ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
იოანეს სახარების განმარტება

 

თავი მეორე

 

1. და მესამესა დღესა ქორწილი იყო კანას გალილეაჲსასა, და მუნ იყო დედაჲ იესუჲსი. 2. მიჰხადეს იესუს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას. 3. და ვითარ მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა აქუს. 4. ჰრქუა მას იესუ: რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი.

მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში და იესოს დედაც იქ იყო. იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ მიწვეულნი ქორწილში. როცა ღვინო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას: „ღვინო აღარა აქვთ.“ იესომ უთხრა მას: „რა გინდა ჩემგან, დედაკაცო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა.“

უფალი ქორწილში იმიტომ კი არ დაპატიჟეს, რომ მის მიერ მოხდენილი სასწაულები ნახეს, ანდა იგი დიდ, გამოჩენილ ადამიანად ჩათვალეს, არამედ დაპატიჟეს უბრალოდ, როგორც ნაცნობი!..
მახარებელი ამბობს; „მუნ იყო დედა იესუსი” და ძმანი უფლისა; როგორც ღვთისმშობელი და უფლის ძმები დაპატიჟეს, ასევე – უფალიც. უფალი მიპატიჟებას არ უგულებელჰყოფს (არ უარყოფს) და მოდის ქორწილში იმიტომ, რომ იგი თავის ღირსებას კი არ უყურებს, არამედ – ჩვენთვის აკეთებს ამას (ცოდვილებისთვის), ჩვენთვის რა არის სასარგებლო. ის, ვისთვისაც არ იყო დამამცირებელი მონათა შორის ყოფნა, მით უმეტეს, უფალს „არ შეეძლო დამამცირებლად ჩაეთვალა – ქორწილში მისვლა!
დედა ღვთისა არწმუნებს თავის ძეს, რათა მოახდინოს კეთილი სასწაული, რადგან ქრისტეს სული წმიდის მადლით ჩასახვისა და ხორციელი შობის მოვლენების შემდგომ, იგი მიხვდა თავისი შვილის უდიდესი ძალის შესახებ; რამეთუ მას თავის გულში ჰქონდა ყოველივე საიდუმლოდ შენახული (ლუკა 2: 17-51) და ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ასკვნიდა, რომ მის ძეს გააჩნია ადამიანზე უმეტესი ძალა; მაგრამ ღვთისმშობელს არ ჰქონდა იმის თხოვნის მიზეზი, რომ იესოსთვის ეთხოვა სასწაულის მოხდეხა იმ დროს, როდესაც იმ დღემდე ჯერ არც ერთი სასწაული არ ჰქონია მოხდენილი.
უფალს ყრმობაში არც ერთი სასწაული არ მოუხდენია, თორემ ამითი მას ყველა გაიცნობდა. ამასთან ერთად, დედა ღვთისას ახსოვდა იოანეს (ნათლისმცემლის) მოწმობა იესოს შესახებ, და ამ ყოველივედან გამომდინარე, ხვდებოდა თავის შვილს რამხელა ძალა (ძალაუფლება) გააჩნდა.
მაგრამ, უფალი დედას საყვედურობს და არა უსაფუძვლოდ: თუ ღვინო არ არის, მაშინ ისინი უნდა მოსულიყვნენ და ეთხოვათ, - ამბობს იესო, – ვისაც არა აქვს, და არა – შენ, ჩემს დედას!
„არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“ –, ეუბნება, უფალი დედას, მაგრამ ამას იმიტომ კი არ ამბობს, რომ იგი – დროზეა დამოკიდებული, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი კუთვნილი დრო გააჩნია!
რადგან უფალი ბევრისთვის არ იყო ნაცნობი, და ყველა მისი მოწაფე არ იყო, და ასევე, ქორწილში დამსწრე ხალხიც მას არ იცნობდა, რადგან უფალი რომ მათთვის ცნობილი ყოფილიყო, ისინი თვითონ მივიდოდნენ მასთან და სთხოვდნენ ღვინის თაობაზე დახმარებას, ამიტომ იესო ამბობს: „არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი , რაც იმას ნიშნავს, რომ „ჯერ ჩემი დრო არ მოსულა”; ე: ი. ჯერ საჭირო დრო არ დამდგარა.
უფლის წინააღმდეგ აღსდგა არიოზის სიცოფე, რომელიც ცდილობდა იმის ცრუდ დამტკიცებას, თითქოს უფალი ემორჩილება დროს და საათს. მაშ, ისწავლე შენ – წყუელო! თუ იგი დამოკიდებულია საათზე, მაშინ, როგორღა მოახდინა სასწაული? თუკი უფალი დამოკიდებული იქნებოდა, – როგორც შენ ამბობ, – დროსა და საათზე, ხოლო მისი დრო (ჟამი) ჯერ არ დამდგარა, გამოდის, რომ მას არ გააჩნია სასწაულების მოხდენის ძალა? მაგრამ, იესომ სასწაული მაინც მოახდინა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საათზე და დროზე არ არის დამოკიდებული.
გთხოვ, ყურადღება მიაქციო იმასაც, რომ იესო ქრისტე ყველაფერში არ ეწინააღმდეგება დედას, თუმცა მას პატარა შენიშვნა მისცა და კვლავ მის თხოვნას ასრულებს, რათა ამით თაყვანი სცეს დედას, მის ღირსებას და ჩვენც მოგვცეს ჩვენი მშობლების მიმართ მისაბაძი მაგალითი.

5. ჰრქუა დედამან მისმან მსახურთა მათ, ვითარმედ: რაჲცა გრქუას თქუენ, ყავთ! 6. იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექუსნი, მდგომარენი, მსგავსად განწმენდისა მის ჰურიათაჲსა. რომელთა შთაისხიან საწყაული ორ-ორი გინა სამ-სამი. 7. და ჰრქუა მათ იესუ: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და მათ აღავსნეს იგინი პირისპირ. 8. და ჰრქუა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართჳთ პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართუეს.

დედამისმა უთხრა მსახურებს: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.“ იქ იყო ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა საწესო განწმედისათვის, თითოში ორ ან სამი საწყაული ჩადიოდა. უთხრა მათ იესომ: „აავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები.“ და მათაც აავსეს პირთამდე. უთხრა მათ: „ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს!“ და მიართვეს.

ყოვლადწმიდა ეუბნება ქორწილის მომსახურე ადამიანებს: „რაც გითხრათ მან (უფალმა) შეასრულეთ!” – ეს იმიტომ თქვა, რომ მექორწილეების თხოვნა გაძლიერებულიყო ქრისტეს მიმართ, რათა ნათელი გამხდარიყო, რომ უფლის უარი არ იყო განპირობებული უძლურების (უღონობის) გამო, არამედ ამ უარის თქმის მიზანი იყო, უგულებელყოფილიყო ის აზრი, თითქოს უფალი სასწაულებს ახდენდა თავისი თავის საქებრად, თავმომწონეობის გამო.
წყლის სარწყულები იხმარებოდა ებრაელთა (იუდეველების) განწმენდის მიზნით, რათა ყოველდღე, ჭამის წინ, ისინი ჯერ იბანდნენ ამ ქვის სარწყულებში, ხოლო შემდეგ შეჭამდნენ. ამ სარწყულებში იბანდნენ ასევე ებრაელები მაშინაც, როცა მიეკარებოდნენ ვინმე კეთროვანს, ან მიცვალებულს, ან როცა ქალთან ექნებოდათ ურთიერთობა, რადგან თავიანთ თავს არაწმინდად თვლიდნენ.
რადგანაც პალესტინა იყო უწყლო და ვერსად ნახავდი ბევრ წყაროს, ამიტომ ებრაელები ყოველთვის წყლით ავსებდნენ ქვის ამ სარწყულებს, რათა შებილწვის შემთხვევაში ჰქონოდათ დასაბანად (განსაწმენდად) წყალი და არ ერბინათ მდინარეებზე.
უმიზნოდ არ ითქვა ეს გამოთქმა: „მსგავსად განწმენდისა მის ჰურიათასა“, არამედ იმისთვის თქვა, რომ ვინმე ურწმუნოებს არ ეფიქრათ, თითქოს სარწყულებში დარჩა ღვინის რაიმე ნარჩენი (ნალექი) და შემდგომ, როცა იქ ჩაასხეს წყალი, და აურიეს, გამოვიდა ძალიან სუსტი ღვინო, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს სარწყულები არასდროს ღვინის შესანახი ჭურჭელი არ იყო.
მაგრამ, ნუთუ ყოვლისშემძლე უფალს არ შეეძლო სულ არაფრისგან გაეჩინა ღვინო, რა საჭირო იყო ჭურჭლების წყლით ავსება? რასაკვირველია, შეეძლო; მაგრამ სასწაულების სიდიადე ხშირად ამცირებს მათი ადვილად მიღების (აღქმის) საშუალებას.
შეიძლება ის მიზანიც იყო, რომ ქორწილში ვინც ხალხს ემსახურებოდა და ქვის სარწყულებში წყალს ასხამდა, სასწაულის მხილველი მოწმეები ყოფილიყვნენ. კარგი იქნება, თუ ჩვენ გვეცოდინება, რომ უფალს ძალუძს ყურძნის ნამიც კი, რომელიც წყალია, ღვინოდ გადააქციოს. ქრისტე უბრძანებს მსახურებს, რათა წყალი გასასინჯად მიუტანონ ქორწილის (სუფრის) ზედამხედველს, რომელიც ფხიზელია, ეს გააკეთა მან იმისთვის, რომ ვინმეს არ ეფიქრა, თითქოს მემთვრალეების შეკრება იყო და მათ პირის გემო დაკარგეს და სიმთვრალის დროს წყალი – ღვინოდ მოეჩვენათ ამიტომ ასეთ ეჭვს აადგილი, რომ არ ჰქონოდა, იესო წყლის გასინჯვას სთავაზობს ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ქორწილის ზედამხედველს (უფროსს).
ამ ქორწილში იმყოფებიან: ქრისტე, მისი მოწაფეები და უფლის დედა. რამეთუ როგორ შეუერთდება ღმერთს ის (ადამიანი), რომელიც ქრისტეს არ ირწმუნებს – ღვთისმშობლისგან შობილს და მოციქულებში მოსაუბრეს?
ვნახოთ როგორი სასწაული მოახდინა უფალმა კანას გალილეაში, ქორწილზე იგი წყალს – ღვინოდ გადააქცევს და ქვის ექვს სარწყულს აავსებს.
წყლის ქვეშ შენ შეგიძლია იგულისხმო ჩვენი ტენიანობა და უღონობა ცხოვრებასა და აზრებში. 5 სარწყულის ქვეშ – იგულისხმე ჩვენი 5 გრძნობა, რითიც შეცდომებს ვუშვებთ საქმეებში; მე-6 სარწყულის ქვეშ კი – ჩვენი გონება იგულისხმე, რითიც ჩვენ აზრებით ვმერყეობთ.
მაშასადამე, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სიტყვა სახარებისა, კურნავს ჩვენს დაცემებს, ყოველდღიურ (შემოქმედებით), გონებრივ თუ ჭვრეტით ცხოვრებაში, არამყარს და თხევადს ჩვენში გარდაქმნის ე. წ. „ღვინოდ“, ე. ი. სწავლად და ცხოვრებად, მხიარულებად და ამ გზით, ჩვენი 6 სარწყული ივსება ამ მშვენიერი სასმელით, სახელდობრ ბრძნობები – რათა არ შევცოდოთ შემოქმედებით ცხოვრებაში, გონება – რათა არ შევცოდოთ აზრებში.
ყურადიღე ისიც, რომ ქორწილში იდგა ქვის სარწყულები იმის გამო, რომ ებრაელებს (იუდევლებს) წესად ჰქონდათ ჭამის წინ წყლით განბანვა. სიტყვა „იუდა“ ნიშნავს – „აღმსარებელობას“, ცოდვების აღმსარებელი ადამიანი იკურნება ხუთ გრძნობაში, რომლითაც უწინ სცოდავდა. ადრე თვალი ცუდად ხედავდა; ცოდვების მონანიების დროს კი თვალს ცრემლი მოსდის და ამ გზით იწმინდება, ყურს ესმოდა გარყვნილი სიმღერები, ხოლო მის მაგივრად კი ეხლა ღმერთის ბაგეებისკენ იხრება მისი სიტყვების გასაგონად. ასე ხდება სხვა, დანარჩენ გრძნობებშიც. გონება – სცოდავს აზრებში; თუ გონება გადაიხრება სწორი განსჯისკენ, ამით განიწმინდება ძველი სიბოროტისგან.
წყლის სარწყულები – იმიტომაა ან ქვისა, რომ ჩვენ მიწისგან ვართ შექმნილები, ან იმიტომ, რომ ასეთი ღვინის შესანახი ადგილი უნდა იყოს მყარი და მტკიცე.
პავლეს გონება – ქვის სარწყული იყო მაშინაც, როცა ქრისტიანებს სდევნიდა (და სავლე ერქვა) და იგი იყო ძველი რჯულის მოშურნე, ყველა თავის თანატოლებთან შედარებით (გალატ. 1:14) და იმ დროსაც, როცა ქრისტე ირწმუნა და მის სახელს ქადაგებდა, რამეთუ მის სიტყვას ღვთისგან ისეთი დიდი ძალა ჰქონდა მიცემული, რომ ლიკაონელებმა იგი მოც. ერმის შეადარეს (მოც საქმე 14:12).

9. და ვითარცა გემოჲ იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღჳნო იქმნა, და არა უწყოდა, ვინაჲ იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა, მოუწოდა პურისა უფალმან მას სიძესა 10. და ჰრქუა მას: ყოველმან კაცმან კეთილი ღჳნოჲ პირველად წარმოდგის, და ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი აქამომდე.

როდესაც სუფრის გამრიგემ გემო უნახა ღვინოდ ქცეულ წყალს (არ იცოდა საიდან იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მაშინ სუფრის გამრიგემ დაუძახა ნეფეს. და უთხრა: „ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს.“

ქორწილის ზედამხედველი ეკითხება სასიძოს, და არა მსახურებს. რატომ? რასაკვირველია, ღვთაებრივი განგებით: თუ იგი შეეკითხებოდა მსახურებს, ისინი, რა თქმა უნდა, სასწაულს გააცხადებდნენ; მაგრამ მათ არავინ დაუჯერებდა, რადგან იმ დროს, ჯერ ქრისტეს არავინ იცნობდა, ეს სასწაული კი იყო დასაწყისი მისი სხვა სასწაულებისა, მაგრამ ამის შემდგომ, ქრისტემ სხვა მრავალი სასწაულიც მოახდინა, რათა მრავალს ერწმუნა მისი და ქორწილის მსახურებიც ყველას უყვებოდნენ იესოს შესახებ. ამის გამო, უფალმა ისე ინება, რომ შეეკითხნენ სასიძოს (ღვინის შესახებ), და არა – მსახურებს. უფალმა წყალი ჩვეულებრივ ღვინოდ კი არ გარდაქმნა, არამედ – ძალიან კარგ ღვინოდ.
იმის თაობაზე, რომ წყალი გარდაიქმნა – ღვინოდ, მოწმობენ ქორწილის მსახურები, ვინც ეს წყალი (გარდაქმნამდე) გასინჯა თვითონ: ის, რომ ეს შესანიშნავი ღვინო იყო – ამას მოწმობს ქორწილის ზედამხედველიც. ამ დიდი სასწაულის თაობაზე დროთა განმავლობაში ბევრია ნაქადაგები, და ვინც ეს მოისმინა, უფლის მტკიცე რწმენა უნდა მიეღოთ.
„ღვინის” მნიშვნელობის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ სახარებისეული სწავლება, ხოლო „წყლის“ მნიშვენლობის ქვეშ კი – ყოველივე ის, რაც წინ უძღოდა წმიდა სახარებას, რომელსაც სახარებისეული სწავლების სრულყოფილება არ გააჩნდა.
მაგალითად, ვიტყვი: უფალმა - ადამიანს მისცა მრავალი კანონი, ერთი – სამოთხეში (დაბ. თ. 2: 16-17), მეორე - ნოეს (დაბ.9), მესამე - აბრაამს წინადაცვეთის შესახებ (დაბ. 17), მეოთხე – მოსეს (გამოსვლა 19-20), მეხუთე კი - წინასწარმეტყველებს. ყველა ეს კანონი – სახარების ძალასთან შედარებით – წყლოვანია. თუ ვინმე ჩაუღრმავდება მის სულს, მასში დაფარულს გულისხმაჰყოფს, იგი იპოვის წყალს – ღვინოდ გარდაქმნილს! ეჭვს გარეშეა, ამ წყალში. ის ადამიანი იპოვის იმ დიდებულ ღვინოს,რომელიც შემოგვინახა და დალია შემდგომში სასიძომ – ქრისტემ, რადგან წმიდა სახარება მოგველვლინა ბოლო ჟამს.

11. ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა და გამოუცხადა დიდებაჲ თჳსი, და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა.

ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება და ირწმუნეს მისმა მოწაფეებმა.

უფალმა, სასწაულების მოხდენა რომ დაიწყო თავისი ნათლობის შემდეგ, ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ ზემოთ. ვფიქრობთ, რომ მან თავისი I სასწაული მოახდინა მაშინ, როცა წყალი ღვინოდ გადააქცია. მაგრამ ზოგიერთს შეუძლია თქვას: თუ ეს სასწაული ითვლება – სხვა სასწაულების დასაწყისად, არა ყველა სასწაულისა, არამედ მხოლოდ – კანას გალილეაში აღსრულებული სასწაულის დასაწყისად, რადგან უფალმა კანაში სხვადასხვა სასწაულები მოახდინა, ხოლო ღვინის სასწუალი კი, ამ სასწაულების საწყისად შეიძლება ჩაითვალოს.
შემდეგი სიტყვები: „და გამოუცხადა დიდება თვისი და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა“, ნიშნავს იმას, რომ ამ სასწაულზე ადრე, ქრისტეს არ მოუხდენია სხვა სასწაულები, რომელთა საშუალებითაც იგი თავის დიდებას გამოაცხადებდა და ცხადჰყოფდა: მაგრამ, ნუ ვიკამათებთ, ეს იყო პირველი სასწაული უფლის, თუ სხვა...
სიტყვები - „და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა”, ასე გაიგე, რომ მოწაფეებს ქრისტეს რწმენა, რასაკვირველია, ჰქონდათ ამ სასწაულამდე., მაგრამ არც ისეთი მტკიცე. როგორც ღვინის სასწაულის შემდეგ მიეცათ – უფრო მეტი და უფრო მტკიცე რწმენა ღმერთის მიმართ!

12. ამისა შემდგომად შთავიდა იესუ კაპერნაუმდ, იგი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და მოწაფენი მისნი მის თანა, და მუნ დაადგრა არა მრავალ დღე. 13. და მოახლებულ იყო პასექი იგი ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ. 14. და პოვნა ტაძარსა მას შინა მოფარდულნი ზროხათანი და ცხოვართანი და ტრედთანი და მეკერმენი მსხდომარენი. 15. და შექმნა შოლტი საბლისაჲ და ყოველი იგი გამოასხა ტაძრით: ზროხაჲ და ცხოვარი; და კერმის-მსყიდველთა მათ დაუთხია კერმაჲ და ტაბლები იგი დაუმჴუა. 16. და ტრედის-მოფარდულთა მათ ჰრქუა: აღიღეთ ესე ამიერ და ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო. 17. და მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ წერილ არს: შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე.

ამის შემდეგ ჩავიდა კაპერნაუმს, ის და დედამისი, ძმები და მისი მოწაფეები, და იქ დარჩა რამდენიმე დღეს. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს. ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და მსხდომარე მეკერმენი. გააკეთა საბლის შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარებიც და ცხვრებიც, ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა. მტრედების გამყიდველებს უთხრა: „გაიყვანეთ ესენი აქედან და მამაჩემის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად. მის მოწაფეებს გაახსენდათ რომ დაწერილია: „შენი სახლის შური შემჭამს მე.“

უფალი კაპერნაუმში მიდის იმისთვის, რომ იქ დატოვოს თავისი დედა, რადგანაც ისინი იყვნენ კანაში ქორწილზე, და რადგან ქორწილი დამთავრდა, ამიტომ იესო თავის დედას აბრუნებს კაპერნაუმში, თავის სახლში.
მართლაც, რომ დედის დასაბრუნებლად მიდის იესო კაპერნაუმში, იქიდანაც ჩანს, რომ იგი აქ რამდენიმე დღეს რჩება და იმის გამო, რომ ქალაქ კაპერნაუმის მცხოვრებლებს ქრისტეს რწმენა არ გააჩნდათ, ამიტომ იესო აქ სასწაულებს არ აღასრულებს, მაგრამ მის მომავალს იგი წინასწარმეტყველებს მათეს სახარებაში (მათე 11:23).
სიტყვებით – „მოახლოებულ იყო პასექი“, მახარებელი გვიჩვენებს უფლის ნათლობის დროს: იგი მონათლულა პასექამდე ცოტა ხნით ადრე.
მოვიდა რა იერუსალიმში, იგი ისეთ საქმეს აკეთებს, რომლითაც მჟღავნღება უფლის ძალაუფლება, სახელდობრ: გამოყრის ტაძრიდან ძროხების და ცხვრების გამყიდველებს. თუმცა, მათე მახარებელი (21: 12-13) ამ საკითხბე ბევრჯერ ლაპარაკობს, მაგრამ აქ ის განსხვავებაა, რომ მათეს მონაყოლით უფლის საქმეები - ახლოა მის ჯვარცმასთან, ხოლო – იოანე კი ჰყვება აწმყოში, თუ რას აკეთებდა უფალი მისი სასწაულების წინ; ამიტომ, აქ ცოტა დათმობით, ლმობიერად ამბობს: „ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო“, რამეთუ მისი სასწაულები მხოლოდ მაშინღა იწყებოდა. ხოლო, მათესათან კი ასე ეუბნება: „ხოლო თქვენ გიყოფიეს იგი ქვაბ ავაზაკთა ; უფალმა ცხადად უწოდა ამ ადამიანებს ავაზაკები (ყაჩაღები), რადგან ისინი უსამართლო გბებით მდიდრდებოდნენ. რამეთუ, ავაზაკობა არ არის, როცა ადამიანები ქვრივებს და ობლებს იაფად ღირებულ ნივთებს – ძვირად მიჰყიდიან და ამ გზით მდიდრდებიან, მოყვასის უბედურებისა და ჩაგვრის გზით?
უმიზეზოდ არ აძევებს ქრისტე ასეთ ადამიანებს ტაძრიდან სამუდამოდ. რა არის მიზები? ამის მიზები არის ის, რომ შაბათს უფალი აპირებს სნეულების განკურნებას და თითქოს, შაბათის კანონს არღვევს. იმისთვის, რომ ქრისტე არ ჩათვალონ ღმერთის მოწინააღმდეგედ, ამ შემთხვევით იგი წინასწარ აუწყებს ასეთ აზრს.
უფალმა ძალიან სახიფათო საქმე გადაწყვიტა: მან თოკისგან გააკეთა შოლტი, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და ხურდა ფული გადაუყარა, ძროხების და ცხვრების გამყიდველები გაშოლტა და თავიანთ საქონელთან ერთად ტაძრიდან გარეთ გამოყარა. ასევე მოექცა მტრედების გამყიდველებსაც.
უფალი ამბობს: ,,სახლი მამისა ჩემისა“ და არა – „ღმერთის“ სახლი, ასე იმიტომ ამბობს. რომ მას, როგორც მამის ძეს, ძალაუფლება აქვს ყველაფერზე. რაც მის მამას ეკუთვნის.
იმ დროინდელი ფულის გადამხურდავებლებისნაირად სცოდავენ უმაღლესი სამღვდელოების წარმომადგენლები: როცა ისინი ტაძარში ჰყიდიან „მროხებს“, ეს ნიშნავს, რომ ღირსეულ პატივს არ მიაგებენ მათ. ვინც გამორჩეულია მასწავლებლობის ნიჭით, არამედ ამ თანამდებობაზე ნიშნავენ ბოროტისმოქმედებს; როცა ჰყიდიან „ცხვრებს“ – უბრალო ხალხს, „მტრედებს“ – ანუ სულიერ ნიჭებს და უმაღლეს სამღვდელო ხარისხში დაადგენენ მათ, ვინც მეტ ფულს გადაუხდის.
ასეთებს უფალი „აგდებს“ საკურთხევლიდან, რადგან მისი სამართლის მიხედვით ისინი არ არიან ღირსნი უმაღლესი სამღვდელოების წოდებისა.
ასევე, თუ ვინმე ყიდის მსხვილ ფულს, ან ხურდას. ე. ი. მასწავლებლობის სიტყვას და აზრს, და არ ქადაგებს სახარებას. მაშინ უფალი „ამოაყირავებს, დაამხობს“; მის მაგიდას”, ე. ი. მასწავლებლობის წოდებას (ღირსებას), რადგან ასეთები სიბოროტის გამო აკავებენ ღვთის სიტყვის მადლს; ასეთ შემთხვევაში, უფალი იესო განკვეთს უღირსს სამღვდელო ძალაუფლებისგან და მის ადგილას სხვას, ღირსეულს დაადგენს.
მოწაფეებმა გაიხსენეს, რომ წერია: „შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე“ (ფსალ. 68,10). კიდევ ცოტა ხანს ისინი წარემატებიან სიკეთეში და თანდათანობით განმტკიცდებიან მეტად ქრისტეს რწმენასა და სიბრძნეში.

18. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ, რამეთუ ამას იქმ? 19. მიუგო იესუ და ჰრქუა: დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე. 20. ჰრქუეს მას ჰურიათა: ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამთა დღეთა აღადგინო იგი? 21. ხოლო იგი იტყოდა ტაძრისათჳს გუამისა თჳსისა. 22. და ოდეს აღდგა მკუდრეთით, მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ ამისთჳს იტყოდა, და ჰრწმენა წიგნისაჲ და სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ იესუ.

მიუგეს მაშინ იუდეველებმა და უთხრეს: „რა ნიშანს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.“ იუდეველებმა “უთხრეს: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“ ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა. როცა ის მკვდრეთით აღდგა, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ამას რომ ამბობდა, და იწამეს წერილი და სიტყვა, რომელიც იესომ თქვა.

როდესაც ებრაელებმა დაინახეს, რომ უფალი ამ საქმეს უდიდესი ძალაუფლებით აკეთებს და თან ამბობს: „ნუ ჰყოფთ სახლისა მამისა ჩემისასა სახლ „სავაჭრო“, მაშინ მას ეუბნებიან: დაგვიმტკიცე ჩვენ, რომ შენ – ღმერთის ძე ხარ, რომ შენ მამამ გამოგაგზავნა, გვარწმუნე რაიმე სასწაულის მოხდენით! საიდან ჩანს, რომ ამ სახლის უფალი – შენი მამაა?
იესო ამაზე პასუხობს: „დაჰხსენით ტაძარი ესე”, ეჭვსგარეშეა, იგი თავის სხეულზე ლაპარაკობს, რადგან მასში დავანებული იყო მხოლოდშობილი ძის სრული ღვთაება!
გაიგონონ არიოზელებმაც, როგორ ამბობს სიკვდილის გამაუქმებელი და დამთრგუნველი უფალი ქრისტე: „მე აღვადგინო”. მან არ თქვა: მამა აღადგენს, არამედ თავის, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით თქვა: „მე აღვადგინო“, იუდეველებს კი ეგონათ, რომ იგი ლაპარაკობდა უსულო ტაძარზე და მას დასცინოდნენ. როგორ ამბობ ამას, რომ 3 დღეში აღადგენ ტაძარს, როცა იგი 46 წელი შენდებოდა?
უნდა ვიცოდეთ, რომ ტაძარი პირველად აშენდა სოლომონ მეფის დროს, მის მშენებლობას მოანდომეს 20 წელი. შემდგომში, როცა ებრაელებმა, ტყვეობის შემდეგ მიიღეს ნებართვა ამ ტაძრის აშენებაზე, სარემონტო სამუშაოებით განაახლეს იგი კვიროსის მეფობისას. შემდგომ, მათ წინააღმდეგობა გაუწიეს შურიანმა ადამიანებმა და მშენებლობა გაგრძელდა მეფე არტაქსერქსის დრომდე; მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ებრაელი მშენებლები დიდი გასაჭირით ამთავრებენ ტაძრის მშენებლობას.
როცა ამბობენ, რომ იუდეველებს მშენებლობის დროს ერთ ხელში შუბი ეჭირათ, ხოლო მეორეში კი – სამშენებლო ხელსაწყოები, ეს სიმართლეა, რადგან ისინი დიდ შიშში იყვნენ მეზობლად მაცხოვრებელი იდუმიელებისგან, ხოლო სპარსელებისგან კი ისინი სრული უშიშროებით სარგებლობდნენ. იმ მშენებლობაზე საუბრობენ, რომელიც ტყვეობის შემდეგ მოხდა, რომელიც გრძელდებოდა 46 წლის განმავლობაში. რადგან ებრაელებს ჰქონდათ წინააღმდეგობა, ამის გამო ტაძრის მშენებლობა ამდენ ხანს გაგრძელდა – კვიროსის მეფობიდან – არტაქსერქსის მეფობამდე.
არც არის გასაკვირი, რომ იესოს სიტყვები ვერ გაიგეს ვერც ებრაელებმა, და ვერც მოწაფეებმა. მათთვის არსებობდა ორი უდიდესი სიძნელე: პირველი სიძნელე ეს არის – აღდგომის საქმე, რომელიც ძალიან ძნელად გასაგებია, მით უმეტეს, რომ ეს მათთვის საერთოდ უცნობი რამ იყო; მეორე სიძნელე ის იყო, რომ ღმერთი ხორცშესხმული იყო მათ გვერდით...
მაგრამ ქრისტეს აღდგომის შემდეგ მოწაფეებმა ირწმუნეს წერილი.
იკითხავთ: რომელი წერილი? და ყოველი ის წერილი, სადაც წინდაწინ ნათქვამია აღდგომის შესახებ: „რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს“ (ფს. 15.10) და სხვაგანაც ნათქვამია: ,,მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილი, და სხვათა შეცოდებებს იტვირთავს” (ესაია 53:11). წერილის ეს ადგილები ძალიან ნათლად გვაუწყებენ აღდგომის შესახებ.
აპოლინარი აქ ცდილობს გაამართლოს (დაიცვას) თავისი მწვალებლობა: მას სურს დაასაბუთოს ისეთი სიცრუე, თითქოს უფლის ხორცი – იყო სულის გარეშე! იგი ამბობდა, რომ ტაძარი ეწოდება – ხორცს, ხოლო ხორცი კი – უსულოა, აქედან გამომდინარე – სულიც უსულო ყოფილა.
შენ, მეხდაცემულო. დაზიანებულო და თავზარდაცემულო! შენი აზრით, უფლის სხეულად გადააქცევ – ხეებს, ქვებს და სხვა.
როცა შენ გესმის უფლის სიტყვები: „აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს” (იოანე 12:27), ან ,,რამეთუ მე დავსდებ სულსა ჩემსა“ (იოანე 10:17), როგორ გესმის შენ უფლის ეს სიტყვები? „მამაო, ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა” (ლუკა 23:46), ან ამაზე რას იტყვი: „რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს” (ფს. 15.10).
მაშ, დაიღუპე შენს თანამოაზრეებთან ერთად.

23. და ოდეს იყო იგი იერუსალჱმს პასქასა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა სახელისა მისისაჲ, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მისთა, რომელთა იქმოდა. 24. ხოლო თჳთ იესუ არა არწმუნებდა მათ თავით თჳსით, რამეთუ ყოველთა იცოდეს იგი. 25. და რამეთუ არა უჴმდა, რაჲთა წამოს ვინმე კაცისა მისთჳს, რამეთუ მან თჳთ იცოდა, რაჲ იყო კაცისა მის თანა.

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21