1. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. 2. ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ. 3. ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი. 4. და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი. 5. ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის.
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: „ვინც კარიდან არ შედის ცხვრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდი და ავაზაკია იგი. ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსი იგი. მეკარე უღებს მას, ცხვარი უსმენს მის ხმას, იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვარს და გამოჰყავს ისინი. როცა თავისებს გამოუშვებს, იმათ წინ მიუძღვის და ცხვარიც მისდევს მას, რადგან იცნობს მის ხმას. უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ იცნობს.
უფალმა ფარისევლები დატუქსა ურწმუნობისა გამო და მიუთითა მათ სულიერ სიბრმავეზე. უფალი ქრისტე მათ დიდხანს ესაუბრება სულიერი სიბრმავის შესახებ (თაობაზე). რას ეუბნება იგი ფარისევლებს? იესო ასახელებს კეთილი მწყემსის დამახასიათებელ ნიშნებს, ასევე დამღუპველი მგლის (ცრუ-მოძღვრის) ამოსაცნობ ნიშნებს. ამ გზით უფალი მათ მიუთითებს თავის თავზე, რომ იგი კეთილი მწყემსია, თან მიანიშნებს მათ თავის საქმეებზე (სასწაულებზე).
საუბრის დასაწყისში იესო ჩამოთვლის სულების დამღუპველი მგლის თვისებებს: „ის“ – ამბობს უფალი, – ,,კარით არ შედის”, ე.ი. წმ. წერილით, რამეთუ მისი არსებობა არ არის დამოწმებული არც საღვთო წერილში, არც წინასწარმეტყველებისგან. წმ. წერილი, ჭეშმარიტად შესასვლელი კარებია (კარია), რადგან ჩვენ ღმერთს ვუახლოვდებით ამ წმინდა ნაწერების საშუალებით.
ეს წმინდა ნაწერები არ რთავს უფლებას მგლებს, რომ შევიდნენ; რადგან წმ. ნაწერების საღვთო ძალა მწვალებლებს განკვეთს და ამ გზით ჩვენ, მართლმადიდებლები, უსაფრთხოდ (უვნებლად) ვიმყოფებით და რისი გაგებაც გვსურს, ეს წმ. ნაწერები გვაძლევს საჭირო ცოდნას ყველაფრის შესახებ. მაშასადამე, ამბობს უფალი, ქურდია ის, რომელიც ცხვრების ეზოში (სამყოფელში) არ შედის წმ. წერილის საშუალებით (დახმარებით), რათა იზრუნოს ცხვრებზე, არამედ შედის სხვა გზით, ე. ი. თვითონ. თავისთვის ძებნის სხვა გზას, მაგ. როგორც იუდა და თევდა. მათ, ქრისტეს მოსვლის წინ ხალხი მოატყუეს, დაღუპეს და თვითონაც დაიღუპნენ (მოც. საქ. 5, 36-27). ასეთივე იქნება ბილწი ანტიქრისტეც; რამეთუ მათ მოწმობა არა აქვთ (არ გააჩნიათ) წმ. წერილიდან.
ლაპარაკობს ასევე მწიგნობრებზეც, რომლებიც ხალხს ასწავლიდნენ ადამიანურ მცნებებსა და გადმოცემებს, და არა ღმერთის რჯულს და ღმერთის მცნებებს. მან თქვა: ქურდი გადაძვრება გალავანზე (ღობეზე) დი ყველაფერს ხიფათით (საშიშროებით) აკეთებს. ეს არის (ყაჩაღის), ქურდის დამახასიათებელი ნიშანი.
აი, კეთილი მწყემსის დამახასიათებელი ნიშნებიც: მწყემსი შედის წმინდა წერილიდან, ხოლო მეკარე კი – მას კარებს უღებს.
მეკარედ იგულისხმე წმ. მოსე, რომელსაც ღმერთის სიტყვა ეპყრა.
ეჭესგარეშეა, მოსემ უფალს იმ სახით გაუღო კარები, რომ მასზე (საუბრობდა) ქადაგებდა.
თვითონ უფალმა თქვა: „უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა“ (იოე. 5, 46). ან მეკარე იქნება – სული წმიდა, რადგანაც სული წმიდის მადლით და ჩაგონებით დაიწერა წმ. წერილი, სადღაც მითითებულია (ლაპარაკია) ქრისტეზე. ამიტომ, სამართლიანია ვთქვათ, რომ: მეკარეა – სული წმიდა!
უფალი ჩვენზე ბრუნავს წმ. წერილის საშუალებით და იგი ხდება მწყემსი; ხოლო ცხვრები კი უსმენენ კეთილი მწყემსის ხმას.
ფარისევლები ხშირად უწოდებდნენ იესოს მატყუარას და თითქოს ცდილობდნენ ეს დაემტკიცებინათ თავიანთი ურწმუნოებით: ნუთუ ვინმე მთავართაგან ირწმუნა იესო? – (იოვე. 7, 48).
უფალი მიუთითებს იმაზე, რომ იგი კი არ არის დამღუპველი ვინმესი, როგორც ამას თვლიან მისი მტრები თავიანთი ურწმუნოების გამო, არამედ ისინი (ფარისევლები) უნდა ამოსწერონ ცხვრების სიიდან.
მე, ამბობს უფალი კარით შევდივარ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მე ვარ მწყემსი კეთილი. თქვენ, ეუბნება უფალი მათ, არ მომყვებით მე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ ხართ ცხვრები. საიდან გამოჰყავს იესოს თავისი ცხვრები? ურწმუნოთა წიაღიდან, მაგალითად ისე, როგორც ებრაელთაგან გამოიყვანა და განკურნა ბრმა, რომელმაც შეიცნო კიდეც და გაიგონა კიდეც მისი, · უფლის ხმა, რო; გორც მისმა ცხვარმა.
მიდის უფალი თავისი ცხვრების წინ, მიუძღვება მათ, თუმცა, ხორციელ მწყემსებს კი, შებრუნებით აქვთ: ისინი ცხვრის ფარას – უკან მისდევენ. ამით იესო აჩვენებს ყველას, რომ იგი თავის ცხვრებს მიიყვანს ჭეშმარიტებამდე. თავის მოწაფეებს კი, როგორც ცხვრებს. გზავნის მგლების ხროვაში (ან წიაღში) – (მათე 10.16).
მაშასადამე, ქრისტეს, როგორც კეთილი მწყემსის მოღვაწეობა – არაჩვეულებრივია. ქრისტეს ცხვრები უცხოს არ გაჰყვებიან, რადგან მის (უცხო) ხმას არ იცნობენ. აქ, უნდა ვიგულისხმოთ, ალბათ, იუდა და თევდა, რომელთაც ცხვრები არ გაჰყვნენ, ადამიანთაგან მცირედნი ცთუნებული იყვნენ, მაგრამ მათი სიკვდილის შემდგომ, ისინი ჩამოშორდნენ ამ ცრუ გზას. ხოლო ქრისტეს მიმდევრები კი მისი სიცოცხლის დროსაც ბევრი იყვნენ, ხოლო უფლის გარდაცვალების შემდგომ კი, – მთელი ქვეყანა გახდა მისი ჭეშმარიტი რწმენის მიმდევარი (იოვ. 12, 19).
მაშასადამე, წმ. წერილი არის შემავალი კარი. ამ კარით უფალს თავისი ცხვრები გაჰყავს – საძოვარზე. როგორია ეს საძოვარი?
ეს არის მომავალი ნეტარება და სიმშვიდე, რომელშიც უფალს შევყავართ.
როდესაც უფალს სურს გამოხატოს თავისი მზრუნველობა ჩვენს მიმართ, იგი თავის თავს უწოდებს მწყემსს, ხოლო როცა სურს გვიჩვენოს, რომ ჩვენ მამასთან მიvყავართ, ამ შემთხვევაში იგი თავის თავს უწოდებს – კარებს სხვადასხვა შემთსვევებში, იგი ცხვარიცაა და მწყემსიც.
ასევე კარების, მნიშვნელობის ქვეშ შეიძლება ვიგულისხმოთ საღვთო წერილის სიტყვებიც.
ასევე, უფალი, არის სიტყვაც; აქედან გამომდინარე, შეიძლება მას კარიც ეწოდოს.
6. ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისჴმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ. 7. ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ. 8. ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა.
ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა. კვლავ უთხრა იესომ: „ჭეშმარიტად გეუნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდი და ავაზაკია, და ცხვარმა არ მოუსმინა მათ.
იესომ მათ ამ სიტყვებით უთხრა იგავი იმისთვის, რათა უფრო ყურადღებით მოესმინათ მისთვის: როცა ამას მიაღწია, მერე დაამატა: მე ვარ – კარი. „ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს“ (ე. ი. ისინი, ვინც ჩემზე წინ მოვიდა). როგორც მანიქეველები ამბობდნენ სისულელეს, თითქოს უფალი ამას წინასწარმეტყველებზე ამბობდა, ეს სწორი არ არის. უფალი ქურდებს და ავაზაკებს უწოდებდა თევდას, იუდას და მათნაირ სხვა სულის აღმაშფოთებლებს; და არა – წინასწარმეტყველებს. და დაამატა იესომ: „არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა“. რამეთუ ცხვრებმა არ დაუჯერეს ამ აღმაშფოთებლებს (არ გაყვნენ მათ), ხოლო წინასწარმეტყველებს კი დაუჯერეს ცხვრებმა და მათგან მრავალმა მიიღო ქრისტეს რწმენა.
გთხოვ, მიაქციო ყურადღება გამოთქმას: „რომელნი მოვიდეს“, ასე თქვა უფალმა, და არა – „რომელნი წარმოგზავნილ იყვნენ“. რამეთუ წინასწარმეტყველნი იმიტომ მოვიდნენ, რომ ისინი წარმოგზავნეს, ხოლო ცრუწინასწარმატყველნი კი როგორც ზემოთ ხსენებული მეამბოხეები არავის არ მოუწვევია სულების გასახრწნელად (დასაღუპად).
ღმერთიც ასე ამბობს: „მე არ გამომიგზავნია წინასწარმეტყველნი, თავად გამოიქცნენ“ (იერემ. 23, 21).
9. მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.
მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება. შევა და გამოვა, და საძოვარს ჰპოვებს.
უფალი ამბობს, ვინც ჩემგან შევა, რომელიც ვარ კარი, და მივა მამასთან და გახდება მისი ცხვარი, იგი ცხოვნდება, და არა მარტო ცხოვნდება, არამედ უფალივით მიიღებს უდიდეს უშიშრობას, მხნეობას. ეს აზრი გამოხატულია შემდეგი სიტყვებით: „შევიდეს და გამოვიდეს“, ასევე უშიშრად (მხნედ) შედიოდნენ და გამოდიოდნენ ხელმწიფეების (მბრძანებლების) წინაშე და იყვნენ უძლეველნი და მხიარულები (მოც. საქ. 5, 41).
„და საძოვარი პოვოს“, ე. ი. ჰქონდეს (იპოვოს) უხვი საჭმელი. ასეთები იპოვნიან (ჰპოვებენ) საძოვარს მომავალ საუკუნეშიც, როგორც უფალმა თქვა: ,,უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს“ (ფსალმუნი 22: 1).
10. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. 12. ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. 13. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს.
„ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ. მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის. მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვარი ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე სტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს. მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე.
რადგანაც იუდას და თევდას მიმდევრები, ისევე როგორც სხვა განდგომილი ადამიანების მიმდევრებიც მოკლეს და დაიღუპნენ, იესო თავის საუბარს ასე აგრძელებს: ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ზემოთ ხსენებულებს უფალი ქურდებს უწოდებს. ხოლო მე მოვედი, რათა ადამიანებს ჰქონდეთ სიცოცხლე.
ისინი ღუპავდნენ და კლავდნენ თავიანთ მიმდევრებს, ხოლო მე მოვედი, რათა ჩემს მიმდევრებს (მორწმუნეებს) ჰქონდეთ სიცოცხლე და ამაზე უმეტესიც, სახელდობრ: თანაზიარება სული წმიდასთან, რაშიც უნდა ვიგულისხმოთ სასუფეველი ცათა. მაშასადამე, ქრისტეში, მის მორწმუნეებს, ყველას აქვს სიცოცხლე, რამეთუ ყველა აღდგება მკვდრეთით და იცოცხლებენ; ხოლო მართლებს კი უფრო მეტი წყალობა ელოდებათ – ესაა სასუფეველი ცათა.
შემდეგ უფალი ლაპარაკობს თავის სატანჯველებზე: მე ჩემს სულს დავდებ ცხვრებისთვის, რაც ნიშნავს, რომ იგი თავისი მორწმუნეებისთვის ნებაყოფლობით, ანუ თავისი ნებით, იტვირთებს სატანჯველებს.
სიტყვა „დავდებ“ ნიშნავს, რომ მე სიცოცხლეს ვერავინ ვერ წამართმევს, არამედ მე თვითონ გავწირავ მას ჩემი ცხვრებისთვის.
უფალი ლაპარაკობს მეამბოხეებზეც. მათ სიცოცხლე არ დადეს (არ გაწირეს) ცხვრებისთვის, რადგანაც ისინი დაქირავებულები იყვნენ. ამიტომ მიატოვეს თავისი მიმდევრები. ხოლო უფალი ქრისტე კი მოიქცა პირიქით: როცა იგი შეიპყრეს, მან თქვა; – თუ მე მეძებთ, მაგათ თავი დაანებეთ, დე, წავიდნენ, რათა აღსრულდეს სიტყვა, რომ არავინ მათგანი არ დაიღუპოს (იოვ. 17:12, 18:8.). ეს სიტყვები იესომ თქვა მაშინ. როცა იუდეველები მის შესაპყრობად მოვიდნენ მახვილებით და წათებით (ლუკა 22, 52).
მგლის სახით შეიძლება ვიგულისხმოთ სულიერი მტრებიც, რომლებსაც საღვთო წერილში ლომი და მორიელი (ღრიანკალი) ეწოდებათ (I პეტრ. 5, 8, ლუკა 10, 19); ასევე მას გველსაც უწოდებენ (დაბადება 3:1. ფს. 90:12).
ნათქვამია, რომ როცა ბოროტი სული ცხვარს „იტაცებს“, ეს ხდება მაშინ, როცა იგი ადამიანს აკეთებინებს ბოროტ (ცუდ) საქმეს და ამ გზით მას „ჭამს“ ანუ „შთანთქავს“. როდესაც იგი „სდევნის“ ადამიანს, მაშინ მას სული უშფოთდება (შეუძრწუნდება) ბოროტი აზრების გამო, რომელსაც მას აწვდის ბოროტი სული.
სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ ბოროტ სულს – ქურდიც, რომელიც მაცთური აზრების მიწოდებით „ქურდავს“ ადამიანს. „კლავს“ მაშინ, თუ ადამიანი შეუთანხმდება ამ აზრებს. ხოლო „ღუპავს“ მაშინ, როცა ამ ბოროტ (მაცთურ) აზრებს – საქმედ გადააქცევს.
შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნავდეს ამ სიტყვებსაც: ქურდი მოდის მხოლოდ იმისთვის, რომ მოიპაროს, დაღუპოს, მოკლას.
უფალი კი პირიქით აკეთებს: იგი გვაძლევს ღვთაებრივ სიცოცხლეს, განგვინალებს გონებას (აზრებს) კეთილი აზრებით (სურვილებით) და ჩვენს ხორცსაც კეთილი საქმეების მადლით ანათლებს, ასევე გვაძლევს მადლს, რათა ვასწავლოთ სხვებს ჭეშმარიტი რწმენა, და ამასთან ერთად, ცათა სასუფეველს გვანიჭებს.
უფალი ქრისტე – ჭეშმარიტი მწყემსია, და არა – დაქირავებული, არა ისეთი, როგორებიც არიან იუდეველი მთავრები, რომლებიც ადამიანების კეთილდღეობისთვის კი არ ზრუნავენ, არამედ იმისთვის, რომ მათგან ხარკი (შესაწირი) მიიღონ.
14. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. 15. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. 16. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე. როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. ჩემს სულს ვწირავ ცხვართათვის. მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო. მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი.
აქედან გამომდინარე შენ შეგიძლია განასხვავო ერთმანეთისგან – მწყემსი და დაქირავებული. დაქირავებული არ იცნობს ცხვრებს, რადგან მათზე არ ზრუნავს მუდმივად. ხოლო უფალი კი, რომელიცაა მწყემსი, ზრუნავს მათზე და ამიტომაც იცნობს მათ. ცხვრები კი, რომლებიც ხედავენ მწყემსის მზრუნველობას მათზე, ცნობენ თავიანთ მფარველს.
ღმერთის შეცნობა ჩვენგან შეუძლებელია ჯერ მან უნდა. შეგვიცნოს, ხოლო მერე კი – ჩვენ შევიცნობთ (1 კორ. 13:12). ჯერ მან შეიმოსა ჩვენნაირი ხორცი, გახდა ადამიანი, ხოლო შემდგომ კი ჩვენ შევიცანით იგი, რამეთუ მოგვეცა განღმრთობის მადლი (ნიჭი).
უფალი თავის მორწმუნეებზე ამბობს: მე ვიცი ჩემები, და ჩემებმა მიციან მე, როგორც წერია: „,იცნის უფალმან, რომელნი – არიან მისნი“ (2 ტიმოთ. მიმართ 2, 19). იმისთვის, რომ ვინმეს არ ეფიქრა, თითქოს უფალმა, როგორც ადამიანმა, შეიცნო თავისი ცხვრებიო (ანუ მორწმუნეები) დაამატა: როგორც მამა მიცნობს მე, ასევე მეც ვიცნობ მამას, ე.ი. მე ისევე ჭეშმარიტად ვიცნობ მას, როგორც საკუთარ თავს.
იესო ხშირად იმეორებს სიტყვებს: „მე ჩემს სიცოცხლეს გავწირავ (დავსდებ) ცხვრებისთვის“, რათა ამითი აჩვენოს თავის მტრებს, რომ იგი არ არის მატყუარა.
უფლის სიტყვები: „მე ვარ ნათელი, მე ეარ ცხოვრება (სიცოცხლე) - ურწმუნოებისთვის მხოლოოდენ მზვაობრობაა.
„მე სხვა ცხვრებიც მყავს“, – უფლის ეს გამოთქმა ეხება – წარმართებს. რომლებიც ღმერთის ეზოში არ არიან, უფლის კანონებს არ ემორჩილებიან, მაგრამ როგორც იესო ამბობს – „ისინიც უნდა მოიყვანოს თავის ეზოში“. ისინი გაფანტულები არიან, მათ არ ჰყავთ მწყემსი.
იესო ამბობს „საჭიროა“ შევკრიბო იუდეველები და წარმართები და, როცა ამას გავაკეთებ, იქნება ერთი სამწყსო (მრევლი) და ერთი მწყემსი! ქრისტე იესოში არ არის არც იუდეველი, არც წარმართი (გალ. მიმ. 3, 28), მათ შორის განსხვავება არ არის; რამეთუ მათ ერთი და იგივე გარეგნული სახე აქვთ. ერთნაირი ნათლობის ბეჭედი გააჩნიათ, ერთი მწყემსი და ერთი ღმერთი ჰყავთ და ერთი და იგივე ღვთის სიტყვა აქვთ; რამეთუ ერთი და იგივე ღმერთია ძველსა და ახალ აღთქმაშიც.
17. ამისთჳს უყუარ მე მამასა, რამეთუ მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი. 18. არავინ მიმიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით. ჴელ-მეწიფების დადებად მისა და ჴელ-მეწიფების კუალად მოღებად მისა. ესე მცნებაჲ მომიღებიეს მამისა ჩემისაგან. 19. და იყო განწვალებაჲ კუალად ჰურიათა მათ შორის ამის სიტყჳსათჳს. 20. და იტყოდეს მრავალნი მათგანნი: ეშმაკეულ არს და ცბის. რაჲსა ისმინეთ მისსა? 21. და სხუანი იტყოდეს: ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისანი არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფების ბრმისა თუალთა ახილვად?
იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვწირავ, რათა კვლავ დავიბრუნო იგი. ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვით ვწირავ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის გასაწირავად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად. ეს მცნება მამაჩემისგან მივიღე. ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამვოარდა განხეთქილება იუდეველთა შორის. ბევრმა მათანმა თქვა: „ეშმაკეულია იგი და შეშლილი. რისთვის უსმენთ მას?“ სხვებმა თქვეს: „ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის; განა შეძლებს ეშმაკი, ბრმას თვალი აუხილოს?“
იმის გამო, რომ უფალს თვლიდნენ მატყუარად დღა სულების დამღუპველად და ღმერთის მოწინააღმდეგედ, იგი უცხადებს მათ: მე თქვენი დამღუპველი არა ვარ, არამედ თქვენს გადასარჩენად მზად ვარ ყველაფერი ავიტანო იმისთვის, რომ თქვენ ღმერთს უყვარხართ და თუკი ღმერთს უხვარხართ, მაშინ მე როგორ შემიძლია თქვენი მოტყუება?
უფრო უმჯობესი არ იქნება, თუ მე თქვენი ცხოვნების (გადარჩენის) გამო (ან ცხოვნებისთვის) მოვკვდები? და თუ ასე მოვიქცევი, მამაჩემს ხომ უფრო მეტად ვეყვარები მე? ამას ეფალი ელაპარაკება თავის მტრებს ისე, რომ იგი დამცირებული იყოს მათ თვალში, რადგანაც მას არ უსმენდნენ, როცა იესო ამაღლებულად რამეს იტყოდა თავის თავზე.
მამა უფალმა სამართლიანად შეიყვარა თავისი ძე არა იმისთვის, რომ იესო ჩვენთვის მოკვდა, არამედ იმისთვის, რომ თავის ძეში დაინახა მსგავსება (ერთარსობა) არსში (არსებაში) მის მიმართ.
ნუთუ, თავისი უდიდესი სიყვარული არ გვიჩვენა ღვთის ძემ – თავისი სიკვდილით – ჩვენთვის (ჩვენი ცხოვნებისთვის) და ასევე, თავისი მკვდრეთით აღდგომით, რათა სიკვდილი, ცოდვით გამოწვეული, გაეუქმებინა და ჩვენ უკვდავები გავმხდარიყავით?.
მაშასადამე, როცა უფალი ამბობს, რომ მე ვუყვარვარ მამას იმისთვის, რომ მე თქვენთვის უნდა მოვკვდე, ამითი ის გამოხატავს იმ აზრს, რომ მამას უხარია და იგი მხიარულია იმიტომ, რომ ძე ჰგავს – თავის მამას და მას აქვს ადამიანების ისეთივე დიდი სიყვარული, როგორიც თვითონ მას გააჩნია.
„ჩემს სიცოცხლეს მე ვერავინ ვერ წამართმევს“ – ეუბნება იესო თავის მკვლელებს. თქვენ გწყურიათ ჩემი სისხლის დაღვრა, მაგრამ გეტყვით, რომ ეს მტკიცედ იცოდეთ, ჩემი ნების გარეშე არავის არ შეუძლია დააქციოს ჩემი სისხლი. მე თვითონ გამაჩნია ძალაუფლება მოვკვდე, რადგან მე ვარ სიკვდილის მეუფე. მე გამაჩნია ძალაუფლება გავცე ჩემი სიცოცხლე.
ადამიანებთან კი ასე არ არის: რამეთუ, ჩვენი ნება-სურვილის გარეშეც სხვებს შეუძლიათ მოგვკლან, ანუ, წაგვართვან სიცოცხლე: ხოლო ქრისტე კი, არასდროს არ მიიღებდა ტანჯვას, თუ პირადად მისი ნება არ იქნებოდა ეს.
მცნება – „მოვკვდე ქვეყნიერებისთვის“, მივიღე მამაჩემისგან. მე მამას არ ვეწინააღმდეგები (არაფერში), ეს ჩემი სიკვდილის მცნება – მამისგან მომეცა.
უფალს სურს ასეთი საუბრით მიახვედროს თავისი მოძულეები, რომ იგი მამის არც მოწინააღმდეგეა, არც მასზე უმცირესია და არც მისი მონა არაა. არამედ – მისი თანასწორია და მას – მამასთან ერთად ერთი ნება გააჩნია. ასეთმა საუბარმა კეთილი სარგებელი მოუტანა ბევრ მსმენელს და მათ შორის მოხდა განხეთქილება (გაყოფა).
ერთნი, ვისთვისაც ქრისტეს ეს სიტყვები გამოცანა იყო, ფიქრობდნენ, რომ იგი უგუნურებაშია (უმეცრებაში). მეორენი (სხვები), ვისაც ცოტათი რაღაც გაეგებოდათ, ამბობდნენ, რომ ეს ეშმაკეულის ნათქვამი სიტყვები არაა. ეს ხალხი ცდილობს საქმით ქრისტეს დაცვას, ნუთუ ეშმაკეულს შეეძლო თვალები აეხილა დაბადებიდან ბრმისთვის? თუ ეს საქმე – ღვთიურია, მაშინ მისი სიტყვებიც ღვთიური იქნება.
22. და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს; ზამთარი იყო. 23. და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოასა სოლომონისსა. 24. გარე მოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, გჳთხარ ჩუენ განცხადებულად. 25. მიუგო იესუ და ჰრქუა: გარქუ თქუენ, და არა გრწამს; საქმეთა, რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს. 26. და თქუენ არა გრწამს ჩემი, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი, ვითარცა გარქუ თქუენ.
სატფურების დღესასწაული იყო იერუსალიმში. ზამთარი იდგა. იესო ტაძარში დადიოდა, სოლომონის სტოაში. აქ შემოეხვივნენ იუდეველნი გარშემო და უთხრეს: „როდემდე უნდა გყავდეს ჩვენი სული დაბნეულობაში? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი გარკვევით.“ მიუგო იესომ: „გითხარით და არ ირწმუნეთ! ჩემი საქმეები, მამაჩემის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე! მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრისაგანნი არა ხართ, როგორც გითხარით.
რა განახლება იყო იერუსალიმში იმ დროს? წმ. იოანე მახარებელი აქ გულისხმობს სოლომონის ტაძრის იმ განახლებას, რომელიც მოხდა ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ. ეს დღესასწაული იყო ნათელი და ხალხმრავალი, რადგანაც ხანგრძლივი ტყვეობის შემდგომ, შეიძლება ითქვას, იერუსალიმში მიიღო ამ ტაძარმა ახალი, განახლებული იერსახე. ხალხი სოლომონის ტაძრის განახლებას თვლიდა დიდი სიხარულის დღედ.
ამ დღესასწაულზე იესოც მოვიდა, რადგანაც სულ ახლოს იყო მისი ჯვარცმა!
ზამთარი იყო. ზამთრის შემდგომ, გაზაფხულის პირველ თვეს უფალი ჯვარს ეცვა!
იმიტომაც, რომ მიეთითებინა უფლის ტანჯვის დრო, მან მიუთითა ტექსტში, რომ იყო ზამთარი, რის გამოც. იესო ჩავიდა იერუსალიმში, დღესასწაულზე.
როცა იუდეველებმა დაინახეს იგი, გარს შემოერტყნენ და დაუწყეს კითხვების დასმა: პირდაპირ გვითხარი, შენ ხარ – ქრისტე? ამ კითხვის დასმა მათგან უნდა ჩაითვალოს მოჩვენებითად, უმადურობად და ბოროტ განზრახვად, რადგანაც უფალი მათ პირდაპირ ეუბნებოდა, როცა ჩამოდიოდა დღესასწაულებზე, რომ იგი არის ღმერთის ძე, ნათელი, კარი, გზა ჭეშმარიტი და ბიბლიაში მიუთითებდა მოსესგან მასზე ნათქვამ ჭეშმარიტ მოწმობაზე, რომელიც არ მიიღეს, არ ირწმუნეს იუდევლებმა. ნუთუ, ჩემი გაკეთებული საქმეები, არ მოწმობს, რომ მე – ქრისტე ვარ, ძე ღვთისა, მაგრამ თქვენ არ მირწმუნეთ, რადგან არ ხართ ჩემი ცხვრები! მე, ამბობს უფალი, როგორც კეთილმა მწყემსმა, ჩემი მხრიდან, ყველაფერი შევასრულე, ხოლო თქვენ კი, მე არ მომყვებით; ეს ნიშნავს, რომ მე კი არ ვარ უღირსი, რათა ვიწოდებოდე მწყემსად, არამედ თქვენ ხართ ღირსები გერქვათ (იწოდებოდეთ) ჩემი ცხვრები!
სანამდე ზამთარია, ე. ი. სანამ ჭეშმარიტი ცხოვრება გვაქვს, რომელიც ყოველთვის შეჭირვებულია ბოროტი სულების ბრძოლისგან, ეცადე, შენც იდღესასწაულო შენი სულიერი ტაძრის განახლება, მუდმივად განაახლე იგი და წინსვლა მიიღე ღვთის მადლით (ფს. 23, 6) შენს გულში. მაშინ მოვა შენთან იესო და მოგეხმარება განახლების დღესასწაულის მოწყობაში, დაგიფარავს თავისი საფარველით და მოგცემს (მოგმადლებს) ვნებებზე ძლევას და მშვიდობას; რამეთუ თვითონ იქნება სოლომონი, რაც ნიშნავს „მშვიდობიანს“.
მაშასადამე, წინასწარმტყველის თქმით (ფს. 90, 1), ვინც დამკვიდრდება ქრისტეს მშვიდობიანი საფარველის (კალთის) ქვეშ, ამ ადამიანთან ერთად, თვითონ ქრისტე ღმერთი იდღესასწაულებს მისი სულის განახლებას, სანამ ჯერ კიდევ არის ზამთარი, ანუ ახლანდელი, მიწიერი ცხოვრება
რამეთუ მომავალი საუკუნე ჰგავს – გაზაფხულს, როდესაც ყველაფერი გაცოცხლდება და შეიძენს ახალ არსებობას (მყოფობას); იმ დროს ვეღარავინ ვეღარ შეძლებს სულის განახლებას ცოდვებისგან (განწმენდას), ყველანაირი საქმეები დამთავრდება ამ საუკუნესთან ერთად.
27. ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევენ მე. 28. და მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა წარწმყდენ უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა. 29. მამაჲ ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფროჲს ყოველთასა არს, და არავის ჴელ-ეწიფების მიტაცებად მათა ჴელთაგან მამისა ჩემისათა. 30. მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ.
ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ. მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და ვერავინ ვერ გაიტაცებს მათ მამაჩემის ხელიდან. მე და მამა ერთი ვართ.
მას შემდეგ, რაც უფალმა უთხრა იუდეველებს, რომ ისინი არ არიან მისი (ქრისტეს) ცხვრები, მოუწოდებს მათ, რათა გახდნენ, თან ეუბნება: ჩემი ცხვრები ისმენენ ჩემს ხმას და მომდევენ მე. თან განუმარტავს ამ ადამიანებს, თუ რას მიიღებენ მისი მორწმუნეები მისგან: ისინი არ წარწყმდებიან (არ დაიღუპებიან) უკუნისამდე და მე მათ მივცემ საუკუნო სიცოცხლეს და სხვა. ამ ჭეშმარიტი დაპირებებით უფალი მათ ჩააგონებს, რომ მიიღონ მისი ჭეშმარიტი რწმენა და გაჰყვნენ მას.
უფალი აგრძელებს თავის სიტყვას: რატომ არ დაიღუპებიან ჩემი მორწმუნეები? იმიტომ, რომ ვერავინ ვერ გამომტაცებს მათ ჩემი ხელიდან, რამეთუ მამაჩემი, რომელმაც მე მომცა იგინი, ყველაზე უდიდესია, და როგორც მას ხელიდან მათ ვერავინ ვერ გამოსტაცებს, ასევე – ჩემი ხელიდან, რადგანაც მამაჩემის და ჩემი ხელი – ორივე ერთია, რადგან, მე და მამა – ერთნი ვართ, ე. ი. ძალაუფლებითაც და სიძლიერითაც.
უფალი „ხელს“ უწვდის ძალაუფლებას და სიძლიერეს (ძალას). მე და მამა ერთნი ვართ, ამბობს იესო, არსებითაც, ბუნებითაც და ძალაუფლებითაც. იუდეველებმა მისი ასეთი ლაპარაკი ისე გაიგეს, რომ უფალი თავის თავს უწოდებს ღმერთის ძეს და თავის თავს უტოლებს და ერთარსად აცხადებს მამა ღმერთთან, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ მათ ქვების აკრეფა (მოგროვება) დაიწყეს, რათა მით ჩაექოლათ იესო.
ზოგი იტყვის: უფალმა გვითხრა: ჩემი ცხვრები მე გამომყვებიან და ისინი არ დაიღუპებიან? მაშინ, იუდა რატომ დაიღუპა? იუდა იმიტომ დაიღუპა, რომ იესოს ცხვარი არ იყო ბოლომდე, უფალს ბოლომდე არ გაჰყვა.
უფალი კი საუბრობს თავის ჭეშმარიტ მორწმუნეებზე, თავის ჭეშმარიტ მიმდევრებზე. თუკი ვინმე ჩამორჩება ცხვრის ფარას და კეთილ მწყემსს აღარ გაჰყვება, აუცილებლად იგი მალე დაიღუპება.
იუდა თავიდან იყო უფლის ცხვარი და წმინდანი, მაგრამ იგი ჩამორჩა იესოს და მის ფარას მხოლოდ თავისი არჩევანის და თვითნებობის გამო. ე. ი. სიკეთე და სიბოროტე ბუნებრივად კი არ არსებობს, არამედ ადამიანებში ან არის ან წყვეტს არსებობას მათში ადამიანის თავისუფალი ნებიდან გამომდინარე.
31. აქუნდა კუალად ქვები ჰურიათა მათ, რაჲთამცა დაჰკრიბეს მას. 32. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მრავალი საქმე კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისა მიერ; რომლისა მათგანისა საქმისათჳს ქვასა დამკრებთ მე? 33. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ. 34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა წერილ არსა სჯულსა, ვითარმედ: მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ? 35. უკუეთუ იგინი თქუნა ღმრთად, რომელთა მიმართ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, და ვერ ჴელ-ეწიფების დაჴსნად წერილი. 36. და რომელი-იგი მამამან წმიდა-ყო და მოავლინა სოფლად, თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: გმობს, რამეთუ ვთქუ, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარი მე.
მაშინ კვლავ დაავლეს იუდეველებმა ქვას ხელი ჩასაქოლად. მიუგო მათ იესომ: „ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?“ მიუგეს მას იუდეველებმა: "კარგი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთის გმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს”. მიუგო მათ იესომ: „განა თქვენს რჯულში არ წერია, რომ „მე ვთქვი თქვენ ღმერთები ხართ? თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღვთის სიტყვა იყო და ვის მიმართაც წერილი არ ირღვევა, მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა წუთისოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი: ღვთის ძე ვარ-მეთქი?
რადგან უფალმა თქვა: მე და მამა ერთნი ვართ, რაშიც გულისხმობდა თავის ერთობას ძალით და ძალაუფლებით მამასთან ერთად, ესეთი ნათქვამი ებრაელებმა ღვთის გმობად ჩათვალეს და სურდათ იესოს ქვებით ჩაქოლვა, რადგანაც მან ღმერთს გაუტოლა თავი.
უფალი მათ ამხილებს და მიუთითებს, რომ მათ არავითარი მიზეზი (საბაბი) არ აქვთ მისი სიძულვილის და რა თქმა უნდა, მითუმეტეს, ქვებით ჩაქოლვის. იესო მათ ახსენებს მის მიერ მოხდენილ სასწაულებს და ბევრ კეთილ საქმეს და ეკითხება: – რომელი საქმისთვის გინდათ ჩემი ქვებით ჩაქოლვა? ისინი პასუხობენ: – ჩვენ, შენი ქვებით ჩაქოლვა გვინდა (გვსურს) იმისთვის, რომ შენ თავს ღმერთად ასაღებ და ღვთის გმობაში ხარ.
იესო წმ. წერილის და რჯულის მიხედვით, მათ უმტკიცებს, რომ იგი – ღმერთია! თქვენ, როგორ შეგიძლიათ ჩემი გასამართლება, როცა მე, ბუნებით ღმერთი, ჩემმა მამამ განმანათლა და მაკურთხა, რათა სიცოცხლე დავდო (გავწირო) მთელი ქვეყნიერებისთვის? მე, ასევე, მრავალ ადამიანსაც შემიძლია მივანიჭო განღმრთობა.
დე, შერცხვეთ ამ სიტყვების, მწვალებელ არიოზელებს და ნესტორიანელებს. რამეთუ, ქრისტე არის ძე ღვთისა და ღმერთი – არსებით და ბუნებით, და არა ქმნილება, როგორც ამტკიცებენ მწვალებლები. ქრისტე ღმერთი განაღმრთობს სხვებს, ვის მიმართაც იყო ნათქვამი ღმერთის სიტყვა, და არა თვითონ განიღმრთობა მადლით!
მე, ამბობს უფალი, როგორ შემიძლია ვიყო ღმერთის მგმობი, როცა ჩემს თავს ვუწოდებ ღმერთის ძეს? მართალია, მე ხორციელად ვარ ეხლა და წარმომავლობა მაქვს დავით მეფისგან, მაგრამ თქვენ არ იცით საიდუმლო, რომ ხორციელ ადამიანს სხვანაირად არ შეეძლო ღმერთთან ესაუბრა, თუ არა ასე, როგორც ეხლა, თუკი ღმერთი ხორციელად არ მოვიდოდა თავის ქმნილებასთან!
37. უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამნ ჩემი. 38. უკუეთუ ვიქმ, დაღაცათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენედ, რაჲთა სცნათ და უწყოდით, რამეთუ მამაჲ ჩემ თანა არს, და მე მამისა თანა.
თუ მამაჩემის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით. და თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ ჩემშია მამა და მე მამაში ვარ.
უფალი ეუბნება (ან ამბობს): გსურთ, რათა შეიცნოთ ჩემი თანასწორობა – მამასთან? ჩვენი თანასწორობა არსებაში – თქვენ არ შეგიძლიათ შეიცნოთ, რადგანაც ღმერთის არსების (არსის) შეცნობა (შემეცნება) – შეუძლებელია, მაგრამ იგივეობა და თანასწორობა საქმეებში კი, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი ძალის იგივეობის მტკიცებულებად. რამეთუ ჩემი საქმეები – თქვენთვის იქნება მოწმობა ჩემი ღვთაებრივობის შესახებ.
თქვენ გაიგებთ და ირწმუნებთ, რომ მე და მამა ერთნი ვართ, მართალია, მე მამის ძე ვარ და მისგან განვსხვავდები, როგორც პირი (პიროვნულად), მაგრამ მე იგივე არსება (არსი, ბუნება) გამაჩნია (მაქვს), როგორც მამაჩემს; ისევე, როგორც მამა – განსხვავდება თავისი ძისგან, როგორც პირი (პიროვნულად), ხოლო იგივეა თავისი არსებით და ბუნებით, როგორც მისი ძე.
მართალია, ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით როგორც პირები (პიროვნულად), მაგრამ ეს პირები (წმ. სამების) განუყრელნი და განუყოფელნი არიან. ხოლო მამა და ძე ერთმანეთში არიან – ჩვენთან, ადამიანებთან, მამა არსებობს შვილისგან განცალკევებით, თუმცა ერთი ბუნება აქვთ (გააჩნიათ); მაგრამ ღვთაებრივ პირებში ასე არ არის, როგორც ჩვენთან: ისინი ერთმანეთში არიან შეურევნელად.
ამიტომ ჩვენზე, ადამიანებზე, იტყვიან – „სამი ადამიანი რადგანაც ჩვენ პიროვნულად ვიყოფით და ერთ მთელს არ წარმოვადგენთ, ხოლო წმიდა სამებაზე კი ვამბობთ – „ერთი ღმერთი”, არა სამი, რადგანაც წმ. სამების პირები ერთმანეთში არიან შეურევნელად, ამას დაუმატე ნება-სურვილის იგივეობა.
39. ეძიებდეს კუალად შეპყრობად მას, და განვიდა ჴელთაგან მათთა. 40. და წიაღჴდა მიერ იორდანესა, ადგილსა მას, სადა ნათელ-სცემდა პირველად იოვანე, და დაადგრა მუნ. 41. და მრავალნი მოვიდოდეს მისა და იტყოდეს, ვითარმედ: იოვანე სასწაული არარჲ ქმნა; ხოლო ყოველი, რომელი თქუა იოვანე ამისთჳს, ჭეშმარიტ იყო. 42. და მრავალთა ჰრწმენა მისი მუნ.
მაშინ კვლავ ცდილბოდნენ მის შეპყრობას, მაგრამ დაუსხლტა მათ ხელიდან. ისევ წავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ ნათლავდა იოანე, და იქ დარჩა. ბევრნი მოვიდნენ მასთან და უთხრეს: „იოანეს არ მოუხდენია არცერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მასზე ჭეშმარიტი იყო.“ და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.
იუდეველებს სურთ უფლის შეპყრობა, რადგან ვერ იტანენ, როცა ის ამაღლებულად (ღვთაებრივად) მოწმობს თავის შესახებ. უფალი მიდის დათმობაზე თავისი მტრების მიმართ, რადგანაც ისინი მრისხანებენ მის მიმართ; რათა დაცხრეს მათი მრისხანება უფლის მიმართ და დადგენილ დროზე ადრე იგი არ იქნას შეპყრობილი და ჯვარცმული, რომელი დროც ქრისტემ თვითონ დაადგინა თავის ნებით.
სად წავიდა უფალი ამ დროს? იგი წავიდა მდინარე იორდანეს გაღმა, სადაც ადრე (უწინ) ხალხს ნათლავდა წმ. იოანე ნათლისმცემელი.
იესოს იქ წასვლას გარკვეული მიზანი ჰქონდა: მას სურდა ადამიანებისათვის გაეხსენებინა, რა მოხდა გარკვეული დროის წინ მდინარე იორდანეზე და რას ეუბნებოდა წმ. იოანე - იესოზე ხალხს.
იესოს ამ ადგილზე მისვლამ სარგებლობა მოუტანა ბევრს, რაც ნათლად ჩანს მახარებლის შემდეგი სიტყვებიდან: „ და მრავალნი მიდიოდნენ მასთან“. ისინი ამბობდნენ: იოანეს არავითარი სასწაული არ მოუხდენია, ქრისტემ კი მრავალი სასწაული მოახდინა, ამიტომ მას უფრო მეტად უნდა დავუჯეროთ.
მახარებელი იოანე დაამატებს ამას: „ყველაფერი, რაც თქვა იოანემ იესოზე, ჭეშმარიტი იყო. და მრავალმა ირწმუნა იქ მისი“ (იესოსი). სიტყვა „იქ“ აღნიშნავს, რომ ამ ადგილმა ხალხს მოუტანა დიდი სარგებლობა. იმიტომ, რომ მისი მორწმუნე ხალხი მოეცილებინა (განეშორებინა) ბოროტი ადამიანებისგან, უფალს ხშირად ისინი უდაბნოში გაჰყავდა, რათა სულიერი სარგებელი მეტი მიეღოთ.
ასევე მოიქცა უფალი ძველ აღთქმაშიც: ერი გამოიყვანა ეგვიპტიდან,უდაბნოში დაასახლა და იქვე მისცა თავისი რჯული.
ქრისტეს იერუსალიმიდან წასვლას მდ. იორდანეს გაღმა, სულიერი მნიშვნელობაც აქვს: იგი წარმართებიდან – გადადის ეკლესიაში, სადაც არის ნათლობა. მასთან ბევრი ადამიანი მოდის, რომლებიც ინათლებიან, რამეთუ „იორდანეს გაღმა“ ნიშნავს წარმართობიდან – ნათლობის გზით ქრისტესთან მოსვლას, რადგან იესოს ჭეშმარიტი ნათლობის მიღების გარეშე ვერავინ ირწმუნებს მას. იორდანეში უნდა ვიგულისხმოთ – ქრისტეს ნათლობა.
თავი 1 | თავი 2 | თავი 3 | თავი 4 |
თავი 5 | თავი 6 | თავი 7 | თავი 8 |
თავი 9 | თავი 10 | თავი 11 | თავი 12 |
თავი 13 | თავი 14 | თავი 15 | თავი 16 |
თავი 17 | თავი 18 | თავი 19 | თავი 20 |
თავი 21 |