ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

ლუკას სახარების განმარტება

 

თავი მეთერთმეტე

1. და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა. 2. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 3. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. 4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. 5. და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი, 6. რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას. 7. მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა. 8. გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა, წყინებისა მისთჳს მისისა აღდგეს და მისცეს, რაოდენი უჴმდეს მას.

ქრისტეს მოწაფე მოშურნეობას იჩენს იოანეს მოწაფეთა მიმართ და სურს ისწავლოს ლოცვა. მაცხოვარი უარს არ ამბობს მოწაფეთა ამ სურვილზე, არამედ ასწავლის. „მამაო ჩვენოო, - ამბობს, - რომელი ხარ ცათა შინა“. დააკვირდი ლოცვის ძალას, მას მაშინვე სიმაღლეზე აყავხარ და რამდენადაც შენ ღმერთს მამას უწოდებ, გარწმუნებს ყველანაირად არ დაკარგო მსგავსება მამაისა, არამედ ეცადო მიემსგავსო მას. არ უთქვამს „მამაო ჩემო, არამედ „მამაო ჩვენო“, აღგძრავს რა ძმათა სიყვარულისთვის და გიბიძგებს, საერთოდაც ყველანი ძმებივით გიყვარდეს. თქვა რა: „ცათა შინა“, ღმერთს კი არ შემოსაზღვრავს მისით, არამედ მსმენელი აჰყავს ზეცაში და აშორებს მიწიერს. „წმიდა იყავ სახელი შენი“. ნაცვლად „დაე იდიდოს“, ანუ მოაწყვე ჩვენი ცხოვრება ისე, რომ ის შენს სადიდებლად იყოს. ვინაიდან, როგორც ბოროტთა მიერ შეგინებულია სახელი ღმრთისა, ისე მათგან, ვინც კეთილ ცხოვრებას ეწევიან, იდიდება. „მოვედინ სუფევა შენი“. ცოდვილი არ ლოცულობს ღმერთის სუფევის დამკვიდრებისთვის, ვინაიდან არ სურს მისი მოსვლა იმ სასჯელთა გამო, რომელიც მას იქ ელოდება. პირიქით, მართალი ლოცულობს, რომ სწრაფად მოვიდეს იგი, რათა განთავისუფლდეს აქაურ საცდურთაგან და დამშვიდდეს. „იყავ ნება შენი“, როგორც ცაში ანგელოზებთან, ასევე ჩვენთან, ადამიანებთან, დედამიწაზე. ვინაიდან ანგელოზები, ყველანი და ყველაფერში ღმრთის ნების შესატყვისად მოქმედებენ.

ამრიგად, მრავალნი შუაღამეს, ანუ სიცოცხლის ბოლოს მოდიან ღმერთთან და ეუბნებიან: „მავასხენ მე სამნი პურნი“, ანუ რწმენა სამებისა; ვინაიდან მეგობარი მოვიდა, ანუ ანგელოზი, რომელიც ეძიებს უფალს. თუმცა ყოველი ანგელოზიც მეგობარია. ისევე როგორც უფალი ამბობს, სიხარულია ზეცაში ადამიანის ცხონების გამო (ლუკა 15,10). ყრმები, რომლებიც სარეცელზე ისვენებენ, არსებითად ის ადამიანები არიან, რომლებიც მოიქცნენ და ამიტომ ღმრთის შვილებად შეიქნენ და გახდნენ ღირსნი იმისა, რომ მასთან ერთად განისვენებდნენ. „წყინებად“ მოიხსენიებს გაძლიერებულ და განგრძნობილ ლოცვას მოთმინებით. იგულისხმება სხვგვარადაც, კერძოდ: „შუაღამეში“ იგულისხმება ძალა და შუაგული საცდურთა, ვინაიდან ყოველგვარი საცდური არის ღამე, ხოლო შუაგულ საცდურთა, უეჭველია, რომ შუაღამე. ამრიგად, როდესაც ვინმე იმყოფება საცდურთა შუაგულში, ის მიდის ჩვენს მოყვარულ ღმერთთან და ეუბნება: „მავახსენ მე სამნი პურნი“, ანუ ხსნა სხეულისა, სამშვინველისა და სულისა. ვინაიდან საცდური საფრთხეს უქმნის ამ სამს. ვინღაა მეგობარი, რომელმაც გზიდან შემოიარა? უეჭველია, რომ უფალი, რომელიც განგვცდის საცდურთა მეშვეობით და სურს იგემოს ჩვენი ხსნა. საცდურში ჩავარდნილს არ ძალუძს თავად აღუდგეს წინ მათ და დახვდეს უფალს, არა აქვს, თუ რა შესთავაზოს მას. დახშული კარი ნიშნავს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ საცდურის მოსვლამდე, ხოლო როდესაც ჩავვარდებით, მაშინ კარი მოსამზადებლად უკვე დახშულია და ჩვენ აღმოვჩნდებით რა მოუმზადებელნი, საფრთხე გვეწევა, თუ თავად უფალი არ შეგვეწია. ყრმანი (რამდენადაც მანამდე მოექცნენ) არსებითად ისინი არიან, რომლებიც სათნოებათა მეშვეობით შეიქნენ ღმრთის ძეებად, წვანან და განისვენებენ ღმერთში.

9. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუნ. 10. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს. 11. ვის უკუე თქუენგანსა მამასა სთხოვდეს ძე პურსა, ნუუკუე ქვაჲ მისცეს მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუუკუე თევზისა წილ გუელი მისცესა მას? 12. გინა თუ კუერცხსა სთხოვდეს, ნუუკუე ღრიაკალი მისცეს მას? 13. უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას.

შეხედე, რა სიზუსტეა სიტყვებში, უფალს არ უთქვამს: „ითხოვეთ“ და მოგეცემათ თქვენ, არამედ „ითხივდით“, ანუ განუწყვეტლივ ეძიეთ. „ეძიებდით და ჰპოოთ“. ნუთუ ჰპოვებს ის, ვინც უსარგებლოდ ითხოვს? არა. ვინაიდან თხოვნა უსარგებლოს შესახებ, არც შეიძლება იწოდოს თხოვნად ღმრთის წინაშე. ვინაიდან ვინც ღმრთის წინაშე ლოცულობს, მან ის უნდა ითხოვოს, რასაც ის გვაძლევს. ხოლო თუკი ვინმე ითხოვს უსაგრებლოს, ის ღმრთის წინაშე არ ითხოვს, ვინაიდან იგი არ იძლევა უსარგებლოს. შემდეგ უსმინე, როგორ გვასწავლის თავად უფალიც ვითხოვოთ ის, რასაც უნდა ვითხოვდეთ. იგი ამბობს: ძე ითხოვს პურს და თევზს კვერცხს. ამიტომ, როგორც ეს საგნები შეადგენენ ადამიანის საკვებს, ასევე ჩვენი თხოვნებიც სასარგებლო უნდა იყოს ჩვენთვის და გვეხმარებოდეს. „პურის“ მთხოვნელის ქვეშ, მართლაც იგულისხმება ყოველი, ვინც ითხოვს, რომ განცხადდეს მისთვის რწმენა სამებისა და დოგმატების სისწორე. ვინაიდან ისინი, როგორც განმამტკიცებელნი გულისა, არსებითად პურნი არიან. ხოლო „თევზს“ ითხოვს ის, ვინც ამ ცხოვრების ზღვაში იმყოფება, სთხოვს უფალს შემწეობას, რათა იგი, როგორც თევზი დარჩეს ცოცხალი და არ ჩაიძიროს საცდურთა შორის. ხოლო „კვერცხს“ ის ითხოვს, ვისაც სურს ღვთივსათნო სულთა ნაყოფი მიეცეს, იმ სულებისა, რომლებიც თითქოსდა ფრთაშესხმულები სულიწმიდის მიერ იქნენ აღყვანებულნი და გადაიფრინეს რა დედამიწა, სამართლიანად შეიძლება შედარებულნი იქნენ ჩიტებს.

14. და კაცისა ვისგანმე განაძო ეშმაკი, რომელი იყო ყრუჲ. და იყო განსლვასა მას ეშმაკისასა იტყოდა ყრუჲ იგი. და უკჳრდა ყოველსა მას ერსა. 15. ხოლო რომელთამე მათგანთა თქუეს: ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა, განასხამს ეშმაკთა. 16. და სხუანი ვინმე გამოცდით სასწაულსა ზეცით ითხოვდეს მისგან. 17. ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა თჳსსა განევლთის, მოოჴრდის, და სახლი სახლსა ზედა დაეცის. 18. და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა განევლთა, ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი? რამეთუ იტყჳთ ჩემთჳს, ვითარმედ: ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა. 19. უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისათჳს იგინივე მსაჯულ გექმნენ თქუენ. 20. უკუეთუ მე თითითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-წევნულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.

ყრუდ ხშირად იწოდება ის, ვისაც არ ესმის; მაგრამ იწოდება ისიც, ვინც არ ლაპარაკობს, უფრო სწორად კი - ის ვისაც არც ესმის და არც ლაპარაკობს, ისინი, ვისაც დაბადებიდან არ ესმით, არც ლაპარაკობენ. ვინაიდან ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც მოსმენის საშუალებით ვსწავლობთ. როდესაც ვინმეს არ ესმის, ის თავისთავად ცხადია, რომ ვერც ლაპარკობს. თუკი ვინმეს სმენა შემდგომში დაუზიანდა, ავადმყოფობის შედეგად, მას არაფერი უშლის ხელს ილაპარაკოს. ვინც ქრისტესთან მიიყვანეს, ორივე მიმართებით უტყვი იყო: ენითაც და ყურითაც. იგი სახეა ადამიანური ბუნებისა, რომელიც შეპყრობილი იყო რა ეშმაკთაგან, არ შეეძლო არც ღმრთის სიტყვის მოსმენა და მით უფრო, არც გადმოცემა. მაგრამ უფალმა, მოვიდა რა და განსდევნა ეშმაკები, ანუ ვნებანი და საეშმაკო საქმენი, გააკეთა ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვამბობდეთ, არამედ ვქადაგებდეთ კიდეც ჭეშმარიტებას. ვინაიდან ღმრთის სიტყვები არა მხოლოდ უნდა მოვისმინოთ, არამედ სხვებსაც გადავცეთ. ამრიგად, ვისმინოთ ჩვენ, რომელთაც ჩვენში საეშმაკო საქმენი გვაქვს, ვფიქრობთ რა სხვებს ვასწავლოთ და ვაძლევთ რა ნებას კაცთაგან მასწავლებლებად ვიწოდებოდეთ. ვინაიდან, როდესაც გამოვა ეშმაკი, მაშინ აქვს ადგილი ჭეშმარიტ საუბარსა და სწავლებას, ხოლო სანამ ჩვენში არიან დემონთა ქმნილებანი (ვნებები), მანამდე ვერ ვლაპარაკობთ, თუმცა კი ვჩანვართ მოლაპარაკენი. ფარისევლები განიკითხავენ სასწაულს და უფალს ლანძღავენ, როგორც მატყუარას. ისინი ამბობენ: იგი მეგობარია ეშმაკთა მთვარისა და მისი შემწეობით განასხამს ეშმაკებს. უფალი ეუბნება მათ: როგორაა შესაძლებელი, რომ ეშმაკი ეშმაკთა განასხამდეს? ეს მისი მეუფების დაცემის მომასწავლებელი იქნებოდა... ვინაიდან თუკი მათი ხელმწიფებითა და მეუფებით, ისინი დადგენილნი არიან იმისთვის, რომ იცხოვრონ ადამიანებში, ხოლო მათივე მთავარი განასხამს მათ, მაშინ ცხადია, რომ იგი თავის თავს არღვევს. რადგანაც, ყოველგვარი მეუფებაც, რომელიც გაიყოფა და თავის თავს აღუდგება, დაირღვევა და სახლიც, თავის თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა. „სახლის“ ქვეშ შენობას გულისხმობ? კეთილი. ვინაიდან შენობაც მხოლოდ მანამდე დგას, სანამ იგი ერთიანობას ინარჩუნებს, ხოლო როდესაც კედლები დაშორდება ერთი მეორეს, იგი ეცემა. „სახლის“ ქვეშ სახლში მცხოვრებთ იგულისხმებ? ისინიც, სანამ მშვიდობას ინარჩუნებენ, დგანან, ხოლო თუკი ერთმანეთის წინააღმდეგ აღდგებიან, ეცემიან. დაე იყოს ასე, რომ მე ბელზებულის ძალით განვასხამ ეშმაკებს; მაგრამ ძენი თქვენი, ანუ მოციქულები ვისი ძალითღა განსახამენ? განა აშკარა არაა, რომ ჩემი სახელით? მაშ როგორღა ამბობთ ჩემ შესახებ, რომ მე ბელზებულის შეწევნით განვასხამ, ვსაჭიროებ რა მის ძალას, როდესაც ძენი თქვენნი კერძოდ მოციქულნი, ჩემი სახელით განასხამენ? ჭეშმარიტად, ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი. ვინაიდან, თუკი ისინი ჩემი სახელით განასხამენ, მაშ მე თვითონ, აშკარაა, რომ არ ვსაჭიროებ სხვის ძალას. მე განვასხამ „თითითა ღმრთისაითა“, ანუ სულიწმიდით და არა მაცდური სულით.

სულს უწოდებს „თითს“, რათა იცოდე, რომ როგორც თითი ერთი არსების მატარებელია მთელ სხეულთან მიმართებაში, ისე სული წმიდაა ერთი არსების მქონე მამასთან და ძესთან. ანდა შესაძლოა, ასე იმიტომ უწოდებს, რომ ძე იწოდება მარჯვენად ღმრთისა, ხოლო მასზედ განისვენებს სული წმიდის შვიდი ნიჭი და არა როგორც სული წმიდის იარაღზე, არამედ როგორც მასთან ერთი არსების მქონეზე. ერთ-ერთი ნიჭი, მოქმედება სულისა არის ძალა კურნებისა. ამბობს, რომ მე განვასხამ ეშმაკებს „თითითა ღმრთისათა“, ანუ სული წმიდის ნიჭით. ვინაიდან, როგორც თითია ნაწილი ხელისა, ასევე სული კურნებისა. იყო ნაწილი იმ სულებისა, ანუ სულის იმ ძალებისა, რომელიც იესოს ჰქონდა. თუკი ამბობს, მე ღმრთის ძალით „განვასხამ ეშმაკთა“, მაშ ჭეშმარიტად მოიწია თქვენზე ღმრთის სასუფეველი. ეს კი ასეთი აზრის მქონეა: ბოლოს და ბოლოს ირღვევა ეშმაკის მეუფება და მყარდება მეუფება ღმრთისა, ეშმაკთა განმხსმელისა, ვინაიდან უსმინე, რას ამბობს შემდეგ.

21. რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსა თჳსსა, მშჳდობით არნ მონაგები მისი. 22. და ოდეს უძლიერესი მისი ზედა-მოუჴდის, სძლის მას და საჭურველი მისი მოუღის, რომელსა-იგი ესვიდა, და ნატყუენავი მისი განუყვის. 23. რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს. 24. რაჟამს სული არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის, თქჳს: მივიქცე სახლსავე ჩემსა, ვინაჲცა გამოვედ. 25. და მოვიდის და პოვის იგი განშუენებული და შემკული. 26. მაშინ წარვიდეს და მოიყვანნის სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისსა, და შევიდის და დაიმკჳდრის მას შინა და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა.

ჩემს მოსვლამდეო, ამბობს, სატანა იყო ძლიერი და „სცვიდეს ეზოსა თვისსა“, ანუ ბატონობდა ადამიანურ ბუნებაზე მტკიცედ და უსაფრთხოდ. მაგრამ როდესაც მე მოვედი, მასზე უძლიერესი, მაშინ მე ვსძლიე ამ მშვიდობას და ყველა მის „საჭურველს“, რომლის იმედიც ჰქონდა, ანუ ყველა სახეს ცოდვისა. ვინაიდან ცოდვა არის ეშმაკის იარაღი და მისით იგი თამამად ამარცხებდა ადამიანებს. ყველა ამ იარაღს მე ვძლიე, ვინაიდან ჩემში ვერ იპოვა ვერანაირი ცოდვა (1 პეტრე. 2, 22); მას შემდეგ იგი დასუსტდა. და მისი „ნაძარცვი“, ანუ ადამიანები, რომლებიც თითქოსდა მისი ნადავლნი იყვნენ, მე გამოვგლიჯე მას და თითოეულს განსაკუთრებულ ანგელოზს ვაბარებ, საიმედო მცველს, რათა ეშმაკის ნაცვლად, რომლის ბატონობის ქვეშაც იმყოფებოდა, ანგელოზმა მართოს იგი და სხვაგვარადაც. რა საერთოა ჩემსა და ბელზებულს შორის? ჩემი საქმეა - ღმრთის განბნეული შვილების შეკრება; მისი საქმე კი იმაში მდგომარეობს, რომ განაბნევს შეკრებილთ. მაშ როგორღა ასკვნით ჩემზე, რომ ერთობაში ვიმყოფები სატანასთან? ჭეშმარიტად, ასეთი აზრი იმიტომ გაგიჩნდათ, რომ თქვენ ახლა მეტ ერთობაში იმყოფებით ეშმაკებთან. არაწმიდა სული ცხოვრობდა თქვენში ადრეც, როდესაც კერპებს ემსახურებოდით და წინასწარმეტყველებს კლავდით. შემდეგ, როგორც ჩანს, მან დაგტოვათ თქვენ. ახლა კი ისევ დაბრუნდა „თავის სახლში“, ანუ თქვენს სულებში „შვიდ“ სულთან ერთად, ანუ მრავალთან (ვინაიდან რიცხვი „შვიდი“ წმიდა წერილში ხშირად მრავლის მნიშვნელობით იხმარება) და ეს უკანასკნელი პირველზე უარესად აქცია თქვენთვის. ვინაიდან მაშინ, როდესაც კერპებს ემსახურებოდით, თქვენ კლავდით წინასწარმეტყველებს, მაგრამ აშკარა შეურაცხყოფა არ მიგიყენებიათ ღმრთის ძისათვის, რომელიც თქვენს გამო მოევლინა ხორცში. ახლა კი რაღა იმედი უნდა გქონდეთ ხსნისა, როდესაც თქვენ ისეთივე უმადურნი და კადნიერნი რჩებით მას შემდეგაც, რაც ძე განხორციელდა და თქვენს გამო სასწაულებს სჩადის? „ურწყული ადგილნი“ არსებითად მათი სულები არიან, რომელთაც არა აქვთ არანაირი სილბო (სულები) ხისტნი და მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველნი, რამდენადაც მაცდურს არა აქვს არანაირი ადგილი, რათა ასეთ სულებში დასახლდეს, იგი ბრუნდება იუდეველებთან და ეს უკანასკნელი მათთვის პირველზე უძირესი ხდება. მაშ, ახლა მათ აღარ ჰყავთ აღარც წინასწარმეტყველნი, ვინაიდან მათ სიტყვა მოკლეს, აღარც მირონცხება აქვთ, ვინაიდან მათ ქრისტე აცვეს ჯვარს (ცხებული). ადრე თუმცა ისინი კერპებს ემსახურებოდნენ, მაგრამ ჩანდნენ წინასწარმეტყველნი და იყო მირონცხება: ახლა კი ისინი ყველაფერს მოაკლდნენ, ვიანიდან ძე ღმერთის წინააღმდეგ შესცოდეს.

27. და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი. 28. ხოლო თავადმან თრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი. 29. და ვითარცა შეკრბებოდა ერი იგი, იწყო სიტყუად მათდა: ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს, სასწაულსა ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მას, არამედ სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ. 30. ვითარცა-იგი ექმნა იონა სასწაულ ნინეველთა, ეგრეთ ეყოს ძე კაცისაჲ ნათესავსა ამას. 31. დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას კაცთა თანა ამის ნათესავისათა და დასჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა. 32. კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა.

მაშინ, როდესაც ფარისეველნი და მწიგნობარნი ჩირქს სცხებენ უფლის სასწაულებს, დედაკაცი, უეშმაკო და უბრალო პიროვნება, განადიდებს მას, სად არიან ისინი, ვინც ამბობენ რომ უფალი მოჩვენებითად მოივლინა? ვინაიდან აი მოწმომბა, რომ იგი ძუძუთიც იკვებებოდა! ხოლო იგი ანეტარებს მათ, ვინც ღმრთის სიტყვას იცავს, თუმცა არა იმიტომ, რომ თავისი დედა მოაკლოს ნეტარებას, არამედ იმიტომ, რომ უჩვენოს, ისიც ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებდა იმისგან, რომ შობა იგი და ძუძუს აწოვებდა, ყველა სხვა სათნოება რომ არ ჰქონოდა. ამას იმიტომაც ამბობს, რომ დროს შეეფერება. რამდენადაც ისინი, ვისაც შურდა მისი და არ ისმენდა მის სიტყვებს, ლანძღავდნენ იმათ, ვინც ისმენდა. იგი მათ წინააღმდეგ, განსაკუთრებით ანეტარებს მსმენელთ. შესაძლოა, ამას იგი განკურნებული ყურის გამოც ამბობს, რათა მანაც, მოისმენს რა სუტყვას, დაიცვას იგი, რათა (მისთვის ბოძებული) უნარი მოსმენისა დასასჯელად არ გადაექცეს. როდესაც დიდძალი ხალხი შეიკრიბა, უფალმა უგუნურთა მხილება დაიწყო. მათ შორის იყო რამოდენიმე ისეთიც, ვისაც სურდა რათა იესოს ზეციდან მიეცა ნიშანი, ვინაიდან ამბობდნენ: სასწაულნი, რომელსაც ის იქმს, არსებითად მიწიერნი არიან და მათ იგი ბელზებულის ძალით სჩადის, ამ სოფლის მთვარისა, რომელსაც აქვს ხელმწიფება მიწაზე; ხოლო ზეციურ სასწაულთა ქმნა მას არ ძალუძს, რადგან იგი არ არის ძე ზეციური მამისა. რამდენადაც ზოგიერთნი ასე ამბობდნენ, ამდენად უფალი ამხელს მათ და ამბობს: მოგეცემათ თქვენ სასწაული, რომელიც დაგიმტკიცებთ, რომ მე ჭეშმარიტი ძე ვარ ზეციური მამისა. რომელი? სასწაული იონასი, ანუ სასწაული აღდგომისა. ვინაიდან, როგორც მან გაატარა სამი დღე ვეშაპის მუცელში, ასევე მე გავატარებ სამ დღეს ვეშაპის მუცელში, უდიდესი ცხოველისა, ანუ ჯოჯოხეთისა და აღვდგები. როდესაც იონამ, ვეშაპის მიერ ამოგდებულმა და თითქოს თავიდან გაცოცხლებულმა, დაიწყო ქადაგება, ნინეველებმა შეისმინეს. მე კი ჩემი აღდგომის შემდეგაც არ დამიჯერებს ეს მოდგმა. ამიტომაც ისინი განიკითხებიან იმის გამო, რომ არ მიბაძეს ნინეველებს, თუმცა აქ იონაზე მეტია. ვინაიდან, ჩემი ღირსება და წესი ქადაგებისა, დიდად განსხვავდება. მე - მეუფე ვარ, ის კი - მონა. მე ცათა სასუფეველს ვქადაგებ, ის კი - მოსალოდნელი უბედურებისაგან ხსნას, მე სასწაულებს ვიქმ, მას კი არცერთი სასწაული არ უქმნია. მსგავსად ამისა, სამხრეთის დედოფალიც განიკითხავს ამ მოდგმას, ვინაიდან იგი ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად. „სამხრეთის დედოფლის“ ქვეშ იგულისხმება, მართლაც, ყოველი სული, ძლიერი და მუდმივი სიკეთის ქმნაში. ავხსნი. ჩრდილოეთს, რომელიც წარმოადგენს სიმბოლოს მოწინააღმდეგის ადგილსამყოფელისა, წმიდა წერილი არ აფასებს დადებითად, ვინაიდან იგი ყინავს, კლავს და აშეშებს; ხოლო სამხრეთი (როგორც საწინააღმდეგო ჩრდილოეთისა), შეფასებულია დადებითად, ვინაიდან სამხრეთის ქარს მოაქვს სითბო, გამოცოცხლება, ათბობს გაშეშებელ ნაწილებს. ამიტომაც „ქებათა ქებაში“ სძალი განადიდებს რა ჩრდილოეთს, ამბობს: „აღდეგ ჩრდილოდან ქარო, მოვედ სამხრით ქარო“ (4,16), და წინასწარმეტყველი კვლავ ამბობს: „ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ“, ანუ სატანას“ (იოველ, 2,20). ამრიგად, სული, რომელიც სამხრეთით მეფობს, ანუ სულიერი ცხოვრების მადლმოსილ ქვეყანაში და განმტკიცებულია ვარჯიშით ქმედებაში, მოდის მოისმინოს სიბრძნე ანუ ადის ჭვრეტამდე. ვინაიდან სოლომონის სიბრძნე, მშვიდობიანი მეფისა, არის ჭვრეტა ღმრთისა და უფლისა ჩვენისა, რომელსაც ვერავინ მიაღწევს ისე, თუკი თავისი ვარჯიშით ქმედებაში არ შეიქნება მეფედ და მეუფედ ღვთივსათნო ცხოვრებისა.

33. არავინ აღანთის სანთელი და დადგის ფარულად, გინა ჴჳმირსა ქუეშე, არამედ სასანთლესა ზედა, რაჲთა შემავალნი ხედვიდენ ნათელსა. 34. სანთელი გუამისაჲ არს თუალი; ოდეს თუალი შენნი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს და უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. 35. იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს. 36. უკუკეთუ ყოველი გუამი შენი ნათელ არს და არა რაჲ აქუნდეს ადგილი რაჲმე ბნელისაჲ, იყოს იგი ყოვლად ნათელ, ვითარცა-იგი სანთელი ელვითა განგანათლოს შენ.

რამდენადაც შურიანი იუდეველები, ხედავდნენ რა სასწაულებს, თავიანთი ბოროტი გონების გამო უკუღმართად ხსნიდნენ მათ, უფალი ამბობს კიდეც შემდეგს: ადამიანები, რომელთაც მიიღეს „სანთელი“ ღმერთისგან, ანუ ნიჭი გონიერებისა, როგორც ჩვენთვის მოცემული სინათლისა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვხედავთ, ვერ გამოიჩინეს უნარი განსჯისა და დაიბნელეს რა თავი შურით, ვერ ხედავენ სასწაულებს და კეთილ საქმეებს, თუმცა ჩვენ იმიტომ მოგვეცა გონება, რათა სასანთლეზე დავდგათ, რათა სხვებმაც იხილონ სინათლე. ჩემის აზრით, იგი ასე ამბობს: ფარისეველო! შენ გაქვს ცოდნა - ეს სანთელია. შენ გმართებდა გესარგებლა ამ ცოდნით იმისათვის, რათა თავად გეღიარებინა სასწაულები და სხვებისთვის გამოგეცხადებინა და აგეხსნა, რომ ეს არსებითად ძე ღმრთის საქმეებია და არა ბელზებულისა. ამრიგად „შემავალნიც“ ანუ ახლად მოსულნიც და დამწყებნიც იხილავენ სინათლეს. ვინაიდან, ვინც ბრძენია, ის უკვე შევიდა, ხოლო ვინც ჯერ კიდევ სწავლობს, ის მხოლოდ შედის. მაგრამ თქვენ, ფარისეველნო, არ მოინდომეთ ამის გაკეთება, არამედ თვალი სულისა, ანუ გონება, აქამდე სწორი, გაამრუდეთ და დააბნელეთ. ვინაიდან, როგორც თვალი სხეულისა, როგორიცაა თავად, ასეთსავეს ხდის მთელს სხეულსაც; მაგალითად, თუკი იგი სუფთაა, მაშინ სხეულიც ნათელია, ხოლო თუკი იგი ბნელია, მაშინ სხეულიც დაბნელებულია; ზუსტად ასევე სულიც განეწყობა გონების მდგომარეობის მიხედვით. თუკი თვალი და ნათელი, მის მიერ ღმერთისგან მიღებული, იწყებენ დაბნელებას შურით, ანდა ვერცხლისმოყვარეობით, ან ზოგადად რომ ვთქვათ, ნივთიერის მიმართ სიყვარულით, მაშინ ისიც ბნელდება.

37. და ვითარცა იტყოდა ამას თავადი, ჰლოცვიდა ვინმე ფარისეველი, რაჲთა პური ჭამოს მის თანა; და შევიდა და დაჯდა. 38. ხოლო ფარისეველმან მან ვითარცა იხილა, უკჳრდა, რამეთუ პირველად არა იბანა, ვიდრე სადილობადმდე. 39. ჰრქუა მას უფალმან: აწ თქუენ, ფარისეველთა, გარეშე სასუმელისაჲ და პინაკისაჲ განსწმიდით, და შინაგანი თქუენი სავსე არნ ნატაცებითა და უკეთურებითა. 40. ორგულნო, ანუ არა რომელმან-იგი გარეშე შექმნა, მანვე შინაგანი შექმნა? 41. გარნა ესე, რომელი ჯერ არს, მიეცით მოწყალებაჲ, და აჰა თქუენი ყოველი წმიდა არს.

თუმცა უფალმა იცის არაკეთილმოსურნეობა ფარისევლებისა, მაგრამ სადილობს მათთან, რადგან ისინი მზაკვარნი იყვნენ და გამოსწორებას საჭიროებდნენ, ვინაიდან იგი იმიტომ სადილობს მათთან, რადგან ჰქონდეს საბაბი მათი ზნე-ჩვეულებების გამოსწორებისა. მაგალითად, ახლაც, ხედავს რა მათ უგუნურ ჩვეულებას - საჭმლის მიღების წინ განბანვისა, ასწავლის, რომ სული უნდა განიწმინდონ კეთილი საქმეებით, რამდენადაც წყლის გადავლება წმენდს არა სულს, არამედ სხეულს. მათ, უგუნურთ, ეგონათ, რომ წყალში შთაფვლითა და სხეულის განბანვით, სხეულთან ერთად სულიც იწმინდება. ამიტომაც უფალმა ისარგებლა შესანიშნავი მაგალითით სასმისისა. რამდენადაც სადილობის ჟამი იყო, იგი ახსენებს სასმისსა და ჯამს და დაიმოწმა რა ის, რაც თვალწინ ედო, არწუმენს ფარისველს, რომ როგორც არავითარი სარგებელი არ არის იმისაგან, თუკი სასმისი გარედანაა სუფთა, ხოლო შიგნით სავსეა ყოველგვარი სიბინძურეთი, ასევე არაა არანაირი სარგებელი იმ შემთხვევაშიც, თუკი სხეულის განბანვისას, სული სავსეა ყოველგვარი არაწმიდებით, მაგალითად, ნატაცებითა და უკეთურებით. უფალმა გააკეთა მინიშნება იუდეველთა ორ გაბატონებულ ვნებაზე: სიტყვით „ნატაცები“ - ვერცხლისმოყვარეობაზე, სიყვით „უკეთურება“ - შურზე და შურის შედეგებზე. ამრიგად, ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავთ, თუკი სული ასეთ მდგომარეობაში იმყოფება. უგუნურნო! განა მანვე არ შექმნა სულიც, ვინც სხეული შექმნა, რომელზეც თქვენ ასე დიდხანს ჩერდებით? ამიტომ თქვენ სულიც უნდა განიწმინდოთ. შემდეგ, ასწავლის მათ, თუ როგორ განიწმინდება შინაგანი, კერძოდ: მიუთითებს მოწყალებაზე. შეხედე, მართლაც, როგორაა, რომ იგი, მიუთითებს რა მოწყალებაზე, მკურნალობს მათ ორივე ვნებას, ვგულისხმობ შურს და ნატაცებს. ვინაიდან, ვინც ჭეშმარიტად მოწყალეა, იგი არც მიიტაცებს იმისას, ვისაც იგი მოწყალებას უარყოფს და არც შეშურდება მისი. ამრიგად, რამდენადაც იგი კიცხავდა ორ ვნებას მათში, ამდენად მათ ერთი წამლით განაგდებს. კერძოდ მოწყალებით, რომელიც არის პირველი კარი განმამღრთობელი სიყვარულისა. ხოლო სადაც სიყვარულია, იქ რა ვერცხლისმოყვარეობაზე და შურზეა ლაპარაკი? „გაეცით მოწყალებად, რაც გაგაჩნიათ“, ანუ თქვენი ქონებიდან. კარგად თქვა! „რაც გაგაჩნიათ“ და არა უბრალოდ „იქიდან, რაც არის“ რადგან ქონება ვერცხლისმოყვარის გულშია და ბატონობს მასში, რის გამოც დავითიც გვამცნებს, არ შევაპყროთ გული სიმდიდრეზე (ფსალ. 61,10). ანუ არ მივალურსმოთ იგი და არ მივაჯაჭვოთ.

42. არამედ ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ პიტნაკისა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა და თანა-წარჰვალთ სამართალსა და სიყუარულსა ღმრთისასა. ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად. 43. ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ გიყუარს თქუენ ზემოჯდომაჲ შესაკრებელთა შორის და მოკითხვაჲ უბანთა ზედა. 44. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ხართ, ვითარცა საფლავნი უჩინონი, და კაცნი ზედა ვლენან და არა იციან. 45. მიუგო სჯულის-მეცნიერმან ვინმე და ჰრქუა მას: მოძღუარ, მაგას რაჲ იტყჳ, ჩუენცა გუაგინებ. 46. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: თქუენდაცა, სჯულის-მეცნიერთა, ვაჲ არს, რამეთუ აღჰკიდით კაცთა ტჳრთი ძნიად სატჳრთავი და თქუენ ერთითაცა თითითა არა შეახით ტჳრთსა მას. 47. ვაჲ თქუენდა, რამეთუ აშენებთ საფლავებსა წანაჲსწარმეტყუელთასა, ხოლო მამათა თქუენთა მოსწყჳდნეს იგინი. 48. ეწამებით სამე და თანა-სათნო-ეყოფვით საქმესა მამათა თქუენთასა, რამეთუ მათ მოსწყჳდნეს იგინი, და თქუენ საფლავთა მათთა აშენებთ. 49. ამისთჳსცა-იგი სიბრძნემან ღმრთისამან თქუა: მოვავლინნე მათა წინაწარმეტყუელნი და მოციქულნი, და მათგანნი მოწყჳდნენ და დევნნენ. 50. რაჲთა იძიოს სისხლი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ, დათხეული დასაბამითგან სოფლისაჲთ ნათესავისა ამისგან, 51. სისხლითგან აბელისით, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, რომელი წარწყმდა შორის საკურთხეველისა მის და ტაძრისა. ჰე, გეტყჳ თქუენ, იძიოს ნათესავისა ამისგან.

ფარისეველნი, სწორედ იმიტომ, რომ არ დაერღვიათ სჯული, სწირავდნენ მეათედს ყველაზე უმნიშვნელო საგნებიდანაც და თუ ვინმე დაწვრილმანებას საყვედურობდა, ისინი სჯულზე მიუთითებდნენ, რომელიც ბრძანებდა შეეწირათ მღვდელთათვის მეათედი ყველაფრიდან, ამიტომაც ეუბნება უფალი: როგორც ამას არ უგულებელყოფთ, ასევე გმართებდათ თქვენც ყოფა სამართლისა და სიყვარულის ღმრთისა. რამდენადაც ფარისეველნი უმართლონი იყვნენ, ავიწროვებდნენ ქვრივებსა და ობლებს, ამიტომ უფალი ამბობს: უნდა იქონიოთ „სამართალი“, ანუ იყოთ სამართლიანნი. რამდენადაც ისინი სიძულვილით იყვნენ განმსჭვალულნი ღმრთისადმი, განსჯის გარეშე ეპოტინებოდნენ რა წმიდა საქმეებს, ამიტომ უფალი ამცნობს იქონიონ „სიყვარული ღმრთისა“. ვინაიდან ვისაც უყვარს ღმერთი, ის მის საქმეებს არ ეკიდება დაუდევრად. მე კი მეჩვენება, რომ რამდენადაც ორი სახე არსებობს სიყვარულისა: სიყვარული ღმრთისადმი და სიყვარული მოყვასისადმი, ამდენად, შესაძლოა, უფალი აკეთებს მინიშნებას ამ ორ სახეზე: სიტყვით „სამართალი“ აღნიშნავს სიყვარულს მოყვასისადმი, რამდენადაც სამართლიანობა და მოყვასის შეუვიწროებლობა, წარმოსდგება მისდამი სიყვარულისგან. ხოლო სიტყვებით „სიყვარული ღმრთისა“, უეჭველია, აღნიშნავს მთლიან განწყობას ღმრთისადმი, და როდესაც ვინმეს უყვარს მოყვასი არა რაიმე ამსოფლიური, ანდა სამარცხვინო განწყობის გამო, არამედ ღმრთის გულისათვის, მაშინ ამ სიყვარულსაც შეიძლება ეწოდოს სიყვარული ღმრთისა, რამდენადაც ის ღმრთის მიერაა ნამცნები და სათნოა ღმრთისათვის. მათ (ფარისეველებს) უყვარდათ, რომ ყველა ადამიანს მიეგო მათთვის პატივი და რომ სახალხო შეკრებებზე მიემართათ მათთვის ტიტულით: მოძღვარო (მათე 23,7); ამას აღნიშნავს სიტყვები: „მოკითხვა, ზემოჯდომა“. უფალი კი ამბობს: თქვენ ემსგავსებით საფლავებს, რომელნიც სავსე არიან ყოველგვარი არაწმიდებით, ხოლო გარედან მარმარილოთი ბრწყინავენ. ადამიანები გარეგნული შესახედაობით ვერ სცნობენ, რა წესებით ხელმძღვანელობენ ისინი ცხოვრებაში. (რის მიხედვით დადიან), ხოლო რომ სცოდნოდათ, გარემიიქცეოდნენ შინაგანი სიბილწის გამო.

სჯულის მეცნიერი განუსჯელად თავადვე ამხელს საკუთარ თავს. სჯულის მეცნიერნი უფრო სხვები იყვნენ, ვიდრე ფარისევლები. ფარისევლები ითვლებოდნენ მოღვაწეებად და სხვათაგან მოკვეთილებად. სჯულის მეცნიერნი კი იყვნენ მწიგნობარნი და მოძღვარნი და მსურველთათვის წყვეტდნენ საკითხებს სჯულიდან. ისინი (სჯულის-მეცნიერნი) ადამიანებს მძიმე და ძნელადსატვირთავ ტვირთს ჰკიდებდნენ; თავად კი თითითაც არ ეხებოდნენ ამ ტვირთს, ანუ თავად არაფერს იცავდნენ იქიდან, რასაც სხვებს ამცნებდნენ. ვინაიდან, როცა მასწავლებელი თავად აკეთებს იმას, რასაც ასწავლის, მაშინ ის უმსუბუქებს ტვირთს, აძლევს რა მაგალითს საკუთარი თავით და ამხნევებს მოწაფეებს. როდესაც ის არაფერს არ აკეთებს იქიდან, რასაც ასწავლის, მაშინ ტვირთი მოწაფეებს ჭეშმარიტად მძიმე ეჩვენებათ, რამდენადაც მასწავლებელსაც კი არ შეუძლია მათი შესრულება. უფალი ააშკარავებს ასევე, რომ იუდეველნი - კაენის შთამომავალნი და მისი ბოროტების მემკვიდრენი არიან, როდესაც ამბობს, რომ მთელი სისხლი დათხეული აბელიდან, ვიდრე ზაქარიამდე, მოეკითხება ამ მოდგმას. თქვენო, ეუბნება, კლავდით წინასწარმეტყველებს, თქვენს ძმებს, როგოც ის - აბელს. რის გამოც, არცთუ უსაფუძვლოდ, ზოგიერთნი იღებდნენ კაენს, როგორც სახეს ადამიანებისა, რომელთაც მოსწყვიტეს წინასწარმეტყველნი, რის გამოც შვიდ გზის მიეზღოთ მათ, ანუ უმსუბუქესი სასჯელით; ლამექს კი - როგორც სახეს ადამიანებისა, რომელთაც ქრისტე მოკლეს, რის გამოც მიეზღოთ მათ შვიდ გზის სამოცდაათჯერ. (შესაქ. 4,24), კერძოდ: განბნევით სამუდამო ტყვეობაში. ვინ იყო ზაქარია, რომელიც მოკლეს ტაძარსა და საკურთხეველს შორის? ერთნი ამბობდნენ, რომ ეს უძველესი ზაქარიაა, იეჰოიდაყის ძე, რომელიც ქვებით ჩაქოლეს, როგორც ცნობილია მეფეთა წიგნიდან (2. ნეშტთ. 24,20-21). სხვები კი ამბობენ, რომ ეს წინამორბედის მამაა. მან არ გამორიცხა ქალწულთა რიგებიდან ღვთისმშობელი, მას შემდეგ, რაც მან შვა ქრისტე და დაადგინა იგი იმავე ადგილას, სადაც ისინი იდგნენ; ეს ადგილი კი იყო ტაძარსა და გარეთა სპილენძის საკურთხეველს შორის. სწორედ ამის გამო მოკლეს იგი, რამდენადაც ზოგიერთნი მოელოდნენ ქრისტეში თავიანთ მომავალ მეფეს, სხვებს კი, ამავე დროს, არ სურდათ მეფის ხელმწიფების ქვეშ ყოფილიყვნენ, ამიტომაც მოკლეს ეს წმინდანი იმის გამო, რომ იგი ამტკიცებდა, რომ შვა ქალწულმა და იშვა ქრისტე, მომავალი მეუფე მათი, რაც მათთვის აუტანელი იყო, რადგან მათ მეფის გარეშე სურდათ ყოფნა.

52. ვაჲ თქუენდა, სჯულის-მოძღუარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი; თქუენ არა შე-ხუალთ და შემავალთა აყენებთ. 53. და ვითარ-იგი თავადი ეტყოდა მათ ამას წინაშე ყოვლისა მის ერისა, იწყეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა განზრახვად ბოროტისა და უძნდა სიტყუაჲ იგი და ჰგმობდეს მას მრავლისა მისთჳს სიტყჳსა. 54. და უმზირდეს მას პოვნად რასმე სიტყუასა პირისაგან მისისა, რაჲთა შეასმინონ იგი.

„კლიტენი მეცნიერებისანი“ უფალმა უწოდა სწავლებასა და ხელმძღვანელობას სჯულის მიხედვით, რომელსაც შეეძლო მიეყვანა ქრისტესთან, ვინაიდან სჯული, უეჭველია, რომ ემსახურება მიყვანას ქრისტესთან (გალ. 3, 24). ამრიგად, სჯულის-მეცნიერნი, როგორც ჩანს ხსნიდნენ სჯულს და ამასთანავე, ბოროტი განზრახვით მალავდნენ გასაღებს გულისხმიყოფისა და არ ხსნიდნენ სჯულის კარებს, რომლის მეშვეობითაც თავად მათაც და ხალხსაც შეეძლოთ ქრისტესთან მისვლა. სჯული ასრულებს კარის მოვალეობას ქრისტესაკენ. მაგრამ ეს კარი დახშული რჩება, თუკი ვინმე არ ახსნის სჯულის მეტად ბნელ მხარეს და ამ გზით არ გააღებს კარს. ვინაიდან უფალმაც თქვა: „უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა“ (იოან. 5,46). და კვლავ: „გამოეძიებდით წიგნთა... და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთვის, და თქვენ არა გნებავს მოსვლად ჩემდა“ (იოან. 5, 39-40). მაგალითისათვის ერთ რამეზე მივუთითებ. იუდეველებთან, როგორც ცნობილია, იკვლებოდა კრავი, სცხებდნენ წირთხლს, იგემებდნენ ამ ხორცს და ეს ითვლებოდა გამარჯვებად მათ დამღუპველზე (გამოსვლ. 12, 1-3). ყველაფერ ამით წინასწარ იყო გამოხატული ქრისტეს საიდუმლოებანი. როდესაც ქრისტე დაიკლა, როგორც უბიწო და ყოვლადწმიდა კრავი, მაშინ სცხეს ჩვენს წირთხლსაც, ანუ გულსა და ნებას და მათ კარისთავს ანუ გონებას და ჩვენ ვიგემეთ ხორცი ძისა კაცისა და ვძლიეთ ჩვენი სულიერი ძალების დამღუპველს. და ძალიან ბევრი რამ, რაც სჯულის მიერ იყო დადგენილი, მიუთითებდა ქრისტეზე. თუმცა სჯული როგორღაც დაფარული და დაკეტილი იყო სიტყვის სიბნელით, როგორც რომელიღაც კარით, მაგრამ თუკი ვინმეს ჩაბარებული ჰქონდა სწავლება, მას ჰქონდა გასაღები გულისხმისყოფისა; და თუკი ასეთი მოისურვებდა შეეძლო გაეღო იგი, თავადაც შევიდოდა და სხვებსაც შეიყვანდა. მაგრამ სჯულის-მეცნიერებმა არ გააკეთეს ეს, არამედ მიიტაცეს გასაღები გულისხმისყოფისა, ანუ დამალეს, თვალს მოაშორეს; როდესაც გარემოდან მიტაცებული იქნა (დამალული) ეს გასაღები, ანუ განმარტება სჯულისა, დახშული დარჩა მისი კარიც. გულისხმისყოფის გასაღების ქვეშ შეგიძლია რწმენაც იგულისხმო, ვინაიდან ჭეშმარიტების შემეცნება ხდება რწმენის მეშვეობით, როგორც წინასწარმეტყველი ესაიაც ამბობს: „სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ“ (ესაია. 6,9). ამრიგად, სჯულის მეცნიერებმა გასაღები გულისხმისყოფისა, ანუ რწმენა, მიიტაცეს გარემოდან და დამალეს. ვინაიდან ისინი არ უშვებდნენ ზოგიერთებს ერწმუნათ ქრისტე, ყველას მხსნელი. ის სასწაულებს იქმოდა და ხალხი, სწამდა რა ამ სასწაულთა გამო, აღიარებდა მას ღმერთად, მაგრამ ისინი (სჯულის-მეცნიერნი) ამბობდნენ რომ იგი ამ სასწაულებს ბელზებულის ძალით სჩადის. ხედავ, როგორ მიიტაცეს გასაღები გულისხმისყოფისა, არ უშვებდნენ რა ერწმუნათ ის, რაც თავადაც მიიყვანდა ცოდნასთან? ის (ქრისტე) სინაგოგებში ასწავლიდა ღმრთის ნებას, ისინი კი (სჯულის-მეცნიერნი) ამბობდნენ: ეშმაკი ყავს და სცბის, რას უსმენთო მაგას? ამრიგად, მათ (ფარისველებმა და მწიგნობრებმა) მართლაც მიიტაცეს გასაღები გულისხმისყოფისა, მაგრამ არც თავად შევიდნენ და არც სხვები შეუშვეს და ამასთან „შემავალნი, ანუ შემძლენი უკვე ღმრთის შემეცნებისა. როდესაც ის ჯერ კიდევ ამბობდა ამას, მათ იმის ნაცვლად, რომ ეღიარებინათ თავიანთი უძლურება, თითქოსდა მისი სიტყვების უარსაყოფად გამოაცხადეს საკუთარი თავი მასზე ბრძნად და დაიწყეს მისი გაჩუმება, ანუ განუწყვეტლივ კითხვების დასმა და მისი საგონებელში ჩაგდება. ვინაიდან, ჩვეულებრივ ჭირს საუბარი, როდესაც ერთ ადამიანს უცებ ძალიან ბევრი ეკითხებიან და ამასთან სხვადასხვა საგანზე, მაშინ ეს ადამიანი, არა აქვს რა საშუალება ყველას უპასუხოს, უგუნურთ აძლევს საბაბას ჩათვალონ იგი დამარცხებულად. ამ ბოროტებასვე ზრახავდნენ ქრისტეს წინააღმდეგ ეს წყეულნიც. ისინი, ბევრნი, ეკითხებოდნენ რა ერთს, ფიქრობდნენ თავგზა აებნიათ მისთვის და გასაჭირში ჩაეგდოთ, როგორც ვერ შემძლებელისთვის ეპასუხათ მათთვის; რაც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან როგორ შეუძლია ერთს უპასუხოს მრავალს სხვადასხვა კითხვაზე? ეს შეიძლება გავიგოთ შემდეგი აზრითაც: დაეჭირათ იგი სიტყვაში და ემხილებინათ. ვინაიდან, როდესაც ვინმეს საკუთარ სიტყვებში დაიჭერენ, ის თავადვე აჩუმებს საკუთარ თავს, ანუ იმხილება თავისივე პირით და განისჯება. ეს მნიშვნელობა ჩანს შემდეგიდანაც. ვინაიდან ნათვქამია: „და უმზერდეს მას პოვნად რასმე სიტყვისაგან პირისაგან მისისა“. ის რაც ცოტათი ადრე დასახელდა, ახლა შეცვლილია სიტყვებით - „პოვნად რასმე სიტყუასა პირისაგან მისისა“. კითხვებს მას სთავაზობდნენ ხან (მოსეს) სჯულთან დაკავშირებით, რათა ემხილებინათ იგი, როგორც ღმრთის მგმობელი, რომელიც გმობს მოსეს (ვინაიდან მათ ასეთი ეჭვი ჰქონდათ მის მიმართ); ხან კეისრის შესახებ, რათა გამოეცხადებინათ იგი აღმაშფოთებლად და ძალაუფლების მოსურნედ და ყველაფერი ისეთის შესახებ, რაც კი შეეძლო მოეფიქრებინათ მზაკვარ სულებს და აღვსილს ყოველგვარი ბოროტებით.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24