ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

ლუკას სახარების განმარტება

 

თავი მეოცე

1. და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ, 2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე: 4. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? 5. ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? 6. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაწარმეტყუელად. 7. და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო. 8. და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

უფალი, დიდებით შესული იერუსალიმში, თავისი ძალაუფლების დასამტკიცებლად აკეთებს იმას, რომ თავისი მამის სახლს წმენდს მოვაჭრეთაგან. მან ეს ქადაგების დასაწყისში გააკეთა, როგორც იოანე მახარებელი ამბობს (2, 13-18). ახლა კი იმავეს აკეთებს, მეორეჯერ. ეს იუეველთა უფრო მეტად დადანაშაულებას ემსახურება, რადგან მათ ვერ გულისხმაყვეს მისი პირველი ღია შეგონება, არამედ აგრძელებდნენ ტაძარში ვაჭრობას და მას ღვთის მოწინააღმდეგეს უწოდებდნენ, მაშინ როდესაც იგი პატივს სცემს მამასა და ღმერთს იმ ზომამდე, რომ მის სახლს მოვაჭრეთაგან ათავისუფლებს. მათ სამხილებლად მას ესაიას სიტყვებიც მოჰყავს: „სახლი ჩემი, სახლ სალოცველ არს“ (56, 7). ისინი კი უგუნურად ეკითხებიან მას: „რომლითა ხელმწიფებითა ამას იქმ?“ თუმცა მათ შეეძლოთ შეესმინათ რამდენადაც მან წინასწარმეტყველის სიტყვები დაიმოწმა, რომ უფლის სახლი არის სახლი სალოცველი და არა სავაჭრო და ქვაბული ავაზაკთა (ვინაიდან ვერცხლისმოყვარეობა და ვაჭრუკანობა ავაზკთათვისაა დამახასიათებელი), მაშ რაღა საჭიროება იყო ეკითხათ მისთვის, რომელი ხელმწიფებით იქმს ამას, როდესაც შეიძლება პირდაპირ დასკვნა, რომ ასე ბრძანებს უფალი წინასწარმეტყველის მეშვეობით? ისინი კი კითხულობენ: „რომლითა ხელმწიფებითა ამას იქმ?“ სჯულიო, ეუბნებიან, ტაძარში განკარგულების გაცემის უფლებას ლევიტელებს ანიჭებს, მაშ შენ, რომელიც ლევიტელთა შტოდან არ წარმოსდგები, როგორ აკეთებ ამას და მიიტაცებ წმინდა უფლებას? მაგრამ ო, იუეველნო, გაიხსენეთ დავითის სიტყვები: „შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა“ (ფსალ. 109, 4) მელქისედეკი მღვდლადაა დასახელებული. მელქისედეკი კი არ იყო მღვდელი არც სჯულის მიხედვით, არც ლევიტელთა შტოდან წარმომავლობის გამო. ვინაიდან როგორ იქნებოდი ეს, როდესაც იგი ლევზე მრავალი წლით ადრე ცხოვრობდა? თანაც, რატომ ითხოვ ქრისტესგან სჯულისმიერი კანონის დაცვას? ღმერთი კანონებს არ ემორჩილება. როდესაც საჭირო იყო, მან ბრძანა, რომ მღვდლები ლევის შტოდან ყოფილიყვნენ, ახლა კი აუქმებს ამ კანონს და ირჩევს მღვდლობას მელქისედეკის წესით. ამიტომაც სამსხვერპლო ცხოველების - ცხვრებისა და მტრედების გამყიდველთ, - გამოასხამს, ერთი მხრივ იმიტომ, რომ შეინარჩუნოს მშვენირება და კეთილკრძალულება ტაძრისა, ხოლო მეორე მხრივ, - რათა ისიც აჩვენოს, რომ აღარ უნდა გვწამდეს ღვთის მოწყალე ყოფისა ცხოველთა შეწირვით. ამრიგად, უფლისთვის ადვილი იყო ეპასუხა მათთვის, რომ „ასეა დაწერილი“, და ეთქვა, რომ ასე ბრძანებს წინასწარმეტყველი, ანდა უფრო უკეთ, ღმერთი, მაგრამ, რათა ემხილებინა ისინი სული წმინდისადმი მუდმივ წინააღმდეგობაში და იმაში, რომ მათ არ სურდათ ერწმუნათ არა მხოლოდ უძველესი წინასწარმეტყველის ესაიასი, შესაძლოა, მათ მიერ დავიწყებულისაც კი, არამედ სულ ახლახანს მოვლენილი, თითქმის არანივთიერი და უხორცო იოანესიც; ამიტომაც მათ კითხვაზე, თავის მხრივ, უსვამს მათ ამ, გაკვირვების ღირს კითხვას. ამ კითხვით იგი მათაც დაუყოფს პირს და ჩვენც გვიჩვენებს, რომ თუკი მათ ასეთი წინასწარმეტყველისა არ ირწმუნეს, როგორიც იოანე იყო, რომელიც, მათი აზრით, მასზე მეტი იყო, როდესაც იგი მასზე მოწმობდა, მაშ როგორღა დაიჯერებდნენ ისინი მის პასუხს, თუ რომელი ხელმწიფებით იქმოდა ამას? ვინაიდან, რაც არ უნდა ეთქვა მას, მათ ყველა შემთხვევაში შეეძლო სხვაგვარად აეხნათ ეს და დაეცინათ მსგავსად იმისა, როგორც მათ იოანეს სიტყვებიც მოიძულეს, რომელიც დიდ პატივში ჰყავდათ.

9. და იწყო იგავით სიტყუად მათა: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა მრავალთა ჟამთა. 10. და ჟამსა თჳსსა მიუვლინა მოქმედთა მათ მონაჲ, რაჲთა ნაყოფისა მისგან მოსცენ მას. ხოლო მოქმედთა მათ სცეს და ტანჯეს და წარავლინეს იგი ცალიერი. 11. და შესძინა მივლინებად სხუაჲ მონაჲ. ხოლო მათ იგიცა გუემეს და წარავლინეს ცუდი. 12. მერმე კუალად მიავლინა მესამე. ხოლო მათ შეიპყრეს და დასდვეს მას წყლულებაჲ და გამოაძეს იგი. 13. და თქუა უფალმან მის ვენაჴისამან: რაჲ ვყო? მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ უწყის, შეიკდიმონ. 14. ხოლო ვითარცა იხილეს იგი ქუეყანის-მოქმედთა მათ, ზრახვა-ყვეს ურთიერთას და თქუეს: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი, რაჲთა ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი. 15. და განიყვანეს იგი გარეშე სავენაჴესა მას და მოკლეს. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან სავენაჴისამან? 16. მოვიდეს და წარწყმიდნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. ხოლო მათ ესმა ესე და თქუეს: ნუ იყოფინ.

ეს იგავი მოკლეა, მაგრამ ბევრსა და დიდებულ რამეს გვასწავლის, კერძოდ: ღმერთს ჰქონდა და დაამტკიცა თავისი განსაკუთრებული განზრახულობა ებრაელთა მიმართ, რომ ისინი ძველთაგანვე მიდრეკილნი არიან მკვლელობისკენ; რომ ერთია ძველი და ახალი აღთქმის ღმერთი, რომ წარმართნი შეყვანილ იქნებიან, იუდეველნი კი განგდებულნი. ვენახი არის თავად იუდეველთა ეკლესია, ვენახის მოქმედნი - მწიგნობარნი და ფარისეველნი, ეს მოწინავე ადამიანები და ხალხის რჩეულნი. ანდა: თითოეული თავისთვის არის ვენახი და ვენახის მოქმედი, ვინაიდან თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავს ამუშავებს. კაცთმოყვარემ, მისცა რა ვენახი ვენახის მოქმედთ „წარვიდა“, ანუ დატოვა ისინი, რათა საკუთარი თავისუფლების მიხედვით ემოქმედათ. იგი სხვადასხვა „მონებს“ უგზავნის, ანუ წინაწარმეტყველთ, რათა თუნდაც მცირედი მოსავალი მიიღოს, რადგან სურდა „რაითა ნაყოფისა მისგან მოსცენ მას“ - ნათვამია და არა მთელი მოსავალი. რა ნაყოფი უნდა გავიღოთ ჩვენ ღმრთისა მიმართ, თუ არა მისი შეცნობა? და ეს ჩვენივე ნამატია; თუმცაღა ის ჩვენ ხსნას და ჩვენს სარგებელს თავისად თვლის, ბოროტი ვენახის მოქმედნი წყენას აყენებდნენ წარმოგზავნილთ, სცემდნენ და ხელცარიელს უშვებდნენ, ანუ ისეთ უმადურობამდე მივიდნენ, რომ არა მხოლოდ გადაუხვიეს სიკეთისგან და არანაირი კეთილი ნაყოფი არ გამოიღეს, არამედ ბოროტებაც ჩაიდინეს, რაც უფრო მეტ სასჯელს იმსახურებს. მას შემდეგ, რაც წინასარმეტყველბმა ასეთი საზარელი ბოროტება დაითმინეს, ეგზავნებათ ძე. „მივავლინოთ ძე ჩემი საყვარელიო, - ამბობს, - ვინ უწყის, შეიკდიმონ“. ამბობს „შეიკდიმონო“ არა იმიტომ, თითქოსდა არ იცის მომავალი: რომ მას ბევრად უფრო უარესად მოექცევიან, ვიდრე წინასწარმეტყველებს, - არამედ იმიტომ, რომ ასე უნდა ყოფილიყო! მათ უნდა შერცხვენოდათ მისი. თუკი ისინი იმდენად უსირცხვილონი იყვნენ, რომ მოკლეს იგი, ეს კიდევ უფრო მეტ ბრალს სდებს მათ, რადგან მას შემდეგაც, რაც ღმერთმა წარმოსთქვა, რომ კარგი იყო შეეკდიმათ ძისა, მათ საწინააღმდეგო განაჩენი გამოიტანეს. საუბრის ამგვარი შემობრუნება წმინდა წერილის მრავალ ადგილასაა, მაგალითად: „იქნებ გაიგონონ“ (იერ. 26, 3); „გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ“ (ეზეკ. 2, 5; 3, 11). ამ ადგილებში უფალი საუბრობს ასე არა მომავლის არცოდნის გამო, არამედ იმის გამო იყენებს გამოთქმის ამგვარ წესს, რათა ვინმემ არ თქვას, რომ ღვთის მიერ წინსწარმეტყველება იყო აუცილებელი მიზეზი ურჩობისა. „და განიყვანეს იგი გარეშე სავენახესა მას და მოკლეს“. სავსებით შესაძლებელია ითქვას: გარეშე იერუსალიმისა; ვინაიდან ქრისტე „გარეშე ბჭეთა ევნო“ (ებრ. 13, 12). მაგრამ რამდენადაც უფრო მაღლა ვენახის ქვეშ ჩვენ ხალხს ვგულისხმობთ და არა იერუსალიმს, საქმესთან უფრო ახლოს იქნება ითქვას, რომ ხალხმა მართალია მოკლა იგი, მაგრამ სავენახის გარეთ, ანუ საკუთარი ხელით კი არ მოკლა იგი, არამედ მისცა რა იგი პილატესა და წარმართებს. ამრიგად უფალი ევნო სავენახის გარეთ, ანუ არა ხალხის ხელით, ვინაიდან მისთვის არ შეიძლებოდა ვინმეს მოკვლა, ამიტომ იგი მოკვდა მებრძოლთა ხელით. ზოგიერთნი სავენახის ქვეშ გულისხმობდნენ წმინდა წერილს. ამრიგად, უფალი ევნო წმინდა წერილის გარეთ, ანუ იგი მოკლეს არა მოსეს მორწმუნეებმა. ვინაიდან მოსე რომ ერწმუნათ და მიემართათ წმინდა წერილისთვის, გამოიკვლევდნენ რა მას, არ მოკლავდნენ მეუფის წერილსა. თქვა რა ეს, ამატებს იმ განაჩენსაც, რომლის წარმოთქმასაც აპირებს მათ მიმართ, კერძოდ: „მისცეს ვენახი იგი სხუათა“, ანუ სხვებს მისცემს იმ მადლს, რომ მისი ერი ეწოდებოდეს. შეხედე: ისინი, ვინც ამბობენ, რომ სავენახე წმინდა წერილს აღნიშნავს, ვგონებ უფრო ზუსტად ხვდებიან აზრს, როგორც აქედან ჩანს. ვინაიდან, წმინდა წერილი, რომელიც წაერთვათ ებრაელებს, მოგვეცა ჩვენ. თუმცა ზოგიერთი თამამი იტყვის, რომ სავენახე არის ყველაფერი სულისმიერი, მდგომარეობს იგი წმინდა წერილსა და სჯულში, თუ საქმეებსა და ისტორიებში, რასაც ყველა იუდეველი მოაკლდა, ჩვენ კი ამით ვტკბებით.

17. ხოლო თავადმან მან მიხედა მათ და ჰრქუა: ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაუხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა? 18. ყოველი, რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი. 19. და უნდა მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა დასხმად ჴელთა მათთა მას ჟამსა შინა და ეშინოდა ერისა მის, რამეთუ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი ესე.

როგორ გესმის, ლუკა მახარებელი ამბობს, რომ უფალმა თქვა ეს სიტყვები: უფალი სავენახისა წარწყმედს უმადურ ვენახის მოქმედთ და მისცემს ვენახს სხვებს და რომ ფარისევლებმა გაიგონეს ეს, თქვეს: „ნუ იყოფინ!“ მათე მახარებელი კი სხვაგვარად ამბობს, კერძოდ, უფალმა იკითხა, რა უნდა უყოს იმ ქუეყანის - მოქმედთ უფალმა სავენახისა? იუდეველებმა კი პასუხად თქვეს: „ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენახი იგი მისცეს სხუათა“ (მათ. 21) წინააღმდეგობა ხომ არ არის აქ? სრულიადც არა. ვინაიდან, როგორც ჩანს მოხდა ერთიც და მეორეც: თავიდან თავად მათ წარმოსთქვეს განაჩენი, როგორც მათე მახარებელი გადმოსცემს; ხოლო შემდეგ, მიხვდნენ რა თუ ვის ეხებოდა იგავი, კერძოდ: რომ იგი მათ შესახებაა თქმული. თქვეს კვლავაც ის, რასაც ახლა ლუკა მახარებელი გადმოსცემს, კერძოდ: „ნუ იყოფინ!“ ქრისტე რაღას ამბობს? მას სხვა მოწმობაც მოყავს დავითის ფსალმუნებიდან (117, 22). საკუთარ თავს უწოდებს ლოდს, ხოლო თავად მასწავლებლებს მაშენებელთ, ისევე როგორც წინასწარმეტყველი ეზეკიელი ამბობს: „ჩემი ხალხი კედელს აშენებს და აჰა, ესენი კირით ლესავენ“ (ეზეკ. 13, 10), ანუ საუბრობენ რა თავიანთ სასარგებლოდ და ფარავენ ერის ნაკლოვანებებს და ამიტომ, თითქოსდა კირით ლესავენ დაზიანებულ ადგილებს ერისა, როგორც რომელიღაც კედლისა. როგორ „შეურაცხყვეს“ ეს ლოდი? როდესაც ამბობდნენ: „ესე კაცი არა არს ღმრთისაგან“ (იოან. 9, 16). უფალი საუბრობს აქ ორმაგ სიკვდილზე. ერთია - სიკვდილი მათი სულებისა, რომელიც მათ იმის გამო განიცადეს, რომ ცდუნდნენ. ვინაიდან „ყოველი, რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს“. მეორე - სიკვდილი ტყვეობისაგან, რომელიც ლოდმა მოჰგვარა მათ თავისი დამცირებისათვის მათ მიერ. ვინაიდან „რომელსა ზედა დაეცესო, - ნათქვამია, - განანქრიოს იგი“. იუდეველნი გასრესილნი და განბნეულნი არიან, როგორც ერთიდაიმავე კალოსგან, - პალესტინისგან, - შთენილნი მთელს მსოფლიოში. დააკვირდი იმასაც, რომ ისინი ჯერ დაეცნენ ამ ლოდზე, ანუ ცდუნდნენ, ხოლო უკვე შემდგომ ლოდი დაეცათ მათ და დასაჯა. ვინაიდან მე ჯერ ცოდვას ჩავდივარ, ხოლო შემდგომ სამართლიანი სასჯელი მომეწევა ღვთისგან. მაგრამ იუდეველებმა შეუარცხყვეს ეს ლოდი. ის კი ისეთი კარგი და რჩეული იყო, რომ კუთხის თავში იქნა დადებული და შეაერთა და დააკავშირა ორი კედელი, ანუ ძველი და ახალი. თუმცა მათ ესაიასი უნდა შეესმინათ, რომელიც ამბობს: „მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი. ის იქნება საწმიდარად და დაბრკოლების ლოდად და წაფორთხილების კლდედ ისრაელის ორი სახლისთვის, ბადედ და მახედ იერუსალიმის მკვიდრისათვის“. (ესაია 8, 13-14). მაგრამ ისინი მაშინაც, როდესაც მიხვდნენ, რომ უფალი მათზე ამბობს ამ იგავს, ბოროტს ზრახავენ მის წინააღმდეგ და ხელსაც დაასხამდნენ ხალხის რომ არ შეშინებოდათ. სჯულიც ამბობს: „უდანაშაულოს და მართალ კაცს ნუ მოკლავ“ (გამოსვ. 23, 7); მაგრამ მას ისინი არ უსმენენ, არამედ ხალხის რისხვისა ეშინიათ და თავს არიდებენ რა ხილულად ხელის დასხმას, სხვაგვარად მახეს აგებენ მის წინააღმდეგ.
20. და მზირ-უყვეს მას და მიავლინნეს მზირნი ორგულნი, რომელნი მართლად იტყოდეს თავთა თჳსთა, რაჲთა პოონ რაჲმე სიტყუაჲ მის თანა და მისცენ იგი მთავრობასა და ჴელმწიფებასა მთავრისასა. 21. და ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ მართალსა იტყჳ და ასწავებ და არავის თუალ-აღებ პირსა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. 22. ჯერ-არსა კეისრისა ხარკისა მიცემად ანუ არა? 23. და ვითარცა გულისჴმა-ყო ზაკულებაჲ იგი მათი, ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე? 24. მიჩუენეთ მე დრაჰკანი! ხოლო მათ უჩუენეს და ჰრქუა: ვისი არს ხატი და ზედაწერილი? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: კეისრისაჲ. 25. და იესუ ჰრქუა მათ: აწ უკუე მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. 26. და ვერარაჲ პოვეს მისთჳს სიტყჳს-გებაჲ წინაშე ერისა მის. და უკჳრდა სიტყჳს-მიგებაჲ იგი მისი და დადუმნეს.

ფარისევლებმა მოამზადეს მახე, რომლისთვის თავის არიდებაც, მათი აზრით, უფლისთვის ძნელი იქნებოდა, მაგრამ „მახითა ამით, რომელი დაარწყვეს, შეიპყრა ფერხი მათი“ (ფსალ. 9, 16). შეხედე, როგორი მზაკვრობაა! თუკი უფალი იტყვის, რომ საჭიროა კეისრისთვის ხარკის მიცემა, მაშინ მას ხალხის წინაშე იმაში დაადანაშაულებენ, რომ იგი მონობაში აგდებს ხალხს, რომელიც არის ნათესავი აბრაამისა და არასდროს დამონებია ვინმეს (იოან. 8, 33). თუკი იგი აუკრძალავს ხარკის მიცემას, მაშინ ასეთ შემთხვევაშიმას, როგორც შფოთის თავს მმართველთან მიიყვანენ. მაგრამ უფალი გაურბის მათ მახეებს, როგორც „ნიამორი“, ვინაიდან ასე უწოდა მას სძალმა „ქებათა ქებაში“ (2, 9) და გვასწავლის, რომ სხეულებრივი დაქვემდებარება ჩვენი სხეულების მფლობელისადმი, მეფეა ის, თუ ტირანი, სრულიადაც არ გვიშლის ხელს სათნო ვეყოთ სულთა უფალს. ამრიგად, „მიეცითო, - ამბობს - კეისრისა კეისარს და ღმრთისა ღმერთს“ და დააკვირდი, არ უთქვამს „თუ გინდათ მიეცითო“, არამედ „მიეცითო“. ესო, ეუბნება, ვალია, ამიტომაც გადაიხადე რაც გმართებს. შენი მეფე გიფარავს შენ არაკეთილმოსურნეთაგან, შენს ცხოვრებას მშვიდობიანს ხდის, ამისთვის მოვალე ხარ უხადო. და სხვაგვარადაც, სწორედ ის, რასაც იხდი, შენ მისგანვე გაქვს. ამრიგად მეფის მონეტა კვლავაც მასვე (მეფეს) დაუბრუნე, ამასთანავე შენ საკუთარი თავისთვისაც ნახე აქედან სარგებელი გადაცვალე რა ის და მოიპოვე სიცოცხლისათვის აუცილებელი. სწორედ ასევე, მიეცი ღმრთისა ღმერთს. მან მოგცა შენ გონება - დაუბრუნე მას იგი გონიერი მოღვაწეობით. მან მოგცა შენ განსჯა - დაუბურნე მას იგი, არ მიემსგავსები რა უგუნურ ცხოველთ, არამედ მოიქცევი რა ყველაფერში, როგორც გონებით დაჯილდოებული. და საერთოდაც მან მოგცა შენ სულიც და სხეულიც - დაუბრუნე მას ყველაფერი და აღადგინე მისთვის მისი ხატება, იცხოვრე რა რწმენით, სასოებით და სიყვარულით. და სხვა აზრითაც უნდა მისცე კეისრისაკეისარს. თითოეული ჩვენთაგანი ატარებს თავისში ან ღვთის ხატებას, ან ხატებას ამ სოფლის მთავრისა. როდესაც ჩვენ კეისარს ვემსგავსებით, ვხდებით რა ეშმაკის ძენი, ჩვენ მის ხატებას ვატარებთ. სწორედ ეს ხატება უნდა დავუბრუნოთ და უარვყოთ, რათა მას თავისი თვითონ ჰქონდეს, ხოლო ჩვენში არ ჰპოვოს არაფერი, რაც მას ეკუთვის, ამის მეშვეობით ღვთის ხატებაც შეიძლება შეინახოს ჩვენში წმინდად. ამიტომაც მოციქული პავლეც გვარწმუნებს, რომ როგორც მიწიერის ხატებას ვატარებდით ჩვენში, ასევე ვატარებთ ზეციურისაც (1 კორ. 15, 49); და სხვა ადგილას: „განიშორეთ თქვენგან პირველისა მისებრ სვლისა თქუენისა ძველი იგი კაცი“ (ეფ. 4, 22). რაც აქ გამოხატულია სიტყვით „მიცემა“, ის პავლესთან გამოხატულია სიტყვით „განშორება“ და რასაც აქ კეისრის ხატი ეწოდება, იქ ეწოდება „ხატი იგი მიწისაგანისაი“, ანუ ეჭვგარეშეა ადამისა, რომელმაც შესცოდა და „ძუელი იგი კაცი“. ვინაიდან მიწიერის ხატი სხვა არაფერია, თუ არა ხრწნა და ცოდვა, როგორი ხატიც ჩვენ გვაქვს, რადგან განდგომილს მივემსგავსეთ და არა მეუფეს. ფარისევლებმა ვერ შეძლეს დაეჭირათ იესო სიტყვაში ხალხის წინაშე, ვინაიდან ისინი განსაკუთრებით ცდილობდნენ, რომ ხალხის წინაშე დაეწამებინათ მისთვის ცილი, როგორც ხალხის რომაელთადმი დამმონებლისთვის, ამას კი ვერ მიაღწიეს მისი ბრძნული პასუხის გამო.


27. მო-ვინმე-უჴდეს მას ჟამსა შინა სადუკეველნი, რომელნი აცილობენ, ვითარმედ აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხეს მას და ეტყოდეს: 28. მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე ძმაჲ მოუკუდეს და ესუას მას ცოლი და იგი უშვილო უყოს, რაჲთა შეირთოს ცოლი იგი მისი ძმამან მისმან და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა. 29. შჳდნი უკუე ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან მან შეითრო ცოლი და მოკუდა უშვილოჲ. 30. და მეორემან და მესამემან, 31. და მოწყდეს უშვილონი. და ეგრეთვე ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაშთა შვილი. 32. შემდგომად მათ ყოველთაჲსა მოკუდა დედაკაციცა იგი. 33. აწ უკუე აღდგომასა მას მკუდართასა ვისა მათგანისა იყოს ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად? 34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნაშობნი ამის სოფლისანი იქორწინებიან და განჰქორწინებენ; 35. ხოლო რომელნი-იგი ღირს იქმნნენ საუკუნესა მას მიმთხუევად და აღდგომასა მას მკუდრეთით, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, 36. არცაღა მერმე სიკუდილად ჴელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან. 37. ხოლო რამეთუ აღდგენ მკუდარნი, მოსეცა აუწყა მაყულოვანსა მას ზედა, ვითარცა-იგი იტყჳს უფალსა ღმერთსა აბრაჰამისსა და ღმერთსა ისაკისსა და ღმერთსა იაკობისსა. 38. რამეთუ არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე. 39. მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართა და ჰრქუეს: მოძღუარ კეთილად სთქუ. 40. და ვერღარა იკადრეს კითხვად მისა მიერითგან. და ჰრქუა მათ უფალმან:

სადუკეველნი ეყრდნობოდნენ რა სუსტ საფუძველს თავიანთ გამონაგონში, არ სწამდათ სწავლება აღდგომის შესახებ. როდესაც ვარაუდობდნენ, რომ აღდგომისას ხორციელი ცხოვრება იქნება. ისინი ბუნებრივია, ცდებოდნენ. ამიტომაც, დასცინიან რა სწავლებას აღდგომის შესახებ, როგორც უგუნურს, ისინი სრულიად უაზრო ამბავს იგონებენ. მაგრამ უფალი უარყოფს მათ მიერ საფუძვლად აღებულს და აცხადებს, რომ იქ ხორციელი ცხოვრება არ არის, ხოლო ამ სუსტ საფუძველსა და ვარაუდთან ერთად, არღვევს მათ სწავლებასაც და ამბობს: თქვენ ცდებით, რადგან არ იცით „წმინდა წერილი“ და არასწორად ხსნით მის აზრს. „ნაშობნი ამის სოფლისანი“, ანუ ისინი, ვინც იშვიან და შობენ ამ სოფელში, ცოლს ირთავენ და თხოვდებიან. ხოლო იმ სოფლის ძენი არაფერს ასეთს არ იქმან, ვინაიდან სიკვდილიც არ შეუძლიათ; ამიტომაც არ არის იქ ქორწინება, არამედ არის ანგელოზებრივი, ღმრთაებრივი ცხოვრება. აქ იმიტომაა ქორწინება, რომ არის სიკვდილი და იმიტომაა სიკვდილი, რომ არის ქორწინება: იქ კი, როდესაც სიკვდილი აღარ იქნება, რაღა საჭიროა ქორწინება? ვინაიდან ქორწინება დადგენილია შემწედ მოკვდავობისა და შესავსებად ნაკლულევანებისა. ხოლო იქ, სადაც არ არის არავითარი ნაკლულევანება, რა საჭიროა შევსება? „რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი“. რატომ? იმიტომ რომ არიან ძენი აღდგომისანი. ამ სიტყვებს შემდეგი მნიშვნელობა აქვთ: მეო, ამბობს, ვუწოდე მათ ძენი ღმრთისანი იმიტომ, რომ მათ შობაში არაფერი ხორციელი არ მონაწილეობს, არამედ ყოველივე ღმრთაებრივი, ვინაიდან აღდგომას არ უსწრებს წინ არც შეერთება, არც თესლი, არც საშო, არც ჩასახვა, არამედ ჩვენს სხეულს შობს ღმერთი მისთვის ცნობილი გზით, რამდენადაც, აღდგომისას, მოქმედი არის ღმერთი, აღდგომისას აღორძინებულნი სამართლიანად იწოდებიან ღმერთის ძეებად. ამ დასკვნას უფალი წმინდა წერილის დასკვნასაც უმატებს. მოსეც ამბობს, რომ ღმერთმა აუწყა მას მაყვლოვანიდან: „მე ვარ აბრაამის ღმერთი“ და სხვ. (გამოსვ. 3, 6). პატრიარქები საბოლოოდ რომ მომწყდარიყვნენ და არ იყვნენ ცოცხალი ღვთის წინაშე აღდგომის მოლოდინში, იგი არ იტყოდა: „მე ვარ“, არამედ „მე ვიყავი“. ვინაიდან დაზიანებულ და დაკარგულ საგნებზე ჩვენ ჩვეულებრივ ვამბობთ: მე „ვიყავი“ პატრონი ამა და ამ საგნისა, ახლა კი, როდესაც უფალმა თქვა: „მე ვარ“, მან უჩვენა რომ იგი არის მეუფე და ღმერთი ცოცხალთა და არა საბლოოდ მომწყდართა. ვინაიდან, მართალია, ისინი გარდაიცვალნენ, მაგრამ ცოცხალნი არიან სასოებით აღდგომისა. ისევე როგორც ადამი, მართალია, ცოცხალი იყო, მაგრამ მოკვდავი იყო და მასზე ითქვა, რომ ის სწორედ მაშინ მოკვდა, როდესაც აკრძალული ნაყოფი იგემა. ამრიგად, როდესაც სადუკეველნი შერცხვენილ იქნენ, მწიგნობრებმა, კმაყოფილებმა მათზე გამარჯვებით, მოწონება გამოხატეს იესოსადმი, როგორც მათი მოწინააღმდეგისადმი.
41. ვითარ უკუე იტყჳან ქრისტესა ძედ დავითისა? 42. რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს წიგნსა ფსალმუნთასა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, 43. ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. 44. თჳთ იგი დავით უფლით ხადის, და ვითარ ძე მისი არს? 45. და ვითარცა ესმოდა ესე ყოველსა მას ერსა, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: 46. ეკრძალენით მწიგნობართაგან, რომელთა ჰნებავს სამოსლითა სლვაჲ და რომელთა უყუარს უბანთა ზედა მოკითხვაჲ და პირველად ჯდომაჲ კრებულსა შორის და ზემჯდომაჲ პურსა ზედა, 47. რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვედ. ამათ მოიღონ უმეტესი სასჯელი.

მალევე აპირებს რა ევნოს, უფალი ქადაგებს თავის ღმრთაებრიობაზე და ისიც არა აშკარად და სიამაყით, არამედ ძლიერ მოკრძალებულად. ვინაიდან ეკითხება მათ და აგდებს რა გაურკვევლობაში, ანდობს თავადვე გამოიტანონ დასკვნები. დავითიო, ამბობ, უწოდებს მას უფალს (ფს. 109, 1): მაშ როგორღაა უბრალო ძე მისთვის? იგი იყო ძე დავითისა ხორციელად, მაგრამ ამასთანავე მისი ღმერთიც, ისინი კი თვლიდნენ მას მხოლოდ ძედ დავითისა. ამიტომაც იგი უარყოფს მათ ამ შეხედულებას, რომ ქრისტე უბრალო ძეა დავითისა და აცხადებს, რომ იგი არ არის მოწინააღმდეგე მამისა, არამედ მათ შორის უდიდესი თანამოაზრეობაა, ვინაიდან მამა დასცემს მის მტრებს. ეს უთხრა მან მწიგნობართ. რამდენადაც მოწაფეებს გზავნიდა მასწავლებელად მთელს მსოფლიოში, სამართლიანად არწმუნებს მათ არ მიბაძონ ფარისევლებს დიდებისმოყვარეობაში, პირველობისადმი სიყვარულში და საერთოდ საეროობასა და კაცთმოთნეობაში, ვინაიდან, ზედმიწევნით დაცვა მოკითხვის წესისა მოედნებზე, დამახასიათებელია მათთვის, ვინც ეპირფერებიან ყველა შემხვედრს და ეძიებენ საკუთარ თავზე კარგი აზრის ჩამოყალიბებას, ანდა იყენებენ ამას ფულის შეგროვების საშუალებად. „რომელნი შესჭამენო, - ამბობს, - სახლებს ქურივთასა”, ივსებენ რა სტომაქებს დ ფლანგავენ დაშვებულზე მეტად. და საბაბი ამისა თითქოსდა მოწიწების შემცველია, ვინაიდან ლოცვისა და სულიერი სარგებელის საბაბით ისინი ასწავლიან არა მარხვას, არამედ ლოთობასა და ნაყროვანებას, და ამისათვისო ამბობს, „მიიღონ უმეტესი სასჯელი“, რადგანაც არა მხოლოდ ბოროტებას სჩადიან, არამედ ფარავენ კიდეც მას ლოცვით. და შესახედაობაც მოწიწების გამომხატველი აქვთ. სათნოებას ისინი მზაკვრობის საბაბად აქცევენ. ამიტომაც ისინი უმეტეს სასჯელს იმსახურებენ, რამდენადაც სიკეთეს გაკიცხვის ღირსად ჰყოფენ. ქვრივები უნდა გეცოდებოდეს, ისინი კი შედიან მათ სახლებში თითქოსდა იმისათვის, რომ ხანგრძლივი ლოცვებით დალოცონ ისინი. ამასთან, ქვრივები იძულებულნი ხდებიან მათ სტუმრობასთან დაკავშირებით ხარჯი გაიღონ და ამრიგად, კოტრდებიან.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24