1. და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა. 2. და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად. 3. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ. 4. ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა. 5. ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე.
თვანათლივ ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, ვინაიდან როდის აკრძალა იესომ ხარკის მიცემა, როცა პირიქით, ბრძანა ეხადათ იგი როგორც მართებული? სწორედ ის საუბრობდა ასე: „მიეცით კეისრისა კეისარსა” (ლუკ. 20, 25). როგორ აქეზებს ის ხალხს? მეფობას ხომ არ ეძიებს? მაგრამ ეს არავინ დაიჯერა, ვინაიდან მაშინაც, როცა ხალხს მისი გამეფება სურდა იგი, როდესაც გაიგო ამის შესახებ, განეშორა (იოან. 6, 15). ამიტომაც პილატე, მიხვდა რა ცილისწამებას, ღიად ამბობს: მე ვერაფერ ბრალს ვერ ვპოულობ ამ კაცში. ჩემის აზრით, თავად კითხვაც, რომელსაც იგი იესოს უსვამს, არის დაცინვა ცილისწამებაზე. ვინაიდან, როდესაც ამბობს: „შენ ხარ მეუფე ჰურიათაი?“ - ის დასცინის რა თავად ამ საქმეს, იგი თითქოსდა ასე ამბობს: შენ გდებენ ბრალს, ღარიბს, ღატაკს, შიშველს, უმწეოს მეფის ხელისუფლებისადმი სწრაფვაში? ეს კი, როგორც ვთქვით, არის დაცინვა მათი, ვინც ბრალს სდებს ამაში იესოს, რომ ისინი ასეთ უმწეოსა და ღატაკს იმგვარი საქმის განმზრახველად წარმოიდგენენ, რომლისთვისაც საჭიროა ქონებაცა და დამხმარენიც. ისინი კი, არა აქვთ რა სხვა არაფერი ცილისწამების დასადასტურებლად, საქმეში ხმებს იყენებენ და ყვირიან ღმერთის სიტყვის წინააღმდეგ. ასწავლისო, ამბობენ და აშფოთებს მთელ ხალხს და არა ერთ რომელიმე ადგილას, არამედ გალილეადან მოყოლებული, გაიარა რა შუაგული იუდეა, მოასწრო შფოთი დაეთესა, ვიდრე აქამომდე. მე მგონია, რომ მათ ტყუილად არ უხსენებიათ გალილეა, არამედ განზრახვით, რომ პილატეში შიში გამოეწვიათ. ვინაიდან გალილეველნი ყოველთვის ასეთნი არიან, მოჯანყენი და მიდრეკილნი სიახლეთა შემოტანისადმი, როგორც იუდა გალილეველია. როგორც ჩანს, სწორედ მას ახსენებდნენ პილატეს, ეუბნებოდნენ რა თითქოსდა ამგვარად: მმართველო, გაიხსენე იუდა გალილეველი, რომელმაც მრავალი შფოთი მოუტანა რომაელებს, ააჯანყა რა არა მცირედი ნაწილი ხალხისა. ესეც ასეთია, რომელიც მეყვსეულად უნდა გაანადგურო.
6. ხოლო პილატეს რაჲ ესმა გალილეაჲ, ჰკითხა მათ: უკუეთუ გალილეაჲთ არს კაცი ესე? 7. და გულისჴმა-ყო, რამეთუ ჴელმწიფებისაგან ჰეროდესისა არს; მიუძღუანა იგი ჰეროდეს, რამეთუ იყო იგიცა მაშინ იერუსალჱმს მათ დღეთა შინა. 8. ხოლო ჰეროდე ვითარცა იხილა იესუ, განიხარა ფრიად, რამეთუ უნდა მისი ხილვაჲ მრავლით ჟამითგან ამისთჳს, რამეთუ ესმოდა მისთჳს და სწადოდა ხილვად რაჲსამე სასწაულისა ყოფასა მისგან. 9. და ჰკითხვიდა მას სიტყჳთა მრავლითა, ხოლო თავადმან არარაჲ მიუგო მას. 10. დგეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და განკრძალულად შეასმენდეს მას. 11. ხოლო ჰეროდე შეურაცხ-ყო იგი და ერმან მისმან, და განკიცხეს იგი და შეჰმოსეს მას სამოსელი ბრწყინვალე და მიუძღუანეს პილატეს. 12. და იქმნნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა, რამეთუ პირველ მტერ იყვნეს იგინი. 13. ხოლო პილატე მოუწოდა მღდელთ-მოძღუართა მათ და მთავართა და ერსა მას. 14. და ჰრქუა მათ: მომგუარეთ მე კაცი ესე, ვითარცა გარდამაქცეველი ერისაჲ, და მე წინაშე თქუენსა განვიკითხე და არარაჲ ვპოე ბრალი კაცისა ამის თანა, რასა-იგი შეასმენდით მას. 15. და არცა ჰეროდე, რამეთუ მიუძღუანე მას, და აჰა არარაჲ ღირსი სიკუდილისაჲ საქმე არს მის თანა. 16. ვსწავლო იგი და განუტევო. 17. რამეთუ უნებელად ედებოდა მას განტევებად დღესასწაულსა მას ერთი. 18. ღაღატ-ყვეს ყოველმან მან სიმრავლემან და იტყოდეს: აღიღე ეგე და მოგჳტევე ჩუენ ბარაბა, 19. რომელი შფოთისა ყოფასა ქალაქსა შინა და კაცის-კლვისათჳს შეგდებულ იყო საპყრობილესა. 20. კუალად უკუე მოუწოდა მათ პილატე, რამეთუ უნდა განტევებაჲ იესუჲსი. 21. ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! 22. ხოლო მან მესამედ ჰრქუა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს ამას? არარაჲ ბრალი სიკუდილისაჲ ვპოე ამის თანა. ვსწავლო ეგე და განუტევო. 23. ხოლო იგინი ზედა დაესხმოდეს ჴმითა დიდითა და გამოითხოვდეს მას ჯუარ-ცუმად; და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი და მღდელთ-მოძღუართანი. 24. მაშინ პილატე საჯა თხოვისაებრ მათისა 25. და მიუტევა მათ ბარაბა, რომელი-იგი შფოთისათჳს და კაცის-კლვისა შეგდებულ იყო საპყრობილესა, რომელსაცა ითხოვდეს, ხოლო იესუ მისცა ნებასა მათსა. 26. და ვითარცა წარიყვანეს იგი, შეიპყრეს სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, და დასდევს მას ზედა ჯუარი იგი, და მიაქუნდა შემდგომად იესუჲსა. 27. და შეუდგა მას სიმარავლე ერისაჲ და დედებისაჲ, რომელნი ეტყებდეს და სტიროდეს მას.
პილატე აგზავნის უფალს ჰეროდესთან რომაული კანონის აღსასრულებლად, რომელიც ბრძანებდა, რომ თითოეული მისი ოლქის უფროსის მიერ განსჯილიყო. ამიტომ იესოს, როგორც გალილეველს, ის გალილეის მმართველთან აგზავნის. ჰეროდეს გაუხარდა ეს არა იმიტომ, სხვათაშორის, რომ იმედოვნებდა რაიმე სარგებელი მიეღო სულისათვის, დაინახა რა იესო, არამედ რამდენადაც გაგონილი ჰქონდა მის შესახებ, რომ იგი ბრძენი და სასწაულმოქმედია, ჰქონდა უგუნური სურვილი იტანჯებოდა რა თავადაც სიახლეებისადმი სიყვარულით, ეხილა ეს უცნაური ადამიანი და მოესმინა, თუ რას ამბობდა იგი. ხომ არ იტანჯება ახლაც მრავალი ჩვენთაგანი ამ სენით? მას თავად სურდა ეხილა რაიმე სასწაული თავად იესოსაგან, თუმცა, არა იმიტომ, რომ ერწმუნა, არამედ, რათა განეძღო მზერა, ისევე როგორც ჩვენ სანახაობებზე ვუცქერით, თუ როგორ წარმოადგენენ გრძნეულნი, თითქოსდა ისინი გველს, ხმლებს და მის მსგავსთ ყლაპავდნენ და გაოცება გვიპყრობს. ვინაიდან იესოს თითქმის მსგავსთა რიგს მიაკუთვნებდნენ. ჰეროდე მრავალი რამის შესახებ ეკითხებოდა მას, მიმართავდა რა მას ერთგვარი ირონიული ტონით და ყველაფერში დასცინოდა; ამიტომაც იესო არაფერს პასუხობდა. ვინაიდან მან, ვინც ყველივე სიტყვით შექმნა და ვის შესახებაც დავითი მოწმობდა, რომ „განაგნეს სიტყვანი მისნი სასჯელსა შინა“ (ფსალ. 111, 5), იცის, როდის უნდა უპასუხოს, რადგან რა საჭიროა უპასუხოს მას, ვინც იმისათვის არ კითხულობს, რომ ისწავლოს? რა საჭიროა ღორებისთვის მარგალიტის დაფენა (მათ. 7, 6)? პირიქით, როგორც ვთქვით (თ. 22), კაცთმოყვარება მოითხოვს დუმილს ასეთ შემთხვევაში. ვინაიდან ნათქვამ სიტყვას, არ მოაქვს რა არანაირი სარგებელი უყურადღებოთათვის, დამატებით მეტ სასჯელსაც უქვემდებარებს. თუმცა პილატეს, რამდენადაც იგი ჰეროდეზე კეთილგანწყობილი იყო, უფალი პასუხობს, თუმცა, არცთუ სავსებით ნათლად. ვინაიდან ის ეკითხებოდა... შენ ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო უფალი პასუხობს: „შენ იტყვი“. ეს პასუხი თითქოსდა ორმაგ აზრს მოიცავს. ვინაიდან ის შეიძლება ასეც გავიგოთ: მე ვარ ჭეშმარიტად (იუდეველთა მეფე), შენ სრული ჭეშმარიტება თქვი, შეგიძლია სხვაგვარადაც გაიგო: მე არ ვამბობ, შენ ამბობ, გაქვს ხელმწიფება და ამბობ. ხოლო ჰეროდეს, როგორც გადაჭრით დამცინავს, სრულებით არ პასუხობს. ვინაიდან ჭეშმარიტად, როგორც ესაია ამბობს (3, 4. 12), „უკეთურნი და ბოროტეულნი“, ანუ მაშინდელი იუდეველნი და გადასახადის ამკრეფნი იყვნენ მათი შემავიწროვებელნი და „მათზე ბატონობდნენ დამცინავნი“. ხოლო ჰეროდეს, რომ სურდა იესოს ნახვა იმ განზრახვით, რათა გაელანძღა და დაეცინა მისთვის და სასწაული ეხილა მისგან და ამ ფიქრებით ეკითხებოდა, ეს დასასრულმა გვიჩვენა. ვინაიდან, დაამცირა რა იესო და გალანძღა, გაუშვა იგი და არა მხოლოდ თვითონ გალანძღა, არამედ მისმა მეომრებმაც, რაც ყველაზე უფრო საწყენია; და ჩააცვა რა მას ბრწყინვალე სამოსი, გაუგზავნა იგი პილატეს. შენ კი ნახე, როგორ წაიბორძიკებს ხოლმე ეშმაკი ყველაფერში, რასაც აკეთებს. იგი ასეთ ლანძღვასა და დამცირებას უწყობს ქრისტეს, აქედან კი კიდევ უფრო ნათლად ჩანს ჭეშმარიტება, ვინაიდან დაცინვა ყველაზე უფრო ნათლად მოწმობს, რომ უფალი არ არის მოჯანყე და შფოთისთავი. ის რომ ასეთი ყოფილიყო, არ დაიწყებდნენ ხუმრობას, როცა ასეთი საფრთხე ემუქრებათ და მთელი ხალხის აჯანყებაა მოსალოდნელი, ამასთან მრავალრიცხოვანი ხალხისა და ფრიად მიდრეკილისა სიახლისადმი. „და იქმნნესო, - ნათქვამია, - მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა“. პილატეს მიერ ჰეროდესთან მისდამი დაქვემდებარებულის გაგზავნა იქცა საწინდრად მათი მეგობრობისა, რამდენადაც პილატე არ ითვისებს ჰეროდეს უპირატესობებს. თუმცა ნახე ყველაფერში, ეშმაკი ჩნდება რათა როგორმე განუმზადოს სიკვდილი ქრისტეს. როგორ აერთებს იმას, რაც ადრე გაყოფილი იყო, ერთსულოვნებასა და მეგობრობას თესავს მათ შორის, ვინც მტრები იყვნენ. განა სირცხვილი არაა ჩვენი, როდესაც მან იმისათვის, რომ ქრისტე მოკლას, მტრებიც კი შეარიგა, ჩვენ კი საკუთარი გადარჩენისათვის მეგობრებსაც კი არ ვინარჩუნებთ ჩვენდამი მეგობრულად განწყობილთ? როდესაც ქრისტე უკან იქნა გაგზავნილი პილატესთან, ნახე კვლავ როგორ ბრწყინავს ჭეშმარიტება. თქვენო, ეუბნება პილატე, მომიყვანეთ ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი; მაგრამ მე ვერ ვპოვებო მასში ვერაფერს სიკვდილის ღირსს, ისევე როგორც ჰეროდე. ხედავ, მოწმობა ორი ადამიანისა და ამასთან მმართველისა, ხოლო მეორე - მეფისა, სრული ჭეშმარიტებაა. ვერც მე, ამბობს, ვერც მეფე ჰეროდემ, ვერ ვპოვეთ მასში ვერანაირი ბრალი. რას იტყვიან ამაზე იუდეველნი? მსაჯულნი თავად მოწმობენ, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა; თქვენ, ბრალმდებლებმა, არ მოიყვანეთ არცერთი მოწმე: მაშ ვის უნდა დავუჯეროთ? საოცარია, თუ როგორ იმარჯვებს ჭეშმარიტება! იესო დუმს, ხოლო მტრები მის სასარგებლოდ მოწმობენ, იუდეველნი ყვირიან და არავინ ადასტურებს მათ გმინვას. პილატე როგორღაც სუსტი იყო და ფრიად სუსტად იცავდა სიმართლეს. მას ეშინოდა ცილისწამების, რათა სახელი არ გასტეხვოდა რომ მან გაუშვა შფოთის თავი. ვინაიდან მას არ შეეძლო ეთქვა: მისი შემაშინებელი ვერ შემაშინებს, ვერ შემზარავს, რადგან თავად უფალია ჩემი შემაშინებელი და ჩემი შემზარავიო (ესაია, 8, 12-13). „ვასწავლო იგიო, - ამბობს, - ანუ ჭკუას ვასწავლი რა გამათრახებით, - განუტევოო“. ხოლო რომაელებს, იუდეველთა საამებლად მართებდაო კიდეც, დღესასწაულთან დაკავშირებით, თითო პყრობილის გაშვება. ვინაიდან დადეს რა შეთანხმება იუდეველებთან, მისცეს მათ თავისუფლება ეცხოვრათ თავიანთი ჩვეულებების და კანონების მიხედვით. ხოლო იუდეველებს მამათაგან ჰქონდათ ჩვეულება გამოეთხოვათ პყრობილი მმართველებისაგან; ისევე როგორც იონათანი დაიცვეს საულის წინაშე (1 მეფ. 14, 45). თუკი არ იცი ეს ისტორია, მაშინ აიღე პირველი მეფეთა წიგნი და შენ იპოვი მას. „ღაღად-ყვეს ყოველმან მან სიმრავლემან“, - ნათქვამია, - და იტყოდეს: „აღიღე ეგე!” რა უნდა იყოს ამაზე უარესი? რჩეული ხალხი გონდაკარგული ითხოვს მკვლელობას; პილატე, წარმართი, უკუმიიქცევა მკვლელობისგან: ყველაფერი თავდაყირა დადგა. “აღიღეო, - ამბობენ, - ეგე! და მოგვიტევე ჩვენ ბარაბა“, რომელიც შფოთისა და მკვლელობისათვის იყო საპყრობილეში შეგდებული. პილატე მესამედ სთავაზობს მათ გაშვებას; მესამედაც ყვირიან ისინი ქრისტეს წინააღმდეგ, რათა ამ სამგზის ამოგმინვით საბოლოოდ დაამტკიცონ თავიანთი წყურვილი მკვლელობისა. და მათ, როგორც ნეტარი პეტრე ამბობს, უარყვეს „წმიდაჲ ეგე და მართალი“ და ითხოვეს „კაცი იგი კაცის მკვლელი მიმადლებად (საქ. მოც. 3, 14). ვინაიდან მათ უყვართ მსგავსი რამეები (რის გამოც იღებენ კიდეც მონაწილეობას მასში, ვინაიდან თავადაც აჯანყდნენ რომაელთა წინააღმდეგ და უამრავი მკვლელობისა და საკუთარი თავის დაღუპვის მიზეზი გახდნენ). უფალი იერემიას მეშვეობით წინასწარმეტყელებს ამის შესახებ: „მივატოვე ჩემი სახლი, დავაგდე ჩემი სამკვიდრო, ჩემი სულზე უტკბესი მის მტრებს ჩავუგდე ხელში. ჩემი სამკვიდრო მაღნარის ლომივით გახდა; შემომღრიალებს, რადგან შევიძულე“. (იერ. 12 7-8) და ესაია კვლავაც: „ვაი მათ, რადგან ზურგი მაქციეს! დაღუპვა მათ, რადგან შემცოდეს მე! მათი გამოსყიდვა მსურს, ისინი კი მზაკვრობენ ჩემს წინააღმდეგ! მახვილით დაეცემიან მათი მთვარები უტიფარი ენის გამო“ (ესაია, 7, 13, 16). იესო წაიყვანეს და თავიდან მას აჰკიდეს ჯვარი და ის მიდიოდა ამ ტვირთით. ვინაიდან სხვა არავინ აიღო თავის თავზე მისი წაღება, რამდენადაც მას დაწყევლილ ხედ თვლიდნენ. შემდეგ, როდესაც იპოვეს ვინმე სვიმონ კვირინელი, მას აჰკიდეს ჯვარი, აიძულეს რა ეს ადამიანი და დაადეს ჯვარი, როგორც რაღაც სამარცხვინო, რომელსაც სხვები ერიდებოდნენ. ამით არცთუ უმნიშვნელო ჩაგონება კეთდება. ჯვარი არის მოკვდინება, ვნებათა უმოქმედობა და უძრაობა. ვინაიდან ჯვარცმული მიელურსმება და უმოქმედო ხდება. ამრიგად, მოძღვარმა ქრისტემ, თავდაპირველად თავად უნდა აიღოს ჯვარი და მიალურსმოს თავისი სხეული ღვთის შიშს და გაბრწყინდეს უვნებობით, ხოლო შემდგომ დაადოს იგი მის მორჩილთ მხრებზე; ვინაიდან „სიმონი“ ნიშნავს „მორჩილებას“. ამით აღსრულდა ესაიას სიტყვებიც: „უფლობა იყო მის ბეჭებზე“ (ესაია, 9, 6), ვინაიდან ჯვარი არის უფლისა და ცათა სასუფევლის მეუფება. პავლე ამბობს: „დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკვდილამდე და სიკვდილითა მით ჯუარისაითა. ამისთვისცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა“ და ა.შ. (ფილ. 2, 8-9). თუკი ჯვარი იესოსთვის გახდა სიმაღლე და დიდება, მაშინ იგი სამართლიანად იწოდება მის „მეუფებად“, ანუ სამუფეო ღირსებად და ნიშნად მეუფებისა. როგორც სენატორებს აქვთ თავიანთი ღირსებათა ნიშნები, ზოგს - ქამრები, სხვებს - მანტიები, ასევე უფალიც ადგენს ჯვარს თავისი მეუფების ნიშნად და თუკი დააკვირდები ნახავ, რომ იესოს მეუფება ჩვენში ხორციელდება არა სხვაგვარად, თუ არა ჯვარცმით, რომ განცხრომაში მცხოვრებნი არსებითად ჯვრის მტრები არიან; და მას შეუძლია გახდეს მორჩილი ქრისტესი და აღიღოს ჯვარი მისი, ვინც სათნოებაში ვარჯიშობს, ვინც არის „მომავალი ველით“, ანუ ტოვებს არსებულ ველს - ამ სოფელს და მის საქმეებს და ისწრაფვის ზეციური იერუსალიმისკენ, თავისუფალი (გალ. 4, 26). იმით, რომ ქრისტეს უკან მისდევდა ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა, ამით აღინიშნება ის, რომ ჯვარცმის შემდეგ მას იუდეველთა დიდი უმრავლესობა და მრავალი ქალი ირწმუნებს. წაიკითხე საქმე მოციქულთა (2, 41; 4, 4) და შენ იხილავ ათასობით მორწმუნეს. ხოლო ის რომ ქალები, რომლებიც იესოს მიჰყვებოდნენ ტიროდნენ და გლოვობდნენ, განა ზნეობრივ მაგალითად არ გამოდგება ჩვენთვის? სუსტი სულია ქალი, მაგრამ თუკი იგი სინანულის მეშვეობით იღებს გულის შემუსვრილებას, ტირის და გოდებს, მაშინ იგი ჭეშმარიტად მიჰყვება იესოს, ჯვარცმულსა და ვნებულს ჩვენი ხსნისათვის.
28. მიექცა მათ იესუ და ეტყოდა: ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა. 29. რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა თქუან: ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განზარდნეს 30. მაშინ იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა! და ბორცუთა: დამფარენით ჩუენ! 31. რამეთუ უკუეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ჴმელსა მას რაჲ-მე ეყოს?
ქალები, ეს არიან ქმნილებანი, რომლებიც ადვილად მიდრეკილნი არინ ტირილისა და გლოვისაკენ, ტირიან ისე, თითქოს უფალს რაღაც უბედურება შეემთხვა და ამით გამოხატავენ თავიანთ თანაგრძნობას და წუხილს ადამიანურ უსამართლობაზე. უფალი კი, არა მხოლოდ არაა ამით კმაყოფილი, „არამედ უკრძალავს კიდეც მათ, ასეთ საქციელს, ვინაიდან იგი ნებაყოფლობით ევნო, ხოლო ნებაყოფლობით ვნებულს და მასთან მთელი კაცობრიობის ხსნისათვის, ცრემლები კი არ შვენის, არამედ მოწოდება და დიდება. ჯვრით სიკვდილიც შეიმუსრა და ჯოჯოხეთიც დაითრგუნა. ცრემლებს ნუგეში მოაქვს არა მათთვის, ვინც ნებაყოფლობით ევნება, არამედ მათთვის, ვინც უნებურად იტანჯება. ამიტომაც იგი უკრძალავს მათ მასზე ტირილს, არწმუნებს მათ ყურადღება მიაქციონ მომავალ უბედურებებს და უბედურებებზე იგლოვონ, როდესაც ქალები სიბრალულის გარეშე მოხარშავენ საკუთარ შვილებს და მუცელი მტვირთველი ნაყოფისა, სამწუხაროდ, თავისშივე მიიღებს მისგან შობილს. ვინაიდან თუკი რომაელები ასე მომექცნენ მე, ნედლ ხეს, ნაყოფიერს, მარად ამწვანებულსა და მარად ცოცხალს ღმრთაებრივი ძალით და საკუთარი მოძღვრების ნაყოფით ყველას გამომკვებავს, მაშ რაღას აღარ გიზამენ თქვენ, ანუ ერს, ხეს ხმელს, მოკლებულს ყოველგვარ მაცოცხლებელ სიმართლეს და უნაყოფოს? თქვენ რომ გქონოდათ, თუნდაც ცოტაოდენი მაცოცხლებელი ძალა სიკეთისა, შესაძლოა, უკიდურეს შემთხვევაში, გარკვეული დანდობის ღირსნი მაინც გამხდარიყავით; ახლა კი, როგორც ხმელ ხეს, დაწვა და დაღუპვა გელით.
32. მაშინ მოჰყვანდეს სხუანიცა ორნი ძჳრის-მოქმედნი მოკლვად მის თანა. 33. და ვითარცა მოჰყვანდეს ადგილისა მას, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილი, და მუნ ჯუარს-აცუეს იგი და ძჳრის-მოქმედნიცა იგი მის თანა, რომელიმე მარჯუენით და რომელიმე მარცხენით მისა ჯუარს-აცუნეს. 34. ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი. 35. და დგა ერი იგი და ხედვიდა. ხოლო შეურაცხ-ჰყოფდეს მას მთავარნიცა იგი მათ თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, იცხოვნენ თავიცა თჳსი, უკუეთუ ეგე არს ქრისტე, რჩეული ღმრთისჲ. 36. ემღერდეს მას ერის-კაცნიცა იგი, მოუჴდიან მას და ძმარი მოართჳან 37. და ეტყჳედ: შენ თუ ხარ მეუფე ჰურიათაჲ, იჴსენ თავი შენი. 38. ხოლო იყო ზედაწერილიცა, რომელი დაწერილ იყო მას ზედა წიგნითა ბერძულითა და ჰრომაელებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ.
ეშმაკი, სურდა რა შეექმნა და ჩაენერგა ცუდი წარმოდგენა უფალზე, აწყობს ისე, რომ მასთან ერთად ორ ავაზაკს აცვამენ ჯვარს. მაგრამ ნახე, როგორ კარგავს ის ერთ-ერთ მათგანს და როგორ გახდა კიდევ უფრო მეტი დიდების მიზეზი უფლის ის, რასაც ეშმაკი ზრახავდა მის წინააღმდეგ, ვინაიდან ავაზაკთა ჯვარცმას აღარავინ ეძიებდა, პირიქით, მთელი მსოფლიო იტანჯებოდა უფლის ჯვარცმის მოლოდინში. და აქედან კი აშკარად ჩანს, რომ უფალი არ არის ისეთივე კანონგარეშე, როგორიც ავაზაკები, არამედ ყოველგვარი სიმართლის გზის გამკვალავია. მიჰყავთ იგი თხემის ადგილას, სადაც, როგორც ამბობენ, მამამთავარი იყო დაკრძალული, რათა სადაც მოხდა დაცემა ხის მეშვეობით, იქვე მოხდეს აღდგინებაც ხის მეშვეობით. იესო, ავლენს რა უდიდეს მორჩილებას, ლოცულობს მათთვის, და ამბობს: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. და რაღა თქმა უნდა ეს ცოდვა მიეტევებოდა მათ, ამის შემდეგაც ურწმუნონი რომ არ დარჩენილიყვნენ. რისთვის იყოფენ მის სამოსელს? შესაძლოა მრავალს სჭირდებოდა ისინი, ანდა შესაძლოა (რაც უფრო სავარაუდოა), ამას კადნიერების გამო სჩადიოდნენ და დაცინვის განზრახვით, ვინაიდან, მათი შეხედულებით რა იყო ამ სამოსელში ძვირფასი? ამრიგად, ისინი ამას დაცინვისა და გალანძღვის მიზნით აკეთებდნენ. ვინაიდან, რა უნდა ვთქვათ, უბრალო ხალხის შესახებ, როდესაც მათი მთავარნი დასცინოდნენ? „სხუანი აცხოვნნა, იცხოვნენ თავიცა თვისი, უკუეთუ ეგე არს ქრისტე, რჩეული ღმრთისაჲ“. ამას ეშმაკი ლაპარაკობს მათი პირით. როგორც ტაძრის ქიმზე, ასევე აქ, ამას იგი ამბობს, რადგან შურს გამოხსნისა ჯვარის მეშვეობით და სურს ყველა შესაძლო მზაკვრობით აღკვეთოს იგი. მეომრებს ძმარი მოჰქონდათ დასალევად, ემსახურებოდნენ რა მას სწორედ როგორც „მეფეს“. აი მეორე მზაკვრობაც ეშმაკისა, რომელიც თავად მასვე მიექცევა. კერძოდ: იგი სამ ენაზე დაწერილი წარწერით აცხადებს იესოს შფოთისთავობას, რათა ყოველი მომსვლელისთვის ცნობილი იყოს, რომ იგი იმიტომ აცვეს ჯვარს, რომ თავს მეფედ ასაღებდა. ხოლო გამომგონებელს ბოროტების საქმეში, არ ესმოდა, რომ ეს იყო ნიშანი იმისა, რომ უძლიერესნი ხალხთაგან, როგორებიც რომაელნი იყვნენ და უბრძენესნი, როგორებიც ბერძნები და ღვთის მორწმუნენი, როგორებიც ებრაელნი, შევლენ იესოს სამეფოში და იქადაგებენ მას. თუმცა იოანეს სახარების განმარტებაში, ამის შესახებ, უფრო მეტად და უფრო ამაღლებულად ვისაუბრეთ.
39. ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძჳრის-მოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა. 40. მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ? 41. და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა. 42. და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა. 43. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა.
მაშ სხვა მახარებლები როგორღა ამბობენ (მათ. 27, 44; მარკ. 15; 32) რომ იესოს ორივე ავაზაკი ჰგმობდა? თავიდან, როგორც სჩანს, ორივენი ჰგმობდნენ მას; შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც უფრო გონიერი იყო, შეიცნო სახარება და ღმრთაებრიობა იმ სიტყვებიდან, რომელიც მან ჯვარმცმელთათვის წარმოსთქვა, „მამაო, მიუტევე ამათ“, ვინაიდან ეს სიტყვები, არა მარტო აღვსილია სრული კაცთმოყვარებით, არამედ ბევრწილად ცხადყოფენ მის საკუთარ ხელმწიფებასაც. იესოს არ უთქვამს: უფალო, გევედრები აპატიე მათ, არამედ ამბობს ასევე უბრალოდ, როგორც ხელმწიფების მქონე: „მამაო, მიუტევე ამათ“. გონს მოგებული ამ სიტყვებით, ის ვინც ადრე ჰგმობდა იესოს, აღიარებს მას ჭეშმარიტ მეუფედ, გააჩუმებს მეორე ავაზაკს და ეუბნება იესოს, „მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“, უფალი რაღას იქმს? როგორც ადამიანი - იგი ჯვარზეა, ხოლო როგორც ღმერთი - ყველგან, იქაც და სამოთხეშიც. ყოველივეს აღავსებს და არ არის ადგილი, სადაც ის არ არის. სხვანი იკითხავენ. როდესაც უფალი ავაზაკს ეუბნება: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“, მაშ ამის სემდეგ, როგორღა თქვა პავლემ, რომ არავის წმინდანთაგანს არ მიუღია „აღნათქუემი იგი“ (ებრ. 11, 39)? და ერთნი პასუხობენ, მოციქულს ყველა წმინდანზე არ უთქვამს, რომ მათ არ მიუღია აღნათქვამი, არამედ მხოლოდ მათზე, რომლებიც მან ჩამოთვალა. ხოლო ჩამოთვალა მან მრავალი ხვა, მაგრამ ავაზაკი არ უხსენებია, ვინაიდან, ისმინე რას ამბობს: „ესე ყოველნი“. აშკარაა, რომ ის თავის სიტყვებს მიაკუთვნებდა მათ, ვინც მათ ჩამოთვალა და რომელთა რიცხვშიც არ არის ეს ავაზაკი. სხვები ამბობდნენ, რომ ავაზაკსაც ჯერ არ მიუღია სიცოცხლე სამოთხეში, მაგრამ ვინაიდან უფლის მიერ დაპირება უცილობელია და არ შეიცავს ტყუილს, ამიტომაც არის ნათქვამი: დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა, ვინაიდან იგი მომავალზე საუბრობს, როგორც უკვე მომხდარზე. მაგალითად, როდესაც ამბობს: „რომელსა არ ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს“ (იოან. 3, 18) და სხვა შემთხვევაში: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაჲ საუკუნოეჲ“ (იოან. 5, 24). ზოგიერთნი ამახინჯებენ ამ გამოთქმას, კერძოდ: სიტყვის შემდეგ „დღეს“ სვამენ მძიმეს ისე, რომ შემდეგნაირად გამოვიდეს თქმული: ამენ, ამენ გეტყვი შენ დღეს, ხოლო შემდეგ აგრძელებენ: ჩემთანა იყო სამოთხესა. კიდევ სხვანი და ვგონებ, ფრიად წარმატებითაც, ამას ასე ხსნიან: ჩვენთვის დაპირებული სიკეთენი არსებითად სამოთხეში ცხოვრება კი არ არის, ანდა დაბრუნება მასში, არამედ ცათა სასუფეველი, რის გამოც ვლოცულობთ კიდეც: „მოვედინ სუფევა შენი“ და არა სამოთხისეული ცხოვრება. და ნუ მეტყვის მე ნურავინ, რომ სამოთხე და სასუფეველი ერთი და იგივეა. ვინაიდან სასუფევლის სიკეთენი „თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა“ (1 კორ. 2, 9). სამოთხე კი ჩანდა ადამის თვალით და ყურსაც სმენია მასზე. ვინაიდან ნათქვამია: „ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში“ (დაბ 2, 16), თუმცა ადამს აეკრძალა ერთი ხე, მაგრამ მან ის ნახა კიდეც და გაიგონა კიდეც მის შესახებ. სამოთხე „მოუხდა“ კიდეც „გულსა კაცისასა“. ვინაიდან ადამი მხიარულობდა სულიერად, ვინაიდან მას არ დაუტოვებია ასეთი მოღვაწეობა და მიწათმოქმედების სიხარული. ამიტომაცო, ამბობენ, პავლე სრულიად არ ეწინააღმდეგება: ავაზაკმა მიიღო სამოთხე, მაგრამ არ მიუღია „სასუფეველი“: მას კი მაშინ მიიღებს, როდესაც მიიღებენ ყველა ისინი , რომელნიც ჩამოთვალა. ყოველ შემთხვევაში, ახლა იგი სამოთხეშია, რომელიც არის სულიერი სიმშვიდის ადგილი. ასე ამბობენ მრავალნი და მრავალჯერ. შეიძლება ითქვას, რომ არაფერი უშლის ხელს იყვნენ ჭეშმარიტნი, როგორც უფლის სიტყვებს, ისე პავლესას - იმ შემთხვევაშიც, თუკი ცათა სასუფეველი და სამოთხე არსებითად ერთი და იგივეა. ვინაიდან, ავაზაკი თუმცა კი სამოთხეშია, ანდა სასუფეველში (და არა მხოლოდ ის, არამედ ყველა პავლეს მიერ ჩამოთვლილიც) თუმცაღა არ იმყოფებიან მეფეთა სანახებში, არამედ დილეგებში არიან გამომწყვდეულნი და დარაჯობენ მათთვის განკუთვნილი სასჯელისათვის, ხოლო პატივცემულნი შედიან მეფეთა სასახლეებში, იმყოფებიან მასში და შემდეგ, როდესაც მოვა დრო დარიგებისა, ღირსნი ხდებიან მეფეთა საბოძვარისა, ასევე წმინდანნი, მართალია ჯერ კიდევ არ უგემიათ სრული ნეტარება, მაგრამ ნათელ სამყოფელებში არიან დავანებულნი, აღვსილნი კეთილსურნელებით და საერთოდაც, მეფურში, თუმცა ჯერ კიდევ არ გამხდარან ღირსნი მეფის საბოლოო საბოძვარის მიღებისა. ასევე ავაზაკი, თუმცა ახლა სამოთხეშია, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ტკბება სრული ნეტარებით, „რაითა არა თვინიერ ჩვენსა სრულ იქმნენ“ (ებრ. 11, 40) და ასეთი ახსნა, ჩემის აზრით, ყველაზე სამართლიანია. აღარ ვლაპარაკობთ უკვე იმაზე, რომ წმინდანთა ნიჭებიც, რომლებიც ყოველდღიურ სასწაულებში ვლინდება, სამართლიანად შეიძლება იწოდნენ სამოთხედ და ყველა ისინი, რამდენადაც სულიერ ნიჭებს მიემსგავსნენ და მიიღეს მასში საწინდარი სულისა, სამოთხეში იმყოფებიან, თუმცაღა არ მოუღწევიათ სრულყოფისათვის; და მიიღეს საუფეველი, როგორც პავლე ამბობს იმავე ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ, თუმცა არ მიუღიათ აღნათქვამი. სიტყვაში „აღნათქუემი“ იგი აშკარად ნეტარების სისავსეს გულისხმობდა. ამრიგად, მათ ჯერ კიდევ არ მიუღიათ მთელი აღნათქვამი, მაგრამ ამ სასუფეველსა და სამოთხეში იმყოფებიან. გთხოვ, განკვირდი ამითაც: როგორც რომელიღაც მეფე ბრუნდება რა გამარჯვების შემდეგ ნაალაფარით, თან ყველაზე უკეთესი ნაწილი მოაქვს ნადავლისა, ასევე უფალიც, წაართვა რა ყველაზე უკეთესი ნადავლი ეშმაკს, მიჰყავს იგი თან, ბრუნდება რა ადამიანის თავდაპირველ სამშობლოში, ანუ სამოთხეში. იგი იყო სამოთხეში არა მხოლოდ ღმრთეებით, არამედ მის მიერ მიღებული მოაზროვნე და გონიერი ადამიანური სულითაც; და სამოთხეშიც იყო სულით და ჯოჯოხეთშიც ჩავიდა სულით. იხსნა რა ავაზაკი, უფალმა შეკრა იარაღი ბოროტებისა, თავისი წინასწარმეტყველების თანახმად: „პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი მისი იავარყოს“ (მათ. 12, 29).
44. და იყო ჟამი მეექუსე, და ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. 45. და დაბნელდა მზე, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის შორის. 46. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და ესე რაჲ თქუა, განუტევა სული. 47. და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმე ესე, ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო. 48. და ყოველნი მათ თანა მოსრულნი და რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე და საქმენი ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს. 49. და დგეს ყოველნი მეცნიერნი მისნი შორით; და დედანი, რომელნი შეუდგეს მას გალილეაჲთ, ხედვიდეს მას.
ოდესღაც იუდეველბს სურდათ ეხილათ ნიშანი ზეცით; ამრიგად მათი ეს ნიშანია უჩვეულო სიბნელე. „კრეტსაბმელი ტაძრისა განიპობა“. უფალი ამით უჩვენებს რომ წმიდათა წმიდა უკვე აღარ იქნება მიუწვდომელი, არამედ რომაელთათვის იქნება მიცემული, გაქელილი და შებილწული. ანდა ის კიდევ გვიჩვენებს, რომ განიპობა კრეტსაბმელი, რომელიც გვყოფს ჩვენ წმინდანთაგან, ზეცაში რომ არიან, ანუ მტრობა და ცოდვა დაიხსნება, ვინაიდან ეს შეადგენდა უდიდეს დაბრკოლებას, რომელიც გვყოფდა იქ მყოფთაგან. გვიჩვენებს ამასთანავე იმასაც, რომ იგი უძლურებისდა გამო არ ვნებულა. ვინაიდან ასეთი სასწაულის მოქმედს მათი დარღვევა და განადგურებაც შეეძლო. შეჰღაღადებს რა ხმამაღლა, იესო სულს განუტევებს. რადგან მას ხელეწიფებოდა მისი დადებაცა და კვლავ მოღებაც (იოან. 10, 18). ეს ხმა და სხვა სასწაულები ასისთავისთვის რწმენის საბაბიც გახდა. ვინაიდან იესო კვდებოდა არა როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, არამედ როგორც მეუფე და სიკვდილსაც უწოდა სულის ჩაბარება შესანახად, რამდენადაც ხელ-ეწიფებოდა კვლავ მოღება მისი. ეს პირველი რამაა, რომლითაც ჩვენი სულები თავისუფლების ღირსნი გახდნენ, რამდენადაც ისინი უკვე აღარ უჭირავს ეშმაკს, არამედ მამისთვის არიან ჩაბარებულნი. ვინაიდან ქრისტეს სიკვდილამდე ეშმაკს დიდი უფლებები ჰქონდა სულებზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ძემ თავის სული არა ჯოჯოხეთს, არამედ მამის ხელთ მისცა, ჯოჯოხეთში მყოფებმა თავისუფლება მიიღეს. სწორედ აქ შეგვიძლია დავინახოთ აღსრულება ოდესღაც უფლის მიერ ნათქვამი სიტყვებისა: „მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“ (იოან. 12, 32), ვინაიდან ჯვარზე ამაღლებულმა მიიზიდა ავაზაკი, მიიზიდა ასისთავი, ზოგიერთი იუდეველთაგანიკი იცემდნენ მკერდში და საყვედურობდნენ რა ჯვარმცმელებს, ღიად აღიარებდნენ იესოს მართლად. მოწაფეები გაიქცნენ, ხოლო ეს დამდაბლებული და დაწყევლილი მოდგმა, - ქალები, რჩებიან და უყურებენ ყოველივე ამას და სამაგიეროდ პირველები ტკბებიან აქედან გამომდინარე განმართლებითა და კურთხევით, ისევე როგორც აღდგომით. შენ კი, ვინძლო, განკვირდე იუდეველთა სისასტიკით. ისინი ამბობენ: დაე, ჩამოვიდეს ჯვარიდან და ჩვენ დავიჯერებთ მას. და ხედავენ რა დიდ-დიდ სასწაულებს, მაინც არ სწამთ! ვინაიდან განა არ უტოლდებოდა ჯვრიდან ჩამოსვლას მზის დაბნელება, ქვების დასკდომა, საშინელი მიწისძვრა, მკვდრების აღდგომა, კრეტსაბმელის გაპობა და ყოველი ქმნილების ცვლილება? ამიტომაც, დაე ნურავინ ჩავარდება საგონებელში, თუ რატომ არ ჩამოვიდა იესო ჯვრიდან, არამედ მიიღოს ეს ცნობისმოყვარეობის გარეშე, გულისხმაყოფს რა, რომ ისინი მაშინაც არ დაიჯერებდნენ, მას რომ ეს გაეკეთებინა, და სხვა არაფერი გამოვიდოდა აქედან, გარდა იმისა, რომ დამახინჯდებოდა გამოხსნა ჯვარის მეშვეობით. ვინაიდან ჯვარი ყველაფერზე მეტად არის დიდება ქრისტესი. ამრიგად, მან მოახდინა რა მეტი სასწაული, მაშინ როდესაც მათ არ სწამდათ, ერთდროულად ორი საქმე გააკეთა: ჯერ-ერთი ბოლომდე დაითმინა და მიიღო ჯვარი, ეს უდიდესი ნიშანი ძლევისა; მეორეც, გამოააშკარავა რომ ისინი სრულიად უგრძნობელნი არიან, არანაირი სიკეთე არ გააჩნიათ, არამედ გაუხეშდნენ თავიანთ ურწმუნოებაში.
50. და აჰა ესერა კაცი, სახელით იოსებ, მზრახვალი, იყო კაცის სახიერი და მართალი; 51. ესე არა თანა-შერთულ იყო ზრახვასა მათსა და საქმესა. იყო იგი არიმათიაჲთ, ქალაქისაგან ჰურიათაჲსა, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა. 52. ესე მივიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იგი იესუჲსი. 53. და გარდამოჰჴსნა იგი და შეჰმოსა მას არდაგი და დადვა იგი საფლავსა გამოკუეთილსა კლდისაგან, სადა არავინ დადებულ იყო. 54. და დღე იგი იყო პარასკევი, შაბათად განთენდებოდა. 55. შეუდგეს მას დედანიცა, რომელნი მის თანა მოსრულ იყვნეს გალილეაჲთ, და იხილეს საფლავი და ვითარ დასდებდეს გუმასა მისსა. 56. და წარვიდეს და მოჰმზადეს საკუმეველი სულნელი და ნელსაცხებელი და შაბათი იგი და-ღა-იდუმეს მცნებისა მისთჳს.
იოსები მანამდე არ ამჟღავნებდა თავს, მაგრამ ახლა საქებარ საქმეს სჩადის. მიუხედავად იმისა, რომ იყო წევრი სინედრიონისა და მდიდარი ადამიანი, იგი თამამად ითხოვს სხეულს ადამიანისა, რომელიც ჯვარს აცვეს, როგორც მოჯანყე და შფოთის თავი და არ აქცევს ყურადღებას არანაირ საფრთხეს, არამედ ითხოვს და პატივით კრძალავს კლდეში გამოკვეთილ საფლავში, სადაც მანამდე სხვა არავინ დაუდიათ, რათა ცილისმწამებლებმა არ თქვან, რომ სხვისი სხეული აღსდგა. ქალებს კი, თუმცა ჰქონდათ უფლის რწმენა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც უნდა ჰქონოდათ, არამედ სუსტი და მცირედი, ვინაიდან, თვლიდნენ რა მას უბრალო ადამიანად, უმზადებენ საკმეველსა და ნელსაცხებელს იუდეველებში გაბატონებული ჩვეულების თანახმად, რომელსაც ყოველთვის აღასრულებდნენ გარდაცვლილზე, თუმცა შაბათს, სჯულის მცნებისამებრ, უქმეს იმარხავდნენ.
თავი 1 | თავი 2 | თავი 3 | თავი 4 |
თავი 5 | თავი 6 | თავი 7 | თავი 8 |
თავი 9 | თავი 10 | თავი 11 | თავი 12 |
თავი 13 | თავი 14 | თავი 15 | თავი 16 |
თავი 17 | თავი 18 | თავი 19 | თავი 20 |
თავი 21 | თავი 22 | თავი 23 | თავი 24 |