1. ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. 2. ვითარცა-ესე მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ. 3. და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე.
ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყეელა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს.
მის შემდეგ, რაც უფალმა უთხრა (გამოუცხადა) მოწაფეებს, რომ მათ სატანჯველები ელოდათ, იქვე ანუგეშა ისინი და ასწავლა მათ ლოცვა, და ასევე, მათთან ერთად – ჩვენც გვასწავლა ლოცვა, რათა ყოველ განსაცდელში (გასაჭირში) დავტოვოთ (მივატოვოთ) ყველა საქმე და ვილოცოთ ქრისტეს წინაშე, რამეთუ თვით მაცხოვარმა, მოიდრიკა მუხლნი და ილოცა (მათე 26, 39), როცა მას თვითონ ენება ეს. ქრისტე უფალი მარტო იმისთვის კი არ მოვიდა, რომ თავისი თავი ქვეყნიერებისთვის გამოეცხადებინა, არამედ იმისთვისაც, რომ გვასწავლოს ქრისტიანული სათნოებები.
იმისთვის, რომ გვიჩვენოს, რომ ტანჯვაზე საკუთარი ნებით მიდის, ამბობს: „მამაო, მოვიდა ჟამი”. ქრისტე ღმერთი თავის ჯვარცმას უწოდებს დიდებას, არა მარტო თავის დიდებას, არამედ – თავისი მამის დიდებასაც!
უფალს ჯვარცმამდე თვით იუდეველებიც (ებრაელებიც) კი არ იცნობდნენ, ხოლო ჯვარცმის შემდეგ კი – მთელმა ქვეყანამ (ადამიანები) ირწმუნა იესო!
უფალი გვაჩვენებს, თუ რაში მდგომარეობს მამამისის (მამაღმერთის) და ქრისტეს დიდება: ე.ი ღმერთის დიდება იმაშია, რომ ყოველმა ადამიანმა ირწმუნოს ღმერთი და მიიღოს სულიერი მადლი (ე. ი. მადლმოსილი გახდეს ყველა ადამიანი).
უფალს სურდა, რომ თავისი მოციქულები გაეგზავნა წარმართებთან იმისთვის, რომ მათ გაეგოთ, რომ ეს მამის ნება იყო, იესო ეუბნება: ყოველ ხორციელზე მე მამაჩემისგან მომეცა ხელმწიფება (ძალაუფლება)
როგორ ავხსნათ გამოთქმა: „ყველა ხორციელზე“? ყველამ ხომ არ ირწმუნა ქრისტე? სამწუხაროდ, ყველამ არა, მაგრამ თვითონ ქრისტე, თავის მხრივ, ცდილობდა ყველა ადამიანს მიეღო მისი ჭეშმარიტი რწმენა; თუ ყველა არ უსმენდა იესოს, ეს მისი ბრალი კი არ იყო, არამედ იმ ადამიანების, ვინც მას არ უსმენდა.
უსმინე, წმ. მახარებელი იოანე (როგორც I პირი), რას ამბობს უფალზე: „ყველაფერი მის მიერ შეიქმნა (იოანე 1:3); და: „ხოლოვ ყველას, ვინც შეიწყნარა (ირწმუნა) იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ“ (იოანე 1:12). თუ სხვებს ანიჭებს (აძლევს) ასეთ ძალაუფლებას, ნუთუ თვითონ არ გააჩნდა, ნუთუ მამისგან მიიღო?
წერია ქრისტეზე: რათა „მისცეს საუკუნო სიცოცხლე” ყოველ ხორციელს – ესაა მხოლოდშობილი ძის და ღვთაების ძალაუფლება!
რამეთუ, სიცოცხლის მიცემა და მით უმეტეს – მარადიული სიცოცხლისა, შეუძლია (ძალუძს) მარტო – ღმერთს!
4. მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო. 5. და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა. 6. გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან; შენნი იყვნეს და მე მომცენ იგინი, და სიტყუჲ შენი დაუმარხავს.
მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა.
გთხოვ, ამ სიტყვებიდან მიხვდი, თუ როგორ განადიდებს მამა-ძეს!
ეჭვსგარეშეა, ასევე ძეც, ადიდებს – მამას!
„მე, ამბობს იესო ქრისტე. განგადიდე შენ დედამიწაზე”. სამართლიანად ამატებს თავის ნათქვამს: „დედამიწაზე“, რადგანაც ზეცაში იგი იყო განდიდებული და თაყვანისცემული წმინდა ანგელობისაგან, ხოლო დედამიწაზე კი – მას არ იცნობდნენ; ხოლო როცა ძემ ყველას ამცნო მამის შესახებ, მაშინ იესო ამბობს: მე შენ განგადიდე იმით, რომ შენს შესახებ მთელ დედამიწაზე დავთესე ღვთისშემეცნება და რომელი საქმეც შენ მე დამავალე, გავაკეთე.
მხოლოდშობილი ძის განკაცების (ხორციელად შობის) საქმე იყო ჩვენი ბუნების განათლება-კურთხევა, ბოროტი სულის, როგორც ამ ქვეყნის მთავრის დამხობა, რომელსაც უწინ აღმერთებდნენ, ადამიანთა შორის ღვთის შემეცნების დათესვა-გამრავლება.
როგორ გააკეთა მან ეს? ყველაფერი, ამბობს უფალი, რაც უნდა გამეკეთებინა, გავაკეთე.
დიახ, უფალმა ყველაზე დიდი რამ გააკეთა: ჩვენში ჩანერგა სიკეთის ფუძე (ძირი), სძლია ეშმაკს და ჩვენთვის თავისი საკუთარი სიცოცხლე სასიკვდილოდ გაწირა, ხოლო აქედან კი შეძლების მიხედვით ღმერთის შემეცნების კეთილი ნაყოფი გამოვა (გამოისხავს).
„ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავე დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნის შექმნამდე“. ხორციელად ჯერ არ იყო განდიდებული მაცხოვარი, რადგან უხრწნელება ჯერ არ ჰქონდა მიღებული ხორციელად და სამეფო ტახტის თანაზიარი ჯერ არ იყო.
ამიტომაც მამას ეუბნება: „შენ განმადიდე“, რაც იმას ნიშნავს, რომ განმადიდე ჩემი კაცობრივი (ადამიანური, ხორციელი) ბუნებით, რომელიც ამჟამად (ამჯერად, ეხლა) უპატიობაშია, ჩემს ხორცს ჯვარს აცვამენ, და გთხოვ იმ დიდებაში ამიყვანე, რომელიც მე – შენს ძეს და შენს სიტყვას – გამაჩნდა (მქონდა) იქამდე, სანამ ქვეყნიერება შეიქმნებოდა.
ახლა, უფალი ხსნის (განმარტავს) რას ნიშნავს: – მე განგადიდე შენ დედამიწამე, ე. ი. მე ყველას გავაგებინე შენი სახელი; ანუ მაშინ მხოლოდ იუდეველებმა იცოდნენ ღმერთის შესახებ, თანაც როგორც შემოქმედს, ისე იცნობდნენ, და არა – როგორც მამას; ხოლო ძემ, ქრისტემ, ღმერთი გააცნო ადამიანებს, როგორც – მამა და სიტყვით და საქმით დაამოწმა თავის შესახებ, რომ იგი მამა ღმერთის ერთადერთი, ჭეშმარიტი ძეა!
7. და აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, შენგან არს. 8. რამეთუ სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე.
ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.
უფალს სურს 2 აზრის განმტკიცება:
1) რომ იგი, ქრისტე, მამის მოწინააღმდეგე არ არის:
2) რომ მამას სურს, რათა ადამიანებს სწამდეთ მისი ძის. ამიტომ იესო ამბობს: „შენი იყვნენ და მე მომეცი ისინი“. მე არ მივიტაცე ისინი, არამედ შენ ინებე, რათა ისინი ჩემთან მოსულიყვნენ. ამიტომ, მტრობა არ მაქვს, არამედ სიყვარული და ერთი აზრი გაქვს ჩემთან.
„დაიცვეს შენი სიტყვა“, რადგან ჩემი ირწმუნეს და არ დაუჯერეს იუდეველებს. რამეთუ, ვისაც ქრისტესი სწამს, ის იცავს ღმერთის სიტყვას, ე. ი. რჯულს, ანუ საღვთო წერილს; რადგან საღვთო წერილი იუწყება ქრისტეს შესახებ.
„ახლა იცნეს”, ამბობს იესო, „რომ ყველაფერი, რაც მე მომეცი, შენგან არის“, რაც ნიშნავს: ახლა, ჩემი მოწაფეები მიხვდნენ, რომ ყველაფერი, რაც შენ მომეცი, მეკუთვნის მე, როგორც ძეს, და არა ისე, როგორც რაიმე ქმნილებას.
საიდან მიხვდნენ ამას ჩემი მოწაფეები? „რადგან სიტყვები, რომლებიც მომეცი, მათ მივეცი”, ე. ი. მე ყოველთვის ვასწავლიდი მათ იმას, რაც მამაჩემისგან გავიგე, და არა მარტო ამას, არამედ იმასაც ვასწავლიდი, რომ მე მამისგან გამოვედი.
მთელ სახარებაში ნათლად ჩანს ის, რომ იესოს სურს დაამტკიცოს ის ჭეშმარიტება, რომ იგი ასრულებს მამის ნებას და რომ ქრისტე, არაა მამა ღმერთის მოწინააღმდეგე.
9. მე მათთჳს გკითხავ; არა თუ სოფლისათჳს გკითხავ, არამედ მათთჳს, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან. 10. და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის.
მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი; და მე ვიდიდე მათში.
უფალი ქრისტე მამას ევედრება: მე გევედრები მათთვის, ვინაიდან შენი არიან და არ გევედრები ქვეყნიერებისათვის. მე არ გევედრები ბიწიერ (მანკიერ) და ამქვეყნიური ბრძნობით დაკავებული (გატაცებული) ადამიანებისთვის, არამედ მხოლოდ მათთვის, რომლებიც შენ, მამაო, მე მომეცი.
„და ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი“, ეს ნიშნავს მე ახლა კი არ მივიღე ეს ძალაუფლება, არამედ - მაშინ, როცა ისინი შენი იყვნენ, მაშინ - ჩემიც იყვნენ, რამეთუ რამეთუ ყველაფერი შენი - ჩემია.
და ეხლა, როცა ისინი – ჩემები არიან, ასევე – შენნიც არიან, რადგანაც ყველაფერი ჩემი – შენ გეკუთვნის.
„და მე ვიდიდე მათში“, ე. ი. მე მაქვს ძალაუფლება მათზე, მე ვიდიდები მათში, როგორც მეუფე, ვითარცა მეფის ძე, რომელსაც გააჩნია მამის თანასწორი სამეფოც და ღირსებაც.
მაშასადამე, ძე იდიდება იმ ადამიანებში, ვინც ეკუთვნის – მამას, რადგანაც იესოს აქვს იმდენივე ძალაუფლება (ხელმწიფება) ყველაზე, როგორიც აქვს მის მამას, ანუ მამა-ღმერთს!
11. და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ. 12. ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა; რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს.
მე უკეე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი. როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი.
რისთვის იმეორებს ხშირად უფალი ამ სიტყვებს: „და მე უკვე აღარა ვარ ქვეყნად“ ან „როცა მათთან ვიყავი ქვეყნად?“ სხვა ადგილას იესო პირდება მათ: ,,მე დავრჩები თქვენში (იოანე 15:4) ან „მიხილავთ მე“ (იოანე 16:17). ეს ორი – ერთმანეთის საწინააღმდეგოა.
მაშ, ვთქვათ ჭეშმარიტად, რომ უფალი ასე ლააპარაკობს მათი (მოციქულთა) გაგების შესაბამისად. მათთვის, ბუნებრივი იყო, რომ ქრისტესთან განშორების გამო ისინი დამწუხრებულიყვნენ.
იესო მათ უცხადებს, რომ თავის მოციქულებს იგი აბარებს თავის მამას. მის ყოვლისშემძლე მფარველობას, ხოლო მამამისს ეუბნება: „წმიდა მამაო, დაიცავი ისინი შენი სახელით“. რაში სთხოვს ქრისტე თავის მამას მოციქულთა დაცვას?
„რათა იყვნენ ერთი, როგორც ჩვენ“, რადგან თუ მათ ერთმანეთი ეყვარებათ და მათ შორის არ იქნება განხეთქილება (წინააღმდეგობა), ისინი უძლეველნი იქნებიან და მათ ვერავინ მოერევა.
და არა მხოლოდ მარტო ერთობა ჰქონდეთ, არამედ როგორც ჩვენ გვაქვს ერთი სურვილი და ერთი გონიერება, ასევე მათაც მიმადლე; რამეთუ მათი დაცვა (მფარველობა) იქნება – მათი ერთსულოვნება! მაშასადამე, რათა თავისი მოწაფეები დაამშვიდოს უფალმა, იგი მათ მფარველობას სთხოვს თავის მამას, რომელიც მისთვის, მამა-უფლისთვის, ჩვეულებრივი (უბრალო) საქმეა.
13. ხოლო აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით.
ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული.
უფლის ამ ნათქვამს სწორი გაგება სჭირდება: „ვინც მომეცი, მე დავიფარე”. ალბათ, იესო უანდერძებს მამას, რომ მისი მოციქულები მანაც დაიფაროს, გაუწიოს მისსავით მფარველობა. ამას ყველაფერს მაცხოვარი ამბობს მოწაფეების სანუგეშოდ.
„ამას ვამბობ ქვეყნად”, რათა ჩემი მოწაფეები დამშვიდდნენ, ნუგეში და სიხარული ჰქონდეთ. როგორც მე გავუფრთხილდი და მოვუარე მათ, ასევე, მამაო, შენც გაუფრთხილდი და გაუწიე მფარველობა, მე არავინ არ დამიღუპავს.
როგორ, უფალო, არავინ არ დაგიღუპავს, აბა, იუდა რომ დაიღუპა და „ბევრი მოწაფე ჩამოშორდა (ქრისტეს) და აღარ მისდევდნენ მას“ (იოანე 6, 66)?
მე, ამბობს უფალი, ჩემი მხრიდან, არავინ არ დამიღუპავს, რაც მე მეხებოდა, ყველაფერი შევასრულე (გავაკეთე), რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, ყოველმხრივ ვცდილობდი მის (ჩემი მოვალეობის) შესრულებას. თუ ადამიანები თვითონ, თავისი ნებით ჩამომცილდნენ, მე ამაში ბრალი არ მიმიძღვის.
„რათა აღსრულდეს წერილი”, ე.ი. ყოველი წერილი, რომელშიც წერია დაღუპვის ძის შესახებ წინასწარმეტყველება, მაგ. ფსალმუნებში – 105:8, 68:26 და სხვადასხვა საწინასწარმეტყველო წიგნებში.
14. მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა ამისგან. 15. არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე იგინი სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე იგინი ბოროტისაგან. 16. სოფლისაგანნი არა არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ.
მე მათ მივეცი შენი სიტყვები და ქვეყანამ მოიძულა ისინი, ვიანიდან ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი. არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნიდან, არამედ, რათა ბოროტისაგან დაიფარო ისინი. ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი.
მაცხოვარი ევედრება მამას მისი მოციქულების მფარველობას და დახმარებას იმ მიზეზის გამო, რომ ქრისტემ მამის სიტყვა გადასცა მოციქულებს, რის გამოც ისინი შეიძულეს ადამიანებმა. ამის გამო, გთხოვ, მამაო, ევედრება მაცხოვარი, ესენი ღირსნი არიან შენი წყალობის (მფარველობის), რადგანაც ამქვეყნიურმა ბრძენებმა, ბიწიერმა (მანკიერმა)ადამიანებმა შეიძულეს ესენი შენს გამო.
ბიწიერ (ვნებიანი, მანკიერი) ადამიანებს სძულთ მოციქულები, რადგან „ამ ქვეყნისგან არ არიან“, ე. ი. თავიანთი გონებით ესენი არ არიან მიჯაჭვულნი ამქვეყნიურ საზრუნავებს.
უფლის სიტყვები – ,როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი“, ნუ შეგაშფოთებს, ამას სწორი გაგება სჭირდება: ამას იესო იმისთვის კი არ ამბობს, თითქოს უცოდველი უფალი და მოციქულები ერთნაირები იყვნენ, არამედ ისინი თავიდან მიწიერი, ცოდვილი ადამიანები იყვნენ; სიტყვა – „როგორც“ – იგულისხმება უფალსა და მამაზე, მათ თანასწორობაზე.
„არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნისგან” – ამას იესო იმიტომ ეუბნება (ევედრება) მამას. რათა დაამტკიცოს თავისი სიყვარული მოწაფეების მიმართ. უფალი სთხოვს თავის მამას, რომ მისთვის საყვარელი მოწაფეები დაიფაროს ამ წუთისოფელში სიბოროტისგან. ისინი აღარ ეკუთვნიან ამ წუთისოფელს რადგან ზეციური სამეფოს წევრები გახდნენ.
ესენი (მოწაფეები) საჭიროებენ მამაო, შენს უდიდეს და ყოვლისშემძლე მფარველობას და დახმარებას.
ამას ამატებს იესო შემდეგ სიტყვებს:
17. წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტ არს. 18. ვითარცა მომავლინე მე სოფლად, მეცა წარვავლინებ მათ სოფლად. 19. და მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით.
გაწმინდე ისინი ჭეშმარიტებით, რადგანაც ჭეშმარიტია შენი სიტყვა. როგორც შენ მომავლინე ამ ქვეყნად, ისე მე მივავლინე ისინი ქვეყნად. მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით.
„წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა...“
უფალი კვლავ ევედრება მამას, რათა მისცეს (მიმადლოს) მოციქულებს სული წმიდა და მისი დახმარებით გახადოს ისინი წმინდანები, ასწავლოს ღმერთის ჭეშმარიტება, დოგმატები და მისცეს მათ მართალი, შეუმცდარი (უცთომელი) სიტყვა; რამეთუ, იყო წმინდანი, ნიშნავს ჭეშმარიტად გეპყრას (იცავდე) მართლმადიდებლური დოგმატები: „,,რამეთუ სიტყვაი შენი ჭეშმარიტ არს”, ეუბნება მაცხოვარი თავის მამას. რაც ნიშნავს, რომ შენს სიტყვაში არავითარი სიცრუე (ცთომილება) არ არის. ამიტომ, თუ შენ, მამაო. დაეხმარები ჩემს მოწაფეებს, რომ დაიცვან შენი, ჭეშმარიტი სიტყვა და შენი უდიდესი ძალით მათ დაიფარავ სიბოროტისგან, ისინი ჭეშმარიტებით განიწმინდებიან და გახდებიან წმინდანნი!
მაცხოვრის სიტყვები: „წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებით“ ნიშნავს: ჩემი მოწაფეები აკურთხე (გამოჰყავი) ჭეშმარიტი სიტყვისა და ქადაგებისთვის, რათა მსხვერპლი გაიღონ მათ ამისთვის; დე, ემსახურონ ღვთის ჭეშმარიტებას და საკუთარი სიცოცხლე დათმონ. ამას უფალი ამატებს თავის ნათქვამს: „ვითარცა მომავლინე მე სოფლად (ამ ქვეყნად)... და მათთვის წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა”, ანუ ეს ნიშნავს, რომ იესო თავის სიცოცხლეს მსხვერპლად სწირავს;
მამაო, ამბობს უფალი, როგორც მე გამაგზავნე დედამიწაზე ჭეშმარიტების დასამოწმებლად და ამისთვის მსხვერპლად უნდა შევეწირო, ასევე, ესენიც (მოციქულები) განწმინდე (წმიდა-ჰყავ), გამოჰყავი მსხვერპლად ჭეშმარიტების სიტყვის ქადაგებისთვის და დაადგინე ჩემსავით ღმერთის ჭეშმარიტების დასამოწმებლად (მოწმედ)! რამეთუ, ყოველივეს, რაც მსხვერპლად შეიწირება ღმერთისთვის და მისი ჭეშმარიტებისათვის – წმინდა ეწოდება!
ანუ: გაანათლე და აკურთხე მოწაფეების სული და შექმენი მათგან ჭეშმარიტი ზვარაკები – ღმერთისთვის, რომლებიც ჭეშმარიტებით იქნებიან ნაკურთხნი (განწმენდილნი), და ღმერთს მიუძღვნიან თავიანთ სულს და სიცოცხლეს.
20. და არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ; 21. რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.
მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით. რათა ყველანი ერთი იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.
უფალი ამბობს: „მე მათთვის წმიდა-ვყოფ ჩემს თავს“; იმისთვის, რომ არავის არ ეფიქრა, თითქოს ქრისტემ მარტო მოციქულებისთვის იტვირთა სიკვდილი, ამატებს თავის ნათქვამს: „არა მარტო მათთვის გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით“.
ამ სიტყვებით უფალი კვლავ ანუგეშებს (ახალისებს) მოციქულებს სულიერად, რადგან მათ გაიგეს, რომ ეყოლებათ ბევრი მოწაფე. მრავალი ადამიანი მათგან მიიღებს მომავალში ქრისტეს მართალ სარწმუნოებას და ცხოვნდებიან.
„რათა ყველანი ერთი იყვნენ“ – ამბობს იესო – აქ იგი გულისხმობს, რომ მოციქულთა შორის იყოს ერთსულოვნება, მშვიდობა და სრული თანხმობა ღმერთის რწმენაში.
„რათა ისინიც ერთნი იყვნენ ჩვენში”, ანუ „ჩვენს რწმენაში, ამბობს მაცხოვარი, „როგორც შენ, მამაო, ჩემში, და მე – „შენში“. ნაწილაკი „როგორც“ არ აღნიშნავს სრულ თანასწორობას, რადგან ჩვენ ცოდვილ ადამიანებს არ შეგვიძლია ერთმანეთთან გაერთიანება ისე, როგორც მამა-ძესთანაა გაერთიანებული.
ჩემი მოციქულების ერთაზროვნება დაამტკიცებს, რომ მე, ამბობს უფალი ქრისტე, როგორც მათი მასწავლებელი, ღმერთისგან გამოვედი. ხოლო თუკი ჩემს მოწაფეებს შორის იქნება უთანხმოება (განხეთქილება), მაშინ მათი შემხედვარე არავინ არ იტყვის, რომ ესენი არიან შემრიგებლის (მშვიდობისმყოფელის) მოწაფეები; ხოლო თუ მე არ ვარ შემრიგებელი, მაშინ ჩემზე არავინ არ იტყვის, რომ მე მამისგან გამოვედი.
თუ ხვდები შენს, როგორ ამტკიცებს იესო თავის ერთაზროვნებას მამასთან?
22. და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ. 23. მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რაჲთა იყვნენ სრულ ერთობითა, და რაჲთა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე და შეიყუარენ იგინი, ვითარცა მე შემიყუარე.
დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
როგორი დიდება მისცა მამამ თავის ძეს? სასწაულების ქმნის (აღსრულების) დიდება, დოგმატების სწავლების და ერთაზროვნების დიდება, „რათა ერთი იყვნენ“, რამეთუ ეს დიდება – უმეტესია, ვიდრე სასწაულების დიდება.
ჩვენ ხშირად გვიკვირს, რომ ღმერთის ბუნებაში არ არის არც ბრძოლა, არც აჯანყება, ესაა უდიდესი დიდება! ,,რათა ერთი იყვნენ“, დე, მოციქულებიც იდიდებოდნენ ერთაზროვნებით, ისევე (იმითვე), როგორც ჩვენ: „მე მათში და შენ ჩემში“. ამ სიტყვებით, იესო მიგვითითებს, რომ მისი მოციქულები იტევდნენ თავისში – მამასაც!
რამეთუ უფალი ამბობს – მე მათში ვარ, ხოლო მე შენში ვარ, მამაო, და ბუნებრივია, შენ კი – მათში ხარ.
სახარების სხვა ადგილას მაცხოვარი ამბობს, რომ თავის მოყვარულებთან მოვლენ თვითონ და მისი მამა და მასთან დაივანებენ (იოანე 14:23). ე. ი. ქრისტე ამბობს, რომ მოციქულებში მისი მეშვეობით მამაც არის (იმყოფება).
„ხშირად უფალი იმეორებს: „და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე“, ამ სიტყვებით სურს გვიჩვენოს, რომ სასწაულების აღსრულებაზე მეტად შეიძლება ადამიანები მიიზიდოს მშვიდობამ; რადგანაც, როგორც მტრობა ანგრევს ყველაფერს, ასევე ურთიერთშეთანხმება აშენებს.
24. მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა.
მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე.
ზემოთ მაცხოვარმა უკვე თქვა, რომ მისი მოციქულები გახდებიან წმინდები (ანუ წმინდანები), რომ ისინი იქნებიან უსაფრთხოებაში, მათი მეშვეობით (მათგან, ან მათი საშუალებით) ბევრი ირწმუნებს ქრისტეს. რომ ისინი მომავალში მიიღებენ უდიდეს დიდებას; აქ კი უფალი ლაპარაკობს თუ რა ჯილდოებს და გვირგვინებს მიიღებენ ისინი, როცა ამ წუთისოფლიდან გავლენ.
„მსურს, ამბობს უფალი, რომ სადაც მე ვიქნები, იქვე იყვნენ ისინიც“. როცა ამ სიტყვებს გაიგონებ, სულაც არ უნდა იფიქრო ისე, თითქოს მოციქულებიც იგივე ღირსებას მიიღებენ, რაც ქრისტემ მიიღო, ამიტომ, რომ არავინ მსგავსი რამ არ იფიქროს, მაცხოვარი დაამატებს: „რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას.“
უფალმა კი არ თქვა ასე – დე, მიიღონ ჩემი დიდებაო, არამედ თქვა: „რათა ხედავდნენ“, რათა ადამიანისთვის უდიდეს ბედნიერებას წარმოადგენს – ძე ღვთისას (ე. ი. ქრისტეს) ხილვა! და ამაშია ყველა ღირსეულის ბედნიერება, როგორც მოც. პავლე ამბობს: „ხოლო ჩვენ, დაუბურავი სახით, რომ აღვიქვამთ უფლის დიდებას. (2 კორინთ. 3: 18).
ამითი, წმ. მოციქული პავლე გვიხსნის (განგვიმარტავს), რომ მომავალში უფალს ასე დამცირებულს კი აღარ ნახავენ (იხილავენ), არამედ იმ უდიდეს დიდებაში, რომელიც მას ჰქონდა ქვეყნიერების შექმნამდე.
ეს დიდება, ამბობს უფალი ქრისტე, მე იმიტომ მქონდა, მამაო, რომ შენ მე შემიყვარე. ჭეშმარიტად, მამამ თავის ძეს, არსებით მისცა (გადასცა) ღვთაებრიობა, რადგან მამამ შვა თავისი ძე, იესო ქრისტე!
25. მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა, ხოლო მე გიცან შენ, და მათცა ცნეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. 26. და ვაუწყე სახელი შენი და ვაუწყო, რაჲთა სიყუარულითა მით რომლითა შემიყუარე მე, მათ შორის იყოს, და მე მათ თანა.
მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო, მე კი გიცანი, და მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე. მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მეც ვიყო მათში.
მართალო მამაო! ეუბნება მაცხოვარი მამას, მე ვისურვებდი, რომ ყველა ადამიანს მიეღო ასეთი მოწყალება, როგორიც მე გთხოვე ჩემი ერთგული (მორწმუნე) ხალხისთვის (მოწაფეებისათვის), მაგრამ მათ ვერ შეგიცვნეს, ამიტომ ვერ მიიღებენ ვერც ჯილდოებს და ვერც დიდებას; „ხოლო მე გიცანი შენ“ – ამბობს უფალი ქრისტე.
მართალია, აგრძელებს უფალი, იუდეველები არ აღიარებენ იმას, რომ შენ გამომგზავნე მე, მაგრამ მე ჩემს მოწაფეებს „ვაუწყე მათ შენი სახელი, და კვლავაც ვაუწყებ“.
როგორ აუწყებს უფალი? გამოუგზავნის მათ სული წმიდას (ან წმიდა სულს), რომელიც მოციქულებს აუხსნის ყოველ ჭეშმარიტებას. და როცა ისინი გაიგებენ (მიხვდებიან), მამაო, შენ ვინ ხარ, მაშინ ის სიყვარული, რომლითაც მე შემიყვარე, მათში იქნება და მეც – მათში ვიქნები. ჩემი მოწაფეები მიხვდებიან, რომ მე შენგან გარიყული (განშორებ.) კი არ ვარ, არამედ მე შენი ჭეშმარიტი ძე ვარ, რომელიც შენ ძალიან გიყვარს და მე შენთან დაკავშირებული ვარ. გაიგებენ რა ამას (მიხვდებიან), მოციქულები შეინარჩუნებენ (დაიცავენ) ჩემს სიყვარულსა და რწმენას:
და ბოლოს, მე ვიქნები მათში იმისთვის, რომ მათ შეგიცვნეს შენ, მამაო. ხოლო მე კი პატივს მცემენ, როგორც – ღმერთს! ისინი ჩემს ჭეშმარიტ რწმენას ურყევად (უცვლელად) დაიცავენ.
თავი 1 | თავი 2 | თავი 3 | თავი 4 |
თავი 5 | თავი 6 | თავი 7 | თავი 8 |
თავი 9 | თავი 10 | თავი 11 | თავი 12 |
თავი 13 | თავი 14 | თავი 15 | თავი 16 |
თავი 17 | თავი 18 | თავი 19 | თავი 20 |
თავი 21 |