1. ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდალენელი განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას ზედა და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა. 2. რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა და სხჳსა მის მოწაფისა, რომელი უყუარდა იესუს, და რქუა მათ: აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი. 3. გამოვიდა პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ და მოვიდოდეს საფლავად. 4. რბიოდეს ორნივე ზოგად. ხოლო სხუაჲ იგი მოწაფე წინა რბიოდა უადრეს პეტრესსა და მოვიდა პირველად საფლავად.
ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან.
ჯერ კარგად არც იყო გათენებული, როცა კვირის პირველ დღეს, უფლის სამარხის სანახავად „მივიდა მარიამ მაგდალინელი“. მას სურდა ნუგეში მიეღო ქრისტეს საფლავთან. როცა მივიდა, დაინახა, რომ სამარხიდან ლოდი ვიღაცას აეღო, იქით გადაეწია. ამის შემხედვარე მარიამი აღელდა და საჩქაროდ გაიქცა პეტრესთან და იოანესთან და მოუყვა მათ, რაც ნახა.
უფალი ჯერ კიდევ მაშინ აღსდგა მკვდრეთით, როცა ლოდი სამარხის კართან (შესასვლელთან) იდო და დაბეჭდილი იყო. საფლავის ეს ლოდი გადაწია უფლის წმ. ანგელოზმა! მარიამმა ჯერ არაფერი არ იცოდა ქრისტეს აღდგომის შესახებ, ამიტომ იგი უფლის ორ მოციქულს ეუბნება, რომ უფალი ვიღაცას წაუღია სამარხიდან და არც ვიცი, სად არის იგი?
პეტრე და იოანე (ღვთისმეტყველი) საჩქაროდ გაიქცნენ საფლავისკენ; როცა მივიდნენ, დაინახეს, რომ უფალი იქ აღარ არის; ხოლო მისი ტილოები, რომლებითაც იყო ჯვრიდან გადმოხსნილი უფლის სხეული, იდო საფლავზე! ეს კი ნიშნავდა ქრისტეს ჭეშმარიტ აღდგომას მკვდრეთით!
რომელ საათზე აღდგა მკვდრეთით ქრისტე, ეს არავინ არ იცის, ისევე, როგორც უცნობია მისი მეორედ მოსვლის (საშინელი სამსჯავროს) დრო!
თუ შემეკითხები, პეტრე და იოანე და მენელსაცხებლე დედები როგორ შევიდნენ უფლის საფლაეზე, როცა იქ იდგნენ მცველები (ჯარისკაცები)? ამაზე უბრალოდ გიპასუხებ: როცა მოხდა მიწისძვრა და ქრისტე აღდგა, უფლის წმ. ანგელოზი წარსდგა იქ, ხოლო საფლავის მცველები წავიდნენ ფარისევლებთან, რათა ამ მოვლენაზე მოეთხროთ (ეამბნათ) მათთვის; ამ გარემოების გამო ქრისტეს მოწაფეებს უშიშრად შეეძლოთ საფლავზე მისვლა.
5. და შთახედა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და შინა არა შევიდა. 6. მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი. 7. და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა. 8. მაშინ შევიდა სხუაჲცა იგი მოწაფე, რომელი მოვიდა პირველად პეტრესა საფლავად. და იხილეს და ჰრწმენა. 9. რამეთუ არღა იცოდეს წერილისაჲ, ვითარმედ: ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ. 10. წარვიდეს უკუე კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი. 11. ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას. 12. და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი. 13. და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ კი არ შესულა. მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ-პეტრეც, სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა. ხოლო სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან კი არ იდო, არამედ დაეკეცათ და ცალკე დაედოთ. მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან, და იხილა და იწამა. რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. და მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.
გთხოვ, ყურადღება მიაქციო მახარებელ იოანეს სიმდაბლეს, თუ როგორ ზედმიწევნით მოწმობს პეტრეს გულმოდგინე გამოკელევის შესახებ.
თვითონ, იოანე, პეტრეზე წინ მივიდა საფლავზე, დაინახა უფლის ტილოები (სახვევები), რომლებიც ეწყო (იდო) და შიგ არ შევიდა, არც არაფრის გამოკვლევას არ შეეცადა. იგი დაელოდა პეტრეს მოსვლას.
ხოლო ცეცხლოვანი პეტრე შევიდა შიგნით საფლავში და გულდასმით, დაკვირვებით, დაათვალიერა ყველაფერი. მაშინ, იოანეც შევიდა შიგნით, პეტრეს შემდგომ და იხილა რა ქრისტეს ცარიელი, დაკეცილი ტილოები, ირწმუნა,რომ იესოს სხეული მოიპარეს, როგორც მარიამმა უთხრა. რატომ მათ არ იფიქრეს უფლის მკვდრეთით აღდგომაზე? იმიტომ, რომ მოწაფეებმა ჯერ არ იცოდნენ საღვთო წერილი, სადაც ეწერა, რომ ქრისტე მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო!
პეტრე და იოანე დაბრუნდნენ თავისთან და ამის მეტი ვერაფერი შეიტყვეს.
მარიამ მაგდალინელი კი, რომელიც ყველა ქალივით მგრძნობიარე იყო, იდგა უფლის სამარხთან და ტიროდა, რადგან არ იცოდა, მისი საყვარელი უფალი ქრისტე სად იყო. ამ დიდი სიყვარულის გამო იგი ღირსი გახდა უფრო მეტი ენახა და გაეგო. ვიდრე უფლის მოწაფეებს: მან იხილა უფლის ორი წმიდა ანგელოზი. რომელთაგან ერთი საფლავის თავთან იჯდა, ხოლო მეორე – ფეხებთან.
წმ. ანგელოზების დანახვამ მარიამი დიდად ანუგეშა; მათ სპეტაკი, თეთრი სამოსები ეცვათ; მათი ასეთი ჩაცმულობა და არაჩვეულებრივი გარეგნობა ადამიანს აფიქრებინებდა, რომ მათ ბევრი რამ იციან, და თუ ვინმე რამეს შეეკითხება, გასცემენ პასუხს. ისინი ეკითხებიან მარიამს: „დედაკაცო, რად სტირი?”
მარიამი დიდი სიყვარულით და გულმხურვალებით პასუხობს: „წაუღიათ ჩემი უფალი, და არ ვიცი, სად დადვეს იგი“. მე წავიდოდი იქ, ჩემს უფალთან, ვცხებდი მის წმ. სხეულს და თავს ვინუგეშებდი.
ყოველი სული, რომელიც იღებს ძლევას (მეუფებას) ვნებებზე, იწოდება მარიამად.
წმ. მარიამ მაგდალინელი, რომელიც განიწმინდა ვნებებისგან, იესოში აღიქვამს (ხედავს) ღმერთსაც და ადამიანსაც (კაცსაც). რამეთუ, ერთი იმ ანგელოზთაგანი, რომელიც თავთან იჯდა, მიუთითებს (მიანიშნებს) უფლის ღვთაებრივ ბუნებაზე, ხოლო მეორე კი, რომელიც ფეხებთან იჯდა, მის კაცობრივ (ადამიანურ) თვისებებზე.
14. ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს. 15. ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი. 16. ჰრქუა მას იესუ: მარიამ! მიიხილა მან გარეთ და ჰრქუა ებრაელებრ: რაბბუნი! რომელსა ჰრქჳან მოძღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა. 17. რქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა. 18. მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას.
უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს). უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.
რატომ მოიხედა მარიამ მაგდალინელმა უკან? რამ აიძულა? იგი წმ. ანგელოზებთან საუბრობდა. რის გამო მოიხედა უკან? ნამდვილად, სანამ მარიამი საუბრობდა წმ. ანგელოზებთან, იესო უცბად გაჩნდა (გამოცხადდა) მის ზურგს უკან და განაცვიფრა წმ. ანგელოზები; ანგელოზებმა დაინახეს რა მეუფე ქრისტე, ეს შეეტყოთ მათ გამოხედვაშიც, მოქმედებაშიც, ეს დაინახა (ამას მიხვდა) მარიამმაც და მიხვდა, რომ რაღაც მოხდა და მობრუნდა უკან.
შეიძლება, უფალი ანგელოზებს თავზარდამცემი შეხედულებით გამოეცხადა (დაენახა), ხოლო მარიამს კი, ჩვეულებრივად, თავმდაბლად, რის გამოც მას იესო იმ ბაღის მებაღე ეგონა, რომელშიც იყო საფლავი.
ამიტომაც იგი ეუბნება იესოს: „თუ შენ წაიღე იგი“, რაც ნიშნავს თუ შენ მოიპარე იგი, მითხარი მე, სად წაიღე, რათა მე მივიდე და სხვა ადგილას გადავიტანო, სადაც დიდებულად დავასაფლავებ,
შეიძლება მარიამს იმის ეშინოდა, რომ გარდაცვლილი უფლის სხეულისთვის იუდეველებს რაიმე შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ. მარიამის განზრახვა იყო აღსავსე დიდი სიყვარულით ქრისტეს მიმართ; მაგრამ მას ჯერ ვერაფერი ამაღლებული, ღვთაებრივი ვერ წარმოედგინა უფალზე, ამიტომ იესო ხმით დაუძახებს და მიახვედრებს მარიამს, რომ იგი მებაღე კი არა, უფალია!
როგორც იუდეველებს ხშირად უფალი ხმით ახვედრებდა, რომ იგი იყო, ხან კი მათ შორის იდგა იესო, მაგრამ ისინი ვერ ცნობდნენ მას. ეხლაც ასე მოხდა, თავიდან მარიამ მაგდალინელმა, რომელიც უფლის წინაშე იდგა, ვერ შეიცნო იგი უფლად, ხოლო როცა ინება ქრისტემ, რომ მას ეცნო იგი, მაშინ თავისი ხმით დაუძახა და თან მიახვედრა, რომ იგი – მისი უფალია!
„დედაკაცო, რად სტირი? – ეკითხება იესო ქალს; მარიამს იგი მებაღე ჰგონია, მას ხმაზე ვერ ცნობს; ქალი მას ევედრება გაუმხილოს (უთხრას), თუ მან სად გადამალა ქრისტეს სხეული, იგი მივა და წამოიღებს მას.
უფალი სახელით მიმართავს მარიამს და თან ნებავს, რომ ამ დროს მან იცნოს ხმით იესო. მარიამი გაოგნებულია, იგი ხან წმ. ანგელოზებისკენ ბრუნდება, ხან უფალს უყურებს.
„რაბინი! (მოძღვარო!) – დიდი სიყვარულით აღმოხდება მარიამს, იგი გაიწევს ქრისტესკენ, რათა ძველებურად მის გვერდით იყოს, მაგრამ უფალი მას შეაჩერებს და ეუბნება: „ნუ შემეხები“, ე. ი. ამჟამად (ეხლა) მე სხვა მდგომარეობაში ვარ, თქვენს მიმართ ისე ვეღარ ვიქნები, როგორც უწინ. მართალია, ეს სიტყვები უფალს მარიამისთვის არ უთქვამს, მაგრამ ამ სიტყვების აზრი ასეთია: „ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან“. მე მასთან მეჩქარება. მე აღარ გამაჩნია ისეთი სხეული, როგორიც უწინ. ჯვარცმამდე მქონდა, ამიტომ ადამიანებთან ძველი ურთიერთობა ვეღარ მექნება.
გთხოვ, შეხედე, მახარებელი როგორ მოკლედ გამოხატავს ამდენ აზრს: „ნუ შემეხები“. შემდეგ უფალი აგრძელებს მარიამთან საუბარს; „წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან“, თუმცა, მაშინვე კი არ ავალ, არამედ 40 დღის შემდეგ.
რად უნდა (რაში სჭირდება) უფალს მარიამთან ასეთი საუბარი? იმისთვის, რათა ანუგეშოს იგი და თან აღადგინოს, გაანათლოს მისი გონება და დაარწმუნოს, რომ იესო ზეცაში უნდა ავიდეს (ამაღლდეს).
იესო თავის მოწაფეებს – მეგობრებს უწოდებს, თან დასძენს: „და მამა თქვენთან”.
ღმერთი ჩვენთვისაც მამაა, მაგრამ – მადლით, ხოლო უფალ ქრისტესთვის კი – მამაა არსებით (ბუნებით).
მარიამი, მის შემდეგ, რაც ქრისტესთან ასეთი ღვთაებრივი საუბრის ღირსი გახდა, მიდის მოწაფეებთან და აუწყებს მათ მაცხოვრის ნათქვამს.
აი, რა კარგია გულმოდგინება და სიმტკიცე!
შენც იყავი გულმოდგინე და შეიძლება ღვთის სიტყვის, ანუ ქრისტეს მოწაფიდან გახდე მასწავლებელი და რაიმე უზენაესი, ღვთაებრივი რამ შეიტყო.
19. და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 20. და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი. 21. რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. 22. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. 23. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ.
ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდთბა თქვენდა! ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ.
როდესაც მარიამ მაგდალინელმა აუწყა ქრისტეს მოწაფეებს უფლის მკვდრეთით აღდგომა, ბუნებრივია, რომ მათ ან არ დაუჯერეს მარიამს, ან თუ დაუჯერეს, ინანეს, რომ თვითონ არ გახდნენ ღირსნი ენახათ (ეხილათ) მკვდრეთით აღმდგარი უფალი ქრისტე!
ამიტომ, იმავე დღეს, „საღამოხანს“, იესო ეცხადება ხორციელად მოწაფეებს მაშინ, როცა „იუდეველთა შიშით დახშული იყო კარი”. უფალს სურდა ეჩვენებინა მათთვის, რომ როგორც ეხლა, დაკეტილ კარებში შემოვიდა, მაშინაც, როცა მისი საფლავის შესასვლელში ლოდი იყო მიყუდებული, იესო მაშინ (იმ დროს) აღდგა მკვდრეთით.
„საღამოხანს“ კი იმისთვის მივიდა მათთან. რომ მისი ყველა მოწაფე ერთად შეკრებილიყო იქ (ერთად ყოფილიყვნენ).
უფალი ქრისტე მათ გამოეცხადა დიდ სიმშვიდეში და თავისი ხმით დაამშვიდა, ანუგეშა ისინი, მათ უთხრა: ,,მშვიდობა თქვენდა!“ რაც ნიშნავს: – ნუ შეშფოთდებით.
მოწაფეებს ძალიან გაეხარდათ უფლის დანახვა (ხილვა). ამაზე უფალი წინდაწინ ეუბნებოდა მათ: „კვლავ გიხილავთ, და გაიხარებს თქვენი გული“ (იოანე 16, 22). რადგანაც მოწაფეებს ჰქონდათ სასტიკი განსაცდელი ებრაელებისგან (იუდეველებისგან), იესო კვლავ ეუბნება მათ: „მშვიდობა! ასევე უფალი ახვედრებს მათ ჯვრის კეთილ ნაყოფს – რომელიცაა მშვიდობა! რადგანაც ჯვრით შევიძინეთ ქვეყანა, ამიტომ მე, ამბობს უფალი, გგზავნით თქვენ საქადაგებლად.
მათ კი სანუგეშოდ და გასამხნევებლად ეუბნება: ,,როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე წარგავლენთ თქვენ“. ჩემს საქმეს – თქვენ აიღებთ (გააგრძელებთ), ამიტომ, გამხნევდით, რადგან მე თქვენთან ვიქნები.
გთხოვ, დააკვირდი, უფლის შეუზღუდავ თვითხელმწიფებას. მან კი არ უთხრა: – მე ვთხოვ ჩემს მამას და იგი გაგაგზავნით თქვენ, არამედ უთხრა ასე: ,,მე წარგავლენთ თქვენ“.
მაცხოვარი შეუბერავს და მიმადლებს მათ სული წმიდას!
იმჟამად, უფალი ანიჭებს მათ სული წმიდის არასრულყოფილ მადლს, ხოლო მთელი სისავსით ამ მადლს იგი მისცემს მისი აღდგომიდან 50-ე დღეს!
ქრისტეს სიტყვები: „მიიღეთ სული წმიდა“, ნიშნავს მზად იყავით უფლის სულის მისაღებად. იგი იმჯერად აძლევს მადლს, რათა მათ ადამიანებს მიუტევონ ცოდვები; ამიტომ უმატებს ნათქვამს: „ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევება მათ“.
გთხოვ, დააკვირდე სამღვდელოების ღირსებას, რომელიც ღვთაებრივია.
ცოდვების მიტევება ადამაინებისთვის – ეს ღმერთის საქმეა. ამის გამო, როგორი უღირსებიც არ უნდა იყვნენ სამღვდელო პირნი, მათ მაინც პატივი უნდა მივაგოთ (პატივი უნდა ვცეთ), როგორც – ღმერთს! რადგანაც ისინი ღვთაებრივი (ღვთიური) მადლის (ნიჭების) მსახურები არიან და საღვთო მადლი მათგან მოქმედებს. მაშასადამე, ჩვენი უღირსება არ აბრკოლებს საღვთო მადლს; და რადგანაც სამღვდელოებიდან გვეძლევა ცოდვილ ადამიანებს მადლი ღვთისა, ამიტომ მათ პატივი უნდა მივაგოთ (პატივი უნდა ვცეთ).
24. ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. 25. უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს. 26. და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 27. მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ. 28. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! 29. ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.
ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან. დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიღობა თქვენდა! მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს.
თომა არ იყო უფლის მოწაფეებთან ერთად ალბათ, იგი (ის) ჯერ არ იყო დაბრუნებული გაფანტულობიდან. რას ნიშნავს ,„,ტყუპი?“ ეს არის სახელი თომას მნიშვნელობა. როგორც კეფა ნიშნავს ქვას, ასევე თომას მნიშვნელობაა – ტყუპი.
მახარებელი გვაუწყებს, რომ თომა დაბადებიდან იყო ურწმუნო და მას ასეთი ხასიათი ჰქონდა, ძნელად თუ ვინმეს (ვისმე) ენდობოდა.
როდესაც სხვა მოწაფეებმა უთხრეს თომას უფლის მკვდრეთით აღდგომის შესახებ, თომამ მათ არ დაუჯერა (მათი არ ირწმუნა), არა იმიტომ, რომ თავის ძმებს, მეგობრებს მატყუარებად თვლიდა, არამედ იმიტომ, რომ მკვდრეთით აღდგომა თომას შეუძლებლად მიაჩნდა, ამიტომაც იგი მსჯავრდებულია (მას კიცხავენ) გადაჭარბებული ცნობისმოყვარეობაში; რამეთუ, თუ უცბად დავიჯერებთ რაიმეს – ეს ქარაფშუტობაა, ხოლო თუ ძალიან გავჯიუტდებით – ეს უხეშობა და სიფიხცეა.
გთხოვ, დაუკვირდი: თომამ ასე არ თქვა – მე ჩემს თვალებს არ დავუჯერებ, არამედ: „თუ არ ჩავყოფ ნაჭდევში თითს, ხოლო მის ფერდში არ ჩავდებ ხელს”.
საიდან იცოდა მან, რომ უფალს ფერდში (გვერდში) ჭრილობა ჰქონდა? უფლის მოწაფეებისგან გაიგონა.
უფალი თომას რატომ მაშინვე არ ეცხადება, არამედ – 8 დღის შემდეგ? იმიტომ, რომ თომამ კარგად მოუსმინოს სხვა მოწაფეებს, დაუჯეროს, რასაც ისინი ეუბნებიან, აენთოს მისი გული უფლის მიმართ მეტი სიყვარულით და სიმართლის გაგების სურვილით და მომავლისთვის გახდეს უფრო მტკიცე მორწმუნე ქრისტესი.
უფალი 8 დღის შემდეგ ეცხადება თომას და სხვა მოწაფეებს. იესო ეუბნება თომას, ჯერ ნაწყენი ხმით, „მოიტა შენი ხელი“, ხოლო მერე არიგებს: „ნუ იქნები ურწმუნო, არამედ – გწამდეს“.
აქედან ცხადია, რომ თომას ეჭვი გამოწვეული იყო მისი ურწმუნობით. უფალი ქრისტე თომას უწოდებს ურწმუნოს.
შეხედე, გთხოვ, ურწმუნო ადამიანი უფლის ფერდზე შეხებით როგორ ხდება ბრწყინვალე ღვთისმეტყველი, რამეთუ თომამ დაიწყო ქადაგება, რომ ქრისტეს აქვს ორი ბუნება ერთ პირში.
თომამ როცა თქვა – „უფალი“, ამით აღიარა მისი კაცობრივი (ადამიანური) ბუნება, ხოლო, როცა თქვა: „ღმერთი ჩემი“, ამით კი აღიარა ქრისტეს ღვთაებრივი არსება (ბუნება). ამრიგად, თომამ აღიარა ერთი და იგივე ქრისტე – როგორც უფალი და ღმერთი!
მაცხოვარი, გვასწავლის ჩვენ, რომ ჭეშმარიტი რწმენა იმაში მდგომარეობს, რომ ვირწმუნოთ უხილავი: „ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს”.
აქ მაცხოვარი გულისხმობს იმ მოწაფეებს, რომლებიც არ შეხებიან არც მის ჭრილობებს, არც მის ფერდს (გვერდს), მაგრამ მაინც ირწმუნეს უფლის აღდგომა მკვდრეთით; აგრეთვე უფალი გულისხმობს ამ თავის ნათქვამში იმ ადამიანებსაც, ვინც მომავალში უნახავად (უხილავად) ირწმუნებს ქრისტეს!
ეს უფალმა იმიტომ კი არ თქვა, რომ თომას ნეტარება დაეკარგა (ან რომ თომასთვის ნეტარება წაერთმია), არამედ იმისთვის, რომ ანუგეშოს ისინი, ვინც არ იხილა ქრისტეს აღდგომა. რამეთუ ბევრნი ამბობენ: ნეტარ არიან თვალები, ვინც უფალი იხილა. მაცხოვარი კი ამშვიდებს (ანუგეშებს) ასეთებს და ეუბნება: უმეტესი ნეტარებაა იმაში. რომ არ იხილო და გწამდეს!
იმისთვის, რომ უფალს თავისი მოწაფეები დაერწმუნებინა თავის აღდგომაში, იგი მათ უჩვენებს თავის ჭრილობებს, რომლებიც ლურსმნებით მიაყენეს ჯვარცმის დროს, და ასევე იგი უჩვენებს თავის განგმირულ ფერდს (გვერდს). ამასთან ერთად, თავისი აღდგომის დასამტკიცებლად უფალი საჭმელს ჭამდა; მართალია, „რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა“ (მათე 15. 17), მაგრამ ეს ქრისტეს აღარ ჰქონია მისი აღდგომის შემდეგ.
გთხოვ ისიც შენიშნო, (გაითვალისწინო), რომ მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, თომასთვის, უფალმა ინება ეჩვენებინა თავისი გვერდი, რათა ურწმუნოებიდან ეხსნა მისი სული და ეცხოვნებინა (გადაერჩინა) იგი. ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ და არ შეურაცხვყოთ არავინ, ვინც ჯერ-ჯერობით ურწმუნოა.
30. მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. 31. ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა.
ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.
რომელ სასწაულებზე ლაპარაკობს აქ მახარებელი? ნუთუ მათზე, რომლებსაც ახდენდა ჯვარცმამდე? არა, რასაკვირველია, აქ ლაპარაკია იმ სასწაულებზე, რომლებსაც მაცხოვარი ახდენდა თავისი აღდგომის შემდეგ.
წმ. მახარებელი იოანე დაამატებს: „სხვა სასწაულიც ქმნა იესომ თავისი მოწაფეების წინაშე.
ჯვარცმამდე უფალი სასწაულებს ახდენდა (აღასრულებდა) არა თავისი მოწაფეების წინაშე, არამედ – ყველას წინაშე. ამიტომ, მახარებელი ამჟამად ლაპარაკობს მარტო იმ სასწაულების შესახებ, რომლებიც უფალმა აღასრულა თავისი აღდგომის შემდეგ. რამეთუ აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში უფალი მხოლოდ თავის მოწაფეებს უჩვენებდა იმ მტკიცებულებებს, რომელიც დაამოწმებდა ქრისტეს ჭეშმარიტ აღდგომას მკედრეთით!
თუკი ჯვარცმამდე უფალი სასწაულებს აღასრულებდა იმის დასამტკიცებლად, როშ იგი ჭეშმარიტად ძე ღვთისაა, თავისი აღდგომის შემდეგ კი იგი სასწაულებს იქმოდა თავისი მოწაფეების წინაშე იმის დასამტკიცებლად, რომ იგი, ქრისტე - ძე კაცისაა, რომ მას გააჩნია უხრწნელი, ღვთიური სხეული, რომელიც აღარ ემორჩილება (მიწიერ) ხორციელ კანონებს.
ამ წიგნში ჩაწერილია ქრისტეს მიერ აღსრულებული მრავალი სასწაულიდან მხოლოდ რამდენიმე სასწაული, რომელიც მისი აღდგომის შემდგომ, მოახდინა უფალმა, „რათა ირწმუნოთ“.
ეს ყველაფერი იმიტომ დაიწერა, რათა ჩვენ, ცოდვილებმა, ვირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა და რათა მის ჭეშმარიტ მორწმუნეებს გვქონდეს მარადიული სიცოცხლე – მისი სახელით, რადგან თუ გვწამს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და ცოცხალია. მაშინ ჩვენც ვიმზადებთ ჩვენთვის ცხოვრებას, რამეთუ იგი აღდგა და ცოცხლობს ჩვენთვის!
ხოლო, ვინც კი ფიქრობს, რომ უფალი, მკვდრეთით არ აღმდგარა და მკვდარია, რომ ქრისტე ცოცხალი არ არის, ესეთი ადამიანი თავის თავს გამოუტანს სიკვდილისა და დაღუპვის განაჩენს.
თავი 1 | თავი 2 | თავი 3 | თავი 4 |
თავი 5 | თავი 6 | თავი 7 | თავი 8 |
თავი 9 | თავი 10 | თავი 11 | თავი 12 |
თავი 13 | თავი 14 | თავი 15 | თავი 16 |
თავი 17 | თავი 18 | თავი 19 | თავი 20 |
თავი 21 |