1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა, 4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო? 5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.
იუდეველები ყოველგვარ დღესასწაულს შაბათს ეძახდნენ, ვინაიდან შაბათი ნიშნავს - სიმშვიდეს. ხშირად დღესასწაული ემთხვეოდა პარასკევს და ამ პარასკევსაც, დღესასწაულის გამო, შაბათს უწოდებდნენ. მერე კი თავად შაბათს უწოდებდნენ მეორე - პირველს, როგორც მეორეს მისი წინამორბედი სხვა დღესასწაულისა და შაბათის შემდგომ. მსგავსი რამ მოხდა მაშინაც და ამ შაბათს ეწოდა მეორე - პირველი. ფარისევლებს, რომლებიც ბრალს დებდნენ მოწაფეებს იმის გამო, რომ ისინი შაბათს ჭამდნენ, „მოსჭრიდნენ“, ანუ გლეჯდნენ თავთავებსა და მარცვლებს და ფშვნიდნენ ხელებით, უფალი მოუთითებს დავითზე, რომელსაც „შეემშია და „პურნი შესაწირავისანი შეჭამნა“, რადგან იგი გაურბოდა რა საულს, მივიდა მღვდელმთავარ აბიათართან და მოატყუა იგი, როდესაც უთხრა, რომ მეფემ ერთ საჭირო საქმეზე გამოგზავნა იგი და დამშეულმა მღვდელს „პურნი შესაწირავისანი“ გამოართვა, რომელიც ყოველდღიურად შეიწირვებოდა წმიდა ტრაპეზზე თორმეტი ცალი, დაწყობილი ექვსი მარჯვენა და ექვსი მარცხენა მხრიდან (ლევ. 24, 5-6). ასევე მიიღო მან გოლიათის მახვილი (1 მეფ. 21, 1-9). უფალი, ახსენებს რა მათ ამ ისტორიას, დავითის საქციელით არცხვენს მათ. თუკი თქვენო, ამბობს, დავითს პატივს მიაგებთ, მაშ როგორღა განიკითხავთ ჩემს მოწაფეებს? და სხვაგვარადც! ძე კაცისა, ანუ მე, შაბათის უფალიც ვარ, და როგორც შემქნელს და შემოქმედს და მეუფეს და სჯულისმდებელს, მაქვს ხელმწიფება შაბათის დარღვევისა. „ძე კაცისად“ შეიძლება წოდებულიყო არავინ სხვა, თუ არა ქრისტე, რომელიც იყო რა ძე ღმრთისა, ადმიანთა გამო, სასწაულებრივ ინება ყოფილიყო და წოდებულიყო ძე კაცისად, ვინაიდან არაფერია ახალი იმაში, რომ მე და შენ ძე კაცისა გვიწოდონ, არამედ ისაა შენიშვნის ღირსი, რომ იგი, სასწაულებრივად განკაცებული, ძე კაცისად იწოდება.
6. და იყო სხუასაცა შაბათსა, და შთავიდა თავადი შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ. და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი მისი მარჯუენე განჴმელ ედგა. 7. უმზირდეს მას მწიგნობარნი და ფარისეველნი, უკუეთუმცა შაბათსა განკურნა, რაჲთა პოონ, ვითარმცა შეასმინეს იგი. 8. ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! ხოლო იგი აღდგა და დადგა შორის. 9. და იესუ ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ სიტყუაჲ: რაჲ ჯერ-არს შაბათსა: კეთილისა საქმე ანუ ბოროტისა ყოფაჲ? სულისა ცხორებაჲ ანუ მოკლვაჲ? 10. და მიხედა მათ ყოველთა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! ხოლო მან განირთხა, და მოეგო ჴელი მისი, ვითარცა სხუაჲ იგი. 11. ხოლო იგინი აღივსნეს მანკიერებითა და განიზრახვიდეს ურთიერთას, უკუეთუმცა უყვეს რაჲ იესუს.
რაც ვთქვით მათეს სახარების განმარტებისას, ის ცნობილია (იხ. თ. 11, მარკ. 3). ახლა კი ვიტყვი, რომ გამხმარი ხელი აქვს მას, ვინც არანაირ ღვთივსათნო საქმეებს არ სჩადის. ვინადიან ხელი არის მოქმედების იარაღი, ხოლო ვისაც იგი გაუხმა, ის ეჭვგარეშეა, რომ უსაქმოდაა. ამრიგად, ვისაც საკუთარი ხელის მორჩენა სურს, უმკურნალოს მას შბათს. ავხსნათ: არ შეუძლია ღვთივსათნო საქმეების კეთება მას, ვინც მანამდე ბოროტების ქმნას არ შეწყვეტს.“მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი“ (ფალმ, 36, 27). ამრიგად, როდესაც იუქმებ, ანუ დაისვენებ ბოროტ საქმეთაგან, მაშინ გაიწვდი შენს ხელს კეთილკრძალულ საქმეთა მიმართ და იგი აღდგება. „და მოეგო ხელი მისი, ვითარცა სხუაი იგი“. ვინაიდან იყო დრო, როდესაც ადამიანურ ბუნებას ჰქონდა ქმედითობა კეთილი და ხელი, ანუ ქმედითი ძალა, ჯანმრთელი; შემდეგ დაკარგა იგი და ქრისტეს მადლის წყალობით კვლავ შეიძინა და ადრინდელ სიკეთეს დაუბრუნდა.
12. და იყო მათ დღეთა შინა და განვიდა თავადი მთად კერძო ლოცვად და ღამესა ათევდა ლოცვითა ღმრთისა მიმართ. 13. და ვითარცა განთენა დღე, მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და გამოირჩინა ათორმეტნი მათგანნი, რომელთაცა მოციქულად უწოდა: 14. სიმონ, რომელსა უწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ და იოვანე, ფილიპე და ბართლომე. 15. მატთეოს და თომა და იაკობ ალფესი და სიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე, 16. და იუდა იაკობისი და იუდა ისკარიოტელი, რომელი-იგი იქმნა განმცემელ. 17. და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს-კიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, 18. რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. 19. და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდეს ყოველთა.
ყველაფერს აკეთებს რათა გვასწავლოს, რომ ისევე ვიქცეოდეთ, როგორც ის. აი, მაგალითად, იგი ლოცვას აპირებს. ის ადის მთაზე, ვინაიდან ლოცვა უნდა საქმეთაგან დაცხრომის შემდეგ და არა მრავალთა თვალწინ და უნდა ილოცო მთელი ღამე და არა ისე, რომ დადგე ლოცვაზე და მაშინვე მიატოვო, მოწაფეებს ირჩევს ლოცვის შემდეგ, სურს რა გვასწავლოს, რომ ჩვენ, როდესაც მოგვიწევს ვინმეს დადგინება სულიერ მსახურებაზე, ამ საქმეს ლოცვით მოვკიდოთ ხელი, ღმერთს ვთხოვოთ წინამძღოლობა და მისგან ვითხოვოთ გვიჩვენოს ღირსეული. ამოირჩევს რა თორმეტს, ჩამოდის მთიდან, რათა განკურნოს ქალაქებიდან მოსული და ორმაგი წყალობა მიანიჭოს, კერძოდ: სულიერად და ხორციელად, ვინაიდან მოუსმინე: „მოსრულ იყვნეს სმენად მისგან“ - ეს კურნებაა სულთა. „და განკურნებად სნეულებათაგან მათთა“ - ეს კი კურნებაა ხორცთა. „ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განკურნებდეს ყოველთა“. წინასწარმეტყველბსა და სხვა წმინდანებს არ ჰქონდათ ძალა, თავად მათგან გამომავალი, უფალს კი ჰქონდა ძალა, თავად მისგან გამომავალი, ვინაიდან იგი თავად იყო წყარო ამ ძალისა, მაშინ როდესაც წინასწარმეტყველნი და წმინდანები განსაკუთრებულ ძალას მაღლიდან იღებდნენ.
20. და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ; 21. ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; 22. ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა. 23. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი. 24. ხოლო ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი. 25. ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით. 26. ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ-წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.
უფალმა, დაასხა რა ხელი მოწაფეებს, ნეტარებათა და სწავლების მეშვეობით, უფრო სულიერ მდგომარეობაში მოყავს ისინი. ვინაიდან იგი საუბრობს, მიმართავს რა მათ. და, პირველ რიგში, ანეტარებს გლახაკებს; გნებავს, მათში მდაბალნი იგულისხმე, გნებავს - ისინი ვინც ვერცხლისმოყვარებით არ ცხოვრობენ საერთოდ, ყველა ნეტარება გვასწავლის ზომიერებას, მორჩილებას, სიმდაბლეს, შეურაცხყოფის გადატანას, ამის მსგავსად, „ვაება“ ხვდებათ წილად მათ, ვინც მდიდარნი არიან ამქვეყნიურ ცხოვრებაში (ვის შესახებაც ამბობს, რომ ისინი იღებენ ნუგეშს, ანუ აქვე, ამსოფლიურ ცხოვრებაშივე იგემეს სიამენი, მხიარულობენ, ტკბებიან სხვადასხვა სიამოვნებით და იღებენ ქებას). გვეშინოდეს, ძმანო, ვინაიდან ვაი მათ, ვინც ქებას იღებენ ადამიანთაგან, რადგანაც უნდა დაიმსახურო ქება ადამიანთაგანაც, მაგრამ უწინ ღმერთისაგან.
27. არამედ თქუენ გეტყჳ, რომელთა-ეგე გესმის: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა. 28. და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცვიდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ. 29. რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოჲცა; და რომელი მიგიღებდეს შენ სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ. 30. ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც; და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰჴდი. 31. და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ. 32. და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ. 33. და უკუეთუ კეთილის-მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ. 34. და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაჲთა მოიღონ სწორი. 35. ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათჳსცა და უკეთურთა. 36. იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს.
მოციქულები გაგზავნილ იქნენ საქადაგებლად და ამიტომაც მოელოდნენ მრავალ მდევნელსა და ცილისმწამებელს საკუთარი თავისა. ამრიგად, მოციქულებს, დევნით შეწუხებულებს, რომ მოესურვებინათ შური ეძიათ საკუთარ შეურაცხმყოფელებზე, დადუმებულიყვნენ და შეეწყვიტათ სწავლება, სახარების მზე ჩაესვენებოდა. ამიტომაც უფალი წინასწარ არწმუნებს მოციქულებს არ მიმართონ შურისძიებას მტრებზე, არამედ ვაჟკაცურად გადაიტანონ ყველაფერი, რაც შეემთხვევათ, გაანაწყენებს ვინმე, თუ ბოროტს განიზრახავს მათ წინააღმდეგ. ასე მოიქცვა იგი თავადაც ჯვარზე, ამბიბდა რა: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“(ლუკა 23, 24). შემდეგ, მოციქულებს რომ არ ეთქვათ, ასეთი მცნება - მტრების სიყვარული, - შეუძლებელია, იგი ამბობს: რასაც ისურვებ შენ საკუთარი თავისათვის, ის გაუკეთე სხვებსაც, და სხვებთან მიმართებაში იყავი ისეთი, როგორთა ხილვასაც ისურვებდი საკუთარ თავთან მიმართებაში სხვებს. თუკი გსურს, რომ შენი მტრები შენთან მიმართებაში იყვნენ მკაცრნი, არათანამგრძნობელნი და მრისხანენი, შენც ასეთივე იყავი. თუკი პირიქით გსურს, რომ ისინი იყვნენ კეთილნი და თანამგრძნობელნი და არაბოროტისმხსომელნი, მაშინ ნუ ჩათვლი შეუძლებლად შენც ასეთივე იყო. ხედავ, თანშობილ კანონს, ჩვენ გულებში ჩაწერილს? უფალმაც ასე თქვა: „წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ“ (ეირ. 31, 32). შემდეგ სთავაზობს მათ სხვა მიზეზსაც, კერძოდ: თუკი თქვენ გიყვართ თქვენი მოყვარულნი, მაშინ თქვენ ცოდვილთა და წარმართთა მსგავსნი ხართ, ხოლო თუკი თქვენ გიყვართ ბოროტისმყოფელნი თქვენნი, მაშინ თქვენ ღმრთის მსგავსნი ხართ, რომელიც მოწყალეა უმადლოთა და უკეთურთა მიმართ. მაშ, რა გსურს! ცოდვილთა მსგავსი იყოთ, თუ ღმრთისა? ხედავ ღმრთაებრივ მოძღვრებას? თავდაპირველად იგი ბუნებრივი კანონით გარწმუნებდა, რაც საკუთარი თავისთვის გსურს, ისე გაუკეთე სხვებსაც, შემდეგ გარწმუნებს აღსასრულითაც და ჯილდოთიც, ვინაიდან ჯილდოდ გპირდებათ იმას, რომ ღმრთის მსგავსნი შეიქმნებით.
37. ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ. 38. მიეცით, და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი და შეხრილი და დატენილი და ზედაგარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა; მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ. 39. ეტყოდა მათ იგავსაცა: ნუ ჴელ-ეწიფებისა ბრმასა ბრმისა წინა-ძღუანვად? არა-მეა ორნივე ჯურღმულსა შთაცჳენ? 40. არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, ხოლო განკრძალული იგი ყოველი იყავნ, ვითარცა მოძღუარი თჳსი.
უფალი განკვეთს ჩვენ სულთაგან ყველაზე მძიმე სნეულებას, ვგულისხმობ, ძირს ქედმაღლობისა. ვინაიდან ვინც საკუთარ თავს არ უკვირდება, არამედ მხოლოდ მოყვასს უთვალთვალებს და მისი შერცხვენა სურს, მან, ცხადია, ქედმაღლობით შეპყრობილმა, დაივიწყა საკუთარი თავი. იგი საბლოოდ ფიქრობს საკუთარ თავზე, რომ იგი არ სცოდავს და ამიტომ სხვებს განიკითხავს, როდესაც ისინი სცოდავენ. ამრიგად, თუკი არ გსურს განკითხულ იქნე, ნუ განიკითხავ სხვებს, ვინაიდან, მითხარი, მაინც რატომ განიკითხავ სხვას, როგორც ღმრთის მცნებათა გარდამავალს ყველაფერში? განა შენ თავად არ არღვევ ღმრთის მცნებებს, (ხვა ცოდვებზე აღარ ვლაპარაკობ) უკვე იმითი, რომ სხვებს განიკითხავ? ვინაიდან საღმრთო სჯული გადაჭრით გიბრძანებს არ განიკითხო ძმა. მაშასადამე შენც არღვევ სჯულს. ხოლო თავად ხარ რა გარდამავალი, სხვა არ უნდა განიკითო? როგორც გარდამავალი მისი; ვინაიდან მსაჯული ცოდვაში ჩავარდნილის ბუნებაზე უფრო მაღლა უნდა იდგეს. ამრიგად, მიუტევე და მოგეტევება; მიეცი და მოგეცემა, ვინაიდან საწყაულით კეთილთ, სავსეთი, დატენილითა და გარადამეტებულით მოგეცემათ თქვენსავე წიაღში, ვინაიდან უფალი მოგიწყავთ არა ხელმომჭირნედ, არამედ ხელგაშლით. როგორც შენ, აპირებ რა მიუწყა, ვთქვათ, რაიმე ფქვილი, სიძუნწის გარეშე ავსებ მას დატენილს და ყრი გარდამეტებით, ასევე უფალი მოგცემს შენ საწყაულს დიდსა და გადავსებულს. შესაძლოა, ვინმე გამჭრიახი გონების პატრონმა იკითხოს: როგორ ამბობს იგი, რომ გარდამეტებული საწყაულით მოგეცემათ თქვენსავე წიაღში, როდესაც თქვა, რომ რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმავე საწყაულით მოგეწყვებათო, ვინაიდან, თუკი გადმოდის ზემოდან, მაშ იგივე არ ყოფილა. ვპასუხობთ, უფალს არ უთქვამს. „ისეთივე საწყაულით“, არამედ „იმავე საწყაულით“, მას რომ ეთქვა „ისეთივე საწყაულით“, მაშინ მისი ნათქამი სიძნელისა და წინააღმდეგობის შემცველი იქნებოდა; ახლა კი, თქვა რა: „იმავე საწყაულით“, იგი წყვეტს წინააღმდეგობას, ვინაიდან შესაძლებელია მიუწყა იმავე საწყაულით, მაგრამ არა ერთნაირად. უფალი ამბობს კიდეც: თუკი შენ კეთილს უყოფ სხვას, შენც კეთილს გიყოფენ, ეს ისეთივე საწყაულია. „ზე გარდათხეულად“ იწოდება იგი იმიტომ, რომ იგივე შეიძლება ითქვას განმკითხველზეც, ვინაიდან განმკითხველი იმავე საწყაულით იღებს, როდესაც შემდგომაში განიკითხავენ, რამდენადაც იგი უფრო მეტად განიკითხება, როგორც მოყვასის განმკითხველი, ამდენად ეს საწყაული „ზე გარდათხეულია“. უფალმა თქვა რა ეს და აგვიკრძალა განკითხვა, მოჰყავს იგავიც, ანუ მაგალითი. იგი ამბობს: სხვის გამკითხველო და თავად იგივე ცოდვის მოქმედო! მითხარი, განა შენ ბრმას არ ჰგავხარ, რომელიც ბრმასვე წინაუძღვის? ვინაიდან, თუკი შენ სხვას განიკითხავ, თავად კი იგივე ცოდვაში ვარდები, თქვენ ორივე ბრმები ხართ. თუმცა კი შენ ფიქრობ, რომ განკითხვის მეშვეობით კეთილისკენ მიუძღვები, მაგრამ არ მიუძღვები. ვინაიდან, როგორღა დააყენებ მას სიკეთის გზაზე, როდესაც თავად ეცემი. მოწაფე არ არის თავის მოძღვარზე მეტი. ამიტომ, თუკი შენ, ვითომდაც მოძღვარი, ეცემი, უეჭვილია, რომ დაეცემა მოწაფეც, რომელსაც წინაუძღვი, ვინაიდან მომზადებული მოწაფეც კი, ანუ სრულქმნილი, ისეთივე იქნება, როგორიც მისი მასწავლებელია. თქვა რა ეს იმის შესახებ, რომ ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ ჩვენზე სუსტნი და როგორც ჩანს, ცოდვილნიც, იგი ამატებს რაღაც სხვასაც, იმავე საგანზე.
41. რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა თჳსსა არა განიცდი? 42. ანუ ვითარ ჴელ-გეწიფების რქუმად ძმასა შენსა: ძმაო, მიტევე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და შენ დჳრესა თუალსა შინა შენსა არა ჰხედავ? ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა. 43. რამეთუ არა არს ხე კეთილი, რომელმან გამოიღოს ნაყოფი ხენეში; არცა კუალად ხე ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი. 44. რამეთუ თითოეული ხჱ თჳსისაგან ნაყოფისა საცნაურ არნ; რამეთუ არა ეკალთაგან შეკრიბიან ლეღჳ, არცა მაყუალთაგან მოისთულიან ყურძენი. 45. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღის ბოროტი; რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა იტყჳნ პირნი მისი.
რას ხედავო ბეწვს, ანუ მცირე ცოდვას შენი ძმისა და ვერ ამჩნევ დირეს - შენს დიდ ცოდვას? ეს შეიძლება ყველას მიმართ ითქვას, განსაკუთრებით კი მასწავლებლებისა და უფროსების მიმართ, რომელნიც თავინათ ხელქვეითთა მცირე შეცდომებსაც კი სჯიან, თავიანთს კი, რაოდენ დიდნიც არ უნდა იყვნენ ისინი, დაუსჯელს ტოვებენ. იმიტომაც უწოდებს მათ უფალი ორგულებს, რომ ისინი სხვაგვარნი ჩანან (ვინაიდან სჯიან რა სხვათა შეცოდებებს, თავად მართალნი ჩანან) და სინამდვილეში სხვაგვარნი არიან, ვინაიდან თავადაც სცოდავენ და უფრო უარესადაც. შემდეგ თავის ნათქვამს მაგალითითაც ადასტურებს. როგორც კარგი ხეო, ამბობს, არ გამოიღებს დამპალ ნაყოფს, ხოლო დამპალი ხე, კარგ ნაყოფს, ასევე ის, ვინც აპირებს განაბრძნოს სხვები, გამოასწოროს და უკეთესი გახადოს, თავად არ უნდა იყოს ბოროტი, თუკი თავად ბოროტი იქნება, ვერც სხვებს გახდის უკეთესს. ვინაიდან თითოეულის გული საუნჯეა, თუკი იგი კეთილს იტევს, ადამიანიც კეთილია და კეთილად ლაპარაკობს; თუკი გული ბოროტებითაა სავსე, ადამიანიც ბოროტია და ბოროტად საუბრობს. ყოველივე, რაც ითქვა, შეიძლება ფარისეველთა მიმართაც იგულისხმო, ვინაიდან მან, მიმართა რა მათ თქვა: „აღმოიღე პირველად დვირე თუალისაგან შენისა“ და მხოლოდ შემდეგ ბეწვი შენი ძმის თვალიდან, ისევე როგორც სხვა ადგილას თქვა: „დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანთქმათ“ (მათე. 23, 24); როგორ შეგვიძლიათო, ამბობს, თქვენ ფარისევლებს, ხართ რა დამპალი ხეები, კეთილი ნაყოფი გამოიღოთ, ვინაიდან, როგორც თქვენი მოძღვრებაა დამპალი, ასევეა ცხოვრებაც, რამდენადაც თქვენი გულის სისავსისგან საუბრობთ. როგორღა გამოასწორებთ სხვებს და დასჯით სხვათა დანაშაულებს, როდესაც თავად უფრო მეტად სცოდავთ?
46. რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ? 47. ყოველი რომელი მოვალს ჩემდა და ისმენს სიტყვათა ჩემთა და ჰყოფს მათ, გიჩუენო თქუენ, ვისა იყოს მსგავს. 48. მსგავს არს იგი კაცსა, რომელი აშენებნ სახლსა, რომელმან მოთხარა და დააღრმო და დადვა საფუძველი კლდესა ზედა; და დიდროაჲ რაჲ იყო, ეკუეთა მდინარე იგი სახლსა მას და ვერ შეუძლო შეძრვად მისა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა. 49. ხოლო რომელმან ისმინა და არა ყოს, მსგავს არს იგი კაცსა, რომელმან აღაშენა სახლი მიწასა ზედა თჳნიერ საფუძველისა, რომელსა ეკუეთა მდინარე, და მეყსეულად დაეცა; და იყო დაცემაჲ სახლისაჲ მის დიდ.
ეს უცილობლად გვეხება ჩვენც, რომელნიც ბაგით ვაღიარებთ მას ღმერთად, საქმით კი უარვყოფთ. თუკი, მე, უფალი ვარო, ამბობს, მაშ თქვენ ყველაფერში მონებივით უნდა მოიქცეთ. მონას ვალი კი ისაა, რომ - აკეთოს ის, რასაც უფალი უბრძანებს. შემდეგ გვეუნება ჩვენ, თუ რა სარგებელი აქვს მას, ვინც უსმენს და არა მხოლოდ უსმენს, არამედ საქმითაც აღასრულებს. ასეთი ემსგავსება ადამიანს, რომელიც აშენებდა რა სახლს, ააშენა იგი კლდეზე, კლდე, როგორც მოციქული ამბობს (1, კორ. 10,4), - ქრისტეა. მოთხარა და დააღრმო მან, ვინც წმიდა წერილის სიტყვებს იღებს არა ზედაპირულად, არამედ მის სიღრმეებს ეძიებს სულით. ასეთი აფუძვნებს კლდეზე; შემდეგ, მოხდება რა წყალდიდობა, ანუ დევნა და განსაცდელი, მდინარე ეკვეთება ამ სახლს, ანუ მაცდური - ეშმაკი იქნება თუ ადამიანი - მაგრამ ვერ შეძლებს მის შეძვრას. მაცდური ადამიანი ძალიან სამართლიანად შეგვიძლია შევადაროთ მდინარის კვეთებას. ვინაიდან, როგორც მდინარის მიერ გამოწვეულ წყალდიდობას იწვევს წყალი, რომელიც ზემოდან ვარდება, ასევე მაცდურ ადამიანს სატანა დასცემს, ზეციდან გადმოვარდნილი. სახლი მათი, ვინც არ იცავს უფლის სიტყვებს, ეცემა და დაცემა ამ სახლისა ფრიად დიდია, ვინაიდან დაცემა მსმენელთა, მაგრამ არა მოქმედთა, დიდია, რადგან ვინც არ მოისმინა და არ გააკეთა ნაკლებად სცოდავს, ხოლო ვინც მოისმინა, მაგრამ არ შეასრულა სცოდავს უფრო მძიმედ.
თავი 1 | თავი 2 | თავი 3 | თავი 4 |
თავი 5 | თავი 6 | თავი 7 | თავი 8 |
თავი 9 | თავი 10 | თავი 11 | თავი 12 |
თავი 13 | თავი 14 | თავი 15 | თავი 16 |
თავი 17 | თავი 18 | თავი 19 | თავი 20 |
თავი 21 | თავი 22 | თავი 23 | თავი 24 |