1. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსლვაჲ, ხოლო ვაჲ, ვისგან მოვიდეს! 2. უადვილეს არს მისა, უკუეთუმცა ლოდი ვირით საფქველისაჲ ზედა ედვა ქედსა მისსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე არა დაბრკოლებად ერთსა ამას მცირეთაგანსა. 3. არამედ ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას.
რამდენადაც ვერცხლისმოყვარე ფარისეველნი დრტვინავდნენ უფალზე იმის გამო, რასაც იგი არამომხვეჭელობაზე ამბობდა, ამიტომაც მან ჯერ თქვა იგავი მდიდარსა და ლაზარეზე, უჩვენა რა მისი მეშვეობით, თუ როგორი სასჯელი ელოდებათ მათ სიმდიდრისადმი მიჯაჭვულობის გამო; შემდეგ კი თავის საუბარს მოწაფეთადმი მიმართავს თავად ფარისეველთა შესახებ, რომ ისინი წარმოქმნიან საცდურებს და სხვებს ღმრთაებრივი გზისგან აბრკლებენ და რომ ამისათვის მათ „ვაება“ ხვდებათ წილად. ნახე, რას ამბობს იგი. „შეუგვანებელ არს საცდურისა არა მოსვლაი, ხოლო ვაი, ვისგან მოვიდეს“, ანუ შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი ანდა დაბრკოლებანი კეთილსა და ღმრთისმოყვარე ცხოვრებაში. ვინაიდან ადამიანთა ბოროტების განმავლებისას აუცილებელია მრავალი დაბრკოლება შეხვდეს ქადაგებასა და ჭეშმარიტებას. მაგრამ ვაი მხოლოდ მათ, ვისგანაც მოდიან ისინი, ანუ დამნაშავეთ ამაში, როგორებიც ფარისეველნი იყვნენ, რომელნიც აცდუნებდნენ და ხელს უშლიდნენ ქადაგებას. მრავალნი შეცბუნებულნი კითხულობენ: თუკი ცადურები აუცილებლად უნდა მოვიდნენ შეუძლებელია ქადაგება დაბრკოლებას არ შეხვდეს, მაშინ რაღატომ განიკითხავ, უფალო და უწოდებ უბედურებს მათ ვისგანაც ისინი მოდის? ისინი ასეთნი აუცილებლობის გამო გახდნენ, ხოლო ყველაფერი რაც აუცილებლობის გამო ხდება, მიტევების ღირსია. იცოდე, რომ თავად ამ აუცილებლობას თავისუფალ ნებაში უდევს ძირი. უფრო ნათლად ვიტყვი: უფალი, ხედავდა რა ბოროტებას მაშინდელი ადამიანებისა, ხედავდა რა, თუ როგორ გულმოდგინებას იჩენენ ისინი ბოროტების მიმართ და არ ირჩევენ არაფერ კეთილს, თქვა რომ იქიდან გამომდინარე, რაც ახლაა ჩვენს თვალწინ, აუცილებელია საცდურთა მოსვლა. ამრიგად, ბოროტება, რომლითაც ადამიანები ტკბებოდნენ, - თავისუფალი ნების საქმეა, ხოლო საცდურთა წარმოშობა აუცილებლობით გამომდინარეობდა ბოროტებიდან; ამიტომაც საცდურთა გამომწვევი ღირსნი არიან სასჯელისა. შეიძლება ეს ნათელვყოთ მაგალითით. ექიმი, ხედავს რა, რომ ესა და ეს ცუდი ცხოვრების წესით ცხოვრობს და არაზომიერებას იჩენს, შეუძლია თქვას, რომ იგი აუცილებლად დაავადდება. ნუთუ ეს ავადმყოფობა აუცილებელია? დიახ, როგორც შედეგი ცუდი ცხოვრების წესისა, აუცილებელია. ამიტომაც ვაი ქადაგების მოწინააღმდეგეთ იმის გამო, რომ მათ ბოროტების ისეთ ხარისხს მიაღწიეს, როდესაც აუცილებელი გახდა საცდურთა მოსვლა. და მართლაც, ადამიანისთვის, რომელიც საცდურებსა და დაბრკოლებებს წარმოშობს, უკეთესია წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში გადააგდონ, ვიდრე აცთუნო და გარყვნა ერთი მცირედთაგანი, ანუ მორწმუნეთაგანი. ამიტომაც უფალი აფრთხილებს მოწაფეებს: „ეკრძალენით თავთა თქვენთა“. აიო, ამბობს, მე წინასწარ გეუბნებით, რომ ბოროტება მოიწევა, ანუ იქნებით პასუხისმგებელნი. ვინაიდან ბოროტების მოსვლა აუცილებელია, მაგრამ არ არის აუცილებელი თქვენთვის დაიღუპოთ, თუკი ფრთხილად იქნებით და შეიჭურვებით. აუცილებელია მგლის მოსვლა, მაგრამ თუკი მწყემსი ფხიზლობს, არ არის აუცილებელი ცხოვრებისთვის დაიღუპონ, ხოლო მგელი პირში ჩალაგამოვლებული უნდა წავიდეს. უფალმა თქვა ეს მაცდუნებლებზე და მათზე ვინც ქადაგებას ვნებს, ანუ აბრკოლებს. ვინაიდან მათ შორის დიდი სხვაობაა, რამდენადაც ერთნი განუკურნებელნი არიან, როგორც ფარისეველენი, ხოლო მეორენი განკურნებადნი, როგორც უფლის ძმები თავად უფალთან მიმართებაში, ვინაიდან არც მათ სწამდათ მისი (იოან. 7,5). ამრიგად, ვინაიდან დიდი განსხვავებაა ქადაგების დამაბრკოლებელთა შორის, რამდენადაც მათ შორის ზოგიერთნი შესაძლოა ერთმორწმუნენიც ყოფილიყვნენ, ამიტომ უფალი ამბობს:
თუ შენი ძმა შესცოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე, როცა მარტო იქნებით ორივენი; თუ შეისმინა შენი შეგიძენია ძმა შენი, ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი და ა. შ. რაც მათე მახარებელმა (18, 15-17) უფრო ვრცლად გადმოსცა, ხოლო ლუკა მახარებელმა დუმილით აუარა გვერდი, როგორც უკვე თქმულს მათე მახარებლის მიერ. ვინც საყვედურს მოისმენს იგი ღირსია პატიებისა; ხოლო ვინც არ მოისმენს, დაე იყოს იგი შენთვის, ვითარცა მეზვერე და წარმართი, ანუ საძაგელი და უღირსი ძმად წოდებისა. შემდეგ თითქოსდა ვინმემ უთხრა: დაე ასე იყოს უფალო! შენ კარგად განარჩიე ეს, მაგრამ რა ვუყოთ მას, ვინც მრავალგზის მიიღო პატიება და კვლავ მავნებლობს? უფალი ამბობს: თუკი იგი კვლავ შეინანებს მიუტევე მას და კიდევ: შვიდგზისაც რომ მოგმართოს, მიუტევე მას, ხოლო სიტყვები: „შვიდ-გზის დღესა შინა“ აქ ნახმარია, ნაცვლად სიტყვისა „მრავალგზის“, ისევე როგორც გამოთქმაში: „საშოდახშულმა შვილი დაბადა“ ( 1 მეფ. 2) ამრიგად, რამდენჯერაც შეინანებს, იმდენჯერ უნდა მივუტევოთ მას და ნუ იფიქრებ, თითქოს უფალი ადგენს რიცხვს, თუ რამდენჯერ მიუტევოს, არამედ როგორც მე ადრეც ვთქვი, „შვიდგზის დღესა შინა“ გაიგე, როგორც მრავალგზის და უთვალავჯერ, ჩვენ ხომ ვამბობთ ჩვეულებრივ საუბარში: ამა და ამ ქალაქში უამრავი (ათი ათასი) მცხოვრებია, მაგრამ ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ მასში მართლაც ათი ათასი მცხოვრებია, ვინაიდან შესაძლოა ისინი მეტნიც იყვნენ, არამედ ნაცვლად იმისა, რომ ქალქს ძლიერ ხალხმრავალი ვუწოდოთ, ჩვენ ვამბობთ, რომ მასში ათი ათასი მცხოვრებია, ხოლო ის, რომ „შვიდ-გზის დღესა შინა“ ამ მნიშვნელობითაა ნახმარი, ჩანს მათეს სახარებიდან (18, 21-22). ვინაიდან იქ, როდესაც პეტრემ უთხრა: უფალო, უნდა მივუტევო თუ არა მე მას (ჩემს ძმას) შვიდჯერ? უფალმა მიუგო, არა შვიდჯერ, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ, აღნიშნა რა ამით ურიცხვი სიმრავლე.
4. დაღათუ შჳდ-გზის დღესა შინა შეგცოდოს და შჳდ-გზის მოაქციოს და გრქუას შენ: შევინანე, მიუტევე მას. 5. და ჰრქუეს მოციქულთა უფალსა: შემძინე ჩუენ სარწმუნებაჲ! 6. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, არქუთმცა ლეღუსულელსა ამას: აღიფხუერ და დაენერგე ზღუასა შინა, ისმინამცა თქუენი. 7. ვის-მე თქუენგანსა მონაჲ ესუას მჴნველი გინა მწყემსი, რომელიმცა მოვიდა ველით, და მეყსეულად ჰრქუა მას: წარმოჴედ და დაჯედ! 8. ანუ არა-მე ჰრქუასა მას: მზა-მიყავ მე, რაჲთა ვისერო, და მოირტყენ და მმსახურებდ მე, ვიდრემდე ვჭამო და ვსუა, და ამის შემდგომად ჭამე და სუ შენცა? 9. ნუუკუე მადლ-იპყრასა მონისაჲ მის, რამეთუ ყო ბრძანებაჲ მისი? არა ვჰგონებ. 10. ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ.
მოციქულებს სწამდათ უფლისა, თუმცაღა გააცნობიერეს რა საკუთარი უძლურება, მიხვდნენ რა, რომ უფალმა რაღაც დაიდის შესახებ უთხრა და მოისმინეს რა საცდურთა საფრთხის შესახებ, ითხოვენ, რათა გამრავლდეს მათში ძალა რწმენისა, რათა მისი მეშვეობით შეძლონ აღასრულონ ის, რაც მან თქვა, ანუ არამომხვეჭელობასთან დაკავშირებით, ვინაიდან არაფერი ისე არ განამტკიცებს არამომხვეჭელობაში, როგორც ღვთისადმი რწმენა და მისდამი მტკიცე სასოება, ისევე როგორც ისე არაფერი განაწყობს განძის შესაკრებად, როგორც ურწმუნოება იმისა, რომ უფალია დიადი განძთამპყრობელი (ხაზინადარი), ხოლო მისი მოწყალება - ამოუწურავი სალაროა, ამასთან რწმენით მათ შეუძლიათ დაუპირისპირდნენ საცთურებს. ამიტომაც მოციქულები მიდიან უფალთან და ეუბნებიან: „შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ“, ანუ გამოგვაჩინე ჩვენ უსრულყოფილესნი და უმტკიცესნი რწმენაში. უფალი უჩვენებს რა, რომ მათი თხოვნა კარგია და რომ მათ მტკიცედ უნდა დაიმარხონ ეს აზრი, რომ რწმენას დიდი ძალა აქვს, ეუბნება: თქვენ რომ რწმენა გქონოდათ ამ ლეღვსაც კი გადარგავდით. აქ ორი უდიდესი რამაა, კერძოდ: ჯერ - ერთი, ის რამაც ფესვი გაიდგა მიწაში, გადაადგლდებოდა თავისი ადგილიდან, მეორეც, გადაირგვებოდა ზღვაში. და რისი დარგვა შეიძლება წყალში? როგორც ჩანს, ამ სიტყვებით უფალი რწმენის ძალას უჩვენებს. შესაძლოა ვინმემ ლეღვის ქვეშ გადატანითი მნიშვნელობით ეშმაკი იგულისხმოს, რამდენადაც მან ჩვენთვის მარადიული მატლი მოიგონა და კვებავს მას მის მიერ დანერგული გულისთქმებით, ვინაიდან ლეღვის ფოთლებით მატლები იკვებებიან, რომელნიც აბრეშუმის ძაფებს ქსოვენ. ასევე რწმენას შეუძლია ამ ლეღვის აღმოფხვრა ადამიანის გულიდან და ზღვაში ჩაგდება, ანუ უფსკრულში. თქვა რა ეს რწმენის შესახებ, უფალი ამატებს სხვა, ძლიერ საჭირო სწავლებასაც. რომელს? სწავლებას იმის შესახებ, რომ არ უნდა ვიამაყოთ სრულქმნილებებით. რამდენადაც რწმენას მრავალი რამ შეუძლია მოიმოქმედოს და მისი მფლობელს მცნებათა აღმასრულებელად აქცევს, ამკობს რა მას, ამასთან, სასწაულთქმედებებითაც, ხოლო ამისგან ადამიანს ადვილად შეუძლია ჩავარდეს ქედმაღლობაშიც; ამიტომ, უფალი აფრთხილებს მოწაფეებს თავი არ აღიმაღლონ სრულქმნილების გამო, მოჰყავს რა შესანიშნავი მაგალითი, “ვისმე თქუენგანსო, - ამბობს, -მონაჲ ესუას“ და ა. შ. ამ იგავით ცხადდება, რომ არ უნდა განვიდიდოთ თავი არანაირი სრულქმნილების გამო, ყველა მცნების აღსულებითაც კი, ვინაიდან მონას აწევს აუცილებელი ვალდებულებები შეასრულოს ბატონის ბრძანებები, თუმცაღა მათი შესრულება არ უნდა ჩაეთვალოს მას სრულქმნილებად. ვინაიდან, თუკი მონა არ აღასრულებს, იგი ღირსი შეიქმნება წყლულებისა, ხოლო როდესაც აღასრულა, დაე იმით დაკმაყოფილდეს, რომ გაექცა წყლულებს და არ უნდა მოითხოვოს ამისთვის აუცილებლად საფასურის გადახდა. ვინაიდან გადახდა მისთვის, განსაკუთრებით კი რაიმეს ჩუქება, ბატონის დიდსულოვნებაზეა დამოკიდებული. ასევე ის, ვინც ღვთისთვის მუშაობს, არ უნდა აღიმაღლოს თავი, თუკი მცნებებს აღასრულებს, ვინაიდან მას არაფერი დიადი არ მოუმოქმედებია. პირიქით, თუკი იგი არ შეასრულდება ცუდ დღეში ჩავარდებოდა, როგორც მოციქული ბრძანებდა: „ვაჲ არს ჩემდა არა თუ ვახარებდე!“ (1 კორ. 9,16). ისევე როგორც თუკი ნიჭები მიეცა, მან არ უნდა აღიმაღლოს თავი მათით, ვინაიდან ნიჭები მას ღვთის მოწყალებისდა გამო მიენიჭა და არა იმიტომ, თითქოსდა მეუფეს რაიმე მართებს მისი, ვინაიდან მონის განსაკუთრებული მოვალეობაა მისი ბატონის მიმართ ყველა მისი ბრძანება აღასრულოს. თუკი ჩვენ არ უნდა განვიდიდოთ თავი მაშინაც კი, როდესაც ყველა მცნებას ვასრულებთ, მაშ რაღანი ვართ, როდესაც არ ვასრულებთ ღვთის მიერ მოცემულ მცნებათა მცირე ნაწილსაც კი და თანაც ვამაყობთ? ყურადღება მიაქციე იგავის იმ გამოთქმასაც, რომ ჯერ ნახსენებია „მხვნელი“, ხოლო შემდეგ „მწყემსი“, ვინაიდან ვინც არ უნდა იყოს, საჭიროა ჯერ მიწა დაამუშავოს, ხოლო შემდეგ მწყემსის ადგილიც მიიღოს. ვინც კარგად დაამუშავა თავისი ხორციელი მისწრაფებანი, როგორც ერთგვარი მიწა, იგი ღირსია სხვათა მწყემსიც იყოს, ვინაიდან, „უკუეთუ ვინმე თვისისა სახლისა განგებაჲ არა იცის, ვითარმე ეკლესიათა ღმრთისათა მოღვაწებაჲ აგოს“ (1 ტიმ. 3,5)? ამრიგად, ჯერ საკუთარი თავი დაამუშავე და მხოლო ამის შემდეგ დაიმწყსე სხვები, როგორც წინასწარმეტყველმა იერემიამ თქვა: „გატეხე ყამირი და ეკალბარდებში ნუ დათესავ“ (იერ. 4,3), ხოლო შემდეგ გაინათეთ გონების შუქით, რითაც მწყემსობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი აღინიშნება.
11. და იყო მისლვასა მას მისსა იერუსალჱმდ და თავადი განვიდოდა შორის სამარიასა და გალილეასა. 12. და შე-რაჲ-ვიდა იგი დაბასა რომელსამე, მოეგებვოდეს მას ათნი კეთროვანნი კაცნი, რომელნი დადგეს შორს. 13. და მათ აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და იტყოდეს: იესუ მოძღუარ, შემიწყალენ ჩუენ! 14. და თავადმან ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: წარვედით და უჩუენენით თავნი თქუენნი მღდელთა. და იყო ვითარცა წარ-ოდენ-ვიდეს იგინი მისგან, განწმიდნეს კეთროვნებისა მისგან. 15. ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა და ჴმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა. 16. და დავარდა წინაშე ფერჴთა იესუჲსთა და ჰმადლობდა მას. და ესე იყო სამარიტელი. 17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: არა ათნივე განიკურნნესა? და ცხრანი იგი სადა არიან? 18. ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაჲთამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა, გარნა უცხო-თესლი ხოლო ესე? 19. და ჰრქუა მას: აღდეგ და წერვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.
და აქედან ყველას შეუძლია შეიცნოს, რომ არავის არავინ არ უშლის ხელს სათნოეყოს ღმერთს, თუნდაც იგი წყეული მოდგმისა იყოს, არამედ მხოლოდ კეთილი ნება უნდა გააჩნდეს. აი, ათი კეთროვანი შემოეგება იესოს, როდესაც იგი ერთ დაბაში შედიოდა ისინი მას ქალაქგარეთ შეხვდნენ, ვინაიდან მათთვის, რამდენადაც ისინი უწმინდურებად ითვლებოდნენ, არ იყო ნებადართული ქალაქის შიგნით ცხოვრება (ლევ. 13,46). ისინი “შორს” დადგნენ, თითქოსდა დარცხვენილნი თავიანთი მოჩვენებითი უწმინდურებით და ვერ ბედავდნენ მიახლოებას იმ ფიქრით, რომ იესოც ზიზღით მოეკიდებოდა, როგორც ამას სხვები აკეთებდნენ და ითხოვენ შეწყალებას. თავიანთი ადგილის მიხედვით ისინი შორს იდგნენ, მაგრამ ლოცვით ახლოს დგანან. ვინაიდან უფალი ახლოს დგას ყველასთან, „რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით“ (ფსალ. 144,18). ისინი ითხოვენ შეწყალებას არა როგორც უბრალო ადამიანისგან, არამედ როგორც ისეთისაგან, ვინც მაღლა დგას ადამიანზე, ვინაიდან ისინი იესოს მოძღვარს უწოდებენ, ანუ ბატონს, მზრუნველს, მეთვალყურეს, რაც ძალზედ ახლოს დგას მისთვის ღმერთის წოდებასთან. იგი (იესო) უბრძანებს მათ (კეთროვანთ) მღვდლებს უჩვენონ თავი. ვინაიდან მღვდლები დაათვალიერებდნენ ასეთებს და ამითი იღებდნენ გადაწყვეტილებას, განწმენდილნი არიან ისინი კეთროვანებისაგან, თუ არა (ლევ. 13). მღვდლებს ჰქონდათ ნიშნები, რომლითაც ისინი ამოიცნობდნენ განუკურნებელ კეთროვანებას. მაშინაც, როდესაც ვინმე კეთრით დაავადდებოდა, ხოლო შემდეგ გამოჯანმრთელდებოდა, მღვდლები დაათვალიერებდნენ და მათთვის იმ ძღვენს სწირავდნენ, რომელიც სჯულითაა დადგენილი. აქ კი, როდესაც კეთროვანნი იყვნენ უდავოდ ასეთნი, რა საჭირო იყო მათთვის მღვდლებს ჩვენებოდნენ, თუკი ისინი სრულიად არ უნდა განწმენდილიყვნენ? მის მიერ ბრძანება იმისა, რომ მღვდლებთან წასულიყვნენ, არ მიუთითებდა არაფერ სხვაზე, თუ არა იმაზე, რომ ისინი განიწმინდებიან, ამიტომაც ნათქვამია, რომ ისინი გზად განიწმინდნენ. მაგრამ ნახე, ათი ადამიანიდან ცხრა, როგორც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, მართალია ისრაიტელი იყო, მაგრამ უმადური დარჩა, ხოლო სამარიტელი, თუმცა უცხოტომელი იყო, დაბრუნდა და თავისი მადლიერება გამოთქვა (ხოლო სამარიტელნი ასურელები იყვნენ), რათა არავის წარმართთაგან სასო არ წარკვეთოდა და არავის წმინდა წინაპართაგან წარმომდგარს, არ ეტრაბახა ამით. ეს სასწაული საერთო ხსნაზეც მიანიშნებს, განკუთვნილს მთელი ადამიანური მოდგმისათვის. ათი კეთროვანი აღნიშნავს მთელ ადამიანურ ბუნებას, განკეთროვნებულს ბოროტებით, თავისში ცოდვის საშინელების მატარებელს, თავისი უწმინდურების გამო ზეციური ქალაქის გარეთ მცხოვრებს და ღვთისაგან შორს მდგარს. თავად ეს შორს დგომა ღვთისაგან შუამდგომლობდა შეწყალებისათვის. ვინაიდან კაცთმოყვარე და ყველას სხნისა და ყველასთვის კეთილისმყოფელის მსურველი უფლისათვის ყველაზე უფრო ძლიერი აღმძვრელი წყალობის მისანიჭებლად არის ხილვა იმისა, რომ არავინ მონაწილეობს სიკეთეში. სწორედ ამიტომ, მან თავი დაიმდაბლა ასეთ მდგომარეობაში მყოფთა განსაკურნებლად. და თუმცა მან განკურნა მთელი კეთროვანი ბუნება, შეისხა რა ხორცი და იხილა გემო სიკვდილისა ყოველი ადამიანისათვის, იუდეველები, მიუხედავად იმისა, რომ უფლის მხრიდან კეთროვანი ცოდვის ყოველგვარი უწმინდურებისაგან განიწმინდნენ, უმადურნი აღმოჩნდნენ და არ მოექცნენ თავიანთი ამაო გზიდან, რათა დიდება მიეცათ ღვთისათვის, ანუ დაეჯერებინათ მისთვის, რომ მან ჭეშმარიტმა ღმერთმა, ინება დაეთმინა ყველაზე უფრო მძიმე სატანჯველი. ვინაიდან ხორცშესხმა და ჯვარცმა არსებითად დიდებაა უფლისა. ამრიგად მათ, ხორცშესხმული და ჯვარცმული არ აღიარეს ღმერთად დიდებისა, ხოლო წარმართებმა, უცხო ხალხმა, აღიარეს მათი განმწმენდელი და განადიდეს იგი რწმენით, რომ ღმერთი იმდენად კაცთმოყვარე და ძლიერია, ჩვენი გულისთვის იტვირთა უკიდურეს უპატიობაში ყოფნა, რაც კაცთმოყვარების საქმეს წარმოადგენს და მიიღო რა იგი, არანაირი ზიანი არ მისდგომია მის ბუნებას, რაც საქმეა ძლიერებისა.
20. ჰკითხეს მას ფარისეველთა: ოდეს მოიწიოს სასუფეველი ღმრთისაჲ? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაჲ ზმნით; 21. არცა თქუან: აჰა აქა, ანუ იქი. და აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს. 22. და ჰრქუა მოწაფეთა: მოვლენან დღენი, ოდეს გული-გითქუმიდეს თქუენ დღეთათჳს ძისა კაცისათა ხილვად და არა იხილოთ. 23. და გრქუან თქუენ: აჰა აქა არს, და: აჰა იქი არს, ნუ განხუალთ, ნუცა შეუდგთ. 24. რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ ელავნ ქუეშე ცისაჲთგან, ვიდრე ქუეშე ცისამდე ბრწყინავნ, ესრეთ იყოს ძე კაცისაჲ დღეთა მისთა. 25. ხოლო პირველად ჯერ-არს მისა ფრიად ვნებად და შეურაცხ-ყოფად ნათესავისა ამისგან.
უფალი ხშირად ახენებდა თავის სწავლებაში ღვთის სასუფეველს, მაგრამ ფარისეველნი ამის გაგონებაზე დასცინოდნენ უფალს და ამიტომაც მიმართეს კითხვით, როდის მოიწეოდა იგი, მისი, როგორც ახირებული კაცის, დაცინვის მიზნით, რომელიც უჩვეულო და უცნაურ საგანზე ქადაგებდა. ვინაიდან არავინ, ადრე არსებულ მასწავლებელთა და წინასწარმეტყველთაგან, არ ახსენებდა მას (ღვთის სასუფეველს). ანდა შესაძლოა, ჰქონდათ რა აზრად გონებაში ცოტა ხანში მოეკლათ იგი, მიმართავენ მას კითხვით, რათა კბილი გაჰკრან მას და დასცინონ, ეუბნებიან თითქოსდა ამგვარად, შენ სასუფეველზე ლაპარაკობ, როდისღა მოიწევა შენი სასუფეველი? ვინაიდან დილისათვის შენ სასიკვიდილოდ იქნები ჩვენს მიერ მიცემული, ჯვარს გაცვამენ და მრავლ სხვა უპატიობას დაითმენ, ქრისტე რაღას ამბობს? იგი არ პასუხობს ბრიყვებს მათი სირეგვენისამებრ და სიბრიყვისამებრ (იგავ. 26,4), არამედ ტოვებს მათ ცდომილებაში სასუფეველის მსგავსება-წოდებასთან დაკავშირებით და არ უხსნის მათ არც იმას, თუ რომელ სასუფეველზე ლაპარაკობს (ვინაიდან ისინი არც მიიღებდნენ), არც იმას, რომ ეს სასუფეველი ამქვეყნიური სამეფოს მსგავსი არ არის, არამედ არის მეუფება იმ ქვეყნიური (იოანე. 18,36). გაჩუმდა რა ამაზე, რამდენადაც ისინი თავიანთი ნებაყოფლობითი სიყრუის გამო არ იყვნენ ღირსნი ამის მოსმენისა, უფალი სასუფევლის მოწავის ჟამზე ამბობს, რომ იგი უცნობია და არ ექვემდებარება დაკვირვებას, რამდენადაც ღვთის სასუფეველს არ აქვს განსაზღვრული დრო, არამედ მსურველისთვის დამახასიათებელია ყველა დროში, ვინაიდან ღვთის სასუფეველი, უეჭველია, წარმოადგენს ცხოვრებას და საკუთარი თავის მოწყობას ანგელოზთა მსგავსად. მაშინ დგებაო, ნათქვამია, ჭეშმარიტი მეუფება ღვთისა, როდესაც ჩვენს სულებში არ არის არაფერი ამსოფლიური, არამედ, როდესაც ჩვენ ყოველ ჩვენ საქციელში ამ სოფელზე მაღლა ვდგავართ. ამგვარი ცხოვრების წესი კი ჩვენ ჩვენს შიგნით გვაქვს, ანუ როდესაც მოვისურვებთ. ვინაიდან რწმენისთვის არ არის საჭირო არც ხანგრძლივი დრო, არც მოგზაურობა, არამედ რწმენა და რწმენის შესაბამისი ღვთივსათნო ცხოვრება ახლოსაა ჩვენთან. სწორედ ამაზე თქვა მოციქულმა: „მახლობელ შენდა არს სიტყუაი ეგე პირსა შენსა და გულსა შენსა, ესე იგი არს, სიტყუაი სარწმუნოებისაი, რომელსაც ქვადაგებთ“ (რომ. 10,8). ვინაიდან რომ ვირწმუნოთ და ვირწმუნებთ რა, ჩვენი წოდების შესაფერნი ვიყვნეთ - ეს ჩვენს შიგნითაა. ამრიგად, ფარისეველნი დასცინოდნენ უფალს იმის გამო, რომ იგი სასუფეველს ქადაგებდა, რომლის შესახებაც არავის უქადაგია. მაგრამ უფალი აცხადებს, რომ მათ არ ესმით ისეთი საგანი, რომელიც მათ შიგნითაა და რომლის მიღწევაც მსურველს თავისუფლად შეუძლია. ახლა, როდესაც მე თქვენს შორის ვიმყოფები, თქვენ უთუოდ შეგიძლიათ მიიღოთ სასუფეველი ღმრთისა, თუკი მირწმუნებთ მე და გადაწყვეტთ იცხოვროთ ჩემი მცნებებით. „და ჰრქუა მოწაფეთა: მოვლენან დღენი“ და ა.შ. ანუ თქვენთვისაც დამახასიათებელია სასუფეველი ღმრთისა, სანამდის მე ვიმყოფები თქვენთან. იგი დამახასიათებელია თქვენთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მირწმუნეთ მე და გამომყევით, არამედ იმიტომაც, რომ თქვენ ახლა ცხოვრობთ სრულიად უზრუნველად, რამდენადაც მე ვზრუნავ და ვფიქრობ თქვენზე. მაგრამ როდესაც მე თქვენთან აღარ ვიქნები, მოვლენ ისეთი დღეები, რომ მიცმეული იქნებით საფრთხეებს, მმართველთა და მეფეთა ხელთ მიგცემენ. მაშინ თქვენ, როგორც ღმრთის სასუფეველს, ისე ინატრებთ ახლანდელ უსაფრთხო ცხოვრებას, როგორითაც ჩემთან ცხოვრობთ და მრავალჯერ ისურვებთ მიიღოთ, თუნდაც ერთი ჩემს დღეთაგან, ანუ ჩემი თქვენთან ყოფნის დღეთაგან, როგორც ყველაზე უსაფრთხო დღეთაგანი. მართალია ისინი (უფლის მოწაფენი) მაშინაც, როდესაც მასთან იყვნენ, ეწეოდნენ ცხოვრებას, რომელიც არ იყო თავისუფალი შრომათა და საფრთხეთაგან, არამედ ითმენდნენ დევნას დევნილთან ერთად და შეურაცხყოფას შერაცხყოფილთან ერთად, მაგრამ თუკი მათ ადრინდელ თავგადასავლებს შევადარებთ მომავალ საფრთხეებს, აღმოჩნდება, რომ მაშინ ისინი ძლიერ უსაფთხოდ იყვნენ. ამიტომაც ცხოვრების ასეთი წესისაც კი, ანუ მცირე საფრთხეთა და შრომათა დროსაც, ღმრთის სასუფეველი მოციქულთა შიგნით იყო; მაშინ როცა აღდგომის შემდეგ ისინი თითქოს ტყვეები და დევნილნი იყვნენ. ამ სიტყვებით უფალი განამზადებს მოცუქულთა გულებს შრომისა და მოთმინებისთვის და წინასწარ ეუბნება მათ, რათა არ დაბრკოლდნენ (იოან. 16,1). „და გრქუან თქვენ: აჰა აქა არს და აჰა იქა არს, - ნუ განხუალთ, ნუცა შეუდგთ“. ნუ მოისმენთო ეუბნება, ნურავის მტკიცებას თითქოსდა მე მოვედი აქ ანდა იქ. ვინაიდან ჩემი მეორედ მოსვლა უბრწყინვალესი და უდიდებულესი არ შემოიფარგლება რომელიმე ადგილით, არამედ როგორც ელვა არ დაიმალება, არამედ ბრწყინავს კიდით-კიდემდე მიწისა, ასეთივე ბრწყინვალე და აშკარა იქნება ჩემი მეორედ მოსვლა და არავისთვის არ იქნება დაფარული. ამრიგად, ცრუ ქრისტეთა ცდუნებებს ნუ აჰყვებით. თავდაპირველად მე ბაგაში მოვივლინე და ოცდაათი წელი დამდაბლებული ვიყავი, მაგრამ მაშინ ასე აღარ იქნება: მე მოვალ მთელი ჩემი დიდებით, ანგელოზთა მხედრობის თანხლებით და წამიერად. შემდეგ რამდენადაც მათ საშინელი უბედურებანი უწნისაწრმეტყველა, ანუგეშებდა რა და არწმუნებდა მხნედ გადაეტანათ ისინი, საკუთარ თავს უყენებს მაგალითად, ნუ გაგიკვირდებათო, ეუბნება, თუკი თქვენ ისეთი სიძნლეები შეგემთხვევათ, რომ იძულებულნი იქნებით ინატროთ ჩემი ახლანდელი ყოფნა თქვენთან, ვინაიდან მე თვითონაც, რომელიც ელვასავით მოვივლინები, მანამდე ბევრი უნდა ვიტანჯო და უარყოფილ ვიქნე და შემდეგ მოვიდე ამ დიდებით. დაე, ეს იყოს თქვენთვის დამარწმუნებელი სათნოებისათვის და გამხნევება მოთმინებისათვის, ანუ მიყურეთ მე და იქონიეთ სასოება, რომ თქვენც საფრთხეთა გადატანისთვის და უარყოფისთვის დიდება გხვდებათ წილად, ისევე როგორც მე.
26. და ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს დღეთა მით ძისა კაცისათა: 27. ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებდეს ვიდრე დღედმდე შესლვად ნოესა კიდობნად. და მოიწია წყლით-რღუნაჲ და წარწყმიდნა ყოველნი. 28. და ეგრევე ვითარცა-იგი იყო დღეთა ლოთისთა: ჭამდეს და სუმიდეს, იყიდდეს და განჰყიდდეს, ნერგსა ასხმიდეს და აშენებდეს; 29. და რომელსა დღესა განვიდა ლოთ სოდომით, აწჳმა ცეცხლი და წუნწუბაჲ ზეცით და წარწყმიდნა ყოველნი. 30. ესრეთვე იყოს დღე იგი, ოდეს ძე კაცისაჲ გამოჩნდეს.
აქაც უფალი მიუთითებს თავის უეცარ და მოულოდნელ მოსვლაზე. ვინაიდან, როგორც ნოეს დროს უეცრად მოვიდა წარღვნა და მოსპო ყველა, ასევე იქნება მისი მოსვლაც. ამ მაგალითებით, ანუ მაგალითით წარღვნის წინა დროინდელი ადამიანებისა და სოდომელებისა (ცეხცლის გადმოსვლის წინ), მინიშნებულია აგრეთვე იმაზეც, რომ ანტირქისტეს მოსვლის წინ ადამიანთა შორის განმრავლდება ყველანაირი ბილწი სიამოვნებანი, რომ ადამიანები იქნებიან მრუშნი და დანაშაულებრივ სიამოვნებებში ჩაძირულნი, როგორც მოციქულმაც თქვა, რომ „უკანასკნელთა დღეთა იყვნენ კაცნი გულის თქუმის მოყუარე უფროის, ვიდრე ღმრთის მოყვარე“ (2 ტიმ. 3, 1-2.4). და არცაა გასაკვირი, რომ მაცდურის მეფობისას ბოროტება ყვავის, ვინაიდან იგი არის ნავთსაყუდელი ყოველგვარი ცოდვის ბოროტებისა. სხვა რის ჩანერგვას ეცდება იგი საცოდავ თაობაში მაშინდელი ადამიანებისა, თუ არა თავისი თვისებების? ვინაიდან უწმინდურისგან რა შეიძლება განიწმინდოს? ამრიგად, ადამიანები ჩაეფლობიან მაშინ ყოველგვარ გრძნობად სიამოვნებებში, ისევე როგორც ნოეს დროს და არ ექნებათ არანაირი უსიამოვნების მოლოდინი, არც კი დაუჯერებენ, თუკი ვინმე დაუწყებს ლაპარაკს, რომ რაიმე უბედურება შეემთხვევათ, მსგავსად ნოესა და ლოთის დროს მცხოვრები ადამანებისა.
31. მას დღესა შინა რომელი იყოს ერდოსა ზედა და ჭურჭელი მისი სახლსა შინა, ნუ გარდამოვალნ აღებად მისა; და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ გარე-მოიქცევინ კუალად. 32. მოიჴსენეთ ცოლისა მის ლოთისი. 33. რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრინებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს, მან აცხოვნოს იგი.
იმ დღეს, როცა ანტიქრისტე მოვა, ვინც „ერდოზე“ იქნება, ანუ სათნოების სიმაღლეზე, დაე ნუ ჩამოვა იქიდან, ნუ ჩამოვა ნურანაირი ყოფითი საგნისთვის, ვინაიდან ყველა ყოფითი საგანი იწოდება ჭურჭლად ადამიანისთვის, რომელსაც ზოგი სათნოებისთვის იყენებს, ზოგი კი ბოროტებისთვის. ამრიგად, სათნოების სიმაღლეზე მყოფი, ნუ ჩამოხვალ ნურაფერი ყოფისათვის და ნუ ჩამოვარდები შენი სიმაღლიდან, არამედ შეეწინააღმდეგე ბოროტებას და ნუ დასუსტდები. ისევე როგორც ის, ვინც მინდვრად იქნება, ნუ დაბრუნდება უკან. ვინაიდან მინდვრად მყოფი, ანუ ამ სოფელში სათნოების მოქმედი, არ უნდა დაბრუნდეს უკან, არამედ წინ წავიდეს, ისევე როგორც სხვა ადგილასაა ნათქვამი: „არავინ დასდვის ხელი სახნველსა და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა“ (ლუკ, 9,62). უფალს მაგალითად მოჰყავს ლოთის ცოლი. იგი მიიქცა რა უკან, მარილის სვეტად გადაიქცა, ანუ არ განეშორა რა ბოროტებას, დარჩა მის სიმლაშეში, გახდა სრულიად ბოროტი და ჩაფლობილი და ჩარჩენილი ბოროტებაში, იმ დამარცხების ძეგლს წარმოადგენს, რომელიც განიცადა. შემდეგ უფალი უმატებს იმას, რაც ზემოთქმულს უკავშირდება: „რომელსა უნდეს სულისა თვისისა განრინებაი, წარიწყმიდოს იგი“. ნურავინო, ამბობს, ანტიქრისტეს დევნის ჟამს ნუ ეცდება საკუთარი თავის გადარჩენას, ვინაიდან ასეთი დაღუპავს მას. ხოლო ის ვინც სიკვიდილისა და მწუხარებებისთვის გასწირავს თავს, გადარჩება, არ მოიდრეკს რა ქედს მტანჯველის წინაშე სიცოცხლისადმი სიყვარულის გამო. ზემოთ უფალმა თქვა, რომ სათნოების სიმაღლეზე მდგომი არ უნდა ჩამოვიდეს მისგან ყოფითი საგნებისათვის, არ უნდა გაიტაცოს არც შენაძენმა, არც ქონებამ და მათ გამო არ უნდა დასუსტდეს ბრძოლაში. მსგავსად ამისა, განავრცობს რა შემდგომ, ამბობს: და რას ვამბობ ნუ ჩამოხვალ ჭურჭლისთვის? არა, ნუ დატოვებ სათნოებას გარეშე სიკეთეთა გამოც საკუთარი სულის გადარჩენისათვისაც კი ნუ გადაწყვეტ ქედი მოიდრიკო მაცდურისა და მდევარის წინაშე. მათე მახარებელი ამბობს, რომ ეს ყველაფერი უფალმა იერუსალიმის ტყვედ ჩაგდების შესახებ თქვა, მიანიშნებდა რა ალყის შესახებ, არაკეთილმოსურნეთა მხრიდან და იმაზე, რომ რომაელთა შემოსევისას უკანმოუხედავად უნდა გაქცეულიყვნენ: ეროდზე მყოფნი სახლში არ უნდა ჩამოსულიყვნენ, რათა აეღოთ რაიმე ყოფით საგანთაგან, არამედ მაშინვე უნდა გაქცეულიყვნენ, ვინაიდან აქ აღარაა დრო სიმშვიდისა, რათა შეიკრიბონ ჭურჭელი; მსგავსად ამისა, მინდორში მყოფნი არ უნდა დაბრუნდნენ სახლში, არამედ ისიც კი ვინც სახლში იქნება, უნდა გაიქცეს. არაფერია გასაკვირი იმაში, თუკი ეს იერუსალიმის აღებისას აღსრულდა და ისევ აღსრულდება ანტიქრისტეს მოსვლის ჟამს. განსაკუთრებით კი თუკი უშუალოდ აღსასრულის წინ (სამყაროსი) აუტანელად მძიმე იქნება მწუხარება.
34. გეტყჳ თქუენ: მას ღამესა ორნი იყვნენ ერთსა ცხედარსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაეტეოს. 35. ორნი ფქვიდენ ერთად: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს. 36. [ორნი იყვნეს ველსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს]. 37. და მიუგეს და ჰრქუეს მას: ვიდრე, უფალო? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სადაცა ჴორცი, მუნცა ორბები შეკრბეს.
და აქედან ვსწავლობთ, რომ უფლის მოსვლა მოხდება მოულოდნელად და უეცრად. ვინაიდან ნათქვამი, რომ ორნი იქნებიან ერთ საწოლში, მიუთითებს ადამიანების უდარდელობაზე. ისევე როგორც წისქვილი, აღნიშნავს მოულოდნელობას მისი მოსვლისა. ვსწავლობთ აგრეთვე იმასაც, რომ მოსვლა მოხდება ღამით. ამრიგად, უფალი ამბობს, რომ მდიდართაგანაც, რომელნიც საწოლზე განისვნებენ, ერთნი გადარჩებიან, მეორენი კი ვერა. ადრე უფალი ამბობდა, რომ მდიდარნი ძნელად ცხონდებიან (მათ. 19, 23-24). ახლა იგი უჩვენებს, რომ ყველა მდიდარი არ წარწყმდება და ყველა ღარიბი არ გადარჩება, არამედ მდიდართაგანაც ერთი აიტაცება, რათა ჰაერში შეეგებოს უფალს (1 თეს. 4,17), როგორც მსუბუქი სულით და ზეციური, მეორე კი დაბლა დარჩება, როგორც მსჯავრდებული. მსგავსად ამისა, ღარიბთაგანაც, რომელნიც აღნიშნულნი არიან წისქვილში მყოფებით, ერთი გადარჩება, მეორე კი არა. ვინაიდან ყველა ღარიბი არაა მართალი: ზოგიერთნი მათგან ქურდები არიან და საფულეებს ჭრიან. წისქვილით აღინიშნება მრავალი სიძნელე ღარიბთა ცხოვრებისა. როდესაც მოწაფეებმა ჰკითხეს უფალს, სად იქნებიან ისინი წარტაცებულნი, მან უპასუხა: „სადაც ხორცი, მუნცა ორბები შეკრბეს“; ანუ სადაცაა ძე კაცისა, იქვე არიან ყველა წმინდანნიც, მსუბუქნი და მაღლაამფრენნი, მაშინ როდესაც ცოდვილნი მძიმე არიან და ამიტომ ძირს რჩებიან. ისევე როგორც, როდესაც მკვდარი სხეული დევს, ყველა ხორცის მჭამელი ჩიტი მასთან მოფრინდება, ასევე მაშინ, როდესაც ძე კაცისა მოგვევლინება ზეციდან, ჩვენთვის მომკვდარი და გვამად შერაცხული, შეიკრიბებიან ყველა წმინდანნი და თავად ანგელოზნი. ვინაიდან მათთან ერთად მოვა იგი მამის დიდებითა და ენით უთქმელი ბრწყინვალებით. თუმცა მან ამ დროს ღამე უწოდა, მაგრამ ასე იმიტომ უწოდა, რომ იგი მოულოდნელად მოვა და ცოდვილებს მაშინ სიბნელე მოიცავს. მაგრამ მართალთათვის ნათელი გამობრწყინდება და თავადაც მზესავით გამობრწყინდებიან ისინი (მათ. 13,43)
თავი 1 | თავი 2 | თავი 3 | თავი 4 |
თავი 5 | თავი 6 | თავი 7 | თავი 8 |
თავი 9 | თავი 10 | თავი 11 | თავი 12 |
თავი 13 | თავი 14 | თავი 15 | თავი 16 |
თავი 17 | თავი 18 | თავი 19 | თავი 20 |
თავი 21 | თავი 22 | თავი 23 | თავი 24 |