ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
იოანეს სახარების განმარტება

 

თავი მეცხრე

 

1. და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაჲ შობითგან. 2. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?

მოდიოდა და დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა. შეეკითხნენ მოწაფეები: რაბი, ვინ შესცოდა, მან, თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?

უფალი გადის ტაძრიდან, რათა ცოტათი მაინც დაცხრეს იუდეველთა მრისხანება და სიბოროტე იესოს მიმართ. იგი თვითონ მიდის (მიუახლოვდება) დაბადებიდან ბრმასთან, რათა ამ სასწაულით მაინც მოალბოს ებრაელთა გულები მის მიმართ დიდი სიძულვილით აღგზნებული, მაგრამ, სამწ უხაროდ, ამ სასწაულითაც ვერ გულისხმა-ჰყვეს მათ უფლის უდიდესი ძალა და გულები არ მოილბეს მის მიმართ.
როდესაც ქრისტეს მოწაფეებმა იხილეს თავიანთი მოძღვარი, თუ როგორ მივიდა თვითონ, სიმდაბლით, უსინათლო ადამიანთან და როგორ სურს იესოს მისი განკურნება, ისინი ეკითხებიან: „რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთ ბრმაი იშვა?“ შეკითხვა გვეჩვენება უცნაურად, რამეთუ, როგორ შეეძლო მას ხორციელ შობამდე (დაბადებამდე) ჩაედინა ცოდვა? თუ ჩაუკვირდებით კითხვის შინაარსს, სხვაგვარად ვიფიქრებთ.
მოციქულებმა გაიგონეს, როდესაც ქრისტემ განკურნა განღვეული ადამიანი, რა სიტყვები უთხრა მას: „აჰა, ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდა, რაითა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ“ (იოანე 5: 14).
ახლა მოწაფეები ხედავენ ბრმას, არიან გაურკვევლობაში და დაახლოებით ასე ლაპარაკობენ ერთმანეთში: დაუშვათ ის პარალიზებული ადამიანი ცოდვების გამო იყო ავად, ამაზე რას იტყვი? ამან რა შესცოდა? ამას ვერ ვიტყვით, რადგანაც იგი ბრმაა დაბადებიდან. მაშინ მისმა მშობლებმა ჩაიდინეს ცოდვა? ამასაც ვერ ვიტყვით, რადგან მამის ცოდვებისთვის შვილს არ სჯიან. ამ შემთხვევაში, მოციქულები იმდენად კითხვებს არ სვამენ, რამდენადაც გაოგნებულები (გაკვირვებულები) არიან.
რათა უფალმა გააქარწყლოს მათი გაკვირვება, ეუბნება მათ: „არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა“. ამას ამბობს უფალი უსინათლოზე და მის მშობლებზე ისე, რომ არ ანთავისუფლებს მათ ცოდვებისგან; თან ამატებს: ,ბრმაი იშვა“. მართალია, მისი მშობლები ცოდვილები არიან, მაგრამ არა მათი ცოდვებისთვის არის ეს ადამიანი – უსინათლო. მამების ცოდვებზე. რომ უდანაშაულო შვილებს მოვთხოვოთ პასუხი, ეს არ არის სამართლიანი.
ამას ჩააგონებს ღმერთი ადამიანებს ეზეკიელ წინასწარმეტყველის საშუალებით: აღარ ისარგებლოთ შემდეგი ანდაზით არასდროს: „მამებმა ისრიმი (ყურძენი მკვახე) შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო?“ (იეზეკ. 18:2). ხოლო მოსეს შუამავლობით შემდეგი კანონი დაადგინა: „არ უნდა მოიკლან მამები შვილების გამო” (II რჯული 24: 16).
მაგრამ შენ მეტყვი, როგორღა გავიგოთ ეს ნათქვამი: შურისმგებელო, მამათა ცოდვის მომკითხავო შვილთაგან და შვილთაშვილთაგან მესამე და მეოთხე თაობაში?“
ამაზე შეიძლება ვთქვათ პირველ რიგში ის, რომ ეს განაჩენი ყველას არ ეხება,არამედ მხოლოდ იმათ,ვინც ეგვიპტიდან გამოვიდა. აქ საუბარია იმაზე, რომ მამების ცოდვებისთვის შვილები არ ისჯებიან, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდის სასჯელი შვილებზე, თუ მამების მიერ ჩადენილ ცოდვებს შვილებიც იმეორებენ!
თუ ვხედავთ ხშირად, რომ შვილები გარდაიცვლებიან მშობლების სასჯელად, ვიცით, რომ ღმერთს ისინი გაჰყავს ამ წუთისოფლიდან თავისი კაცთმოყვარეობის გამო, რომ უარესი ცოდვილები არ გახდნენ თავიანთ მშობლებთან შედარებით და თავიანთი სულის საზიანოდ სიბოროტეში არ იცხოვრონ და სხვა ადამიანებიც არ დააზიანონ.

3. ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაჲ მაგას ზედა. 4. და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ჴელ-ეწიფოს საქმედ. 5. ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაჲ.

მიუგო იესომ: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში. ჩვენ უნდა ვაკეთოთ იმის საქმენი, ვინც მე მომავლინა, სანამ დღეა. მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შეძლებს კეთებას. სანამ წუთისოფელში ვარ, წუთისოფლის ნათელი ვარ.“

აქ არის მეორე შებრკოლება. ვინმე იკითხავს: ეს როგორ თქვა უფალმა? ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი იმისთვის დაიბადა უსინათლო, რომ მასზე ღმერთის საქმეები განდიდდეს? ნუთუ ღმერთის საქმეები სხვაგვარად არ შეიძლებოდა გამოვლინებულიყო? როგორ გულის ტკენას იტანს ეს ადამიანი? რისი გულისთვის? იგი - უსინათლოა. რა ზიანი აქვს იმის გამო, რომ იგი მოკლებულია სინათლეს? პირიქით, იგი მეტად მადლმოსილია, რადგან ხორციელი თვალის ახილვასთან (ანუ მხედველობის დაბრუნებასთან) ერთად სულიერი თვალიც აეხილა და მან შეიცნო ამ უდიდესი სასწაულით ქრისტე ღმერთი, სიმართლის ჭეშმარიტი ღმერთი. მაშ, გამოდის, რომ ეს უსინათლო ადამიანი ნაწყენი კი არ არის, არამედ – მადლმოსილია.
ყოველმა ადამიანმა, რომელიც ეზიარება (კითხულობს) ღვთის სიტყვას, უნდა იცოდეს, რომ საღვთო წერილში ხშირად იხმარება ნაწილაკები – „იმისთვის“ ან „რადგან, რადგანაც“, რათა აღინიშნოს ესა თუ ის მოვლენა და არა – ამა თუ იმ მოვლენის გამომწვევი რაიმე მიზეზი.
მაგ. წმ. მეფე დავითი ამბობს: „რამეთუ ჭეშმარიტ ხარ შენ სამართალსა შენსა“ (ფს. 50, 6). დავითმა იმიტომ კი არ შესცოდა, რომ ღმერთი გამართლებულიყო, თუმცა დავითის მერ ჩადენილი ცოდვის შედეგად – ღმერთი გამართლდა.
ვნახოთ, წმ. მოციქულთან როგორ არის ნათქვამი: „რამეთუ შჯული შორის შემოვიდა, რაითა განმრავლდეს ცოდვაი, და სადა-იგი განმრავლდა ცოდვაი, მუნ უფროისად გარდაემატა მადლი“ (ებრ. 5: 20). მართალია, რჯული იმისთვის კი არ მიეცათ ადამიანებს, რომ ცოდვები გაემრავლებინათ, არამედ იმისთვის, რომ ცოდვები შემცირებულიყო, მაგრამ რადგანაც რჯულის მიმღებმა ადამიანებმა თვითონ არ ისურვეს, რომ ნაკლები ცოდვები ჩაედინათ, ამიტომ მათ მეტი ცოდვები ჩაიდინეს რჯულის მიღების შემდგომ. მათ მიერ (იუდეველების მიერ) ჩადენილი ცოდვები გაცილებით მძიმე და მნიშვნელოვანი იყო იმის გამო, რომ მათ გააჩნდათ ღმერთისგან მიცემული რჯული და მის წინააღმდეგ ისინი შეგნებულ, მძიმე ცოდვებს იდენდნენ.
ასევე აქაც, გამოთქმაში – „რაითა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა“, მითითებულია საქმის მსვლელობა და არა - მიზეზი; რამეთუ უსინათლო ადამიანის განკურნებით – განდიდდა ღმერთი. როდესაც ჩვენმა ღმერთმა – იესომ, განკურნა ბრმის დაზიანებული ნაწილები და მოიყვანა ბუნებრივ, ნორმალურ მდგომარეობაში, ეს მიუთითებს იმაზე, რომ შემოქმედი ადამიანის სხვა ნაწილებისაც
უფალი ქრისტე თავის თავზე ამბობს: „რათა გამოცხადდეს ღმერთის დიდება“, ამას ამბობს თავის თავზე, და არა – მამაზე, რადგანაც ამის დიდება – განცხადებულია, ცხადია (ნათელია), ამჟამად კი საჭირო იყო იესოს განდიდება, რადგან თავიდან, ადამიანის შემქმნელი არის იგი. ხოლო ის, რომ მომავალში გაცხადდება მისი უმეტესი დიდება, უეჭველად, ყველასთვის ცხადი გახდება (ან ცხადი უნდა გახდეს) ის, რომ ვინც ჩვენს წინაშე ხორციელ ადამიანად ვიხილეთ, თავიდან (საწყისიდან), როგორც ღმერთმა შექმნა ადამიანი!
იესო აგრძელებს საუბარს თავის თავზე: „ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა“. მე უნდა აღვასრულო იგივე საქმეები, რასაც ჩემი მამა აღასრულებს (აკეთებს), ზუსტად იგივე საქმეები უნდა გავაკეთო, რასაც ჩემი მომავლინებელი აკეთებს, „ვიდრე დღე არსღა”, ე. ი. სანამ გრძელდება ეს მიწიერი ცხოვრება და სანამ კიდევ შეუძლიათ ადამიანებს მიიღონ ჩემი ჭეშმარიტი რწმენა. შემდეგ „მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ“, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგ ვეღარ მიიღებენ ჩემს რწმენას, რამეთუ რწმენას უწოდებს – საქმეს. მაშ, მომავალ საუკუნეში ვეღარავინ მიიღებს ქრისტეს რწმენას.
ახლანდელი, მიწიერი ცხოვრება არის დღე და ამ ცხოვრების მანძილზე, როგორც დღის განმავლობაში, შეგვიძლია მივიღოთ ქრისტეს რწმენა, რაც საქმედ შეგვერაცხება. მაშასადამე, მომავალ საუკუნეში არ იქნება რწმენის მიღების საშუალება, არამედ ყველა ადამიანი, ექნებათ ამის სურვილი, თუ არ ექნებათ, დავემორჩილებით ღმერთის ნებას.
„ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაი“ – ამბობს უფალი, რაც ნიშნავს, რომ ჩემი სწავლებით და სასწაულებით ვანათლებ ადამიანთა სულებს. ამჟამად, უსინათლო ადამიანის განკურნებით მე მრავალი ადამიანის სულები უნდა განვანათლო, როგორც ნათელმა, მოსულმა სოფლად (ანუ ამ ქვეყნად), როგორც სულიერად, ასევე გრძნობიერად.
6. და ესე ვითარცა თქუა ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თვალთა მის ბრმისათა 7. და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა.

ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ფურთხით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას. უთხრა: „წადი. და დაიბანე სილოამის აუზში“ (რაც ნიშნავს მოვლინებულს). წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.

უფალმა თავისი სიტყვა – საქმედ აქცია. მან დაანერწყვა მიწაზე, მოზილა თიხა და იგი სცხო ბრმას თვალებზე და ამ საქციელით – მიუთითა იქ მყოფ ხალხს, რომ ასევე მან თიხისგან ადრე, შექმნა ადამის სხეული, ე. ი. თავისი შემოქმედების იგივე საშუალება გამოიყენა უფალმა ბრმის მხედველობის დასაბრუნებლად, როგორადაც შექმნა – ადამი!
ქრისტემ – უსინათლოს არა მარტო თვალები შეუქმნა, არამედ მხედველობაც მიანიჭა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ შთაბერა მას იგივე სული, რაც ადამს შთაბერა, რამეთუ სულის მოქმედების გარეშე თვალები ვერ დაინახავდნენ. ასევე, იესომ გამოიყენა დანერწყვება მიწაზე – მხედველობის მისანიჭებლად, რათა, როცა ის ბრმას გააგზავნიდა სილოამის წყაროზე თვალების მოსაბანად, რომ ადამიანებს წყაროსთვის არ მიეწერათ მისთვის მხედველობის მინიჭების ძალა, არამედ მიმხვდარიყვნენ, რომ დაბადებიდან უსინათლოს – თვალები აეხილა იესოს ბაგეებიდან გამოსული ღვთაებრივი ძალით!
უფალი ბრმას ერთის მხრივ იმიტომ აგზავნის სილოამზე თვალების დასაბანად, რომ ნახოს მისი რწმენა და მორჩილება, რაც უსინათლო ადამიანმა სრულიად გამოიჩინა მაცხოვრის მიმართ: მან არ განსაჯა, უნდა წასულიყო, თუ არ უნდა წასულიყო სილოამზე თვალების მოსაბანად, უფლისგან მოზელილი თიხა მას თვალის სინათლეს, ანუ მხედველობას დაუბრუნებდა, თუ არა, იგი დაემორჩილა უფალს: მან რაც უთხრა, ის გააკეთა.
კიდევ იმისთვის გააგზავნა სილოამის წყაროზე უსინათლო, რომ დაამოწმოს იუდეველთა წინაშე თავის თავზე, რომ მისთვის სულაც არ არის უცხო ღმერთის რჯული და ძველი აღთქმა.
რისთვის განმარტავს წმ. მახარებელი სახელწოდებას - სილოამს? იმისთვის, რომ შენ იცოდე, რომ დაბადებიდან უსინათლოს სწორედ აქ მისცა ქრისტემ თვალის ჩინი, აქ განკურნა და ასევე, სილოამი – ეს არის ქრისტეს სახესხვაობა, რადგანაც ქრისტე არის სულიერი კლდე (I კორ. 10:4), ასევე სილოამიც არის – სულიერი. და ისევე, როგორც სილოამის წყარო თავისი უცნაური დინებით წარმოადგენდა რაღაც გამააოგნებელს და სწრაფს, ასევე უფლის მოსვლაც, რომელიც დაფარული და მიუწვდომელი იყო ანგელოზებისთვისაც კი, თავისი ძალით აქარწყლებს ყოველგვარ ცოდვას.
8. ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ? 9. სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი იტყოდა: მე ვარ. 10. ჰკითხვიდეს მას: ვითარ აღგეხილნეს თუალნი შენნი? 11. მან მიუგო და ჰრქუა მათ: კაცმან რომელსა ჰრქჳან იესუ, თიჴაჲ შექმნა და მცხო თვალთა ჩემთა და მრქუა მე: წარვედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე. მივედ და დავიბანე და აღვიხილენ.
მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: „ეს ის არაა, რომ იჯდა და მათხოვრობდა? ერთნი ამბობდნენ: ეს სწორედ ისააო, სხვებმა თქვეს: არა, მაგრამ იმასა ჰგავსო. მან კი თქვა; „მე ვარ.“ მაშინ ჰკითხეს მას: „როგორ აგეხილა თვალები?“ მან მიუგო: „კაცმა, იესო რომ ჰქვია, მოზილა ტალახი, წამისვა თვალებზე და მითხრა: წადი სილოამს და მოიბანეო; წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები.“

არაჩვეულებრივი სასწაულის მხილველ მეზობლებს არ სჯეროდათ მოსდენილი სასწაულისა. თუმცა უსინათლოს სილოამზე წასვლა იმისთვის, რათა თიხაწასმული თვალები მოებანა, იმას ემსახურებოდა, რომ იგი მრავალ ადამიანს უნდა დაენახა, რათა შემდგომში ეს ამბავი არ ყოფილიყო მათგან უარყოფილი, თუმცა, ამჟამად მაინც არ სჯეროდათ ამ დიდი სასწაულისა!
წმ. მახარებელი ყვება, თუ როგორ თხოულობდა მოწყალებას თვალის ახილვამდე უსინათლო ადამიანი, იმისთვის, რომ აჩვენოს უფლის მოწყალება და გამოუთქმელი კაცთმოყვარება გლახაკების და გაჭირვებულების მიმართ, ვხედავთ, რომ მოწყალე უფალი მათაც დიდი გულმოდგინებით და სიყვარულით კურნავს. ამ მაგალითიდან ჩვენც უნდა ვისწავლოთ. რომ სიყვარულით და გულმოწყალებით მოვექცეთ გაჭირვებულ ხალხს.
ვნახოთ უსინათლოს სიმამაცე: მას არ რცხვენია წარსული სიგლახაკის (მათხოვრობის) და არც ხალხის ეშინია, იგი თავის თავს თამამად აღიარებს: „მე ვარ“, ამბობს იგი იუდეველი ხალხის გასაგონად, ასევე უშიშრად აღიარებს ის თავის კეთილისმყოფელს: ვინც თვალები ამიხილა, იმ „კაცსა ჰრქვიან იესო”.
უფალს ეს კაცი უწოდებს – ადამიანს, რადგან აქამდე ჯერ არაფერი არ გაუგია მასზე, ხოლო ეხლა რაც გაიგო, იმას ამბობს.
საიდან იცის მან, რომ უფალს ეწოდება იესო? რა თქმა უნდა, მოწაფეების საუბრიდან უფალთან, სადაც მოწაფეები ეკითხებოდნენ მას – უსინათლო კაცზე.
ქრისტე ხშირად უმეორებდა მათ შემდეგ სიტყვებს: „ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა; მე ნათელი ვარ სოფლისაი“. ასე არავინ არ ასწავლიდა ადამიანებს – გარდა იესოსი. აქედან გაიგო უსინათლომ, რომ ეს იყო – იესო. როცა უფალმა თიხა მოზილა და მას თვალებზე წაუსვა, შეხებით იგრძნო, რომ ეს იყო უფალი – იესო და ეს თქვა მან ადამიანების წინაშე. როგორც ჩანს, ეს იყო მართალი ადამიანი!

12. ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ხოლო მან რქუა მათ: არა უწყი. 13. იყო შაბათი, ოდეს-იგი თიჴაჲ შექმნა იესუ და აღუხილნა თვალნი მისნი. 14. მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელი–იგი პირველად ბრმაჲ იყო. 15. კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: ვითარ აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ. 16. იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. სხუანი იტყოდეს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ? და ცილობაჲ იყო მათ შორის.

მაშინ უთხრეს მას: „სადაა იგი?“ მან თქვა: „არ ვიცი.“ მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, წინათ რომ ბრმა იყო. შაბათი იყო ის დღე, იესომ რომ ტალახი მოზილა და თვალები აუხილა. ფარისევლებმაც ჰკითხეს, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: „ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ.“ მაშინ ზოგმა ფარისეველმა თქვა: „ეს კაცი არ არის ღვთისაგანს, რაკი შაბათს არ იცავს.“ სხვებმა კი თქვეს: „როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?“ და იყო მათ შორის განსეთქილება.

მას შემდეგ, რაც უფალმა მოახდინა დიდი სასწაული უსინათლო ადამიანის განკურნებით, თავმდაბლობის გამო იგი ადამიანთა თვალს მიეფარა.
როდესაც უსინათლოს, რომელიც უკვე ღმერთის მადლით ორივე თვალით კარგად ხედავდა, ჰკითხეს ფარისევლებმა, თუ სად იმყოფებოდა იესო, იგი ეუბნება მათ: – „არა უწყი“ (ე. ი. არ ვიცი). განკურნებული უსინათლო კაცი მიჰყავთ ფარისევლებთან, რათა უფრო მკაცრად გამოჰკითხონ მას. თუ როგორ დაუბრუნა მას იესომ თვალის ჩინი.
წმ. მახარებელი იოანე აღნიშნავს, რომ „იყო შაბათი“ დღე. ამით მას სურს მიუთითოს მკითხველს, რომ ფარისევლებს უნდათ გაამტყუნონ იესო და ბრალი დასდონ შაბათი დღის დარღვევაში, გამოხატონ უფლის მიმართ თავიანთი სიძულვილი და დაჩრდილონ (გააუფერულონ) იესოს მიერ მოხდენილი უდიდესი სასწაული. ამიტომაც ისინი არ ეკითხებიან განკურნებულს – თუ „როგორ დაგიბრუნდა თვალის სინათლე?“ (ან თვალის ჩინი). არამედ აინტერესებთ, თუ როგორ აუხილა იესომ მას დაბადებიდან ბრმა თვალები, რათა ყოველმხრივ ცილი დასწამონ მას ფარისევლებმა და გაამტყუნონ შაბათი დღის დარღვევაში.
ეს ხალხი აიძულებს უსინათლოს, რათა მან გაიხსენოს, რომ იესომ თიხა მოზილა შაბათ დღეს მისი თვალების განსაკურნებლად. მოისმენს რა მათ ბრალდებას უფლის მიმართ. უსინათლო კაცი თამამად და მოკლედ უპასუხებს: ,თიხაი დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ“.
შესაქებია უსინათლო ადამიანის სითამამე, თუ როგორ უშიშრად საუბრობს ფარისევლებთან იესოს მიერ მოხდენილ სასწაულზე: „მე ეხედავ” – ამბობს იგი.
ფარისეველთაგან ყველაზე თავხედები ამბობდნენ უფალზე: „ეს კაცი არა არს ღმრთისაგან“; ხოლო სხვები კი ვინც იესოს სასწაულის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ამბობდნენ: „როგორ შეუძლია ცოდვილ ადამიანს ასეთი სასწაულის აღსრულებაო?
„და ცილობაი იყო მათ შორის , ამბობს წმ. მახარებელი. ასეთი სახის უთანხმოება ადრეც მომხდარა ხალხშიც (ერშიც), როცა ერთნი ამბობდნენ, თითქოს იესო ხალხს აცთუნებსო, ხოლო სხვები კი ამ აზრს არ ეთანხმებოდნენ და ამბობდნენ – იესო კეთილიაო (იოანე 7: 12, 7:43).
და ეხლაც, ბევრი ფარისეველთაგანი, გამოეყო უფლის მოძულეებს და დაიწყეს უფლის სასწაულის მოწმობა და შექება, თუმცა, უნდა ითქვას რომ მათი ეს აღიარება არ იყო მტკიცე, არამედ – სუსტი და ეჭვნარევი.
მისმინე, როგორ ამბობენ: „როგორ შეუძლია ცოდვილ ადამიანს ასეთი სასწაულების მოხდენა?“ ხომ ხედავ, როგორი სუსტია მათი აღიარება? დაუკვირდი ასევე, ცილისმწამებლების ეშმაკობას: ისინი კი არ ამბობენ უფალზე, რომ იგი ღვთისგან არ არის, არამედ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ იგი შაბათი დღის მცნებას არ იცავს.
ხალხის აზრი კი, ფარისევლების მთავრებთან შედარებით, ქრისტეს წინააღმდეგ მრავალი ერის ადამიანი არ ამბობდა ცუდს, ხოლო ფარისეველთა მთავრები კი, ერის შემდგომ მივიდნენ ამ საქებარ განყოფამდე. ამის თაობაზე უფალი ბრძანებს მათეს სახარებაში: „არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“ (მათე 10:34), ), რომელიც უეჭველია, ნათქვამია ისეთ უთანხმოებაზე, რომელიც ეხება სიკეთესა და კეთილმსახურებას.

17. ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა მათ: წინაწარმეტყუელი არს. 18. არა ჰრწმენა ჰურიათა მისთჳს, ვითარმედ ბრმაჲ იყო და აღიხილნა თუალნი, ვიდრემდე მოუწოდეს მამა-დედათა მისთა, რომელმან-იგი აღიხილნა, 19. ჰკითხვიდეს მათ და ჰრქუეს: ესე არსა ძჱ იგი თქუენი, რომელისაჲ თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ბრმაჲ იშვა? აწ უკუე ვითარ ხედავს?

კვლავ უთხრეს ბრმას; „შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?“ მან თქვა: „წინასწარმეტყველია იგი· არ დაუჯერეს იუდეველებმა მას, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, სანამ თვალახელილის მშობლებს არ დაუძახეს. ჰკითხეს მათ: „ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, რომ ბრმა დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?“

ვინ იყო ის ხალხი, ვინც შეეკითხა განკურნებულ უსინათლოს იესოს შესახებ? – „შენ რას იტყვი მასზე? (იესოზე?) ესენი იყვნენ კეთილგონიერი ადამიანები, რამეთუ ასე ამბობდნენ: „როგორ შეუძლია ცოდვილ ადამიანს ასეთი საქმეების კეთება?“
იმისთვის, რომ ისინი არავინ ჩათვალოს ფუჭ (უსაფუძვლო) დამცველებად, ამიტომ მათ ჭეშმარიტ მოწმედ მოჰყავთ იესოსგან განკურნებული თვითონ ის ადამიანი, ვისაც მხედველობა მიანიჭა, რათა ამითი გააჩუმონ იესოს ცილისმწამებლები.
დაუკვირდი, როგორ კეთილგონივრულად ეკითხებიან ისინი უსინათლოს: გაიხსენე სასწაული, „რამეთუ მან აღგიხილნა თუალნი შენნი? რას იტყვი მასზე?“ მან შენ მადლი მოგცა, თვალის სინათლე მოგანიჭა, იქადაგე მასზე, რა იცი?
უსინათლო ადამიანი ეხლაც აღმსარებლობს, როგორც შეუძლია: იგი ცოდვილი არ არის, იგი ღმერთისგან არის, ის – წინასწარმეტყველია – ამბობს ბრმა კაცი, თუმცა, მასზე ზოგიერთი ამბობს, რადგანაც იგი შაბათი დღის მცნებას არ იცავს, ამიტომ ღმერთისგან არ არისო. მე კი ასე არ ვფიქრობ, - ამოწმებს ბრმა იესოს სასწაულს.
ქრისტემ ერთი თითით სცხო მოზელილი თიხა უსინათლოს თვალებზე და ამის გამო მას ბრალს სდებენ შაბათი დღის დარღვევაში. თვითონ კი, ფარისევლები, ორივე ხელით ხსნიან დაბმულ პირუტყვს, რათა წყალი დაალევინონ მათ და თავიანთ თავს ღვთისმოშიშებს უწოდებენ. ეს ხალხი არის ძალიან გულქვა და ჯიუტი. ისიხი უხმობენ ბრმის მშობლებს და დიდი მრისხანებით და სიბოროტით ჰკითხავენ მათ, რათა შეაშინონ ისინი,. რომ მათ უარჰყონ თავიანთი შვილის სიბრმავე შობიდან და ამით გააუქმონ ქრისტეს მიერ მოხდენილი დიდი სასწაული.
ორივე მხრიდან ფარისევლები ავიწროვებენ ბრმის მშობლებს, რათა აიძულონ და ათქმევინონ, რომ მათი ძე არ იყო ბრმა დაბადებიდან. ჩქარა-ჩქარა კითხვებს აყრიან ყოველი მხრიდან, რომ დააბნიონ და შეაშინონ. „ეს თქვენი ძეა, რომელზეც თქვით, რომ იგი უსინათლო დაიბადა? აწ უკუე ვითარ ხედავს? (ე. ი. მაშ ეხლა, როგორღა ხედავს?)
იესოს მტრები არ ცხრებიან: ან ისაა სიცრუე, რომ იგი ამჟამად ხედავს, ან ის არის ტყუილი, რომ იგი დაბადებიდან ბრმაა. იგი რომ ეხლა ნამდვილად თვალხილულია, ეს ჭეშმარიტებაა. მაშინ ისაა სიცრუე, რომ თქვენ ბრმა გააჩინეთ თქვენი ვაჟი.

20. მიუგეს მამა-დედათა მისთა და ჰრქუეს: უწყით, რამეთუ ესე არს ძჱ ჩუენი და რამეთუ ბრმაჲ იშვა. 21. ხოლო აწ ვითარ ხედავს, ჩუენ არა ვიცით; ანუ ვინ აღუხილნა მაგას თუალნი, ჩუენ არა უწყით; მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს, ეგე თავისა თჳსისათჳს იტყოდენ. 22. ამისთჳს ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათაგან, რამეთუ შეთქუმულ იყვნეს ჰურიანი, რაჲთა აღ-თუ ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განჴადონ იგი. 23. ამისთჳს თქუეს მამა-დედათა მისთა, ვითარმედ: ჰასაკი აქუს, მაგას ჰკითხეთ.

მიუგეს მშობლებმა და უთხრეს: „ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა. მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით, ან ვინ აუხილა თვალები, არც ეგ ვიცით, ხომ ასაკოვანია, მას ჰკითხეთ, და თვითონ იტყვის თავის თავზე. ასე უთხრეს მისმა მშობლებმა, რადგან ეშინოდათ იუდეველებისა. ვინაიდან იუდეველებს უკვე პირი შეეკრათ, სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც მას ქრისტედ აღიარებდა. ამიტომ უთხრეს მშობლებმა: ასაკოვანია, მას ჰკითხეთო.
ფარისევლები შეკითხვას უსვამენ უსინათლო ადამიანის დედ-მამას:
1) მართლა მათი შვილია ეს, თუ არა?
2) ბრმა დაიბადა იგი ნამდვილად, თუ არა?
3) როგორ აეხილა მას თვალი?
პირველ ორ კითხვაზე ისინი პასუხობენ დამაჯერებლად, დადებითად, რომ ეს კაცი -– ნამდვილად მათი ვაჟია და სინამდვილეა ის, რომ იგი იყო შობიდან – ბრმა: ხოლო თუ ვინ მისცა მხედველობა მას, ეს არ იციან მშობლებმა. ისინი ეუბნებიან ფარისევლებს, რადგან მათი ეშინოდათ, რომ მათ თვითონ განკურნებულს ჰკითხონ ამის თაობაზე, რადგან იგი არ არის პატარა ასაკის, იგი თვითონ გაგცემთ სწორ პასუხს.
ასე ალბათ იმიტომ მოხდა, რომ ჭეშმარიტება ყოფილიყო უფრო მტკიცედ აღიარებული იმისგან, ვინც ქრისტესგან მიიღო დიდი მოწყალება და თვალის სინათლე. უსინათლოს მშობლები კი მეტად სულმოკლეები და მერყევნი იყვნენ თავიანთ შვილთან შედარებით. ხოლო განკურნებული კაცი კი გახდა უფლის ჭეშმარიტების მხნე, შეუდრეკელი მაღიარებელი, მოწმე. მას უფალმა ხორციელ თვალებთან ერთად გონებრივი თვალებიც აუხილა.

24. მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაჲ ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილ არს. 25. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ. 26. მერმე ჰრქუეს მას: რაჲ გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი? 27. მიუგო და ჰრქუა მათ: გარქუ თქუენ პირველვე, და არა გესმა; რაჲსაღა გნებავს კუალად სმენად? ანუ თქუენცა გნებავს მოწაფე ყოფად მისა? 28. ხოლო იგინი აგინებდეს მას და ჰრქუეს: შენ ხარ მოწაფე მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ. 29. უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს.

ამიტომ მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო, და უთხრეს: „მიაგე დიდება ღმერთს. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი.“ მან კი მიუგო: „არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი: ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ.“ კვლავ უთხრეს მას: „რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?“ მიუგო მათ: „მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ კვლავ მოსმენა? ან იქნებ მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?“ მათ კი გალანძღეს იგი და უთხრეს: „შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ კი მოსეს მოწაფეები ვართ. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი. ამაზე კი არაფერი ვიცით, საიდანაა იგი.
ფარისევლებს როგორც ურჩიეს ბრმის მშობლებმა, რომ პირადად მისთვის ეკითხათ, ასეც მოიქცნენ. მათ მოჰყავთ მეორედ განკურნებული კაცი არა იმისთვის, რომ შეეკითხონ ვინ მისცა მას თვალის ჩინი, არამედ იმისთვის, რომ ჩააგონონ მას მკურნალის, ანუ უფლის გამტყუნება, ე. ი. სასწაულის უარყოფა. რამეთუ გამოთქმა მათი – „მიეც დიდებაი ღმერთსა“ ნიშნავს იმას, რომ აღიარე, იესომ შენ არაფერში არ დაგეხმარა. ჩვენ ვიცით, რომ იგი ცოდვილია. მაშინ, თქვენ რატომ არ ამხილეთ იგი ცოდვებში, როცა მან გითხრათ: „ვინ თქვენგანმან მამხილოს მე ცოდვისათვის?“ (იოანე 8: 46) – ეკითხება ბრმა კაცი ფარისევლებს.
უსინათლო ეუბნება: იგი ცოდვილია თუ არა, მე არ ვიცი და ვერც დავამტკიცებ, მაგრამ ჭეშმარიტად ვიცი, რომ მან ჩემზე სასწაული მოახდინა. თქვენ როგორც გინდათ, ისე განსაჯეთ. ბრმა მიხვდა, რომ მას იმიტომ კი არ ეკითხებიან, რომ აინტერესებთ იესოს მიერ მოხდენილი სასწაული, არამედ იმისთვის, რომ უფალი გაამტყუნონ. მე თქვენთან საუბარი აღარ მსურს, რადგან ამ საკითხზე ბევრჯერ გიპასუხეთ,.თქვენ კი არც მომისმინეთ. ნეტავ.თქვენ ხომ არ გინდათ მისი მოწაფეები გახდეთ? – დაცინვით ეკითხება ბრმა იესოს მტრებს. ალბათ, თვითონ სურდა გამხდარიყო იესოს მოწაფე.
ასეთი საუბრიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ განკურნებული კაცი იყო უშიშარი, მხნე და მას არ ეშინოდა ფარისევლების სიცოფის (ბოროტების).
ფარისევლებს ეწყინათ მისი ასეთი საუბარი და ეუბნებიან: – შენ მაგის მოწაფე ხარ, ჩვენ კი – მოსესნი ვართ. ესენი აქაც ტყუიან, რადგან ფარისევლები მოსეს მოწაფეები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ ქრისტეს მოწაფეებიც იქნებოდნენ (ან გახდებოდნენ); როგორც თვითონ უფალი ეუბნებოდა მათ: „თქვენ რომ მოსესი გჯეროდეთ (ან გწამდეთ), მაშინ მეც დამიჯერებდით” (იოანე 5: 46).
იესოს მტრები კი არ ამბობდნენ – ,ჩვენ გაგვიგონია“, არამედ – „ჩვენ ვიცით“, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი, თუმცა ეს ამბავი გაუგონიათ თავიანთი წინაპრებისგან.
ის, რაც გადმოცემით გაუგონიათ, ამბობენ – ჩვენ ეს ამბავი ჭეშმარიტად ვიცით, ხოლო ვისი სასწაულებიც თავიანთი თვალით უნახავთ, და ღვთაებრივი, ზეციური სწავლება თვითონ გაუგიათ – უფლისგან, მას მატყუარას ეძახიან. (იოანე 7: 12). ხომ ხედავ, როგორ სიგიჟემდე (სისუსლელემდე) მიიყვანა ეს ხალხი მათმა სიბოროტემ იესოს მიმართ.

30. მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი. 31. ესე უწყი, რამეთუ ცოდვილისაჲ არა ისმინის ღმერთმან, არამედ უკუეთუ ვინმე არნ ღმრთის-მსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ, ამისი ისმინის ღმერთმან. 32. საუკუნითგან არასადა ისმა, ვითარმცა აღ-ვინმე-უხილნა თუალნი შობითგან ბრმისანი. 33. უკუეთუმცა არა იყო ესე ღმრთისაგან, ვერმცა რას შემძლებელ იყო საქმედ.

მიუგო კაცმა ღა უთხრა მათ: „საკვირველი სწორედ ისაა, რომ თქვენ არ იცით, საიდანაა იგი, მან კი თვალები ამიხილა. ჩვენ კი ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი. არამედ, ვინც ღვთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს (იგავ. 15:29. ეს. 1:15. მიქ. 3:4). საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმად დაბადებულისთვის თვალები აეხილოს (ეს. 42.7). ეს რომ ღვთისაგან არ ყოფილიყო, ვერაფერს გახდებოდა.

განკურნებული ბრმა ეუბნება იუდეველებს: თქვენ უარჰყოფთ ჩემს განმკურნებელს იმის გამო, თითქოს არ იცოდეთ, საიდანაა იგი. ხოლო მე კი გეუბნებით, რომ მისი საქმეები გაკვირვებას იწვევს, რადგან იგი არ არის თქვენი რიგებიდან და თქვენგან განდიდებული ადამიანების წრიდან გამოსული თუ დააკვირდებით მის მიერ გაკეთებულ საქმეებს, სრულიად ნათლად დაინახავთ, რომ იესო არ საჭიროებს ადამიანებისგან დახმარებას, რადგან მის მიერ აღსრულებული საქმეები მოწმობს, რომ მას გააჩნია ზებუნებრივი დიდი ძალა, ღვთაებრივი ძალა!
ბრმა კაცი ახსენებს ზოგიერთ ფარისეველს იმ ნათქვამს, რასაც ისინი ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ ადამიანს ასეთი დიდი სასწაულების გაკეთება! ამ ნათქვამისთვის განკურნებული კაცი მათ ასამართლებს და თან ახსენებს მათ მიერ ნათქვამ სიტყვებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს, მხოლოდ მათ უსმენს და უსრულებს კეთილ თხოვნებს და პატივს მიაგებს, ვინც აღასრულებს ღმერთის ნებას! „უკუეთუ ვინმე არნ ღმრთის-მსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ“.
შემდგომ, მორჩენილი ბრმა კაცი სრული გონიერებით აგრძელებს თამამად ქრისტეს მიერ მოხდენილი უდიდესი სასწაულის განდიდებას მის საკუთარ თავზე და ეუბნება იესოს მტრებს, რომ იგი რომ არ იყოს ღმერთისგან გამოგზავნილი, საუკუნის განმავლობაში ასეთ დიდ სასწაულს ვერავინ ვერ მოახდენდა.
ჩემს თვალებზე მოხდენილი უდიდესი სასწაული “ ეს არ გაგონილი ამბავია. მაშ, უეჭველია, რომ ამ სასწაულის მომხდენი - ჩვეულებრივ ადამიანზე უფრო დიდი ვინმეა!
ზოგიერთი იკითხავს: რას ნიშნავს - ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს? უფალი ხომ კაცთმოყვარეა. ამას ასე ავხსნით: ამ გამოთქმით ის აზრი იგულისხმება, რომ უფალი ცოდვილებს არ აძლევს ისეთ ძალას, რომ მათ სასწაულები მოახდინონ, რამეთუ უფლის სული ვერ დამკვიდრდება ისეთ სხეულში, რომელშიც ცოდვები ბუდობს.
ხოლო მათ კი, რომლებიც გულწრფელად ითხოვენ ღმერთისგან ცოდვების მოტევებას, უფალი მათ, როგორც ცოდვილებს კი აღარ უსმენს, არამედ – როგორც მონანულებს!
დააკვირდი ამ გამოთქმას: „უკეთუ ვინმე არნ ღმრთის მსახურ“ და თან ამატებს – „და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ“. ეს იმას ნიშნავს. რომ ღმერთს ბევრი ადამიანი სცემს თაყვანს, მაგრამ მის ნებას არ აღასრულებს, ეს ორივე ერთად უნდა იყოს საქმით შესრულებული, სხვანაირად – რწმენა და საქმეები, ან როგორც წმ. მოციქული პავლე ამბობს – რწმენა და კეთილი სინდისი ერთად (I ტიმოთე 1: 2), ე. ი. ჭვრეტა და საქმიანობა. რამეთუ ღმერთის რწმენა მაშინაა ცოცხალი, როცა მას ახლავს საქმეები, რომლებიც უფალს ადიდებს.
ასევე, შეიძლება ვთქვათ, რომ საქმეები მაშინ არის ცოცხალი, როცა მას ერთვის ღმერთის რწმენა, რადგან ესენი, ცალ-ცალკე აღებული, ორივე მკვდარია: „სარწმუნოება – საქმეების გარეშე მკვდარია“ (იაკ. 2: 26), და ასევე – საქმეებიც რწმენის გარეშე მკვდარია.
გთხოვ, დააკვირდი, რამხელა სითამამეს და უშიშრობას აძლევს ჭეშმარიტება მათხოვარს (მწირს), რომელიც არაფრით არ არის გამორჩეული სხვა ადამიანებისგან, როგორ თამამად ქადაგებს იგი იესოს შესახებ იუდეველებში დიდ და სახელგანთქმულ ადამიანთა შორის და როგორ ამხილებს მათ!

34. მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვათა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად და შენ გუასწავებ ჩუენ? და განჴადეს იგი გარე. 35. ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძე ღმრთისაჲ? 36. მან მიუგო და ჰრქუა: ვინ არს იგი, უფალო, რაჲთა მრწმენეს იგი? 37. ჰრქუა მას იესუ: იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს. 38. ხოლო მან ჰრქუა მას: მრწამს, უფალო, და თაყუანის-სცა მას.

მიუგეს მას: „შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?“ და გარეთ გამოაგდეს იგი. განკურნებულს სწამს ძე ღვთისა. იესომ გაიგო, რომ გარეთ გამოაგდეს იგი, მონახა და უთხრა მას: „შენ გწამს კაცის ძე?“ მიუგო მან და უთხრა: “ვინაა იგი, უფალო, რომ ვიწამო?“ იესომ უთხრა: „შენ გინახავს იგი და, ვინც შენ გელაპარაკება ისაა“. მან მიუგო: „მე მწამს, უფალო“, და თაყუანის-სცა მას.

იქამდე, სანამ ფარისევლებს ჰქონდათ იმედი, რომ ბრმა მათ სასარგებლოდ ილაპარაკებდა, ეძახდნენ მას და ეკითხებოდნენ მრავალჯერ, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ ამ ადამიანს სხვა აზრები ჰქონდა, ვიდრე მათ, და იგი ჭეშმარიტებისკენ იყო მოწოდებული, მათ დაიწყეს უსინათლოს დამცირება, როგორც ცოდვებში დაბადებულისა.
როგორც სიცრუის შვილები, განკურნებულ ბრმას, როგორც ჭეშმარიტების მაღიარებელს (აღმსარებელს), აძევებენ ტაძრიდან, მაგრამ ამ გაგდებამ მას სიკეთე მოუტანა. როცა ფარისევლებმა ბრმა გააგდეს, უფალმა იგი მაშინვე მოძებნა. იგი დაამცირეს და შეურაცყვეს იმის გამო, რომ მან ქრისტეს სასარგებლოდ (დასაცავად) ხმა აიმაღლა, ხოლო ბრმა კი ღირსი გახდა შეეცნო – ძე ღვთისა!
იესომ იპოვა იგი, როგორც ბრძოლისგან ძალაგამოცლილი, მაგრამ დაჯილდოვებული გმირი. რას ეუბნება იგი თვალახელი ბრმა კაცს? – გწამს შენ ძე ღვთისა? უწინ, უსინათლოს არ ენახა იგი, ვერც თავისი განკურნების შემდეგ ვერ იხილა უფალი, რადგან იუდეველებმა, როგორც უბოროტესმა ძაღლებმა, აქეთ-იქით ათრიეს იგი.
ეხლა კი იესო იმისთვის ეკითხება მას ასე, რომ თავის თავზე მიანიშნოს მას. ამასთან ერთად უფალს სურს თვალახელილს მიანიშნოს, რომ იგი მის რწმენას დიდ პატივს სცემს.
– უფალო, ვინ არის ძე ღვთისა? – სიყვარულით ეკითხება იგი.
იესო უპასუხებს: იგი ისაა, ვინც შენ იხილე და ეხლა ვინც შენ გელაპარაკება! ბრმა მაშინვე იღებს მის რწმენას და საქმით უმტკიცებს იესოს თავის ჭეშმარიტ და მხურვალე რწმენას მის მიმართ: თაყვანს სცემს მას, როგორც ღმერთს და სიტყვითაც განადიდებს მას, როგორც ღმერთს, რამეთუ რჯულით მოცემულია, მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს ვცეთ თაყვანი. (II რჯ. 6: 13).
გთხოვ, დააკვირდე, რომ სასწაული მოხდა სულიერადაც. ყოველი ადამიანი დაბადებიდან ბრმაა, როგორც ვიცით. ნაწილობრივ ბრმა იყო წარმართი ხალხიც. ეს ბრმაც, ე. ი. ყოველი ადამიანი, კერძოდ, წარმართებიც, იესომ – „დაინახა“.
რადგან, სიბრმავის გამო ადამიანს არ შეეძლო თავისი შემოქმედის დანახვა, ამიტომ თვითონ მან, კაცთმოყვარემ, მოგვინახულა ჩვენ (ლუკა 1: 78). როგორ დაგვინახა? გამოგვეცხადა დედამიწაზე, გარდამოხდა რა ზეციდან და მოჰხედა ადამიანს თავისი მოწყალებით (ფს. 13:2, 2:3). უფალი მოვიდა ისრაელის დაღუპულ ცხვრებთან (მათე 15:24), ხოლო შემდეგ თითქოს უცაბედად, მოხედა წარმართებსაც, რომლებიც უცოდინარობის სიბნელეში იყვნენ.
უფალი როგორ კურნავს სიბრმავეს? მიწაზე დაანერწყვებს და მიწისგან მოზელს თიხას.
შეჩერდება კი კურნება რწმენაზე? არა, რადგანაც უნდა წავიდეთ სილოამზე, რომელიც არის წყარო ნათლობისთვის (ან ნათლობისა) და მოვინათლოთ ქრისტეში. რამეთუ ყოველი ჩვენგანი (მართლმადიდებელი), რომლებმაც მივიღეთ სულიერი ნათლობა, ქრისტეში ვართ მონათლულები. ხოლო ისინი, ვინც მიიღეს ნათლობა, ამ დიდი საიდუმლოს შემდეგ სხვადასხვა განსაცდელში ჩავარდებიან. შესაძლებელია, ქრისტეს სახელისთვის ამ ადამიანებს მოუწიოთ წარდგომა მეფეთა და მთავართა წინაშე (ლუკა, თ. 21, I2).
ამიტომაც უნდა ვიყოთ მტკიცენი და შეუდრეკელად ვიდგეთ მართალ აღმსარებლობაში. შიშის გამო არ უნდა განუდგეთ ღმერთს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, მისი სახელისთვის შეიძლება სინაგოგიდანაც მოგვკვეთონ, როგორც ნათქვამია: „მაშინ მიეცნენ თქუენ ჭირსა და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათვის, და კრებულისაგან განგასხნენ თქუენ” (მათე 24:9 იოანე 16:2).
თუკი ჭეშმარიტების მოძულე ადამიანები გამოაგდებენ აღმსარებელს და ყოველივე ძვირფასს წაართმევენ მას (განაშორებენ), მაშინ იპოვის (მოიძიებს) მას იესო და ქრისტეს სახელის ეს აღმსარებელი, შეურაცხყოფილი მტრებისგან, განსაკუთრებით იქნება ქრისტესგან პატივცემული, რადგან მას მიეცემა. უფლის ჭეშმარიტი რწმენა.
რამეთუ მაშინ განსაკუთრებულად თაყვანს სცემენ ქრისტეს, როგორც ხორციელად ხილულ ადამიანს და ასევე, როგორც ჭეშმარიტი ღმერთის ძეს! (ან ძე ღვთისას).
როდესაც ყოფილმა უსინათლომ ჰკითხა იესოს: ვინაა ძე ღვთისა, რომელიც მე უნდა მწამდეს? უფალმა უპასუხა მე ის ვარ, რომელიც გინახავს და რომელიც ეხლა შენ გელაპარაკება

39. და თქუა იესუ: სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რაჲთა რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ; და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ. 40. ესმა ესე ფარისეველთაგანთა, რომელნი იყვნეს მის თანა, და ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა? 41. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმანი იყვენით, ცოდვაჲმცა არა გაქუნდა; ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან.

უთხრა იესომ: „განსასჯელად მოვედი ამ წუთისოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი აბრმავდნენ.“ (მათე 11:25. 2კორ. 3:14). მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა გაიგონა ეს და უთხრა მას: „ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?“ უთხრა მათ იესომ: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ. მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოდვა რჩება.“

უფალმა დაინახა, რომ მისი მოხდენილი სასწ აულიდან ფარისევლებმა სარგებლის მიღების მაგივრად ზიანი მიიღეს, რის გამოც ისინი უფრო მეტი განკითხვის და სასჯელის ღირსნი გახდნენ. უფალი მათ ეუბნება;– როგორც საქმიდან ჩანს, მე მოვსულვარ გასამართლებისთვის და უფრო მეტი სასჯელისთვის, რათა ბრმებმა დაინახონ და თვალხილულებმა, როგორებიც არიან ფარისევლები, დაკარგონ თვალის სინათლე და დაბრმავდნენ სულიერად. აი, დაბადებიდან ბრმა – ხედავს ხორციელადაც და სულიერადაც. ხოლო ვინც თავის თავს თვალხილულად თვლის, დაბრმავდა გონებით.
აქ უფალი ლაპარაკობს ორმხრივი მხედველობისა და ორმხრივი სიბრმავის შესახებ. ფარისევლებმა იფიქრეს, რომ იესო ელაპარაკება მათ გრძნობათა (გრძნობიერ) სიბრმავეზე და შეეკითხნენ: – ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ? მათ რცხვენოდათ მხოლოდ ხორციელი სიბრმავის.
ხოლო უფალს სურდა მიეხვედრებინა ისინი, რომ უმჯობესია იყო ხორციელად ბრმა, ვიდრე იყო – ურწმუნო, რადგანაც ხორციელად ბრმა ადამიანი არ სცოდავს! თუ თქვენ დაბადებიდან იქნებოდით უსინათლონი, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა მიგეღოთ პატიება ურწმუნოებისა გამო, რითაც თქვენ ამჟამად ხართ დაავადებული. მაგრამ ახლა ამბობთ, რომ ხედავთ ხორციელად და მიუხედავად იმისა, რომ თვითმხილველები ხართ ბრმის განკურნების სასწაულისა, ისევ ურწმუნობაში რჩებით (ურწმ. ხართ), რის გამოც არა ხართ ღირსნი პატიების.
თქვენი ცოდვას - ეუბნება იესო, – მიუტევებელია, და უფრო მეტად იქნებით დასჯილნი (დასჯილები), რადგანაც ღმერთის რწმენაზე არ მოექეცით, იხილეთ რა სასწაულები ღმერთისა!
შეიძლება ასეც გავიგოთ ეს სიტყვები: – თქვენ რომ ბრმები ყოფილიყავით, მაშინ ცოდვაც არ გექნებოდათ.
თქვენ კითხულობთ ხორციელ სიბრმავეზე, რომლისაც გრცხვენიათ. ხოლო მე კი გეუბნებით თქვენს სულიერ სიბრმავეზე. თქვენ რომ არ იცოდეთ (არ გესმოდეთ) წმ. წერილი, მაშინ ასეთი მძიმე ცოდვაც არ გექნებოდათ, რადგანაც შესცოდავდით უცოდინარობის გამო.
ხოლო ეხლა კი, ამბობთ, რომ ხედავთ და თავს ასაღებთ რჯულის კარგ მცოდნეებად, ამის გამო თვითონვე ასამართლებთ თქვენს (საკუთარ) თავს, რადგანაც სცოდავთ შეგნებულად და უფრო მეტი ცოდვა გაქვთ.

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21