1. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ. 2. კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა. 3. და ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი მამაჲ, არცა მე. 4. არამედ ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა რაჟამს მოიწიოს ჟამი იგი, მოიჴსენოთ მათი, რამეთუ მე გარქუ თქუენ. ესე პირველითგან არა გარქუ თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.
ეს გითხარით, რაითა არ შეცდეთ. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე. მაგრამ ეს გითხარით, რათა, როცა მოაწევს ჟამი, გაიხსენოთ, რომ ეს გითხარით; თავიდანვე კი არ მითქვამს, ვინაიდან თქვენთან ვიყავი.
მე, ეუბნება უფალი მოწაფეებს, ამის შესახებ წინდაწინ გეუბებით, რათა მომავალში, როცა მრავალი ადამიანი არ მიიღებს თქვენს ქადაგებას და თქვენ თვითონ მრავალ სატანჯველებში ჩავარდებით, არ შებრკოლდეთ, (არ ცთუნდეთ), ინუგეშეთ იმით, რომ მე წინდაწინ გაფრთხილებდით ამაზე, რაც თქვენ მოგელით, მე არ მოგატყუებთ, ეს ჩემგან – ნუგეშად და იმედად გქონდეთ.
„გამოგყრიან სინაგოგებიდან”, მოგკვეთავენ თავიანთი შეკრებებიდან და საერთოდ, აგიკრძალავენ ყოველგვარ ურთიერთობას. რამეთუ უკვე შეთანხმდნენ იუდეველები, უფლის მტრები, რომ ვინც იესოს აღიარებდა ქრისტედ, ის ადამიანები სინაგოგიდან მოეკვეთათ (იოანე 9:22). არა მარტო სინაგოგიდან მოკვეთით ემუქრებოდნენ ქრისტეს მორწმუნეებს და მომხრეებს, არამედ სიკვდილითაც, სამარცხვინო სიკვდილით, როგორც ღმერთის მტრებს: ,,ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს”.
უფალი ანუგეშებს: „ასე მოგექცევიან იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე“. თქვენ იქნებით სატანჯველებში მამაჩემის და ჩემი გულისათვის და ამიტომაც უნდა მოითმინოთ. თქვენ ნეტარნი ხართ „როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის“ (მათე 5, 11). დე, ეს ნეტარება იყოს თქვენთვის ნუგეშად.
მე ამას ყველაფერს, თუმცა სამწუხაროს, წინდაწინ გეუბნებით, რათა მომავალში, როცა ახდება, გაიხსენოთ და ჩემი სხვა ნათქვამიც ირწმუნოთ.
უნდა მოემზადოთ სატანჯველების გადასატანად, იყავით მხნედ და ვაჟკაცურად, რადგან მე თვითონ გითხარით ეს წინდაწინ.
5. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს მე, ვითარმედ: ვიდრე ხუალ? 6. არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი. 7. არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა.
ხოლო ახლა ჩემს მომავლინებელთან მივდივარ და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო. თუმცა, ეს რომ გითხარით, მწუხარებით აღივსო თქვენი გული. მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: გირჩევნიათ, რომ მე წავიდე; რადგანაც, თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას.
როდესაც ქრისტეს მოციქულებმა უფლისგან შეიტყვეს, თუ რამდენი სატანჯველი და უბედურება მოელოდათ მათ მომავალში, ძალიან დამწუხრდნენ. ამის გამო მათ მაცხოვარი ეუბნება: თქვენი მომავალი სატანჯველების შესახებ ადრე არ გეუბნებოდით, არა იმიტომ, რომ არ ვიცოდი, არამედ იმიტომ, რომ მე თქვენთან ვიყავი და თქვენი თავშესაფარი, თქვენი მფარველი მე ვიყავი და მთელი ომი აღიძრა ჩემს წინააღმდეგ (ჩემს მიმართ), თქვენ კი უსაფრთხოდ (უვნებლად) იყავით.
ხოლო ახლა კი, როცა მე მომიწევს თქვენი დატოვება და ჩემს მამასთან წასვლა, იძულებული ვარ გაგაფრთხილოთ ამის შესახებ, რათა ფხიზლად იყოთ!
„და არც ერთი თქვენგანი არ მეკითხება: სად მიხვალ“, რადგან მწუხარებისგან შეშფოთებულნი და დამწუხრებულნი ხართ. თქვენი გულები შეძრწუნებულია მომავალი სატანჯველების მოლოდინით.
დააკვირდი, უფალი როგორ ანუგეშებს მათ: თქვენ ძალიან ნერვიულობთ, გულით გინდათ, რომ მე სულ თქვენთან ერთად ვიყო მაგრამ ეს არ იქნება თქვენთვის სასარგებლო, „რადგან თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი”.
მე მირჩევნია, ეუბნება იესო, მოვიქცე ისე, რომ თქვენთვის იყოს სასარგებლო და არა – სასიამოვნო.
ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ: ვაკეთოთ საქმეები ჩვენი ახლობლების და ჩვენი თავის სასარგებლოდ, და არა – სასიამოვნოდ!
თუ მე, ამბობს იესო, ჩემი ნებით ჩემს სიცოცხლეს არ გავწირავ ქვეყნიერების გადასარჩენად (საცხოვნებლად) და მამაჩემთან არ წავალ, მაშინ სულიწმიდა, ანუ ნუგეშისმცემელი არ მოვა.
როგორ მოვა წმიდა სული, თუ მტრობა ადამიანის მოდგმასა და ღმერთს შორის არ შეწყდა და თუ არ მოკვდა ცოდვა ჩემი ჯვარცმით და აღდგომით?
ცოტა ადრე უფალი აფრთხილებდა მოწაფეებს, რომ მათ სატანჯველი ელით წარმართთაგან, ახლა კი ეუბნება, რომ ბევრი უბედურება და განსაცდელები ელით – ებრაელებისგან.
გთხოვ, დააკვირდი, აქაა ნება (ნებელობა) ძისა და თვითხელმწიფება, შეუზღუდავი ძალაუფლება – სული წმიდისა.
მაცხოვრის სიტყვებში – „მოვა ნუგეშისმცემელი“, გამოხატულია წმიდა სულის ძალაუფლება, ხოლო სიტყვებში – „მე მოგივლენთ მას”, იგრძნობა (იგულისხმება) ძე ღვთისას, ქრისტეს კეთილი ნება.
8. და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს და სიმართლისათჳს და სასჯელისათჳს: 9. ცოდვისათჳს ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ; 10. ხოლო სიმართლისათჳს, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე; 11. ხოლო სასჯელისათჳს, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ დასჯილ არს.
და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის: ცოდვისათვის, რადგანაც არ მიწამეს. სიმართლისათვის, რადგანაც მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ. განკითხვისათვის, რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია.
ნუგეშისმცემელი სული მოვა. რა სარგებელი იქნება მისგან? როცა მოვა ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, „ამხილებს ქვეყანას ცოდვისთვის“ და იმათ ამხილებს, ვისაც არ სწამს ღმერთის, რითიც ისინი ცოდვას სჩადიან. როდესაც ისინი დაინახავენ (იხილავენ), რომ წმიდა სული ქრისტეს მოწაფეების ხელებით ახდენს დიდ და განსაკუთრებულ სასწაულებს და ამის შემდეგაც ისინი ღმერთს არ ირწმუნებენ, ნუთუ ისინი ღირსები არ იქნებიან გასამართლების, ნუთუ მათ ბრალი არ ექნებათ ამ უდიდეს ცოდვაში?
ახლა მათ შეუძლიათ თქვან, რომ მე, ამბობს უფალი, დურგლის შვილი (ძე) ვარ და ღარიბი დედის შვილი, თუმცა მე სასწაულებს ვახდენ. ხოლო მაშინ კი, როცა სული წმიდა, ჩემი სახელით დიდ სასწაულებს მოახდენს, აი, მაშინ, მათი ურწმუნოების ცოდვა იქნება – უპატიებელი. მაშ, სული წმიდა მათ ამხილებს „ცოდვაზე“, რომ იუდეველებმა ჩაიდინეს მიუტევებელი ცოდვა.
ასევე სული ღვთისა ამხილებს ღვთის ურწმუნო ადამიანებს (ხალხს) „სიმართლისთვის, რადგანაც მამაჩემთან მივდივარ“, ე.ი. მათ დაუმტკიცებს, რომ მე, ჩემი ცხოვრებით მართალი და უმწიკვლო (უცოდველი) ვარ, მათ კი უსამართლოდ მომკლეს, ამის მტკიცებულებაა ის, რომ მე – მამასთან მივდივარ; რამეთუ მე რომ მართალი არ ვიყო, მამასთან ვერ მივიდოდი.
ებრაელები მე კი მომკლავენ, როგორც უღმერთოს და ურჯულოს, თუმცა წმიდა სული მათ დაუმტკიცებს, რომ მე ასეთი არ ვარ.
იესოს სიტყვები – „და ვეღარ მიხილავთ მე“, ნიშნავს, რომ იგი მარადიულად იქნება მამასთან.
სული წმიდა ამხელს „სასჯელისათვის, რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია“, ეს ნიშნავს, რომ მე, ამბობს იესო, მართალი და უცოდველი ვარ, ამას დაამოწმებს ასევე სული ღვთისა იმით, რომ მე ვძლიე (დავამარცხე) ამ ქვეყნის მთავარი და იგი ჩემგან გასამართლებულია. მე მის დამარცხებას ვერ შევძლებდი უცოდველი რომ არ ვიყო.
რითია (როგორაა) ეს დამტკიცებული? იმით, რომ სული წმიდის მადლით ქრისტეს ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე სძლევდა, ამარცხებდა ამ ქვეყნიერების მტერს, ანუ ეშმაკს და დასცინოდა მას. აქედან ნათლად ჩანს, რომ ქრისტემ ეს ბოროტი ძალა გაცილებით ადრე გაასამართლა.
მაშასადამე, ღვთის სული გაასამართლებს იმ ცოდვილ ადამიანებს, ვინც ქრისტე არ ირწმუნა.
ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენა ნათლობის წმინდა საიდუმლოთი უტევებს ცოდვებს, ხოლო ის სულიერი ძალები, რომლებიც ვლინდება (მოქმედებს) მორწმუნეებში, არ შეინიშნება ურწმუნოებში. აქედან ვასკვნით, რომ ურწმუნოები არიან ბილწი, ბოროტი და უღირსი ჭურჭლები – სული წმიდის დასამკვიდრებლად.
12. ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიც ტჳრთვად. 13. ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თჳსით, არამედ რაოდენი-რაჲ ესმეს, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ. 14. მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ. 15. ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს; და ამისთჳს გარქუ თქუენ, რამეთუ: ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ.
კიდეე ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვეღარ იტვირთავთ. ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ, ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ. ის განმადიდებს, რადგანაც ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. ყველაფერი, რაც აქვს მამას, ჩემია; ამიტომაც ვთქვი, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.
ცოტა ზემოთ უფალი ეუბნება მოციქულებს, რომ თქვენთვის უფრო სასარგებლო იქნება, მე რომ წავიდე. აქ იგი ამ საკითხს უფრო ფართოდ, განვრცობილად ხსნის. ამჟამად, ეუბნება იესო, თქვენ არ შეგიძლიათ დაიტიოთ სრულად, მე რასაც გეუბნებით, ხოლო როცა მოვა სული წმიდა, თქვენ მისგან მიიღებთ მადლმოსილ, სულიერ ნიჭებს და იგი თქვენ დაგაყენებთ ჭეშმარიტების გზაზე. როცა ნუგეშინისმცემელი სული გადმოვიდა მოციქულებზე, მაშინ გაცხადდა (ცხადი გახდა) ძე ღვთისას, ანუ ქრისტეს ღირსება. ყველაფერზე მიეცათ მოციქულებს ნათელი და ჭეშმარიტი ცოდნა.
ჩვენ გვასწავლეს ვემსახუროთ ღმერთს სული წმიდით და ჭეშმარიტებით, მართალი რწმენა განმტკიცდა იმ სასწაულებით, რომელიც სული წმიდით მოხდა.
იმის გამო, რომ ვინმეს არ ჰგონებოდა, თითქოს წმიდა სული ქრისტეზე დიდია, უფალი ქრისტე ამატებს: ,,თავისით კი არ ილაპარაკებს“, რაც ნიშნავს, რომ ჩემგან განსხვავებულს სული არაფერს არ იტყვის.
სიტყვები – „რასაც მოისმენს“ ნიშნავს, რომ ღვთის სული იგივეს ასწავლის, რაც ქრისტემ ასწავლა ადამიანებს.
წმიდა სულს არ ჭირდება დარიგება, ვის რა უნდა ასწავლოს, მისმინე, რას ამბობს მოც. პავლე: „რადგან რომელმა კაცთაგანმა იცის კაცისა, თუ არა კაცის სულმა, რომელიც არის მასში? ასევე არავინ იცის ღმრთისა. თუ არა ღმრთის სულმა“ (1 კორინთელთა მიმართ 2, 11). ხომ ხედავ, სული წმიდას არ ესაჭიროება, ისევე როგორც ჩვენს სულს, დარიგება, თვითონ, თავის თავს არიგებს.
ღმერთის სულის (წმიდა სულის) კეთილგონიერებას იქიდანაც ვხვდებით, რომ ქრისტე ამბობს: „და მომავალს გაუწყებთ თქვენ“, ხოლო მომავალი კი უმთავრესად იცის ღმერთმა.
როგორც ვიცით, ჩვენი, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან გვაინტერესებს მომავალი; უფალი, აქაც ნუგეშს სცემს (ანუგეშებს) თავის მოციქულთ. იესო იმედს აძლევს მათ და ეუბნება, რომ სული ღვთისა მადლმოსილს გახდის მათ და მომავალსაც გამოუცხადებს (ამცნობს). ეს ნიჭი კი (მადლი) ითვლება ყველაზე დიდად სულიერ ნიჭებში.
იმისთვის, რომ, აგრძელებს საუბარს უფალი, უცოდინარობის და გაუფრთხილებლობის გამო, არ დაღუპოთ მომავალი, მოსალოდნელ განსაცდელებში, წმ. სული თქვენ მოგამზადებთ განსაცდელების გადასატანად.
„ის მადიდებს მე” – ამბობს იესო სულიწმიდაზე, რადგან ყველაფერს იტყვის და გააკეთებს ჩემს სადიდებლად. სული წმიდით მოხდენილი (აღსრულებული) სასწაულები თქვენ დაგარწმუნებთ იმაში, რომ მე – ღმერთი ვარ; თქვენზე, როგორც ჩემს მოწაფეებზე გადმოვა სულიერი დიდი მადლი და ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემი სახელი უფრო მეტად გაბრწყინდება (განდიდდება).
ზოგმა შეიძლება დასვას კითხვა. ამდენნაირი სიკეთე რატომ მოგვანიჭა სულმა წმინდამ და არა - ძემ? ამაზე ასე ვუპასუხებ: პირველ რიგში, ძე ღვთისა, ე. ი. ქრისტე არის მიზეზი ამდენი კეთილდღეობის. რამეთუ ქრისტეს რომ ცოდვა არ აღეხოცა (არ გაეუქმებინა), ჩვენ ვინ (საიდან) მოგვცემდა სულს? რამეთუ წმიდა სული ვერ დამკვიდრდება ცოდვებით სავსე სხეულში (სიბრძნე 1:4).
უდიდესია სული წმიდის ნიჭები (მადლი), მაგრამ მათი საფუძველი – ქრისტეშია!
16. მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედღა, და მიხილოთ მე, რამეთუ მე მივალ მამისა ჩემისა. 17. ჰრქუეს უკუე მოწაფეთა მისთა ურთიერთას: რაჲ არს, რომელსა-ესე მეტყჳს ჩუენ: მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედღა, და მიხილოთ მე, და რამეთუ მე მივალ მამისა ჩემისა? 18. და იტყოდეს უკუე: რაჲ არს ესე „მცირედ“? არა უწყით, რასა იტყჳს.
ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ, კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგანაც მამასთან მივდივარ. ხოლო ზოგიერთმა მოწაფემ ერთმანეთს უთხრა: ამას რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც, და მიხილავთ, რადგანაც მამასთან მივდივარო? ასე ამბობდნენ: ამას რას ამბობს: ცოტაც? ვერ გაგვიგია, რას ამბობს.
რისთვის ახსენებს უფალი ქრისტე: მოწაფეებს კვლავ (ისევ) თავის სიკვდილს და მათთან განშორებას? ხომ ჯობდა, რომ დაეფარა ეს? უფალი მათ სულებს განამტკიცებს და ხშირად უმეორებს ამ მწუხარე ამბავს, რათა ისინი შეეგუონ მის ჯვარცმას და სიკვდილს და ქრისტეს ამ დიდი სატანჯველით არ იყვნენ მეხდაცემულივით დამარცხებულნი: „ცოტაც და ვეღარ მიხილავთ მე“, ამას ამატებს სასიხარულოს: „და კიდევ ცოტაც და მიხილავთ მე“, რადგან მე მივდივარ ღმერთთან, რომელსაც ძალუძს (შეუძლია, შესწევს ძალა) დაგეხმაროთ.
მე კი არ დავიღუპები, არამედ, ერთი მდგომარეობიდან – მეორეში გადავალ.
ჩემი განშორება თქვენთან – ცოტა ხნითაა ხოლო ცოტა მოგვიანებით, ჩვენი ერთად ყოფნა კი – მარადიული იქნება. მაგრამ მოწაფეებს ეს არ ესმოდათ. შესაძლოა, იმ მწუხარების გამო, რომელსაც ისინი განიცდიდნენ, ან გაურკვევლობისა, რომელმაც ისინი მოიცვა.
19. გულისჴმა-ყო იესუ, რამეთუ უნდა კითხვის, და ჰრქუა მათ: ამისთჳს გამოეძიებთა ურთიერთას, რამეთუ ვთქუ: მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედ, და მიხილოთ მე? 20. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდეთ თქუენ, ხოლო სოფელსა უხაროდის, და თქუენ სწუხდეთ, არამედ მწუხარებაჲ თქუენი სიხარულად გარდაიქცეს. 21. დედაკაცი რაჟამს შობნ, მწუხარე არნ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი. ხოლო რაჟამს შვის ყრმაჲ, არღარა მოეჴსენის ჭირი იგი სიხარულითა მით, რამეთუ იშვა კაცი სოფელსა შინა. 22. ხოლო თქუენ აწ ჭირი გაქუს. და მერმე კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.
იესო მიხვდა, რომ შეკითხვა სურდათ, და უთხრა მათ: იმისთვის ეკითხებით ერთმანეთს, რომ ვთქვი: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც, და მიხილავთ-მეთქი? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივაგლახებთ, ქვეყანა კი იხარებს; დამწუხრდებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ. ქალი შობისას წუხს, ვიიდან მოაწია იმისმა ჟამმა; მაგრამ ყრმას რომ შობს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგანაც ადამიანი იშვა ამქვეყნად. თქვენც ასევე მწუხარე ხართ ახლა; მაგრამ კვლავ გიხილავთ, გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ თქვენს სიხარულს.
უფალი მიხვდა, რომ მისმა მოწაფეებმა, რომლებიც ძალიან დამწუხრებულები იყვნენ, ვერ გაიგეს მისი ნათქვამი. ამიტომ უფალი ქრისტე განცხადებულად უყვება მათ თავისი სიკვდილის შესახებ, რათა ისინი შეეგუონ და ვაჟკაცურად გადაიტანონ ეს ამბავი.
თქვენ, ეუბნება იესო, „იტირებთ და ივაგლახებთ” იმის გამო, რომ მე მოვკვდები ჯვარზე, ხოლო „ქვეყანა იხარებს“, ე. ი. ებრაელები გაიხარებენ, რადგან მე თითქოს მათი მტერი ვიყავი, ისე გამანადგურეს; „მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ , ხოლო იუდეველთა (ებრაელთა) სიხარული კი, პირიქით, მწუხარებად შეიცვლება, რადგანაც ჩემი აღდგომის შემდეგ განდიდდება ჩემი სახელი.
ან ეს სიტყვები შეიძლება სხვანაირადაც ავხსნათ: თქვენ: თქვენ დამწუხრებულები იქნებით ჩემი სატანჯველების გამო, მაგრამ იგი (სატანჯველი) მოუტანს სულიერ ცხოვნებას და სიხარულს მთელ მსოფლიოს (ქვეყანას).
როდესაც უფალი ახსენებს მშობიარე ქალს, იგი აქ გულისხმობს რაღაც საიდუმლოს, სახელდობრ: მან, უფალმა თავისი ჯვარცმით და ტანჯვით გააუქმა ავადმყოფობები და სიკვდილი და თვითონ იგი, ჩვენი უფალი, დაიბადა როგორც ახალი ადამიანი, რომელსაც აქვს უხრწნელი ხორცი და რომელსაც სიკვდილი ვერ შეეხება (რომელიც სიკვდილს არ ექვემდებარება)!
ე. ი. აღდგომის შემდეგ ჩვენთვის დაიბადა ახალი, უხრწნელი ადმაიანი, იესო ქრისტე, ღმერთი ჩვენი!
უფლის სიტყვები – „ვეღარავინ წაგართმევთ სიხარულს თქვენსას ნიშნავს, რომ ის უდიდესი სულიერი სიხარული, რომელიც განიცადეს მოციქულებმა უფლის აღდგომით, მას ვერავინ ვერ წაართმევს და თვით ჩუენი უფალიც, იესო ქრისტეც, რომელიც უკვდავია, და აღარასოდეს აღარ მოკვდება, მიანიჭებს მათ ულევ სიხარულს.
23. და მას დღესა შინა მე არარაჲ მკითხოთ. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაჲ სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ. 24. აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს.
ხოლო იმ დღეს ნურაფერს მკითხავთ; ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც უნდა სთხოვოთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.
იესო აგრძელებს მოწაფეების დარიგებას. როდესაც მე მკვდრეთით აღვდგები, ხოლო ამის შემდეგ სული ნუგეშისმცემელი გადმოვა თქვენზე და ყოველ ჭეშმარიტებაზე დაგადგენთ. იმ დროს აღარ შემეკითხებით არაფერს ისე, როგორც ადრე მეკითხებოდით: „სად მიხვალ?” (იოანე 14: 5), „გვიჩვენე მამა“ (იოანე 14: 8). სული წმიდის ძალით თქვენ ყველაფერი გეცოდინებათ.
„აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით“, ხოლო ახლა კი „ითხოვეთ და მიიღებთ” აუცილებლად!
გთხოვ, მიაქციო ყურადღება: იმას უსრულდება სათხოვარი, ვინც ქრისტეს სახელით ითხოვს.
ხოლო ისინი კი, ვინც ქრისტეს სახელით არ ითხოვს და თან მიწიერ, სულის დასაღუპს ითხოვს, მათ არ უსრულდებათ; რამეთუ ქრისტეს სახელი მაცხოვნებელი და ღვთაებრივია!
25. ამას იგავით გეტყოდე თქუენ. ხოლო მოვალს ჟამი, ოდეს არღარა იგავით გეტყოდი თქუენ, არამედ განცხადებულად მამისა ჩემისათჳს გითხრა თქუენ. 26. მას დღესა შინა ითხოოთ სახელითა ჩემითა, და არა გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მე ვჰკითხო მამასა ჩემსა თქუენთჳს. 27. რამეთუ თჳთ მამასა ჩემსა უყუართ თქუენ, რამეთუ თქუენ მე შემიყუარეთ და გრწმენა რამეთუ მე ღმრთისაგან გამოვედ. 28. გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად და კუალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა.
აქამდე იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის დრო, როცა იგავებით კი აღარ გელაპარაკებით, არამედ გაცხადებულად გაუწყებთ მამის შესახებ. იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, და არ გეუბნებით, რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის. რადგან თვით მამას უყვარხართ, ვინაიდან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმრთისაგან გამოვედი. მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ.
„აქამდე, აგრძელებს იესო ლაპარაკს, იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის დრო, როცა იგავებით კი აღარ გელაპარაკებით, არამედ მამის ჩემისათვის გაცხადებულად გაუწყებთ თქვენ“.
როცა უფალი მკვდრეთით აღდგა და იგი ცოცხალი ნახეს მოციქულებმა, 40 დღის განმავლობაში იესო მათ უყვებოდა თავისი მამის შესახებ ძალიან საიდუმლო ამბებს (საქმე 1:3). ხოლო ამაზე უწინ, მოციქულები ფიქრობდნენ, რომ მამა ქრისტესთვის ისეთივე მამა იყო მადლით, როგორც ჩვენთვის.
უფალი ისევ ამხნევებს თავის მოწაფეებს და ეუბნება: „იმ დღეს სთხოვთ ჩემი სახელით” და განსაცდელებში არ იქნებით მიტოვებულნი, არამედ მიიღებთ მამაჩემისგან დახმარებას. თვითონ მამას უყვარხართ, რადგან მე შემიყვარეთ.
თუკი ოდესმე ჩემს სიყვარულს დაკარგავთ (უარყოფთ), მაშინვე მამის სიყვარულიც აღარ გექნებათ და უარჰყოფთ მას.
29. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: აჰა აწ განცხადებულად იტყჳ და იგავსა არცა ერთსა რას იტყჳ. 30. და აწ უწყით ჩუენ, რამეთუ ყოველივე იცი და არა გიჴმს, რაჲთა გკითხოს ვინმე. ამის გამო გურწამს, რამეთუ ღმრთისაგან გამოხუედ. 31. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აწ სამე გრწამს? 32. აჰა მოვალს ჟამი და მოწევნულ არს, რამეთუ განიბნინეთ კაცად-კაცადი თჳსად ადგილად და მე მარტოჲ დამიტეოთ; და არა ვარ მე მარტოჲ, არმედ მამაჲ ჩემი ჩემ თანა არს.
მისმა მოწაფეებმა უთხრეს: აი, ახლა კი ცხადად გველაპარაკები და არავითარ იგავს აღარ ამბობ. ახლა კი ვიცით, რომ ყველაფერი იცი; და არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს; ამიტომაც გვწამს, რომ ღმრთისაგან გამოხვედი. მიუგო მათ იესომ: ახლა კი გწამთ? აჰა, მოდის ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ, მაგრამ არა ვარ მარტო, რადგანაც მამა ჩემთანაა.
როცა მოციქულებმა გაიგეს, რომ ქრისტეს შუამდგომლობა მათ აღარ დასჭირდებათ, იმის გამო, რომ თვით მამა ღმერთმა შეიყვარა ისინი და იმასაც მიხვდნენ, რომ იესო მამისაგანაა გამოსული. ეუბნებიან: „ახლა კი ვიცით, რომ ყველაფერი იცი“, მათი ეს სიტყვები ნიშნავს, რომ ჩვენი გულის საიდუმლოებები შენ ყველაფერი იცი, არავის დახმარება ამაში არ გჭირდება, ამიტომ გვწამს, რომ შენ, უფალო ქრისტე, ღმერთისგან გამოხვედი, რადგან მხოლოდ ღმერთმა იცის აღამიანის გულის საიდუმლოებები (ფს. 43. 22).
გთხოვ, დააკვირდე, როგორი არასრულყოფილები იყვნენ მოციქულები, როცა თქვეს: „ახლა კი ვიცით”. ისინი რომლებიც ასე დიდხანს და მრავალჯერ ისმენდნენ ქრისტეს მოძღვრებას, ამბობენ: ეხლა ჩვენ ვიცით.
ხოლო ქრისტე მათ ეუბნება, რომ ამჯერადაც ისინი ისევ არასრულყოფილნი არიან, რადგან ისინი ვერ მიხვდნენ, სამწუხაროდ უფლის სიდიადეს.
უფალი ეკითხება მოციქულებს: „ახლა კი გწამთ?“ ასეთი შეკითხვით, თითქოს იგი ამტყუნებს (კიცხავს) თავის მოწაფეებს რწმენის ნელ-თბილობაში. მერე, ცოტა მოგვიანებით, დასძენს; „აჰა, მოდის ჟამი, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ“.
უფლის ეს სიტყვები ნიშნავს: თქვენ გგონიათ, რომ ჩემზე დიდი წარმოდგენა გაქვთ, მე კი გეტყვით, რომ ისეთი დიდი შიშის თავზარი დაგეცემათ, რომ მე დამტოვებთ ჩემი მტრების გარემოცვაში და ერთად კი არ გაიქცევით, არამედ, ყოველი თქვენგანი – ცალ-ცალკე დაიწყებს თავშესაფრის და საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვას. მაგრამ მე ამისგან სრულიად არ დავზარალდები, რადგან მე მარტო არა ვარ, ვინაიდან მამაჩემი ჩემთან ერთად არის და იქნება.
ამიტომ, ამბობს უფალი, მე უძლურების (უსუსურობის, უღონობის) გამო კი არ ვარ ჩავარდნილი სატანჯველში, არამედ ჩემი საკუთარი ნებით, ნებაყოფლობით ვწირავ ჩემს სიცოხლეს ადამიანის მოდგმის გადასარჩენად.
33. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს. სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა.
ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას.
„ეს“ ყველაფერი იმისთვის „გითხარით“, ეუბნება უფალი, რომ არ გაანელოთ სიყვარული ჩემს მიმართ, თქვენი ფიქრები ყოველთვის ჩემსკენ წარმართეთ, არც ერთ გასაჭირში არ შედრკეთ, არ შეშინდეთ. მინდა, რომ „მშვიდობა გქონდეთ ჩემში“, ე.ი. მინდა, რომ იყოთ შეუვალნი, მტკიცენი და გწამდეთ ჩემი ნათქვამის.
უფალი კვლავ მძიმე მოსასმენს ეუბნება: „ჭირი გექნებათ ქვეყნაად“, ე.ი. სანამ ამ ქვეყანაზე, ანუ წუთისოფელში იქნებით, სატანჯველები გექნებათ, არა მხოლოდ ახლა, არამედ ჩემი ჯვარცმის შემდეგაც; „მაგრამ გამხნევდით”, ნუ შეგეშინდებათ, ნუ შედრკებით, რადგან მე ვძლიე ქეუყანა“.
თუკი მე ვძლიე ქვეყბნას, მაშ, თქვენ, ჩემს მოწაფეებს, რაღასი უნდა გეშინოდეთ?
როგორ სძლია (მოერია) ქრისტემ ამ ქვეყნიერებას? მან დაამარცხა ამქვეყნიური ვნებების მთავარი – ეშმაკი (ანუ ბოროტი სული). ყველაფერი მაცხოვარს დაემორჩილა და ყველაფერმა მას დაუთმო.
როგორც ადამის დამარცხებასთან ერთად ყველაფერი (ადამიანური ბუნება და საერთოდ, ბუნება) გასამართლებული იყო. ასევე ქრისტეს გამარჯვებასთან ერთად ყველგან, მთელ ბუნებაზე გავრცელდა გამარჯვება, და იესო ქრისტეში, ჩვენს უფალში, მოგვეცა ძალა – „ხელმწიფება გველთა და მორიელთა დათრგუნვისა, და მტრის ყოველი ძალისა" (ლუკა 10, 19).
ადამიანისგან (ადამის) სიკვდილი შემოვიდა ქვეყანაზე, ხოლო ასევე ადამიანისგან (ქრისტე) – სიცოცხლე დამკვიდრდა და ძლევაი ეშმაკზე (1 კორინთელთა მიმართ 15, 21-55).
რამეთუ, მხოლოდ ღმერთს რომ გაემარჯვა, მაშინ ჩვენ არაფერი არ შეგვეხებოდა.
თავი 1 | თავი 2 | თავი 3 | თავი 4 |
თავი 5 | თავი 6 | თავი 7 | თავი 8 |
თავი 9 | თავი 10 | თავი 11 | თავი 12 |
თავი 13 | თავი 14 | თავი 15 | თავი 16 |
თავი 17 | თავი 18 | თავი 19 | თავი 20 |
თავი 21 |