ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

ლუკას სახარების განმარტება

 

თავი პირველი

1. ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის, 2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის, 3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე, 4. რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.

ვინ იყვნენ ეს მრავალნი, რომელთაც ხელი მიჰყვეს? ცრუ მოციქულნი. ვინაიდან, მართლაც მრავალნი ადგენდნენ სახარებას, როგორიცაა, მაგალითად, ეგვიპტელთა სახარება და სახარება წარწერით „ათორმეტთაგან“. მათ მხოლოდ ხელი მიჰყვეს, მაგრამ ვერ დაამთავრეს. რამდენადაც მათ ღვთის მადლის გარეშე დაიწყეს, სწორედ ამიტომ ვერ დაამთავრეს. ამრიგად, ლუკამ კარგად თქვა „მრავალთა ხელ-ყვეს“. ჭეშმარიტად არა მრავალთა, კერძოდ მათემ და მარკოზმა, არა მხოლოდ დაიწყეს, არამედ დაამთავრეს კიდეც, ვინაიდან მათ ჰქონდათ სული, სრულყოფილების შემქნელი. „საქმეთათვის გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის“. რადგანაც ის, რაც ქრისტეს შეეხება, არა უბრალოდ შიშველი გადმოცემებითაა ცნობილი, არამედ ჭეშმარიტია, სრულიად მართალია და სავსებით დასაბუთებადი, და როგორაა, გვითხარი ლუკა, ეს დასაბუთებადი? „ვითარცა იგი მომცეს ჩვენ, რომელნი დასაბამითგან თვითმხილველ და მსახურ ყოფილ იყვნენ სიტყვისა მის“. აქედან ჩანს, რომ ლუკა თავიდანვე კი არ იყო მოწაფე, არამედ შემდგომში გახდა. ვინაიდან სხვები იყვნენ მოწაფენი „სიტყვისა მის დასაბამიდანვე“, მაგალითად პეტრე და ზებედეს ძენი (მათე 4; 18-22). სწორედ მათ გადასცეს ლუკას ის, რაც მას არც უნახავს, არც მოუსმენია. „რაჲთა სცნა, რომელთათვის - იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ“. ეს მესმის მე ორგვარად, ჯერ - ერთი ასე: ადრე მე თეოფილე წერილის გარეშე გმოძღვრიდი, ახლა კი, გადმოგცემ რა დაწერილ სახარებას, განვამტკიცებ შენს გონებას, რათა არ დაივიწყო ის, რაც წერილის გარეშე გადმოგეცი; მეორეც ასე: ჩვენ, ადამიანებს, ხშირად გვაქვს ჩვეულება, რომ როდესაც ვინმე დაუწერლად გვეუბნება რაიმეს, ვიეჭვოთ, რადგან შეიძლება ის ტყუილსაც გვეუბნებოდეს, მაგრამ როცა წერს, გვწამს იგი არ დაწერდა მტკიცედ რომ არ იყოს დარწმუნებული თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში. მახარებელიც ასე ამბობს: იმიტომ დაგიწერე სახარება, რომ მეტად იყო დარწმუნებული იმაში, რაც წერილის გარეშე გასწავლე, გექნება რა ახლა ჩემს მიმართ მეტი ნდობა, მაშინ, როდესაც მე იმდენად ვარ დარწმუნებული წერილის გარეშე გადმოცემულის ჭეშმარიტებაში, რომ იგი წერილითაც გადმოვეცი. არ უთქვამს „რათა იცოდე“, არამედ „რათა სცნა“, ანუ ორჯერ მეტი ცოდნა მიიღო და ამასთან მტკიცედ დარწმუნდე, რომ არ ვტყუი.

5. იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, რომლისა სახელი ზაქარია, შემდგომად დღითი-დღედ მსახურებისა მის აბიაჲსა, და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისთაჲ, და სახელი მისი ელისაბედ.

ჰეროდეს მეფობა ახსენა, ერთი მხრივ, სურვილის გამო, რომ წინასწარმეტყველთა მსგავსად მოეთრხო, ვინაიდან ისინი ასე იწყებენ: დღეთა აქაზისთა, აზეკიასთა და ამისა და ამის, მოხდა ესა და ეს (ესაია, 1, 18 ოსე 1, 1; ამოს, 1, 1), ხოლო, მეორე მხრივ, რამდენადაც ქრისტეზე საუბარს აპირებს, ახსენა ჰეროდეც, რათა ეჩვენებინა, რომ ჰეროდეს დროს ქრისტე ჭეშმარიტად მოვიდა. რამდენადაც ეს ჰეროდე იყო მაშინ, როდესაც იაკობის წინასწარმეტყველების მიხედვით (დაბ. 49, 10), მოაკლდნენ მთავარნი იუდას ტომისგან, აქედან მტკიცდება კიდეც, რომ ქრისტე მოვიდა. აღწევს ზოგიერთ სხვა მიზანსაც: საუბრობს რა დროზე, უჩვენებს სახარების ჭეშმარიტებას, რამდენადაც მსურველებს აძლევს შესაძლებლობას ახარონ და თავად დროის მიხედვით უჩვენონ სახარების ჭეშმარიტება. ზაქარიათი და იოანეს შობით დაწყება, მართებულია. რამდენადაც იგი აპირებს ისაუბროს ქრისტეს შობაზე, ხოლო იოანე - ქრისტეს წინამორბედია, ამიტომ ქრისტეს შობაზე უწინ მართებულად საუბრობს იოანეს შობაზე, რომელიც თავადაც არაა სასწაულს მოკლებული. რამდენადაც ქალწულს უნდა ეშვა, მადლის წყალობით ისე მოეწყო, რომ მოხუც ქალს გაეჩინა ბუნების წესების საწანააღმდეგოდ, თუმცა ქმართან. რას ნიშანავს სიტყვები „მსახურებას მის აბიაჲსა“. ზოგიერთს ისე ესმის, რომ იყვნენ მღვდლები, რომლებიც მორიგეობით ასრულებდნენ ღმრთისმსახურებას, ერთი სახელად აბია, ხოლო მეორე ზაქარია და რამდენადაც აბიამ აღასრულა მსახურება, მის შემდეგ რიგით ზაქარიას უწევდა ღმრთისმსახურების აღსრულება. მაგრამ საქმე, როგორც ჩანს, ასე არაა. რამდენადაც სოლომონმა, დაამთავრა რა ტაძარი, დააწესა ყოველდღიური მსახურება, ანუ შვიდეულები. ერთ შვიდეულში, მაგალითად, დაადგინა კორეხის ძენი, მეორეში - ასაფისა, შემდეგში - აბიასი, კიდევ სხვაში - სხვისა ( 2 ნეშტთა, 8, 14; 1 ნეშტთა, 24). ამიტომ, როდესაც ამბობს, რომ ზაქარია იყო „მსახურებას მის აბიაჲსა“, წარმოაჩენს, რომ ის იყო აბიას დასიდან და შვიდეულიდან. ხოლო სურს რა გვიჩვენოს, რომ იოანე ერთი მხრიდანაც და მეორედანაც (მამის მხრიდანაც და დედის მხრიდანაც) კანონიერად წარმოსდგებოდა მღვდელთმსახურთაგან, ამბობს: „და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისათა“, რამეთუ არ იყო ნებადართული უცხო შტოდან მოყვანა ცოლისა, არამედ იმავე შტოდან უნდა მოეყვანათ (რიცხვ. 36, 8-9). ელისაბედი, განმარტების მიხედვით არის „სიმშვიდე ღმრთისა“, ხოლო ზაქარია - „ხსოვნა უფლისა“.

6. და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი.

ხშირად ზოგიერთნი არიან მართალნი, მაგრამ არა ღვთის წინაშე, არამედ ადამიანთა დასანახად. ზაქარია და ელისაბედი კი მართალნი იყვნენ ღვთის წინაშე. მცნებათა შინაარსი, მაგალითად, ასეთია: „არა იმრუშო“, „არა იპარო“ (გამოსვლ. 20, 14-15). შინაარსი კანონებისა კი (რაც ძველ, საეკლესიო რუსულით ნიშნავს - განმართლებას), მაგალითად, ასეთი: „რომელმან ბოროტი თქუას მამისათვის, გინა დედისათვის, სიკუდილით მოკუედინ (გამოსვლ. 21, 17), რადგან ამას ნიშნავს მართლად ყოფნა. მაგრამ იცოდე, რომ შესაძლოა მცნებასაც ეწოდოს განმართლება, რამდენადაც იგი ადამიანს მართლად აქცევს და უფრო მეტად კი არის განმართლება ღმრთისა, რამდენადაც „მას დღესა შინა“ ღმერთი განგვსჯის ჩვენ, ექნება რა მცნებები, როგორც წერილობითი თავის მართლება. „უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდათ“. (იოანე, 15, 22). და კიდევ: „სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკანაჲსკნელსა დღესა“ (იოანე, 12, 48). რატომაა სიტყვებისთვის „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სამართლისა“ დამატებული „უბიწონი?“ უსმინე. ხშირად ზოგიერთნი საღმრთო სჯულის მიხედვით იქცევიან, მაგრამ ამას ყველაფერს ადამიანთა საჩვენებლად სჩადიან (მათ. 23, 5). ასეთები არ არიან უბიწონი. ზაქარია კი მცნებებსაც იცავდა და იცავდა უბიწოდ და არა იმისთვის, რომ მათი შესრულების წყალობით ადამიანთათვის მოეწონებინა თავი.

7. და არა ესუა მათ შვილი, რამეთუ ელისაბედ იყო ბერწ, და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა.

მართალთა ცოლები და თავად მართლები, ხშირად უშვილონი იყვნენ, რათა შენ შეიცნო, რომ სჯული ითხოვს მრავალშვილიანობას არა ხორციელს, არამედ სულიერს. „და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა“ სულირედაც და ხორციელადაც, რამდენადაც სულით ისინი დაბერდნენ, ანუ დიდ წარმატებას მიაღწიეს, გულისხმობს რა აღსვლას „გულსა თვისსა“ (ფსალ. 83, 6) და ჰგავდა მათი ცხოვრება დღეს და არა ღამეს, ვინაიდან იქცეოდნენ კეთილკრძალულად, როგორც ნათელში მყოფნი. (რომ, 13, 12-13).

8. და იყო მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისა წინაშე ღმრთისა, 9. მსგავსად ჩვეულებისა მღდელობისა ჰხუდა მას საკუმეველისა კუმევაჲ და შევიდა ტაძარსა უფლისასა. 10. და ყოველი სიმრავლე ერისაჲ ილოცვიდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველისა კუმევისასა.

ღმრთის წინაშე მსახურებას მხოლოდ წმინდანნი აღასრულებენ, ხოლო უწმინდურთაგან ღმერთი გარემიიქცევს პირს. როდის ხვდა მას საკმევლის კმევის წილი? უეჭველია, რომ განწმენდის დღეს, როდესაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედის წმიდათა წმიდაში, რათა ვისწავლოთ, რომ როგორც ამ მღვდელმთავარმა, შევიდა რა წმიდათა წმიდაში, მიიღო ნაყოფი, ასევე უფალმა იესომ, ერთადერთმა და დიადმა ჭეშმარიტმა მრვდელმთავარმა, შევიდა რა წმიდათა წმიდაში, ანუ ხორციელად აღვიდა რა ზეცაში, მიიღო ნაყოფი თავისი მოვლინებისა ხორცით - ანუ ჩვენი შვილება ღმრთის მიერ და ცხონება.

11. და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ, მდგომარე მარჯუენით საკურთხევლისა მის საკუმეველთაჲსა.

ანგელოზი ევლინება არა ყველას, არამედ მხოლოდ მათ, ვინც წმიდაა გულით, როგორც იყო ზაქარია. სამსხვერპლო (საეკლესიო ენით - საკურთხეველი) სასაკმევლედ იმიტომ იწოდება, რომ იყო სხვა საკურთხეველიც - ყოვლადდასაწველი.

12. და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაჲ იგი, და შიში დაეცა მას ზედა. 13. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე. 14. და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ.

ზაქარია შეძრწუნდა, რადგან უჩვეულო ხილვა აძრწუნებს წმინდანთაც. მაგრამ ანგელოზი აჩერებს მის შეძრწუნებას, ვინაიდან ყველგან სწორედ ამით სცნობენ საღმრთო გამოცხადებასა და ეშმაკისეულს: თუ გულისთქმა თავიდან შეძრწუნდება, მაგრამ შემდეგ, შიშის გაფანტვასთან ერთად, მალე მთლიანად დამშვიდდება, ჩვენება ჭეშმარიტად ღმერთისგანაა; ხოლო თუკი შიში და შეშფოთება უფრო იზრდება, მაშინ ჩვენება ეშმაკისგანაა. რატომ თქვა ანგელოზმა: „შეისმინეს ვედრებანი შენნი, ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვას შენ ძე“. მაშინ, როცა ზაქარია ლოცულობდა არა ძისთვის, არამედ ერის ცოდვებისათვის? ერთნი ამბობენ: რამდენადაც ზაქარია ლოცულობდა ერის ცოდვებისათვის, ხოლო უნდა ეშვა ძე, რომელიც იტყოდა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმაც აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“ (იოანე, 1, 29), ამდენად ანგელოზი მართებულად ეუბნება მას, შესმენილია შენი ვედრება ერის ცოდვების გამო, ვინაიდან შენ შობ ძეს, რომლის მეშვეობითაც მოხდება ცოდვათა მიტევება. მეორენი კი ასე იგებენ: ზაქარია! შენი ლოცვა შესმენილია და ღმერთმა მიუტევა ერს ცოდვები. შემდეგ იგი თითქოს ეუბნება: საიდან ჩანს ეს? ენგელოზი კი პასუხობს: აი, მე გაძლევ ნიშანს, ელისაბედი გიშობს ძეს, ხოლო იქიდან, რომ ელისაბედი შობს, უნდა დარწმუნდე ერისთვის ცოდვათა მიტევებაშიც.

15. რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. 16. და მრავალნი ძეთა ისრაჱლისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა. 17. და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაჲთა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული.

ანგელოზი აუწყებს, რომ იოანე იქნება დიდი, ოღონდ ღმრთის წინაშე, ვინაიდან მრავალნი იწოდებიან დიდად ადამიანთა წინაშე, მაგრამ ასეთნი არ არიან ღმრთის წინაშე, მაგალითად ფარისეველნი. ხოლო იოანე დიდია სულით, ისევე როგორც ყოველი, რომელიც ცდუნდება, პატარაა სულით. ვინაიდან არცერთი დიდსულოვანი ადამიანი არ ცდუნდება, არამედ პატარა სულისანი და სულმოკლენი, როგორც უფალი ამბობს: „რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი“... (მათე, 18, 6). როგორც იოანეს მშობლები იყვნენ მართლები „ღმრთის წინაშე“, ისე მათი ძეც დიდი იყო „წინაშე უფლისა“. „თაფლუჭად“ იწოდება ყველაფერი, რაც არ არის რა დამზადებული ყურძნისაგან, თრობის მოგვრა შეუძლია. „სული წმიდით“ იგი ჯერ კიდევ დედის მუცელში აღივსო. როდესაც ელისაბედთან დედა ღმრთისა მოვიდა, უფლის მოსვლით გახარებული ყრმა, „ჰკრთებოდა“. „მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ“; ანუ ებრაელებს მოაქცევს მოციქულთა მიმართ, ვინაიდან ებრაელები იყვნენ მამები, ხოლო მოციქულები კი - მათი შვილები. იუდეველთა გულები მოციქულთა მიმართ მოძღვრებითა და ქრისტეს შესახებ მოწმობით მოაქცია; ხოლო ის, ვინც ქრისტეზე მოწმობს, მის მოწაფეებსაც სავსებით სარწმუნოს ხდის. იოანემ ყველა კი არ მოაქცია, არამედ მარავალი; ხოლო უფალმა ყველანი განანათლა. მოვიდა იგი „სულითა... ელიაჲსათა“, რადგანაც, როგორც ილიაში მოქმედებდა მადლი, ასევე იოანეში, როგოც ილია ითვლება მეორედ მოსვლის წინამორბედად, ასევე იოანე - პირველისა. და „ძალითა ელიაჲსათა“, რამდენადაც ორივეს მოსვლას, ილიასიც და იოანესიც, ერთი და იგივე ძალა აქვს, კერძოდ: „მიჰყავს ქრისტესთან“. იოანე ილიას ძალითა და სულით მოვიდა სხვა აზრითაც, რამდენადაც ისიც ისეთივე მეუდაბნოვე, თავშეკავებული და მამხილებელი იყო, როგორ ილია. დაუბრუნა „ურჩ“ იუდეველბს „გონება მართალი“, ანუ მოციქულთა სწავლება. მოციქულთა სიბრძნე კი სული წმიდის მადლია მათში, რომლითაც ისინი მართულნი იყვნენ. „განმზადებად უფლისა“, ანუ ქრისტესთვის „ერი მომზადებული“, ანუ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ მოძღვრება. ერთგვარ შედარებას მოვიყვან. როდესაც რომელიმე წინასწარმეტველი მოდიოდა საქადაგებლად, ყველა კი არ ირწმუნებდა ხოლმე მათსას, არამედ შემძლებელნი ამისა, ანუ ისინი, ვინც შეამზადეს საკუთარი თავი ამისთვის, ვინაიდან თუკი ვინმე ღამით მოვა სტუმრად, ყველანი კი არ იღებენ მას, არამედ ფხიზლად მყოფნი და მისი მომლოდინენი და მომზადებულნი მისაღებად; ასევე იოანემ მოამზადა ადამიანები უფლისათვის, მაგრამ არა ურჩნი, არამედ შემძლებელნი, ანუ წინასწარ შემზადებულნი ქრისტეს მისაღებად.
18. და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაჲთა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა? 19. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: მე ვარ გაბრიელ, წინაშე მდგომელი პირსა ღმრთისასა, და მოვივლინე სიტყუად შენდა და ხარებად ამას. 20. და აჰა იყო შენ დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყუად ვიდრე დღედმდე ყოფად ამისა ამისთჳს, რამეთუ არა გრწმენეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თჳსსა.

მართალია ზაქარია მართალი და წმიდა იყო, მაგრამ თუკი მხედველობაში მივიღებთ მისი ძის დაბადების უჩვეულობას, ადვილად არ ირწმუნა. ამიტომაც ანგელოზი ეუბნება თავისი ღირსების შესახებ: „მე ვარ გაბრიელ“, ღმრთის წინაშე მდგომარე, მაცდური ეშმაკი კი არა, არამედ უფლისა ანგელოზი. ამრიგად, იმის გამო რომ არ ირწმუნე, ლაპარაკის უნარს მოაკლდები. სამართლიანად ექვემდებარება სიმუნჯეს, რამდენადაც როგორც წინააღმდგომი სიჩუმით ისჯება. გარდა ამისა იგი გამოხატავადა იმას, რაც იუდეველბს დაემართათ. რამდენადაც, როგორც მან მოხუცმა და უნაყოფომ და მან, ვინც არ ირწმუნა, შვა ძე, უმეტესი წინასწარმეტყველთა. ასევე იუდეველთა ეკლესიამ და იერარქიამ, მართალია დაბერდა და უნაყოფო, ურმწუნო და ურჩი იყო, მაგრამ მაინც შვა განხორციელებული სიტყვა ღმრთისა, მეუფე წინასწარმეტყველთა, რომლის შობითაც, ადრე ურჩებაში მყოფნი მორწმუნენი და აღმსარებელნი გახდნენ.

21. და დგა ერი იგი და ელოდა ზაქარიას და უკჳრდა დაყოვნებაჲ იგი მისი ტაძარსა მას შინა. 22. და გამო-რაჲ-ვიდა, ვერ ეძლო სიტყუად მათდა, და ცნეს, რამეთუ ჩუენებაჲ რაჲმე იხილა ტაძარსა მას შინა; და იგი წამ-უყოფდა მათ და დაადგრა უტყუად. 23. და ვითართცა აღესრულნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი, წარვიდა სახიდ თჳსა.

ხედავ იუდეველნი როგორ ელოდნენ და რჩებოდნენ მანამ, სანამ მღვდელმთავარი გამოვიდოდა? ჩვენი კი ქრისტიანები ჯერ შესულნი არ ვართ ტაძარში, რომ უკვე ვფიქრობთ ცუდად გავხდებით, თუკი არ გავალთო. ზაქარია ანიშნებდა ხალხს, რომელიც, როგორც სავარაუდოა, მდუმარების მიზეზს კითხულობდა. მაგრამ რამდენადაც მას ლაპარაკი არ შეეძლო, ამდენად მინიშნებებით უხსნიდა. დააკვირდი იმასაც, რომ ზაქარია არ წასულა სახლში, ვიდრე მისი მსახურების დღეები არ ამოიწურა, არამედ ტაძარში რჩებოდა. რამდენადაც მთიანი ქვეყანა მართლაც შორს იყო იერუსალიმიდან, თანაც მღვდლისთვის, თუნდაც სახლი შიგ იერუსალიმში ჰქონოდა, არ იყო ნებადართული ტაძრის ეზოდან გამოსულიყო, როდესაც მისი მსახურების რიგი მოაწევდა. ჩვენ კი, სამწუხაროდ, როგორ დაუდევრად ვექცევით ღმრთისმსახურებებს. ის, რომ ზაქარიას არ შეეძლო ლაპარაკი, არამედ მინიშნებებს იყენებდა, ეს იუდეველთა უგუნურ ცხოვრებაზე მიუთითებს. ვინაიდან, მოაკვიდნეს რა სიტყვა, მათ არ შეუძლიათ ანგარიშის გაწევა არც თავიანთი საქმეებისთვის და არც საუბრისთვის. კიდევაც, რომ გეკითხა მათთვის, რაიმე წინასწარ მეტყველთა მიერ თქმულზე, მათ არ შეეძლოთ გაეღოთ პირი და ეთქვათ შენთვის სიტყვა, ანდა პასუხი.

24. და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თუე და იტყოდა, 25. ვითარმედ: ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაჲ ჩემი კაცთა შორის.

ვინაიდან ელისაბედი, უმანკო იყო, რცხვენოდა და მუცლად იღო რა სიბერეში, ხუთ თვეს თავს იფარავდა, სანამ მუცლად არ იღო მარიამმაც. როდესაც მან (მარიამმა) მუცლად იღო და ყრმა „ჰკრთებოდა“ მის მუცელში (ელისაბედისა), იგი თავს აღარ იფარავდა, არამედ თამამადაც კი იქცეოდა, როგოც დედა ისეთი ძისა, რომელიც ჯერ კიდევ დაბადებამდე შეიქმნა წინასარმეტყველის პატივის ღირსი.

26. და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ, 27. ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ. 28. და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. 29. ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე? 30. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.

„თუესა მეექუსესა“, მოყოლებული იოანეს მუცლად ღების დროიდან. ამბობს, რომ ქალწული თხოვილი იყო ქმრის მიერ დავითის სახლიდან, რათა უჩვენოს, რომ ისიც დავითის ტომიდან წარმოსგდებოდა; ვინაიდან ისეთი კანონი იყო, რომ ორივე ნახევარი (ქორწინებაში მყოფი) ერთი და იმავე გვარიდან და ერთი და იმავე შტოდან უნდა ყოფილიყვნენ (რიცხვ. 36, 6-9). რამდენადაც უფალმა ევას უთხრა: „ტანჯვით შობ შვილებს“ (დაბ. 3; 16), ახლა ამ ტანჯვას ის სიხარული ცვლის, რომელიც ქალწულისთვის მოაქვს ანგელოზს, როდესაც ეუბნება: „გიხაროდენ მიმადლებულო!“ რამდენადაც ევა დაწყევლილი იქნა, მარიამს ახლა ესმის: „კურთხეულ ხარ შენ“. მარიამი ფიქრობდა ხარების შესახებ, თუ როგორი იყო იგი: იყო იგი ბილწი და მანკიერი, როგორც მიმართვა მამაკაცისა ქალწულისადმი, თუ ღმრთაებრივი, რამდენადაც ამ ხარებაში ნახსენები იყო უფალიც: „უფალი შენთანა“? ანგელოზი, პირველ რიგში, ამშვიდებს მის გულს, ათავისუფელბს შიშისაგან, რათა მან ღმრთაებრივი პასუხი უშფოთველ მდგომარეობაში მიიღოს, ვინაიდან შეცბუნებულ მდგომარეობაში იგი ვერ შეძლებდა რიგიანად მოესმინა ის, რაც უნდა აღსრულებულიყო; შემდეგ, თითქოსდა ასახსნელად ზემოთქმული სიტყვისა „მიმადლებულო“ ამბობს: „რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა“. ვინაიდან იყო მიმადლებული - ნიშნავს მიიღო მადლი ღმრთისაგან, ანუ სათნო ეყო ღმერთს. მაგრამ ეს საერთო ბედნიერებაა, ვინაიდან სხვა მრავალმაც მიიღო მადლი ღმრთისაგან, ხოლო მარიამისადმი მიმართული ხარება სხვას არავის ეკუთვნის.

31. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. 32. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ. 33. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.

„და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო“ - ამ უპირატესობით ჯერ არცერთ ქალწულს არ უსარგებლია. ამბობს რა: „მუცლად-იღო“; ამით უჩვენებს, რომ უფალი არსებითად განხორციელდა თავად ქალწულის საშოდან. ჩვენი მოდგმის ხსნისათვის მოსული, სამართლიანად იწოდება „იესოდ“, ვინაიდან ეს სახელი, ბერძნულიდან თარგმნაში, ნიშნავს „ხსნა ღმერთისგანაა“. იესო, განმარტების მიხედვით ნიშნავს მხსენელს, ვინაიდან ხსნასაც ეწოდება „იაო“. „და ესე იყოს დიდ, ამბობს იგი, - და ძე მაღლისა ეწოდოს“. იოანეც დიდი იყო, მაგრამ „ძე მაღლისა“ არ ყოფილა; ხოლო მაცხოვარი დიდია თავისი მოძღვრებით და „ძეცაა მაღლისა“ ისევ ამ მოძღვრებიდან გამომდინარე, რამდენადაც იგი ასწავლიდა, როგორც ხელმწიფების მქონე საკვირველ სასწაულთა აღსრულების მეოხებითაც. „ძედ მაღლისა“ ხილული კაცი იწოდება: რამდენადაც პიროვნება ერთი იყო, ჭეშმარიტად, ძე მაღლისა იყო კაცი, ძე ქალწულისა. სიტყვა, „ძე მაღლისა“, იყო უწინარეს საუკუნეთაც, მაგრამ არ იწოდებოდა ასე და არ იყო ცნობილი; ხოლო როდესაც ხორცი შეისხა და ხორცში მოგვევლინა, მაშინაც ეწოდა „ძე მაღლისა“, უკვე ხილული და სასწაულთა მოქმედი. როდესაც გესმის „საყდარი დავითისა“, ნუ იფიქრებ ხორციელ მეფობაზე, არამედ იფიქრე ღმრთაებრივზე, რომლითაც იგი გამეფდა ყოველ ხალხზე ღმრთაებრივი მოძღვრების წყალობით. „სახლი იაკობისი“ ეწოდება მორწმუნეებს, როგორც ებრაელთაგან, ასევე სხვა ხალხთაგანაც, ვინაიდან ასეთები არიან არსებითად იაკობი და ისრაელი. მაშ, როგორღაა ნათქვამი, რომ იგი დავითის ტახტზე დაჯდა? უსმინე, დავითი უმცროსი იყო თავის ძმებს შორის: და უფალიც იყო მოძულებული და გაკიცხული, როგორც მოყვარული ჭამისა და ღვინის სმისა და როგორც შვილი დურგლისა და უპატიობაში მყოფი თავისი ძმების, იოსების შვილების მხრივაც კი. „რამეთუ, - ნათვქამია, - არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“ (იოანე. 7; 5). დავითი მიუხედავად ქველმოქმედებისა, დევნილი იყო; ასევე უფალსაც, სასწაულთა მოქმედს, ცილს სწამებდნენ და ქვებს ესროდნენ. დავითმა გაიმარჯვა და გამეფდა სიმდაბლის წყალობით; უფალიც ჯვრის სიმდაბლით მიღების შემდგომ გამეფდა. მაშ, ხედვა თუ რა აზრითაა ნათქვამი, რომ იგი დავითის ტახტზე დაჯდა? როგორც დავითმა მიიღო მეფობა სულიერი, რომელსაც „არა აქვს დასასრულ“, რამდენადაც ქრისტეს მეუფებას, ანუ ღმერთის შემეცნებასა და ქრისტიანობას არ ექნება დასასრული, ვინაიდან ჩვენ, დევნილობის ჟამსაც კი, ქრისტეს მადლით ვბრწყინავთ.

34. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? 35. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის.

ქალწულმა სთქვა: „ვითარმე იყოს ჩემდა“ არა იმიტომ, რომ არ ირწმუნა, არამედ იმიტომ, რომ მან, როგორც ბრძენმა და გონიერმა, მოინდომა გაეგო ამ მოვლენის ხასიათი, რამდენადაც მსგავსი არაფერი მომხდარა მანამდე და არც ამის შემდეგომ იქნება, ამიტომაც ანგელოზი პატიობს მას და არ კიცხავს, როგორც ზაქარიას, არამედ კიდეც უხსნის, თუ რა ხასიათისაა არსებული მოვლენა. ზაქარია სამართლიანად გაიკიცხა: მას მრავალი მაგალითი ჰქონდა, რამდენადაც მრავალი უნაყოფო შობდა, ხოლო ქალწულს არ ჰქონდა არცერთი მაგალითი. „სული წმიდაჲ, - ეუბნება იგი, - მოვიდეს შენ ზედა“ შეიქმს რა საშოს შენსას ნაყოფიერს და ხორცს შეასხამს ერთარსება სიტყვას. და ძალი მაღლისაჲ, ანუ ძე ღმრთისა, რამდენადაც ქრისტე არის ძალი ღმრთისა (1, კორ. 1, 24), - გფარვიდეს შენ“, ანუ გადაგეფარება შენ, იქნება რა გარემოცული ყოველი მხრიდან. ვინაიდან, როგორც ჩიტი სრულიად იფარავს თავის ბარტყებს, გადააფარებს რა თავის ფრთებს, ასევე ძალი ღმრთისა მთლიანად გარს შემოეკრა ქალწულს; სწორედ ამის ნიშნავს „გფარვიდეს“. შესაძლოა, ვინმემ თქვას: როგორც მხატვარი თავიდან ჩრდილის მონახაზს აკეთებს, ხოლო შემდეგ საბოლოოდ აფერადებს მას, ასევე უფალიც, როდესაც ხორცს ქმნიდა საკუთარი თავისთვის და ადმიანის სახეს იღებდა, თავიდან დედის საშოში ჩრდილით გამოყო კონტურები ხორცისა, მოზილა რა იგი მარადის ქალწულის სისხლთაგან, შემდეგ კი ჩამოაყალიბა იგი. მაგრამ ეს საეჭვოა. ვინაიდან ერთნი ამბობენ, რომ როდესაც უფალმა განანათლა საშო ქალწულისა, მაშინვე იქმნა სრულყოფილი ჩვილი, ხოლო მეორენი არ იღებენ ამას. მაშ, უსმინე რას ამბობს: „ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს“, ანუ ის, ვინც შენს საშოში თანდათან იზრდება და არა უცებ გვევლინება სრულოფილი სახით. აქედან გამომდინარე, ნესტორის ბაგენი დადუმდებიან. ვინაიდან იგი ამბობდა, რომ ძე ღმრთისა კი არ განხორციელდა, ქალწულის საშოში მყოფი, არამედ უბრალო ადამიანმა, მარიამისაგან შობილმა, შემდგომში ღმერთი გაიხადა თავის თანამგზავრად. დაე გაიგონოს, რომ ის, ვინც თანდათან იშვის საშოდან, სწორედ იგი იყო ძე ღმრთისა, არა ისე, რომ სხვა იყო საშოში მყოფი, ხოლო სხვა ძე ღმრთისა, არამედ ერთი და იგივე იყო ძე ქალწულისა და ძე ღმრთისა. შეხედე, თუ როგორ მიუთითა წმიდა სამებაზეც, დაასახელა რა: სული წმიდა, ძალი - ანუ ძე, ხოლო ხსენებით მაღლისა - მამა.

36. და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ. 37. რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ. 38. ჰრქუა მას მარიამ: აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.

შესაძლოა ზოგიერთებმა იფიქრონ, თუ როგორ იყო ელისაბედი ნათესავი ქალწულისა, როდესაც ქალწული იუდას შტოდან იყო, ხოლო ელისაბედი იყო „ასულთაგან აჰრონისათა“, რამდენადაც სჯული ითხოვდა, რომ ქორწინებები ერთი და იმავე შტოში ყოფილიყო; ამაზე შეიძლება ითქვას ისიც, რომ ტყვეობის დროიდან მოყოლებული, სხვადასხვა ტომი ერთმანეთს შეერია, ხოლო უკეთესია ითქვას შემდეგი: აარონს ცოლად ჰყავდა ელისაბედი, ასული ამინადაბისა, ხოლო ეს უკანასკნელი იუდას შტოდან იყო. ხედავ, რომ ღმრთისმშობელი ელისაბედის ნათესავი იყო სულ თავიდანვე, მოყოლბეული აარონიდან, რამდენადაც ცოლი აარონისა იუდას შტოდან წარმოსდგებოდა, რომლიდანაც იყო ღმრთისმშობელიც, ხოლო ელისაბედი იყო „ასულთაგან აჰრონისათა“, მაშასადამე, ელისაბედი - ღმრთიმშობლის ნათესავია. ვინაიდან მისი დიდი დედა, ცოლი აარონისა, იუდას შტოდან წარმოსდგებოდა. შეხედე ნათესვთა მემკვიდრეობითობასაც. ცოლი აარონისა - ელისაბედია, და ცოლი ზაქარიასიც - ელისაბედი, როგორც მისგან წარმომდგარი. მაგრამ შეხედე რას ამბობს ქალწული: „აჰა მხევალი უფლიასო; მეყავ მე სიტყვისაბერ შენისა!“ მე - დაფა ვარ ფერმწერისა; დაე ფერმწერმა დახატოს ის, რაც სურს; დაე უფალმა შექმნას ის, რაც მას ნებავს. ცხადია, რომ ადრე თქმული „ვითარ-მე იყოს ჩემდა“ იყო არა ურწმუნოების გამოხატულება, არამედ მოვლენის ხასიათის გაგების სურვილი, ვინაიდან რომ არ ერწმუნა არ იტყოდა: „აჰა მხევალი უფლიასო; მეყავ მე სიტყვისაბერ შენისა“. იცოდე ისიც, რომ გაბრიელი ნიშნავს - ღმრთის კაცს, მარიამი - ქალბატონს, ხოლო ნაზარეთი - განათლებას. ამრიგად, როდესაც ღმერთმა განკაცება ინება, მართებულად გზავნის გაბრიელს, რომელიც ნიშნავს ღმერთის კაცს; თავად ხარებაც წმიდა ადგილას აღესრულება, ანუ ნაზარეთში, ვინაიდან სადაც ღმერთია, იქ არაფერია არაწმიდა.

39. და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა. 40. და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. 41. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ. 42. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!

ქალწუმა, როდესაც გაიგო, რომ ელისაბედმა მუცლად-იღო, ისწრაფა მასთან ნაწილობრივ იმიტომ, რომ უხაროდა ნათესავის კეთილდღეობა, ნაწილობრივ კი, როგორც ფრიად კეთილგონიერმა, სურდა რა საბოლოოდ დარწმუნებულიყო იმაში, უთხრა თუ არა ჭეშმარიტება მისდამი მოვლინებულმა, რათა სამართლიანობის მიხედვით ელისაბედის შესახებ თქმულისა, ეჭვი არ შეჰპარვოდა იმაშიც, რაც თავად მას ეხებოდა. ვინაიდან, მართალია იგი იმედოვნებდა, მაგრამ მაინც ეშინოდა, რათა როგორმე არ მოტყუებულიყო; და ეს ურწმუნობის გამო კი არ იყო, არამედ სურვილის გამო უფრო ზუსტად გარკვეულიყო საქმეში. ზაქარია მთიან ქვეყანაში ცხოვრობდა; ამიტომაც ისწარფვის ქალუწლი იქითკენ, ხოლო იოანე, მიემადლა რა ერთგვარი განსაკუთრებული ნიჭი სხვა ადამიანებთან შედარებით, ჰკრთება დედის მუცელში, რის გამოც იგი წინასწარმეტყველებზე უმეტესიცაა (მათე; 11, 9). ვინაიდან ისინი თავის დაბადების შემდეგ წინასწარმეტყველებდნენ, იგი კი ამგვარი ნიჭის ღირსი, დედის მუცელშივე შეიქმნა. ნახე! ქალწულმა მოიკითხა ელისაბედი, ანუ დაიწყო საუბარი მასთან. ამრიგად, ხმა ქალწულისა იყო ხმა მასში განხორციელებადი უფლისა და ამიტომაც მას წინამორბედსაც მიანიჭა მადლი ჯერ კიდევ მუცელში და წინასწარმეტყველი გახადა, ვინაიდან წინასწარმეტყველური სიტყვები ელისაბედისა მარიამის მიმართ იყო არა ელისაბედის სიტყვები, არამედ ჩვილისა; ხოლო ელისაბედის ბაგეები მხოლოდ გამოიყენა მან, ისევე როგორც მარიამის ბაგეები გამოიყენა ძე ღმრთისამ, რომელიც მის საშოში სუფევდა. რამდენადაც ელისაბედი მაშინ აღივსო სულით, როდესაც ჩვილი მუცელში შეკრთა; ჩვილი, რომ არ შემკრთალიყო, იგი არ იწინასწარმეტყველებდა. როგორც წინასწარმეტყველებზე ამბობენ, რომ მანამდე ზებუნებრივ მდგომარეობაში ვარდებოდნენ და შთაგონება იპყრობდათ, ხოლო შემდეგ წინასწარმეტყველებდნენ, ასევე შესაძლოა იოანეც, თითქოსდა შთაგონებული, მანამდე შეკრთა, ხოლო შემდგომ დედის ბაგეებით იწინასწარმეტყველა. და რა იწინასწარმეტყველა? „კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. შემდეგ კი, რამდენადაც მრავალმა წმიდა დედამ უღირსი შვილი შვა, მაგალითად, რებეკამ - ესავი, ამბობს: „და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა“, რამეთუ შენი მუცლის ნაყოფი - ღმერთია, ვინაიდან მხოლოდ ღმერთია კურთხეული, როგორც დავითიც ამბობს: „კურთხეულ არს მომავალი“ (ფს. 11; 26). რამდენადაც წმიდა წერილში ჩვეულებრივი ამბავია „და“ კავშირის გამოყენება, ნაცვლად კავშირისა „რამეთუ“ („რადგან“) მაგალითად: მომეც ჩვენ შეწევნაჲ ჭირსა; რამეთუ ცუდ არს ცხოვრებაჲ კაცისაჲ“ (ფშ. 59, 13; (11) ნაცვლად და ამაოა ცხოვრება კაცისა; და ასევე: „აჰა მრისხანე და ცოდვა გვაქვს ჩადენილი“ (ფს, 64, 4) ნაცვალდ: რადგან ცოდვა გვაქვს ჩადენილი. უწოდებს უფალს ღმრთისმშობლის „მუცლის ნაყოფს“, რადგანაც ჩასახვა მოხდა ქმრის გარეშე. სხვა ჩვილები მამების მეშვეობით არიან შობილნი, ქრისტე კი მხოლოდ ღმრთისმშობლის საშოს ნაყოფია, ვინაიდან მან მარტომ იტვირთა იგი.

43. და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა? 44. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. 45. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ.

როგორც შემდგომ, როდესაც ქრისტე მოსანათლად მოვიდა, იოანემ შერისხა მას მოწიწებისადა გამო, ეუბნებოდა რა: „მე არა ვარ ღირსი“ (მათე 3; 14, 11), ასევე აქაც აუწყებს თავისი დედის მეშვეობით: „და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა“? უწოდა რა მუცლადღებულს დედა, ვიდრე იგი შობდა უფალს. სხვა დედაკაცთათვის, სანამ არ შობენ, არ არის მიღებული დედის დაძახება, წარუმატებელი მშობიარობის ან მუცლის მოშლის შიშით; ხოლო ქალწულთან დაკავშირებით ამგვარი ეჭვი არ არსებობდა. მარიამ! ვიდრე შობდე, შენ: მანამდეც უკვე - დედა ხარ და ნეტარი, რადგანაც ირწმუნე, რომ აღსრულდებოდა უფლის მიერ თქმული შენდამი

46. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, 47. და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, 48. რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; 49. რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, 50. და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;

ქალწული, იყო რა სავსებით დარწმუნებული მისთვის ნაწინასწარმეტყველების ჭეშმარიტებაში, ადიდებს უფალს, აწერს რა სასწაულს არა საკუთარ თავს, არამედ მას; ვინაიდან მან მოხედაო ჩემს სიმდაბლეს და არა მე მივხედე მას; მან მომივლინაო წყალობა და არა მე მოვიძიეო იგი და „ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“, არა მხოლოდ ელისაბედი, არამედ ასევე ნათესავნი მორწმუნეთა. და რატომ უნდა მნატრიდნენ? ნუთუ ჩემი სათნოებების გამო? არა! არამედ ვინაიდან უფალმა ყო დიდებული ჩემ თანა და უწოდა მას „ძლიერი“, რათა ყველამ ირწმუნოს მისი სიტყვები, ექნება რა მხედველობაში, რომ უფალს ძალუძს ამისი ქმნა. „წმიდა“ უწოდა „სახელს მისას“, რათა ეჩვენებინა, რომ უწმინდესი, დედის მუცელში ჩასახვის გამო, ოდნავადაც არ იბილწება, არამედ წმიდად რჩება და არა მხოლოდ ჩემს მომართ არისო „წყალობაი მისი“, არამედ ყველა მის მოშიშთა მიმართაც. ვინაიდან არა მოშიშნი მისნი, არამედ სრულიად უღირსნი ვერ იღებენ წყალობას, თქვა რა, რომ წყალობა ღმრთისა არის „ნათესავითი ნათესავამდე“, იმაზე მიუთითა, რომ ღმრთის მოშიშნი წყალობას იღებენ ახლანდელ ნათესავთა შორისაც, ანუ ამ საუკუნეშიც და მომავალ ნათესავთა შორისაც მიიღებენ, ანუ დაუსრულებელ საუკუნეში, ვინაიდან აქაც ასწილად იღებენ, ხოლო იქ კიდევ უფრო მეტს მიიღებენ (მათ. 19; 29). დააკვირდი! ჯერ სამშვინველი ადიდებს უფალს, ხოლო შემდგომ სული განიცრებს, ანუ რა! ადიდებს უფალს ის, ვინც ღმრთის შესაფერისად ცხოვრობს. შენ ქრისტიანად იწოდები - მაშ ნუ დამცირებ ღირსებას და სახელს ქრისტესას შენი უღირსი საქმეებით, არამედ განადიდე იგი დიდებულ და ზეციურ საქმეთა მეშვეობით. მაშინ შენი სულიც განიხარებს, ანუ ნიჭი სულისა, შენს მიერ დიდებულ სამქეთა აღსრულებით მიღებული, სიხარულით აჩქროლდება და წარემატება და არა მოაკლდება და ასე ვთქვათ, მოკვდება. იცოდე ისიც, რომ წმიდა წერილი, როგორც ჩანს, უბრალოდ, სულსაც და სამშვინველსაც ერთსა და იმავე სახელს უწოდებს - მაგრამ საერთოდ განარჩევს მათ. ვინაიდან იგი მშვინვიერ ადამიანს უწოდებს იმას, ვინც ბუნებრივი მოთხოვნილებების მიხედვით ცხოვრობს და ადამიანური გულისთმქებით ხელმძღვანელობს: მაგალითად შიმშილის შემთხვევაში ჭამს, მტერი სძულს და საერთოდ არაფერში არ წარმოგვიდგება, როგორც საკუთარ ბუნებაზე ამაღლებული; ხოლო სულიერს უწოდებს იმას, ვინც ბუნების კანონებს ამარცხებს და არ ბრძნობს არაფერ ადამიანურზე. ასეთია წმიდა წერილში განსხვავება სამშვინველისა და სულს შორის (1. კორ, 2, 14-25; გალ. 6, 8). შესაძლოა ექიმები მათ სხვაგვარად განარჩევენ, მაგრამ ჩვენ წმიდა წერილს უნდა ვუგდოთ ყური, ხოლო ექიმები დაე ცდებოდნენ.

51. ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა; 52. დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; 53. მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი; 54. შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. 55. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ. 56. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თჳსა.

მკლავი მამისა - ძეა; ამრიგად, ღმერთმა, მამამ ძეში გამოავლინა თავისი ხემწიფება და ძლიერება ბუნებაზე, ვინაიდან ძის განხორციელებით დაძლეულია ბუნება: ქალწულმა შვა, ღმერთი კაცად იქცა, ხოლო კაცი - ღმერთად. უფალმა „განაბნინა ამპარტავანნი“ ეშმაკთა სახით, განსდევნა რა ისინი ადამიანთა სულთაგან და გააგზავნა ერთნი უფსკრულში, ხოლო მეორენი - ღორებში. შეიძლება ვიგულისხმოთ იუდეველნიც, რომელნიც განაბნია მთელს მსოფლიოში და რომელნიც დღესაც გაბნეულნი არიან. „დაამხუნა ძლიერნი საყდართაგან“, ანუ ეშმაკნი, რომელნიც ბატონობდნენ ადამიანებზე და ადამიანთა სულებზე ედგათ „საყდარნი“, განისვენებდნენ რა მათზე. თუმცა ფარისეველნიც არსებითად „ძლიერნი“ არიან; როგორც გლახაკთა ქონების მიმტაცებლებსა და როგორც მოძღვრებს, აქვთ საყდარნი, რომელთაგანაც ისინი ჩამოგდებულნი არიან. „აღამაღლა მდაბალნი“ ანუ წარმართნი, რომელნიც ცოდვამ დაამდაბლა. აღამაღლა ისინი, მიანიჭა რა მათ შვილება. ისევე როგორც მშიერნი, ისევ ისინი, ანუ წარმართები (ვინაიდან არ ჰქონდათ წმიდა წერილი, სჯული, ანდა მცნებები), არავსო სიკეთით წმიდა წერილისა, ხოლო იუდეველნი, მდიდარნი სჯულითა და მცნებებით, განასხა როგორც ზეციური, ისე მიწიერი იერუსალიმიდან, მოკლებულნი ყოველგვარ სიკეთეს, ვინაიდან იუდეველებს ახლა აღარა აქვთ არაფერი, თუმცაღა ჩანან როგორც მქონენი. „შეეწია ისრაელსა, მონასა თვისსა“. ლაპარაკია ან ხორციელ ისრაიტელებზე, ვინაიდან მათგან მრავალმა ათეულმა ათასმა ირწმუნა და აღსრულდა აბრაამისთვის ღმრთის მიერ მიცემული აღთქმა, რომელმაც უთხრა: „და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“ (შესაქმ. 12, 3); ანდა ლაპარაკია სულიერ ისრაელზე, ვინაიდან ყოველი მხედველი ღმრთისა ისრაელად იწოდება, ვინაიდან ეს სახელი განიმარტება, როგორც მხედველი ღმრთისა. ამრიგად, შეეწია ამ ღმრთის მხედველთ, აღიყვანა რა ისინი ზეციურ სამკვიდრებელში. მარიამი ელისაბედთან სამ თვეს დარჩა, სემდეგ კი დაბრუნდა. რამდენადაც ელისაბედს უნდა ემშობიარა, ქალწული განეშორება იმ მრავალთა გამო, რომელნიც შობის გამო უნდა შეკრებილიყვნენ, ვინაიდან ქალწულისთვის სათაკილოა ამგვარ გარემოებათა მოწმედ ყოფნა, ხოლო იქიდან, რომ ქალწული დაბრუნდა მაშინ, როდესაც შობის ჟამმა მოაწია ელისაბედისა, ჩანს, რომ ანგელოზი წინამორბედის ჩასახვიდან მეექვსე თვეს მოვიდა მარიამთან; მარიამი ელისაბედთან დაახლოებით სამ თვეს დარჩა; აი თითქმის ცხრა თვეც.

57. ხოლო ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი და შვა ძე. 58. და ესმა გარემოთა და ნათესავთა, რამეთუ განადიდა უფალმან წყალობაჲ თჳსი მის თანა, და მის თანა იხარებდეს. 59. და იყო მერვესა დღესა და მოვიდეს წინადაცუეთად ყრმისა მის და რაჲთამცა უწოდეს მას სახელად მამისა მისისა ზაქარია. 60. და მიუგო დედამან მისმან და ჰრქუა: არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე. 61. და ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ არს ნათესავსა შენსა, რომელსა ჰრქჳან სახელი ეგე. 62. და წამუყოფდეს მამასა მისსა, რაჲ-ძი უნდეს სახელის-დებად მისა. 63. და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი. და დაუკჳრდა ესე ყოველთა. 64. და მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ, და იტყოდა და აკურთხევდა ღმერთსა.

ქალწული შესაძლებელია იმიტომ დარჩა ელისაბედთან დაახლოებით სამ თვეს, რომ შეძრული იყო სასწაულით და ერთგვარ ნუგეშს საჭიროებდა, რასაც ელისაბედთან ყოფნაში ჰპოვებდა; მაგრამ როდესაც შობის ჟამი მოახლოვდა, იგი განეშორა. „ხოლო ელისაბედისნი აღივსეს ჟამი შობის მისისანი“; უნდა ითქვას, რომ ცოდვილთა შესახებ არ ითქმევა - აღივსო ჟამი შობისა, არამედ მხოლოდ იქ ითქმევა ეს, სადაც მშობიარე მართალია. ვინაიდან ცოდვილთა მშობიარობა, ჩვეულებრივ არ არის სრულყოფილი და სრული და უკეთესი იქნებოდა მათთვის სულაც არ შობილიყვნენ. რატომ იყო, რომ სახელს წინადაცვეთის შემდეგ არქმევდნენ? იმიტომ, რომ მანამდე საჭიროა მიიღო ბეჭედი ღმრთისა, ხოლო შემდეგ უკვე ადამიანის სახელი. სხვაგვარად: წინადაცვეთა აღნიშნავს ხორციელ ჩვეულებათა მოკვეთას, ვინაიდან არავინაა ღირსი ღმერთის მებრძოლად იწოდებოდეს და ზეციურ წიგნში ჩაიწეროს მისი სახელი, სანამ არ უარყოფს და არ მოიკვეთს ხორციელ ჩვეულებებს. ელისაბედი ამბობდა სახელზე, რომ მისი სახელი იოანეა, როგორც წინასწარმეტყველი. შესაძლოა იოანემ თავადაც აირჩია თავისი სახელი; ვინაიდან მან დედას წინასწარმეტყველური ნიჭი გადასცა. ზაქარიას, არ შეუძლია რა გააგებინოს მინიშნებით, ფიცარს ითხოვს; და როდესაც იგი, ბავშვის სახელთან მიმართებაში, სრულ თანხმობაში აღმოჩნდება ცოლთან, ყველას გაუკვირდება, ვინაიდან ეს სახელი არავის ერქვა მის სანათესაოში და არავის შეეძლო ეთქვა, რომ ისინი წინასწარ შეთანხმდნენ ამაზე. იოანე - ნიშნავს ღმრთის მადლს, ამიტომაც მამაც მაშინვე იღებს მადლს და წინასწარმეტყველებს თავიდან ქრისტეზე და ხოლო შემდეგ შვილზე.

65. და იყო შიში დიდი ყოველთა ზედა გარემო მკჳდრთა მისთა; და ყოველთა მათ მთით კერძოთა ჰურიასტანისათა მიმოითქუმოდეს ყოველნი ესე სიტყუანი. 66. და დაიდვეს გულსა, რომელთა ესმოდა ესე, და იტყოდეს: რაჲ-მე იყოს ყრმაჲ ესე? და ჴელი უფლისაჲ იყოს მის ზედა. 67. და მამაჲ მისი ზაქარია აღივსო სულითა წმიდითა, წინაწარმეტყუელებდა და თქუა: 68. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ; 69. და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ შორის სახლსა მას დავითის, მონისა თჳსისა; 70. ვითარცა ეტყოდა პირითა წმიდათაჲთა საუკუნითგან წინაწარმეტყუელთა მისთაჲთა, 71. ცხორებასა მტერთა ჩუენთაგან და ჴელისაგან ყოველთა მოძულეთა ჩუენთაჲსა; 72. ყოფად წყალობისა მამათა ჩუენთა თანა და მოჴსენებად აღთქუმისა წმიდისა მისისა; 73. ფიცით, რომელ ეფუცა აბრაჰამსა, მამასა ჩუენსა, მოცემად ჩუენდა 74. უშიშად ჴსნად ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა, 75. მსახურებად მისა ღირსებით და სიმართლით წინაშე მისსა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

ზაქარიას სასწაულებრივი ნათქვამის შემდეგ ყველას შიში დაეცა; ვინაიდან, როგორც მასზე მდუმარების სასჯელის დადების შემდეგ, შეძრწუნებამ შეიპყრო ისინი, ასევე ახლაც, როდესაც მან კვლავ დაიწყო ლაპარაკი, შეძრწუნდნენ. ისე, რომ ამ ორი სასწულის მეშვეობით ყველას შეეძლო მიმხვდარიყო, რომ შობილი მრავალზე მაღლა იდგა. ყოველივე ეს განსაკუთრებული წინასწარგანზრახულებით აღესრულა, რათა ის, ვისაც უნდა დაემოწმებინა ქრისტეზე, სრული ნდობით ყოფილიყო მიღებული და რათა თვით იოანეს დაბადებით დარწმუნებულიყო ყველა, რომ იგი მრავალზე მაღლა იდგა. ზაქარია აკურთხებს უფალს, რომელმაც მოხედა ისრაიტელებს. იგი მართლაც მივიდა ისრაელის სახლის გზააბნეულ ცხვრებთან, მაგრამ მრავალმა მათგანმა არ მოინდომა მადლის მიღება, რის გამოც მან მოხედა ჭეშმარიტ ისრაიტელებს, ანუ მათ, ვინც ირწმუნა. „და აღმიდგინა ჩვენ რქაჲ ცხოვრებისაჲ“, ანუ მაცხოვნებელი ძალა და მეუფება, ვინაიდან „რქა“ აღნიშნავს ან ძალას, რამდენადაც რქოსან ცხოველებს რქებში აქვთ ძალა, ანდა მეფობას, ვინაიდან მეფეებს მირონს რქიდან სცხებდნენ. ქრისტე არის ძალი და მეუფება მამისა; ამრიგად ჩვენთვის აღსდგა „რქაჲ ცხოვრებისა“ - ქრისტე. ვინაიდან იგი, როგორც ჩანს, ისვენებდა როდესაც არ აქცევდა ყუადღებას მრავალ ცოდვას და დიდი ხანი მოთმინებით იტანდა კერპთთაყვანისმცემლობას, მაგრამ როდესაც მან ხორცი შეისხა უკანასკნელ ჟამს, იგი აღსდგა და დაამხო ყველა ჩვენი მოძულე ეშმაკი და უკვე აღარ აგრძელებს განსვენებას და მრავლის თმენას. აღადგინა „შორის სახლსა მას დავითისა“, ანუ ბეთლემში; ვინაიდან იგი იქ დაიბადა. ბეთლემი, რაღა თქმა უნდა , დავითის ქალაქია, როგორც წინასწარმეტყველნი ამბობდნენ, ვინაიდან ყველა ისინი ხორცშესხმაზე საუბრობდნენ, ხოლო მიქიამ დავითის სახლიც ახსენა, ანუ ბეთლემი, როდესაც თქვა: „და შენ ბეთლემ, ქვეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა ურწმენეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსათა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღვარი“ (მათ. 2; 6 და მიქ. 5, 2). „ყოფად წყალობისა“ არა მხოლოდ ცოცხალთა, არამედ „მამათა ჩვენთა“ მიმართაც, ვინაიდან მადლი ქრისტესი მათზეც გავრცელდა, თუმცაღა ისინი უკვე მიიცვალენ. სწორედ, ჩვენ ცოცხლებს, მან მოგვცა იმედი აღდგომისა და ჩვენ აღვსდგებით, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენ შევიქმნებით ამ სიკეთის ღირსნი, არამედ ისინიც, ვინც ადრე აღესრულენ. ვინაიდან მთელმა ბუნებამ მიიღო ეს მადლი. სხვაგვარად: „ყოფად წყალობისა მამათა ჩუენთა თანა“. იმ მხრივ, რომ გაამართლა მათი მოლოდინი, ვინაიდან რასაც ისინი მოელოდნენ იხილეს აღსრულებული ქრისტეზე. თავიანთ შვილებსაც, ხედავენ რა ნეტარებაში ამდენი სიკეთისგან, მამებს უხარიათ და მონაწილეობენ რა ამ სიხარულში, იღებენ წყალობას, როგორც თავად მათთვის ქმნილს. რა აღთქმა ახსენა და რა ფიცი აბრაამისთვის მიცემული? უეჭველია, რომ შემდეგი: „კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას“ (დაბ. 22; 17). აბრაამი მართლაც გამრავლდა ახლა, როდესაც ყოველი ხალხი რწმენის მეშვეობით მისი შვილები გახდნენ, ვინაიდან როგორც მან ირწმუნა, ასევე ისინი რწმენის მეშვეობით გახდნენ მისი შვილები. “(ანუ ეკლესიური ენით რომ ვთქვათ, „უშიშად თვინიერ საფრთხისა“ ხსნად ხელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა“. ხშირად ზოგიერთნი აღწევენ ხსნას, მაგრამ შიშით და მრავალი შრომისა და ბრძოლის ფასად, ხოლო ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენი მხრიდან ყოველგვარი შრომის გაუწევლად და გვიხსნა შიშის გარეშე, ანუ თვინიერ საფრთხისა და რატომ გვიხსნა მან? განა იმიტომ, რომ განცხრომაში ვიცხოვროთ? არა, არამედ იმიტომ, რომ ვემსახუროთ მას და არა ერთი და ორი დღე, არამედ ყოველდღიურად, და არა მხოლოდ ხორციელი თაყვანისცემით და მსახურებით, არამედ „ღირსებით და სიმართლით“. ღირსება არის მართლად ყოფნა ღმერთთან მიმართებაში, ხოლო სიმართლე - სამართლიანი დამოკიდებულება ადამიანებთან მიმართებაში. მაგალითად, ის ვინც შორს იჭერს თავს წმიდა საგნებისაგან და უწმინდურად არ ეხება ღმრთაებრივ საგნებს, არამედ ინარჩუნებს სრულ პატივისცემას იმის მიმართ, რასაც პატივი შეჰფერის, არის კიდეც „ღირსი“; ისევე როგორც „ღირსია“, ვინც პატივს სცემს მშობლებს, ვინაიდან ისინიც არსებითად შინაური ღმერთები არიან, ხოლო ის, ვინც არ არის ვერცხლისმოყვარე, მტაცებელი ქურდი, მრუში, მეძავი - ის „მართალია“! ამრიგად ღმერთს უნდა ვემსახუროთ „ღირსებით“, ანუ მოწიწებით ღმრთეაებრივი საგნებისადმი და „სამართალით“, ანუ საქებარი ცხოვრების წესით ადამიანურ ურთიერთობებში, იმსახურო მის წინაშე და არა ადამიანებისა კაცთმოთნეთა და პირფერთა მსგავსად.

76. და შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა, 77. მიცემად მეცნიერებაჲ ცხორებისაჲ ერსა თჳსსა მოტევებად ცოდვათა მათთაჲთა, რომელთა მიერ მომხედნა ჩუენ აღმოსავალმან მაღლით 79. გამოჩინებად მათ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, და წარმართებად ფერჴთა ჩუენთა გზათა მშჳდობისასა. 80. ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაჱლისა მიმართ.

უცნაურად გვეჩვენება, რომ ზაქარია ასეთ სიტყვებს ყრმას ეუბნება, ვინაიდან ჩვილთან, რომელსაც ჯერ კიდევ არაფერი ესმის, არ არის დამახასიათებელი საუბარი. ამაზე შეიძლება ითქვას, რომ რადგანაც ამ ბავშვს უჩვეულო შობა ჰქონდა - ვინაიდან მარიამის სტუმრობისას იგი ჰკრთებოდა და წინასწარმეტყველებდა საშოში, - ამდენად არაფერია დაუჯერებელი იმაში, თუკი მას შობის შემდეგაც ესმოდა მამის სიტყვები.

„წარსძღუე შენ, - ამბობს იგი, - წინაშე პირსა უფლისასა“, მალევე დამტოვებ რა მე. ვინაიდან ზაქარიამ იცოდა, რომ ცოტა ხანში დაკარგავდა იოანეს, რამდენადაც იგი უდაბნოში უნდა წასულიყო. და რატომ უნდა „წარსძღუეს“? რადგანაც ჯერ უჩნდა „განმზადებად გზათა მისთა“, ხოლო გზანი არსებითად სულებია, რომლებთანაც უფალი მიდის, ამრიგად წინამორბედმა მოამზადა სულები იმისათვის, რომ მათში უფალს გაევლო. და როგორ მოამზადა ისინი? მისცა ადამიანებს ცოდნა ცხონების შესახებ. მაცხოვარი არის უფალი იესო ქრისტე. ამრიგად, იოანემ მიიტანა ადამიანებამდე სწავლება ცხონების შესახებ, ანუ ქრისტეზე, ვინაიდან იოანე მოწმობდა იესოზე. სწავლება მდგომარეობდა ცოდვათა მიტევებაში, ვინაიდან უფალს არც აღიარებდნენ ღმერთად, ცოდვები რომ არ მიეტევებინა ხალხისთვის. რამდენადაც ცოდცავათა მიტევება დამახასიათებელია ღმერთისთვის. მან კი მოგვიტევა ცოდვები მადლისმიერი მოწყალებისდა გამო და არა ჩვენი საქმეებისთვის; ვინაიდან ჩვენ არაფერი გვიქმნია კეთილი, ხოლო მან წოდებულმა აღმოსავლეთად, მოგვხედა ჩვენ მაღლიდან. ვინაიდან იგი არის მზე სიმართლისა და აღმოგვიბრწყინდა ჩვენ მსხდომარეთა ბნელში, ანუ ცოდვებში. ორი ბოროტება ბატონობდა ადამიანის ბუნებაზე: არცოდნა ღმერთისა, რომელშიც წარმართები იმყოფებოდნენ და ცოდვა, რომელიც ებრაელებს ჰქონდათ, თუმცა კი იცოდნენ ღმერთი. ამრიგად, იგი მოევლინა ადამიანურ ბუნებას, რათა განენათლებინა „მსხდომარენიც ბნელში“, ანუ უმეცრებაში და უღმრთოებაში მყოფნი და მსხდომარენიც სიკვდილის აჩრდილის ქვეშ“, ანუ ცოდვაში, ხოლო ცოდვა, ვფიქრობ იმ აზრითაა სიკვდილის აჩრდილი, რომ როგორც აჩრდილი მიჰყვება სხეულს, ასევე, სადაც სიკვდილია, იქვეა ცოდვაც. მაგალითად, გამომდინარე იქიდან, რომ ადამი მოკვდა, ცხადია, რომ იყო ცოდვაც. ისევე როგორც, ქრისტეს სიკვდილსაც ვერ ჰპოვებ ცოდვის გარეშე, ვინაიდან ქრისტე მოკვდა, მაგრამ ჩვენი ცოდვების გამო. ამიტომაც ცოდვა, რომელსაც თან სდევს სიკვდილი, სამართლიანად იწოდება სიკვდილის აჩრდილად. შესაძლოა სხვა რამეც ითქვას ამაზე და ვფიქრობ, ვთქვით კიდეც მათეს სახარების განმარტებისას. მაგრამ საკმარისია კი განათლება დაბნელებულთა? არა, საჭიროა კიდევ წარვმართოთ ჩვენი სვლა მშვიდობის გზაზე, ანუ გზა სიმართლისა. ვინაიდან, როგორც ცოდვა არის მტრობა ღმერთთან, ასევე სიმართლე - მშვიდობა. ამრიგად, გზა მშვიდობისა არის მართალი ცხოვრების წესი, რომლისკენაც წარმართა სვლა ჩვენი სულების ზეგარდამო გამობრწყინებულმა ქრისტემ. ყრმა იზრდებოდა სხეულით და მტკიცდებოდა სულით, ვინაიდან სხეულთა ერთად იზრდებოდა სულიერი ნიჭებიც; და რაც უფრო იზრდებოდა ბავშვი, მით უფრო წარმოჩინდებოდა სულიერი ძალებიც, რამდენადაც იარაღს (ანუ სხეულს) შეეძლო დაეტია ისინი. რისთვის იყო იოანე უდაბნოში? იმისათვის, რომ ეცხოვრა მოშორებით მრავალთა ღვარძლისაგან და არ შერცხვენოდა რა (ტყუილად) ვინმესი, კადნიერად ემხილებინა, ვინაიდან ის რომ სოფელში ყოფილიყო, შესაძლოა, ადამიანებთან თანაცხოვრებისა და ურთიერთობის გამო, დაეკარგა სიწმინდე; ამასთან იმიტომაც, რომ როდესაც იქადაგებდა ქრისტეზე, სრული ნდობით ესარგებლა, როგორც მეუდაბნოესა და თავისი ცხოვრებით სხვებზე აღმატებულს. უდაბნოებში იგი მანამდე იმალებოდა, სანამ ღმერთმა არ ინება გამოეჩინა იგი ისრაელის ხალხისათვის.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24