ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
იოანეს სახარების განმარტება

 

თავი მეცხრამეტე

 

1. მაშინ მოიყვანა პილატე იესუ და ტანჯა იგი. 2. და ერისაგანთა მათ შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და სამოსელი ძოწეული შეჰმოსეს მას. 3. და მოვიდიან მისა და ეტყჳედ მას: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და სცემდეს ყურიმალსა. 4. გამოვიდა უკუე კუალად გარე პილატე და ჰრქუა მათ: აჰა გამოვიყვანო იგი გარე თქუენდა, რაჲთა სცნათ, რამეთუ მის თანა არცა ერთი ბრალი ვპოე. 5. გამოვიდა იესუ გარე, და ედგა ეკლისა იგი გჳრგჳნი და ძოწეული სამოსელი. და ჰრქუა მათ პილატე: აჰა კაცი იგი! 6. და ვითარცა იხილეს იგი მღდელთ-მოძღუართა მათ და მსახურთა, ღაღად-ყვეს და თქუეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოებ. 7. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: ჩუენ სჯული გუაქუს და, სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო.

მაშინ პილატემ წაიყვანა იესო და გააშოლტვინა. ხოლო ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და ძოწეულით შემოსეს იგი. მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო: და სახეში ურტყამდნენ მას. კვლავ გამოვიდა გარეთ პილატე და უთხრა მათ: აჰა, გამოგგვრით, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. მაშინ გამოვიდა გარეთ იესო, ეკლის გვირგვინით და ძოწის მოსასხამით. და უთხრა მათ პილატემ: აჰა, კაცი; ხოლო მის დანახვაზე მღვდელმთავრები და მსახურები აყვირდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი! უთხრა მათ პილატემ: თქვენ თვითონ წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, ვინაიდან მე ბრალს ვერ ვპოულობ მასში. იუდეველებმა მიუგეს: ჩვენა გვაქვს რჯული, და ჩვენი რჯულის მიხედვით, სიკვდილის ღირსია, ვინაიდან ღმერთის ძედ დასახა თავი.

გთხოვ, დააკვირდი, რაოდენ დიდია იუდეველთა სიძულვილი (სიბოროტე)! სახელგანთქმული ყაჩაღი, ბარაბა, უნდათ გაანთავისუფლონ, ხოლო უდანაშაულო უფალი – გადასცენ სასიკვდილოდ.
იმისთვის, რომ დააშოშმინოს (დააცხროს) იუდეველთა მძვინვარება (მრისხანება) ქრისტეს მიმართ, პილატე უფალს გასაშოლტად მისცემს, მაგრამ ამით არ ცხრება ებრაელთა სიძულვილი
უფალს ადგამენ ეკლის გვირგვინს და ძოწეულს აცვამენ. ჯარისკაცები იესოს ყოველმხრივ ამცირებენ, რათა იუდეველთა გული მოიგონ.
პილატე არაა შურისმგებელი ებრაელთა მიმართ. მას გამოჰყავს კიდევ იესო, რათა გაბოროტებული ხალხი დაამშვიდოს (დააწყნაროს), მაგრამ ისინი გაჰყვირიან: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!“
როცა პილატე მიხვდა, რომ მას ამ ხალხთან არაფერი არ გამოუვიდოდა და უფალს ვერ გაანთვისუფლებდა, მაშინ იგი იესოს გადასცემს მათ: ,,თქვენ თვითონ წაიყვანეთ იგი და ჯვარს აცვით, ვინაიდან მე ვერ ვპოულობ მასში ბრალს“.
მე, ეუბნება პილატე, რომელსაც მაქვს ძალაუფლება ჯვარს ვაცვა იგი (ქრისტე), ვერ ვპოულობ მასში ვერავითარ ბრალს (მიზეზს), ხოლო თქვენ, რომლებსაც არ გაქვთ ძალაუფლება მისი ჯვარცმის, ამბობთ (მეუბნებით), რომ იგი დამნაშავეა. მაშ, წაიყვანეთ და ჯვარს აცვით! მაგრამ თქვენ ხომ არ გაქვთ ამისი ძალაუფლება? ე.ი. ეს ადამიანი (ქრისტე) თქვენ უნდა გაუშვათ (გაანთავისუფლოთ)! ასეთი იყო პილატეს მიზანი!
პილატე, სხვებთან შედარებით, უფრო მოწყალეა, მაგრამ სამწუხაროდ, სიმტკიცე ბოლომდე ვერ გამოიჩინა ჭეშმარიტების დასაცავად.
იუდეველები კი, ამით შერცხვენილნი, ეუბნებიან პილატეს: „ჩვენა გვაქვს რჯული, და ჩვენი რჯულის მიხედვით, სიკვდილის ღირსია, ვინაიდან თავი თვისი ძედ ღვთისა ყო”.
შეხედე (დააკვირდი) მათ სიბოროტეს! ადრე პილატე მათ ეუბნებოდა: თქვენი რჯულით გაასამართლეთ იგი ამაზე მაშინ იუდეველები არ დათანხმდნენ. ახლა კი ეუბნებიან პილატეს: ჩვენი რჯულის მიხედვით – იესო უნდა მოკვდეს.
უწინ იუდეველები უფალს ამტყუნებდნენ იმაში, რომ თავის თავს მეფეს რატომ უწოდებსო, ახლა კი, როცა მათი ეს სიცრუე გამტყუნებულია, ამბობენ, ღმერთის ძედ რატომ ასაღებს (ასახელებს) თავსო?
ბევრჯერ იყო დასაბუთებული უფლის უდანაშაულობა; თვითონ პილატეც კი ბევრჯერ აცხადებდა (ამბობდა), რომ იესო ქრისტე უდანაშაულოა და იგი არ იმსახურებს სიკვდილს!

8. ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე პილატეს, უფროჲს შეეშინა. 9. და შევიდა კუალად მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესუს: ვინაჲ ხარ შენ? ხოლო იესუ სიტყუაჲ არა მიუგო მას. 10. ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყჳა? ანუ არა უწყია, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ჴელმწიფებაჲ მაქუს განტევებად შენდა? 11. ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისათჳს მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაჲ აქუს.

ეს სიტყვა რომ გაიგონა პილატემ, უფრო შეშინდა. ხელახლა შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: სადაური ხარ? მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა. უთხრა მას პილატემ: მე არ მცემ ხმას? ნუთუ არ იცი, რომ შემიძლია ჯვარს გაცვა შენ და შემიძლია შენი გაშვებაც? იესომ მიუგო: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ უფრო დიდი ცოდვა აქვს იმას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა.

როდესაც პილატემ გაიგო, რომ იესო არის ღვთის ძე, ძალიან შეეშინდა. იგი ეკითხება იესოს: „ვინ ხარ შენ?” იესო არაფერს არ პასუხობს, რადგან უკვე უპასუხა ამას წინათ: „იმიტომ დავიბადე“ და „ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური”.
მაგრამ უფლის ეს ნათქვამი მან სწორედ ვერ გამოიყენა (ვერ განსაზღვრა) და ჭეშმარიტების მხარეზე ვერ დადგა, პილატე მერყევი ხასიათის იყო, და რადგანაც მას ეშინოდა ებრაელების (იუდეველების), ამიტომ მან ამ ხალხს დაუთმო; მაგრამ პილატეს ძალიან ეშინოდა აგრეთვე იესოსი, როგორც ღმერთის ძისა!
პილატე ეუბნება იესოს: ხელმეწიფება ჯვარს გაცვა შენ და ხელმეწიფება შენი გაშვებაც? თუკი შენგან გამომდინარე (თუკი შენზე იყო დამოკიდებული) იყო ყველაფერი, მაშინ რატომ შენს თავს არ გაანთავისუფლებ?”
უფალი ამდაბლებს ქედმაღალ პილატეს: „არ გექნებოდა არავითარი ხელმწიფება ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა”. მე უბრალოდ კი არ ვკვდები, არამედ რაღაც საიდუმლო საქმეს ვაკეთებ (აღვასრულებ), რაც ზემოთ არის განსაზღვრული ყველა ადამიანის ცხოვნებისთვის (ხსნისთვის).
მაგრამ იმისთვის, როცა შენ გაიგონებ: „მოცემულია ზემოდან, ე. ი. დაშვებულია, რომ არ იფიქრო ისე, თითქოს პილატე და იუდეველები პასუხს არ აგებენ ქრისტეს წინაშე, უფალი ამატებს შემდეგ სიტყვებს: „უფრო დიდი ცოდვა აქვს მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა შენ“.
ამ სიტყვებით იესოს უნდა გვიჩვენოს (მიგვითითოს), რომ პილატეს ცოდვა ადევს (პილატე დამნაშავეა ცოდვაში) თუმცა – ნაკლებად. იმის გამო, რომ „ზემოდან მოცემულია“ ე· ი. დაშვებულია ქრისტეს სიკვდილი, პილატე და იუდეველები უდანაშაულოები სულაც არ გამოდიან, რადგან მათ, თავიანთი თავისუფალი ნებით სიბოროტე ამოირჩიეს, ხოლო ღმერთმა კი – დაუშვა, მათ ეს სიბოროტე – საქმედ ექციათ, რის გამოც ისინი ყოველგვარ სასჯელს იმსახურებენ.

12. ამის გამო პილატეს უნდა განტევებაჲ მისი, ხოლო ჰურიანი იგი ღაღადებდეს და იტყოდეს: უკუეთუ ეგე განუტეო, არა ხარ მოყუარე კეისრისაჲ, რამეთუ ყოველი, რომელი მეუფედ იტყჳნ თავსა თჳსსა, სიტყუას-უგებნ კეისარსა. 13. ხოლო პილატეს რაჲ ესმა სიტყუაჲ ესე, გამოიყვანა იესუ გარე და დაჯდა იგი საყდართა ზედა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან ქვაფენილ, ხოლო ებრაელებრ კაპპათა. 14. და იყო პარასკევი პასქაჲსაჲ, და ჟამი იყო მეექვსე. ჰრქუა პილატე ჰურიათა მათ: აჰა მეუფჱ თქუენი!

ამის შემდეგ ცდილობდა პილატე გაეშვა იგი. მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: თუ მას გაუშვებ, კეისრის მეგობარი არა ხარ, რადგან ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისარს ეურჩება. ეს სიტყვა რომ გაიგონა, პილატემ გარეთ გამოიყვანა იესო და სამსჯავრო ტახტზე დაჯდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია ქვაფენილი, ხოლო ებრაულად - გაბათა. იყო პასექის პარასკევი, ასე, მეექვსე საათი; და უთხრა იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე!

უფალმა ამ სიტყვებით მეტად დააშინა პილატე. ცოდვაა შენზე, ხოლო უმეტესი ცოდვა კი – ჩემს გამცემ იუდაზეა და ებრაელ ხალხზე, როცა უძლური და უპასუხო მნახეს (მიპოვეს). არ დამინდეს და ჯვარს მაცვეს. მრავალი სასამართლოდან, ეუბნება იესო, უდანაშაულო გამოვედი, მაგრამ ამ ხალხს არაფრის არ რცხვენია, ისინი ყვიროდნენ: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი!”
ამ სიტყვების გამგონე პილატეს უფრო მეტად შეეშინდა უფლის და ეძებდა შესაფერის დროს, რათა იგი გაეშვა (გაენთავისუოლებინა).
იუდეველები მიხვდნენ, რომ პილატეს იესოს განთავისუფლება უნდა. ამიტომ პილატე, როგორც მშიშარა, უნდათ შეაშინონ (დააშინონ) კეისრის სახელით: თუ შენ, ეუბნებიან პილატეს, იესოს გაანთავისუფლებ, მაშინ კეისრის მეგობარი აღარ იქნები. ვინ დაიჭირა უფალი სამეფო ძალაუფლების მიტაცებაში? რითი დაამტკიცებთ ამას? უფალს ხომ ყველაფერი ღარიბული აქვს – სამოსიც, საჭმელიც და სახლიც? თუმცა, სახლი საერთოდ არა აქვს.
მახარებელი მარკოზი ამბობს, რომ ქრისტე ჯვარს აცვეს მესამე საათზე (მარკ. 15:25), ხოლო მახარებელი იოანე კი ამბობს, რომ იმ დროს, როცა უფალი ჯვარს ეცვა, იყო მეექვსე საათი. ეს როგორაა? ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ეს არის გადამწერის შეცდომა.
სამი მახარებელი – მათე, მარკოზი და ლუკა შეთანხმებულად ამბობენ, რომ მთელ დედამიწაზე წყვდიადი (სიბნელე) ჩამოდგა 6 საათიდან – 9 სთ-მდე. ალბათ, ჩვენი უფალი ჯვარს აცვეს 6 საათამდე, სანამ წყვდიადი ჩამოდგებოდა, დაახლოებით 3 საათისთვის, როგორც აღნიშნავენ მარკოზი და იოანეც.
ასე (ამრიგად) ხსნიან ამ უთანხმოებას.
თუ ვინმე გვეტყვის: რისთვის უნდოდა პილატეს ისევ გაენთავისუფლებინა იესო მის შემდეგ, რაც დაახლოებით 3 საათისთვის მან გამოუტანა ჯვარცმის განაჩენი?
პირველ რიგში, ვინც ასეთ კითხვას დასვამს, მან უნდა იცოდეს, რომ პილატე, რომელიც აიძულა იუდეველთა ბრბომ, იძულებული გახდა გამოეტანა ეს განაჩენი; მეორეს მხრივ, შეშფოთებული იყო პილატე თავისი ცოლის სიზმრით, რომელიც აფრთხილებდა ქმარს (პილატეს): „ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს” (მათე 27, 19).

15. ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მეუფე თქუენი მე ჯუარს-ვაცუაა? მიუგეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გჳვის ჩვენ მეუფჱ, გარნა კეისარი. 16. მაშინ მისცა იგი მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. ხოლო მათ წარიყვანეს იესუ. 17. და ეკიდა თჳთ ჯუარი თჳსი, და განვიდა ადგილსა მას თხემისა, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ გოლგოთა. 18. და მუნ ჯუარს-აცუეს იგი, და მის თანა სხუანი ორნი ამიერ და იმიერ და შორის იესუ.

ხოლო ისინი აყვირდნენ: წაიყვა, წაიყვა, ჯვარს აცვი იგი! უთხრა მათ პილატემ: თქვენი მეფე ჯუარს-ვაცვა? მღვდელმთავრებმა მიუგეს: არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა. მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესო. თან მიჰქონდა თავისი ჯვარი, და მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია თხემისა, ხოლო ებრაულად - გოლგოთა, სადაც ჯვარს აცვეს იგი, და მასთან, ერთად ორი სხვაც, აქეთ და იქით, ხოლო შუაში იესო.

ჩვენ უკვე ბევრჯერ ვთქვით, რომ პილატე არაა მრისხანე, გულმწყრალი, არამედ იგი მშიშარა და სუსტია, იგი ამ საქმეს თითქოს ანიჭებს სასამართლოს გამოკვლევის სახეს, მაგრამ თვითონ ყველაფერში მოქმედებს სუსტად (უძლურად): „აჰა, თქვენი მეუფე“ აი, ეუბნება პილატე იუდეველებს, როგორ ღარიბ ადამიანს სწამებთ ცილს, რომელსაც არც კი უფიქრია თქვენზე მეფობა, ძალაუფლების აღმატება. ეს თქვენი ბრალდება ცრუა. რომელი თვისება აქვს მას (იესოს) ძალაუფლების მიმტაცებლისთვის დამახასიათებელი? სიმდიდრე, მეომრები თუ რა?
„აჰა, თქვენი მეუფე“ ეუბნება პილატე ებრაელებს, თუ მას მოკლავთ, რა სარგებელი გექნებათ ამით, მას ხომ თქვენთვის სულ მცირე ზიანის მიყენებაც არ შეუძლია. ასე ლაპარაკობს პილატე, მაგრამ სიმტკიცის გარეშე, იგი არ იბრძვის ჭეშმარიტებისთვის.
ხოლო ებრაელები კი აყვირდნენ: „წაიყვა, წაიყვა, ჯვარს აცვი იგი! მათ უნდათ, იესო ჯვარს აცვან, რათა მან ხალხისგან მიიღოს ცუდი დიდება, რადგანაც იმ დროს ადამიანის ჯვარცმა (ჯვარზე გაკვრა) ითვლებოდა ყველაზე სამარცხვინო და დაწყევლილ სიკვდილად; მეორე რჯულში წერია: „დაწყევლილია ხეზე ჩამოკიდებული“ (2 რჯული 21:23).
მათ არ იცოდნენ, რომ როგორც ხით (ძელით) იყო დაცემა, ასევე ხით (ძელითვე) იქნებოდა გამოსწორებაც.
„მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად“. საჭირო იყო გამოკვლევა იმისი, მართლა შეეძლო უფალს მიესაკუთრებინა (მიეტაცებინა) სამეფო ძალაუფლება თუ არა? შენ კი, პილატე, გაეცი იგი, შიშის გამო, რაც ღირსეული კაცის შესაფერისი საქციელი არაა.
„და მიჰქონდა თავისი ჯვარი“ თვითონ უფალს, რადგან ხალხს ხის ძელზე ხელით შეხება მიაჩნდათ უპატიო და დაწყევლილ საქმედ. იმასაც დააკვირდი, რომ ეს ხდება ძველი აღთქმის პირველსახესთან შეთანხმებით.
მეორე მახარებელი, მარკოზი, ამბობს, რომ (მარკ. 15:21) უფლის ჯვარი მისცეს საზიდად (სატარებლად) სიმონ კვირინელს.
თავიდან უფალს მიჰქონდა ჯვარი, ყველას ეშინოდა ამ ძელის შეხება, რადგან დაწყევლილი იყო, ხოლო როცა სიმონს შეხვდნენ, მას მისცეს უფლის ჯვარი. მივიდნენ ისეთ ადგილას, რომელსაც ერქვა გოლგოთა, ანუ თხემის ადგილი.
ხალხში ამბობდნენ, რომ ამ ადგილას იყო დასაფლავებული ადამი: რადგან საიდანაც სიკვდილი შემოვიდა. იმ ადგილიდანვე უნდა მომხდარიყო სიკვდილის გაუქმებაც – ქრისტეს მიერ!
არსებობს საეკლესიო გადმოცემა იმის შესახებ (იმის თაობაზე), რომ როცა პირველი ადამიანი სამოთხიდან იქნა გამოგდებული (გამოძევებული), მათი პირველი საცხოვრებელი ადგილი იყო – იუდეა! როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და მდიდარი ქვეყანა!
ამ ქვეყანაში პირველი ადამიანი გარდაიცვალა. იმ დროს ხალხმა, როცა ნახა მიცვალებული, თავის (შუბლის) კანი გადააძრო და აქ, ამ „თხემის ადგილას“ დამარხა. ამ მოვლენის გამო ხალხმა ამ ადგილს უწოდა „თხემის ადგილი”, ანუ გოლგოთა.
ამიტომაც, უფალი ჯვარცმას იღებს ზუსტად ამ ადგილას, რათა პირვანდელი სიკვდილის წყარო გაშრეს, განქარდეს!
იესოსთან ერთად ჯვარს აცვეს 2 ყაჩაღიც, რადგან მათ უნდოდათ, რომ უფალზეც ცუდი აზრი ჰქონოდათ ადამიანებს და ისიც ყაჩაღი ჰგონებოდათ.
დააკვირდი უფლის დიდ სიბრძნეს: ის, რაც ადამიანებს უნდოდათ ღმერთის შეურაცხყოფისთვის გამოეყენებინათ (მისი უპატიოებისთვის). ღმერთმა ის მაცხოვრის სადიდებლად შემოაბრუნა.
ასევე, დიდ სასწაულად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ ქრისტემ ჯვარცმული ყაჩაღი აცხოვნა, რაც მის ღვთაებრივ, ყოვლისშემძლე ძალაზე მეტყველებს.

19. და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა. და იყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი, მეუფჱ ჰურიათაჲ. 20. ესე ფიცარი მრავალთა ჰურიათა აღმოიკითხეს, რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა ადგილი იგი, სადა ჯუარს-აცუეს იესუ. და იყო წერილი ებრაელებრ და ჰრომაელებრ და ბერძლ. 21. ეტყოდეს უკუე პილატეს მღდელთ-მოძღუარნი იგი ჰურიათანი: ნუ დასწერ მეუფედ ჰურიათა, არამედ ვითარმედ მან თქუა: მეუფჱ ჰურიათაჲ ვარი მე. 22. ჰრქუა მათ პილატე: რომელი დავწერე, დავწერე.

დაწერა წარწერა პილატემ და ჯვარზე გააკრა; ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე. იუდეველთაგან ბევრმა წაიკითხა ეს წარწერა (ვინაიდან ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს იესო, ახლოს იყო ქალაქთან), და დაწერილი იყო ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად. ხოლო იუდეველთა მღვდელმთავრებმა უთხრეს პილატეს: ნუ დაწერ: იუდეველთა მეფე, არამედ როგორც მან თქვა: მე ვარ მეფე იუდეველთა. მიუგო პილატემ: რაც დავწერე, დავწერე.

პილატე ჯვარზე წერს წარწერას. განცხადებას, სადაც უთითებს, ვისია ეს ჯვარი. მისი ეს წარწერა 3 სხვადასხვა ენაზე იწერება: ებრაულ, ლათინურ და ბერძნულ ენებზე.
მაშასადამე, პილატე ამ წარწერას წერს ერთის მხრივ იმიტომ, რომ შური იძიოს ებრაელებზე, იმის გამო, რომ მათ არ დაუჯერეს პილატეს და აუჯანყდნენ საკუთარ მეფეს, ხოლო მეორეს მხრივ კი, იმისთვის, რომ პილატეს სურს დაიცვას ქრისტეს დიდება.
იესო ჯვარს აცვეს ყაჩაღებთან (ავაზაკებთან) ერთად, რათა მისი სახელისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ. პილატე კი აცხადებს, რომ იესო არ არის ავაზაკი (ყაჩაღი), არამედ იგი – იუდეველთა მეფეა და ამას იგი 3 სხვადასხვა ენაზე უცხადებს მათ!
როცა იუდეველებმა წაიკითხეს პილატეს დაწერილი, არ მოეწონათ, რადგან მათ უნდოდათ, პილატეს ისე დაეწერა. რომ ბრალდებული უფალი გამოსულიყო: ისე დაწერე, ეუბნებოდნენ ისინი პილატეს, როგორც თვითონ ქრისტე ამბობდა – მეფე ვარო; მაგრამ პილატე მათ არ დაეთანხმა, მან უთხრა; „რაც დავწერე, დავწერე”.
მოკლედ რომ ვთქვათ, აქ უფრო დიადი რამაა ჩაფიქრებული: იმისთვის, რომ ოდესმე ვინმეს გაერჩია 3 ჯვრიდან – რომელია ქრისტეს ჯვარი, მის ჯვარს 3 ენაზე წარწერა გაუკეთდა; ავაზაკების ჯვრებს კი არავითარი წარწერა არ პქონდა.
მაშ, დიდება იმას, ვინც ჯვრის ძალით თავისი თავი და თავისი სამეფო გამოგვიცხადა, ვინც ჩვენი მოღაწეობა გააძლიერა (განამტკიცა) და ვინც ქვეყნიერებას სძლია!

23. და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად. 24. თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს.

ჯარისკაცებმა, რომლებმაც ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსი და ოთხ ნაწილად გაყვეს, თვითეულ ჯარისკაცს თავისი წილი ერგო, აგრეთვე კვართი; ხოლო კვართი ნაკერი კი არ იყო, არამედ თავიდან ბოლომდე ნაქსოვი. და ერთმანეთს უთხრეს: ნუ დავხევთ ამას, არამედ წილი ვყაროთ მასზე, ვნახოთ ვის შეხვდებაო. რათა აღსრულდეს წერილი, რომელიც ამბობს: გაიყვეს ჩემი სამოსი ერთმანეთს შორის, და ჩემს კეართზე იყარეს წილი.

შეხედე ჭეშმარიტებას! სამნი იყვნენ ჯვარცმულნი, მხოლოდ წინასწარმეტყველთა ნათქვამი აღსრულდა ქრისტეზე. გთხოვ, დააკვირდე წინასწარმეტყველების სიზუსტეს: წინასწარმეტყველმა მარტო იმაზე კი არ თქვა, რაც გაიყვეს, არამედ იმაზეც, რაც ვერ გაიყვეს.
უფლის სამოსი 4 ნაწილად გაყვეს, ხოლო მის კვართზე კი – წილი ჰყარეს (წილი იყარეს).
სიტყვები – „თავიდან ბოლომდე ნაქსოვი“ ტყუილუბრალოდ არაა დამატებული (არაა ნათქვამი): ერთნი ამბობენ, რომ ამ სიტყვებით გამოხატულია, რომ ჯვარცმული – უბრალო ადამიანი არ იყო, არამედ მას გააჩნდა (ჰქონდა) ,ზემოდან“ ღვთაებრივობა. სხვები კი ამბობენ, რომ მახარებელი აქ აღწერს (გულისხმობს) თვით კვართის სახეს (რაობას); რადგანაც, პალესტინაში ასე ქსოვდნენ ტანსაცმლისთვის ტილოს: მატერიის (ტილოს) 2 ნაჭერს შეაერთებდნენ, შეკერავდნენ ტანსაცმელს, გაკერვის მაგივრად ტილოს ნაჭრებს ამოქსოვდნენ. აქედან გამომდინარე, იოანე მახარებელს უნდა, რომ ჩვენ მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ ქრისტეს კვართი, როგორ იყო მოქსოვილი, ე. ი. ზემოდან – ბოლომდე იყო მთლიანად მოქსოვილი, „თავიდან ბოლომდე ნაქსოვი“. თან ამით მას (მახარებელს) სურს ყურადღება მივაქციოთ ქრისტეს ტანსაცმლის სიღარიბეს.
ზოგნი კი ამბობენ, რომ პალესტინაში ტილოებს ისე კი არ ქსოვდნენ, როგორც ჩვენთან: ჩვენთან საფუძველი (ძირი) ნაქსოვის პირიქით, უკუღმაა: ნაქსოვის საფუძველი არის – ქვემოთ, ხოლო ტილოს ქსოვენ ზემოდან – ქვემოთ.
ასე იყო მოქსოვილი, როგორც ამბობენ, უფლის კვართიც; ეჭვსგარეშეა, აქაც რაღაც საიდუმლოა ჩაფიქრებული.
ქრისტეს სხეული „მოქსოვილია“ ზემოდან, რამეთუ სული წმიდა გარდამოვიდა და უზენაესის ძალამ მოუჩრდილა ქალწულს (ლუკა 1, 35). მართალია, უფალმა ადამიანური ხორცი შეიმოსა მაგრამ მისი ღვთაებრივი ხორცი შემოსილია და „მოქსოვილია“ სული წმიდის უზენაესი მადლით.
მაშ, ქრისტეს უწმინდესი სხეული, რომელიც იყოფა და რიგდება მსოფლიოს 4 ადგილას იმყოფება განუყოფლად, რამეთუ თვითოეულ ადამიანს ქრისტე განანათლებს თავისი წმ. სხეულით, მხოლოდშობილი ძე თავისი წმ. ხორცით სრულყოფილად და განუყოფლად იმყოფება ყველა ადამიანში. რამეთუ, უფალი არსად არაა გაყოფილი, როგორც მოციქული პავლე ამბობს ამის შესახებ (I კორინთ. 1:13).

25. ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი, და მარიამ მაგდალენელი. 26. ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი! 27. და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა.

იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი. ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე! მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი.

მეომრები უგუნურად იქცეოდნენ. იესო ზრუნავს დედაზე, ამით ჩვენ გვასწავლის, რომ სულის უკანასკნელ ამოსვლამდე ყოველმხრივ უნდა ვიზრუნოთ მშობლებზე. დააკვირდი, იქ, იმ დროს, სხვა ქალებიც იყვნენ (იმყოფებოდნენ), მაგრამ უფალი მარტო თავის დედაზე ზრუნავს!
რამეთუ, იმ მშობლებს, ვინც გვაბრკოლებს ღმერთის მსახურებაში (თაყვანისცემაში), ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ხოლო ისეთ მშობლებზე, ვინც არ გვიშლის ხელს, ყოველმხრივ უნდა დავეხმაროთ.
ასევე უფალიც, რომელიც გადიოდა ამ მიწიერი ცხოვრებიდან, თავის დედას, ღვთისმშობელს, ჩააბარებს თავის მოწაფეს – წმ. იოანე ღვთისმეტყველს.
წმ. მახარებელი თავის სახელს არ ამხელს თავმდაბლობის გამო.
ოჰ! როგორ დააფასა იესომ თავისი მოწაფე – იოანე, როცა თავის მეგობრად გამოაცხადა. ასე კარგია დატანჯულ ქრისტესთან ერთად ყოფნა, რასაც მის ძმობამდე მივყავართ.
გასაკვირია, ჯვარცმული მაცხოვარი როგორ ყველა საქმეს აგვარებს შეშფოთების გარეშე: ზრუნავს დედაზე, აღასრულებს წინასწარმეტყველებას, ავაზაკს უღებს სამოთხის კარებს. მიუხედავად იმისა. რომ ჯვარცმამდე ოფლიანობს და განიცდის (ადამიანურად) სულიერ უძლურებას - გულის გადალევას,
ცხადია, რომ ეს უკანასკნელი მიეკუთენება უფლის ადამიანურ ბუნებას, ხოლო პირველი – მის ღვთაებრივ ძალას.
წმ. სახარებაში ნახსენებია 4 მარიამი: პირველია – დედა ღვთისმშობელი, მეორე – მარიამ მაგდალინელი, ვისგანაც უფალმა 7 ბოროტი სული გააგდო; მესამე – მარიამ კლეოპასი, რომელიც მოიხსენიება წმ. იოსების შვილად და მეოთხე – მარიამი, ლაზარეს და.
გთხოვ დააკვირდე, ქრისტეს წმ. მოწაფემ, იოანე ღვთიმეტყველმა, თავისთან წაიყვანა ყოვლადწმიდა, რამეთუ წმინდა იოანემ ჩაიბარა ყოვლადწმიდა დედა! როგორი მტკიცე ღა ურყევია ქალთა სქესი განსაცდელებში, ხოლო მამაკაცებმა კი – მიატოვეს უფალი.

28. ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს. და რაჲთა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის. 29. დგა მუნ ჭურჭელი ძმრითა სავსე. და მათ ღრუბელი აღავსეს ძმრითა მით უსუპსა თანა და დაადგეს ლერწამი და მიუპყრეს პირსა მისსა. 30. და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესუ, თქუა: ესეცა წერილი აღსრულებულ არს. და მიიდრიკა თავი და განუტევა სული.

შემდგომ ამისა, რაკიღა მიხედა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია. იქვე იდგა ძმრით სავსე ჭურჭელი. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი უსუპს წამოაცვეს და პირთან მიუტანეს. როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა და სული განუტევა.

უფალი, „რაკი მიხვდა, რომ უკვე აღსრულდა ყველაფერი“, ამბობს: „მწყურია“; ამ შემთხვევაში იგი აღასრულებს წინასწარმეტყველებას.
როცა თვითონ ინება ქრისტემ თავისი გარდაცვალება, ზუსტად იმ დროს მოხდა, ამიტომაც იგი ამბობდა: „არამედ დავდებ მას (თავით) ჩემით. ხელმეწიფების დადებად მისა” (იოანე 10:18).
იესოს მტრები ასმევენ მას ძმარს, როტორც ბოროტმოქმედებს ექცეოდნენ, უცოდველ უფალსაც ისე ბოროტად ექცევიან! ძმარში დასველებული ღრუბელი წამოაცეეს უსუპს (მავნე ბალახი) და იესოს პირთან მიუტანეს. ამ გზით (ამ სახით) აღსრულდა წინასწარმეტყველება: ,,და წყურვილსა ჩემსა მასვეს მე ძმარი“ (ფს. 68: 22).
ძმრის დალევის შემდეგ (შემდგომ) უფალმა თქვა: „აღსრულდა! ე. ი. ეს წინასწარმეტყველებაც აღსრულდა (შესრულდა) ისევე, როგორც სხვები. ყველაფერი დამთავრებულია. |
უფალი ქრისტე ყველაფერს აკეთებს შფოთის გარეშე და ძალაუფლებით. ეს ჩანს შემდეგი მოვლენიდან: როცა ყველაფერი აღსრულდა, იესომ „მოიდრიკა თავი“, რადგან იგი არ იყო ჯვარზე მილურსმული, „და სული განუტევა“.
ჩვენ, ცოდვილებს კი, პირიქით გვემართება: ჯერ სუნთქვა შეგვიჩერდება, ხოლო მერე – თავი ჩამოგვივარდება.
უფალმა კი ჯერ თავი მოიდრიკა, ხოლო შემდეგ – სული განუტევა.
ამ ყველაფერს თუ კარგად დავუკვირდებით, ცხადად დავინახავთ, რომ ქრისტე არის სიკვდილის უფალი და ყველაფერს იგი აკეთებდა და ახლაც აკეთებს თავისი უდიდესი ძალაუფლებით.

31. ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაჲთა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათადმდე, რამეთუ იყო დიდ დღე იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა წჳვნი მათნი განუტეხნენ და გარდამოიხუნენ. 32. მოვიდეს ერისაგანნი იგი და პირველისანი მის განუტეხნეს წჳვნი, და ერთისაჲ მის ეგრეთვე, რომელნი ჯუარ-ცუმულ იყვნეს მის თანა. 33. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს იესუჲსა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წჳვნი მისნი, 34. არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი.

რაკი პარასკევი იყო, გვამები რომ ჯვარზე არ დარჩენილიყო შაბათს (ვინაიდან ის შაბათი დიდი დღე იყო), იუდეველებმა სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. მაშინ მივიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულთ, ერთსაც და მეორესაც. ხოლო როცა იესოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, და აღარ დაუმტვრიეს წვივები. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა.

ქრისტე უფალმა თავისი სული მიაბარა მამა ღმერთს, რათა ამით გვაჩვენოს, რომ წმინდანთა სულები ადიან ღმერთთან, ხოლო ცოდვილთა სულები კი – ჩადიან ჯოჯოხეთში, სადაც დაუსრულებელი ტანჯვაა.
მახარებელი ამბობს. რომ იუდეველებმა სთხოვეს პილატეს, რათა ჯვარცმულებს დაუმსხვრიონ წვივის ძვლები და გვამები ჯვრიდან ჩამოხსნან.
რისთვის უნდოდათ ებრაელებს წვივების დამტვრვა მათთვის? იმისთვის, რომ თუკი რომელიმე მათგანი ცოცხალი გადარჩებოდა, შრომის უუნარო ყოფილიყო (დარჩენილიყო). იუდეველებს არ უნდოდათ თავიანთ დღესასწაულზე ყოფილიყვნენ მკვლელები და შურისმგებლები. დააკვირდი, იუდეველთა სხვადასხვა გამოგონებებით როგორ სრულდება წინასწარმეტყველება! აქ, ზედიზედ, სრულდება 2 წინასწარმეტყველება, როგორც ამას ამბობს მახარებელი.
მართალია, იესოს წვივის ძვლები არ დაუმტვრიეს, მაგრამ ებრაელთა გულის მოსაგებად, მას ფერდში შუბს არტყამენ, საიდან გადმოდის სისხლი და წყალი. ეს კი ძალიან გასაკვირია! იესოს მტრებს უნდოდათ გარდაცვლილი უფლისთვის დაეცინათ, მაგრამ მათ თვალწინ ხდება დიდი სასწაული!
ისიც გასაკვირია, რომ გარდაცვლილი სხეულიდან სისხლი გამოდის. თან ამას ისიც ემატება, რომ სისხლთან ერთად – წყალიც გამოდის, რაც ღმერთის უდიდესი სასწაულია!
ეს სასწაული უმიზნოდ, უბრალოდ არ მომხდარა, რადგანაც ქრისტეს ეკლესიაში სიცოცხლე იწყება და გრძელდება ამ ორი რამით: წყლით ჩვენ ვიბადებით, ხოლო ქრისტეს წმ. ზიარებით – მისი სისხლით და ხორცით კი – ვსაზრდოობთ, ვცოცხლობთ.
მაშ, დაგარიგებ: როდესაც წმ. ბარძიმთან მიხვალ (მიუახლოვდები) ქრისტეს წმ. სისხლის მისაღებად – საზიარებლად, ისე ჩათვალე, თითქოს ქრისტეს ნეკნიდან სვამ ამ წმ. სისხლს.
ჯარისკაცის შუბი უნდა ვიგულისხმოთ იმ მახვილად, რომლითაც ჩვენ გამოგვყარეს (გამოგვაგდეს) სამოთხიდან (დაბადება 3, 24).
უფალი მიგვითითებს, რომ მას შეუძლია ეს მბრუნავი მახვილი გააჩეროს, ამისთვის იგი თავის ნეკნებს მიუშვერს ჯარისკაცის შუბს, როდესაც შუბი შეეხო ქრისტეს ნეკნებს, იგი შეჩერდა, ასევე შეუძლია ქრისტეს შეაჩეროს მბრუნავი, ცეცხლოვანი მახვილი, რომელიც ხელს აღარ შეგვიშლის სამოთხის დამკვიდრებაში (სამოთხეში შესვლაში).

35. და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყჳს, რაჲთა თქუენცა გრწმენეს. 36. რამეთუ იყო ესე, რაჲთა წერილი აღესრულოს, ვითარმედ: ძუალი მისი არა შეიმუსროს. 37. და სხუაჲ წერილი იტყჳს: იხილონ, რომელსა-იგი უგმირეს.

და ვინც იხილა, იმოწმა, და ჭეშმარიტია მისი მოწმობა; მან იცის, რომ ჭეშმარიტს ამბობს, რათა ირწმუნოთ. ვინაიდან ეს მოხდა, რათა აღსრულდეს წერილი: მისი ძვალი არ შეიმუსრება. ხოლო სხვა წერილი ამბობს: იხილავენ მას, ვინც განგმირეს.

წმ. მახარებელი იოანე (ღვთისმეტყველი) გვეუბნება, რომ რასაც წერს, სხვებისგან კი არ გაუგონია, არამედ იგი თვითონ იქ იყო და ყველაფერი თვითონ იხილა (ნახა) და რომ ,ჭეშმარიტია მისი მოწმობა”. იგი ამას სამართლიანად აღნიშნავს. მე, ამბობს მახარებელი იოანე, ამას ყველაფერს (ქრისტეს ჯვარცმას, მის შეურაცხყოფას) იმიტომ ვწერ თანამიმდევრულად, რომ თქვენ გწამდეთ, რომ ეს ყველაფერი – ჭეშმარიტია და არავის სასარგებლოდ არ არის შეთხზული (მოგონილი).
მახარებელს მოწმედ მოჰყავს მოსე, რომელმაც თქვა კრავზე, რომელსაც აღდგომას დაკლავდნენ (შეწირავდნენ), რათა ,,ძვალი მისი შეიმუსროს“ (გამოსვლა 12, 1), ეს, წმ. იოანეს განმარტებით, აღსრულდა ქრისტეზე, რამეთუ ის კრავი იყო იესოს იერსახე. მათ შორის ბევრი საერთოა.
მეორე წინასწარმეტყველებაც აღსრულდა: „იხილავენ მას, ვინც განგმირეს“ (ზაქ. 12, 10).
როდესაც იესო მოვა ცოდვილთა განსასჯელად, მაშინ მას იხილავენ ღვთიურ, საუკეთესო სხეულში მოსულს და მისი ჯვარმცმელები შეიცნობენ მას და ატირდებიან. ხოლო მორწმუნეებისთვის კი ეს იქნება მტკიცებულება და კარი ქრისტეს მეტი რწმენის მიღებისთვის, ისევე, როგორც – თომასთვის.
მაშ, იესოს „ძვალი არ შეიმუსრება”, ხოლო მისი ნეკნიდან მოედინება ჩვენი სიცოცხლის და არსებობის წყაროები: წყალი – ესაა წყარო დაბადებისა, რამეთუ ჩვენ წყლის საშუალებით ვხდებით ქრისტიანები, ხოლო ქრისტეს წმ. სისხლი კი – არის წყარო ჩვენი სიცოცხლისა, რამეთუ ჩვენ მით ვიკვებებით. ხოლო სიტყვა ღვთისა კი - ქრისტე, კრავი.

38. ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ, რომელი იყო არიმათიაჲთ, რამეთუ იყო იგი მოწაფე იესუჲსი ფარულად, შიშისათჳს ჰურიათაჲსა რაჲთა აღიღოს გუამი იესუჲსი. და უბრძანა მას პილატე, მოვიდა და აღიღო გუამი მისი. 39. მოვიდა ნიკოდიმოსცა, რომელი-იგი მოსრულ იყო იესუჲსა ღამე პირველ, და მოიღო აღრეული მურისა და ალოჲსაჲ ვითარ ასი ლიტრაჲ. 40. და მოიღეს გუამი იესუჲსი და შეგრაგნეს იგი ტილოებითა სულნელთა მათ თანა, ვითარცა ჩუეულებაჲ არს ჰურიათა დაფლვისაჲ. 41. იყო ადგილსა მას, სადა ჯუარს ეცუა, მტილი, და მტილსა მას შინა საფლავი ახალი, რომელსა არავინ დადებულ იყო. 42. მუნ დადვეს გუამი იესუჲსი პარასკევისათჳს ჰურიათაჲსა, რამეთუ მახლობელ იყო საფლავი იგი.

ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა (რომელიც იესოს მოწაფე იყო, მაგრამ ფარულად, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდა) სთხოვა პილატეს, რათა ჩამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ ნება დართო; ისიც მივიდა და ჩამოხსნა იესოს გვამი. მოვიდა ნიკოდემეც (ერთხელ ღამით რომ მივიდა იესოსთან) და მოიტანა სმირნისა ღა ალოეს ნაზავი, ასიოდ ლიტრა. აიღეს იესოს გვამი და ტილოებში გახვიეს, ნელსაცხებელთან ერთად, როგორც მოითხოვს იუდეველთა დაკრძალვის წესი. იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს, ბაღი იყო, ბაღში კი - ახალი სამარხი, რომელშიაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ. იქ დაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგანაც ახლოს იყო სამარხი.

რატომ უფლის 12 მოციქულიდან არავინ არ მივიდა პილატესთან მისი ცხედრის სათხოვნელად? როგორ გაბედა იოსეა არიმათიელმა, რომელიც, შეიძლება 70 მოციქულს ეკუთვნოდა, პილატესთან ამ საკითხზე მისვლა?
თუ ვინმე იტყვის, რომ ქრისტეს 12 მოწაფე დაიფანტა იუდეველთა შიშის გამო, მაშინ ისიც უნდა ეთქვათ, რომ არც იოსები იყო თავისუფალი ამ შიშისგან.
იოსებ არიმათიელი საკმაოდ სახელგანთქმული და გამოჩენილი ადამიანი იყო თავის ქალაქში; იგი საკმარისად ნაცნობი და პატივცემული იყო პილატესგანაც. იოსები, ნიკოდიმოსთან ერთად სთხოვს პილატეს, რათა ნება მისცეს მას, რომ ქრისტეს სხეული ჯვრიდან გადმოხსნას (გარდამოხსნას). იოსებიც და ნიკოდიმოსიც უდიდესი პატივით, იუდეველთა წესის მიხედვით, ასაფლავებენ უფალს ბაღში ახალ სამარხში. სადაც მანამდე ჯერ არავინ არ იყო დაკრძალული.
ამ ორ ადამიანს უფლის მიმართ, როგორც ადამიანის მიმართ, ჰქონდათ დიდი კეთილგანწყობა, მაგრამ როგორც უფლის, ღვთაებრივი ბუნების შესახებ, მათ არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ისინი დიდ სიყვარულს და მზრუნველობას იჩენენ უფლის მიმართ და იუდეველთა წესის მიხედვით, დიდი პატივით ასაფლავებენ მას.
დროის სიმცირე მათ აიძულებდა, რომ აჩქარებულიყვნენს; რადგან იესო გარდაიცვალა მეცხრე საათისთვის. სანამ იოსები და ნიკოდიმოსი დადიოდნენ პილატესთან, სთხოვდნენ მას იესოს სხეულის გადმოხსნის ნებართვას, ბუნებრივია, საღამოც დადგა (მოვიდა), რაც ხელს უშლიდა მათ საფლავის მოწყობაში. ამიტომ ისინი გარდაცვლილ უფალს ათავსებენ ყველაზე ახლო მდებარე სამარხში (საფლავში), რამეთუ სწერია: „იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს, იყო ბაღი, ხოლო ბაღში – ახალი სამარხი“.
ისინი ახლო აწყობენ უფლის საფლავს, რადგან მის მოწაფეებსაც შესძლებოდათ იქ მისვლა და ყოველივეს ნახვა, რაც მოხდა. გარდა ამისა, შესაძლებელი იყო დაეყენებინათ ჯარისკაცები დაცვისთვის, რომ შემდგომ არავის ელაპარაკა უფლის სხეულის მოტაცებაზე.
ყოველივე ეს არ მოხდებოდა, თუ უფალს შორს დაკრძალავდნენ.
საფლავი (სამარხი) იყო „ახალი, რომელშიაც მანამდე არავინ დაესვენებინათ“.
ყველაფერი ასე იმიტომ მოეწყო, რომ უფლის მტრებს არ ჰქონოდათ საშუალება გაეუქმებინათ ან გაეყალბებინათ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა.
ახალი საფლავი არის იერსახე იმის, რომ უფლის საფლავიდან უნდა მოხდეს განახლება სიკვდილიდან და ხრწნილებიდან – ცხოვნებისკენ და ყოველივე ჩვენგანმა მასში განახლება უნდა განვიცადოთ (გამოვცადოთ).
გთხოვ, დააკვირდე, როგორ გაღატაკდა უფალი ჩვენს გამო (ჩვენთვის): მას არ ჰქონდა (არ გააჩნდა) სახლ-კარი; როცა გარდაიცვალა, თავისი კუბო არ გააჩნდა, ამის გამო – სხვის კუბოში, სამარხში დაასვენეს; მას ტანსაცმელი არ ჰქონდა და გარდაცვლილს, შემოსავს იოსები.
იესო ეხლაც კვდება-ხოლმე. როცა ადამიანები ერთმანეთზე ძალადობას ახორციელებენ და კლავენ ერთმანეთს; იგი ასევე ხშირად მშიერია, შიშველია, რამეთუ, რასაც ითმენს გლახაკი, გაჭირვებული ადამიანი, ამას ყველაფერს ჩვენთან ერთად ითმენს ჩვენი უფალიც!
შენ კი ამჟამად, მიბაძე იოსებს (იოსები – ნიშნავს მატებას, სიკეთეს) – სიკეთეს მიუმატე (მოწყალება); ქრისტე შემოსე, ე. ი, გაჭირვებული ადამიანები შემოსე და მოწყალებას, ერთხელ ნუკი გააკეთებ, არამედ მრავალჯერ გააკეთე და სულ ამაზე იფიქრე და იზრუნე!
ამას დაუმატე – მური და ალოე, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს მომავალი საუკუნის ის ხმა, რომელიც უმოწყალო ხალხს წყეულებს უწოდებს და სამუდამო ცეცხლში გააგზავნის მათ (მათე 25, 41).
ჩემი აზრით, არაფერია ამ ხმაზე უფრო საზარელი!

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21