1. და ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს. 2. და ასისთავისა ვისიმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან. 3. და ესმა მას იესუჲსთჳს და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი. 4. ხოლო რომელნი იგი მოვიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთჳს, 5. რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ. 6. და იესუ წარვიდა მათ თანა. ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მიუვლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე. 7. რომლისაგან არცა თავით ჩემით ღირს მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ ესე ჩემი. 8. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებული და მქონან ჩემ ქუეშე ერისა-კაცნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ყავ ესე! და ყვის. 9. ხოლო ვითარცა ესმა ესე იესუს, დაუკჳრდა სარწმუნოებაჲ მისი, მიექცა ერსა მას და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ, არცაღა ისრაჱლსა შორის ვპოვე ესევითარი სარწმუნოებაჲ. 10. და მიიქცეს, რომელნი-იგი მოსრულ იყვნეს, სახიდ მისა და პოვეს მონაჲ იგი მისი ცოცხალი.
ეს იგივე ასისთავია, ვინც მათე მახარებელთანაა მოხსენიებული (თ. 8). მართალია მათე არ ამბობს, რომ ასისთავმა გაგზავნა იუდეველები ხვეწნა-მუდარით იესოსადმი, მაგრამ მერე და რა? ვინაიდან ფრიად სავარაუდოა, რომ თავიდან მან იუდეველები გაგზავნა, ხოლო შემდეგ თავადაც წავიდა. ამრიგად, რაც გამოტოვა მათემ, იმას ამბობს ლუკა. შესაძლებელია ისიც, რომ იუდეველებს, რომელთაც შური ღრღნიდათ, არ დაეშვათ, რომ ასისთავი იესოს ფერხთით განრთხმულიყო, რადგანაც ეს იესოს დიდებას მოუტანდა, თუკი იგი, უკიდურესობით იძულებული, თავადვე მივიდა იესოსთან, მაგრამ შესაძლოა კვლავ იკითხოს ვინმემ, როგორღა ამბობს მათე, რომ ასისთავმა იესოს წარგზავნილთა მეშვეობით სთხოვა არ მისულიყო? ამაზე შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული მნიშვენლობა არა აქვს იმას, სხვებს გაგზავნიდა, თუ თავად მივიდოდა ამის სათქმელად, ანუ იმის სათხოვნელად, რომ არ მისულიყო, არამედ გაკვირვების ღირსია რწმენა კაცისა, რომელმაც თავი იესოს სტუმრობის ღირსად არ ჩათვალა. ამიტომ ამბობს უფალიც: „არცაღა ისარელსა შორის ვპოვე ესევითარი სარწმუნოებაჲ“. ვინაიდან ასისთავი წარმართი იყო, შესაძლოა რომაელთა რაზმებიდანაც. ასისთავი არის ყოველი გონება, რომელსაც აქვს რა მრავალი საქმე ცხოვრებაში, ერევა მრავალ ბოროტებას, მაგრამ ყავს ავადმყოფი მონა - არა გონიერი ნაწილი სულისა, ვგულისხმობ მრისხანებასა და ავხორცობას, ვინაიდან ისინი დადგენილნი არიან მონებად. იგი მოუწოდებს იესოს, უგზავნის რა შუამავლად იუდეველებს, ანუ გულისთქმებსა და აღსარების სიტყვებს; ვინაიდან იუდა - ნიშნავს აღსარებას. რადგანაც განა აღსარებასა და სიმდაბლეს არ გამოხატავენ სიტყვები: „არა ვარ ღირს, რაითა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხვიდე“ და ასე შემდეგ. ამრიგად, როდესაც იგი ირწმუნებს იესოს, მალევე განკურნავს თავის მონას, ანუ მრისხანებასა და ავხორცობას.
11. და იყო ამისა შემდგომად და წარვიდოდა ქალაქად, რომელსა ჰრქჳან ნაინ, და თანა-უვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი. 12. და ვითარ მიეახალა ბჭეთა ქალაქისათა, და აჰა ესერა გამოაქუნდა მკუდარი, ძე მხოლოდ-შობილი დედისა თჳსისაჲ, და იგი იყო ქურივ; და ერი მრავალი იყო ქალაქისაჲ მის თანა. 13. და იხილა დედაკაცი იგი იესუ და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ! 14. და მივიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყჳ, აღდეგ! 15. და ზე წამოჯდა მკუდარი იგი და იწყო სიტყუად; და მისცა იგი დედასა თჳსსა. 16. და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა, და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი დიდი აღდგომილ არს ჩუენ შორის და რამეთუ მოხედნა ღმერთმან ერსა თჳსსა.
დაუბრუნა რა ასისთავის მონას ჯანმრთელობა დაუსწრებლადაც კი, უფალი კიდევ ახალ სასწაულს სჩადის. რათა ვინმემ არ თქვას: რა გაუკეთა ახალი მონას; შესაძლოა, მონა არც კი მომკვდარიყო? - ამისათვის უფალი მკვდარს აღადგენს, რომელიც უკვე გამოჰქონდათ. არა მხოლოდ სიტყვით აღასრულებს უფალი სასწაულს, არამედ ეხება კიდეც ცხედარს, რათა ჩვენ ვიცოდეთ, რომ ხორცი მისი არის ხორცი ცხოვრებისა, ვინაიდან მისი ხორცი იყო საკუთრივი ხორცი სიტყვისა, ყველაფრის ცხოველმყოფელისა, ამიტომაც თავადაც ცხოველჰყოფს და არღვევს სიკვდილსა და ხრწნას. „ზე წამოჯდა მკვდარი იგი და იწყო სიტყუად“, რათა ვინმეს არ ეფიქრა, რომ იგი მოჩვენებითად აღსდგა. ხოლო ის, რომ იგი წამოჯდა და იწყო საუბარი, იყო ნიშანი მისი ჭეშმარიტი აღდგომისა, ვინაიდან სხეულს, სულის გარეშე არ შეუძლია არც ჯდომა, არც საუბარი. ქვრივის ქვეშ შეგიძლია იგულისხმო ასევე სული, რომელიც მოაკლდა თავის ქმარს, ანუ ღმრთის სიტყვას, რომელიც კეთილ თესლს თესავს. ძე მისი - გონებაა, მომკვდარი და გატანილი ქალაქს გარეთ, ანუ ზეციური იერუსალიმისა, რომელიც არის ქვეყანა ცოცხალთა. შემდეგ უფალი, მოიღებს რა მოწყალებას, ეხება ცხედარს. ცხედარი გონებისა - სხეულია. ვინაიდან სხეული ჭეშმარიტად ცხედარია, კუბოა. უფალი ეხება რა სხეულს, აღადგენს გონებას, ჰყოფს რა მას ახალგაზრდასა და შეუპოვარს. ჭაბუკი, ანუ ეს გონება, წამოჯდება და ცოდვის კუბოდან აღმგდარი, იწყებს საუბარს, ანუ ასწავლის სხვებს, ვინაიდან სანამ იგი ცოდვთაა შეპყრობილი, მას არ შეუძლია ასწავლოს და ილაპარაკოს, ვინაიდან ვინ დაუჯერებს მას?
17. და განეფინა სიტყუაჲ ესე ყოველსა ჰურიასტანსა მისთჳს და ყოველსა მას გარემო სოფლებსა. 18. და უთხრეს იოვანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათჳს. 19. და მოუწოდა იოვანე ორთა მოწაფეთა თჳსთა და მიავლინნა იესუჲსა და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით? 20. და მი-რაჲ-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელმან მომავლინნა ჩუენ შენდა და თქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით? 21. მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაჲ. 22. და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: მივედით და უთხართ იოვანეს, რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების. 23. და ნეტარ იყოს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ. 24. და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოვანესნი, იწყო სიტყუად იესუ ერისა მის მიმართ იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა? 25. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, სამოსლითა ჩჩჳლითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი სამოსლითა დიდებულითა და საშუებელითა არიან, სამეუფოთა შინა არიან. 26. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა. 27. რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი წერილ არს: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა. 28. რამეთუ გეტყჳ თქუენ: უფროჲსი შობილთა შორის დედათაჲსა იოვანე ნათლის-მცემელისა წინაწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროჲსა მისა არს. 29. და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა, განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა. 30. ხოლო ფარისეველთა და სჯულის-მოძღუართა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს თავისა თჳსისა, რამეთუ არა ნათელ–იღეს მისგან.
ხმა, ნაინში აღსრულებული სასწაულის შესახებ, მთელს იუდეასა და მის შემოგარენში გავრცელდა. მივიდა იგი იოანეს მოწაფეებამდეც. ესმოდათ რა უფლის ქება, მათ, როგორც ჯერ კიდევ არასრულყოფილებს, სწყინდათ. ამიტომაც იოანე, სურს რა, უჩვენოს მათ ქრისტეს დიდებულება და ის თუ რამდენად ჩამორჩება იგი (იოანე) მას (ქრისტეს), აწყობს შემდეგს: იგი არავითარ აზრს არ გამოთქვამს იესოზე, არამედ წარმოუდგება არმცოდნედ, გზავნის მათ, რათა იხილავენ რა სასწაულებს, თავად საქმეებიდან ირწმუნონ, რომ ფრიად დიდია მანძილი უფალ - იესოსა და ძის მონა - იოანეს შორის, ვინაიდან ნუ იფიქრებ, თითქოს იოანემ მართლაც არ იცოდა ქრისტეს შესახებ და ამიტომ გაგზავნა თავისი მოწაფეები კითხვით. იგი ჯერ კიდევ შობამდე, დედის საშოში, კრთებოდა, როგორც მისი მცნობელი და იორდანესთანაც მოწმობდა მასზე, როგორც ძეზე ღმრთისა. ამრიგად, იგი გზავნის მოწაფეებს, უბრძანა რა მათ ეკითხათ იესოსთვის! „შენ ხარ მომავალი, ანუ სხუასა მოველოდეთ?“ ხედავ, როგორ ღრმად მიჰყავს იოანეს მოწაფეები რწმენისაკენ, რომ იესო ღმერთია? ვინაიდან წინასწარმეტყველნი იწოდებიან „მოვლინებულად“ და თავად იოანეც, როგორც მახარებელი ამბობს, „იყო კაცი მოვლინებული ღმრთისა მიერ“ (იოანე 1,6). უფალი კი - მომავალი, ვინაიდან იგი მოვიდა ხელმწიფებით და არა თავისი ნების საწინააღმდეგოდ. ამრიგად, ეუბნება: შენ ხარ ის, ვის მოსვლასაც ქვეყნად ელიან? ზოგიერთნი სიტყვებში: „შენ ხარ მომავალი“, გულისხმობენ იესოს ჯოჯოხეთში ჩასვლას, თითქოსდა ასე ყოფილიყო თქმული: შენ ხარ ჯოჯოხეთში მომავალი? რაღა ვთქვათ უფალო? იცოდა რა, თუ რა განზრახვით გამოგზავნა მოწაფეები იოანემ, კერძოდ: რათა მათ ეხილათ მისი საქმეები და მათგან ერწმუნათ, იგი ეუბნება მოვლინებულებს: უთხარით, რაც იხილეთ. შემდეგ ჩამოთვლის სასწაულებრივ ქმედებებს, რომლებიც წინასწარმეტყველთა მიერაა ნაწინასწარმეტყველები, ვინაიდან სიტყვები: „მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს, რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე ნიაღვრები“, (აქვს ესიაიასაც (35, 5-6). შემდეგ ამბობს: „და ნეტარ იყოს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ“, თითქოსდა ასე ეუბნებოდეს მათ: თქვენც ნეტარნი ხართ, თუკი არ დაბრკოლდებით ჩემდა მომართ, ვინაიდან მრავალნი ადვილად შეიძლებოდა დაბრკოლებულიყვნენ იოანეს მიმართ, რამდენადაც ადრე ასე მრავალჯერ მოწმობდა ქრისტეზე, ახლა კი გამოგზავნა კითხვით: „შენ ხარ მომავალი, ანუ სხუასა მოველოდეთ?“ - ამიტომ ქრისტე ეუბნება ხალხს: მსგავს ნურაფერს იეჭვებთ იოანეზე. იგი ლერწამი არაა, რომ იხრებოდეს ხან ერთ, ხან მეორე მხარეს და ერთ დროში მოწმობდეს ჩემზე, ხოლო მეორე დროს არ მიცნობდეს მე. ვინაიდან ის რომ ასეთი ყოფილიყო, რაღატომ გამოხვიდოდით მის სახილველად უდაბნოში? მას სრულიადაც არ განუხრწნია საკუთარი გონება გრძნობადი სიამოვნებებით, ვინაიდან მისი სამოსი გვიჩვენებს, რომ იგი ყოველგვარ სიამოვნებაზე მაღლა დგას, ამასთან იგი სასახლეებში იცხოვრებდა, სიამოვნება რომ ყვარებოდა, მაგრამ თავად თქვენზე თვლით მას წინასწარმეტყველად? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ იგი წინასწარმეტყველზეც მეტია. ვინაიდან სხვა წინასწარმეტყველნი მხოლოდ წინასწარმეტყველებდნენ ქრისტეზე, ხოლო მან ნახა იგი და მიუთითა, სიტყვებით: „აჰა, ტარიგი ღმრთისა“. ამასთან სხვა წინასწარმეტყველნი წინასწარმტყველებდნენ მას შემდეგ, რაც უკვე გამოვიდნენ საკუთარი დედის საშოდან, მან კი იცნო უფალი და კრთებოდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ დედის საშოდან გამოვიდოდა. შემდეგ მოჰყავს მოწმობა: „აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი“ (მალ. 3, 1) იოანეს ეწოდა ანგელოზი შესაძლოა იმიტომაც, რომ მისი ცხოვრება თითქმის უსხეულო და ანგელოზებრივია, ან შესაძლოა იმიტომაც, რომ მან ამცნო მაცხოვრის მოსვლა. „რამეთუ გეტყვი თქუენ, უფრჲსი შობილთა შორის დედთაჲსა იოვანე ნათლისმცემლისა, წინასწარმეტყველი არავინ არს“. შემდეგ თითქოსდა ვიღაცამ თქვა: „თავად შენზეც მეტია, ქრისტე, იოანე?“ - ამატებს, „ხოლო მე უმცირესი მასზე, ღმრთის სასუფეველში მასზე უმეტესი ვარ; ვინაიდან თუმცა მე მიმიჩნევენ მასზე უმცირესად კეთილშობილებითაც, ასაკითაც, დიდებითაც, თუმცაღა ღმრთის სასუფეველში, ანუ ყოველივე ღმრთაებრივსა და სულიერში, მე მასზე უმეტესი ვარ.“ ამრიგად, ყველა იმ ადამიანმა, ვინც მოუსმინა იოანეს, განამართლა ღმერთი, ანუ პატივი მიაგო ღმერთს იმით, რომ მიიღო მისი წინასწარმეტყველი. ფარისველებემა კი არ მიაგეს პატივი ღმერთს რამდენადაც არ მიიღეს იოანე. ზოგიერთს სხვაგვარად ესმოდა სიტყვები: „შობილთა შორის დედათაჲსა“, კერძოდ კარგად თქვა უფალმა: „შობილთა შორის დედათაჲსა“, გამორიცხა რა, ამრიგად საკუთარი თავი, ვინაიდან ის იშვა ქალწულისაგან და არა დედაკაცისაგან, ანუ ქმრიანი ქალისაგან. სხვაგვარად ესმოდათ გამოთქმაც: „უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა“; კერძოდ: უმცირესი ქრისტიანულ ცხოვრებაში არის უმეტესი მართალზე სჯულის მიხედვით. მაგალითად, იოანე უმწიკვლოა სჯულის მიხედვით მართლისათვის. მაგრამ თუკი ვინმე მონათლულია, მაგრამ ჯერ არც რაიმე კეთილი უქმნია და არც ბოროტი, მაშინ ის, მართალია, ფრიად მცირეა ღმრთის სასუფეველში, ანუ ქრისტიანულ სარწმუნოებაში, თუმცა მოუნათლავზე მეტია, თუნდაც მართალზე სჯულის მიხედვით. და სხვაგვარადაც: რამდენადაც იოანე, თუმცა თითქმის უხორცოა და არამიწიერი, მაგრამ ჯერ კიდევ ხორცში იმყოფება, ამდენად უმცირესია აღდგომისას, რომელსაც ღმრთის სასუფეველს უწოდებს, მასზე უმეტესია. ვინაიდან მაშინ, მივიღებთ რა სრულ უხრწნელებას, ჩვენ აღარ მოვიქცევით ხორციელად და უმცირესი მაშინ - უფრო მეტი იქნება ვიდრე ახლანდელი მართალი, მაგრამ ჯერ კიდევ ხორცში მყოფი.
31. ვის ვამსგავსნე კაცნი ამის ნათესავისანი, და ვისა არიან მსგავს? 32. მსგავს არიან ყმათა, უბანთა ზედა მსხდომარეთა, რომელნი მოუწესედ მოყუასთა მათთა და ეტყჳედ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით თქუენ, და არა სტიროდეთ. 33. რამეთუ მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი, არცა ჭამდა პურსა, არცა სუმიდა ღჳნოსა, და იტყჳთ: ეშმაკეულ არს. 34. მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳთ: აჰა კაცი მჭამელი და მსუმელი ღვნისაჲ და მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. 35. და განმართლდა სიბრძნე ყოველთაგან შვილთა თჳსთა.
იუდეველებს ჰქონდათ ერთგვარი სახის თამაში: ბავშვების დიდი რაოდენობა იყოფოდა ორ ნაწილად და თითქოსდა ცხოვრების დასაცინად, ერთნი ერთ მხარეს ტიროდნენ, ხოლო მეორენი მეორე მხარეს უკრავდნენ სალამურზე და არც დამკვრელნი ეთანხმებოდნენ მგლოვიარეთ და არც მგლოვიარენი - დამკვრელთ. უფალი ფარისევლებსაც წარმოგვიდგენს რაღაც ამგვარის მოქმედად. ვინაიდან, არც იოანესთან ერთად მწუხარებდნენ, რომელიც მგლოვი არე ცხოვრებას ეწეოდა და სინანული შემოჰქონდა და არ ბაძავდნენ მას; არც იესოს, რომელიც სასიამოვნო ცხოვრებას უჩვენებდა, არ ემორჩილებოდნენ და არ ეთანხმებოდნენ მას, არამედ ორივესგან მოიკვეთეს საკუთარი თავი, არ აღმოუჩინეს რა თანაგრძნობა არც მგლოვიარე იოანეს, არც იესოს, უკრავდა რა და შეუნდობდა. და ბოლოს, ღმრთის სიბრძნე განმართლდა, ანუ პატივი მიეგო არა ფარისეველთა მიერ, არამედ მათ შვილთა, ანუ იოანეს და იესოს მოძღვრების მიმღებთა მიერ.
36. ევედრებოდა ვინმე მას ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისევლისასა და დაჯდა. 37. და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისევლისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ. 38. და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა. 39. ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა იგი ჰხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: ესე უკუეთუმცა იყო წინაწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს. 40. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად. ხოლო მან თქუა: მოძღუარ, იტყოდე! 41. და თქუა: ორნი თანა-მდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას – ერგასისი. 42. და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ: ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი? 43. მიუგო სიმონ და თქუა: მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა. ხოლო თავადმან თქუა: სამართლად საჯე.
ეს ფარისეველი, რომელმაც უფალს უხმო, როგორც ჩანს, მართალი გულისთქმების პატრონი კი არ იყო, არამედ მზაკვარი და სავსე თვალთმაქცობით ამბობს: „უკეთუმცა იყო წინასწარმეტყველი“. როგორც ჩანს, მას არ სწამდა, რადგანაც ასე ამბობდა: უფალმა თუმცა კი იცის მისი არაპირდაპირობა, მაგრამ მაინც მიდის მასთან და სადილობს მასთან ერთად, რაღა თქმა უნდა ჩვენ გვასწავლის რა ამით, რომ უბრალოდ და პირდაპირ უნდა ვექცეოდეთ მათაც კი, ვინც ჩვენთან მიმართებაში მზაკვრულად იქცევა. მრავალს აღელვებს კითხვა: რამდენი იყო დედაკაცი, რომელმაც ნელსაცხებელი სცხო უფალს? ერთნი ამბობენ, რომ ისინი ორნი იყვნენ: ერთი იოანეს სახარებაში მოხსენიებული, ლაზარეს და (იოანე. 12,3), და მეორე - ის, რომელსაც მოიხსენიებენ მახარებლები მათე (26, 2. 6-7), და მარკოზი (14; 1-3) და ამ ადგილას, ლუკა. მაგრამ მე მათი მჯერა, ვინც ამბობს, რომ ისინი (რომლებმაც ნელსაცხებელი სცხეს უფალს - სამნი იყვნენ): ერთი ლაზარეს და, რომელიც მოხსენიებულია იოანესთან, სცხო რა უფალს პასექამდე ექვსი დღით ადრე, მეორე მოხსენიებული მათესთან და მარკოზთან, რომელმაც პასექამდე ორი დღით ადრე სცხო, და მესამე - ეს, მოხსენიებული ახლა ლუკას მიერ, რომელმაც სცხო უფალს შუა სახარების ქადაგებისას და არაფერია უცნაური იმაში, რომ მან ეს გააკეთა ჯერ კიდევ მანამ, სანამ ვნების დრო დადგებოდა, ხოლო იმათ, იგივე გააკეთეს ვნების ჟამის მოახლებისას, მისდამი მიბაძვით, ანდა რაიმე სხვა მოტივით. თუკი მათესთან მოხსენიებული ფარისეველი, რომელმაც უფალს უხმო, მოხსენიებულია, როგორც სიმონი, ისევე როგორც ლუკასთან, რა არის გასაკვირი სახელების დამთხვევაში? რამდენადაც ის ვისზეც მათე საუბრობს, კეთროვანი იყო, ხოლო ეს (ლუკასთან) - არა. იმან კეთროვანებისგან განწმენდის გამო მიიწვია უფალი მადლიერების ნიშნად, ეს კი არ იყო კეთროვანი და არ გამოხატავდა მადლიერებას; ის არაფერს ამბობს, ეს კი დრტვინავს და განიკითხავს, ერთსა და იმავე დროს, იესოსაც და დედაკაცსაც. ამ უკანასკნელს, როგორც ცოდვილს, ხოლო მას როგორც კაცთმოყვარეს. ჰოი უგუნურებავ! ადამიანი ჭეშმარიტად ფარისეველი, მაგრამ უფალი, ეკითხება რა მას იგავებით და გამოჰყავს რა შუაში ორი მევალე, შეუმჩნევლად ეუბნება მას, რომ ისიც მევალეა, თუმცა კი თვლის, რომ ნაკლები ვალი აქვს, მაგრამ მაინც მევალეა. ამრიგად, არც შენ, ვისაც ნაკლები გმართებს, არ შეგიძლია ვალის დაბრუნება (ვინაიდან ამპარტავნებით შეპყრობილს, არ ძალგიძს აღსარება), არც დედაკაცს შეუძლია. ამიტომ ორივეს მოგეტევებათ და ვინ შეიყვარებს უფრო მეტად? უეჭველია, ის, ვისაც მეტი მიეტევება. ეუბნება რა ამას, იგი დაუყოფს პირს ამპარტავანს.
44. და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი თმითა თჳსითა წარჴოცნა; 45. ამბორის-ყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე ვინაჲთგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორის-ყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა. 46. ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა. 47. რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს. 48. და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი! 49. და იწყეს თანა-მეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს? 50. ჰრქუა დედაკაცსა მას: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშჳიდობით!
უფალი აღმოაჩენს სიმონში ამპარტავანსა და უგუნურს: ამპარტავანს იმიტომ, რომ თავად ადამიანმა, ცოდვებისთვის განიკითხა ადამიანი; უგუნურს, რამდენადაც ვერ გულისხმაყო, რომ საჭირო იყო იმ დედაკაცის, რომელმაც რწმენისა და სიყვარულის ასეთი ნიშნები აჩვენა, მიღება და არა ურაყოფა. ამიტომაც უფალი ამხელს მას იმაში, რომ ტყუილად განიკითხა დედაკაცი, რომელმაც იმდენი გააკეთა, რამდენიც თავად არ გაუკეთებია. არ გაუკეთებია მასთან შედარებით ბევრად ნაკლებიც კი. შენო, მაგალითად, ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, რაც სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, მან კი ცრემლით დამილტო ფეხები. შენ სახეზეც კი არ მეამბორე, მან კი ფეხები დამიკოცნა; შენ ზეთიც კი არ მცხე, მან კი ნელსაცხებელი მცხო. რამდენადაც შენ სთქვი, რომ მე წინასწარმეტყველი არა ვარ, ვინაიდან ვერ გავარჩიე, ცოდვილი რომაა, აი, შენს გულის ზრახვებს ვამხელ, რათა იცოდე, რომ ჩემთვის ცნობილია როგორც დაფარული შენში, მით უფრო, რაც მას შეეხება და რაც მრავალმა სხვამაც იცის, ამრიგად, მიეტევა მას ცოდვების, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული, ანუ დიდი სარწმუნოება უჩვენა. მისი თანამეინახენი და ამასთან, მდრტვინავნი, ვერ მიხვდნენ, რომ მის მიერ სიმონისადმი თქმული, ფრიად ესადაგება მათაც, უფალი, აცხრობს რა მათ დრტვინვას და სურს რა უჩვენოს მათ, რომ თითოეულს მისი რწმენა აცხოვნებს, არ თქვა: დედაკაცო, მე გაცხოვნებ შენ, - რათა ისინი კიდევ უფრო მეტი შურით არ ანთებულიყვნენ, არამედ: „სარწმუნოებამან შენმან“. ეს თქვა მან, როგორც უკვე შევნიშნე, ნაწილობრივ იმის გამო, რომ შეეყვანა ისინი რწმენაში, აგრძნობინა რა, რომ სარწმუნეობა, სწორედ ის აცხოვნებს. „ვიდოდე მშვიდობით“, ანუ სიმართლით, ვინაიდან სიმართლე არის მშვიდობა ღმერთთან, ისევე როგორც ცოდვა - მტერობაა ღმერთთან. ნახე: შეუნდო რა მას ცოდვები, უფალმა მხოლოდ მიტევებული ცოდვების ანაბარა კი არ დატოვა იგი, არამედ სიკეთის ქმედითი ძალაც მიანიჭა. ვინაიდან სიტყვები: „ვიდოდე მშვიდობით“, შენ ასე უნდა გაიგო: წადი, აკეთე ის, რაც ღმერთთან მშვიდობას დაგიბრუნებს.
თავი 1 | თავი 2 | თავი 3 | თავი 4 |
თავი 5 | თავი 6 | თავი 7 | თავი 8 |
თავი 9 | თავი 10 | თავი 11 | თავი 12 |
თავი 13 | თავი 14 | თავი 15 | თავი 16 |
თავი 17 | თავი 18 | თავი 19 | თავი 20 |
თავი 21 | თავი 22 | თავი 23 | თავი 24 |