1. და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი. 2. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი, 3. და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა, 4. რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.
იყო წმინდა საგანძური, რომელშიც შესაწირავს ყრიდა ღვთისმოყვარე ხალხი, რომელსაც ტაძრის სამუშაოებისათვის, მის შესაკეთებლად იყენებდნენ და საერთოდ ტაძრის მოსართავად და ღარიბთა დასახმარებლად იყენებდნენ, მაგრამ ბოლო დროს მღვდლებმა ეს საგანძურებიც სავაჭრო აღებ-მიცემის საგნად აქციეს, იყენებდნენ რა მას ერთმანეთს შორის და არ იყენებდნენ რა მას იმისათვის, რისთვისაც დადგენილი იყო თავდაპირველად. უფალი ქვრივს აქებს ყველა სხვა დანარჩენზე მეტად იმიტომ, რომ მან თავისი ნაკლულევანებისაგან ჩააგდო მთელი თავისი საბადებელი, ვინაიდან ორი მწულილი, როგორც ჩანს, კი უმნიშვნელოა, მაგრამ მისთვის, ვინც მოწყალებით იკვებებოდა მთელ მის სარჩო-საბადებელს შეადგენდა, ვინაიდან ქვრივი გლახაკი იყო. ამრიგად, უფალი აძლევს ჯილდოს, არა იმის მიხედვით, თუ რამდენს სწირავ, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენი გრჩება. მდიდართა სახლებში, რომლებსაც არცთუ მრავალი და არცთუ ბევრი მოჰქონდათ, ბევრად უფრო მეტი რჩებოდა, მას კი მთელი სახლი დაუცარიელდა და მასში არაფერი დარჩა. ამიტომ იგი ჭეშმარიტად უფრო მეტი ქების ღირსია, ვიდრე ისინი. ზოგიერთნი ფიქრობდნენ, რომ „ქვრივის“ ქვეშ შეიძლება ვიგულისხმოთ ყოველი სული, რომელმაც უარი თქვა ადრინდელ ქმარზე, ანუ ძველ სჯულზე, მაგრამ ჯერაც ვერ შეიქმნა ღირსი იმისა, რომ შეერთებოდა ღმერთ-სიტყვას და რომ მას, წინიდს სახით მოაქვს მცირე და მისთვის შესაძლებელი რწმენა და კეთილი სინდისი, ვინაიდან რწმენასთან ერთად კეთილი სინდისიც უნდა შესწირო, ანუ უმწიკვლო ცხოვრება. და ვინც მასთან ერთად მიდის ღმერთთან, ის, ვგონებ, ყველა იმათზე მეტს დებს, ვინც მდიდარნი არიან სწავლებით და უხვად აქვთ წარმართული სათნოებანი.
5. და რომელნიმე იტყოდეს ტაძრისათჳს, ვითარმედ: ქვითა კეთილითა და პატიოსნითა შენებულ არს; და თქუა იესუ: 6. ხედავთა ამას? მოვლენან დღენი, რომელთა შინა არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. 7. ჰკითხეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, ოდეს უკუე იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული, რაჟამს ესე ყოფად არს? 8. ხოლო თავადმან თქუა: იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ და ჟამი მოწევნულ არს, არამედ ნუ მიხუალთ შედგომად მათდა. 9. და ოდეს გესმოდიან ბრძოლანი და შფოთნი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე პირველად ყოფად, და არღა მეყსეულად იყოს აღსასრული. 10. მაშინ ეტყოდა მათ: აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა; 11. და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილ-ადგილ, სიყმილნი და სრვანი; საშინელებანი ზეცით, და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ.
უფალი, რომელმაც ცოტა ხანში ჯვარცმა უნდა დაითმინოს, მართებულად წინასწარმეტყველებს ახალ იერუსალიმზე, რათა ჩვენ ამით გვქონდეს ძლიერი საბუთი იმისა, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთია. ამიტომაც მაშინაც, როდესაც ზოგიერთნი აქებდნენ ტაძრის შენობას და მის „შესაწირავებს“ (მე ვფიქრობ, რომ ისინი საუბრობდნენ ნაკვეთ და გამოქანდაკებულ ქმნილელებებზე, მაგალითად, პალმებზე და ქერუბიმებზე (3 მეფ. 6, 32); შესაძლოა მათ ასახელებდნენ), უფალი არაფერს აქცევს ყურადღებას, არამედ მათ დარღვევას წინასწარმეტყველებს, მათ იფიქრეს, რომ იგი სამყაროს აღსასრულზე საუბრობდა, მაშინ, როდესაც იგი რომაელთა მიერ იერუსალიმის დატყვევებაზე ლაპარაკობდა. ამიტომაც, მათდამი გულმოწყალების გამო, იგი დროებით ტოვებს საუბარს რომაელთა მიერ იერუსალიმის დატყვევებაზე. განზრახული აქვს რა დაურთოს იგი შემდგომ, საუბრობს სამყაროს აღსასრულზე და აფრთხილებს მათ, რომ არ უსმინონ ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც მისი მოსვლის წინ უნდა მოვიდნენ. იქნება „ბრძოლანი და შფოთნი“ ვინაიდან ყოველგვარი სიყვარულის შეწყვეტასთან ერთად, ბუნებრივია, ადგილი ექნება ბრძოლებსა და შფოთს. ბრძოლების შედეგად დაისადგურებს „შიმშილობა და ჟამიანობა“; ჟამიანობა - რადგან ჰაერი გაფუჭდება გვამებისაგან, შიმშილობა კი - მინდვრების დაუმუშავებლობისაგან. ზოგიერთნი იღებდნენ ისე, რომ შიმშილობა, ჟამიანობა და სხვა უბედურებანი იქნება არა მხოლოდ სამყაროს აღსასრულისას, არამედ იერუსალიმის ტყვეობის ჟამსაც. ვინაიდან, იოსებ ფლავიუსი ამბობს, რომ შიმშილობის მიზეზით საშინელი უბედურებანი ხდებოდა. და ლუკაც „საქმე მოციქულთაში“ (11, 28) ამბობს, რომ შიმშილობა იყო კლავდიოს კეისრის დროს. მრავალი საშინელება იყო ასევე, რომელიც ტყვეობაზე მიუთითებდა, როგორც იგივე იოსები ყვება. ეს, ანუ „ბრძოლანი, შფოთნი“ და სხვანი, გადაჭრით შეიძლება გაგებულ იქნეს საერთოდ სამყაროს აღსასრულის ჟამისა და იერუსალიმის ტყვეობის შესახებ.
12. ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს. 13. და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ. 14. დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ. 15. რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა. 16. რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა. 17. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. 18. და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს. 19. და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.
ყოველივე იმის წინ კი, რაც უნდა მოხდეს სამყაროს აღსასრულისა და იერუსალიმის ტყვეობის ჟამს (ვინაიდან, როგორც მე ვთქვი, იგი საუბარს აღსასრულის ჟამს ურთავს საუბარს ტყვეობის შესახებაც). „დაგასხნენ თქუენ ზედა“ ანუ ჩემს მოწაფეებზე „ხელნი მათნი“. მართლაც, იერუსალიმის აღების წინ მოციქულები განგდებულ იქნენ მისგან ღვთის განსაკუთრებული განზრახულებით, კერძოდ: რათა ყველა საშინელება მხოლოდ ჯვარმცმელებს დასტყდომოდათ თავს, მათ კი, ანუ მოციქლებს მთელი სამყარო აღევსოთ ქადაგებით. მოციქულები მიყვანილ იქნენ, აგრეთვე, მეფეთა და მთავართა წინაშეც: მაგალითად, პავლე მიყვანილ იქნა ფესტოსთან, აგრიპასთან, თავად კეისართან (საქ. მოციქ. 25, 6. 23; 26, 32). ეს კი მათთვის შემობრუნდა სადიდებლად მოწმობისა. რამდენადაც ისინი უბრალო და გაუნათლებელი ადამიანები იყვნენ, რომ არ შეცბუნებულიყვნენ იმითი, რომ მათგან პასუხს ბრძენნი მოითხოვდნენ, ეუბნება, რომ მათ ამაზე ოდნავადაც არ იზრუნონ. ვინაიდან თქვენ ჩემგან მიიღებთო ამასთანავე სიბრძნესა და მჭერმეტყველებას, ისე რომ თუნდაც ყველა მოწინააღმდეგემ ერთად შეკრას პირი, ვერ შეძლებენ წინ აღგიდგნენ თქვენ ვერც სიბრძნით, ანუ აზროვნების ძალით, ვერც ენამჭევრობითა და ენის უცდომელობით. ხშირად ვინმე დახელოვნებულია მსჯელობათა შედგენაში და საზრიანია, მაგრამ ხმაურზე მალევე შეცბება ხოლმე და ამიტომაც ხალხისადმი მიმართვისას ყველაფერს ურევს. მაგრამ მათზე, ანუ მოციქულებზე ორივე მიმართებით გადმოვიდა მადლი. ამიტომ მღვდლები გაოცებულნი რჩებოდნენ პეტრესა და იოანეს უჩვეულო სიბრძნით, იცოდნენ რა რომ ისინი უბრალო ადამიანები იყვნენ (საქ. მოც. 4, 13). პავლეს კი ფესტოსი ეუბნებოდა: „შმაგობ, პავლე, მეტისმეტად ცოდნას გაუშმაგებიხარ“ (საქ. მოც. 26, 24). თქვა რა ეს, შეასუსტა მათი შიში იმის გამო, რომ გაუნათლებელნი იყვნენ. უფალი აღნიშნავს კიდევ ერთ გარემოებას, უცილობელსა და შემძლეს სულთა შერყევისა, კერძოდ: რომ ისინი მიცემულნი იქნებიან მეგობრებისა და ნათესავების მიერ. წინასარმეტყველბს ამ გარემოების შესახებ იმისათვის, რათა მოხდება რა უეცრად, არ შეცბნენ ისინი. ვინაიდან ეს ძლიერ კვალს ტოვებს სულზე, როგორც დავითიც ამბობს: „რამეთუ მტერმან თუმცა მაყვედრა, მო-მცა-ვითმინე მისი და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან. ხოლო შენ, კაცო, მოყვასო ჩემო, წინამძღვარო ჩემო და მეცნიერო ჩემო“ (ფს. 54, 12, 13); და კვლავაც: „რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა შეტყუილი“ (ფს. 40, 9). თქვა რა ეს და ის, რომ მათ მოიძულებენ და ზოგიერთ მათგანს მოკლავენ, უმატებს უდიდეს ნუგეშსაც: „და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს“. თქვენო ეუბნება, ცხონდებით და თქვენი უმცირესი ნაწილიც კი არ წარწყმდება, თუმცა ბევრს მოეჩვენება, რომ წარწყმდება, ოღონდაც საჭიროა მოთმინება, ვინაიდან მოთმინებით საკუთარი სულების მოპოვება ძალგიძთ. მტერი მოგდგომიათ, თითქოსდა დატყვევების განზრახვით და თქვენი სულების დაპყრობას ცდილობს, გიგზავნით რა მწუხარებებს; მაგრამ თქვენ, ვერცხლის ნაცვლად, მოთმინება მიეცით და ამ გამოსასყიდით მოიპოვეთ თქვენი სულები და ზიანი არ მოგადგებათ მათით. მიაქციე ყურადღება გამოთქმას: „მოჰკვლიდენ თქუენგანთა“ და შენ მას უფრო ღრმად გულისხმაყოფ, კერძოდ: მოგკლავენ თქვენ არა მთლიანად. თქვენ ორი ნაწილისგან შედგებით: სულისა და სხეულისაგან, არა ერთსაც და მეორესაც, არამედ ერთ მათგანს, ანუ სხეულს მოჰკლავენ, ხოლო სულებს თქვენსას მოთმინებით მოიპოვებთ. ამის შესახებ მან სხვა ადგილასაც თქვა: „და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკვლად“. (მათე. 10, 28).
20. რაჟამს იხილოთ იერუსალჱმსა გარე-მოდგომილი ერი მჴედრებისაჲ, მაშინ გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მოახლებულ არს მოოჴრებაჲ მისი. 21. მაშინ ყოველნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად; და რომელნი იყვნენ შორის მისა, განივლტოდედ; და რომელნი ველსა იყვნენ, ნუ შევლენედ მუნ. 22. რამეთუ დღენი შურის-გებისანი ესე არიან, რაჲთა აღესრულნენ ყოველნი წერილნი. 23. ხოლო ვაჲ მუცელ-ქუმულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა, რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი ქუეყანასა ზედა და რისხვაჲ ერსა ამას ზედა. 24. და დაეცნენ პირითა მახჳილისაჲთა და წარიტყუენნენ ყოველთა მიერ წარმართთა; და იერუსალჱმი დათრგუნვილ იყოს წარმართთაგან, ვიდრემდე აღესრულნენ ჟამნი წარმართთანი. 25. და იყოს სასწაული მზესა შინა და მთოვარესა და ვარსკულავთა, და ქუეყანასა ზედა შეკრებაჲ თესლებისაჲ განკჳრვებითა ოხრისაჲთა ზღჳსაგან და ძრვისა. 26. სულითა კაცთაჲთა შიშისაგან და მოლოდებისა მომავალისა ზედა სოფელსა ამას, რამეთუ ძალნი ცათანი შეიძრნენ. 27. და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ძალითა და დიდებითა მრავლითა.
ახლა სრულიად ნათლად საუბრობს უფალი იერუსალიმის ტყვეობაზე, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სიტყვები „ამათ ყოველთა წინა“ ასე უნდა გავიგოთ: შიმშილობისა და ჟამიანობის და სხვა უბედობათა წინ, რომლებიც სამყაროს აღსასრულისას მოხდება, თქვენ მოციქულებს დევნას დაგიწყებენ და ა. შ. რამდენადაც ისინი ფიქრობდნენ, რომ ტაძრის შენობა დაინგრევა სამყაროს აღსასრულისას. უფალი ეუბნება: არა! ვინაიდან სამყაროს აღსასრულისას იქნებიან ცრუ წინასწარმეტყველნი, შიმშილი და ჟამიანობა განუწყვეტელი ომებისგან, რომლებიც შემგდომში იმის გამო გაღვივდება, რომ სიყვარული დაიშრიტება. თქვენ კი განდევნილ იქნებით უწინარეს სამყაროს აღსასრულისა და იერუსალიმიც ტყვეობაში მოექცევა და ეს ქვებიც დაირღვევა, როდესაც იხილავთ რომაელთა ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, მაშინ უწყოდეთ, რომ მოახლოვდა ჟამი მისი მოოხრებისა. შემდეგ კი გოდებს იმ განსაცდელებზე, რომლებიც თავს დაატყდება მაშინ ქალაქს. მაშინ იუდეას მყოფნიო, ამბობს, მთებში გაიქცნენ; შემოგარენში მყოფთ დაე ნუ ექნებათ იმედი, რომ მათ ქალაქის კედლები დაიფარავენ, არამედ ისინიც, ვინც ქალაქის შიგნით იქნებიან, დაე გადაიხვეწონ. ვინაიდან ესენი იქნებიანო დღენი შურისგებისანი, რათა აღსრულდეს წერილი, განსაკუთრებით კი წიგნში წინასწარმეტყველ დანიელისა (9, 26-27). „ვაი მუცელ-ქმნულთა“ (იმ დღეებში) ვინაიდან ისინი მუცლის სიმძიმის გამო ვერ შეძლებენ გაქცევას და „რომელი აწოებდენ“, ვინაიდან ბავშვებისადმი ძლიერი სიყვარულის გამო, ვერც მათი ზედამხედველობის გარეშე დატოვებას შეძლებენ და ვერც თან წაიყვანენ. ზოგიერთნი ამბობდნენ, რომ უფალი ამით მიანიშნებს ყრმათა მოწყვეტაზე, რომლის შესახებაც ყვება იოსები და წინასწარმეტყველებს იერემია (11, 22). „და იერუსალიმი დათგუნულ იყოს წარმართთაგან“. აქამდე საუბარი იყო ტყვეობაზე, შემდგომ კი საუბარია აღსასრულზე, „და იყოსო, - ამბობს, - სასწაული მზესა შინა და მთოვარესა და ვარსკვლავთა“. ვინაიდან, ქმნილებათა ცვლილებასთან ერთად, ბუნებრივია, ახალი წესრიგი დამყარდება სტიქიათა შორისაც. ხალხებს „განკვირვება“ მოიცავს. ანუ მწუხარება შეერთებული შეცბუნებასთან ყველაფერთან მიმართებაში. ზღვა საშინლად ახმაურდება, და ძრწოლა და გაურკვევლობა დაისადგურებს, ისე რომ ადამიანები გახევდებიან შიშისა და იმ უბედურებათა მოლოდინისგან, რომელიც სამყაროს თავზე მოიწევა. ხედავ? აქ იგი ნათლად საუბრობს სამყაროს აღსასრულზე. ვინაიდან ზემოთ ამბობდა, რომ იერუსალიმი გარშემორტყმული და დათრგუნული იქნებაო წარმართთა ჯარების მიერ, აქ კი საუბრობს იმ უბედურებებზე, რომელიც სამყაროს თავზე მოიწევა. მაშასადამე, ახლა იგი სამყაროს აღსასრულზე საუბრობს. ვინაიდან „ძალნი ცათანი შეიძრნენ“. რას ვამბობო (ამბობს ის), რომ ყოველი ქმნილების ცვლილებასთან ერთად შეცბუნდებიან ადამიანები? თავად ანგელოზნი და უპირველესნი ძალნი შეცბუნდებიან და შეძრწუნდებიან ასეთი საშინელი ცვლილებებისაგან ყველაფერში. „და მაშინ იხილონ ძე კაცისა“, ვინ? ყველა მორწმუნემ და ურწმუნომ. „მომავალი ღრუბელთა“, ანუ ვითარცა ღმერთი „ძალითა და დიდებითა მრავლითა“, ვინაიდან თავად ისიცა და მისი ჯვარიც მზეზე უფრო მეტად გაბრწყინდება და აღიარებული იქნება ყველას მიერ.
28. და ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად, აღიხილენით თუალნი და აღიპყრენით თავნი თქუენნი, რამეთუ მოწევნულ არს გამოჴსნაჲ თქუენი. 29. და ეტყოდა მათ იგავსა: იხილეთ ლეღჳ და ყოველნი ხენი. 30. რაჟამს გამოვალნ ფურცელი, თჳთ უწყოდით, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. 31. ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 32. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იყოს. 33. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.
როგორც პირველი მოსვლა უფლისა იყო ჩვენი სულების ხელახლა ქმნისა და განახლებისათვის, ასევე მეორედ მოსვლა იქნება ჩვენი სხეულების განახლებისთვის. რამდენადაც სულები მოკვდნენ მანამდე ურჩობის გამო, ხოლო სხეულები უშუალოდ სიკვდილს ურჩობიდან ცხრაასი წლის შემდეგ დაექვემდებარნენ, ასევე აღორძინდებიან და უმჯობესდებიან ისინი თანმიმდევრობით, სულები - პირველი მოსვლის მეშვეობით, სხეულნი კი - მეორედ მოსვლისა. ამიტომ, უფალიც ამბობს: როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, თქვენ დამძიმებულნი ხრწნილებით, აღიმართენით და ისარგებლეთ თავისუფლებით, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა, ანუ სრული განთავისუფლება ორივესი, ანუ სულისაც და სხეულისაც. საბაბი, ვგონებ, სწორედ რომ მიუთითებს ხრწნილებისაგან სრულ განთავისუფლებაზე, რომელსაც მიიღებს მაშინ სხეულიც, უფლის მადლით, უკანასკნელი მტერის - სიკვდილის გამაუქმებელი (1 კორ. 15, 53. 57.26). ვინაიდან მან გააუქმა მისი საწყისი და მეუფება და გამოისყიდა სული. დარჩა კიდევ სიკვდილი, რომელიც ჩვენი სხეულებიდან იკვებებოდა, მისი გაქუმება ჩვენი თავისუფლებისა და გამოსყიდვის მიზეზი იქნება. ამის აღსრულებასთან ერთად ღმრთის სასუფეველი მაშინვე მოიწევა. როგორც ლეღვი, როდესაც მას ფოთლები გამოაქვს, ზაფხულის მოახლოებაზე მიანიშნებს, ასევე ამ ნიშნების გამოჩენა და სამყაროს ფერისცვალება არის ნიშანი იმისა, რომ უკვე ახლოა „ზაფხული“, ანუ სასუფეველი ღმრთისა, რომელიც მართალთათვის მოიწევა სწორედაც რომ როგორც ზაფხული ზამთრისა და ქარიშხლის შემდეგ. ამასთანავე ცოდვილთათვის მაშინ ზამთარი და ქარიშხალი ახლოვდება, ვინაიდან ისინი ამ ცხოვრებას თვლიან ზაფხულად, ხოლო მომავალი მათთვის - ქარიშხალია. „ამენ გეტყვით თქუენ, რამეთუ: არა წარხდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იყოს“. ნათესავს უწოდებს არა მათ, რომელიც მაშინ ცხოვრობდნენ, არამედ მორწმუნეთა ყველა თაობას. ვინაიდან, წმინდა წერილი ხანდახან ნათესავს უწოდებს მათაც, ვინც მსგავსი ზნისანი არიან, მაგალითად: „ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა“ (ფასლ. 23, 6). რამდენადაც მან თქვა, რომ იქნება აშლილობანი და ომები და ცვლილებანი, როგორც სტიქიებში, ისე თავად საგნებში, ვინმე რომ არ მისულიყო აზრამდე, ოდესმე ქრისტიანობაც ხომ არ დაემხობაო, იგი ამბობს: არა! ნათესავი ესე, ანუ ნათესავი ქრისტიანეთა, არასოდეს წარხდებაო. ცანი და ქვეყანა შეიცვლებიან, ხოლო ჩემი სიტყვები და ჩემი სახარება არ დაემხობა, არამედ იქნებიან სამარადჟამოდ, თუნდაც ყოველივე შეიძრას და ჩემდამი რწმენა არასოდეს მოიკლებს. აქედან ჩანს აგრეთვე, რომ ეკლესიას იგი ყოველ ქმნილებას ამჯობინებს: ვინაიდან ქმნილებანი შეიცვლებიან, ხოლო მორწმუნეთა ეკლესიიდან, ისევე როგორც მისი სიტყვებიდან და სახარებიდან არაფერი დაიკარგება.
34. ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი. 35. რამეთუ ვითარცა საფრჴე მოუჴდეს მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა. 36. იღჳძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაჲთა ღირს იქმნნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე ძისა კაცისა.
თქვენო, ამბობს, გსმენიათ საშინელებათა და აშლილობათა შესახებ. ყველა ისინი გრძნობადი წინასახეა იმ უბედურებებისა, რომლებიც ცოდვილებს დაატყდებათ თავს. მაგრამ ამ უბედურებათა საწინააღმდეგოდ არსებობს ძლიერი და უკუმოქმედი საშუალება - ლოცვა და საკუთარი თავის მიმართ ყურადღება. ვინაიდან მუდმივ მზადყოფნასა და აღსასრულის მოლოდინს შეუძლია ამ ყველაფერზე გამარჯვება. ის კი იმ პირობით გექნებათო, ამბობს, თუკი თქვენ იფხიზლებთ და თქვენი გულები არ იქნება დამძიმებული შვებითა და მთვრალობით და ამქვეყნიური საზრუნავებით. ვინაიდან ის დღე წინასწარ არავის ეცოდინება, არამედ ანაზდეულად, საიდუმლოდ მოიწევა, როგორც მახე, რომელიც უყურადღებობას გააბამს ხოლმე თავისში. შესაძლოა, ვინმე გამოწვლილვით შეუდგეს გამოკვლევას გამოთქმისა: „მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა ქუეყნისასა“. დღე იგი მახეში გააბამს მათ, ვინც უზრუნველ და უსაქმურ ცხოვრებას ეწევიან. ვინაიდან სწორედ ისინი არიან არსებითად მსხდომარენი და ისინი ებმებიან მახეში. მაგრამ ის ვინც ქმედითი და შრომისმოყვარეა, მღვიძარებს სიკეთის ქმნისთვის და ყოველთვის მიისწრაფვის სიკეთისკენ, არ ზის და მიწიერი საგნებით არ ინუგეშებს თავს და ეუბნება მას: „აღდეგ და ვიდოდე, რამეთუ არა არს შენდა განსუენება“ (მიქ. 2, 10) და სურს უკეთესი სამშობლო - მისთვის დღე იგი მახე და უბედურება კი არ არის, არამედ ერთგვარი დღესასწაული. ამიტომ საჭიროა მღვიძარება და ლოცვა ღვთისადმი, რათა ავირიდოთ ყველა მომავალი უბედურება. მაინც რომელი? შესაძლოა, პირველ რიგში, შიმშილობა და ჟამიანობა და სხვანი, რომელნიც რჩეულთათვის ისე მძიმე არ იქნება, როგორც სხვებისთვის, არამედ პირიქით, რჩეულთა გამო სხვათათვისაც შემოკლდება; შესაძლოა, მეორე რიგში, ისინი, რომლებიც სამუდამოდ მოიწევა ცოდვილებზე, ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია ავირიდოთ ისინი სხვაგვარად, თუ არა მღვიძარებითა და ლოცვით, ვინაიდან დიდსულოვანთათვის არ არის საკმარისი არ გაბოროტდნენ, არამედ მათ სჭირდებათ კიდევ რაიმე სიკეთის მიღებაც, თქვა რა „რაითა ღირს იქმნნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს“, უფალმა დაუმატა: „და დადგომად წინაშე ძისა კაცისა“, რაშიც მდგომარეობს კიდეც სიკეთით ტკბობა, ვინაიდან ქრისტიანმა არა მარტო უნდა აირიდოს ბოროტება, არამედ ეცადოს კიდეც დიდების მიღებას. ხოლო ის, რომ წარსდგე წინაშე ძისა კაცისა და ღვთისა ჩვენისა, ანგელოზებრივი ღირსებაა, ვინაიდან ნათქვამია: „ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ“ პირსა მამისა ჩემისასა“ (მათ, 18, 10).
37. და იყოფვოდა თავადი ტაძარსა მას შინა დღისი და ასწავებდა; ხოლო ღამე განვიდის და იქცევინ მთასა მას, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ. 38. და ყოველმან ერმან აღიმსთჳს მისა ტაძარსა მას შინა სმენად სიტყუათა მისთა.
მახარებლებმა, განსაკუთრებით პირველმა სამმა, არ გადმოსცეს ბევრი რამ იქიდან, რასაც უფალი ასწავლიდა. მართალია, თავად იოანეც გაჩუმდა ბევრ რამეზე, თუმცა მან გარდა იმისა, რაც ამ სამმა გადმოსცა, მოგვითხრო უფლის ზოგიერთი უმაღლესი გაკვეთილების შესახებაც. უფალი, როგორც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ბევრ და მაღალ ჭეშმარიტებებს ასწავლიდა ტაძარში შეკრებულთ. ის, რომ მახარებლებმა მცირედი რამ თქვეს, ვინაიდან არ სურდათ ყველაფრის გამოცხადება, არამცირედად შეგვიძლია დავასკვნათ იქიდანაც, რომ მათ, მაშინ როდესაც უფალი თითქმის სამი წელი ასწავლიდა, ასე ცოტა გაკვეთილი ჩაიწერეს მისი, ასე რომ, ჩემის აზრით, არ იმსახურებს გაკიცხვას ის, ვინც იტყოდა, რომ მათი გადმოცემა შესაძლებელია ერთ დღეზე ნაკლებ დროში. ამრიგად მახარებლებმა მრავლიდან დაწერეს მცირედი, რათა გადმოეცათ მხოლოდ გემო სიტკბოებისა. უფალი ყველას ერთიანად არ ესაუბრებოდა, არამედ თითოეულს სთავაზობდა სასარგებლოს. ამიტომაც ხალხი დილიდან მოდიოდა მასთან. ვინაიდან მის ბაგეთაგან მადლი იფრქვეოდა. ღამით კი უფალი მთაზე განმარტოვდებოდა ხოლმე, გვიჩვენა რა ჩვენ, რომ ღამის სიჩუმეში უფალს უნდა ესაუბრო, დღისით კი, ადამიანებთან შეხვედრისას, სარგებელი უნდა მოუტანო მათ; ღამით შეიკრიბო, დღისით კი დაარიგო, რაც შეიკრიბე, თავად ის არ საჭიროებდა ლოცვას, ანდა ღმერთთან ურთიერთობას. ვინაიდან, თავად იყო რა ღმერთი, არ საჭიროებდა რაიმეში თავის დამდაბლებას, არამედ ჩვენ დაგვიდო მაგალითად, რათა ჩვენ ღამით, ჭათა მსგავსად, შევიკრიბოთ ჩვენში შენაკადები სულიერ წყაროთაგან ლოცვისა, დღისით კი ჩვენგან ამოხაპონ მათ, რომელნიც საჭიროებენ სარგებლის მიღებას. იმისთვის, რომ ეყურებინა, თუ როგორ მოდიოდა ხალხი დილიდან იესოს მოსასმენად, ვინმე ალბათ იტყოდა, რომ მას დავითის სიტყვები შეეფერება: „ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვისმთობ; სწყურინ შენდამი სულსა ჩემსა“ (ფსალ. 62, 1).
თავი 1 | თავი 2 | თავი 3 | თავი 4 |
თავი 5 | თავი 6 | თავი 7 | თავი 8 |
თავი 9 | თავი 10 | თავი 11 | თავი 12 |
თავი 13 | თავი 14 | თავი 15 | თავი 16 |
თავი 17 | თავი 18 | თავი 19 | თავი 20 |
თავი 21 | თავი 22 | თავი 23 | თავი 24 |