1. და თქუა მეათშჳდმეტისა თავისათჳს, რაჲ მიუგოთ, რომელნი იკითხვიდენ განთესულობისათჳს და შობიერებისა,
2. უკუეთუ შემდგომად ცოდვისა იქმნა და უკუეთუმცა კაცსა არა ეცოდა, ვინაჲ[მ]ცა იყვნეს სულნი?
3. რაჲ მიუგოთ მაცილობელთა მათ, რომელნი მეტყჳან ჩუენ, ვითარმედ: რაჲსა იქმნა შობაჲ შემდგომად ცთომისა,
4. ანუ ვინაჲ ყოფად იყვნეს ნათესავნი, უკუეთუმცა პირველნი იგი კაცნი დადგრომილ იყვნეს უცთომელად?
5. არამედ ვიდრე გამოძიებადმდჱ სიტყჳსა ამის წინამდებარისა უმჯობეს არს,
6. რაჲთა მოვიღოთ დასაჴსნელი სიტყუათა მათთაჲ, რომელნი წინა-აღმიდგებიან ჩუენ.
7. რამეთუ იტყჳან, ვითარმედ პირველ ცთომადმდჱ არა იყო შობაჲ და არცა განღებულ იყო საშოჲ ნათესავთათჳს.
8. ხოლო რაჟამს გამოისხნეს სამოთხით შემდგომად ცთომისა და შემდგომად პატიჟისა და შურის-გებისა დედაკაცისა მის,
9. და გუემითა და ტკივილითა შობისაჲთა, რომელსაცა ღირს იყო,
10. მაშინ იცნა ადამ ცოლი თჳსი და მიერითგან იწყეს შობად.
11. აწ ოდეს არა იყო სამოთხესა შინა მეუღლებაჲ და არცა ცნობაჲ საწოლისაჲ და არცა შობაჲ და არა იძულებით შესცთეს,
12. არა ვიდრემე ყოფად იყვნეს ნათესავნი.
13. და უკუეთუმცა არა მადლი იგი ცხორებისაჲ მიწევნულ იყო სიკუდილად და იქმნა ქორწინებაჲ გზა დადგრომითა ბუნებისაჲთა,
14. რომლითა იქმნა შესლვაჲ მრავალთაჲ ორთა მათ წილ გამოსრულთა, ვიდრემდის ცოდვაჲ იგი იქმნა სარგებელ ნათესავისათჳს კაცთაჲსა,
15. უკუეთუ არა ორნი, იგიმცა ხოლო პირველნი დაშთომილ იყვნეს, თუმცა არა ბუნებაჲ ძლევად სიკუდილისა შეძრულ იყო ყოფად ნათესავთა.
16. არამედ განცხადებულებაჲ სიტყჳსაჲ მის მათ უწყიან,
17. რომელნი შერაცხილ არიან პავლჱ მოციქულისა თანა, რომელნი მისწუდეს საიდუმლოსა მას სამოთხისასა.
18. ხოლო სიტყუაჲ ჩუენი ამისთჳს ესე არს: და რაჟამს უვარ-ყვეს სადუკეველთა მათ უვარის-მყოფელთა ადგომისათა
19. და წინა-უყვეს სიტყჳს-გებაჲ და აჴსენეს აღდგომაჲ და სახედ მოიღეს დედაკაცი იგი,
20. მაშინ მიუგო უფალმან და გულისხმა-უყო არა ხოლო სადუკეველთა,
21. არამედ ყოველთა წინააღმდგომთა უხრწნელისა მის ცხორებისათა.
22. აღდგომასა მას ჰრქუა:
23. „რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ“,
24. რამეთუ არღარა ჯერ-არს მათ ზედა უფლებად სიკუდილი, რამეთუ იყვნენ ვითარცა ანგელოზნი და ძენი ღმრთისანი,
25. ოდეს იქმნენ ძჱ აღდგომის.
26. და რამეთუ მადლი იგი აღდგომისაჲ არარას სხუასა გჳქადაგებს,
27. არამედ მუნვე მიქცევასა, ვინაჲცა განვისხენით პირველ,
28. რამეთუ გზაჲ ცხორებისაჲ მის პირველისაჲ ესე მადლი არს:
29. კუალად მკჳდრ-ყოფაჲ იგი სამოთხისაჲ, ვინაჲთცა გამოვედით.
30. მაშინ ცხოველნი იგი იყვნენ ვითარცა ანგელოზნი.
31. ხოლო მოსწავებაჲ ცხორებისა მის პირველისაჲ, ვითარმედ მსგავს იყო იგი ანგელოზთა ცხორებასა,
32. მით გუეუწყა, რამეთუ მიქცევასა მას ჩუენსა მიემსგავსოს ცხორებაჲ ჩუენი ანგელოზთა ცხორებასა.
33. და აწ ანგელოზთა შორის არა არს მეუღლებაჲ და არიან იგინი ფრიად და მრავალ გუნდ,
34. ვითარ-იგი გჳთხრობს დანიელ ჩუენებასა მას შინა მისსა და უკუეთუმცა არა გარდასრულ ვიყვენით წესისა მისგან ანგელოზთაჲსა,
35. რომელსა ზედა ვიყვენით პირველ, და არამცა შეცვალებულ ვიყვენით მსგავსებისა მისგან ანგელოზთაჲსა, უკუე არა გჳჴმდა,
36. რაჲთა იყოს განმრავლებაჲ ჩუენი მეუღლებით, არამედ ვითარცა-იგი არს სიმრავლჱ ანგელოზთაჲ თჳნიერ ამისა.
37. და არს იგი მოუგონებელ და ვერ გულისხმის-საყოფელ.
38. ეგრეთვე ყოფად იყო მათ შორისცა, რომელნი-იგი მცირედ რაჲმე დაკლებულ არიან ანგელოზთა განგებითა დამბადებელისაჲთა.
39. ხოლო უკუეთუ ვინმე შეიწრდეს გონებითა გამოძიებისათჳს სულთა არსებისა, უკუეთუ არა თანა-ედვა კაცსა კრულებაჲ მეუღლებისაჲ,
40. ვჰკითხოთ უკუე დგომისათჳს ანგელოზთა არსებისა: ვითარ-მე არიან ერთბუნება და აურაცხელ სიმრავლითა ფრიად?
41. ესე არს მიგებაჲ ჩუენი ამისთჳს: და ვითარცა იგინი მრავალ არიან თჳნიერ მეუღლებისა
42. და რამეთუ მიქცევაჲ იგი კაცთაჲ წესსა ზედა ანგელოზთასა აღდგომასა მას მოასწავებს,
43. ვითარმედ იყვნესვე ვითარცა ანგელოზნი.
44. და აწ მივიდეთ პირველსავე მას სიტყუასა:
45. ვითარ, ოდეს შექმნა ღმერთმან კაცი ხატად თჳსა, გამოუსახა მამაკაცებაჲ და დედაკაცებაჲ?
46. ესე არს რომელსა-იგი პირველ ვიტყოდეთ, რამეთუ რომელმან-იგი ყოველი დაჰბადა და კაცი ყოვლითურთ მსგავსად (და ხატად თჳსა),
47. არა ჰგებდა, რაჲთამცა იხილვა განსრულებაჲ სულისაჲ, მიწევნული საზომსა თჳსსა,
48. არამედ მწრაფლ იხილვა წინაჲსწარითა მით თხრობითა, რაჲ-იგი ყოფად იყო ბუნებაჲ კაცთაჲ.
49. და ადიდა იგი დიდებითა მით ანგელოზთაჲთა დიდებულითა, რამეთუ იხილა წინაჲსწარითა ცნობითა,
50. ვითარმედ დაუდგრომელ ყოფად არს ნებაჲ კაცისაჲ კეთილისა მიმართ
51. და რამეთუ გარდამოვრდომად იყო იგი დიდებისაგან ანგელოზთაჲსა მცირედ დაკლებულ სიმრავლჱ სულთა მათ კაცთაჲ,
52. რაჟამს გარდამოვარდა წესისა მისგან ანგელოზთაჲსა.