ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
იოანეს სახარების განმარტება

 

თავი მეცამეტე

 

1. და უწინარეს დღესასწაულისა მის პასექისა იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი.

პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ მოაწია მისმა ჟამმა, რათა გასულიყო ამ ქვეყნიდან მამამისთან მისასვლელად, ვინაიდან შეიყვარა თავისიანები, რომლებიც იყვნენ ამ ქვეყნად, და შეიყვარა ისინი აღსასრულამდე.

უფალმა ქრისტემ თავისი სიკვდილის (გარდაცვალების) დრო იცოდა ყველა საუკუნეზე წინ, ხოლო როცა ეს ჟამი დადგა, მან აღასრულა თავისი მოწაფეების მიმართ საქმე, რომელიც აღსავსე იყო იესოს დიდი სიყვარულითა და კაცთმოყვარებით – მათ მიმართ; რამეთუ უფალს მალე ისინი უნდა დაეტოვებინა ფიზიკურად და ამის გამო იგი ავლენს თავის დიდ სიყვარულს – მათ მიმართ: „და შეიყვარა ისინი აღსასრულამდე.“
იესო, თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად, ფეხებს ბანს თავის მოწაფეებს, რათა ამით ანუგეშოს ისინი და დააიმედოს მის მიმართ, რამეთუ იცის უფალმა წინდაწინ, რამდენი განსაცდელის და ტანჯვის გადატანა მოუწევს მათ მის გარეშე, მაგრამ უფალს უნდა რომ იცოდნენ მათ, თუ როგორ უყვარს იესოს ისინი: თუკი მან თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა, ნუთუ ის რაიმე განსაცდელში მიატოვებს თავის მოწაფეებს და არ დაეხმარება? რასაკვირველია, არ მიატოვებს.
მახარებელი „გასვლას“ უწოდებს ქრისტეს სიკვდილს – მისი აღდგომის ან შემდგომ ამაღლებისა გამო.
უფალი თავისიანებს უწოდებს მოწაფეებს, თუმცა, ყველა ადამიანი მის მიმართ, როგორც შემოქმედის მიმართ, თავისიანია, რადგან მან, როგორც ღმერთმა-შემოქმედმა და გამჩენმა, გააჩინა (შექმნა) ყველა ადამიანი, აი, რატომაა ნათქვამი: ,„თავისიანებთან“ მოვიდა და „თავისიანებმა იგი არ შეიწყნარეს“ (იოანე 1, 11); მაგრამ წმინდანები „მისიანები (მისნი) არიან იმიტომ, რომ იესოსთან ძალიან ახლოს არიან, აქაც, უფალი თავისიანებს უწოდებს მოწაფეებს, თან ამატებს „რომელნიც იყვნენ ამ ქვეყნად“; რამეთუ „მისიანები“ ჰყავს უფალს იქაც, მეორე ქვეყანაში – მაგ. აბრაამი, პატრიარქები, რომლებიც ამ წუთისოფლიდან გადავიდნენ (გადასახლდნენ) მეორე ქვეყანაში.
ესენი კი, თავისიანები, ვინც ამ ქვეყნად, ამ წუთისოფელში იყვნენ იესოს გვერდით, ე. ი. მოწაფეები. უფალმა აღსასრულამდე შეიყვარა და გამოავლინა მათ მიმართ განსრულებული სიყვარული.

2. და ვითარცა სერობაჲ იგი იყო, და ეშმაკი შესრულ იყო გულსა იუდაჲსსა, სიმონ ისკარიოტელისასა, რაჲთა განსცეს იგი. 3. იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მას მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს. 4. აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი. 5. და მოიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერჴთა მოწაფეთა თჳსთა და წარჰჴოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა.

სერობის ჟამს, როცა ეშმაკს უკვე ჩაენერგა სიმონის იუდას, ისკარიოტელის გულში მისი გაცემა, იესო, რომელმაც იცოდა, რომ მამამ ყველაფერი ხელთ მისცა და ღმრთისგან გამოსული ღმრთისკენვე მიდის, წამოდგა სერობიდან, მოიძრო მოსასხამი, აიღო პირსახოცი და წელზე მოირტყა. მერე საბანელში ჩაასხა წყალი და შეუდგა მოწაფეთა ფეხების ბანას და პირსახოცით შემშრალებას, წელზე რომ ერტყა.

მახარებელი იოანე გაკვირვებულია იმით, რომ ქრისტემ გადაწყვიტა ფეხები დაებანა მისი გამცემი იუდასთვისაც, იგი ამბობს: „როცა ეშმაკს უკვე ჩაენერგა სიმონის იუდას გულში მისი გაცემა”. თავისი ასეთი მოქმედებით უფალი ზრუნავს გამცემის გამოსწორებაზე.
სიტყვები – „და სერობის ჟამს” მახარებელმა უმიზნოდ არ თქვა (არ ჩაურთო), ამით უნდა გვიჩვენოს იუდას არაადამიანურობა, რადგანაც უფალთან ერთად ისიც ესწრებოდა სერობას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამანაც კეთილი გავლენა ვერ იქონია მასზე.
„იესო, რომელმაც იცოდა, რომ მამამ ყველაფერი ხელთ მისცა მას“, ეს ნიშნავს, რომ უფალს ჩააბარა მამამისმა მორწმუნეების ცხოვნების საქმე. იმისთვის, რომ გონიერებაზე და სიმდაბლეზე მოეწოდებინა მოწაფეებისთვის, იესო ფეხს ბანს მათ და თავს იმდაბლებს, ამით ის მისაბაძ მაგალითს აძლევს თავისიანებს, მიუხედავად იმისა რომ იგი არის ძე ღვთისა და ყოველთა მეუფე! ეს კი იმას ნიშნავს, რომ იესო „ღმერთისგან გამოვიდა“, ე. ი. მამის არსებიდან და კვლავ „ღმერთისკენ მიდის”. ამიტომ უფლის დიდება ისეთი უდიდესია, რომ მოწაფეების ფეხის დაბანით ვერ დაკნინდება მისი დიდება.
გთხოვ, დაუკვირდე, თუკი სიმდაბლე ნიშნავს იმას, რომ ღმერთისგან გამოხვიდე და ღმერთთან მიხვიდე, მაშინ ამპარტავნება ყოფილა მათი საქმე, ვინც ეშმაკისგან გამოდის და ისევ მათთან მიდის.
დააკვირდი უფლის სიმდაბლის აღმატებულ ხარისხს: სერობამდე კი არ ბანს ფეხს, არამედ, როცა ყველა ისვენებდა, მხოლოდ უფალი ადგა, გვერდზე გადადო მოსასხამი, აიღო პირსახოცი და წელზე გაიკეთა. ასეთი საქციელით ჩვენ გვაძლევს მაგალითს, თუ როგორ შეუბრკოლებლად და თავისუფლად უნდა ვემსახუროთ სხვებს (მოყვასს). თან დავაკვირდეთ იმასაც, რომ იესო სხვას კი არ უბრძანებს, (სხვას კი არ ავალებს) რამე გააკეთოს, არამედ თვითონ ბანს ფეხს და უმშრალებს, წყალიც თვითონ მოაქვს.
უფლის ასეთი საქციელი არის ყოველი ჩვენგანისთვის მისაბაძი მაგალითიც და კანონიც, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყოველი საქმე სხვის მიმართ ვაკეთოთ გულმოდგინედ, სიყვარულით – მთავარია, ჩვენ თვითონ, და არა სხვებს დავავალოთ, როგორც ბევრი ადამიანი აკეთებს.

6. და მოვიდა სიმონ-პეტრესა. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა? 7. მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად.

მივიდა სიმონ-პეტრესთან, და უთხრა პეტრემ: უფალო, შენა მბან ფეხებს? მიუგო იესომ და უთხრა მას: რასაც ვაკეთებ, ჯერ არ იცი, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებ.

მართალია, პეტრეს ეკავა (ეჭირა) პირველი (უპირატესი) ადგილი მოწაფეებს შორის, მაგრამ უფალი მას არ ბანს პირველს ფეხებს; აბა, ვინ იყო ის პირველი მოწაფე, რომელსაც ფეხები დაბან უფალმა? ნეტავ, იუდა ხომ არ იყო?
სწერია: „დაიწყო მოწაფეებისთვის ფეხების ბანა და შემშრალება“, ხოლო შემდეგ – „მივიდა სიმონ-პეტრესთან”; აქედან ჩანს, რომ პეტრეს, პირველს, არ დაბანეს ფეხი. მოწაფეთაგან არავის არ შეეძლო, გარდა იუდასი, რომელიც იყო თავხედი, რომ გაებედა და ეთხოვა უფლისთვის პეტრეზე წინ (უწინ) ფეხის დაბანა.
საფიქრებელია, რომ უფალმა პირველს – იუდას დაბანა ფეხი, ხოლო შემდეგ – პეტრეს. სხვა მოწაფეები კი არ შეეწინააღმდეგენ უფალს და კრძალვით მიიღეს მისგან ეს უდიდესი პატივი.
ჩაუკვირდი, რამხელა ძალა აქვს მოც. პეტრეს სიტყვებს: „უფალო, შენ მბან ფეხებს?“ ეს ასე შეიძლება განვმარტოთ: უფალო, ნუთუ ჩემი ფეხები, რომელიც ყველაზე უკანასკნელ, უღირს სხეულის ნაწილად ითვლება, იმ ხელებით უნდა დაბანო, რომლითაც კეთროვნებს კურნავდი, მკვდრებს აცოცხლებდი, უსინათლოებს თვალებს უხელდი და მხედველობას უბრუნებდი?
რას ეუბნება უფალი პეტრეს: – მე ეხლა რასაც ვაკეთებ, შენ ეს არ გესმის. ეს ჩემი საქმე დამყარებულია (დაფუძნებულია) ღრმა სიმდაბლეზე, რომელსაც თქვენც გასწავლით. მაგრამ მის შემდეგ, რაც ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნი, როცა იხილავ ჩემს ამაღლებას ზეცად, როდესაც სული წმიდით გაიგებ, რომ მე მამის მარჯვნივ ვზივარ, მხოლოდ მაშინ მიხვდები, რომ ის, რომელმაც თავი ისე დავიმდაბლე, რომ ფეხები დაგბანე, ისევ ის გაძლევს შენ დიდ ძალას, რათა სძლიო ბოროტ სულებს.
ჩაინერგე სიმდაბლე, რომელიც უფრო მეტად ამაღლებს ადამიანს, ვიდრე – ამცირებს.

8. ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერჴნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა. 9. ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ნუ ხოლო ფერჴნი ჩემნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა ჩემი.

უთხრა მას პეტრემ: არ დამბან ფეხებს უკუნისამდე. მიუგო მას იესომ: თუკი არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი. უთხრა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, მარტო ფეხებს კი არა, არამედ ხელებსაც და თავსაც.

პეტრე მოციქული დიდ პატივს სცემდა თავის მასწავლებელს და უდიდესი მოკრძალებაც გააჩნდა (ჰქონდა) მის მიმართ, ამის გამო, უფლისგან იგი არ იღებს ასეთ მსახურებას. თუმცა, სხვა შემთხვევაში, პეტრემ უკვე მიიღო უფლისგან შენიშვნა (მათე 16, 22), მაგრამ ეს საქმე (ფეხთ ბანვა) ძალიან სერიოზულია, პეტრე იესოს ეწინააღმდეგება, არ აძლევს უფლებას, მაგრამ იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ქრისტეს შეუძლია ამჟამად პეტრეს მეტად გაუწყრეს, უფრო მკაცრი შემჩნევაც მისცეს, როგორც ჯიუტ და ურჩ მოწაფეს!
როგორ მოიქცა უფალი? იგი არ ეუბნება პეტრეს ასე: მე იმიტომ გბან ფეხებს, რომ ამით მინდა სიმდაბლე გასწავლო; უფალი სხვაგვარად ეუბნება ისეთ სიტყვებს. რომ ქრისტეს სიტყვების მადლით მოლბეს პეტრეს გული და მისი ურჩობა და წინააღმდეგობა დაცხრეს: „თუკი არ დაგბან, ეუბნება უფალი. ჩემთან არ გექნება წილი”.
რადგანაც, ქრისტეს სხვა მოწაფეებთან შედარებით, პეტრეს ყველაზე მეტად უნდოდა უფალთან ერთად ყოფნა, იესოს ეს სიტყვები შეძრავს მის სულს. გაიგონა იესოსგან ასეთი საშინელი მუქარა, პეტრე თანახმაა, არა მარტო ფეხები, არამედ ხელებიც და თავიც დაბანოს უფალმა მას.
ორივე შემთხვევაში პეტრე ხელმძღვანელობს (მოქმედებს) სიყვარულით: იმიტომ ეწინააღმდეგება იგი უფალს, რომ ძალიან დიდ პატივს სცემს მას; ხოლო, შემდეგ, იმიტომ ეთანხმება იესოს რომ არ უნდა პეტრეს მასთან განშორება.

10. ჰრქუა მას იესუ: განბანილსა მას არა უჴმს, გარნა ფერჴნი ხოლო დაბანად, რამეთუ ყოვლად წმიდა არს იგი, და თქუენცა წმიდა ხართ, არამედ არა ყოველნი. 11. რამეთუ იცოდა იესუ მიმცემელი იგი. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: არა ყოველნი წმიდა ხართ.

უთხრა მას იესომ: განბანილს არაფერი სჭირდება, ფეხების დაბანის გარდა, ვინაიდან სულ მთლად სუფთაა, და თქვენც სუფთანი ხართ, მაგრამ ყველანი არა. ვინაიდან იცნობდა თავის გამცემს. ამიტომაც თქვა: ყველანი როდი ხართ სუფთანიო.

ამ ნათქვამით უფალი ამხილებს თავის გამცემს (იუდას), რომ იგი საჭიროებს განბანას (განწმენდას) ცბიერი და მზაკვარი აზრებისგან და მიუთითებს მას, რომ შეიცვალოს თავისი გადაწყვეტილება.
– თქვენ, ეუბნება იესო სხვა მოწაფეებს, სუფთანი ხართ, არგჭირდებათ (არ საჭიროებთ) განბანა, ხოლო თქვენგან ერთ-ერთი კი არაწმინდაა და საჭიროა მისთვის განბანა.
ბევრი ადამიანი კითხულობს: რატომ უთხრა უფალმა თავის მოციქულებს: „თქვენც სუფთანი ხართ“, როცა მათ ჯერ არ ჰქონდათ მადლი სული წმიდის მიღებული, და ცოდვებისგან არ იყვნენ განთავისუფლებულნი? ჯერ წყევლა არ იყო მოხსნილი და ჩვენი მხსნელი, ტარიგი, ჯერ არ იყო ჯვარცმული?
რა აზრით იყვენენ მოციქულები წმინდები? მართალია, ისინი ჯერ კიდევ სრულიად არ იყვნენ ცოდვებისგან განწმენდილნი, მაგრამ ისინი განიწმინდნენ უფლის იმ სიტყვით, რომელიც იესომ მათ უქადაგა (იოანე 15, 3), რადგანაც უფლისგან მათ მიიღეს ნათელი, რითიც განთავისუფლდნენ იუდეური (ებრაული) ცთომილებისგან.
მომისმინე, ესაია როგორ გვასწავლის განბანვას: ,„განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა“ (ესაია 1, 16).
ამიტომაც, უფალი თავის მოწაფეებს სამართლიანად უწოდებს სუფთას (წმინდას) და განბანილს, რადგანაც ისინი ქრისტეს გვერდით იყვნენ (იმყოფებოდნენ) უბრალოებით და უბოროტოდ.
რატომ დაბანა უფალმა ფეხები თავის მოწაფეებს, განა იმიტომ, რომ მათ ჭუჭყიანი ჰქონდათ? არა, არამედ იმისთვის, რომ მოემზადებინა ისინი სახარების ქადაგებისთვის, როგორც ამას ამბობს ესაია: „რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები, მშვიდობის გამომცხადებლის!“ (ესაია 52, 7). ე. ი. ეს შეიძლება ასე ავხსნათ: უფლისგან მისი მოწაფეების ფერხთ ბანვა აიხსნება იმით, რომ იესო მათ აგზავნის სახარების საქადაგებლად, და რაც გადაეცათ ქრისტესგან სიწმინდე და სწავლება, რომ სხვებს გადასცენ და ასწავლონ.
გთხოვ, დააკვირდე შემდეგ რამეს: სერობა მაშინაც იყო და ეხლაც ხდება, როცა საღვთო წირვაზე (ლიტურგია) ხდება გარდაქმნა ქრისტეს სისხლად და ხორცად. ამ დროს ჩვენ რა გვევალება? ყოველ ჩვენგანს, მართლმადიდებელს, ვინც ვირწმუნეთ ქრისტე. გულში გვაქვს ღვთის სიტყვა და ქადაგება სახარებისა, რადგან ჩვენ გულში ქრისტე გვყავს მიღებული (დამკვიდრებული). მაგრამ ამ ღვთაებირივ საღამოზე ჩვენ უნდა აღვადგინოთ უფლის სიტყვა და განვწმინდოთ იგი ვერცხლისმოყვარეობისგან, პატივმოყვარეობისგან, შურისგან და სხვა დანარჩენი ვნებებისგან, რომლებიც ჩვენში მყოფ უფლის სიტყვას ამძიმებენ. მაშასადამე, როცა სიტყვა აღსდგება, ვნებები უნდა მოვიცილოთ, გვერდზე გადავდოთ, რათა ამ სიტყვამ, უკვე განწმენდილმა ვნებებისაგან და შემსუბუქებულმა, გაგვწმინდოს სინანულით. ეს სიტყვა განბანს ჩვენს აზრებს, რომლებიც სწავლობენ უფლისგან და მას მიჰყვებიან, ასევე განბანს ჩვენს ფეხებს, ე. ი. ჩვენს აქტიურ მოძრაობებს და საქციელებს.
ამგვარად, აღსარებით ჩვენ შეგვიძლია განვიბანოთ (ცოდვ), რათა ღირსეულად ვეზიაროთ სერობაზე, და არა ვჭამოთ და ვსვათ ჩვენს საზიანოდ (სასჯელად). (1 კორინთ. 11, 29).

12. და ოდეს დაჰბანნა ფერჴნი მათნი, მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და მერე ჰრქუა მათ: უწყითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ? 13. თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ. 14. უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერჴთა. 15. რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა, ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ. 16. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა, არცა მოციქული უფროჲს მომავლინებელისა თჳსისა.

ფეხები, რომ დაბანა მათ, აიღო თავისი მოსასხამი, კვლავ ინახად დაჯდა და უთხრა მათ: იცით, რა გიყავით? თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და სწორსაც ამბობთ, რადგანაც ვარ. ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ფეხებს ერთმანეთს. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის მბრძანებელზე უმეტესი, და არც მოციქული - თავის მომავლინებეღზე უპირატესი.

უფალი უკვე არა მარტო პეტრეს მიმართავს, არამედ ყველა მოწაფეს, რათა სიმდაბლეში მიჰბაძონ იესოს. მე თქვენ მოგეცით მაგალითი, რომ თქვენც ისევე დაბანოთ ერთმანეთს ფეხები, როგორც მე თქვენ, ე. ი. ერთმანეთს ყველაფერში უნდა დაეხმაროთ, უნდა ემსახუროთ გულმოდგინედ ერთმანეთს.
მოციქულებს უფალი ასე ასწავლის მათ საჭიროებისამებრ, რათა ერთმანეთის წინაშე არ იამპარტავნონ (არ იყვნენ ქედმაღლები), უფალი წმენდს მათ აზრებს; რამეთუ მონა არაა თავის ბატონზე დიდი, სანამ იგი მონაა. არც დესპანი (ელჩი) არაა თავის გამგზავნელზე მეტი, სანამ იგი დესპანია (მოციქულია) და სანამ წარგზავნილია, ხოლო როცა იგი გახდება უმეტესი, მაშინ არც მონა იქნება და არც დესპანი.

17. ესე თუ სცნათ, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ ამას. 18. არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ, რამეთუ მე გიცნი, რომელნი გამოგირჩიენ, არამედ რაჲთა წერილნი იგი აღესრულნენ: რომელი ჭამდა ჩემ თანა პურსა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი. 19. ამიერითგან გეტყჳ თქუენ ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს იყოს, გრწმენეს თქუენ, რამეთუ მე ვარ.

თუ ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუკი ასრულებთ ამას. ყველა თქვენგანზე როდი ვამბობ; მე ვიცი, ვინც ავირჩიე. მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემთან პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა თავისი ქუსლი. ახლა გეუბნებით, ვიდრე ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.

ამას უფალი ამბობს იმიტომ, რათა მას არ უთხრან ებრაელებმა: შენ ისე გვეუბნები ამას, თითქოს ჩვენ ეს არ ვიცოდეთ, რომ სიმდაბლე კარგი რამაა; ამიტომაც უფალი ეუბნება: – თუ თქვენ ეს იცით, კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, თქვენ ნეტარნი ხართ მაშინ, როცა ამას შეასრულებთ.
რამეთუ იუდეველებმაც იცოდნენ ღმერთის მცნებები, მაგრამ იმის გამო, რომ იცოდნენ და არ ასრულებდნენ, ნეტარნი კი არა, უბედურნი იყვნენ.
„ყოველი თქვენგანისათვის როდი ვამბობ; მე ვიცი, ვინც ავირჩიე“. ამ დაფარული სიტყვებით იესო მინიშნებით, ფარულად ამხილებს თავის გამცემს, მაგრამ პირდაპირ არ ეუბნება, რადგანაც უნდა (სურს) რომ მან მოინანიოს.
უფალი ამბობს: ვინც ჩემს პურს ჭამს და ჩემთან ერთად ტრაპეზს იყოფს ,,მან აღმართა ჩემზე თავისი ქუსლი“; ასე თქვა უფალმა და არა – იგი „გამცემს“ მე. იესოს ასეთი ნათქვამი ნიშნავს, რომ ჩემმა გამცემმა გამოიყენა ჩემს წინააღმდეგ მზაკვრობა და სიცბიერე.
ცოტა ხნის მერე ამბობს – „ყოველი თქვენგანისათვის როდი ვამბობ“, რადგან (რათა) სხვებს შიშის ზარი არ დაეცეთ (არ შეეშინდეთ).
როცა უფალი ამბობს: „ჩემთან ერთად პურის მჭამელმა“, ამით ის ხაზს უსვამს, რომ მისი გაცემა უნდა 12 მოციქულიდან მხოლოდ ერთს, იუდას.

20. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე შეიწყნაროს, რომელი მე მივავლინო, მე შემიწყნარებს; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნარებს მომავლინებელსა ჩემსა.

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც შეიწყნარებს ჩემს მიერ მოვლინებულს, მე შემიწყნარებს, ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.

რა კავშირშია უფლის ეს სიტყვები – მის წინა სიტყვებთან?
აქამდე ლაპარაკობდა თავის გამცემზე, ხოლო ახლა კი დაამატებს შემდეგს: „ვინც შეიწყნარებს ჩემს მიერ მოვლინებულს, მე შემიწყნარებს“. კავშირი ნამდვილად არის უფლის წინა ნათქვამსა და ამ სიტყვებს შორის: უფალი ეუბნება თავის მოწაფეებს, მას გასცემენ და იგი მიატოვებს (დატოვებს) მათ, რომ შემდგომში ისინი გაიფანტებიან და მრავალ განსაცდელს (გასაჭირს) გადაიტანენ. ამიტომ უფალი მათ ანუგეშებს 2 ხერხით (2 სახით): 1) ნუგეში თავისგან: იესო უჩვენებს მოწაფეებს, თუ რისი გადატანა მოუწევს მას პირადად,თუ როგორ დაბანა ფეხები და თავის ტრაპეზთან მიიპატიჟა (დასვა) თავისი მომავალი გამცემი (იუდა); თუ გაიხსენებთ ჩემს განსაცდელებს, თქვენი განსაცდელები არაფერი იქნება (იოლი გადასატანი) მასთან შედარებით, გაგიადვილდებათ გადატანა (მოთმენა) ე. ი. უფლის მოწაფეების ნუგეშისცემის ერთი ხერხია ეს: უფალი მათ აიმედებს იმით, თუ როგორ სულგრძელად და სიყვარულით მოექცა იესო თავის გამყიდველს (გამცემს), რათა მას მოენანიებინა და თვითონ ღვთის ძეს, რისი გადატანა მოუწევს.
მეორე ნუგეში ქრისტესგან – არის ის, რომ უფალი თავის მოციქულთათვის აღებს ყველა სახლის კარებს, რათა ყველა ვინც მათ მოუსმენს, მიიღონ მოციქულების ქადაგება და ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენა. ხომ ხედავ, როგორი კავშირია უფლის ამ სიტყვებსა – მის წინა სიტყვებს შორის?
უფალი მათ მიატოვებს (დატოვებს): მოწაფეებს მოუხდებათ მრავალი სატანჯველის და უბედურების გადატანა, მაგრამ მათ უნდა ინუგეშონ თავი იესოს პირადი მაგალითით, რამეთუ დაბანა თავისი გამცემი, მან კი – თავისი მასწავლებელი გასცა სასიკვდილოდ. მართალია, მის მოციქულებს მოუწევთ ქრისტეს სახელისთვის მრავალი ტანჯვის გადატანა, მაგრამ მათ ყველა მიიღებს და მოუსმენს, სადაც ისინი მივლენ: – ვინც თქვენ მიგიღებთ, ის – მე მღებულობს, ხოლო ჩემგან კი – მამა ღმერთს ღებულობს.
დააკვირდი კარგად, რამხელა ძალა აქვს უფლის ნუგეშს!
- თქვენ, ეუბნება იესო, ხალხი, როგორც ღმერთს, ისე მიგიღებთ, ამიტომ ნუ დამწუხრდებით მდევნელების სიბოროტისგან!

21. ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე. 22. ხედვიდეს უკუე ურთიერთას მოწაფენი და არა იცოდეს, ვისთჳს იტყოდა.

ეს რომ თქვა, შეიძრა იესო სულით, იმოწმა და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე. მოწაფეები ერთმანეთს მისჩერებოდნენ და ვერ გაეგოთ, ვისზე თქვა ეს.

უფალი შეძრწოუნდა სულით, რაც ნიშნავს დადარდიანდა და დაამოწმა, რაც ასევე მანიშნებელია იმისა, რომ იწინასწარმეტყველა და ადრევე განაცხადა, იმის შესახებ, რომ მისი 12 მოციქულიდან ერთ-ერთი მისი გამცემი იყო!
იესოს მოწაფეები გაოგნებულები იყვნენ ასეთი რამის გაგონებით და გაკვირვებულები ერთმანეთს უყურებდნენ. თითოეული მათგანი თავის თავს წმინდად თვლიდა ამ საკითხში, რადგან ასეთი (მსგავსი) აზრიც კი არ მოსვლიათ თავში (იუდას გარდა. რასაკვირველია). მაგრამ უფლის სიტყვა მათ ჭეშმარიტად მიაჩნდათ და ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქრისტეს ნათქვამი უეჭველად ახდებოდა (შესრულდებოდა), ამიტომ ისინი დამწუხრებულნი და დაბნეულნი იყვნენ.
იესოს სიტყვები – „ერთი თქვენგანი“, მოწაფეებს ასე ესმოდათ: „თქვენგან გასული ერთ-ერთი გამცემს მე, ე. ი. ვინც ჩვენ გამოგვაკლდა და ვინც იესოს გასცემს, იგი – „ეშმაკია“, ასე მსჯელობდნენ ქრისტეს მოწაფეები.

23. და იყო ერთი მოწაფეთა მისთაგანი მიყრდნობილ წიაღთა თანა იესუჲსთა, რომელი-იგი უყუარდა იესუს. 24. წამ-უყვნა მას სიმონ-პეტრე, რაჲთა ჰკითხოს, ვინ არს, რომლისათჳს იტყჳს? 25. ხოლო იგი მიეყრდნა მკერდსა იესუჲსსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს? 26. მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე დავაწო პური და მივსცე, იგი არს. და დააწყო პური იგი და მისცა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა.

ხოლო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, მკერდზე მიყრდნობოდა მას. სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზედაც ამას ამბობსო. ხოლო ის მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო, ვინ არის? იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს.

უფლის ყველა მოციქული მღელვარებაშია, თვითონ პეტრე მოციქულიც კი ძრწოლაშია, ხოლო იოანე – იესოს გულზეა მიყრდნობილი; თვითონ, თავის თავზე წერს წმ. იოანე – „რომელიც უყვარდა იესოს“, – რატომ დაწერა ასე?
იოანე უფალს გულზე მიეყრდნო 2 მიზეზის გამო: პირველ რიგში იმიტომ, რომ იესოს ყველაზე მეტად უყვარდა იგი და ამის გამო, სიყვარულის გამოსახატავად იოანე მას გულზე მიეყრდნო; მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ იოანეს თავისი მამაცობით და მხნეობით სურდა დაემტკიცებინა უფლისათვის, რომ იგი არ იყო მისი გამცემი. თავის თავზე წმიდა იოანე ამბობს, რომ იესოს იგი უყვარდა და ამის გამო, მისი გაურკვევლობა მალე გაიფანტა. ამას, ქრისტეს მოციქული ამპარტავნებით კი არ ამბობს, არამედ – სიმდაბლით. ასეთივე აზრებს გამოთქვამს წმ. მოციქული პავლეც: „ვესწრაფი, ხომ არ მივწვდები-მეთქი,როგორც მომწვდა მე ქრისტე იესო” (ფილიპ. 3:12), და ასევე, სხვა ადგილზეც: „ხოლო აწ, რაკი შეიმეცნეთ ღმერთი, ან უკეთ ღმერთისგან მიიღეთ შემეცნება” (გალატ. 4:9).
ისმის კითხვა: რატომ პეტრე თვითონ არ ეკითხება უფალს, ხოლო ნიშანს აძლევს – იოანეს? იმიტომ, რომ პეტრე, თავისი ხასიათით (ბუნებით) იყო გულმხურვალე და ამის გამო, ჰქონდა სწრაფი ხასიათი, უცბად იღებდა-ხოლმე გადაწყვეტილებებს, რაც მის მიმართ ხშირად იწვევდა იესოს შენიშვნებს (გაკიცხვას), ამიტომ ახლაც ერიდებოდა პეტრეს პირდაპირ დაესვა კითხვა უფლისთვის, რათა ამჯერადაც არ მიეღო შემჩნევა მისგან.
მეორე კითხვა იბადება: იოანე (ღვთისმეტყველი) მახარებელი რისთვის მიეყრდნო იესოს გულზე უზრდელად და ღვთისუშიშრად? იმიტომ, რომ იგი იყო მეთევზე და მისთვის არავის ესწავლებინა ღირსეული ადამიანების მიმართ ზრდილობიანი (მოკრძალებული) მოქცევა.
უფალი იოანეს აძლევს უფლებას, რომ მიეყრდნოს მას მკერდზე, რათა ამით სურს, რომ თავის მოწაფეს შეუმსუბუქოს მწუხარება, განსაცდელი და მისი სულიერი შფოთი დააცხროს, რამეთუ, ბუნებრივია, რომ მოწაფეების სახეზე იყო გამოხატული დიდი მწუხარება.
უფალს, პეტრეს დავალებით ეკითხება იოანე, თუ ვინ უნდა გასცეს იგი? იესო არ ეუბნება თავისი გამცემის სახელს, მაგრამ მიუთითებს პურის ლუკმაზე, რათა ამით სინანულზე მოაქციოს გამცემი და გაახსენოს, რომ მათ ერთად უჭამიათ ერთ საერთო მაგიდასთან (პური გაუყვიათ, და მას (იუდას) არ უნდა გაეცა თავისი გამომკვები (ანუ უფალი) და მის მიმართ საშინელი უსჯულოება არ უნდა ჩაედინა! მაგრამ, სამწუხაროდ, გამცემი, რომელიც იესოს გაცემის ვნებით (ცოდვით) იყო შეპყრობილი, ვერ მიხვდა ვერაფერს!
თუკი შენ გაქვს სურვილი, უფრო ახლოს იყო იესოსთან და მიეყრდნო მას გულზე, (როგორც იოანე) და ასევე, გაიგო მისგან (უფლისგან) საიდუმლოებები, ეცადე, მისი სიყვარული დაიმსახურო შენი სიკეთით და უბრალოებით! რამეთუ იოანე, სხვა მოციქულებთან შედარებით, უფრო მშვიდი და ურისხველი იყო, რის გამოც, უფალს იგი უყვარდა. ასევე შენც, თუ იქნები იოანესავით ურისხველი, ღირსი გახდები იესოს გულზე მიყრდნობის, რაც მანიშნებელია (ნიშანია) ღვთისმეტყველების ღირსებისა.

27. და შემდგომად მიღებისა იუდაჲსა პურისა მის შევიდა მისა ეშმაკი. და ჰრქუა მას იესუ: რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე. 28. ესე უკუე არავინ ცნა ინაჴით-მჯომარეთაგანმან იესუჲს თანა, რაჲსათჳს ჰრქუა მას. 29. რამეთუ რომელნიმე ჰგონებდეს: ვინაჲთგან გუადრუცი იგი იუდას აქუნდა, ვითარმედ ჰრქუა მას იესუ: იყიდე, რაჲ-იგი გჳჴმდეს დღესასწაულსა ამას, გინა თუ მიცემად რაჲმე გლახაკთა. 30. ხოლო მან მიიღო პური იგი და მეყსეულად განვიდა. და იყო ღამე.

ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე. მაგრამ ინახად მსხდომთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს. ვინაიდან ზოგიერთს ეგონა, რაკი ყულაბა იუდას ებარა, იესო ეუბნება მას: იყიდე, რაც სადღესასწაულოდ გვჭირდება, ან კიდევ გლახაკთა გასაკითხადო. ხოლო ის, ლუკმის მიღებისთანავე, გავიდა. და იყო ღამე.

უფალმა იუდას ლუკმა იმისთვის მიაწოდა, რომ მას სინდისის ხმა გაღვიძებოდა და თავი შეეკავებინა უფლის გაცემისაგან. მაგრამ იუდა ამით არ გახდა უკეთესი, არამედ პირიქით, იგი უფრო მეტად მიემხრო სატანას და სრულიად მისი მხარე დაიჭირა!
სანამ იუდა ითვლებოდა ქრისტეს მოწაფედ, სატანას არ შეეძლო მისთვის რაიმე ზიანის მიყენება, ხოლო როცა უფალმა იგი მოკვეთა (განკვეთა) თავისი მოწაფეების სიიდან (რიცხვიდან) და პურის ლუკმის მიწოდებით (ან პურის ლუკმით) გააცხადა მისი ფარული გადაწყვეტილება, მაშინ სატანამ იგი დაიპყრო (დაიმონა), რადგან იუდა აღმოჩნდა უფლისგან მიტოვებული.
„შევიდა მასში სატანა“, წერია, ე. ი. ბოროტმა სულმა დაიპყრო იუდას გული და სული. ბოროტი სული ადრე გარედან ესხმოდა თავს იუდას და ჩააგონებდა მას ვერცხლისმოყვარეობას, ხოლო ეხლა კი სრულიად დაიპყრო (დაიმონა) იგი და ჩააგონა უფლის გაცემა.
იესო ეუბნება იუდას: „რასაც აკეთებ, მალე გააკეთე“, ეს სიტყვები ისე კი არ უნდა გავიგოთ, თითქოს უფალი უბიძგებს იუდას მისი გამცემლობისკენ, არამედ, პირიქით, შენიშვნას აძლევს (საყვედურობს), რომ მას გადაუწყვეტია იესოს გაცემა.
თუკი უწინ (ადრე), იესო იუდას სიბოროტეს დააცხრობდა (მოთოკავდა), ეხლა ამას აღარ ცდილობდა, არამედ ეუბნება: „გააკეთე“, ეს სიტყვა ასე უნდა ავხსნათ: თითქოს უფალი ასე ეუბნება: მე გტოვებ შენ, რაც გინდა, გააკეთე, აღარ შეგაკავებ (ხელს აღარ შეგიშლი) შენს გადაწყვეტილებაში.
რას ნიშნავს – ,,მაგრამ ინახად მსხდომთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს?” (ინახად ჯდომა – ნიშნავს მხარ-თეძოზე წამოწოლას, ანუ დასვენებას) საინტერესოა, ამის გამოკვლევა, რატომ ვერცერთი მოწაფე (გარდა იუდასი) ვერ მიხვდა უფლის ნათქვამს გამცემის შესახებ, როცა იესომ მიუთითა, რომ მისი გამცემი იქნებოდა ის, ვისაც უფალი ჩაწებულ ლუკმას მიაწვდიდა.
უნდა ვიფიქროთ, რომ უფალმა ეს მხოლოდ იოანეს ( ღვთისმეტყველს) უთხრა ისე ჩუმად, რომ სხვას არავის არ გაუგონია. როცა იოანე უფალს მიეყრდნო მკერდზე, თითქმის ყურთან, ჩუმად შეეკითხა გამცემის ვინაობას. ეს რომ პეტრეს გაეგონა, შესაძლებელია, ეშიშვლა მახვილი და მოეკლა იუდა! ნუთუ იოანეც ვერ მიხვდა ვინაობას? ალბათ, იოანეც ვერ მიხვდა, რადგან მისთვის დაუშვებელი იყო იმის წარმოდგენა, თუ 12-დან რომელიმე მოწაფეს ასეთი საშინელი დანაშაულის ჩადენა მასწავლებლის მიმართ!
უფლის სიტყვები – „მალე გააკეთე“, ვერავინ მოციქულთაგანმა ვერ გაიგო, რას ნიშნავდა. მათ იფიქრეს, რომ იესო იუდას უბრძანებდა დღესასწაულის გამო რამე ეყიდა გლახაკებისთვის მისაცემად, რადგან უფალი ძალიან ზრუნავდა უქონელ, გაჭირვებულ ხალხზე.
„და იყო ღამე, როცა გავიდა“ – მახარებელი აღნიშნავს დროს – „ღამეს“, როცა იუდა გავიდა მაცხოვრისგან, მას უნდა (იოანეს) მიგვითითოს ჩვენ, რომ ღამესაც კი იუდა დროს არ კარგავს თავისი ბოროტი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად.
მე ვფიქრობ (წმ. თეოფილაქტე), რომ იუდა საღამოს გამოვიდა უფლისგან. ეს ის დრო იყო, როცა ეშმაკი შევიდა მის გულში. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ როგორც მათე მახარებელთანაა აღნიშნული (მათე 26:6-10), ქალმა როცა იესოს დაასხა (აპკურა) მირონი, ამ დროს იყო საღამოს 4 საათი; ეს ის დროა, როცა სატანა თავს დაესხა იუდას, იგი გამოვიდა შეკრების ადგილიდან და გაემართა იუდეველებთან, რათა თავისი მასწავლებელი გაეცა. „იყო ღამე”, ეს სიტყვები შეიძლება აზრობრივ სიბნელეს, ღამესაც აღნიშნავდეს, რომელმაც ვერცხლისმოყვარეობის ვნებით დააბნელა იუდა.

31. და ვითარცა განვიდა იუდა, თქუა იესუ: აწ იდიდა ძე კაცისაჲ, და ღმერთიცა იდიდა მის თანა. 32. უკუეთუ ღმერთი იდიდა მის თანა, ღმერთმანცა ადიდოს იგი თავისა თჳსისა თანა და მეყსეულად ადიდოს იგი.

როგორც კი გავიდა, იესომ თქუა იესუ: აწ იდიდა ძე კაცისა და ღმერთი იდიდა მის მიერ. ხოლო თუ ღმერთი იდიდა მის მიერ, ღმერთიც ადიდებს მას თავის მიერ, და ადიდებს მას მალე.

უფალი ამხნევებს თავის დამწუხრებულ მოწაფეებს, იგი ეუბნება: „აწ იდიდა ძე კაცისა“; იგი უმტკიცებს მათ, რომ კი არ დამწუხრდნენ, არამედ სიხარული მიიღონ, გაიხარონ, რადგან იესოს სახელი განდიდდა ჯვარზე აღსრულებული მისი ჯვარცმით და დიდი სასწაულებით, რომელიც ამ მოვლენას თან ახლდა: მზე დაბნელდა, ქვები დაიშალა, დაიფანტა, ფარდა გაიხა და სხვა სასწაულები.
რას ნიშნავს „ღმერთიც ადიდებს მას (თავის ძეს) თავის მიერ“? ეს ნიშნავს, რომ მამა თავისი თავისგან, და არა სხვა ძალისგან, განადიდებს თავის ძეს. „და ადიდებს მას მალე“. ეს ნიშნავს, რომ არ დააგვიანებს მამის დახმარება, თავის ძეს იგი განადიდებს ჯვარზე, 3 დღის შემდეგ მკვდრეთით აღადგენს, ხოლო 40 დღის მერე მოწაფეებს გამოუგზავნის წმიდა სულს.
ვნახოთ შემდეგი სიტყვების აზრი: „აწ იდიდა ძე კაცისა“, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, მე, ამბობს იესო, რომელიც სასწაულებს აღვასრულებდი, ჩემი დიდება ჩემზე არ შეჩერდა, არამედ ავიდა მამა უფალთან, ხოლო რადგან ჩემი დიდება – მამაჩემის დიდებაცაა, ამიტომ ნუ დამწუხრდებით; რადგან მამაჩემი კვლავ განმადიდებს მე, რათა თვითონაც იდიდებოდეს; მე და მამაჩემს ერთი დიდება გვაქვს!

33. შვილნო, მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ. და მეძიედეთ მე, და ვითარცა-იგი ვარქუ ჰურიათა, ვითარმედ: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად; და აწ თქუენ გეტყვ. 34. მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. 35. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას.

შვილებო, ცოტა ხანსღა ვარ თქვენთან; ძებნას დამიწყებთ, და რაც ვუთხარი იუდეველებს: სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ-მეთქი, იმასვე გეუბნებით თქვენც ახლა. ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის.

უფალი წინდაწინ უწინასწარმეტყველებს თავის მოწაფეებს, რომ ისინი მალე სატანჯველებში (განსაცდელებში) ჩავარდებიან. იესო მათ ამხნევებს და ამზადებს მრავალი განსაცდელის დასათმენად (გადასატანად). ეს უფლის დიდებას ემსახურება. როცა მომავალში მოწაფეები სატანჯველებში ჩავარდნენ, იხსენებდნენ, თუ როგორ უთხრა იესომ წინდაწინ მათ ყველაფერი. იგივეს ეუბნებოდა უფალი ებრაელებსაც.
უფლის სიტყვები – „სადაც მე მივალ”, მიგვანიშნებს იმაზე, რომ იესოს გარდაცვალება არის ამ ქვეყნიდან გადასვლა და წარდგომა უკეთეს ადგილას, სადაც არ იღებენ (არ ღებულობენ) ხორციელად ხრწნად სხეულებს.
ებრაელებს (იუდეველებს) უფალი ეუბნებოდა: ,,ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით; და სადაც მე ვიქნები, ვერ მოხვალთ იქ (იოანე 7, 36); ასე იმისთვის ეუბნებოდა, რომ შიშის ზარი დასცემოდათ, ხოლო თავის მოწაფეებს კი იმ განზრახვით ეუბნებოდა, რომ მათ გულებში ანთებულიყო იესოს მიმართ სიყვარული, თან ამატებს – ,,შვილებო“.
როცა ქალაქი მტრებისგან იყო აოხრებული და ღმერთის რისხვა დაატყდათ თავს ებრაელებს ქრისტეს მოკვლისთვის, ისინი უფალს ეძებდნენ; ხოლო მისი მოწაფეები კი მაშინ ეძებდნენ იესოს, როცა განსაცდელებში იყვნენ ჩავარდნილები. ამიტომ იგი წმ. სახარების სხვა ადგილას ამბობს: „მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ“ (მათე 9, 15).
მაშასადამე უფალი უწინასწარმეტყველებს მომავალს ებრაელებსაც და თავის მოწაფეებსაც პირველებს - ურწმუნოების გამო, ხოლო მეორეთ – სიყვარულის გამო, რომ ისინი არ შეშინდნენ (არ შედრკნენ) მოულოდნელი სატანჯველების გამო.
უფალი ამხნევებს მოწაფეებს: არ დადარდიანდეთ, მე თქვენ გაძლევთ (გიტოვებთ) ძლიერ მცველს – სიყვარულს, თუ ერთმანეთი გეყვარებათ, განსაცდელებში დაეხმარებით ერთმანეთს, გადაატანინებთ სატანჯველებს სიყვარულით ერთმანეთს, ასეთ შემთხვევაში ვერავინ ვერ მოგერევათ.
და ამატებს სხვა გამონათქვამს: „როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი“; ე. ი. არაფრის გამო შეგიყვარეთ, ამიტომ თქვენც ერთმანეთი ასევე უნდა გიყვარდეთ, თუ შენი ძმა გაწყენინებს, უნდა მიუტევო (აპატიო), აღარ უნდა გახსოვდეს მისგან წყენა.
ხომ ხედავ, ახალი მცნება გვასწავლის, რომ გინდაც მოყვასის არაფერი არ გვემართოს, მაინც არაფრის გამო, იგი უნდა გვიყვარდეს. ძვ. რჯულში ეწერა: „შეიყვარე შენი მეგობარი“, რაც თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ იგი უნდა გვყვარებოდა იმის გამო, რომ ჩვენზე უწინ მას შევუყვარდით.
უფალი ამხნევებს მოწაფეებს და ეუბნება: „იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ. თუ გექნებათ ერთმანეთის სიყვარული.
ქრისტეს მოციქულები იმიტომ აკეთებდნენ დიდ სასწაულებს, რომ მათ ძალიან უყვარდათ უფალიც და ერთმანეთიც, რადგანაც, ნათქვამია, მორწმუნეებს გააჩნიათ ერთი გული და ერთი სული (მოც. საქ. 4, 32).

36. ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ვიდრე ხუალ? ჰრქუა მას იესუ: ვიდრე-იგი მე მივალ, შენ ვერ ძალ-გიც მოსლვად აწ, ხოლო მერმე მომდევდე მე. 37. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთვის დავდვა. 38. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სული შენი ჩემთჳს დასდვაა? ამენ, ამენ გეტყჳ შენ: არღარა ეყივლოს ქათამსა, ვიდრემდის უვარ-მყო მე სამ-გზის.

ჰკითხა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, სად მიხვალ? იესომ მიუგო: სადაც მე მივალ, შენ ვერ გამომყვები ამჟამად, შემდეგ კი გამომყვები. უთხრა მას პეტრემ: უფალო, რატომ ვერ გამოგყვები ამჟამად? სულს დავდებ შენთვის. იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე.

როცა პეტრემ გაიგონა უფლის სიტყვები – „სადაც მე მივალ, შენ ვერ გამომყვები ამჟამად“ მოციქული აენთო იესოს სიყვარულით და შეეკითხა: „უფალო, სად მიხვალ?” ეს სიტყვები შეიძლება ასე ავხსნათ: ეს რა გზაა, უფალო, რომელზეც მე არ შემიძლია ვიარო? დაფარულად ეს შეიძლება ასე განიმარტოს: როგორ ძნელ გზაზეც არ უნდა წახვიდე, უფალო, მე შენ გამოგყვები. აი, როგორ უყვარდა პეტრე მოციქულს უფალი, სულ მასთან უნდოდა ყოფნა!
უფალი პასუხობს პეტრეს ფარულ აზრებს: შენ ეხლა არ შეგიძლია გამომყვე ამ გზაზე, ცოტა მოგვიანებით კი – შენც წამოხვალ ამ ჩემს გზაზე.
პეტრეს ვერაფერი აკავებს ქრისტეს სიყვარულში, მას არ აკმაყოფილებს მისი დაპირება, რომ მომავალში ის გაჰყვება უფლის გზას. ის ჯიუტობს და ისევ ეკითხება: „უფალო, რატომ ვერ გამოგყვები ამჟამად? სულს დავდებ შენთვის”. შეხედე, მისი სურვილის უდიდეს ძალას!
პეტრემ გაიგონა, როცა უფალი ამბობდა: „არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისთვის” (იოანე 15, 13). ამიტომაც, თვითონაც სურს მიაღწიოს სიყვარულის უზენაეს საფეხურს, დაჰპირდება უფალს მისთვის საკუთარი სულის დადებას!
მაცხოვარს სურს მიახვედროს პეტრე, რომ ადამიანს არ შეუძლია თქვას სიტყვა და შეასრულოს, თუ უფალი არ შეაძლებინებს, ხოლო იესოს კი შეუძლია თქვას სიტყვა და შეასრულოს, ამიტომაც იგი ეუბნება პეტრეს: „მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე”.
უფალი ამას ლაპარაკობდა გვიან ღამით, იმ დროს პირველ და მეორე რიგის მცველებს უკვე თავისი მორიგეობა გავლილი ჰქონდათ. იმის გამო, რომ პეტრე უფალს ეწინააღმდეგებოდა დიდი სიყვარულის გამო. ამიტომ იესო მის სიყვარულს იღებს, ხოლო წინააღმდეგობას – უარყოფს.
უფალს სურს, რომ პეტრემ დაინახოს თავისი, ადამიანური (კაცობრივი) უძლურება (სისუსტე), ამიტომ ის დაუშვებს, რომ პეტრემ იგი 3-ჯერ უარყოს, რათა, იგი მიხვდეს, რომ რაც მან თქვა (თუმცა ქრისტეს დიდი სიყვარულით თქვა), იგი, ღმერთის დახმარების გარეშე მის შესრულებას ვერ შეძლებს. უფალს სურს, რომ პეტრემ (და ასევე ჩვენც) შეიცნოს თავისი თავი და აღიაროს, როგორც ცოდვილმა ადამიანმა თავისი უძლურება.

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21