ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

ლუკას სახარების განმარტება

 

თავი მეოთხე

1. ხოლო იესუ, სავსე სულითა წმიდითა მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ. 2. და ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაჲ ჭამა მათ დღეთა შინა. და აღ-რაჲ-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია. 3. და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, არქუ ქვათა ამათ, რაჲთა იქმნენ პურ. 4. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წერილ არს: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა ღმრთისაჲთა. 5. და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა ჟამთაჲთა. 6. და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: შენ მიგცე ამის ყოვლისა ჴელმწიფებაჲ და დიდებაჲ მათი, რამეთუ ჩემდა მოცემულ არს, და რომლისა მინდეს, მივსცე იგი; 7. უკუეთუ შენ თაყუანის-მცე ჩემ წინაშე, იყოს შენდა ესე ყოველი. 8. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო; წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე. 9. და მოიყვანა იგი იერუსალჱმდ და დაადგინა იგი ფრთესა მას ზედა მის ტაძრისასა და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, 10. რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა. 11. ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი. 12. მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: თქმულ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.

უფალი მოინათლა იმისათვის, რომ ეკურთხებინა წყალი ჩვენთვის, ვისაც მადლი უნდა გვეგემნა. ნათლობის შემდეგ „მოჰყვანდა სულსა უდაბნოდა“, ვინაიდან სული წმიდა მას ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლაში აბამდა. მიდის „უდაბნოდ“ იმისათვის, რომ მისცეს ეშმაკს საბაბი თავს დაესხას, ვინაიდან იგი განსაკუთრებით მაშინ გვესხმის თავს, როდესაც განმარტოებულნი ვართ. იმარხული „ორმეოც დღე“ და არ გადაუჭარბებია მოსესა და ილიას მარხვის ზომისათვის, რათა ამით არ ეფიქრებინა სატანისთვის, რომ იგი მათზე მეტია; არამედ რათა იგი მისდგომოდა მას, იფიქრებდა რა, რომ ისიც ადამიანია, ხოლო ამასთან, იმისთვისაც, რათა არ გამოჩენილიყო მხოლოდ მოჩვენებითად განკაცებულად. "გამოიცდებოდა ნათლობის შემდეგ, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ნათლობის შემდეგ ჩვენ საცდურები შეგვხვდება. მარხულობს იმიტომ, რომ მარხვა უდიდესი იარაღია საცდურების ჟამს და იმიტომაც, რომ ნათლობის შემდეგ ჩვენ ხორციელ ტკბობას კი არ უნდა მივეცეთ, არამედ მარხვას. მტერი თავ ესხმის მას თავიდან ნაყროვანებით, ისევე როგორც ადამს (დაბ. 3), შემდეგ ვერცხლისმოყვარეობით, უჩვენა რა მას ყველა სამეფო. როგორ უჩვენა? ზოგიერთნი ამბობენ, რომ ისინი ფიქრებში წარმოუდგინა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფიქრებში კი არა, არამედ გრძნობადად უჩვენა მას ისინი, დაუყენა რა მოჩვენების სახით და არა უფლის წარმოსახვაში. შემდეგ მას დიდებისმოყვარეობით ესხმის თავს, ვინაიდან ეუბნება: „უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყნად“. ფუჭმეტყველებდა, ეპირფერებოდა რა მას, რათა იგი მოტყუებულიყო პირფერობითა და როდესაც მოისურვებდა გამოჩენილიყო ძედ ღმრთისა, გარდაეგდო თავი და ამრიგად გამოაშკარავებულიყო მის წინაშე, თუ ვინ იყო იგი. მაგრამ შეხედე, როგორ ამარცხებს მას უფალი წმიდა წერილით. „არა განსცადოო“ - ეუბნება, - „უფალი ღმერთი შენი“, ვინაიდან არავინ არ უნდა დაუქვემდებაროს თავი აშკარა საფრთხეს, აცდუნებს რა საკუთარ თავს იმით, რომ უფალი შეეწევა. დააკვირდი იმასაც, რომ წმიდა წერილის ცოდნა ფრიად სასარგებლოა; ვინაიდან უფალმაც წერილის მეშვეობით დაამარცხა სატანა; „არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი“, ეს მოსეს მიერ თქმულია მანანას შესახებ (მეორე სჯული. 8, 3); ვინაიდან მართალია მანანა არ იყო პური, მაგრამ კვებავდა ხალხს. ზუსტად ასევე, მოსეს წარმოთქმულია ესენიც: „უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე“ და „არა განსცადო“ (მეორე სჯჯ. 6, 13-16).

13. და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან მან და განეშორა მას ვიდრე ჟამადმდე. 14. და მოიქცა იესუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა გალილეად; და ჰამბავი განჴდა მისთჳს ყოველსა მას გარემო სოფლებსა. 15. და იგი თავადი ასწავებდა შესაკრებელთა მათთა და იდიდებოდა ყოველთაგან.

და თუმცა უფალი სამი საცდურით გამოიცადა, ლუკა ამბობს, რომ მან „აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი“, ვინაიდან ყოველი საცდურის საფუძველი ეს სამია: ნაყროვანება, ვერცხლიმოყვარება, დიდებისმოყვარება. ნაყროვანების საცდური უფალმა უკუაგდო სიტყვებით: "არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი“. სხვა საცდურებეზე უწინ ეს საცდური მოუვლინა მას, ისევე, როგორც ადამს, ვინაიდან ის ადამს ვერ დააბრკოლებდა ვერც ვერცხლისმოყვარებით, რამდენადაც ადამი, იყო რა მარტო, არ ჰყავდა არავინ, ვის წინააღმდეგაც უფრო მეტის ქონას მოისურვებდა; ვერც მრისხანებით, ვინაიდან არავინ იყო, ვისაც განურისხდებოდა, ვერც შურით; არამედ ნაყროვანებით დააბრკოლა იგი. ვერცხლისმოყვარეობის საცდურს უფალმა იმით სძლია, რომ არ დავარდა მის წინაშე და არ სცა თაყვანი, ვინაიდან როდესაც მან გრძნობადად უჩვენა ყველა სამეფო მოჩვენების სახით, უფალი არ დაემორჩილა მას. ზოგიერთნი ამაში გულისხმობენ არა გრძნობად, არამედ აზრობრივ სამეფოებს, რომ მან, მაგალითად უჩვენა თავშეუკავებლობის სამეფო, შურის სამეფო და საერთოდ ყველა ცოდვისა და თითქოსდა ასე ეუბნებოდა მას: თუკი გსურს იმეფო ყველა ვნებაზე და იმისათვის მოხვედი, რომ მიიზიდო ჩემით შეპყრობილნი, მაშინ მოდი და თაყვანი მეცი მე და მიიღებ ყველას ვისზეც მე მაქვს ხელმწიფება. უფალს სურს იმეფოს და ამისთვის მოვიდა, მაგრამ იმეფოს არა ცოდვის წყალობით, უბრძოლველად, არამედ ღვაწლისა და გამარჯვების შემდეგ. ასე ფიქრობდნენ ზოგიერთნი. ვისაც სურს დაე ასეც გაიგოს. წმიდა წერილის სიტყვებით უკუაგდო უფალმა დიდებისმოყვარეობის საცდურიც. უფალო, გვიხსენი გველის ამ სამი თავისაგან! „და მოიქცა იესუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა“, როდესაც მან სძლია მაცდურს და თავისი ძალა გამოავლინა. სიტყვებს: „განეშორა მას ვიდრე ჟამადმე“, შემდეგი აზრი აქვთ: ეშმაკი თავს ესხმის უფალს ორი გრძნობით: სიამოვნებითა და მწუხარებით; სიამოვნებით იგი თავს დაესხა უფალს, მაგალითად მთაზე; ხოლო განეშორა მას გარკვეულ დრომდე, ანუ ჯვარცმის დრომდე, ვინაიდან განზრახული ჰქონდა მაშინ დასხმოდა თავს მწუხარებით.

16. და მოვიდა ნაზარეთად, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ. 17. და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო: 18. სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა, 19. და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული. 20. და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს. 21. და იწყო სიტყუად მათა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქუენთა.

უფალმა ინება განეცხადებინა თავი ისრაიტელთათვის, ვინაიდან ცხებულ იქმნა ღმრთისა და მამისაგან იმისათვის, რათა ეხსნა ცისქვეშეთში მცხოვრებნი. სასწაულებრივად მოაწყობს იგი ამას, სხვებზე ადრე იგი ნაზარეთის მცხოვრებთ განუცხადებს თავს, იმათ, ვისთან ერთადაც აღიზარდა, რათა ჩვენც გვასწავლოს, რომ ჯერ შენიათ უნდა უყო კეთილი და ასწავლო მათ, ხოლო შემდეგ სხვების მიმართაც გამოიჩინე კაცთმოყვარება. როდესაც მას წიგნი მისცეს, მან გადაშალა და იპოვა არა ის, რაც შემთხვევით მოხვდა, არამედ რაც თავად სურდა, ვინაიდან ნუ იფიქრებ, თითქოს მან გადაშალა წიგნი და შემთხვევით შეხვდა ის ადგილი, რომელზეც მასზე იყო დაწერილი; ეს მისი სურვილით მოხდა. და რა იყო დაწერილი? „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე“, ანუ მაკურთხა მე, დამაყენა მე „მახარებლად გლახაკთა“, ანუ წარმართთა, რომელთაც, არ გააჩნდათ არც სჯული, არც წინასწარმეტყველნი, მართლაც დიდ სიგლახაკეში იყვნენ ჩავარდნილნი. „შემუსვრილნი გულითა“ იყვნენ შესაძლოა ისრაიტელნი, რომელთაც თავიდან დიდი და ამაღლებული გული ჰქონდათ და ღმრთის სახლი იყო, მაგრამ შემდეგ, როდესაც მათ კერპთამსახურება და სხვადასხვა სახის შეცოდებანი დაიწყეს, მათი გული შეიმუსრა და აირია, გახდა რა ნაცვლად ღმრთის სახლისა, ქვაბული ავაზაკთა. ამრიგად, უფალი მოვიდა, რათა ისინიც განეკურნა და მიეცა „ტყვეთათვის განტევება და „ბრმათათვის ახილვა“ წარმართთა და ისრაიტელთათვის, ვინაიდან ისინი ორივე იყვნენ ნაწილნი და ტყვენი სატანისა და ბრმები. ეს შესაძლოა მკვდრებზეც ვიგულისხმოთ, ვინაიდან ისინიც, იყვნენ რა ტყვენი და შემუსვრილნი, აღდგომის მეშვეობით განთავისუფლდნენ ჯოჯოხეთის მეუფებისაგან. „და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული“. და რა არის ეს „წელიწადი შეწყნარებული?“ შესაძლოა მომავალი საუკუნე, რომელზედაც ქადაგებდა უფალი, ამბობდა რა: „და მას დღესა შინა მე არარაჲ მკითხოთ“ (იოანე. 16, 23), და კვლავ: „და მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს მკვდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი“ (იოან. 5, 25), მაგრამ „წელიწადი შეწყნარებული“ არის უფლის ხორციელად მოსვლის ჟამიც. მასზე პავლე ამბობს: „აჰა ესერა, აწ არის ჟამი იგი შეწყნარებისაჲ, აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხოვრებისაჲ“ (2 კორ. 5, 2) წაიკითხა რა ეს, მან თქვა: „დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მიმართ თქუენთა“, აშკარად, მიუთითებდა რა მსმენელებს თავისში მასზე, ვის შესახებაც ესაა დაწერილი.

22. და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკჳრდა სიტყუათა ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, და იტყოდეს: ანუ არა ესე არსა ძე იოსებისი? 23. და თავადმან ჰრქუა მათ: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. და ჰრქუეს მას: რაოდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა. 24. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ წინაწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თჳსსა მამულსა. 25. ხოლო ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალნი ქურივნი იყვნეს დღეთა მათ ელიაჲსთა ისრაჱლსა შორის, ოდეს-იგი დაეჴშა ცაჲ სამ წელ და ექუს თუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი დიდი ყოველსა ქუეყანასა. 26. და არავისა მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონისა, დედაკაცისა ქურივისა. 27. და მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაჱლსა შორის ელისეს ზე, წინაწარმეტყუელისა, და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნემან ასური. 28. და აღივსნეს ყოველნი გულის-წყრომითა, რომელნი-იგი იყვნეს შესაკრებელსა მას შინა, ესმოდა რაჲ ესე. 29. და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და მოიყვანეს იგი ვიდრე წუერადმდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი იგი მათი დაშენებულ იყო, რაჲთა გარდააგდონ იგი. 30. ხოლო თავადმან განვლო შორის მათსა და წარვიდა.

ერი, უსმენდა რა ქრისტეს სიტყვებს, უკვირდა სიტყვა მადლისა; თუმცა უკვირდა, დასცინოდა მას და ამბობდა: განა ეს არ არის დურგლის შვილი? ამასთანავე რა უშლიდა მას ხელს გაკვირვებისა და თაყვენისცემის ღირსი ყოფილიყო? განა ვერ ხედავ, როგორ საქმეებს იქმს იგი? განა არ გესმის, როგორ სიტყვებს წარმოსთქვამს? მიუხედავად ამისა, შენ დასცინი მის მამას? სწორედ მათზე შეიძლება სამართლიანად ითქვას, „ბრიყვო და უგულო ხალხო, რომელსაც თვალები აქვს და ვერაფერს ხედავს, ყური ასხია და არაფერი ესმის“ (იერემია, 5, 21) რას ეუბნება მათ უფალი? რაღა თქმა უნდა მეტყვით მე: შენს სამშობლოშიც მოიმოქმედე ისეთივე სასწაულები, როგორიც კაპერნაუმში აღასრულე, ვინაიდან ამას ნიშნავს: „მკურნალო! განიკურნე თავი შენი“. ეს საერთო ანდაზა ჰქონდათ იუდეველებს, რომელსაც ისინი ავადმყოფი ექიმების მიმართ იყენებდნენ, მაგრამ მე გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ სასწაულს მოვიმოქმედებდი თქვენთანაც ჩემს თანამემამულეებთან, მაგრამ ვიცი, ვნება, რომელიც საერთოა და ყველას ემართება, სიძულვილი ყველაზე საუკეთესო საქმეებსაც კი, თუკი ისინი აღარ არის იშვიათი, არამედ საერთო და ჩვეულებრივი ხდება, როდესაც ყველას შეუძლია თავისუფლად დატკბეს მათით, ვინაიდან ადამიანებს ყოველთვის აქვთ ჩვეულება იზრუნონ იშვიათზე და უცნაურზე და მისით იყვნენ განკვირვებულნი, ხოლო საერთო და ჩვეულებრივი სძულდეთ. ამიტომაც არც ერთი წინასწარმეტყველი არ ფასობს საკუთარ მამულში, არამედ თუკი იგი რომელიმე სხვა ქვეყნიდან მოვა, მისი უკვირთ. ასევე ილიაც იუდეველმა ქვირვებმა არ მიიღეს, ხოლო სარეფთადელმა მიიღო და ელისემაც კეთროვანებისაგან განწმინდა უცხოტომელი იმიტომ, რომ მან რწმენა გამოიჩინა მის მიმართ, მაშინ როდესაც ნაცნობებს, მის თანამემამულეებს არ სწამდათ მისი და ამიტომაც ვერ განიკურნენ. მსგავსად ამისა თქვენც ჩემო თანამემამულენო, გაკვირვების ღირსად კი არ მთვლით, არამედ სიძულვილისა - ამიტომაც არ ვიქმ სასწაულებს. კაპერნაუმის მცხოვრებნი მე გაკვირვების ღირსად მთვლიან და მეც სასწაულებს ვიქმ და მიღებულ ვარ მათ მიერ. ამის მსმენელნი სინაგოგაში გულისწყრომით აღივსნენ, რაც გასაკვირია, და მის მთიდან გადაგდებას ფიქრობდნენ, მაგრამ მან განვლო რა მათ შორის, წავიდა თუმცა არა იმიტომ, რომ ტანჯვას გაურბოდა, არამედ იმიტომ, რომ განსაზღვრულ დროს ელოდა, ვინაიდან ის მოვიდა, რათა ჩვენთვის ვნებულიყო, ახლა კი, როცა ჯერ მხოლოდ იწყებოდა მისი ქადაგება, მას არ უნდა მიეცა საკუთარი თავი სასიკვდილოდ, არამედ მაშინ აღსრულებულიყო, როცა საკმარისს ასწავლიდა. აქედან ნათელია, რომ როდესაც ის ჯვარს აცვეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ კი არ აცვეს ჯვარს, არამედ საკუთარი ნებით მისცა თავი სასიკვდილოდ. იცოდე რომ წინასწარმეტყველთა მამული - იუდეველთა სინაგოგაა, რომელსაც ისინი უპატიობაში ჰყავს. მან არ მიიღო წინასწარმეტყველნი, ჩვენ კი უცხოტომელებმა, მივიღეთ ისინი, ვინაიდან ქვრივმა, ანუ ეკლესიამ წარმართთაგან, მიიღო ილია, ანუ წინასწარმეტყველური სიტყვა, როდესაც იუდეაში სულიერი შიმშილი იყო, ანუ შიმშილი უფლის სიტყვების მოსმენისას (ამოსი, 8, 11). სწორედ ამაზე ეუბნება ქვრივს წინასწარმეტყველი: „მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს“ (ესაია, 54, 1) და სხვა ადგილასაც: „საშოდახშულმა შვილი დაბადა, მრავალშვილიანი დაჭკნა“ ( 1 მეფ. 2, 5).

31. და შთავიდა კაპერნაუმდ, ქალაქსა გალილეაჲსასა, და ასწავებდა მათ შაბათსა შინა. 32. და უკჳრდა მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ჴელმწიფებით იყო სიტყუაჲ იგი მისი. 33. და იყო შესაკრებელსა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა: 34. ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოხუედ წარწყმედად ჩუენდა: გიცი შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ. 35. და შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან! და დასცა იგი შორის მათსა ეშმაკმან მან და განვიდა მისგან და არაჲ ავნო მას. 36. და იყო განკჳრვებაჲ მათ ყოველთა ზედა და ზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ჴელმწიფებითა და ძალითა უბრძანებს სულთა არაწმიდათა, და განვლენ? 37. და მიმოეფინებოდა ჰამბავი მისთჳს ყოველთა მათ ადგილთა გარემო მის სოფლებისათა.

რამდენადაც არც განსჯა, არც სწავლება არ იზიდავს ურწმუნოებს რწმენისაკენ, უფალი ურთავს სასწაულებს, როგორც ყველაზე უფრო ქმედით საშუალებას. ამრიგად კაპერნაუმში იქმს სასწაულებს, ვინაიდან ამ ქალაქის მცხოვრებნი ყველაზე უფრო ურწმუნონი იყვნენ და რომ ერწმუნათ მრავალ სასწაულს საჭიროებდნენ. ამრიგად, როდესაც მან საკმარისად ასწავლა და ამასთან, როგორც ხელმწიფების მქონემ (ვინაიდან ის არ ამბობდა: „ამას ამბობს უფალი“, არამედ: „მე გეუბნებით თქვენ“, ვინაიდან ის წინასწარმეტყველთაგანი კი არ იყო, არამედ ჭეშმარიტად ძე ღმრთისა), ამის შემდეგ სასწაულსაც ურთავს, კერძოდ: კურნავს არაწმიდა სულით შეპყრობილს. არაწმიდა სული თავიდან ამჟღავნებს მტრობას, რათა მისი მოწმობა უფრო სარწმუნო იყოს, ხოლო შემდეგ ამოწმებს! „ვიცი შენ ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისა“. თავიდან საყვედურობს მას: „მოხვედ წარწყმედად ჩუენდა“, შემდეგ კი პირმოთნეობს, ვინაიდან ფიქრობს, რომ პირმოთნეობით მართული უფალი დატოვებს მას. მაგრამ უფალი გვასწავლის რა, არ ვისარგებლოთ ეშმაკის მოწმობითა და წარდგენით, ამბობს: „პირი დაიყავ და განვედ მაგისგან“, თუმცა ნებას აძლევს ეშმაკს დასცეს ადამიანი, რათა იქ მყოფებმა გაიგონ, რომ მასში მართლაც იყო ეშმაკი, რომელსაც ეკუთვნოდა კიდეც ეს სიტყვები, თუმცა მისი იარაღი ადამინის ენა იყო და ყველანი ერთმანეთს ეუბნებოდნენ, უკვირდათ რა მომხდარი: რა სიტყვაა ასეთი, რომლითაც იგი უბრძანებს: „პირი დაიყავ და განვედ მაგისგან?“ იცოდე, რომ ახლაც ბევრს ჰყავს ეშმაკი, სწორედ მათ, რომელნიც ეშმაკთა სურვილებს ასრულებენ. მაგალითად, ვინც მრისხანეა, მრისხანების ეშმაკი ჰყავს, მაგრამ როდესაც იესო შესაკრებელში მოვა, ანუ როდესაც გონება კონცენტრირებული იქნება და არა განბნეული, მაშინ ეტყვის მრისხანების ეშმაკს, მანამდე დაუოკებელს: „პირი დაიყავ“ - და იგი მაშინვე გამოვა ადამიანიდან, დასცემს რა მას შუაში, იცოდე, რას ნიშნავს შუაში დაცემა: ადამიანი არ უნდა იყოს არც მთლად მრისხანე და გაღიზიანებული, რადგან ეს ცხოველებს ახასიათებს და არც მთლად ურისხველი, რადგან ეს უგრძნობთათვისაა დამახასიათებელი, არამედ საშუალო გზით უნდა მიდიოდეს და ჰქონდეს მრისხანება ბრაზის მიმართ. ამრიგად, როდესაც არაწმიდა სული დასცემს ვინმეს შუაში, იგი გადის მისგან.

38. და აღდგა მის კრებულისაგან და შევიდა სახლსა სიმონისსა; ხოლო სიდედრი სიმონისი შეპყრობილ იყო სიცხითა დიდითა. და უთხრეს მას მისთჳს. 39. და დაადგა მას ზედა და შეჰრისხნა სიცხესა მას. და მეყსეულად დაუტევა იგი, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ. 40. და დასვლასა ოდენ მზისასა ყოველთა რაოდენთა აქუნდა უძლურები თითო-სახეთაგან სენთა, მოიყვანნეს მისა. ხოლო თავადმან კაცად-კაცადსა მათსა დასდვა ჴელი და განკურნნა იგინი. 41. და განვიდოდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. და არა უტევებდა მათ სიტყუად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ იგი არს ქრისტე. 42. და ვითარცა განთენა, გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა, და ერი იგი ეძიებდა მას და მოვიდეს მისა და აყენებდეს მას, რაჲთამცა არა წარვიდა მათგან. 43. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: სხუათაცა ქალაქთა ჯერ-არს ჩემდა ხარებად სასუფეველი ღმრთისაჲ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე. 44. და ქადაგებდა ყოველთა შესაკრებელთა გალილეაჲსათა.

უფალი ყოველთა იკვებებოდა მოწაფეთა სტუმართმოყვარეობის წყალობით, ისევე როგორც ახლაც პეტრემ მიიღო იგი და კურნავს მის სიდედრს, რათა შენც გასწავლოს, უარი არ თქვა ღარიბთა კეთილგანწყობაზე. იგი უბრალოდ კი არ კურნავს მას სნეულებისაგან, არამედ აძლევს მას მტკიცე ჯანმრთელობას და ძალას მსახურებისათვის. თუკი ჩვენც მივიღებთ მას, იგი ჩააქრობს ჩვენს ცხელებას მრისხანებისა და უნდობლობისა და აღგვადგენს ჩვენ ისე, რომ ჩვენ შეგვეძლება მისი მსახურება, ანუ მისი სათნოყოფა. შეხედე, გთხოვ, ხალხის რწმენასაც, თუ როგორ მოჰყავდათ მზის ჩასვლის შემდეგაც სნეულები და დროის გამო თავს არ იკავებდნენ. ეშმაკებს ნებას არ რთავს ასე ისაუბრონ, რადგან არ საჭიროებს ქებას არაწმიდათაგან, ვინაიდან „უსიამოვნოა ქება ცოდვილთა ბაგეთაგან“, (სირ. 15, 9), ასევე იმიტომაც, რომ არ სურს გამოიწვიოს ებრაელებში შური მისდამი, მაშინ როდესაც ყველა აქებს მას. თუმცა იგი უდაბურ ადგილას წავიდა, ხალხი ეძებს და აკავებს მას. მაგრამ იგი არ იფარგლება ერთი ადგილით, არამედ ამბობს: მე უნდა ვახარო ცათა სასუფეველი სხვა ქალაქებსაც. ამიტომაც არც ჩვენ უნდა ვიყოთ უდებნი, არ დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმ ადგილით, სადაც ვიმყოფებით, არამედ ყველგან ვიაროთ, რათა ვინმეს სარგებელი მოვუტანოთ.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24