრმანო, რომელი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანსთქამთ! - კვლავ კიცხავს მათ, ვითარცა უგუნურებს იმის გამო, რომ მცნებათაგან რაც მნიშვნელოვანია, იმას არაფრად აგდებდნენ, ხოლო უმნიშვნელოთა დაცვას კი ზუსტად ცდილობდნენ. მაგალითად, არ გამორჩებოდათ შეწირვა ძირაკის მეათედისა, ხოლო უკეთუ ვინმე ამგვარი დაწვრილმანებისათვის გაკიცხავდა, მყისვე უპასუხებდნენ, რომ ამას სჯული მოითხოვდა. უმჯობესი და ღმრთისთვის უფრო სათნო კი ის იქნებოდა, რომ ხალხისაგან სამართალი, წყალობა და სარწმუნოება მოეთხოვათ. და სამართალი რაღა არის? არა ქმნა უსამართლობისა და უგუნურებისა, არამედ ყოველივეს განსჯა გონივრულად. ამგვარ განსჯას მყისვე წყალობა მოსდევს, რადგან ვინც ყოველივეს სამართლიანად აკეთებს, მან ისიც იცის, ვინ უნდა შეიწყალოს, მოწყალებას კი რწმენა მოჰყვება. მოწყალე სრულიად დარწმუნებულია, რომ არაფერს კარგავს, არამედ ყოველივესთვის ჯილდოს მიიღებს. ვართ რა მოწყალენი, ჭეშმარიტი ღმერთის რწმენაც უნდა გვქონდეს, რადგან მოწყალენი წარმართთა შორისაც მრავლად იყვნენ, მაგრამ არ ჰქონდათ რწმენა, რომელიც წყალობას მოსდევს. ყოველ მოძღვარს მისი ხალხისაგან ათეული ანუ ათი გრძნობიდან - ხუთი ხორციელისა და ხუთი სულიერისაგან - სამართალი, წყალობა და რწმენა უნდა მოეთხოვა. "ესე ჯერ იყო საქმედ", - ამბობს უფალი, არ უბრძანებია რა ამით მიცემა ბოსტნეულის მეათედისა, მაგრამ არც იმის საბაბს იძლევა, რომ ბრალი დასდონ, მოსეს საწინააღმდეგოდ ასწავლისო. ბრმა წინამძღვრებს უწოდებს მათ იმის გამო, რომ, თუმცა თავს განსწავლულობით იქებდნენ და ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ყველასათვის არა მხოლოდ უსარგებლონი იყვნენ, არამედ უბიძგებდნენ რა ურწმუნოების უფსკრულისაკენ, მრავალს ღუპავდნენ კიდეც. როგორც უფალი ამბობს, ისინი ბურნაკს (კოღოს) წურავდნენ, ანუ უმცირესი ცოდვაც კი არ გამოეპარებოდათ, ხოლო აქლემს ნთქავდნენ, ანუ დიდ ცოდვებს ვერ ამჩნევდნენ და თვალს არიდებდნენ.

25-26. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა. ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა. - იცავდნენ რა უხუცესთა გადმოცემებს, ფარისეველნი სასმისებსა და ჭურჭელს ანუ თეფშებს, რომლითაც საჭმელი მოჰქონდათ, რეცხავდნენ, მაგრამ ამავე დროს ღვინო და საჭმელი, რომელსაც სვამდნენ და ჭამდნენ, მიტაცებული ჰქონდათ, რაც მათ შინაგანად აუწმინდურებდა. ნუ შეიძენ ღვინოს, - გვეუბნება მაცხოვარი, - უსამართლობით და მაშინ სასმისი შიგნითაც სუფთა იქნება. გადატანითი მნიშვნელობით იგი მართლაც სასმისებსა და თეფშებზე კი არ საუბრობს, არამედ ხორციელ - გარეგნულსა და შინაგან - სულიერ მხარეებზე ადამიანისა. შენ, - გვეუბნება უფალი, - ცდილობ გარეგნობა კეთილქმნული გქონდეს, მაშინ როცა შინაგანი, რამდენადაც მტაცებლობ და შეურაცხყოფ, ბიწით გაქვს სავსე. ჯერ შინაგანად ანუ სულიერად უნდა განიბანო, რათა სიწმინდით სულისა მასთან ერთად გარეგნული მშვენიერებაც გაბრწყინდეს.

27-28. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა. ეგრეცა თქუენ გარეშე სჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა. - ამ შედარებასაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც წინას ჰქონდა. ფარისეველნი რიგიანად წარმოჩენას გარეგნული საქციელით ცდილობდნენ, ვითარცა საფლავები გარედან შეღებილნი, ანუ კირითა და ალებასტრით შეთეთრებულები, ხოლო შიგნით - ყოველგვარი უწმინდურობით, მკვდარი და დამპალი საქმეებით სავსენი.

29-31. ვაჲ თქუენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა, და იტყჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩეუნთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა. ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაწარმეტყუელთანი. - მწარე ხვედრს უქადის მათ არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა საფლავებს აშენებდნენ, რადგან ეს ღმრთისთვისაც სათნო იყო, არამედ იმიტომ, რომ ამას მოსაჩვენებლად აკეთებდნენ და კიდევ იმიტომ, რომ განსჯიდნენ რა თავიანთ მამებს, თვითონ მათზე უარესად იქცეოდნენ, ბიწიერებით აღემატებოდნენ და აშკარად ტყუოდნენ, როცა ამბობდნენ: ჩვენ რომ ჩვენი მამების დროს გვეცხოვრა, წინასწარმეტყველებს არ დავხოცავდითო, მაშინ, როცა თვითონ თავად წინასწარმეტყველთა უფლის მოკვლა სურდათ. ამიტომაც დასძენს ქრისტე:

32-33. და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ. გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა მას გეჰენიისასა? - სიტყვებით: თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთანი იმას კი არ უბრძანებს, ან აქეზებს, მომკალითო, არამედ ამგვარ აზრს გამოხატავს: რამდენადაც გველები ხართ, ნაშიერნი თქვენივე მსგავსი მამებისა და ბოროტებაში ისე ჩაფლულნი, რომ თქვენი განკურნება შეუძლებელია, ეცადეთ მამებს სწრაფად აღემატოთ, რასაც მაშინ მიაღწევთ, თუ მომკლავთ და ბოროტების საწყაულს აღავსებთ მკვლელობით, რომელსაც თქვენი მამები მოაკლდნენ. მაგრამ უკეთუ ამგვარნი ხართ, სასჯელს როგორღა გაექცევით?

34. ამისთჳს აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა წინაწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყვიდნეთ, და მათგანნი მოსწყვიდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად. - იგი ამხელს მათ სიცრუეს, როცა თქვეს: ჩვენ რომ ჩვენი მამების დროს გვეცხოვრა, წინასწარმეტყველებს არ დავხოცავდითო. აჰა, მე მოგივლენთ თქვენ წინასწარმერტყველებს, ბრძენთა და მწიგნობრებს. მაგრამ თქვენ მათაც დახოცავთო. ამას მოციქულებზე ამბობს. სულიწმიდამ შეამკო ისინი სწავლებებით, მწიგნობრებად ანუ ხალხის მასწავლებლებად შექმნა და ყოველი სიბრძნით აღავსო. როცა ამბობს: მოვავლინე თქუენდა, თავის ღმრთეებრივ ძალაუფლებას წარმოაჩენს.

35-36. რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა. - სასჯელი ყველა უსამართლოდ დაღვრილი სისხლისათვის, ამბობს უფალი, სწორედ იმდროინდელ ებრაელებზე მოაწევს. ისინი წინაპრებზე უფრო მძიმედ დაისჯებიან, რადგან გონს ამდენი მაგალითის შემდეგაც ვერ მოეგნენ, ვითარცა ლამექი, რომელიც თუმცა ძმა არ მოუკლავს, მაგრამ კაენზე მეტად დაისაჯა, რადგან მისი მაგალითი ვერ გულისხმაყო. როგორც უფალი ამბობს, მოიწევა მათ ზედა მთელი სისხლი აბელიდან ზაქარიამდე. აბელი დროულადაა მოხსენიებული: იგი, ისევე როგორც ქრისტე, შურის გამო მოიკლა.

მაგრამ აქ რომელი ზაქარია იხსენიება? ერთნი ამბობენ, რომ ეს ზაქარია თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთია, ხოლო სხვათა აზრით, იგი წინამორბედის მამა უნდა იყოს. ჩვენამდე მოღწეულია გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ტაძარში იყო ადგილი, სადაც ქალწულები დგებოდნენ. ზაქარიამ, რომელიც მღვდელმთავარი იყო, ღმრთისმშობელი, იქ სხვა ქალწულთა გვერდით მას შემდეგაც დააყენა, რაც მან ქრისტე შვა. განრისხებულმა იუდეველებმა იმის გამო, რომ ნამშობიარები ქალი ქალწულებთან დააყენა, ზაქარია მოკლეს. არც იმაშია გასაკვირი არაფერი, რომ წინამორბედის მამის, ზაქარიას მამასაც სახელად ბარუქი ერქვა, ისევე როგორც ის ზაქარია, რომელიც თორმეტ წინასწარმეტყველთა რიცხვში შედიოდა, ბარუქის ძედ იწოდებოდა. შესაძლებელია, რომ როგორც თვითონ იყვნენ ერთი ტომიდან, ასევე მათ მამებსაც ერთი სახელი რქმეოდა.

37-39. იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, რაოდენ-გზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართეუნი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ! აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად. რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. - იერუსალიმის სახელს იმეორებს, წუხს მის გამო და თანაგრძნობით უხმობს. ემუქრება რა მომავალი სასჯელით, უფალი თავს იმართლებს, ვითარცა საყვარელი ადამიანის წინაშე, რომელმაც მისი სიყვარული უარყო; ბრალს დებს მას მკვლელობაში და იმაშიც, რომ თუმცა მისი შეწყალება ბევრჯერ უნდოდა, მაგრამ თვითონვე არ მოისურვა. იერუსალიმმა ეშმაკს მოუსმინა, ვინც მას განაბნევდა და ჭეშმარიტებას განაშორებდა და არ შეიწყნარა უფალი, რომელიც შეკრებდა, რადგან არაფერი ისე არ განგვაშორებს უფალს, როგორც ცოდვა, ისევე როგორც ღმერთთან კეთილ სინდისს მივყავართ. თავის დიდ სიყვარულს უფალი ფრინველის მაგალითით წარმოაჩენს. მაგრამ, - ეუბნება იგი მათ, - რადგან არ მოისურვეთ, ტაძარს ცარიელს დავტოვებ. აქედან გულისხმავყოფთ, რომ ღმერთი ტაძარში ჩვენს გამო მკვიდრობს, ხოლო უკეთუ უიმედო ცოდვილებად ვიქეცით, ტაძარსაც ტოვებს. ამგვარად, ამბობს უფალი, თქვენ ვერ მიხილავთ მე მეორედ მოსვლამდე. მაშინ იუდეველები მას უნებლიედ სცემენ თაყვანს და იტყვიან: კურთხეულ არს მომავალი. როცა ამბობს: ამიერითგანო, ჯვარცმის დღიდან უნდა იგულისხმო და არა იმ დროიდან, როცა ეს თქვა, რადგანაც იმის შემდეგ იუდეველებმა იგი კიდევ მრავალგზის იხილეს, მაგრამ არ უხილავთ შემდგომად ჯვარცმისა და ვერც იხილავენ, ვიდრემდე არ დადგება ჟამი მისი მეორედ მოსვლისა.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24
თავი 25 თავი 26 თავი 27 თავი 28