ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
იოანეს სახარების განმარტება

 

თავი მეშვიდე

 

1. ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა მისლვად ჰურიასტანს, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად. 2. ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ. 3. ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ. 4. რამეთუ არავინ ფარულად რასმე იქმნ და ეძიებნ, რაჲთამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. 5. რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი.

ამის შემდეგ იესო გალილეაში დადიოდა, რადგან იუდეაში არ სურდა სიარული, რაკი იუდეველნი მოსაკლავად დაეძებდნენ მას. ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული, კარვობისა. მაშინ მისმა ძმებმა უთხრეს მას: „წადი აქედან და მიდი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმეები, რომელთაც აკეთებ, რადგან ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე წუთისოფელს.“ რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.

ამის შემდეგ იესო გალილეაში დადიოდა, რადგან იუდეაში არ სურდა სიარული, რაკი იუდეველნი მოსაკლავად დაეძებდნენ მას. ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული, კარვობისა. მაშინ მისმა ძმებმა უთხრეს მას: „წადი აქედან და მიდი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმეები, რომელთაც აკეთებ, რადგან ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს, რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ. გამოეცხადე წუთისოფელს.“ რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.

იესო განეშორება იუდეველ-მკვლელებს არა იმიტომ, რომ მას სიკვდილის ეშინია, რამეთუ მას შეეძლო ევლო მათ შორის და მას ვერავინ ვერაფერს დააკლებდა, არამედ იმიტომ, რომ უფალი მათთან ერთად რომ დარჩენილიყო უვნებლად, იუდეველები მას ჩათვლიდნენ მოჩვენებად, და არ დაიჯერებდნენ, რომ იგი ადამიანი იყო.
ამიტომ, უფალი მათ განეშორება და ასეთი მოქმედებით იგი უმტკიცებს თავის მტრებს, რომ იგი ნამდვილად ადამიანია და არა მოჩვენება, როგორც ამას ამტკიცებდნენ მწვალებლები: მანესი, მარკიონი, ვასილიდი და სხვ.
მხოლოდ სხვა შემთხვევაში კი, როცა იესო იმყოფება თავის მკვლელებსა და ბოროტისმოქმედ ადამიანთა შორის და იგი რჩება მათგან უვნებელი, ამით უფალი აჩვენებს მათ, რომ იგი ღმერთია, არცხვენს პავლე სამოსატელს და ყველას არწმუნებს, რომ იგი არა მარტო ადამიანია, არამედ ღმერთიცაა!
ამჟამად, იგი მიდის გალილეაში, სადაც ახლოვდებოდა იუდეველთა დღსასწაული, რომელსაც ერქვა კარვობა. იმის გამო, რომ ჯერ არ იყო დამდგარი დრო ქრისტეს ტანჯვის, არ ღირდა უსაფუძვლოდ იესოს დარჩენა თავის მტრებს შორის, რათა მათი სიბოროტე (სიძულვილი) არ გამძაფრებულიყო.
იუდეველებს ჰქონდათ სამი სახის დღესასწაული: პირველი დღესასწაული იყო მათთვის მთავარი პასექი, რომელსაც აღნიშნავდნენ ეგვი პტიდან მათი ერის გამოსვლის გამო; მეორე დღესასწაული იყო – მეერგასე დღის დღსასწაული, რომელსაც აღნიშნავდნენ იმ უბედურებათაგან გამოხსნის გასახსენებლად, რომელიც მათ წინაპრებს შეემთხვათ უდაბნოში და აღთქმულ ქვეყანაში დაბრუნების გამო. მაშინ, მათმა წინაპრებმა პირველად შეჭამეს პური, რის გასახსენებლადაც მეორე დღესასწაულის დროს მოაქვთ პურის თავთავები და მათზე პირველად გამოკვირტული პურის თესლები. იუდეველთა მესამე დღესასწაულს ეწოდებოდა კარვობა, რომელსაც ატარებდნენ სამადლობლად იმისა, რომ აიღეს (მოიწიეს) საჭმლის მარაგი, ეს ტარდებოდა რომაული კალენდრით, სექტემბერში. ამ დღესასწაულის დროს იუდეველები მადლობდნენ ღმერთს საჭმლის ნაყოფის აღებისთვის. ამ დროს ეს ხალხი აშენებდა კარვებს და მხიარულობდნენ ისე, თითქოს მინდორში, კარვებში ცხოვრობდნენ.
ზოგიერთები ამბობენ, რომ წმიდა მეფე დავითმა ფსალმუნებიდან – მე-80, 83-ე კანონები დაწერა ზუსტად, ამ დღესასწაულზე, სადაც მეფე-წინასწარმეტყველი იხსენებს ღმერთის დიდ წყალობას, რომელიც მან ცოდვილ ადამანებზე გაიღო და მადლობს მას.
ამ დღესასწაულებს გააჩნდათ სხვა მნიშვნელობაც: პასექი ნიშნავდა ჩვენს გადასვლას ურწმუნოებიდან რწმენაში, მეერგასე დღის დღესასწაული ნიშნავდა ჩვენს ეკლესიაში შესვლას, ისე, თითქოს აღთქმულ მიწაზე მოვხვდით, სადაც ჩვენ ღვთაებრივ საიდუმლოებებს ვეზიარებით;
ჩვენ მაშინვე არ ვჭამთ პურს, როგორც კი მივიღებთ რწმენას და ურწმუნოებიდან რწმენაში გადავდივართ, ჯერ უნდა მოვინათლოთ და გავხდეთ ღირსნი ეკლესიაში სხვა, მონათლულ ადამიანებთან ერთად დგომისა და მხოლოდ ამის შემდეგ ვეზიაროთ პურს.
კარვობის დღესასწაული ნიშნავს აღდგომას, როცა შეიკრიბება საქმეების ნაყოფი, ხოლო კარვები კი ჩვენი სხეულებია, რომლებიც სიკვდილისგან თავის დროზე უკვე გახრწნილი – კვლავ აღდგება მკვდრეთით.
ამ დღესასწაულებს გააჩნიათ ასევე სხვა, ამაღლებული მხარეებიც, მაგრამ ამჟამად არ არის დრო ამაზე საუბრის, რამეთუ, ჩვენ ყოველთვის იმას ვირჩევთ, რაც სარგებლობის მომტანია სხვებისთვის.
მაშ, როგორც ვთქვით ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული - კარვობა. იესოს ძმები ე.ი. წმინდა იოსების შვილები, შურით იყვნენ აღვსილნი მის მიმართ, როცა დაინახეს, რომ იესო არ აპირებდა ამ დღესასწაულზე წასვლას, ეუბნებიან მას: „გაეცალე აქაურობას და იუდეაში წადი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი ნაკეთები საქმეები“. ესენი ლაპარაკობენ არა 12 მოწაფის შესახებ, არამედ ქრისტეს სხვა მიმდევრებზე.
იესოს ძმები ამტყუნებენ მას ორ რამეში – შიშსა და დიდებისმოყვარეობაში. ამიტომაც, ასე მიმართავენ მას: „არავინ აკეთებს რასმე ფარულად“, ამაზე ამბობენ მისი ძმები, რომ ეს შიშის ნიშანია, „არამედ თავის გამოჩენას ცდილობს“ – ეს კი, დიდებისმეტყველებაზე მიანიშნებს. „თუ შენ“, ეუბნებიან ისინი იესოს, ყოველივე ამას კეთილად აკეთებ, მაშინ გამოუცხადე შენი თავი ქვეყანას, ხოლო, თუ შენ იმალები, უეჭველია, რომ შენ ცუდს აკეთებ. ჩვენ, შენს მოქმედებას კეთილად არ ვაფასებთ“.
უფლის ხუთთვიანი მოღვაწეობიდან რატომ არაფერი არ მოჰყვა წმიდა იოანე მახარებელმა, გარდა პურის სასწაულისა და უფლის საუბრისა იმ დანაყრებულ ხალხთან, ვინც განაძღო (5000 ადამიანი – 5 პურით და 2 თევზით), თუმცა ესენი ქრისტეს მადლიერები არ დარჩნენ. სხვა სათქმელი, ყველაფერი გამოტოვა. მან თქვა: „მოახლოვებული იყო იუდეველთა დღესასწაული, რომელსაც ჰქვია კარვობა“.
საინტერესოა, რატომ არაფერს არ ამბობს მახარებელი უფლის ხუთთვიან საქმიანობაზე, როცა იესომ მოახდინა მრავალი ადამიანის პურით დანაყრების დიდი სასწაული, მაშინ იყო პასექის დღესასწაული, რომელიც აღინიშნებოდა რომაელთა კალენდრით მარტის თვეში, ხოლო იუდეველთათვის იყო I თვე. ამჟამად კი, კარვობა ჩვენებურად ხდებოდა სექტემბერში.
მახარებელი ასე რატომ მოიქცა? იმიტომ, რომ მაშინ, ყველაფრის ლაპარაკი თანმიმდევრულად შეუძლებელი იყო, ან სხვანაირად რომ ვთქვათ: მახარებლები როცა ცდილობდნენ უფლის შესახებ ეთქვათ სიმართლე, მაშინ, ამის საპასუხოდ, იუდეველებისაგან მოდიოდა მათ მიმართ წინააღმდეგობა ან გმობა. მახარებლების სიყვარული ჭეშმარიტების მიმართ ღირსია გაკვირვების და ქების!
მახარებელი იოანეც, ისევე როგორც სხვა მახარებლებიც, არ მოგვითხრობენ უფლის მრავალ სასწაულზე და მის საუბრებზე. მეშვიდე თავში იოანე გვიყვება ქრისტეს ძმების ურწმუნეობის შესახებ და იმის თაობაზე, თუ როგორ კიცხავდნენ (გმობდნენ) ისინი იესოს.
საიდან არის მათში ასეთი ურწმუნოება? მათი შურისაგან და თავისუფალი ნებისაგან. მოკლედ რომ ვთქვათ შეხედე საქმის არსს: უფლის ჯვარცმამდე, თუმცა ისინი ხედავდნენ მის მიერ აღსრულებულ სასწაულებს და იესოს დიდებაში ჭვრეტდნენ, თუმცა მისი არ სწამდათ; მაგრამ უფლის ჯვარცმის შემდეგ, ესენი ხდებიან მისი მოციქულები, აღმსარებლები, მღვდელთმთავრები და ყველაგან მოწმობენ ქრისტეს შესახებ!
ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ჭეშმარიტად იხილეს იესო - მკვდრეთით აღმდგარი! რამეთუ მათ რომ არ მიეღოთ ჭეშმარიტი რწმენა უფლის აღდგომაში, მაშინ მისი მოციქულები ქრისტესთვის საკუთარ სიცოცხლეს არ გაწირავდნენ!

6. ჰრქუა მათ იესუ: ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე განმზადებულ არს. 7. ვერ ჴელ-ეწიფების სოფელსა მოძულებად თქუენდა, ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვწამე მისთჳს, ვითარმედ საქმენი მისნი ბოროტ არიან. 8. თქუენ აღვედით დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს.

ამაზე იესომ უთხრა მათ: „ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი მუდამ მზადაა. წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია. თქვენ ადით იმ დღესასწაულზე. მე კი ჯერ არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა.“

ამაზე იესომ უთხრა მათ: ”ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი მუდამ მზადაა“. წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია. თქვენ ადით იმ დღესასწაულზე. მე კი ჯერ არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა.“

უფლის ძმებს შურდათ იესოსი, და შურის გამო ამტყუნებდნენ პატივმოყვარეობასა და მხდალობაში. ამაზე რას ეუბნება უფალი მათ? მკაცრად პასუხობს თუ არა? იესო მკაცრად კი არ პასუხობს მათ, არამედ მშვიდად და უწყინრად. უფალმა ასე კი არ უპასუხა: „თქვენ ვინ ხართ, მე რომ მიბედავთ და მასწავლით, როგორ მოვიქცე და რჩევას მაძლევთ?“ არამედ მიუგო თავის ძმებს მშვიდად: „ჩემი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა“, ე. ი დრო უფლის ტანჯვისა და სიკვდილისა. „ხოლო, თქვენი დრო კი, – აგრძელებს უფალი, – ყოველთვის მზად არის“.
„თქვენ მართალია - – ეუბნება უფალი, ყოველთვის იუდეველებთან იქნებით, მაგრამ, რადგანაც თქვენ ისეთივე მისწრაფებები გაქვთ, როგორც მათ, ამიტომ ისინი თქვენ არ მოგკლავენ, ხოლო მე თუ მივალ მათ დღესასწაულზე და ისინი დამინახავენ, მაშინვე მომკლავენ. ჩემთვის ჯერ არ დამდგარა დღესასწაულის დრო, რადგან მე ვხედავ, რომ იუდეველებში არის სიძულვილი ჩემს მიმართ.
რამეთუ გასაჭირის და ტირილის დრო მაშინ დგება, როცა ჭეშმარიტება დევნილია და ღმერთის ნება უგულებელყოფილია. ამიტომაც, ჩემთვის ჯერ არ დამდგარა დღესასწაულის დრო, თქვენთვის კი, რომლებიც იუდეველებთან ერთად შეხმატკბილებულად ცხოვრობთ, დამახასიათებელია მათთან ერთად დღესასწაულების აღნიშვნა და ქვეყნიერებას, ე. ი. იმ ხალხს, ვინც მიწიერი საზრუნავებით არიან დაკავებულები, თქვენს მიმართ არ ექნებათ სიძულვილი, რადგან ისინიც თქვენნაირები არიან; ხოლო მე კი - ეუბნება იესო, – „ვძულვარ, რადგანაც მე ვამხელ მათ ბოროტ საქმეებს; რამეთუ ადამიანების თამამი მხილება, ყოველთვის წარმოშობს მათგან ჩვენ მიმართ სიძულვილს“.
მაშასადამე, უფალი თავის ძმებს აგზავნის დღესასწაულზე და ამით აჩვენებს, რომ იგი არ აიძულებს მათ დარჩენას, თუკი მათ ეს არ სურთ.
გთხოვ, ყურადღებით დააკვირდე იესოს ძმებისაგან ორმხრივ გამტყუნებას უფლის მიმართ - დიდებისმოყვარეობასა და მხდალობაში. ამ მდგომარეობაში იესოს აქვს თავის თავის გამართლებისასევე ორმხრივი მხარეც, სახელდობრ: მხდალობაშიგამტყუნების მიმართ უფალი ეუბნება ძმებს: „მე ვამხილებ ქვეყნიერების საქმეებს, ე.ი იმ ადამიანებს, ვინც ამ ქვეყნიური საზრუნავებით არის დაკავებული. მე რომ მშიშარა ვიყო, თქვენ როგორც ფიქრობთ ჩემზე, გავბედავდი“.
ხოლო დიდებისმოყვარეობაში მის გამტყუნებას უფალი იმ სახით პასუხობს, რომ ძმებს არ აიძულებს დარჩნენ მასთან. ხოლო იგი, რომ ყოფილიყო დიდებისმოყვარე, მაშინ ძმებს თავისთან იძულებით დატოვებდა, აღარ გააგზავნიდა დღესასწაულზე; რადგან ამპარტავან და დიდებისმოყვარე ხალხს სურს რომ ჰყავდეს ბევრი მიმდევარი.
უფალს ძმები ორ ბრალს სდებდნენ, იესოს სურდა ეჩვენებინა, რომ მათი აზრი მცდარია, იგი ეუბნება: „ჯერ კიდევ არ გასრულებულა ჩემი დრო“. ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ჯერ არ დამდგარა დრო ქრისტეს ჯვარცმისა და სიკვდილისა.
უფალი ამბობს: მე ჯერ კიდევ უნდა ვიყო ხორციელად მიწაზე, რადგანაც ისევ ბევრი სასწაული უნდა აღვასრულო და სწავლებაც მეტი სჭირდებათ ჩემს მოწაფეებსაც და სხვა მრავალ ადამიანსაც, რათა მეტად განმტკიცდნენ ღმერთის რწმენაში.
მაშ, ამბობს უფალი, მე იმიტომ არ მივდივარ დღესასწაულზე, რომ ჯერ არ დამდგარა ჩემი სიკვდილის დრო (ჟამი), რათა ჩემი თავი მივცე სატანჯველად ჩემს მტრებს.

9. ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას. 10. და ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას, მაშინ თავადიცა იესუ აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად.

ეს რომ უთხრა, დარჩა გალილეაში. მაგრამ როდესაც მისი ძმები დღესასწაულზე ავიდნენ, მაშინ თვითონაც ავიდა, მხოლოდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.

რისთვის უთხრა უფალმა ძმებს, რომ მე არ წამოვალ დღესასწაულზეო? ხოლო შემდეგ კი წავიდა? უფალმა უთხრა – ეხლა არ წამოვალ“-ო, ე. ი. თქვენთან ერთადო. თავიდან იესო უარს ამბობდა წასვლაზე იმიტომ, რომ იუდეველები აგზნებულები იყვნენ მრისხანებით მის მიმართ, ხოლო შემდგომ, დღესასწაულის დასასრულისთვის კი მივიდა, მაშინ, როცა, ალბათ მათი მრისხანება დაცხრა. ან სხვანაირადაც შეიძლება ვთქვათ: უფალი თავის სიტყვის საწინააღმდეგოდ არ მოქცეულა, რამეთუ იგი სადღესასწაულოდ კი არ მივიდა, არამედ მას სურდა ხალხისთვის ესწავლებინა, თანაც ფარულად. იკითხავთ ალბათ, რატომ მივიდა იგი ფარულად? იმიტომ, რომ დაემტკიცებინა თავისი ადამიანობა. რამეთუ, ცხადად, იუდეველთა დასანახად რომ ასულიყო იესო, მაშინ ეს ხალხი მის მოსაკლავად აღსდგებოდა, და რადგანაც ჯერ არ იყო მოსული დრო მისი ტანჯვისა, ამიტომ იესო მათ არ მისცემდა უფლებას, რომ ისინი შეხებოდნენ მას და მოეკლათ, რის გამოც ეს ხალხი იფიქრებდა, რომ უფალი მოჩვენებაა, ამიტომაც იგი, როგორც ადამიანი, თავს არიდებს დროზე ადრე სატანჯველებს და განეშორება მათ.

11. ხოლო ჰურიანი იგი ეძიებდეს მას დღესასწაულსა მას და იტყოდეს: სადა-მე არს იგი? 12. და იყო მრავალი დრტჳნვაჲ მისთჳს ერსა შორის. რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს; ხოლო სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა. 13. და არავინ განცხადებულად იტყოდა მისთჳს შიშისათჳს ჰურიათაჲსა.

იუდეველნი კი ეძებდნენ დღესასწაულზე და ამბობდნენ სად არისო? ხალხში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე: ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო იგი. მეორენი ამბობდნენ: არა, ხალხს აცდუნებსო. ოღონდ ცხადად არავინ, ლაპარაკობდა მასზე, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ.

იმის გამო, რომ იუდეველებს დიდი სიძულვილი ჰქონდათ იესოს მიმართ, მის სახელს არც კი ახსენებდნენ, არამედ ასე ამბობდნენ, „სად არის იგი?“ სინამდვილეში კი ასე უნდა ეთქვათ: „სად არის იესო?“ გთხოვ, დააკვირდე, მათ მიდრეკილებას უფლის მკვლელობის მიმართ!
ეს ხალხი თავიანთ დღესასწაულს კი არ სცემენ პატივს, არამედ აქ უნდათ იესო დაიჭირონ და მოკლან, ამისთვისაც ეძებენ მას. აი, ასეთი „მართალი“ იყო მათი საქმეები!..
ხალხში სხვადასხვა აზრი არსებობდა უფლის შესახებ: ერის მთავრები ამბობდნენ: „ხალხს აცთუნებსო“, ხოლო ერი კი ამბობდა: „ის კეთილია“.
ამასთან დაკავშირებით, წმინდა იოანე მახარებელი ამბობს: „თუმცა აშკარად კარგს ვერავინ ლაპარაკობდა მასზე იუდეველების შიშით“.
გამოთქმა - „ხალხს აცთუნებს“, მიანიშნებს იმაზე, რომ იესოს ცილისმწამებლები იყვნენ ერის მთავრები.
ამის მთქმელები რომ ხალხის წიაღიდან ყოფილიყვნენ, მაშინ იტყოდნენ: „ჩვენ გვაცთუნებსო“. გთხოვ, დააკვირდი: ერის მთავრები ყველგან არა გულწრფელები არიან, ხოლო მათი ხელქვეითები კი პირდაპირ, გულწრფელად ამბობენ უფალზე, რომ „იგი კეთილია“, მაგრამ იმის გამო, რომ მათ ეშინიათ იუდეველთა მთავრებისა და თან ჯერ კიდევ არ არიან სრულყოფილნი და მტკიცე ნებისყოფაც ჯერ არა აქვთ, ამიტომაც ვერ ბედავენ ხმამაღლა თავიანთი აზრის გამოთქმას.

14. და ვითარცა დღესასწაული იგი გან-ოდენ-ზოგებულ იყო, აღვიდა იესუ ტაძრად და ასწავებდა. 15. უკჳრდა ჰურიათა მათ და იტყოდეს: ვითარ უკუე ამან წიგნი იცის უსწავლელად? 16. მიუგო იესუ და ჰრქუა: ჩემი ესე მოძღურებაჲ არა არს ჩემი, არამედ მომავლინებელისა ჩემისაჲ.

მაგრამ შუა დღესასწაულზე ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა. გაუკვირდათ იუდეველებს და თქვეს; როგორ იცის წერილები, როცა არ უსწავლიაო? მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.

რატომ მივიდა უფალი დღესასწაულის შუაში? იმისთვის, რომ თავისი მტრების მრისხანება გაენელებინა და მისი სწავლებისთვის მეტი გულმოდგინებით და ყურადღებით მოესმინათ.
როდესაც იესო უცბად გამოცხადდა ტაძარში დღესასწაულზე, მას მთელი ხალხი ყურადღებით უსმენდა. აქ იყვნენ ისინიც, ვინც მას კეთილად თვლიდა და ისინიც, ვინც მას მაცთუნებელს უწოდებდა.
ხალხის ერთი ნაწილის სურვილი იყო, უფლის ქადაგებიდან მიეღოთ რამე სარგებელი, ხოლო მეორე ნაწილს კი სურდა შეეპყროთ იესო, როგორც მატყუარა.
წმიდა მახარებელი არ ამბობს კონკრეტულად, თუ რას ასწავლიდა უფალი იმ დროს ხალხს, მაგრამ მათი გაკვირვებული ნათქვამიდან: „ნუთუ მან უსწავლელად იცის წერილი?“, ნათლად ჩანს ის, რომ იესო რაღაც არაჩვეულებრივს უქადაგებდა მათ, რომელმაც ისინი ძლიერ გააკვირვა და დააინტერესა. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ამ ხალხის დიდი გაკვირვებისა, მათ მაინც არ შეიცვალეს უფლის მიმართ თავიანთი ბოროტი განზრახვა; მათ, შურის გამო, რომელიც ჰქონდათ იესოს მიმართ, მისი ძალიან უკვირდათ და იყვნენ განცვიფრებულნი, თუ საიდან ჰქონდა მას წმიდა წერილის ასეთი დიდი ცოდნა, ასეთი განცვიფრება ხშირად ემართებათ ერთმანეთის მოშურნე ადამიანებს.
მაგალითად, რომელიმე ადამიანს ჰყავს ღატაკი, გაჭირვებული მეზობელი, რომელიც შემდგომში, მის წინ გაივლის მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილი. შურიანი მეზობელი, როცა მას ასე ჩაცმულს დაინახავს, იტყვის: „საიდან აქვს მას ასეთი ძვირფასი ტანსაცმელი? ეგ ღატაკი, როგორ გამოეწყო ასეთ მდიდრულ ტანსაცმელში? ასე იმიტომ კი არ ამბობს შურიანი მეზობელი, რომ საქმის ვითარება აინტერესებს, თუ საიდან იშოვა მან, ღარიბმა მეზობელმა, ასეთი სიმდიდრე, არამედ ამის თქმა განაპირობა მისგან იმ შურმა, რომელიც მას ჭამს შინაგანად თავისი მეზობლის მიმართ. იმისთვის, რომ შურიანმა მეზობელმა დაამციროს სხვა ადამიანებთან თავისი მეზობელი, ასე იტყვის: ეჭვსგარეშეა, რომ ეს ტანსაცმელი მან მოიპარა”.
ასევე იქცეოდნენ იუდეველებიც ქრისტეს მიმართ: - როგორ, საიდან იცის მაგან საღმრთო წერილი? ეჭვსგარეშეა, ბელზებულის ძალით, – ცილს სწამებდნენ უფალს.
უფალს სურს, მათი არასწორი აზრები კეთილად შეცვალოს და ეუბნება: „ჩემში მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელისაა, ე. ი. ჩემი მამის და ღმერთის. ჩემგან არაფერს არ ვლაპარაკობ, მხოლოდ იმას, რაც მამას ეკუთვნის.

17. უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მან მოძღურებაჲ ესე, ვითარ რაჲ არს: ღმრთისაგან არს, ანუ მე თავით თჳსით ვიტყჳ. 18. რომელი თავით თჳსით იტყჳნ, დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და სიცრუჱ არა არს მის თანა.

ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი შეიტყობს ამ მოძღვრებას, ღვთისაგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ. ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს. ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში.
როცა უფალმა თქვა, რომ „ჩემი მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მამისაა“, ეს ნიშნავს იმას, რომ ვინც ღმერთის ნებას აღასრულებს და მის სათნოებებს მიიღებს და არ იქნება შურის მონა და არ აღსდგება ქრისტეს წინააღმდეგ ფუჭი სიძულვილით, ის ადამიანი გაიგებს ღმერთის სიტყვების ძალას და მიხვდება, იესო თავისი მამისგან ლაპარაკობს, თუ მის საწინააღმდეგოდ მახარებელი. ღვთის ნებას ასრულებს ის ადამიანი, ვინც გაეცნობა ღრმად წმიდა წერილს და წინასწარმეტყველებს. ასეთ ადამიანს შეუძლია მიხვდეს, სწავლება ღმერთისგანაა თუ არა, რამეთუ წინასწარმეტყველები ამოწმებენ, რომ მაცხოვარი ყველაფერს ამბობს და აკეთებს, რაც მამა ღმერთისთვის სათნოა.
„ვინც თავისით ლაპარაკობს, ამბობს უფალი, თავისი თავის დიდებას ეძებს“, ხოლო მე კი არ ვეძებ საკუთარი თავის დიდებას, არამედ მის დიდებას ვეძებ, ვინც მომავლინა. რისთვის დავიწყებ იმ მოძღვრების სწავლებას, რომელიც ჩემი მამისთვის უცხოა? ე. ი. ,,ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, იგი ჭეშმარიტია, და უმართლობა არ არის მასში“. აქედან გამომდინარე, მე ჭეშმარიტი ვარ, – ამბობს უფალი, – და ჩემში უმართლობა არ არის, ე. ი. მე არ მივისაკუთრებ სხვის დიდებას, რაც უსამართლობა იქნება. ამიტომ, ჩემი მოძღვრება ერთდროულად სიმართლესაც შეიცავს და ჭეშმარიტებასაც. იგი არ გამომდინარეობს დიდებისმოყვარეობის ან პატივმოყვარეობისგან, რადგან სათავე ჩემი მოძღვრებისა რომ იყოს აქედან, მაშინ იგი იქნებოდა ცრუ მოძღვრება და არასამართლიანი.
რამეთუ, დიდებისმოყვარე ადამიანი ცრუობს, როცა თავის თავზე ლაპარაკობს, რადგანაც იგი ისეთ ცრუ რაღაცეებს იგონებს, რომელიც მის ღირსებას ამაღლებს სხვების თვალში. იგი უსამართლობას აკეთებს, როცა ისაკუთრებს სხვის კუთვნილ დიდებას და პატივს, რომელიც მას სრულიად არ ეკუთვნის. |
მაგრამ უფალი ეძებს თავისი მამის დიდებას და თავის თავს არაფერს არ მიაწერს. რასაკვირველია, იგი (ქრისტე) ჭეშმარიტი და მართალია.
უფალი ხორცით შეიმოსა და თვითონ იმიტომ იქცევა ყველგან, ყველასთან სიმდაბლით, რომ ჩვენც გვასწავლოს სიმდაბლე, რათა ჩვენ საკუთარ თავზე არაფერი ვილაპარაკოთ ამაღლებულად, ე. ი. ამპარტავნებით.
როცა უფალი ამაღლებულად საუბრობს თავის დიდებაზე, ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ იგი ამას აკეთებს თავისი ბუნების სიდიადის გამო, რადგანაც იესო თავისი არსით თანასწორია მამისა.

19. ანუ არა მოსე მოგცა თქუენ სჯული? და არავინ თქუენგანი ჰყოფს სჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად? 20. მიუგო ერმან მან და ჰრქუა: ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?

განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არც ერთი თქვენთაგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად? მიუგო მას ხალხმა: „ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?“

იუდეველები უფალს ამტყუნებდნენ შაბათის დღის დარღვევაში და რჯულის არ დაცვაში. ხოლო უფალი კი პირიქითი, მათ ეუბნება, რომ ისინი არღვევენ ღმერთის რჯულს. იესო მათ ამხილებს: თქვენი რჯული ამბობს: „არა კაც ჰკლა (გამოსვლა 20:13), ხოლო თქვენ კი მე მოსაკლავად შეძებთ; ე. ი. თქვენ ხართ რჯულის დამრღვევნი და არა მე. თქვენ თვითონ უსამართლობას აკეთებთ, ხოლო მე კი, რადგან შაბათს ავადმყოფი განვკურნე, ამის გამო რჯულის დარღვევაში მადანაშაულებთ.
უფალი მათ ეუბნება: „არც ერთი თქვენგანი რჯულს არ იცავს, რადგან ვისაც მე ვესაუბრებოდი, ყოველი თქვენგანი მეძებს მე მოსაკლავად“.
შეხედე, როგორი უმანკოებით (უბიწოებით) ელაპარაკება იესო თავის მკვლელებს, ხოლო ისინი კი, შესაშური თავხედობით მიუგებენ მას: „ეშმაკეული ხარ“. ეს ხალხი ასეთი კადნიერებით იმიტომ მიმართავს მას, რომ უნდათ ამ გზით დააშინონ იგი.
მართალია, მოსეს უფალი თვითონ იესო ქრისტეა და მისი რჯულის მომცემიც, მაგრამ იგი უთმობს იუდეველთა სისუსტეს და გულქვაობას, როგორც ადამიანებს და ამბობს მათ გასაგონად: „მოსემ არ მოგცათ რჯული?“ რამეთუ იესოს ასე რომ არ ეთქვა, ეს ხალხი მშვიდად ვერ მოუსმენდა მას, რადგან მათ არ იცოდნენ, რომ მოსეს რჯული მისცა თვითონ უფალმა იესო ქრისტემ, რომელსაც ისინი უსმენდნენ!

21. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ერთი საქმე ვქმენ თქუენ შორის, და ყოველთა გიკჳრს. 22. ამისთჳს მოსე მოგცა თქუენ წინადაცუეთაჲ. არა თუ მოსესგან არს, არამედ მამათაგან, და შაბათსა წინადაიცჳთის კაცმან. 23. უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მოიღის კაცმან შაბათსა, რაჲთა არა განქარდეს სჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა შინა? 24. ნუ სჯით თუალ-ღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ.

უთხრა მათ იესომ: „ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ. მოსემ მოგცათ წინადაცვეთა, თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა – და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს. თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა მოსეს რჯული არ დაირღვეს, მე რაღად მირისხდებით იმის გამო, რომ შაბათს კაცი მთლიანად განვკურნე? ნუ განსჯით შეხედულებით, არამედ სამართლიანი მსჯავრით განსაჯეთ.“

იმის გამო, რომ იუდეველები ტყუილუბრალოდ აღდგნენ უფლის წინააღმდეგ, ამიტომ იესო ცდილობს დაუმტკიცოს მათ მათი საქციელის უსაფუძვლობა და ეუბნება: რადგან მე ერთი საქმე გავაკეთე შაბათს განრღვეული ავადმყოფი განვკურნე,ამის გამო თქვენ შეშფოთდით და განგაში ატეხეთ. უნდა ვთქვა ისიც, რომ თვით მოსე, რომელიც არის თქვენი რჯულმდებელი, არღვევს შაბათ ს, როცა ამბობს: „ყოველმა სულმა (ადამიანმა) წინადაიცვითოს მერვე დღეს“ (ლევ.თ. 12.3).
ხშირად ხდებოდა, რომ ადამიანთა წინადაცვეთის დღე ემთხვეოდა შაბათს. ამიტომ უნდა ითქვას, რომ თვითონ მოსე არღვევდა შაბათ დღეს, და ამ დღეს სრულიად არ იყო აკრძალული ადამიანის წინადაცვეთა (ანუ ებრაული ნათლობა). თუ ეს ასეა, მაშინ ჩემზე რატომ განრისხდით იმის გამო, რომ მე შაბათს ავადმყოფი განვკურნე.
თუმცა წინადაცვეთა მოსესგან კი არ იყო, არამედ მამათაგან, რომელიც არღვევდა შაბათი დღის კანონს, რომელიც მოსემ მოგცათ! ხოლო თქვენ კი, შეურაცხყოფას მაყენებთ იმის გამო, რომ მე ავადმყოფი მოვარჩინე.
„იმის მიხედვით ნუკი სჯით, რაც გეჩვენებათ, არამედ მართალი მსჯავრით განსაჯეთ“.
მოსეს არ კიცხავთ (არ გმობთ) მისი პიროვნების პატივისცემის გამო, ხოლო მე, რადგან გარეგნულად დიდებულად არ გამოვიყურები, ამის გამო განმიკითხავთ და პატივს არ მცემთ, ეს კი ნამდვილი ფარისევლობაა!

25. იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? 26. აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა მათ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტად ქრისტე? 27. არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს. ხოლო ქრისტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს.

ზოგიერთი იერუსალიმელი ამბობდა; „ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ? აჰა, იგი აშკარად ლაპარაკობს და ვერაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ იგი ნამდვილად ქრისტეა? მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით საიდანაცაა იგი ხოლო ქრისტე რომ მოვა, არავის ეცოდინება, საიდან იქნება იგი.

უბრალოდ არ არის აქ დამატებული სიტყვა – „ზოგიერთი იერუსალიმელი“. რა მიზანი აქვს ამ სიტყვას – „ზოგიერთი?“ ამით სურდა მახარებელს ეჩვენებინა, რომ იერუსალიმის ის მცხოვრებნი, რომლებიც სხვებთან შედარებით, ღირსნი გახდნენ უფლის უდიდესი სასწაულების ხილვისა, იმსახურებენ სიბრალულს, რადგან როგორი საცოდავები არიან ისინი, ვისაც ხილულად უნახავს მისი ღვთაების დამადასტურებლი უდიდესი სასწაულები და ამის შემდგომ, როგორღა შეეძლოთ სიცრუე ეთქვათ მასზე?
მათ რომ ჰქონოდათ სურვილი, დაინახავდნენ დიდ სასწაულს იმაშიც, რომ იესო უშიშრად ლაპარაკობდა თავის მტრებთან და ისინი კი მას ვერაფერს აკლებდნენ, ვერ აზიანებდნენ; მაგრამ იუდეველებს არ სურდათ ამაში დაენახათ უფლის სასწაულებრივი ძალა.
იუდეველები ვერ გარკვეულან, მათი უფროსები რატომ ვერ რწმუნდებიან იმაში, იგი ნამდვილად ქრისტეა, თუ არა? და მათ გამოაქვთ ასეთი დასკვნა: არავინ იცის საიდან მოვა ქრისტე; მაგრამ ეს საიდანაა – ჩვენ ვიცით. ე. ი. ეს ქრისტე არ არის.
გთხოვ, შეხედე, როგორ წინააღდმეგობაშია მათი სიბოროტე.
როცა ჰეროდე ეკითხებოდა მათ მთავრებს, თუ სად უნდა დაბადებულიყო იესო ქრისტე, ისინი პასუხობდნენ, რომ იუდეის ბეთლემში უნდა იშვას ქრისტეო (მათე 2: 4-5), ხოლო ეს იუდეველები კი ამბობენ, რომ არ იციან ქრისტე საიდან მოვა. თუ აკვირდები მათ წინააღმდეგობას?
სხვა ადგილას ამბობენ (იოანე 9:29): – ,,ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი; ეს კი არ ვიცით, საიდან არის“.
თუ ხედავ როგორი მერყევნი არიან ეს ადამიანები? ხან იციან და ხან არ იციან. თუ გაგიგია ასეთი თავხედობის მსგავსი რამ? მაგრამ მათთვის მთავარი იყო ის, რომ მათ (იუდეველებს) არ სურდათ ერწმუნათ ქრისტესი. ამიტომ, როცა მათთვის სასარგებლო იყო, ამბობდნენ: „ვიცით, საიდანაა ქრისტე“, ხოლო როცა არ იყო მათთვის სარგებლის მომტანი, ამტკიცებდნენ, რომ „არ ვიცითო“. მაშასადამე, მათი სიბოროტისგან არის გამომდინარე მათივე წინააღმდეგობა.
ზოგი იკითხავს: რის საფუძველზე ამბობენ ისინი, რომ არავის ეცოდინება საიდან მოვა ქრისტე? თუკი ამით არ გააჩნდათ საღვთო წერილიდან რაიმე მოწმობა, ან მტკიცე გადმოცემა, ისინი ასე ცხადად ვერაფერს იტყოდნენ მწიგნობრების საწინააღმდეგოდ, რომლებმაც ჰეროდეს უთხრეს, რომ ქრისტე დაიბადება იუდეის ბეთლემში, სხვა ადგილას კი წერია, რომ ქრისტე მოვა ბეთლემიდან (იოანე, თ. 7, 42).
წმიდა წინასწარმეტყველი მიქეა ამბობს, ისევე, როგორც წმიდა მათე მახარებელი: „შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან“ (მიქ. 9:1. მათე, თ. 2.4-6).
ის ადამიანები, ვინც ამბობდნენ, რომ მათ არ იციან, ქრისტე საიდან მოვა, თავიანთ ასეთ აზრებს სესხულობდნენ წინასწარმეტყველებისგან.
თვითონ წმიდა მიქეა ამბობს, რომ: „ძველითგანვე იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან“ (მიქ. 5:1).
ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ არ არის ცნობილი უფლის გამოსვლის ან შობის შესახებ. რამეთუ ის, ვისი გამოსვლაც არის საწყისიდან და უკანასკნელ დღემდე იქნება, არავის ადამიანთაგან არ შეუძლია ამის შეცნობა. რამეთუ, დროებითი როგორ შეიცნობს მარადიულს?
ესაიაც ასევე ამბობს: „ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე?“ (ეს. 53:8).
ეფუძნებოდნენ რა ამ გამონათქვამებს, იუდეველები ამბობდნენ, რომ არავინ იცის, ქრისტე საიდან არის. რამეთუ მათ არ ესმოდათ, რომ იესოს ორი ბუნება ჰქონდა და როგორ იშვა იგი ხორციელად ქალწულისგან. ბეთლემში რომ დაიბადა უფალი, ეს მათთვის ნაცნობი იყო, ხოლო მამისგან რომ იშვა სულიერად და გამოუთქმელად ყველა საუკუნეზე ადრე, ეს მათთვის მიუწვდომელი იყო და აღემატებოდა ყოველგვარ განმარტებას.
მაშ. ეს იერუსალიმელი ხალხი ლაპარაკობს უფლის ხორციელ დაბადებაზე და ამბობენ, რომ იციან, საიდანაც არის იგი; ხოლო ქრისტეს სულიერ შობაზე კი, რომელიც არ იციან საიდან არის, არაფერს ამბობენ.
ამის გამო, რადგან იუდეველებმა არ იციან, რომ ქრისტეს ორი ბუნება გააჩნია, და მათთვის ცნობილია მხოლოდ ერთი, ხორციელი ბუნება, ამიტომ ამბობენ, რომ იგი ქრისტე არ არის.

28. ღაღად-ყო იესუ ტაძარსა მას შინა, ასწავებდა და ეტყოდა: მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან-იგი მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. 29. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე.

მაშინ იესომ, ასწავლიდა რა ტაძარში, შესძახა და თქვა: „მეც მიცნობთ და ჩემი წარმომავლობაც იცით. ჩემით არ მოვსულვარ. მაგრამ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომლსაც თქვენ არ იცნობთ. მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა“.

ღაღად-ყო იესუ ტაძარსა მას შინა, ასწავებდა და ეტყოდა: მეცა მიცით და იცით, ვინა ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან-იგი მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე.

მაშინ იესომ, ასწავლიდა რა ტაძარში, შესძახა და თქვა: „მეც მიცნობთ და ჩემი წარმომავლობაც იცით. ჩემით არ მოვსულვარ. მაგრამ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომლსაც თქვენ არ იცნობთ. მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა. სიცოცხლის წყალზე“.
უფალი ეუბნება იუდეველებს: „მეცა მიცით, და იცით, ვინა ვარ. და თავით ჩემით არა მოსრულ-ვარ”, თუმცა თქვენი სიბოროტისა გამო ფარავთ იმას, რომ მე ზეციდან ვარ მოსული, რაც კარგად იცით; თუკი ჩემი მამაც ზეციდანაა, ბუნებრივია, რომ მეც იქიდან ვიქნები მოსული, მისგან, ვინც ჭეშმარიტია, რამეთუ ჭეშმარიტი ღმერთი არ გამოგიგზავნიდათ ცრუს და მატყუარას. მაგრამ „თქვენ არა იცით ჩემი მომავლინებელი, რადგან მას არ აღიარებთ თქვენი საქმეებით”. ხშირად, ცოდნაში იმალება (ან არის) უცოდინარობა, როგორც ამბობს მოც. პავლე: „ღმერთსა აღიარებენ ვითარმედ იციან, ხოლო საქმით უარ-ჰყოფენ“ (ტიტე 1:16). ხოლო თქვენ, იუდეველები კი, თქვენი ბოროტი განზრახვისა და ბოროტი საქმეების მიხედვით, ჩემს მამას არ იცნობთ, ხოლო მე კი ვიცნობ მას, რადგან მე მის ცნობაში ხელს არ მიშლის არც ბოროტი განზრახვა, და არც მისი საწინააღმდეგო საქმეები. „მე მის მიერ ვარ და მან მომავლინა მე” – ეუბნება უფალი, – „მე არა ვარ მისთვის უცხო“.
აქ, ნათლად ჩანს ქრისტეს ორი ბუნება: სიტყვები: „მე მის მიერ ვარ“, მიანიშნებს მის ღვთაებრივ ბუნებაზე (არსზე), ხოლო მისი სიტყვები – „მან მომავლინა მე“ – აღნიშნავს მის ადამიანურ კაცობრივ ბუნებას, რამეთუ ძე ღვთისას ეწოდება დესპანი, ელჩი, ხოლო კაცობრივად კი – ღმერთის მსახური, მონა.

30. ეძიებდეს მას შეპყრობად, და არავინ დაასხნა მას ჴელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი. 31. და მრავალთა ერისა მისგანთა ჰრწმენა მისა მიმართ და იტყოდეს: ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესნი სასწაულნი ქმნნესა, რომელნი ამან ქმნნა?

ამიტომ ეძიებდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო მას, რადგან მისი ჟამი არ იყო მოსული. ხალხიდან ბევრმა ირწმუნა იგი და თქვა: „როცა ქრისტე მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?

მახარებელი წმ. იოანე მიგვითითებს იმაზე, რომ უფალი ევნო ჩვენთვის საკუთარი ნებით: იუდეველებს სურდათ მისი შეპყრობა, მაგრამ ხელიც ვერავინ ახლო, „რამეთუ არღა მოწევნულ-იყო ჟამი მისი. ეს იმისთვის კი არ არის ნათქვამი, თითქოს უფალი დროს ემორჩილება, არამედ იმიტომ, რომ იგი ყოველ საქმეს აკეთებს მისთვის საჭირო და მოსახერსებელ დროს.
როდესაც მან ჩათვალა დროულად (მან სათნო იჩინა) თავისი ტანჯვა, ე. ი. როცა მისთვის მოვიდა დრო და ჟამი ტანჯვისა და ჯვარცმის, მხოლოდ მაშინ მისცა თავისი თავი სატანჯველად თავის ჯვარმცმელებს! რამეთუ, უფალი ქრისტე ყოველივეს ჰყოფს საჭირო დროსა და ჟამს;
თავისი დრო და ჟამი ჰქონდა ღმერთის მოცემას; თავისი ჟამი ჰქონდა განსაზღვრული უფლისგან წინასწარმეტყველებს და წმ.სახარებას. მაშასადამე, „ჟამის (დროის)“ განსაზღვრა მაცხოვრისგან მიგვანიშნებს მის განსაკუთრებულ სიბრძნესა და განგებაზე.
ერიდან ბევრმა ირწმუნა ქრისტე. ისინი ამბობდნენ ერთმანეთში: „ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესნი სასწაულნი ქმნნესა, რომელნი ამან ქმნნა?“ ეს ხალხი, ვინც ქრისტე ირწმუნა, იხსენებს მის მიერ აღსრულებულ მრავალ სასწაულს, როგორიცაა: კანაში – წყლის ღვინოდ გადაქცევა, კარისკაცის შვილის გაჯანმრთელება, განრღვეულის მორჩენა, ხუთი პურით მრავალი ათასი ადამიანის დაპურება და სხვა მრავალ უფლის მიერ მოხდენილ სასწაულს, რომელთა შესახებაც, სახარების მახარებლები, სამწუხაროდ, არაფერს ამბობენ.
მოკლედ რომ ვთქვათ, შენ თუ გაიგონებ, რომ ბევრმა ირწმუნა ქრისტე ღმერთი იუდეაში, იცოდე, რომ მათი რწმენა მის მიმართ არ იყო ძლიერი და ჭეშმარიტი, არამედ იყო ისეთი, როგორი რწმენაც ახასიათებს უბრალო ხალხს, რომლებიც ადვილად იცვლიან-ხოლმე თავიანთ აზრებს.

32. და ესმა ფარისეველთა ერისა მის დრტჳნვაჲ მისთჳს. და მიავლინნეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა მსახურნი, რაჲთა შეიპყრან იგი. 33. და თქუა იესუ: მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ და წარვალ მომავლინებელისა ჩემისა. 34. მეძიებდეთ მე და არა მპოვოთ; და სადა-იგი მე ვიყო, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად. 35. იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ვიდრე-მე ეგულების ამას წარსლვად, და ჩუენ არა ვპოოთ იგი? ნუუკუე განთესულთა მათ წარმართთასა ეგულების მისლვად და სწავლად მუნ წარმართთა? 36. რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს: მეძებდეთ მე და არა მპოვოთ, და სადა მე ვიყო, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად?

ფარისევლებმა მოისმინეს ხალხის ასეთი მითქმა-მოთქმა მასზე; და მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა. იესომ კი თქვა; „მე კიდევ მცირე ხანს ვარ თქვენთან და წავალ მასთან, ვინც მე მომავლინა. ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით. სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ. იუდეველებმა ერთმანეთს უთხრეს: „სად წავა იგი, რომ ვერ ვიპოვოთ? საბერძნეთში განთესილებთან ხომ არ წავა, რათა ბერძნებს ასწავლოს? ეს რა სიტყვაა, რომელიც თქვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ.

იუდეველი ერის ნაწილი კეთილად იყო ქრისტეს მიმართ განწყობილი, მათ ჰქონდათ რაღაც, რწმენის მაგვარი, უფლის მიმართ. მათ სურდათ, გამოყოფოდნენ თავიანთ ერის მთავრებს, რომლებსაც დიდი სურვილი ჰქონდათ ქრისტეს შეპყრობისა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი მას ქრისტედ აღიარებდა.
მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა თავიანთი მსახურები გააგზავნეს იესოს შესაპყრობად. თვითონ კი არ წავიდნენ ამის გასაკეთებლად, არამედ სხვები გააგზავნეს, რათა ეშინოდათ, რომ ხალხი მათ წინააღმდეგ არ აჯანყებულიყო. ამ გზით მათ თავიდან აიცილეს მოსალოდნელი განსაცდელი, ხოლო მათ მიერ წარგზავნილი მსახურები კი გაწირეს ხალხის მრისხანების მსხვერპლად. ასე იცავენ ისინი ყველგან თავის სარგებელს.
ხოლო უფალი კი თავისი უდიდესი სიბრძნით ეუბნება მათ: „მცირედ ჟამ თქვენთანა ვარ“; მერე დასძენს: „რატომ მდევნით მე? რისთვის გინდათ ჩემი გაძევება. ცოტაც მოითმინეთ და მე დამიჭერენ, გინდაც თქვენ არ გქონდეთ ამისი სურვილი. თქვენ მე მდევნით და მავიწროვებთ, ხოლო მე კი „თქვენთან ვარ“; მე გასწავლით თქვენ, თუ როგორ უნდა ცხოვნდეთ და რა არის თქვენთვის სასარგებლო: მალე მე, ამბობს უფალი, „წარვალ მომავლინებელისა ჩემისა“ ამისი თქმით, უფალს სურს იუდეველებში გამოიწვიოს შიში იმის თაობაზე, რომ მათ შეუძლიათ ქრისტეს, როგორც ღმერთის დესპანის, მოციქულის შეურაცხყოფით, მიაყენონ ასევე შეურაცხყოფა მის წ არმომგზავნელს, ანუ მამა უფალს.
სიტყვით – „წარვალ“, ქრისტე მიუთითებს თავის სიკვდილზე, ჯვარცმაზე, რომელიც ნებაყოფლობით, ანუ თავისი თავისუფალი ნებით იტვირთა ჩვენთვის. ამასთანავე, იგი ამატებს: „და სადა-იგი მე ვიყო, თქვენ ვერ ძალ-გიც მოსლვად“, რამეთუ, უფლის სიკვდილი რომ ყოფილიყო მსგავსი ცოდვილი ადამიანების ჩვეულებრივი სიკვდილისა ამ შემთხვევაში უფალი არ იტყოდა: „თქვენ ვერ ძალგიც მოსლვად“- ო. რამეთუ ჩვენ, ცოდვილები, ყველა ვექვემდებარებით სიკვდილს.
უფლის შემდეგი გამოთქმა – „მეძიებდეთ მე და არა მპოვოთ“, მიუთითებს იმაზე, რომ უფლის მათ გვერდით მყოფობას ისურვებს ბევრი ადამიანი.
ნეტავ. როდის ეძებდნენ ისინი ქრისტეს? ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ბევრი ქალი ტიროდა მასზე (ლუკა 23: 27). უდავოა, რომ ეს გრძნობა სხვა, ბევრმა ადამიანმაც გამოსცადა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალაქი იერუსალიმი ინგრეოდა. მრავალმა გაიხსენა ქრისტე და მისი დიდი სასწაულები. მათ უნდოდათ, რომ იგი მათ გვერდით ყოფილიყო (ლუკა 17: 22).
ეს ყველაფერი იესომ იმიტომ თქვა, რომ ბევრი ადამიანი თავისკენ მოეზიდა.
როდესაც მოვიდნენ იუდეველი მღვდელმთავრების მიერ გამოგზავნილი მსახურები იესოს შესაპყრობად, უფალი მათ ამცნობს, რომ მისთვის ნაცნობია მიზეზი, თუ რატომ მოვიდნენ ისინი – მასთან. მიზეზი მათი მოსვლის არის ის, რომ მათ სურთ იესოს მოკვლა; ამის გამო, უფალი წინასწარმეტყველებს მათ წინაშე თავისი ჯვარცმის, ანუ თავისი გარდაცვალების შესახებ და ეუბნება თავის მკვლელებს, რომ მათ, უმჯობესია, ცოტა მოიცადონ, რადგან იგი მალე წავა თავის მამასთან. ხოლო, საკუთარი გარდაცვალების დღის წინასწარმეტყველება ხომ უდიდესი საქმეა და თან არა ადამიანური, არამედ ზებუნებრივი, ღვთიური საქმეა! ამიტომაც, წმ. მეფე დავითი ამბობს: „მაუწყე, მე, უფალო, აღსასრული ჩემი“ (ფს. 38.4).
იუდეველები ამბობდნენ უფალზე: ხომ არ სურს მას ელინურ გაბნეულობაში წასვლა? ელინურ გაბნეულობას უწოდებდნენ იუდეველები წარმართებს, რადგანაც ისინი ყველგან იყვნენ გაფანტულები. იუდეველები ადრე მათში არ ირეოდნენ, მაგრამ როდესაც საცხოვრებლად შეიკრიბნენ ერთ ადგილას – პალესტინაში, კიცხავდნენ და გმობდნენ წარმართებს იმის გამო, რომ ყველგან ცხოვრობდნენ გაფანტულად. ასეთი დაცინვა წარმართების – უკუღმა შემოუბრუნდათ იუდეველებს, რაგან ებრაელები თვითონ ჩავარდნენ გაფანტულობაში.

37. და დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღატ-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ. 38. და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი.

დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: „თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას. ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი მუცლიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“

დღესასწაულის პირველ და ბოლო დღეს, ან კვირის ბოლო დღეს უწოდებდნენ უდიდეს დღეს, რადგანაც რჯულიც დღესასწაულის ბოლო დღეს უწოდებს წმინდას (ლევიტ. 23: 35-36). ამის გათვალისწინებით, მახარებელიც, ბოლო დღეს უწოდებს უდიდესს. უფალი ხმამაღლა მიმართავს ხალხს კვირის ბოლო დღეს: „და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“.
ბევრ ადამიანს მიეცა ქრისტეს რწმენა მის მიერ აღსრულებული სასწაულების გამო. უფალი კი მიუთითებს მათ, რომ ღმერთის რწმენა სასწაულების გამო კი არ უნდა ჰქონდეთ, არამედ საღვთო წერილის საფუძველზე; რამეთუ მართლმადიდებლური სარწმუნოება მოცემულია წმინდა წერილიდან. ამიტომაც უფალი ამბობს: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან“, ე. ი. ეს გამოთქმა ნიშნავს, რომ წმინდა წერილი მოწმობს ჩემზე – ამბობს იესო, რომ მე ვარ ძე ღვთისა, შემოქმედი, ყველაფრის უფალი, მაცხოვარი ქვეყნიერებისა. რამეთუ მრავალმა მიიღო უფლის რწმენა, მაგრამ არა ისე, როგორც ნათქვამია წმ. წერილში, არამედ ისე, როგორც მათ თვითონ სურდათ. ასეთია ყველა მწვალებელი.
უფალმა თქვა, რომ მის ჭეშმარიტ მორწმუნეს მუცლიდან წარმოსდინდება წმინდა წყლები. როცა მუცელს ამბობს, გადატანითი მნიშვენლობით იესო გულისხმობს გულს, ისევე, როგორც წმ. მეფე დავითი ამბობს: „გულსა შინა ჩემსა ჭეშმარიტებაი შენი“ (ფს. 39, 10). თქვა მან, რომ უკვდავი წყლის „მდინარეები“ და არა „მდინარე“ წარმოედინება მისი მორწმუნის გულიდან, რაც მიუთითებს სული წმიდის მადლის გულუხვობასა და მრავალმხრივობაზე (მრავალფეროვნებაზე), რამეთუ სული ღვთისა ისეთია, რომ ვის სულშიც შებრძანდება და დამაკვიდრდება, ეს მადლი ადამიანის გულიდან მოედინება ყველა წყაროზე უფრო მეტად გულუხვად (მთელი სისავსით).
საღვთო წერილის მიხედვით, როგორც ნამდვილი მორწმუნის მუცლიდან (ანუ გულიდან) მოედინება მდინარეები (უფლის მადლის), ასევე ყოველს შეუძლია გაიგოს ამ მადლის მოქმედება, როცა მიაქცევს ყურადღებას პეტრეს ენას, პავლეს დაუოკებლობას და სტეფანეს გონიერებას, რადგან მათ სიტყვებს ვერაფერი ვერ აბრკოლებდა. მათ (ქრისტეს წმინდა მოციქულებმა) ქრისტეს რწმენის გზაზე მრავალი ადამიანი გაიყოლეს, როგორც დაუოკებელი დინების მქონე მდინარეებმა.

39. ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მიღებად იყო მორწმუნეთა მათ მისა მიმართ, რამეთუ არღა მოცემულ იყო სული წმიდაჲ, რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ.

ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო სული, რაკი იესო ჯერ განდიდებული არ იყო.

მახარებელი განმარტავს, თუ რას ნიშნავს ცხოველსმყოფელი წყლის მდინარეები. ეს არის, ამბობს წმ. იოანე, სული წმიდა, რომელიც მიეცემა უფლის ყველა ჭეშმარიტ მორწმუნეს: რამეთუ ჯერ არ იყო წმიდა სული. აქ ალბათ, ვინმე დაგვისვამს კითხვას: მაშინ როგორღა ამბობს მახარობელი, რომ მიეცემა სული თუკი ჯერ არ იყო სული წმიდა? ნუთუ, წინასწარმეტყველები უფლის სულით არ ლაპარაკობდნენ? ხოლო უფლის მოციქულები როგორ აღასრულებდნენ სასწაულებს? გიპასუხებთ:
ეჭვსგარეშეა, წინასწარმეტყველები ლაპარაკობდნენ სული წმიდის მადლით. მაგრამ, ეს მადლი – შეწყდა, დედამიწიდან გავიდა. მართალია, უფლის ეს მადლი მოქმედებდა წინასწარმეტყველების დროს, მაგრამ იმ დროს, როცა ქრისტე ხორციელად იმყოფებოდა მიწაზე, ხალხის უღირსობის გამო, უფლის წინასწარმეტყველება არ ვლინდებოდა, და სულიერი მადლი არ მქომედებდა მათი ტაძრების საკურთხევლებში.
მაგრამ, რადგანაც მაშინ ჯერ არ მოქმედებდა სული ღვთისა, ამიტომ ამბობს, რომ სულიწმიდა ჯერ არ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იუდეველთა შორის სული წმიდა არ არსებობდა, ე. ი. არ იყო დამკვიდრებული მათში და მათ მოქმედებებში მისი არსებობა არ ვლინდებოდა.
ხოლო რაც შეეხება ჟამს – მოციქულებამდე, ისინი სასწაულებს ახდენდნენ არა სული წმიდით, არამედ უფლის ძალაუფლებით. რამეთუ, უსმინე, რას ამბობს წმინდა სახარება: როცა გადაწყვიტა უფალმა მოციქულების წარგზავნა, მისცა მათ „ძალაუფლება“, და არა – სული წმიდა (მათე 10:1 ლუკა 10:19).
რამდენი სასწაული აღასრულეს მათ არა სული წმიდით, არამედ ქრისტეს სახელითა და მისი ძალაუფლებით, ხოლო როცა უფალი მკვდრეთით აღდგა, მაშინ უთხრა მათ: „მიიღეთ სული წმიდა“ (იოანე 20: 22). და 50-ე (მეერგასე) დღეს მათზე გარდამოვიდა წმიდა სული ღვთისა (მოც. საქმ. 2: 4). ეს აზრი სხვანაირადაც შეიძლება გამოვთქვათ: სულიერი ძალა უფლის ჯვარცმამდეც არსებობდა – წინასწარმეტყველებში და მოციქულებში, მაგრამ არა ისე, როგორც ქრისტეს ამაღლების შემდგომ, ე. ი. არა ისეთი სისავსით და გულუხვობით, რომ შევადაროთ იგი მდინარეებს.
ამიტომ, მახარებელი სამართლიანად ამბობს, რომ ჯერ არ იყო სული წმიდა. ეს ნიშნავს, რომ ისეთი სისავსით არ იყო გამოგზავნილი ღმერთისგან (გარდამოვლენილი) მაშინ, როგორც მომავალ დროს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მადლი იყო უფლის ჯვარცმამდეც, მაგრამ არა სისავსით, არა სრულყოფილად, რადგან იესო ჯერ არ იყო განდიდებული. აქ, წმ. მახარებელი იოანე, ჯვარს უწოდებს – დიდებას, რადგანაც უფალმა ჯვრით დაამარცხა მტარვალი, მწამებელი ძალა და გამეფდა. ამიტომ ჯერ სანამ ჯვარი არ იყო აღმართული, არც ცოდვა არ იყო გაუქმებული, არც ჩვენმა ბუნებამ ქრისტეში არ სძლია ქვეყნიერებას და სანამ ჩვენ არ შევურიგდით ღმერთს, ბუნებრივია, რომ ღვთისგან არ იყო მოცემული ადამიანების საცხოვნებლად სული წმიდის მადლი მთელი სისავსით.
პირველ რიგში, საჭირო იყო, რომ ჩვენ გავმხდარიყავით უფლის მეგობრები, ხოლო ეს შესაძლებელი იყო მომხდარიყო უფლის ჯვარცმის გზით, მხოლოდ ამის შემდეგ უკვე შეიძლებოდა უფლის მადლის (წყალობის) მიღება, ისევე, როგორც მიწიერ ცხოვრებაში

რამეთუ, წინასწარმეტყველებს ჰქონდათ სული წმიდის იმდენი მადლი, რომ სხვებისთვის არ შეეძლოთ გადაეცათ იგი. ხოლო მოციქულებმა კი თავიანთი მადლით აავსეს უთვალავი ადამიანი.

40. მრავალთა ერისა მისგანთა ისმინეს სიტყუაჲ ესე და იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი. 41. სხუანი იტყოდეს: ესე არს ქრისტე; ხოლო სხუანი იტყოდეს: ნუუკუე გალილეაჲთ მოსლვად არსა ქრისტე? 42. არა წიგნი იტყჳსა, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მოვიდეს ქრისტე? 43. და განწვალებაჲ იყო მისთჳს ერსა შორის.

ხალხიდან ბევრმა ამ სიტყვების მოსმენისას თქვა: „ეს ჭეშარიტად წინასწარმეტყველია.“ სხვები ამბობდნენ: „ეს ქრისტეა.“ სხვები კი ამბობდნენ: „განა გალილეიდან მოვა ქრისტე? განა წერილი არ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?“ და ჩამოვარდა ხალხში განხეთქილება მის გამო.

უფლის თამამი საუბრით შერცხვენილი ხალხი (ერის ნაწილი) აღიარებს იესოს წინასწარმეტყველად; სწორედ იმ პიროვნებად, რომელსაც ელოდნენ: ერის სხვა, გაუნათლებელი ნაწილი ამბობს, რომ იგი – ქრისტეა, და მათ არ ესმით ის, რომ ქრისტეც და ის წინასწარმეტყველიც ერთი და იგივე პიროვნებაა. უფრო მეტად უგუნურები კი ამბობენ, რომ ქრისტე გალილეიდან კი არ მოვა, არამედ - ბეთლემიდან, დავითის ტომიდან. მაგრამ ამას, ეს ხალხი ისე კი არ ამბობდა, როგორც ნათანაელი, არამედ – ბოროტი განზრახვით. „,და თქვა ნათანაელმა: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაისამე ყოფად?“ ამას ნათანაელი ამბობდა, როგორც რჯულის მცოდნე ადამიანი, რისთვისაც დაიმსახურა უფლის შექება. იგი ბოროტი განზრახვით არ ამბობდა ამას უფლის მიმართ, არამედ როგორც რჯულის კარგი მცოდნე. ხოლო, ეს იუდეველი ხალხი კი გაიძვერობით ამბობდა, რომ ქრისტე გალილეიდან არ მოვაო, რადგან მათ, წესით, უნდა სცოდნოდათ, რომ იესო არის ბეთლეძიდან, თუმცა, იგი აღზრდილია გალილეაში. მაგრამ, შურის გამო უფლის მიმართ, მათ არ სურთ აღიარონ იესოს წარმოშობა – ბეთლემიდან, და მას უწოდებენ გალილეველს. როგორ შეიძლებოდა, რომ იუდეველებს არ სცოდნოდათ უფლის წარმოშობა დავითის ტომისგან, რადგანაც მარიამის შთამომავლობა ხომ წმინდა დავით მეფისგან მომდინარეობს! აქედან გამომდინარე, ცხადია, ისინი რატომ ლაპარაკობდნენ იესოზე ბოროტად. ამ საკითხზე ხალხში წარმოიშვა განხეთქილება, ხოლო ერის მთავრები და მღვდელმთავრები კი ცდილობდნენ, რომ იესო ქრისტედ არ ეღიარებინათ.

44. და რომელთამე მათგანთა უნდა შეპყრობაჲ მისი, და არავინ მიყვნა ჴელნი მის ზედა. 45. მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთ-მოძღუართანი და ფარისეველთანი, და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი? 46. მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა ვინ იტყოდა კაცი ესრეთ, ვითარ ესე კაცი.

ზოგიერთ მათგანს მისი შეპყრობა უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა. მსახურნი მივიდნენ მღვდელ-მთავრებთან და ფარისევლებთან, მათ კი უთხრეს: „რატომ არ მოიყვანეთ იგი?“ მსახურებმა უპასუხეს: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს.“

იუდეველთა ერისმთავართა ნაწილი, ვინც მეტ-ნაკლებად თავშეკავებული იყო უფლის სიძულვილში, სიტყვიერად ეწინააღმდეგებოდა ქრისტეს დიდებას, ხოლო უფრო მეტად უსირცხვილონი (ურცხვები) კი ეძებდნენ ისეთ შემთხვევას, რომ იესო დაეჭირათ. თუმცა, უფლის ღვთაებრივი ძალა უხილავად აკავებდა მათ ამ საქმის ჩადენისგან; მაგრამ ამ სასწაულმაც მათზე არ იმოქმედა; სამართლიანად ამბობს მათზე წმ. მეფე დავითი: „განირყვნეს და არა შეინანეს” (ფსალ. 34.15).
ვნახოთ, რას უპასუხებენ ფარისებლებს ის მსახურები, ვინც მათ გააგზავნეს იესოს შესაპყრობად. ისინი ძალიან კეთილგონივრები იყვნენ. ფარისევლები თავიანთ თავს თვლიდნენ ბრძენებად, კითხულობდნენ საღვთო წერილს, სასწაულებსაც ხედავდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ავაზაკები ამხედრდნენ (აღსდგნენ) უფლის წინააღმდეგ, ისინი ეკითხებიან თავიანთ მსახურებს: – რატომ არ მოიყვანეთ იგი?
ხოლო მსახურებმა უფლის რწმენა მიიღეს არა მისი სასწაულებით, არამედ მისი სწავლების მოსმენით. ეს ადამიანები განწყობილნი იყვნენ სიკეთის ადვილად მისაღებად და სულის საცხოვნებელი სიტყვის დასამკვიდრებლად, მათ ასე უპასუხეს ფარისევლების შეკითხვას: „არავის არ ულაპარაკია ასე“. მათი ასეთი პასუხი იწვევს ჩვენს გაკვირვებას, რადგან ამითი მტკიცდება მათი (მსახურების) არა მარტო კეთილგონიერება, არამედ სიმამაცე.
ეს მსახურები არ შედრკნენ ფარისეველთა მრისხანების წინაშე, არც თავი არ დაიმცირეს, როგორც ხელქვეითებმა და არც თავიანთი უფროსების გულის მოსაგებად არ თქვეს რაიმე, არამედ თამამად დაამოწმეს უფლის ჭეშმარიტება. ჩვენი აზრით. ამ ადამიანებს უნდა მიბაძოს ყველამ, ვინც კი მსახურობს უფროსების ხელქვეითად, და არ უნდა დაემორჩილონ თავიანთ უფროსებს იმ უსამართლო ბრძანებების აღსრულებაში: როცა ისინი ამას ავალებენ თავიანთ ხელქვეითებს, ისევე, როგორც მოხდა საულის დროს; იგი, რჯულის საწინააღმდეგოდ უბრძანებდა თავის მსახურებს მოეკლათ ღმერთის სამღვდელოება, რაც საულის ხელქვეითებმა არ შეასრულეს. (1 მეფ. 22: 17).

47. მიუგეს ფარისეველთა მათ და ჰრქუეს: თქუენცა ნუუკუე შე-ვე-ცთომილ ხართა? 48. ნუუკუე მთავართაგანთა ვიეთმე ჰრწმენაა მისი ანუ ფარისეველთა? 49. არამედ ერსა ამას, რომელმან არა იცის სჯული, დაწყეულ არიან. 50. ჰრქუა მათ ნიკოდიმოს, რომელი-იგი მოსრულ იყო პირველ მისა, იყო ერთი მათგანი: 51. ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს? 52. მიუგეს მათ და ჰრქუეს მას: ნუ შენცა გალილეაჲთ ხარ? გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაწარმეტყუელი არა აღდგომილ არს. 53. და წარვიდა კაცად-კაცადი სახიდ თჳსად.

ფარისევლებმა უთხრეს: „ნუთუ თქვენც გაცდუნათ? ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ იწამა იგი? მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია.“ უთხრა მათ ნიკოდემოსმა, რომელიც ღამით მივიდა მასთან, და ერთი იმათთაგანი იყო: „განა სდებს მსჯავრს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რაც მან ჩაიდინა?“ უპასუხეს მას: „შენც გალილეიდან არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება.“ ყველანი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ.

რაგომ ექცევიან ფარისევლები თავიანთ მსახურებს რბილად და უწყინრად, და არა მრისხანებით, რისთვის მიმართავენ ასე: „ნუთუ თქვენც ცთუნდით?“ იმიტომ, რომ ეშინოდათ, თუკი მათ მრისხანებით, ბოროტად მოექცეოდნენ, არ მიეტოვებინათ და ქრისტეს არ მიმხრობოდნენ. ამის გამო, ძალიან ტკბილად და მშვიდად ეუბნებიან თავიანთ მსახურებს: „ნუთუ თქვენც ცთუნდით, რომლებიც ყოველთვის ჩვენთან ერთად იყავით, რჯულის მცოდნეებთან, თქვენ ხომ სხვებზე მეტად ჭკვიანები ხართ? ნუთუ, ჩვენ მთავართაგან ვინმემ ირწმუნა ქრისტე?“
მაგრამ ვინ არის დამნაშავე, რომ ქრისტე არ ირწმუნა? უდავოდ, ისინი არიან დამნაშავენი და ექვემდებარებიან გასამართლებას, ვინც ქრისტე არ ირწმუნა.
ებრაელი მღვდელმთავრები და ფარისევლები ერს, ვინც ირწმუნა იესო ქრისტე, უწოდებენ დაწყევლილს, ეს მაშინ, როცა თავიანთი ურწმუნოებისთვის უფლის მიმართ და მრავალი ადამიანის შებრკოლებისთვის იესოს რწმენაში, თვითონ იმსახურებენ უამრავ წყევლას.
რისთვის წერს წმ. იოანე ღვთისმეტყველი ნიკოდიმოსზე, რომ იგი, როგორც ერთ-ერთი ერისმთავარი, რატომ მიდის ღამით, ფარულად იესოსთან სალაპარაკოდ? იმისთვის, რომ გაცხადდეს მათი სიცრუე, რადგან ამბობდნენ, რომ ქრისტე არავინ არ ირწმუნა იუდეველთა მთავართაგან; მახარებელი კი მიუთითებს, რომ ეს ხალხი ამ შემთხვევაშიც ცრუობს.
მართალია, ნიკოდიმოსი ებრაელთა ერთ-ერთი მთავარია, მაგრამ მან ირწმუნა ქრისტე. რას ეუბნება იგი უფლის მოძულე ერისმთავრებს? – ნუთუ ჩვენი რჯული ისე ასამართლებს ადამიანს, რომ მას არ მოუსმენს და არ გაიგებს, თუ რა დანაშაული ჩაიდინა მან? ამ ნათქვამით, ნიკოდიმოსი მიუთითებს მათ, რომ რჯულმდებლებად კი წარმოუდგენიათ მათ თავი, მაგრამ სინამდვილეში არც რჯული წაუკითხავთ მათ და არც მისი (რჯულის) მოთხოვნები არ შეუსრულებიათ. თუ რჯული ბრძანებს, რომ წინასწარ გამოძიების გარეშე, არავის მოკვლა არ შეიძლება, ხოლო, ეს ხალხი კი იესოს დაჭერას და მოკვლას ჩქარობდა, ისე, რომ მისი მოსმენაც კი არავინ არ მოისურვა, მაშინ გამოდის, რომ ეს ხალხი - რჯულის უარმყოფელი ყოფილა.

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21