ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

ლუკას სახარების განმარტება

 

თავი მეხუთე

1. და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა. 2. და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა. 3. და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაჲ მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას. 4. და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სჳმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირობად. 5. მიუგო სჳმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაჲ მოვიღეთ, ხოლო სიტყჳთა შენითა გარდაუტეოთ ბადე. 6. და ესე რაჲ ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი. 7. და წამ-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაჲთა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი. 8. და ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუჴლთა იესუჲსთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო. 9. რამეთუ განკჳრვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს. 10. ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე. 11. და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.

უფალი გაურბის დიდებას, ხოლო იგი მით უფრო სდევს მას. როდესაც ხალხი ერთმანეთს აწყდება მის სიახლოვეს, იგი ადის ნავზე, რათა ნავიდან ასწავლოს ზღვის ნაპირას მდგომთ ისე, რომ ყველანი თვალწინ ჰყავდეს და არავინ წავიდეს მის ზურგს უკან. ხოლო იმისათვის, რომ მისი ნავიდან ასწავლიდა, მფლობელი დაუჯილდოვებელი არ დატოვა. მან ორმაგი წყალობაც კი მოიღო მასზე: მრავალი თევზიც უწყალობა და თავის მოწაფეთაც გახადა. გაგაოცოს წინდახედულებამ უფლისა, თუ როგორ იზიდავს თითოეულს მისთვის ჩვეული და მახლობელი საშუალებებით, მაგალითად: მოგვებს - ვარსკვლავის მეშვეობით, ხოლო მეთევზეებს - თევზებისა. დააკვირდი ქრისტეს სიმდაბლესაც, თუ როგორ ემუდარება პეტრეს განეშოროს ნაპირს, ვინაიდან „სთხოვეს“ ნაცვლად იგულისხმება „ემუდარებოდა“; და იმასაც, თუ როგორ კეთილმორჩილი იყო პეტრე, ადამიანი, რომელიც მანამდე არ უნახავს. მან თავის ნავზე მიიღო და ყველაფერში ემორჩილებოდა მას. როდესაც მან უთხრა, რომ სიღრმეში შეეცურა, იგი კი არ დაამძიმა ამან და კი არ უთქვამს: მთელი ღამე ვშრომობდი და არაფერი შემიძენია და ახლა შენ მოგისმენ და ახალ შრომას მივეცემი? არაფერი ამის მსგავსი არ უთქვამს, არამედ პირიქით თქვა: „სიტყვითა შენითა გარდაუტეოთ ბადე“. ასეთი მხურვალე იყო პეტრე რწმენაში მანამდეც, სანამ ირწმუნებდა! ამიტომაც დაიჭირა მან იმდენი თევზი, რომ ვერ შეძლო მარტომ გამოთრევა, არამედ ნიშნებით მოიწვია თანამონაწილენი, ანუ თემის წევრები, რომლებიც სხვა ნავში იყვნენ. ნიშნების მეშვეობით იმიტომ მოიწვია, რომ უჩვეულო თევზჭერით გაოგნებულს, არ შეეძლო ლაპარაკი. შემდეგ პეტრე ღრმა მოწიწებით სთხოვს იესოს ჩამოვიდეს ნავიდან, ამბობს რა საკუთარ თავზე, რომ იგი ცოდვილია და არ არის ღირსი მასთან ერთად ყოფნისა. თუ გინდა ეს გადატანითი მნიშვნელობითაც გაიგე. ნავი არის იუდეველთა სინაგოგა. პეტრე წარმოადგენს სახეს სჯულის მოძღვართა. ქრისტემდე მყოფი მოძღვრები მთელი ღამე შრომობდნენ (ვინაიდან ქრისტეს მოსვლამდე არსებული დრო - ღამეა) და ვერაფერს მიაღწიეს, ხოლო როდესაც მოვიდა ქრისტე და დღე დადგა (რომ. 13, 12) მოციქულები, სჯულის მოძღვართა ადგილას დადგენილნი, სიტყვისამებრ, ანუ მისი მცნებებისამებრ, ისვრიან სახარების ბადეს და მრავალ ადამიანს მოინადირებენ, მაგრამ მარტო მოციქულებს არ შეუძლიათ გამოათრიონ თევზებით სავსე ბადე, არამედ თავიანთ თანამონაწილეებსაც და თანამზრახველებსაც იწვევენ და მათთან ერთად ეწევიან. ეს არსებითად ყველა დროის ეკლესიათა მწყემსები და მოძღვრები არიან; ისინი, ასწავლიან და უხსნიან რა მოციქულთა სწავლებას, მოციქულებს ეხმარებიან ადამიანთა მონადირებაში. მიაქციეთ ყურადღება გამოთქმასაც „ბადის გადაგდება“, ვინაიდან სახარება არის ბადე, რომელშიც მდაბლად, უბრალოდ და მსმენელთა უბრალოებასთან მიახლოებულად არის ამბავი გადმოცემული, ამიტომაც არის ნათქვამი, რომ იგი გადაგდებულია. თუკი ვინმე იტყვის, რომ ბადის გადაგდებით აღნიშნულია აზრთა სიღრმე, ამასაც შეიძლება დავეთანხმოთ. ამრიგად, აღსრულდა წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელმაც თქვა: „აჰა გამოვგზავნი უამრავ მეთევზეს, ამბობს უფალი, მათ დასაჭერად. მერე გამოვგზავნი ურიცხვ მონადირეს, და ჩამორეკავენ მათ ყველა მთიდან და ყველა გორაკიდან, კლდის ნაპრალებიდან“ (იერ. 16, 16). მეთევზეები უწოდა მან წმიდა მოციქულებს, ხოლო მონადირენი შემდგომი დროის ეკლესიის მმართველებს და მოძღვრებს.

12. და იყო ვითარცა შევიდა იგი ერთსა ქალაქთაგანსა, და აჰა კაცი სავსე კეთროვნებითა. ვითარცა იხილა მან იესუ, დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განკურნებად ჩემდა. 13. და განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! და მეყსეულად განეშორა კეთროვნებაჲ იგი მისგან. 14. და თავადმან ამცნო მას, რაჲთა არავის უთხრას, არამედ: წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, ვითარცა უბრძანა მოსე, საწამებლად მათა. 15. და უფროჲსად მიმოედებოდა მისთჳს სიტყუაჲ იგი. და შეკრბებოდა ერი მრავალი სმენად და განკურნებად უძლურებათა მათთაგან მის მიერ. 16. ხოლო თავადი განეშორის უდაბნოდ და ილოცავნ.

ეს კეთროვანი გაკვირვების ღირსია, ვინაიდან უფალზე, ღმრთისათვის შესაფერისი აზრი გააჩნია და ამბობს: „უკუეთუ გინდეს, ძალგიც განკურნებად ჩემდა“. აქედან ჩანს, რომ იგი ფიქრობს ქრისტეზე, როგორც ღმერთზე. ვინაიდან იგი მოვიდა, არა როგორც ექიმთან (რამდენადაც კეთრი არ იკურნებოდა ექიმთა ხელით), არამედ როგორც ღმერთთან, ვინაიდან მხოლოდ მას ერთს ხელეწიფება ამ ტიპის სნეულებათაგან განკურნება. უფალი არცთუ უმიზეზოდ ეხება მას. არამედ რამდენადაც სჯულის მიხედვით, ის ვინც კეთროვანს შეეხებოდა არაწმიდად ითველობდა. სურს რა უჩვენოს, რომ იგი არ საჭიროებს სჯულის მიერ დადგენილი მსგავსი წვრილ-წვრილი მითითებების შესრულებას, არამედ თავადაა უფალი სჯულისა, და რომ წმიდა ოდნავადაც არ იბილწება იმისაგან, ვინც უწმიდურად გვეჩვენება და რომ სულიერი კეთროვანება, ის, ბილწავს - ამ მიზნით ეხება და ამასთან იმისთვისაც, რათა უჩვენოს, რომ მის წმიდა სხეულს საღვთო ძალა აქვს, განწმენდს და განაცხოველებს, როგორც ჭეშმარიტი ხორცი ღმერთი სიტყვისა. ამცნებს, რომ არ ვეძიოთ ქება მათგან, ვისაც კეთილს ვუყოფთ, არამედ ეყბნება: „წადი მღვდელს უჩვენე თავი და შეწირე შესაწირავი მათ მიერ დასამოწმებლად“. ვინაიდან სჯული ისეთი იყო, რომ მღვდელი სინჯავდა კეთროვანებს და ადგენდა, განიწმინდნენ თუ არა ისინი, და თუ კეთროვანი განიწმინდებოდა შვიდ დღეში იგი ქალაქის შიგნით რჩებოდა, ხოლო თუ არა, განიგდებოდა. ამიტომაც უთხრა უფალმა: წადი მღვდელს უჩვენე თავი და შესწირე შესაწირავი. და როგორი იყო შესაწირავი? ორი ჩიტი (ლევ. 14). რას ნიშნავს „საწამებლად მათა?“ ნიშნავს - მათ სამხილებლად და განსაკითხავად, რათა, თუკი ბრალს დამდებენ მე როგორც სჯულის დამრღვევს, დარწმუნდნენ, რომ მე არ ვარღვევ მას, დარწმუნდნე იმითი, რომ გიბრძანე შეგეწირა მოსეს მიერ ნაბრძანები შესაწირი. სხვათაშორის, შეიძლება ითქვას იმის შესახებაც, თუ როგორ სწირავდნენ ამ ორ ჩიტს ღმერთს. ერთ ჩიტს დაკლავდნენ და მის სისხლს ახალ თიხის ჭურჭელში აგროვებდნენ, შემდეგ ორივე ფრთას მეორე ჩიტისას ასველებდნენ სისხლში და ამგვარად უშვებდნენ ჩიტს ცოცხალს. ამით გამოსახავდნენ იმას, რაც ქრისტეზე უნდა აღსრულებულიყო. ორი ფრთა, არსებითად, ქრისტეს ორი ბუნებაა, საღვთო და ადამიანური, რომლიდანაც ერთი დაკლულ იქნა, ანუ ადამიანური, ხოლო მეორე ცოცხალი დარჩა, ვინაიდან საღვთო ბუნება უვნებობაში მყოფობდა, იცხო რა სისხლი ვნებული ბუნებისა და აიღი რა ტანჯვა საკუთარ თავზე. უფლის სისხლი მიიღო ახალმა თიხის ჭურჭელმა, ანუ ახალმა ხალხმა წარმართთაგან, რომელსაც უნარი ჰქონდა ახალი აღთქმის მიღებისა. ნახე: როდესაც ვინმე უკვე განიწმინდება კეთრისაგან, მაშინაა ღირსი ამ ძღვენის შეწირვისა, ანუ ქრისტეს დაკვლისა და მღვდელმოქმედებისა, ვინაიდან კეთროვანი და სულით არა წმიდა ვერ გახდება ღირსი შესწიროს ასეთი ძღვენი, ანუ ხორცი და სისხლი უფლისა, საღვთო ბუნებასთან შეერთებული. დააკვირდი იმასაც, თუ როგორი ენით უთქმელი უპირატესობა აქვს უფალს მოსესთან შედარებით. მოსემ, როდესაც მის დას კეთრი შეეყარა, ვერ შეძლო მისი განკურენა, თუმცა ბევრს ლოცულობდა (რიცხ. 12, 10-15), ხოლო უფალმა ერთი სიტყვით განწმინდა კეთროვანი. დააკვირდი უფლის სიმდაბლესაც, როდესაც ერს სურდა შეხებოდა მას, როგორი განსაკუთრებული ხალისით ატარებდა დროს უდაბნოებში და ლოცულობდა. ესე იგი ყველაფერში გვაძლევდა მაგალითს - გველოცა განმარტოებით და თავი აგვერიდებინა დიდებისათვის.

17. და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი იესუ ასწავებდა მათ. და სხდეს მუნ ფარისეველნი და სჯულის-მოძღუარნი, რომელნი მოსრულ იყვნეს ყოვლისაგან დაბნებისა გალილეაჲსა და ჰურიასტანისა და იერუსალჱმისა, და ძალი ღმრთისაჲ იყო განკურნებად მათდა. 18. და აჰა ესერა კაცთა მოაქუნდა ცხედრითა კაცი, რომელი იყო განრღუეულ, და უნდა შეღებაჲ მისი და დადგმაჲ წინაშე მისა. 19. და ვერ პოეს, ვინაჲმცა შეიღეს იგი ერისა მისგან; აღჴდეს ერდოსა ზედა და აღიღეს კეცი და შთაუტევეს კაცი იგი ცხედრითურთ წინაშე იესუჲსა. 20. და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, ჰრქუა მას: კაცო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი! 21. და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს გმობასა? ვის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა? 22. გულისჴმა-ყვნა იესუ გულის-ზრახვანი მათნი, მიუგო და ჰრქუა მათ: რასა-ეგე ჰზრახავთ გულთა თქუენთა? 23. რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ რქუმად: აღდეგ და ვიდოდე? 24. არამედ რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას: შენ გეტყჳ, აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა! 25. და მეყსეულად აღდგა წინაშე მათსა და აღიღო ცხედარი, რომელსა ზედა იდვა, და წარვიდა სახიდ თჳსა და ადიდებდა ღმერთსა. 26. განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა. და შიში დაეცა მათ ზედა და იტყოდეს, რამეთუ: ვიხილეთ უდიდებულესი დიდებაჲ დღეს.

მტერთა კრებულის წინაშე უფალს სჭირდებოდა მოემოქმედებინა რაიმე უახლესი სასწაული. ამიტომ, ის კურნავს ადამიანს, რომელიც მოურჩენელი სენითაა შეპყრობილი, რათა ამგვარი სნეულებისაგან განკურნებით ფარისეველთა უკურნებელი უგუნურებაც განკურნოს. თავდაპირველად იგი კურნავს სულიერ სნეულებებს, ამბობს რა: „მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“, - რათა ჩვენ ვიცოდეთ, რომ მრავალი სნეულება ცოდვებისაგან იშვება; შემდეგ კურნავს სხეულის უძლურებასაც, ხედავს რა მომყვანთა რწმენას. ვინაიდან ის ხშირად ერთთა რწმენით მეორეთა ხსნას ახდენს. ფარისეველნი კი ამბობენ: ვინ არის ეს გმობას რომ წარმოსთქვამს? ვის შეუძლია ცოდვების მიტევება ღმრთის გარდა?

ისინი, ამბობენ რა ამას, სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ მისთვის, ვინაიდან სჯული ბრძანებდა სიკვიდლით დაესაჯათ ის, ვინც ღმრთის გმობას წარმოსთქვამდა (ლევ. 26, 16). უფალი, რათა უჩვენოს, რომ იგი ჭეშმარიტი ღმერთია და დიდებისმოყვარების გამო არ ასაღებს თავს ღმერთად, სხვა სასწაულით არწმუნებს მათ. იგი თავად მიხვდა, თუ რას ზრახავდნენ ისინი გულში, აქედან სავსებით ცხადია, რომ იგი ღმერთია, ვინაიდან გულთამხილაობა ღმრთისთვისაა დამახასიათებელი (1 ნეშტი. 28, 9; 2 ნეშტთა 6, 30). ამრიგად, იგი ამბობს: რა უფრო ადვილად გეჩვენებათ- ცოდვათა მიტევება, თუ სხეულისათვის ჯანმრთელობის მინიჭება? რა თქმა უნდა, თქვენი აზრით, ცოდვათა მიტევება უფრო ადვილია, როგორ უხილავი საქმე და არა ხელშესახები, თუმცა ის უფრო ძნელია, ხოლო სხეულის გამოჯანმრთელება უფრო ძნელი გეჩვენებათ, როგორც საქმე ხილული, თუმცა არსებითად იგი უფრო ადვილია. თუმცაღა მე ერთსაც გავაკთებ და მეორესაც და სხეულის განკურნებით, რაც თქვენ უძნელესად გეჩვენებათ, სულის განკურნებაში დაგარწმუნებთ, რომელიც თუმცა კი ძნელია, მაგრამ რამდენადაც უხილავია, გეადვილებათ. შეხედე: ცოდვები მიწაზე რჩება, ვინაიდან სანამ ჩვენ მიწაზე ვიმყოფებით, შეგვიძლია ჩვენი ცოდვების გამოსწორება, ხოლო მას შემდეგ, რაც მიწიდან გადავსახლდებით, ჩვენ უკვე აღარ ძალგვიძს საკუთარი ცოდვების აღსარებს მეშვეობით გამოსწორება: ვინაიდან კარი დახშულია, მაგრამ ამ საკითხს, ჩვენ უფრო ფართოდ სხვა მახარებელთა განმარტებისას შევეხეთ (იხ. მათ. 9. მარკ. 2)

27. და ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზუერე, სახელით ლევი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. 28. და მან დაუტევა ყოველი და აღდგა და მისდევდა მას. 29. და დაუმზადა ლევი პური დიდი იესუს სახლსა შინა თჳსსა. და იყო კრებული დიდი მეზუერეთაჲ და სხუათაჲ, რომელნი იყვნეს მათ თანა ინაჴით-მსხდომარენი. 30. და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და ჰსუამთ? 31. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან. 32. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაჲთა შეინანონ.

მათე კი არ მალავს, არამედ პირდაპირ აცხადებს თავის სახელს, ამბობს რა: წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი“ (მათ. 9; 9), მაგრამ ლუკას და მარკოზს, მახარებლის მიმართ პატივისცემის გამო, მისი სხვა სახელი გამოაქვთ სააშკარაოზე, კერძოდ კი ლევი. განგაკვირვოს ღვთის კაცთმოყვარებამ, თუ როგორ მიიტაცებს ჭურჭელს ბოროტისა, ვინაიდან მეზვერე - ჭურჭელია ბოროტისა და ბოროტი მხეცი. მათ ვინც გადასახადების ამკრეფთა სისასტიკე გამოსცადეს, იციან ეს. ვინაიდან მეზვერენი არსებითად ისინი არიან, ვინც ხალხის მოსაკრებელთა შესყიდვას ახდენენ, რათა ამის მეშვეობით ნახონ სარგებელი და გადაიხადონ შეცოდებათა გამოსასყიდი საკუთარი სულებისათვის. უფალმა არა მხოლოდ მათე შეიძინა, არამედ ცდილობდა სხვა მეზვერეთა შეძენასაც, ვისთანაც სადილობდა. ვინაიდან მან იმიტომაც ინება ეჭამა მათთან ერთად, რათა ისინიც მიეზიდა. დააკვირდი, თუ რა ესმით ფარისევლებს, რომელნიც ბრალს დებენ მას. „მეო“, - ამბობს, „მოვედი არა წოდებად მართალთა, ანუ თქვენი, ვინც საკუთარ თავს განიმართლებთ, არამედ წოდებად ცოდვილთა, თუმცა არა იმიტომ, რომ ცოდვაში დარჩნენ, არამედ იმიტომ რომ შეინანონ და სხვაგვარადც: მე არ მოვსულვარ მართალთა მოსაწოდებლად, რადგან ვერ ვპოვებ მათ, ვნაიდან შესცოდა ყოველმა“ (ფს.19,1-3); შესაძლებელი რომ ყოფილიყო მართალთა პოვნა, მე არ მოვიდოდი. მეზვერე კი არის ყოველი, რომელიც მუშაობს ამა სოფლის მეუფისათვის და ხორციელ ხარკს უხდის მას. გემოთმოყვარე ხორციელ ხარკს სანოვაგით იხდის, მრუში - არაწმიდა კავშირებით, სხვა - სხვა რამით. როდესაც უფალი, ანუ სახარებისეული სიტყვა, დაინახავს მას „მჯდომარეს“ საზვერესთან, ანუ არა წარმატებულსა და წინ მავალს და მსწრაფველს უფრო მეტი ბოროტებისაკენ, არამედ თითქოსდა უმოქმედოს, აღადგენს მას ბოროტებისგან და იგი გაჰყვება იესოს და მიიღებს უფალს სახლში საკუთარი სულისა. ფარისეველნი კი ქედმაღალი და განკვეთილი ეშმაკები (ვინაიდან ფარისეველი ნიშნავს სხვებისგან განკვეთილს) დრტვინავენ იმის გამო, რომ იგი ცოდვილებთან ერთად ჭამს.

33. ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი იმარხვენ ზედაჲს-ზედა და ვედრებასა ჰყოფენ, და ეგრეთვე ფარისეველთანი, ხოლო მოწაფენი შენნი ჭამენ და სუმენ? 34. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუუკუე ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრემდე სიძე მათ თანა არს, რაჲთა ამარხვებდეს მათ? 35. ხოლო მოვლენან დღენი, და ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ მათ დღეთა შინა. 36. და ეტყოდა მათ იგავითცა, ვითარმედ: არავინ სადგმელი სამოსლისა ახლისაჲ დაადგის სამოსელსა ძუელსა, რაჲთა არა ახალიცა იგი განაპოს; და ძუელსა მას ვერ შეჰგავს სადგმელი ახლისა სამოსელისაჲ. 37. და არავინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. 38. არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და ორნივე დაიმარხნენ. 39. და არავინ სუამნ ღჳნოსა ძუელსა და მეყსეულად ჰნებავნ ახალი, რამეთუ თქჳს: ძუელი უმჯობეს არს.

ამის შესახებ ჩვენ ვთქვით მათეს სახარების განმართებაში (იხ. თ. 9 და მარკ. 2) და ახლაც ვიტყვით მოკლედ, რომ ძეთა სიძისათა უწოდებს მოციქულებს. უფლის მოსვლა შედარებულია ქორწილს, ვინაიდან მან მიიღო ეკლესია თავის სძლად. ამიტომ მოციქულებს არ სჭირდებათ ახლა მარხვა. იოანეს მოწაფეებმა უნდა იმარხულონ, რამდენადაც მათი მოძღვარი სათნოებას შრომითა და ტანჯვით აღასრულებდა. ვინაიდან ნათქვამია: „მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა“ (მათე. 11, 18). ჩემი მოწაფენი კი, როგორც მყოფნი ჩემთან - ღმერთ სიტყვასთან, ახლა არ საჭიროებენ სარგებლის მიღებას მარხვისაგან, რადგან ისინი თავად ამისაგან (ჩემთან ყოფნისგან) იღებენ სიკეთეს და ჩემს მიერ არიან დაცულნი. ხოლო როდესაც მე მათთან აღარ ვიქნები, ისინი კი საქადაგებლად წარიგზავნებიან, მაშინ კიდეც იმარხულებენ და კიდეც ილოცებენ, რათა მოემზადონ დიადი ღვაწლისათვის და სხვაგვარადაც: ახლა, არიან სუსტნი და ჯერ კიდევ არ არიან განახლებულნი სულით, ისინი ძველ ტიკებს და ძველ სამოსს ჩამოჰგვანან. ამიტომაც ისინი არ უნდა დავამძიმოთ რაიმე ძალიან რთული ცხოვრები წესით, ისევე როგორც ძველ სამოსელს არ ადგამენ ახალ სადგმელს.

ამრიგად, შეგიძლია მიიღო ისე, რომ ძველ ტიკებს მოციქულნი ჩამოჰგვანან, როგორც ჯერ კიდევ სუსტნი, ან შეგიძლია იგულისხმო ისიც, რომ მათ ფარისეველნიც ჩამოჰგვანან.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24