ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

ლუკას სახარების განმარტება

 

თავი მესამე

1. წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა მეოთხედ მთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა, 2. მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს. 3. და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.

მართებულადაა ნახსენები დრო და მმართველები, რათა უჩვენოს, რომ ქრისტეს დროს შეწყდა იუდეველ მთვარათა მემკვიდრეობა. ვინაიდან ჰეგემონი იყო პილატე, სხვა ტომის ადამიანი, მეოთხედმთავარნი - ძენი ჰეროდე ასკანოლიტელისა, რათა ამის გამო ჭეშმარიტად მიეღოთ, რომ მოვიდა ქრისტე, იაკობის წინასწარმეტყველებისამებრ (დაბ, 49, 10).

„იყო, - ნათქვამია, - სიტყვა უფლისა იონეს მიმართ“, რათა შენ იცოდე, რომ იგი მოვიდა დასამოწმებლად ქრისტეზე, არა როგორც თვითმარქვია, არამედ იმის გამო, რომ ღმრთის სულით იყო აღძრული. „სიტყვაში“ იგულისხმება ან სული წმიდა, ანდა ღმრთის ბრძანება, სიტყვა უფლისა იოანეს მიმართ იყო უდაბნოში. რამდენადაც „მიტოვებულს“, ანუ ეკლესიას (იგივე „უდაბურს“, ძვ. სლავურით „пустой”, აქედან - „пустыня”) შვილები წარმართთაგან უფრო უმეტესი ჰყავდა, ვიდრე გათხოვილს, (ესაია; 54, 1), ანუ იუდაურ ეკლესიას, ამდენად სიტყვა და ბრძანება უფლისა მართებულად იყო მიმართული იოანეს მიმართ, როდესაც იგი უდაბნოში იმყოფებოდა. იგი ხალხს უქადაგებდა ნათლის-ცემას სინანულისა, ანუ აღსარებისა. ეს ნათლობა კი ხელს უწყობდა მათი ცოდვების მიტევებას, რომელიც ქრისტეს ნათლობის საშუალებით ეწყალობათ. ვინაიდან იოვანეს ნათლობას თან არ ახლდა ციდვების მიტევება, არამედ მიტევებისკენ მიჰყავდა, ანუ ამზადებდა ადამიანებს ქრისტეს ნათლობის მისაღებად, რომელსაც ცოდვათა მიტევება შეეძლო.

4. ვითარცა წერილ არს წიგნსა მას სიტყუათა ესაია წინაწარმეტყუელისათა და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. 5. ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად. 6. და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ.

„გზა“ რომლის განმზადებასაც ითხოვს, არის ქრისტეს სწავლების მიხედვით ცხოვრება, ვინაიდან უფალს მალევე უნდა ექადაგა. „ალაგნი“ სჯულის მიერ მოცემული მცნებებია, რომელნიც თითქოსდა უკვე გაცვდნენ. უბძანებს მათ წრფელ ყოფას, რამდენადაც ფარისევლები შეურაცხყოფენ მცნებებს. „გზის“ ქვეშ შეიძლება სულიც ვიგულისხმოთ, ხოლო „ალაგთა“ ქვეშ გულისთქმანი და საქმეები. ამრიგად, ჩვენ უნდა განვამზადოთ სული და წრფელ-ვყოთ ჩვენი საქმეები და გულისთქმები. შემდეგ თითქოსდა ვიღაცამ იკითხა: როგორღა აღვასრულებთ ამას? ვინაიდან სათნოება არ არის ადვილი აღსასრულებლად და მრავალ მზაკვრობასა და წინააღმდეგობას აწყდება, როგორც ბოროტი ძალების მხრიდან, ასევე ჩვენში მცხოვრები ვნებების გამო? პასუხობს, რომ არაფერი არ იქნება ძნელი, არამედ ყველაფერი მოსახერხებელი იქნება, ვინაიდან ხევები „აღმოივსება“, ანუ ჩვენი ბუნებრივი ძალები, რომლებიც დასუსტდნენ სიკეთისათვის და დამდაბლებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, შეივსებიან. „ყოველნი მთანი და ბორცვნი“, ანუ საწინააღმდეგო ძალები და სურვილები, რომელნიც ბუნების მიერ ჩადებულად გვეჩვენებოდნენ ჭეშმარიტად დასუსტდნენ: და ყოველივე გათანაბრდა და მრუდე სწორით შეიცვალა. რამდენადაც ქრისტემ მოსპო საწინააღმდეგო ძალები, რომელნიც აქ მთებად და ბორცვებად იწოდებიან და გამოაცოცხლა ჩვენი ბუნებრივი მიდრეკილებანი სიკეთისაკენ, რომელთაც მახარებელმა აღმოვსებადი ხეები უწოდა, ვინაიდან იგი იმიტომაც განკაცდა, რომ ჩვენს ბუნებას თავისი საკუთარი სახე მიეღო „და იხილოს ყოველმან ხორციელმან, ნათქვამია, - მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ“. არა მხოლოდ იუდეველებმა და მოსულებმა, არამედ ყოველმა ხორციელმა, ვინაიდან სახარება გავრცელდა მთელს დედამიწაზე. მრავალი სხვა რამის თქმაც შეიძლებოდა, მაგრამ მეტი სიცხადისათვის დაე ეს ითქვას.

7. და ეტყოდა განმავალსა მას მისა ერსა ნათლის-ღებად მისგან: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? 8. ყავთ უკუე აწ ნაყოფი ღირსი სინანულისაჲ და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ გულთა თქუენთა: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ძალ-უც ღმერთსა აღდგინებად ქვათა ამათგან ნაშობად აბრაჰამისა. 9. რამეთუ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს; ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.

იუდეველბს უწოდებს „იქედნეთა ნაშობს“, რამდენადაც ისინი თავიანთ მამებსა და დედებს შეურაცხყოფდნენ, ვინაიდან ეს ცხოველი, როგორც ამბობენ, გამოხრავს დედის საშოს და ამგვარად იბადება. ამასთან ისინი კლავდნენ წინასწარმეტყველებსა და მოძღვრებს. „მომავალ რისხვას“ უწოდებს მარადიულ სასჯელს. „ნაყოფი ღირსი სინანულისა“ არის არა მხოლოდ განშორება ბოროტებისაგან, არამედ ვარჯიში სიკეთეში, ვინაიდან სიკეთის ქმნა არის ჭეშმარიტად ნაყოფი და ნაშობი სინანულისა. ნუ ეტყვით თქვენსავე თავს, რომ კარგი მოდგმისანი ხართ და მამების იმედით ნუ მიატოვებთ სათნოებათა ქმნას. ღმერთს ხელეწიფება ამ ქვათაგანაც კი მისცეს შვილები პატრიარქს, ვინაიდან თითქმის ამის მსგავსი რამ მოიმოქმედა ადრე: სარას საშომ, თუმცა ქვებზე უფრო მაგარი იყო, მიიღო მადლი შვილთა შობისა. „ცული“ სამსჯავროა, ღმრთისა, რომელიც უღირსებს ცოცხალთა წრიდან გააძევებს. თუკი არ შეინანებთო, ამბობს, სიცოცხლეს მოაკლდებით. ცული თქვენი ხეების „ფესვებთან“ ძევს. „ფესვების“ ქვეშ, როგორც ვთქვით სიცოცხლე იგულისხმება, მაგრამ „ფესვების“ ქვეშ შეიძლება ვიგულისხმოთ აბრაამთან ნათესაობაც. აბრაამთან ამ ნათესაობით, მოციქულის მიხედვით (რომ. 11, 19-21), განიკვეთებიან ისინი, ვინც არ არიან ღირსნი მისი ტოტები იყვნენ. სასჯელი ორმაგია, ვინაიდან ცოდვილი და უნაყოფო არა მხოლოდ განიკვეთება მართლებთან ნათესაობისაგან, არამედ ცეცხლშიც ჩავარდება.

10. და ჰკითხვიდეს მას ერი იგი და ეტყოდეს: და რაჲ-მე უკუე ვყოთ? 11. მიუგო და ჰრქუა მათ: რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ, რომელსა არა აქუნდეს, და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ყავნ. 12. მოვიდეს მისა მეზუერენიცა ნათლის-ღებად და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ჩუენ რაჲ-მე ვყოთ? 13. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნურარას უფროჲს განწესებულისა თქუენისა იქმთ. 14. ჰკითხვიდეს მას მჴედრად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს: და ჩუენ რაჲ-მე ვყოთ? და მან ჰრქუა მათ: ნუვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა შესწამებთ და კმა გეყავნ როჭიკი თქუენი. 15. და ვითარცა მოელოდა ერი იგი, და განიზრახვიდეს ყოველნი გულთა მათთა იოვანესთჳს, ნუუკუე იგი არს ქრისტე, 16. მიუგო ყოველთა იოვანე და ეტყოდა: მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ჴამლთა მისთა ტჳრთვად; მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა. 17. რომლისა ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა თჳსსა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა. 18. და ფრიად სხუასაცა მრავალსა ჰლოცვიდა და ახარებდა ერსა მას.

იოანე მოძღვრავს მასთან მოსულთა სამ ჯგუფს: უბრალო ხალხთა კლასს, მეზვერეებსა და მეომრებს. უბრალო კლასის ხალხს იგი არწმუნებს გულმოდგინება გამოიჩინოს მოწყალების მხრივ, უბრძანებს რა ორი სამოსის მქონემ გაუყოს უქონელს, მეზვერეებს არწმუნებს არ გადაახდევინონ, ანუ არ მოითხოვონ არაფერი ზედმეტი. მეომრებს არწმუნებს არ მიიტაცონ, არამედ დაკმაყოფილდნენ აკრეფით, ანუ ხელფასით, რომელიც ჩვეულებრივ მეფისგან ეძლევათ. ნახე, იოანე უბრალო ხალხს, როგორ არწმუნებს გააკეთონ რაიმე კეთილი, ანუ გაუყონ სხვებს, ხოლო მეზურეებსა და მეომრებს - თავი შეიკავონ ბოროტისაგან, ვინაიდან მათ ჯერ კიდევ არ შესწევდათ უნარი, არ შეეძლოთ მოემოქმედებინათ რაიმე კეთილი, არამედ მათთვის ბოროტებისაგან თავის შეკავებაც საკმარისი იყო. ზოგიერთნი ბრძანებას - ორი სამოსელის მქონემ გაუყოს უქინელს- ზნეობრივი აზრით იგებენ. კერძოდ ამბობენ ორი სამოსელი აღნიშნავს წმიდა წერილის სულსა და სიტყვა-სიტყვით გადმოცემას. მას ვისაც ერთიცა აქვს და მეორეც, იოანე აღძრავს ამცნოს სრულიად არაფრის მქონეს. მაგალითად, თუკი ვინმეს ესმის წერილი ორივე მიმართებით, სიტყვა-სიტყვითაც და სულითაც, მან დაე გადასცეს არაფრის მქონეს, დაე ასწავლოს უცოდინარს და თუნდაც სიტყვა-სიტყვითი ცოდნა მისცეს მას. იოანეს სათნოება იმდენად დიდი იყო, რომ ყველანი ფიქრობდნენ მასზე, ის ხომ არ იყო ქრისტე? უარყოფს რა ამგვარ აზრს, იგი ამბობს: განსხვავება ჩემსა და ქრისტეს შორის ჯერ - ერთი ის არის რომ „მე ნათელ გცემ“ წყლითა, ხოლო იგი - „სულითა წმიდითა და ცეცხლითა“, ხოლო მეორეც - ის, რომ მე „არა ვარ ღირს ხამთა მისთა ტვირთვად“. რას ნიშნავს სიტყვები: „ნათელ - გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“, სავსებით ცხადია, ვინაიდან მან გარდამოუვლინა მოციქულებს სული წმიდა და „ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი“ (საქ. მოც. 2; 3,4), ხოლო სიტყვები: „არა ვარ ღირს ხამლთა მისთა ტვირთვად“, ცხადია, იმას ნიშნავს, რომ მე მის უკანასკნელ მონად ყოფნის ღირსიც არ ვარო. უფრო დაფარული აზრით უფლის ორივე ფეხის ფეხსაცმელი არსებითად მის ზეციდან მიწაზე მოვლინებასა და მიწიდან ჯოჯიხეთში ჩასვლას აღნიშნავს. ხოლო იმის გადაწყვეტა, თუ რა საშულაებით აღესრულება ეს ორი მოვლენა, არავის შეუძლია, თუნდაც იოანეს მსგავსი იყოს. ვინაიდან ვის შეუძლია თქვას, თუ როგორ განხორციელდა უფალი, ან როგორ ჩავიდა ჯოჯიხეთში? სიტყვები „ნიჩაბი ხელთა შინა მისთა“ იმას ნიშნავს, რომ, მართალია, მან მოგნათლათ თქვენ, მაგრამ ნუ იფიქრებთო, რომ უკვე დაუსჯელნი ხართ; არამედ თუკი ამის შემდგომ ცხოვრებაში არ შეინახავთ თავს უმწიკვლოდ, იგი დაუშრეტელი ცეცხლით დაგწვავთ. ბზე ის არის, ვისაც უნაყოფო გონება აქვს და მხოლოდ ყოფითი საგნების მიმართ იჩენს დიდ ზრუნვას. „და ფრიად სხუასაცა მრავალსა ჰლოცავდა და ახარებდა ერსა მას“. ვინაიდან კარგი მოძღვერბა ჭეშმარიტი ნუგეშია და სამართლიანად იწოდება სახარებად.

19. ხოლო ჰეროდე, ოთხთა სამთავროთა მთავარმან, რამეთუ ამხილებდა მას ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა მისისა, და ყოვლისა მისთჳს, რომელი ქმნა ბოროტი ჰეროდე. 20. შესძინა ესეცა მას ყოვლისა ზედა და შეაყენა იოვანე საპყრობილესა. 21. და იყო ნათლის-ღებასა მას ყოვლისა ერისასა იესუცა ნათელ-იღო და ილოცვიდა; და განეხუნეს ცანი, 22. და გარდამოჴდა სული წმიდაჲ ჴორციელითა ხილვითა, ვითარცა ტრედი, მის ზედა; და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.

მახარებელმა დროულად ჩაურთო აქ სიტყვა ჰეროდეზე. იგი თითქოს ასე ამბობს: თუმცა ხალხი ფრიად მაღალი წარმოდგენისა იყო იოანეზე, მაგრამ ჰეროდემ, მის მიერ მხილებულმა თავის ყველა ბოროტმოქმედებას ისიც დაუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იგი, როგორღაც ღრმა მწუხარებითა და ძლიერი სინანულით გვატყობინებს იმის შესახებ, რომ ჰეროდე ასე უსამართლოდ მოექცა იოანეს, მაშინ როდესაც ხალხი მაღალი წარმოდგენისა იყო მასზე, „და განეხვნეს ცანი“ იმისათვის, რათა ჩვენ გვიჩვენოს, რომ ნათლობა ყველას განუღებს ზეცას, ადამის მიერ დახშულს „და გარდამოხდა სული წმიდჲ“ იესოზე, რათა ჩვენც შეგვეცნო აქედან, რომ როდესაც ვინათლებით, ჩვენზეც სული წმიდა გადმოდის. ვინაიდან უფალი არ საჭიროებდა სულის მიღებას, არამედ ყოველივეს ჩვენს გამო იქმს და თავადაა დასაბამი ყველაფრისა (კოლ, 1, 18), რაც ჩვენ უნდა მიგვეღო შემდგომში, რათა ვყოფილიყავით პირმშონი მრავალ ძმათა შორის. „ვითარცა მტრედი“, რათა ჩვენ გვესწავლა, რომ მდაბალნი და სუფთანი უნდა ვიყოთ და როგორც ნოეს დროს მტრედი ღვთის რისხვის დაცხრობის მანიშნებელი იყო, ასევე აქაც, სული წმიდამ ცოდვის ჩაძირვით ღმერთთან შეგვარიგა. და ძეს ესმის ხმა, მამის მიერ თქმული, რათა გვიჩვენოს, რომ ჩვენც, ვინც ვინათლებით, გვეწყალობა შვილად ყოფნა. „შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ“ - მე შენში ვპოვე სიმშვიდე.

23. და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა, 24. მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსებისა, 25. მატათისა, ამოსისა, ნაომისა, ესლისა, ნაგესა, 26. მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუდაჲსა, 27. იონანისა, რესაჲსა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, 28. მელქისა, ადდისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა, 29. იოსისა, ელიეზერისა, იორამისა, მატტათისა, ლევისა, 30. სჳმეონისა, იუდაჲსა, იოსებისა, იონანისა, ელიაკიმისა, 31. მელეაჲსა, მაჲნანისა, მატათანისა, ნათანისა, დავითისა, 32. იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალმუნისა, ნაასონისა, 33. ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარეზისა, იუდაჲსა, 34. იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თარაჲსა, ნაქორისა, 35. სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალაჲსა, 36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესა, ლამექისა, 37. მათუსალაჲსა, ენუქისა, იარედისა, მალელეილისა, კაინანისა, 38. ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა.

უფალი ოცდაათი წლისა მოინათლა, რადგან ეს ყველაზე უფრო სრულყოფილი ასაკია და მასში ადამიანი ვლინდება, ან როგორც პატივსაცემი, ანდა როგორც უვარგისი. ლუკა წარმოგვიდგენს უფლის გენეალოგიას შებრუნებული თანმიმდევრობით, მათესგან განსხვავებით, რათა გვიჩვენოს, რომ ახლა ხორციელად შობილი ღმრთისაგანაა, - ვინაიდან შეხედე, როგორ ადის გენეალოგია ღმერთამდე; და ამასთან, რათა ჩვენ ვიცოდეთ, რომ იგი იმიტომ განკაცდა, რომ ყველანი, ამ შუალედში მყოფ მამათაგან ღმერთთან მიეყვანა და შვილები მიენიჭებინა. შემიძლია სხვაგვარადაც ვთქვა: უფლის შობა, როგორც უთესლო, უნდობლობას იწვევდა; ამიტომ მახარებელი, სურს რა გვიჩვენოს, რომ სხვა დროსაც იყო უთესლოდ შობილი ადამიანი, უდაბლესთაგან ადის ადამდე და ღმერთამდე. იგი თითქოსდა ასე ამბობს: თუკი არ გწამს, თუ როგორ იშვა მეორე ადამი უთესლოდ, მაშინ, გთხოვ, მიმართე გონებით პირველ ადამს და შენ აღმოაჩენ, რომ იგი ღმერთის მიერ უთესლოდაა შექმნილი და ამის შემდეგ ნუ იქნები ურწმუნო. ზოგიერთნი კითხულობენ, რატომაა, რომ მათე იოსებს იაკობის ძეს უწოდებს, ლუკა კი ელისას? ვინაიდან შეუძლებელიაო, ამბობენ, ერთი და იგივე ერთი მამის შვილი იყოს. ამაზე ვპასუხობთ, რომ იაკობი და ელია ერთი დედის შვილები იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა მამისგან და ელიას სიკვდილის შემდეგ, მისი ცოლი იაკობმა მოიყვანა, რათა აღედგინა მისთვის თესლი და ამიტომ იოსები იწოდება იაკობის ძედ ბუნებითად, ხოლო ელისად - სჯულის მიხედვით. ვინაიდან იაკობმა მართლაც შვა იგი ბუნებითად და იგი მისი ღვიძლი შვილი იყო, ხოლო ელიას შვილი იგი მხოლოდ სჯულის მიხედვით იყო. ვინაიდან სჯული ავალდებულებდა, რომ უშვილოდ გარდაცვლილის ცოლი მის ძმას შეერთებოდა და ამ კავშირის შედეგად შობილი გარდაცვლილის შვილად ჩათვლილიყო (მეორე სჯული 25, 5-6), თუმცა ბუნებითად იგი ცოცხალისგან იყო. ამიტომ მახარებლები სწორად ამბობენ და არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. მათემ ჩაწერა იოსების ბუნებითი მამა, ხოლო ლუკამ - ის ვინც სჯულის მიხედვით ერგებოდა მას მამად, ანუ ელია; ხოლო ორივენი ერთად უჩვენებენ, რომ უფალი იშვა იმისათვის, რათა ეკურთხებინა ბუნებაცა და სჯულიც.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24