ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
იოანეს სახარების განმარტება

 

თავი მერვე

 

1. ხოლო იესუ წარვიდა მთასა მას ზეთის ხილთასა. 2. და განთიად კუალად მოვიდა ტაძრად. და ყოველი ერი მოვიდოდა მისა მიართ, და დაჯდა და ასწავებდა მათ. 3. ხოლო მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოიყვანეს მისა დედაკაცი, რომელი ცხადად ერსა ზედა დაეპყრა მრუშებასა, და დაედგინეს იგი შორს 4. და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ესე დედაკაცი ცხადად მრუშებასა დაეპყრა. 5. და მოსე ამცნო სჯულსა შინა ჩუენსა ესევითართა ქვისა დაკრებაჲ. შენ უკუე რასა იტყჳ? 6. ხოლო ესე თქუეს და გამოსცდიდეს მას, რაჲთა აქუნდეს შესმენად მისა, ხოლო იესუ ქუეყანად დადრკა და თითითა ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა. 7. და ვითარ მყოვარ დგეს და ჰკითხვიდეს მას, აღემართა ზე და ჰრქუა მათ: ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაჲ მაგას ზედა. 8. და კუალად ქუე დადრკა და წერდა ქუეყანასა. 9. ხოლო მათ, ვითარცა ესმა, მხილებულნი სჳნდისისაგან, განვიდოდეს თითოჲ, იწყეს მოხუცებულითგან, ვიდრემდის დაშთა თავადი მარტოჲ, და დედაკაცი იგი დგა შორის. 10. ხოლო იესუ აღემართა და არავინ იხილა, გარნა დედაკაცი იგი და ჰრქუა მას: სადა არიან შემასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხა შენ? 11. ხოლო მან ჰრქუა: არავინ, უფალო! ხოლო იესუ ჰრქუა მას: არცა მე განგიკითხავ შენ; წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ. 12. მერმეცა ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ.

იესო ზეთისხილის მთისკენ გაემართა. დილით კვლავ მივიდა ტაძარში. მთელი ხალხი მასთან მივიდა. დაჯდა და ასწავლიდა მათ. მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს. უთხრეს მას: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული. მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო ასეთების ჩაქოლვა. შენ რაღას იტყვი?“ ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა მისი საწინააღმდეგო ბრალდება ჰქონოდათ. მაგრამ იესო ძირს დაიხარა და მიწაზე თითით წერდა. რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, გასწორდა და უთხრა მათ: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა!“ კვლავ დაიხარა და განაგრძო წერა მიწაზე. მოისმინეს რა სინდისმხილებულებმა, სათითაოდ გაიკრიბნენ, უხუცესებიდან დაწყებული. დარჩა მარტო იესო, და შუაში მდგომი ქალი. გასწორდა იესო, ვერ დაინახა ვერავინ, იმ დედაკაცის მეტი, და უთხრა მას: „დედაკაცო სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“ მან უპასუხა: „არავინ უფალო!” იესომ უთხრა: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ. იესო კვლავ ეუბნებოდა და უთხრა მათ: „მე ნათელი ვარ წუთისოფლისა, ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.“


როდესაც ნიკოდიმოსმა გონიერად ამხილა ფარისევლები რჯულის საწინააღმდეგო საქმიანობაში (გადაწყვეტილებაში), ისინი იმედდაკარგულები, უხეშად და გაბოროტებითაც კი, შეიძლება ითქვას ეუბნებიან ნიკოდიმოსს: „შენც გალილეიდან ხომ არ ხარ?“ მათი ასეთი პასუხი დიდ უგუნურებად უნდა ჩაითვალოს. ეს ხალხი გამოიძიე და მიხვდები, რომ გალილეიდან არ მოვა წინასწარმეტყველი. მათი ასეთი დამამცირებელი ლაპარაკი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხალხი ნიკოდიმოსს გაუნათლებლად თვლის: – წადი და ისწავლე, რადგან აქამდე ვერ შეგისწავლია – დამცირებით ეუბნებიან ისინი, – არ იცი, რომ გალილეიდან არ მოვა წინასწარმეტყველი.
ასეთი საუბრებით ფარისევლები დასცინიან ნიკოდიმოსს, როგორც უწიგნურს და გაუნათლებელს. მაგრამ ჰოი, თქვენ, ფარისევლებო! რა თქვა ნიკოდიმოსმა? მას არ უთქვამს, რომ იესო წინასწარმეტყველია, მან გითხრათ თქვენ, რომ მისი მოკვლის უფლება ჩვენი რჯულის მიხედვით არა გაქვთო, სანამ არ გამოვიძიებთ, ამ ადამიანმა რა დანაშაული ჩაიდინა და სანამ მას არ მოვუსმენთო. ეს როგორ არის, მან სხვა რამ გითხრათ, თქვენ კი – სულ სხვა რამეს პასუხობთ!
იესოს მტრები გამუდმებით კიცხავდნენ მას გალილეიდან წარმოშობის გამო და უფალს უწოდებდნენ ერთ-ერთ წინასწარმეტყველს, ხოლო იესო კი ეუბნება მათ, რომ იგი არ არის წინასწარმეტყველი, არამედ: „მე ვარ ნათელი სოფლისაი“, ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც არ შემოიფარგლება გალილეის და პალესტინის საზღვრებით, მე ვარ, – ამბობს უფალი, – მთელი ქვეყნიერებისთვის მოსული ნათელი და ყველა ადამიანის მეუფე, მე ვარ – ის, ვისზედაც წინასწარმეტყველი ამბობს: „დაგადგინე აღთქმად ერისითვის, სინათლედ ხალხებისთვის“ (საია, თ. 42.6).
ამ გამოთქმით ნესტორის მხილებაც შეგიძლია, რამეთუ უფალმა ასე კი არ თქვა: - ჩემშია მთელი ქვეყნის, არამედ, თქვა: - მე ვარ ნათელი.
ვისაც ვხედავდით როგორც ადამიან, იგი იყო ძე ღვთისაც და ნათელი ქვეყანისაც და არა ისე, როგორც უქმადმეტყველებდა ნესტორი, თითქოს ძე ღვთისა იყო ჩასახლებული უბრალო ადამიანში! არამც და არამც! წმინდა მარიამის ძეც და ღმერთის ძეც - ეს ერთი და იგივე პიროვნებაა, – ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე!
- „რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა“ – ამბობს უფალი, ““არამედ აქუნდეს (ე. ი. ჰქონდეს) ნათელი ცხოვრებისაი“.
- ე.ი გაურკვევლობაში, სიბენლეში არ დარჩება. ამ ნათქვამით უფალი მოუწონებს და ამხნევებს ნიკოდიმოსს და მსახურებს, რომლებმაც ირწმუნეს ქრისტე და არიან ამ რწმენით ნათელში, ხოლო ფარისევლებს კი მოკრძალებით მიანიშნებს, რომ ისინი იმყოფებიან სიბნელესა და გაურკვევლობაში,

13. ჰრქუეს მას ფარისეველთა: შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ. 14. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: დაღაცათუ მე ვწამო თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაჲ მოსრულ ვარ და ვიდრე მივალ; ხოლო თქუენ არა იცით, ვინაჲ მოვედ და ვიდრე ვალ.

ფარისევლებმა უთხრეს: „შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე. შენი მოწმობა არაა ჭეშმარიტი.“ იესომ მიუგო მათ პასუხად: „მე თუ ჩემ თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ.

როცა უფალმა თქვა ,,მე ვარ ნათელი სოფლისაი”, მისმა მტრებმა დაიწყეს მისი გამტყუნება, თუ რატომ მოწმობს იგი თავის თავზე. ჰოი, კაცთა უგუნურება! უფალს ხშირად მოჰყავს მოწმობა თავის თავზე წმინდა წერილიდან, ხოლო მისი მტრები კი მას ამტყუნებენ ამის გამო. მე, როცა ჩემს თავზე ვამოწმებ, ამბობს იესო, მე მყავს ამის თაობაზე სამი მოწმე: ჩემი მამა, ჩემი საქმეები და წმინდა წერილი, რაზედაც ზემო თავებში მოგახსენეთ: (იოანე 5:33, 36, 37, 39).
დავუშვათ, რომ მე ვამოწმებ საკუთარ თავზე. რა მოხდა მერე? ჩემი მოწმობა – ჭეშმარიტია იმიტომ, რომ მე ვარ ძე-ღვთისა, და არა უბრალო ადამიანი, არამედ მოსული (გარდამოსული), როგორც - ღმერთი!
როგორ შეიძლება, ჩემი მოწმობა ცრუ იყოს, როცა მე – ღმერთი ვარ და ვიმსახურებ რწმენას ადამიანთაგან? და ამასთან ერთად უნდა ვთქვა ისიც, რომ მე წავალ ჭეშმარიტ ღმერთთან, ე. ი. ჩემს მამასთან. როგორ-ღა ვიტყვი სიცრუეს, თუკი მე ჭეშმარიტ ღმერთთან ვაპირებ წასვლას?

15. თქუენ ჴორცთაებრ სჯით, ხოლო მე არავის ვსჯი. 16. უკუეთუ ვსჯიდე მე, სასჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა ვარ მარტოჲ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ.

თქვენ ხორცის მიხედვით განსჯით, მე კი არავის არ განვსჯი. მე თუ განვსჯი, ჩემი მსჯავრი ჭემმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, რომელმაც მე მომავლინა.

მე, როგორც ღმერთი, – ამბობს იესო, და ზეციდან მოსული ჩემს თავზე ვმოწმობ ჭეშმარიტებას: ხოლო თქვენ კი ხილულად, ხორციელად განსჯით და რადგანაც მე ხორციელად ვარ თქვენს გვერდით, ამიტომ მე მთვლით უბრალო ადამიანად, და არა, ღმერთად, რომელიც მოვედი ასევე ღმერთისგან.
– „თქვენ ხორცთაებრ სჯით” – ამბობს იესო, ე.ი. თქვენ ცდებით.
ამაზე, თითქოს ვიღაცამ თქვა: თუ ჩვენ, იუდეველები, უსამართლოდ გასამართლებთ, მაშინ შენ რატომ არ დაგვსჯი, რატომ არ გაგვასამართლებ?
ხოლო უფალი ეუბნება მათ: – „მე მაგისთვის არ მოვსულვარ, რომ გავასამართლო. ამჟამად, მე არავის არ ვასამართლებ, მაგრამ თუ მაინც გადავწყვეტდი ვინმეს გასამართლებას, ჩემი სასამართლო (სამართალი) ჭეშმარიტია და თქვენ გასამართლებულები იქნებოდით. ამჟამად კი რჩებით ჩემი გასამართლების გარეშე, რადგან ჩემთვის ჯერ არ დამდგარა დრო – სხვების გასამართლების და ამისთვის მე მაქვს გამოყოფილი განსაკუთრებული დრო – ჩემი მეორედ მოსვლა!“
ასევე ლაპარაკობს უფალი წმ. სახარების სხვა ადგილებშიც: – „რამეთუ არა მოვედ მე სჯად სოფლისა, არამედ რაითა ვაცხოვნო სოფელი” (იოანე 12: 47) და ყველას მსაჯული (მოსამართლე) რომ იესოა, მოისმინე უტყუარი, ჭეშმარიტი ბაგეებიდან თქმული: „მამამ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა“ (იოანე 5: 22).
ამიტომ, როცა გაიგებ უფლის სიტყვებს: მე არავის არ განვსჯი (არ ვასამართლებ), ეს გაიგე იმ მხრივ, რომ იესომ ეს თქვა თავის პირველ მოსვლაზე და არა მომავალ, მეორედ მოსვლაზე. ასევე სხვა რამეც თქვა: მე მარტო არა ვარ, არამედ მამაჩემიც ჩემთან ერთად არის, მე მარტო კი არ გასამართლებთ, არამედ ჩემთან ერთად – მამაჩემიც. მე სხვანაირად კი არ განვსჯი, არამედ ისევე, როგორც მამაჩემი, ჩვენი მსჯავრი ერთნაირია.

17. რამეთუ სჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს. 18. მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ.

თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმრიტია. მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამა, რომელმაც მე მომავლინა.

არიოზელები და ევნომიანელები, რომლებიც ძეს არ სცნობენ მამის ერთარსად, დე გვითხრან: თუ იესო არ იყო მამის ერთარსი, მაშინ როგორ გაბედავდა ეთქვა ასეთი რამ, რომ მეც გამაჩნია მამაჩემივით უტყუარი მოწმობა?
თუკი, ორი ადამიანი მოწმობს რაიმეს და მათი მოწმობა ჭემმარიტია, ბუნებრივია, რომ მათი მოწმობაც უტყუარია და ერთნაირია, ამ შემთხვევაშიც უფალი ამტკიცებს, რომ მისი მოწმობა არაფრითარ არის ნაკლები მამის მოწმობაზე.
რამეთუ მისმინე, როგორი ძალაუფლებით ამბობს უფალი შემდეგ, მე თვითონ ვამოწმებ ჩემს თავზე და ჩემი მამაც მოწმობს ჩემზე. თუ ხედავ შენ ძალაუფლების თანასწორობას, და თავის თავს იესო ისევე დამაჯერებლად რომ წარმოაჩენს, როგორც მამა? ამას იესო ვერ იტყოდა, თუ იგი თავის მამაზე ღირსებით დაბლა იქნებოდა, ან თანასწორი და ერთარსი მისი რომ არ იყოს!
მას რომ ჰქონოდა სურეილი ეჩვენებინა სხვებისთვის, რომ იგი რაიმეთი მცირეა მამაზე, ან რამეში უთმობს მას უპირატესობას. მაშინ მამას არ გაუტოლებდა თავს და თავის მოწმობას – მამამისის მოწმობას არ მიუსადაგებდა.
ამ საუბრისას უფალს სურს უჩვენოს იუდეველებს თავისი ერთარსობა მამა უფალთან, ამიტომაც თავის თავს უთანაბრებს მამას.
თუ სახარების სხვა ადგილებში მას თავის მოწმეებად მოყავს წმ. მოსე, წმ. იოანე და სხვა წინასწარმეტყველები, შენ ეს არ გაგიკვირდეს, რადგანაც ამას უფალი აკეთებს იმისთვის, რომ მისმა მსმენელებმა უფრო ადვილად გაიგონ მისი ლაპარაკი (საუბრები). ეს ხალხი (იუდეველები) ქრისტეზე მაღლა აყენებდა წმ. იოანე ნათლისმცემელს და წმ. მოსეს, ამიტომაც უფალს თავის მოწმედ მოჰყავს ის ხალხი, ვისაც იუდეველები თვლიდნენ უდიდეს და ღირსეულ ადამიანებად.
უმაღლესი წარმოდგენა ჰქონდათ მათ მამა-ღმერთზე: ამიტომაც იესო ეხლა თავის მოწმედ ასახელებს თვით მას, თავის მამას, ყოველთა ღმერთს და მეუფეს. და რადგანაც უფალი ქრისტე თავის თავს უტოლებს ასეთ უცოდველ და უტყუარ მოწმეს, მაშინ უეჭველია, რომ მას აქვს მამისნაირი ძალაუფლება და თანასწორობა.
ხოლო მათ კი, ვინც ქრისტეს მონას უწოდებს და მამაზე ნაკლებად აღიარებს, მათ ძალიან უნდა შერცხვეთ!

19. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: სადა არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. 20. ამას სიტყუასა ეტყოდა ფასის საცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოსრულ იყო ჟამი მისი.

მაშინ ჰკითხეს მას: „სად არის მამაშენი?“ იესომ უპასუხა: „არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ეს სიტყვები წარმოთქვა საგანძურთან, როცა ტაძარში ასწავლიდა. ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი.

იმის გამო, რომ იუდეველები გამოსაცდელად ეკითხებოდნენ იესოს მისი მამის შესახებ, და არა იმისთვის, რომ შეეცნოთ ღმერთის ჭეშმარიტება, უფალი მათ კითხვას არ პასუხობს და ასე ეუბნება თავის მტრებს: „არცა მე მიცით, არცა მამაი ჩემი“, ეს ნიშნავს: არ შეგიძლიათ შეიცნოთ მამაჩემი – ჩემს გარეშე (ანუ ჩემი დახმარების გარეშე). თუმცა თქვენ კი ფიქრობთ, რომ თაყვანს სცემთ ღმერთს, მაგრამ რადგანაც არ გწამთ, რომ იგი ჩემი მამაა, ჩემი, როგორც მისი ჭეშმარიტი ძისა, ამის გამო თქვენ არავითარი სარგებელი არა გაქვთ. თქვენ წესიერად არც კი იცნობთ მამაჩემს! სხვა მხრივ, თქვენ რომ მას იცნობდეთ, მაშინ მეც მცემდით პატივს. ეხლა კი, თქვენ როგორც მე არ მცნობთ და პატივს არ მცემთ, ასევე მასაც ღირსეულ პატივს არ მიაგებთ, სამწუხაროა, რომ თქვენ უკუღმა ფიქრობთ.
თქვენ რომ მე არ მიცნობთ, ამაში მარტო თქვენ ხართ დამნაშავე და არავინ – სხვა.
ხომ გესმის, უკეთურო ადმაიანო? თუ შენი აზრით, ძე – ქმნილებაა, მაშინ ქმნილებამ საიდან იცის ღმერთის არსება (როგორ შეიცნობს ქმნილება (ღმერთს)? ნუთუ დაიწყებ იმის მტკიცებას, რომ ვინც ქმნილებას იცნობს, იგი – ღმერთსაც იცნობს? არავითარ შემთხვევაში. რამეთუ ბევრმა იცის ქმნილება და ზოგი ხედავს კიდეც, მაგრამ ღმერთს ვერავინ ვერ ხედავს და მას არ იცნობს. თუ ქრისტე - მამის ერთარსი არ იყო, მაშინ როგორ იტყოდა ამას: - თქვენ მე რომ მიცნობდეთ, მაშინ მამაჩემიც გეცოდინებოდათ (გეცნობებოდათ). ვინც იცნობს ანგელოზის არსებას, იგი ჯერ არც კი იცნობს ღმერთის არსებას (რაობას). თუკი ვინმე იცნობს ძეს, იგი იცნობს - მამასაც, მაშინ მიხვდება, რომ ძე - თავის მამასთან ჭეშმარიტად ერთი და იმავე არსებისაა.
„ამას სიტყვასა ეტყოდა ფასის საცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა შინა.“ ასე თამამად იქცეოდა იგი თავისი მკვლელების წინაშე! თუმცა, მისი მკვლელობის სურვილით შეპყრობილმა იუდეველებმა, ვერ გაბედეს მისთვის ხალი ეხლოთ მიუხედავად იმისა, რომ იესო მათ შორის იყო. ამ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი უფალი რომ ხელშეუხებელი იყო მისი ხილული მტრებისგან, ვერ ხვდებოდნენ ისინი, რომ ეს იყო ჭეშმარიტად ღვთიური ძალის ზემოქმედებით, რადგანაც ეს ხალხი ჯერ კიდევ პასექამდე ფიქრობდა იესოს მოკვლას, ეძებდა და უსაფრდებოდა მას. მაშინაც კი, როცა უფალი მათ დასაჭერ ბადეებში იყო, ე. ი. მათ შორის იყო, მას ხელი ვერავინ ვერ დააკარა, მიუხედავად ამისა, იუდეველები არ აღიარებენ იესოს ყოვლისშემძლე ძალას, ასე ამბობს მახარებელი, რადგანაც ჯერ არ დამდგარიყო მისი სიკვდილისთვის, ჯვარცმისთვის დადგენილი დრო და საათი, რომელიც თვითონ დაიდგინა უფალმა.
მაშინაც კი, მისი მტრები მას ვერაფერს ვერ დააკლებდნენ, რომ არ ყოფილიყო ღმერთისგან, ზემოდან მოცემული განსაზღვრული დრო – ჯვარცმისთვის, ეს დრო კი იესომ თავის თავს თვითონ დაუდგინა!
უფლის ჯვარცმა უძლურების საქმე კი არ იყო, არამედ – ნებადართული, რამეთუ მან (მამამ) როცა ინება, მაშინ დართო ნება. იუდეველებს დიდი ხანია სწყუროდათ მისი მოკვლა, მაგრამ ღმერთის უხილავი ძალით ისინი ვადამდე იყვნენ შეკრულები (შებრკოლებულები). რამეთუ იესოსთვის საჭირო იყო ხორციელად დიდხანს დარჩენილიყო მიწაზე, რადგანაც უფრო მეტ ადამიანს მიეღო სულიერი სარგებელი და მისი ჭეშმარიტი რწმენა უფლისმიერი სასწაულებით და მისი ღვთიური სწავლებით.
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ იუდეველებმა საწყენად და დასამცირებლად უთხრეს უფალს – ,,სად არს მამაი შენი?“ რადგანაც იესოს მიწიერი მამა - წმ. იოსები იყო ღარიბი და სიტყვებით - „სად არს მამაი შენი”? იუდეველები თითქოს ეუბნებიან იესოს – შენი მამა ხომ უცნობია და დაბალი წარმოშობისაა, რიღასთვის გვახსენებ მუდმივად მას?

21. მერმე ჰრქუა მათ იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე და არა მპოოთ და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ; და ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად. 22. იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ნუუკუე მოიკლავს თავსა თჳსსა, რამეთუ იტყჳს: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად? 23. და ეტყოდა მათ იესუ: თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, ხოლო მე არა ამის სოფლისაგანი ვარ. 24. გარქუ თქუენ, ვითარმედ მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა.

მან კვლავ უთხრა მათ: „მე მივდივარ. თქვენ ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვაში დაიხოცებით. სადაც მე მივდივარ, თქუენ ვერ მოხვალთ. იუდეველებმა თქვეს: „თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლასო?“ უთხრა მათ: „თქვენ ქვენანი ხართ, მე კი ზემოთიდან ვარ; თქვენ წუთისოფლისანი ხართ, მე კი წუთისოფლისა არა ვარ. ამიტომ გითხარით: თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი. რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით.“

რისთვის ეუბნება იესო იუდეველებს ხშირად: „მე წარვალ, და მეძიებდეთ მე“? იმისთვის, რომ გამოაფხიზლოს და უფლის შიში მიჰმადლოს მათ. რამეთუ, შეხედე, ისინი როგორ განსაცდელში ჩავარდნენ მაშინვე: ისინი, გაურკვევლობაში მყოფნი ერთმანეთს ეუბნებიან: „ნუუკუე მოიკლავს თავსა თვისსა?“
მართალია, მათ სურდათ მოეცილებინათ იესო და მისი მოკვლაც სურდათ, მაგრამ ახლანდელ მდგომარეობას ისეთი დიდი ჩინებულებით, სიდიადით შეხვდნენ, რომ იესოს ასეთი ნათქვამით გაურკვევლობაში ჩავარდნენ.
უფალი ამბობს: „მე წარვალ”, ამ სიტყვებს იგი ხშირად იმეორებს, რათა მიახვედროს ადამიანები, რომ მან წინდაწინ იცის თავისი ჯვარცმის და თავისი სიკვდილის შესახებ, რომელიც მათი ძალისმიერი საქმე კი არ არის, არამედ – უფლის საკუთარი ნებაა.
„მე წარვალ” – ამბობს იესო: თქვენ კი არ წამიყვანთ, არამედ მე თვითონ, ნებაყოფლობით მივდივარ. „ვიდრე-იგი მე მივალ, თქვენ ვერ ხელ-გეწიფების მოსვლად?“ ამ სიტყვებით უფალს სურს აჩვენოს მათ, რომ იგი ჭეშმარიტად აღდგება მკედრეთით – დიდებით და დაჯდება ღმერთის მარჯვნივ, ხოლო ისინი კი - გარდაიცვლებიან თავიანთ ცოდვებში. ამაზე რას პასუხობენ იესოს იუდეველები? „ნუუკვე მოიკლავს თავსა თვისსა?“
უფალი უარყოფს მათ ასეთ აბრებს და უხსნის, რომ თვითმკვლელობა – არის ბოროტმოქმედება და ეუბნება: „თქვენ ქვეყანისაგანნი ხართ“ და არ შეგიძლიათ იფიქროთ რაიმე ზეციურზე, ამიტომაც თქვენთვის ბუნებრივია ასეთი აზროვნება; მაგრამ „მე არა ამის სოფლისაგანი ვარ ე.ი. მე არ ვზრუნავ არაფერზე – მიწიერზე და ამქვეყნიურზე, ამიტომაც, არასდროს არ შემიძლია ჩავიდინო ასეთი უგუნურება, როგორიცაა – თვითმკვლელობა; რამეთუ ეს არის საეშმაკო საქმე, და არა – ღვთიური საქმე.
როგორ ავხსნათ იესოს ეს გამოთქმა: „მე არა ამის სოფლისაგანი ვარ“, ე. ი. მე თქვენნაირი არა ვარ, რომლებიც მიწიერზე ზრუნავთ. მსგავსად ამისა, პავლე მოციქულიც ეუბნება ზოგიერთებს: „თქვენ არა ხართ ხორცთა შინა“ (რომ. 8: 9), ამას იმიტომ კი არ ამბობს დიდი მოციქული, თითქოს ისინი უსხეულო არსებები იყვნენ, არამედ ამით ამოწმებს მათ ხორციელი ვნებებიდან განთავისუფლებას, ანუ ცოდვებისაგან განწმენდას.
რას ეუბნება უფალი კვლავ ამ ხალხს: „მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქვენთა. უკეთუ არა გრწმენეს ჩემი”.
თუ უფალი იმისთვის მოვიდა ამ ქვეყნად, რომ თვითონ აეღო მთელი ქვეყნიერების ცოდვა (იოანე 1:29), ხოლო ცოდვების მოტევება კი შეიძლება ჭეშმარიტი ნათლობის გზით, ხოლო ნათლობას კი იქამდე ვერ მივიღებთ, სანამ ღმერთის რწმენა არ გვექნება, აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ ურწმუნო აუცილებლად დაიღუპება თავის ცოდვებში, თუ არ მიიღებს ქრისტეს ჭეშმარიტ ნათლობას და ამ გზით ძველ, ცოდვილ ადამიანს არ განიშორებს (არ განიძარცვავს).
ამიტომ უფალი სხვა ადგილას ამბობს: „რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს” (იოანე 3:18), არა მარტო იმიტომ, რომ ღმერთი არ ირწმუნა, არამედ იმიტომაც, რომ იღუპება თავის ძველ ცოდვებში.

25. ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ. 26. მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად, არამედ რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს, და რაჲ-იგი მესმა მისგან, მას ვიტყჳ სოფელსა ამას შინა. 27. ხოლო მათ არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ.

მაშინ უთხრეს მას: „ვინ ხარ შენ?“ იესომ უთხრა მათ: „რას გეუბნებოდით თავიდანვე. ბევრი მაქვს თქვენზე სალაპარაკო და სამსჯავრო, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია, და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლპარაკობ წუთისოფელზე.“ ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ.

გავიდა საკმარისი დრო შემდეგ, რაც უფალმა იუდეველ ხალხს მრავალი სასწაული უჩვენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ეკითხებიან იესოს: „და შენ ვინ ხარ?” როგორი უგუნურები, უსამართლოები და დამცინავები იყვნენ ისინი!
უფალი მათ ეუბნება: მე იგივეს გეუბნებით თქვენ, რაც თავიდან გითხარით. თქვენ არ ხართ ღირსები, რომ მოისმინოთ ჩემი საუბრები, ან მიხვდეთ იმას, მე – ვინ ვარ; რამეთუ თქვენ ყველაფერს ლაპარაკობთ ჩემი გამოცდის მიზნით, და არა იმ სურვილით ხართ აღვსილნი, რომ ჩაწვდეთ და გაიგოთ ჩემი სწავლება. მე შემიძლია, ეუბნება უფალი, თქვენ გამხილოთ ამაში და დაგსაჯოთ კიდეც: „მრავალი მაქვს თქვენდა სიტყვად და განკითხვად” – ეუბნება იესო მათ.
გამოთქმა – „მრავალი მაქვს თქვენდა სიტყვად” მიუთითებს უფლის მხილებაზე მათ მიმართ, ხოლო სიტყვა – „განკითხვა – ნიშნავს უფლისგან მათ გასამართლებას და სასჯელს. მაგრამ, ამბობს უფალი, ჩემმა წარმომგზავნელმა მე ქვეყნიერების გადასარჩენად გამომგზავნა, და არა იმისთვის, რომ ვინმე გავასამართლო ან ვამხილო (იოანე 3:17.). და რადგანაც, ჩემი მამა ჭეშმარიტია და მან მე, თავისი ერთადერთი ძე, გამომგზავნა ადამიანთა საცხოვნებლად (გადასარჩენად), ამიტომაც მე ამჟამად არავის არ ვასამართლებ, არამედ ვამბობ მხოლოდ იმას, რაც ჩემი მამისგან გავიგონე, ე. ი. რაც ემსახურება ადამიანთა ცხოვნებას, და არა – მხილებას.
ყოველივე ამას მაცხოვარი ეუბნებოდა იუდეველებს იმისთვის, რომ მათ არ ჰგონებოდათ ის, რომ იესოს არ შეეძლო მათი დასჯა – მისი უძლურების გამო. უფალი მათ აჩვენებს, რომ იგი უძლური კი არ არის, არამედ მათი დასჯა შეუძლია, თუმცა იგი ამჯერად არ მოსულა დასასჯელად, არამედ მათ გადასარჩენად და საცხოვნებლად.
როცა იგი ასე ესაუბრებოდა მათ, ისინი ისეთი უგუნურები იყვნენ, რომ ვერ მიხვდნენ იმას, რომ იესო თავის მამაზე ლაპარაკობდა; მაგრამ მართლაც რომ. დაბნელდა მათი გულები (რომ. 1:21).
ზოგიერთებს კი ეს გამოთქმა ასე ესმით: „რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს“ - მე შემეძლო, ეუბნება მაცხოვარი, ეხლაც გამესამართლებინეთ, მაგრამ ამ საქმეს, უმჯობესია, გადავდებ მომავალი საუკუნისთვის. ხოლო თქვენ კი არა გწამთ და შურისგების დროს (ჟამს) არაფრად აგდებთ (ყურადღებას არ აქცევთ).
თქვენ შეიძლება არა გწამთ ღმერთის, მაგრამ ჩემი მამა, ეუბნება უფალი, ჭეშმარიტია. რომელმაც დანიშნა თქვენი შურისგების დღე, ხოლო მე კი გამომგზავნა, რათა გაუწყოთ თქვენც და მთელ ქვეყანას გავაგებინო მისი ძალა და სიმართლე!

28. მერმე ჰრქუა მათ იესუ: ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყჳ. 29. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის.

ამიტომ უთხრა მათ იესომ: „როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ. ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო.“

იესომ ბევრი სასწაული აღასრულა, მაგრამ, სამწუხაროდ, იუდეველები ვერ მოაქცია თავისკენ. ახლა ის ელაპარაკება მათ ჯვარზე: – თქვენ ალბათ ფიქრობთ, ეუბნება მათ იესო, – მე როცა ჯვარს მაცვამთ, ჩემგან თავისუფლები გახდებით და ყველანაირ პასუხისმგებლობას მოიხსნით; ხოლო მე კი გეუბნებით, რომ თქვენ მალე გაიგებთ, რომ მე ვარ – ქრისტე, ძე ღვთისა, ყოველივეს მპყრობელი და მტვირთველი (ებრ. 1:3). თქვენ მიხვდებით, რომ მე მამის მოწინააღმდეგე კი არ ვარ, არამედ პირიქით არც არაფერს ვაკეთებ და არც არაფერს არ ვამბობ საკუთარი ნებით, არაფერი მაქვს მამაჩემის ნების საწინააღმდეგო. როგორ მიხვდებიან ეს ადამიანები, რომ ჯვარცმული იქნება იესო ქრისტე? იმ დროის სასწაულებით, მისი მკვდრეთით აღდგომით და მათი დატყვევებით.
მაშასადამე, ამბობს იესო მათ გასაგონად, როცა ჯვარს მაცვამთ, ყოველივეს გაიგებთ და მიხვდებით ჩემს ძალას და ასევე, ჩემს ერთაზროვნებას მამაჩემთან. რამეთუ, მე რომ არ ვიყო ღმერთის ძე და მამასთან არ მქონდეს ერთაზროვნება, მაშინ იგი ჩემს გამო შურს არ მიაგებდა თქვენს ქალაქს და რომაელებს არ მისცემდა ასაოხრებლად, ამას გააკეთებს მამაჩემი თქვენს მიმართ, ჩემი შურისგებისა გამო – ჩემი ჯვარცმისთვის და ასევე, დიდ სასწაულს გაჩვენებთ იგი ჯვარზე!
თქვენ არ გეგონოთ, – აგრძელებს უფალი საუბარს, – რომ გამოგზავნა და დესპანობა (ელჩობა) ნიშნავს ხელქვეითობას. ეს ნიშნავს, რომ მამაჩემი – ჩემთან არის.
მართალია, მან მე გამომგზავნა, როგორც ადამიანი, მაგრამ მე მასთან განუყრელი ვარ, ის კი - ჩემთან, როგორც ღმერთი – ღმერთთან.
ასეთი საუბრის შემდეგ, უფალი ისევ, მისთვის ჩვეული სიმდაბლით იუდეველთათვის გასაგებად ამბობს: „არა დამიტევა მე მარტოი მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის. იუდეველები ამბობდნენ იესოზე, რომ იგი ღმერთისგან არ არის, რადგან შაბათ დღეს არ იცავს; ხოლო უფალი კი ამბობს მათ გასაგონად (მათ საპასუხოდ): „მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის”, თუკი შაბათ დღეს ვარღვევ, ეს მისთვის სათნოა.
მისი მსმენელები, როცა ისმენდნენ ასეთ საუბრებს, რომ იესო ყველაფერს მამის სადიდებლად აკეთებდა და ამბობდა, უფრო ბეჯითად იღებდნენ მის რწმენას, რადგანაც სიმდაბლე – ძალიან ამაღლებდა უფალს. თუ ხედავ, ნეტარი სიმდაბლის ღირსებას? ეს რომ ასეა, მისმინე შემდეგ.

30. ამას რაჲ იტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი. 31. და ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ. 32. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.

როცა ამბობდა ამას, ბევრმა ირწმუნა იგი. ვინც ღვთისაგან არის, ის ისმენს ღეთის სიტყვას. მაშინ იესომ უთხრა იმ იუდეველებს, რომლებმაც იგი ირწმუნეს: „თუ ჩემ სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქუენ".

მე ვთქვი, რომ იესოს მსმენელებს ძალიან მოსწონდათ მისი მდაბალი საუბრები. ამაზე მიგვანიშნებს წმ. მახარებელი იოანეც. როდესაც შენ გაიგონებ, რომ უფალი თავის თავზე ლაპარაკობს დამამცირებლად და არასრულყოფილად, არავითარ შემთხვევაში არ შეძრწუნდე, რადგანაც იგი ასე იმიტომ ლაძარაკობს, რომ როცა მსმენელები ზებუნებრივს, ღვთაებრივს ვერ გებულობდნენ, მაშინვე მრისხანებით და სიბრაზით აღივსებოდნენ იესოს მიმართ.
როცა გაიგებ, რომ უფალი ქრისტე ბევრმა ირწმუნა, ისე გაიგე, რომ მისი სიმდაბლის გამო მოხდა ეს; ხოლო ეს კი ცხადია, რომ ხალხი არ იყო მორწმუნე.
იმ იუდეველებს, ვინც ირწმუნა ქრისტე, იგი ასე მიმართავდა: „უკუეთუ თქუენ დაადგეთ სიტყვათა ჩემთა“. ამას იმიტომ ეუბნებოდა, რომ მათი რწმენა იყო ზერელე, ზედაპირული და მის ჭეშმარიტ რწმენაში დიდხანს ვერ დარჩებოდნენ.
როცა ასე ამხილებდა მათ, უფალი თან უჩვენებდა თავის ძალას. როგორც ღმერთი, რომელმაც იცის მათი გულის ნადები.
– თუ თქვენ, ეუბნება უფალი, დარჩებით ჩემს სიტყვასა და რწმენაში, მაშინ „სცნათ ჭეშმარიტი”, ე. ი. მე შემიცნობ, რამეთუ მე ვარ ჭეშმარიტება (იოანე 14: 6), ამჟამად კი, თქვენ არ იცნობთ ჭეშმარიტებას. თუ მე შემიცნობთ, რომელიც ჭეშმარიტი ვარ, მაშინ „ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“, ეს კი ნიშნავს, რომ მე გაგათავისუფლებთ თქვენ ცოდვებისგან.
რამეთუ ვისაც სწამს ის, ვინც მთელი ქვეყნიერების ცოდვები იტვირთა, ეჭვსგარეშეა, თავისუფალია ცოდვებისგან ისევე, როგორც ურწმუნოებს უთხრა იესომ, – „ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ” (იოანე 8:21), ასევე აღუთქვა მათ, ვინც ქრისტეს რწმენაში იქნება, ცოდვებისგან განთავისუფლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ღმერთის მონები კი აღარ ვიქნებით, არამედ – ღმერთის შვილები.

33. მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: ჩუენ ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არასადა ვის ვჰმონებდით; ვითარ-ეგე შენ იტყჳ, ვითარმედ: განსთავისუფლდეთ? 34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ. 35. და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკჳდროს უკუნისამდე. 36. უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ.

მიუგეს მას: „ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ და არასოდეს არავისი მონები არ ვეყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?“ იესომ უპასუხა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა. მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ. ძე რჩება საუკუნოდ. ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.

ამპარტავანი იუდეველები ისევ მრისხანებით ამბობენ: „ჩვენ ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ. უფალი ამბობს: შეიცანით ჭეშმარიტება. ისინი ნერივულობენ მიწიერ საქმეებზე, მათ ჰგონიათ, რომ იესო ამტყუნებს მათ სხვების მონობაში და მდაბიო წარმოშობაში: „ჩვენ ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ”, იმეორებენ ისინი. იუდეველები იშველიებენ მამებს, ამიტომ, იოანე ეუბნება მათ: ნუ იტყვით, რომ „მამაი გვივის ჩვენ აბრაჰამი“ (მათე 3: 9).
როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ არავის მონები არ იყვნენ, ისინი ტყუოდნენ. რადგანაც, ისინი რამდენჯერაც იყვნენ ტყვედ აყვანილნი,იმდენჯერ დამონებულები აღმოჩნდნენ: ხან ეგვიპტელებისგან, ხან ბაბილონებლებისგან და ხან კი – სხვადასხვა ერებისგან. უფალი მათ არ ამხილებს სიცრუეში. მისი მიზანია, დაუმტკიცოს ამ ხალხს, რომ ისინი ადამიანების მონები კი არა, ცოდვის მონები არიან. ეს მონობა კი ძალიან მძიმეა, და ამისგან ისინი შეუძლია გაანთავისუფლოს მხოლოდ ღმერთს! რამეთუ ცოდვების მოტევება – ეს მხოლოდ ღმერთის საქმეა! ამიტომაც ამბობს უფალი: „ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვაი, მონაი არს იგი ცოდვისაი“, და ამის გამო, თქვენც, რადგანაც ცოდვილები ხართ, ცოდვის მონები ხართ.
ამაზე, ამ ხალხს ასე შეეძლოთ ეპასუხა: მართალია, ჩვენ ვექვემდებარებით ასეთ მონობას, მაგრამ ჩვენ გვეხმარებიან ცოდვებისგან განწმენდაში, ჩვენ მსხვერპლს ვწირავთ. უფალი კი ეუბნება მათ: იმის გამო, რომ ყველამ შესცოდა, თქვენი სამღვდელოებაც ცოდვის მონაა და ისინიც მოკლებულნი არიან ღმერთის დიდებას (რომ. 3:23); მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენს მღვდლებს, რომლებიც ცოდვის მონები არიან, არ გააჩნიათ ძალაუფლება (მადლი), რათა სხვებს მიუტეონ ცოდვები.
ხოლო მე კი, ძეს, – ამბობს იესო, – გამაჩნია ძალაუფლება და დამოუკიდებელი მთავრობა, მე ვარ სახლის მეუფე, მე მოგანიჭებთ თავისუფლებას, რადგან ყოველივე ჩემია, მე მაქვს მამასთან თანასწორი და ერთნაირი ძალაუფლება.
როდესაც მე თქვენ გაგათავისუფლებთ, მაშინ თქვენ იქნებით ჭეშმარიტად თავისუფლები. ამჟამად თქვენ ისაკუთრებთ ცრუ თავისუფლებას, ხოლო ჩემს მიერ კი არსებითად და ჭეშმარიტად იქნებით განთავისუფლებულნი ცოდვებისგან.

37. უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაჲ ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის. 38. მე რომელი ვიხილე მამისა ჩემისა თანა, მას ვიტყჳ; და თქუენ რომელი იხილეთ მამისა თქუენისა თანა, მას ჰყოფთ.

ვიცი, რომ აბრაამის შთამომავალნი ხართ, მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან ვნახე, თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც მამათქვენთან მოისმინეთ.“

თქვენ, ეუბნება უფალი მათ, აბრაამის შთამომავლებად თვლით თქვენს თავს. მე გეთანხმებით მაგაში, რომ თქვენ ხორციელად ხართ მაგ წმინდანის ნათესავები, მაგრამ მასთან არ გაქვთ სულიერი ნათესაობა. წმ. აბრაამი – მართლაც, კაცთმოყვარეა და უცხოთ შემწყნარებელი, ხოლო თქვენ კი სავსე ხართ ადამიანების მიმართ სიძულვილით და მათი მკვლელობის სურვილით. რამეთუ ჩემი მოკვლა გსურთ და ბოროტი განბრახვა გაქვთ ჩემს მიმართ.
როგორღა ითვლებით თქვენ მის შვილებად, როცა ასე შორს ხართ თქვენი მამის თვისებებისგან? თუკი თავს იქებთ მასთან ნათესაური კავშირებით, მაშინ უნდა ბაძავდეთ მის სათნოებებს.
თქვენ კი, აგრძელებს იესო საუბარს, ჩემს საწინააღმდეგოდ ეშმაკეულობთ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ნათქვამი სიტყვა თქვენში არ თავსდება და აღემატება თქვენს განსჯას, მაგრამ მე გეტყვით, რომ ამის გამო კი არ უნდა მოკლათ ვინმე, არამედ პირიქით, უნდა დააფასოთ და პატივი სცეთ და უფრო მეტად უნდა გქონდეთ სურვილი, რომ მე უკეთესად გასწავლოთ ღმერთის დოგმატები. მე ჩემგან არაფერს გასწავლით, არამედ იმას, რაც ვიხილე ჩემს მამასთან, ხოლო თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც იხილეთ თქვენს მამასთან.
მე ჩემი სწავლებით გაუწყებთ ღვთაებრივს და ზეციურს და ამ გზით ჩემს მამას გაცნობთ, ხოლო თქვენ კი - თქვენი საქმეებით თქვენს მამას, ეშმაკს ემსახურებით და წარადგენთ (წარმოადგენთ).
როდესაც გაიგებ ამ სიტყვებს” „მე რომელი ვიხილე, მას ვიტყვი“, არ გეგონოს, რომ ითქვა ხორციელ ხილვაზე, არამედ იგულისხმე ჭეშმარიტი, ბუნებრივი სწავლება, რომელიც უტყუარია (შეუმცდარია). ისე, როგორც ჭეშმარიტების მხედველი თვალები არ მოტყუვდება, ასევე, მეც ჭეშმარიტად იმას ვამბობ, რაც მამისგან გავიგე.

39. მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ. 40. ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაჰამ არა ქმნა. 41. ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა. ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით – ღმერთი.

მიუგეს და უთხრეს მას: „ჩვენი მამა აბრაამია!“ იესომ უთხრა: ,თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით. ახლა კი ჩემს მოკვლას ცდილობთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისაგან მივისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია. თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ. უთხრეს მას: „ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ჩვენ გვყავს ერთი მამა – ღმერთი“.

უფალი მათ მამად ასახელებს ბოროტ სულს, ანუ ეშმაკს, რადგან მათ საქმეებში ხედავს ბოროტი სულების მსგავსებას; ხოლო იუდეველები კი თავის ნათესავად მუდმივად აბრაამს ასახელებენ (იშველიებენ). უფალი მათ ხშირად ახსენებს ბოროტ განზრახვას მის მიმართ და უარყოფს ამ ხალხის ნათესაურ კავშირს მართალ აბრაამთან. ეს ხალხი კი, თავისი სულის ცხოვნების საქმეში საკმარისად თვლიდა აბრაამთან თავიანთ ნათესაურ კავშირს.
მაშასადამე, თქვენ, ეუბნება იესო მათ, არ ხართ აბრაამის შვილები, რადგანაც ჩემი მკვლელობის სურვილით ხართ შეპყრობილნი. მე – ადამიანი ვარ, რომელიც არ ვეძებ ჩემი თავის დიდებას, რომელიც ღმერთს არ ვეწინააღმდეგები, არამედ ვამბობ იმას, რაც მამაჩემისგან გავიგე, რომელიც ჭეშმარიტებას ამბობს. რომელი ჭეშმარიტებაა ეს? ეს ის ჭეშმარიტებაა, რომ იესო თანასწორია – მამის, როგორც მისი ძე, და არა როგორც მონა, არა როგორც რომელიმე წინასწარმეტყველი, რომელიც არაფერს არც ამბობს და არც აკეთებს თავისი ნებით, არამედ ყველაფერს აკეთებს და ისევე ამბობს, როგორც მის მამას სურს. სწორედ ეს იყო მიზეზი იუდეველთაგან იესოს მკვლელობის სურვილისა.
ეს ხალხი კი ისევ ეუბნება: „ჩვენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაი ვიცით - ღმერთი. შეხედე, რამხელა თავხედობაა! უფალი უარყოფს მათ ნათესაობას აბრაამთან, ხოლო ისინი პატივმოყვარეობის გამო, უგუნურნი, თავიანთ თავს, საკუთრივ ღმერთის შეილებს უწოდებენ.
უფალს შეეძლო მათი მხილება იმაში, რომ მრავალი მათგანი მრუშობისგან დაიბადა, რადგანაც მათი რჯულის საწინააღმდეგოდ, ებრაელი ქალები მრუშობდნენ და შვილებს აჩენდნენ წარმართებისგან, ხოლო წარმართი ქალები კი - იუდეველი კაცებისაგან; მაგრამ, უფალმა ეს არ გააკეთა, რადგანაც იგი იმაზე კი არ ზრუნავდა, რომ მათი ხორციელი (ფიზიკური) არაკეთილშობილება დაემტკიცებისა, არამედ მას სურდა დაენახვებინა მათთვის, თუ როგორი მდაბიონი იყვნენ ისინი სულიერად.

42. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ თქუენი იყო, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თჳსით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე. 43. რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით? რამეთუ ვერ ძალ-გიც სიტყუათა ჩემთა სმენად.

იესომ უთხრა: „ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა.

რადგანაც უფალმა იუდეველები გამორიცხა აბრაამის ნათესაობიდან, ამის გამო, მათ თავისი მამა უწოდეს – ღმერთს! უფალმა ისინი გაამტყუნა (ამხილა), როგორც მკვლელები, ხოლო ისინი, თავდაცვის მიზნით ამბობენ, რომ ღმერთის გამო შურს იძიებენ მასზე, იესოზე, და ამიტომაც შეკრეს პირი მის წინააღმდეგ.
ამის შემდგომ, უფალი მათ ეუბნება, რომ ისინი სულაც არ ექომაგებიან ამითი ღმერთს, არამედ პირიქით, თავიანთი ბოროტი ჩანაფიქრით სურთ მოკლან იესო, ღმერთის ძე, და რადგან მათ ასეთი ბოროტი განზრახვა აქვთ, ამიტომ არ ითვლებიან ღმერთის შვილებად, როგორც მათ ჰგონიათ, არამედ – ღმერთის მოწინააღმდეგედ უფრო ჩაითვლებიან. იესო კი ეუბნება მათ: „უკუეთუმცა ღმერთი მამაითქუენი იყო, გიყვარდიმცა მე“·
რამეთუ მე ხორციელად ღვთისგან მოვედი დედამიწაზე. მე არ ვარ ღმერთის მოწინააღმდეგე. მე – მისგან მოვედი; ამიტომაც, თუ თქვენ ჩემი წინააღმდეგი ხართ, მაშინ გამოდის, თქვენ – ღმერთის მტრები ხართ.
რატომ არ გესმით ჩემი ლაპარაკი? ვფიქრობ იმიტომ არ გსურთ გაიგოთ, სანამ თქვენში ბუდობს (არსებობს) ჩემი მკვლელობის და შურის განზრახვა (სურვილი) როგორ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი ლაპარაკი?

44. თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის-თქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცის-მკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳნ ტყუვილსა, თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს. 45. ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, და არა გრწამს ჩემი.

თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა. ხოლო, რაკი მე ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, არ გწამთ ჩემი.

იესო ამბობს: თქვენ ჩემი სიტყვების მოსმენა არ შეგიძლიათ (არ გსურთ) იმ მიზეზის გამო, რომ თქვენი მამა არის – ეშმაკი (ანუ ბოროტი სული). მართალია, თქვენი თავი ღმერთის შვილებად მიგაჩნიათ, მაგრამ თქვენი საქმეები მოწმობენ, რომ თქვენი ღვიძლი მშობელი – ეშმაკია; თქვენ გსურთ მისი სურვილები შეასრულოთ.
უფალმა არ თქვა „საქმეები“, არამედ თქვა – „სურვილები“ ამ სიტყვით მან მიანიშნა მათ, რომ იუდეველები მიდრეკილნი არიან მკვლელობისკენ და სიცრუისკენ, სიბოროტის ორი მხრისკენ, რაც დამახასიათებელია ეშმაკისთვის.
„რამეთუ იგი კაცის-მკვლელი იყო დასაბამითგან“ – ეუბნება უფალი მათ, ამიტომ თქვენც ჩემი მოკვლა გინდათ და ამით ემსგავსებით ბოროტ სულს, რომელმაც მოკლა ადამი.
უფალი აგრძელებს საუბარს: „და იგი ჭეშმარიტებასა არა დაადგრა“, არამედ იგი არის სიცრუის მამა. და თქვენც, როცა სიცრუეს ამბობთ ჩემზე, თითქოს მე ღმერთისგან არ მოვედი, მაშინ ტყუილს ამბობთ და არა ხართ ჭეშმარიტებაში, ანუ ჩემს სიტყვაში არ დგახართ, თქვენ მისი შვილები ხართ, ვინც მოიგონა სიცრუე.
რამეთუ ეშმაკი ადამიანებთან ცილს სწამებდა ღმერთს, როცა შურის გამო აცთუნებდა ევას. თანაბრად - ღმერთთან ცილს სწამებდა ადამიანებს. მაგ. იობს. როცა ამბობდა, რომ იობი ტყუილად არ სცემს პატივს ღმერთს.
„ოდეს იტყვინ ტყუვილსა, თვისისაგან გულისა იტყვინ“. როცა ადამიანები ცრუობენ, თითქოს ისინი სარგებლობენ სხვისი სიცრუით. ხოლო ეშმაკი კი ტყუილს იყენებს, როგორც თავის პირად საკუთრებას, რადგან ეს ცოდვა მან მოიგონა და მატყუარაც და სიცრუის მამაც არის თვითონ.
ხოლო მე კი არ მიჯერებთ (ჩემი კი არა გწამთ), რადგან მე გეუბნებით ჭეშმარიტებას. თქვენ ვერავითარ ბრალს ვერ დამდებთ მე, გარდა ჭეშმარიტებისა და სწორედ ამის გამო აღსდექით ჩემს წინააღმდეგ, როგორც სიცრუის მამის შვილები.

46. ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს? უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რაჲსათჳს არა გრწამს ჩემი? 47. რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს; ამისთჳს არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან. 48. მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შან, და ეშმაკი არს შენ თანა? 49. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცემ მამასა ჩემსა, და თქუენ მაგინებთ მე. 50. ხოლო მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა; არს, რომელი ეძიებს და სჯის.

რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არ გწამთ ჩემი? ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არა ხართ. მაშინ იუდეველებმა მიუგეს და უთხრეს: „განა კარგად არ ვამბობთ, რომ შენ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?“ მიუგო იესომ: „ჩემში არაა ეშმაკი, არამედ მე პატივს ვცემ მამაჩემს, თქვენ კი უპატიომყოფთ მე. თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი ღა მსჯავრმდებელი.

იუდეველები თავიანთ თავს უწოდებდნენ ღმერთის შვილებს. უფალი მათ ეუბნება: თუ თქვენ ღმერთის შვილები ხართ, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გძულდეთ ცოდვილი ადამიანები. თუ მე გძულვართ ცოდვილობის გამო, მაშინ ჯერ უნდა მამხილოთ მე ცოდვებში, ხოლო მერე კი – შემიძულოთ, თუ ვერ მამხილებთ მე რაიმე ცოდვაში, მაშინგამოდის, რომ მე შემიძულეთ ჭეშმარიტებისთვის. ისმის კითხვა: რომელი ჭეშმარიტებისთვის? უდავოდ იმისთვის, რასაც იესო ამბობდა, რომ იგი არის მამა ღმერთის ძე, რაც ჭეშმარიტებაა უდავოდ.
„რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს“ – ეუბნება უფალი ამ ადამიანებს, თქვენ რომ ღვთის შვილები ყოფილიყავით, მაშინ მე არ შემიძულებდით, ღმერთის ძეს, რომელიც ზეციდან გარდამოვედ და ვადიდებ ღმერთის სიტყვებს. ასე სიმდაბლით ელაპარაკება მათ უფალი ქრისტე. ხოლო ესენი კი, ბედავენ და თავხედურად ეუბნებიან მას: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?”
უფალს იმიტომ ეძახიან სამარიტელს, რომ სამარიტელები არღვევდნენ იუდეურ რჯულს, არ იცავდნენ შაბათი დღის მცნებას. ხოლო ეშმაკეულს ალბათ იმიტომ ამბობდნენ, რომ ბოროტ სულებს განაგდებდა, როგორც მისი მტრები ამბობდნენ, ეშმაკთა უფროსის – ბელზებულის დახმარებით (ლუკა 11:15). ხოლო, როცა იესო სასწაულებს ახდენდა და მათ გულისთქმებს და აზრებს ამხილებდა, ეს ხალხი თვლიდა, რომ ამაში უფალს ბოროტი სულები ეხმარებოდნენ.
როდის უწოდებდნენ იესოს სამარიტელს? წმ. იოანე მახარებელი არსად ამაზე არ საუბრობს. აქედან ჩანს, რომ სახარების მახარებლებმა ყველაფერი, რაც უფალმა გააკეთა, არ ჩაიწერეს და გამოტოვეს.
როგორ შეურაცხყოფენ ჩვენს უფალს, და იგი კი, ურისხველად, მშვიდად იღებს მათგან შეურაცხყოფას. მოკლედ რომ ვთქვათ, როცა ეს ხალხი თავიანთ თავს ღმერთის შვილებს უწოდებს, უფალი იცავს რა ჭეშმარიტებას, მკაცრად ამხილებს მათ, მხოლოდ, როცა მას აწყენინებენ, იგი თავის თავს არ იცავს, არამედ ითმენს სულგრძელებით. ამ მაგალითით უფალი ჩვენ (ცოდვილებს) გვასწავლის, რომ როცა ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას, სიმდაბლით და მშვიდობით დავითმინოთ, ხოლო როცა საქმე ეხება ღმერთის დიდებას, მაშინ ხმა ავიმაღლოთ და დავიცვათ იგი თამამად.
უფალი ქრისტე მშვიდად ეუბნება მათ: „ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცემ მამასა ჩემსა“. როგორ (რა გზით) სცემს პატივს იესო თავის მამას? იგი ექომაგება თავის მამას და მკვლელებს და ცრუებს არ აძლევს უფლებას, რომ თავის თავს უწოდონ მაცხოვრის და ჭეშმარიტების შვილები. თქვენ, – ეუბნება იესო, – უღირსად მექცევით მე იმის გამო, რომ მე პატივს ვცემ ჩემს მამას, რომელსაც თქვენ ცილს წამებთ, თითქოს ის თქვენი მამა იყოს.
მაგრამ თუ მე ჩემი წყენისთვის (დამცირებისთვის) თქვენ შურს არ მოგაგებთ, არამედ ვითმენ, არ გეგონოთ, დამცირება დაუსჯელი დარჩება თქვენს მიმართ, არის მამა-უფალი, ანუ ჩემი მამა, რომელიც დასჯის და შურს მიაგებს ჩემს შეურაცხმყოფელებს, რადგან მე ვექომაგები მას და თქვენნაირებს არ გაძლევთ უფლებას, რომ ღმერთის შვილებად იწოდებოდეთ.
არის, რომელიც ეძებს ჩემს დიდებას და ასევე, რომელსაც ძალუძს გაასამართლოს და დასაჯოს ჩემი შეურაცხმყოფელები, ვინც მე უდანაშაულოდ მაწყენინა.
მამას კი აქვს ძალაუფლება დასაჯოს მისი ძის შეურახცმყოფელნი და იგი ეძებს თავისი შვილის დიდებას, ამიტომაც, ნათქვამია: „არს, რომელი ეძიებს და სჯის“ .

51. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე. 52. ჰრქუეს მას ჰურიათა: აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა, და შენ იტყჳ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე.

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემ სიტყვას იცავს, იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე.“ იუდეველებმა უთხრეს: „ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკი ყოფილა შენში, აბრაამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას იცავს, არ იგემებსო სიკვდილს უკუნისამდე.

როგორი კაცთმოყვარეობაა ღვთისა! მას შეურაცხყოფას აყენებენ, ის კი მათ არიგებს, ასწავლის და ამ გზით კეთილმოქმედებს თავისი მტრების მიმართ, ხოლო თავისი დიდების საქმე და შურისგება კი მან მიანდო თავის მამას. ჩვენც ასევე უნდა მოვექცეთ ჩვენს ხილულ მტრებს.
რას ეუბნება უფალი თავის მტრებს? „უკუეთუ ვინმე სიტყვაი ჩემი დაიმარხოს”, ე.ი, ვინც ღმერთის სარწმუნოებას დაუკავშირებს წმინდა (უბიწო) ცხოვრებას, მხოლოდ ასეთები არ გმოსცდიან ისეთ სიკვდილს, როგორითაც კვდებიან ცოდვილები, ანუ მომავალ საუკუნეში არ იქნებიან დაუსრულებელ სატანჯველებში. ამასთან ერთად დაამატებს, რომ თუკი ჩემი სიტყვის დამცველები არ მოკვდებიან, მით უმეტეს მე, არ მოვკვდები. რისთვის გსურთ ჩემი მოკვლა, ჩემზე ხომ სიკვდილს ძალაუფლება არ გააჩნია, ხომ ხვდებით, რომ მე შემიძლია სხვებს მივანიჭო ჭეშმარიტი (საუკუნო) სიცოცხლე? მართალია, ჩემი მორწმუნეები ხორციელად კვდებიან, მაგრამ ისინი ღმერთში ცოცხლები არიან (უკვდავები არიან – სულიერად).
რას პასუხობენ ამაზე იესოს იუდეველები? ისინი უფალს თვლიან ეშმაკეულად, რადგან რაღაც უცნაურობებს ლაპარაკოს იგი, რომელსაც, თითქოს გონება დაზიანებული აქვს! აბრაამი და წინასწარმეტყველები გარდაიცვალნენ, რომლებსაც ღმერთის სიტყვები ესმოდათ, როგორ არ მოკვდებიან შენი მორწმუნეები (მსმენელები)?
ეხლა კი ჩვენ ჭეშმარიტად და მტკიცედ მივხვდით, რომ შენ, როცა ესეთს ამბებს ამბობ, ეშმაკეულობ.

53. ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა, რომელი მოკუდა, და წინაწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა? 54. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს; არამედ არს მამაჲ ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი. 55. და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ.

განა შენ მამაჩვენ აბრაამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. რა გგონია შენი თავი? მიუგო იესომ: „მე თუ ჩემ თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი, ვისზეც ამბობთ ჩვენი ღმერთი არისო. თქვენ ის ვერ შეიცანით, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, რომ არ ვიცნობ მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვიცავ მის სიტყვას.

სულელ ხალხს არ ესმოდა, როგორი სიკვდილის შესახებ ლაპარაკობდა უფალი, ისინი უზრდელად და განუსჯელად პასუხობენ მას: „ნუუკუე შენ უფროის ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა?“ ამის მაგივრად მათ უნდა ეთქვათ: ნუთუ შენ ღმერთზე დიდი ხარ? ვინც ღმერთის სიტყვას ისმენდა, გარდაიცვალნენ, და შენი სიტყვის მომსმენი ხალხი კი არ გარდაიცვლება? თვითონ უფალი მათ არ უცხადებს, როგორ სიკვდილზე საუბრობდა იგი.
იუდეველები ამცირებენ იესოს: „შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?“ (ანუ – ვინ გგონია შენი თავი?) შენ, დურგლის ვაჟიშვილი ხარ, ღირსი არა ხარ არც ერთი სიტყვის, შენ – გალილეველი ხარ, ვინ გგონია შენი თავი, რად წარმოგიდგენია შენი თავი? არც საღვთო წერილში შენზე არ წერია, არც ჭეშმარიტება. არც შენი საქმეები არ გადიდებენ, მხოლო შენ თვითონ ისაკუთრებ შენი თავის დიდებას.
უფალი ამაზე უპასუხებს: უკუეთე მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაი ჩემი არარაი არს“. თქვენც ასე ფიქრობთ, მაგრამ ამჟამად არის მამაჩემი, რომელიც მე მადიდებს და თქვენ მასზე ამბობთ, რომ იგი – თქვენი ღმერთია, მაგრამ მას არც ჩემს მამად აღიარებთ და არც თქვენს ღმერთად; ამჟამად კი, მის ძეს, ანუ მე, პატივს არ მცემთ. მაგრამ თქვენ მას, უბრალოდ რომ ვთქვათ, ღმერთად არ აღიარებთ. მამაჩემს რომ აღიარებდეთ ღმერთად, თქვენ გექნებოდათ შიში მისი ნათქვამი სიტყვების.
მან კანონად დაადგინა, როცა თქვა; „არა კაც ჰკლა”, თქვენ კი გსურთ ჩემი მოკვალა უმიზეზოდ, თქვენ ხომ არც ერთ ცოდვაში არ შეგიძლიათ ჩემი მხილება? აქედან გამომდინარე, მე გეტყვით, რომ თქვენ სრულიად არ იცნობთ ღმერთს; ხოლო მე კი ბუნებით ვიცნობ მას და სრული ცოდნა გამაჩნია მის შესახებ. რამეთუ, როგორიც ვარ – მე, ისეთივეა – მამაჩემიც; მე როგორც ვიცნობ ჩემს თავს, ასევე ვიცნობ მასაც. და თუ კი ვიტყვი, რომ მე მას, მამაჩემს არ ვიცნობ, თქვენსავით მატყუარა (ცრუ) ვიქნები.
თქვენ ცრუობთ, როცა თავს იქებთ და მედიდურობთ, თითქოს მას იცნობდეთ. ხოლო მე კი, ჭეშმარიტებიდან განვდგები, თუ კი მას, ვისაც ვიცნობ, ვიტყვი, რომ არ ვიცნობ.
– რითი დაამტკიცებ, ეუბნებიან უფლას, რომ მას იცნობ?
– იმით დავამტკიცებ, ამბობს უფალი, რომ მე ვიცავ მის სიტყვას, ე.ი. მის მცნებებს. მე ღმერთს არ ვეწინააღმდეგები, არც მის მცნებებს არ ვარღვევ, ხოლო თქვენ კი მისი მცნებების დარმღვევნი და ბოროტმოქმედნი ხართ, თქვენ იმყოფებით ბოროტი ვნებების ტყვეობაში, სურვილი გაქვთ ჩემი მოკვლის და რჯულით დადგენილი სხვა კანონების ბოროტად დარღვევის, აქედან გამომდინარე, თქვენ მამას არ იცნობთ; თქვენ რომ მას იცნობდეთ, მაშინ მის სიტყვას, ანუ მის მცნებებს შეასრულებდით. აი, მე კი, ამბობს იესო, მის მცნებებს ვასრულებ.

56. აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა. 57. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წლის არღა ხარ და შენ აბრაჰამი გიხილავსა? 58. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. 59. აღიღეს ქვები ჰურიათა მათ, რაჲთა დაჰკრიბონ მას. ხოლო იესუ დაეფარა და განვიდა ტაძრით, განვლო შორის მათსა და წარვიდა ესრეთ.

აბრაამს, მამათქვენს, უხაროდა, რომ იხილავდა ჩემს დღეს, იხილა და გაიხარა. უთხრეს მას იუდეველებმა: „ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?“ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ. მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფარა და გავიდა ტაძრიდან.

აქ იესო ამტკიცებს, რომ იგი აბრაამზე დიდია. ცოტა ზემოთ ვთქვით, რომ იუდეველები მას ეუბნებოდნენ: ნუთუ შენ, ჩვენ მამა აბრაამზე უფრო დიდი ხარ? აქ იესო ეუბნება: დიახ, მე უფრო დიდი ვარ. იგი მოხარული იქნებოდა ჩემი დღე ეხილა, თუმცა მან წინდაწინ განჭვრიტა ჩემი ჯვარცმის დღე, როგორც მთელი მსოფლიოს (ქვეყნიერების) ხსნის, ცხოვნების დღე და გაიხარა! უფალი მიუთითებს იმაზეც, რომ იგი თავისი ნებით (ე.ი. ნებაყოფლობით) მიდის ტანჯვაზე, ჯვარცმაზე.
შეიძლება, მარტო აბრაამს არ უხაროდა ამ ხსნის დღის დადგომა, არამედ სხვებსაც, როგორც წმ. მეფე დავითი ამბობს: „ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა”. (ფს. 117: 24).
იუდეველები ვერ ამაღლდნენ იესოს სიტყვების სულიერ სიმაღლემდე, მათ იმის კითხვაც ვერ მოახერხეს, თუ რომელი დღე იხილა აბრაამმა და რომელ დღეზე ეუბნებოდა მათ უფალი. ისინი უფრო მეტად დასცინიან იესოს, თითქოს იგი რაღაც გაურკვევლობას ლაპარაკობდა.
შენ ჯერ 50 წლისაც არა ხარ, და აბრაამი როდის იხილე? იმ დროს უფალი 33 წლისაც არ იყო. რას ეუბნება უფალი ამაზე? ,,პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ”. დააკვირდი, იესომ როგორ თქვა: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე – „მე ვიყავი“ კი არ თქვა, არამედ – „მე ვარ“. ეს გამოთქმა – „მე ვარ“ დამახასიათებელია ღმერთისთვის, რადგანაც იგი აღნიშნავს მის მუდმივ და განუწყვეტელ მყოფობას! ასევე, იესოს მამაც ძველ აღთქმაში თავის თავზე ამბობს; „მე ვარ, რომელი ვარ“ (გამოს. 3.14).
აბრაჰამზე, როგორც ხრწნადზე, თქვა – „იყო“. რამეთუ ქმნილება დაექვემდებარა - ხრწნას, ხოლო სიტყვა – „ვარ“ მიუთითებს ღვთაებრივ მარადიულობაზე და ყოველგვარი ხრწნილებისგან – თავისუფლებაზე.
უფლის ასეთი გამოთქმა, რომელიც მხოლოდ ღმერთისთვის არის საკადრისი, იუდეველებმა ვერ გაიგეს და მიიღეს როგორც გმობა, და აიღეს ქვები და უნდოდათ უფლის ჩაქოლვა.
მაგრამ უფალი ისევ სიმდაბლით თვალს მოეფარა, რადგან მისი სიკვდილისთვის განკუთვნილი დრო ჯერ არ დამდგარა. როგორ, რა გზით დაიფარა მან თავი თავისი მძვინვარე მტრების თვალთაგან? იგი ტაძრის კუთხეში არ დამალულა, არც სახლში არ გაქცეულა, იგი არც კედელს და არც ბოძს არ მიყრდნობია, არამედ თავისი ღვთაებრივი ძალაუფლებით (ძალით) იგი გაუჩინარდა, ე. ი. უხილავი გახდა თავისი მტრებისთვის.
„და წარვიდა ესრეთ“, ე. ი. უბრალოდ წავიდა, გავიდა თავისი მოსისხლე მტრების გარემოცვიდან, გარკვეულ დრომდე.
გთხოვ, დააკვირდე იმას, თუ როგორ შეასრულა უფალმა თავისი მოვალეობა: საკმარისად ასწავლა იუდეველ ხალხს თავისი მამის და ასევე, თავის შესახებ, უჩვენა გზა ცოდვებისგან განთავისუფლების და უქადაგა ყველაფერი, რაც მათი ცხოვნებისთვის იყო საჭირო; მაგრამ მათ არაფრის გაგება არ ისურვეს, ამიტომ უფალი ტოვებს მათ, რადგანაც მათი გამოსწორება უკვე შეუძლებელია, რადგან მათ თვითონ არ სურთ ეს.
შეამჩნევდი, ალბათ, რომ იესოს ქვებს ესვრიან ისინი, ვისზედაც მახარებელმა თქვა ზემოთ, რომ მათ ირწმუნეს ქრისტე; მათი ასეთი საქციელი კი გვაფიქრებინებს, რომ მათ იესოს რწმენა არ მიუღიათ, არამედ რაღაც, დროებითი, გულცივი დამოკიდებულება ჰქნდათ ქრისტეს საუბრების მხრივ.

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21