ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

ლუკას სახარების განმარტება

 

თავი მერვე

1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. 2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. 3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.

გარდამოხდა რა ზეციდან იმისათვის, რათა თავადვე ეჩვენებინა ჩვენთვის მაგალითი ყველაფერში და წინასწარი მონახაზი. უფალი გვასწავლის, რათა არ დავიზაროთ სწავლება, არამედ ყოველი კუთხე-კუნჭული შემოვიაროთ და ვიქადაგოთ; ვინაიდან რასაც კი აკეთებდა, ყველაფერს ჩვენს დასამოძღვრად აკეთებდა. იგი ყველა ქალაქსა და სოფელში დადიოდა და თან თორმეტი მოწაფე დაჰყავდა, რომლებიც არ ასწავლიდნენ, არ ქადაგებდნენ, არამედ, თავად სწავლობდნენ მისგან და იღებდნენ დამოძღვრას მისი საქმეებითა და მისი სიტყვებით. უფალი ქადაგებდა არა მიწიერ კეთილდღეობაზე, არამედ ცათა სასუფეველზე, ვინაიდან სხვას ვის უნდა ექადაგა უკეთესად ზეციურზე, თუ არა მას, ვინც ზეციდან გარდამოხდა. ამიტომაც არცერთი წინასწარმეტყველი არ ქადაგებდა ცათა სასუფეველზე, ვინაიდან როგორ იქადაგებდნენ იმაზე, რაც არ უნახავთ? ამიტომაც ამბობდა წინამორბედიც: „რომელი არს ქუეყანით, ქუაეყანისაგან არს და ქუეყანისასა იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი ყოველთა ზედა არს. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს“ (იოანე. 3,13-32). უფალს მისდევდნენ დედებიც, რათა ვიცოდეთ, რომ მდედრობით სქესსაც არ უშლის ხელს უძლურება შეუდგნენ ქრისტეს. დააკვირდი იმასაც, რომ მიუხედავად სიმდიდრისა, მათ მაინც სიგლახაკე აირჩიეს ქრისტესთვის და ქრისტესთან ერთად. ხოლო ის, რომ ისინი მდიდრები იყვნენ, შეიცანი იქიდან, რომ უფალს ემსახურებოდნენ „ნაყოფთაგან მათთა“ და არა სხვათა, ანდა უსამართლოდ შეძენილი ქონებით, როგორც მრავალნი აკეთებენ. სიტყვებში: „რომლისაგან შვიდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს“, ზოგიერთნი რიცხვ „შვიდს“ იღებენე როგორც განუსაზღვრელს, „მრავალის“ ნაცვლად, ვინაიდან წმიდა წერილში რიცხვი შვიდი ხშირად იხმარება „მრავლის“ ნაცვლად. სხვამ შესაძლოა თქვას: როგორც არსებობს შვიდი სული სათნოებისა, ასევე, პირიქით, შვიდია ბოროტი სულიც, მაგალითად: არის სული ღმრთის მოშიშების, მეორე მხრივ, არის სული ღმრთის შიშის არქონისა, არის სული კეთილგონიერებისა, მეორე მხრივ, არის სული უგუნურებისა და ა. შ. თუკი ეს შვიდი სული არ განიდევნება სულიდან, ვერავინ შეუდგება ქრისტეს. ვინაიდან ჯერ სატანა უნდა განაგდო, ხოლო შემდეგ ქრისტე დაემკვიდროს.

4. ხოლო რომელნი-იგი მისთანა იყვნეს ერნი მრავალნი და ქალაქად-ქალაქად რომელნი მოვიდოდეს მისა, ეტყოდა მათ იგავით: 5. გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თჳსისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი. 6. და სხუაჲ დავარდა კლდესა ზედა, აღმოსცენდა და განჴმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ. 7. და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. 8. და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წელი. ამას ეტყოდა ჴმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ. 9. ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: რაჲ არს იგავი ესე? 10. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ღმრთისაჲ, ხოლო სხუათა – იგავით, რაჲთა ხედვიდენ და ვერ იხილონ და ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ.

ახლა აღსრულდა ის, რაც დიდი ხნის წინ თქვა დავითმა ქრისტეს სახელით: „აღვაღო იგავით“, - ამბობს იგი, - „პირი ჩემი“ (ფსალ. 77,2). უფალი იგავებით საუბრობდა მრავალი მიზეზის გამო, კერძოდ: რათა მსმენელი უფრო ყურადღებიანი გაეხადა და აღეძრა მისი გონება იმის გამოსაკვლევად, რის შესახებაც არის საუბარი (ვინაიდან ჩვენ, ადამიანები, უფრო მეტად დაკავებულნი ვართ დაფარული საუბრებით და ცხადს ნაკლებად ვაქცევთ ყუადღებას) და რათა უღირსებმა ვერ გაიგონ ის, რაც საიდუმლოდ ითქმის; და სხვა მრავალი მიზეზის გამო საუბრობს იგი იგავებით. გამოვიდა „მთესვარი“, ანუ ძე ღმრთისა „გამოვიდა“ წიაღთაგან მამისა და საკუთარი იდუმალებიდან და გახდა ხილული. ვინ გამოვიდა? ის, ვინც მუდამ თესავს ჩვენს სულებში კეთილ თესლს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ასწავლის, არამედ ამ სოფლის მეშვეობითაც და იმ მოვლენებისა, რომლებიც ხდება ჩვენს თავს და ჩვენს სიახლოვეს. იგი გამოვიდა არა იმისთვის, რათა დაღუპოს მიწათმოქმედნი ანდა გადაწვას ქვეყანა, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ თესოს. ვინაიდან მიწათმოქმედი ხშირად გამოდის არა მხოლოდ იმისათვის, რომ თესოს, არამედ სხვა რამისთვისაც. იგი გამოვიდა დასათესად „თესლისა თვისისა“. ვინაიდან სიტყვა სწავლებისა მას საკუთარი ჰქონდა და არა სხვისი. წინასწარმეტყველნი, მაგალითად, რასაც კი ამბობდნენ, ამბობდნენ არა თავისი სახელით, არამედ სული წმიდისა, ამიტომაც ამბობდნენ ისინი: „ამას ამბობს უფალი“. ქრისტეს კი ჰქონდა თავისი თესლი; რის გამოც, როდესაც ასწავლიდა, იგი არ ამბობდა: „ამას ამბობს უფალი“, არამედ: „მე გეუბნებით თქვენ“. როდესაც იგი თესავდა, ანუ ასწავლიდა, ზოგიერთი თესლი დავარდა გზის პირას. მას არ უთქვამს, მთესვარმა დააგდოო, არამედ - დავარდა იგი; იმიტომ რომ მთესვარი თესავს და ასწავლის, სიტყვა კი მსმენელთა გულებში ვარდება. სწორედ ისინი აღმოჩნდებიან ან გზა, ან კლდე, ან ეკლოვანი, ანდა კეთილი ნიადაგი. როდესაც მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის შესახებ, უფალმა უთხრა მათ: „თქვენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველსა ღმრთისაჲ“, ანუ თქვენთვის სწავლის მსურველთათვის; ვინაიდან ყოველთვის ვინც ითხოვს, მიეცემა. სხვებს კი, მათ ვინც არ არიან ღირსნი საიდუმლოსი, დაფარულად მიეცემათ; და ასეთნი გვეჩვენებიან თვალხილულად, მაგრამ ვერ ხედავენ, და მსმენელებად, მაგრამ ვერ გულისხმაყოფენ და ეს მათივე სიკეთისთვის. ვინაიდან ქრისტემ იმიტომ დაფარა ეს მათგან, რათა ისინი შეიცნობენ რა საიდუმლოებებს და მოიძულებენ მათ, უფრო მეტად არ განიკითხნენ, ვიანიდან მცნობელი და უგულებელმსყოფელი უმძიმესი სასჯელის ღირისა.

11. ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ. 12. ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაჲ იგი გულისაგან მათისა, რაჲთა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ. 13. ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, – რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყუაჲ იგი, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან. 14. ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან რომელთა ისმინიან სიტყუაჲ და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან. 15. ხოლო რომელი-იგი კეთილსა ქუეყანასა დაეთესა, ესე არიან, რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყუაჲ და შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა.

არსებობენ სამი სახის ადამიანები, რომელნიც ვერ ცხონდებიან ამ იგავის მიხედვით. პირველს მიეკუთვნებიან ისინი, რომლებიც ჩამოგვანან თესლს, გზაზე დავარდნილს, ანუ რომლებმაც სრულიად არ მიიღეს მოძღვრება, რადგანაც როგორც გზა გათელილი და დამტვრეული, არ იღებს თესლს, ვინაიდან იგი გაქვავებულია, ასევე გულქვანიც სრულიად არ იღებენ მოძღვრებას იმიტომ, რომ ისინი თუმცა კი ისმენენ, მაგრამ უყურადღებოდ. მეორეს მიეკუთვნებიანი ისინი, რომელნიც ჩამოგვანან თესლს, კლდეზე დავარდნილს ანუ ისინი, რომელთაც მართალია მიიღეს მოძღვრება, მაგრამ შემდეგ, ადამიანური სისუსტისდა გამო, უძლურნი აღმოჩნდნენ საცდურთა წინაშე. მესამე სახისა - ეს ისინი არიან, ვინც იციან მოძღვრება, თუმცაღა შემშთვარნი არიან ყოფითი საზრუნავებით. ამრიგად სამი წილი წარწყმდება, ხოლო ერთი - ცხონდება. ამგვარად, ცხონებულ გზაზე შემდგარნი ცოტანი არიან, ხოლო წარწყმედილისა კი - ძალიან ბევრი. შეხედე, როგორ საუბრობს იგი ყოფითი საზრუნავებით შემშთვართა მიმართ: მას არ უთქვამს, რომ მათ სიმდიდრე შეაშთობს, არამედ ზრუნვა სიმდიდრეზე. ვინაიდან სიმდიდრე კი არ ვნებს, არამედ ზრუნვა მასზე. იმიტომ, რომ მრავალმა მიიღო სარგებელი სიმდიდრიდან, დაარიგა რა იგი გლახაკთა შიმშილის მოსაკლავად. დააკვირდი, ასევე, მახარებლის მიერ თქმულის სიზუსტესაც, ცხონების გზაზე შემდგართა მიმართ: „ისმინიან სიტყუაჲ და შეიკრძალიან“. ეს მან თქვა მათ გასაგონად, ვინც გზაზე არიან, ვინაიდან ისინი არ იმარხავენ მოძღვრებას, არამედ ეშმაკი სტაცებს მათ. „და ნაყოფი გამოიღონ“ - ეს თქვა მათ გასაგონად, ვინც ყოფით საზრუნავთაგან არიან შემშთვარნი და ვერ უძლებენ ბოლომდე, ვინაიდან ასეთნი, ანუ ისინი, ვისაც ბოლომდე ტარება არ ძალუძთ, ნაყოფს ვერ გამოიღებენ. „მოთმინებითა“ - თქვა მათ გასაგონად, ვინც კლდეზეა; ისინი იღებენ მოძღვრებას, მაგრამ ვერ უძლებენ რა მათზე მომავალ საცდურს, უვარგისნი აღმოჩნდებიან. ხედავ როგორ თქვა ცხონების გზაზე შემდგართა მიმართ: „შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღონ მოთმინებითა“ და ამ სამი თვისებით განარჩია ისინი მათგან, ვინც არ იმარხავს, როგორებიც არიან გზაზე დაცვენილნი; უნაყოფოთაგან, როგორებიც არიან ისინი, ვინც ეკლიან ადგილასაა; და მათგან, ვინც ვერ უძლებენ მათზე მომავალ საცდურთ, როგორებიც არიან ისინი, ვინც კლდოვანზე არიან.

16. არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაჲთა შემავალნი იგი ნათელსა ხედვიდენ. 17. რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს. 18. იხილეთ უკუე, ვითარ-ეგე ისმენთ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას.

აქ სხვა სწავლება დაიწყო, ვინაიდან იგი მიმართავს მოწაფეებს და ამას ამბობს მათი დამოძღვრის მიზნით, რათა იყვნენ გულმოდგინენი ცხოვრებაში და დაუღალავი მოღვაწენი, რამდენადაც ყველანი მათ მიაპყრობენ მზერას. ვინაიდან ყველა მას უცქერის, ვინც მოძღვრავს და ქადაგებს, ყველა მას აკვირდება, კარგია ის, თუ პირიქით, და ვერაფერს თავისას ის ვერ დამალავს. ამრიგად, თუკი თქვენ, მოწაფეებო, ყურადღებიანნი და გულმოდგინენი იქნებით, ღმერთი თქვენზე დიდ მადლს მოიღებს. ხოლო ვისაც არ აღმოაჩნდება გულმოდგინება და ყურადღება, ის თავისი დაუდევრობით, ჩაკლავს და დაღუპავს ღმერთის იმ ნიჭსაც, რომელიც, როგორც ჩანს, მიაჩნია მას.

19. მოვიდეს მისა დედაჲ და ძმანი მისნი, და ვერ ეძლო შემთხუევად მისა ერისა მისგან. 20. უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაჲ შენი ჰნებავს. 21. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ისმინონ და ყონ იგი.

აქედან ჩანს, რომ ქრისტე თავის ხორციელ ნათესავებთან ერთად კი არ იყო, არამედ ისინი მივიდნენ მასთან, ვინაიდან, დაუტევა რა ისინი, იგი სულიერი სწავლებითაა დაკავებული. ასევე, ყოველმა, რომელსაც ღმრთის მსახურება აქვს ჩაბარებული, არაფერი უნდა ამჯობინოს მას; არამედ მშობლებიც კი უნდა დაუტევოთ, თუკი ისინი უსარგებლოდ და ტყუილუბრალოდ გვაბრკოლებენ საღმრთო საქმიდან, ისევე როგორც უფალი იქცევა აქ, როდესაც ზოგიერთნი ეუბნებიან მას მისი ნათესავების შესახებ. იგი არ აქცევს ძმის წოდებას მცირედთა კუთვნილებად და იოსების ძეებს არ მიაკუთვნებს იმ პატივს, თითქოსდა მხოლოდ ისინი არიან მისი ძმები. არამედ, რამდენადაც იგი მოვიდა მთელი მსოფლიოს გადასარჩენად და იმისათვის, რათა ყველანი ძმებად ვექციეთ, ამბობს: დედა ჩემი და ძმები ჩემი ისინი არიან, ვინც ღმრთის სიტყვას ისმენენ; შემდეგ, ვინაიდან მხოლოდ მოსმენა ვერავის აცხოვნებს, არამედ მხოლოდ სასჯელს მოაწევს მასზედ, იგი ამბობს: და ასრულებენ მას. ვინაიდან უნდა ისმინო კიდეც და ამასთან შეასრულო. ღმრთის სიტყვას თავის მოძღვრებას უწოდებს, ვინაიდან რაც არ უნდა ეთქვა მას, ყველაფერი მის მამას ეკუთვნოდა. ვინაიდან იგი არ იყო წინააღმდგომი ღმრთისა, რომ მისი სიტყვა ღმრთისა არ ყოფილიყო. ზოგიერთნი ამ ადგილს ასე იგებენ: რადგანაც ქრისტე ასწავლიდა და დიდებაში იყო თავისი მოძღვრების გამო, ამიტომ ზოგიერთნი, შურით ანთებულნი, თითქოსდა მის დასაცინად, ამბობდნენ: აი, დედა შენი და ძმანი შენნი, გარეთ დგანან და შენი ხილვა სურთ. რამდენადაც დედამისი ღარიბი იყო და მისი ძმები არ იყვნენ დიდებული წარმოშობისანი, როგორც დურგლის შვილები, ამიტომ ისინი, იმისათვის, რომ შეერცხვინათ იგი, როგორც არა კეთილშობილი, უთითებდნენ კიდევ მას დედასა და ძმებზე. მაგრამ მან იცოდა რა მათი ზრახვები, თქვა: ნათესავთა სიღარიბე სრულიადაც არ მვნებს მე: პირიქით, თუკი ვინმე არის კიდეც ღარიბი, მაგრამ ღმრთის სიტყვას ისმენს, მას მე ჩემს ნათესავად ვაქცევ.

22. და იყო ერთსა შინა დღესა თავადი შევიდა ნავსა, და მოწაფენი მისნი მის თანა, და ჰრქუა მათ: განვიდეთ წიაღკერძო ტბასა მას; და აღვიდეს. 23. და მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი ნავითა, მიეძინა. და გარდამოჴდა არმური ქარისაჲ ტბასა მას ზედა, და აღივსებოდა ნავი იგი, და იურვოდეს. 24. და მოვიდეს და განაღჳძეს და ეტყოდეს: მოძღუარ, მოძღუარ, წარვწყმდებით. ხოლო თავადი აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ღელვასა წყალთასა; და დასცხრეს, და იყო დაყუდებაჲ დიდი. 25. და ჰრქუა მათ: სადა არს სარწმუნოებაჲ თქუენი? ხოლო მათ შეეშინა და დაუკჳრდა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქართაცა უბრძანებს და წყალთა, და ერჩიან მას?

უფალი იძინებს განსაკუთრებული განზრახვით, კერძოდ: რათა სავარჯიშო მისცეს მოწაფეებს და გამოსცადოს, თუ როგორია მათი რწმენა, დარჩებიან თუ არა ისინი აუმღვრეველნი საცდურთაგან. აღმოჩნდება, რომ ისინი სუსტნი არიან. ისინი ავლენენ არა სრულყოფილ რწმენას, არამედ შერეულს ურწმუნოებასთან. ვინაიდან სწამთ, რომ მას შეუძლია ისხნას, მაგრამ როგორც მცირედმორწმუნენი ამბობენ: გვიხსენი! ვიღუპებით. მათ რომ სრულყოფილი რწმენა ჰქონოდათ, სავსებით დარწმუნებულნი იქნებოდნენ, რომ მათთვის შეუძლებელიც კია დაიღუპონ მაშინ, როდესაც მათ გვერდით ყოვლისშემძლეა. „თავადი აღდგა და შერისხა ქარსა“. მისი ძლიერება რომ უფრო აშკარა ყოფილიყო, მან დაუშვა ისინი შემცბარიყვნენ. ვინაიდან ჩვენ, ადამიანებს, ჩვეულებრივ უფრო მეტად გვახსოვს ის მხსნელი, რომელმაც გვიხსნა ჩვენ დიდი საფრთხისაგან. ამიტომაც აღდგა და იხსნა ისინი არა თავიდანვე, არამედ როდესაც საფრთხის ზღვარზე იდგნენ. შეგიძლია გადატანითი მნიშვენლობაც დაინახო. არსებული მოვლენა არის სახე იმისა, რაც მოწაფეებს შემდგომში დაემართათ. ტბა წარმოადგენს იუდეას, რომელსაც თავს ქრისტეს წინააღმდეგ მძვინვარების ძლიერი ქარიშხალი დაატყდა, რომლითაც მძვინვარებდნენ იუდეველნი უფლის ჯვარცმისას. მოწაფეებიც შეცბნენ, ვინაიდან ყველამ დაუტევა იგი და გაიქცა, მაგრამ უფალმა განიღვიძა ძილისაგან, ანუ აღსდგა და მოწაფენი კვლავ დამშვიდნენ. ვინაიდან წარსდგა რა მათ წინაშე, მან თქვა: „მშვიდობა თქუენ თანა“ (იოანე; 20, 19). ასეთია ამ ადგილის გადატანითი მნიშვნელობა. „ვინმე არს ესე?“ ამას ისინი ეჭვის გრძნობით კი არ ამბობენ, არამედ გაკვირვების. ისინი თითქოსდა ამგვარად ამბობენ: „ვინ არს ეს“, ანუ როგორი დიადი და საკვირველია იგი და რომელი ხელმწიფებითა და ძალით იქმს ამას?

26. და განვიდეს სოფელსა მას გადარინელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა. 27. და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისასა, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა. 28. და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღატ-ყო და შეუვრდა ფერჴთა მისთა და ჴმითა დიდითა იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე. 29. რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალ-გზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭჳთა და საკრველითა და სცვედ, და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა. 30. ჰკითხა მას იესუ: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა. 31. და ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასლვაჲ. 32. და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ მრავალი, მძოვარი მთასა ზედა; და ევედრებოდეს მას, რაჲთა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაჲ. და თავადმან უბრძანა მათ. 33. და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიიმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ტბად და დაიშთვნეს.

ნახე! ეშმაკი შეპყრობილი ორი ბოროტი ვნებით: კადნიერებით და შიშით. ვინაიდან სიტყვები: „რაჲ ძეს ჩემი და შენი“, დამახასიათებელია კადნიერი და უსირცხვილო მონისათვის, ხოლო „გევედრები“ - მშიშარისათვის. ის ცხოვრობს სამარხებში იმ მიზნით, რათა ადამიანებს ჩაუნერგოს მაცდური აზრი, რომ გარდაცვლილთა სულები ეშმაკები ხდებიან. არაწმიდა სულები ითხოვენ, რათა მათ არ ებრძანოთ უფსკრულში დანთქმა, არამედ ნება დართონ კიდევ იცხოვრონ მიწაზე. უფალი მიწაზე ცხოვრების ნებას რთავს მათ, რათა მათ, თავს ესხმიან რა ადამიანებს, უფრო დიდებით მოსილნი გახადონ ისინი. ვინაიდან, რომ არ ყოფილიყვნენ წინააღმდგომნი, ღვაწლიც არ ექნებოდა, ხოლო თუკი არ იქნებოდა ღვაწლი, არც გვირგვინი იქნებოდა. იცოდე უფრო გადატანითი მნიშვნელობაც. ვისაც თავისში ეშმაკები ჰყავს, ანუ საეშმაკო საქმეები, იგი არ იცვამს შესამოსელს, ანუ არ გააჩნია ნათლობის სამოსი და არ ცხოვრობს სახლში, ანუ ეკლესიაში, ვინაიდან არ არის ღირსი ეკლესიაში შესვლისა; არამედ ცხოვრობს სამარხებში, ანუ მკვდარი საქმეების საუფლოში, მაგალითად, უსარგებლო სახლებში, საბაჟოებში, ვინაიდან ასეთი სახლები არსებითად ბოროტების სამკვიდროა.

34. ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. 35. და გამოვიდეს ხილვად, რომელი-იგი იქმნა, და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერჴთა თანა იესუჲსთა, და შეეშინა. 36. რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხოვნდა ეშმაკეული. 37. და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისაჲ მის გადარინელთაჲსაჲ, რაჲთა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე. 38. ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, რაჲთა იყოს მის თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა: 39. მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რაჲ-იგი ყო მისთჳს იესუ.

მწყემსების გაქცევა გადარინელთათვის ცხონების საბაბი იყო, მაგრამ მათ ვერ გულისხმაყვეს. მათ მართებდათ გაოცებულიყვნენ, მაცხოვრის სიძლიერით და ერწმუნათ მისი, ისინი კი, ნათვქამია, სთხოვდნენ, ანუ ევედრებოდნენ იესოს წასულიყო მათგან. ვინაიდან ეშინოდათ, რათა კიდევ რაიმე სხვა დანაკლისი არ განეცადათ, მსგავსად იმისა, როგორც ღორები დაკარგეს. მაგრამ იგი, ვინც კურნება მიიღო, წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას განკურნებისა. იგი იმდენად გაჯანსაღდა გონებით, რომ შეიცნო იესო და სთხოვა მას მასთან ყოფილიყო. როგორც ჩანს, ეშინოდა, რომ იესოსგან მოშორების შემთხვევაში, კვლავ ეშმაკთა ხელმწიფების ქვეშ არ აღმოჩენილიყო. მაგრამ უფალი უჩვენებს რა მას, რომ იგი იესოსთან არ ყოფნის შემთხვევაშიც, არამედ მისი მადლის საფარველ ქვეშ მყოფი შეიძლება ეშმაკის მანქანებაზე მაღლა იდგეს, ეუბნება მას: „მოიქეც სახით შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერმან“. არ უთქვამს: „რაოდენი გიყავი შენ მე“. რათა ჩვენ გვიჩვენოს მაგალითი სიმდაბლისა, რათა ჩვენი ყველა კეთილად დასრულებული საქმე, ღმერთს მივაკუთვნოთ. მაგრამ განკურნებული იმდენად კეთილგონიერი იყო, რომ ქადაგებდა, რა უყო იესომ. თუმცა უფალმა ამცნო მოეთხრო იმის შესახებ, თუ რა იყო მას „ღმერთმა“, იგი კი უამბობს იმის შესახებ, თუ რა უყო მას „იესომ“. ასევე ჩვენც, როდესაც სიკეთეს გავაკეთებთ, არ უნდა ვისურვოთ ქადაგება მის შესახებ. მან კი, ვისაც სიკეთე უყვეს, უნდა ამცნოს მის შესახებ, თუნდაც ჩვენ არ გვსურდეს ეს.

40. და იყო მიქცევასა მას იესუჲსსა მუნვე შეიწყნარა იგი ერმან მან, რამეთუ ყოველნივე მოელოდეს მას. 41. და აჰა ესერა მოვიდა კაცი, და სახელი მისი იაიროს, და ესე მთავარი იყო შესაკრებელისაჲ; და დავარდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ევედრებოდა მას, რაჲთა შევიდეს სახლსა მისსა. 42. რამეთუ ასული მარტოჲ ესუა მას, რომელი იყო ათორმეტის წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა. 43. და იყო ვინმე დედაკაცი წყაროჲთა სისხლისაჲთა ათორმეტით წლითგან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა, და ვერვის განეკურნა. 44. და მოვიდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეყსეულად დასცხრა წყაროჲ იგი სისხლისა მისისაჲ.

იესო ის იყო დაბრუნდა გადარინელთა ქვეყნიდან, რომ ხალხი უკვე ელოდა მას, ნაწილობრივ სწავლების ნაწილობრივ კი სასწაულთა გამო. მოვიდა მასთან ერთი შესაკრებლის მთავარიც, არა ღარიბი, არა განდევნილი, არამედ ერთ-ერთი პირველთაგანი. მახარებელი ურთავს მის სახელსაც, რათა ამით კიდევ უფრო ცხადი გახადოს, რომ სასწაული ჭეშმარიტია. მწვავე საჭიროებისდა გამო იგი ემხობა იესოს ფერხთით. მართალია იგი მწვავე საჭიროების გარეშეც უნდა დამხობილიყო იესოს წინაშე და ეღიარებინა იგი ჭეშმარიტ ღმერთად, თუმცა ხდება ისეც, რომ მწუხარება აღძრავს ადამიანებს აირჩიონ უკეთესი. სწორედ ამიტომ თქვა დავითმაც: „ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა; ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახლნეს“ (ფსლა. 31,9). გზად მიმავალ უფალთან მიდის დედაკაცი, რომელსაც საკმაოდ ძლიერი რწმენა ამოძრავებს. მივიდა რა, იგი კიდეს შეეხო უფლის სამოსლისა დარწმუნებულმა, რომ როგორც კი შეეხება, მაშინვე განიკურნება კიდეც. „და მეყსეულად დასცხრა წყაროჲ იგი, სისხლისა მისისაჲ“. ისევე როგორც, თუკი ვინმე მზერას მბრწყინავი სინათლისკენ მიაქცევს, ანდა ფიჩხს ცეცხლთან მიიტანს, ისინი (სინათლე და ცეცხლი) მაშინვე ავლენენ თავიანთ მოქმედებას, ასევე დედაკაცმაც, შესწირა რა რწმენა განკურნების შემძლეს, მეყსეულად მიიღო კურნება. ვინაიდან იგი არაფერზე არ ფიქრობდა, არც ავადმყოფობის ხანგრძლივობაზე, არც მკურნალთა უიმედობაზე, არც არაფერ სხვაზე, არამედ მხოლოდ სწამდა - და გადარჩა. და როგორც ჩანს, იგი თავდაპირველად ფიქრით შეეხო იესოს და შემდეგ უკვე ხორცით.

45. და თქუა იესუ: ვინ შემახო მე? და ვითარცა უვარ-ჰყოფდეს ყოველნი, ჰრქუა პეტრე და მისთანათა: მოძღუარ, ერნი გარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე? 46. ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან. 47. და იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათჳს შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა. 48. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით!

უფალს სურდა რა ეჩვენებინა ყველასათვის სარწმუნოება დედაკაცისა, რათა მიებაძათ მისთვის და იაროსს ჩასახვოდა კეთილი რწმენა მისი ქალიშვილის განკურნებისა, სააშკარაოზე გამოაქვს ის, რაც საიდუმლოდ აღესრულა. კერძოდ: იგი კითხულობს, თუ ვინ შეეხო მას, მაგრამ პეტრე, როგორც თამამი, საყვედურობს რა მას ასეთი კითხვისათვის, ამბობს: ამდენი ხალხი გავიწროვებს, შენ კი ამბობ „ვინ შემახო მე?“ თავად კი არ ესმოდა, თუ რა იკითხა უფალმა. ვინაიდან იესომ იკითხა: ვინ შემეხო მე რწმენით და არა ისე, უბრალოდ. ვინაიდან, როგორც ყველას აქვს ყურები რათა გაიგონოს, და მიუხედავად ამისა, ზოგიერთებს აქვს რა ყურები, არ ესმის, ასევე ამ შემთხვევაშიც, ზოგიერთი რწმენით ეხება, სხვა კი თუმცა უახლოვდება, მაგრამ მისი გული შორს რჩება. ამრიგად, უფალი, თუმცა კი სცნობდა დედაკაცს, მაგრამ მაინც ეკითხება იმისათვის, რომ როგორც ვთქვი, მისი სარწმუნოებაც განადიდოს და შესაკრებლის მთავარიც უფრო მეტად დააიმედოს, ეკითხება და ამრიგად, დედაკაცს შუა ადგილას აყენებს. „მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან“. სამართლიანად ამბობს, ვინაიდან წინასწარმეტყველებს არ ჰქონდათ ძალა, მათგან გამომავალი: ისინი სასწაულებს ღმრთის მადლით აღასრულებდნენ. იესო კი, არის რა წყარო ყოველგვარი სიკეთისა და ყოველგვარი ძალისა, აქვს ძალაც მისგან გამომავალი. ქრისტე ორმაგად კურნავს დედაკაცს: ჯერ ერთი განკურნა მისი სნეულება, შემდეგ კი დაამშვიდა სულიერი ძრწოლისაგან, უთხრა რა: „ნუ გეშინინ, ასულო!“

49. და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელის-მთვარისაჲ მის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა. 50. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი. 51. და ვითარცა მოვიდა იესუ სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე და მამაჲ და დედაჲ მის ყრმისაჲ. 52. სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს. 53. ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო. 54. და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჴმა-უყო: ყრმაო, აღდეგ! 55. და მოიქცა სული მისი, და მეყსეულად აღდგა. და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი. 56. და განუკჳრდებოდა მამა-დედათა მისთა. ხოლო თავადმან ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი.

იესომ გაიგონა რა, რომ ვიღაცამ უთხრა შესაკრებლის მთავარს: ნუღარ აწუხებ მოძღვარს, ანუ ნუ აწუხებ, ნუ სთხოვ წამოვიდეს, - არ მისცა შესაკრებლის მთვარას, რაიმე ეთქვა მისთვის, არამედ დაასწრო მას, რათა არ ეთქვა, მე აღარ ვსაჭიროებ შენს დახმარებას. უბედურება უკვე მოხდა; ის, ვისზეც ვიმედოვნებდით, რომ განკურნავდი, გარდაიცვალა. ამრიგად, მას რომ არ ეთქვა რაიმე ასეთი (ვინაიდან იგი ურწმუნო იუდეველი იყო), ქრისტემ დაასწრო მას და თქვა: „ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ“. ეუბნება შეხედეო სისხლმდინარეს; მიბაძე მას და შენ არ შეცდები. უფალი მასთან ერთად წასვლის ნებას მხოლოდ პეტრეს, იოანეს და იაკობს რთავს, როგორც გამორჩეულთ მოწაფეთაგან და როგორც შემძლებელთ დაიდუმონ სასწაულის შესახებ, ვინაიდან მას არ სურდა, რომ იგი დროზე ადრე გამხდარიყო ცნობილი მრავალთათვის. იგი მის მიერ აღსრულებულ სასწაულთა უმეტეს ნაწილს, შესაძლოა, იუდეველთა შურის გამო მალავდა, რათა შურით ანთებულნი, სასჯელის ღირსნი არ შექმნილიყვნენ. ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც.

თუკი ვინმეს შურს ჩვენი, ჩვენ არ უნდა წარმოვადგინოთ მის წინაშე ჩვენი სრულქმნილებანი, რათა გავაოგნოთ რა მათით, კიდევ უფრო მეტი შური არ გამოვიწვიოთ მასში და ცოდვაში არ ჩავაგდოთ, არამედ, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვეცადოთ დავფაროთ ისინი მისგან. როდესაც უფალმა თქვა, რომ ასული „არ მომკვდარა, არამედ სძინავს“ და სიკვდილს ძილი უწოდა, ვინაიდან აპირებდა აღედგინა გარდაცვლილი ისე თითქოს ძილისაგან გამოეფხიზლებინა. ამის გამგონეთ დაცინვა დაუწყეს მას, რაც მან იმისათვის დაუშვა, რომ სასწაული უმეტეს სასწაულად ქცეულიყო, რათა შემდგომში არ შესძლებოდათ თქმა, თითქოს ასული არ მომკვდარა, არამედ ეძინა. ამიტომაც მოაწყო მან ასე, რათა ჯერ დაეცინათ სიტყვებისათვის: „არ მომკვდარა, არამედ სძინავს“, რომ გაეჩუმებინა მისი ცილისწამების მსურველნი, ვინაიდან ქალიშვილის სიკვდილი იმდენად აშკარა იყო, რომ დასცინეს მას, როდესაც უფალმა თქვა, არ მომკვდარაო. უფალმა ყველანი გარეთ გამოაძევა, შესაძლოა, იმის გამო, რომ ჩვენთვის ესწავლებინა არ ვიყოთ დიდებისმოყვარენი და არაფერი გავაკეთოთ სხვების დასანახად, ხოლო, შესაძლოა იმის გამოც, რათა ჩაენერგა, რომ ის ვინც სასწაული უნდა აღასრულოს, მრავალთა გარემოცვაში კი არ უნდა იმყოფებოდეს, არამედ განმარტოებით და თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი შეშფოთებისაგან სხვათა მხრიდან. „და მოიქცა სული ყრმისა“. ვინაიდან უფალმა ახალი სული კი არ შთაბერა, არამედ უბრძანა მოქცეულიყო იმას, რომელმაც დატოვა სხეული, უბრძანა მისთვის მიეცათ საჭმელი მეტი სარწმუნოებისთვის და დასამტკიცებლად იმისა, რომ იგი მართლაც აღსდგა. ეს შესაძლოა ასეც გავიგოთ. სისხლმდინარე არის ყოველი სული, რომელშიც დუღს და თითქოსდა მოსჩქეფს სისხლიანი და მომაკვდინებელი ცოდვა. ვინაიდან ყოველი ცოდვა არის მკვლელი და მომწყვლელი სულისა. თუკი სული იესოს სამოსს შეეხება, ანუ ხორცშესხმას მისას და ირწმუნებს, რომ ძე ღმრთისა განხორციელდა, მაშინ გამოჯანმრთელდება. თუკი ვინმე, შესაკრებლის მთავარია, ანუ გონება ამაღლებული ვერცხლისმოყვარეობით შეგროვებულ სიმდიდრეზე, მაგრამ ასული მისი, ანუ გულისთქმა, დაავადდა, დაე მხოლოდ მოუწოდოს იესოს და ირწმუნოს მისი - და გადარჩება.

 

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21 თავი 22 თავი 23 თავი 24