1. იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაით დაბისაგან მარიამისა და მართაისა, დისა მისისა. 2. ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თვისითა წარჰხოცნა ფერხნი მისნი, რომლისა ძმაი მისი ლაზარე სნეულ იყო. 3. მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყვარს, სნეულ არს.
ავად იყო ვინმე ლაზარე, ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის - მართას სოფლელი. ხოლო მარიამი იყო სწორედ ის, ვინც ნელსაცხებელი სცხო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. მისი ძმა ლაზარე ავად იყო. დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც შენ გიყვარს ავად არის.
მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველი ჰყვება ამ ისტორიას. რისთვის ჰყვება იგი მას? იმისთვის, რომ გვასწავლოს ჩვენ, რათა არ შევბრკოლდეთ, როცა გავიგებთ ვინმე ღვთისმოყვარე ადამიანის ავადმყოფობას, არ გაგვიკვირდეს და არ აღვშფოთდეთ, რამეთუ ლაზარე იყო ქრისტეს მეგობარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი მაინც ავად გახდა.
ასევე, უნდა ვიცოდეთ, ისიც, რომ მარიამი, რომელმაც უფალს მირონი სცხო, სულაც არ იყო არც ის მეძავი, რომელსაც ახსენებს ლუკა მახარებელი (7: 37-50), და არც ის ქალი, რომელიც ხსენებულია მათე მახარებლის მიერ (26: 7), არამედ ეს მარიამი იყო პატიოსანი, ღვთისმოყვარე და უფლის ერთგული ქალი. იგი ზრუნავდა ქრისტეს პატივსაცემად და ემსახურებოდა მას, როგორც ამას შემდგომში ამოწმებს თვითონ იოანეც (12: 2).
როგორც ლუკა მახარებელი აღნიშნავს, უფალი მარიამზე ამბობს, რომ მან თავისი დისგან განსხვავებით, უკეთესი წილი (რამ) ამოარჩია (ლუკა 10: 42). ლაზარე, როგორც ნათქვამია, იყო ბეთანიიდან, მართას და მარიამის დაბიდან.
საინტერესოა, რატომ თვითონ არ წავიდნენ დები იესოს დასაძახებლად, როგორც ასისთავმა და კარისკაცმა გააკეთეს უწინ? იმიტომ, რომ მათ დიდი იმედი ჰქონდათ ქრისტეს დახმარებისა. მათ სწამდათ, რომ მას უდიდესი ძალა გააჩნია, რომლითაც შეეძლო ლაზარეს დახმარება (შველა), ამაში ჩანს დების რწმენა ქრისტეს მიმართ.
ისინი ქრისტეს იღებენ უდიდესი პატივით და ღირსებით, დები ეუბნებიან უფალს: „ვინც შენ გიყვარს, ავად არის“.
ასეთი სიტყვებით მათ სურთ გამოხატონ ის დიდი მეგობრული გრძნობა რომელიც იყო ლაზარეს, მის დებსა და იესოს შორის. ლაზარეს დებს, თუ დავაკვირდებით, ძალიან უკვირთ, რომ მათი ძმა, ლაზარე რომელიც ქრისტეს მეგობრად ითვლებოდა, გახდა ძალიან ავად.
4. ხოლო ვითაცა ესმა იესუს, თქუა: ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან. 5. უყუარდა იესუს მართა და დაჲ მისი და ლაზარე. 6. ვითარცა ესმა, რამეთუ სნეულ არს, მაშინ და-ღა-ადგრა ადგილსა მას, სადაცა იყო, ორ დღე.
ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ. უყვარდა იესოს მართა, მისი მისი და ლაზარე. და და ლაზარე. როდესაც გაიგო, ავად არისო, ორი დღე კიდევ დარჩა იმ ადგილას, სადაც იყო.
რადგან იესოს გადაწყვეტილი ჰქონდა ბეთანიაში ორი დღე დარჩენილიყო, ამბობს, „ეს სნეულება სასიკვდილო არ არის”, თუმცა ლაზარე უკვე მკვდარი იყო, მაგრამ არა ისეთი, ხანგრძლივი, ჩვეულებრივი სიკვდილით, როგორითაც კვდებიან ცოდვილები, არამედ, დროებითი სიკვდილით მოკვდა იგი, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდა.
უფალი სიტყვებს, – „ეს სნეულება სასიკვდილო არ არის” იმიტომ ამბობს, რომ დააიმედოს, ანუგეშოს ლაზარეს დები და ახლობლები.
როდესაც გარდაცვალებიდან მეოთხე დღეს უფალმა მკვდრეთით აღადგინა ლაზარე, ჩვენც ვამბობთ, რომ მისი ეს ავადმყოფობა – სასიკვდილო არ იყო, „,არამედ რათა იდიდოს (განდიდდეს) ღმერთის ძე მისგან“.
თუ ხედავ შენ, რომ მამას და ძეს - ერთი და იგივე დიდება აქვთ?
როცა უფალმა თქვა - „დიდებისათვის ღეთისა”, თან დასძინა – „რათა იდიდოს ღმერთის ძე“, ეს ნიშნავს, რომ მამა ღმერთის დიდება არაფრით არ განსხვავდება ძის დიდებისგან. აქედან გამომდინარე, ვიტყვით, რომ ძეც ჭეშმარიტი ღმერთია ისევე, როგორც მამა, რამეთუ ვისაც ერთი და იგივე დიდება აქეთ, მათ ასევე ერთი არსება აქვთ.
შერცხვეთ მწვალებლებს, რომლებიც ასე განმარტავენ: „რათა იდიდებოდეს“. ამას შენ როგორც მიზეზს კი ნუ გაიგებ, არამედ გაიგე, როგორც მოვლენა და საქმის დაბოლოება (რაზედაც ჩვენ არა ერთხელ ვთქვით). რამეთუ, ლაზარე იმიტომ კი არ გახდა ავად, რომ ღმერთი განდიდებულიყო, არამედ – ლაზარე ავად გახდა, ხოლო უფალმა ეს მოვლენა (ეს ამბავი) გამოიყენა (მიუძღვნა, მოაქცია) ღშერთის სახელის სადიდებლად.
სწერია: „ორი დღე კიდევ დარჩა” უფალი ბეთანიაში. რისთვის დარჩა? იმისთვის, რომ ლაზარე მომკვდარიყო და არავის შემდგომში არ ეთქვა, თითქოს მას მაგარი ძილით ეძინა ან გამოფიტული იყო. ამიტომაც უფალი იქ დარჩა იმდენ ხანს, რადგან დაიწყო მკვდარი (გარდაცვლილი) ლაზარეს სხეულის გახრწნა, რაზედაც ლაზარეს დამ თვითონ აუწყა იესოს ამის შესახებ: „უფალო, უკვე ყარს” (თ. 11: 39).
7. მერმე ამისა შემდგომად ჰქუა მოწაფეთა თჳსთა: გუალეთ, წარვიდეთ კუალად ჰურიასტანად. 8. ჰრქუეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა? 9. ჰრქუა მათ იესუ: არა ათორმეტნი ჟამნი არიანა დღისანი? უკუეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა წარსცეს ფერჴი, რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ხედავს. 10. და უკუეთუ ვინმე ვიდოდის ღამესა შინა, უბრკუმეს მას, რამეთუ ნათელი არა არს მას შინა.
ხოლო ამის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: ავდგეთ და კვლავ წავიდეთ იუდეაში. მოწაფეებმა მიუგეს: რაბი, იუდეველები ახლახანს ჩაქოლვას გიპირებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ? იესომ უთხრა მათ: განა თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ამ ქეეყნის ნათელსა ხედავს. ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში.
უფალი სხვა დროს არასოდეს (არასდროს) ეუბნებოდა მოწაფეებს, თუ სად აპირებდა წასვლას, მაგრამ ახლა წინდაწინ უცხადებს, რომ ისევ იუდეაში უნდა წავიდნენ; შესაძლოა, იესომ ესე იმიტომ გააკეთა, რომ მის მოწაფეებს ძალიან ეშინოდათ იქ მისვლა. იესოს სურს, რომ მისი მოულოდნელი გადაწყვეტილებით ისინი არ შეშფოთდნენ.
მოწაფეებს იმ დროს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ უფალზე სრულყოფილი წარმოდგენა და იესოს სიცოხლეზეც შიშობდნენ, და თვითონაც შიშით კრთოდნენ. მას ეუბნებიან მოწაფეები: „იუდეველები ახლახან გეძებდნენ ჩასაქოლად, და კვლავ იქ მიდიხარ?“
უფალი მათ ამხნევებს და ეუბნება: როგორც დღისით, ნათელში მოსიარულე ადამიანი არ წაბორძიკდება, ვინც სიკეთეს აკეთებს და კეთილი საქმეების ნათლით არის მოსილი. ასევე, – ის ადამიანები, ვინც სიბოროტეს აკეთებენ და ღამით დადიან, რადგან ღამეს არ ახლავს ნათელი, ამიტომ ისინი ფეხს წამოკრავენ, წაიბორძიკებენ და მათ უბედურება შეემთხვევათ.
ამიტომ თქვენ სიკვდილის არ უნდა გეშინოდეთ, რადგანაც არ დაგიმსახურებიათ იგი სანამ თქვენ ჩემთან ხართ, ე. ი. ჭეშმარიტ ნათელთან, ტყუილად გეშინიათ.
ზოგიერთები „დღედ“ გულისხმობენ იმ დროს, რომელიც ქრისტეს ჯვარცმამდე იყო, ხოლო „ღამეს“ კი უწოდებენ უფლის ჯვარცმის და სატანჯველების დროს.
11. ესე თქუა და ამისა შემდგომად ჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო იგი. 12. ჰრქუეს მას მოწაფეთა: უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხონდეს. 13. ხოლო იესუ ჰრქუა სიკუდილისა მისისათჳს, და მათ ეგონა, ვითარმედ მძინარებისათჳს ძილისა თქუა. 14. მაშინ ჰრქუა მათ იესუ განცხადებულად: ლაზარე მოკუდა. 15. და მე მიხარის თქვენთჳს, რაჲთა გრწმენეს ჩემი, რამეთუ არა ვიყავ მუნ. არამედ მოგუალედ, მივიდეთ მისა. 16. ჰრქუა უკუე თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მისთანათა მათ მოწაფეთა: მოგუალეთ, მივიდეთ, რაჲთა მოვსწყდეთ ჩუენცა მისთანა.
ესა თქვა და შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას. ხოლო მისმა მოწაფეებმა თქვეს: უფალო, თუ მიიძინა, მომჯობინდება. მაგრამ იესო მის სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით მიძინებაზე იტყოდა ამას. მაშინ იესომ გარკეევით უთხრა მათ: ლაზარე მოკვდა. და მიხარია თქვენს გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ მივიდეთ მასთან. ხოლო თომამ, ტყუპისცალად წოდებულმა, თანამოწაფეებს უთხრა: ჩვენც მივიდეთ, რათა მასთან ერთად მოვკვდეთ.
რადგანაც უფლის მოწაფეებს ეშინოდათ იუდეაში დაბრუნება, ამიტომ იესო ეუბნება მათ: იუდეველებს უნდოდათ ჩემი ჩაქოლვა ქვებით იმის გამო, რომ მე მათ ვამხილებდი მათ ბოროტ საქმეებში, ცოდვებში. ხოლო ამჟამად მე მათ სამხილებლად კი არ მივიივარ იქ, არამედ ჩემი მეგობრის (ლაზარეს) მოსანახულებლად. ამიტომაც, ეხლა არ უნდა გვეშინოდეს იქ წასვლა. მე ამჯერად იმისთვის კი არ მივდივარ იქ (სამხილებლად), რისთვისაც ადრე (უწინ) დავდიოდი, რათა ველოდოთ ებრაელებისგან საფრთხეს (განსაცდელს), არამედ ჩემი მეგობრის გასაღვიძებლად მივდივარ.
იესოს მოწაფეებს სურთ, რათა თავიანთი მოძღვარი არ გაუშვან (შეაბრკოლონ) იუდეაში სამოგზაუროდ; ამის გამო ისინი იესოს ეუბნებიან: საკმარისია, თუ მიიძინა ლაზარემ: „უფალო, თუ მიიძინა, განიკურნება“. ამიტომ ჩვენი იქ წასვლა სულაც არ არის საჭირო (სულაც არაა აუცილებელი).
უფალი თავის საუბარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლაზარე „მისი მეგობარია“, ამიტომ აუცილებელია იესოს, მასთან ყოფნა; მაგრამ მოწაფეები მას უმტკიცებენ, რომ რადგან ლაზარემ დაიძინა, სულაც არაა საჭირო იესოს იქ მისვლა. რადგან ისედაც მორჩება. პირიქით, ეუბნებიან მოწაფეები მას, შენ თუ იქ მიხვალ და გააღვიძებ ლაზარეს, ეს მისთვის საზიანო იქნება, რადგან იგი ძილში განიკურნება,
უფალი ხედავს, რომ მის მოწაფეებს ამ წუთამდე არ ესმით, რომ ლაზარე – მოკვდა. რისთვის თქვა უფალმა ამას წინათ, რომ ლაზარეს სძინავს. შეფარულად რატომ უწოდა სიკვდილს – ძილი?
ამას მრავალმხრივი განმარტება აქვს: პირველ რიგში, სიმდაბლის გამო, იესოს არ უნდოდა ვინმეს იგი მკვეხარად ჩაეთვალა, რის გამოც ის ლაზარეს მკვდრეთით აღდგომას, სიმდაბლით ძილს უწოდებს. როდესაც უფალმა თქვა – ლაზარე მოკვდაო, მან მოწაფეებს არ უთხრა – წავალ და მას გავაცოცხლებ, მკვდრეთით აღვადგინებო, არამედ თქვა – ჩემს მეგობარს – გავაღვიძებო.
ხომ ხედავ, მას არ უყვარს სიტყვებით თავისი თავის ქება, არამედ მხოლოდ საქმეებით სურს მას თავისი ნათქვამის დასაბუთება.
ამით უფალი ჩვენც გვასწავლის, რომ არ ავჩქარდეთ გადაწყვეტილებების მიღებაში. როდესაც, მათეს სახარებაში უფალი ეუბნება ასისთავს მის ავადმყოფ მსახურზე – „მოვალ და განვკურნავ მას” (მათე 8: 5-6). აქ უნდა ვიგულისხმოთ, რომ იესომ ასე იმიტომ უპასუხა, რათა ასისთავის რწმენა ენახა, თუ როგორი ჰქონდა მის მიმართ.
მაშ, ესაა პირველი მიზეზი იმისა, რომ უფალს სიკვდილისთვის ძილი ეწოდებინა. ხოლო მეორე მიზეზი ის არის, რათა ჩვენ, ცოდვილებს გვაჩვენოს, რომ სიკვდილი – ეს არის ძილი და სიმშვიდე (დამშვიდება); მესამე მიზეზი კი ისაა, რომ ლაზარეს აღსასრული, მართალია, სხვებისთვის გარდაცვალება (სიკვდილი) იყო, მაგრამ თვით იესოსთვის კი, რომელიც მის გაცოცხლებას აპირებდა, ლაზარეს ძილს წარმოადგენდა!
როდესაც უფალმა დაუმტკიცა მოწაფეებს, რომ მისი წასვლა იუდეაში აუცილებელი იყო, მაშინ თომა მოციქულმა, რომელსაც სხვებზე მეტად ეშინოდა იქ წასვლა, თქვა; „ჩვენც მივიდეთ, რათა მასთან ერთად მოვკვდეთ . თომა მოციქულის ეს სიტყვები მიანიშნებს მის შიშსა და სულმოკლეობაზე, და არა მის მხნეობაზე (უშიშრობაზე). იმისთვის, რომ უფლის მოწაფეებიც არ გაეშვა (შეეჩერებინა, შეებრკოლებინა) იუდეაში, თავის ნათქვამს დაამატებს – ,,მოვკვდეთ“, ეს ნიშნავს, რომ წავიდეთ იესოსთან ერთად და მასთან ერთად მოვკვდეთ.
ესეთი ლაპარაკი დამახასიათებელია მშიშარა ადამიანებისათვის. მაგრამ შეხედე, მის აღსასრულს მომავალში: იგი, როგორც უფლის მოციქული, იყო მოკლული (დაკლული) ქრისტეს ჭეშმარიტებისთვის!
ქრისტეს მადლმა ისე გააძლიერა იგი, რომ შეიძლება წმ. მოც. პავლეს შემდეგი სიტყვები მივუსადაგოთ: „ჩვენი შეძლება ღმრთისაგან არის“ (2კორ. 3: 5) და სხვა ადგილას – „თუმცა არა მე, არამედ ღმრთის მადლმა...“ (1 კორ. 15: 10).
მე კი ძალიან გთხოვ, დაუკვირდე იმ ადგილს, სადაც უფალი ამბობს: „მივიდეთ მასთან”, უკვე გარდაცვლილ ლაზარეზე, თითქოს იგი ცოცხალი იყო. რამეთუ, ქრისტესთვის, როგორც ღმერთისთვის, ლაზარე – ცოცხალი იყო!
17. და ვითარცა მოვიდა იესუ ბეთანიად, პოვა იგი, რამეთუ ოთხი დღე აქუნდა საფლავსა შინა. 18. ხოლო იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა, ვითარ ათხუთმეტ ოდენ უტევენ. 19. და მრავალნი ჰურიათაგანნი მოსრულ იყვნეს მართაჲსა და მარიამისა, რაჲთა ნუგეშინის-სცენ მათ ძმისა მათისათჳს. 20. ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა.
როდესაც მივიდა იესო, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღეა საფლავში იწვა. ხოლო ბეთანია იერუსალიმის ახლოს იყო, თხუთმეტიოდე უტევანის მანძილზე. ბეერი იუდეველი მისულიყო მართასა და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ძმაზე მგლოვიარენი. მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, გამოეგება; მარიამი კი სახლში იჯდა.
უფალმა შეგნებულად დააგვიანა ლაზარესთან მისვლა (ჩასვლა), რათა მას ოთხი დღე შესრულებოდა სიკვდილის დღიდან; იგი ასე იმიტომ მოიქცა, რომ ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის (აღდგინების) სასწაული არ ყოფილიყო ხალხისგან ცილისმწამებლური.
რისთვის ამბობს (ამატებს) იოანე მახარებელი, რომ ბეთანია იერუსალიმიდან იყო დაშორებული 15 უტევანის მანძილზე? იმისთვის, რომ ამით გვიჩვენოს, რომ ბეთანია იერუსალიმიდან შორს არ იყო, არამედ ახლო იყო და ამის გამო ბევრი ადამიანი, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობდა, მოდიოდა უფალთან.
იუდეველები ნუგეშს სცემდნენ მართას და მარიამს ძმის გარდაცვალების გამო. ისინი ამას იმიტომ კი არ აკეთებდნენ, რომ ლაზარე და მისი დები უყვარდა იესოს (რამეთუ ებრაელებს უკვე პირი ჰქონდათ შეკრული, რომ ვინც კი იესოს – ქრისტედ აღიარებდა, მოეკვეთათ სინაგოგიდან – იოვ. თ. 9, 22), არამედ ან იმის გამო, რომ დებს დიდი უბედურება დაატყდათ თავს, ან იმიტომ, რომ მათ სანუგეშოდ მოსული ხალხი არ იყო ბოროტი, რის გამოც ბევრმა ირწმუნა ქრისტე.
მართა მარტო წავიდა იესოს შესახვედრად, რადგანაც მას უნდოდა, რომ უფალს პირისპირ. მარტო შეხვედროდა და ყველაფერი, რაც მის ძმას დაემართა, პირადად მოეყოლა. როცა კი უფალმა იგი დააიმედა, ამის შემდეგ იგი მიდის მარიამთან და ეძახის მას.
მარიამს რომ თავიდანვე არ დაუძახა მართამ, ამას სხვა მიზეზიც ჰქონდა: მარიამთან ერთად ბევრი ებრაელი სტუმარიც იყო. თუ მარიამი დისგან, მართასგან, გაიგებდა, რომ იესო მათთან მოდის, იგი საჩქაროდ ადგებოდა და წავიდოდა მის შესაგებებლად, მასთან ერთად კი, რასაკვირველია, იერუსალიმიდან ჩამოსული ებრაელი სტუმრებიც გაეშურებოდნენ იესოსკენ, რაც მართას არ უნდოდა, რომ სტუმრებს გაეგოთ იესოს მათთან მოსვლის ამბავი.
21. ჰრქუა მართა იესუს: უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი. 22. არამედ და აწცა უწყი, ვითარმედ: რაჲცა-იგი სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან. 23. ჰრქუა მას იესუ: აღდგეს ძმაჲ შენი. 24. ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა. 25. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე. 26. და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე? 27. ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრაწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად. 28. და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოუწოდა მარიამს, დასა თჳსსა, იდუმალ და რქუა მას: მოღძუარი მოსრულ არს და გიწესს შენ.
და უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი. უთხრა მას იესომ: აღდგება შენი ძმა. მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას. უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს? მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად.
მართას ჰქონდა ქრისტეს რწმენა, მაგრამ არასრული. არა საკმარისი. ამიტომაც ის ეუბნება უფალს: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა“. მართამ ასე იმიტომ უთხრა უფალს, რომ ეჭვსგარეშეა, მას არ სწამდა ის, რომ იესო თუ ინებებდა, გინდაც ფიზიკურად ბეთანიაშიც რომ არ ყოფილიყო, შორიდანაც შეეძლო ლაზარესთვის სიკვდილი აეცილებინა. მართას ასეთი ნათქვამი მოწმობს იმას, რომ მას ქრისტეს მიმართ სუსტი რწმენა ჰქონდა. მართას რწმენის სისუსტე ჩანს აგრეთვე შემდეგი ნათქვამიდანაც: „რაც არ უნდა სთხოვო ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი“. თუ დააკვირდები, მართა იესოს თვლის ვიღაც მადლმოსილ ადამიანად, რომელიც ღმერთისთვის სათნოა! მართამ ასე კი არ უთხრა: – შენ თუ მოინდომებ, ყველაფერს გააკეთებ (შეიძლებ), არამედ: „რაც არ უნდა სთხოვო ღმერთს, ყველაფერს მოგცემს”...
უფალი უარყოფს მართას ასეთ, არასწორ შეხედულებას და ეუბნება: „აღდგება შენი ძმა“. იესომ ასე კი არ უთხრა – კარგი. მე ვთხოვ ღმერთს და იგი მომცემს მე, არამედ, როგორც ზემოთ, ვთქვით.
ამის შემდეგ, იესო მეტად ამჟღავნებს თავის ძალაუფლებას და ყოვლისშემძლეობას: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“ (ცხოვრება). მართას კი ეგონა, რომ უფალი აღადგენდა მის მკვდარ ძმას, ლაზარეს მეორედ მოსვლის დროს, უკანასკნელ კვირას, როცა იქნება საყოველთაო აღდგომა.
უფალი, მართას უფრო მეტად გასარკვევად, ეუბნება: შენ გეუბნები მე, რომ ღმერთს ვთხოვო დახმარება და იგი ყველაფერში დამეხმარება. ხოლო შენ გეუბნები, რომ მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე (ცხოვრება), ჩემი ძალა არაა შემოფარგლული (შეზღუდული) რაიმე ადგილით: მე ისევე შემიძლია განვკურნო ვინმე რაიმე ადგილზე როცა იქ ვიქნები, და ისევე ვიმოქმედო შორიდან, დაუსწრებლადაც.
რამეთუ წყალობას (მადლს) ვურიგებ ადამიანებს არა სხვისი სახელით და დახმარებით, არამედ მე თვითონ ვარ აღდგომა და ცხოვრება (სიცოცხლე), თვითონ მე მაქვს ძალაუფლება აღვადგინო (გავაცოცხლო) მკვდრეთით ვინც მინდა.
„ჩემი ჭეშმარიტი მორწმუნე“ - აგრძელებს საუბარს უფალი, არ მოკვდება სულიერი სიკვდილით. ხოლო ხორციელი სიკვდილით თუკი გარდაიცვლება, კვლავ გაცოცხლდება! ამიტომ, ნუ შეძრწუნდები! (ნუ შეშფოთდები). მართალია, შენი ძმა მოკვდა (გარდაიცვალა ხორცით), მაგრამ გაცოცხლდება, აღდგება მკვდრეთით! და თქვენც თუ გექნებათ ჩემი ჭეშმარიტი რწმენა, არ მოკვდებით (არ დაიღუპებით) სულიერად“.
„გწამს ეს?“ – ეკითხება უფალი მართას. მართალია, მართამ უფლისგან მოისმინა ესოდენ ამაღლებული საუბარი, მაგრამ, სამწუხაროდ ვერ გაიგო, იესომ რა უთხრა მას.
მე ვფიქრობ, რომ მართამ იესოს საუბარი ვერ გაიგო იმის გამო, რომ იგი დიდ მწუხარებაში იყო ძმის გამო. უფალი მას სხვა რამეს ეკითხება, ის კი სხვას უპასუხებს: „დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა მომავალი ქვეყნად“. კარგია და სამართლიანია მისი პასუხი, მხოლოდ იგი უფლის შეკითხვას არ პასუხობს პირდაპირ, თუმცა იესოს სანუგეშო სიტყვით, მართას მწუხარება და ტანჯვა შემცირდა.
მართა „საიდუმლოდ“ (ჩუმად) ეძახის თავის დას – მარიამს. და მისი ასეთი გონივრული საქციელი, შესაქებია, რადგან მათთან სამძიმარზე ჩამოსულ ებრაელებს რომ გაეგოთ, რომ ქრისტესთან შესახვედრად მიდის მარიამი, ისინი განეშორებოდნენ (წავიდოდნენ, მიატოვებდნენ) მარიამს და ამის გამო ქრისტესგან ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების დიდი სასწაული დარჩებოდა მოწმეების გარეშე.
ხოლო ახლა კი, სტუმრებმა იფიქრეს, რომ მარიამი მიდის თავისი მკვდარი ძმის საფლავზე სატირლად და მას გაჰყვნენ, რის გამოც, აუცილებლობისა გამო, გახდნენ უფლის დიდი სასწაულის თვითმხილველები.
ტექსტში, მახარებელი არსად არ ამბობს, რომ უფალმა დაუძახა მარიამს. ეს ს ადგილი შეიძლება ასე ავხსნათ, რომ მახარებელმა კი არსად არ აღნიშნა, რომ უფალმა უთხრა მართას, რათა დაეძახა მარიამისთვის, მაგრამ თვითონ მართამ, ქრისტეს მათთან მობრძანება (სტუმრობა) ჩათვალა, რომ მარიამს უხმობდა უფალი, რათა მასთან მისულიყო და შეგებებოდა.
29. ხოლო მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდოდა მისა. 30. რამეთუ არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არმედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადაცა მიეგებვოდა მას მართა. 31. ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მისთანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს მათ, ვითარცა იხილეს მარიამ, რამეთუ ადრე აღდგა და გამოვიდა, მისდევს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილად მისა. 32. ხოლო მარიამ ვითარცა მოვიდა, სადა-იგი იყო იესუ, ვითარცა იხილა იგი, დავარდა ფერჴთა მისთა თანა და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუმცა აქა ყოფილ იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი.
ეს რომ თქვა, წავიდა. თავის დას - მარიამს უხმო და საიდუმლოდ უთხრა: მოძღვარი მოდის და გიხმობსო. ხოლო ის, ამის გაგონებისთანავე, ადგა და მისკენ გასწია. რადგანაც იესო ჯერ კიდევ არ მისულიყო სოფელში, არამედ იმ ადგილას იყო, სადაც მიეგება მართა. როცა მის სახლში სანუგეშებლად მოსულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ მარიამი საჩქაროდ ადგა და გარეთ გავიდა, თვითონაც უკან მიჰყვნენ, ვინაიდან ეგონათ, საფლავზე მიდის ძმის სატირლადო. მარიამი კი იმ ადგილას მივიდა, სადაც იყო იესო; მისი დანახვისთანავე ფეხქვეშ ჩაუვარდა და უთხრა: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.
როდესაც მარიამმა გაიგო დისგან, რომ იესო მათთან მოვიდა, საჩქაროდ ადგა და წაიდა მის შესახვედრად. აქედან ჩანს ის, რომ მარიამმა თავისი დისგან, მართასგან, არ იცოდა ამ წუთამდე, რომ იესო მოდის ბეთანიაში, მათ ოჯახში, სტუმრად.
ხოლო იესო კი, ნელ-ნელა მოდიოდა, არ ჩქარობდა ბეთანიაში ჩასვლას, რადგან მას არ უნდოდა, ვინმეს ეფიქრა, თითქოს იესოს ძალით (იძულებით) სურდა სასწაულის მოხდენა, მხოლოდ მათი თხოვნით (მართა, მარიამი და სხვა) უნდოდა იესოს ლაზარეს გაცოცხლების უდიდესი სასწაული მოეხდინა, და თან ცდილობდა, რომ ბევრ ადამიანს ენახა ეს სასწაული, რომელიც უდიდესად იწოდება, რათა ბევრს მიეღო აქედან სულიერი სარგებლობა და ერწმუნათ ქრისტესი. მახარებელი ამბობს, რომ ის ებრაელები, რომლებიც მარიამთან ერთად იყვნენ, წაყვნენ მას.
როცა მარიამი დიდი გულმხურვალებით მიდის ქრისტესთან. დაინახავს რა უფალს, დაიჩოქებს მის წინ და ფეხებზე მოეხვევა. იგი ხალხს არავითარ ყურადღებას არ აქცევს. მარიამი ტირის და ეუბნება იესოს: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი“. შევადაროთ მართას და მარიამის საქციელი: მართა არ იჩოქებს უფლის წინაშე. როცა უფალი მართას ანუგეშებს მკვდარი ძმის გაცოცხლებით, იგი ურწმუნოებას იჩენს უფლის მიმართ. თუმცა მარიამიც იგივე სიტყვებით მიმართავს ქრისტეს. როგორც მისი და ისიც ღმერთის რწმენაში არაა სრულყოფილი, მაგრამ იმის გამო, რომ უფალი ხედავს მარიამის კეთილ თვისებებს და თან, მის გარშემო უამრავი ხალხია თავმოყრილი, იესო მარიამს ისე არ ელაპარაკება, როგორც მის დას, მართას და მოწყალებით ექცევა მას.
მოისმინე, შემდგომში რას გვიყვება წმ. მახარებელი.
33. ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით, 34. და ჰრქუა მათ: სადა დასდევით იგი? ჰრქუეს მას: მოვედ და იხილე. 35. და ცრემლოოდა იესუცა. 36. იტყოდეს უკუე ჰურიანი იგი: აჰა ვითარ სამე უყვარდა იგი! 37. ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელ მან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა?
როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა: სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე. მაშინ აცრემლდა იესო. იუდეველები ამბობდნენ: უყურე, როგორ ჰყვარებია იგი. ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო?
როცა უფალმა დაინახა მასთან მისული მტირალი მარიამი და ასევე მტირალი ებრაელი ხალხი, ვინც ჩამოსული იყო მართას და მარიამის მისასამძიმრებლად, უფალიც, ადამიანური ბუნებით, შეიძრა, შეკრთა და ატირდა. რამეთუ ბევრი დარდისკენ და ტირილისკენ მიდრეკილნი არიან უმეტესად – ქალები, ხოლო გულქვაობა და ტირილის (ცრემლების) არქონა დამახასიათებელია – მხეცებისთვის, ცხოველებისთვის.
რადგან უფალმა აიღო ჩვენნაირი ხორცი და სისხლი (ებრ. 2: 14), ამიტომ იგი მონაწილეობას იღებს ისეთ რამეებში, რაც დამახასიათებელია ადამიანისათვის და მისი ადამიანური ბუნებისათვის, თან ამასთან ერთად, გვიჩვენებს მწუხარებაშიც და ტირილშიც – ზომას.
სად დაკრძალეთ იგი – კითხულობს უფალი, არა იმიტომ თითქოს არ იცოდა სად იყო დაკრძალული, არამედ იმისთვის, რომ ვინმეს არ ეფიქრა, თითქოს იესოს თვითონ, თავისი თავის სადიდებლად სურდა სასწაულის მოხდენა.
უფალს ეუბნებიან: „უფალო! მოდი და იხილე”. ხოლო მაცთური ებრაელები კი მიუხედავად იმისა, რომ მათ წინაშე დიდი უბედურებაა (ტრაგედიაა), მაინც არ ანებებენ თავს სიბოროტეს – უფლის მიმართ. ისინი ამბობენ: ,,ნუთუ არ შეეძლო მას ბრმისთვის თვალის ამხელს, რაიმე ეღონა, რათა ესეც არ მომკვდარიყო?“ ამას ებრაელები ამბობენ იმ სასწაულის დასამცირებლად, რომელიც უფალმა მოახდინა დაბადებიდან ბრმაზე (იოანე 9). აი, ახლაც, შურმა ისე დაუბნელა მათ გონება, რომ ცდილობენ ხალხს ეჭვი აღუძრან ლაზარეს გაცოცხლების, ე.ი. იესოს სასწაულის მოხდენის საქმეში.
38. ხოლო იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თჳსსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას. 39. ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს. 40. ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ, ვითარმედ, უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ? 41. აღიღეს უკუე ლოდი იგი, სადა მდებარე იყო მკუდარი იგი. ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. 42. და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარე მომადგს მე, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.
ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ. იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ. უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი. და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად. ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე.
წმინდა სახარების მახარებელი რისთვის აღნიშნავს კვლავ, რომ იესო დამწუხრდა და იტირა თანაგრძნობის გამო? იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ უფალი ჭეშმარიტად შეიმოსა ჩვენნაირი ხორცით, ბუნებით. იოანე ღვთისმეტყველი, სხვა მახარებლებთან შედარებით, უფალზე გვაუწყებს უმაღლეს სწავლებას, რაღაც – უდიდეს რამეს.
ამიტომაც უფლის მწუხარებაში ის ბევრს, ადამიანურს ხედავს და ამით იგი ამტკიცებს, რომ იესოს ჭეშმარიტად ადამიანური ხორცი, სხეული (უცოდველი) გააჩნია, რადგანაც შენ შეიცნო (მიხვდე), რომ უფალი იყო ღმერთიც და მასთან ერთად – ადამიანიც!
იმ დროს რატომ არ გააცოცხლა უფალმა ლაზარე, როცა მის კუბოზე ლოდი იდო? რამეთე თუ, ვინც ერთი სიტყვით სული დაუბრუნა და მკვდარი ხორცი გააცოცხლა გასახრწნელად მყოფ ლაზარეს, ნუთუ მასვე ერთი სიტყვით არ შეეძლო საფლავის ლოდის გადაგდება გვერდზე?
„მოაშორეთ ლოდი” - ამბობს უფალი იმისთვის, რათა იქ მყოფნი სასწაულის მოწმენი, რომ როგორც მაშინ, როცა დაბადებიდან ბრმას თვალის სინათლე (ჩინი) დაუბრუნა, ეხლაც არ თქვან მის მიმართ არაკეთილადგანწყობილმა ადამიანებმა – „ესე არის“, ხოლო სხვები კი ამბობდნენ – ,,მას ჰგავს“ (იოანე 9:9).
ამ დროს მართა ეუბნება იესოს: „უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ”. მისი ეს სიტყვები მოწმობს მართას არასწორ, მცირე რწმენას - ქრისტეს მიმართ, რადგან მას შეუძლებლად მიაჩნდა უფლისაგან ხრწნადაწყებული გარდაცვლილი ძმის, ლაზარეს გაცოცხლება.
ხოლო ქრისტე კი მართას ახსენებს მათ საუბარს და თითქოს უფალი მას ტუქსავს გულმავიწყობისათვის ეუბნება მას: ,,ხომ გითხარი, თუ იწამებ, უფლის დიდებას იხილავ-მეთქი?“ მათ გარშემო იყვნენ ებრაელები. მართასთვის ისევე რომ ეთქვა იესოს, რომ შენი ძმის გაცოცხლებით შენ იხილავ „ძე ღვთისას“ დიდებას, როგორც ადრე (იოანე 11:4) უთხრა თავის მოწაფეებს, მაშინ ებრაელები მას ჩათვლიდნენ პატივმოყვარედ; ხოლო ეხლა, როგორც უთხრა მართას, ამით მან იგულისხმა - მამა, და მისი საუბარი ზომიერი და გასაგები გახდა იქ მყოფთათვის.
რისთვის ლოცულობს უფალი? მისმინე, თვითონ ქრისტე როგორ ამბობს: - „ეს ირგვლივ მდგომი ხალხისთვის ვთქვი. რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე“: ე. ი. იმისთვის, რომ ხალხმა მე ღმერთის მოწინააღმდეგედ არ ჩამთვალოს და რომ ეს საქმე (ლაზ. აღდგ) მე აღვასრულე (გავაკეთე) შენი ნებით!
გთხოვ, ყურადღება მიაქციო თვითონ იესოს ლოცვასაც: „მამაო, გმადლობ, რომ ისმინე ჩემი. ე. ი. ხალხის გამო, რომელიც იქ შეკრებილიყო, უფალი ლოცულობს, რათა მათ იესო მიეღოთ (ჩაეთვალათ) მამა ღმერთისგან გამოგზავნილ, ზეციურ დესპანად. წმ. სახარებაში მრავლადაა ისეთი ადგილებიც, სადაც უფალი დიდ სასწაულებს ახდენს ლოცვის გარეშეც. მაგალითად: (ლუკა 4:35) „ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან“. ბოროტ სულს უბრძანებს) ან (მათე 8:3) ან „მნებავს, განიწმინდე”; ან სხვა ადგილას: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები” (მათე 9:2) ან ის ადგილი, როცა აბობოქრებულ ზღვას უბრძანებს: „დაყუჩდი, დაცხრი“ (მარკოზი 4: 39) და სხვა.
43. და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღატ-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე! 44. და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელით და ფერჴით სახუევლითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის. 45. მრავალთა უკუე ჰურიათაგანთა, რომელნი მოსულ იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, იხილეს, რომელ-იგი ქმნა იესუ, და ჰრწმენა მისა მიმართ. 46. ხოლო რომელნიმე მათგანნი წარვიდეს და უთხრეს ფარისეველთა მათ, რაჲ-იგი ქმნა იესუ.
ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ! და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს. მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი. ზოგიერთი მათგანი კი წავიდა და უთხრა ფარისევლებს, რაც მოახდინა.
უფალი ქრისტე მოუწოდებს ლაზარეს თავისი ყოვლისშემძლე, სამეუფო, ძალაუფლების მქონე ხმით: „ლაზარე გამოვედ გარე!“ იგი მკვდარ ლაზარეს უხმობს ისე, როგორც ცოცხალს. ვის შეუძლია ასეთი უდიდესი ძალაუფლებით მკვდარი გააცოცხლოს, თუ არა ქრისტეს, ძე ღვთისას, რომელსაც თავის მამასთან თანასწორი ძალაუფლება აქვს!
და ამჟამად აღსრულდა შემდეგი სიტყვები – საქმით: „რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი, და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ“ (იოანე 5:22).
მაცხოვრის ხმამაღალი დაძახება, რომელმაც ლაზარე გააცოცხლა, მომასწავებელია იმ უდიდესი საყვირისა, რომელიც გაისმება მკვდრების (მიცვალებულთა) საყოველთაო აღდგომისას (1კორ. 15: 52; I თესალ. 4: 16). ·
უფალმა ხმამაღლა იმიტომ დაიძახა, რათა ელინების პირები დაკეტოს, რომლებიც ფუჭად მეტყველებდნენ, თითქოს ადამიანის გარდაცვალების დროს მისი სული ხორცთან ერთად კვდება და კუბოში განისვენებს.
როგორც უფალმა ცალკე ლაზარე გააცოცხლა და მკვდრეთით აღადგინა, ასევე იქნება საყოველთაო აღდგომისას, უცებ მოხდება ადამიანთა გაცოცხლება, თვალის დახამხამებაში, წამში (1 კორინთ. 15; 52).
სწერია – „და გამოვიდა მკვდარი, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული“. ჩემი აზრით, როგორც მკვდრეთით აღდგომაა დიდი სასწაული, ასევე დიდ სასწაულად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ ხელ-ფეხ შეკრული ლაზარე მოძრაობდა, დადიოდა. უფალი ბრძანებს, რომ გაუხსნან მას ხელ-ფეხი და სახვევები შემოხსნან (შემოაცალონ), რადგან ის ადამიანები, ვინც მისი გაცოცხლების უდიდესი სასწაული იხილეს, შეეხონ მას ფიზიკურად და დარწმუნდნენ, რომ იგი ნამდვილად ის ლაზარეა, რომელიც მოკვდა და 4 დღე იყო მკვდარი.
„გაუშვით, წავიდეს“ – ამბობს უფალი. იგი ასე იმიტომ აკეთებს, რომ მას არ უყვარს დიდება, როცა ადამიანები მას აქებენ, ადიდებენ. არც თვითონ იესოს არ გამოჰყავს ლაზარე მღვიმიდან, არც იმას არ ეუბნება, რომ მის გვერდით იაროს, რათა ყველამ დაინახოს.
როცა სასწაული მოხდა, ხალხის ერთმა თვითმხილველმა ნაწილმა, ირწმუნა ქრისტესი, ხოლო მეორე ნაწილი წავიდა ფარისევლებთან და განუცხადა მათ, თუ როგორი სასწაული მოახდინა იესომ, იმ მიზნით, რომ უფალი გაემტყუნებინათ (გაეწბილებინათ), რადგანაც მან ბრძანა, რომ მკვდარი ლაზარეს საფლავი გაეთხარათ.
47. და შეკრბეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა კრებული და იტყოდეს: რაჲ-მე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს? 48. უკუეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა.
მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს. თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც.
როდესაც უფალი საწაულებს ახდენდა, თვითმხილველი ხალხი გაოცებულიყო! ხოლო ფარისევლები კი, ამის საწინააღმდეგოდ, პირს შეკრავენ და თათბირობენ, თუ როგორ მოკლან (დაღუპონ) უფალი. როგორი უსაზღვრო სიგიჟეა (სიცოფეა)! ის (უფალი), ვინც სიკვდილს ერევა (სძლევს) სხვის სხეულებში, უნდათ, რომ მოკლან მისი (ქრისტეს) დიდება დაჩრდილონ (გააუფერულონ). ამდენი სასწაულის ხილვის შემდეგ ისინი იესოს ჩვეულებრივ ადამიანად თვლიან.
როგორ მოვიქცეთ? ამბობენ ფარისევლები, ეს „ადამიანი“ მრავალ სასწაულს ახდენს. ნუთუ, დანაშაულია, რომ უფალი სასწაულებს ახდენს? ამ შემთხვევაში, ქრისტესი უნდა ერწმუნათ და თაყვანი ეცათ მისთვის და არა უბრალო ადამიანად ჩაეთვალათ!
დაუკვირდი, რამხელა თავხედობა (კადნიერება) აქვთ ფარისევლებს! ისინი ცდილობენ ააჯანყონ ხალხი ქრისტეს საწინააღმდეგოდ: ავრცელებენ ჭორს, თითქოს ყველა ებრაელს ემუქრება დაღუპვა - რომაელებისაგან ქრისტეს გამო, რადგან იგი ბევრ სასწაულს ახდენს (აღასრულებს) და ერის დიდი ნაწილი მას ირწმუნებს და გაჰყვება, ამას კი რომაელები ჩვენ, ებრაელებს, არ გვაპატიებენ, აიღებენ ჩვენს ქალაქებს და დააქცევენ მათ, რადგან ეჭვს აიღებენ, რომ ჩვენ გვინდა უმაღლესი ხელისუფლება (ძალაუფლება) მივისაკუთროთ.
ასეთი მაცდური, შურიანი საუბრებით ფარისევლები ხალხს აშფოთებდნენ (აღაშფოთებდნენ) იესოს წინააღმდეგ, მის მოსაკლავად.
გთხოვ, ეს სასწაული გაიაზრე (მიიღე) შინაგანი ადამიანის მიმართაც.
ჩვენი გონება - ქრისტეს მეგობარია, რომელიც ხშირად ვარდება ადამიანურ სისუსტეებში და სულიერად კვდება. მაგრამ ქრისტე გვიწყალებს, მას ვეცოდებით, რადგან რომელიც მოკვდა - მისი მეგობარია. დაე, მკვდარი გონების დები - ხორცი, როგორც მართაა და სული, როგორც მარიამი მოვიდნენ ქრისტესთან და შეუვრდნენ მას და მოინანიონ ცოდვები. და უფალი: ეჭვსგარეშეა, მოვა კუბოსთან და დაბნელებულ გონებას გაანათლებს და გაგვახსენებს მომავალ სატანჯველებს და ასევე, მომავალ ნეტარებას.
და დაგვიძახებს (მოგვიწოდებს) სახარებისეული საყვირის უდიდესი ხმით: გამოდი ქვეყნიერებიდან, ნუ ჩაეფლობი ცხოვრებისეულ (ამქვეყნიურ) ვნებებსა და გართობებში (გასართობებში), ისევე, როგორც იესო თავის მოწაფეებს ეუბნებოდა: „რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქვენ“ (იოანე 15: 19), და ასევე, მოც. პავლეც ამბობს: „აწ უკვე განვიდეთ მისა გარეშე ბანაკსა მას” (ებრ. 11:13), ე. ი. ქვეყნიერებას გულისხმობს. ამგვარად, იესო გააცოცხლებს (აღადგენს) ცოდვით მკვდარს (მომკვდარს).
ზოგიერთები მართაში გულისხმობენ იუდეველთა (ებრაულ) ეკლესიას, ხოლო მარიამში – წარმართთა ეკლესიას. ებრაელთა ეკლესია ბევრ რამეზე ზრუნავს, რადგან რჯულის მცნებები ბევრია და შესასრულებლად – ძნელი; ხოლო წარმართთა ელესია კი მხოლოდ რამდენიმეზე ზრუნავს – წინასწარმეტყველები და რჯული (მთლიანად) – სიყვარულის მცნებაზე.
მკვდარი ლაზარეს სახით ზოგი გულისხმობს იმ ადამიანთა სულებს, ვინც ჯოჯოხეთშია, როგორც ფსალმუნებში წერია: „,მიიქცნენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს“ (ფს. 9: 18), ხოლო ამ სულებს უფალი აღადგენს.
49. ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი, 50. არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს. 51. ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ მღდელთ-მოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ და წინაწარმეტყუელა, რამეთუ ეგულებოდა იესუს მოსიკუდიდ ნათესავთათჳს. 52. და არა ხოლო ნათესავთათჳს, არამედ რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად. 53. მიერ დღითგან შეიზრახნეს ჰურიანი, რაჲთა მოკლან იგი.
ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს.ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის. და არა მარტო ხალხისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმრთის გაფანტული შვილები. იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი.
სხვათა შორის, უნდა ვთქვათ, რომ იუდეველებს (ებრაელებს) ჰქონდათ დამახინჯებული სამღვდელმთავრო ღირსება (პატივი). რადგანაც, იმ დროიდან, როცა უმაღლესი სამღვდელო თანამდებობები ფულით შეიძლებოდა შეესყიდა ადამიანს, მღვდელმთავრები (ამის გამო) მხოლოდ 1 წელიწადს მსახურებდნენ და არა – მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
მოკლედ რომ ვთქვათ, მათი ასეთი გახრწნილობის შემთხვევაშიც კი სულიწმიდა კიდევ მოქმედებდა ცხებულ ხალხში (სამღვღ). ხოლო, როცა კი მათ ხელი აღმართეს ქრისტეზე. მაშინ მადლმა ისინი სრულიად მიატოვა და გადავიდა მოციქულებზე.
როცა ზოგიერთი მათგანი გამოთქვამდა აზრს – მოეკლათ ქრისტე, პირველი მღვდელმთავარი (იმ წლის) ისეთი სისხლისმსმელი ვინმე იყო, რომ მან უტიფრად (უზრდელად) გამოიტანა განაჩენი ქრისტეს მოკვლის. იგი კიცხავს მათ, ვინც მასსავით არ ფიქრობს უფალზე. კაიაფა (ასე ერქვა ამ მღვდელმთავარს) წინასწარმეტყველებს: უმჯობესია ერთი მოკვდეს და გადარჩეს მთელი ხალხი (ერი). მან ეს თქვა ბოროტი განზრახვით.
რამეთუ, როცა ქრისტე (ჯვარზე) მოკვდა, მისი მორწმუნე ადამიანები (ერიდან) გამოხსნილნი იყვნენ მარადიული, უდიდესი სასჯელისგან; იგი მარტო იუდეველებისთვის კი არ მოკვდა, არამედ – წარმართებისთვისაც, მას უნდოდა ერთად შეეკრიბა ღმერთის სხვა შვილებიც, ე. ი. წარმართებიც, რომლებზეც ამბობს: ,,მე სხვა ცხვრებიც მყვანან“ (იოანე 10: 16).
უფალი არის ყველა ადამიანის მამა, რადგან მან გაგვაჩინა თავის ხატად და მსგავსად. მაშ, რადგანაც ადამიანი არის ღვთის მსგავსი უმაღლესი, ცოცხალი არსება. ამიტომაც ყველა ადამიანს ეწოდება ღვთის (ღმერთის) შვილი.
ქრისტემ ყველა ერთად შეგვკრიბა ერთ ეკლესიაში, ერთი უღლის ქვეშ და ყველანი ერთ სხეულად შეგვაერთა, შორეულებიც და ახლობლებიც, რათა ყველა აღიარებდეს იესო ქრისტეს, როგორც ყველას ერთადერთ თავს.
„იმ დღიდან შეითქვნენ, რათა მოეკლათ იგი“. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ეს იმას ნიშნავს, რომ განაკუთრებით იმ დღიდან საბოლოოდ შეთანხმდნენ და განმტკიცდნენ ებრაელები ამ განზრახვაში. იესოს მოკვლის განზრახვა მათ ადრეც ჰქონდათ, მაგრამ ეს არ იყო ჯერ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. არამედ ისინი უსვამდნენ ერთმანეთს ამ კითხვას, ხოლო ახლა კი უფალს გამოუტანეს საბოლოო განაჩენი.
ებრაელებს ადრეც სურდათ იესოს მოკვლა (იოანე 5: 18) და თვითონაც, უფალი, ამხილებდა მათ ამაში: „რად მეძებთ მე მოსაკლავად?” (იოანე 7: 19).
გთხოვ, დააკვირდე მღვდელმთავრის ღირსებას, მის სულიერ ძალას, როგორ სავსეა იგი სულიწმიდის მადლით. თუმცა ის არ არის ამ მადლის ღირსი. და ძალიან გთხოვ შენ, პატივი ეცი მღვდელმთავრებს მათში დავანებული (მყოფი) ღვთის მადლის ღირსების გამო, და არა მათი ნებაყოფლობის მიხედვით.
არა მხოლოდ კაიაფა წინასწარმეტყველებს, არამედ სხვა, უღირსმა ადამიანებმაც იცოდნენ მომავალი, მაგ: ფარაონმა იცოდა მოსავლის და გვალვის შესახებ (როცა მოსავალი არ იქნებოდა) (დაბადება 45: 17-32), ნაბუქოდონოსორმა იცოდა სამეფოების და ქრისტეს შესახებ (დანიელი 2: 28-45), ბალაამმაც იცოდა ქრისტეს შესახებ (რიცხვთა 24: 17).
ყოველი ადამიანი, ვინც წინასწარმეტყველებს, არ არის წინასწარმეტყველი, ხოლო ყოველი წინასწარმეტყველი კი – წინასწარმეტყველებს. მსგავსად ამისა, მართალი ის კი არ არის, ვინც რაიმე სამართლიან საქმეს გააკეთებს, არამედ ის, ვინც სიმართლეს აკეთებს იმის მიხედვით, როგორც ნათქვამია: „სიმართლეს, სიმართლეს მიჰყევი” (II რჯული 16: 20). როგორც ვნახეთ, კაიაფამ იწინასწარმტყველა, მაგრამ იგი არ არის წინასწარმეტყველი.
54. ხოლო იესუ არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიათა შორის, არამედ წარვიდა მიერ სოფელსა, მახლობელად უდაბნოსა, ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ეფრაიმ, და მუნ დაადგრა მოწაფითურთ თჳსით. 55. ხოლო იყო მახლობელ პასექი იგი ჰურიათაჲ, და აღვიდეს მრავალნი იერუსალჱმდ სოფლებისაგან უწინარეს მის პასექისა, რაჲთა განიწმიდნენ თავნი თჳსნი. 56. ხოლო ჰურიანი ეძიებდეს იესუს და იტყოდეს ურთიერთას, დგეს რაჲ ტაძარსა შინა: ვითარ ჰგონებთ თქუენ, არა-მე მოვიდესა დღესასწაულსა ამას? 57. რამეთუ მიეცა მცნებაჲ მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა, რაჲთა, უკუეთუ ვინმე უწყოდის, სადა არს, აუწყოს მათ, რაჲთა შეიპყრან იგი.
ამიტომ იესო ცხადად კი აღარ დადიოდა იუდეველთა შორის, არამედ უდაბნოს მახლობლად მდებარე ქალაქში განმარტოვდა, რომელსაც ჰქვია ეფრაიმი, და იყო იქ თავის მოწაფეებთან ერთად. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და იმ მხრიდან მრავალი ავიდა იერუსალიმს, რათა პასექის წინ გაწმენდილიყო. ეძიებდეს იესუს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: როგორ გგონიათ, მოვა თუ არა დღესასწაულზე? ვინაიდან მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს ბრძანება გაეცათ, რომ თუ ვინმე გაიგებდა, სად იყო, მათთვის უნდა ეცნობებინა, რაითა შეეპყროთ.
როცა უფალი გაიგებს იუდეველთა განაჩენს მის მიმართ, იგი განეშორება მათ, ცხადად აღარ დადის მათ შორის. იესო ამას არ აკეთებს შიშის გამო, არამედ მას სურს, რომ ჩვენ, მის ჭეშმარიტ მორწმუნეებს, გვასწავლოს, რომ ჩვენ თვითონ, ჩვენი ნებით, არასდროს განსაცდელში არ ჩავვარდეთ (არ შევიდეთ), გინდაც ეს იყოს ღვთის მსახურების გამო, ჩვენ თვითონ, ჩვენი ნებით, არ ჩავვარდეთ განსაცდელებში, რადგან არ ვიცით ეს განსაცდელი (ეს საქმე) როგორ დამთავრდება! (რა ბოლო ექნება!), ხოლო თუკი ვინმე დაგვიჭერს, ვიყოთ მტკიცედ და მხნედ!
შეხედე, როგორი სულელურია (უაზროა) იუდეველთა განზრახვა! დღესასწაულის დროსაც კი მათ აქვთ ბოროტი (აზრი) განზრახვა უფლის მოკვლის და თან, ამავე დროს სურთ, რომ განიბანონ (ცოდვებისაგან). პასექის დღესასწაულს ისე არ ჩაატარებდნენ, თუ არ იმარხულებდნენ, თუ არ განიბანებოდნენ სპეციალურ, წმინდა საბანელებში, და ასევე, – წინადაცვეთას და მსხვერპლშეწირვას თუ არ შეასრულებდნენ ასეთი, ყველაზე „კარგები“ თანხმდებოდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა შეეპყრათ (დაეჭირათ) და მოეკლათ იგი. ისინი ერთმანეთს ეკითხებიან: „ვითარ ჰგონებ თქვენ, არა – მე მოვიდესა დღესასწაულსა ამას?“
როგორი სიძულვილია და სიბოროტე! დღესასწაულზე, საერთოდ წესია, ნამდვილი ბოროტმოქმედების განთავისუფლება, ხოლო ესენი კი – რა სიბოროტეს (ზრახავენ) უდანაშაულო უფლის მიმართ!
უფალი განეშორება მათ. თუკი წინასწარმეტყველთაგან უწყებული სიტყვა ღვთისა ადრე ხილულად დაიდოდა იუდეველთა შორის, ახლა - განეშორება მის მოძულე ადამიანებს და მიდის უდაბნოში - წარმართთა ეკლესიაში, რომლის შესახებაც ნათქვამია, რომ მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს“ (ესაია 54: 1).
ახლოა ქალაქი ეფრაიმი – ესაა თვითონ ეფრემის უდაბნო, რომელიც ნიშნავს „ნაყოფიერებას“. ეფრემი – უმცროსი ძმა იყო, ხოლო მანასე კი – უფროსი. მანასე – ნიშნავს „დავიწყებას“. მაშასადამე, იუდეველი ხალხი იყო ღმერთის უფროსი ძე, რამეთუ ნათქვამია – „ჩემი პირმშო შვილია ისრაელი” (გამოსვლა 4: 22), მაგრამ ღმერთმა იგი დაივიწყა: ხოლო ეფრემი კი, რომელიც ნიშნავს წარმართებისგან - ნაყოფიერებას, უფალმა თავის მეორე შვილად აღიარა.
მაშ, სიტყვამ (ღვთისამ), დატოვა რა იუდეა, გავიდა ეფრაიმის უდაბნოში, რომელიც არის წმ. სახარებით განაყოფიერებული წარმართთა ეკლესია.
თავი 1 | თავი 2 | თავი 3 | თავი 4 |
თავი 5 | თავი 6 | თავი 7 | თავი 8 |
თავი 9 | თავი 10 | თავი 11 | თავი 12 |
თავი 13 | თავი 14 | თავი 15 | თავი 16 |
თავი 17 | თავი 18 | თავი 19 | თავი 20 |
თავი 21 |