1. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს. 2. ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს. 3. ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ.
მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა. ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას. თქვენ კი უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით.
უფალი ქრისტე მრავალჯერ (მრავალგზის) ესაუბრება თავის მოწაფეებს იმ სატანჯველებზე, რომელიც მას მოელის და თან იესო მათ არწმუნებს იმ სატანჯველების აუცილებლობაში, რომლის გადატანა და დათმენა მას მოუწევს.
უფალი მიხვდა, რომ მისი მოწაფეები შეიპყრო ადამიანურმა შიშმა, რათა არ მოვიდნენ იუდეველები და ისინი არ დაიჭირონ (არ შეიპყრონ)! ამის გამო, უფალს სურს ისინი წაიყვანოს უსაფრთხო ადგილას და თან გაანდოს მათ თავისი საიდუმლო სწავლება.
იესოს მოწაფეები მიჰყავს იმ ბაღში, რომელიც იცოდა იუდამ, მისი ასეთი საქციელი უნდა ჩაითვალოს ისე, რომ უფალმა თავისი სიცოცხლე (თავისი თავი) გაწირა ჯვარცმისთვის და საშინელი სატანჯველებისთვის ჩვენს საცხოვნებლად (ჩვენს გადასარჩენად).
რომელ საიდუმლო სწავლებას ასწავლის იესო თავის მოწაფეებს? – მე ვარ ვაზი, ეუბნება უფალი, ე. ი. მე ვარ ფესვები, თქვენ – ყლორტები (ტოტები, ლერწები), ხოლო მამაჩემი – მევენახეა. ვისზე ზრუნავს მევენახე? ფესვებზე? არა, ფესვებზე არა, ყლორტებზე (ტოტებზე, ლერწებზე);
უფალი ეუბნება: „ყველა ლერწს ჩემსას, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის”, ეს ნათქვამი შემდეგნაირად აიხსნება: „ყოველი ადამიანი, რომელიც რწმენის საშუალებით გახდა ფესვის შემადგენელი ნაწილი, შეუერთდა უფალ ქრისტეს და გახდა მისი სხეულის ნაწილი. უნდა მოიტანოს მან კეთილი ნაყოფი იმით, რომ იცხოვროს ღვთის სადიდებლად, მადლმოსილად, აღასრულოს (დაიცვას) მცნებები. თუ ასე არ იცხოვრებს, იგი ხდება მკვდარი, უნაყოფო ყლორტი (ტოტი. ლერწი); რამეთუ წერია: „,რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე“ (იაკობი 2: 26).
მაშ, ყოველი მორწმუნე იქამდეა ქრისტეში, სანამდე მას სწამს ღმერთის! რამეთუ, ამბობს იესო, ყოველ ტოტს (ლერწს), რომელიც ჩემშია. თუ არ გამოაქვს კეთილი ნაყოფი, მამა „მოჭრის“, ე.ი. ძესთან ამ ტოტს აღარ აქვს საერთო, ხოლო იმ ტოტს, რომელსაც კეთილი ნაყოფი გამოაქვს, მამა „გაწმენდს".
აქედან გამომდინარე, ვიგებთ (ვგებულობთ), რომ ძალიან მადლმოსილი, ღვთისმოშიში ადამიანიც კი საჭიროებს ღმერთის დახმარებას.
ადამიანების განსაცდელები წააგავს (ჰგავს) ვაზის გასხლვას, რადგანაც მოწაფეები სხვადასხვა სატანჯველების (განსაცდელების) გადატანით უფრო ძლიერები, და მეტი ნაყოფის მომცემნი გახდებოდნენ.
უფლი იესო ეუბნება თავის მოციქულებს: „თქვენ უკვე განწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით თქვენ”.
მაშ, შევთანხმდეთ: მამას და ძეს ერთი მოქმედება აქვთ.
იესო აგრძელებს საუბარს მოწაფეებთან.
4. დაადგერით თქუენ ჩემთანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკეთუ არა დაადგრეთ ჩემთანა. 5. მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი. 6. უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუას.
დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს, ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ. ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება. შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის.
უფალი ეუბნება თავის მოწაფეებს: მე გაგწმინდეთ ჩემი სიტყვით და ყველაფერი შეგისრულეთ. ეხლა თქვენი ჯერია, საქმეები ამჯერად თქვენ უნდა აკეთოთ. „დარჩით ჩემში“ – ეუბნება იესო მათ, ამითი მათ სულიერად ამტკიცებს და ანუგეშებს, რათა შიშის გამო არ მიატოვონ (არ მოსცილდნენ) უფალი.
იესო მათ აიმედებს: „თუ დარჩებით ჩემში“, რასაც მთხოვთ, მიიღებთ.
ვაზის ტოტების მაგალითზე ხვდებიან, რომ უფლისგან ეძლევათ იმ ადამიანებს სასიცოცხლო ძალები, ვინც ერთგულია მისი.
როგორც ვაზის ტოტს მოაქვს ნაყოფი, რომელიც ვაზზეა და მას აქვს (გააჩნია) საციცოხლო ძალები, ასევე თქვენც, თუ „დარჩებით ჩემში“ და დაიცავთ ჩემს მცნებებს, ამბობს იესო, დიდ და კეთილ ნაყოფს მოიტანთ (მიიღებთ).
ხოლო ვინც „არ დარჩება ჩემში“, იგი ,,გახმება“, ე. ი. სულიერ მადლს ვეღარ მიიღებს და ტოტებივით შეაგროვებენ, ჩაყრიან ცეცხლში და დაწვავენ. ასეთი სიტყვებით იესო ანუგეშებს და იმედს აძლევს თავის მოწაფეებს. თუ ადამიანი არ არის უფალთან, მას არ ექნება სასიცოცხლო ძალები და საცხოვნებელი მადლი, რათა საქმეები გააკეთოს.
7. უკეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲცა გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ. 8. ამით იდიდოს მამაჲ ჩემი, რაჲთა ნაყოფი მრავალი გამოიღოთ და იყვნეთ ჩემდა მოწაფე.
თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ. ამით იდიდება მამაჩემი, თუ გამოიღებთ უხვ ნაყოფს და იქნებით ჩემი მოწაფენი.
აქ უფალი ჩვენ გვიხსნის, თუ რას ნიშნავს მისი სიტყვები ,,თუ დარჩებით ჩემში“, ე. ი. თუ შეასრულებთ ჩემს მცნებებს.
მისი გამოთქმა – თუ „ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში“, ნიშნავს, რომ უფალს სურს მისი მოწაფეების შეერთება მასთან საქმეებით (საქმეების საშუალებით). ყოველი, რომელიც ღმერთისთვის სათნოდ (გასახარად) ცხოვრობს, იგი იმყოფება ვაზზე, ანუ უფალთან, ე.ი რომელიც უერთდება ქრისტეს მის მცნებათა დაცვით და სიყვარულით, იგი და უფალთანაა სულიერად.
ხოლო ის ადამიანი ვინც არ ასრულებს ღმერთის მცნებებს, ამის გამო, უფლისგან განშორებულია.
„ამით იდიდება მამა ჩემი, თუ გამოიღებთ უხვ ნაყოფს“ – ეუბნება იესო მოწაფეებს, რადგანაც მამა ღმერთის დიდებას წარმოადგენს მისი ძის (ე.ი. ქრისტეს) მოწაფეების ღირსება!
რამეთუ, როცა ადამიანებს შორის ბრწყინავდა მოციქულთა ნათელი, მაშინ ზეციერ მამასაც ადიდებდნენ (მათე 5, 14) ე.ი. ზეციერი მამა იდიდება მაშინ, როცა თქვენ მოგაქვთ კეთილი ნაყოფი. მაშ, ეჭვსგარეშეა, რომ იგი არ უგულებელსჰყოფს თავის დიდებას და თქვენ დაგეხმარებათ, რათა მოიტანოთ მეტი ნაყოფი, რათა უმეტესად განდიდდეს მისი წმიდა სახელი.
იესო აგრძელებს საუბარს: ჩემი მამის სახელი მაშინ განდიდდება, როცა თქვენ „იქნებით ჩემი მოწაფეები“ და მოიტანთ დიდ, კეთილ ნაყოფს, ეს ჩემს მამას უხარია და იგი ამით იდიდება.
9. ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა ზედა. 10. უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყუარულსა ზედა მისსა.
როგორც შემიყვარა მე მამამ, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ, დარჩით ჩემს სიყვარულში. თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში. როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.
უფალი არწმუნებს მოწაფეებს, რომ არაფრის არ შეეშინდეთ (არ შედრკნენ) და ამისთვის ანუგეშებს მათ: როგორც მე შემიყვარა მამამ, მეც ისე შეგიყვარეთ თქვენ. ეს თქვა ადამიანურად.
იესო ეუბნება: ,,დარჩით ჩემს სიყვარულში”, ეს თქვენზეა დამოკიდებული. მერე უხსნის, თუ რა გზით შეუძლიათ მათ ქრისტეს სიყვარულში დარჩენა – თუ მოწაფეები დაიცავენ მის მცნებებს! ე.ი. უფალი მათ ეუბნება, თუ სურთ უხიფათოდ იყვნენ, მაშინ წმიდა ცხოვრებით უნდა იცხოვრონ: „როგორც მე დავიცავი მამის ჩემის მცნებანი, და ვრჩები მის სიყვარულში“.
იესო ანუგეშებს მოციქულებს: მე თქვენ მიყვარხართ, არაფრის არ შეგეშინდეთ. წინდაწინ იცის უფალმა, რომ მის მოწაფეებს მომავალში მოუწევთ დიდი განსაცდელების გადატანა, ამიტომ იმედს აძლევს, ნუგეშს სცემს.
მართალია – ამბობს უფალი, მამაჩემს ვუყვარვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი მე მიმეტებს ქვეყნიერების გადასარჩენად, რომ ვიტანჯო. სატანჯველების გამო, მამის სიყვარული – ჩემს მიმართ არ იკლებს, ასევე ჩემი სიყვარულიც – თქვენს მიმართ არ შემცირდება, თუმცა თქვენ მომავალში ბევრი სატანჯველის (გასაჭირის) გადატანა მოგიწევთ.
11. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. 12. რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. 13. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს.
ეს გითხარით, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიხარული. ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის.
უფალი ამ სიტყვებს იმის გამო ეუბნება მოწაფეებს, რომ არ უნდა მათ სულიერი სიხარული დაკარგონ; რადგან მოწაფეებს უხაროდათ, როცა ისინი უფლის გვერდით იყვნენ, როცა იესო დიდ სასწაულებს ახდენდა და მისი სახელი იდიდებოდა, მაშინაც, როცა თვითონ მოციქულები ბოროტ სულებს განაგდებდნენ, თუმცა უფალი ამ დროს ეუბნებოდა: „ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ“. (ლუკა 10; 20).
მაგრამ ახლა, როცა დადგა ტანჯვის დრო, და მათი სიხარული შეცვალა მწუხარე საუბრებმა, ამიტომ უფალი მათ ანუგეშებს: მე ასე იმიტომ გელაპარაკებით, რომ მინდა (მაქვს სურვილი) თქვენ სულიერი სიხარული არ დაკარგოთ, არამედ გქონდეთ ყოველთვის და გაგაჩნდეთ ბოლომდე და ეს სიხარული იყოს სრულყოფილი.
მართალია, მე მელის უპატიობა (უპატივცემულობა) და ჯვარცმა, მაგრამ მაინც მწუხარებას ნუ მიეცემით, პირიქით, გაიხარეთ.
უფალი აძლევს სიყვარულის მცნებას, როგორც თავის მოციქულებს, ასევე ჩვენც: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყეარეთ თქვენ“. აქვე დასძენს – „ეს არის ჩემი მცნება“.
ჩემი აზრით, სიყვარულს – მცნება ეწოდება, რადგანაც იგი ყველა მცნებებს მოიცავს (აერთიანებს) და მათი თავია (იგი მთავარია); ამასთან ერთად, გზასაც გვიჩვენებს, თუ რა გზით (როგორ) დავიცვათ მცნებები: სიყვარულის მცნების დაცვით!
ამბობს უფალი: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“, ამ სიტყვებით გვიჩვენებს სიყვარულის ზომასაც და სრულყოფილებასაც. თუ ვინმეს თავისი მეგობრები უყვარს, ამ სიყვარულისა გამო თავისი სული დადოს მათთვის. ამიტომაც თქვენც დადეთ სული ერთმანეთისთვის ისე, როგორც მე უნდა მოვკვდე თქვენთვის, ამას მე ვაკეთებ თქვენს მიმართ სრულყოფილი სიყვარულის გამო.
14. თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ. 15. არღარა გეტყჳ თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ. 16. არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაჲთა თქუენ წარხჳდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოს სავსებით, რაჲთა, რაჲ-იგი სთხოოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ.
თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას რაც გამცნეთ? უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგან გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან. თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ.
უფალი ხანგრძლივად (გამუდმებით) ესაუბრება თავის მოწაფეებს სიყვარულზე. იგი მიუთითებს, რომ სიყვარული – ყველაზე მთავარია და მისი მიღება ითხოვს ჩვენგან დიდ გულმოდგინებას.
თავისი უდიდესი სიყვარულის დასამტკიცებლად იგი ამბობს: მე თქვენ ისე მიყვარხართ, რომ გამოუთქმელი საიდუმლოებები გაგანდეთ (გაგიმხილეთ), ეს ის საიდუმლოებებია, რომელიც მე მამაჩემმა მითხრა.
უფალი, თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რაც თავისი მამისგან გაიგო, თავის მოციქულებს გაანდო ეს დიდი საიდუმლო: მეორე ნიშანი ქრისტეს სიყეარულისა მოწაფეების მიმართ არის ის, რომ უფალი უბნება: “მე აგირჩიეთ თქვენ“ და არა თქვენ – მე. ე. ი. მე პირველმა შეგიყვარეთ თქვენ. როგორ-ღა ფიქრობთ იმას. რომ მომავალში მე შემიძლია თქვენი მიტოვება?
„მე დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ“ – აქ უფალი აჩვენებს თავის ძალაუფლებას.
თუ ხედავ შენ მამის და ძის თანასწორობას? ცოტა ზემოთ ჩვენ ვნახეთ, რომ შემოქმედი იყო – მამა, ხოლო აქ კი – შემოქმედია – მისი ძე!
აი, კიდევ ერთი დადასტურება უფლის სიყვარულის: „რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცეთ თქვენ” – ეუბნება იესო, ე. ი. მე მოგცემთ. ასე უფალი ამბობს მამასთან – თავისი ძალის თანასწორობის გამო, რადგან როცა მამა ვინმეს რამეს აძლევს, თავისი მარჯვენით აძლევს, ხოლო მისი მარჯვენა კი – მისი ძეა!
როდესაც ჩვენ ღმერთმა დაგვადგინა, გთხოვ ამას დააკვირდე, თუ კეთილი ნაყოფი გამოვიღეთ, რაც ვითხოვეთ, მოგვეცა; თუ არ გამოვიღეთ კეთილი ნაყოფი, მაშინ სათხოვარს არ გვისრულებენ, რადგანაც უმეტესად სულის საცხოვნებელს არ ვითხოვთ.
წმ. იაკობ მოციქული ამბობს: ,,ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ რომ ბოროტად ითხოვთ“ (იაკობი 4, 3).
17. ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას. 18. უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. 19. უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა.
ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას.
ამას მე იმიტომ გელაპარაკებით, რომ მინდა თქვენი სულები მეტად განვამტკიცო (განმტკიცდეს) ერთმანეთის სიყვარულში: „ამას გამცნებთ თქვენ, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი“.
ძალიან მძიმე და ძნელი საქმეა, ეუბნება უფალი, სიძულვილის და დევნის გადატანა, მაგრამ ინუგეშეთ (გამხნევდით) იმით, რომ თქვენზე უწინ (ადრე) – მე შემიძულეს. ჩვენ მოკავშირეები ვართ – სიძულვილის გადატანაში. ახლა იესო ცდილობს ანუგეშოს სხვა მხრივაც: თქვენ სადარდებელი მაშინ გექნებოდათ, თუ ქვეყნიერების შვილებს, ანუ ბოროტ ადამიანებს ეყვარებოდით.
ხოლო ახლა, როცა თქვენ სძულხართ ბოროტ ადამიანებს, გიხაროდეთ! რადგან მე გამოგარჩიეთ ქვეყნისგან, ე. ი. მისი სიბოროტისგან, ამის გამო შეგიძულეს.
20. მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ. 21. არამედ ესე ყოველი გყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი.
გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.
უფალი მეტად ანუგეშებს თავის მოწაფეებს: გაიხსენეთ, ეუბნება იესო, ჩემი სიტყვა იმის შესახებ, რომ მონა – არაა ბატონზე მეტი. ე. ი. თქვენ არ ხართ ჩემზე უმეტესი. ნახეთ, მე როგორ მომექცნენ: თუ მე, მეუფეს მდევნიდნენ, მით უმეტეს, თქვენ, მონებს ხომ მეტად დაგიწყებენ დევნას? თუ მე არ მდევნიდნენ და იცავდნენ ჩემს სიტვას, თქვენს სიტყვასაც დაიცავენ. მაგრამ, ეს ასე არაა. არც ჩემი სიტყვა არ დაიცვეს, და არც თქვენსას არ დაიცავენ. მაგრამ ამას ყოველივეს გააკეთებენ თქვენს მიმართ ჩემი სახელისთვის (ჩემს გამო). ამიტომ, მე თუ გიყვარვართ, ჩემი სიყვარულის გამო ყოვლივე გასაჭირი გადაიტანეთ (დაითმინეთ).
ისინი, აგრძელებს საუბარს უფალი, ვინც თქვენ შეუარცხყოფას მოგაყენებთ, თქვენთან ერთად შეურაცხყოფს ჩემს მომავალინებელსაც, ანუ ჩემს მამას და მასთან ერთად – მეც; მაშ, ინუგეშეთ, ჩვენ ყველას საერთო მტრები გვყოლია!
22. უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს. 23. რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს. 24. უკეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი. 25. არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი სჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად.
რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ.
ნუთუ, ეუბნება უფალი, სამართლიანად აკეთებენ ისინი ამას? რისთვის შეგვიძულეს - მამაჩემიც, მეც და თქვენც? ნუთუ ჩემს საქმეებში ან სიტყვებში მათ დაინახეს რაიმე ისეთი ცუდი, რამაც მათ უბიძგა ასეთი საქციელისკენ? არა, მათი ცოდვა უპატიებელია!
მე არ ვასწავლიდი მათ? მე რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა (არ მელაპარაკა), მათ შეეძლოთ ეთქვათ, რომ ჩვენ არაფერი არ გაგვიგია. ხოლო ეხლა კი – მათი სიბოროტე – უპატიებელია.
იესო გულდაწყვეტილი ეუბნება: „ჩემს მოძულეს მამაც სძულს ჩემი“, მათი ასეთი საქციელი გაუმართლებელია. მე ხომ მათ მარტო კი არ ვასწავლიდი, არამედ საქმეებსაც ვაკეთებდი, სასწაულებს აღვასრულებდი, მაგ: ბრმის განკურნება, ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა და სხვა. რა გამართლება აქვთ მათ?
მათ ნახეს ჩემი საქმეები, რაც ვაკეთე, და მაინც შეგვიძულეს - მეც და მამაჩემიც: „მომიძულეს მე უმიზეზოდ“ – ამბობს იესო, იშველიებს რა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს.
ჩემი მტრების სიძულვილი დაიბადა მხოლოდ მათი სიბოროტისგან, სხვა მიზეზი აქ არ არის.
26. ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. 27. და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ.
ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
უფალი ქრისტე ეუბნება მოწაფეებს: თქვენ გაგდევნიან, თქვენს სიტყვას არ დაიცავენ.
მაშინ მოწაფეებს შეეძლოთ ეთქვათ: უფალო, ბოლოსდაბოლოს, გვითხარი, რატომ გვიშვებ ამ გზაზე? თუ ჩვენს სიტყვას არ ირწმუნებენ, თუ ჩვენ არ დაგვიჯერებენ? ვინ მოგვისმენს ჩვენ?
ოღონდაც ასე არ ეთქვათ, უფალი დაამატებს: „როდესაც მოვა ნუგეშინისმცემელი, ის იმოწმებს ჩემთვის“. იგი, სული წმიდა, ჭეშმარიტი მოწმეა!
თქვენ ქადაგებას მიიღებენ, რადგან სული წმიდა იქნება დამმოწმებელი თქვენი ქადაგებების - სასწაულებით, მოწმობა სული წმიდისა - ჭეშმარიტია, რადგანაც იგი ჭეშმარიტების სულია.
როგორც ჭეშმარიტების სული, იგი დაამოწმებს - ჭეშმარიტებას, რადგან იგი მამისაგან გამოდის (გამომავალია) და მან, წმიდა სულმა ყველაფერი ზუსტად იცის, რამეთუ იმისგანაა გამომავალი, ვისგანაც მომდინარეობს ყოველივეს შემეცნება (შეცნობა, აღქმა).
უფლის სიტყვები – „რომელსაც მოგივლენთ“, მიანიშნებს ძის თანასწორობას მამასთან, თან დაამატებს – „მამის მიერ”. ეს ნიშნავს სული წმიდა არის გამომავალი მამისაგან, მაგრამ ეძლევათ ადამიანებს ჩემს მიერ (ჩემი შუამავლობით).
სწორედ ეს წმიდა სული იქნება მოწმე (დაამოწმებს) თქვენი ქადაგებების. ასევე, თქვენც დაამოწმებთ, რადგან თქვენ თვითონ მოისმინეთ ყოველივე თავიდანვე? პირადად ჩემგან, და არა სხვისგან, თქვენ ხომ თავიდანვე ჩემთან ერთად იყავით. ხოლო ის მოწმობები, რომელიც დაამოწმეს ქრისტეს მოციქულებმა, უტყუარია და ეს არც თუ ისე უმნიშვნელოა!
თვით მოციქულები ამბობდნენ ხალხის წინაშე, (ამოწმებდნენ) ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას – ამას ვამბობთ ჩვენც, ამას ამბობდნენ ისინიც, ვინც ჭამდა და სვამდა ქრისტესთან ერთად” (საქმე 19, 47)
მაშ მოწმობა ჩემზე ორმხრივი იქნება: თქვენგან და სული წმიდისაგან!
თავი 1 | თავი 2 | თავი 3 | თავი 4 |
თავი 5 | თავი 6 | თავი 7 | თავი 8 |
თავი 9 | თავი 10 | თავი 11 | თავი 12 |
თავი 13 | თავი 14 | თავი 15 | თავი 16 |
თავი 17 | თავი 18 | თავი 19 | თავი 20 |
თავი 21 |