1. და მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ. 2. და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა. 3. და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ. 4. და რომელსა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით. 5. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა. 6. და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.
აქედანაც ჩანს აღმატებულობა იესოს ღმრთაებრიობისა, ვინაიდან იგი არა მხოლოდ თვითონ იქმოდა სასწუალებს, არამედ იმავე ძალას აძლევდა მოწაფეებსაც. ხოლო გადასცეს თავის მეგობრებს ასეთი ნიჭები, ეჭვგარეშეა, რომ შეუძლია არა ადამიანს, არამედ მხოლოდ ღმერთს. მიანიჭა რა ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, უფალმა არ შეზღუდა ისინი მხოლოდ ამ ძალაუფლების გამოყენებით, არამედ უბრძანა მათ სახარებაც ექადაგათ. მას, ვისაც ჩაბარებული აქვს დამოძღვრა, უნდა იქადაგოს კიდეც და სასაწულებიც უნდა აღასრულოს. ამ შემთხვევაში ქადაგება მტკიცდება სასწაულებით, ხოლო სასწაულები - ქადაგებით. ვინაიდან მრავალნი ხშირად სჩადიოდნენ სასწაულებს ეშმაკის ძალით, მაგრამ მათი ქადაგება არ იყო ჭეშმარიტი, ამიტომაც მათი სასწაულებიც არაა ღმრთისაგან. უფალი, აგზავნის რა მოწაფეებს, ამცნებს მათ ისეთ ზომიერებას, რომ უბრძანებს არ წაიღონ არც პური, არც რაიმე ისეთი, რასაც მრავალი ჩვენგანი იმარაგებს თავისთვის.
ამცნებს მათ იმასაც, რომ არ ირბინონ ერთიდან მეორესთან, არამედ რომელ სახლშიც შევლნენ, მასში დარჩნენ, რათა ისინი როგორც არამდგრადნი ძლიერ და ცვალებადნი არ გამოჩნდნენ. ჩამოიბერტყეთო, ეუბნება, მტვერი მათზე, რომელნიც არ მიგიღებენ თქვენ, მათ წინააღმდეგ სამოწმებლად, ანუ მათ სამხილებლად და დასასჯელად, უჩვენეთ რა მათ, რომ, მართალია მათი გულისთვის დიდი გზა გამოიარეთ, თუმცა მათგან ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღეთ. ზოგიერთნი მოციქულთათვის მიცემულ მცნებას - არ წაიღონ არც ვერცხლი, არც არგანი, არ ჰქონდეთ ორი სამოსელი - იგებენ ასე: ნუ შეიკრებთ საუნჯეს; ვინაიდან ვერცხლი, იტევს რა მრავალს, დაგროვებას აღნიშნავს; ნუ ატარებთ არგანს, ანუ ნუ იქნებით მრისხანენი და მაჩხუბარნი; ნუ იქონიებთ ორ სამოსელს, ანუ ნუ იქნებით ცვალებადი ზნისანი და ორგულნი ფიქრებში.
7. ესმნეს ჰეროდეს მეოთხედ მთავარსა ყოველნი იგი საქმენი, რომელნი მის მიერ იქმნებოდეს, და განიზრახვიდა, რამეთუ იტყოდეს ვინმე, ვითარმედ: იოვანე ნათლის-მცემელი აღდგომილ არს მკუდრეთით. 8. ხოლო რომელნიმე იტყოდეს: ელია გამოჩნდა; და სხუანი იტყოდეს: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს. 9. ხოლო ჰეროდე თქუა: იოვანეს მე თავი მოვჰკუეთე, ხოლო ესე ვინ არს, რომლისათჳს ესევითარი მესმის, არა ვიცი. და უნდა ხილვაჲ მისი.
ეს ჰეროდე იყო უმცროსი ძე დიდი ჰეროდესი, რომელმაც ყრმები მოსწყვიტა. ის მეფე იყო, ეს კი - მეოთხედმთვარი. იგი საგონებელში იყო ჩავარდნილი, თუ ვინ უნდა ყოფილიყო იესო. თუმცა, იოანეს მე მოვკვეთე თავი და ამიტომ, თუ იგი აღსდგა მკვდრეთით, მაშინ მე, ვიხილავ რა მას, ვიცნობო: და ეძიებდა შემთხვევას იესოს ხილვისა. ნახე: ებრაელები მკვდრეთით აღდგომას ვარაუდობენ ხორციელ ცხოვრებაში, ჭამასა და სმაში. მცდარად ფიქრობენ, ვინაიდან აღდგომა არა საჭმელსა და სასმელშია, ანდა ხორციელ ცხოვრებაში, არამედ მკვდრეთით აღდგმარნი ცხოვრობენ ისე, როგორც უფლის ანგელოზები.
10. და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს იესუს, რაოდენი ქმნეს. და წარიყვანნა იგინი და განეშორა თჳსაგან ადგილსა უდაბნოსა ქალაქისასა, რომელსა ჰრქჳან ბეთსაიდაჲ. 11. ხოლო ერმან მან აგრძნა და მისდევდეს მას. და შეიმთხჳნა იგინი და ეტყოდა მათ სასუფეველისათჳს ღმრთისა, და რაოდენთა უჴმდა განკურნებაჲ, განჰკურნებდა. 12. და ვითარცა იწყო დღემან მიდრეკად, მოვიდეს ათორმეტნი იგი და ჰრქუეს მას: განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და აგარაკებსა და დაადგრენ მუნ და პოონ საზრდელი თავისა მათისაჲ, რამეთუ აქა უდაბნოსა ადგილსა ვართ. 13. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. და მათ ჰრქუეს: არა არს ჩუენ თანა უფროჲს, გარნა ხუთი ჴუეზაჲ პური და ორი თევზი; გარნა თუ ჩუენ წარვიდეთ და უყიდოთ ყოველსა ამას ერსა საზრდელი? 14. რამეთუ იყვნეს კაცნი იგი ვითარ ხუთ ათას ოდენ. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხით კაცები ეგე პურისმტედ-პურისმტედ ერგასეული. 15. და მათ ყვეს ეგრე და დასხეს ყოველი იგი ერი. 16. ხოლო თავადმან მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა თუალნი ზეცად და აკურთხნა იგინი და დამუსრა და მისცემდა მოწაფეთა, რაჲთა დაუგონ ერსა მას. 17. და ჭამეს და განძღეს ყოველნი; და აღიღეს, რომელ-იგი დაუშთა მათ ნამუსრევი, ათორმეტი გოდორი.
იესოს განზრახული ჰქონდა რა პურზე აღესრულებინა სასწაული, მიდის უდაბურ ადგილას, რათა ვინმეს არ მოუვიდეს თავში იმის თქმა, რომ პურები ახლომდებარე ქალაქიდან მოიტანეს. მიიღო რა ხალხი, იგი ასწავლიდა და კურნავდა, რათა შენ შეიცნო, რომ ჩვენი სიბრძნე იყოფა სიტყვად და საქმედ, და როგორც არ უნდა თქვა ის, რაც ძნელად შესასრულებელია, ასევე არ უნდა აკეთო ის, რაზე საუბარიც უაზროა. როდესაც დღემ იწყო მიდრეკა, მოწაფეებს, რომლებმაც უკვე იწყეს გამორჩევა კაცთმოყვარებითა და მწყემსისთვის დამახასიათებელი განწყობებით, შეეცოდათ ხალხი და უთხრეს: გაუშვი ისინი, ანუ სწრაფად განკურნე მათი სნეულებანი, შეასრულე მათი სათხოვარი, უფალი კი ეუბნება მოწაფეებს: „თქუენ ეცით მაგათ ჭამადი“. ასე იგი იმიტომ კი არ ამბობს, თითქოს არ იცოდა სიმწირის შესახებ, არამედ იმიტომ, რომ სურდა, ეიძულებინა მოწაფეები თავადვე ეთქვათ, თუ რამდენი პური ჰქონდათ და ამრიგად მათი აღიარების მეშვეობით, პურის რაოდენობის გამოცხადების მეშვეობით, წარმოეჩინა სასწულის მთელი დიდებულება, უბრძანებს მოწაფეებს რიგ-რიგად დასხან ისინი, ორმოცდაათ-ორმოცდაათი. გვიჩვენებს, რომ ჩვენც როდესაც რომელიმე მწირს ვუმასპინძლდებით, დავამშვიდოთ იგი და მთელი მზრუნველობით მოვეკიდოთ. ზეცად აღაპყრობს თვალებს, რათა გვიჩვენოს, რომ ჩვენც, ვაპირებთ რა საჭმელი ვიგემოთ, მადლობა უნდა აღვუვლინოთ ღმერთს. თავად აძლევს მოწაფეებს, ხოლო ისინი, შემდეგ ხალხს. ეს იმისთვის, რომ არ დაივიწყონ ეს სასწაული, არამედ გაიხსენონ ხოლმე მის შესახებ, როდესაც მოაგონდებათ, რომ საკუთარ ხელში ეჭირათ პურები, ნარჩენები იყო თორმეტი კალათი, რათა ვიცოდეთ, თუ როგორი ძალა აქვთ მწირთა შეწყნარებას და როგორ მრავლდება ჩვენი ქონება, როდესაც ღარიბებს ვეხმარებით, თუმცა, ამის შესახებ უფრო ვრცლადაა მოთხრობილი მათეს სახარების განმარტებაში (იხ. თ. 14).
18. და იყო ლოცვასა მას მისსა თჳსაგან, მის თანა იყვნეს მოწაფენი. ჰკითხვიდა მათ და ჰრქუა: ვინ ვჰგონიე მე ერსა ამას და რაჲ თქჳან ჩემთჳს ყოფად? 19. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელი; და სხუათა − ელია; და რომელნიმე იტყჳან: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს. 20. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქვენ ვინ გგონიე მე? მიუგო პეტრე და ჰრქუა: ცხებული ღმრთისაჲ. 21. ხოლო თავადმან შეჰრისხნა მათ და ამცნო, რაჲთა არავის უთხრან ესე. 22. და ჰრქუა მათ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფაჲ მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
უფალი, ეკითხება რა მოწაფეებს, პირდაპირ არ კითხულობს, თუ თავად ისინი რას ამბობენ, არამედ ხალხის აზრს კითხულობს და მხოლოდ შემდეგ თავად მათ აზრს. ასე იგი იმიტომ იქცევა, რომ უჩვენოს უსამართლობა ხალხში მოარული ხმებისა მის შესახებ და მიიყვანოს მოწაფეები ჭეშმარიტ გაგებამდე, რაც გააკეთა კიდეც. ვინაიდან, როდესაც მოწაფეებმა უთხრეს, რომ ერთნი იოანეს გიწოდებენ, სხვანი ელიას, მან ჰკითხა: თქვენ, ანუ თქვენ - ყველასაგან განსხვავებულნი, თქვენ-რჩეულნი, თქვენ რას მიწოდებთ? მაშინ პეტრემ დაასწრო სხვებს და იქცა რა ბაგეთ ყოველთა, აღიარა იგი, იმ ქრისტედ ღმრთისა, რომლის შესახებაც ძველთაგანვე იქადაგება. არა უბრალოდ ქრისტე ღმრთისა უწოდა მას, არამედ ის ქრისტე ღმრთისა, რომელიც საკუთრივ ქრისტეა ღმრთისა. ვინაიდან მრავალნი იყვნენ ცხებულნი, მაგრამ ის ქრისტე (ცხებული) ღმრთისა არის ერთი და ერთადერთი.
23. და იტყოდა ყოველთა მიმართ: რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და მომდევდინ მე. 24. რამეთუ რომელსა უნდეს განრინებად სულისა თჳსისა, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. 25. რაჲ სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და თავი თჳსი წარიწყმიდოს, გინა იზღვიოს? 26. რომელსა სირცხჳლ უჩნდეს ჩემდა მომართ??მას ძემანცა კაცისამან არცხჳნოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თჳსითა და მამისაჲთა და წმიდათა ანგელოზთაჲთა. 27. გეტყჳ თქუენ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ.
რამდენადაც ქრისტემ თქვა თავის თავზე, რომ ძეს კაცისას მრავალი ჭირის დათმენა მოუწევდა, ამიტომ ამატებს რაღაც საერთოსა და საყოველთაოს, კერძოდ: არა მხოლოდ მე დავითმენ სიკვდილს, არამედ ყველამ, ვისაც სურს გამომყვეს მე, უნდა უარყოს თავისი თავი, არაფერი საერთო არ ჰქონდეს ხორცთან, არამედ მოიძულოს საკუთარი თავი. „ჯვარს“ აქ უწოდებს ყველაზე უფრო სამარცხვინო სიკვდილს; ვინაიდან არ იყო სხვა უფრო საძრახისი სიკვდილი, ვიდრე სიკვდილი ჯვარზე, ამრიგად იგი აცხადებს, რომ მას, ვისაც სურს იყოს მისი მოწაფე, უნდა მოკვდეს არა სასახელოდ, არამედ საძრახისი სიკვდილით, მოკვდეს როგორც ბრალდებული. ვინაიდან მრავალს კლავენ სამარცხვინოდ, როგორც ავაზაკებსა და ბოროტმოქმედებს, ამიტომ მან დაუმატა: „და მომდევდინ მე“, ანუ ივარჯიშე ყოველგვარ სათნოებაში. „რომელსა უნდეს განრინებად სულისა თვისისასა, წარწყმიდოს იგი“, ანუ თუკი ვინმე მოინდომებს იცხოვროს ამ სოფლურად, იგი მოკვდება სულით. ქრისტესი რცხვენია მას, ვინც ამბობს: როგორ უნდა ვირწმუნო ჯვარცმული და შეგინებული ღმერთი? ხოლო მას რცხვენია მისი სიტყვებისაც კი, ვინც იცინის სახარების უბრალოებაზე. უფალს შერცხვება ასეთის, „თავისი დიდებისას“, ანუ მეორედ მოსვლისას. იგი თითქოსდა ასე ამბობს: როგორც სახლის უფალს, ჰყავს რა ბოროტი მონა, რცხვენია დაუძახოს მას თავისი მონა, ასევე შემრცხვება მე ჩემი მონა ვუწოდო მას, ვინც უარმყო მე. ვინაიდან მან ზემოთ თქვა: „რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი“, ამიტომ ახლა, სურს რა უჩვენოს, თუ როგორ სიკეთეთა ღირსნი შეიქნებიან ასეთნი, ამბობს: „არიან ვინმე აქა მგდომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკვდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ“, ანუ ის დიდება, რომელშიც მართლები იქნებიან. ეს თქვა მან თავის ფერისცვალებაზე. ვინაიდან ფერისცვალება იყო ხატი მომავალი ზეციური დიდებისა და როგორც იესო ფერისცვალებისას სასწაულებრივად გაბრწყინდა, ასევე გამობრწყინდებიან მაშინ მართალნი (მათე. 13, 43). არისო, ამბობს, რამოდენიმე ისეთი (იოანე, პეტრე და იაკობი), რომლებიც არ მოკვდებიან, ვიდრე არ იხილავენ, თუ როგორ დიდებაში იქნებიან ჩემი აღმსარებელნი. ხოლო ისინი ამას იხილავენ ფერისცვალებისას.
28. და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად. 29. და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე. 30. და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია. 31. რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს. 32. ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი. 33. და იყო განშორებასა მას მათსა მისგან ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა, − რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა. 34. და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას. 35. და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ. 36. და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იპოვა იესუ მარტოჲ. და მათ დაიდუმეს და არაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს.
მათე მახარებელი ამბობს, რომ იესო ავიდა მთაზე მაშინ, როდესაც ამ სიტყვების შემდეგ გავიდა ექვსი დღე (მათე. 17, 1). ხოლო ლუკა ამბობს, რომ გავიდა რვა დღე. ვინაიდან მათე საუბრობს მხოლოდ შუალედურ დღეებზე, ლუკა კი - არა მხოლოდ შუალედურზე, არამედ გულისხმობს იმ დღესაც, როდესაც ეს სიტყვები წარმოითქვა, და იმასაც, როდესაც ფერისცვალება მოხდა. იესომ თან მხოლოდ სამნი წაიყვანა: პეტრე, როგორც მოყვარული, იოენე, როგორც საყვარელი და იაკობი, როგორც მისდამი მოშურნეობით ანთებული, ანდა როგორც შემძლებელნი დაემალათ ეს მოვლენა, შეენარჩუნებინათ დუმილი და არავისთვის არ ეთქვათ. იმისათვის, რომ ილოცოს იესო მთაზე მაღლდება; ვინაიდან ჩვენ უნდა ვილოცოთ განამრტოებით, ამაღლებულებმა, თავს არ მოვიხრით რა არაფერი მიწიერის წინაშე. მისი შესახედაობა შეიცვალა, თუმცა არა ისე, თითქოს თავად ის არსებითად სხვა გახდა, რამდენადაც იგი რჩებოდა იმად, რაც იყო, მაგრამ მისი სახის ფერი გახდა გაცილებით უფრო ბრწყინვალე, ვიდრე მანამდე იყო. იგივე დაემართა მის ტანსაცმელსაც. ვინაიდან მხოლოდ მისი შესახედაობა ბრწყინავდა ელვასავით; ტანსაცმლის არსი კი არ შეიცვალა, არამედ მხოლოდ გარეგნობა. როდესაც იგი ლოცულობდა, მის წინაშე წარსდგნენ მოსე და ილია, რათა ეჩვენებინა, რომ იგი არ იყო სულისა და წინასწარმეტყველთა წინააღმდეგი. ვინაიდან იგი რომ წინააღმდეგი ყოფილიყო მაშინ მოსე, სჯულის მომცემი და ილია, ყველაზე უფრო მოშურნე წინასწარმეტყველთაგან, არ მისცემდნენ თავს არა მხოლოდ მისი მსახურებისა (მცველთა მსგავსად), არამედ მასთან ყოფნის ნებასაც კი. ისინი საუბრობდნენ განსვლაზე, რომელიც უნდა აღსრულებულიყო იერუსალიმში, ანუ მის სიკვდილზე. მაშინ, როდესაც ქრისტე ლოცულობდა, პეტრე ძილით იყო დამძიმებული, ვინდაინ იგი სუსტი იყო და ემორჩილებოდა რა ძილს, თავისას მიაგებდა ადამიანურ ბუნებას. როდესაც პეტრემ განიღვიძა, იხილა დიდება ქრისტესი და ორი კაცი, მიიჩნევს რა ამგვარ ყოფნას აქ სასიამოვნოდ, სინათლისა და წინასწარმეტყველთა ჭვრეტის გამო, პეტრე ამბობს: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ!“ იგი ფიქრობდა, რომ უკვე მოვიდა ქვეყნის აღსასრული და იესოს მეუფება. მაგრამ მან არ იცოდა რას ამბობდა, ვანაიდან, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო აღსასრული, ჯერ კიდევ არ იყო მოწევნული ჟამი სასუფევლისა და იმ სიკეთეებით ტკბობისა, რომელიც წმინდანთათვის არის გამზადებული. პეტრემ თქვა ეს (კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფაჲ) ამასთან იმიტომაც, რომ შიშობდა ქრისტეს ჯვარს აცვამდნენ. მან მოისმინა ქრისტესაგან, რომ იგი სიკვდილით უნდა დაესაჯათ და მესამე დღეს აღმდგარიყო. ამიტომაც თქვა ეს, ამბობდა რა თითქოსდა შემდეგს: ნუ ჩავალთ მთიდან, აქ დავრჩეთ, რათა ავიცილოთ ჯვარი და ტანჯვა; თუკი იუდველენი მოვლენ ჩვენს წასაყვანად, ჩვენ შემწედ გვყავს ილია, რომელმაც ზეციდან ცეცხლი გარდამოავლინა და მოსრნა ორმოცდაათმეთაურნი. გვყავს მოსე, რომელმაც ამდენი და ასეთი ხალხი დაამარცხა. ეს მან თქვა ისე, რომ არ იცოდა რას ამბობდა. ვინაიდან იგი ფიქრობდა, რომ ჯვარი ბოროტებაა და ამასთან მტანჯველი, ამიტომაც სურდა რა მისი არიდება, თქვა კიდევაც ეს, ამასთანავე, უფალს სწყუროდა ჯვარცმა, ვინაიდან სხვაგვარად ვერ აღსრულდებოდა ადამიანთა გამოხსნა. მაშინ, როდესაც პეტრე ჯერ კიდევ ამბობდა: „ვქმნეთ აქა სამ ტალავარ“, უფალი მოულოდნელად ქმნის ხელთუქმნელ საფარველს და წინასწარმეტყველებთან ერთად შედის მასში, რათა უჩვენოს, რომ იგი არაფრითაა მამაზე უფრო პატარა. ვინაიდან როგორც ძველ აღთქმაში უფალი ღრუბლის სახით ეცხადებოდა და მოსე შედიოდა მასში და ამგვარად მიიღო სჯული (გამოსვლა. 19, 9; 20, 20-21), ასევე ახლაც ღრუბელმა მოიცვა ქრისტე და არა შავბნელმა ღრუბელმა, (ვინაიდან გადაიარა აჩრდილმა სჯულისა და სიბნელემ უმეცრებისა), არამედ ნათელმა ღრუბელმა. ვინაიდან ჭეშმარიტება მოიწია და უფლის მადლი გამობრწყინდა, ამიტომ, ახლა არაფერია ბნელი და გაისმა ხმა ღრუბლით, ისევე როგორც ძველ აღთქმაში გაისმა ღრუბლით ხმა ღმრთისა. იესო კი დარჩა მარტო, რათა ვინმეს არ ეფიქრა, თითქოს სიტყვები: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი“, მოსეზე ითქვა, ან ილიაზე, თუმცა ამით შესაძლოა აღინიშნება ისიც, რომ სჯული და წინასწარმეტყველნი მხოლოდ გარკვეულ დრომდე იყვნენ, როგორც აქ მოსე და ილია ჩანდნენ, შემდეგ კი, როდესაც მათი დრო გავიდა, დარჩა მხოლოდ იესო. რამდენადაც ახლა გაბატონებულია სახარება, მაშინ როდესაც მრავალი სჯულისმიერი განქარდა. მოციქულები გაჩუმდნენ და არაფერს ამბობდნენ იმის შესახებ, რაც ნახეს. ჯვარზე ადრე არც იყო მიზანშეწონილი იესოზე რაიმე ღმრთაებრივის თქმა. ვინაიდან როგორი აზრი შეექმნებოდათ მასზე იმათ, ვინც ეს მოისმინეს, ხოლო შემდეგ იხილეს იგი ჯვარცმული? განა არ ჩათვლიდნენ ისინი მას მატყუარად და მეოცნებედ? ამიტომ, ჯვარცმამდე მოციქულები არ ქადაგებდნენ არცერთ სასწაულებრივ და ღმრთაებრივ საქმეზე იესოსი. თუმცა ამის შესახებ საკმარისად ვისაუბრეთ მათეს სახარების განმარტებაში (იხ. თ. 17).
37. და იყო მერმესა დღესა გარდამოსლვასა მათსა მიერ მთით მოეგებვოდა მას ერი მრავალი. 38. და აჰა კაცმან ვინმე ღაღატ-ყო ერსა მას შორის და ჰრქუა: მოძღუარ, გევედრები შენ, მოიხილე ძესა ზედა ჩემსა, რამეთუ ესე ხოლო მარტოჲ მივის. 39. და სულმან უკეთურმან შეიპყრის იგი, და მეყსეულად ღაღატ-ყვის, და დააკუეთის იგი, და პეროინ, და ძნიად განეშორის მისგან და შემუსრის იგი. 40. და ვევედრე მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განაშორეს იგი, და ვერ შეუძლეს. 41. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: ნათესავი ურწმუნოჲ და გულარძნილი! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა და თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარე მე აქა ძე შენი! 42. და ვიდრე იგი მოვიდოდა, დააკუეთა იგი ეშმაკმან მან და აძრწოლებდა მას. შეჰრისხნა იესუ სულსა მას არაწმიდასა და განკურნა ყრმაჲ იგი და მისცა მამასა თჳსსა.
ეს ადამიანი (რომელზედაცაა საუბარი) ფრიად ურწმუნო იყო, ამიტომაც ეშმაკი არ გამოდიოდა მისი ძიდან. მისი ურწმუნოება სძლევდა მოციქულთა ძალას. ურწმუნოება და კადნიერება მისი ჩანს იქიდან, რომ იგი მოვიდა, რათა ყველას თვალწინ დაედო ბრალი მოციქულებისთვის, მაგრამ უფალი აცხადებს, რომ მისი ძე, მისივე ურწმუნოების გამო არ განიკურნა და ყველას თვალწინ კიცხავს მას და არა მხოლოდ მას, არამედ ყველა დანარჩენსაც საერთოდ. ვინაიდან თქვა რა: „ჰოჲ ნათესავი ურწმუნოჲ“ გულისხმობდა მასში ყველა იუდეველს, ხოლო სიტყვით „გულარძნილი“ უჩვენებს, რომ მათი ღვარძლი, არ არის დასაბამიერი და ბუნებითი. ბუნებით ისინი კეთილნი იყვნენ (ვინაიდან ისინი აბრაამისა და ისააკის წმიდა შთამომავალნი იყვნენ), მაგრამ თავიანთი ღვარძლის გამო განირყვნენ. სიტყვები: „ვიდრემდე ვიყო თქვენთანა და თავს ვიდებდე თქუენსა“ ნიშნავს იმას, რომ მას სურს მიიღოს სიკვდილი და სურს რაც შეიძლება სწრაფად განთავისუფლდეს მათგან, ვინაიდან, როდემდე ვითმინო, ამბობს, თქვენი ურწმუნოება? უფალი, რათა უჩვენოს, რომ აქვს ძალა იუდეველთა ურწმუნოების დამამარცხებელი, ამბობს: „მომგუარე მე აქა ძე შენი“ - და განკურნა რა იგი, მისცა მის მამას. ეშმაკეული ადრე თავის მამას კი არ ეკუთვნოდა, არამედ ბოროტ სულს, რომლითაც იყო შეპყრობილი; ახლა კი უფალმა იგი მამას მისცა, რომელმაც დაკარგა იგი, შემდეგ კი იპოვა.
43. და განუკჳრდებოდა ყოველთა დიდებასა მას ზედა ღმრთისასა, და ყოველნი დაკჳრვებულ იყვნეს ყოველსა მას ზედა, რომელსა იქმოდა იესუ. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: 44. დაისხენით თქუენ სიტყუანი ესე ყურთა თქუენთა, რამეთუ ძე კაცისაჲ მიცემად არს ჴელთა კაცთასა. 45. ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას ზედა, და იყო დაფარულ მათგან, რაჲთა ვერ გულისჴმა-ყონ იგი, და ეშინოდა მათ კითხვად მისა სიტყჳსა ამისთჳს.
სხვებს ყოველთვის უკვირდათ ყველფერი, რასაც იესო იქმოდა და არა მხოლოდ ეს სასწაული. მაგრამ იესო, ანებებს რა თავს სხვებს, მოწაფეებთან საუბრობს და ეუბნება: ყურად იღეთ ყველაფერი ეს, სასწაულები და სიტყვანი სასწაულებზე. რატომ? იმიტომ, რომ რამდენადაც მე უნდა ვიქნე მიცემული და ჯვარცმული, როდესაც ჯვარცმულს მიხილავთ, არ იფიქროთ, თითქოს მე საკუთარი უძლურების გამო დავითმინე. ვინაიდან, ვინც ასეთ სასწაულებს სჩადის, მას შეეძლო არც ჯვარცმულიყო, მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა; და იგი დაფარული დარჩა მათთვის. რისთვის მოხდა ეს? იმისთვის, რომ ისინი დროზე ადრე არ მისცემოდნენ მწუხარებას და არ შემცბარიყვნენ შიშისაგან. ამრიგად, ღმერთმა გამოიჩინა რა მოწყალება მათი სისუსტეებისადმი და წინაუძღოდა რა მათ, როგორც ბავშვებს, დაუშვა, რათა ვერ გაეგოთ ის, რაც ჯვარზე ითქვა. დააკვირდი მოწაფეთა მოწიწებასაც, რის გამოც, ისინი ვერ გაკადნიერდნენ. უფრო მეტიც, ეშინოდათ ეკითხათ უფლისათვის. ვინაიდან შიში აძლიერებს მოწიწებას, ისევე როგორც მოწიწება არის შიში, განზავებული სიყვარულით.
46. შევიდა მათდა გულის-სიტყუაჲცა: ვინ-ძი უდიდეს იყოს შორის მათსა? 47. ხოლო იესუ იცნოდა გულის ზრახვანი მათნი და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი წინაშე მათსა 48. და ჰრქუა მათ: რომელმან შეიწყნაროს ესე ყრმაჲ სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. ხოლო უმცირესი თქუენ ყოველთა შორის იგი არს დიდ. 49. მიუგო იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგჳდგს ჩუენ. 50. ჰრქუა მას იესუ: ნუ აყენებთ, რამეთუ რომელი არა არს ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს.
მოციქულებში გაჩნდა ვნება ამაო დიდებისადმი სწრაფვისა. ვგონებ, ეს ვნება მათში იმისგან აღიძრა, რომ მათ ვერ განკურნეს ეშმაკეული. როგორც ჩანს, ამ შემთხვევის გამო კამათი დაიწყეს, სადაც ყველა თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ ყრმა ვერ განიკურნა არა ჩემი უძლურებისა, არამედ ამისა და ამის უძლურებისდა გამო, აქედან კი გაჩნდა უთანხმოება იმის გამო, თუ ვინ იყო უდიდესი მათ შორის. მაგრამ უფალი, იცის რა გულისზრახვანი თითოეულისა, დაასწრებს და სანამ ეს ვნება გაიზრდებოდეს, ცდილობს საფუძველში აღმოფხვრას იგი, ვინაიდან ვნებები თავიდანვე ადვილი დასაძლევია, ხოლო როდესაც ისინი გაიზრდება, მაშინ უკვე ფრიად ძნელია მათი აღმოფხვრა. როგორღა აღგკვეთს უფალი ბოროტებას? მოიყვანა რა ყრმა, ნათქვამია, უჩვენა იგი მოწაფეებს, ამით მან გააგებინა, რომ ჩვენი გონება უნდა მოვიყვანოთ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იგი ბავშვობის ასაკში იმყოფებოდა; ვინაიდან ბავშვები გამოუცდელნი არიან ბოროტებაში, ფრიად უბრალონი და არ აღელვებთ არც დიდებისმოყვარეობის გულისთქმები, არც სხვათა წინაშე პირველობის სურვილი. „რომელმან შიწყნაროსო, - ამბობს, - ესე ყრმაჲ სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარა; და რომელმან შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“. ამ სიტყვებს შემდეგ მნიშვნელობა აქვთ: თუმცა თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ მრავალს მოეწონებით და მრავალთა მიერ იქნებით მიღებული იმ შემთხვევაში თუკი ამპარტავანნი და დიდებისმოყვარენი გამოჩნდებით, მაგრამ მე გეუბნებით თქვენ, რომ ჩემთვის განსაკუთრებით საამოა უბრალოება და ის არის განმასხვავებელი ნიშანი ჩემი მოწაფეებისა; ისე რომ ვინც ყველაზე უფრო უბრალო და უბოროტო კაცს მიიღებს, როგორც ჩემს მოწაფეს (ვინაიდან ამას ნიშნავს გამოთქმა „სახელითა ჩემითა“), ის მე მიმიღებს. ვინაიდან ვინც იღებს ამპარტავანს, ის არ იღებს, არც ჩემს მოწაფეს, არც მე. იოანემ კი, ჩაერთო რა საუბარში, თქვა: „მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა და ჩუენ ვაყენებდით მას“. რა კავშირია იოანეს სიტყვებსა და უფლის სიტყვებს შორის? ძალიან ახლო. ვინაიდან უფალმა თქვა, რომ ვინც თქვენს შორის უმცირესია, ის იქნებაო დიდი, იოანეს შეეშინდა, ცუდად ხომ არ მოიქცნენ, როდესაც მბრძანებლურად და ამპარტავნულად აუკრძალეს იმ ადამიანს. ვინაიდან აკრძალვა ვინმესთვის რამესი, აღმოაჩენს ამკრძალავში არა უმცირესს, არამედ მას, ვისაც თავის თავზე უფრო მეტი წარმოდგენა აქვს, ვიდრე მასზე, ვისაც უკრძალავს. ამრიგად, იოანეს შეეშინდა, ამპარტავნულად ხომ არ მოიქცა, როდესაც იმ ადამიანს აუკრძალა. რატომ აუკრძალეს მოწაფეებმა ამ ადამიანს? არა შურის გამო, არამედ იმიტომ, რომ არ თვლიდნენ სასწაულთა აღსრულების ღირსად, რამდენადაც მას მათთან ერთად არ მიუღია სასწაულთა ქმნის მადლი, არ იყო იმათ მსგავსად, ამისთვის უფლის მიერ გაგზავნილი და სრულიადაც არ მისდევდა ქრისტეს. უფალმა რაღა უთხრა? გაუშვითო, ამბობს, აკეთოს ეს; ვინაიდან ისიც არღვევს სატანის ძალას. რამდენადაც იგი არ გიშლით ხელს ქადაგების საქმეში, არ მოქმედებს ეშმაკთან ერთად - მასაშადამე ის თქვენთანაა. ვინაიდან, ის ვინც არ არის ღმრთის წინააღმდეგ, ის ღმერთთანაა, ისევე როგორც ისაა ეშმაკთან, ვინც ღმერთთან არ კრებს, თუმცაღა უნდა განგაკვირვოს, ქრისტეს სახელის ძალამაც, თუ როგორ მოქმედებდა მადლი, მხოლოდ მისი წარმოთქმისას, თუნდაც მისი წარმომთქმელნი უღირსნი ყოფილიყვნენ და არ ყოფილიყვნენ ქრისტეს მოწაფეები. ასევე მოქმედებს მადლი მღვდლების მეშვეობითაც, თუნდაც ისინი უღირსნი იყვნენ, მადლი მოქმედებს და ყველანი განათლდებიან, უწმინდურიც რომ იყოს მღვდელი.
51. და იყო აღსრულებასა მას დღეთა ამაღლებისა მისისათა და თავადმან დაამტკიცა პირი თჳსი აღსლვად იერუსალჱმდ. 52. და წარავლინნა მოციქულნი წინაშე მისსა. და იგინი წარვიდეს და შევიდეს დაბასა სამარიტელთასა, რაჲთა მო-რაჲმე-უმზადონ მას. 53. და არა შეიწყნარეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მისლვად იერუსალჱმდ. 54. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და იოვანე, თქუეს: უფალო, გნებავსა, რაჲთა ვთქუათ, და ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო? 55. მიექცა იესუ და შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: არა იცით, რომლისა სულისანი ხართ თქუენ? 56. რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად. და წარვიდეს სხუასა დაბასა.
რას ნიშავს სიტყვები: „და იყო აღსრულებასა მას დღეთა ამაღლებისა მისისათა?“ იმას ნიშნავს, რომ დადგა დრო, როდესაც მას უკვე უნდა დაეთმინა ჩვენთვის, გამომხსნელი ვნება და შემდეგ ამაღლებულიყო ზეცად და დამჯდარიყო ღმრთისა და მამისა თანა. როდესაც დადგა დრო მისი ვნებისა და სოფლიდან განსვლისა, მან გადაწყვიტა უკვე აღარ ევლო აქეთ-იქით, არამედ ასულიყო იერუსალიმში. გამოთქმა: „დაამტკიცა პირი თვისი აღსვლად, სწორედ იმას ნიშნავს, რომ მან განსაზღვრა, გადაწყვიტა, მტკიცედ განიზრახა იერუსალიმში წასვლა. წინასწარ აგზავნის მაცნეებს, რათა ისინი როგორღაც მოემზადნენ მის შესახვედრად. მართალია, მან იცოდა, რომ სამარიტელნი არ მიიღებდნენ მას, თუმცა მაინც გაგზავნა მაცნენი, რათა წაერთმია სამარიტელთათვის თავის მართლების საშუალება, შემდეგ რომ არ ეთქვათ, ჩვენ მივიღებდით მას, თუკი ვინმეს გამოგზავნიდა თავის წინო. ასე იგი მოწაფეთა სარგებლისთვისაც მოიქცა. კერძოდ კი: როდესაც ისინი მას ჯვარზე იხილავდნენ შეურაცხყოფილს, რომ ცდუნებულიყვნენ, არამედ ამ შემთხვევიდან ესწავლათ, რომ როგორც ახლა მან ურისხველად გადაიტანა სიძულვილი სამარიტელთა მხრიდან და თავად მოწაფეებსაც კი აუკრძალა აღეძრათ მასში რისხვა თავის გამანაწყებლებზე, ასევე მაშინ ითმენს ჯვარცმას არა იმიტომ, რომ იგი უძლურია, არამედ იმიტომ, რომ მრავლისმთმენია. სასარგებლოა ეს მოწაფეთათვის იმ მხრივაც, რომ უფალი პირადი მაგალითით უჩვენებს მათ იყვნენ ურისხველნი. ვინაიდან ისინი, უყურებდნენ რა ილიას, რომელმაც ორჯერ მოსრნა ცეცხლით ორმოცდაათ-ორმოცდაათი ადამიანი თავიანთი მეთაურებითურთ, იყო რა ჯერ კიდევ არასრულყოფილი, აღძრავდნენ უფალს შურის საძიებლად მის გამანაწყებლებზე. მაგრამ უფალი, უჩვენებს რა, რომ მისი სჯული ილიას ცხოვრებაზე მაღლა დგას, უკრძალავს მათ და განაშორებს აზრთა ამგვარი წყობისაგან, არამედ, პირიქით, ასწავლის სიმდაბლით გადაიტანონ წყენა. მაგრამ რას ნიშნავს სიტყვები: „და არა შეიწყნარეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მისვლად იერუსალემდ“? ის ხომ არ არის მათში ნათქვამი, თითქოს არ მიიღეს იგი იმიტომ, რომ მან იერუსალიმში წასვლა განიზრახა? და თუკი ასე გავიგებთ, რომ სამარიტელებმა არ მიიღეს უფალი იმიტომ, რომ მან იერუსალიმში წასვლა განიზრახა, ხომ არ აღმოჩნდებიან მისი არ მიმღებელნი უცოდველნი? შეიძლება ითქვას, რომ მახარებელი ამბობს ასე: არ მიიღეს იგი და ის არ შევიდა სამარიაში. შემდეგ თითქოს ვინმემ იკითხა: რატომღა არ მიიღეს იგი თავის ნების საწინააღმდეგოდ და იგი არ შევიდა; ნუთუ იმიტომ, რომ იგი უძლური იყო, ანდა არ შეეძლო შესვლა, თუნდაც მათ არ სდომოდათ? სწორედ ამის გადასაწყვეტად ამბობს მახარებელი: უფალი იმიტომ კი არ შევიდა, თითქოს ეს მისთვის შეუძლებელი იყო, არამედ იმიტომ, რომ მას თავად არ სურდა იქ შესვლა, არამედ განიზრახა პირდაპირ წასულიყო იერუსალიმში. ვინაიდან უფალს რომ არ ჰქონოდა ასეთი განზრახვა, მაშინ ის შევიდოდა სამარიეტლთა დაბაში იმ შემთხვევაშიც, როდესაც მათ არ ედნომებოდათ ეს.
57. და იყო სლვასა მას მათსა გზასა ზედა ჰრქუა ვინმე მას: მიგდევდე შენ ვიდრეცა მიხუალ. 58. ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. 59. ხოლო სხუასა ჰრქუა: შენ მომდევდი მე. და მან ჰრქუა: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა. 60. ჰრქუა მას იესუ: აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა; ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაჲ. 61. ჰრქუა მას სხუამან: მეცა მიგდევდე შენ, უფალო, ხოლო პირველად მიბრძანე მე ჯმნაჲ სახლეულთა ჩემთაგან. 62. ჰრქა მას იესუ: არავინ დასდვის ჴელი საჴნველსა, და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა.
ეს, მოსული იესოსთან და მთხოვნელი ნებართვისა გაჰყოლოდა მას, მოვიდა ბოროტი აზრით. ნახა რა, რომ უფალს მრავალი ხალხი მიჰყვება, მან იფიქრა, რომ უფალი მათგან ფულს აგროვებს და თვითონ მივიდა იმ აზრამდე, რომ იგი ქონებას შეიძენდა, თუკი იესოს გაჰყვებოდა. ამიტომ უფალმა უარყო იგი, თითქოსდა მეტყველმა მისთვის შემდეგისა: შენ ფიქრობ, ჩემდამი მოყოლით შეიძინო ქონება, ვარაუდობ რა, რომ ასეთია ჩემი ცხოვრება, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. მე ვასწავლი და ვქადაგებ ისეთ სიღარიბეს, რომ საკუთარი სახლიც კი არ მაქვს, მაშინ, როდესაც ცხოველებს სორო აქვთ. და ამრიგად, უარყო იგი. მეორეს კი, რომელსაც არც კი უთხოვია, ნებას რთავს გაჰყვეს. როდესაც მან ითხოვა ნებართვა, წასულიყო და მამა დაემარხა, უფალმა არ დართო ნება, არამედ უთხრა: „აცადენ მკუდარნი დაფვლად თვისთა მკუდართა“. ამით არის მინიშნება იმაზე, რომ მამამისი ურწმუნო იყო და ამიტომ არ იყო ღირსი სიბერეში შეენახა ძეს, რომელმაც ირწმუნა. მიანდეო, ეუბნება შენს „მკვდარ“ ნათესავებს, ანუ ურწმუნოთ, გამოკვებონ სიბერეში და კუბოს კარამდე შენი ურწმუნო მამა. ვინაიდან დაფვლაში აქ იგულისხმება მზრუნველობა თვით კუბოს კარამდე; ვინაიდან ჩვეულებრივ საუბარშიც ვამბობთ: ამა და ამ შვილმა დამარხა თავისი მამა და ამაში ვგულისხმობთ არა იმას, რომ მან დამარხა ის და არ გაუკეთებია სხვა არანაირი სიკეთე, არამედ ის, რომ ზრუნავდა მასზე თვით სიკვდილამდე და დაფვლამდე. ამრიგად, დაე ამ მკვდრებმა, ანუ ურწმუნოებმა, დაფლან თავიანთი მკვდარი, ანუ მამაშენი. ხოლო რამდენადაც შენ ირწმუნე, ამიტომ, როგორც ჩემმა მოწაფემ, იქადაგე სახარება ღმრთისა. უფალს, თქვა რა ეს, არ აუკრძალია ჩვენთვის მშობელთა გამოკვება, არამედ გვასწავლის ღმრთის თაყვანისცემა ვამჯობინოთ ურწმუნო მშობლებს და არაფრით არ დავბრკოლდეთ სათნობის მიმართ, არამედ მოვიძულოთ თვით ბუნებაც კი. ასე ადამიანს, რომელმაც სთხოვა ნებართვა გაჰყოლოდა, ოღონდ მანამდე ჯეროვანი პატივი მიეგო თავისი შინაურებისთვის, მან არ დართო ამას ნება, ანუ რათა შეევლო თავის სახლში და ჯეროვანი პატივი მიეგო, ან ვიტყვი უბრალოდ, დამშვიდობებოდა. ვინაიდან ასეთი ადამიანი აღმოაჩენს თავისში მიჯაჭვულობას სოფლისადმი და მოციქულთათვის დამახასიათებელი განწყობის არარსებობას; ვინაიდან მოციქულებმა როგორც კი მოისმინეს უფლის მოწოდება, მაშინვე გაჰყვნენ მას, სხვა არაფრით აღარ იყვნენ დაკავებულნი, არამედ ახლობლებსაც კი აღარ დაემშვიდობნენ. და ხშირად ხდება, რომ მაშინ, როდესაც ადამიანი ემშვიდობება თავიანთ ნათესავებს. მათ შორის აღმოჩნდებიან ისეთნი, რომლებიც აკავებენ მას ღმერთშემოსილი ცხოვრებისაგან. ამიტომ კარგია, გვაქვს რა განწყობა სიკეთის მიმართ, მაშინვე აღვასრულოთ ის, ყოველგვარი შეყოვნების გარეშე. ვინაიდან არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სულიერ სახნისზე და კვლავ სოფლისკენ იყურება, არ გამოდგება ღმრთის სასუფევლისთვის. „მელთა“ ქვეშ იგულისხმება ბოროტი ეშმაკები; მათვე ეწოდებათ „მფრინველი ცისანი“, ანუ ჰაერისანი. ვინაიდან ნათქვამია: „მთავრისა მისებრ ხელმწიფებისა ჰაერისა“ (ეფ. 2,2). ამრიგად, უფალი ეუბნება ზემოხსენებულ ადამიანს: რამდენადაც ეშმაკებს შენში სოროები აქვთ, ამდენად მე, ძე კაცისას არა მაქვს, სად მივიდრიკო თავი, ანუ შენს გულში, ეშმაკებით სავსეში, მე ვერ ვხედავ ადგილს რწმენისა ჩემდამი. ვინაიდან თავი ქრისტესი არის რწმენა მისდამი. ვინც ირწმუნებს, რომ ქრისტე ღმერთია, ის მიიღებს თავს ქრისტესი, ცოდვილი კი მკვდარია. სწორედ ის ფლავს თავის მკვდრებს, ანუ ბოროტ აზრებს იმითი, რომ არ აღიარებს მათ. ამრიგად, უფალი მას, ვინც აპირებს იყოს მისი მიმდევარი უკრძალავს დაფლას ბოროტი აზრი და დაფაროს იგი, არამედ უბრძანებს სააშკარაოზე გამოიტანოს აღსარების მეშვეობით.
თავი 1 | თავი 2 | თავი 3 | თავი 4 |
თავი 5 | თავი 6 | თავი 7 | თავი 8 |
თავი 9 | თავი 10 | თავი 11 | თავი 12 |
თავი 13 | თავი 14 | თავი 15 | თავი 16 |
თავი 17 | თავი 18 | თავი 19 | თავი 20 |
თავი 21 | თავი 22 | თავი 23 | თავი 24 |