1. მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა მათთა. 2. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ? 3. გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ. 4. ანუ იგი, რომელ ათრვამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოსწყჳდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროჲს ყოველთა კაცთა, რომელნი მკჳდრ არიან იერუსალჱმს? 5. გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგერეთ წარსწყმდეთ.
იუდა გალილეველმა, რომელსაც იგივე მახარებელი „საქმე მოციქლთა“-ში მოიხენიებს (5,37), იყო რა თავად მცოდნე სჯულისა, დაარწმუნა სხვა მარავალი გალილეველიც მოფყოლოდა მის სწავლებას. ის კი იმას ასწავლიდა, რომ არავისთვის კაცთაგან, თავად მეფისთვისაც კი არ არის ნებადართული ღმერთი უწოდო არც სიტყვა სიტყვითი მნიშვნელობით და არც პატივისცემის და მოწიწების ნიშნად, აქედან მრავალი მათგანი იმისთვის, რომ კეისარს ღმერთს არ უწოდებდა, სასტიკად ისჯებოდა. ისინი ასწავლიდნენ აგრთვე, რომ არანაირი მსხვერპლი არ უნდა შეეწირათ, გარდა მოსეს მიერ ნამცნევისა; რის გამოც გმობდნენ მსხვერპლშეწირვას კეისარისა და რომაელი ხალხისათვის. სავარაუდოდ ამაზე განრისხებულმა პილატემ, უბრძანა დაეკლათ ეს გალილეველნი სწორედ იმ მსხვერპლეწირვებზე რომაელი ხალხისათვის, რომელთაც ისინი კრძალავდნენ, ამიტომაც მათი სისხლი მსხვერპლის სისხლს შეერია. ამაზე, როგორც ღვთისმოსაობის გამო მომხდარზე, ზოგიერთებმა მოახსენეს მაცხოვარს, სურდათ რა მისი აზრის გაგება ამ საგანზე, ვინაიდან ზოგიერთნი ფიქრობდნენ, რომ ისინი ფრიად სამართლიანად ევნენ როგორც ცოვდილები, რამდენადაც ისინი იყვნენ დამნაშავენი შფოთში და პილატეში იუდეველთა მიმართ სიძულვილი გამოწვიეს, ვინაიდან მათი წინააღმდეგობა კეისრისთვის ღმერთი ეწოდებინათ, მთელ იუდეველ ხალხზე ვრცელდებოდა. უფალი არ უარყოფს იმას, რომ ისინი ცოდვილნი არიან, მაგრამ არც იმას ამბობს, თითქოს ისინი ასე იმიტომ ევნენ რომ სხვებზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, მათზე ვინც არ ვნებულა, არამედ თუკი თქვენ არ შეინანებთ, თუკი არ შეწყვეტთ შფოთისა და შინაომების გაღვივებას და არ იჩქარებთ მოწყალე ჰყოთ ღმერთი საქმეებით, კიდევ უფრო უარესი ხვედრი გერგებათ, ვინაიდან არ ეგების ღვთისმოსაობის საბაბით დიდება მოიხვეჭოთ და შინაომები გააღვივოთ. გოდოლი, რომელიც სილოამში ჩამოვარდა, იყო წინასწარი მინიშნება იმაზე, რაც შემდგომ უნდა დამართნოდა ამ ხალხს. მცირედთა მაგალითით, მაშინ რომ დაიღუპნენ, იგი მრავალთა გონს მოგებას ცდილობდა, რომ მათაც დიდი ბოროტების დათმენა მოუწევდათ, ვინაიდან გოდოლი განასახიერებდა მთელ ქალაქს, ხოლო ის დაღუპული თვრამეტი ადამიანი - მთელ ხალხს. მართლაც როდესაც ქალაქი დაეცა ტიტეს მიერ, მაშინ მასთან ერთად დაიღუპა მთელი ხალხიც, გაჯიუტებული ურწმუნოებაში. ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს ყოველდღიური შემთხვევებისას, თუკი ზოგიერთნი ეცემიან, მაშინ როდესაც ჩვენ არ განვიცდებით, ეს არ უნდა იყოს საბაბი ჩვენი უზრუნველობისა, თითქოსდა იმიტომ არ განვიცდებით, რომ მართალნი ვართ; არამედ, პირიქით, კიდევ უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ: ისინი იმიტომ ისჯებიან, რომ ჩვენ უკეთესნი გავხდეთ. თუკი ჩვენ არ გამოვსწორდებით ჩვენი უბედურება კიდევ უფრო დიდი იქნება.
6. და ეტყოდა მათ იგავსა ამას: ლეღჳ ვისმე ედგა ნერგი სავენაჴესა თჳსსა, მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა პოვა. 7. და ჰრქუა ვენაჴის მოქმედსა მას: ესერა სამი წელი არს, ვინაჲთგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა და არა ვჰპოვებ. მოჰკუეთე ეგე, რაჲსათჳს ქუეყანაჲცა დაუპყრიეს უქმად? 8. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოჴნო მას გარემო და სკორე დაუდვა, 9. ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკუეთუ არა, მერმე მოჰკუეთე იგი.
საუბრიდან გამომდინარე მოჰყავს ეს იგავი. ამის წინ მან თქვა: თუკი თქვენ არ შეინანებთ, დაიღუპებით. ახლა, სიტყვამ მოიტანა და ამატებს ამ იგავს. ლეღვი არის იუდეველი ხალხი, რომელიც მხოლოდ მწარე ფოთლებს ისხამს, ხოლო ნაყოფი არ მოაქვს. იგი უფლის სავენახეში იდგა, ანუ იუდაურ ეკლესიაში. სახლის უფალი ქრისტე მოვიდა და ეძიებდა (იუდეველებში) ნაყოფს რწმენისა და კეთილი საქმეების, მაგრამ ვერ ჰპოვა. მოვიდა იგი სამი ვადით: პირველი - მოსეს მეშვეობით, მეორე - წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მესამე კი - პირადად თვითონ და ბოლოს, რამდენადაც მიუხედავად ამ ყველაფრისა, იუდეველებმა არ შეინანეს, ქრისტემ მოიკვეთა ისინი ღმრთაებრივი სიყვარულისგან, ვინაიდან ისინი უკვე აღარ იწოდებიან ღვთის ხალხად და წმიდა ადამიანებად, არამედ მათ ნაცვლად წარმართები მიიყვანა, რომელთაც ნაყოფის გამოღება შეუძლიათ (მათე 21, 43). ლეღვის ქვეშ შეგვიძლია ვიგულისხმოთ მთელი კაცობრიობაც, სახლის უფლის ქვეშ - მამა ღმერთი; ვენახის მოქმედის ქვეშ - ძე ღმრთისა, ხორციელად მოვლენილი იმისათვის, რათა მზრუნველობა გამოეჩინა და გაეწმინდა ჩვენი ვენახი. ქრისტე ნებას არ რთავს მოჭრან ეს ლეღვი, როგორც უნაყოფო, ეუბნება რა მამას: „უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა“. თუკი ადამიანები არ გახდნენ უკეთესნი სჯულისა და წინასწარმეტყველების მეშვეობით და არ გამოიღეს ნაყოფი სინანულისა, მე კიდევ დავარწყულებ მათ ჩემი სწავლებითა და ტანჯვით და შესაძლოა, გამოიღონ ნაყოფი მორჩილებასა. თუკი ლეღვი ნაყოფს არ გამოიღებს, მერე მოჰკვეთე იგი, მოაკლებ რა მათ მართალთა ხვედრს. სამჯერ ეძიებდა უფალი ჩვენს (ადამიანთა) მოდგმაში ნაყოფს და (სამჯერვე) არ გამოიღო მან: პურველად, როდესაც დავარღვიეთ მცნება სამოთხეში (დაბ. 3); მეორედ, როდესაც სჯულის მიცემისას ხბო ჩამოვასხით (გამოსვლ. 32) და დიდება ღმრთისა ვცვალეთ, „მსგავსად ხბოჲსა მის თივის მჭამელისა“ (ფს. 105, 20); მესამედ, როცა ვითხოვდით ჯვარს ეცვათ მაცხოვარი და უფალი, ვამბობდით რა: „არა გვივის ჩვენ მეუფე გარნა კეისარი“ (იოან. 19, 15). თითოეული ჩვენთაგანი ცალკ-ცალკე არის ლეღვი, უფლის სავენახეში დარგული, ანუ ეკლესიაში, ან უბრალოდ რომ ვთქვათ, ამ სოფელში. უფალი მოდის ნაყოფის საძიებლად და თუ გპოვებს შენ უნაყოფოს, უბრძანებს მოგკვეთონ ამქვეყნიური ცხოვრებიდან, მაგრამ ვენახის - მოქმედს შეუძლია შეგიწყალოს. ვინ არის ეს ვენახის - მოქმედი? ან მფარველი ანგელოზი თითოეულისა, ან თავად ადამიანი, ვინაიდან თითოეული თავისთვის არის ვენახის - მოქმედი. ხშირად ვექვემდებარებით რა სასიკვდილო სნეულებებს ან სხვა საფრთხეებს, ვამბობთ: უფალო! დაგვტოვე ამ წელსაც და ჩვენ შევინანებთ, ვინაიდან ამას ნიშნავს შემოთოხნა და სკორეს დადება. სული შემოითოხნება, როდესაც იგი ჩამოიფერთხავს მტვერს ცხოვრებისეული საზრუნავისა და მსუბუქი ხდება. მას სკორე დაედება, ანუ სითბო უპატიო და ყველასაგან მოძულებული ცხოვრებისა, ვინაიდან, როდესაც ვინმე სულის ხსნისათვის ტოვებს დიდებას და უპატიო ცხოვრებას გადაწყვეტს, ამას ჰქვია სულისთვის სკორეს დადება, რათა მან ნაყოფი გამოიღოს. თუ გამოვიღებთ ნაყოფს, ხომ კარგი; ხოლო თუ არა, უფალი უკვე აღარ დაგვტოვებს თავის სავენახეში, არამედ მოგვკვეთს ამ სოფლიდან, რათა უქმად არ დავიპყრათ ადგილი. და ვინც ხედავს ცოდვილს, რომ დიდხანს ცოცხლობს, ის თავადაც ფუჭდება და უარესიც ხდება და ამრიგად, აღმოჩნდება, რომ ცოდვილს არც თავად მოაქვს ნაყოფი და სხვასაც ხელს უშლის, მას, ვისაც შეეძლო ნაყოფი გამოეღო. თუკი იგი მოკვეთილი იქნება ამქვეყნიური ცხოვრებიდან, მისი მოკვეთის მხილველნი შესაძლოა გონს მოეგონ, შეიცვალონ და ნაყოფი გამოიღონ. ნათქვამია, რომ სახლის უფალი ლეღვთან სამი წელი მოდიოდა, შესაძლოა იმიტომ, რომ ჩვენ სამი სჯული მოგვეცა, რომელთა მეშვეობითაც უფალი მოდის ჩვენთან, კერძოდ: ბუნებრივი, მოსესი და სულიერი. ჩვენ გვმართებდა ნაყოფი გამოგვეღო ბუნებრივი სჯულით ხელმძღვანელობისასაც, ვინაიდან ბუნება თავისთავად გვასწავლის რა არის მართებული. მაგრამ ვინაიდან უფალმა ბუნებრივი სჯული უმოქმედო ჰპოვა ჩვენში, ბუნებრივის დასახმარებლად მან მოსეს სჯული მოგვცა. როდესაც ესეც უსარგებლო აღმოჩნდა, ჩვენი დაუდევრობის გამო, მან მოგცა სჯული სულიერი. ამრიგად, ვის სულსაც ვერ გახდის უკეთესს ეს სამი სჯული, ვინც ვერ გახდება უკეთესი მოიხედავად ხანგრძლივი სიცოცხლისა და გამოჩენილი კაცთმოყვარებისა, მას უკვე აღარ დატოვებენ შემდგომი დროით, ვინაიდან ღმერთი ვერ მოტყუვდება საქმის გადადებით, თუმცა. სამი წლის ქვეშ იგულისხმება სამი ასაკიც: ყრმობა, ანდა ახალგაზრდობა, რომელიც თვრამეტ წლამდე ითვლება, სიმწიფის ხანა და მათი მდგომარეობა, ვისაც უკვე ჭაღარა შეერია. ამიტომ, თუკი ჩვენ სიბერისასაც, ამ მესამე ვადაშიც, ვერ გამოვიღებთ ნაყოფს და თუკი ჩვენთვის კვლავაც დაშვებული იქნება, რომ ვიცოცხლოთ, რათა სკორე დავუდგათ საკუთარ თავს უპატიო ცხოვრების მიღებით ქრისტეს გულისთვის, ჩვენ კი კვლავ მოვიტყუებით, მაშინ უფალი უკვე აღარ დაგვინდობს ჩვენ, არამედ მოგვკვეთს, რათა უქმად არ გვეპყროს მიწა და ამასთან, სხვათა საზიანოდ. და ეს ახსნა მე მეჩვენება ყველაზე უფრო ახლოს მდგომად დასახულ მიზანთან.
10. და ასწავებდა მათ იესუ შესაკრებელსა ერთსა შაბათსა შინა. 11. და აჰა ესერა დედაკაცი იყო, რომლისა თანა იყო სული უძლურებისაჲ ათრვამეტ წლითგან; და იყო იგი დაღონებულ და ვერ ეძლო ზე აღხილვად ყოვლითურთ. 12. იხილა იგი იესუ, მოუწოდა და ჰრქუა მას: დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან შენისა. 13. და დაასხნა მას ზედა ჴელნი, და მეყსეულად აღემართა და ვიდოდა და ადიდებდა ღმერთსა. 14. მიუგო შესაკრებლის-მთავარმან მან რისხვით, რამეთუ შაბათსა განკურნა იგი იესუ, და ეტყოდა ერსა მას: ექუსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათსა. 15. მიუგო მას იესუ და ჰრქუა: ორგულო, კაცად-კაცადმან თქუენმან არა აღჰჴსნისა შაბათსა შინა ჴარი გინა ვირი ბაგათაგან მათთა და წარიბის და ასჳს მას წყალი? 16. ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა? 17. და ამას რაჲ იტყოდა თავადი, ჰრცხუენოდა ყოველთა წინა-აღმდგომთა მისთა; და ყოველსა მას ერსა უხაროდა ყოველთა მათ ზედა დიდებულებათა მისთა, რომელნი იქმნებოდეს მის მიერ.
ეს უძლურება ხსენებულ ქალს ეშმაკის ძალადობის შედეგად დაემართა, როგორც უფალიც ამბობს: „რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათვრამეტი წელი არს“. შესაძლოა, ეშმაკი სტანჯავდა მას იმიტომ, რომ იგი მიატოვა ღმერთმა რაიმე დანაშაულებათა გამო, ვინაიდან იგი, როდესაც მასზე მაღლიდან, ღმერთის მიერ დაუშვებენ, ყველა შესაძლო უსიამოვნებებს აყენებს ადამიანთა სხეულებს (იოაბ. 2, 6-7). იგი თავიდანვე იყო დამნაშავე იმაში, რომ მოვაკლდით უხრწნელებას, რომელშიც ვიყავით შექმნილნი (სიბრძ. სოლ. 2,23) და რომ შეერთებულნი ვართ ავადმყოფობითა და უძლურებათაკენ მიდრეკილ სხეულთან, ვინაიდან ჩვენ ამას ვგულისხმობთ ტყავის სამოსელის ქვეშ (დაბ. 3,21). უფალი ღვთისათვის ყველაზე უფრო შესაფერი სრული ხელმწიფების მქონე ბრძანებით განაგებს უძლურებას ამ ქალისა და ხელებს ადებს მას, რათა შევიცნოთ, რომ ძალასა და მოქმედებას სიტყვისა ეს წმიდა სხეული ატარებდა, ვინაიდან იგი თვით მისი სხეული იყო და არა ვინმე სხვისი, რომელიც მისგან განცალკევებითა და საკუთრივ არსებობდა, როგორც უწმინდურ ნესტორს წარმოუდგენია. ასეთია მადლი უფლისა და ასე შეიწყალა თავის ქმნილება. ეშმაკი კი, თავიდან ქალის შემკვრელი, მწუხარებს მისი განთავისუფლების გამო, ვინაიდან მას მეტი ბოროტების მიყენება სურდა მისთვის, შურით შეკრავს შესაკრებლის მთავარსა და მისი ბაგეებით გმობს სასწაულს. ასე ეწინააღმდეგება იგი ყველგან სიკეთეს. ის მრისხანებს იმის გამო, რომ კურნება შაბათს აღესრულა, მაგრამ უფალი ამხელს მას შესანიშნავი მაგალითით უგუნური ცხოვრებისა, ამიტომაც არა მხოლოდ მას, არამედ ყველა დანარჩენსაც, იესოს რომ ეწინააღმდეგებოდნენ, შერცხვათ მის ამ სიტყვებზე, ვინაიდან დიდი უგუნურება იყო შერისხვა ადამიანის კურნებისა შაბათს იმის გამო, რომ თითქოსდა შაბათს დაწერილია უმოქმედოდ ყოფნა. ამრიგად იესოს მოწინააღმდეგეებს მისი ამ სიტყვების გამო რცხვენოდათ, ხოლო ერს მისი საქმეების გამო უხაროდათ. მაშინ, როდესაც მათ არ უხაროდათ მისი საქმეები, არამედ შურით სკდებოდნენ ქრისტეს სასწაულების ხილვისას, ერს კი, იღებდა რა სარგებელს სასაწაულთაგან და სარგებლობდა კურნებით, უხაროდა. თუმცა, ეს სასწაულები შინაგან ადამიანთან მიმართებაშიც უნდა გაიგო, ვინაიდან სული მოკრუნჩხულია, როდესაც იგი მხოლოდ ყოველდღიურ საზრუნავთაკენ იხრება და არ ზრუნავს არაფერს ზეციურსა, თუ ღმრთაებრივზე, ამიტომაც ნათქვამია, რომ იგი თვრამეტი წელი უძლურებაშია, ვინაიდან, ვინც სცოდავს სარმრთო სჯულის მცნებათა დაცვაში, რომელიც „ათია“ და მოისუსტებს „მერვე“ საუკუნისადმი სასოებაში, მასზე ითქმება, რომ იგი თვრამეტი წელი მოკრუნჩხულია. ნუთუ მოკრუნჩხული არაა ის, ვინც მიჯაჭვულია რა მიწას და განუწყვეტლივ სცოდავს, არღვევს მცნებებს და არ იღებს მომავალ საუკუნეს? მაგრამ უფალი კურნავს ასეთ სულს შაბათს და სინაგოგაში, ვინაიდან, როდესაც ვინმე შეიკრებს თავის ფიქრებს აღმსარებლობასა (რამდენადაც იუდა ნიშნავს აღმსარებლობას) და დაიმარხავს შაბათს, ანუ უმოქმედობას ბოროტებაში, მაშინ იესო კურნავს მას არა მხოლოდ სიტყვით, ეუბნება რა, განთავისუფლებული ხარ შენი უძლურების გამო, - არამედ ხელის დადებითაც.
18. და იტყოდა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ, და ვისა მსგავს არს იგი? 19. მსგავს არს იგი მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა იგი მტილსა თჳსსა; და აღორძინდა და იქმნა იგი ხე დიდ, და მფრინველთა ცისათა და დაიმკჳდრეს რტოთა მისთა. 20. მერმე კუალად თქუა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ? 21. ვამსგავსო იგი ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუნვოს ყოველი. 22. და მიმოვიდოდა ქალაქებსა და დაბნებსა და ასწავებდა და წარიგზავნებოდა იერუსალჱმდ.
მდოგვის მარცვალსაა შედარებული ცათა სასუფეველი, ხოლო ცათა სასუფეველი არის მოძღვრება და ქადაგება, ვინაიდან იგი ქადაგების მეშვეობით გამეფდა ადამიანთა სულებში. როგორც მდოგვი შესახედად პატარაა, ძალა კი დიდი აქვს, ასევე სახარებისეული სწავლება მრავალს სძულს და სისულელედ თვლის, მაგრამ თუკი ადამიანი მიიღებს მას და დარგავს თავის ბაღში, ანუ თავის სულში, იგი დიდ და განტოტვილ ხეს მოგვცემს და ფრინველნი ზეციურნი, ანუ ადამიანები, რომელთაც მაღლა ფრენა სურთ, მის ტოტებში დაიმკვიდრებენ, ვინაიდან, მიწიერზე ამაღლებულნი ქადაგების ტოტებში მშვიდდებიან, ანუ ვრცელ აზრებში. მაგალითად პავლემ მოიღო მარცვალი, მცირედი გამოცხადება ანანიასაგან, მაგრამ დარგა რა ეს მარცვალი თავის განაყოფიერებულ ბაღში, წარმოშვა ტოტები, ანუ უხვი და კეთილი სწავლება (საქმ. მოციქ. 9, 11-22) და ეპისტოლენი, რომელსაც თავს აფარებდნენ მაღალი გონებითა და სიბრძნით, არა მხოლოდ იმ დროში, როგორიც იყვნენ კორინთელნი, დიონისე, იეროთეოს და მრავალნი სხვანი, არამედ ყველა დროში მცხოვრებნიც. მდოგვის მარცვლის ქვეშ შეგვიძლია თავად უფალიც ვიგულისხმოთ. როგორც ჩანს, იგი როგორც დურგლის შვილი და ძლიერ ღარიბი, მცირე იყო, მაგრამ როდესაც იგი მიწის გულში ჩავარდა, სიკვდილისა და საფლავში დაფვლის მეშვეობით (იოან. 12, 24), მაშინ მან მშვენიერი ტოტები გამოიღო - მოციქულები, ვისი მეშვეობითაც მშვიდდებიან ყველა ისინი, რომელნიც ადრე ირყეოდნენ ქართაგან ყოველგვარი ცდომილებისა; მაგალითად წარმართნი, მსაგვსნი ჩიტებისა მათი ყოველი მხრით ადვილად მიდრეკადი გონებისა და ცდუნების უნარის გამო და დიდი თავქარიანობის მიზეზით, ვინაიდან ყველა ასეთი შეცდომილი ცის ფრინველთ, ანუ ჰაერისას ემსგავსება. ღვთაებრივი სწავლება კიდევ ჰგავს საფუარს, რომელიც აიღო რა ქალმა, ანუ ადამიანურმა ბუნებამ, სამ საწყაულ ფქვილში შერთო, ანუ სხეულში, სამშვინველსა და სულში, ისე რომ ყოველივე განიწმიდა, როგორც ნეტარი პავლე ამბობს (1 ტი. 4,5) და ერთ ცომად იქცა სულიწმინდასთან ურთიერთობის გამო. ქალის ქვეშ შეგიძლია იგულისხმო სული, სამი საწყაულის ქვეშ - მისი სამი ძალა: გონება, გული და ნება. ვინც ამ ძალებში შერთავს ღვთის სიტყვას, ის მათ სრულიად სულიერს გახდის ისე, რომ არც გონება დაეჭვდება სწაველბაში, არც გული და გონება გაიწევს უგუნურებისკენ, არამედ აფუვდებიან და ღვთის სიტყვას მიემსგავსებიან. იესო დადიოდა სწავლებით ქალაქებსა და სოფელბში. ის არ დადიოდა მხოლოდ მცირე სოფლებში, დაუდევრად ექცეოდა რა ქალაქებს, როგორც უბრალოთა ცდუნების მსურველნი აკეთებენ; არ დადიოდა მხოლოდ ქალაქებში, დაუდევრად ქცეოდა რა მცირე სოფლებს, როგორც თავის გამოჩენისა და დიდების მიღწევის მსურველნი იქცევიან. არამედ ყველგან დადიოდა, როგორც მეუფე ყოველთა, ან უკეთ მამა, რომელიც ყველაზე ზრუნავს. ხომ არ დადიოდა იგი მხოლოდ გარეშე ქალაქებში, სადაც არ იყვნენ იმდენი სჯულში დაოსტატებულნი, ხოლო იერუსალიმს გაურბოდა, ეშინოდა რა სჯულისმოძღვართა მხრიდან მხილებისა, ანდა ეშინოდა რა სიკვიდილისა მათი ხელით? ამის თქმა არ შეიძლება. „და წარიგზავნბოდა - ნათქვამია, - იერუსალემდ“, ვინაიდან სადაც მეტი ავადმყოფია, იქ უფრო მეტად უნდა იმყოფებოდეს მკურნალიც (მათ. 9,12).
23. და ჰრქუა ვინმე მას: უფალო, უკუეთუ მცირედ არიან ცხორებულნი? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: 24. იღუაწეთ შესლვად იწროჲსა მისგან კარისა. ხოლო გეტყჳ თქუენ: მრავალნი ეძიებდენ შესლვად და ვერ უძლონ. 25. ვინაჲთგან აღდგეს სახლისა უფალი და დაჰჴშას კარი, და გარეშე სდგეთ და იწყოთ რეკად კარსა და იტყოდით: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! მოგიგოს და გრქუას თქუენ: არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ. 26. მაშინ იწყოთ სიტყუად: ვჭამდით წინაშე შენსა და ვსუემდით, და უბანთა ჩუენთა ზედა გუასწავებდ. 27. და გრქუას: არა გიცნი, ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან ყოვლნი მოქმედნი უსჯულოებისანი. 28. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ, რაჟამს იხილოთ აბრაჰამი, ისაკი და იაკობი და ყოველნი წინაწარმეტყუელნი სასუფეველსა ღმრთისასა და თქუენ განსხმულნი გარეშე. 29. და მოვიდოდიან მზისა-აღმოსავალით და მზისა-დასავალით, ჩრდილოჲთ და სამხრით, და ინაჴ-იდგმიდენ სასუფეველსა ღმრთისასა. 30. და აჰა ესერა არიან უკუანაჲსკნელნი, რომელნი იყვნენ პირველ, და არიან პირველნი, რომელნი იყვნენ უკანაჲსკნელ.
ცხოვნებულნი ცოტანი არიან, ვინაიდან ვიწრო ბჭეს არ შეუძლია მრავალთა დატევა. სახლის უფალი არის ღმერთი. იგი ყველა ადამიანს მოუწოდებს დაულევნელი სიკეთეებით განძღებისა და ტკბობისთვის. ისინი, ვინც გულმოდგინენი არიან, ცდილობენ შევიდნენ სადილობის ჟამის დადგმომადე, ხოლო უდებთათვის და მათთვის, ვინ სადილობის ჟამის შემდგომ მოდიან! კარი იკეტება. და რა არის სადილობის ჟამი, თუ არა ამჟამინდელი სიცოცხლე? იგი ჭეშმარიტად ყველაზე საუკეთესო დროა, რათა მოვემზადოთ სულიერი განძღობისათვის და „აღდგეს“ რა სახლის უფალი, ანუ აღდგება რა სამსჯავროზე და „დაჰხშას კარი“, ანუ გზა სათნოებისა, რომელზე სვლაც აღარ შეიიძლება ამქვეყნიური ცხოვრებიდან განსვლის შემდეგ (ვინაიდან სათნოების გზით სვლა მხოლოდ ამქვეყნიურ ცხოვრებაში შეგვიძლია), ამდენად, თუმცა აქ მცხოვრებნი დაუდევრად დაიწყებენ კარზე რეკვას, რადგან მხოლოდ მაშინ დაიწყებენ უსარგებლო სინანულით სათნოების გზათა ძიებას, მოუხმობენ რა მას ცარიელი სიტყვებით, საქმის გარეშე, როგორც ერთგვარი დარტყმებითა და კაკუნით; მაგრამ სახლის უფალი, ექნება რა უფელბა ჩაკეტოს კარი, თავს ისე დაიჭერს, თითქოს არც კი იცნობდეს მათ, თუ საიდან არიან. ესე იგი სამართლიანად მოიქცევა. რადგან ისინი ეშმაკისაგანნი არიან, ხოლო უფალი თავისებს იცნობს (2 ტიმ. 2, 19).
“ვჭამდით წინაშე შენსა და ვსუემდით, და უბანთა ჩუენთა ზედა გუასწავებდ“. ეს ეთქმის საერთოდ ისრაიტელთა მიმართ, ვინაიდან ქრისტე ხორციელად მათგანაა (რომ. 9,5) და მათთან ერთად ჭამდა და სვამდა, თუმცა სიტყვები: „ვჭამდით წინაშე შენსა და ვსუემდით“ უმაღლესი აზრითაც შეგვიძლია გავიგოთ. აღასრულებდნენ რა სჯულისმიერ ღმრთისმსახურებას და სწირავდნენ რა ღმერთს სისხლიან მსხვერპლს, (ირაიტელნი) ჭამდნენ და მხიარულობდნენ; ისინი სინაგოგებში ღმრთაებრივ წიგნთა კითვხასაც უსმენდნენ და წინასწარმეტყველთა მეშვეობით, ეჭვგარეშეა, რომ უფალი ასწავლიდა მათ. ვინაიდან წინასწარმეტყველნი თავიანთ სწავლებას კი არ სთავაზობდნენ, არამედ ღვთის სიტყვას ამცნობდნენ, ამიტომაც ამბობდნენ ისინი: „ასე ამბობს უფალი“ (ესაია, 56, 1; იერ. 2,1-5, ეზეკ. 3,27), ამრიგად, იუდეველთათვის, თუკი ისინი არ იღებდნენ სარწმუნოებას, რომელიც ამართლებდა უწმინდურ (რომ. 4,5), სისხლიან ღმრთისმსახურებას, არ იყო საკმარისი განმართლებისათვის, არამედ, ჩემის აზრით, ეს შეიძლება მივაკუთვნოთ ქრისტიანებსაც სახელით, მაგრამ დაუდევრათ ცხოვრების მიმართ. განა ჩვენც არ ვჭამთ ღმრთაებრივ ხორცს? და არ ვსვამთ სისხლს უფლისა მის წინაშე, ყოველდღიურად მივეახლებით რა ღმრთაებრივ ტრაპეზს? და არ ასწავლის უფალი უბანთა ზედა - ჩვენს სულებში? მაგრამ ჩვენ არ გვექნება არანაირი სარგებელი, თუკი ვიქნებით (მხოლოდ) მსმენელნი ღმრთაებრივი სჯულისა და არა აღმასრულებელნი (რომ. 2,13). პირიქით, მოსმენა ჩვენთვის დიდ ტანჯვათა მიზეზად იქცევა; ისევე როგორც ღმრთაებრივ საუდუმლოთა ზიარება გვექცევა დასასჯელად. დააკვირდი, რომ ისინი არიან უარყოფილნი უბნებში, რომელთაც ასწავლის უფალი, მაგრამ თუკი იგი გვეყოლება მასწავლებლად არა ფართო, არამედ ვიწრო, დამდაბლებულ და მწუხარებით დატანჯულ გულებში, არ ვექნებით უარყოფილნი.
„მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ, რაჟამს იხილოთ აბრაჰამი, ისაკი და იაკობი“. ეს სიტყვები მართებულია, როგორც იუდეველთა, რომელთაც უფალი ეუბნებოდა ამას, ასევე უკანასკნელი ჟამის ურწმუნოთა მიმართაც, ვინაიდან იუდეველთათვის განსაკუთრებით უსიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ სხვანი წარმართთაგანი აბრაამთან და (მათ სხვა) წინაპრებთან ერთად იქნებოდნენ ნეტარებაში, ხოლო ისინი გარეთ იქნებოდნენ განსხმულნი. ეს სიტყვები ჩვენ გვიბრუნდება, როდესაც ვიქმთ რაიმეს, შეუსაბამოს რწმენასთან, ვიანიდან ჩვენც თავს ვიწონებთ ქრისტეს სჯულით, ხოლო შემდეგ ვთელავთ მას, როდესაც ვუხვევთ მისგან და ამიტომაც, თუმცა ვჩანვართ „პირველნი“, როგორც ქრისტეს და მისი სწავლების მიმღებნი სახვევთაგან, მაგრამ „უკანასკნელნი“ შევიქმნებით, ვიანიდან წარმართნი, რომელთაც სიცოცხლის ბოლოს ირწმუნეს და ღვთისვსათნოდ იცხოვრეს დარჩენილი დროის მანძილზე, ჩვენზე წინ იქნებიან დაყენებულნი.
31. მას დღესა შინა მო-ვინმე-ვიდეს იესუჲსა ფარისეველნი და ეტყოდეს მას: განვედ და წარვედ ამიერ, რამეთუ ჰეროდე გეძიებს შენ მოკლვად. 32. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და არქუთ მელსა მას: აჰა ესერა განვასხამ ეშმაკთა და კურნებათა აღვასრულებ დღეს და ხვალე, და ზეგე აღვესრულები. 33. რამეთუ ჯერ-არს ჩემდა დღეს და ხვალე და ზეგე წარსლვად, რამეთუ ვერ ეგების წინაწარმეტყუელი გარეშე იერუსალჱმსა წარწყმედად.
წყეული ფარისეველნი, რომელთაც შური ღრღნიდათ, ცდილობენ შეაშინონ უფალი და ჰეროდეთი ემუქრებიან მას. მათ არ სურდათ ეხილათ იგი სასწაულთა მოქმედი, რათა მას სასწაულთა სიმრავლით არ მიეზიდა ხალხი და სწავლების ძალით არ მოექცია თავისკენ (იოან. 11, 47-48). ისინი ჰეროდეს წამოწევენ წინ საბაბის სახით და მაცხოვარზე მზრუნველთა სახეს იღებენ. მაგრამ მან, იცის რა მათი გულები, თავისი ჩვეულებისამებრ, პასუხობს მათ მდაბლად შეფარულად და ამბობს: „მივედით და არქუთ მელსა მას“. როგორც ჩანს, იგი მელიას ჰეროდეს უწოდებს, თუმცა თუ უფრო დაწვრილებით ჩავუღრმავდებით, მაშინ, ვგონებ, უფრო ფარისევლებს უწოდებს ასე. ვინაიდან მას არ უთქვამს მელსა „იმას, არამედ „მას“ გამოიყენება არა ერთგვარი საშუალო გამოთქმა და განსაკუთრებული აზრით. თქვა რა მხოლობით რიცხვში „მელსა“, მიანიშნა მათ, რათა ჰეროდე ეგულისხმათ, ხოლო წარმოთქვა რა მითითებით „მას“, თავად მათ მზაკვრობაზე მიუთითა, ვინაიდან ფარისეველნი მართლაც ავლენდნენ (თავიანთ ზნე-ჩვეულებებში) ეშმაკობასა და უდარდელობას მელიისა, თუმცა, ნახე, როგორ პასუხობს მათ ბოღმაზე. რამდენადაც ისინი ჰეროდეთი აშინებდნენ მას თავიანთი შურის გამო მის მიერ აღსრულებულ კურნებათა მიმართ, იგი, იცი რა, თუ რა ჰგვრიდათ მათ მწუხარებას, შემდეგ რამეს ეუბნება: აი, მე კურნებებს აღვასრულებ და განვასხამ ეშმაკებს. ვინაიდან, როგორც ადრე ითქვა, იმის გამო სდევნიდნენ, რათა მას, სასწაულთა სააშკარაოზე გამოტანით, მრავალნი არ მოენადირებინა მისდამი რწმენაში. სიტყვები „დღეს და ხვალე“ აღნიშნავენ მრავალრიცხოვნებას დღეებისა. როგორც ჩვენ, ჩვეულებრივ საუბარში ჩვეულებისამებრ ვამბობთ: დღეს-ხვალ ესა და ეს იქნება, თუმცა ამ საქმეს სულაც არ შემოვსაზღვრავთ ამ ვადით, არამედ გამოვხატავთ მხოლოდ, რომ იგი მალე იქნება, ასევე ქრისტემ სიტყვებით: „კურნებათა აღვასრულებ დღეს და ხვალე, და ზეგე აღვესრულები“ - სულაც არ უთქვამს, თითქოს მესამე დღეს იგი უეჭველად აღესრულებოდა, არამედ მხოლოდ იმას გამოხატავს, რომ მისი სიკვდილი მალე დადგება. თუმცა, მე დღეს და ხვალე, ანუ რაღაც დრო უნდა დავყო აქ და აღვასრულო სასწაულები, ხოლო მომდევნო დღეს წავიდე იერუსალიმში, ვინაიდან მე დავუდგინე საკუთარ თავს იქ ვვნებულიყავი. რამდენადაც ისინი (ფარისევლები) ეუბნებოდნენ მას: „განვედ და წარვედ ამიერ, რამეთუ ჰეროდე გეძიებს შენ მოკვლად“ და ეუბნებოდა ამას გალილეაში, რომელსაც ჰეროდე მართავდა, იგი უცხადებს მათ, რომ ჰეროდეს ძლიერი სურვილის მიუხედავადაც ვერ მოკლავს იგი მას, ვინაიდან მას განსაზღვრული აქვს ევნოს არა გალილეაში, არამედ იერუსალიმში. იმისათვის, რათა უფრო ნათლად წარმოგიდგინო სახარებისეული გამონათქვამი, გეტყვი: შენ ისე ნუ გაიგებ, რომ დღეს და ხვალ უნდა წავიდე, არამედ სიტყვებზე „დღეს და ხვალ“ გაჩერდი, ხოლო შემდეგ წაიკითხე: „და ზეგე წარსვლად“. დროის აღრიცხვისას ჩვენ ხშირად გვაქვს ჩვეულება ვთქვათ: კვირას, მეორე დღე და მესამე დღეს გავალ, არა იმიტომ, რომ მე ვაპირებ გავიდე კვირას და მეორე დღეს, არამედ იმიტომ, რომ აღვრიცხავ რა მხოლოდ ამ ორ დღეს, მივუთითო მესამეზე. ისევე როგორც უფალი აქ თითქოსდა ათვლისათვის, ამბობს: ჯერ - არს ჩემდა დღეს და ხვალე, შემდეგ მესამე დღეს წავიდე იერუსალიმში, ვიანიდან განსაზღვრულია იქ აღვესრულო, რამდენადაც ჩვენ ზემოთ ვთქვით, რომ უფალი ამას ამბობს არა იმიტომ, რომ თავის სიცოცხლეს სამ დღეში აქცევდა „არამედ აღნიშნავს დიდ რაოდენობას დღეებისა, თუ არა გარკვეულ არცთუ ისე ხანგრძლივ დროს, ამდენად იგი მის მოშურნეებს თითქოსდა ასე ეუბნება: რას ზრუნავთ ჩემი სიკვდილისთვის? აი, ცოტა ხნის შემდეგ დადგება იგი. როდესაც გესმის, რომ წინასწარმეტყველისთვის შეუძლებელია მოკვდეს სადმე, იერუსალისმის გარდა, ამ სიტყვებიდან ნუ დაასკვნი, რომ იუდეველების მიმართ დაძალებასა და იძულებას აქვს ადგილი, ამის აღსასრულებლად, არამედ ასე ითქვა მათ მიერ მკვლელობის განზრახვის გამო. როგორც ვინმეს, მკვლელი ყაჩაღის დანახვისას, რომელიც გზაზეა ჩასაფრებული, ეთქვა, რომ შეუძლებელია ამ გზისთვის იყოს სუფთა სისხლისაგან, რომელზეც ყაჩაღი ელოდება მოგზაურთ, იტყოდა სრულიად შესაბამისად ყაჩაღის საქმეებისა; ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც იერუსალიმში ისხდნენ ყაჩაღები - ფარისეველნი და მწიგნობარნი, შეუძლებელი იყო წინასწარმეტყველთა მეუფისთვის სხვა ადგილას მომკვდარიყო, თუ არა ამ ყაჩაღთა ადგილას, ვიანიდან ისინი, მიეჩვივნენ რა მონათა სისხლის დაღვრას, მოკლავენ უფალსაც.
34. იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენდა, რაოდენ-გზის მინდა შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ მფრინველმან თჳსნი მართუენი ფრთეთა ქუეშე, და არა ინებეთ! 35. აჰა ესერა დაუტევნეთ თქუენ სახლნი თქუენნი ოჴრად. გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
სახელის გამეორებით უფალი უჩვენებს, თუ რა ძლიერია მისი სიყვარული მათ მიმართ, ვინაიდან იგი ისევე უხმობს გარყვნილ სინაგოგას, როგორც რომელიმე შეყვარებული, თავისი საყვარელი არსების მიერ მოძულებული. უფალი აცხადებს თავისი კაცთმოყვარების შესახებაც, ამბობს რა, რომ მას მრავალჯერ სურდა მათი შეკრება. აღნიშნავს მათ უგუნურებასაც, ამბობ რა: „და არა ინებეთ“. ბოლოსდაბოლოს მე გტოვებთ თქვენ. ვიანდაინ მე იმდენად მოვიძულე თქვენი მზაკვრობა, რომ ტაძარსაც ვუწოდებ არა ჩემს სახლს, არამედ თქვენსას, ვინაიდან მანამდე, სანამ თქვენს შორის სათნოება სუფევდა, ტაძარი ჩემი იყო. ხოლო როდესაც თქვენ იგი შებილწეთ, გადააქციეთ იგი სავაჭრო ადგილად და ქვაბულად ავაზაკთა, იყავით რა დაკავებულნი მრავალმხრივი ვაჭრობით და კლავდით ერთმანეთს ვერცხლისმოყვარების გამო, (ვინაიდან ეს ყაჩაღთა საქმეა - ჩაუსაფრდე ძმას და წაართვა მისი საკუთრება; ასე იქცევიან ავაზაკნი: ისინი თავს ესხმიან მგზავრს და შემდე ართმევენ რაც კი გააჩნია). ამრიგად, როდესაც თქვენ აქციეთ ტაძარი ქვაბულად ავაზაკთა, სხვადასხვა სავაჭრო გარიგებების წყალობით, რომელსაც თქვენ აწარმოებდით მასში - სახლში ლოცვისა, იგი უკვე აღარაა ჩემი სახლი, არამედ თქვენი. „სახლის“ ქვეშ შეგიძლია იგულისხმო არა მხოლოდ „ტაძარი“, არამედ იუდეველთა მთელი მოდგმაც. ვინაიდან, წმიდა წერილი ზოგჯერ მოდგმასაც ეძახის სახლს, მაგალითად: „სახლი ლევისა! აკურთხედვით უფალსა“ (ფს. 134,20). ვინაიდან აქაც შეგვიძლია ვიგულისხმოთ ასე: „სახლს“, ანუ თქვენს მოდგმას დაუტევებ მე. ისევე როგორც სხვა ადგილას წინასწარმეტყველის პირით ამბობს: „დაუტევე მე სახლი ჩემი, დაუტევე სამკვიდრებელი ჩემი“. აქ სახლად იწოდებიან ისრაიტელნი. უფალი გვიჩვენებს, რომ ამაზე ადრეც, ის იფარავდა და იხსნიდა ხოლმე მტერთაგან. სიტყვები: „არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“, მიუთოთებს მეორედ მოსვლაზე. ვინაიდან მაშინ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც აღიარებენ მას მაცხოვრად და ღმერთად. ოღონდ მათ არანაირი სარგებელი აღარ ექნებათ. რა, ნუთუ მათ არ უხილავთ იგი იმ დროიდან, რაც ეს წარმოთქვა? ზუსტად ისევე, როდესაც იგი ამბობს, რომ „არღარა მიხილოთ მე ამიერითგან“, იმ წუთს კი არ აღნიშნავს, არამედ დროს ჯვრის შემდეგ. მას თითქოსდა ასე ეთქვას: იმ დროიდან, რაც თქვენ ჯვარს მაცვამთ, თქვენ უკვე ვეღარ მიხილავთ მე, სანამ მეორედ არ მოვალ.
თავი 1 | თავი 2 | თავი 3 | თავი 4 |
თავი 5 | თავი 6 | თავი 7 | თავი 8 |
თავი 9 | თავი 10 | თავი 11 | თავი 12 |
თავი 13 | თავი 14 | თავი 15 | თავი 16 |
თავი 17 | თავი 18 | თავი 19 | თავი 20 |
თავი 21 | თავი 22 | თავი 23 | თავი 24 |