ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
იოანეს სახარების განმარტება

 

თავი ოცდამეერთე

 

1. ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი იესუ მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა. ხოლო გამოუცხადა ესრეთ: 2. იყვნეს ზოგად სიმონ-პეტრე და თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, და ნათანაელ, რომელი იყო კანაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთაგანნი ორნი. 3. ჰრქუა მათ სიმონ-პეტრე: წარვიდე სათხევლობად. ჰრქუეს მას: მოვიდეთ ჩუენცა შენ თანა. განვიდეს და შევიდეს ნავსა. და მას ღამესა არარაჲ იპყრეს. 4. და ვითარცა განთენდებოდა, დგა იესუ კიდესა ზედა, და არა უწყოდეს მოწაფეთა, ვითარმედ უფალი არს. 5. ჰრქუა მათ იესუ: ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაჲა? მიუგეს და ჰრქუეს: არა. 6. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სდევით ბადე ეგე მარჯუენით კერძო ნავისა მაგის და ჰპოოთ. ხოლო მათ სდევს ბადე იგი და ვერღარა ეძლო გამოთრევად სიმრავლისა მისგან თევზთაჲსა. 7. ჰრქუა პეტრეს მოწაფემან მან, რომელი უყუარდა იესუს, ვითარმედ: უფალი არს. ხოლო სიმონ-პეტრეს ვითარცა ესმა, ვითარმედ უფალი არს, მოირტყა შესამოსელი თჳსი, რამეთუ შიშუელი იყო, და შთაიგდო თავი თჳსი ზღუად. 8. ხოლო სხუანი მოწაფენი ნავითა მოვიდოდეს, რამეთუ არა შორს იყვნეს ქუეყანისაგან, არამედ ორას წყრთა ოდენ, და გამოითრევდეს ბადესა მას თევზითა სავსესა.

შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე გამოეცხადა მათ: ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა, ტყუპისცალად წოდებული, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე. უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: სათევზაოდ მივდივარ. მიუგეს: ჩვენც წამოგყვებით. წავიდნენ და ნავში ჩასხდნენ, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესო; მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო. უთხრა მათ იესომ: შვილებო, რამე საჭმელი თუ გაქვთ? მიუგეს: არა. და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს, თევზის სიმრავლის გამო. ხოლო მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, პეტრეს უთხრა: ეს უფალია! სიმონ-პეტრემ კი, როცა გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი შემოიხვია, რადგანაც შიშველი იყო, და ზღვაში გადახტა. დანარჩენი მოწაფეები კი ნავით გამოვიდნენ, რადგანაც ახლოს იყვენენ ნაპირთან, ასე, ორასი წყრთის მანძილზე, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე.

მახარებელი ამბობს: „გამოეცხადა იესო” თავის მოწაფეებს აღდგომის შემდეგ „ტიბერიადის ზღვაზე. პირველი წინადადებით წმ. იოანეს სურს გამოხატოს ის აზრი, რომ უფალმა თავის მოწყალებით, თვითონ ინება დანახვებოდა (გამოცხადებოდა) თავის მოწაფეებს, რადგანაც უფალს, რომელსაც უხრწნელი სხეული ჰქონდა აღდგომის შემდეგ, ადამიანები ვერ დაინახავდნენ!
რისთვის მიუთითებს მახარებელი იესოს გამოცხადების ადგილს? – „ტიბერიადის ზღვას?“, რომელიც გალილეაში იყო და იერუსალიმიდან მოშორებით მდებარეობდა? ამას იმისთვის ამბობს, რომ მიგვითითებს, რომ მოწაფეები სახლში აღარ იყვნენ ჩაკეტილები იუდეველთა შიშით, მათ სძლიეს ამ დიდ შიშს და ყველგან დადიოდნენ უშიშრად.
მოწაფეებმა გადაწყვიტეს დაკავებულიყვნენ თევზის ჭერით. თვითონ იესო მათთან არ იყო მუდმივად, წმიდა სული მათ მოწაფეებს ჯერ არ ჰქონდათ მიცემული უფლისგან და ამის გამო მასწავლებლობას (სულთა ცხოვნების საქმე) ჯერ არ შედგომილიყვნენ.
როცა უფალი გამოეცხადა მათ, თავიდან, თავისი იქ მყოფობა ჯერ არ გაამჟღავნა; იესომ დაინახა, რომ ისინი შრომით, თევზის ჭერით, დაღლილები იყვნენ. იგი მიმართავს მათ, თითქოს რაღაცის (რაიმეს) ყიდვა სურდეს (უნდოდეს): „შვილებო, საჭმელი თუ გაქვთ რამე?“ მათ უპასუხეს, რომ არაფერი არა აქვთ, რადგან იმ ღამეს ვერაფერი ვერ დაიჭირეს (თევზი).
იესო მათ უბრძანებს, რომ თევზის საჭერი ბადეები გადააგდონ ნავის მარჯვენა მხარეს. ისინი უჯერებენ მას და იმდენი თევზი მოჰყვება მათ ბადეებში, რომ გაუჭირდებათ ნავზე ამოტანა.
მაშინ იმ მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, უთხრა პეტრეს: „უფალია!“
აქ ჩვენ ვხედავთ ქრისტეს მოწაფეების განსაკუთრებულ თვისებას: წმ. იოანე (ღვთისმეტყველი) უფრო მახვილგონიერი იყო, ხოლო პეტრე კი – უფრო გულმხურვალე, ამიტომ, იოანემ პირველმა შეიცნო უფალი, ხოლო პეტრე – პირველი წავიდა მისკენ!
როცა პეტრემ სამოსი ჩაიცვა ტანზე, ამით გამოიჩინა პატივისცემა უფლის მიმართ, ხოლო ზღვაში ჩახტომით კი გამოხატა თავისი სიყვარული იესოს მიმართ.
პეტრეს სამოსი იყო სელისგან მოქსოვილი, ასეთ სამოსს მაშინ იცვამდნენ სირიელი ან ფინიკიელი მეთევზეები ან ტანსაცმელზე ზემოდან, ან შიშველ სხეულზე. რადგანაც პეტრე, რომელიც თევზს იჭერდა, იყო შიშველი, როცა გაიგოს რომ უფალი მის გვერდით იყო, შერცხვა და მისი პატივისცემით სელის ტანსაცმელი ჩაიცვა და თვითონ პირველმა, ცურვით გასწია ქრისტესკენ.

9. და ვითარცა გამოჴდეს ქუეყანად, იხილეს ნაკუერცხალი მდებარე და თევზი მას ზედა და პური. 10. ჰრქუა მათ იესუ: მოიღეთ თევზთა მათგანი, რომელი იპყართ. 11. აღვიდა სიმონ-პეტრეცა და გამოითრევდა ბადესა მას ქუეყანად, სავსესა დიდ-დიდითა თევზითა, რომელი იყო ას ერგასის და სამ. ესოდენ იყო, და არა განსთქდა ბადე იგი. 12. ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და ისადილენით. და არავინ მოწაფეთაგანმან კითხვად მისა, ვითარმედ: შენ ვინ ხარ? იცოდეს ყოველთა, რამეთუ უფალი არს. 13. მოვიდა იესუ და მოიღო პური იგი და მისცა მათ, და თევზი იგი ეგრეთვე. 14. ესე სამ-გზის გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით.

ნაპირზე გამოსულებმა დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი, და პური. უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ. წავიდა სიმონ-პეტრე და ნაპირზე გამოათრია ბადე. ას ორმოცდაცამეტი დიდრონი თევზით სავსე; და თუმცა ამდენი იყო, მაინც არ გაიხა ბადე. უთხრა მათ იესომ: მოდით, ისაუზმეთ. ხოლო მოწაფეთაგან ვერავინ გაბედა ეკითხა მისთვის, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. მოვიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ; ასევე თევზიც. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა.

ნაკვერცხალი, თევზი და პური, რომელიც მოწაფეებმა იხილეს, უფლის სასწაულად უნდა ჩაითვალოს. იესო ეუბნება მათ: „მოდით, ისაუზმეთ“. ვერავინ ვერ ბედავს შეკითხვას: ვინ ხარ? რადგან იციან, რომ იგი – უფალია!
მდუმარებით და შიშით ისინი შეჰყურებენ იესოს გარეგნულ შეხედულებას, რომელიც ძლიერ შეიცვალა საღვთო (საუფლო) დიდებულებით. ამით მოწაფეები ძალიან გაკვირვებულები არიან. ისინი უფალს ძველებურად შეკითხვებს აღარ უსვამენ, არამედ მხოლოდ იმას ჭამენ, რაც უფალმა მისცა.
რა მისცა და როგორ შექმნა იესომ? თავისი სრული ძალაუფლებით.
უფალი აღარ იყურება ზეცისკენ და თავის მამას აღარ უხმობს, რადგან ამას აკეთებდა სიბრალულის გამო.
თავის მოწაფეებს უბრძანებს, რათა მოიტანონ დაჭერილი თევზი, რომ ნანახი მოწაფეებს მოჩვენება არ ეგონოთ.
აქ არაა დაწერილი, რომ უფალი ჭამდა მათთან, ხოლო ლუკა კი ამბობს, რომ იესომ ჭამა მოწაფეებთან ერთად (ლუკა 24, 30-43).
როგორ ჭამა უფალმა საჭმელი, ჩვენ ამას ვერ ვხსნით, რადგან მას არ ჭირდებოდა ეს, თუმცა მის მიერ საჭმლის ჭამა საჭირო იყო მოწაფეებისთვის, რათა ისინი საფუძვლიანად დარწმუნებულიყვნენ ქრისტეს აღდგომაში.
მახარებელი ამბობს: „ეს უკვე მესამედ გამოეცხადა“ ქრისტე თავის მოწაფეებს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ უფალი მათთან მუდმივად აღარ იმყოფებოდა, როგორც ადრე.
3 თევზი – ნიშნავს ყოვლადწმიდა სამების მიმართ რწმენას: თევზების რიცხვი – 15, მიანიშნებს ებრაელების (იუდეველების) და წარმართების რიცხვს, რომლებიც წმ. სამების ჭეშმარიტი რწმენით არიან, მოქცეულნი.
ქრისტეს ბრძანება – „მოდით, ისაუზმეთ“, არის მინიშნება იმაზე, რომ წმინდანები თავიანთი ღვაწლის (შრომის) შემდეგ ისვენებდნენ, ნეტარებას ეძლეოდნენ. ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა, იდუმალებით არის მოცული.

15. და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. 16. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 17. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 18. ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს. 19. ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე.

ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო.

როდესაც ყველანი შეიკრიბნენ სადილად (სადილზე), იესო პეტრეს ავალებს მთელი ქვეყნის ცხვრებზე (ადამიანებზე) ზრუნვას (მზრუნველობას); უფალი, პირველ რიგში, ამას იმიტომ ავალებს პეტრეს, რომ იგი გამორჩეული იყო ყველასგან. პეტრე ითვლებოდა ყველა მოციქულის ე.წ. ბაგედ (პირად). ამის შემდგომ, უფალს სურდა ეჩვენებინა პეტრესთვის, რომ მას შეუძლია ჰქონდეს კადნიერება უფლის წინაშე, რადგან მისგან ქრისტეს უარყოფა – ნაპატიებია, მოტევებულია.
მოწყალე უფალი არც საყვედურობს და არც უხსენებს პეტრეს მის უარყოფას, არამედ ეუბნება: მე თუ გიყვარვარ, დამიმტკიცე შენი გულმხურვალე სიყვარული იმით, რომ იზრუნე ძმებზე, სიტყვით რასაც მეუბნებოდი, საქმით დამიმტკიცე.
უფლის 3-ჯერადი (3-გზის) შეკითხვა პეტრეს მიმართ და პეტრეს მიერ 3-ჯერადი აღიარება (აღმსარებლობა) იესოს მიმართ სიყვარულის თაობაზე, ვფიქრობ, ამ გზით იესომ 3 გზის განკურნა და მიუტევა პეტრეს სიტყვით დაცემა, ანუ სიტყვით ქრისტეს უარყოფა. აქედან დაედო საფუძველი – ქრისტეს ნათლობის დროს 3 გზის სარწმუნოების აღმსარებლობას.
პირველი და მეორე შეკითხვის შემდეგ, პეტრე მოწმედ ასახელებს თვით უფალს, როგორც ადამიანთა გულთამხილავს. პეტრე მოციქული უკვე თავისი თავის იმედით აღარაა; იგი, დინჯად, აუჩქარებლად პასუხობს იესოს: „უფალო, შენ იცი“.
ხოლო როცა უფალმა მესამედ შეეკითხა, მოციქული შეშფოთდა და იფიქრა, ნეტა ხომ არ ვცდებიო, მიყვარს კი ნამდვილად უფალიო? იქნებ საქმით არ მიყვარსო? ადრეც ვფიქრობდი, რომ მიყვარდა, მაგრამ საქმეთა მსვლელობამ ეს არ დაამტკიცა. ეხლაც ამის შეეშინდა: „უფალო, შენ ყველაფერი იცი“, აწმყოც და მომავალიც.
შენ იცი, ეუბნება პეტრე, რომ მე ეხლა მიყვარხარ, მე ასე მგონია, მაგრამ შემრჩება თუ არა ეს სიყვარული მომავალში, ეს მე არ ვიცი, ეს მხოლოდ შენ უწყი (შენ იცი).
უფალი პეტრეს უწინასწარმეტყველებს მომავალ სატანჯველებს, რომლის გადატანა და მოთმენა მოუწევს ქრისტეს სიყვარულისათვის მომავალში, როგორ იუწყებს პეტრეს პეტრეს მოწამეობრივ ღვაწლს?
„სანამ იყავ ახალგაზრდა, სარტყელს შემოირტყამდი“ და სხვ. რადგან გიყვარვარ და ბევრჯერ დამპირდი განსაცდელებში ჩემს გამო სული დაგედო, გთხოვ, მშვიდად იყო; მე შეგისრულებ შენს სურვილს: რაც არ გადაგიტანია ახალგაზრდობაში, გადაიტან – სიბერეში.
ამქვეყნიურ საქმეებში გამოსადეგია ახალგაზრდა ადამიანი, ხოლო მოხუცებული – უსარგებლოა; სულიერ საქმეებში კი, პირიქით, ადამიანის ღვაწლი ბრწყინდება – სიბერეში. ამას უფალი ელაპარაკება პეტრეს იმ მიზნით, რომ მისი სული აღანთოს მოწამეობრივი ღვაწლის მიმართ სიყვარულით; იესო მიანიშნებს თავის მოციქულებს, რომ ისიც ჯვარცმული იქნება: „ხელებს გაიწვდი და სხვა შემოგარტყამს სარტყელს“.
უფლის სიტყვები: „სანამ იყავ ახალგაზრდა“ და „ხოლო როდესაც დაბერდები“, გვიჩვენებს (მიგვითითებს), რომ იმ დროს პეტრე არც ახალგაზრდა იყო და არც მოხუცი.
რატომ ეუბნება უფალი პეტრეს: „სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს, სადაც არ გინდა?“
ღმერთმა ისე მოაწყო ჩვენი გარდაცვალების საქმე – ჩვენივე სასარგებლოდ, რომ ჩვენ არ დავიხოცოთ საკუთარი თავები.
მახარებელი გვეუბნება: „ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა პეტრე ღმერთს“. იესო ახვედრებს პეტრეს, რომ მისი სახელისთვის (მისთვის) მას ექნება სატანჯველები.
პეტრე სიკვდილს უწოდებს ღმერთის დიდებას, რადგანაც უფლისთვის სიკვდილამდე ტანჯვა, ჭეშმარიტად არის – ღმერთის დიდება! რამეთუ ადამიანის სული თუ არაა დარწმუნებული სრულად, რომ იესო ქრისტე – ჭეშმარიტი ღმერთია, მაშინ იგი ღმერთისთვის არც მოკვდება! ამიტომაც, წმინდანთა სიკვდილი -–- ღმერთის დიდების დამტკიცებაა (დასაბუთებაა)!
ზოგიერთმა ადამიანმა, შეიძლება განასხვავოს სიტყვები – „კრავები“ და „ცხვრები , ან „აძოვე“ და „მწყემსე“.
ჩვენ ვფიქრობთ, „კრავები“ უნდა ნიშნავდეს დამწყებს, ხოლო – „ცხვრები“ კი უფრო სრულყოფილებს. მაშ, ვისაც ქრისტე უყვარს, მან უნდა იზრუნოს როგორც კრავებზე, ასევე – ცხვრებბეც, უნდა ,„,აძოვოს“ კრავებს, ე.ი. მათ უნდა გაუწიოს უბრალო ზედამხედველობა და „დამწყემსოს” ცხვრები, რაც მანიშნებელია უმაღლესი ხელმძღვანელობის.
რა უნდა მივაგოთ უფალს ჩვენი სიყვარულისთვის, რომელმაც თავის სიყვარულის დასტურად დაადგინა (დააწესა) მის ცხვრებზე (მის მორწმუნეებზე) ზრუნვა?

20. მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ? 21. ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაჲ? 22. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ. 23. და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?

შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?

უფალმა დაავალა პეტრეს ყველა მორწმუნეზე ზრუნვა. თუკი იაკობმა მიიღო იერუსალიმში საკურთხეველი, პეტრემ კი მიიღო – მთელ მსოფლიოში. ამის შემდეგ უფალი ეუბნება პეტრეს: „გამომყევი მე“. ამ სიტყვებით იესო აჩვენებს თავის მოწაფეს, თუ როგორი უდიდესი კეთილგანწყობა აქვს მის მიმართ.
უფლის გაყოლაში აქ იგულისხმა პეტრესგან ყოველი საქმის და სიტყვის შესრულება, ანუ სრული მორჩილება. რამეთუ უფალს ისინი მისდევენ (მიჰყვებიან), ვინც მის ცხოვრებას ფეხდაფეხ მიჰყვება და ვინც ცდილობს უფალს მიჰბაძოს და ყველაფერი გამოასწოროს.
როცა პეტრემ გაიგო უფლისგან, რომ მთელი ქვეყანა მას ჩააბარა და მას მოწამეობრივი ტანჯვა (აღსასრული) ელის, ძლიერი სიყვარულისა გამო იოანეს მიმართ, იესოს ეკითხება: „უფალო, კი მაგრამ, ეს რა?“ ნუთუ იგი არ წამოვა ჩვენ გზით?
უფალმა იცის, რომ პეტრე ზრუნავს იოანეზე და არ სურს მასთან განშორება, იგი ეუბნება პეტრეს: შენ დაგევალა შენი საქმე, შეასრულე იგი და გამომყევი მე: ქადაგებაზე გაკურთხებ, გაბარებ მთელ ქვეყანას.
ხოლო, თუ მე მინდა, რომ იოანე აქ დარჩეს, გალილეაში, და არ მსურს შენთან ერთად გავაგზავნო, შენ რა გინდა მაგისგან? (ან შენ რა გესაქმება?)
უფლის ნათქვამი: „ვიდრე მოვალ“, ადამიანებმა სხვადასხვანაირად გაიგეს.
გთხოვ, აღნიშნე, მახარებლის თავმდაბლობა, თუ როგორ სურს მას გამოასწოროს მრავალთა არასწორი გაგება ამ სიტყვების მიმართ: ზოგი ფიქრობს, რომ უფალმა აქ იგულისხმა ის, რომ იოანე არ მოკვდება.
ეს სწორი არაა; უფალს ეს არ უთქვამს, რომ იგი არ მოკვდება, მან თქვა, რომ იოანე დარჩება პეტრეს შემდგომ, რომ იოანე – პეტრესთან ერთდროულად არ იქადაგებს.
„ვიდრე მოვალ”, ე. ი. ვიდრე მე არ მოვისურვებ მის (იოანეს) გამოყვანას საქადაგებლად.
შენ, ეუბნება მაცხოვარი პეტრეს, ამჟამად (ეხლა) გამომყავხარ საქადაგებლად მთელს ქვეყანაზე, შენ მე მომყევი, ხოლო იოანე კი დარჩეს აქ, სანამ მე მოვალ ისევ და გამოვიყვან, მას, ისევე როგორც შენ.
ზოგნი ამბობენ, რომ იოანე ცოცხალია, როცა ის წმ. ელიასთან ერთად დაიწყებს ქრისტეს ქადაგებას, მას ანტიქრისტე მოკლავს. თუკი ვინმე მიუთითებს მის საფლავზე, იქ რაღაა? იოანე იქ ცოცხალი შევიდა, მაგრამ შემდეგ წარსდგა უფლის წინაშე, როგორც ელია და ენოქი.
მაშ, მახარებელი უარყოფს იმ ადამიანების ცრუ მოსაზრებას, ვინც იფიქრა, რომ იოანე უკვდავია და იგი არ მოკვდება. ეს სიცრუეა, თითქოს ადამიანი უკვდავია. მართალია, ელია და ენოქი (ენუქი) არ მომკვდარან, მაგრამ ისინიც მოკვდავნი არიან. ასევე იოანეც, მართალია, არ მომკვდარა, მაგრამ მოკვდება. ამიტომ სიტყვების - „არ მოკვდება“ ის აზრი, თითქოს იგი უკვდავია, მცდარია. ზოგნი ამტკიცებენ, რომ იგი მოკვდა, მაგრამ უფლის გამოთქმა – „თუკი მნებავს, რომ ეგ იყოს“, ისე ესმით, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ.
ჩვენ გამოვთქვით ყველანაირი აზრი, რათა ცნობისმოყვარეთათვის ყველა ყოფილიყო ცნობილი.
ხოლო პირადად ჩვენი აზრით კი. ეს სიტყვები: „რომ ეგ იყოს, ვიდრე მოვალ”, უმჯობესია ვიფიქროთ ისე, როგორც ყოვლადქებულ წმ. იოანე ოქროპირს ესმოდა: პეტრეს და იოანეს (ღვთისმ.) განშორებას მიანიშნებდა, და არა იოანეს სიცოცხლესთან იყო დაკავშირებული.

24. ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი. 25. და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.

ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.

სხვა მახარებლები (გარდა იოანე ღვთისმეტყველისა), არავინ არ წერდა (არ მოწმობდა) თავის თავზე. ამბობენ, რომ წმ. იოანემ, ყველაზე ბოლოს მოჰკიდა ხელი ამ სახარების დაწერას და ამ საქმეზე მას თვითონ, ქრისტემ მოუწოდა.

ამიტომაც, მახარებელი ხშირად (მუდმივად) ამბობს ქრისტეს სიყვარულის შესახებ მის მიმართ. ეს სიყვარული გახდა მიზები ამ სახარების დაწერის, რადგანაც ქრისტემ ეს საქმე იმას მიანდო (დაავალა), ვინც სხვებზე ძალიან უყვარდა.
და მე ვიცი, წერს თავის თავზე წმ. იოანე, რომ ამ სახარებაში რაც დავწერე, ყოველივე (ყველაფერი) ჭეშმარიტია, რადგანაც მე იქ ვიყავი, რაც აქაა აღწერილი, ყველა საქმეში და ყოველი სიტყვის დროს, უფლის სატანჯველების დროს, ყველა გარემოებაში და მისი აღდგომისას!
ამიტომ თამამად ვლაპარაკობ ჩემს თავზე, რომ მე ჭეშმარიტი ვარ, მე ვიწვევ გამოსაკვლევად, ვისაც აქვს სურვილი, გამოიკვლიოს თვითოეული მოვლენა.
ჩვენ, ცოდვილ ადამიანებს, გვაქვს ჩვეულება, არ გადავთქვათ, არ უარვყოთ ჩვენი საკუთარი მოწმობა ან აზრი, როცა ვართ მის ჭეშმარიტებაში დარწმუნებულნი. ასევე, მოციქულებიც ამბობდნენ: „ჩვენა ვართ ამ სიტყვების მოწმენი, ჩვენ და სული წმიდა, რომელიც მისცა ღმერთმა თავის მორჩილთ“ (მოც. საქმე, 5, 32).
საიდან ჩანს, ამბობს წმ. მახარებელი იოანე, რომ მე ჭეშმარიტებას ვამბობ და არა ჩვენი მასწავლებლის, ქრისტეს სათნოყოფას ვეძებ? იქიდან ჩანს, რომ მე ბევრი რამ გამოვტოვე, არ დავწერე იმის გამო, რომ მისთვის არ მინდოდა სარგებლის მოტანა. მე დავწერე ყველაფერი (გამოვამზეურე), როგორ შეურაცხყოფასაც უფალს აყენებდნენ: მას უწოდებდნენ (მისი მტრები): მატყუარას, უსჯულოს, ეშმაკეულს. ალბათ, მიხვდებით, რომ მე არ ვცდილობდი იესოს სათნოყოფას?
ვისაც უნდა ვინმეს სათნოეყოს, სამარაცხვინო ამბებს გამოტოვებს, არ დაწერს, ხოლო საქებარს – აშკარად გამოაჩენს, გამოაცხადებს.
არ გაგიკვირდეს ჩემი ნათქვამი, რომ დაწერილიყო წიგნები იმ საქმეების შესახებ, რაც იესომ გააკეთა, მთელი დედამიწა ვერ დაიტევდა. მაგრამ ღვთის სიტყვის, ქრისტეს, გამოუთქმელი ძალის შესახებ რაც ვთქვი, მიიღე რწმენით. რამეთუ, როგორც ჩვენთვის ადვილია ლაპარაკი, ასევე მისთვის, ქრისტესთვის, უფრო ადვილია აკეთოს ის, რაც მას უნდა.
მაშ, მოდით, ვილოცოთ, რომ უფლის სიტყვები და საქმეები არასდროს არ დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის გავხსნათ (გავაღოთ) მისი საყვარელი მოწაფის მიერ დაწერილი ეს წიგნი და შიგ მოვიძიოთ (მოვძებნოთ) ის განძი, რომელიც შეიცავს იესოს წმ. სწავლებას და სასწაულებს; რათა ჩვენ, ამ ცხოვრებაში განვიწმინდოთ სიტყვაში (სიტყვით) და მისი გამოცხადების დღეს (იგულისხმება ქრისტეს მეორედ მოსვლა – მთ) ღირსნი გავხდეთ მისი გამოუთქმელი, უდიდესი საიდუმლებების გაგებისა, რომლებიც, ამჟამად, ამ წუთისოფელში მყოფებმა, უფლის სიტყვისამებრ, არ შეგვიძლია დავიტიოთ, გავიგოთ: „კვლავ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვეღარ იტვირთავთ“. (იოანე 16, 12).
მაშ, მოდით, გავხდეთ სრულყოფილნი თვით ქრისტეში, რომელმაც შეგვიყვარა ჩვენ და მისი მოყვარული მოწაფის საშუალებით (დახმარებით) განგვანათლა თავისი ღვთისმეტყველებით და მამის, ძის და სული წმიდის შემეცნებით, რომლისა არს დიდება უკუნისამდე. ამინ!

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21