ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
იოანეს სახარების განმარტება

 

იოანე მახარებლის ცხოვრება სოფრონის მიხედვით

 

იესოს საყვარელმა მოწაფემ, იოანემ ზებედეს ძემ, იაკობის ძმამ, რომელსაც შემდგომ, ჰეროდემ თავი მოჰკვეთა (საქმე წმიდა მოციქულთა 12:1-2), უკანასკნელმა, დაწერა სახარება ასიელი ეპისკოპოსების თხოვნით, კერინფოსისა და სხვა მწვალებლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი იმ დროს აღმოცენებული ე.წ. ებიონიტების მწვალებლობის საწინააღმდეგოდ, რომლებიც უქმად მეტყველებდნენ იმაზე, თითქოს ქრისტე არ არსებობდა იქამდე, სანამ ყოვლადწმიდა მარიამი არ შობდა მას. ამან შთააგონა იოანეს, დაეწერა ქრისტეს ღვთაებრივი შობის შესახებ.


ამბობენ, ასევე, იოანეს მიერ სახარების დაწერის სხვა მიზეზსაც: სახელდობრ, როცა იოანემ წაიკითხა მათეს, მარკოზის და ლუკას მიერ დაწერილი სახარება, მან მოიწონა მათი თხრობის თანამიმდევრობა და დაამოწმა იქ აღწერილი ამბების ჭეშმარიტება, მაგრამ აღნიშნა ისიც, რომ მათ (მახარებლებმა – მთარგმ.) შეადგინეს ქრისტეს ტანჯვის მხოლოდ ერთი წლის ისტორია იმ დროიდან, როცა იოანე საპყრობილეში იმყოფებოდა. ამიტომ, ის წელიწადი, რომელიც აღწერა სამმა მახარებელმა, იოანემ გამოტოვა, ხოლო მან აღწერა იმ პერიოდის ისტორია, როდესაც იოანე ნათლისმცემელი ჯერ არ იმყოფებოდა საპყრობილეში. ეს ადვილად შესამჩნევი იქნება მათთვის, ვინც ყურადღებით წაიკითხავს ოთხივე სახარებას. ამითვე აიხსნება, ვგონებთ, იოანეს „უთანხმოება“ სახარების სხვა მქადაგებლებთან.


იოანემ, ასევე დაწერა ერთი ეპისტოლე, რომელიც იწყება შემდეგი სიტყვებით: „მასზედ, რომელი იყო პირველითგან...“ ეს ეპისტოლე (I ეპ. – მთარგ.), ეკლესიის ყველა მასწავლებლის და განათლებული ადამიანების მიერ აღიარებულია ჭეშმარიტ ტექსტად; ხოლო, მომდევნო ორი კი, რომელთაგან, პირველი (ანუ, რიგით II ეპისტ. – მთ.) იწყება სიტყვებით: „მოხუცებული – რჩეულსა დედოფალსა...“, ხოლო მეორე კი შემდეგი სიტყვებით: „მოხუცებული – გაიოზს საყვარელსა..“ ამ ორ ეპოსტოლეს მიაწერდნენ იოანე ხუცესს, რომლის ძეგლიც დღემდე არსებობს ეფესოში. ზოგიერთნი კი ფიქრობენ, რომ ორივე ძეგლი დადგმულია იოანე მახარებლის საპატივსაცემოდ. ამას ჩვენ განვმარტავთ, როცა რიგის მიხედვით მივალთ მის მსმენელამდე პაპიოსამდე.


დომიციანეს მეფობის მეთოთხმეტე წელს, რომელიც იყო ნერონის მეფობის შემდგომ, მოხდა ქრისტიანების მეორე დევნა. ამ დევნის დროს იოანე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული კუნძულ პატმოსზე, სადაც დაწერა აპოკალიფსი (ანუ გამოცხადება), რომელიც ნაწილობრივ განმარტეს მოწამე იუსტინემ და ირინეიმ. დომიციანეს მკვლელობის შემდგომ, სენატმა გააუქმა მისი სასტიკი ბრძანებულებები და იოანე. უკვე ნერვეს მეფობისას დაბრუნდა ეფესოში და ცხოვრობდა აქ ტრაიანეს მეფობამდე. ამ დროისთვის მან დააფუძნა და კეთილმოაწყო ასიის ყველა ეკლესია. უფლის ჯვარცმიდან 68-ე წელს, იოანე. ღრმად მოხუცებულ ასაკში, გარდაიცვალა და ღირს იქმნა დაკრძალულიყო ზემოთ ხსენებული ქალაქის შორიახლოს.

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21