1. და იყო მათ დღეთა შინა გამოჴდა ბრძანებაჲ აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა. 2. ესე აღწერაჲ პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კჳრინესსა. 3. და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადი თჳსსა ქალაქსა. 4. აღმოვიდა იოსებცა გალილეაჲთ, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტანად, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა, 5. აღწერად მარიამის თანა, რომელი მოთხოვილ იყო მისა, და იყო იგი მიდგომილ. 6. და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი. 7. და შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუევლითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას.
აღწერა მიმდინარეობდა იმისთვის, რომ როდესაც ყველა თავის სამშობლოში დაბრუნდებოდა, ქალწულიც წასულიყო ბეთლემში, თავის სამშობლოში, ამრიგად, უფალი ბეთლემში შობლიყო და აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება. როდესაც ერთარსება ღმერთმა ინება აღეკვეთა მრავალღმერთიანობა, მართებული იყო ემეფა მხოლოდ ერთ მეფეს - კეისარს. ყველასთან ერთან აღწერას ქრისტეც ექვემდებარება. უფალს მართებდა კიდეც მთელ სამყაროსთან ერთად აღწერილიყო, რათა განენათლებინა აღწერილნი და გაეუქმებინა მონობა; ვინაიდან, როგორც თავისი წინადაცვეთით გააუქმა წინადაცვეთა, ასევე ექვემდებარებოდა რა აღწერას, როგორც მონა, აუქმებს მონობას ჩვენი ბუნებისა. ვინაიდან ისინი, ვინც უფალს ემსახურებიან, უკვე აღარ არიან ადამიანთა მონები, როგორც მოციქულიც ბრძანებს: „ნუ იქმნებით მონა კაცთა“ (კორ. 7, 23), მაგრამ თუკი სხეულით ვართ კიდეც მონები, სულით თავისუფალნი ვართ, არ გვიტაცებს რა უწმინდურება ბატონებისა. უფალს სამართლიანად უწოდა ძე ქალწულისა, „პირმშოჲ“, თუმცაღა სხვა არავინ არ უშვია, ვინაიდან პირველად შობილი იწოდება პირმშოდ, თუნდაც მის შემდეგ სხვა აღარავინ იშვას. ბაგაში მიიწვინა იმისათვის, რომ თავიდანვე ესწავლებინა ჩვენთვის სიმდაბლე და შესაძლოა იმიტომაც, რათა სიმბოლურად ეჩვენებინა, რომ იგი მოვიდა ამ ქვეყნად - ადგილას, სადაც ვსახლობთ ჩვენ, უგუნურ პირუტყვებს მიმსგავსებულნი (ფს. 48; 12, 20) ვინაიდან როგორც ბაგა ეკუთვნის პირუტყვებს, ისე ეს ქვეყანა - ჩვენ. ამრიგად, სოფელი - ბაგაა, ჩვენ კი - უგუნური პირუტყვნი; ამრიგად სწორედ იმიტომაც მოგვევლინა ამ ქვეყნად რათა გამოვესყიდეთ უგუნურებისაგან.
8. და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყოსოსა მათსა. 9. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ ზედა, და დიდებაჲ უფლისაჲ გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა. 10. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: 11. რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა. 12. და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა. 13. და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: 14. დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.
ანგელოზი ევლინება მწყემსებს მათი უბრალო ზნისა და უბოროტობის გამო, ვინაიდან ისინი, როგორც ჩანს, მართალთა ცხოვრების წესს ბაძავენ, რამდენადაც ძველი პატრიარქებიც იაკობი, მოსე და დავითი, მწყემსები იყვნენ. ანგელოზი არ გამოცხადებია იერუსალიმში ფარისევლებსა და მწიგნობრებს, რამდენადაც ისინი - იყვნენ ჭურჭელნი ყოველგვარი ღვარძლისა; ესენი კი, არ იყვნენ რა მზაკვარნი, ღმრთაებრივი გამოცხადების ღირსნი გახდნენ. უფალმა გვიჩვენა ამით, რომ მან თავიდანვე ამოირჩია და თავის მქადაგებლებად აქცია ისინი, რომლებიც სხვებზე უფრო უბრალო გულისანი არიან, ვინაიდან ისინი წავიდნენ და იწყეს ქადაგება ყოველივე ამაზე. ანგელოზმა ახარა სიხარული დიდი, რომელიც როგორც თქვა, ყოველი ადამიანისთვის იქნება, კერძოდ კი, ღმრთის კაცებისთვის. ვინაიდან ყველა იუდეველი არ არის - ერი ღმრთისა. მაგრამ ღმრთის განხორციელება იყო სიხარული ადამიანთა მთელი მოდგმისთვისაც. რას ნიშნავს ანგელოზთა გალობა?უეჭველია, უმაღლეს დასთა მადლიერებას და სიხარულს იმის გამო, რომ ჩვენ, დედამიწაზე მცხოვრებნი, წყალობის ღირსნი გავხდით, ვინაიდან ამბობენ: დიდება ღმერთს, ახლა ქვეყანაზე მშვიდობა დამყარდა. ადრე, ადამინური ბუნება მტრობაში იყო ღმერთთან, ახლა კი ისე შეურიგდა, რომ ღმერთის მოკავშირე გახდა და შეურთდა მას განკაცებისას. ამრიგად, ხედავ მშვიდობას ადამინთან? შეიძლება სხვაგვარადაც ვიფიქროთ. თავად ძე ღმრთისა არის მშვიდობა, როგორც ამბობს კიდეც საკუთარ თავზე (იოანე. 14, 27; 16, 33). ამრიგად, ქვეყნიერებას მოევლინა თავად მშვიდობა, ძე ღმრთისა, „და კაცთა შორის სათნოება“, ანუ სუფევა ღმრთისა, ვინაიდან ახლა ღმერთი სუფევს და ჰპოვა მადლი ადამიანებში. მაშინ როდესაც ადრე მოწყალე თვალით არ უყურებდა და ვერ ჰპოვებდა ადამიანებში სათნოყოფას თავისას.
15. და იყო ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, მწყემსთა მათ თქუეს ურთიერთას: განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემადმდე და ვიხილოთ სიტყუაჲ ესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ, რომელი-იგი უფალმან მაუწყა ჩუენ. 16. და მოვიდეს მსწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმაჲ იგი, მწოლარე ბაგასა. 17. და ვითარცა იხილეს, გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ითქუა მათა მიმართ ყრმისა მისთჳს. 18. და ყოველთა, რომელთა ესმოდა, უკჳრდა სიტყუაჲ იგი მწყემსთაჲ მათ მათდა მიმართ.
ეს მწყემსები სახე არიან სულიერი მოძღვრებისა - ანუ მღვდელმთავრებისა, ამრიგად, მღვდელმთავრებმა უნდა დაიცვან თავიანთი სამწყსო და დაუკრან, ანუ იგალობონ რაიმე სულიერი და ასწავლონ ერს და მაშინ ისინი ღმრთაებრივ ჩვენებათა ხილვისა და მოსმენის ღირსნი შეიქმნებიან. ბეთლემი - ნიშნავს სახლს პურისა და რა უნდა იყოს სხვა სახლი პურისა, თუ არა ეკლესია, რომელშიც დადებულია პური იგი? ამრიგად, სულიერ მწყემსთა საქმეა - ზეციური პური ეძიონ და როდესაც იხილავენ ამ პურს, მათი ვალია სხვებსაც უქადაგონ, მსგავსად იმისა, როგორც მწყემსებმა, იხილეს რა ჩვილი, სხვებს გადასცეს მის შესახებ.
19. ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თჳსსა. 20. და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათდა მიმართ.
რა სიტყვები დაიმარხა ქალწულმა? ზოგიერთნი ამბობენ, რომ ისინი, რომელიც მას ანგელოზმა უთხრა და ისინიც, რომელიც მწყემსებმა უთხრეს. იგი იმარხავდა მათ, დაიდვა რა თავის გულში. ანუ აანალიზებდა და ყოველ მათგანში ერთ საერთო აზრს პოულობდა, რომ მისი ძე - ღმერთია. მე კი მეჩვენება, რომ აქ სიტყვებად მოვლენები იწოდება. თითქოს და ასე ამბობდეს: მარიამმა დაიმარხა ყოველი სიტყვა, ანუ ის მოვლენები, რომელზეც მე ახლა ვსაუბრობ და ამით სიტყვებად ვაქცევ მათ. ვინაიდან მოვლენა, როდესაც მის შესახებ იტყვიან, სიტყვად იქცევა. მწემსები დაბრუნდნენ მადლიერნი ღმრთისა ყველაფრისათვის, ვინაიდან ისინი არ იყვნენ შურიანები იუდეველთა მსგავსად.
21. და ვითარცა აღესრულნეს დღენი იგი რვანი წინადაცუეთისა მისისანი, და უწოდეს სახელი მისი იესუ, რომელ-იგი ეწოდა ანგელოზისა მისგან, ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა დედისა თჳსისასა. 22. რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი სჯულისა მისებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა, 23. ვითარცა დაწერილ არს სჯულსა უფლისასა, რამეთუ: ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს; 24. და მიცემად შესაწირავი, ვითარცა თქუმულ არს სჯულსა უფლისასა, ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი.
როდესაც სჯულმა მცნებები დააწესა, მაშინ მათი დამრღვევნი წყევლას ექვემდებარებოდნენ. ამრიგად, უფალი წინადაიცვეთს, რათა ამაშიც აღასრულებს რა სჯულს და არ გამოტოვებს არაფერს, რაც მის მიერ ემცნო, გამოგვისყიდის ჩვენ წყევლისაგან. დაე შერცხვეთ ამიერიდან მათ, რომელნიც ამბობენ, რომ მოჩვენებითად განხორციელდა, ვინაიდან როგორღა წინადაიცვეთდა, თუკი მოჩვენებითად განხორციელდა? გამოკვლევა იმისა, თუ სად არის წინადაცვეთილი ნაწილი, უსარგებლოა. ვინაიდან არ უნდა გამოვიძიოთ ის, რაზეც წმიდა წერილი დუმს. ეს სრულიად უსარგებლოცაა. შეიძლება ითქვას, რომ იგი მოჭრისას დაეცა მიწაზე და განანათლა იგი, ისევე როგორც სისხლმა და წყალმა, მისი გვერდიდან რომ გადმოვიდა, ხოლო მან მისთვის ჩვეული სახით შეინახა ეს ნაწილი უვნებლად და აღდგომისას კვლავ დაირუნა იგი, რათა ამ მიმართებითაც არ აღმოჩენილიყო ნაკლული; ისევე როგორც აღდგომისას ჩვენ ჩვენს სხეულს მივიღებთ სრულყოფილად. დააკვირდი, რომ უფალი იმ წამსვე კი არ ჩაისახა, როგორც კი ანგელოზმა თქვა: „აჰა ესე რა მუცლად - იღო“, არამედ შემდგომ ამისა, როდესაც ინება. ვინაიდან ნახე რას ამბობს აქ: „რომელ-იგი ეწოდა ანგელოზისა მისგან, ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა დედისა თვისისასა.“ ეს ჩანს თავად ნათქვამიდანაც, ვინაიდან არ უთქვამს: „მუცლად-ღებულობ“, არამედ „მუცლად-იღო“. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ უფალი ჩაისახა იმ დროს, მაგრამ არა იმავე წუთს, როდესაც ანგელოზი საუბრობდა, არამედ შესაძლოა, როდესაც საუბარი დაამთვარა. თუმცა, ამას ჩვენ დარწმუნებით არ ვამბობთ. „და რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმენდისა მათისანი სჯულისა მისებრ მოსესისა.“ კარგად თქვა: „სჯულისა მისებრ მოსესისა“, ვინაიდან ქალწული ჭეშმარიტად არ საჭიროებდა განწმენდის დღეებს დალოდებოდა, რომელიც, ვაჟის დაბადების შემთხვევაში ორმოცი იყო. სჯულში ნათქვამია: „დედაკაცი დაორსულდება (ანუ დაორსულდება თესლისაგან) და ვაჟს გააჩენს“ (ლევ. 12, 2); ქალწული კი თესლისაგან კი არ დაორსულდა, არამედ სული წმიდისაგან შვა. ამიტომაც მას არ ჰქონდა ამის საჭიროება, არამედ მოვიდა ტაძარში სჯულის აღსრულების სურვილის გამო. რატომაა, რომ ვაჟის დაბადების შემთხვევაში, განწმენდი დღეები - შვიდია, ხოლო ქალის შემთხვევაში - ორი იმდენი? „თუ დედაკაცი დაორსულდება, - ნათქვამია, - და ვაჟს გააჩენს, შობის შემდეგ შვიდ დღეს უწმინდურია იგი... თუ გოგო შვა, ორ კვირას იქნება გაუწმინდურებული, როგორც წიდოვანების დროს“ (ლევ. 12, 2-5)? იმიტომ, რომ ის ვინც ვაჟს შობს, მეორე ადამი შემოჰყავს ამ ქვეყნად, ხოლო ვინც ქალს შობს, მეორე ევას აჩენს - ჭურჭელს სუსტსა და უუძლურესს, ჭურჭელს თიხისა, განტეხილს, საყრდენს სიცრუისა, მასწავლელს ურჩებისა. სიტყვები სჯულისა, რომ: „ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშო, წმინდა უფლისა ეწოდოს“ - მხოლოდ ქრისტეზე აღსრულდა. ვინაიდან მან თავად განაღო ქალწულის საშო, მაშინ როდესაც სხვა დედების შემთხვევაში საშოს ქმარი განაღებს. სჯული ბრძანებდა ორი გვრიტის მიყვანას იმის საჩვენებლად, რომ ბავშვი - წმიდა ქორწინებისგან იშვა, ვინაიდან გვრიტზე ამბობენ, რომ იგი უმანკო ფრინველია, რამდენადაც, მამრის დაკარგვის შემთხვევაში, სხვას არ შეერწყმის. თუკი მშობლებს გვრიტები არ ჰყავდათ, მტრედების მართვეები მოჰყავდათ, რათა ამ ყრმის ცხოვრება ყოფილიყო საწინდარი მისი მრავალშვილიანობისა; ვინაიდან მტრედი - მრავალნაყოფიერი ჩიტია.
25. და აჰა იყო კაცი იერუსალჱმს, რომლისა სახელი სჳმეონ. და კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაჲ და მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაჱლისასა; და სული წმიდაჲ იყო მის ზედა. 26. და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ. 27. და მოვიდა სულითა წმიდითა ტაძრად უფლისა. და შეყვანებასა მას მამა-დედისა მიერ ყრმისა მის იესუჲსა ყოფად მათა მსგავსად ჩუეულებისა მისებრ სჯულისა მისა მიმართ, 28. და ამან მიიქუა იგი მკლავთა თჳსთა ზედა და აკურთხევდა ღმერთსა და თქუა: 29. აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, 30. რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, 31. რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, 32. ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაჱლისა.
სვიმონი არ იყო მღვდელი, მაგრამ ღვთისმოყვარე ადამიანი იყო; იგი მოელოდა, რომ მოვიდოდა ქრისტე, ებრაელთა მანუგეშებელი და ცოდვის მონობისგან განმანთავისუფლებელი და შესაძლოა რომეალთა და ჰეროდეს მონიბსგანაც. ვინაიდან მან, ვინც ირწმუნა ქრისტე, ის ჭეშმარიტად თავისუფალია და პატივში მყოფი, როგორც მეფეთა, ისე ყოველი ადამიანის მხრიდან. შეხედე მოციქულებს. განა ისინი რომაელთა მონები არ იყვნენ? ახლა კი რომაელთა მეფენი პატივს მიაგებენ და თაყვანს სცემენ მათ. ამრიგად, მათთვის, ისრაიტელთათვის ქრისტე ნუგეშად იქცა. ეს სვიმონი, სული წმინდის მიერ აღძრული, მაშინ შევიდა ტაძარში, როდესაც დედამ უფალი მოიყვანა და მიიქუა რა მკლავებში, აღიარა ღმერთად. ვინაიდან, თქმა: „აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო“ - შეეძლო მხოლოდ აღმსარებელს იმისა, რომ იგი სიცოცხლისა და სიკვდილის ღმერთია. შეხედე, როგორ მიიჩნევენ წმინდანნი სხეულს საკვრელად. ამიტომაც ამბობს: „აწ განუტევე“, თითქოსდა საკვრელთაგან თავისუფლდებოდეს. „სიტყვისაებრ შენისო“ - ამბობს მის მიმართ წარმოთქმული წინასწარმეტყველბის შესახებ, რომ იგი არ მოკვდება მანამ, სანამ ქრისტეს არ ნახავს. „მშვიდობით“ ამბობს ნაცვლად - სიმშვიდისა, ვინაიდან, ადამიანი ვიდრე ცოცხალია „ამაოდ შფოთებს“, როგორც დავითი ამბობს (ფს. 38, 6); გარდაცვლილი კი სიმშვიდეში იმყოფება. სიტყვაში „მშვიდობით“ შეიძლება ვიგულისხმოთ სხვა რამეც, კერძოდ: მიღება იმისა, რისი მოლოდინიც ჰქონდა. ვიდრე უფალს ვიხილავდი, ამბობს ის, ჩემი გულისთქმები არ იყო დამშვიდებული, არამედ ველოდი მას და ყოველთვის მქონდა საფიქრალად, თუ როდის მოვიდოდა იგი; ახლა კი, როდესაც ვიხილე ის, დავმშვიდდი და შევწყვიტე ფიქრი, მე განვთავისუფლდი. „მაცხოვარება“ უწოდა ხორცშესხმას მხოლოდშობილისა, რომელიც ღმერთმა განუმზადა მას უწინარეს საუკუნეთა. განუმზადა ეს მაცხოვარება ყოველი ხალხის წინაშე. ვინაიდან, იმიტომაც შეისხა ხორცი, რომ ეხსნა ქვეყნიერება და მისი ხორცშესხმა ყველასთვის ცხადი გამხდარიყო. ეს მაცხოვარება არის „ნათელი გამობრწყინვებად წარმართა ზედა“, ანუ ბნელში მსხდომარე წარმართთა განსანათლებლად, „და დიდებად ისრაელისა“, ვინაიდან ქრისტე არის ჭესმარიტად დიდება ისრაიტელი ხალხისა, რამდენადაც მისგან აღმობრწყინდა და მართლაც კეთილგონიერნი, საკუთარ დიდებას ხედავენ ამაში. ასე ამბობს სვიმონი, მე კი მგონია, რომ ამ სვიმონს შეეფერება დავითის სიტყვებიც: „დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი“ (ფს. 90, 16)
33. და იყვნეს იოსებ და დედაჲ მისი დაკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა მისთჳს. 34. და აკურთხნა იგინი სჳმეონ და ჰრქუა მარიამს, დედასა მისსა: აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაჱლსა შორის და სასწაულად სიტყჳს-საგებელად. 35. და თჳთ შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი.
სვიმონმა ორივე აკურთხა, ხოლო სიტყვით ჭეშმარიტ დედას მიმართა, დაუტევა რა არანამდვილი მამა. „აჰა ესერა - ამბობს იგი, - ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის“: დაცემად ურწმუნოთა, ხოლო მორწმუნეთა - აღდგინებად. ან სხვაგვარად: უფალი დგას დაცემად ბოროტებისა, ჩვენს სულებში რომ ბუდობს, და აღდგინებად სიკეთისა; ეცემა მრუშობა და აღდგება უბიწოება. შეიძლება გავიგოთ კიდევ სხვაგვარადაც: ქრისტე დგას „დაცემად“ სხვათა ნაცვლად: თავად უნდა ევნოს და სიკვდილს დაექვემდებაროს, ხოლო მისი დაცემით მრავალნი აღდგებიან. ამრიგად, სიტყვის შემდეგ: „დაცემად“ დასვი წერტილი, ხოლო შემდეგ დაიწყე: „და აღდგინებად მრავალთა“. სასწაული არის ჯვარი, რომელიც დღემდე ჰპოვებს წინააღმდეგობას, ანუ არ არის მიღებული ურწმუნოთა მიერ.სასწაულად იწოდება, აგრეთვე ღმერთის განკაცებაც და გასაოცარ სასწაულად, ვინაიდან ღმერთი კაცი გახდა, ხოლო ქალწული - დედა. და ამ სასწაულს, ანუ ქრისტეს განკაცებას, ეწინააღმდეგებიან.რადგან ერთნი ამბობენ, რომ სხეული - ზეციდანაა, ხოლო მეორენი - რომ იგი მოჩვენებითია, ხოლო კიდევ სხვანი სხვა რამეს უქმეტყველებენ. „და თვით შენსაცა სულსა გავიდეს მახვილი“ მახვილს უწოდებს, შესაძლოა, საცდურსაც, რომელიც ჯვარცმული უფლის ხილვისას ეწვია, ვინაიდან იგი, შესაძლოა ფიქრობდა თუ როგორ აცვეს ჯვარს, მოაკვდინეს და აფურთხეს მას, ვინც უთესლოდ იშვა, სასწაულებს სჩადიოდა, მკვდრებს აღადგენდა. „რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი“. ეს ნიშნავს იმას, რომ განცხადდება და მხილებულნი მსწრაფლ მიიღებენ კურნებას. მაგალითად, შენც ქალწულო, განცხადდება და გამოჩნდება შენი ბრძნობა ქრისტეს შესახებ, შემდეგ კი მისდამი რწმენაში განმტკიცდები, ისევე როგორც პეტრე აღმოჩნდა განგდებული; მაგრამ მოევლინა ძალი ღმრთისა, რომელმაც კვლავაც მიიღო იგი სინანულის მეშვეობით და სხვაგვარადაც: მრავალთა გულისზრახვანი განცხადდა, როდესაც გამოაშკარავდა გამცემიცა და გამოაშკარავდნენ მისი მოყვარულნიც, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, იოსები, პილატესთან რომ მივიდა და ჯვართან მდგომი დედები.
36. და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით. 37. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. 38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა. 39. და ვითარცა აღასრულეს მის ზედა ყოველივე მსგავსად შჯულისა უფლისა, მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქად თჳსა – ნაზარეთად. 40. ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და აღივსებოდა სიბრძნითა, და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა.
მახარებელი ანას ამბავზე ჩერდება; გვამცნობს რა მის მამასა და მის ტომს, რათა ვიცოდეთ, რომ იგი ჭეშმარიტებას ამბობს, რადგანაც თითქოს მრავალ მოწმეს იწვევს, ისეთს, მის მამასა და ტომს რომ იცნობდნენ. ის სხვებთან ერთად „აღუვარებდა“ ღმერთს, ანუ მადლობდა მას და ყველას ამცნობდა უფლის შესახებ, რომ იგია მაცხოვარი და ნუგეშინისმცემელი ჩვენი, რომელნიც მოველით გამოხსნას. როდესაც აღასრულეს ყოველივე, ისინი გალილეაში დაბრუნდნენ თავის ქალაქ ნაზარეთში. ბეთლემი ასევე მათი ქალაქი იყო, მაგრამ როგორც სამშობლო-ნაზარეთი, როგორც საცხოვრებელი ადგილი. იესო იზრდებოდა სხეულით, თუმცა მას შეეძლო საშოდანვე მიეღწია მამაკაცის ასაკისთვის, მაგრამ მაშინ შესაძლოა მოჩვენებად აღქმულიყო, ამიტომ ის თანდათანობით იზრდება. ასაკთან ერთად სიტყვა-ღმერთის სიბრძნეც ვლინდებოდა. ვინაიდან იგი სწავლაში წარმატების გამო კი არ იყო ბრძენი - შორს ჩვენგან ამგვარი აზრი! რამდენადაც იგი თანშობილ სიბრძნეს თანდათანობით ამჟღავნებდა, ამიტომ ნათქვამია, რომ იგი აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულით თავისი სხეულის ასაკის შესაბამისად. ვინაიდან მას სულ ადრეულ ასაკში რომ გამოემჟღავნებინა თავისი სიბრძნე, საზარლად გამოჩნდებოდა. ახლა კი ამჟღავნებს რა საკუთარ თავს, რამდენადაც შესაძლებელია, ასაკისდა შესაბამისად, იგი სახლთმშენებლობას აღასრულებს, სიბრძნის მიუღებლად, ვინაიდან რა უნდა ყოფილიყო დასაბამიდან სრულყოფილზე უფრო სრულქმნილი? მაგრამ იგი თანშობილ სიბრძნეს თანდათანობით ამჟღავნებს.
41. და აღმოვიდიან მამა-დედანი მისნი წლითი წლად იერუსალჱმდ დღესასწაულსა მას პასექისასა. 42. და იყო რაჲ იგი ათორმეტის წლის, აღმოვიდეს იგინი იერუსალჱმდ, ვითარცა ჩუეულ იყვნეს, დღესასწაულსა მას. 43. და აღასრულნეს დღენი იგი, და წარსლვასა მას მათსა დაშთა იესუ ყრმაჲ იერუსალჱმს, და არა უწყოდეს იოსებ და დედამან მისმან, 44. ჰგონებდეს მისა, ვითარმედ მოგზაურთა თანა არს იგი. და მოვიდეს დღისა ერთისა გზასა და ეძიებდეს მას ნათესავთა შორის და მეცნიერთა 45. და არა პოეს იგი. და მოიქცეს იგინი იერუსალჱმდვე და ეძიებდეს მას. 46. და იყო შემდგომად სამისა დღისა პოეს იგი ტაძარსა მას შინა, მჯდომარე შორის მოძღუართა, ისმენდა მათსა და ჰკითხვიდა მათ. 47. განუკჳრდებოდა მათ ყოველთა, რომელთა ესმოდა მისი გულისჴმის-ყოფაჲ იგი და სიტყჳს-მიგებაჲ მისი. 48. და იხილეს იგი და განუკჳრდა. ჰრქუა მას დედამან მისმან: შვილო, რაჲ ესე მიყავ ჩუენ ესრეთ? აჰა ესერა მე და მამაჲ შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ. 49. და მან ჰრქუა მათ: და რაჲსა მეძიებთ მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ? 50. და მათ ვერ გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ.
იესო მშობლებთან ერთად მიდის იერუსალიმში, რათა გვიჩვენოს ყველაფერში, რომ იგი არც ღმერთის წინააღმდგომია და არც სჯულის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. როდესაც მათ აღასრულეს დღეები, ანუ პასექის შვიდი დღე, იგი იერუსალიმში დარჩა. იგი მწიგნობრებთან ერთად მსჯელობდა, უსვამდა რა მათ კითხვებს სჯულის შესახებ და ყველას „განუკვირდებოდა“. ხედავ, როგორ წარემატებოდა იგი სიბრძნეში ისე, რომ მრავალთათვის იგი ცნობისმოყვარეობისა და გაკვირვების საგანი იყო? ვინაიდან მისი სიბრძნის გამოვლენა თავად მისი წარმატებაა. ღვთიმშობელი იოსებს მამას უწოდებს, თუმცაღა იცოდა, რომ იგი მამა არ იყო. უეჭველია, რომ იგი იოსებს მის მამას იუდეველთა გამო უწოდებს, რათა მათ არ გასჩენოდათ რაიმე არაწმიდა აზრი მის დაბადებასთან დაკავშირებით. სხვაგვარად, რამდენადაც იოსები მამობრივ მზრუნველობასა და სამსახურს უწევდა აღზრდაში, მართებულად უწოდა მას მამა, თითქოსდა სული წმიდამ უბოძა მას პატივი მამად წოდებისა. რატომღა ეძებდნენ მას? ნუთუ ფიქრობდნენ, რომ იგი, როგორც ბავშვი დაიკარგა ან გზა აებნა? შორს ჩვენგან ასეთი აზრი! ვინაიდან ის არ შეიძლებოდა მოსვლოდა არც ბრძენ მარიამს, რომელსაც უთვალავი გამოცხადება ჰქონდა მის შესახებ და არც იოსებს, რომელსაც თავადაც გამოეცხადა, რომ იგი სულიწმიდისაგანაა. მაგრამ ისინი ეძებდნენ მას იმიტომ, რომ იგი როგორღაც არ ჩამორჩენოდა მათ და როგორღაც არ დაეტოვებინა ისინი, ხოლო როდესაც იპოვეს იგი, ნახე როგორ პასუხობს მათ! რამდენადაც ქალწულმა იოსებს მისი მამა უწოდა, იგი ეუბნება: არა ის, იოსებია, ჩემი ჭეშმარიტი მამა, თუმცა მე მის სახლში ვიყავი; არამედ ღმერთია - ჩემი მამა და ამიტომ მე მის სახლში ვარ - ანუ მის ტაძარში. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რა უთხრა მან: ვინაიდან ეს საიდუმლო იყო.
51. და წარვიდა მათ თანა და მოვიდა ნაზარეთად და იყო დამორჩილებულ მათდა. ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა თჳსსა. 52. და იესუ წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა.
იესო ემორჩილებოდა მშობლებს მოგვცა რა მაგალითი იმისა, რომ ჩვენც დავემორჩილოთ ჩვენს მშობლებს. ქალწული იცავდა ყოველივე ამას; ვინაიდან საქმეები და სიტყვები ყრმისა ღმრთაებრივნი იყვნენ და მათში თორმეტი წლის ყრმა კი არ ვლინდებოდა, არამედ სრულიად მოწიფული ადამიანი. იმის ასახსნელად, თუ რას ნიშნავს „წარემატებოდა სიბრძნითა“, მახარებელი უმატებს „და ჰასაკითა“, ვინაიდან წარმატებას „ჰასაკით“ უწოდებს წარმატებას სიბრძნით. „და მადლით წინაშე ღმერთისა და კაცთა“, ანუ ღმრთისათვის სათნოს და კაცთაგან საქებარს იქმოდა; მაგრამ ჯერ ღმრთისთვის იყო საამო, შემდეგ კი ადამიანთათვის; ვინაიდან, ჯერ სათნო უნდა ეყო ღმერთს, შემდეგ კი ადამიანებს!
თავი 1 | თავი 2 | თავი 3 | თავი 4 |
თავი 5 | თავი 6 | თავი 7 | თავი 8 |
თავი 9 | თავი 10 | თავი 11 | თავი 12 |
თავი 13 | თავი 14 | თავი 15 | თავი 16 |
თავი 17 | თავი 18 | თავი 19 | თავი 20 |
თავი 21 | თავი 22 | თავი 23 | თავი 24 |