ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

ლუკას სახარების განმარტება

 

თავი ოცდამეოთხე

1. ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა. 2. და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან. 3. და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. 4. და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. 5. და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? 6. არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას, 7. და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად. 8. და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი. 9. და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა. 10. ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას. 11. და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი. 12. ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად და შთაჰხედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმე ესე.

შვიდეულის პირველსავე დღეს ქალები მივიდნენ საფლავთან, მიჰქონდათ რა თან ნელსაცხებელი, მივიდნენ ისინი დილაუთენია, რასაც მათე მახარებელი (28, 1) შაბათის მწუხრს ეძახის. ვინაიდან ადრეული დილა თითქმის იგივეა, რაც გვიანი ღამე. მათ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ, ვინაიდან ანგელოზმა გადააგორა იგი, როგორც მათე ამბობს (28, 2). როდესაც შიგნით შევიდნენ მათ ორი კაცი ეჩვენათ. ერთი მათეს მიერ ნახსენები (28, 2), ქვაზე იჯდა, ხოლო ეს ორი კაცი საფლავის შიგნით ეჩვენათ. ეს განსხვავებული ჩვენებებია. კაცები ბრწყნვალე სამოსლით ევლინებიან, აღდგომის ბრწყინვალებისდა გამო და ახსნებენ ქალებს მას, თუ რას ეუბნებოდა მათ უფალი, კერძოდ: რომ „ჯერ-არს“ ანუ აუცილებელია მისთვის „მიცემად ხელთა კაცთა ცოდვილთასა“, ანუ რომაელთა, წარმართთა და ბილწთა „და მესამესა დღესა აღდგომად“. იმის შესახებ, თუ როგორაა აღდგომა სამდღიანი, ჩვენ საკმარისი ვთქვით მათეს სახარების განმარტებისას (თ. 28), როდესაც ისინი დაბრუნდნენ საფლავიდან და მოუყვნენ ამის შესახებ მოციქულებს, ისინი მეოცნებეებად ჩათვალეს. ასე, თავისი ბუნებით შეუძლებლად ეჩვენებათ ადამიანებს, აღდგომის სასწაუელი! თუმცა, პეტრე არ აყოვნებს, როგორც ცეცხლი, რომელიც ნივთს მოსდებია, არამედ საფლავისკენ გარბის და ხედავს მხოლოდ ტილოებს იქ მდებარეს, და იქიდან, რომ მან მიაღწია საფლავს, პირველი სარგებელი ისაა, რომ ნაცვლად დაცინვისა, უკვირს: „და წარვიდაო“, - ნათქვამია, - „თვისაგან და დაუკვირდა საქმე ესე“. ვინაიდან როგორ დარჩა მხოლოდ ცხებული. განა რამდენი თავისუფალი დრო ჰქონდა ქურდს, რომ მან დატოვა ისინი შეკვეცილი ნებისამებრ, გამოიტანა სხეული, მაშინ, როდესაც მეომრები ყვნენ დაყენებულნი? მარიამის, იაკობის დედის ქვეშ, იგულისხმება ღვთისმშობელი, ვინაიდან მას ასე უწოდებდნენ, როგორც ვითომ დედას იაკობისა, იოსების ძის, უმცროსს რომ უწოდებდნენ და ვის ქვეშაც, მე უფლის ძმას ვგულისხმობ, ვინაიდან იყო იაკობ უფროსიც, ერთი თორმეტთაგანი, ძე ზებედესი.

13. და აჰა ორნი მათგანნი მოვიდოდეს მასვე დღესა შინა დაბასა, რომელი შორავს იერუსალჱმსა სამეოც უტევან, რომლისა სახელი ემმაოს. 14. და ესენი ზრახვიდეს ურთიერთას ყოვლისა ამისთჳს, რომელი იქმნა. 15. და იყო ზრახვასა მას მათსა და გამოძიბასა, და თავადი იესუ მიეახლა მათ და თანა-უვიდოდა. 16. ხოლო თუალნი მათნი შეპყრობილ იყვნეს, რაჲთა ვერ იცნან იგი. 17. და ჰრქუა მათ: რაჲ არიან სიტყუანი ესე, რომელთა იცილობით ურთიერთას სლვასა შინა და ხართ თქუენ მწუხარე? 18. მიუგო ერთმან მათგანმან, რომლისა სახელი კლეოპა, და ჰრქუა მას: შენ ხოლო მწირ ხარ იერუსალჱმს და არა სცანა, რაჲ-ესე იქმნა მას შინა ამათ დღეთა? 19. და მან ჰრქუა მათ: რომელი? ხოლო მათ ჰრქუეს: იესუჲსთვს ნაზარეველისა, რომელი იყო კაცი წინაწარმეტყუელი, ძლიერი საქმითა და სიტჳთა, მისითა წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ერისა; 20. ვითარ-იგი მისცეს მღდელთ-მოძღუართა და მთავართა ჩუენთა სასჯელსა სიკუდილისასა და ჯუარს-აცუეს იგი. 21. ხოლო ჩუენ ვესავთ, ვითარმედ იგი არს, რომელმან იჴსნეს ისრაელი; და ამას ყოველსა თანა ესე მესამე დღე არს, ვინაჲთგან ესე იქმნა. 22. არამედ დედათაცა ვიეთმე ჩუენთაგანთა დამაკჳრვნეს ჩუენ, ვითარ-იგი მივიდეს ცისკარსა საფლავსა მას 23. და არა პოვეს გუამი მისი. მოვიდეს და თქუეს, ვითარმედ ხილვაჲცა ანგელოზთაჲ იხილეს, რომელთა ჰრქუეს მათ, ვითარმედ: ცხოველ არს იგი. 24. და მი-ვინმე-ვიდეს ჩუენგანნიცა საფლავად და პოვეს ეგრე, ვითარცა დედათა მათ თქუეს, ხოლო იგი თავადი ვერ იხილეს.

ზოგიერთნი ამბობენ, რომ ერთი ამ ორთაგან თავად ლუკა იყო, ამიტომაც დამალაო თავისი სახელი მახარებელმა, ისინი საუბრობდნენ ერთმანეთს შორის ყველა ამ მოვლენაზე არა როგორც მორწმუნენი, არამედ როგორც საგონებელში ჩავარდნილნი და გაოცებულნი უჩვეულო შემთხვევით ვინც ადვილად ვერ ეგუებიან ასეთ უჩვეულო მოვლენას. იესო მიუახლოვდა მათ და მათთან ერთად წავიდა, ვინაიდან, რამდენადაც ჰქონდა სხეული სულიერი და ღმრთაებრივი, იგი მანძილის სიშორეში ვერ ხედავს დაბრკოლებას, რათა იყოს მათთან, ვისთანაც მოესურვება, ამიტომაც სხეულებრივი მონაცემები, რომლითაც მაშინ მოევლინა მაცხოვარი, არ აძლევდა საშუალებას მათ ეცნოთ იგი. ვინაიდან იგი მოევლინა მათ, როგორც მარკოზი ამბობს (16, 12) „სხვითა ხატითა“ და სხვაგვარი გარეგნობით. იგი სხეულს განაგებდა უკვე არა ბუნებრივი კანონებით, არამედ ზებუნებრივად და სულიერად. ამიტომაც, „თვალნი მათნი შეპყრობილ იყვნეს ისე, რომ ვერ სცნობდნენ მას“. რისთვის მოევლინა ის „სხვითა ხატითა“ და რატომ იყო „თვალნი მათნი შეპყრობილ“? იმისათვის, რომ მათ გამოევლინათ მთელი თავისი შეცბუნება, აღმოეჩინათ ჭრილობა და უკვე შემდგომ მიეღოთ წამალი, რათა ხანგრძლივი დროის შემდეგ, უფრო სასიამოვნო სახით მოვლენოდა მათ; რათა ესწავლებინა მათთვის მოსესა და წინასარმეტყველთაგან და უკვე ამის შემდგომ ეცნოთ და დაეჯერებინათ, რომ მისი სხეული აღარაა ისეთი, რათა საერთოდ ყველას მიერ იქნეს დანახული და , რომ მართალია იგივე სხეული აღდგა, რომელიც ევნო, მაგრამ ხილული მხოლოდ მათთვის ხდება, ვისაც მოწყალე თვალით უყურებს; რათა მათ აქედან ის დიდი სარგებელიც ჰპოვონ, რომ აღარ იმერყეონ საგონებელში ჩავარდნილებმა, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, თუ რის გამო არ ტრიალებს იგი კვლავ ხალხში, არამედ იფიქრონ იმაზე, რომ მისი ცხოვრების წესი აღდგომის შემდეგ დიდად განსხვავდება ჩვეულებრივისაგან: არა ადამიანური, არამედ უღვთაებრივესი, ისე რომ მომავალი აღდგომის ხატადაც გამოდგება, რომელშიც ჩვენ ვიცხოვრებთ, როგორც ანგელოზები და ღვთის ძენი. ამრიგად, აი რატომ იყო მათი თვალები შეპყრობილი და მათ ვერ იცნეს იგი, ვინაიდან იგი ხილული ხდებოდა მათთვის, ვისთვისაც სურდა. უფალს მოვლენილს მწირის სახით, კლეოპა საყვედურობს და ეუბნება: „შენ ხოლო მწირ ხარ იერუსალემს“, ანუ მხოლოდ შენ ერთმა იერუსალიმის მკვიდრთაგან არ იცის მომხდარის შესახებ? თუმცა, სხვები სიტყვებს: „შენ მხოლო მწირ ხარ“, იგებდნენ ასე: ნუთუ მხოლოდ შენ ხარ უცხო და ცხოვრობ იერუსალიმის გარეთ და იმდენად არ გაინტერსებს, რა ხდება მასში, რომ არ იცი ამის შესახებ? ნახე, ჯერ კიდევ როგორი დაბალი წარმოდგენისანი არიან უფალზე, როდესაც უწოდეს მას კაცი, „წინასწარმეტყველი“, როგორც შეიძლება უწოდო ილიას, ისუ ნავეს ძეს ანდა მოსეს; „ძლიერი საქმითა და სიტყვითა“: ჯერ - საქმე, შემდეგ - სიტყვა. ვინაიდან არანაირი სიტყვა მასწავლებლისა არ არის მტკიცე, თუკი მასწავლებელი მანამდე არ წარმოადგენს თავს მის შემსრულებლად. ამრიგად, თავდაპირველად ძლიერი იყავი საქმეში, შემდეგ კი შეეცადე გქონდეს სიტყვაც. მაშინ ღმერთიც შეგეწევა შენ. ვინაიდან თავდაპირველად ქმედება, შემდეგ კი - ჭვრეტა და განათება, თუკი არ იშრომებ სარკის გასაწმენდად, სასურველ სილამაზესაც ვერ დაინახავ შემდგომ. ვინაიდან „ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა“, ეს კი საქმეებით მიიღწევა, „ვინაიდან მათ ღმერთი იხილონ“ (მათ. 5,8), და ეს ჭვრეტის ბოლოა. საჭიროა იყო ძლიერი საქმით და სიტყვით „წინაშე ღმრთისა“, შემდეგ კი „ყოვლისა ერისა“. ვინაიდან თავდაპირველად სათნო უნდა ეყო ღმერთს, ხოლო შემდგომ უნდა ეცადო იყო შეძლებისდაგვარად უმწიკვლო ადამიანთა წინაშეც და საჭიროა არა კაცთმოთნეობა ამჯობინო ღვთის სათნო ყოფას, არა იცხოვრო მრავალთა ცდუნებით, არამედ იზრუნო ერთზეც და მეორეზეც, ისევე როგორც ყოვლადბრძენი ამბობს: ზრახვიდეთ კეთილს, „წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ერისა“. პავლეც იმავეს ამბობს (2 კორ. 8, 21). „ხოლო ჩვენ ვესავთო, - ამბობს, - ვითარმედ იგი არს, რომელმან იხსნეს ისრაელი“. თითქოსდა იმედგაცრუებულნი ისინი ასე ამბობენ: ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ის სხვებსაც იხსნიდა, ხოლო მან თავისი თავიც ვერ იხნსა. ასე სულმოკლენი იყვნენ ისინი და უმოქმედონი რწმენაში! მათი სიტყვები ჰგავს იმას, რასაც ჯვართან მყოფნი ამბობდნენ: „სხვანი აცხოვნნა, თავი თვისი ვერ ძალ-უც ცხონებად (მარკ. 15. 31). ამიტომაც უფალი უწოდებას მათ უცნობელთა და მძიმედ გულით სარწმუნოებისათვის. რას ნიშნავს სიტყვები: „იხსნეს ისრაელი“? ჩვენ ვამბობდით ადრე, რომ იუდეველი ხალხი, და ყველაზე უფრო უსაფუძვლოდაც, მოელოდა ქრისტეში მხსნელს და განმანთავისუფლებელს მათი მჩაგვრელი ბოროტებებისაგან და რომაელთა მონობის უღლისაგან და იმედოვნებდნენ, რომ ის გამეფდებოდა დედამიწაზე. ამიტომაც ამბობენ: ჩვენ იმედი გვქონდაო, რომ ის ისრაელს გაათავისუფლებდა წარმართი - რომაელბისაგან, ის კი თავადაც ვერ გადაურჩა უსამართლო განაჩენს, „ესე მესამე დღე არს, ვინაითგან ესე იქმნა, არამედ დედათაცა ვიეთმე ჩუენგანთა დამაკვირვნეს ჩუენ“ და ა. შ. ასე საგონებელში ჩავარდნილნი საუბრობენ. მე მეჩვენება, რომ ეს ორი კაცი ძლიერ მერყეობდა - არც ძალიან არ სწამდათ, არც ძალიან სწამდათ. ვინაიდან სიტყვები: „ხოლო ჩვენ ვესავთ, ვითარმედ იგი არს, რომელმან იხსნეს ისრაელი“ ააშკარავებს ურწმუნოებას; ხოლო სიტყვები: „ესე მესამე დღე არს, ვინაითგან ესე იქმნა“ გვიჩვენებს, რომ ადამიანები უკვე ახლოს არიან იმასთან, რომ გაიხსენონ უფლის სიტყვები: „მესამესა დღესა აღვსდეგ“ და სიტყვები: „დამაკვირვნეს ჩუენ“ ააშკარავებენ რაღაც მსგავსსვე, ანუ მერყეობას მათი ურწმუნოებისა. თუკი ერთად განვიხილავთ, ეს სიტყვები ჭეშმარიტად დამახასიათებელია ხალხისათვის, რომლებიც ძლიერ ეჭვობენ რამდენადაც ეს ადამიანები აღდგომის უჩვეულობისდა გამო გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდნენ და რთულ ვითარებაში. „და მო-ვინმე-ვიდოდესო, - ამბობენ, - ჩუენგანნიცა საფლავად“, ანუ ან მხოლოდ პეტრე, ან პეტრე და იოანე. და აქედან ჩანს, რომ რის შესახებაც ერთნი ვრცლად საუბრობენ, მეორენი მას მოკლედ და გარკვევით მოიხსენიებენ, რამდენადაც იოანე უფრო ვრცლად საუბრობს პეტრესა და იოანეს საფლავთან ყოფნის შესახებ. ამან კი (ლუკამ), ახსენებს რა მცირეოდენს, მათი სახელები გამოტოვა.

25. ხოლო მან ჰრქუა მათ: ჵ უცნობელნო და მძიმენო გულითა სარწმუნოებისათჳს ყოველსა ზედა, რომელსა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი! 26. ანუ არა ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და შესლვად დიდებასა თჳსსა? 27. და იწყო მოსესითაგან და წინაწარმეტყუელთა და გამოუთარგმანებდა მათ ყოველთაგან წიგნთა მისთჳს. 28. და მიეახლნეს დაბასა მას, ვიდრეცა ვიდოდეს, ხოლო თავადმან მიზეზ-ყო უშორესადრე წარსლვაჲ. 29. ხოლო იგინი აიძულებდეს მას და ეტყოდეს: დაადგერ ჩუენ თანა, რამეთუ მწუხრ არს, და მიდრეკილ არა დღე. და შევიდა დადგომად მათ თანა. 30. და იყო ინაჴით-ჯდომას მას მისსა მათ თანა მოიღო პური, აკურთხა და განტეხა და მისცემად მათ. 31. ხოლო მათ თუალნი მათნი განეხუნეს და იცნეს იგი. და თავადი მიეფარა მათგან. 32. და იგინი იტყოდეს ურთიერთას: ანუ არა გულნი ჩუენნი განჴურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ-იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა? 33. და აღდგეს მასვე ჟამსა შინა და მოიქცეს იერუსალჱმდ და პოვნეს კრებულად ათერთმეტნი იგი და სხუანი მათთანანი, 34. იტყოდეს რაჲ, ვითარმედ: ნანდჳლვე აღდგა უფალი და ეჩუენა სიმონს. 35. და იგინი უთხრობდეს გზისასა მას და ვითარ იგი გამოეცხადა მათ განტეხასა მას პურისასა.

რამდენადაც ისინი ადამიანურად სჯიდნენ და ძლიერი ეჭვით იტანჯებოდნენ, უფალი უწოდებს მათ უცნობელთა და მძიმეთ გულით „სარწმუნოებისათვის ყოველსა ზედა, რომელსაც იტყოდეს წინასწარმეტყველნი“. ვაინაიდან შეიძლება გწამდეს ნაწილობრივ და შეიძლება გწამდეს მთლიანად. მაგალითად, ვისაც სწამს, რომ ქრისტე მოვა ერის ხსნისათვის, თუმცა არა სულთა ხსნისათვის, არამედ იუდეველი ხალხის აღდგინებისა და განთავისუფლებისათვის, მას სწამს არა იმდენად, რამდენადაც უნდა სწამდეს. ასევე ის, ვისაც დავითის სიტყვები: „განხვრიტნეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი“ (ფს. 21, 17) და სხვა სიტყვები ჯვართან მიმართებაში და ჯვარზე არსებულ გარემოებებზე სწამს, როგორც წინასწარმეტყველება უფლის პირით; და ადგილს წმინდა წერილიდან ვნების შესახებ იღებს, მაგრამ არ იღებს განსჯისას ადგილებს აღდგომის შესახებ, როგორებიცაა მაგალითად ესენი: „რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად გნსახრწნელსა“ (ფსალ. 15, 10), „დამდვეს მე მღვიმესა ქვესკნელსა ბნელთა შინა“ (ფსალ. 87, 6) „გამოიყვანნის კრულნი სიმხნითა თვისითა“ (ფსალ. 67,6) და მსგავსნი, მას სრული რწმენა კი არ აქვს, არამედ სწამს ნაწილობრივ. საჭიროა კი გვწამდეს წინასწარმეტყველებისა ყველაფერში, როგორც დამამდაბლებელ გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე დიდებასთან დაკავშირებითაც. ვინაიდან ქრისტე უნდა ვნებულიყო - რაც დამდაბლებაა. მაგრამ იგი თავის დიდებაშიც უნდა შესულიყო - რაც განდიდებაა. თქვენ კი ისეთი უგუნურნი ხართ, რომ გესმის რა ესაიასი, რომელიც ამბობს, როგორც ერთ, ისე მეორე მდგომარეობაზე, კერძოდ: „კრავივით დასაკლავად მიიყვანეს“ და „თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავდა და დაამდებოდა“ (ესაია, 53, 7, 11), პირველს იღებთ, ხოლო მეორეზე არც ფიქრობთ: იმისი, რომ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი გწამთ, ხოლო იმის შესხაებ, რომ უფალს სურს განკურნოს იგი სნეულებისაგან (ესაისა, 53, 5, 10), გონებაშიც არ გაგივლიათ, მაგრამ, რამდენადაცო, ამბობს, თქვენ „უცნობელნი“ ხართ, ანუ „მძიმენი გულითა“ (ვინაიდან ისინი რომ უცნობელნი ყოფილიყვნენ, ის ლაპარაკსაც კი არ დაუწყებდა მათ) მე აგიხელთო გონებას და უფრო მკვირცხლს გავხდი აზროვნებისას. ამიტომაც უხსნიდა იგი მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული მის შესახებ. აბრაამის მიერ მსხვერპლშეწირვის საიდუმლოებაც, როდესაც მან დატოვა რა ცოცხალი ისააკი, ცხვარი შესწირა ყოვლადდასაწველ მსხვერპლად, ემსახურებოდა უფალთან დაკავშირებულ ფერისცვალებას; როგორც თავად უფალიც ამბობს, რომ აბრაამმა იხილა დღე ესე მისი და განიხარა (იოან. 8, 56), და ეს ადგილი: „ბეწვზე ეკიდა შენს წინ შენი სიცოცხლე“ (მეორ. სჯულ. 28, 66), ერთსა და იმავე დროს მიუთითებს ჯვარცმაზეც - სიტყვით „ეკიდება“ და აღდგომაზეც - სიტყვით „სიცოცხლე“. გამონათქვამები ჯვარზეც და აღდგომაზეც, სხვა წინასწარმეტყველებებშიცაა გაბნეული, განსაკუთრებით კი უმნიშვნელოვანეს წინასწარმეტყველებთან. ასეთი ადგილები მათგანაც შეიძლება ამოიკრიბოს. თუმცა დააკვირდი იმასაც, რომ დიდებაში შესვლა ტანჯვის გადატანაზეა დამოკიდებული. უფალი თავს ისე აჩვენებს, რომ გზის გაგრძელება სურს, უეჭველია, ადამიანური ბუნებით, როდესაც ის ინებებს, მაშინ მათ თვალები ეხილებათ და ისინი სცნობენ მას: ამით სხვა რამეც აღინიშნება, კერძოდ: რომ მათ, ვინც კურთხეულ პურს ეზიარებიან თვალები აღეხილებათ მის საცნობად. ვინაიდან უფლის ხორცს უდიდესი და გამოუთქმელი ძალა აქვს. იგი უხილავი ხდება მათთვის, ვინაიდან უკვე აღარა აქვს ისეთი სხეული, რომ დიდხანს იყოს მათთან ხორციელად და ამასთან იმისთვისაც, რომ ამგვარი ქმედებით, კიდევ უფრო გააძლიეროს მათი სიყვარული. მათ კი ისე გაუხარდათ, რომ „აღდგეს მასვე ჟამსა შინა და მოექცეს იერუსალემდ“, თუმცა იმ წუთშივე კი არ დაბრუნდნენ, არამედ ადგნენ იმ წუთში, ხოლო დაბრუნდნენ იმდენად დიდი ხნის შემდეგ, რამდენადაც საჭიროა სამოცი უტევანის გასავლელად. ამავე საათებში ორი კაცი უკან ბრუნდებოდა იერუსალიმში. „გულნი“ მათნი, „განხურვებულ“ იყო, ან უფლის სიტყვების ცეცხლით, როცა უფლის მიერ ახნისას ისინი შინაგან სიმხურვალეს გრძნობდნენ და ეთანხმებოდნენ მის საუბარს, როგოც ჭეშმარიტს; ანდა უხსნიდა რა „წმიდა წერილს“ მათი გული ძგერდა და შინაგანად იმეორებდა: სწორედ ის, რომელიც გვიხსნის ჩვენ, არის უფალი.

36. და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 37. ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული რაჲმე იხილეს. 38. და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეძრწუნებულ ხართ, და რაჲსათჳს გულის-სიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა? 39. იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ. 40. და ესე რაჲ თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი მისნი. 41. და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა, ჰრქუა მათ იესუ: გაქუს რაჲ აქა ჭამადი? 42. ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი. 43. და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ 44. და ჰრქუა: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდე თქუენ, ვიდრე-იგი ვიყავღა თქუენ თანა, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა და წინაწარმეტყუელთასა და ფსალმუნთა ჩემთჳს.

უფალი, რომელიც ყოველივეს ჩვენი ხსნისთვის იქმს, დგება მოწაფეთა შორის მათი აღდგომაში დარწმუნების განზრახვით, და ჯერ-ერთი, უსურვებს რა ჩვეულებრივ მშვიდობას, აწყნარებს შეცბუნებულთ, შემდეგ კი უჩვენებს, რომ იგი თავად არის მათი მოძღვარი, რომელსაც უყვარს ეს მისალმება და რომელმაც აღჭურვა ისინი ამ მისალმებით, როდესაც საქადაგებლად აგზავნიდა (მათ. 10, 12; ლუკა 10, 5). რამდენადაც ამ სიტყვის მეშვეობით არ გაიარა მათმა სულიერმა შეცბუნებამ, იგი სხვაგვარადაც უჩვენებს მათ, რომ იგია ძე ღვთისა, გულთამხილავი. „რაისათვისო, - ეუბნება, - გულის-სიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუნთა?“ ხოლო ყველას მიერ აღიარებულია, რომ გულთა ცოდნა მხოლოდ უფლისათვისაა დამახასიათებელი (ფს. 138), ამატებს კიდევ სხვა მტკიცებულებასაც - ხელთა და ფეხთა განხილვას. თქვენო, ეუბნება, მთვლით სულად ანდა მოჩვენებად, როგორებიც ჩვეულებრივ მრავალი წარმოსდგება ხოლმე გარდაცვლილთაგან, განსაკუთრებით კი საფლავებთან. მაგრამ იცოდეთ, რომ სულს არა აქვს არც ხორცი, არც ძვლები, მე კი მაქვს ხორციცა და ძვლებიც, თუმცა უღმრთაებრივესი და სულიერი, ვინაიდან უფლის სხეული მართალია სული არ იყო, მაგრამ „სულიერი“ იყო, ანუ უცხო ყოველგვარი ნივთიერი სიუხეშისგან და იმართებოდა სული წმიდით, სხეული, რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს, მშვინვიერი თვისებებითაა და ძალებით. ხოლო სხეულს, რომელიც აღდგომის შემდეგ გვექნება, პავლე სულიერს უწოდებს (კორ. 15, 44), ანუ იგი განცხოველდება და იმართება სული წმინდით და არა სამშვინველით. ასე უნდა ვიფიქროთ უფლის სხეულზე აღდგომის შემდეგ, სწორედ როგორც სულიერზე, ფაქიზზე, უცხოზე ყოველგვარი სიხენეშისაგან, რომელსაც არც საკვები სჭირდება და არც რაიმე სხვა, თუმცა კი უფალმა იგემა იგი დასარწმუნებლად. ვიანიდან თუკი მან იგემა, იგემა არა თავისი სხეულის ბუნებიდან გამომდინარე, არამედ განსაკუთრებული მოწყობისდა გამო, კერძოდ: რათა ეჩვენებინა, რომ იგივე სხეული აღსდგა, რომელიც ევნო, ხოლო ამ სხეულის ბუნებაში იყო დაკეტილ კარებში შესვლა, ერთი ადგილიდან მეორეზე ყოველგვარი სიბნელის გარეშე გადაადგილება. როდესაც მოწაფეებს ჯერ კიდევ არ სჯეროდათ, არც განხილვით რწმუნდებოდნენ, უფალმა დაურთო კიდევ მტკიცებულება - საკვების დაგემოვნება, იღებდა რა ჭამადს, ერთგვარი ღვთაებრივი ძალით, ვინაიდან ყოველივე რაც ბუნებრივად იჭმევა ბაგეებით, განსავლით განვალს. ის კი, როგორც ვთქვით, იგემებს არა ბუნებრივი კანონის თანახმად, არამედ განსაკუთრებული მოწყობისდა გამო, მის მიერ გამოყენებულ საკვებს, ვგონებ, ერთგვარი ფარული აზრიც გააჩნია. ჭამს რა შემწვარი თევზის ნაწილს უფალი მიგვანიშნებს, რომ მან ცეცხლით თავისი ღმრთაებრიობისა შეწვა ჩვენი ბუნება, რომელიც ამ მარილიან ცხოვრებაში ცურავდა, გამოაშრო მთელი სისველე, მას რომ გაუჯდა ღრმა წყლებისაგან, განსაკუთრებით კი ტალღებისაგან და ამრიგად იგი ღმრთაებრივ საკვებად აქცია, გადაიქცა რა ღვთისათვის სათნო საჭმელად ის, რაც ადრე ბილწი იყო. ეს თაფლის ფიჭითაა გამოხატული, ანუ ახლანდელი სიტკბოება ჩვენი ბუნებისა, ადრე განგდებულის, ანდა, მე იმასაც ვფიქრობ, რომ „შემწვარი თევზით“ აღინიშნება - ქმედითი ცხოვრება, რომელიც მეუდაბნოების მდუმარების ნახშირთა წყალობით, სპობს ჩვენში დიდ სისველესა და ღრუბლიანობას, ხოლო „თაფლის ფიჭით“ - ცოდნა ანდა ჭვრეტა, რამდენადაც უფლის სიტყვები არიან „უტკბილეს უფროის თაფლისა და გოლეულისა“ (ფსალ. 18, 11). თუმცა არის თაფლი მამალი ფუტკრისა - წარმართული სიბრძნე. და არის თაფლი ფუტკრისა - ღმრთაებრივი სიბრძნე, ხოლო ფუტკარი ქრისტეა. თუმცა პატარაა სიდიდით, ვინაიდან სიტყვა შემოკლებულია და სუსტი ძალის, ვინაიდან პავლე ქადაგებს არა „სიბრძნისა სიტყვითა, რაითა არა ცალიერ იყოს ჯუარ იგი ქრისტესი (1 კორ. 1, 17), თუმცა კი იგი მეფეთა და ცალკეული ადამიანებისათვის, ვინც მის შრომას სულიერი სიჯანსაღისთვის იყენებს.

45. მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმის-ყოფად წიგნთა. 46. და ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა. 47. და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალჱმით, 48. რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა. 49. და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით. 50. და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი. 51. და იყო კურთხევასა მას იესუჲსსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად. 52. და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალჱმდ სიხარულითა დიდითა. 53. და იყოფვოდეს ტაძარსა მას შინა მარადის, აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. ამინ.

როდესაც უფალმა დააწყნარა და დაამშვიდა მოწაფეთა გულები დაარწმუნა რა საკუთარი სხეულის აღდგომის ჭეშმარიტებაში თავისი საუბრით, ნების დართვით მისი განხილვისა და საკვების მიღებით, მაშინ გაუხსნა მათ გონება წიგნთა გულისხმის-ყოფისათვის. ვინაიდან თუკი მათი სული არ დამშვიდდებოდა, როგორღა გულისხმა-ყოფდნენ, იმყოფებოდნენ რა არეულ მდგომარეობაში, მდგომარეობაში შეცბუნებისა? ვინაიდან „მოიცალეთო, - ნათქვამია- და გულისხმა-ყავთ. (ფს. 45, 10). შემდეგ ასწავლის მათ, რომ „ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა“ და როგორ „ესრეთ“? ძელზე ჯვარისა. რამდენადაც სიკვდილი ხის მეშვეობით შემოვიდა, ხრწნილებაც ხის მეშვეობით უნდა დარღვეულიყო და ხისგან მიღებული ტკბობაც უფლის მიერ უნდა დახსნილიყო, რომელმაც უძლეველად გადაიტანა სნეულებანი ძელზე. შემდეგო, ამბობს ქრისტეს მართებდა „აღდგომად მკვდრეთით მესამესა დღესა. და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა“. აქ უფალი საუბრობს ნათლობაზე, ვინაიდან მასში აღესრულება სინანული აღსარების მეშვეობით და უწინდელი ბოროტებისა და უწმინდურების ჩამოშორება რასაც ცოდვათა მიტევება მოჰყვება. როგორ გავიგოთ ის, რომ ნათლობა აღესრულება მხოლოდ ქრისტეს სახელით, მაშინ როდესაც სხვა ადგილას ვსწავლობთ მის აღსრულებას სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა? (28, 19). პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ვამბობთ: ნათლობა აღესრულება ქრისტეს სახელით, იმას კი არ ვამბობთ, რომ იგი უნდა აღვასრულოთ მხოლოდ ქრისტეს სახელით, არამედ უნდა აღვასრულოთ ნათლობა არა იუდაური, არა იოანესი, რომელიც მხოლოდ სინანულს ემსახურებოდა, არამედ ქრისტესი, რომლითაც ქრისტე მოინათლა, ანუ სულიერი, რომელიც სულიწმინდასთან ურთიერთობასა და ცოდვათა მოტოვებას იძლევა, რაც მან თავად გვიჩვენა, მოინათლა რა ჩვენი გულისათვის იორდანეში და გარდამოავლინა სული წმინდა მტრედის სახით. შემდეგ ნათლისღება ქრისტეს სახელით გაიგე ასე: ნათლისღება ქრისტეს სიკვდილში, ვინაიდან როგორც ის მოკვდა და მესამე დღეს აღსდგა, ასევე ჩვენც სიმბოლურად წყლიდან უხრწნელნი გამოვდივართ სულიერად, რაც საწინდარია იმისა, რომ გავხდეთ უხწრნელნი თავად სხეულითაც და სხვაგვარადაც: სახელი ქრისტე (ცხებული) თავის თავში მოიცავს მამასაც, რომელმაც ცხო, რომლითაც იცხო და ძესაც ცხებულს, ცოდვათა მიტევება „უფლის სახელით ხდება“. მაშ სადღაა ბილწი ენები მათი, ვინც ნათლავენ მონტანის, პრისკილასა და მაკსიმილის სახელებით? ჭეშმარიტად, ვინც ასე ინათლება არავითარ შემთხვევაში არ მიეტევებათ, არამედ კიდევ დაერთვებათ ცოდვები და ამიტომ ისინი საშინლად წარიწყმედენ სულს. სიტყვა ნაქადაგები იქნა ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. ვინაიდან, როდესაც ქრისტეს მიერ შეერთებული და მიღებული იქნა მთელი ადამიანური ბუნება, მას უკვე აღარ სჭირდებოდა ნაწილად დაშლილიყო - ებრაელებად და წარმართებად, არამედ იერუსალიმიდან მოყოლებული, სიტყვა უნდა შთანერგილიყო წარმართთა შორისაც, რათა ადამიანთა მთელი მოდგმა გაეერთიანებინა. „თქვენო, - ეუბნება, - ხართ მოწამე ამის ყოვლისა“, ანუ ვნებისა და აღდგომისა. შემდეგ, ისინი შინაგან შფოთვას რომ არ მოეცვა ფიქრებით , მაგალითად იმის შესახებ, ჩვენ, უბრალო ადამიანები, როგორ ვიქნებითო დამამოწმებელნი და წარგზავნილნი წარმართებთან, როგორ გამოვალთო პირდაპირ იერუსალიმთა წინააღდეგ, რომლებმაც შენც მოგკლეს, უფალი ამისათვის ამბობს: გამხნევდით, ვინაიდან მე მალე მოგივლენთო „აღთქმაი იგი მამისა ჩემისაი“, რომლის შესახებაც მე ვთვლი ყოველის მეშვეობით: „მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორცსა“ და ა. შ. (იოველ. 2, 28). ამრიგად, თქვენ ახლა შიშნეულნი და არა ძალგულოვანნი, დარჩით ქალაქ იერუსალიმში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალს არა ადამიანურს, არამედ ზეციურს. არ უთქვამს, ვიდრე არ „მიიღებთო“, არამედ: „ვიდრემდე შეიმოსოთო“, უჩვენა რა ამით, რომ სულით შეჭურვილნი, ყოველმხრივ იქნებიან დაცულნი. გაიყვანა ისინი ბეთანიამდე; ვფიქრობ, რომ ეს მოხდა თვით მეორმოცე დღეს (აღდგომიდან). ვინაიდან, რის შესახებაც ისინი მოკლედ საუბრობენ, შენ ისე უნდა გაიგო, რომ მრავალი დღის მანძილზე აღესრულება, ისევე როგორც თავად ლუკა ამბობს მოციქულთა საქმეში (1, 3), რომ უფალი ორმოცი დღის მანძილზე ეჩვენებოდა მოწაფეებს, ვინაიდან ის ხშირად ეჩვენებოდა მათ და ხშირადვე ტოვებდა. უფალმა „აკურთხა“ მოწაფეები, შესაძლოა იმიტომ, რომ ძალა მიენიჭებინა მათთვის, რომელიც დაიფარავდა მათ სული წმინდის გარდამოსვლამდე, ან შესაძლოა ჩვენს დასამოძღვრადაც, რათა ჩვენ, როდესაც სადმე მივდივართ, ჩვენდამი დაქვემდებარებულნი მფარველობის ქვეშ დავტოვოთ კურთხევის მეშვეობით. „და აღვიდოდა ზეცად“. ელია „ცად ავიდა“ (4 მეფ. 2, 11), ვინაიდან ისე ჩანდა, რომ ის თითქოსდა ცად მაღლდებოდა; მაცხოვარი კი ამაღლდა „თვით ცაში წინამორბედად ყოველთა, რათა თავისი წმინდა ხორცით აწ ჩვენთვის წარუდგეს ღმერთს“ და დაჯდეს იგი მამის გვერდით (ებრ. 9, 24): და ახლა ჩვენი ბუნება ქრისტეში თაყვანის-იცემება ანგელოზთა ყველა ძალის მიერ. „და მოიქცეს იერუსალემდ სიხარულითა დიდითა. და იმყოფვოდეს ტაძარსა მას შინა მარადის“. შეხედე როგორი სიმამაცეა! ჯერ კიდევ არ მიუღიათ სული წმინდა, მაგრამ ცხოვრობენ სულიერად, ადრე სახლში იკეტებოდნენ, ახლა კი ცხოვრობენ მღვდელმთავართა შორის და არ ზრუნავენ არაფერ ამსოფლიურზე, არამედ მოიძულეს რა ყოველივე, მუდმივად ტაძარში იმყოფებიან, აქებენ და ადიდებენ ღმერთს. ოჰ, ჩვენც რომ შეგვძლებოდა, მივემსგავსებოდით რა მათ, მუდმივად წმინდად გვეცხოვრა, მაქებელთა და მადიდებლთ უფლისა ასეთი ცხოვრებით! ვინაიდან წმინდა და სათნო ცხოვრება არის დიდება და კურთხევა უფლისა, ვინაიდან მას შვენის ყოველი პატივი უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24