ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
იოანეს სახარების განმარტება

 

თავი მეთორმეტე

 

1. ხოლო იესუ უწინარეს ექუსისა დღისა ვნებისა მის მოვიდა ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე მომკუდარი, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით. 2. და მოუმზადეს მას მუნ სერი, და მართა ჰმსახურებდა მას, ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა. 3. ხოლო მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ მრავალ-სასყიდლისაჲ და სცხო ფერჴთა იესუჲსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, და სახლი იგი ყოველი აღივსო სულნელებითა მის ნელსაცხებელისაჲთა.

პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც აღადგინა მკვდრეთით. იქ მოუმზადეს ვახშამი და ემსახურებოდა მართა, ლაზარე კი მისი ერთადერთი თანამეინახე იყო. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი.

პასექის დღესასწაულისთვის, იმ თვის მეათე დღეს ირჩევენ დასაკლავად კრავს (ან თიკანს) – (გამოსვლ. 12: 3) და იმავე დროიდან იწყებენ ამ დღესასწაულისთვის საჭირო სამზადისს. ჩვეულებრივ, პასექამდე 6 დღით ადრე, ე. ი. თვის მეცხრე დღეს იწყებენ დღესასწაულს და ამ დღიდან ჭამენ ძვირფას საჭმელებს. ამიტომ, იესო, მივიდა რა ბეთანიაში, ივახშმა (სერობა) მკვდრეთით მის მიერ აღდგენილ ლაზარესთან და სხვა ადამიანებთან ერთად. მათ ემსახურებოდა მართა, ლაზარეს და.
სახარების მახარებელს, წმ. იოანე ღვთისმეტყველს სურს დაადასტუროს ლაზარეს გაცოცხლება, ანუ ქრისტეს მიერ მისი მკვდრეთით აღდგენა, ამიტომ იგი წერს შემდეგ სიტყვებს: „ლაზარე კი მისი ერთ-ერთი თანამეინახე იყო“. ლაზარე იქ იყო, უფლის გვერდით, ცოცხალი, იგი ჭამდა, სვამდა და ჩვეულებრივ იმას აკეთებდა, რასაც ჩვეულებრივად აკეთებენ ცოცხალი ადამიანები, და მიწაზე მან ხორციელად დიდხანს იცოცხლა (იცხოვრა).
წმ. მახარებლის სიტყვები კი - „და ემსახურებოდა მართა“ ნიშნავს, რომ ეს ვახშამი (სერობა) იყო მართას სახლში. გთხოვ, ყურადღება გაამახვილო მართას რწმენაზე: იგი უფლის და სხვების მსახურებას არავის ავავლებს, არც თავის მსახურებს, არამედ იგი თვითონ ემსახურება ყველას, პირველ რიგში კი – უფალს.
ხოლო მისი და – მარიამი კი, თაყვანს სცემს მხოლოდ უფალ ქრისტეს, არა ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამინს, არამედ – როგორც ღმერთს; რამეთუ მარიამმა წმ. მირონი ფეხებზე სცხო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა, რადგან მას იესო ჩვეულებრივ ადამიანად კი არ მიაჩნდა. როგორც სხვებს, არამედ – ჭეშმარიტ მეუფედ და ღმერთად!
მარიამი – ნიშნავს „ქალბატონს . ეს შეიძლება ასე ავხსნათ: მამის ღვთაებამ (ღვთაებრიობა), რომელიც ყველაფერზე ბატონობს (მეუფებს), სცხო მირონი იესოს ფეხებზე, რომელმაც უკანასკნელ ჟამს შეიმოსა ხორცი, როგორც უფლის სიტყვამ, ანუ სული წმიდის მირონი სცხო, როგორც წმ. მეფე დავითი ამბობს: „ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაი“ (ფს. 44, 8). ასევე, უდიდესი პეტრეც ამბობს: „განცხადებულად უკვე უწყოდენ ყოველმან სახლმან ისრაელისამან, რამეთუ უფალ და ცხებულ ყო იგი ღმერთმან, ესე იესუ, რომელი თქვენ ჯვარს-აცვით“. (მოც. საქ. 2, 30).
რას ნიშნავს ,თმები“, რომლითაც ფეხები შეუმშრალეს უფლს? ეს, რასაკვირველია, წმინდანებს ნიშნავს, რომლებიც უფლის უზენაეს ძალაუფლებას წარმოადგენენ, რომლებსაც უფლის ძალაუფლებისა და სახელის სადიდებლად შეიძლება ვუწოდოთ ქრისტეს მოკაზმულობა (მშვენიერება, განშვენება). ამიტომ, წმინდანები გახდნენ თანაზიარნი უფლის სხეულის ცხებულებისა, როგორც მათ წმ. დავით მეფე უწოდებს (ფსალ. 44, 8), და ასევე, მოც. პავლეც ეუბნება ამის თაობაზე კორინთელებს: „რომელმან – იგი განმამტკიცნა ჩვენ თქვენთანა ქრისტეს მიმართ და ცხებულ გვყვნა ჩვენ ღმერთმან“ (2 კორინთ. მიმ. 1, 21).
და ჩვენ ყველგან ვგებულობთ, რომ ვინც ქრისტეში ცხოვრობს (სულიერად) მათ უწოდებენ უფლის ცხებულებს. მაშასადამე, „თმებში“ შეიძლება ვიგულისხმოთ მორწმუნე ქრისტიანები.
თმები – მკვდარი რამაა, ასევე ქრისტიანებიც მკვდრები არიან იმ კუთხით, რადგან მათ თავიანთი ხორცი ჯვარს აცვეს (გალატ. 5, 24) და მოაკვდინეს ამ ქვეყნიერებისთვის თავიანთი სხეულის ასოები (კოლას. 3, 3).
თმები ადამიანის თავს ამშვენებს და მის დიდებას (მშვენებას) წარმოადგენს. წმინდანები კი – ღმერთის დიდებას წარმოადგენენ, რადგან მათი სულიერი ნათელი ადამიანებს უნათებს გზას და ზეციერი მამაც იდიდება მათი მეოხებით (დახმარებით) (მათე 5, 16). წმინდანები ჭამენ და სვამენ ღმერთის სახელის სადიდებლად (1კორინთ. 10, 31). და შენც, რომლის გონებაც იესომ გააცოცხლა, როგორც ლაზარე, მიიღე იგი შენს სულში (სულიერ სახლში, სავანეში). სანამ ამ წუთისოფელში ხარ. სცხე უფალს ფეხებზე აღდგომამდე 6 დღით ადრე, სანამ დაგვიდგება მომავალი საუკუნის აღდგომა.
ქრისტეს ე.წ. „ფეხებად“ შეიძლება ვიგულისხმოთ წმ. სახარება და წმ. მოციქულები და საერთოდ, უფლის მცნებები, რამეთუ ამით იესო დადის ჩვენში. მაშ, ამ მცნებებს დაუმატე (დაურთე) მირონი – ანუ კეთილგანწყობა, რომელიც შეიცავს სხვ. სათნოებებს, რომელთაგან უმაღლესია – რწმენა, რომელიც უნდა იყოს ისეთივე მხურვალე, როგორც ნარდი.
უფლის „ფეხებად“ ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ ის გაჭირვებული უმცროსი ძმები, ვისი სახითაც ქრისტე, როგორც მწირი, მოდის ხშირად ჩვენს კარებთან და გვთხოვს დახმარებას: მაშ, სცხე მათ მოწყალების წმინდა მირონი!
ბევრი ადამაიანი აკეთებს მოწყალე საქმეებს, მაგრამ იმის გამო, რომ ისინი სხვების დასანახად აკეთებენ ამას და აქვე, მიწაზე იღებენ ამის საზღაურს, ანუ შექებას, ამიტომ ვერ იღებენ სარგებელს (მათე 6, 1-2). ხოლო შენ კი მიიღე შენი სულის სარგებელი და უფალთან შეაგროვე მოწყალე საქმეების კეთილი ნაყოფი, რამეთუ ნათქვამია: „შენი ცოდვები გამოისყიდე ღარიბებისადმი გულმოწყალებით“ (დანიელი 4, 24).

4. თქუა ვინმე ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, იუდა სიმონისმან, ისკარიოტელმან, რომელსა ეგულებოდა მიცემაჲ მისი: 5. რაჲსათჳს ნელსაცხებელი ესე არა განისყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა? 6. ხოლო ესე თქუა, არა თუ გლახაკთაჲ რაჲმე ზრუნვაჲ ედვა გულსა მისსა, არამედ რამეთუ მპარავი იყო და გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ. 7. და თქუა იესუ: უტევე მაგას, დღედ დაფლვისა ჩემისა დამიმარხა ეგე. 8. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.

მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა: რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული? ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო: მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა. იესომ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.

იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა უფალი, იყო ანგარებისმოყვარე, ამის გამო ის არ ამართლებს მარიამის მიერ ქრისტეს მირონცხებას; იგი თითქოს ასე ეუბნება მას: „რატომ მოიტანე მირონი და არა ფული. ფული რომ მოგეტანა, ხომ მოვიპარავდი?“
უფლის სხვა მახარებელი ამბობს (მათე 26, 8-9), რომ ქრისტეს – ყველა მოწაფემ თქვა ასე. მაგრამ ამ საკითხზე უნდა ვთქვათ, რომ იუდასგან განსხვავებით. სხვებმა ასეთი აზრი გამოთქვეს სხვა განზრახვით.
უფალი არ ამხილებს იუდას, თუმცა იცის, რომ მან, როგორც ქურდმა, ეს როგორი განზრახვით თქვა. ასეთი საქციელით იესო გვასწავლის, რომ დიდი მოთმინება ვიქონიოთ მსგავსი ადამიანების მიმართ. თუმცა, უფალი ფარულად (დაფარულად) საყვედურობს იუდას მისი გამცემლობის გამო და ასევე იმაშიც, რომ იგი სასიკვდილოდ გაიმეტებს იესოს თავისი ანგარებისმოყვარეობის გამო!
ამიტომაც უფალი ლაპარაკობს თავის დაკრძალვაზე, რაითა თავისი სიტყვებით მოულბოს იუდას უგუნური, გაქვავებული გული, რათა იგი გამოსწორდეს! როცა უფალი ამატებს სიტყვას გლახაკებზე, ამას შემდეგი მნიშვნელობა აქვს: გლახაკები ყოველთვის თქვენს გვერდით იქნებიან, ხოლო მე კი თქვენთან არ ვიქნები მარადჟამს (ე. ი. ყოველთვის), მე კიდევ ცოტა ხანს ვიქნები თქვენს გვერდით, რადგანაც შენ (იუდას ეუბნება) – სიკვდილი მომიმზადე (განმიმზადე)!
და თუკი შენთვის არ არის სასიამოვნო ჩემი აქ ყოფნა, შენს გვერდით, და შენთვის მძიმეა (მიუღებელია) ჩემი დიდების მოსმენა, ცოტაც მოითმინე და მალე მე აქ აღარ ვიქნები. ხოლო მაშინ კი, როცა მე შენს გვერდით აღარ ვიქნები, ყველა მიხვდება, რომ შენ მირონის ფულზე გაყიდვა იმიტომ არ გინდოდა, რომ გლახაკებს დახმარებოდი!
იკითხვათ თქვენ, თუკი იუდა ქურდი და ანგარებისმოყვარე იყო, უფლმა მას რატომ ჩააბარა ფულის ყულაბა? რადგან, იგი იყო ქურდი, უფალს სურდა, მისთვის წაერთმია თავის მართლების საფუძველი (მიზეზი).
იუდას არ შეეძლო ეთქვა, რომ მან იესო გასცა ფულის სიყვარულის გამო. ფულის ყულაბა მას თან დაჰქონდა, და იგი იუდას ანუგეშებდა, მაგრამ იუდა არ იყო უფლის ერთგული: როცა ვინმე ფულს ჩააგდებდა ამ ყულაბაში წმინდა საქმისთვის (ე.ი. საუფლო შესაწირს), იუდა შეწირულ ფულს იპარავდა, რადგანაც იგი არა მარტო ქურდი იყო, არამედ – სიწმინდეთა მპარავიც (მკრეხელი!)!
დე, გაიგონონ სიწმინდეთა მპარავებმა და გულისხმაჰყონ, როგორი იქნება მათი ხვედრი! სიბოროტის მთელი სიმძაფრე (მწვერვალი) იმაში მდგომარეობს, რომ მოგვიანებით იუდამ სასიკვდილოდ გასცა ჩვენი უფალი იესო!
ხომ ხედავ, სადამდე მიჰყავს ადამიანი ანგარებისმოყვარეობას? - გამცემლობამდე მიჰყავს.
მოციქული პავლე ყველა სიბოროტის ფუძედ (საფუძვლად) ასახელებს - ვერცხლისმოყვარეობას (ტიმ. 6:10), რადგან ამ ვნების გამო მოხდა უფლის გაცემა და ეს ყოველთვის ასეა.
ზოგიერთები ამბობენ, რომ იუდას, როგორც უმცირესს ძმათა შორის, ჩააბარეს ფულის ყულაბა, რადგან ეს მსახურება გაცილებით მცირეა, ვიდრე სხვათა (სხვების) სწავლება, როგორც ამის თაობაზე წმ. მოციქულები ამბობენ მოციქულთა საქმეებში: „არა სათნო არს ჩვენდა დატევებაი სიტყვისა ღმრთისაი და მსახურებაი ტაბლებსა“ (მოც. საქ. 6, 2).

9. აგრძნა უკუე ყოველმან ერმან ჰურიათამან, რამეთუ იესუ მუნ არს; მოვიდეს არა ხოლო თუ იესუჲსთჳს, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელ-იგი აღადგინა მკუდრეთით. 10. ხოლო ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა მათ, რაჲთა ლაზარეცა მოკლან. 11. რამეთუ მრავალნი ჰურიათაგანნი მისთჳს მოვიდოდეს და ირწმუნებდეს იესუჲსსა.

იუდეველთაგან ძალიან ბევრმა გაიგო, აქ არისო, და მოვიდნენ არა მარტო იესოს, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც აღადგინა მკვდრეთით. ხოლო მღვდეღმთავრებმა განიზრახეს ლაზარეს მოკვლაც. ვინაიდან მის გამო მრავალი იუდეველი მოდიოდა და აღიარებდა იესოს.

ის ებრაელები, რომლებიც მოვიდნენ იესოსთან, არა მარტო მის სანახავად და მისი რწმენის მისაღებად, არამედ ლაზარეს სანახავადაც, სხვებთან შედარებით, მათ უფლის მიმართ ჰქონდათ კეთილი განზრახვა. რადგანაც იესომ ლაზარეს გაცოცხლებით მოახდინა უდიდესი სასწაული, ბევრს ჰქონდა (გააჩნდა) დიდი სურვილი თავისი თვალით ეხილა საიქიოდან მობრუნებული ადამიანი ანუ ლაზარე, და ეკითხა მისთვის, ხომ არ უხილავს მას გარდაცვალების დროს ჯოჯოხეთში მყოფი ადამიანთა სულები, ან რამე ხომ არ გაიგო საიქიო ცხოვრების შესახებ.
ხოლო უღვთო ფარისევლებს კი, მარტო იესოს მოკვლა კი არ უნდოდათ, არამედ – ლაზარესიც, რადგანაც ქრისტესაგან მისი გაცოცხლება გახდა მიზეზი იმისა, რომ ბევრმა ებრაელმა ირწმუნა უფალი ქრისტე. სამწუხაროდ, ფარისევლებისთვის იესოს კეთილი საქმე (ე.ი. ლაზარეს გაცოცხლება) გახდა – დანაშაული. ისინი დრტვინავდნენ და მწუხარებდნენ იმაზეც, რომ ახლოვდებოდა პასექის დღესასწაული და ყველა მიდიოდა ბეთანიაში, რათა პირადად თვითონ ეხილათ (ენახათ) იესოს მიერ მკვდრეთით გაცოცხლებული ლაზარე!

12. ხვალისაგან ერი მრავალი რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესუ მოვალს იერუსალჱმდ, 13. მოიღეს რტოები დანაკისკუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!

მეორე დღეს დღესასწაულზე მოსუღმა დიდძალმა ხალხმა, რაკი გაიგო, იესო იერუსალიმს მოდისო, აიღო პალმის რტოები და შესაგებებლად გამოეფინა; ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით, მეუფე ისრაელისა!

უფალი ცოტა ხნით განერიდა თავის მკვლელებს (თავის მოძულეებს), რათა ამით დამცხრალიყო ებრაელთა მრისხანება მის მიმართ. ცოტა ხანში იესო კვლავ ბრუნდება იუდეაში და მას ყველა ხედავს. ბოლოს, დგება ჟამი (დრო) მისი ჯვარცმის და უფალი თავის თავს მსხვეპლად გაწირავს (გაიღებს) მთელი ქვეყნის საცხოვნებლად (გადასარჩენად).
დაუკვირდი, როგორი თანმიმდევრობით ვითარდებოდა უფლის სატანჯველები: უფალმა გააცოცხლა ლაზარე, ეს დიდი სასწაული მან ბოლოსთვის შემოინახა. ამის გამო, ბევრმა ირწმუნა იესო! რის გამოც გაძლიერდა უფლის მტრების შური. ამას მოჰყვა ბევრი განსაცდელი მის წინააღმდეგ, და ბოლოს – ჯვარი!
როცა ხალხმა გაიგო, რომ იესო უნდა მოსულიყო, მას შეხვდნენ დიდებით, ეჭვსგარეშეა, იმ სასწაულის გამო, რომელიც მან ლაზარეზე აღასრულა. ხალხი ამჯერად მას, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს კი არ ხვდებოდა, და არც როგორც წინასწარმეტყველს, არამედ – როგორც ღმერთს! ისინი შემდეგ სიტყვებს იძახდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“ ასეთი მიმართვის შემდეგ, ჩვენ ვხვდებით, რომ ხალხი მას, როგორც ღმერთს, ისე მიმართავს, რადგან სიტყვა „ოსანა“ ნიშნავს – „გვაცხოვნე“.
ებრაულ ენაზე „გვაცხოვნე“ გამოითქმის – ოსანა, ხოლო ბერძნულ ენაზე კი – „ოჰ, უფალო, გვაცხოვნე“. ადამიანის გადარჩენა ძალუძს (შეუძლია) მხოლოდ ღმერთს, ამიტომ მას ვეუბნებით: „უფალო, ღმერთო ჩვენო, გვაცხოვნენ ჩვენ!“ საღვთო წერილში ყველგან წერია, რომ ადამიანის ცხოვნება (გადარჩენა) შეუძლია მხოლოდ ღმერთს!
როდესაც ქრისტეს ხალხი მიმართავს წმ. მეფე დავითის სიტყვებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს ხალხი ქრისტეს თვლის ჭეშმარიტ ღმერთად; რამეთუ ამბობენ: „მომავალი სახელითა უფლისათა“, რაც იგივეს ნიშნავს, რომ ქრისტე არის ჭემშარიტი ღმერთი!
თვითონ უფალიც ამბობს: „მე მოვედ სახელითა მამისათა ჩემისაითა, უკუეთუ სხვაი მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწყნაროთ” (იოანე 5, 43).
იესოს ასევე უწოდებენ „ისრაელის მეფეს (მეუფეს), რამეთუ მრავალი ადამიანი ელოდა ისეთი პიროვნების გამოჩენას, მეფის პიროვნებას, რომელსაც ადამიანზე უმეტესი ძალა ექნებოდა და მათ, ებრაელებს, იხსნიდა რომაელთა ტყვეობიდან.

14. და პოვა იესუ ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: 15. ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცუსა ვირისასა. 16. ხოლო ესე არა ეცნა მოწაფეთა მისთა პირველად, არამედ ოდეს იდიდა იესუ, მაშინ მოეჴსენა, რამეთუ ესრეთ წერილ იყო მისთჳს, და ესე უყვეს მას.

იესომ კი იპოვა ერთი ჩოჩორი და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია: "ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა, მოდის შენი მეუფე, ჩოჩორზე მჯდარი! მისი მოწაფეები კი პირველად ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ როცა განდიდებულ იქნა იესო, მაშინღა გაიხსენეს, რომ ასე იყო დაწერილი მისთვის, და ასევე მოექცნენ მას.

სხვა მახარებლები ამბობენ, რომ უფალმა ასე უთხრა თავის მოწაფეებს: „ახსენით და მომგვარეთ მე იგი“ (მათე 21:2, მარკ. 11:2, ლუკა 19:30) ხოლო იოანე კი უბრალოდ, ასე ამბობს: „ხოლო იესომ იპოვა ჩოჩორი“, მოკლედ რომ ვთქვათ,მახარებლებს შორის არაა უთანხმოება; სხვებმა უფრო გავრცობილად თქვეს, ხოლო იოანემ კი უფრო მოკლედ. როცა მოწაფეებმა იპოვეს და ახსნეს ჩოჩორი (ვირი), იესო შეჯდა ზედ. ამით უფალი აღასრულებს წმ. ზაქარიას წინასწარმეტყველებას, რომელმაც თქვა: „ნუ გეშინია, ასულო სიონისაო! აჰა, მოდის შენი მეუფე, ჩოჩორზე მჯდარი” (ზაქ. 9:9).
რადგან, იერუსალიმის მეფეები, უმეტესად იყვნენ უსამართლონი და ანგარების მოყვარულნი, ამიტომ წინასწარმეტყველი ამბობს: – ნუ გეშინია, ასულო სიონისაო! მეფე, რომელზეც მე ვწინასწარმეტყველებ, მშვიდია და თავმდაბალი. ეს იქიდანაც ჩანს, რომ იგი ჩოჩორზე მჯდომი მოვიდა, და არა გარშემორტყმული ჯარით (ამალით), როგორც სხვა მეფეები.
უფლის დაჯდომაც ჩოჩორზე იყო მომავლის წინასახე: ჩოჩორი (ვირი), კანონის მიხედვით, როგორც ვიცით, უწმინდურ ცხოველადაა მიჩნეული, რომლის სახედ უნდა ვიგულისხმოთ უწმინდური წარმართი ხალხი, რომლებზეც მეუფებს იესო, სიტყვა ღვთისა, ეს ერი, ვირის მსგავსად, ე. ი. ახალი ერი, არის უფლის ურჩი და უხეში ხალხი, ხოლო მის შემდგომ, რაც ეს ერი გახდა ქრისტეს და მისი სახარების მორჩილი, უფალმა ეს წარმართი ხალხი აიყვანა ზეცად (ზეცაში).
შეიძლება, პალმის რტოები აღნიშნავდა იმას, რომ უფალმა ლაზარეს მკვდრეთით აღდგენით – სიკვდილი დაამარცხა; რამეთუ პალმას აჩუქებდნენ-ხოლმე იმას, ვინც ომში გაიმარჯვებდა.
გთხოვ, გიკვირდეს ამ მახარებლის, რომელიც დაუფარავად ლაპარაკობს (ამბობს) მოციქულების უწინდელ უმეცრებაზე (უსწავლელობაზე): იესოს მოწაფეები თავიდან ვერ მიხვდნენ ამას, რას ნიშნავდა, არამედ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა იესო განდიდდა.
დიდების მნიშვნელობით მახარებელი აქ გულისხმობს უფლის ამაღლებას, რომელიც მოხდა მისი სატანჯველების და სიკვდილის შემდგომ. მხოლოდ მაშინ, როცა უფალმა მათ წარმოუგზავნა (მისცა, მიჰმადლა) სული წმიდა, ისინი მიხვდნენ, რომ იესოზე იყო დაწერილი.

17. და ეწამებოდა მას ერი იგი, რომელი იყო მისთანა, რაჟამს ლაზარეს უწოდა საფლავით და აღადგინა იგი მკუდრეთით, 18. ამისთჳსცა მიეგებვოდა მას ერი იგი, რამეთუ ესმინა, ვითარმედ ესე სასწაული ქმნა იესუ. 19. ხოლო ფარისეველთა მათ თქუეს ურთიერთას: ხედავთა, რამეთუ არა ირგებთ არარას? აჰა ესერა სოფელი ყოველი მივიდა შედგომად მისა.

მასთან მყოფი ხალხი მოწმობდა, რომ საფლავიდან გამოიხმო ლაზარე და მკვდრეთით აღადგინა იგი. ამიტომაც გამოეგება ხალხი, ვინაიდან გაეგო, რომ მან მოახდინა ეს სასწაული. ხოლო ფარისევლებმა ერთმანეთს უთხრეს: ხომ ხედავთ, რომ ვერაფერს ვხდებით? აჰა, ქვეყნის ხალხი მიჰყვება მას.

იესოს ყოვლისშემძლე ძალას მოწმობდა და ქადაგებდა ის ხალხი, ვინც შეესწრო და იხილა უფლისგან ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა (გაცოცხლება). ამიტომაც იესოს ადიდებდნენ ისინი, ვინც გაიგო და იხილა ამ უდიდესი სასწაულის შესახებ.
ის ფარისევლები, ვინც ფარულად კეთილად იყვნენ განწყობილნი იესოს მიმართ, ამბობდნენ: ,ხომ ხედავთ, რომ ვერაფერს ვხდებით?” ხმამაღლა მათ არ შეეძლოთ თავიანთი სიმპათიების (კეთილგანწყობის) გამოხატვა იესოს მიმართ, რადგანაც ეშინოდათ უფლის მტრების და მოძულეების. იესოს კეთილისმყოფელები თითქოს ასე ეუბნებიან მის მტრებს: რა სარგებელი გაქვთ იმითი, რომ ამ ადამიანს ხაფანგებს უგებთ და ბოროტს უსურვებთ? იგი ყოველდღიურად უფრო იზრდება, მისი დიდება მატულობს, მთელი ხალხი მას მიჰყვება. ტყუილად ნუ სცოდავთ!

20. იყვნეს ვინმე წარმართთაგანიცა აღმოსრულთა მათგანნი, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას. 21. ესენი მოვიდეს ფილიპესა, რომელი-იგი იყო ბეთსაიდაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ეტყოდეს მას: უფალო, გუნებავს იესუჲსი ხილვაჲ. 22. მივიდა ფილიპე და ჰრქუა ანდრეას; და მოვიდეს ანდრეა და ფილიპე და ჰრქუეს იესუს. 23. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძე კაცისაჲ. 24. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალნ ნაყოფნი გამოიღოს.

დღესასწაულზე თაყვანისცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ. მიადგნენ ფილიპეს, რომელიც გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო, და უთხრეს მას: ბატონო, იესოს ნახვა გვსურს. მივიდა ფილიჰე და უთხრა ეს ანდრიას, ფილიპემ და ანდრიამ კი იესოს უთხრეს. იესომ პასუხად მიუგო მათ: მოაწია კაცის ძის განდიდების ჟამმა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს.

იესოს სანახავად იერუსალიმში ჩამოდიან წარმართი ბერძნები, რომლებსაც გაუგიათ მის მიერ მოხდენილი ბევრი სასწაულის შესახებ. ისინი სთხოვენ ფილიპე მოციქულს, რათა მან შეახვედროს ბერძნები იესოს. ღვთისმოშიში და თავმდაბალი ფილიპე ამას თვითონ ვერ წყვეტს, იგი მიდის ანდრია მოციქულთან, რომელიც ფილიპესთან ერთად მიდის იესოსთან და დიდი მორიდებით და კრძალვით სთხოვს უფალს, რათა ინებოს მან და შეხვდეს ბერძნებს.
როგორ იქცევა უფალი და რას პასუხობს იგი მას? „მოაწია ძე კაცისას განდიდების ჟამმა”. მაშასადამე, თუკი უკვე წარმართები მოდიან ჩვენთან, ე. ი. დამდგარა ჩემი ჯვარცმის დრო. მე, ამბობს უფალი, უფლებას მივცემ ებრაელებს, რათა ჯვარს მაცვან მე და თავიანთი ხრიკები დაასრულონ. მერე მე მივატოვებ მათ, როგორც ჩემს მკვლელებს და ჯვარმცმელებს და მოვბრუნდები წარმართებისაკენ, რათა მათ უკვე აქვთ (გააჩნიათ) სურვილი მიიღონ ჩემი სწავლება.
ჩემი სიკვდილი, აგრძელებს იესო საუბარს, უფრო მეტად გააძლიერებს (მოაქცევს) ჩემს რწმენაში – წარმართებს, რამეთუ, როგორც ხორბალს, რომელსაც დათესავენ, მაშინ მოაქვს დიდი მოსავალი, როცა ეს თესლი მოკვდება, ასევე ჩემი სიკვდილის შემდეგ გამრავლდება წარმართების რწმენის ნაყოფი. როცა მოვკვდები და შემდგომ, მკვდრეთით აღვდგები, ჩემს ძალას მეტად გამოვაჩენ და მაშინ ყველა მირწმუნებს, როგორც ღმერთს!

25. რომელსა უყვარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი. 26. უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან.

ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას. ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატიეს მიაგებს მამა.

რადგანაც უფალი ემზაღებოდა თავისი სატანჯველებისთვის და იცოდა წინდაწინ, რომ ამის გამო მისი მოწაფეები დიდ მწუხარებაში ჩავარდებოდნენ, ამიტომ იგი ამხნევებს მათ და ეუბნება: თქვენ სულ არ უნდა იდარდოთ ჩემი სიკვდილის გამო, რადგან თუ (ოდესმე) თქვენ თვითონაც არ მოკედებით, მაშინ არავითარი სარგებელი არ გექნებათ.
და ისედაც, ყოველ ადამიანს, რომელსაც უყვარს ეს, თანამედროვე ცხოვრება და თავისი სული, და ასრულებს თავის (უხერხულ), გადამეტებულ, სულიერ მოთხოვნებს, დაიღუპავს სულს. ხოლო ვისაც სძულს თავისი სული, ე. ი. ვინც მას არ ემსახურება, იგი გადაირჩენს მას საუკუნო სიცოცხლისთვის.
უფალს სურს გვაჩვენოს, თუ როგორ უნდა გვძულდეს სულის ცოდვიანი მოთხოვნები, ამიტომაც ამბობს: ვისაც სძულს სული თვისი „ამ ქვეყნად“, რითიც მითითებულია საქმიანობის დროებითი ჟამი. ადამიანთა სანუგეშოდ იესო ამატებს: „საუკუნო სიცოცხლისთვის შეინახავს მას“.
უფალს უნდა მეტად გაამხნევოს თავისი მოწაფეები და ამბობს: „ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს“, ეს ნიშნავს, რომ მისი მსახურები, ანუ მორწმუნეები, ისევ უნდა იყვნენ მზად სიკვდილისთვის, როგორც უფალი.
შემდგომ ანუგეშებს მათ: „და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც“. სად არის ქრისტე? – ზეცაში. რამეთუ ზეციური და მიწიერი – ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ვისაც მიწიერი ცხოვრება უყვარს, ის ვერ იქნება ზეცაში, ხოლო ვინც თავს აარიდებს (უგულებელყოფს) ამ ქვეყანას და მიწიერ ყოფას, იგი ამაღლდება და იქნება ზეცაში: „ვინც მე მემსახურება, ამბობს უფალი, პატივს სცემს მას მამა“.
იესომ ასე კი არ თქვა – ,,მე ვცემ პატივს, არამედ – ,„,მამა“, ამით იგი მიუთითებს თავისი და მამამისის ერთგვაროვნებაზე. რამეთუ ჭეშმარიტი მამა პატივს მიაგებს თავისი ჭეშმარიტი შვილის ერთგულ მსახურს.
მაშ, ისე ნუ გვეყვარება ჩვენი სული, რომ დავიცვათ იგი იმ განსაცდელებისგან, რაც შეიძლება შეგვემთხვეს უფლის ჭეშმარიტებისთვის და არ გვსურდეს, რომ მოვითმინოთ (დავითმინოთ) სიბოროტე – სიკეთისთვის! მაგრამ თუკი ჩვენ ქრისტეს მსახურები ვართ, დავთმოთ ჩვენი სული იმ განსაცდელისთვის (ხიფათისთვის), რაც შეიძლება ჭეშმარიტებისთვის შეგვემთხვეს, და მაშინ კი, ეჭვსგარეშეა, იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორშიც ამჟამად არის – ქრისტე; მაგრამ არ ვამბობ, ღვთაებრივ ღირსებაში, რამეთუ იესო ბუნებით – ღმერთია, არამედ ვამბობ იმ მდგომარეობას, რითიც შესაძლებელია ადამიანური ბუნების გალამაზება.

27. აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს და რაჲ-მე ვთქუა? მამაო, მიჴსენ მე ჟამისა ამისაგან. არამედ ამისთჳს მოვედ ჟამსა ამას. 28. მამაო, ადიდე ძე შენი. მოიწია მისა ჴმაჲ ზეცით: და ვადიდე და კუალადცა ვადიდო.

აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგანს; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს. მამაო, განადიდღე შენი სახელი! და გაისმა ხმა ზეცით: განვადიდე და კვლავაც ვადიდებ!

უფალი გვიჩვენებს, რომ მასაც ჩვენნაირი, ადამიანური ბუნება აქვს. მხოლოდ – ცოდვის გარეშე და მან, თვითონაც გამოსცადა ჩვენნაირი, ადამიანური განსაცდელები და ბოლოს – სიკვდილიც. ამიტომ, მას, როგორც ადამიანს, რომელსაც უყვარს სიცოცხლე, არ უნდა (სურს) სიკვდილი და იგი (უფალი) სულიერად ძრწუნდება, მაგრამ რადგანაც თავისი სიკვდილით იესომ უნდა გადაარჩინოს (აცხოვნოს) მთელი ქვეყანა, ამიტომაც უარს არ ამბობს.
მე, ამიტომაც მოვედი ეხლა, ამბობს უფალი, რომ ყველასთვის მოვკვდე. ამით იესო გვასწავლის ჩვენ, ცოდვილებს, რომ შეიძლება ოდესმე ჩვენც დავმწუხრდეთ, შევძრწუნდეთ, მაგრამ თუკი იქნება ისეთი მდგომარეობა, რომ ქრისტეს ჭეშმარიტებისთვის სიკვდილი დაგვემუქრება, არ უნდა ავარიდოთ თავი.
გთხოვ, დააკვირდი: იესომ ჭეშმარიტებისთვის სიკვდილს – ღმერთის დიდება უწოდა! ამიტომ მამა ეუბნება მას: ,განვადიდე და კვლავ განვადიდებ“. „განვადიდე , ამბობს იესოს მამა, ჩემი სახელი იმ სასწუალებით, რომლებსაც შენ აღასრულებდი (იქმოდი) ჯვარცმამდე ჩემი სახელის სადიდებლად. ხოლო – „კვლავ განვადიდებ“, ნიშნავს, რომ მამა – იესოს ჯვარცმით განადიდებს თავის სახელს; ხოლო შენი გარდაცვალების შემდეგ კი ჩვენს სახელებსაც მეტად განვადიდებ – შენი აღდგომით და სული წმიდის გამოგზავნით (წარმოგზავნით).

29. ხოლო ერი იგი, რომელი დგა და ესმა, იტყოდეს, ვითარმედ: ქუხილი იყო; ხოლო სხუანი იტყოდეს: ანგელოზი ეტყოდა მას. 30. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს. 31. აწ არს სასჯელი ამის სოფლისაჲ, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ განვარდეს გარე. 32. და მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა. 33. ხოლო ამას რაჲ იტყოდა, აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა სიკუდილად.

იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, იქუხაო; სხვები კი ამბობდნენ ანგელოზი ეუბნა მას. მიუგო იესომ და თქვა: ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს. და როცა ავმაღლდები ქვეყით, ყველას ავიტაცებ ჩემთან. ხოლო ამას ამბობდა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.

ბევრმა ადამიანმა ეს ხმა ქუხილად ჩათვალა, ზოგმა კი – ანგელოზის ხმად; მაგრამ მათ, როგორც ადამიანებს, მალე დაავიწყდათ ის სიტყვები, რაც გაიგონეს, თუმცა იმ სიტყვების მნიშვნელობა, ვერ გაარკვიეს, რას ნიშნავდა. იესო ამას მიხვდა და უთხრა მათ: „ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ – თქვენთვის“. მე არ მჭირდებოდა იმისი სწავლა, რომ მამაჩემმა განადიდა უკვე თავისი სახელი და კვლავ განადიდებს. ხოლო თქვენი დარიგება (სწავლება) კი საჭირო იყო იმაზე, რომ მე არა ვარ ღმერთის მოწინააღმდეგე, არამედ მე ვმოქმედებ მისი სახელის სადიდებლად. თუკი ჩემით განდიდდება ღმერთის სახელი, მაშინ მე როგორ-ღა ვარ მისი მოწინააღმდეგე? მაშასადამე, ეს ხმა იყო თქვენთვის, რათა გაიგოთ (მიხვდეთ), რომ მე ვმოქმედებ ღმერთის სახელის სადიდებლად.
უფლის სიტყვები – ,,აწ არს სასჯელი ამის სოფლისაი, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაი, განვარდეს გარე“ ნიშნავს, რომ ამ წუთისოფლის უფროსი (მთავარი, ანუ ბოროტი სული) იქნება გაგდებული ქრისტეს მიერ და დამარცხებული, ხოლო უფლის შურისგება ბოროტი სულების მიმართ, როგორც ცოდვის მიზეზისა, რომელმაც მთელი ქვეყნის ხალხი ცოდვაში ჩააგდო. უფლის მიერ ახლა მოხდება სასამართლო, ე.ი. იესო შურს მიაგებს მთელი კაცობრიობის დაღუპვისათვის (ანუ ცოდვაში ჩაგდებისთვის) ბოროტ ძალას.
ჩემი სიკვდილით, ამბობს უფალი. მე შურს მივაგებ ამ ქვეყნის ულმობელ მბრძანებელს, ტირანს და იგი (ეშმაკი) „განვარდეს გარე“.
ეს გამოთქმა უფლის – „განვარდეს გარე“ როგორ უნდა გავიგოთ? ეს შეიძლება ასე გავიგოთ, რომ ეშმაკი იქნება ქრისტეს მიერ შინაგან სიბნელეში გაგდებული (გაძევებული); იგი დაკარგავს ადამიანებზე ძალაუფლებას ქრისტეს ჯვარცმით, მას აღარ ექნება უფლება იბატონოს ადამიანებზე – აღარც სულიერად, აღარც ხორციელად, – როცა მე ავმაღლდები ჯვარზე, მე ყველას მოვიზიდავ ჩემსკენ, ასევე წარმართებსაც, რათა მათ მიიღონ ჩემი რწმენა.
იესო ამბობს: „ვერც ვერვინ შევა ძლიერის სახლში და გაძარცვავს მას, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს. მხოლოდ ამის შემდეგ თუ შეძლებს გაძარცვოს მისი სახლი“ (მარკოზი 3:27).
იესოს სიტყვები – „როდესაც ავმაღლდები ქვეყნით“ მიანიშნებდა ადამიანებს, თუ როგორი სიკვდილით მოკვდებოდა იგი, ანუ ნიშნავდა ჯვარცმას, რაც გულისხმობდა ჯვრის სიდიადეს.

34. მიუგო მას ერმან მან და რქუა: ჩუენ გუასმიეს სჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ? ვინ არს ესე ძე კაცისაჲ? 35. რქუა მათ იესუ: მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ. 36. ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ. ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაეფარა მათგან.

მიუგო ხალხმა: რჯულიდან გვსმენია, რომ ქრისტე უკუნისამდე უნდა ეგოს: მაშ, როგორღა ამბობ, კაცის ძე ამაღლდებაო? ვინ არის ეს კაცის ძე? უთხრა მათ იესომ: ცოტა ხანს კიდევ იქნება ნათელი თქვენთან, იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა. ეს რომ თქვა იესომ, წავიდა და გაუჩინარდა მათგან.

ხალხს უნდოდა უფლის მხილება, როგორც არაჭეშმარიტი ქრისტესი, ამიტომ ეუბნებიან მას: – როგორ გირწმუნოთ შენ, რომ ნამდვილი ქრისტე ხარ? ჩვენ რჯულიდან გაგვიგია, რომ ქრისტე - უკვდავია, ხოლო შენ კი შენს თავზე ამბობ, რომ მოკვდები? როგორღა გვწამდეს შენი?
ისინი ასე ელაპარაკებოდნენ ქრისტეს ბოროტი განზრახვით - მის მიმართ, რადგანაც საღვთო წერილში, რასაც ისინი უწოდებდნენ, ნათქვამი იყო უფლის ჯვარცმაზეც და მის აღდგომაზეც.
ესაია ამბობს: „კრავივით დასაკლავად მიიყვანეს“: და კიდევ სხვა ადგილას: „თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავდა და დაამდებოდა; მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილი, და სხვათა შეცოდებებს იტვირთავს“ (ისაია 53: 11).
მეფე დავითიც ამბობს ასევე: „რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს“ (ფს. 15: 10). ამიტომ, ეს ხალხი ამას აკეთებდა ბოროტი განზრახვით, როცა უარყოფდა ქრისტეს სატანჯველებს და მას მიაწერდა აღდგომას (ჯვარცმის გარეშე).
ამ ხალხს ბევრი რამ ესმოდა უფლის ნათქვამიდან, მაგრამ რადგანაც მის მიმართ ბოროტი განზრახვა (გულისთქმა) ჰქონდა, თავს ისე აჩვენებდა, თითქოს არაფერი არ ესმოდა. გთხოვ, დააკვირდი, რას ამბობენ ისინი: როგორც შენ ამბობ (იესოს ეუბნებიან), ძე კაცისა უნდა ამაღლდეს ქვეყანით? ვინაა ეს ძე კაცისა? მათი საუბარი აღსავსეა სიბოროტით.
უფალი კი ასეთ დროს რას აკეთებს? იგი პირებს უკეტავს თავის მტრებს და მიუთითებს, რომ მისი სატანჯველები ქრისტეს ხელს არ უშლის უკვდავებაში, ე. ი. რომ იგი იყოს (ჰგიებდეს) უკუნისამდე. იესო ამბობს: „მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს“.
ნათელს უფალი უწოდებს თავის თავს. ჩემი სიკვდილი, ამბობს უფალი, არაა გახრწნა, არამედ როგორც მზის ჩასვლა და წარმოდგენა, ხოლო მკვდრეთით აღდგომით კი – ისევ გავბრწყინდები; ხოლო ჩემი სატანჯველები მე სულ არ მიშლის ხელს რომ ვიყო უკვდავი; საღვთო წერილი მოწმობს ქრისტეზე, რომ იგი უკვდავია; ე. ი. მე ვარ ჭეშმარიტად ქრისტე, მე ვარ – ნათელი, რომელიც ჩავა და ისევ ამოვა, მართალია. მე დავითმენ სატანჯველებს, მაგრამ მე ჭეშმარიტად ქრისტე ვარ; სანამ ნათელი თქვენთანაა, იარეთ ამ ნათელში, ეს ნიშნავს: მიიღეთ ჩემი რწმენა!
რომელ დროზე ლაპარაკობს აქ იესო? ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგი აქ გულისხმობს დროს (ჟამს) მის ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდეგაც. მაშ, ამბობს იგი, გწამდეთ ჩემი ჩემს ჯვარცმამდეც და ჯვარცმის მერეც: „ვიდრე ნათელი გაქვსღა“. ხოლო ვინც ურწმუნოა, იგი ბნელში დადის, მან არ იცის, საით მიდის, მას კი ჰგონია, რომ სწორ გზაზეა (სწორ გზაზე დადის), სინამდვილეში კი – ყველაფერი უკუღმა გამოსდის.
მაგრამ ვინც კი ღმერთის რწმენა მიიღო, ისინი ასე არ იქცევიან, როგორც ურწმუნოები, ისინი ნათელში დადიან და ყველაფერს აკეთებენ ცხოვნებისთვის, მორწმუნეები გახდნენ ნათლის ძენი (შვილები), ანუ ქრისტეს ძენი.
„რათა გახდეთ ძენი ნათლისა“ – ამბობს უფალი, ე. ი. ჩემი ძეები!
მართალია, თავისი სახარების დასაწყისში მახარებელი იოანე ამბობს, რომ ზოგიერთნი ,,ღმრთისაგან იშვნენ“ (იოანე 1, 13), მაგრამ ამ შემთხვევაში იგი მათ უწოდებს ნათლის, ანუ ქრისტეს ძეებს (შვილებს).
დე, შერცხვეთ არიოზს და ევნომის – მწვალებლებს, რამეთუ აქაც ნაჩვენებია, რომ მამასაც და ძესაც ერთი მოქმედება გააჩნიათ.

37. და ესოდენნი სასწაულნი ქმნნა წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისა მიმართ. 38. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა? 39. ამისთჳს ვერ ჰრწმენდა, რამეთუ მერმეცა თქუა ესაია: 40. დაუბრმეს მათ თუალნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა არა გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი.

ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე, მაგრამ არ იწამეს იგი. რათა აღსრულდეს სიტყვა ესაია წინასწარმეტყველისა, რომელმაც თქვა: უფალო, ვინ იწამა ჩემი ნათქვამი? ან ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა? ამიტომაც ვერ იწამეს, რომ ესეც თქვა ესაიამ: დაუვსო მათ თვალი და გაუქვავა გული, რათა არ იხილონ თვალით, არ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.

რატომ მიეფარა უფალი ადამიანთა თვალს, რისთვის განეშორა მათ? ამჟამად იგი არავის არ დაუგმია და ქვებიც არ დაუკრებიათ (არ მოუღერებიათ), როგორც ადრე. მაშ, რიღასთვის განეშორა?
მართალია, ამ ადამიანებს იესოსთვის არაფერი არ უთქვამთ, მაგრამ გულთამხილავმა უფალმა დაინახა, რომ მათი მრისხანება (მძვინავარება) მის მიმართ მეტად გაძლიერდა. სწორედ იმისთვის, რომ მოეთოკა (დაეთრგუნა, მორეოდა) მათი სიძულვილი, ის მიეფარა თავისი მტრების თვალთახედვას.
მახარებელი იოანე გულდაწყვეტით ამბობს: „ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე, მაგრამ არ იწამეს იგი“ (უფალი). უფალმა უამრავი სასწაული მოახდინა, მაგრამ მახარებელი მათ შესახებ დუმს.
უფალი თვალს მიეფარა იმიტომ, რომ დამცხრალიყო მისი მტრების გულისწყრომა, სიბოროტე მის მიმართ და თანაც იმიტომ რომ იესოს უწდოდა (სურდა) მისი მოწინააღმდეგეებისთვის მიეცა დრო დასამშვიდებლად და განსასჯელად, რათა მათ ეფიქრათ იესოს საუბრებზე (ლაპარაკზე) მათ მიმართ და ასევე, საქმეებზეც. რამეთუ ასეთ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი მოისურვებდა და დაფიქრდებოდა, შეიძლებოდა მიმხვდარიყო უფლის ღვთაებრივ ღირსებას!
შემდეგი სიტყვები: ,,მაგრამ არ იწამეს იგი, რათა აღსრულდეს სიტყვა ესაია წინასწარმეტყველისაი, რომელიც გულისხმობს მოვლენას, და არა მიზეზს. ესაია წინასწარმეტყველმა წინდაწინ (თქვა) განსჭვრიტა, რომ ეს ხალხი არ ირწმუნებდა ქრისტეს.
სიტყვები – „იმიტომაც ვერ იწამეს“ ნიშნავს იმას, რომ ,,არ უნდოდათ“ (არ სურდათ). რამეთუ მაცდური და ბოროტი ადამიანი იქამდე ვერ ირწმუნებს ღმერთს, სანამდე დარჩება თავის სიბოროტეში!
როცა გაიგებ, რომ ღმერთმა მათ „დაუვსო თვალი და გაუქვავა გული”, არ იფიქრო, რომ მან ერთნი კეთილად შექმნა და მეორენი კი – ბოროტად (ასეთი ფიქრიც არ მიიკარო!), არამედ სრული სიბრმავის ქვეშ იგულისხმე ღვთისგან მიტოვება.
ისეთ ადამიანზე, რომელმაც დაკარგა ღვთაებრივი ნათელი, ამბობენ, რომ იგი ბრმასავით დადის, ე. ი. იგი ბრმაა.
როდის მიატოვებს ღმერთი ადამიანს? მაშინ, როცა ადამიანს მოსწონს და შეგნებულად აკეთებს სიბოროტეს და არც უნდა მონანიება; ამ შემთხვევაში ღვთის მადლის გარეშე დარჩენილი ადამიანები, როგორც ბრმები, გამოუსწორებლად სცოდავენ.
ჩაუკვირდეთ ესაიას სიტყვებს: „უფალო, ვინ იწამა ჩვენი ნათქვამი““ ეს ნიშნავს, რომ არავინ არ ირწმუნა; რამეთუ სიტყვა „ვინ საღვთო წერილში, ბევრ ადგილას ნახმარია როგორც სიტყვა – „არავინ“, ასეთი მნიშვნელობით.
წინასწარმეტყველმა ეს თქვა თითქოს ქრისტეს მაგივრად. ქრისტე, თითქოს, ასე ეუბნება მამას: – „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენი ნათქვამი?“ – ე. ი. არავინ არ დაუჯერა ჩვენს სიტყვას და ჩემს ქადაგებას, ანუ „რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ“ (იოვ. 8, 28).
„ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა?” – აქ „მკლავის ქვეძ იგულისხმა უფლის სასწაულების ძლიერი ძალა, რომლის ხილვის ღირსნი არ გახდნენ უგუნური, ბრიყვი იუდეველები. – ისინი, ამბობს უფალი, მაშინაც კი მწამებენ ცილს, როცა მე მრავალ სასწაულს ვახდენ (აღვასრულებ).

41. ესე თქუა ესაია, ოდეს-იგი იხილა დიდებაჲ მისი და იტყოდა მისთჳს. 42. ხოლო მთავართაგანთაცა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, არამედ ფარისეველთათჳს ვერ აღიარეს, რაჲთა არა კრებულისაგან განასხნენ. 43. რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს, ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ.

ესა თქვა ესაიამ, როცა იხილა მისი დიდება და იუბნა მისთვის. ასევე მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვეღარ აღიარეს, სინაგოგიდან მოკვეთის შიშით. რადგანაც კაცთა დიდება უფრო შეიყვარეს, ვიდრე დიდება ღმრთისა.

ასე თქვა ესაიამ, როცა იხილა ძის დიდება, ხოლო მოც. პავლემ თქვა, რომ მან იხილა სული წმიდის დიდება (მოც. საქმ. 28, 25).
ჭეშმარიტად, ერთია წმ. სამების დიდება – მამის, ძის და წმიდა სულის!
მაშ, ესაიამ იხილა ძე ღვთისას დიდება: კვამლი, რომელიც მან ნახა (იხილა) და თქვა ამის შესახებ, სერაფიმები, მსხვერპლთშესაწირი, საკურთხეველი (ეს. 6, 1).
და თქვა ესაიამ ის, რაც უკვე ზემოთ ვთქვით: „დაუვსო მათ თვალი და გაუქვავა გული”.
მახარებელი იოანე აღნიშნავს, რომ ებრაელთა მთავრებმაც, მრავალმა ირწმუნა ქრისტე, მაგრამ ფარისეველთა შიშის გამო, რათა მათ ისინი სინაგოგიდან არ მოეკვეთათ (არ გაეგდოთ), ვერ აღიარებდნენ ხალხში ქრისტეს რწმენას; რადგან მათ ადამიანური დიდება მეტად შეჰყვარებოდათ, ვიდრე – ღმერთის დიდება.
ამის შესახებ, თვითონ ქრისტე ღმერთი ეუბნება მათ: „როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, თუკი ერთმანეთისაგან იღებთ დიდებას, ხოლო დიდებას, რომელიც ერთი ღმერთისაგან არის, არ ეძებთ?“
მაშასადამე, მახარებელი აღნიშნავს, რომ მათ აუხდათ უფლის წინასწარმეტყველება, რადგან ისინი მთავრები კი არ იყვნენ, არამედ – მონები, და თანაც ყველაზე დაბალი ფენის.
აქედან გამომდინარე, უნდა ვისწავლოთ, რომ ვისაც უყვარს საკუთარი თავის დიდება, ისინი არიან უღირსი მონები.

44. ხოლო იესუ ღაღატ-ყო და თქუა: რომელსა ვჰრწმენე მე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი. 45. და რომელმან მიხილა მე, იხილა მომავლინებელი ჩემი.

ხოლო იესომ შეღაღადა და თქვა: ვისაც მე ვწამვარ, მე კი არ ვწამვარ, არამედ ჩემი მომავლინებელი. და ვინც მე მხედავს, ჩემს მომავლინებელს ხედავს.

იესო ცოტა ხნით ტოვებს იუდეველებს, რათა მისი დროებითი განშორებით დაცხრეს მათი მრისხანება, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ იესო ისევ ბრუნდება მათთან და ეუბნება: „ვისაც მე ვწამვარ, მე კი არ ვწამვარ, არამედ ჩემი მომავლინებელი“. ეს სიტყვები შეიძლება ასე განვმარტოთ: რატომ გეშინიათ რომ მე მირწმუნოთ? ჩემი რწმენა ადის ჩემს მამასთან. ვისაც ღმერთის სწამს, მას სწამს – მოციქულების; მაგრამ ვერ ვიტყვით, – რომ გვწამს მოციქულების.
როცა იესო ამბობს – „ვისაც მე ვწამვარ“, ნიშნავს, რომ იგი, ქრისტე, არის ჭეშმარიტი ღმერთი, როგორც იგი თავის მოწაფეებს ეუბნება: „გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე” (იოვ. 14, 1). ამიტომ, ვისაც ქრისტესი სწამს, მისი რწმენა – მამასთან ადის, ხოლო ქრისტეს ურწმუნოს – მისი მამაც არ სწამს.
რას ნიშნავს – „და ვინც მე მხედავს, ჩემს მომავლინებელს ხედავს“? ნუთუ ეს ღმერთის ხორციელად დანახვას ნიშნავს? არა, რასაკვირველია. ამ სიტყვების ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ღმერთის გონებრივი ჭვრეტა. თითქოს უფალი ასე ამბობს: ვინც გონებრივად შეიცნო (აღიქვა) ჩემი არსება იმდენად, რამდენადაც ეს ძალუძს ადამიანს, მანვე შეიცნო (აღიქვა) მამაჩემის არსებაც.
ვინც მე, ამბობს იესო, მაღიარებს ღმერთად, ის, ეჭვსგარეშეა, აღიარებს მამასაც, რამეთუ მე ვარ მამაჩემის იერსახე (ხატი, ხატება, გარეგანი სახე). ეს ყოველივე მიგვითითებს იმაზე, რომ მამაც და ძეც ერთარსია.

46. მე ნათელი სოფლად მოვივლინე, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არა დაადგრეს. 47. და რომელმან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და არა ჰრწმენენ, მე არა ვსაჯო იგი, რამეთუ არა მოვედ მე სჯად სოფლისა, არამედ რაჲთა ვაცხოვნო სოფელი.

მე, ნათელი, მოვედი ქვეყნად, რათა არცერთი მათგანი, ვისაც მე ვწამვარ, არ დარჩეს ბნელში. თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, არ განვსჯი მას, ვინაიდან ქვეყნის განსასჯელად კი არ მოვსულვარ, არამედ ქვეყნის სახსნელად.

ამ სიტყვებით უფალი ისევ მიგვითითებს თავის ერთარსობაზე – მამამისთან (მამა-ღმერთი); რამეთუ, როგორც საღვთო წერილში მამას ყველგან უწოდებენ ნათელს, ასევე თვით იესოც, თავის თავზე ამბობს: ,,მე, ნათელი, მოვედი ქვეყნად“. ამიტომ, მოც. პავლეც ბრწყინვალებას უწოდებს უფალს (ებრაელ. მიმართ 1. 3), და ამით უჩვენებს, რომ როგორც განუყოფელია ერთმანეთისგან ნათელი (სინათლე) და ბრწყინვალება, ასევე მამა და შვილიც არიან ერთად, განუყოფლად.
„თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს, და არ იწამებს, არ განვსჯი მას, ვინაიდან ქვეყნის განსასჯელად კი არ მოვედი, არამედ ქვეყნის სახსნელად”.
ამ სიტყვებს შემდეგი მნიშვნელობა აქვს: მე არ ვარ დამნაშავე ურწმუნო ადამიანების გასამართლებაში, რადგან ამისთვის არ მოვსულვარ.
მე ადამიანთა გადასარჩენად, საცხოვნებლად მოვედი, ამისთვისაც ვასწავლიდი მათ. თუ ვინმეს ღმერთის რწმენა არა აქვს, მე არ ვარ მისი განკითხვის მიზეზი. ეს საკითხი უფრო მეტად ნათელი გახდება შემდეგი (მომდევნო) ნათქვამიდან.
მაშ, ისმინე, რა მოხდა შემდგომ:

48. ხოლო რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი: სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკუანაჲსკნელსა დღესა. 49. რამეთუ მე თავით თჳსით არარას ვიტყოდე, არამედ რომელმან მომავლინა მე, მამამან, მან მომცა მე მცნებაჲ, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი. 50. და უწყი, რამეთუ მცნებაჲ მისი ცხორება საუკუნო არს. და რომელსა ვიტყჳ მე, ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეცა ვიტყჳ.

ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის უკანასკნელ დღეს. ვინაიდან ჩემდა თავად არაფერი მითქვამს, არამედ მამამ, რომელმაც მომავლინა, მომცა მე მცნება, რა ვთქვა, ან რა ვილაპარაკო. მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა, და რასაც ვიტყვი, როგორც მამამ მაუწყა, ისე ვიტყვი.

უფალი ამბობს: მე არავის არ განვსჯი, მაგრამ ჩემი სიტყვა, რომელიც მე ვთქვი, ის გაასამართლებს მას უკანასკნელ დღეს. რატომ არ ირწმუნეს ჩემი? ნუთუ იმიტომ, რომ მე ღმერთის მოწინააღმდეგედ მთვლიან და საკუთარი თავის დიდებას ვეძებ? მაგრამ მე არაფერს არ ვამბობ ჩემგან (ჩემით). არამედ მხოლოდ იმას, რაც მამამ მასწავლა, რამეთუ მამაჩემმა მომცა მცნება, რა უნდა ვთქვა.
უფლის რამხელა სიმდაბლეა ამ სიტყვებში! ნუთუ, უფალო, იქამდე, სანამ შენი მამა მოგცემდა მცნებას, ნუთუ ეს მცნება, რომელიცაა საუკუნო სიცოცხლე, შენ არ იცოდი? სად რა უნდა გეთქვა, ნუთუ ეს შენ არ იცოდი, უფალო?
მაშინ, როგორ-ღა ამბობდი: „მე ვარ სიცოცხლე“? თუ ხედავ, როგორი გაურკვევლობა და წინააღმდეგობა არის აქ, მივუდგეთ საკითხს კეთილგონივრულად.
იცოდე, რომ უფალი ასეთი სიმდაბლით ამბობს მსმენელთა უძლურების გამო. რა უნდა (სურს) ამითი რომ გამოხატოს უფალმა? ის, რომ იესო თვითონ, თავისით, არაფერს არ ლაპარაკობს მამისგან განსხვავებულს, ისევე, როგორც გაგზავნილი დესპანები (ელჩები, ადამიანები) თავიანთი ნებით არაფერს არ ამბობენ, მხოლოდ იმას გადასცემენ, რაც დააბარეს (რაც დაავალეს).
იმისთვის, რომ იესომ დაამტკიცოს თავისი ერთაზროვნება მამამისთან. ამბობს (დასძენს): „და რასაც მე ვიტყვი, როგორც მაუწყა მამამ, ისე ვიტყვი“. ვინც ამ ჩემს სიტყვებს არ ირწმუნებს (არ მიიღებს), ვერაფრით ვერ გაიმართლებენ თავს, რადგან მათ არ ირწმუნეს ჩემი მამის!
მაშ, მართლმადიდებელო ადამიანო, არაფერი ცუდი (უხამსი) არ იფიქრო.
ძე, რომელიც არის სიტყვა ღვთისა, გამოხატავს იმას, რაც არის უმაღლეს გონში, გონებაში, ე. ი. მამაში, და ძემ – მამისგან მიიღო მცნება, თუ რა თქვას, და როგორ თქვას.

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21