ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
იოანეს სახარების განმარტება

 

თავი მეთვრამეტე

 

1. ესე თქუა იესუ და გამოვიდა მოწფითურთ თჳსით წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადაცა იგი იყო მტილი, რომელსა შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი. 2. იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალ-გზის შესრულ იყო მუნ იესუ მოწაფითურთ თჳსით.

ეს რომ თქვა, იესო თავისი მოწაფეებითურთ კედრონის ხევს გაღმა გავიდა, სადაც იყო ბაღი, რომელშიაც შევიდა თვითონ და მისი მოწაფეები. იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, ვინაიდან იესო და მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ.

იესოს ეს საუბარი იყო მოწაფეთა დასამშვიდებლად, სანუგეშოდ. როცა საუბარს მორჩა, გვიანი ღამე იყო. უფალი შუაღამეს თავის მოწაფეებთან ერთად გადადის მდინარეზე და საჩქაროდ მიემართება იმ ადგილისკენ, რომელიც ასევე იცის იუდა ისკარიოტელმა.
უფალი იესო ქრისტე, ანთავისუფლებს იმ იუდეველებს, რომლებიც იუდას ახლავან, მისი ძებნისგან, და თავის თავს აძლევს მკველელებს სატანჯველად თავისივე ნებით. იესო თვითონ მიდის თავის მკვლელებთან, რათა ისინი არ დაიღალონ მისი ძებნით. იმისთვის, რომ შენ არ იფიქრო, თითქოს იესო ბაღში დასამალად წავიდა, წმ. მახარებელი იოანე დაამატებს – ეს ადგილი (ანუ ბაღი) იუდამაც იცოდა, ქრისტეს გამცემმა.
საიდან იცის იუდამ ეს ადგილი? იქიდან იცის, რომ იესო აქ ხშირად მოდიოდა (დადიოდა), როცა უფალს უნდოდა (სურდა) თავისი მოციქულებისთვის რაღაც საიდუმლო გაემხილა (ეთქვა), იგი გადიოდა უკაცრიელ და მშვიდ ადგილებში.
ამჯერადაც, დღესასწაულის წინ, როგორც ხშირად ხდებოდა-ხოლმე, იესო თავის მოწაფეებს რაღაც საიდუმლო ამბავს ასწავლიდა – საიდუმლო ადგილას. ეს იცოდა იუდამაც და სწორედ იმ ბაღში (კედრონის ხევს გაღმა) მიიყვანა მკვლელები იესოს დასაჭერად და მოსაკლავად.

3. ხოლო იუდა წარიყვანა ერი და მღდელთ-მოძღუართა და ფარისეველთაგან მსახურნი და მოვიდა მუნ სანთლებითა და ლამპრებითა და საჭურველითა. 4. ხოლო იესუ იცოდა ყოველი იგი მომავალი მის ზედა, გამოვიდა და ჰრქუა მათ: ვის ეძიებთ? 5. მიუგეს და ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ. დგა იუდაცა, მიმცემელი იგი მისი, მათ თანა. 6. და ვითარცა ჰრქუა მათ: მე ვარ, გარეუკუნიქცეს და დაეცნეს ქუეყანასა.

მაშინ წაიყვანა იუდამ რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთა მსახურნი, და მივიდა იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურვლით. ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა; გამოვიდა და უთხრა მათ: ვის ეძებთ? მიუგეს: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ იესომ: მე ვარ. ხოლო იუდაც, მისი გამცემი, მათთან იდგა. როცა უთხრა მათ: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.

იუდას მოჰყავს ბაღში იესოს დასაჭერად ჯარისკაცების დიდი რაზმი, რომლებსაც ოქროთი მოისყიდიან (მოქრთამავენ). ეს მეომრები ძალიან ბევრნი იყვნენ, რადგანაც ეშინოდათ მაცხოვრის მოყვარული და მორწმუნე ხალხის რისხვის (გულისწყრომის), ასეთები კი იმ დროს ბევრნი იყვნენ, ვინც უფლის უდიდესი სასწაულები იხილა და ვინც მისი ღვთაებრივი სწავლება მოისმინა.
ჯარისკაცებს თან მოაქვთ: ლამპრები, ჩირაღდნები, საჭურვლები, რათა შუა ღამეს, სიბნელეში, იესო არსად გაექცეთ.
იესო ქრისტე კი, როგორც კი მათ დაინახავს, თვითონ გამოდის მათთან და თავის თავს გააცხადებს. უფალმა წინდაწინ იცოდა, თუ რა მოელოდა მას. მიუხედავად იმისა, რომ იუდაც მათთან ერთად იყო, იესო ვერავინ ვერ იცნო ვერც ხმით, ვერც გარეგნულად, ვერც იუდამ! ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტეს გამოუთქმელად უდიდესი ძალა აქვს, მას ვერავინ ჯვარს ვერ აცვამდა, თვითონ რომ არ მოესურვებინა (თვით რომ არ ჰქონოდა სურვილი).
– ვის ეძებთ? – ეკითხება უფალი მოსულებს.
– იესო ნაზარეველს – ეუბნებიან მას.
– მე ვარ, ეუბნება უფალი მათ. მისი სიტყვების უდიდესი ძალით მომხვდურნი უკუიქცევიან და დაემხობიან მიწაზე.
ყოვლისშემძლე უფალმა დაბინდა მოსული ადამიანების თვალები და თავისი ერთი სიტყვის უდიდესი ძალით მიწაზე დაამხო ისინი.
იესოს დასაჭერად და მოსაკლავად მოსული ადამიანების მიწაზე ასე დამხობა ნიშნავდა ამ ერის ყოველმხირვ დამხობას, რაც მათ დაემართათ ქრისტეს ჯვარცმის შემდგომ.
ასევე ემხობიან ის ადამიანებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ღმერთს და მის წმინდა სიტყვას.
ის ბაღი, რომელშიც საფუძველი ჩაეყარა (დაედო) ჩვენი სულიერი ცხოვნების დასაწყისს, შეიძლება სამოთხეს შევადაროთ; რამეთუ ჩვენ სამოთხიდან ჩამოვვარდით ბაღში, სადაც იწყება ქრისტეს მაცხოვნებელი სატანჯველები.

7. მერმე კუალად ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ? და მათ ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა. 8. ჰრქუა მათ იესუ: გარქუ თქუენ, ვითარმედ: მე ვარ. უკუეთუ მე მეძიებთ, უტევენით ესენი, წარვიდენ. 9. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი.

კვლავ ჰკითხა მათ: ვის ეძებთ? ხოლო მათ თქვეს: იესო ნაზარეველს. მიუგო იესომ: აკი გითხარით, მე ვარ მეთქი. თუ მე მეძებთ, გაუშვით ესენი, წავიდნენ. რათა აღსრულდეს სიტყვა, რომელიც ითქვა: ვინც მე მომეცი, არც ერთი მათგანი არ დამიღუპავს.

უფალმა მიწაზე დაამხო (დასცა) ისინი პირველ რიგში იმისთვის, რათა თავისი ძალა ეჩვენებინა და მეორეს მხრივ, იმისთვის, რომ მიმხვდარიყვნენ, რომ იგი სატანჯველებზე ნებაყოფლობით, თავისი ნებით მიდის!
გთხოვ, დააკვირდი, უფლის სიყვარულს თავისი მოწაფეების მიმართ ბოლო წუთამდე; იესო ეუბნება ჯალათებს: თუ მე მეძებთ, მე აქ ვარ, ესენი (მოწაფეები) გაუშვით, წავიდნენ; დე, აღსრულდეს მისი სიტყვა: „რომელნი მომცენ მე, დავიცვენ“ (იოანე 17, 12).
აქ უფალი ლაპარაკობს სულიერ დაღუპვაზე, რომელიც არ შეეხო მის არც ერთ მოწაფეს, ხოლო მახარებელმა იოანემ კი ეს იგულისხმა ფიზიკურ დაღუპვაზეც.
სასწაულია ისიც,რომ ქრისტესთან ერთად არ შეიპყრეს (არ დაიჭირეს) უფლის მოციქულებიც და საერთოდ, რომ არ მოკლეს (არ დახოცეს) ისინი!
ეს უნდა მივაწეროთ უფლის უდიდეს ძალას და იმ სიტყვას, რომელიც თქვა ზემოთ (იოანე 17, 12).
ქრისტეს სიტყვისამებრ მისი მოციქულები უვნებლად გადარჩნენ; იმის გამო, რომ იმ დროს მოციქულები იყვნენ უძლურნი ჯერ კიდევ, უფალი მათ უვნებლად (შეუხებლად) ტოვებს! ჩვენს ცხოვრებაშიც ხშირად ხდება ასე, მაგრამ ამას ვერ ვხვდებით.
ამიტომ იცოდე, უფლის ნებით რამე განსაცდელი გეგზავნება და თუ შენ ამას ვერ დაითმენ (თუ ამას ვერ გადაიტან), მაშინ იესო არ გამოგიგზავნის, როგორც მაშინ იყო – მოწაფეების მიმართ!

10. ხოლო სიმონ-პეტრეს აქუნდა მახჳლი, აღმოიჴადა იგი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე. ხოლო იყო სახელი მონისაჲ მის მალქოზ. 11. ჰრქუა იესუ პეტრეს: დადევ მახჳლი ქარქაშსა! სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი?

ხოლო სიმონ-პეტრეს მახვილი ჰქონდა. იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო სახელი მონისა იყო მალქოსი. მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: ჩააგე მახვილი ქარქაშში! ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?

პეტრემ დაინახა, რომ უფალმა ებრაელები მიწაზე დასცა. მაცხოვრის მიერ ნათქვამმა სიტყვებმა: „გაუშვით ესენი, წავიდნენ“, პეტრე დიდი სიმამაცით აღავსო, მან იფიქრა, რომ უკვე მოვიდა (დადგა) დრო უფლისთვის შური მიაგოს მის მტრებს. იგი იშიშვლებს მახვილს და ერთ-ერთ მონას მარჯვენა ყურს მოათლის (მოჭრის).
თუ შენ იკითხავ, პეტრეს საიდან ჰქონდა მახვილი თან, მე გეტყვი, რომ სერობის შემდეგ პეტრეს თან მოჰყავდა ბატკანი, რომელიც უნდა დაეკლა.
პეტრე მზად იყო ჩაედინა მკვლელობა და შური ეძია საყვარელი მასწავლებლის გამო, მით უმეტეს, რომ იმ დროს მოციქულები ჯერ არ იყვნენ სრულყოფილნი.
უფალი მოჭრილ ყურს მიადებს თავის ადგილზე მონა-მალქოზს და მიუხორცებს (აღუდგენს), ამ სასწაულით უფალი აჩერებს უჭკუო იუდეველებს მისი მოკვლის სურვილისგან.
მაცხოვარი უწყრება (უბრაზდება) პეტრეს და მკაცრად ეუბნება: „ჩააგე მახვილი ქარქაშში“. იმავდროულად ამშვიდებს პეტრეს: „ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მომცა მე მამამ?
ამით მაცხოვარს სურს აჩვენოს, რომ მისი სატანჯველები ებრაელთა ძალაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ თვითონ მისი ნებითაა განპირობებული, რომ იგი, იესო, სულაც არაა ღმერთის მოწინააღმდეგე, არამედ სიკვდილამდეც კი იგი ასრულებს თავისი მამის ნებას.
მე გთხოვ, დააკვირდე, რომ პეტრესგან მღვდელმთავრის მონის – მალქობის ყურის მოჭრა (წაკვეთა) ნიშნავს ებრაელთა ურჩობას ქრისტეს მიმართ, რამეთუ სიბრმავემ მოიცვა ისრაელი – მაცხოვრის შეურაცხყოფის გამო. ასეთი შეურაცხყოფა განსაკუთრებით დიდი იყო იუდეველთა მღველმთავრებისგან, რისი ნიშანიც იყო მალქოზის ყურის მოჭრა.
ხოლო უფლისგან მოჭრილი ყურის შეხორცება-აღდგენა მიგვანიშნებს მომავალში წმ. ელიასგან ებრაელი ერის მოქცევას ქრისტესკენ, რაზედაც წინასწარმეტყველებდა მალაქიაც (მალ. 4, 6).

12. ხოლო კრებულმან მან და ათასისთავმან და მსახურთა მათ ჰურიათამან შეიპყრეს იესუ და შეკრეს იგი. 13. და მიიყვანეს იგი პირველად ანნაჲსა, რამეთუ იყო სიმამრი კაიაფაჲსი, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ. 14. ხოლო ესე კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობეს არს კაცისა ერთისა სიკუდილი ერისათჳს.

მაშინ მეომარმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს იგი. და მიიყვანეს ჯერ ანნასთან, ვინაიდან ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს. სწორედ ეს კაიაფა იყო, ვინც ურჩია იუდეველებს, უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.

როდესაც უფალმა ყველაფერი გააკეთა გამძვინვარებული ხალხის დასამშვიდებლად, ხოლო მათ მაინც არ დაიშალეს თავიანთი სიბოროტე (ბოროტი განზრახვა), მაშინ მათ ნება დართო თავისი შეპყრობის.
მაშინ მეომრები შეკრავენ უფალს და წაიყვანენ ანასთან, რომელიც იყო იმ წლის მღვდელმთავრის – კაიაფას სიმამრი. თითქოს რაღაც დიდი გამარჯვებისთვის მიეღწიოთ, ისეთი სიხარულით დაიჭირეს და შებოჭეს უფალი!
წმ. მახარებელი გვახსენებს კაიაფას წინასწარმეტყველებას (იოანე 11: 49-52), რათა გვიჩვენოს, რომ ეს მოხდა მთელი ქვეყნის გადასარჩენად (საცხოვნებლად) და ასევე, იმის მინიშნებაც სურს, რომ თვით ქრისტეს მტრებიც კი წინასწარმეტყველებდნენ ამის შესახებ.
მაშ, იცოდე, როცა გაიგებ ბორკილების შესახებ, არ შეშფოთდე, რადგან მახარებელი შენ გახსენებს წინასწარმეტყველებას. ბორკილებიც და სიკვდილიც იყო ჩვენი საცხოვნებელი, ამიტომ ითმენდა უფალი ჩვენი სიყვარულისთვის.

15. მისდევდა იესუს სიმონ-პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ. ხოლო მოწაფე იგი ერთი მეცნიერ იყო მღდელთ-მოძღურისა და შევიდა იესუჲს თანა ეზოსა მღდელთ-მოძღურისასა. 16. ხოლო პეტრე დგა კარსა თანა გარეშე. განვიდა ერთი იგი მოწაფე, რომელი იყო მეცნიერ მღდელთ-მოძღურისა, და ჰრქუა მეკარესა მას დედაკაცსა და შეიყვანა პეტრე.

მისდევდა იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე, ხოლო ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში. პეტრე კი გარეთ იდგა, ჭიშკართან. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, რაღაც უთხრა მეკარე ქალს, და შეიყვანა პეტრე.

ვინ იყო ეს მეორე მოწაფე უფლის? ეს იყო წმ. იოანე ღვთისმეტყველი, რომელმაც ეს წიგნი დაწერა. სიმდაბლის და გონიერების გამო, იგი თავის თავს ფარავს, არ ამჟღავნებს, რადგან სხვა მოწაფეები გაიფანტნენ. რათა ვინმემ არ შეაქოს იგი, ამიტომ, თავისზე წინ აყენებს – პეტრე მოციქულს.
იმისთვის, რომ წმ. იოანეზე ვინმეს საქებარი სიტყვა არ ეთქვა, რადგან იესოს არ სცილდებოდა გვერდიდან მის მძიმე წუთებში, იგი წერს თავის თავზე სიმდაბლით „მღვდელმთავრის ნაცნობი იყო”.
პეტრეზე წერს იოანე, რომ ისიც იესოს გვერდით იყო, მაგრამ რადგან მას არავინ არ იცნობდა, ამიტომ იგი გაჩერდა ეზოს გარეთ, ჭიშკართან. პეტრეს სურდა ეზოში შესვლა, მაგრამ არ შევიდა, რადგან, როგორც ვთქვით, მას არავინ არ იცნობდა.
როგორც კი იოანემ რაღაც უთხრა მეკარე ქალს და იგი მივიდა პეტრესთან და მისცა მას უფლება ეზოში შესვლის, პეტრე მაშინვე (უცბად) შევიდა.
რატომ იოანემ თვითონ არ შეიყვანა პეტრე, არამედ ქალს დაავალა ეს? იმიტომ, რომ არ უნდოდა არც ერთი წუთით უფლის მიტოვება!

17. ჰრქუა მჴევალმან მან მეკარემან პეტრეს: ნუუკუე შენცა მოწაფეთაგანი ხარ მის კაცისათაჲ? ხოლო პეტრე თქუა: არა ვარ. 18. დგეს მონანი იგი და მსახურნი მღდელთ-მოძღუართანი, და ნაკუერცხალი აღეგზნა, რამეთუ ყინელი იყო, და ტფებოდეს. დგა მათ თანა პეტრეცა და ტფებოდა.

ხოლო მეკარე ქალმა პეტრეს უთხრა: განა შენც ამ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ? მან თქვა: არა ვარ. რაკი ციოდა, ეზოში მდგომ მღვდელმთავართა მონებსა და მსახურებს ცეცხლი დაენთოთ და მიფიცხებოდნენ. პეტრეც მათთან იყო და თბებოდა.

ქალი სიმდაბლით, უხეშობის გარეშე, ეკითხება პეტრეს: შენ ამ კაცის ერთ-ერთი მოწაფე არ ხარ? ასეთი თავმდაბლობით, უბრალოდ შეეკითხა ეს ქალი პეტრეს, რადგან იოანე ეზოს შიგნით იმყოფებოდა. პეტრემ ვერც ქალის სიმდაბლე ვერ შეამჩნია და უფლის წინასწარმეტყველებაც დაივიწყა.
ასეთი უსუსურია ადამიანის ბუნება, როცა იგი ღმერთისგან მიტოვებულია. პეტრე ფიქრობდა იმაზე, როგორ მოქცეულიყო, რომ ამ ეზოდან არ გაეგდოთ იგი, რადგანაც ამ შემთხვევაში პეტრე ვეღარ დაინახავდა და ვერც იქნებოდა თავისი საყვარელი მასწავლებლის გვერდით.

19. ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან ჰკითხა იესუს მოწაფეთა მისთათჳს და მოძღურებისა მისისათჳს. 20. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მე განცხადებულად ვეტყოდე სოფელსა და მე მარადის ვასწავებდ შესაკრებელსა და ტაძარსა შინა, სადა-იგი ყოვლადვე ჰურიანი შეკრბიან, ხოლო ფარულად არარას ვეტყოდე. 21. რაჲსა მკითხავ მე? ჰკითხე მათ, რომელთა ესმოდა, რასა ვასწავებდ მათ. აჰა ამათ იციან, რასა-იგი ვეტყოდე მათ. 22. და ვითარცა ესე თქუა იესუ, ერთმან მსახურთაგანმან მუნ მდგომარემან სცა ყურიმალსა იესუს და ჰრქუა: ესრეთ სიტყუას-უგება მღდელთ-მოძღუარსა? 23. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსათჳს მცემ?

ხოლო მღვდეღმთავარმა ჰკითხა იესოს, ვინ იყვნენ მისი მოწაფეები, ან რას ასწავლიდა იგი. იესომ მიუგო: მე აშკარად ველაპარაკებოდი ქვეყანას; გამუდმებით ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყოველი მხრიდან იკრიბებიან იუდეველნი, და ფარულად არა მითქვამს რა. მე რას მეკითხები? მსმენელებს ჰკითხე, რას ველაპარაკებოდი მათ. აი, მათ იციან, რასაც ვამბობდი. ეს რომ თქეა, ერთმა იქვე მდგომმა მსახურმა სილა გააწნა იესოს და უთხრა: ასე მიუგებ მღვდელმთავარს? უთხრა მას იესომ: თუ ცუდად ვთქვი, მიჩვენე ცუდი, და თუ კარგად – რატომღა მცემ?

მღვდელმთავარი ეკითხება იესოს მისი მოწაფეების შესახებ, შესაძლებელია, ამრიგად: სად არიან და ვინ არიან ისინი, შენი მოწაფეები? რა მიზნით აგროვებდი (კრეფდი) მათ? რა გადაწყვეტილება გაქვს შენ (იესოს ეკითხება) მათ მიმართ?
მღვდელმთავარს სურდა (უნდოდა) იესოს მხილება, როგორც სიახლის შემომტანის, და როგორც შფოთის ამტეხის (ხალხის აღმშფოთებლის).
ასევე იგი ეკითხება იესოს მისი მოძღვრების შესახებ: ხომ არ არის იგი მათი რჯულიდან განსხვავებული, მოსეს საწინააღმდეგო რამე ხომ არაა? იგი ეძებს რაიმე მიზეზს, რათა იესო მოკლას, როგორც ღმერთის მოწინააღმდეგე (მტერი).
უფალი რას პასუხობს? მე, ეუბნება უფალი, „ფარულად არა მითქვამს რა“. ჰკითხე ჩემს მტრებს, ჩემს მოძულეებს, ვინც მე შემკრა (დამიჭირა). ესაა ჭეშმარიტების უტყუარი დასაბუთება, როცა ვინმეს თავისი სიტყვების მოწმედ (დასამოწმებლად) მოჰყავს თავისი მტრები!
სწორედ ეს მსახურები უწინ (ადრე) ასე ამბობდნენ უფალზე: „არასოდეს კაცს არ ულაპარაკია ისე, როგორც ლაპარაკობს ეს კაცი“ (იოანე 7, 46).
და ასეთი რამის შემდეგ უფალს სახეში სილას არტყამენ! ნუთუ შეიძლება ამაზე მეტი თავხედობა იყოს რამე?
მაგრამ ის, ვისაც შეუძლია ყველაფრის მოსპობა და შერყევა, ამის მსგავსს არაფერს არ აკეთებს, არამედ ისეთ სიტყვებს ამბობს (ეუბნება), რომელსაც შეუძლია შეაკავოს, დააცხროს ყოველგვარი მხეცობა.
შენ, ეუბნება უფალი, თუ შეგიძლია ჩემი ნათქვამის საწინააღმდეგოდ (ძვირის თქმა) რაიმეს თქმა, თქვი, და თუ ვერ იტყვი, მაშინ რისთვის გამარტყი?

24. და მიავლინა იგი ანა კრული კაიაფაჲსა, მღდელთ-მოძღურისა. 25. ხოლო სიმონ-პეტრე დგა და ტფებოდა. ჰრქუეს მას მუნ მდგომარეთა მათ: ნუუკუე შენცა მოწაფეთა მისთაგანი ხარ? ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვარ. 26. ჰრქუა მას ერთმან მონათაგანმან მღდელთ-მოძღურისამან ნათესავი იყო მისი, რომელსა იგი პეტრე წარჰკუეთა ყური არა მე გიხილეა მტილსა მას შინა მის თანა? 27. და კუალად უვარ-ყო პეტრე. და მეყსეულად ქათამმან იყივლა.

მაშინ ანნამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან. სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. და უთხრეს მას: განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ? მაგრამ მან უარყო და თქვა: არა ვარ. მღვდელმთავრის ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ვისაც ყური ჩამოათალა პეტრემ, უთხრა მას: განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში? კვლავ უარყო პეტრემ, და მყისვე იყივლა მამალმა.

რადგან უფალში ვერ ნახეს მისი მოკვლის ვერავითარი მიზეზი (ბრალი), ამიტომ (ამის გამო) იესო მიჰყავთ კაიაფასთან, უფრო ფლიდ და გაიძვერა ადამიანთან, ვინიცობაა, მან მაინც მოუძებნოს იესოს მოკვლის რამე მიზეზი!
ხოლო პეტრე, რომელიც გულმხურვალე მოყვარული იყო უფლის, იმ დროს, როცა იესო ანასგან – კაიაფასთან გადაჰყავდათ (მიჰყავდათ), სრულ უგრძნობელობაში იყო. იგი ისევ ცეცხლთან თბებოდა და ადგილიდან არ იძვროდა. ამ დროს მას მესამედ შეეკითხნენ, იცნობდა იგი თუ არა იესო ქრისტეს, და იგი (პეტრე) მესამედაც უარყოფს უფლის ცნობას.
რისთვის დაწერა ქრისტეს ოთხივე მახარებელმა ეს შემთხვევა პეტრესი? არა იმისთვის, რომ იგი გაგვესამართლებინა (ან გავასამართლოთ), არამედ იმისთვის, რომ ჩვენ გვასწავლოს უფალმა, რათა ყოველ გასაჭირში ჩვენი თავის იმედი კი არ უნდა გვქონდეს, არამედ მივმართოთ უფალს დასახმარებლად.
გასაკვირია დიდად მაცხოვრის კაცთმოყვარეობა: იგი შეკრულია, დაჭერილია. გადაჰყავთ იესო ერთი ადგილიდან – მეორეზე, მაგრამ მას (უფალს) არ ავიწყდება თავისი მოწაფე – პეტრე.
წმ. ლუკა მახარებელი აღნიშნავს, რომ უფალი მობრუნდა პეტრესკენ და შეხედა მას, რითიც პეტრეს მიეცა სინანული და ცრემლები!
რაც მაშინ დაემართა პეტრე მოციქულს, ჩვენც ხშირად გვემართება: ჩვენში მყოფი სიტყვა ღვთისა (ქრისტე) იკვრება (იბოჭება) და თითქოს, ტყვედ მიდის ხან განსაცდელისგან დატყვევებული, ხან კი – სიამოვნებისგან.
რამეთუ ჩვენ, ცოდვილები, განსაცდელითაც და სიამოვნებითაც (ან ორივეთი) ხშირად ვიბოჭებით (ან ვიკვრებით): – ან მიწიერი სიამოვნებებით ან განსაცდელებით და ვივიწყებთ უფალს. მაშინ (ამ შემთხვევაში), სიტყვა ღვთისა გასამართლდება, ხოლო უტყვი – იმარჯვებს და მონა გაარტყამს მეუფეს, რამეთუ ასეთ სახეს იღებს ვნებათა (ცოდვათა) აჯანყება.
ჩვენი გონება კი, როგორც ვინმე პეტრე, ხშირად თავის თავზეა დაიმედებული, რომ იგი, არ განუდგება ღვთის სიტყვას, ანუ ქრისტეს, ამიტომაც დგას და თბება. „დგას“, იმიტომ, რომ არ იდრიკავს ქედს, სიმდაბლეს არ იღებს (არ იძენს. ან სიმდაბლით არ იქცევა), არამედ ჯიუტად რჩება თავისი თავის მოიმედე. „თბება“ იმიტომ, რომ პატივმოყვარეობითა და მზვაობრობითაა ავად. მაგრამ ამ „მონას“ ამხილებს რომელიმე დამაუძლურებელი (დამასუსტებელი) სიამოვნება და იგი მაშინვე უარყოფს ღვთის სიტყვას (ანუ ქრისტეს) და ემორჩილება უსიტყვურთა (უტყვთა) ბუნებას!
ან, მას ამხელს რაიმე (რომელიმე) მძიმე განსაცდელი, როგორც მაშინ პეტრე ამხილა ვინმე „მონამ“ – და სწორედ ამ დროს ვლინდება მისი უძლურება (უღონობა).
მაგრამ ჩვენ ვევედროთ უფალ იესოს, ღვთის სიტყვას, რათა გადმოგვხედოს (შემოგვხედოს) და ამ შემოხედვით მოგვმადლოს ჭეშმარიტი სინანული და ცრემლები.

28. და მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა ჭამონ პასექი. 29. გამოვიდა პილატე მათა გარე და ჰრქუა მათ: რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამისა ზედა? 30. მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუმცა არა ბოროტის-მოქმედი იყო, არამცა მიგეცით შენ ეგე. 31. ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და სჯულისა თქუენისაებრ განიკითხეთ ეგე. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ. 32. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელ თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა მოსიკუდიდ.

ხოლო კაიაფასაგან პრეტორიუმში წაიყვანეს იესო. განთიადი იყო, და თვითონ არ შესულან პრეტორიუმში. ვაითუ შევიბილწოთო, - რათა შესძლებოდათ პასექის ჭამა. გამოვიდა მათთან პილატე და თქვა: რა ბრალსა სდებთ ამ კაცს? მიუგეს და უთხრეს: ეს რომ ბოროტმოქმედი არ იყოს. შენ როდი გადმოგცემდით. უთხრა მათ პილატემ: წაიყვანეთ და თქვენი რჯულისამებრ განსაჯეთ. იუდეველებმა მიუგეს: ჩვენ არა გვაქვს ვისიმე მოკვლის ნება. რათა აღსრულდეს იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.

უფალს ატარებენ მრავალ სასამართლოში, რათა უნდათ მისი დამცირება (შეურაცხყოფა), მაგრამ ყველა ადგილიდან იესო გამართლებული, ბრალდაუდებელი გამოვიდა, მან უძლეველი ძალა მიიღო.
მიჰყავთ უფალი პრეტორიუმში, რადგანაც იუდეველებს, რომლებიც რომაელების უღელქვეშ იყვნენ, არ ჰქონდათ არავის მოკვლის უფლება; ამასთან ერთად, მათ იმისიც ეშინოდათ, რომ მომავალში რომაელებისგან არ გასამართლებულიყვნენ ქრისტეს მოკვლისთვის – სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
„განთიადი იყო“ – აღნიშნავს მახარებლი იმისთვის, რათა შენ იცოდე. რომ კაიაფა იესოს დაკითხვას აწარმოებდა შუაღამეს. უფალი მასთან მიიყვანეს მამლის ყივილამდე. თუ რაზე (რა საკითხებზე) ეკითხებოდა კაიაფა – იესოს, ამის შესახებ ამ მახარებელმა (იოანე ღვთისმეტყველმა) არაფერი არ თქვა, ხოლო სხვა მახარებლებმა კი – მოგვითხრეს.
მთელი ღამე გავიდა უფლის დაკითხვაში, დილით იესო მიჰყავთ პილატესთან: „და თვითონ არ შესულან პრეტორიუმში, რათა არ შებილწულიყვნენ”.
რამხელა სისულელეა (სიშლეგეა, სიგიჟეა)! როდესაც უსამართლოდ კლავენ ვინმეს, მაშინ არ ფიქრობენ, რომ იბილწებიან, ხოლო სასამართლოში შესვლით ფიქრობენ, რომ ამით შეიბილწებიან!
„რომ შესძლებოდათ პასექის ჭამა“. უფალმა პასექი აღასრულა უფუარობის პირველ დღეს (მარკოზი 14, 12).
პილატე, სხვებთან შედარებით სამართლიანად იქცევა: იგი თვითონ გამოდის უფლის შესახვედრად, როცა იგი დაინახა ხელებშეკრული, იკითხა, თუ რა მიზეზითაა იგი ასეთ მდგომარეობაში?
მის თანმხლებ მეომრებს (ჯარისკაცებს) არაფერი მიზეზი არ ჰქონდათ პილატესთვის სათქმელი, მხოლოდ ესღა უთხრეს: „ეს რომ ბოროტმოქმედი არ იყოს, შენ როდი გადმოგცემდით“. ისინი ყველგან თავს არიდებენ მტკიცებულებას, მიზეზის თქმას, რომელიც არც არსებობდა.
გთხოვ დააკვირდი: ვერც ანამ, ვერც კაიაფამ და ვერც პილატემ ვერ მოძებნეს იესოს მოკვლის მიზები.
პილატე კითხულობს: „რასა სდებთ ბრალად ამ კაცს?“ მას მეომრები ვერავითარ მიზეზს ვერ უსახელებენ (ვერ ეუბნებიან). მაშინ პილატე მათ ეუბნება: რახან ასეა, მაშინ თქვენ თვითონ წაიყვანეთ და გაასამართლეთ, რადგანაც ჩემთან მოიყვანეთ და გინდათ მის საქმეს მისცეთ კანონიერი, სასამართლო ფორმა (სახე), მაშინ აუცილებელია უნდა თქვათ ის მიზეზი, რაშიც ეს ადამიანი არის დამნაშავე. მე არ შემიძლია უმიზეზოდ გავასამართლო ეს ადამიანი, თქვენ ვერავითარ მიზეზს ვერ ასახელებთ. თუ თქვენი რჯული ადამიანებს უმიზეზოდ (ბრალის გარეშე) ასამართლებს, მაშინ თქვენთვის გადმომიცია. თქვენ თვითონ გაასამართლეთ.
იესოს მკვლელები პასუხობენ პილატეს: „ჩვენ უფლება არა გვაქვს ვინმეს მოკვლისა“. ამას იმიტომ ამბობენ, რომ იციან რომაელების ამბავი: ისინი მეამბოხეებს უსჯიდნენ ჯვარზე სიკვდილს, ანუ ჯვარცმას.
თუ არავის მოკვლა არ შეეძლოთ, როგორც ამას მოჩვენებით ამბობდნენ, მაშინ სტეფანე დიაკვანი – პირველმოწამე, ქვებით როგორ ჩაქოლეს?
მაგრამ მე ვთქვი, რომ ისინი ამას იმისთვის ამბობდნენ, რათა უფალი ჯვარს ეცვათ.
„რათა აღსრულდეს იესოს სიტყვა“, როცა მან თქვა, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო იგი, რომ მას ჯვარს აცვამდნენ (იოანე 3, 14). და იგი წარმართებისგან იქნებოდა ჯვარცმული, და არა – იუდეველებისგან. (ებრაელებისგან – მარკ. 10, 33). მაშ, აღსრულდა იესოს ნათქვამი სიტყვა: იგი გადაცემულია წარმართებისთვის და იგი ჯვარცმულია მათგან!

33. კუალად უკუე შევიდა პილატე ტაძრად და შეხადა იესუს და ჰრქუა მას: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? 34. ჰრქუა მას იესუ: შენ თავით თჳსით იტყჳ მაგას, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთჳს? 35. მიუგო პილატე და ჰრქუა მას: ნუუკუე მე ჰურიაჲ ვარა? ნათესავთა შენთა და მღდელთ-მოძღუართა მოუცემიხარ შენ ჩემდა. რაჲ გიქმნიეს? 36. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით.

კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, უხმო იესოს და უთხრა: შენა ხარ იუდეველთა მეფე? იესომ მიუგო: შენ თვითონ ამბობ მაგას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე? მიუგო პილატემ: განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. მაინც რა ჩაიდინე? მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური.

პილატემ დაუძახა იესოს. მას სურდა იესოსთან მარტო საუბარი. ხალხში ძალიან მაღალი (კარგი) შეხედულება იყო გავრცელებული ქრისტეზე. პილატეს სურდა იუდეველთა, შფოთისგან (არეულობისგან) მოშორებით (შორს) ყველაფერი ზუსტად გაერკვია.
პილატე ეკითხება იესოს - მეფე ხარ შენ? ყველა ამას ამბობდა, ამიტომ პილატეც იგივეს იმეორებს.
ქრისტე უფალი უსვამს ასევე კითხვას პილატეს: შენ თვითონ მისვამ მაგ კითხვას (შენ თვითონ მეკითხები), თუ სხვებისგან გაიგე ეგ ამბავი? პილატე სწორედ იგებს იესოს შეკითხვას და პასუხობს, რომ მე იუდეველი არა ვარ, შენ გაგცეს იუდეველებმა (ებრაელებმა), ამით (ასეთი პასუხით) იგი თავის ბრალს იხსნის, და მათ აბრალებს.
პილატე ეკითხება: რა გააკეთე (რა ჩაიდინე)?
უფალი პასუხობს: „ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური“. ასეთი ბრძნული პასუხით უფალი ორ საქმეს აკეთებს:
1) პილატეს ახვედრებს, რომ იესო უბრალო, მიწიერი ადამიანი კი არაა, არამედ იგი ღმერთია და ძე ღვთისაა!
2) უფალი აქარწყლებს პილატეს ეჭვებს მიწიერი, უმაღლესი ხელისუფლების მიტაცების (მისაკუთრების) შესახებ. ნუ გეშინია ჩემი, ეუბნება უფალი, მე არც ტირანი ვარ და არც მეამბოხე.
რამეთუ „ამქვეყნიური რომ იყოს ჩემი მეუფება, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს“.
ამ სიტყვებით უფალი მიგვანიშნებს, რომ მიწიერი მეფობა – სუსტია და მისი ძალა გამოხატულია (გამოიხატება) მსახურებით, ხოლო ზეციური მეფობა კი თავით თვისით ძლიერია და არავის დახმარებას არ საჭიროებს.

37. ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისთჳს შობილ ვარ და ამისათჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ. 38. ჰრქუა მას პილატე: რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ? და ვითარცა ესე თქუა, კუალად გამოვიდა და ჰრქუა ჰურიათა მათ: მე არცა ერთსა ბრალსა ვჰპოებ ამის თანა. 39. ხოლო არს ჩუეულებაჲ თქუენი, რაჲთა ერთი მიგიტეო თქუენ დღესასწაულსა ამას. გნებავსა, რაჲთა მიგიტევო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ? 40. კუალად უკუე ღაღატ-ყვეს ყოველთა და თქუეს: ნუ ეგე, არამედ ბარაბა. და იყო ესე ბარაბა ავაზაკი.

უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას. უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექისას? თუ გინდათ, გაგითაევისუფლებთ იუდეველთა მეფეს.

როდესაც პილატემ ჰკითხა უფალს, მეფე არის იგი, თუ არა, უფალმა ამაზე უპასუხა: „იმიტომ დავიბადე, რაც ნიშნავს, რომ მეფე ვიყოო. მე ეს ღირსება გამაჩნია არსებით (ბუნებით) და მამაჩემისგან შობით. ე. ი. მე დავიბადე (ვიშვი) მეფისგან, რაც იმის დამადასტურებელია, რომ მეც – მეფე ვარ. ამიტომ, როცა გაიგონებ (გაიგებ), რომ მამამ ძეს მისცა (გადასცა): სიცოცხლე. სამსჯავრო (სასამართლო) და სხვა მრავალი რამ (იოანე 5:22-26), სიტყვა „მისცა“ უნდა იგულისხმო სიტყვის – „შობა“-ს მაგივრად. ამრიგად, იესო ასამართლებს, გააჩნია სიცოცხლე (სიცოცხლეს ანიჭებს ადამიანს) და ეს ყოველივე მას გადაეცა მამამისისგან ბუნებით. (როგორც მამის ძეს)!
„იმიტომ დავიბადე“ – ეუბნება იესო პილატეს, რათა მისი ყურადღება მიიპყროს, რათა ეს ვუთხრა ყველას, ვასწავლო და დავაჯერო ადამიანები იმაში, რომ მე ვარ მეფე, უფალი და მეუფე!
„ყველა“, – აგრძელებს საუბარს უფალი, – „ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ისმენს ჩემს ხმას”. ამიტომ, შენც, პილატე, თუ ჭეშმარიტების შვილი ხარ და გიყვარს იგი, მოუსმენ ჩემს ხმას (სიტყვას) და ირწმუნებ, რომ მე ვარ მეფე, არა ისეთი, როგორებიც არიან მიწიერი მეფეები, არამედ ბუნებით (არსებით) გადმომეცა შობიდან ღმერთისგან და მეფისგან, ანუ მამაჩემისგან!
უფალი ქრისტე აქ აკეთებს მინიშნებას იმაზე, რომ ებრაელი ხალხი არაა ჭეშმარიტებიდან, რადგან უფლის ხმას (სიტყვას) არ ისმენენ. რასაც ეს ხალხი იესოს აბრალებს, ყველაფერი ტყუილია, ცილისწამებაა, უფალი არ იმახურებს სიკვდილს.
პილატე გაოგნებულია ქრისტეს საუბრით, იგი, დაბნეული, ეკითხება მას „რა არის ჭეშმარიტება?“
ჭეშმარიტება თითქმის გაქრა ადამიანებიდან, მას აღარ იცნობენ (ადამიანები), თითქმის ყველა (იმ დროს) ურწმუნობაში იყო. რადგანაც ამ საკითხის გარკვევას პილატესთვის სჭირდებოდა დიდი დრო, ხოლო გარეთ იუდეველები მღელვარებაში იყვნენ, ამიტომ პილატემ გადაწყვიტა მათ დასამშვიდებლად (დასაწყნარებლად) გასვლა. იგი მიმართავს ხალხს: „მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. თუ გინდათ, გაგინთავისუფლებთ იუდეველთა მეფეს”.
რომაელი პილატე იესოს უდანაშაულოდ აღიარებს და სურს მისი განთავისუფლება: მაგრამ როგორც ვიცით, ებრაელმა ხალხმა არ ისურვა უდანაშაულო უფლის განთავისუფლება, არამედ ამოირჩია ყაჩაღი – ბარაბა.
მაშ, უნდა აღინიშნოს, რომ მაცხოვარი იმიტომ დაიბადა ამ ქვეყანაზე (როგორც ბევრი ფიქრობს, რომ აქ იგულისხმება ქრისტეს ხორციელი შობა), რათა ადამიანებს შეეცნო იგი და ქრისტეს შემეცნებით – ცხოვნებულიყვნენ, ასევე, რათა უფალს ადამიანებისთვის მოეთხრო ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და მისი რწმენით და შემეცნებით ცხოვნებულიყვნენ.

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21