ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
იოანეს სახარების განმარტება

 

თავი მეოთხე

 

1. ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნათელ-სცემს, ვიდრე იოვანეს, 2. რამეთუ თჳს იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი, 3. დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად. 4. ხოლო თავადი განსლვად იყო სამარიაჲთ.

როდესაც უფალმა შეიტყო, რომ ფარისევლებს გაეგოთ, უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავს, ვიდრე იოანეო, თუმცა ნათლავდა არა იესო, არამედ მისი მოწაფენი, დატოვა მან იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა. მას სამარიაზე უნდა გაევლო.

ჩვენთვის ხორცშესხმული, კაცთმოყვარე ღმერთი, ყველაფერს აკეთებს ჩვენს სასარგებლოდ. უფალმა გაიგო, რომ ფარისევლებმა იცოდნენ მისი დიდების შესახებ და უფალმა იცოდა, რომ ეს ხალხი შურით აღივსებოდა და მის წინააღმდეგ ამხედრდებოდა, ამის გამო, იგი მიდის გალილეაში; ამ საქციელით უფალი გვასწავლის ჩვენ ორ რამეს:
1) დავინდოთ (შევიცოდოთ) ჩვენი მტრები და ყოველმხრივ ვეცადოთ, რათა მათ არ მივცეთ ცთუნების და შურის აღძვრის მიზეზი (საბაბი);
2) უმიზეზოდ და უგუნურად არ შევიდეთ (არ ჩავარდეთ) განსაცდელებში, არამედ განვერიდოთ (გავცილდეთ, განვეშოროთ) დროებით ჩვენს მიმართ მრისხანებაში მყოფ ადამიანებს, სანამ დაცხრება მათი გულისწყრომა (მრისხანება).
თუმცა ქრისტე ძლიერია და მას შეეძლო გაეჩერებინა თავისი მოშურნე ადამიანები, თუ ისინი ეკვეთებოდნენ (ფიზიკურად) მას, მაგრამ ასეთ გართულებას იგი თავს აირიდებს (აიცდენს), რათა განკაცების საქმე ბუნდოვანი (მოჩვენებითი) არ იყოს ვინმესთვის. თუ უფალი ხშირად გაშორდებოდა მის მოწინააღმდეგეებს, მაშინ რაღას არ იტყოდნენ მის შესახებ მწვალებლები: მანესი, ვალენტინი, წყეული ევტიქი და მისი მოწაფეები?
მახარებელი ამბობს, რომ იესო არ ნათლავს, არამედ იგი ხაზს უსვამს ღმერთის მოშურნე ფარისევლების ცილისწამებას, რომლებიც ცრუდ ამბობდნენ, თითქოს ქრისტე ნათლავდა ხალხს.
„ხოლო თავადი განსლვად იყო სამარიაით“, ე. ი. უფალს უნდა გაევლო სამარიაში. საქმეზე. დაუკვირდი, მახარებელი არ ამბობს, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო სამარიაში, არამედ ამბობს: უნდა გაევლო სამარიაზე. მას უნდოდა იუდეველებისთვის ყველანაირი მიზეზი წაერთმია, რომელსაც უფლის გასამტყუნებლად იყენებდნენ, რათა მათ არ ეთქვათ, რომ ქრისტემ ისინი მიატოვა და გადავიდა არაწმინდა წარმართებთან. რამეთუ, როცა უფალს სდევნიდნენ ფარისევლები, მაშინ იგი გადადიოდა წარმართებთან – საქმეებთან დაკავშირებით და არა სპეციალურად (არა იძულებით).

5. და მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სუქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. 6. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი. ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსე.

ამრიგად, მივიდა სამარიელთა იმ ქალაქში, სიქარი რომ ეწოდება, იმ მიწის ნაკვეთის მახლობლად, რომელიც იაკობმა მიცა თავის ძეს იოსებს. იქ იყო იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა.

ღირს იმისი მოყოლა, თუ საიდან წარმოიშვნენ სამარიტელები და რის გამო მიიღეს მათ ასეთი სახელწოდება. მთას ეწოდა სახელი სომორონი (სამარია), ამ მთის პატრონის – ეფრემ სომორონის საპატივსაცემოდ, როგორც ამის შესახებ ესაია ამბობს: „ეფრემის თავი – სამარიაა“ (ესაია 7:9)
თავდაპირველად, ვინც ამ მთის ძირში ცხოვრობდა, ეწოდებოდა ისრაელელები, და არა სამარიელები. მაგრამ, ღმერთის შეურაცხყოფის გამო, ისინი, სხვადასხვა დროს, ხელში ჩაუვარდნენ ასურელებს. ბოლოს, ასურელებმა, ეს ხალხი დაატყვევეს, აღარ მისცეს მათ უფლება, ეცხოვრათ საკუთარ ქვეყანაში და დაასახლეს ისინი ბაბილონელებსა და მიდიელებს შორის, ხოლო იმ მიწიდან სამარიაში გადმოასახლეს სხვადასხვა ერების წარმომადგენლები.
ამის შემდგომ, ღმერთმა ისურვა, ეჩვენებინა ბარბაროსებისთვის (რომლებიც სამარის მიწაზე დასახლდნენ) ის რომ, მან სამარიტელი ხალხი ტყვედ ჩაუგდო ასურელებს არა მათი უძლურების გამო, არამედ მათი ცოდვის გამო, და ბარბაროსებს შეუსია ლომები, რომლებიც ჭამდნენ მათ. როცა ამ ამბის შესახებ გაიგო მეფემ, იგი მოიხმობს ტყვეობაში მყოფ ზოგიერთ ებრაელ უხუცესს და შეეკითხება, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ სამარიის მიწაზე მცხოვრები ბარბაროსები ლომებმა აღარ შეჭამონ!
ისინი მეფეს უხსნიან, რომ ისრაელს ღმერთი განაგებს (კეთილად უყურებს) იმ ადგილს და იგი ვერ მოითმენს, რომ იმ მიწაზე ცხოვრობდეს ისეთი ხალხი, რომლებმაც არ იციან ღმერთის კანონები. ამიტომ, თუ იმ ბარბაროსებს გააცნობენ და ასწავლიან ღვთის კანონებს, ღმერთი მოწყალე იქნება მათ მიმართ. მეფემ მოუსმინა მათ და გააგზავნა ერთი მღვდელი, რათა მას ესწავლებინა სამარიტელი ბარბაროსებისთვის ღმერთის რჯული (4 მეფ: 17, 24-28). მაგრამ მათ არ მიიღეს ყველა საღვთო წიგნი, არამედ მხოლოდ ხუთი მათგანი. ესენია – მოსეს 5 წიგნი: დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი და მეორე რჯული.
ეს ხალხი სრულიად არ ჩამოშორდა უწმნდურებას, მაგრამ ხშირად კერპთაყვანისმცემლობას თავს ანებებდა და ღმერთის თაყვანისმცემელი ხდებოდა. ამიტომ, იუდეველები ტყვეობიდან დაბრუნების შემდგომ, ყოველთვის სიძულვილით ექცეოდნენ მათ, როგორც ასურელებს – წარმოშობით, ხოლო იმ მთის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომლის ძირშიაც ისინი ცხოვრობდნენ, მათ უწოდებდნენ სამარიტელებს (სამარიელებს). ხოლო თვითონ, თავის თავს, ეს ხალხი უწოდებდა აბრაამის და იაკობის შთამომავალს, რადგანაც აბრაამი იყო ქალდეველი, ხოლო იაკობს კი – თავისიანად თვლიდნენ იმ მიზეზით, რომ იმ ადგილას, სადაც ისინი სახლობდნენ მოედინებოდა იაკობის წყარო.
იუდეველები კი ყველა წარმართთან ერთად, სამარიტელებსაც არაწმინდად თვლიდნენ, ამიტომ უფალს ისინი ადანაშაულებდნენ და ეუბნებოდნენ: „ვითარმედ სამარიტელ ხარ შენ” (იოანე 8:48).
თვითონ უფალიც ეუბნებოდა მოწაფეებს; „ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ“ (მათე 10:5).
მახარებელი დაწვრილებით რისთვის ჰყვება იმ ადგილის და იაკობის ჭის შესახებ? პირველ რიგში, მისთვის, რომ არ გაგიკვირდეს, როცა გაიგებ, ქალი რასაც იტყვის; ჩვენმა მამამ – იაკობმა მოგვცა ეს ჭა. რამეთუ ამ ადგილს ეწოდებოდა სიკიმა (სიხემი), სადაც იაკობის ვაჟებმა – სიმეონმა და ლევიმ სასტიკი მკვლელობა ჩაიდინეს, იმ მიზეზის გამო. რომ მათ თავიანთ დაზე – დინაზე სიკიმიტების მთავარმა იხმარა ძალა და ნამუსი აჰხადა მას.
შემდგომ, მახარებელი იოანე გადმოგვცემს ამ ადგილის და ჭის ამბავს.
მისი მონათხრობიდან ჩვენ ვიგებთ, რომ იუდეველთა დატევება (უგულებელსყოფა) თავიდანვე იყო მათი ცოდვების გამო; და როდესაც ისინი შეურაცხყოფდნენ ღმერთს, მაშინ წარმართები ეპატარონებოდნენ მათ ადგილებს, და რასაც პატრიარქები ქრისტეს რწმენით შეიძენდნენ ხოლმე, წარმართები ამას, ყოველივეს ღუპავდნენ თავიანთი უწმინდურობითა და უღმერთობით,
ამიტომ, სულაც არ არის ახალი ის ამბავი, თუ ახლა, ცათა სასუფეველში შეყვანილ იქნენ წარმართები – იუდეველთა მაგივრად.
იმ ადგილს, რომელიც იაკობმა მისცა იოსებს, თავის შვილს, ეწოდებოდა სიკიმა, იაკობის ძმებმა (სიმეონი და ლევი), რომლებმაც გაანადგურეს სიკიმიტები (დის პატივის დასაცავად), გააპარტახეს ქალაქი, მხოლოდ ამის შემდეგ, მამამ გადასცა იგი მემკვიდრეობით – იოსებს.

7. მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი. 8. რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ.

მოვიდა დედაკაცი სამარიიდან წყლის ამოსაღებად. იესომ უთხრა მას: „წყალი დამალევინე,“ რადგან მისი მოწაფენი ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად.

მახარებელი იოანე ამბობს, რომ უფალი მგზავრობისგან დაიღალა, აქ იგი მიგვითითებს უფლის ზომიერებასა და თავაზიანობაზე, რადგან იგი მოგზაურობისთვის არ იყენებდა ცხოველებს, არამედ ფეხით დადიოდა, ამით ის გვასწავლის, რომ ბევრი არ უნდა მოვითხოვოთ. აგრეთვე მთხრობელი, მიგვითითებს იმაზე, რომ უფალი უდარდელად კი არ მოგზაურობდა (თავის მოწაფეებთან ერთად). არამედ ძალისხმევით, მონდომებით, აქედან გამომდინარე, ჩვენც ვსწავლობთ უფლის საქმის კეთებას ძალისხმევით, მოწადინებით.
სიტყვა ,„ჯდა“ ნიშნავს, რომ უფალი დაჯდა არა ტახტზე, არამედ სრულიად უბრალოდ, ჭასთნ, დაისვენა ფიზიკურად, გზით დაღლილმა და გაგრილდა. შემდეგ წმიდა იოანე ასახელებს მეორე მიზეზს, თუ რატომ ჩამოჯდა ჭასთან უფალი, იმიტომ, რომ, – იყო შუადღე. ამბობს იგი – „ჟამი იყო ვითარ მეექვსე“ – მიახლოებით 6 საათი იქნებოდა და კიდევ იმიტომ ამბობს ასე, რომ უფალი არავის არ გაემტყუნებინა იმაში, რომ სამარიტელებთან მივიდა, მაშინ, როდესაც თვითონ უკრძალავდა თავის მოწაფეებს, რომ წარმართთა გზაზე არ ევლოთ. ჭასთან მისი ჩამოჯდომა იყო გადაღლის და წყურვილის მიზეზი. მოდის სამარიტელი ქალი, რომელსაც უფალი სთხოვს წყლის დალევინებას. ეს ქალი (წმიდა ფოტინე სამარიელი) აღმოჩნდა ძალიან ცნობისმოყვარე. რა უნდა გაეკეთებინა უფალს? ნუთუ უარყოფდა იგი, კაცთმოყვარე, ცნობისმოყვარე, გაურკვევლობაში მყოფ ქალს, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა ქრისტესგან მოესმინა მის დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები? რასაკვირველია, უფალი, თავისი კაცთმოყვარების მიხედვით, არ უარყოფდა მას. დააკვირდი აქ უფლის სისადავეს, თავაზიანობას. იგი მარტო რჩება გზაზე, როცა მისი მოწაფეები მიდიან ქალაქში საჭმლის საყიდლად; მათ ჭამის პრობლემა მეორე ხარისხოვნად მიაჩნდათ; იმ დროს, როცა უკვე ყველა ნასადილევი იყო, მოწაფეები მხოლოდ პურის საყიდლად წავიდნენ; ამ მაგალითით ჩვენც უნდა ვისწავლოთ, რომ არ ვიზრუნოთ სხვადასხვანაირი საჭმლის შეძენაზე.
გთხოვ, ყურადღება მიაქციე, მახარებლის სიზუსტესაც. მან დაბეჯითებით კი არ თქვა, რომ იყო 6 საათი, არამედ, ცოდვა რომ არ ჩაედინა ჭეშმარიტების წინაშე, ასე თქვა: ,,იყო დაახლოებით 6 საათი”, რაც მის ნათქვამს დამაჯერებლობას სძენს.

9. ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: ვითარ, შენ ჰურიაჲ ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ, სამარიტელისა დედაკაცისაგან? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა. 10. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: „მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა“, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი. 11. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაჲ გაქუს შენ წყალი ცხოველი?

უთხრა მას სამარიელმა დედაკაცმა: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს დამალევინეო? რადგან iუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან.“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ რომ იცოდე ღვთის ნიჭი და ის, ვინც გეუბნება, წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს.“ უთხრა დედაკაცმა: „ბატონო, არც ასავსები ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი?

შეიძლება შეხედულებით, ჩაცმულობით, საუბრის კილოთი, სამარიტელმა ქალმა უფალი იუდეველად ჩათვალა, რის გამოც იგი ეუბნება მას: „შენ ჰურიაი ხარ“ და ა.შ. შეხედე, როგორი დაკვირვებული იყო ეს ქალი. თუ მორიდება იყო საჭირო იმ დროს, ეს ქალი კი არ უნდა მორიდებოდა, არამედ – უფალი; რამეთუ ამ ქალმა ასე კი არ უთხრა სამარიტელებს არ აქვთ ურთიერთობა იუდეველებთანო, არამედ სთქვა, რომ – იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიტელებთან. მაგრამ ეს ქალი ამაზე არ ჩერდება: იგი ფიქრობს, რომ უფალი აკეთებს რჯულის საწინააღმდეგო საქმეს და ცდილობს ეს გამოასწოროს.
უფალი იქამდე არ უმჟღავნებს თავის ვინაობას ქალს, სანამ მისი სათნოება არ გამომჟღავნდება; როცა ვლინდება სამარიტელი ქალის (წმიდა ფოტინე სამარიელი) სათნოებები, როგორიცაა სიზუსტე და მახვილგონიერება, მხოლოდ მაშინ იწყებს უფალი მასთან საუბარს არაამქვეყნიურ (ზეციურ) საკითხებზე.
შენ რომ იცოდე, – ეუბნება ქრისტე ქალს, რა შეუძლია ღმერთს მოგანიჭოს, რომ მას ძალუძს მოგცეს მარადიული და უხრწნელი საგანძურები (წყალობა, მადლი), შენ რომ მიცნობდე მე, ვინ ვარ, მე, როგორც ღმერთს, შემიძლია მოგანიჭო შენ სიცოცხლის მომნიჭებელი წყალი, თუ შენ მთხოვდი.
„წყალს“ უფალი უწოდებს სული წმიდის მადლს, რადგან ამ მადლის მიმღებ ადამიანებს იგი კურნავს, წმენდს და განაახლებს.
ქალი ეუბნება მას: „უფალო!“ ხედავ, შენ, როგორ უცბად შეიცვალა ამ ქალმა მასზე არასწორი აზრი და დიდ პატივს მიაგებს იესოს და უფალს უწოდებს; თუმცა, სამწუხაროდ, ქალი ვერ ჩაწვდა ქრისტეს საუბრის სიღრმეს, რომელ წყალზე ესაუბრებოდა იგი ქალს.

12. ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი. 13. მიუო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა, 14. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ. 15. ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაჲთა არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად.

ნუთუ შენ მეტი ხარ ჩვენს მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა გვიბოძა, და თვითონაც აქედან სვამდა, მისი ძენიც და მისი საქონელიც? მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას ამ წყლის მსმელს, კვლავ მოსწყურდება. ხოლო ვინც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მიეცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლე იდინებს. უთხრა დედაკაცმა; „ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ.“

სამარიტელი ქალი იაკობს თვლის თავის მამად და თავის თავს მიაკუთვნებს იუდეურ კეთილშობილებას. დააკვირდი, ქალის გონიერებას – როგორ უცბად ასხვავებს ის წყლებს და ამ წყლის მომცემების სხვადასხვაობას.
თუ შენ, ეუბნება ქალი უფალს, მომცემ ასეთ წყალს, მაშინ ეჭვსგარეშეა, რომ შენ იაკობზე დიდი ხარ; იაკობმა კი ეს, ნამდვილი წყალი მოგვცა ჩვენ და თან, თვითონაც, მისი ძენიც, და მისი ნახირიც ამ წყალს სვამდნენ. სიტყვები – „და საცხოვარი მისი“ მიანიშნებს იმაზე, რომ წყალი დიდი რაოდენობით, სიუხვით არის, ეს წყალი, ამბობს ქალი, არა მარტო გემრიელია, არამედ უხვადაცაა, რადგან პატრიარქი იაკობიც ამ წყალს სვამდა, მისი ძენიც და მისი საქონელიც.
ქალი ეუბნება ქრისტეს: „ნუთუ შენ, მამაჩვენ იაკობზე უმეტესი ხარ?” მართალია, უფალი ქალს პირდაპირ არ ეუბნება, რომ მე მასზე მეტი ვარ, რათა ქალს იგი პატივმოყვარედ არ მოეჩვენოს და თან ჯერ არ სურს თავისი ძალის ჩვენება (გამოაშკარავება); იგი ასე ეუბნება სამარიტელ ქალს. „ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება. მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება უკუნისამდე”.
თუ შენ, ამბობს უფალი, გიკვირს იაკობის, რომელმაც ეს ჩვეულებრივი წყალი მოგცა, მაშინ მეტად გაკვირვებული უნდა იყო იმ, უკეთესი წყლის მოცემით, რომელსაც გაძლევ მე! რამეთუ ის წყალი, რომელსაც მე გაძლევ, მუდმივად და განუწყვეტლად მრავლდება. რამეთუ წმინდანები, რომლებიც ღმერთისგან არა მარტო იღებენ ამ სულიერ მადლს და სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ მას, არამედ ამ მადლისგან იღებენ ასევე სიკეთის თესლს და თვითონ ამრავლებენ სულიწმიდის ნიჭებს. ამაზე მიუთითებს უფალი, როცა იგავს ამბობს სული წმიდის ნიჭებზე (მათე 25: 14-31) და სასტუმროს პატრონზე (ლუკა 10:35).
მე, ამბობს უფალი, მწყურვალს ვაძლევ წყალს, მაგრამ ის წყალი, რომელსაც მე ვაძლევ, იგივე ზომით არ რჩება, არამედ გაბევრდება (მოიმატებს) და გადაიქცევა წყაროდ.
ამ საუბრის დროს რა განწყობა ეუფლება სამარიტელ ქალს? ადრე იგი გაურკვევლობაში იყო და ამბობდა: „საიდან გაქვს ცოცხალი წყალი?“ ხოლო, ეხლა, როცა ქრისტეს სიტყვა უეჭველად (ჭეშმარიტად) მიიღო ეუბნება: „მომეცი ეგ წყალი“, ამის გამო, ეს ქალი გვეჩვენება ნიკოდიმოსზე უფრო მეტად გამგებად (მიხვედრილად).
ნიკოდიმოსმა, როცა უფლისგან მოისმინა მსგავსი საუბრები, უთხრა მას: „როგორ შეიძლება ეს მოხდეს?“
ხოლო სამარიტელმა ქალმა, უფალთან საუბრის შემდგომ უარყო იაკობის ჭა და ეუბნება; „უფალო, მომეცი ეგ წყალი, რათა აღარ მომწყურდეს და აღარასოდეს მოვიდე აქ (იაკობის ჭაზე) წყლის ამოსაღებად”.
ხომ ხედავ, ქალი რაოდენ სიმაღლეზე აყენებს უფალს – იაკობთან შედარებით.

16. ჰრქუა მას იესუ: წარვედ და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა. 17. მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, ვითარმედ: არა მივის ქმარი, 18. რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ. 19. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შენ. 20. მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ. 21. ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა. 22. თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს.

უთხრა მას: „წადი, მოუხმე შენს ქმარს და მოდი აქ.“ მიუგო დედაკაცმა უთხრა: „მეც არ მყავს ქმარი. იესომ უთხრა: „მართალი თქვი: მე ქმარი არა მყავსო. რადან ხუთი ქმარი გყავდა და ის, ვინც ახლა გყავს, არც ისაა შენი ქმარი. ეს მართალი თქვი.“ უთხრა დედაკაცმა; „ბატონო, ვხედავ, რამეთუ წინაწარმეტყველი ხარ. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ადგილი, სადაც უნდა სცემდნენო თაყვანს.“ უთხრა იესომ: „დედაკაცო, მერწმუნე დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყუანს აღარ სცემთ მამას. თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს. ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა.

უფალი ეუბნება სამარიტელ ქალს: „წადი, დაუძახე შენს ქმარს“; ამას იმიტომ ეუბნება, რომ ხედავს უფალი, რომ ქალი აძალებს მას უკვდავი წყლის მოცემას.
„დაუძახე შენს ქმარს” – ამბობს ქრისტე. ამით უნდა, რომ მისი ქმარიც იღებდეს მონაწილეობას ღმერთის საჩუქრის გადმოცემაში. ქალს სურს, რომ მისგან მალე მიიღოს უფლის წყალობა, და ცდილობს დაფაროს თავისი ცოდვა, ამბობს: „ქმარი არა მყავს“.
აქ უფალი წინასწარმეტყველურად ცდილობს თავისი ძალა აჩვენოს მას: იგი ჩამოუთვლის მის ყოფილ ქმრებს და იმაზეც მიუთითებს, რომლის დამალვასაც ამჯერად ცდილობს. ამის გამგონე ქალი ხომ არ მწუხრდება, ხომ არ სტოვებს ქრისტეს და არ ცდილობს შერცხვენილი გაიქცეს მისგან? არა, ქალი უფრო მეტად გაკვირვებულია და მეტად სჯერავს უფლის, იგი ეუბნება მას: ,,უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს“. ამას ეუბნება უფალს სამარიტელი ქალი აბრაამის შესახებ და მის შთამომავლებზე. ასე ამბობენ, რომ აქ, აბრაამმა ისააკი მსხვერპლშეწირვისთვის მოიყვანა. როგორღა ამბობთ იმას, რომ „იერუსალიმში არის ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა?“
ხედავ, ეს ქალი, როგორ ამაღლდა? ცოტა ხნის წინ, იგი იმაზე ზრუნავდა, რომ წყურვილისგან არ დამღრჩვალიყო, ხოლო ეხლა კი – დოგმატების შესახებ დაინტერესდა.
ამიტომაც, ქრისტემ, დაინახა რა მისი გამჭრიახობა, იგი აუწყებს ქალს ძალიან მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას, რომელიც არ გაუმხილა არც ნიკოდიმოსს, არც ნათანაელს: „მერწმუნე, ქალო, – უთხრა მას იესომ, – რომ მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალემში აღარ სცემთ თაყვანს მამას.“ შენ ცდილობ დაამტკიცო, რომ სამარიტელების ადათ-წესები უფრო ღირსეულია და უმჯობესია, ვიდრე იუდეველებისა. ხოლო მე შენ გეუბნები, რომ არც ერთ ადათ-წესს არა აქვს ღირსება, არამედ დადგება სხვა წესრიგი, რომელიც ორივეზე უმჯობესი იქნება. მაგრამ, ამასთან ერთად, მე ვაცხადებ, რომ იუდეველები – უმჯობესნი არიან სამარიტელებზე. „თქვენ, – ეუბნება უფალი, არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ, იუდეველებმა, ვიცით რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის”.
თავის თავს უფალი აკუთვნებს იუდეველებს, რადგანაც იგი ქალისთვის გასაგებად ლაპარაკობს, ხოლო ქალმა კი იგი აღიქვა იუდეველ წინასწარმეტყველად. ამიტომაც უფალი ამბობს – ,ჩვენ“ თაყვანს ვცემთ.
სამარიტელებმა ნუთუ არ იცოდნენ, ვის სცემდენნ თაყვანს? მათ ეგონათ, რომ ღმერთი რაიმე ადგილით არის განსაზღვრული (შემოსაზღვრული). ამიტომ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, როცა მათ ლომები ჭამდნენ, ელჩების (დესპანების) საშუალებით მათ მიაწვდინეს ხმა ასურეთის მეფეს, რომ ამ ადგილას ასურელების ცხოვრებას ვერ ეგუება ღმერთი! თუმცა, ამ დროის შემდეგ, ისინი ღმერთს კი არ ემსახურებოდნენ, არამედ კერპებს; ხოლო იუდეველები კი თავისუფლები იყვნენ ასეთი შეხედულებებისგან, თუმცა ყველა არ აღიარებდა ქრისტეს ღმერთად.
უფლის გამოთქმა – „ხსნა იუდეველთაგან არის”, ჩვენში ორნაირ აზრს იწვევს: ან ის, რომ სიკეთე (წყალობა) მთელი ქვეყნიერებისთვის აღმოცენდა და მოგვეცა იუდეველებისგან, ან ღმერთის შემეცნება, კერპების უარყოფა და სხვა ყველა სწავლება (დოგმატები) და ასევე თქვენი, სამარიტელების არასწორი თაყვანისცემა, საწყისს იღებს ასევე იუდეველებისგან;
ან უფალი „ხსნას“ უწოდებს თავის მოსვლას, რომელიც იუდეველთაგანაა; ასევე „ხსნის“ მნიშვნელობა შეიძლება გავიგოთ ისეც, რომ „ხსნა“ – თვითონ უფალია, რომელიც ხორციელად იუდეველთაგან არის შობილი.

23. არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა. 24. სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ.

მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით.

მართალია, ჩვენ, იუდეველები, თაყვანისცემის მხრივ უპირატესობას ვინარჩუნებთ სამარიტელების წინაშე, მაგრამ იუდეური მსახურების სახეც მომავალში დასრულდება და გარდაქმნა მოხდება არა მარტო ადგილის მხრივ, არამედ მსახურებაშიც, და ასეთი გარდაქმნა ძალიან ახლოა და თითქმის, დადგა კიდეც; რამეთუ ამ საგნებს არ ექნებათ ისეთი მნიშვნელობა ყოველ დროში, როგორც წინასწარმეტყველების გამონათქვამებს.
ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს უფალი უწოდებს მათ, ვინც ცხოვრობს მისი კანონების დაცვით, რომლებიც, როგორც სამარიტელნი, ღმერთს არ შემოსაზღვრავენ გარკვეული ადგილით, ან, როგორც იუდეველები, არ მსახურებენ ღმერთს ხორციელად, არამედ თაყვანს სცემენ ღმერთს სულით და ჭეშმარიტებით, ე. ი. სულიერად და გონებრივი სიწმინდით. რადგან, ღმერთი სულია, ე. ი. უსხეულო, მაშასადამე, მას თაყვანი უნდა ვცეთ სულით, უსხეულოდ. ხოლო როგორც მრავალი ადამიანი, ალბათ, თაყვანსა სცემს ღმერთს სულით, მაგრამ ჭეშმრიტი წარმოდგენა არ აქვთ მასზე, როგორც მწვალებლებს, ამიტომ დაამატა: „და ჭეშმარიტებით , რამეთუ ღმერთს თაყვანი უნდა ვცეთ გონებით, და ისევე უნდა გვქონდეს მასზე ჭეშმარიტი წარმოდგენა.
ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ამ ორი სიტყვით – ,სულით და ჭეშმარიტებით“ მიგვეთითება ჩვენი სიბრძნისმოყვარეობის (ფილოსოფიის) ორ ნაწილზე: შემოქმედებასა და ჭვრეტაზე. სიტყვით – „სულით“ მიგვეთითება – შემოქმედებაზე. რამეთუ, ღვთაებრივი მოციქულის სიტყვით, „ყველა, ვისაც ღმრთის სული წარმართავას, ღმრთის ძეა და თუ სულით მოაკვდინებთ სხეულის საქმეს, ცოცხალნი იქნებით“ (რომ. 8: 13-14). სიტყვა – „ჭეშმარიტებით“ კი მიგვითითებს ჭვრეტაზე, განხილვაზე; რამეთუ ჭვრეტა იკვლევს დოგმატური სწავლების ჭეშმარიტებას.
და სხვანაირადაც შეიძლება ითქვას: რადგან, სამარიტელნი ღმერთს შემოსაზღვრავდნენ (შემოფარგლავდნენ) გარკვეული ადგილით, და ამბობდნენ: ამ ადგილას უნდა ვცეთ ღმერთს თაყვანიო, ხოლო იუდეველები კი ყველაფერს ასრულებდნენ გარეგნული სახით, მაშინ, სამარიტელების განსხვავების წინააღმდეგ იხმარება სიტყვა – „სულით“, ასე უნდა განვმარტოთ: თქვენ, სამარიტელნო, ღმერთის მსახურებას აღასრულებთ როგორღაც, ადგილობრივად, ხოლო მისი ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი კი აღასრულებენ უფლის მსახურებას „სულით“, ე. ი. გონებრივად და სულიერად. ასევე, იუდეველების მსგავსად, თაყვანისცემას არ აღასრულებენ გარეგნულად, არამედ, „ჭეშმარიტებით“, რადგან იუდეური ადათ-წესები გაუქმებული იქნება.
უფალი ამბობს, რომ უკვე დადგა დრო, ჩემი ხორციელად გამოჩენისა, როცა ჩემი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, სამარიტელებივით, ერთ ადგილას კი არ მცემენ თაყვანს, არამედ ყოველ ადგილას – „სულით“, და არა მარტო ხორციელად მცემენ თაყვანს, არა გარეგნულად, ისე, როგორც იუდეველები, არამედ ღმერთის მსახურება იქნება ჭეშმარიტი, რომელსაც არავითარი ჩრდილი არ მიეახლება.
ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის ღმერთი, რომელიც სულია – სულიერ თაყვანისმცემლებს, და ასევე, ღმერთი ჭეშმარიტებაა, ე. ი. იგი თავისთვის ეძებს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს.

25. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი. 26. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ. 27. და ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყჳ მის თანა?

უთხრა დედაკაცმა: „ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს.“ უთხრა მას იესომ: „მე ვარ, რომელიც გელაპარაკება შენ.“ ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი დედაკაცთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს: რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას.

საიდან იცოდა სამარიტელმა ქალმა, რომ მესია, სახელად ქრისტე, მოვიდოდა? საიდან და მოსეს ხუთწიგნეულიდან, როემლიც მიიღეს სამარიტელებმა. ამ ხუთწიგნეულიდან იცოდნენ წინასწარმეტყველება ქრისტეზე და ასევე ისიც, რომ ქრისტე არის ძე ღვთისა.
სიტყვები – „გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად” (დაბადება 1: 20), უეჭველია, მამა უფალმა უთხრა თავის ძეს; აბრაამთან ვინც კარავში საუბრობდა – იყო ძე ღვთისა, ანუ ქრისტე (დაბადება თავი 18). უფლის შესახებ წინასწარმეტყველებდა იაკობი: „არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან“... (დაბადება 49:10). თვითონ მოსე ასე ამბობს: ,,წინასწარმეტყველს, როგორც მე ვარ, შენი წიაღიდან, შენი მოძმეებიდან, დაგიდგენს უფალი, შენი ღმერთი. მას უსმინე“ (II რჯული 18:15) და სხვა მრავალი ადგილი გვაუწყებენ ქრისტეს მოსვლის შესახებ.
ამის გამო, სამარიტელი ქალი ამბობს: „ვიცი, რომ მოვა მესია”, ამ სიტყვებიდან გამომდინარე, უფალი ქრისტე თავის ვინაობას უმჟღავნებს ქალს.
რატომ, ისმის კითხვა, ქალს უმჟღავნებს თავის საიდუმლოს, რომ იგი არის – მესია. ხოლო იუდეველებს კი, რომლებიც ხშირად ეკითხებოდნენ: „გვითხარი ჩვენ, შენ ხარ – ქრისტე?” მათ არ გაუხსნა საიდუმლო, არაფერი არ უთხრა იმიტომ, რომ ისინი იმიტომ ეკითხებოდნენ, რათა მეტი ცილისწამება ეთქვათ მასზე, ხოლო ქალს იმიტომ გაუმჟღავნა თავისი ვინაობა, რომ მას ნამდვილად სურს შეიცნოს ჭეშმარიტება და უფლის მიმართ იგი კეთილგანწყობილი და გულწრფელია, რაც ჩანს მისი შემდეგი საქციელიდან: როცა ამ ქალმა ეს ნათქვამი გაიგო ქრისტესგან და ირწმუნა, რომ იგი არის ჭეშმარიტი მესია, იგი მიდის ქალაქში, თავის რწმენას სხვებს გადასცემს და მოჰყავს ხალხი უფალთან.
იმ დროს, როცა უფალი ამთავრებდა საუბარს და სწავლას სამარიტელ ქალთან, მოვიდნენ მისი მოწაფეები. როცა ნახეს უფალი, როგორი სიმდაბლით ესაუბრებოდა სამარიტელ ქალს გაუკვირდათ ეს ამბავი, მაგრამ ვერ გაბედეს, ეკითხათ, თუ რაზე ელაპარაკებოდა ქალს. ასე იყვნენ მოწაფეები ნასწავლი, თუ როგორ უნდა ეცათ დიდი პატივი თავისი მასწავლებლისთვის! სხვა შემთხვევაში კი, ისინი, თამამები არიან. მაგ. იოანე უფალს მკერდზე მიეყრდნობა (იოანე 13:25).
იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება თვითონ მოწაფეებს, ისინი უფალს ეკითხებიან, ხოლო სამარიტელი ქალის შემთხვევაში კი, მათ ვერ გამოიჩინეს სითამამე, რათა ეკითხათ მისთვის, თუ რაზე ესაუბრებოდა ქალს, რადგან ამის შეკითხვასრულიად არ იყო აუცილებელი და მართებული.

28. დაუტევა უკუე სარწყული იგი მისი დედაკაცმან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ: 29. მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე? 30. გამოვიდეს ქალაქით და მოვიდოდეს მისა.

მაშინ დედაკაცმა დატოვა თავისი ჭურჭელი, წავიდა ქალაქში და უთხრა ხალხს: "წადით, ნახეთ კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი რამ ჩამიდენია. იგი ხომ არაა ქრისტე?“ გამოვიდნენ ქალაქიდან და წავიდნენ მასთან.

უფლის სიტყვებისგან ქალის გული ისე აინთო, რომ მან მიატოვა თავისი წყლის სარწყული, რადგან იაკობის ჭის წყალს ამჯობინა ქრისტეს უკვდავი წყალი და აღივსო რა უფლის რწმენით, წავიდა ქალაქში და მის მცხოვრებლებს ასწავლა ეს რწმენა და მოუწოდა ქრისტესკენ. ამ ღვაწლის გამო იგი აღიყვანეს მოციქულის ხარისხში.
„მოდით, – ამბობს სამარიტელი ქალი, – „და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც მიქნია; ჭეშმარიტად, მისი სული, რომელიც აინთო ღვთაებრივი ცეცხლით, აღარ აქცევს ყურადღებას არაფერ მიწიერს – არც სირცხვილს, არც უღირსებას, აღარც იმას, რომ მისი ცოდვილი საქმეები განცხადებულია. ქალს შეეძლო სხვაგვარადაც ეთქვა, მაგალითად; „მოდით, იხილეთ წინასწარმეტყველი, რომელიც წინასწარმეტყველებს“. მაგრამ იგი ასე არ ამბობს, არამედ მისთვის მთავარია, იქადაგოს ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, ხოლო ვინ რას იფიქრებს მასზე, ეს მას არ ადარდებს.
სამარიტელი ქალი დამაჯერებლად (სარწმუნოდ) არ ეუბნება ხალხს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ქრისტეა, არამედ ამბობს ასე: „ქრისტე ხომ არ არის იგი?” ასეთი ნათქვამით, იგი აინტერესებს ხალხს და მოუწოდებს, რათა ქრისტესთან მოვიდნენ და ქალის ნათქვამი სიტყვა უფრო ადვილად მისაღები იყოს მათთვის.
ზოგიერთები, გულისხმობენ, რომ სამარიტელი ქალის ხუთი ქმარი – ეს არის ის ხუთი წიგნი მოსესი, რომელიც ამ ქალმა და სხვა სამარიტელებმა მიიღეს.
ეუბნება უფალი ქალს: „ვინც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარი... ე. ი. უფალი გულისხმობს თავის სწავლებას ქალის ბოლო ქმარში, რადგან, ამბობს ქრისტე. ჯერ არ შეუღლდი, არ დაინიშნე ჩემს სწავლებაზე.
ზოგიერთი იტყვის, რომ სამარიტელი ქალი არის ნიმუში ადამიანური ბუნებისა. ჩვენი ბუნება ადრე ცხოვრობდა მთაზე, იგი აღსავსე იყო ღვთაებრივი მადლით, რამეთუ ადამი, ვიდრე შესცოდავდა, შემკული იყო ღმერთის ყველანაირი ნიჭებით (მადლით). იგი იყო წინსწარმეტყველი. როცა ძილისგან გამოიღვიძა, მან ნათლად თქვა ცოლის როლის შესახებ და ქმრის დამოკიდებულებაზე მეუღლის მიმართ: „ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი” და ასევე სხვა ადგილას: „ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას... (დაბადება 2:23-24).
მაღალგონიერების მთაზე იმყოფებოდა ჩვენი ბუნება, მაგრამ ღმერთის შეურაცხყოფის გამო ტყვეობაში ჩავარდა. და ეშმაკმა, რომელმაც დაგვიმონა., ყოველგვარი ღვთაებრივი აზრი ბაბილონში გადაიყვანა, ე. ი. ამ ქვეყნიერების აზრებს აურია.
წმინდა აზრების მაგივრად, ბოროტმა ძალამ ჩაგვინერგა უხეში აზრები: ჩვენში დაბუდებული ლომები შთანთქავდნენ კეთილ აზრებს იქამდე, სანამ არ ირწმუნეს ადამიანებმა, რომ აუცილებლად უნდა მიეღოთ უფლის სწავლება: მაგრამ მათ მთლიანად არ მიიღეს უფლის სწავლება, არ მოუსმინეს მის ხმას; რამეთუ სიბოროტე, დამკვიდრდა ჩვენს გონებაში, ე. ი. ჩვენს მთაზე. მართალია, მან (ადამიანურმა გონებამ) მიიღო მოსეს წიგნები, მაგრამ მთლიანად არ გახდა კეთილი ადამიანის გონება, რადგანაც იმ დროს ჯერ კიდევ წყევლის ქვეშ ვიყავით!
რა გზა იპოვა უფალმა ჩვენს გადასარჩენად? ეს გზაა ნათლობის ცზა, რომელიც მან გვიჩვენა.
ნათლობის ამ წყაროს, სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ იაკობის წყარო, რომელშიც ყოველი ადამიანი, ვინც ქრისტეს ჭეშმარიტ ნათლობას მიიღებს, თრგუნავს ეშმაკს. აქ უფალმაც „შემუსრა თავი ვეშაპისაი მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა“ (ფს. 73, 14), რამეთუ ამ ვეშაპით ის ადამიანები ერთობიან და სულდგმულობენ. ვისი სულებიც შავია და დაბნელებულია და ვინც მონაწილეობას არ იღებს ღვთაებრივ ნათელში.
ამ ჩვენს ბუნებასთან კავშირი დაამყარა ხუთმა სხვადასხვა კანონმა (ანუ ხუთმა ქმარმა), რომელიც ღმერთისგან მიეცა: კანონი – სამოთხეში, კანონი – ნოეს დროს, კანონი – აბრაამის, კანონი – მოსეს, კანონი – წინასწარმეტყველებისგან; რამეთუ ნოემ, წარღვნის შემდგომ, მიიღო ზოგიერთი მცნება, ხოლო აბრაამმა კი – წინადაცვეთის მცნება (დაბ. 9: 11-17, 1-14).
შეკავშირდა რა ჩვენი ბუნება (არსება) ამ ხუთ კანონთან, მოგვიანებით მივიღეთ ახალი აღთქმის – მეექვსე კანონი, რომელიც „ქმრად“ არ მიიღო და არ „იქორწინა“ ჩვენმა არსებამ. ზოგიერთი, მეექვსე კანონად გულისხმობს კერპთაყვანისცემის კანონს. ეს კანონი ღმერთისგან ჩვენს არსებას (ბუნებას) „ქმრად“ არ მოეცა, არამედ როგორც „მრუში“ (მეძავი). ამის გამო, წინასწარმეტყველი ამბობს: „და ყოველი ხეივნის ქვეშ წვებოდი მეძავივით“ (იერემ. 2:20); და სსვაგან: „მრუშობდი ყოველი ხის უკან“ (იეზეკ. 16:16). მახარებელი ამბობს, რომ ეს ხალხი თაყვანს სცემდა ხეებს და გამოქანდაკებულ კერპებს. ჩვენი ბუნება (არსება) ისეთ სისულელემდე მივიდა, რომ თაყვანს სცემდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ ლამაზ ხეებს.
და მაშინ, როცა ადამიანმა შეიყვარა ეს მეექვსე მეძავი, და ჩავარდა კერპთაყვანისმცემლობაში, უფალი ქრისტე მოდის ჩვენს საშველად და გვათავისუფლებს მისგან, ამიტომაც ეუბნება სამარიტელ ქალს: „ის, რომელიც ამჟამად გყავს“. რამეთუ ქრისტეს შობის დროისთვის იუდეველი ბრძენები წარმართობას დაუბრუნდნენ, როგორც მიგვითითებს ამაზე ფარისეველთა მწვალებლობა, მათ სწამდათ ბედ-იღბლის და ვარსკვლავთმრიცხველობის.
სამარიტელ ქალად იგულისხმება ყოველი სული, რომელიც უგუნურად დაემორჩილა ხუთ გრძნობას, მიიღო ცრუ სწავლებანი, როგორც შეექვსე მეძავი, რომელსაც იესო კურნავს ან სწორი ნათლობით, ან ცრემლებით.
და ამ ცრემლებს შეიძლება ვუწოდოთ იაკობის ჭა, ე. ი. ჩვენი გონება, რომელიც მოერია სიბოროტეს.
ამ წყალს სვამს (ეწაფება) თვით გონება და მისი შვილები – აზრები და საქონელი მისი. როგორიცაა სულის უგუნური ნაწილები, მრისხანება და სურვილი; რამეთუ ცრემლებით განიწმინდება (განახლდება) გონება, აზრები და სხვა სულიერი ძალები.

31. და ვიდრე-იგი მოვიდოდეს, ამას ოდენ სიტყუასა ეტყოდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: რაბი, ჭამე! 32. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით. 33. იტყოდეს მოწაფენი ურთიერთას: ნუუკუე მო-ვინმე-ართუა მას ჭამადი? 34. ჰრქუა მათ იესუ: ჩემი ჭამადი არს, რაჲთა ვყო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ და აღვასრულო საქმე მისი.

ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს მას და უთხრეს: „რაბი, ჭამე!“ ხოლო მან უთხრა მათ: „მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით.“ ამიტომ მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ნუთუ მას საჭმელი მოუტანა ვინმემ?“ უთხრა მათ იესომ: „ჩემი საჭმელია – ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე.

როცა ქრისტეს მოწაფეები დაბრუნდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან, დაინახეს, რომ უფალი გზისგან და დიდი სიცხისგან დაღლილიყო. მოწაფეებს ძალიან უყვარდათ თავიანთი მასწავლებელი იესო ქრისტე. მოწაფებმა მას სთხოვეს: – „რაბი, ჭამე“ ხოლო უფალმა წინდაწინ იცოდა, რომ სამარიტელი ქალი მასთან მოიყვანდა თითქმის მთელი ქალაქის მოსახლეობას და ისინი ირწმუნებდნენ ქრისტეს. ამიტომ, იგი ეუბნება მოწაფეებს; „მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით“: ესაა ადამიანების ცხოვნება, რომელზე მეტადაც არაფერი მინდა, თქვენ, მიწიერი საჭმელი ისე არ გინდათ, როგორც მე მსურს ადამიანების ცხოვნება, რომელზე მეტადაც არაფერი მინდა. ის საჭმელი, რომელიც მე მაქვს, თქვენ, ჩემმა მოწაფეებმა არ იცით, რა არის ეს. თქვენ, ეუბნება უფალი მოწაფეებს, ჯერ-ჯერობით ხორციელები ხართ და ამის გამო, ჯერ ვერ ხვდებით, მე რასაც ვლაპარაკობ დაფარულად, საკვებს მე ვუწოდებ ადამიანთა ცხოვნებას, რადგან თქვენ არ იცნობთ ამ საკვებს, ამიტომ არ იცით, რომ სამარიტელები მირწმუნებენ მე და გადარჩებიან (ცხოვნდებიან)“.
მოწაფეები გაურკვევლობაში არიან და ერთმანეთს ეკითხებიან „ნუთუ ვინმემ მოართვა საჭმელი?” მაცხოვრის მიმართ კი ამ კითხვის დასმას ხმამაღლა ვერ ბედავენ, რადგან ძალიან დიდ პატივს სცემენ უფალს. როგორც თავიანთ მასწავლებელს.
მართალია, მოწაფეები არ შეკითხვიან ქრისტეს, რომ განემარტა მას საკვების შესახებ. მაგრამ უფალმა თვითონ განმარტა: ,ჩემი საჭმელი ის არის. რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“ (რამეთუ ღმერთის ნებაა – ადამიანების ცხოვნება).
წინასწარმეტყველებს და რჯულს არ შეეძლოთ ღმერთის საქმე გაეკეთებინათ, რადგან არასრულყოფილები იყვნენ; ხოლო უფალმა ქრისტემ კი აღასრულა ღმერთის საქმე, ე. ი. ჩვენი განახლება და ცხოვნება.
რჯულიც უფლის საქმეა, რადგან ის დაწერილია ღმერთის ხელით (II რჯული 9:10). უფალმა ეს რჯული აღასრულა, რადგან ქრისტე არის რჯულის დასასრული (რომ. 10:4). მან შეწყვიტა ყველაფერი, რაც ძველ რჯულში ხდებოდა და ხორციელი მსახურებიდან სულიერ მსახურებაზე გადაიყვანა ახალი რჯული.
უფალი ხშირად ლაპარაკობს დაფარულად (საიდუმლოდ) იმისთვის, რომ მსმენელები უფრო ყურადღებიანი გახადოს და მათში აანთოს კვლევის და შემეცნების სურვილი იმის მიმართ, რასაც დაფარულად ლაპარაკობს.
უფალი ასწავლის მოწაფეებს, რომ საკვებს იესო უწოდებს ადამიანთა ცხოვნებას, და როცა მისი მოწაფეები იქნებიან მთელი ქვეყნიერების მასწავლებლებად ხელდასხმულები, პირველ რიგში, მთელი თავიანთი გულისყური მათ უნდა მიაპყრონ ადამიანთა სულის ცხოვნებას, და არა ხორციელი საკვების მოპოვებას.
საგულისხმოა, რომ უფალი იღებდა ადამიანებისგან საჭმელს და ჭამდა, როცა ვინმე მიართმევდა მას. რამეთუ მოწაფეები ერთმანეთს ეუბნებიან: „ნუთუ ვინმემ მოართვა საჭმელი?“ ამას უფალი აკთებდა არა იმისთვის, რომ თითქოს სხვის დახმარებას საჭიროებდა, რამეთუ ქრისტემ, თვითონ „მოსცის საზრდელი ყოველსა ხორციელსა“ (ფს. 135, 25), არამედ ამას აკეთებდა იმისთვის, რომ ნაყოფის შემომწირველ ადამიანებს ჰქონოდათ მოწყალებისთვის ჯილდო და თან მიჩვეულიყვნენ იმას, რომ სხვებიც ერჩინათ, ანუ სხვა ადამიანებსაც დახმარებოდნენ. უფალს სურდა დაენახებინა ყველა ადამიანისთვის, რომ სიღარიბის არ უნდა რცხვენოდეთ და თუკი ვინმე დაგვეხმარება მოწყალების გაღებით, ამან არ უნდა შეგვაშფოთოს.
ღვთის სიტყვის მასწავლებლებისთვის აუცილებელია და დამახასიათებელია მიწიერ საკვებზე ზრუნვა სხვებს დაავალონ, რათა თვითონ არ გაცდნენ ღმერთის სიტყვის მსახურებაში. ამიტომ, უფალმა უანდერძა თავის მოწაფეებს, რათა ეარსებათ, გამოკვებილიყვნენ იმ ადამიანებისგან, ვისაც ისინი ღეთის სიტყვას უქადაგებდნენ (ლუკა 10:7)

35. არა თქუენ იტყჳთა, ვითარმედ: ოთხღა თუე არიან, და მოვალს მკაჲ? აჰა ესერა მე გეტყჳ თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე. 36. და მომკალმან სასყიდელი თჳსი მოიღოს და შეიკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ, რაჲთა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის თანა. 37. რამეთუ ამით არს ჭეშმარიტ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ სხუაჲ არს მთესვარი და სხუაჲ არს მომკალი. 38. მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით.

განა თქვენ არ ამბობთ, რომ კიდევ ოთხი თვე, და დადგება მკა? აჰა, მე გეუბნებით თქვენ: აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად. მომკელი ღებულობს თავის საზღაურს და მოაგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის, ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ. ამგვარად, ჭეშმარიტია ანდაზა: ერთი თესავს და სხვას იმკისო. მე თქვენ მიგავლენთ იმის მოსამკელად, რაზედაც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ შრომაში შემოხვედით.“

უფალი ქრისტე უკვე იწყებს მოწაფეებთან გარკვეულად (ნათლად) საუბარს იმაზე, რასაც უწინ დაფარულად (საიდუმლოდ) ლაპარაკობდა. იგი ამბობს: „განა თქვენ არ ამბობთ, რომ ოთხი თვეც კიდევ, და მოიწევა მკა?“, ე.ი. გრძნობითი მკა? ხოლო მე კი გეტყვით, რომ გონებრივი მკა უკვე დაიწყო.
ამას უფალი ამბობდა სამარიტელ ხალხზე, რომლებიც მისკენ მოდიოდნენ. „აღაპყრეთ თვალნი“ – გონებრივიც და გრძნობითაც, და, შეხედეთ უამრავ სამარიტელ ადამიანს, რომლებიც აქეთ მოიჩქარიან, შეხედეთ მათ სულებს, რომლებიც სამკალად გაზადებულ (გადათეთრებულ), ყანებს ჰგვანან, მათი სულები მზადაა: რომ მიიღონ ღმერთის რწმენა და გადარჩნენ, ე. ი. ცხოვნდნენ.
„მომკალი საზღაურს იღებს და საუკუნო სიცოცხლისთვის იწევს მოსავალს, რათა ერთად ხარობდნენ მთესავიცა და მომკალიც“. ამ სიტყვების აზრი შემდეგში მდგომარეობს; წინასწარმეტყველები თესავდნენ, მაგრამ ვერ მოიმკეს; მაგრამ ამის გამო მათ არ დაუკარგავთ ბედნიერება იმისი, რომ ჩვენთან ერთად გაეხარათ, თუმცა, ჩვენთან ერთად არ მოუმკიათ. მგრძნობელობით მკაში ასე არ ხდება: იქ, თუ სხვა დათესავს, – მაშინ სხვა მოიმკის, ხოლო ვინც მკაში მონაწილეობას არ იღებს, ძალიან მწუხრდება.
ხოლო სულიერ მკაში – ასე არ არის: წინასწარმეტყველები, რომლებიც ქადაგებდნენ ღმერთის წმინდა სახელს და ადამიანთა გონებას ღმერთისკენ მისდრეკდნენ, ჩვენთან ერთად სულიერ სიხარულში არიან, რადგან ადამიანებს ცხოვნებისკენ მოუწოდებდნენ.
„მე გგზავნით თქვენ იმის სამკალად, რაზედაც არ გიშრომიათ”. რატომ ამბობს ამ სიტყვებს უფალი? იმიტომ, რომ როცა იგი თავის მოწაფეებს გააგზავნის, რთულ, ძნელ საქმეზე – ღვთის ჭეშმარიტი რწმენის საქადაგებლად, რათა არ შებრკოლდნენ. ურთულესი საქმე, ამბობს უფალი, თავის თავზე აიღეს წინასწარმეტყველებმა, ხოლო მე კი თქვენ გაგზავნით მზა-მზარეულზე (გამზადებულზე); „ვინაიდან ამით მართლდება სიტყვა (იგავი): ერთი თესავს – და მეორე მკის“.
შეხედე, უფალი როგორ ყველაფერს ამბობს ძალაუფლებით და ბრძანებით: „მე გგზავნით თქვენ სამკალად“.
დე, გაიგონონ ეს სიტყვები წყეული მარკიონის, მანესის და მათმა მსგავსმა მწვალებლებმა და მათმა მოწაფეებმა, რომლებიც ჰყოფენ, აშორებენ ერთმანეთს ძველსა და ახალ აღთქმას, ისინი აქაც მხილებულნი არიან: თუკი, ძველი აღთქმა – უცხოა ახალი აღთქმისთვის, მაშინ მოციქულები როგორღა მოიმკიდნენ წინასწარმეტყველების მიერ დათესილს? ორივე აღთქმა – ძველიც და ახალიც – ერთი აღთქმაა!
ასევე წმიდა პავლეც მკიდა, როცა გვეუბნებოდა, რომ „ჩვენი მოქალაქეობა ცაშია... (ფილიპელთა მიმართ 3:20)
შემდეგი სიტყვები: ,,იხილეთ ყანები, როგორ გადათეთრებულან სამკალად, – მიესადაგება იმ ბერებს, ვინც ღვაწლისაგან გათეთრებულან და ვინც სიკვდილმა მოიმკო.

39. ხოლო ქალაქისა მისგანთა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, სამარიტელთა მათ, სიტყჳთა მის დედაკაცისაჲთა, რამეთუ წამებდა, ვითარმედ: ყოველივე მითხრა მე, რაოდენი ვქმენ. 40. და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი, ევედრებოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე. 41. და უფროჲსსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ. 42. და ეტყოდეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: არღარა სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ, ქრისტე.

ბევრმა იმ ქალაქში მცხოვრებმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ დედაკაცის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო. ამიტომ, როდესაც მოვიდნენ მასთან სამარიელები, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, და იგი ორ დღეს დარჩა იქ. კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვის გამო. უთხრეს იმ დედაკაცს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის წუთისოფლის მხსნელი.

სამარიელებმა ირწმუნეს ქალის სიტყვა, და წამოყვნენ მას იესოსთან (თითქმის მთელი ქალაქის მოსახლეობა). თავიანთი რწმენა ქრისტეს მიმართ რომ დაემტკიცებინათ საქმით, ხალხი ეხვეწება უფალს, რათა „მათთან დარჩენილიყო“ სამუდამოდ. მაგრამ უფალი არ თანხმდება სამუდამოდ მათთან საცხოვრებლად დარჩენაზე და რჩება მხოლოდ ორი დღე. ქრისტეს სწავლების მოსმენის შემდეგ, უფრო მეტმა ადამიანმა ირწმუნა იგი.
მახარებელი იოანე არ წერს იმის თაობაზე, თუ სამარიაში უფალმა რაიმე სასწაულები აღასრულა, არც იმას არ ამბობს, თუ რა იქადაგა, მაგრამ საქმის ბოლოდან ვარკვევთ, უფლის სწავლების ღვთაებრივი ძალის შესახებ: სამარიელმა ხალხმა არ იხილა უფლის სასწაულები, მაგრამ იხილეს რა თვითონ ქრისტე, ირწმუნეს იგი, როგორც მხსნელი, მესია მთელი ქვეყნიერებისა და არა მხოლოდ ისრაელისა.
სამარიელი ხალხი ეხვეწება უფალს, რათა სამუდამოდ მათთან დარჩეს საცხოვრებლად.
თუ შევადრით იუდეველებს, რომლებმაც ქრისტესგან უამრავი ქადაგება მოისმინეს და ასევე მრავალი სასწაული იხილეს, და მაინც, მისი მდევნელები გახდნენ: „კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლუულნი“ (მათე 10: 36. მიქეა 7:6).
შეხედე, მოკლე დროში ხალხმა როგორ გადააჭარბა რწმენაში თავის მასწავლებელ ქალს. სამარიელი ხალხი ქრისტეს წინასწარმეტყველს კი არ უწოდებს, არც ისრაელის მხსნელს, არამედ მთელი ქვეყნიერების მაცხოვარს და თან ამატებს; ეს ის მაცხოვარია, რომელმაც ჭეშმარიტად აცხოვნა ყველა.
ბევრნი მოსულან ჩვენს გადასარჩენად: რჯული, წინასწარმეტყველნი, ანგელოზები, მაგრამ ჭეშმარიტი მაცხოვარი მხოლოდ ეს არის!

43. შემდგომად ორისა მის დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად. 44. რამეთუ თავადი იესუ წამებდა, ვითარმედ: წინაწარმეტყუელსა თჳსსა სოფელსა პატივი არა აქუს. 45. და ოდეს მივიდა გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ქმნა იერუსალჱმს დღესასწაულსა მას და რამეთუ იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას.

ორი დღე რომ გავიდა, წამოვიდა იქიდან გალილეაში. რადგან თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში არა აქვს პატივი. როცა გალილეაში მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს.

უფალი გამოვიდა სამარიიდან და გაემართა გალილეისკენ. იმისთვის, რომ ვინმეს არ გაჩენოდა ეჭვი, უფალი რატომ მუდმივად არ ცხოვრობდა გალილეაში, რადგან იგი აქედან იყო წარმოშობით და აქ ხშირად მიდიოდა. მახარებელი ამბობს, რომ ქრისტე იმიტომ არ ცხოვრობდა მუდმივად გალილეაში, რომ აქაური ხალხი მას პატივს არ სცემდა: „,თვითონ იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს პატივი არა აქვს თავის მამულში”.
ნუთუ ვერ ვხედავთ ჩვენ ბევრ ადამიანს დაფასებულს, პატივცემულს თავისიანებში? კი, ვხედავთ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება; თუკი ზოგიერთნი პატივცემულნი არიან თავიანთ სამშობლოში, მაშინ ისინი სხვა, უცხო ქვეყანაში უფრო მეტად იქნებიან დაფასებულები. თანამემამულეების შური არ აძლევს ადამიანებს საშუალებას, რათა ღირსეული პატივი მიაგონ (დააფასონ) თავიანთ ღირსეულ, თანამემამულეს.
როდესაც უფალი მოვიდა გალილეაში, გალილეველებმა, რომლებმაც ქრისტეს სასწაულები იხილეს იერუსალიმში, ირწმუნეს იგი; მაგრამ სამარიელი ხალხი იმსახურებს მეტ შექებას, რადგან მათ ქრისტე ირწმუნეს სამარიტელი ქალის სიტყვის მიხედვით სასწაულების ხილვის გარეშეც.
აბა დაუკვირდი: ვისაც ადამიანები განკიცხულად თვლიან. ისინი ყველგან გამოირჩევიან რწმენით; ვგულისხმობ სამარიელებს და გალილეველებს. ამ უკანასკნელებს თვლიდნენ სოფლელებად, რის გამოც ამბობდნენ: „რომ გალილეიდან არასოდეს აღმდგარა წინასწარმეტყველი“ (იოანე 7: 52).
ხოლო, ვინც რჩეულად ითვლებოდა, როგორებიც იყვნენ იერუსალიმელი იუდეველები, უარყოფილნი არიან. რამეთუ, საკუთარ სამშობლოში, ზოგიერთების აზრით, იუდეურ სინაგოგაში, „,წინასწარმეტყველი” ქრისტე არ იყო პატივცემული, როგორც მასზე ამბობს მოსე: „წინასწარმეტყველს დაგიდგენს უფალი (II რჯული 18: 15).

46. მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲთ მოსრული კაცი, რომლისა ძე სნეულ იყო კაპერნაუმს. 47. ამას ესმა, ვითარმედ: იესუ მოსრულ არს ჰურიასტანით გალილეას; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს მის თანა და განკურნოს ძე იგი მისი, რომელი მიახდა სიკუდიდ. 48. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს. 49. ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან მან: უფალო, მოვედ პირველად სიკუდილადმდე ძისა ჩემისა. 50. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძე შენი. და ჰრწმენა კაცსა მას სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, და წარვიდა.

ასე რომ, იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ აქცია და იყო იქ ერთი აზნაური, რომელსაც შვილი ჰყავდა ავად კაპერნაუმში. როგორც კი გაიგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო, მივიდა მასთან და შეევედრა წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რადგან სიკვდილის პირას იყო. უთხრა მას იესომ: „არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ,“ უთხრა მეფის მოხელემ: „უფალო, წამოდი სანამ ჩემი შვილი არ მომკვდარა.“ უთხრა იესომ: „წადი ცოცხალია შენი შვილი.“ იმ კაცმა ირწმუნა იესოს ნათქვამი სიტყვა და წავიდა.

მახარებლი იოანე გვახსენებს უფლის სასწაულს, რომელიც იქნება კანაში – წყლის ღვინოდ გადაქცევა. რისთვის გვახსენებს ამას? პირველ რიგში, იმისთვის, რომ უფრო ნათლად დავინახოთ სამარიტელების ღირსება, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ მათ ქრისტეს რწმენა მიიღეს სამარიტელი ქალის (წმიდა ფოტინე სამარიტელი) მოწმობით და ასევე, თვითონ უფლის სწავლებით. ხოლო გალილეველებმა კი უფლის მართალი რწმენა მიიღეს ქრისტეს სასწაულებით, – იერუსალიმშიც და მათთან – გალილეაშიც.
ხოლო მეორე რიგში კი, წმიდა იოანემ იმიტომ გაგვახსენა კანაში უფლის მიერ მოხდენილი სასწაული, რომ ეჩვენებინა, ამ სასწაულის ძალით ერთ-ერთმა კარისკაცმა (ე. ი. სამეფო კარის მოხელემ) როგორ მიიღო ქრისტეს რწმენა, თუმცა არც ისე სწორი, როგორც საჭიროა. ამ კარისკაცს ძალიან ავად ჰყავდა ვაჟიშვილი კაპერნაუმში.
ზოგიერთი იტყვის: ეს კარისკაცი – კაპერნაუმიდან იგივე პიროვნება ხომ არ არის, რომელ ასისთავზეც საუბრობს თავის სახარებაში მათე მახარებელი? (მათე 8: 5-15) რადგან ის ასისთავიც კაპერნაუმიდან იყო?
მე ვფიქრობ, რომ ეს ორი სხვადასხვა პიროვნებაა. ის, ასისთავი, აკავებს ქრისტეს, როცა მას სურს მივიდეს ასისთავთან სახლში და განკურნოს მისი სნეული, ყრმა მონა, რადგან თავს უღირსად მიიჩნევს უფლის სტუმრობისას; ხოლო ეს კარისკაცი კი, ძალიან სთხოვს იესოს, რათა მსწრაფლ მოურჩინოს ციებ-ცხელებით სიკვდილამდე მიყვანილი მისი ვაჟიშვილი.
იქ, პირველ შემთხვევაში, მთიდან ჩამოსული უფალი მიდის კაპერნაუმში, ხოლო აქ კი მოდის სამარიიდან – კანაში, და არა კაპერნაუმში. აქედან გამომდინარე, ის ასისთავია, ხოლო ეს კი სამეფო კარის კარისკაცი!
კარისკაცი თხოვს უფალს მოვიდეს მასთან და მოურჩინოს ავადმყოფი ვაჟიშვილი. უფალი მას საყვედურობს, რომ არ გააჩნია მისი (ქრისტეს) სრული, ჭეშმარიტი რწმენა, არამედ, მას აქვს მცირედი (ნაწილობრივი), რწმენა, რამეთუ სიტყვები: ,,მოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი ძე“, განიხილება ისე, რომ კარისკაცს მცირედი რწმენა ჰქონდა ღმერთისა. მას არ სწამს, რომ მისი ვაჟის სიკვდილის შემთხვევაში, უფალს ძალუძს გააცოცხლოს იგი. ამის გამო, უფალი საყვედურობს მას და ეუბნება: „თუკი არ იხილავთ სასწაულებსა და ნიშნებს, არ ირწმუნებთ“; უფლის ეს სიტყვები ასევე ასამართლებს კაპერნაუმის მცირედ მორწმუნე მცხოვრებლებს, რამეთუ ისინი ყველგან დამნაშავედ არიან გამოყვანილნი თავიანთი ურწმუნოების გამო ქრისტეს მიმართ.
რადგანაც, კარისკაცი თავის რწმენასა და აზრებში იყო მერყევი და სუსტი, ამიტომ აიძულებდა უფალს, რათა მოსულიყო მისი მომაკვდავი შვილის გადასარჩენად, მაგრამ მაცხოვარი მას აჩვენებს თავის, ყოვლისშემძლე ძალას, დაუსწრებლად განკურნავს მის ძეს და ეუბნება: „წადი, შენი ძე ცოცხალია“. ამ სახით უფალმა მამა-კარისკაცი განკურნა ურწმუნოებისგან, ხოლო მისი ძე – მხურვალებისგან (ციებ-ცხელებისგან).
იცოდე, რომ სულ სხვა საქმეა სასწაული, და სულ სხვაა ნიშანი (ხილვა). სასწაული, ესაა ზებუნებრივი მოვლენა, მაგალითად: როცა დაბადებიდან ბრმას ეხილება თვალები, ე. ი. ღმერთისგან თვალის ჩინი უბრუნდება ადამიანს, მიცვალებულის გაცოცხლება, ხოლო ნიშანი (ხილვა), ეს არაა ზებუნებრივი მოვლენა, მაგ. ავადმყოფის მორჩენა. ასეთ სასწაულს უფალი ეხლაც ყოველდღიურად აღასრულებს ყოველ ადამიანზე, რომელიც მასთან მიდის, ლოცულობს და თხოვს განკურნებას (ან ფიზიკურად, ან სულიერად).
უფალი ეუბნება კარისკაცს: „წადი, შენი ძე ცოცხალია, ე. ი. ამით იგი მოუწოდებს მას, რომ მუდმივად აკეთოს და თან ისწრაფოს სიკეთისკენ, რამეთუ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შენი ძე იქნება ცოცხალი. თუ შენ შეწყვეტ სიკეთისკენ სწრაფვას, მაშინ შენი გონება სამუდამოდ მოკვდება.

51. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდა იგი, მონანი მისნი მოეგებვოდეს მას და უთხრეს და ჰრქუეს, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. 52. ჰკითხვიდა მათ: რომელსა ჟამსა უმოლხინეს იქმნა? ჰრქუეს მას: გუშინ მეშჳდესა ჟამსა ოდენ დაუტევა იგი მჴურვალებამან. 53. მოეჴსენა მამასა მის ყრმისასა, რამეთუ მას ჟამსა ოდენ ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. და ჰრწმენა მას და ყოველთა სახლეულთა მისთა. 54. ესე კუალად მეორე სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲ-ვიდა ჰურიასტანით გალილეად.

შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ მას და უთხრეს, რომ მისი ვაჟი ცოცხალი იყო. მან ჰკითხა, თუ რომელ საათზე გამომჯობინდა. უთხრეს: გუშინ მეშვიდე საათზე გაუარაო სიცხემ. ამით მიხვდა მამა, რომ ეს ის საათი იყო, როცა იესომ უთხრა: ცოცხალიაო შენი შვილი. და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლობამ. ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას აქეთ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა.

კარისკაცის მსახურები, გაოგნებულები იყვნეს მათი ბატონის ვაჟიშვილის უეცარი გაჯანმრთელებით. ასეთ მდგომარეობაში მყოფნი, ისინი ხვდებიან თავიანთ ბატონს და ახარებენ იმ სასიხარულო ამბავის გაგებით, რომ მისი ვაჟი უკეთ გახდა და ცოცხალია: მსახურები უყვებიან მას, რომ მისი ვაჟის ციებ-ცხელებიდან გამოყვანა, მორჩენა მოხდა დაახლოვებით 7 საათზე, როცა იგი უცბად გახდა კარგად. როცა კარისკაცმა შეიტყო ვაჟიშვილის გამოჯანმრთელების დრო, მიხვდა, რომ ეს ზუსტად ის დრო იყო, როცა უფალმა მას უთხრა: – „შენი ძე ცოცხალიაო“, ამის შემდეგ მას მიეცა ქრისტეს დიდი რწმენა, რამეთუ ამ სასწაულამდე მისი რწმენა არ იყო სრულყოფილი, არამედ მცირე იყო.
კარისკაცის ვაჟის მორჩენას, მახარებელი უწოდებს იესოს მეორე, დიდ სასწაულს – კანაში აღსრულებულს. დიდ ქებას იმსახურებენ ქრისტეს რწმენისა გამო სამარიელები, რომლებსაც უფლის ერთი სასწაული არ უხილავთ და ისე, ქალის სიტყვით, მიიღეს ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენა, ხოლო, იგივეს, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით გალილეველებზე, რომლებმაც უფლის ბევრი სასწაული იხილეს.

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21