ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
იოანეს სახარების განმარტება

 

თავი მეთოთხმეტე

 

1. ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, გრწმენინ ღმრთისაჲ და გრწმენინ ჩემდა მომართ.

ნუ შეძრწუნდება თქვენი გული, გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე.

როდესაც ქრისტეს მოციქულებმა გაიგონეს, რომ მთავარი მოციქული პეტრე უფალს უარყოფდა, ბუნებრივია, ისინი შეშფოდნენ და დიდ შიშში ჩავარდნენ. ამიტომ უფალი მათ ამშვიდებს. მოწაფეები, თითქოს ასე ეუბნებიან იესოს: – როგორ არ შევშფოთდეთ, თუკი გულმხურვალე პეტრე მამლის ყივილამდე 3-ჯერ უარგყოფს, ჩვენ რაღას უნდა მოველოდეთ კარგს?
უფალი პასუხობს: „გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე“ და ამით ყველა თქვენი სიძნელე გადაიჭრება და თქვენი შეშფოთება დამშვიდდება, ამ ყველაფერში დაგეხმარებათ ღმერთი და ჩემი რწმენა.
ამიტომ უფალი ეუბნება მათ: „ნუ შეძრწუნდება თქვენი გული“, რათა თავის მოწაფეებს მიანიშნოს, რომ იგი ხედავს მათ გულებს, „რომლებიც შფოთავენ, რადგან გულთმხილავი – მხოლოდ ღმერთია!

2. სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ, ვითარმედ: მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი. 3. და უკუეთუ წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი, კუალად მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ თავისა ჩემისა თანა, რაჲთა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ.

მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი განგიმზადო-მეთქი? ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ.

უფალი ჰპირდება პეტრეს: ჩემს შემდეგ შენ წამოხვალ. თან იქვე დასძენს, რათა სხვებს არ ეგონოთ, რომ ეს აღთქმა მარტო პერეს მისცა, თქვენც, პირდება იესო დანარჩენ მოწაფეებს, იგივე ქვეყანაში დამკვიდრდებით, სადაც პეტრე. ამიტომ არ შეშფოთდეთ ადგილის გამო: რამეთუ მამაჩემის სახლში „ბევრი სავანეა“.
სიტყვა „სახლის“ მნიშვნელობით იგულისხმე – ძალაუფლება და მთავრობა.
თუ არ იქნებოდა სავანეები თქვენს დასამკვიდრებლად, მაშინ მე წავიდოდი და ყველას მოგიმზადებდით გულმოდგინედ, რადგან სადაც მე ვიქნები, თქვენც იქ იყოთ. მე არ დაგტოვებთ, არამედ – ჩემთან წაგიყვანთ, ამის გამო, თქვენ სანერვიულო (შესაშფოთებელი) არაფერი არ გაქვთ, რადგანაც ჩემთან ერთად იქნებით,

4. და ვიდრე-იგი მე მივალ, უწყით და გზაჲცა იგი იცით. 5. ჰრქუა მას თომა: უფალო, არა ვიცით, ვიდრე ხუალ, და ვითარ შემძლებელ ვართ გზისა მის ცნობად? 6. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ.

ხოლო სადაც მე მივდივარ თქვენ იცით ის გზა. უთხრა მას თომამ: უფალო, არ სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა? უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ.

უფალი კითხულობს მოწაფეების აზრებს; მათ უნდათ (სურთ) შეეკითხონ იესოს, თუ სად მიდის იგი? უფალი მათ აძლევს მიზეზს; იგი ამბობს: თქვენ იცით, მე სადაც მივდივარ, ეს გზაც იცით.
ამის გამო, თომა ეუბნება: „უფალო, არ ვიცით, სად მიხვალ, როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა?“ თომა მოციქული ამას ეუბნება დიდი შიშის გამო, და არა იმ მიზნით, როგორც პეტრე მოციქული ეუბნებოდა უფალს, რომელსაც ჰქონდა უდიდესი სურვილი სულ უფალთან ყოფნის!
ქრისტე უცხადებს თავის მოწაფეებს, რომ იგი თავის მამასთან მიდის, ხოლო „გზაც და ჭეშმარიტებაც“ – მე ვარ, ეუბნება უფალი. თქვენ ჩემი დახმარებით აუცილებლად მიხვალთ მამასთან. არ მოგატყუებთ, გამხნევდით. მხოლოდ ჩემგან შეძლებთ მამასთან მისვლას.
შენ კი, აქედან გამოიტანე დასკვნა, რომ ძე თანასწორია მშობლის, ანუ მამის. მამას და ძეს თანაბარი ძალა აქვთ და მოქმედებაც ერთიანია!
მაშ, ასე ვთქვათ, როცა შენ მოღვაწეობ, მაშინ ქრისტე შენთვის არის – გზა, ხოლო როცა შენ ვარჯიშობ ჭვრეტაში, მაშინ შენთვის არის – ჭეშმარიტება!

7. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი.

მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ; ამიერიდან კი იცნობთ მას და გიხილავთ იგი.

უფლის ამ სიტყვებს შემდეგი მნიშვნელობა აქვთ: თქვენ რომ იცოდეთ ჩემი არსება (ბუნება) და ჩემი ღირსება, ასევე გეცოდინებოდათ მამაჩემის არსებაც და ღირსებაც. ხოლო ამიერიდან კი თქვენ გონებრივად შეიცანით მამაჩემი ჩემი შუამდგომლობით და კიდეც იხილეთ იგი, რამდენადაც ეს თქვენთვის იყო შესაძლებელი.
რადგანაც თქვენ მე მაღიარებთ უფლად და მასწავლებლად, ამიტომ, რამდენადაც თქვენთვის შესაძლებელია, საკმარისი შემეცნება ჩემზე (ჩემს შესახებ), თქვენ მიიღეთ, ასევე მამის შესახებ, მაგრამ სრულყოფილი ჯერ არ მიგიღიათ.
იესო ეუბნება: „თუკი მე მიცნობთ, მამასაც ჩემსას იცნობთ; ხოლო ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი”. ე. ი. თქვენ მე მიცნობთ, ეუბნება უფალი მოწაფეებს, აქედან გამომდინარე, მამაჩემსაც იცნობთ, და გიხილავთ იგი, რადგანაც მე მიხილეთ.

8. ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა. 9. ჰრქუა მას იესუ: ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი, და შენ ვითარ მეტყჳ მე: მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი?

ფილიპემ უთხრა: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის. უთხრა მას იესომ: რა ხანია თქუენ თანა ვარ, და ვერ მიცნობ ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო?

ფილიპე მოციქულს ეგონა,რომ იგი კარგად იცნობდა ქრისტეს, მაგრამ არ სცნობდა მამას; ამიტომაც იგი ეუბნება: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის“. უფალო, გვიჩვენე შენი მამა ხორციელი თვალით, ისე, როგორც წინასწარმეტყველები ხედავდნენ. უფალი ასწავლის ფილიპეს, რომ ღმერთის დანახვა ხორციელი თვალით შეუძლებელია, იგი ეუბნება თავის მოწაფეს: „ამდენი ხანია თქვენთან ვარ, და არ მიცნობ, ფილიპე?“ უფალმა არ უთხრა – შენ არ „გინახავს“, არამედ თქვა – შენ არ „მიცნობ“, რადგანაც მას სურდა ფილიპესთვის განეშორებინა სურვილი ზეციერი მამის ხორციელი თვალით დანახვისა.
რამეთუ ღმერთზე ნათქვამია – შევიცნოთ, ვიცოდეთ, და არა – ხორციელად დავინახოთ.
ამის შემდეგ უფალი დაამატებს: „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“. ამ სიტყვებს შემდეგი აზრი აქვთ (გააჩნიათ): ფილიპე! შენ გსურს ხორციელი თვალით იხილო მამა და გგონია, რომ შენ მე მიხილე. მე კი შენ გეტყვი, რომ თუ მე მიხილე, მაშინ – მამაც გიხილავს: შენ მე ხორციელად მიხილე (მნახე), რადგანაც მე ხორციც გამაჩნია, მაგრამ ჩემი ღვთაებრივი ბუნება შენ არ გიხილავს, აქედან გამომდინარე, მამაც არ გინახავს, რადგან მისი ხორციელი თვალით დანახვა შეუძლებელია, ასევე ჩემი დანახვაც. რამეთუ ვინც მე მიხილა – მამაც იხილა.
უფრო ნათლად ვთქვათ: – მე მამის ერთარსი ვარ. ვინც მე შემიცნო, მან მამაც შეიცნო. რამეთუ, როცა ერთია არსება და ბუნება, მაშინ ერთია – შემეცნებაც.
უფლის სიტყვებში – „ვინც მე მიხილა“, მითითებულია იესოს პირზე, ხოლო სიტყვებში – „მამა იხილა“ – სხვა პირზე. თუ იესო და მამამისი ერთი და იგივე პირი იქნებოდა, მაშინ მსგავსს ვერაფერს ვერ იტყოდა იგი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ფილიპეს თხოვნაზე „გვიჩვენე მამა“, ეტყოდა იესო, რომ მე მამა არ მყავს, არამედ მამაც და ძეც მე ვარო. ე. ი. არ უნდა შეურიოთ ძის პირი და მამის პირი, ესენი – ორი სხვადასხვა პირია. ამიტომაც უფალი საყვედურობს ამ მოწაფეს, რომ ამდენი ხანია ფილიპე მოციქული იესოს გვერდითაა, იხილა მის მიერ მოხდენილი მრავალი სასწაული და ღვთიური საქმეები, მაგრამ მაინც ჯერ ვერ შეიცნო იგი, ქრისტე, როგორ ღმერთი, რათა მისგან (მისი დახმარებით) შეეცნო მამაც! ეხლა კი, როცა შენ გაქვს სურვილი მამა ხორციელი თვალით იხილო, ნათელი გახდა, რომ არც ის გწამს, რომ მე – ღმერთი ვარ, და არც ის გწამს, რომ მამაჩემი – ღმერთია!

10. არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, თავით ჩემით არა გეტყჳ, არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა. 11. გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? უკუეთუ არა, საქმეთა ამათგან გრწმენინ ჩემი.

ნუთუ არა გრწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს! მერწმუნეთ, რომ მე ვარ, მამა კი - ჩემში; თუ არა და, ჩემს საქმეს მაინც ერწმუნეთ.

ძე მამაშია და ისევ მამა ძეშია. რადგან მათ ერთი ბუნება (არსება) აქვთ, ისევე როგორც მეფე გვევლინება თავისი სახით და სახეც მეფეშია; რამეთუ ერთი და იგივე ნაკვთები აქვთ მეფესაც და მის სახესაც (გამოსახულებასაც). ხოლო ჩემი და მამაჩემის არსება (ბუნება) რომ ერთია ამბობს უფალი, ეს ცხადია. რამეთუ იესოს სიტყვები: „სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით”, ნიშნავს: მე ისევე გელაპარაკებით, როგორც მამაჩემი იტყოდა; რადგანაც მე მისგან განსხვავებული არაფერი არა მაქვს, არამედ ჩვენ ყველაფერი საერთო გვაქვს, რადგან, მართალია, პირებით სხვადასხვა ვართ, მაგრამ ბუნება ერთი გვაქვს. მამას ეკუთვნის არა მარტო ის სიტყვები. რომელსაც მე ვამბობ, არამედ ის ღვთაებრივი საქმეებიც, რასაც ვაკეთებ. თუკი ეს საქმეები – ღვთიურია (ღვთაებრივია), ხოლო მამაც და მეც ღმერთი ვართ, ბუნებრივია, საქმეები ერთი არსებისგან არის გაკეთებული, ისე, რომ მე რასაც ვაკეთებ – ამას მამაც აკეთებს, ხოლო მამა რასაც აკეთებს, იმას მეც ვაკეთებ.
„მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია”, ე. ი. თქვენ, რომლებსაც გესმით მამის და ძის შესახებ აღარ უნდა ეძებოთ არავითარი სხვა მტკიცებულება გარდა მათი ერთარსობისა. თუ კი ეს მტკიცებულება თქვენთვის არ არის საკმარისი, რათა დარწმუნდეთ მათ ერთარსობაში, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში გთხოვთ ირწმუნოთ ჩემი საქმეები: რამეთუ ისინი ღვთაებრივი საქმეები არიან.

12. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროჲსიღა ამისსა ქმნეს, რამეთუ მე მამისა მივალ. 13. და რაჲცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა. 14. და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე ვყო.

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ. რაც უნდა მთხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ.

თუ ხედავ შენ, როგორი უდიდესი ძალა აქვს მხოლოდშობილ ძეს? მას არა მარტო შეუძლია უდიდესი საქმეები აკეთოს, არამედ თავისზე მეტი ძალა - სხვებს მისცეს (მიანიჭოს), რადგან ეუბნება უფალი, მე უკვე მამასთან მივდივარ და ეხლა თქვენ უნდა აკეთოთ სასწაულები.
უფალი ამ გამოთქმით ჩვენც გვიხსნის, რომ თუ მისი ჭეშმარიტი რწმენა გვექნება, დიდ და სასწაულ საქმეებს გავაკეთებთ, თუკი მისი სახელით ვითხოვთ: „რასაც ითხოვთ ჩემი სახელით”. აქ იესო ჩვენ გვიჩვენებს (გვაგებინებს) კეთილი სასწაულების აღსრულების საშუალებას: თუკი ადამიანი ილოცებს ქრისტეს წინაშე და ითხოვს დახმარებას, იგი სასწაულებს გააკეთებს!
ასევე მოციქულებმაც უთხრეს ერთ კოჭლ ადამიანს: „იესო ქრისტეს სახელით, აღდეგ და წადი! (მოც. საქ. თ: 3. 9. ამიტომ იესომ არ თქვა – რაც არ უნდა მთხოვოთ, მე ვთხოვ მამას და გააკეთებს, არამედ თქვა: „შეგისრულებთ, რათა ამით ეჩვენებინა თავისი ძალაუფლება.
რას ნიშნავს „რათა იდიდოს მამა – ძის მიერ“? ეს ნიშნავს, როდესაც გამოცხადდება უდიდესი ძალაუფლების მქონე ძე, მაშინ განდიდდება ისიც, ვინც ასეთი ძე შობა. დააკვირდი, მამის დიდება საიდან მომდინარეობს! |
ჩვენი უფლის. იესო ქრისტეს სახელით ბევრი სასწაული ხდებოდა, რომელთა დახმარებითაც ირწმუნებდნენ-ხოლმე მოციქულთა ქადაგებებს; და ბოლოს, როცა ღვთის შემეცნებაზე გადადიოდნენ, შეიცნობდნენ-ხოლმე მამასაც და ასეთი გზით მამა იდიდებოდა ძით!
უფალი ქრისტე ორჯერ ეუბნება მოწაფეებს: „რაც უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ“. ორჯერ ერთიდაიგივეს იმიტომ ამბობს, რათა დაამტკიცოს თავისი სიტყვა და აჩვენოს, რომ სხვისი დახმარების გარეშეც მას შეუძლია დიდი სასწულების კეთება. ამას იესო აკეთებს თავისი მოწაფეების სანუგეშოდ, რათა მათ არ იფიქრონ, რომ უფალი სიკვდილით დაიღუპება ან განადგურდება, არამედ იგი თავის ღირსებაში იქნება ისევ (კვლავ) და სასუფეველში მამასთან წავა.
სულიერად არ დაეცეთ, ეუბნება უფალი მათ, რასაც ინატრებთ ყველაფერს შეგისრულებთ, ჩემი სიკვდილით მე სულ არ დავუძლურდები, არამედ პირიქით, სხვებს (ე. ი. ჩემს მორწმუნეებს) მივცემ დიდ ძალას, რათა აკეთონ უდიდესი საქმეები.

15. უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით. 16. და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინის-მცემელი მოგივლინოს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე. 17. სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ჰხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენ თანა იყოს.

თუ გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით. ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, - ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება.

ჩვენ ზემოთ ვთქვით, რომ უფალი დაპირდა თავის მოწაფეებს, რასაც ითხოვდნენ ისინი ქრისტეს სახელით, შეუსრულდებოდათ; აქ კი იესო ამატებს ამ ნათქვამს, რომ თუკი ისინი სიყვარულით სთხოვდნენ მაცხოვარს სათხოვარს და თან შეეცდებოდნენ მისი მცნებების დაცვას, მაშინ უფალი მათ ყველაფერს შეუსრულებდა.
უფალი ეუბნება მათ: ჩემს მიმართ სიყვარული იმაში კი არ გამოიხატება, რომ თქვენ დამწუხრდეთ და შეშფოთდეთ, არამედ რომ დაემორჩილოთ ჩემს სიტყვებს. მე თქვენ მოგეცით მცნება, რომ არ შეგეშინდეთ იმათი, ვინც ხორცს კლავს (მათე 10:28). თუ მე გიყვარვართ, არ იდარდოთ ჩემს სიკვდილზე, არამედ ჩემი მცნებები დაიცავით.
თუკი ჩემს მცნებებს არ დაიცავთ და სიკვდილის შეგეშინდებათ, მაშინ როგორ-ღა მეტყვით, რომ გიყვარვართ? ამაზე მოწაფეები ეტყოდნენ: როგორ არ ვიდარდოთ, როცა შენი სახით ვკარგავთ ნუგეშინისმცემელს და მასწავლებელს, დამრიგებელს?
უფალი ამაზე პასუხობს: ეს არ მოხდება! არ დაგტოვებთ უნუგეშოდ! მე ვთხოვ მამას, რათა თქვენ გამოგიგზავნოთ სხვა ნუგეშისმცემელი, სხვა, მაგრამ ისეთივე, როგორიც მე ვარ. ეს ნიშნავს, რომ სულიერი სხვა პირი იქნება.
მაშ ისმინე: სული არის ნუგეშისმცემელი ისევე – როგორც ძე!
მაშასადამე, წმიდა სული (სული წმიდა), ძის ერთარსი, ეჭვსგარეშეა, მამის – ერთარსიცაა; რამეთუ მამაც და ძეც – ერთი და იგივე არსისაა (ბუნებისაა).
„რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე“ - ესეც უფალმა უთხრა (დაპირდა) მოწაფეებს სანუგეშოდ. მისი მოსვლა ისე არ იქნება, როგორც ჩემი, ეუბნება იესო, არამედ უკუნისამდე დარჩება თქვენთან, ანუ სიკვდილის შემდეგაც არ მიგატოვებთ ეს სული თქვენ, არამედ თქვენს სახელს განადიდებს. წმ. სული იმყოფება (ჰგიებს) ყველა წმინდანთანაც მათი გარდაცვალების შემდგომაც (შემდეგაც).
„სული ჭეშმარიტებისა“ - ეს არის ახალი აღთქმის, ანუ ჭეშმარიტების სული, და არა სული-– ძვ. აღთქმისა. ვინც ძველ აღთქმაში რჯულით ცხოვრობდა, ეს სული - მათაც ჰქონდათ (გააჩნდათ), მაგრამ როგორც აჩრდილი. როგორც სახესხვაობა, ხოლო ახლა კი, შეიძლება ვთქვათ (ითქვას), თვითონ ჭეშმარიტება, მოვიდა მოწაფეებთან!
იმისთვის, რომ მოციქულებმა არ იფიქრონ, რომ სული წმიდა, ისევე, როგორც ქრისტე, ხორცს შეისხავს (ანუ ხორციელი გახდება), იესო ეუბნება მათ: – ამ სულს (ე. ი. წმიდა სულს) ქვეყნიერება ვერ მიიღებს. ეს სული, ეუბნება უფალი თავის მოწაფეებს, თქვენ გასწავლით, მაგრამ არა ისე, როგორც მე გასწავლიდით, იგი თქვენს სულში იქნება დავანებული (დამკვიდრებული).
ხოლო ქვეყნიერება, რადგან ხორციელად ვერ ხედავს მას, ამიტომ ვერ მიიღებს. სული წმიდა კი თქვენთანაა და თქვენში იქნება ყოველთვის. ასეთი დაპირება იესოსი, მიუთითებს იმაზე, რომ იგი - ღმერთია!

18. არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე თქუენდა. 19. მცირედღა, და სოფელი ესე არა მხედვიდეს, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე, რამეთუ მე ცხოველ ვარ, და თქუენცა ცხოველ იყვნეთ. 20. მას დღესა შინა სცნათ თქუენ, რამეთუ მე მამისა ჩემისა თანა, და თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ შორის.

არ დაგტოვებთ ობლად; მოალ თქვენთან. ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ. იმ დღეს შეიცნობთ, რომ მე მამაში ვარ, თქვენ კი - ჩემში, ხოლო მე - თქვენში.

ნუ გეშინიათ, ამხნევებს უფალი მათ, თითქოს მე ვეღარასდროს ვეღარ მიხილავთ (ვეღარ მნახავთ). რადგან მე გითხარით, რომ სხვანუგეშისმცემელს გამოგიგზავნით. მე თქვენ სამუდამოდ კი არ გტოვებთ? არ დაგტოვებთ ობლად, ისევ მოვალ თქვენთან. ადრე იესომ მათ „შვილები უწოდა, ახლა კი „ობლებს“ უწოდებს, მაგრამ იქვე ანუგეშებს.
მხოლოდ თქვენ მიხილავთ მკვდრეთით აღდგომილს „ვინაიდან ვცოცხლობ“; მართალია, მე მოვკვდები, მაგრამ აღვდგები მკვდრეთით! „და თქვენც იცოცხლებთ“ ე. ი. როცა მე მნახავთ (მიხილავთ) მკედრეთით აღმდგარს, გაიხარებთ, გაცოცხლდებით ამით.
„იმ დღეს შეიცნობთ, რომ მე მამაში ვარ“, ეს ნიშნავს, როცა თქვენ გაიგებთ, რომ მე მკვდრეთით აღვდექი, მიხვდებით, რომ მე და მამას ერთი და იგივე ძალა გვაქვს.
„და თქვენ ჩემში ხართ“, ე.ი. მე თქვენ გიწევთ მფარველობას (მე გიცავთ თქვენ). „ხოლო მე - თქვენში“, ეს ნიშნავს მე თქვენთანა ვარ, გიხსნით განსაცდელებისგან, თგვენგან (თქვენით) სასწაულებს მოვახდენ (აღვასრულებ) და ამ ყველაფრით თქვენ გადიდებთ.
ქრისტეს აღდგომის შემდეგ სულიწმიდის მადლმა მოციქულებს ყველაფერი ასწავლა.

21. რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი. 22. ჰრქუა მას იუდა, არა ისკარიოტელმან: უფალო, რაჲ არს, რამეთუ ჩუენ გამოგჳცხადებ თავსა შენსა და არა სოფელსა?

ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას. უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტელმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას?

უფალი ცდილობს გაუქარვოს (განუქარწყლოს) თავის მოწაფეებს დარდი და მწუხარება, თან ასწავლის (მიუთითებს) მათ, რომ იესო ვისაც უყვარს, მათ კი არ უნდა იდარდონ მის სიკვდილზე, არამედ უნდა დაიცვან უფლის მცნებები და მისი ანდერძი იმის თაობაზე, რომ მიწიერ ცხოვრებაში არაფერს არ მივეჯაჭვოთ, ხოლო ჩვენი სიცოცხლე კი, თუ საჭირო იქნება, შევწიროთ ღმერთს და სიკეთეს!
მე „რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით. რადგანაც ვთქვი: მამასთან მივიდივარ-მეთქი“ (იოანე 14:28). მაშასადამე, ეუბნება უფალი, ვისაც მე ვუყვარვარ, მან ჩემი მცნებები შეასრულოს და დიდი სიფრთხილით დაიცვას იგი, რათა არ მოვიდეს ქურდი – ეშმაკი, და ეს განძი არ მოიპაროს.
რა საჩუქარს მიიღებს ის, ვისაც იესო ქრისტე ეყვარება? რას მიიღებს და თვითონ უფალი ასე ჰპირდება თავის მოყვარულებს: „ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამა ჩემი; და მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას“. აი, როგორი დიდი აღთქმა აქვთ თვით მაცხოვრისგან მის ნამდვილ (ჭეშმარიტ) მოყვარულებს!
რისთვის ამბობს წინდაწინ უფალი: „ჩემს თავს გამოვუცხადებ მას“? იმისთვის, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, როცა იგი ღვთაებრივ სხეულში აღდგებოდა და გამოეცხადებოდა თავის მოციქულებს, მათ იესო არ მიეღოთ მოჩვენებად და უხორცო სულად და გაეხსენებინათ უფლის ეს ნათქვამი და ურწმუნოებაში არ დარჩენილიყვნენ. ამასთან ერთად, უფალს სურდა, რომ მათ მომავალში სცოდნოდათ, რომ იგი თავის მოწაფეებს გამოეცხადა იმის გამო, რომ ისინი უფლის მცნებებს იცავდნენ.
ქრისტეს აღდგომის საიდუმლო – უდიდესია და შეიძლებოდა მოწაფეებს გასჭირვებოდათ ამ საიდუმლოს მიღება (გაგება), ამიტომ უფალი მათ წინდაწინ ამზადებს და ეუბნება, რომ იგი თვითონ გამოეცხადება მათ!
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ იმიტომ ჭამა, რომ მოციქულებს მოჩვენება არ ჰგონებოდათ.
ქრისტეს მოციქული იუდა, არა ისკარიოტელი, შეშფოთებული და შეშინებულია უფლის ამ ნათქვამით, ეკითხება იესოს: უფალო, რა არის რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას? ამ კითხვას მოციქული უსვამს უფალს ძალიან შეშინებული და აღშფოთებული.
რას პასუხობს უფალი ამაზე?

23. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ. 24. ხოლო რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს; და სიტყუანი, რომელ გესმიან, არა ჩემნი არიან, არამედ მომავლინებელისა ჩემისა მამისანი.

მიუგო იესუმ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემი შეიყვარებს მა: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ. ვისაც არ ვუყვარვარ , არ იცავს ჩემს სიტყვებს, ხოლო სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.

მოციქული იუდა ძალიან შეაშინა უფლის სიტყვებმა. მას ჰგონია, რომ იესო სიკვდილის შემდეგ მოციქულებს ძილში გამოეცხადება, ამიტომ იგი უფალს ასეთ შეკითხვას უსვამს.
უფალი იუდას ასეთ შეკითხვას (აზრს) უარყოფს და პასუხობს: როგორც ჩემი მამა თვითონ ეცხადება-ხოლმე, მეც ისევე გამოგეცხადებით. მეც და მამაჩემიც მივალთ იმასთან, ვინც ჩემს სიტყვებს დაიცავს, მაგრამ ჩემი გამოცცხადება ძილში არ მოხდება.
„მივალთ და მასთან დავივანებთ“ - ეუბნება უფალი იუდა მოციქულს.
ასეთი საუბრებით იესო მოუწოდებს თავის მოწაფეებს, რათა მათ ისურვონ უფლის მცნებების დაცვა, რათა ამის შემდგომ, იესოც და მისი მამაც გამოეცხადონ მათ,
ვისაც მე ვუყვარვარ, ეუბნება უფალი მოციქულს, ჩემს სიტყვას დაიცავს (შეასრულებს), ხოლო ვისაც არ ვუყვარვარ, ის არ დაიცავს ჩემს სიტყვას. ვინც ჩემს სიტყვებს (მცნებებს) არ დაიცავს, მეც და მამაც მას მივატოვებთ, რამეთუ ეს სიტყვა ეკუთვნის ძესაც და მამასაც.
მაცხოვარი მოწაფეებს მიუთითებს იმაზე, რომ ყველა არ გახდება მისი და მამის გამოცხადების ღირსი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც უფლის მცნებებს შეასრულებს!

25. ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. 26. ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაჲ, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რაოდენი გარქუ თქუენ.

თქვენთან მყოფმა გითხარით ეს. ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით.

რადგანაც უფლის ლაპარაკი მისი მოწაფეებისთვის გაუგებარი იყო, ნაწილი არ ესმოდათ. ხოლო უმეტეს ნაწილში კი – ეჭვი ეპარებოდათ, რათა ხელახლა არ ეკითხათ უფლისთვის, რომელი მცნებები უნდა შევასრულოთო, ამიტომ იესო მათ ანთავისუფლებს შეშფოთებისა და გაურკვევლობისაგან და ამშვიდებს, ანუგეშებს მათ და ჰპირდება, რომ რაც მათთვის ამჟამად გაუგებარია (გაურკვეველია), როცა მაცხოვარი მათ გამოუგზავნის ნუგეშისმცემელ სული წმიდას, ეს სული მათ ყოველივეს (ყველაფერს) ასწავლის და ყველაფერში გაარკვევს.
როცა მე დაგტოვებთ, მაშინ სული წმიდა ყველაფერს გასწავლით.
სანამ მე თქვენთანა ვარ და სანამ წმიდა სული არ მოვა, თქვენ არაფრის გაგება არ შეგეძლებათ.
უფალი აიმედებს მოწაფეებს – სული წმიდა, ანუ ნუგეშისმცემელი მოვა „ჩემი სახელით“, ეს სიტყვები ნიშნავს შემდეგს: სული წმიდა როცა მოვა, თავის დიდებას კი არ დაუწყებს ძებნას, და სხვა რამეს კი არ გასწავლით, ვიდრე – მე, არამედ ჩემი სახელის სადიდებლად მოვა.

27. მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ; არა ვითარ სოფელმან მისცის, მიგცემ თქუენ. ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, ნუცა ეშინინ.

მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც იძლევა ქეეყანა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება.

როცა უფალმა კვლავ გაუმეორა მოციქულს, რომ მე მივდივარ თქვენგან, ხოლო მოვა სული წმიდა თქვენთან, ქრისტეს მოციქულნი ისევ გულით დამწუხრდნენ. უფალმა როცა ასეთ დიდ მწუხარებაში იხილა ისინი და მან წინდაწინ იცოდა, თუ რა მძიმე სატანჯველების გადატანა მოუხდებოდათ მათ, იესო ეუბნება: „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ“, რაც ნიშნავს: ჩემი მშვიდობა სულიერია, არა ისეთი, როგორსაც ეს ქვეყნიერება იძლევა; ჩემი მშვიდობა თქვენ ერთ სხეულად გაგაერთიანებთ და დაგამშვენებთ, რითიც თქვენ ყველაზე ძლიერები გახდებით.
მართალია, ბევრნი აღდგებიან თქვენს წინააღმდეგ, მაგრამ თქვენ ჩემი მშვიდობის მონიჭებით (დახმარებით) გექნებათ ერთსულოვნება და ურთიერთგაგება, და სხვისი სიბოროტე თქვენ ვერაფერს დაგაკლებთ.
იესო ისევ ანუგეშებს: „ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება”.
მოციქულები შფოთავდნენ უფალთან განშორების გამო იმიტომ, რომ ძალიან უყვარდათ იგი (უფალი) და ძალიან მიეჩვივნენ, არ უნდოდათ არაფრით იესოსთან განშორება;
ხოლო შიშს განიცდიდნენ იმის გამო, რომ ფიქრობდნენ, როცა უფალი გარდაიცვლებოდა, მაშინ მათ (მოციქულებს) მრავალი უბედურება დაატყდებოდათ თავს.
უფალი მათ არ ტოვებს უნუგეშოდ და ეუბნება იმ სიტყვებს, რაც უკვე ზემოთ ვთქვით: „ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება“.

28. გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ: წარვალ და მოვიდე თქუენდა. უკუეთუმცა გიყუარდი მე, გიხაროდამცა, რამეთუ მივალ მამისა ჩემისა, რამეთუ მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს. 29. და აწ გარქუ თქუენ, ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს იყოს, გრწმენეს.

ხომ გაიგონეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი. ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია. აწ გითხარით, ვიდრე ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.

უფალი მიხვდა, რომ მოციქულნი ბოლომდე ვერ მიხვდნენ (ვერ გაერკვნენ), რას ნიშნავდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა და თან, არც სXეროდათ ამისი; ამიტომ ძალიან დამწუხრებულნი და შეშფოთებულნი იყვნენ იესოსთან განშორების გამო. უფალს ისინი შეეცოდა და უთხრა: ,,მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან“; მაგრამ თქვენ არ მენდობით მე და კვლავ მწუხარებაში ხართ . მართალია, ამბობს უფალი, მე გარდავიცვლები, მაგრამ არასდროს არ მიგატოვებთ და დაგეხმარებით თქვენს განსაცდელებში.
უფალი ცდილობს ანუგეშოს მწუხარე მოწაფეები: ,,მამა ჩემზე უმეტესია“, ამბობს იგი. მოციქულები იმიტომ იყვნენ მწუხარენი, რომ ისინი იესოზე ფიქრობდნენ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანზე და ეგონათ, რომ მას მოციქულთა დაცვა განსაცდელებში არ შეეძლო. ამიტომ, იესომ იცოდა რა ეს, ეუბნება: მე თუ არ შემიძლია თქვენი დახმარება სხვადასხვა განსაცდელებში, მამაჩემს ხომ შეუძლია, იგი ხომ ჩემზე უმეტესი გგონიათ, მაშინ ის დაგეხმარებათ. აქ უნდა ვიფიქროთ, თითქოს მამა იმიტომაა უფრო მეტი, რომ მას სხვა არსი, სხვა ბუნება აქვს თავისი ძისგან განსხვავებით? არა, ასეთი აზროვნება არ იქნება სწორი.
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ქრისტემ მამაზე ასე იმიტომ თქვა, რომ მამა ღმერთი არის ძის შობის მიზეზი, რადგანაც იესო მისგან იშვა, მაშ, მამა – უმეტეს არს ძისა, ვითარცა ადამიანისა.

30. არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამეთუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა პოოს არარაჲ. 31. არამედ რაჲთა ცნას სოფელმან, რამეთუ მიყუარს მე მამაჲ, და ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეთცა ვყო. აღდეგით და წარვიდეთ ამიერ.

ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში. მაგრამ რათა გაიგოს ქვეყანამ, რომ მიყვარს მამა, და როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ: ადექით წავიდეთ..

უფალი ზემოთ მოყვანილი საუბრით ანუგეშებს მოციქულებს. ცოტა ხნის შემდეგ იგი კვლავ ლაპარაკობს თავის სიკვდილზე (გარდაცვალებაზე).
„მოდის ამ ქვეყნის მთავარი“, ამბობს უფალი, ე. ი. მოდის ეშმაკი. იგი რომ ამ წუთისოფლის მთავარია, ისე კი ნუ გაიგებ, თითქოს ყველა ადამიანზე მას ჰქონდეს ძალაუფლება, ეს ასე არაა, მხოლოდ ბიწიერ (მანკიერ) და ამ ქვეყნიური ვნებებით და საზრუნავით შეპყრობილ ადამიანებზე აქვს უფლება (აქვს ძალაუფლება). ბოროტ სულს აქვს ძალაუფლება მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვისაც თვითონ აქვს სურვილი მას დაემორჩილოს და შეასრულოს (აღასრულოს) მისი ბოროტი ნება; ეშმაკს არა აქვს ძალა არც ზეცაზე, არც დედამიწაზე, თორემ იგი ყველას და ყველაფერს დიდი ხანია ამოატრიალებდა და დაღუპავდა. ასევე ეშმაკს უწოდებენ წყვდიადის (ბნელეთის) ხელმწიფეს (მთავარს).
ზოგიერთს შეეძლო ეფიქრა, თითქოს ქრისტეც უნდა მოკვდეს ცოდვებისათვის, ამიტომ ასე შეცდომით (ცოდვიანად) რომ არ ეფიქრათ მოწაფეებს მასზე, იესო ამატებს: „და არაფერი აქვს ჩემში“. ანუ უფალი ასე ამბობს: „მე სიკვდილი არ დამიმსახურებია, მე ეშმაკის წინაშე არაფრით ვალდებული არ ვარ, მე სატანჯველებს ნებაყოფლობით ვიღებ, მამაჩემის სიყვარულით. მაშ, გამოდის, რომ ქრისტეს სატანჯველები დასაღუპი რომ ყოფილიყო და არა – საცხოვნებელი, ძის მოყვარული მამა ამას არ ინებებდა, ხოლო მამის მოყვარული ძე კი – არ იტვირთავდა ამ სატანჯველებს!
მე, ამბობს იესო, მიყვარს ჩემი მამა და მისი კეთილნებელობით და სურვილით ვთანხმდები მის ნებას და ამით ვამტკიცებ რომ რაც მან ინება და ისურვა, მე იმას ვაკეთებ და ვიღებ ჩემს თავზე სატანჯველებს, რითიც მამის სიყვარულს ვამტკიცებ.
როდესაც გაიგონებ: „როგორიც მამამ მამცნო“, იესოს ამ ნათქვამს, გთხოვ, სიტყვისთვის – „მამცნო“, უფალს ნუ ჩათვლი ხელქვეითად, ქვეშევრდომად, არამედ სიტყვისთვის – „მამა“, ჩათვალე ქრისტე – მამის ძედ, რომელიც ერთარსია თავისი მამისა!

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21