ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

ლუკას სახარების განმარტება

 

თავი მეცხრამეტე

1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ. 2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. 3. და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. 4. და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. 5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. 6. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით. 7. და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. 8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. 9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს. 10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.

უფალი სტაცებს ყველაზე უფრო მტკიცე ჭურჭელს ეშმაკს და არღვევს მის ქალაქებს. ვინაიდან იხილე, რომ მან არა მხოლოდ მეზვერენი დაიმოწაფა, არამედ მეზვერეთა მთვარს ზაქესაც აღძრავს სულის ხსნისათვის. ხოლო ის, რომ მეზვერე სულმდაბალი არსებაა, ხოლო მთავარი მეზვერე, როგორც მოთავე ბოროტებაში, კიდევ უფრო საძაგელია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ვინაიდან სახსრებს ცხოვრებისათვის მეზვერენი მოიპოვებენ არა სხვაგვარად, თუ არა ღარიბთა ცრემლებით. მაგრამ ეს მთავარი მეზვერეთა არ რჩება მოძულებული, არამედ იჩენს სტუმართმოყვარეობას და სასყიდლად ამისა ხსნას ღებულობს, ვინაიდან როდესაც მან მოისურვა იესოს ხილვა და ამისათვის ავიდა ლეღვზე, უფალმა მას მანამდეც მოხედა, სანამ თავად დაინახავდა მას. ასე უფალი ყველგან წინ გვისწრებს, როგორც კი ჩვენს მზადყოფნას იხილავს. იესომ, დაინახა რა ის, უბრძანა სრაფად ჩამოსულიყო, ვინაიდან მის სახლში აპირებდა ყოფნას. ზაქემ არ დააყოვნა, ვინაიდან არ უნდა ავირიდოთ, როდესაც რაიმეს გვიბრძანებს ქრისტე, არამედ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო, თუმცა მრავალნი დრტვინავდნენ. ვნახოთ, როგორ ნაყოფს გამოიღებს იგი ქრისტეს სტუმრობასთან დაკავშირებით. „აჰა, უფალო, - ამბობს იგი, - ზოგი ნაყოფთა ჩემთაი მივსცე გლახაკთა“. ხედავ გულმხურვალებას? მან დაიწყო თესვა თავდაუზოგავად და გაიღო არა რაიმე მცირედი, არამედ ყველაფერი სასიცოცხლო. ვინაიდან ის მცირედიც, რომელიც დაიტოვა, დაიტოვა იმისათვის, რომ ჰქონოდა საშუალება მიეცა დაჩაგრულთათვის. ამით გვასწავლის ჩვენც, რომ არანაირი სარგებელი არ გვექნება, თუკი ვინმე, აქვს რა უსამართლოდ შეძენილი სიმდიდრე, იწყალებს სხვათ, ხოლო დაჩაგრულთ უყურადღებოდ სტოვებს. შეხედე, როგორ იქცევა იგი ამ შემთხვევაშიც. თუკი ვინმე რაიმეთი გაანწყენა, იგი ოთხმაგად უბრუნებს მას, ანაზღაურებს რა ამით ზარალს, რომელიც დაჩაგრულს მიადგა. ვინაიდან ჭეშმარიტი მოწყალება, არა უბრალოდ ზარალს ანაზღაურებს, არამედ უმატებს კიდეც, თანახმად სჯულისა. ვინაიდან სჯული აიძულებდა მომპარავს ითხმაგად გადაეხადა (გამოსვ. 22, 1). თუკი თუნდაც ზუსტად განვიხილავთ, ვნახავთ, რომ მას სრულიად არაფერი დარჩა ქონებიდან. ვინაიდან ქონების ნახევარს იგი გლახაკებს აძლევს და მას მხოლოდ ნახევარი რჩება. ამ დარჩენილი ნახევრიდან ის კვლავაც ოთხმაგად უბრუნებს მათ, ვინც დაჩაგრა. ამიტომ, თუკი ამ მეზვერეთა მთავრის ცხოვრება უსამართლობისაგან შედგებოდა, ხოლო იგი ყოველივეს, რაც უსამართლოდ შეიძინა, ოთხმაგად აბრუნებს, მაშინ ნახე როგორ დაკარგა მან ყველაფერი. ამ მიმართებით იგი სჯულზე უფრო ბრძენი აღმოჩნდება, დამოწაფებული სახარებას, რამდენადაც მან მოყვასი საკუთარ თავზე უფრო მეტად შეიყვარა და არ უთქვამს: მივცემ ნახევარს, დავაბრუნებ ოთხმაგად, არამედ: აჰა, „ვაძლევ“, „მივაგებ“, მან იცის სოლომონის შეგონება: „ნუ ეტყვი შენს ახლობელს, წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ მისაცემელი თანხა გაქვს“ (იგავ. 3, 28). ქრისტე ახარებს მას ხსნას. ახლა გასცემო, ეუბნება, ახლავე მიიღებ ხსნასაც. ვინაიდან სიტყვებით „ამ სახლს“ იგი ეჭვგარეშეა ზაქეზე მიუთითებს, რომელიც ხსნას იღებს. სახლის ქვეშ ზაქე იგულისხმება იმიტომ, რომ უსულო შენობას უფალი აბრაამის ძეს არ უწოდებდა, არამედ აშკარაა, რომ ასე სახლის სულიერ პატრონს უწოდა. უწოდა მას „ძე აბრაამისა“ შესაძლოა, იმიტომ, რომ მან ირწმუნა და განმართლდა რწმენით, ან შესაძლოა, იმიტომაც, რომ დიდსულოვნად მოიძულა სიმდიდრე და შეიყვარა გლახაკნი მსგავსად ამ პატრიარქისა. დააკვირდი: უფულმა უწოდა ზაქეს ძე აბრაამისა, ახლა, როდესაც დაინახა მსგავსება ცხოვრების წესში. მას არ უთქვამს: „იმიტომ, რომ ესეც აბრაამის ძე იყო“, არამედ ახლა „არს“. ვინაიდან ადრე იყო მეზვერეთა და გადასახადის ამკრეფთა მთავარი, ხოლო მსგავსი მართლისა არაფრით იყო, იგი არ იყო მისი ძე. რამდენადაც ზოგიერთნი დრტვინავდნენ იმის გამო, რომ უფალი ცოდვილი ადამიანის სახლში მივიდა, მათთვის პირი რომ დაეყო, იგი ამბობს: „რამეთუ მოვიდა ძე კაცისა მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა“. ასეთია სიტყვა-სიტყვით მნიშვნელობა, მაგრამ მოსახერხებელია ეს ავხსნათ სხვაგვარადაც, ზნეობრიობის სასარგებლოდ. ყოველი, ვინც მრავალზე მეტია ბოროტებაში, მცირეა სულიერი სიმაღლით, ვინაიდან სული და ხორცი ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან და ამიტომ, არ შეუძლია იესოს დანახვა ხალხს მიღმა; ანუ ვნებათა და ყოფით საქმეთაგან ამღვრეულს არ შეუძლია დაინახოს იესო მოქმედი, მოძრავი და მოსიარულე. ვინაიდან ასეთი ვერ გრძნობს ვერანაირ მოქმედებას, შესაფერისს ქრისტიანისთვის. ხოლო იესოს სვლა სწორედ იმას ნიშანავს, როდესაც ქრისტე როგორღაც მოქმედებს ჩვენში. ასეთი ადამიანი, რომელსაც არასოდეს უხილავს იესო მოსიარულე და ვერ გრძნობს ვერანაირ მოქმედებას, შესაფერისს ქრისტესთვის, ხშირად სინანულისგან გონს მოეგება და ლეღვზე ძვრება, ანუ მოიძულებს და ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ სასიამოვნოსა და საამურს, რომელნიც ლეღვით არიან აღნიშნულნი და ამრიგად, ამაღლდება რა საკუთარ თავზე და ფიქრობს ზეაღსვლაზე გულში, იესოს თვალთახედვაში ექცევა და თავადაც თვალს მიადევნებს მას. მაშინ უფალი ეუბნება: „ისრწაფე და გარდამოხედ“, ანუ სინანულის მეშვეობით შენ უმაღლეს ცხოვრებას მიემთხვიე, მაშ „ისწრაფე და გარდამოხედ“ სიმდაბლის მეშვეობით, რათა ქედმაღლობით არ ცდუნდე. დამდაბლდი სწრაფად, რადგან თუკი დამდაბლდები „სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაი“. ჩემთვისო, ამბობს, აუცილებელია მდაბლის სახლში ყოფნა. ვინაიდან „ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს“ (ეს. 66, 2). ასეთი ადამიანი ქონების ნახევარს გლახაკებს აძლევს. სიმდიდრე ჩვენ ორი სახის გვაქვს; ხორციელი და სულიერი. ყოველგვარ ხორციელს მართალი უთმობს გლახაკებსა და მოკლებულთ ყოველგვარ სიკეთეს, მაგრამ სულიერ სიმდიდრეზე იგი უარს არ ამბობს. როგორც უფალიც ამბობს იობზე „ოღონდ მის სულს გაუფრთხილდი“ (იაბ. 2, 6). ასეთი, თუ ვინმეს რაიმე აწყენინა ოთხმაგად მიაგებს. ამით მინიშნებულია იმაზე, რომ ყოველი, რომელიც სინანულის მეშვეობით შეუდგება გზას, საწინააღმდეგოს უწინდელი ბოროტებისა, ოთხი სათნოებით წამლობს ყველა ადრინდელ ცოდვას და ამ გზით იღებს ხსნას. იგი „აბრაამის ძედ“ იწოდება, რამდენადაც, აბრაამის მსგავსად მან დაუტევა თავისი მიწა და მისწრაფება უწინდელი ბოროტებისადმი, დასახლდა თავისი მამის სახლს გარეთ, ანუ თავის თავს გარეთ და საკუთარი თავი უარყო (ვინაიდან იგი თავისი მამის, ეშმაკის, სახლი იყო (იოან. 8, 44) და ამრიგად, უარყო რა თავისი თავი და გაუუცოხვდა მას, სხნასაც ღებულობს.

11. და ვითარცა ესმოდა ესე ერსა მას, შესძინა და თქუა იგავი ამისთჳს, რამეთუ მოახლებულ იყო იგი იერუსალჱმსა, და ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისაჲ. 12. და ჰრქუა მათ: კაცი ვინმე აზნაური წარვიდა შორსა სოფელსა მოღებად თავისა თჳსისა მეუფებისა და მოქცევად. 13. და მოუწოდა ათთა მონათა თჳსთა და მისცა მათ ათი მნაჲ და ჰრქუა მათ: ვაჭრობდით ამას, ვიდრემდე მოვიდე. 14. ხოლო მოქალაქეთა მისთა სძულდა იგი და მიავლინნეს მოციქულნი შემდგომად მისა და ჰრქუეს მას: არა გუნებავს მაგისი მეუფებაჲ ჩუენ ზედა.

მე მგონია, რომ ამ ადამიანებს, ესმოდათ რა ღმრთის მეუფებაზე იგებდნენ ამას, როგორც, თითქოსდა ნებას უფლისა ებრაელი ხალხის განთავისუფლების თაობაზე, ამიტომაც ვარაუდობდნენ, რომ იესო, იერუსალიმში შესვლისას, მიიღებდა ამ მეფობას. მაგრამ უფალი, რათა უჩვენოს მათ, რომ უგუნურად სჯიან, ვინაიდან მისი მეფობა არ არის ხორციელი და ამასთანავე, უჩვენოს ისიც, რომ მისთვის, როგორც ღმერთისთვის, ცნობილია მათი ფიქრები, ეუბნება ამ იგავს, გამოჰყავს რა საკუთარი თავი დიდგვაროვან ადამიანად. ვინაიდან მართალია ის განკაცდა, მაგრამ უარი არ უთქვამს ღვთაებისათვის დამახასიათებელ სიმაღლესა და კეთილშობილებაზე. აღასრულა რა საიდუმლო ხორციელ სახლთმშენებლობისა, კვლავაც შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა, ანუ რათა ადამიანური ბუნებითაც დამჯდრაიყო ხორციელად „მარჯუენით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა“ (ებრ. 8, 1). ვინაიდან, როგორც ღმერთი, ის ყოველთვის იჯდა მამასთან ერთად, ხოლო როგორც ადამიანი იგი მაშინ დაჯდა, როდესაც ამაღლდა, „და მიერითგან მოელის, ვიდრემდის დაისხენ მტერნი მისნი ქუეშე ფერხთა მისთა“. (ებრ. 10; 12-13). ეს კი ქვეყნის აღსასრულისას მოხდება, როდესაც ყველანი, ამის არ მსურველნიც დაემორჩილებიან მას, ირწმუნებენ რა, რომ იესო ქრისტე არის უფალი „სადიდებელად ღმრთისა მამისა“ (ფილ. 2, 11). „მოქალაქენი“ არსებითად იუდეველნი არიან, , რომელთაც სძულდათ იგი. და „მიხილეს და მომიძულესო, - ამბობს იგი, - მეცა და მამაიცა ჩემი“ (იოან. 1, 15, 24). მათ არ სურდათ, რომ იგი გამეფებულიყო მათზე. ამიტომაც, უარს ამბობდნენ რა მის მეფობაზე, ეუბნებოდნენ კიდეც პილატეს: „არა გვივის ჩვენ მეუფე“ და კვლავაც „ნუ დასწერ მეუფედ ჰურიაითა“ (იოანე 19, 15. 21). თუმცა ზაქარია ღაღადებს: „იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო, ქადაგებდ, ასული იერუსალიმისაი. აჰა, მეუფე შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი“ (ზაქ. 9, 9); და ესაიაც: „აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე“ (32, 1); და დავითიც: „მე დავდეგ მეუფეთ მის მიერ ზედა სიონსა“ (ფსალ. 2, 6); იუდეველბმა მოიძულეს უფალი, მან კი თავის მონებს ათი მნა მისცა. მისი „მონები“ არსებითად ისინი არიან, ვისაც ჩაბარებული აქვთ მსახურება ტაძარში. ნათქვამია, რომ ისინი „ათნი“ არიან, საეკლესიო წარმომადგენლობის სრულყოფილების მიზეზით, ვინაიდან საეკლესიო წესრიგს სრულყოფილად მოწყობილი წარმომადგენლობა გააჩნია და არ იყო საჭიროება არც ამაზე მეტისა და არც ნაკლებისა. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ ეკლესიაში სამ შემდეგ მოქმედებას - განწმენდას, განათლებას და შემოსვას - და სამ ხარისხს, რომელთა შორის დანაწილებულია ეს ქმედებანი, დიაკვნები განწმენდენ ნათლად განმზადებითა და სწავლებით, მღვდლები განანათლებენ ნათლობით, მღვდელმთავარნი სასულიერო ხარისხებში ადგენენ და მოსავენ, ანუ ხელს დაასხამენ. ხედავ, ხარისხები შეესაბამება მოქმედებებს და სასულიერო პირთა ხარისხები არც მეტია და არც ნაკლები. სწორედ ამ მონებს ურიგებს უფალი ათ „მნეს“, ანუ ნიჭებს, რომელნიც ყველას სასიკეთოდ ეძლევა (1 კორ. 12, 7). ვინაიდან თითოეული, რომელსაც ჩაბარებული აქვს წარმომადგენლობა, უღირსიც რომ იყოს, თავად ცხებისაგან აქვს ნიჭი მიმადლებული და ეს ჭეშმარიტად დიდი საიდუმლოა ღვთის კაცთმოყვარებისა და სახლის მშნებლობისა.

15. და იყო მოქცევასა მას მისსა, მო-რაჲ-აქუნდა მეუფებაჲ თჳსი, და ბრძანა მოწოდებაჲ მათ მონათაჲ, რომელთადა მიეცა ვეცხლი იგი, რაჲთა უწყოდის, რაჲ-იგი ივაჭრეს. 16. და მოვიდა პირველი იგი და ჰრქუა: უფალო, შენმან ვეცხლმან ათი სხუაჲ შესძინა სასწორი. 17. ჰრქუა მას: კეთილ, სახიერო მონაო, რამეთუ მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, იყავ შენ ჴელმწიფე ათთა ზედა ქალაქთა. 18. და მოვიდა მეორე იგი და ჰრქუა: უფალო, ვეცხლმან შენმან სხუაჲღა ხუთი სასწორი ყო. 19. ჰრქუა მასცა: და შენცა იყავ ხუთთა ზედა ქალაქთა. 20. და მესამე იგი მოვიდა და ჰრქუა: უფალო, აჰა ვეცხლი შენი, რომელი მაქუნდა დაკრძალული სუდარსა, 21. რამეთუ შემეშინა, ვითარმედ კაცი ხარ სასტიკი: მოიღი, სადა არა დასდვი, და მოიმკი, სადა არა დასთესი. 22. და ჰრქუა მას: პირისა შენისაგან გსაჯო შენ, მონაო ბოროტო; იცოდე, რამეთუ მე კაცი ვარ სასტიკი: მოვიღი, სადა არა დავდვი, და მოვიმკი, სადა არა დავსთესი. 23. და რაჲსათჳს არა დასდევ ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, მო-მცა-ვედ მე და ვახშითურთ ვქმენ იგი. 24. და ჰრქუა წინაშე მდგომელთა მათ: მოუღეთ ვეცხლი იგი და მიეცით, რომელს-იგი აქუს ათი სასწორი ვეცხლი. 25. და მათ ჰრქუეს მას: უფალო, აქუს ათი სასწორი. 26. გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ყოველსა რომელსა აქუნდეს, მიეცეს; ხოლო რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. 27. ხოლო მტერნი იგი ჩემნი, რომელთა-იგი არა უნდა მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, მომგუარენით მე აქა და მოწყჳდენით წინაშე ჩემსა. 28. და ვითარცა ესე წართქუა, ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა იერუსალჱმდ.

„როდესაც უკან დაბრუნდება“ ქრისტე, კეთილშობილი ადამიანური წარმოშობითაც (ვინაიდან უფალი სამეფო გვარიდან წარმოსდგებოდა) და ღვთაებრივითაც; თავის მეორედ მოსვლის ჟამს, როდესაც იგი გამოჩნდება მოციქულებთან ერთად მეუფედ, „სადიდებელად ღმრთისა მამისა“ და როდესაც მოდრკება მის წინაშე ყოველი მუხლი, მაშინ უეჭველად მოითხოვს ანგარიშს იმ მონათაგანაც, ვინც ნიჭები მიიღეს. ირკვევა, რომ ერთმა მოუტანა სარგებელი მრავალს და ათმაგად განამრავლა თავისი ნიჭი, მეორემ ასევე მოუტანა სარგებელი, მაგრამ ნაკლები რაოდენობის ადამიანებს; მესამე კი საერთოდ არავისთვის იყო სასარგებლო, არამედ მოქმედების დრო გართობაში გაატარა. ამიტომ ის, ვინც მის მიერ მიღებული ათმაგად განამრავლა ათი ქალაქის მმრათველად იქნა დადგენილი, ანუ მიეცა ხელმწიფება ათ ქალაქზე, მაშასადამე მრავალგზის ჯილდოვდება. შესაბამის ჯილდოს იღებს ის, ვინც მას მოსდევს. ხოლო ის, ვინც არანაირი მოგება არ მოიტანა, განიკითხება: ვნახოთ რას ამბობს იგი: „უფალო, აჰა ვეცხლი შენი“, აიღე იგი, „რომელი მაქუნდა დაკრძალული სუდარასა“. გარდაცვლილ უფალს თავზე სუდარა ჰქონდა შემოხვეული (იოან. 20, 7), და ლაზარესაც საფლავში სახე ჰქონდა შესუდრული (იოან. 11, 44). ამიტომაც ეს დაუდევარი სამართლიანად ამბობს, რომ ბოძებლი მან სუდარაში შეახვია, ვინაიდან ჰყო რა იგი მკვდრად და უმოქმედოდ, მაშინ იგი ვერ გამოიყენა და მოგება ვერ მოიტანა „რამეთუ შემეშინდაო, - ამბობს, - ვითარმედ მოიღო სადა არა დასდვი“. მრავალნი იდებენ ამას საბაბად. არ სურთ რა იყვნენ ვინმესთვის სასარგებლონი, ისინი ამბობენ: სადაც უფალს არ დაუთესავს ნიჭიერება და შესაძლებლობანი, იქ მკასაც ნუ ელი. ესა და ეს მას არ შეუქმნია ნიჭიერად და შემძლედ სწავლისა; მაშ ჩემგან რაღას ითხოვ მისთვის სარგებლობის მოტანას? ამიტომაც უფალიც ამბობს: შენ ასწავლე და მიეცი ვეცრხლი მუშაკთა, ანუ ყველა ადამიანს, დადგენილს სარგებლის მისაღებად. ვინაიდან ყოველი ადამიანი უფლის მიერ ვაჭრადაა დადგენილი, რათა ამ სოფლის დიადი მუშაკობისას დასდოს ვერცხლი მისი სავაჭროდ. და „მო-მცა-ვედ მე და ვახშითურთ ვქმენ იგი“, ანუ უკან მოვითხოვო მოგებითურთ. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, ხოლო იმის გამო, რაც მას მოჰყვება, უფალი განსჯის მათ, ვინც არ ისურვებენ ისარგებლონ. ბოძებული წაერთმევა და კეთილ მუშაკს მიეცემა. თუმცა მას აქვს, მაგრამ სწორედ ამიტომ მისთვის სასარგებლოა უფრო მეტი მიიღოს. „რომელსა აქუნდეს, მიეცეს, ანუ ვინც კარგი ვაჭრობის წყალობით დიდძალი თანხები შეკრიბა, მას მეტიც მიეცემა. ვინაიდან, თუკი მან მცირედი ათმაგად გაზარდა, ცხადია, რომ გააათმაგებს რა მეტს, ბატონს კიდევ უფრო მეტ მოგებას მოუტანს. ხოლო დაუდევარსა და უდებს, რომელმაც არ იზრუნა მის მიერ მიღებულის გამრავლებაზე, რაც აქვს, ისიც წაერთმევა, რათა უქმედ არ იდოს ბატონის ქონება, მაშინ როდესაც შეიძლება იგი სხვას მიეცეს და მრავალგზის გაიზარდოს. ჩვენ გვესმის ეს არა მხოლოდ სიტყვასთან და სწავლებასთან დაკავშირებით, არამედ ზნეობრივ სათნოებებთან მიმართებაშიც. ვინაიდან მათთან მიმართებაშიც მოგვცა უფალმა ნიჭები: ერთს - მარხვისა, მეორეს - მოწყალებისა, მესამეს - სიმდაბლისა, კიდევ სხვას მორჩილებისა, და თუკი ვიფხიზლებთ, განვამრავლებთ ამ ნიჭებს. თუკი დაუდევარნი ვიქნებით და ნებაყოფლობით მოვკვდებით, მაშინ შემდგომში ღმერთს გადავაბრალებთ, როგორც ჩვეულებრივ ვამბობთ ხოლმე: რა ვქნა? თუკი ესა და ეს წმინდანი გახდება იმიტომ, რომ ღმერთმა მოიღო მასზე მოწყალება და იგი წმინდაა; ხლო ჩემზე არ მოიღო და მე არ ვარ წმინდა; და ეს პეტრე იყო, სხვა პავლე. უგუნურო ადამიანო! თავად მნა (შენთვის მოცემული) გაქცევს შენ პეტრედ და პავლედ. აკეთე შენი საკუთარი ძალისაებრ და რაიმე მაინც მოუტანე შენს მომცემელს, თუკი იმდენს არ მოუტან, რამდენიც პეტრემ და პავლემ: ვინაიდან მათაც მნა მიიღეს და შენც - მნა. და ამასთან, ოდნავადაც არ შეგიწუხებია რა თავი სიკეთის ქმნისათვის, შენ ღმერთს ადანაშაულებ! ამიტომაც, აღმოვჩნდები რა უღირსი ნიჭებისა, ჩვენ ვკარგავთ მათ. „ხოლო მტერნი იგი ჩემნიო“, - ამბობს, რომელთაც არ სურდათ ჩემი მეფობა, „მომგვარენით მე აქა და მოსწყვიდენით წინაშე ჩემსა“, ანუ იუდეველნი, რომელთაც იგი წარსაწყმედად მისცემს გაგზავნის რა მათ მარადიულ ცეცხლში. და, უბედურები აქაც, ანუ ამ სოფელშიც, შეიმუსრნენ რომაელთა ჯარების მიერ, და ჯერაც დაკრძალულ არიან და კვლავაც დაკრძალულ იქნებიან იქ შესამუსრად.

29. და იყო, ვითარცა მიეახლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი. 30. და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ და ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღავინ დაჯდომილ არს; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე. 31. და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რაჲსათჳს აღჰჴსნით? ესრეთ არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე. 32. და ვითარცა წარვიდეს, რომელნი-იგი მიავლინნა, პოვეს ეგრეთ, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ. 33. და აღ-რაჲ-ჰჴსნიდეს იგინი კიცუსა მას, ჰრქუეს მათ უფალთა მათ მისთა: რაჲსათჳს აღჰჴსნით კიცუსა მაგას? 34. ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე. 35. და მოჰგუარეს იგი იესუს და დაასხეს სამოსელი კიცუსა მას, და დაჯდა იესუ მას ზედა. 36. და ვითარ შევიდოდა იგი, დაუფენდეს სამოსელსა მათსა გზასა ზედა. 37. და ვითარცა მიიწია იგი შთასავალსა მას მთისა ზეთისხილთაჲსა, იწყო ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთამან სიხარულით ქებად ღმრთისა ჴმითა დიდითა ყოველთა მათთჳს, რომელნი იხილნეს ძალნი, 38. და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! მშვდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა! 39. და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა! 40. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გეტყჳ თქუენ: დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე.

უფალი, ერთსა და იმავე დროს ორი მიზნით ჯდება ვირის კიცვზე: ჯერ ერთი, რათა აღესრულებინა წინასწარმეტყველება, რომელიც ღაღადებს: აჰა მეუფე შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, თავადი მშვიდი და მჯდომარე კარაულსა ზედა, და კიცუსა ახალსა“ (ზაქ. 9, 9); მეორეც, რათა ხატოვნად გაგვაგებინოს ჩვენ, რომ იგი დაიმორჩილებს ახალ, განუწმენდავ და მოუთოკავ წარმართ ხალხს. თუ მანძილით ვიმსჯელებთ, უფალი, ეჭვგარეშეა, არ საჭიროებდა კიცვს, ვინაიდან, ფეხით შემოიარა რა მთელი გალილეა და იუდეა, როგორ გაუჩნდა უცებ ჩოჩორის საჭიროება ბეთანიიდან იერუსალიმში გადასვლისას, სადაც მანძილი, როგორც ყველასთვის ცნობილია, უმნიშვნელოა? ამრიგად, იგი ამას საიდუმლო აზრით აკეთებს. კიცვი მიბმული იყო და მრავალი პატრონი ჰყავდა, მაგრამ წარგზანილთა, ანუ მოციქულთა მიერ, აიხსნება. ეს ასეთი აზრის მატარებელია. „ბეთანია“ განმარტების მიხედვით, აღნიშნავს „სახლს მორჩილებისა“, ხოლო ბეთბაგე - „სახლს ყბებისა“, ადგილს განკუთვნილს მრვდელთათვის. ვინაიდან მღვდლებს ეძლეოდათ ყბები, როგორც სჯულითაა დადგენილი. (მეორ. რჯულ. 18, 3). ყბებით აღნიშნულია სიტყვა სწავლებისა, რომლითაც აილესება და ფაქიზდება სულიერი ყბები. ამრიგად, სადაც არის სახლი სწავლების სიტყვისა და ამ სიტყვისადმი მორჩილებისა, იქ იგზავნებიან უფლის მოწაფენი და ახსნიან ადამაინებს, შეკრულთ ცოდვების საკვრელითა და მრავალი ყოფითი საზრუნავით და მრავალი ბატონისა და ღმერთის მონათაგან აქცევენ მათ თაყვანისმცემლად ერთი უფლის იესოსი და ერთი მამა ღმერთისა. ხოლო იქ, სადაც არც მორჩილების სახლია, არც სწავლების სიტყვა მიიღება, იქ არაფერი მსგავსი არ ხდება და კიცვიც არ აღიხსნება. წარგზავნილნი „ორნი“ არიან. ამით აღინიშნება ის, რომ წარმართთა ქრისტესთან მიყვანებასა და მისდამი დამორჩილებას იერარქიის ორი წარმომადგენელი ემსახურება: წინასწარმეტყველნი და მოციქულნი. კიცვი ვირისა მოჰყავთ რომელიღაც დაბიდან (სოფლიდან), რათა ვიცოდეთ, რომ წარმართი ხალხი ძალზედ უბრალო და უმეცარი იყო. ვინაიდან იგი არასოდეს ემორჩილებოდა არც მოსეს, არც წინსწარმეტყველთა სწავლებას, არამედ უწვრთნელი ჩოჩორი იყო. თუკი, როგორც სხვა მახარებელმა თქვა (მათ. 21, 15), ყრმებიც ღაღადებდნენ: „ოსანა ძესა დავითისსა“, ისინიც შეიძლება აღნიშნავდნენ იმავე ახალ ხალხს, რომელმაც ირწმუნა რა იესო, ხორციელად მოვლენილი დავითის თესლისგან, დიდებას აღავლენდა ღვთისადმი, როგორც დაწერილია: „ერი დაბადებადი აქებდის უფალსა“ (ფსალ. 101, 19). ტანსაცმლის დაფენა, ვგონებ, იმას ნიშნავს, რომ იესოსადმი გალობის ღირსნი, განიძარცვავენ რა ძველ ადამიანს, უფენენ და უმორჩილებენ მას იესოს, რათა მასზე ფეხის დადგმით განანათლოს იგი და ხორცი არ ამხედრდეს სულის წინააღმდეგ, ისე რომ მათაც შეეძლოთ თქვან: „დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას“ (ფსალ. 36, 7). ამბობს რა, რომ მოწაფეთა მთელი სიმრავლე აქებდა უფალს, ლუკა უწოდებს მოწაფეებს საერთოდ ყველა მიმდევარს იესოსი, არა მხოლოდ თორმეტსა და სამოცდაათს, არამედ მთელ ხალხს, რომელნიც ან სასწაულთა საჭიროების, ან დროდადრო სწავლების გატაცების გამო, იესოს მისდევდა. მათ რიცხვში, ბუნებრივია, შეინიშნებოდნენ ყრმებიც, როგორც სხვა მახარებელნი გადმოსცემენ (მათ. 21, 15). ღვთისადმი აღძრულნი, ყრმები აღიარებენ იესოს მეუფედ მომავალს „სახელითა უფლისათა“, ანუ ღმერთად და ამბობენ: „მშვიდობაი ცათა ზედა“. სხვაგვარად: უწინდელი მტრობა, რომელიც ღმერთთან გვქონდა, შეწყვეტილია. ვინაიდან არ იყო დედამიწაზე მეუფე ღმერთი. ახლა კი როდესაც უფალი მოდის მიწაზე, ჭეშმარიტად მშვიდობაა ცათა ზედა და ამიტომაც „დიდებაჲ მაღალთა შინა“, რამდენადაც ანგელოზნიც განადიდებენ იმ ერთსულოვნებასა და შერიგებას, რომელიც გვიწყალობა ჩვენ ვირის კიცვზე ამხედრებულმა მეუფემ და ღმერთმა. ვინაიდან ის, რომ მიწაზე მოივლინა ჭეშმარიტი ღმერთი და დადის ჩვენს ქვენაში, ქვეყანაში თავისი მტრებისა, ცხადყოფს, რომ მასსა და ჩვენ შორის ზავი დაიდო. ფარისეველნი დრტვინავდნენ იმის გამო, რომ ხალხი იესოს მეუფეს უწოდებდა და განადიდებდა მას, როგორც ღმერთს, ვინაიდან (მათი აზრით) საზეიმოდ მინიჭება მისთვის მეუფის სახელისა იყო ნიშანი აღმაშფოთებელი და ღვთის გმობის მომასწავებელი. მაგრამ იესო ამბობდა: „დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე”. ანდა: ადამიანები ამას ამბობენ არა ჩემდამი მაამებლობის გამო, არამედ წარმოსთქვამენ ამ დიდებას იმიტომ, რომ ამაში მათ არწმუნებს და აღძრავს ყველა ის ნიშანი და ძალა, რომელიც იხილეს.

41. და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა 42. და იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშჳდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა. 43. რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარე-მოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო. 44. და დაგარღჳონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა შენ შორის ამისთჳს, რამეთუ არა გულისჴმა-ჰყავ ჟამი მოხედვისა შენისაჲ.

უფალი, როგორც კაცთმოყვარე, ტირის ქალაქზე; ვინაიდან არ სურდა მასში მცხოვრებთა დაღუპვა მის მიმართ კადნიერი საქციელის გამო. ამრიგად, ტირილით იგი ამჟღავნებს თავის თანამგრძნობ გულს. ხოლო ის, რომ მას ეცოდებოდა ისინი არა მხოლოდ ჯვარცმის წინ, არამედ ჯვარცმის შემდეგაც, სურდა მათი მოქცევა, ეს ჩანს იქიდანაც, რომ მან მისცა ისინი რომაელთა ხელთ მრავალი წლის შემდეგ, ვინაიდან ოცდათხუმეტი წელი გავიდა. უეჭველია, რომ სხვა არაფრის გამო გადავადებულა მის მიერ სასჯელი, თუ არა მათი მოქცევის ძლიერი სურვილისა. ამრიგად, იგი გოდებს იერუსალიმის გულქვაობაზე და ამბობს: უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა!“ ანუ თუნდაც ახლა რომ შეგეცნო, თუ რა არის შენთვის სასარგებლო და რას მიჰყავხარ მშვიდობისა და სიმშვიდესაკენ, კერძოდ: რომ უნდა ირწმუნო ჩემი და განეშორო ბოროტ განზრახვას ჩემს წინააღმდეგ! ახლა კი დაფარულია შენს თვალთაგან ის, რომ მოუთმენელი უბედურებანი დაგატყდება შენს მიერ ჩემი უარყოფის გამო და რომ შენ დაითმენ ამასა და ამას იმის გამო, რომ ვერ გულისხმაყავი ჟამი შენი „მოხედვისა“ ანუ ჩემი მოვლენისა, როდესაც მე მოვედი შენს მოსანახულებლად და სახსნელად. ამრიგად, შენ გმართებდა შეგეცნო თუ რა ემსახურება შენს კეთილდღეობას, ანუ გერწმუნა ჩემი და შენ უსაფრთხოდ იქნებოდი რომაელთა მხრიდან და თავისუფალი ყოველგვარი ზიანისაგან. ვინაიდან ყველა, ვინც ქრისტე ირწმუნა, გადარჩა ტყვედ ჩავარდნას, ასე რომ ყველას რომ ერწმუნა ტყვედ არავინ ჩავარდებოდა.

45. და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად მსყიდელთა მათ და მომსყიდელთა 46. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს, ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა. 47. და იყო მუნ და ასწავებდა დღითი-დღედ ტაძარსა მას შინა. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მთავარნი ერისანი ეძიებდეს მას წარწყმედად. 48. და ვერარას ჰპოებდეს, რაჲ უყონ მას, რამეთუ ყოველი ერი დამორჩილებულ იყო სმენად მისგან.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24