ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
იოანეს სახარების განმარტება

 

თავი მეხუთე

 

1. ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ. 2. და არს იერუსალჱმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაჲ, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ ბეთეზდა, და ხუთ სტოვა იყო. 3. ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთაჲ, ბრმები, მკელობლები, განჴმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმრღუევასა. 4. რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღჳის წყალი იგი; და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა.

ამის შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და ავიდა იესო იერუსალიმს. იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან აუზია, რომელსაც ებრაულად ბეთ-ხასდა ეწოდება, და ხუთი სტოა აქვს. იქ იწვა ძალიან ბევრი სნეული, ბრმა, ხეიბარი და ჩამომხმარი, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ. რადგან ანგელოზი უფლისა ჩამოდიოდა დროდადრო აუზში და ამღვრევდა წყალს. ხოლო მას შემდეგ, რაც წყალი აიმღვრეოდა, ვინც პირველი ჩავიდოდა, განიკურნებოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეჰყრობილი.

იუდეველთა დღესასწაული იყო. ვფიქრობ, მეერგასე დღეს. უფალი, პირველ რიგში, იმისთვის მიდის ამ დღესასწაულზე, რომ იუდეველთა რჯულის მოწინააღმდეგე არ გამოვიდეს. მას სურს, რომ ხალხმა იხილოს იგი, როგორც მონაწილე ამ დღსასწაულისა; ხოლო მეორე მხრივ, იმისთვის მიდის, რომ იუდეველთა უმეტესი რაოდენობა მოიზიდოს თავისკენ, სასწაულებით და თავისი სწავლებით, რადგან ეს ხალხი ძალიან უეშმაკოა.
იერუსალიმში, იყო აუზი, რომელსაც „ცხვრის“ აუზი ერქვა. რის გამო დაერქვა ამ აუზს „ცხვრის“ სახელი? იმიტომ, რომ აქ მორეკავდნენ-ხოლმე მსხვერპლად დასაკლავ (შესაწირავ) ცხვრებს და ამ აუზში რეცხავდნენ მათ შიგნეულობას. ამის შემხედვარე ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ წყალი აუზში ამის გამო, იძენდა ღვთაბრივ, მკურნალ ძალას; ამიტომაც, ფიქრობდნენ ადამიანები, რომ იგზავნება ღმერთისგან წმინდა ანგელოზი, რომელიც ამ წყალს, ღმერთის ძალით, სასწაულთმოქმედ, მკურნალ ძალას ანიჭებდა.
ვფიქრობ ღვთიურმა განგებულებამ ამ აუზში ინება სასწაულის მოხდენა იმისთვის, რომ იუდეველი ხალხი ნელ-ნელა ყოფილიყო მოწოდებული ქრისტეს რწმენაზე.
უფლის წმიდა ანგელოზი, რომელიც დროდადრო ჩადიოდა წყალში და ამღვრევდა მას, ღმერთის მადლით, ანიჭებდა საკურნებელ ძალას. როგორც ვიცით, ჩეეულებრივ წყალს არ გააჩნია არავითარი მაკურნებელი ძალა. ყველაფერი დამოკიდებული იყო უფლის წმიდა ანგელოზზე და მის მოქმედებაზე.
ასევე, ჩვენი ნათლობის წყალიც უბრალო წყალია, მაგრამ სულიწმიდის ღვთაებრივი მადლის გარდამოსვლის შემდეგ, იგი კურნავს სულიერ ავადმყოფობებს: თუ ვინმე სულიერად ბრმაა და ვერ ანსხვავებს სიკეთეს სიბოროტისაგან; თუკი ვინმე ხეიბარია (კოჭლია), ე. ი. უმოქმედოა და არა აქვს წინსვლა სიკეთის კეთებაში; თუკი ვინმე სასოწარკვეთილია -- „ეს ნათლობის მადლმოსილი წყალი ყველას კურნავს. მაშინ, „ცხვრის აუზში”, ე. ი. ბეთეზდაში, ფიზიკური სისუსტე ადამიანებისა არ აძლევდა მათ განკურნების საშუალებას, ხოლო ეხლა კი, ჩვენ არა გვაქვს არავითარი შებრკოლება, რათა მივიღოთ ჭეშმარიტი ნათლობა. გინდაც, მთელი ქვეყნის ხალხი შეიკრიბოს მოსანათლად, უფლის სულიერი მადლი არ შემცირდება.

5. იყო ვინმე მუნ კაცი, რომელსა ოც და ათრვამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა. 6. ესე იხილა იესუ მდებარე და გულისჴმა-ყო, რამეთუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა. ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო? 7. მიუგო უძლურმან მან და ჰრქუა: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა, რაჟამს წყალი ესე აღიმრღუეს, და შთა-მცა-მაგდო საბანელსა ამას. ვიდრე მე მოვიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის და განიკურნის.

აქ იყო კაცი, ოცდათვრამეტი წლის ტანჯული თავისი სნეულებით. იესომ იხილა იგი მწოლიარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხანია სნეულია, უთხრა: „გსურს განიკურნო?“ ავადმყოფმა მიუგო: „უფალო, კაციც არა მყავს, წყლის შემღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. მანამ მე მივალ, სხვა მასწრებს.

რაოდენ განსაცვიფრებელია პარალიზებული ადამიანის (განრღვეულის) მოთმინება! 38 წელიწადი იგი ვერ დგებოდა ფეხზე და იყო ძალიან ავად, ყოველ წელს. ელოდა, რომ განიკურნებოდა თავისი მძიმე სენისგან, მაგრამ მას აუზში ჩასვლას ასწრებდნენ სხვები, ვინც მასზე ძლიერი იყო; მაგრამ იგი არ კარგავდა მორჩენის იმედს და არც სასოწარკვეთილებას არ ეძლეოდა.

უფალი ეკითხება ავადმყოფს: „გინდა განიკურნო?“ რატომ ეკითხება უფალი მას? იმიტომ, რომ ჩვენ გვიჩვენოს ამ ადამიანის მოთმინება. ავადმყოფი კაცი უფალს პასუხობს ძალიან თავმდაბლად, უწყინრად: „უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ძვრისას ჩამაგდოს აუზში, ვიდრე მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას“.
ეს ავადმყოფი არ უარყოფს ქრისტეს, არ გამოთქვამს არავითარ გმობას, რადგან, თითქოს, უდროოდ იყო დასმული ეს შეკითხვა. არ იწყევლის საკუთარი გაჩენის დღეს, როგორც ეს ჩვენ, სულმოკლეებს, გვემართება ხოლმე, როცა რამე მსუბუქ ავადმყოფობაში ვვარდებით. ეს სნეული კაცი კი უფალს პასუხობს წყნარად, თავმდაბლად, მოკრძალებულად.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ავადმყოფმა არც იცოდა, ვინ დაუსვა მას ეს შეკითხვა, მან უფალი მიიჩნია იმ ადამიანად, ვინც შეიძლებოდა დახმარებოდა მას წყალში ჩასვლაში.
ხოლო, ქრისტემ, რომელსაც არ სურდა, რომ ადამიანებს იგი პატივმოყვარედ შეერაცხათ, კითხვა ასე კი არ დაუსვა: – ხომ არ გსურს, რომ მე შენ განგკურნო? არამედ ისე, როგორც ზემოთ ვთქვით: – გინდა განიკურნო?“

8. ჰრქუა მას იესუ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე! 9. და მეყსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი. 10. ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: შაბათი არს, და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი.

იესომ უთხრა: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე.“ იგი მაშინვე გაჯანსაღდა. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს შაბათი იყო. ამიტომ იუდეველებმა უთხრეს განკურნებულს: „დღეს შაბათია. ნება არა გაქვს სარეცლის აღებისა.

უფალი უბრძანებს ავადმყოფს, აიღოს თავისი საწოლი იმისთვის, რომ მისი გაჯანმრთელება ვინმეს მოჩვენება არ ეგონოს. რამეთუ სნეული კაცის სხეულის ნაწილები რომ არ გამაგრებულიყო (ღმერთის ძალით), მაშინ ის ვერ შეძლებდა თავისი საწოლის ტარებას. ქრისტე არ სთხოვს ამ ადამიანს რწმენას მის მიმართ გაჯანმრთელებამდე, როგორც სხვებს სთხოვდა, რადგანაც ამას ჯერ არ უხილავს უფლის მიერ აღსრულებული სასწაულები. ხოლო, იმ ადამიანთაგან, უფალი ითხოვდა რწმენას მის მიმართ არა სასწაულების აღსრულებამდე, არამედ იმის შემდეგ, რაც მათ წინაშე აღასრულა სასწაულები.
შეხედე, სნეულმა, როგორ ისმინა უფლის ერთხელ ნათქვამი სიტყვა და თან ირწმუნა იგი! მან არც კი გაივლო ასეთი აზრი: „ნეტავი, ხომ არ ხუმრობს იგი, როგორ მიბრძანებს, რომ მე ამ წუთას ავდგე? მე ხომ 38 წლიან ავადმყოფობაში ჯერ ვერ განვიკურნე, და ასე უცებ, როგორ უნდა ავდგე? ამის მსგავსი რამ არც კი გაუფიქრია უფალზე, არამედ ირწმუნა უფლის და წამოდგა ფეხზე.
ქრისტე ავადმყოფს კურნავს შაბათს იმიტომ, რომ ასწავლოს ადამიანებს რჯული სხვანაირად გაიგონ – შაბათს ფიზიკურ უმოქმედობაში კი არ იყვნენ, არამედ სიბოროტე არ გააკეთონ. იმიტომ, რომ კანონი, სიკეთის მოქმედი ღმერთისგან დადგენილი, არ შეიძლება კრძალავდეს შაბათს სიკეთის ქმნას.

11. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან-იგი განმკურნა მე, მან მჰრქუა: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე! 12. ჰკითხვიდეს უკუე მას ჰურიანი იგი და ჰრქუეს: ვინ არს კაცი იგი, რომელმან გრქუა შენ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე? 13. ხოლო განკურნებულმან მან არა უწყოდა, ვინ არს, რამეთუ იესუ მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას.

მან მიუგო: „ვინც განმკურნა, მან მითხრა: აიღე შენი სარეცელი და გაიარეო..“ ჰკითხეს, ვინაა ის კაცი, ვინც გითხრა: აიღე და გაიარეო? განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იმ ადგილზე მყოფ ბრბოს შეერია.

პირდაპირ გასაკვირია, განკურნებული კაცის სიმამაცე იუდეველთა წინაშე. ისინი დაბეჯითებით ეუბნებიან მას: „დღეს შაბათია, არ უნდა აგეღო შენი საწოლი”. ხოლო ეს კაცი კი, თამამად აღმსარებლობს მათ წინაშე თავის კეთილისმყოფელზე: „ვინც განმკურნა, მანვე მითხრა”.
იუდეველები არ ეკითხებიან ამ კაცს ვინ მოგარჩინაო? არამედ: „ვინ არის ის კაცი, რომელმაც გითხრა: აიღე შენი საწოლი?“
იესო იმიტომ გაუჩინარდა ხალხში, რომ მისი იქ არ ყოფნის დროს ავადმყოფის განკურნების მოწმობა ყოფილიყო თავისუფალი ყველანაირი ეჭვისგან, და რომ არ ეფიქრათ იუდეველებს, თითქოს მორჩენილი კაცი აამებს უფალს, აქებს მას, არამედ უნდა მიმხვდარიყო ყველა, რომ ეს კაცი ჭეშმარიტებას მოწმობს! ასევე, უფლის გაუჩინარება ნაწილობრივ, იმითაც აიხსნება, რომ მას არ უნდოდა, რათა მეტად გამძვინვარებულიყო იუდეველთა მრისხანება პირადად მის მიმართ, რამეთუ კაცთმოძულე ადამიანების სიძულვილს მეტად ამძაფრებს იმ ადამიანის მარტო დანახვაც კი, ვინც მათ სძულთ!
ამიტომ ის ტოვებს ამ ადამიანებს, განეშორება მათ, რათა ავადმყოფის განკურნების ამბავი თავისთავად გაირკვეს.

14. ამისსა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ. 15. წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე. 16. და ამისთჳს სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს და ენება მოკლვაჲ მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა.

ამის შემდეგ იესო ტაძარში შეხვდა მას და უთხრა: „აჰა, შენ გაჯანსაღდი, ნუღარ შესცოდავ, რათა რაიმე უარესი არ დაგემართოს.“ ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესოა მისი განმკურნავი. იუდეველებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა.

უფალი ეუბნება პარალიზებულს: „აჰა, განიკურნე, ნუღარა სცოდავ“, ამ სიტყვებიდან პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის, რომ ეს ადამიანი მძიმედ გახდა ავად ცოდვებისგან, ხოლო მეორე მხრივ, სწავლება გეენიის ცეცხლის შესახებ და მოუნანიებელი ცოდვილების ტანჯვა რომ მარადიული იქნება, ჭეშმარიტებაა.
ზოგიერთები ასე მსჯელობენ: მე ერთი საათის განმავლობაში ვიმრუშე, რისთვის უნდა ვიყო მარადიულ სასჯელში? ან მაგალითად, ავიღოთ ის ადამიანი, რომელიც სცოდავდა არა იმდენ წელიწადს, რამდენ წელიწადსაც ითმენდა სასჯელს, მან მთელი თავისი მიწიერი ცხოვრება სასჯელში გაატარა.
ცოდვები განისჯება არა მათი ხანგრძლივობის მიხედვით, არამედ ამა თუ იმ დანაშაულის სიმძიმით. ერთად უნდა ვისწავლოთ ასევე ისიც, რომ მართალია, ჩვენ განვლილი (უწინდელი) ცოდვებისთვის მძიმე სასჯელს მივიღებთ, მაგრამ თუ ისევ იგივე ცოდვებში ჩავვარდებით, მაშინ უფრო მეტ სასჯელს დავიმსახურებთ. და ეს სამართლიანიცაა.
შენ იტყვი, რატომ ყველა ადმაიანი ერთნაირად არ ისჯება? რამეთუ ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ბიწიერი (მანკიერი) ადამიანი ჯანმრთელიცაა და კეთილად, ბედნიერად ცხოვრობს. მაგრამ ის, რომ აქ, ამ ქვეყანაზე მათ არაფერი სასჯელი არ მიეცათ თავიანთი ცოდვებისთვის, ესაა საბაბი იმისთვის, რომ საიქიოში დიდ სასჯელს მიიღებენ! რამეთუ, აქაური, მიწიერი სატანჯველები ემსახურება ჩვენს შეგონებას, განსწავლას, ხოლო სატანჯველები საიქიოში კი – ჩვენს სასჯელს.
უფლის ზოგიერთი სიტყვები, მაგ. „ნუღარა სცოდავ, გვაფიქრებინებს, რომ უფალმა იცოდა, რომ პარალიზებული (ე. ი. განრღვეული) კაცი მის ვინაობას განუცხადებდა იუდეველებს და ტაძარში, იცნობდა რა მას, მიუთითებდა იუდეველებს. ამის თაობაზე, უფალი განკურნებულ კაცს ეუბნება: „ნუღარ სცოდავ.
მაგრამ ეს ასე არ არის. ეს კაცი აღმოჩნდა ღვთისმოშიში, კეთილმსახური ადამიანი. იესო მას ტაძარში ხვდება. ეს კაცი რომ არ ყოფილიყო კეთილმსახური, იგი გაექცეოდა იუდეველთა მრისხანებას, მათთან სიტყვით პაექრობას თავს აარიდებდა, დაბრუნდებოდა თავის სახლში (უკვე გაჯანმრთელებული) და დაისვენებდა განცხრომით. მაგრამ ამის მსგავსი არაფერი მოხდა; როცა იესო იცნო ამ კაცმა, დაუკვირდი, როგორ გონიერად უცხადებს იგი იუდეველებს – ქრისტეს ვინაობას; „ამან განმკურნა მე”.
იუდეველები ამტყუნებდნენ იესოს და სდევნიდნენ მას იმის გამო, რომ არღვევდა შაბათის მცნებას.
თუ იუდეველები ქრისტეს სდევნიდნენ, რა შუაში იყო ეს კაცი, რომელმაც განუცხადა მათ, იქადაგა იუდეველთა წინაშე კეთილი მიზნით ქრისტეს ვინაობა, როგორც მისი განმკურნებლის შესახებ. ამით, ამ კაცს სურდა, რომ სხვა ადამიანები ამ გზით ქრისტეს რწმენაზე მოექცია. ხოლო, თუ იუდეველებმა კეთილისმყოფელი უფლის დევნა გადაწყვიტეს, ეს მაგათი ბრალია!
ცხვრის საბანელის (აუზის) ქვეშ იგულისხმე ნათლობის მადლი, რომლითაც უფალი იესო, რომელიცაა ჩვენთვის დაკლული ცხვარი, განიბანა და ჩვენთვისვე – მოინათლა.
ამ აუზს (საბანელს) აქვს ხუთი შესასვლელი; რამეთუ ნათლობისას წარმოჩინდება ოთხი სათნოება და ჭვრეტა დოგმატებთან ერთად.
რამეთუ ადამიანებს არ გააჩნიათ წმიდა სამების ცოცხალი რწმენა, არ ჰქონდათ საიქიოს არსებობის რწმენა, ე.ი. არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომა და უფლის სასამართლო მთელი ჩვენი ცხოვრების მიხედვით.
ადამიანური ბუნება (უკვდავი სული) არ იკურნებოდა, რადგან არ ჰყავდა ისეთი ადამიანი, ვინც ჩაიყვანდა აუზში; ე. ი. ჯერ კიდევ მაშინ, ძე ღვთისა, რომელსაც შეეძლო ნათლობით განკურნება ჩვენი ბუნებისა, ადამიანად (ხორციელად) ჯერ არ დაბადებულიყო! ხოლო, როცა ადამიანად დაიბადა, მაშინ განკურნა ჩვენი ბუნება. ასევე, გვიბრძანა უფალმა ადგომა და ჩვენი საწოლის აღება. ე. ი. ჩვენ უნდა ავმაღლებულიყავით მიწიერი საზრუნავებიდან – ზემოთ, სულიერისკენ და ჩვენი სხეული უნდა გამხდარიყო მსუბუქი, არ უნდა დავმძიმებულიყავით ხორციელი ცოდვებით და საზრუნავით, არამედ გულგრილობიდან სიკეთისკენ უნდა გვქონოდა სწრაფვა.
აუზში (საბანელში) წყლის ამღვრევა ნიშნავს, რომ ამ წყალში არიან და მას ამღვრევენ ბოროტი სულები, რომლებიც ითრგუნებიან და ნადგურდებიან სული წმიდის მადლით (როცა ნათლობისას წყალი იკურთხება). ოჰ, რა კარგი იქნება, რომ ჩვენც მოგვეცეს ჯანმრთელობა, რამეთუ დაუძლურებულები და უმოქმედონი ვართ ყოველგვარი კეთილი საქმის გასაკეთებლად, და არა გვყავს ადამიანი, ე. ი. არ გაგვაჩნია ადამიანური აზრი,– თითქოს უაზრო ცხოველებს დავემსგავსეთ,– რომელიც ჩაგვიყვანს სინანულის ცრემლების აუზში, სადაც ვინც პირველი ჩავა, ის მიიღებს ღმერთისგან განკურნებას (სულიერსაც, ხორციელსაც).
რამეთუ, ვინც მომავალი დროისთვის გადადებს ცოდვების მონანიებას, და სულის ცხოვნების ამ საქმეში არ ჩქარობს, ღმერთისგან განკურნებას ვერ მიიღებს. მაშ, იჩქარე, რომ პირველი ჩახვიდე სინანულის ემბაზში, რათა არ მოკვდე მოუნანიებელი. ამ ემბაზს ამღვრევს, აღელვებს ანგელოზი. რომელი ანგელოზი? რომელი და ანგელოზი მამის სათათბიროსი, თვითონ ქრისტე ღმერთი და მაცხოვარი.
თუ უფლის ღვთაებრივი სწავლება არ შეეხო ჩვენს გულებს და არ ააღელვა საუკუნო სატანჯველებზე ფიქრით ჩვენი გულები მაშინ ეს ემბაზი არ იქნება მოქმედი და ჩვენ უფლისგან ვერ მივიღებთ ცოდვებისგან დაუძლურებული სულის განკურნებას.
სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ ამ ემბაზს – ,,ცხვრის“, რამეთუ შიგ ხდება ჩვენი, როგორც ცხვრების, შიგნეულობის განბანვა (ანუ განწმენდა), ე. ი. ჩვენი ცოდვების და აზრების მოტევება, ანუ, რადგან ჩვენ ვემზადებით ცოცხალ ღმერთთან შესახვედრად.
ოჰ, ნეტავი მივიღოთ ჯანმრთელობა და ვიმყოფებოდეთ ღვთის ტაძარში, ე. ი. არ შევიბილწოთ უწმინდური აზრებით, რათა მომავალში, საიქიოში, როცა გარდავიცვლებით, არ დავიმსახუროთ უარესი სასჯელი.

17. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ. 18. ამისთჳს უფროჲს ხოლო ეძიებდეს ჰურიანი იგი მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო თუ შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა.

მან კი მიუგო მათ: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ“. ამიტომ იუდეველებმა მით უფრო დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათი გატეხა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად იხსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა.

იუდეველები ქრისტეს ამტყუნებენ იმაში, რომ მან შაბათს განკურნა ავადმყოფი. ხოლო იგი, როგორც თანასწორი მამისა ღირსებით და ძალაუფლებით, ეუბნება: „როგორც ღმერთი, რომელიც მამაჩემია, აკეთებს შაბათს და თქვენ მას არ ამტყუნებთ, ასევე მეც არ უნა გამამტყუნოთ. აქამდე მამა როგორ აკეთებს?“ მოსე ამბობს, რომ „დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან“ (დაბადება 2:2-3).
შენ გსურს გაიგო, ღმერთი აქამდე ამას როგორ აკეთებს?
შეხედე მსოფლიოს და ჩაწვდი მისი განგებულების საქმეებს: მზე ამოდის და ჩადის, შეხედე ზღვას, წყაროებს, მდინარეებს, ცხოველებს, საერთოდ ყველაფერს, რაც უფალმა შექმნა და მიხვდები, რომ ღმერთის ქმნილება – ყველა თავ-თავის საქმეს აკეთებს, ყველა ცოცხალი არსება მოდის მოძრაობაში და მოქმედებაში უფლის გამოუთქმელი და შეუცნობადი განგებულებით.
უეჭველია, ღმერთის განგებულება თავის საქმეს აკეთებს შაბათსაც. ამიტომაც, როგორც მამა აკეთებს და წარმართავს თავის ქმნილებას შაბათსაც, ასევე მეც, მისი ძე, სამართლიანად ვაკეთებ.
ხოლო იუდეველები, ქრისტეს მიმართ შურით აღვსილნი, ცდილობდნენ მის მოკვლას, არა მარტო იმისთვის, რომ მამა-ღმერთს თავის მამას უწოდებდა და თავის თავს მის ძეს, არამედ ღმერთს უტოლებდა თავს. რამეთუ ყველა ძე არის ერთი და იგივე ბუნების მატარებელი და მსგავსი – თავისი მამისა.
ამ დროს სად იმყოფება მწვალებელი არიოზი? ჭეშმარიტად, იგი სინათლის მიმართ – ბრმაა. იგი ქრისტეს უწოდებს მამის ძეს, მაგრამ უარყოფს იმას, რომ ძე ღვთისა, ანუ ქრისტე არის ერთარსი მამისა, ძე ღვთისას აღიარებს მამის ქმნილებად (და არა შობილად!)!
არიოზი უნდა დამოწაფებოდა იუდეველებს იმაში მაინც, რომ ისინი სდევნიდნენ იესოს იმისთვის, რომ იგი თავის თავს უწოდებდა მამა-ღმერთის ძეს, საიდანაც გამომდინარეობდა თანასწორუფლებიანობა ღმერთთან! ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ რა საბაბი ექნებოდათ იუდეველებს ქრისტეს დევნისა?

19. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ჴელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა იხილოს რაჲმე მამისაგან საქმე, რამეთუ რავდენსა-იგი მამაჲ იქმს, მას ძე ეგრეთვე მსგავსად იქმს. 20. რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველსავე უჩუენებს მას, რაოდენსაცა იგი იქმს, და უფროჲსიცა ამისა უჩუენოს მას საქმე, რაჲთა თქუენ გიკჳრდეს. 21. რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს.

ამაზე იესომ მიუგო მათ და უთხრა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ უხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს. რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც აჩვენებს მას, ისე რომ გაგიკვირდებათ. რადგან, როგორც აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევე ძეც აცოცხლებს მას, ვინცა სურს.

ძეს არაფერი განსხვავებული არ გააჩნია მამისგან: ერთი არსება აქვთ, ერთი ძალა აქვთ, ერთი მოქმედება აქვთ. ამიტომაც, ძეც (ე. ი. ქრისტე) იგივეს აკეთებს, რასაც მამა. მამას და ძეს ერთი არსება აქვთ, ერთი ძალა და ერთი მოქმედება გააჩნიათ.
მე, უფლის სიბრძნიდან გამომდინარე, ვამტკიცებ, რომ თუ მამამ რამე იცის, ძის გარეშე არ იცის, რამეთუ მისი სიბრძნე არის ძე. მამას თუ რამე შეუძლია, ძის გარეშე არ შეუძლია, რამეთუ მამის ძალა არის ძე ღვთისა!
ეს რომ ჭეშმარიტად ასეა, მისმინე: „რასაც მამა იქმს, ძეც მის მსგავსადვე იქმს“. თუ მამას გააჩნია ძალაუფლება და ძალა, ასევე ძესაც გააჩნია იგივე, ე. ი. ძე არ არის მამაზე უფრო მცირე.
თუ ნათქვამია ასე, „ყველაფერს უჩვენებს მას“, ან ,,ამაზე უმეტეს საქმეთაც უჩვენებს“, ესეთი ნათქვამი ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ქრისტე ესაუბრება თავის მოშურნე იუდეველებს, რომლებიც მის წინააღმდეგ აღსდგნენ.
რას ნიშნავს უფლის ეს ნათქვამი – „ამაზე უმეტესს საქმეთაც უჩვენებს?
უფალმა განკურნა პარალიზებული კაცი (განრღვეული), ამის შემდეგ მას აქვს გადაწყვეტილება მკვდრეთით აღადგინოს მიცვალებული; ამიტომაც ამბობს: „თუ თქვენ გიკვირთ, რომ მე პარალიზებული განვკურნე, მაშინ თქვენ ამაზე უმეტესსაც იხილავთ”.
მისმინე, ამის შემდეგ რა არის, უფალი ამბობს: „როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდართ, ასევე ძეც, ვისაც ნებავს, აცოცხლებს“. მაშასადამე, ძე ღვთისაც აცოცხლებს მკვდრებს ისევე, „როგორც მამა”, ამითი აჩვენებს, რომ ორივეს ერთნაირი ძალა აქვთ – მამასაც და ძესაც, ხოლო სიტყვები – „ვისაც ნებავს“, ნიშნავს რომ ორივეს თანაბარი ძალაუფლება გააჩნიათ.
მწვალებელი არიოზელები ამას, ყველაფერს იყენებენ ძე ღვთისას დიდების საწინააღმდეგოდ, ხოლო ჩვენ კი, მართლმადიდებლებს, ეს გვესმის ღმერთის სადიდებლად!

22. არცაღა მამაჲ სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა, 23. რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა, რამეთუ რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა, რომელმან მოავლინა იგი. 24. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად.

რადგან მამა არავის არ სჯის, არამედ მთელი სამსჯავრო ძეს გადასცა, რათა ყველამ სცეს პატივი ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს, ვინც ძეს არ სცემს პატივს, ის არც მამასა სცემს პატივს, რომელმაც იგი მოავლინა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე და სამსჯავროზე არ მიდის, არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.

ქრისტემ მრავალი სასწაული აღასრულა და დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ასევე იყოს ჩვენი კეთილისმყოფელიც.
ეს სიტყვები: „მამამ მთელი მსჯავრი მისცა ძეს“ უნდა გესმოდეს ისე, რომ მამამ – ძე მოსამართლედ შობა, ხოლო, თუ გაიგებ ასეთ ნათქვამს, რომ „მამამ ძეს სიცოცხლე მისცა, უნდა გესმოდეს ასე რომ მამამ შობა ძე, რადგანაც, მამა არის მიზეზი შვილის შობის, ამიტომაც ითქმის, რომ ყველაფერი, რაც აქვს ძეს, მან მიიღო მამისგან, რადგან მამისგანვე მიიღო ეს ბუნებით (არსებით). ამგვარად, სასამართლო (ე. ი. მსჯავრი) ძემ მიიღო მამისაგან, ისევე, როგორც იგი აქვს მამას.
მამასა და ძეს შორის არავითარი განსხვავება არ არის. ვისაც გააჩნია ძალაუფლება დასაჯოს და დააჯილდოვოს, როგორც სურს, მას აქვს ერთნაირი ძალა მამასთან ერთად. ამიტომ, მას – ძეს, ისევე უნდა ვცეთ პატივი, როგორც მამას: ,,რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას“ - ამბობს მახარებელი.
მწვალებელი არიოზელები ძე ღვთისას უწოდებენ მამის ქმნილებას, მაშინ გამოდის ისე, რომ მამაც ყოფილა ქმნილება!.. ამ საშინელ მწვალებლობაში ისინი არიან მხილებულნი.
ვინც მამას თაყვანს სცემს, როგორ არ უნდა სცეს მის ძეს თაყვანი? „ვინც პატივს არ სცემს ძეს, პატივს არ სცემს მამასაც“, ე. ი. ვინც ძეს ისეთივე პატივს არ მიაგებს, როგორც მის – მამას.
იუდეველთა სიძულვილისა და ეშმაკეულობის გამო, უფალი ქრისტე თავის სწავლებას ქადაგებდა ხან ამაღლებულად, ხან სიმდაბლით.
უფალი ამატებს თავის ქადაგებას: „ვინც ისმენს ჩემს სიტყვას და სწამს ჩემი მომავლინებელი, აქვს საუკუნო სიცოცხლე“. ამ გზით, ისინი, ვინც მოისმენს მის სიტყვებს და მიიღებენ ღმერთის რწმენას, მშვიდდება მათი გონება.
რამეთუ მან ასე არ თქვა: „ჩემი მორწმუნე“, არამედ თქვა – „მომავლინებელი ჩემი“.
ვისაც ქრისტესი სწამს, სამსჯავროზე არ გამოცხადდება, ე.ი. სატანჯველებში არ ჩავარდება, არამედ საუკუნო ცხოვრება ექნება, მის ჭეშმარიტ მორწმუნეს საუკუნო, სულიერი სიკვდილი არ შეეხება, ხოლო დროებით, ხორციელ გარდაცვალებას კი, რასაკვირველია, ვერ ასცდება.

25. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ. 26. რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა. 27. და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაჲ არს. 28. ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ. 29. და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა.

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოდის ჟამი, და უკვე დადგა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან. რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. სამართლის გაჩენაშიც ხელმწიფება მისცა მას, რადგან კაცის ძეა იგი. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი – სამსჯავროს აღდგომისთვის.

ჩვენ, ცოტა ზემოთ უკვე ვთქვით, რომ „ვინც პატივს არ სცემს ძეს, ის პატივს არ სცემს მამას“, და თავის შესახებ უფალმა აუწყა მსმენელებს რაღაც ამაღლებული რამ. იმისთვის, რომ უფლის სიტყვები არ მიეღოთ იუდეველებს ფუჭ მზვაობრობად, იესო საქმეებითაც ამტკიცებს თავის ნათქვამს. იგი ამბობს: „მოვა დრო“. შემდეგ იმისთვის, რომ არ იფიქრონ შორეულ დროზე, კვლავ ეუბნება: „და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას“, ე.ი. ჩემს სიტყვას, რომელიც ამჟამად თქვენს გვერდით ცხოვრობს.
ამას ამბობს უფალი იმ მიცვალებულებზე, რომლებიც მას უნდა გაეცოცხლებინა, სახელდობრ: ქვრივის ძეზე, სინაგოგის უფროსის შვილზე, ლაზარეზე. „ვინაიდან, – ამბობს უფალი, – როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში“, რადგან მას სურდა, ვინც მის ხმას უსმენდა – გაეცოცხლებინა და არა მხოლოდ მკვდრების გაცოცხლების ძალაუფლება მისცა, არამედ გასამართლების, მსჯავრის ქმნისა, ე. ი. დასჯის და სატანჯველებში ჩაგდებისაც.
ხშირად უფალი ლაპარაკობს სასამართლოზე იმისთვის, რომ მსმენელები მოიზიდოს თავისკენ. რამეთუ, ვისაც სწამს, რომ გარდაცვალების შემდეგ იგი აღდგება მკვდრეთით და მან ქრისტეს წინაშე უნდა აგოს პასუხი (ისე, როგორც ყველა ადამიანმა) თავის ჩადენილ დანაშაულებებზე (ცოდვებზე), ის ადამიანი, უეჭველად აჩქარდება, რათა საჩქაროდ მივიდეს უფალთან, მოინანიოს თავისი ცოდვები და მოწყალებით განაწყოს იგი თავის მიმართ, როგორც თავისი მომავალი მოსამართლე!
ნუ გაიკვირვებთ, რომ ქრისტე არის ძე კაცისაც!
თუმცა იგი ძე კაცისაა, მაგრამ, ამასთან ერთად, იგი – ღმერთიცაა!
ამიტომ, მას სამართლიანად აქვს გასამართლების ძალაუფლება, როგორც ღმერთის ძეს, თუმცა იგი, ქრისტე, ადამიანიცაა, მაგრამ თქვენ ეს ნუ გაგიკვირდებათ.
უნდა ვიცოდეთ, რომ პავლე სამოსატელი ჩვენს უფალს, უბრალო ადამიანად თვლიდა...
რამეთუ, მამამ თავის ძეს სასამართლო იმისთვის კი არ მისცა, რომ იგი ძე კაცისაა., არამედ იმისთვის, რომ იგი, ქრისტე ღმერთია!
ხოლო, პავლე, ვერ იტანდა, რომ ქრისტე ღმერთად ეღიარებინა, არამედ მას უწოდებდა ძე კაცისას (ადამიანის შვილს), მას არასწორად ესმოდა ის, რომ ქრისტე მოსამართლეა არა მარტო იმიტომ, რომ იგი ღმერთია, არამედ იმიტომაც, რომ იგი ძე კაცისაც არის!
ხოლო, ჩვენ კი ისევე გვესმის, როგორც არის ნათქვამი.
ეხლა იგი ლაპარაკობს საყოველთაო აღდგომაზე. „მოაწევს დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას,” ე. ი. ღმერთის ხმას. რადგანაც ზემოთ უკვე ითქვა, რომ მორწმუნე სასამართლოზე არ მივა, ამ სიტყვებიდან გამომდინარე, არ უნდა გვეგონოს, რომ ცხოვნებისთვის მარტო რწმენაა საკმარისი. იგი ამბობს, რომ „ამოვლენ კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომად, ხოლო ბოროტის მოქმედნი – განკითხვის აღდგომად“; ე. ი. მარტო რწმენა ვერ გაგვამართლებს, საქმეები თუ არ გვექნა; მხოლოდ ამ შემთხვევაში რწმენა ითვლება ჭეშმარიტად, თუ გვექნება სარწმუნოებრივი საქმეები!
შეხედე, უფლის სწავლება როგორაა შეჯერებული მოწყალებით და შიშით; რამეთუ, ის აზრი, რომ ბოროტი საქმეების მკეთებელი ხალხი იქნება დასჯილი, შიშს გვგვრის, ხოლო სიკეთის მოქმედნი კი აღდგებიან მკვდრეთით საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებლად, აღგვავსებს მოწყალებით.

30. არა ჴელ-მეწიფების მე საქმედ თავით თჳსით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი, და სასჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა.

ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ და ჩემი სამსჯავრო სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებელის ნებას.

ეს სიტყვები: „მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად“ და სხვა მსგავსი გამონათქვამები, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, მიუთითებს ძის თანასწორობაზე, მამასთან. მე არ შემიძლია გავაკეთო არაფერი ახალი და განსხვავებული მამისგან: რამეთუ, ამბობს უფალი, მე არა მაქვს განსხვავებული მამისგან არც ნება და არც ძალა.
„როგორც მესმის” მამაჩემისგან, „ისევე განვსჯი”, ე. ი. მამა როგორც ასამართლებს (განსჯის), ასევე მეც. ამას უფალი ამბობს იმისთვის, რათა გვიჩვენოს განურჩევლობა მათ საქმეებში, სიტყვებსა თუ სამართალში (მსჯავრში).
რადგან, ზოგიერთები, ვინც უფალ იესო ქრისტეში მხოლოდ ადამიანს ხედავდნენ, არ ცთუნებულიყვნენ იმის თაობაზე, რომ ხილულ ადამიანს როგორ შეეძლო ჭეშმარიტი, სამართლიანი სასამართლოს მოწყობა იმ დროს, როცა წმიდა მეფე დავითის სიტყვებით, „რამეთუ ყოველი კაცი ცრუ არს” (ფს. 115.2), უფალმა წინდაწინ თქვა; ,,არ გაგიკვირდეთ, რომ მე ძე კაცისა ვარ”. ახლაც ამბობს: „ჩემი მსჯავრი არის მართალი“, იმიტომ, რომ რაც მესმის ჩემი მამისგან, მეც ისევე განვსჯი, როგორც ის განსჯის: „როგორც მესმის, ისე განვსჯი”.
„ვინაიდან, ამბობს უფალი, ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებელი მამის ნებას, რაც მამას სურს, ის მსურს მეც”.

31. უკუეთუ მე ვწამებდე თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. 32. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და უწყი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, რომელსა წამებს ჩემთჳს. 33. თქუენ მიავლინეთ იოვანესა, და წამა ჭეშმარიტი. 34. ხოლო მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო, არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხონდეთ. 35. იგი იყო სანთელი აღნთებული და საჩინოჲ, ხოლო თქუენ ინებეთ ჟამ ერთ სიხარული ნათელსა მისსა.

თუ მე ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არაა ჭეშმარიტი. სხვა არის დამმოწმებელი ჩემს შესახებ და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემს შესახებ. თქვენ გაგზავნეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტების შესახებ. თუმცა ადამიანისგან არ ვიღებ მოწმობას, მაგრამ ამას კი იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ. იგი ანთებული და მანათობელი ლამპარი იყო, თქვენ კი გინდოდათ მის შუქზე გეხარათ ერთხანს.

აქ, ალბათ, უფალი, თავის თავს ეწინააღმდეგება. რამეთუ იგი არა ერთხელ მოწმობდა თავის თავზე, მაგ. სამარიელ ქალს უთხრა – „მე ქრისტე ვარ“ (იოანე 4, 25-26), ასევე უთხრა უსინათლოს (იოანე 9: 35-37) და სხვადასხვა დროს, რამდენჯერმე. თუკი ეს სიცრუეა, მაშინ ჩვენ როგორღა გვწამდეს ცხოვნების? მაგრამ, არა მარტო ამაშია წინააღმდეგობა, არამედ სხვა რამეშიც.
ამის შემდგომ, იგი ამბობს (იოანე 8:14): „ჩემი თავისთვისაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა“. როგორ შევუთანხმოთ (მივუსადაგოთ) ასეთი მოჩვენებითი წინააღმდეგობა ერთმანეთს? როცა უფალი ამბობს: „თუ მე ჩემთვის თვითონვე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა – არ არის ჭეშმარიტი,“ – ასე იგი ამბობს იუდეველთა გასაგონად. შეიძლება, მათ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ ეთქვათ უფლისთვის ასე: თუკი შენ მოწმობ შენს თავზე, ასეთი სახის მოწმობაში არავინ არ იმასხურებს რწმენას მის მიმართ. ამიტომ, უფალი დაბეჯითებით ამბობს: მე ჩემს თავზე არ ვმოწმობ, „სხვა არის, ვინც მოწმობს ჩემთვის – იოანე“.
ხოლო როცა ასე ამბობს: „ჩემი თავისთვისაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა“ – ასე ამბობს, რათა დაუთმოს იუდეველებს, მათ განზრახვას. „რამეთუ მე ვარ ღმერთი, რომელიც ღირსი ვარ რწმენის“. ამიტომ, პირველად ვთქვი დასაჯერებლად, რომ მე კი არ ვმოწმობ, არამედ, ჩემი წინამორბედი, ხოლო მეორედ კი ვთქვი იუდეველთა მიმართ დათმობის მიზნით: თუკი მე ვმოწმობ, მაშინ ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია; მე მყავს სამი მოწმე: იოანე, მამაჩემის საქმეები და ჩემი საქმეები.
პირველ რიგში ასახელებს იოანეს, რათა ვინმეს არ ეთქვა უფლისთვის, რომ თითქოს იოანე მოწმობდა ქრისტეს სასარგებლოდ, უფალი ეუბნება: ,თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან“, რა თქმა უნდა, თქვენ მასთან არავის არ გააგზავნიდით, თუ მას არ თვლიდით, რომ იგი იყო ღირსეული ადამიანი ქრისტეს რწმენაში.
ამიტომ, თქვენ თვითონ მოწმობთ იმას, რომ იოანე ჭეშმარიტია.
თუმცა, მე, როგორც ღმერთი, – ამბობს იესო, – არ ვსაჭიროებ ადამიანის მოწმობას, უფალი – მონის მოწმობას, მაგრამ რადგანაც მას უფრო მეტად უსმენთ და მას უფრო უმეტესად თვლით მართალ ადამიანად, ვიდრე მე, ხოლო ჩემს მიერ აღსრულებული სასწაულებითაც არა გწამთ ჩემი, ამიტომ შეგახსენებთ იოანეს მოწმობის შესახებ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, ,,რათა თქვენ ცხოვნდეთ“.
უფალი, იოანე ნათლისმცემელს უწოდებს „ანთებულ ლამპარს“ იმიტომ, რომ მას მიწიერი წარმოშობა ჰქონდა და ნათელი თვითონ კი არ გააჩნდა, არამედ „დროებით“, სულიწმიდის მადლით; როცა დადგა უფლის დღე, ე.ი. უფლის სწავლების დრო, მაშინ ლამპარი ჩაქრა.
იოანეს მიერ ნათქვამი ჩემს შესახებ „დროებით“ მიიღეთ, ხოლო შემდეგ დაივიწყეთ და დარჩით თქვენს ძველ ურწმუნობაში. თქვენ რომ ერთხელ მაინც მტკიცედ დაგეჯერებინათ მისთვის, ის მალე მოგიყვანდათ ჩემს რწმენაში.

36. ხოლო მე მაქუს წამებაჲ უფროჲს იოვანესსა, რამეთუ საქმენი, რომელნი მომცნა მე მამამან, რაჲთა აღვასრულნე იგინი, ესევე საქმენი წამებენ ჩემთჳს, რომელთა მე ვიქმ, რამეთუ მამამან მომავლინა მე. 37. და რომელმან მომავლინა მე, მამამან, მან წამა ჩემთჳს. თქუენ არცა ჴმაჲ მისი გესმა სადამე, არცა ხატი მისი იხილეთ. 38. და სიტყუაჲ მისი არა არს თქუენ თანა დადგრომილ, რამეთუ რომელი-იგი მოავლინა ღმერთმან, ესე თქუენ არა გრწამს.

მე კი მაქეს უფრო დიდი მოწმობა, ვიდრე იოანესია; რადგან საქმენი, რომელნიც მამამ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ გაკეთებული საქმენი, ამოწმებენ ჩემს შესახებ, რომ მამამ მომავლინა. და მამა, რომელმაც მე მომავლინა, ამოწმებდა ჩემს შესახებ, თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც ხატი გიხილავთ მისი. მისი სიტყვა არა გაქვთ დამკვიდრებული თქვენში, რადგან არ გწამთ მისი მომავლინებლისა.

უფალი ეუბნება იუდეველებს: „ის, რომელიც ყველაზე სანდოდ მიგაჩნიათ, იოანე ჩემზე მოწმობდა”. მაგრამ სად მოიძებნენ ზოგიერთი ცილისმწამებლები, რომლებმაც თქვეს: „მაგრამ ჩვენ რა? იოანე შენ სათნო გეყოფოდა, ამიტომაც შენზე კეთილად მოწმობდა“.
ამიტომ უფალი ეუბნება: „თქვენ აგზავნიდით იოანესთან (ხალხს) და ეკითხებოდით, რადგან მას თვლიდით ჭეშმარიტ ადამიანად; თუმცა „მე უკეთესი მოწმობა მაქვს (იოანეზე უმეტესი), რადგან საქმენი, რომელნიც მომცა მე მამამ, რათა აღვასრულო ისინი, თვით საქმენი, რომელთაც ვიქმ, მოწმობენ ჩემთვის”.
სასწაულებს უწოდებს საქმეებს, მაგალითად, პარალიზებულის განკურნებას და სხვა.
რადგანაც უფალს ბრალს სდებდნენ იუდეველები, რომ იგი ავადმყოფებს კურნავდა შაბათ დღეს და რადგანაც ამ დღის მცნებას იგი არ იცავდა, მასზე ამბობდნენ, რომ იგი (ქრისტე) ღმერთისგან არ არისო. ასეთი ბრალდების გამო, ქრისტე უცხადებს მათ, რომ „თვით საქმენი, რომელნიც მომცა მე მამამ, რათა აღვასრულო ისინი, მოწმობენ ჩემთვის, რომ მამისგან ვარ მოვლინებული”. თუკი, ეს საქმეები მომცა მამაჩემმა, და თქვენ ეწინააღმდეგებით ამ საქმეებს, მაშინ გამოდის, რომ თქვენ თვითონ ღმერთს ეწინააღდმეგებით!
„და მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, თვითონვე იმოწმა (დაამოწმა) ჩემთვის“.
სად დაამოწმა ქრისტეზე – მამამ?
ზოგიერთები ამბობენ, რომ ნათლობის დროს, როცა თქვა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე” (მათე 3:17). მხოლოდ მე ვფიქრობ, რომ ღმერთი მოწმობს იესო ქრისტეს შესახებ მთელ წმინდა წერილში რჯულში, წინასწარმეტყველებაში.
„თქვენ“ – ეუბნება უფალი, „არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე, არც ხატება გიხილავთ მისი, თქვენ მას საერთოდ არც იცნობთ, რადგან თქვენ სიტყვა არ გაგაჩნიათ, ღმერთის სიტყვა ვერ დაემკვიდრა თქვენში, არ იცით წმინდა წერილი, სადაც ჩემზე მოწმობენ, თუმცა კი გგონიათ,რომ გაგეგებათ და იქადით კიდეც, თითქოს თქვენ გიპყრიათ ღმერთის სიტყვები.
თქვენ რომ ნამდვილად არ იცით (არ გესმით) წმიდა წერილი, ეს იქიდანაც ნათლად ჩანს, რომ თქვენ არა გწამთ ქრისტესი, ვინც მამამ გამოაგზავნა: „ვინაიდან არა გწამთ მის მიერ მოვლინებული“.
და თქვენ, როგორ არ გსმენიათ ღმერთის ხმა, რამეთუ ღმერთს არ გააჩნია გრძნობითი ხმა, არც მისი სახე არ გიხილავთ, რამეთუ მას არ გააჩნია გარეგნული შეხედულება და სახე, და ასევე თქვენში ვერ დაემკვიდრა ღმერთის სიტყვა, ე. ი. წმინდა წერილი, სადაც ჩემს შესახებ არის მოწმობა.

39. გამოიძიებდით წიგნთა, რამეთუ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ გაქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მათ შინა; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს. 40. და თქუენ არა გნებავს მოსლვად ჩემდა, რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს. 41. დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო. 42. არამედ გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს თავთა შინა თქუენთა.

იკვლეთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემს შესახებ მოწმობენ. თქვენ კი არ გსურთ ჩემთან მოსვლა, რათა სიცოცხლე გქონდეთ. დიდებას არ ვღებულობ ადამიანთაგან. მაგრამ მე გიცნობთ თქვენ: ღვთის სიყვარული არ არის თქვენში.

უფალი ეუბნება იუდეველებს, რომ „ღმერთის სიტყვა, ე. ი. წმინდა წერილი, ვერ დაემკვიდრა თქვენში, სადაც მოწმობენ ჩემს შესახებ. იგი ასწავლის მათ, თუ როგორ, რა გზით უნდა დაიმკვიდრონ იუდეველებმა სიტყვა ღვთისა, ეუბნება მათ: „გამოიკვლიეთ წერილნი, რადგანაც გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე”.
დაუკვირდი, უფალმა არ თქვა – „თქვენ გაქვთ”, არამედ – „გგონიათ“, ამ სიტყვით მას სურს, რომ მიახვედროს მისი მსმენელები, რომ წმიდა წერილების მარტოოდენ კითხვით მათ ვერავითარი სარგებელი ვერ მიიღეს, რადგან ამ საქმეს ღმერთის რწმენა აკლდა.
წმიდა წერილებში ჩემს შესახებ მოწმობენ, „და არ გსურთ მოხვიდეთ ჩემთან, რათა სიცოცხლე გქონდეთ. აქედან ვიგებთ, რომ იუდეველები ბოროტები იყვნენ თავიანთი თავისუფალი ნებით. უფალმა ასე არ უთხრა: თქვენ არ შეგიძლიათ მოხვიდეთ, არამედ – „თქვენ არ გსურთ მოხვიდეთ .
უფალს სურდა ამ ადამიანების ცხოვნება, ამის გამო, მან მსმენელებს გაახსენა იოანე ნათლისმცემლის მოწმობა მასზე, მამაღმერთის მოწმობა და ასევე, თავისი საქმეების მოწმობა. იმისთვის, რომ ვინმეს არ ეფიქრა მასზე, თითქოს უფალი ამას ლაპარაკობს იმიტომ, რომ თავისი თავის დიდებას ეძებს, იგი ეუბნება: „დიდებას არ ვიღებ კაცთაგან”, ე. ი. არ ვსაჭიროებ დიდებას და თან კიდევ, არ მაქვს ისეთი ბუნება, რომ მჭირდებოდეს ადამიანებისგან ქება-დიდების მიღება.
თქვენ მე მდევნით იმ მიზეზით, რომ თითქოს გიყვართ ღმერთი. მაგრამ ეს სულაც არ არის ასე; რამეთუ მე ვიცი, რომ თქვენში არ არის ღმერთის სიყვარული, თუმცა ყველას თავს ისე აჩვენებთ, რომ მე ღმერთის სიყვარულის გამო მდევნით.
იუდეველებს, სინამდვილეში არ ჰქონდათ ღმერთის სიყვარული, რადგანაც სდევნიდნენ თვითმყოფად (ჭეშმარიტ) სიყვარულს – ძე ღვთისას!

43. მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ. 44. ვითარ უკუე ჴელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ. 45. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მე შეგასმინნე თქუენ მამასა ჩემსა; არს შემასმენელი თქუენი მოსე, რომელსა თქუენ ესავთ. 46. უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა. 47. უკუეთუ მისთა წიგნთაჲ არა გრწამს, ჩემთა სიტყუათაჲ ვითარ-მე გრწმენეს?

მე მოვედი მამაჩემის სახელით და არ მღებულობთ. თუ სხვა ვინმე მოვა თავისი სახელით, მას მიიღებთ. როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როდესაც ერთიმეორისაგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას ერთადერთი ღვთისგან არ ეძებთ? ნუ ფიქრობთ, რომ მამის წინაშე გდებთ ბრალს. თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისი იმედიცა გაქვთ. რადგან, თქვენ რომ მოსესი გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან დაწერა ჩემს შესახებ. ხოლო, თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, როგორ იწამებთ ჩემს სიტყვებს.

უფალი ამბობს: „მე მოვედი ჩემი მამის სახელით”. ყველგან ქრისტე თავის მამას ადიდებს და ამბობს, რომ მისგან არის გამოგზავნილი და თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ხოლო სხვა, თუ ვინმე მოვა თავისი სახელით, ე. ი. ანტიქრისტე, რომელიც ცრუდ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ მხოლოდ ის არის ერთი „ღმერთი“, მას მიიღებთ. მაშ, მე არ მიღებთ, რომელიც მოვედი ჩემი მამის სახელით, ხოლო მას – ანტიქრისტეს, მიიღებთ.
ეს თქვენ იმის გამო დაგემართებათ, რომ ის (ცრუ „ქრისტე“) თქვენ დაგპირდებათ ამქვეყნიურ დიდებას, რასაც თქვენ ეძებთ; თქვენ ერთმანეთისგან იღებთ დიდებას, ხოლო დიდებას, რომელიც ერთი ღმერთისგან არის, არ ეძებთ.
ხოლო მე ვერაფერს მიმზიდველს ვერ დაგპირდებით მიწიერ ცხოვრებაში, მაგრამ თქვენ ჩემს სიტყვებში ბევრ სიძნელეს ხედავთ. ამიტომაც, თქვენ არა გწამთ ჩემი, რომ ჩემგან არ ელოდებით არავითარ მიწიერ კეთილდღეობას. ან შეიძლება სხვანაირადაც ითქვას: თქვენ ჩემი იმიტომ არა გწამთ, რომ გიყვართ ერთმანეთისგან დიდების მიღება.
იმის გამო, რომ იუდეველები ყოველთვის მოსეს ახსენებდნენ (იშველიებდნენ), უფალი ეუბნება მათ, რომ მოსე მათ გაამტყუნებს, რადგან იგი ჩემზე (ქრისტეზე) წერდა. სად წერდა მოსე – ქრისტეზე? მრავალ ადგილას.
მოსეს გამოთქმა: „წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენ უფალი“ – ეხებოდა ქრისტეს, და სხვა მრავალი ადგილი, ნაწილობრივ სიტყვებში, ნაწილობრივ სასწაულებსა და სიმბოლოებში. მოსეს შემდეგი გამონათქვამები ძალიან უწყობდა ხელს ქრისტეს რწმენაზე ადამიანების მოქცევას. იგი ეუბნებოდა ხალხს: „თუ აღდგება ისეთი წინასწარმეტყველი, რომელიც სასწულებს აღასრულებს და თქვენი ღმერთისაგან განგაშორებთ, ნუ დაუჯერებთ მას, ესეთი ანტიქრისტე იქნება. ხოლო თუ კი აღდგება ისეთი წინასწარმეტყველი, რომელიც სასწულებით მიგიყვანთ თქვენ ღმერთთან და მამასთან, რომელიც მისგან არ განგაყენებთ, ასეთს დაუჯერეთ” (II რჯული 13: 1-3).
მაშასადამე, ქრისტე, რომელიც მოვიდა მამის სახელით, აღასრულა სასწაულები და იუდეველი ხალხი არ განაყენა კეთილმსახურებას, არის ის პიროვნება, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველებდა მოსე.
თუკი არა გწამთ მოსემ რაც დაწერა, როგორღა ირწმუნებთ ჩემს სიტყვებს? კითხულობს უფალი. თქვენ არ გწამთ დაწერილის (მოსესგან): როგორ უნდა გწამდეთ ჩემი დაწერილი სიტყვების?
რისთვის ამბობ, უფალო, ამას, როცა იცი, რომ ისინი არ ირწმუნებენ შენსას? თუმცა, ვიცი, – ამბობს უფალი, რომ ისინი არ მომისმენენ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რადგანაც მომავალში არ თქვან, ჩვენ გირწმუნებდით, შენ რომ ჩვენთვის გეთქვაო.

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21